თავი 9
ადამიანთა წარმოდგენით ღმერთი, საბოლოო ჯამში, მაინც ღმერთია, ხოლო ადამიანი — ადამიანი: ღმერთი არ საუბრობს ადამიანთა ენაზე და არც ადამიანებს შეუძლიათ ღვთის ენაზე საუბარი. ღვთისთვის ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილება უმარტივესი საქმეა მაშინ, როცა ღვთის მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ აღემატება იმას, რისი მიღწევაც ადამიანებს ძალუძთ ან რის წარმოდგენასაც კი ბედავენ. თუმცა, ჭეშმარიტება ზუსტად საპირისპიროა: ღმერთი ადამიანებისგან მხოლოდ „0.1 პროცენტს“ ითხოვს. ეს არა მხოლოდ აოცებს ყველას, არამედ ძალზე აბნევს მათ, თითქოს სრულ საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი. მხოლოდ ღვთის გაცისკროვნებისა და მადლის წყალობით შეიძინეს ადამიანებმა მცირეოდენი ცოდნა ღვთის განზრახვების შესახებ. თუმცა, 1-ელ მარტს, ყველა ადამიანი კვლავ დაბნეული და საგონებელში ჩავარდნილი დარჩა; ღმერთმა მოითხოვა, რომ მისი ხალხი ყოფილიყო მოელვარე თოვლის და არა მოხეტიალე ღრუბლის მსგავსი. მაშ, რას გულისხმობს ეს „თოვლი“? და რაზე მიანიშნებს „მოხტიალე ღრუბლები“? ამ ეტაპზე ღმერთი განზრახ არ განმარტავს ამ სიტყვათა მნიშვნელობას, არამედ ამჯობინებს, რომ ყველა ადამიანი დაბნეულობის ნისლში გაეხვიოს, რის შედეგადაც მათ კიდევ უფრო მეტი რწმენა უჩნდებათ საძიებლად. ვინაიდან ეს არის ღვთის ხალხის მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნა და არა რაიმე სხვა, ყველა ადამიანი უნებლიეთ მეტ დროს უთმობს ამ ჩაუწვდომელ სიტყვებზე ფიქრს. შედეგად მათ გონებაში სხვადასხვა იდეა იბადება, თვალწინ მოფარფატე ფიფქები გაუელვებთ და გონებაში მყისიერად წარმოუდგებათ ცაში მოხეტიალე ღრუბლები. მაშ, რატომ ითხოვს ღმერთი, რომ მისი ხალხი იყოს თოვლი და არა მოხეტიალე ღრუბლები? რა არის აქ ჭეშმარიტი მნიშვნელობა? კონკრეტულად რას გულისხმობს ეს სიტყვები? „თოვლი“ არა მხოლოდ ალამაზებს ბუნებას, არამედ სასარგებლოა სახნავ-სათესი მიწისთვისაც; ის შესანიშნავია ბაქტერიების გასანადგურებლად და სადეზინფექციოდ. უხვი თოვლის მოსვლის შემდეგ ყველა ბაქტერია იფარება მოელვარე თოვლით და მთელი არემარე მყისვე სიცოცხლით ივსება. მსგავსად ამისა, ღვთის ხალხმა არა მხოლოდ უნდა შეიცნოს განკაცებული ღმერთი, არამედ უნდა გაწვრთნას საკუთარი სხეული ღვთის განკაცების ფაქტზე დაყრდნობით; ამგვარი მოქმედებით ისინი ცხოვრებაში გამოავლენენ ნორმალურ ადამიანობას. სწორედ ასე ამშვენებს თოვლი ბუნებას; საბოლოოდ ღვთის ხალხის სულიერი სიმწიფე ბოლოს მოუღებს დიდ წითელ დრაკონს, დაამყარებს ღვთის სამეფოს დედამიწაზე, განადიდებს და გამოაცხადებს ღვთის წმინდა სახელს, რათა დედამიწაზე არსებული მთელი სამეფო აივსოს ღვთის სამართლიანობით, გაბრწყინდეს მისი ბრწყინვალებით და აელვარდეს მისი დიდებული ნათელით. ყველგან იქნება მშვიდობისა და კმაყოფილების, ბედნიერებისა და სისრულის და მუდმივად განახლებადი სილამაზის სურათები. სხვადასხვა ეპიდემიები, რომლებიც ამჟამად არსებობს — ანუ სატანური გახრწნილი ხასიათის ეს ბაქტერიები, როგორიცაა უსამართლობა, სიმრუდე და მზაკვრობა, ბოროტი სურვილები და ა.შ. — ყველა აღმოიფხვრება და ამგვარად, ცაც და მიწაც განახლდება. ეს არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ფრაზისა — „უხვი თოვლის მოსვლის შემდეგ“. ისინი, ვინც მოხეტიალე ღრუბლები არიან, ჰგვანან ღვთის მიერ ნახსენებ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ბრბოს მიჰყვებიან; თუ იქნება რაიმე ცდუნება სატანისგან ან განსაცდელი ღვთისგან, ისინი მყისიერად გაიფანტებიან და აღარ იარსებებენ. მათი არსიც კი ვერ გადარჩება, რადგან დიდი ხნის წინ გაქრნენ. თუ ადამიანები მოხეტიალე ღრუბლები არიან, მაშინ მათ არა მხოლოდ არ ძალუძთ ცხოვრებაში გამოავლინონ ღვთის ხატი, არამედ მის სახელს არცხვენენ, რადგან ასეთი ადამიანები ნებისმიერ დროსა თუ ადგილას გატაცების საფრთხის წინაშე დგანან; ისინი სატანის საკბილონი არიან და როდესაც სატანა მათ გაიტაცებს, ისინი უღალატებენ ღმერთს და სატანას გაუწევენ სამსახურს. ეს აშკარად შეარცხვენს ღვთის სახელს და სწორედ ეს სძულს ღმერთს ყველაზე მეტად; ასეთი ადამიანები ღვთის მტრები არიან. ამრიგად, ისინი მოკლებულნი არიან როგორც ნორმალური ადამიანობის არსს, ისე ყოველგვარ პრაქტიკულ ღირებულებას. სწორედ ამიტომ უყენებს ღმერთი ასეთ მოთხოვნებს თავის ხალხს. თუმცა ამ სიტყვებიდან რაღაცის გაგების შემდეგ, ადამიანები საგონებელში ვარდებიან, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგ, რადგან ღვთის სიტყვების თემა თავად ღმერთზე გადავიდა, რაც მათ რთულ მდგომარეობაში აყენებს: „ეს იმიტომ ხდება, რომ მე წმინდა მიწიდან გევლინები და არ ვგავარ ლოტოსს, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს და არა არსი, რადგან ის ტალახიდან იშვა და არა წმინდა მიწიდან.“ რატომ აღწერს ღმერთი საკუთარ შობას თავისი ხალხის მიმართ მოთხოვნებზე საუბრის შემდეგ? შესაძლოა, რომ ამ ორს შორის რაიმე კავშირი არსებობდეს? მართლაც, მათ შორის არსებობს შინაგანი კავშირი; ასე რომ არ იყოს, ღმერთი ასე ვრცლად არ ესაუბრებოდა ადამიანებს ამის შესახებ. მწვანე ფოთლებს შორის ლოტოსს არხევს ნაზი ნიავი. ის სათნოა თვალისთვის სასიამოვნოა და დიდ აღტაცებას იწვევს. ადამიანები უბრალოდ ვერ ძღებიან მისი ყურებით და სურთ წყალში შეცურონ, რათა მოწყვიტონ ლოტოსის ყვავილი და უფრო ახლოდან ნახონ იგი. თუმცა, ღმერთი ამბობს, რომ ლოტოსი ტალახიდან იშვა და მას მხოლოდ სახელი აქვს და არა არსი; როგორც ჩანს, ღმერთი არ აფასებს ლოტოსს და მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ის გარკვეულ ზიზღს გრძნობს მის მიმართ. წლების განმავლობაში ბევრი უხვად აქებდა ლოტოსს, რადგან ის ტალახიდან შეუბილწავად ამოიზრდება, და მას თითქმის შეუდარებელ და ენით აუწერელ მშვენიერებადაც კი მოიხსენიებდნენ. თუმცა, ღვთის თვალში ლოტოსს არავითარი ღირებულება არ გააჩნია. სწორედ ეს არის განსხვავება ღმერთსა და ადამიანთა შორის. ამრიგად ჩანს, რომ განსხვავება ღმერთსა და ადამიანებს შორის ისეთივე უზარმაზარია, როგორც მანძილი ცასა და დედამიწას შორის. რადგან ლოტოსი ტალახიდან ამოიზრდება, მისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებიც იქიდან მოდის. უბრალოდ ლოტოსს შეუძლია შეინიღბოს და მოირთოს და ამგვარად თვალს სიამოვნება მიანიჭოს. ბევრი ადამიანი მხოლოდ ლოტოსის ლამაზ გარეგნობას ხედავს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს, რომ შიგნით დაფარული სიცოცხლე ბინძური და უწმინდურია. ამიტომ ღმერთი ამბობს, რომ მას მხოლოდ სახელი აქვს და არა არსი — რაც სრულიად სწორი და ჭეშმარიტია. განა ზუსტად ასეთი არ არის დღეს ღვთის ხალხი? მათი მორჩილება და რწმენა ღვთის მიმართ მხოლოდ ზედაპირულია. ღვთის წინაშე ისინი პირფერობენ და თავს იწონებენ, რათა იგი კმაყოფილი დარჩეს მათით; თუმცა შინაგანად ისინი სატანურ გახრწნილ ხასიათს ატარებენ და მათი მუცელი უწმინდურებითაა სავსე. სწორედ ამიტომ უსვამს ღმერთი კითხვებს ადამიანებს, ეკითხება რა, არის თუ არა მათი ერთგულება ღვთის მიმართ უწმინდურებით შებღალული, თუ ის წმინდაა და გულიდან მოდის. როდესაც ისინი მსახურების შემსრულებლები იყვნენ, ბევრი ადამიანი ხმამაღლა აქებდა, თუმცა გულში წყევლიდა ღმერთს. თავიანთი სიტყვებით ემორჩილებოდნენ ღმერთს, მაგრამ გულში მის წინააღმდეგ ამბოხებულნი იყვნენ. მათი ბაგეები უარყოფით სიტყვებს წარმოთქვამდა, გულით კი ფარულად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს. იყვნენ ისეთებიც, რომელთა ქმედებებიც კოორდინირებული იყო: მათი პირიდან ბილწსიტყვაობა იღვრებოდა, ხელებით კი უწესოდ ჟესტიკულირებდნენ, სრულიად თავაწყვეტილნი, და ამგვარად ცხოველმყოფლად, ცოცხლად და ნათლად განასახიერებდნენ დიდი წითელი დრაკონის ნამდვილ სახეს. ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ დიდი წითელი დრაკონის შთამომავლების წოდებას. თუმცა დღეს ისინი ერთგული მსახურების შემსრულებლების ადგილს იკავებენ და ისე იქცევიან, თითქოს ღვთის ერთგული ხალხი იყვნენ — რა უსირცხვილობაა! თუმცა, ეს გასაკვირი არ არის; ისინი ტალახიდან წარმოიშვნენ, ამიტომ გარდაუვლად აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეს. რადგან ღმერთი წმინდა და უბიწოა, რეალური და ნამდვილია, მისი ხორციელი სხეული სულისგან მოდის. ეს არის უდავო და ეჭვგარეშე. მის ხორციელ სხეულს არა მხოლოდ შეუძლია დაამოწმოს თავად ღმერთი, არამედ შეუძლია სრულად მიჰყვეს ღვთის ნებას. ეს არის ღვთის არსის ერთი მხარე. ის, რომ ხორციელი სხეული სულისაგან იღებს დასაბამს და ხატებას იმას ნიშნავს, რომ ხორცი, რომლითაც სული იმოსება, არსობრივად განსხვავდება ადამიანის ხორცისგან და ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, მის სულში მდგომარეობს. „ხატების მქონე სული“ მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ძალუძს ღვთაებრიობას ადამიანური ბუნებით დაფარვის შედეგად ნორმალურად იმოქმედოს შინაგანად. ამაში არაფერია ზებუნებრივი და იგი არ არის შეზღუდული ადამიანური ბუნებით. „სულის ხატება“ გულისხმობს სრულყოფილ ღვთაებრიობას, რომელიც არ შემოიფარგლება ადამიანობით. ამგვარად, ღვთის თანდაყოლილი ხასიათი და ჭეშმარიტი ხატი შეიძლება სრულად გამოვლინდეს განკაცებულ სხეულში, რომელიც არა მხოლოდ ნორმალური და სტაბილურია, არამედ გააჩნია დიდებულება და რისხვა. პირველ განკაცებულ სხეულს მხოლოდ ადამიანთა წარმოდგენებში არსებული ღმერთის ჩვენება შეეძლო; ანუ მას მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულების მოხდენა და წინასწარმეტყველებების წარმოთქმა შეეძლო. ამრიგად მან სრულად არ გამოავლინა ცხოვრებაში ღვთის პრაქტიკულობა და შესაბამისად არ ყოფილა ხატების მქონე სულის განსახიერება; ეს იყო უბრალოდ ღვთაებრიობის პირდაპირი გამოვლინება. გარდა ამისა, ვინაიდან იგი აღემატებოდა ადამიანურ ბუნებას, მას არ ეწოდებოდა სრულიად პრაქტიკული ღმერთი, არამედ მასში იყო რაღაც ცაში მყოფი ბუნდოვანი ღმერთის მსგავსი; იგი იყო ადამიანთა წარმოდგენების ღმერთი. ეს არის განკაცების ამ ორ ფორმას შორის არსებითი განსხვავება.
სამყაროს უმაღლესი წერტილიდან ღმერთი თვალს ადევნებს კაცობრიობის თითოეულ ნაბიჯსა და ყოველივეს, რასაც ადამიანები ამბობენ და აკეთებენ. იგი აბსოლუტური სიცხადით ჭვრეტს მათ თითოეულ ფიქრსა და ზრახვასაც ისე, რომ არ გამორჩება უმცირესი დეტალიც კი; ამგვარად, მისი სიტყვები პირდაპირ ადამიანთა გულებში აღწევს და ერთი ხელის მოსმით, ზუსტად და უშეცდომოდ ხვდება იმას, რასაც ადამიანები ფიქრობენ. „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები „იცნობენ“ ჩემს სულს, ისინი მაინც აყენებენ შეურაცხყოფას ჩემს სულს. ჩემი სიტყვები აშიშვლებს ყველა ადამიანის მახინჯ სახეს ისევე, როგორც მათ ფიქრებსა და იდეებს, და იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მყოფი ყოველი ადამიანი ჩემი ნათლით გამოაშკარავდეს და დაემხოს ჩემი გამომცდელი მზერის წინაშე.” აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ არ არის ძალიან მკაცრი, ადამიანებს მაინც არ ძალუძთ გაუძლონ ღვთის სულის გულდასმით დაკვირვებას. „მიუხედავად დაცემისა, მათი გულები ვერ ბედავს, რომ განმეშორონ. ქმნილებათა შორის ვის არ უჩნდება „სიყვარული“ ჩემ მიმართ ჩემი საქმეების გამო?“ აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს ღვთის სრული სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა, და ამგვარად, ის ნათლად მიუთითებს ყოველივეზე, რასაც ღვთის ხალხი ფიქრობდა, როდესაც ისინი მსახურების შემსრულებლების როლს ასრულებდნენ: „წარუმატებლობით“ დასრულებული „გარიგების“ შემდეგ მათ გონებაში არსებული „ასობით ათასი“ თუ „მილიონები“ არაფრად იქცა. თუმცა ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების, მისი დიდებულებისა და რისხვის გამო — მიუხედავად იმისა, რომ თავჩაქინდრულნი და გულგატეხილნი იყვნენ — ისინი მაინც ემსახურებოდნენ ღმერთს ამ უარყოფით მდგომარეობაშიც კი; მათი წარსული საქმეები კი მხოლოდ ფუჭ სიტყვებად იქცა, რომლებიც გულთან ახლოს არავის მიჰქონდა. ამის ნაცვლად, ისინი მიჰყვებოდნენ საკუთარ სურვილებს და ჟინის დასაკმაყოფილებლად აკეთებდნენ იმას, რაც მათ და ყველას „აბედნიერებდა“, რათა ამგვარად გაეყვანათ და მოეკლათ დრო... აი, რა ხდებოდა სინამდვილეში ადამიანთა შორის. ამრიგად ღმერთი იხსნება კაცობრიობასთან და ამბობს: „ვის არ უჩნდება გულში „ლტოლვა“ ჩემი სიტყვების გამო? ვისში არ იბადება მიჯაჭვულობის გრძნობა ჩემი სიყვარულის გამო?“ სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანები მზად არიან, მიიღონ ღვთის სიტყვები და მათ შორის არ არის არცერთი, ვისაც არ უყვარს ღვთის სიტყვების კითხვა; უბრალოდ მათ არ ძალუძთ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელება, რადგან აფერხებთ მათი ბუნება. ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბევრ ადამიანს არ ძალუძს მათგან განშორება და მათი სიყვარული ღვთის მიმართ იღვიძებს. ამრიგად, ღმერთი კიდევ ერთხელ წყევლის სატანას და აშიშვლებს მის მახინჯ სახეს. „ეს ეპოქა, როდესაც სატანა მძვინვარებს და შეშლილივით დესპოტურია“ ასევე არის ზუსტად ის ეპოქა, როდესაც ღმერთი იწყებს თავის ოფიციალურ დიდ საქმეს დედამიწაზე. შემდეგ ის იწყებს სამყაროს განადგურების საქმეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად მძვინვარებს სატანა, მით უფრო მალე დადგება ღვთის დღე. ამრიგად, რაც უფრო მეტს საუბრობს ღმერთი სატანის მძვინვარებაზე, მით უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ღმერთი გაანადგურებს სამყაროს. ასეთია ღვთის გამოცხადება სატანის მიმართ.
რატომ თქვა ღმერთმა არაერთხელ: „...უფრო მეტიც, „ჩემს ზურგს უკან“ თითოეული მათგანი ერთვება იმ „საქებარ“ ბინძურ საქმეებში. გგონია, რომ ხორციელმა სხეულმა, რომლითაც შევიმოსე, არაფერი იცის შენი ქმედებების, შენი ქცევისა და შენი სიტყვების შესახებ?“ მან ასეთი სიტყვები მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არ წარმოთქვა. რატომ არის ასე? მას შემდეგ, რაც ადამიანები ღვთისგან ნუგეშს მიიღებენ და აცნობიერებენ ღვთის წუხილს კაცობრიობის გამო, მათთვის ადვილი ხდება დაივიწყონ ის, რაც უკან დარჩა და წინ ისწრაფონ. მიუხედავად ამისა, ღმერთი ოდნავადაც არ ასუსტებს ადამიანებზე ზეწოლას, არამედ ყოველ ნაბიჯზე კვალდაკვალ მიჰყვება მათ ფიქრებს. ამრიგად, ის ადამიანებს კვლავ და კვლავ ეუბნება, რომ შეიცნონ საკუთარი თავი, შეწყვიტონ აღვირახსნილობა, აღარ ჩაერთონ ასეთ „საქებარ“ ბინძურ საქმეებში და აღარასოდეს მოატყუონ განკაცებული ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ბუნება არ იცვლება, საბოლოო ჯამში, მისთვის კიდევ რამდენჯერმე შეხსენებას სარგებელი მოაქვს. ამის შემდეგ ღმერთი საუბრობს ადამიანური გადმოსახედიდან, რათა გააცხადოს მათ გულებში არსებული საიდუმლოებები: „მრავალი წელია ვუძლებ ქარსა და წვიმას და ასევე გამოვცადე ადამიანთა სამყაროს სიმწარე; თუმცა, უფრო ახლოდან დაკვირვებისას, ვერანაირი ტანჯვა ვერ აიძულებს ხორციელ ადამიანებს, დაკარგონ ჩემი იმედი, მით უმეტეს, ვერანაირი სიტკბოება ვერ აიძულებს მათ, გაცივდნენ, გული გაიტეხონ ან მიმატოვონ. ნუთუ მათი სიყვარული ჩემ მიმართ მართლაც სიმწარისა და სიტკბოს არარსებობით შემოიფარგლება?“ „ყველაფერი ცისქვეშეთში ამაოა.“ ამ სიტყვებს ნამდვილად აქვს შინაგანი მნიშვნელობა. ამრიგად, ღმერთი ამბობს, რომ არაფერს შეუძლია აიძულოს ადამიანებს დაკარგონ მისდამი იმედი ან გაცივდნენ მის მიმართ. თუ ადამიანებს არ უყვართ ღმერთი, მაშინ ისინი შეიძლება მკვდრებადაც ჩაითვალონ; თუ მათ არ უყვართ ღმერთი, მაშინ მათი ტანჯვა ამაოა და ის კურთხევა, რომლებითაც ისინი ტკბებიან, ცარიელია და მათ ცოდვებს ემატება. რადგან არცერთ ადამიანს არ უყვარს ღმერთი ჭეშმარიტად, ის ამბობს: „ნუთუ მათი სიყვარული ჩემ მიმართ მართლაც სიმწარისა და სიტკბოს არარსებობით შემოიფარგლება?“ მსოფლიოში ადამიანთა შორის როგორ შეიძლება ვინმემ იარსებოს სიმწარისა და სიტკბოს გარეშე? ღმერთი კვლავ და კვლავ ამბობს: „არცერთ ადამიანს არასოდეს უნახავს ჭეშმარიტად ჩემი სახე ან არასოდეს გაუგონია ჭეშმარიტად ჩემი ხმა; ეს იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტად არ მიცნობენ.“ ღმერთი ამბობს, რომ ადამიანები ჭეშმარიტად არ იცნობენ მას, მაგრამ რატომ სთხოვს ის ადამიანებს მის შეცნობას? განა ეს ურთიერთწინააღმდეგობაში არ მოდის? ღვთის თითოეული სიტყვა გამიზნულია კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ადამიანთა უგრძნობლობის გამო ღმერთი იყენებს პრინციპს, რომ აღასრულოს თავისი საქმის 100% ადამიანებზე, რათა საბოლოოდ დაეუფლოს თითოეული მათგანის გულის 0,1 პროცენტს. ასეთია მეთოდი, რომლითაც ღმერთი მოქმედებს და ღმერთმა ასე უნდა იმოქმედოს თავისი მიზნების მისაღწევად. სწორედ ეს არის სიბრძნე ღვთის სიტყვებში. ჩასწვდით ამას?
ღმერთი ამბობს: „როდესაც ხორცშესხმული პირდაპირ ვამჟღავნებ ჩემს საიდუმლოებებს და ვაცხადებ ჩემს განზრახვებს, არ გესმით; მხოლოდ გესმით ჩემი სიტყვების ხმა, მაგრამ ვერ სწვდებით მათ მნიშვნელობას. ჩემი გული სავსეა ღრმა მწუხარებით. მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ვარ, არ ძალმიძს ხორციელი მსახურების საქმის აღსრულება.“ ერთი მხრივ, ეს სიტყვები უბიძგებს ადამიანებს, თავიანთი უგრძნობლობის გამო, გამოიჩინონ ინიციატივა ღმერთთან თანამშრომლობისთვის; მეორე მხრივ, ღმერთი აცხადებს თავისი ღვთაებრიობის ნამდვილ სახეს ხორციელ სხეულში. რადგან ადამიანებს ძალიან მცირე სულიერი ზრდა აქვთ, ღვთაებრიობის გამოვლინება იმ პერიოდში, როდესაც ღმერთი განკაცებულია, ხდება მხოლოდ მათი მიღების უნარის შესაბამისად. საქმის ამ ეტაპზე ადამიანთა უმეტესობა კვლავ ვერ ახერხებს მის სრულად მიღებას, რაც საკმარისად აჩვენებს, თუ რამდენად არ შესწევთ მიღების უნარი. ამრიგად ამ საქმის განმავლობაში ღვთაებრიობა არ ასრულებს თავის ყველა თავდაპირველ ფუნქციას; ის ასრულებს მხოლოდ მის მცირე ნაწილს. ეს აჩვენებს, რომ მომავალ საქმეში ღვთაებრიობა თანდათანობით გამოვლინდება კაცობრიობის გამოსწორების მდგომარეობის შესაბამისად. თუმცა ღვთაებრიობა თანდათანობით არ იზრდება; პირიქით, ეს არის ის, რაც განკაცებულ ღმერთს თანდაყოლილად გააჩნია და არ ჰგავს ადამიანთა სულიერ ზრდას.
ღმერთის მიერ ადამიანთა შექმნას ჰქონდა მიზანი და მნიშვნელობა, რის გამოც მან თქვა: „ყველა ადამიანი რომ განადგურებულიყო ჩემი რისხვით, რა მნიშვნელობა ექნებოდა ჩემ მიერ ცისა და დედამიწის შექმნას?“ მას შემდეგ, რაც ადამიანები გაიხრწნენ, ღმერთმა დაგეგმა მათი ნაწილის მოპოვება თავისი სიამოვნებისთვის; მას არ დაუგეგმავს ყველა ადამიანის განადგურება, არც მათი აღმოფხვრა ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების უმცირესი დარღვევისას. ასეთი არ არის ღვთის განზრახვა; როგორც ღმერთმა თქვა, ეს უაზრობა იქნებოდა. სწორედ ამ „უაზრობის“ გამო ვლინდება ღვთის სიბრძნე. ღმერთი საუბრობს და მოქმედებს სხვადასხვა საშუალებით, რათა გაკიცხოს, განიკითხოს და განგმიროს ყველა ადამიანი, საბოლოოდ კი გამოარჩიოს ისინი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს იგი — განა ეს კიდევ უფრო აზრიანი არ არის? სწორედ ამგვარად ვლინდება ღვთის საქმეები და ამიტომ ადამიანთა შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამრიგად, ღვთის სიტყვების უმეტესობა მხოლოდ ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლაა; ეს კეთდება გარკვეული მიზნის მისაღწევად და სწორედ ეს არის მისი სიტყვების ნაწილის მიღმა არსებული ჭეშმარიტი ვითარება.