თავი 42

არ ვიცი, შენიშნა თუ არა ხალხმა დღევანდელ სიტყვებში შეტანილი ცვლილება. ზოგიერთმა შესაძლოა მცირედი რამ შენიშნა, მაგრამ დარწმუნებით თქმას ვერ ბედავს. შესაძლოა, სხვებს არაფერი შეუმჩნევიათ. რატომ შევიდა ასეთი დიდი ცვლილება ღვთის სიტყვებში თვის მეთორმეტე და მეთხუთმეტე დღეებს შორის პერიოდში? დაფიქრებულხართ ამაზე? როგორია თქვენი შეხედულება? გაიგეთ რაიმე ღვთის ყველა სიტყვიდან? რა იყო ის ძირითადი საქმე, რომელიც 2 აპრილიდან 15 მაისამდე აღსრულდა? რატომ არიან დღეს ადამიანები ისე დაბნეულნი და გზააბნეულნი, თითქოს თავში კომბალი ჩაარტყესო? დღეს რატომ არ არის რუბრიკა სათაურით „სასუფევლის ხალხის სკანდალები“? 2 და 4 აპრილს ღმერთს არ მიუთითებია ადამიანის მდგომარეობაზე; ასევე ამ დღის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში მას არ მიუთითებია ადამიანის მდგომარეობაზე — რატომ არის ასე? აქ ნამდვილად არის რაღაც ამოუხსნელი თავსატეხი — რატომ მოხდა 180-გრადუსიანი შემობრუნება? მოდი, ჯერ ცოტა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ისაუბრა ღმერთმა ასე. მოდი, შევხედოთ ღვთის პირველ სიტყვებს, როდესაც მან დრო არ დაკარგა და თქვა: „ახალი საქმის დაწყებისთანავე“. ამ წინადადების მეშვეობით პირველ რიგში იგებ, რომ ღვთის საქმე ახალ საწყისში შევიდა, რომ მან კიდევ ერთხელ დაიწყო ახალი საქმე. ეს აჩვენებს, რომ გაკიცხვა დასასრულს უახლოვდება; შეიძლება ითქვას, რომ გაკიცხვის კულმინაცია უკვე დადგა და ამიტომ თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ დრო, რათა ჯეროვნად გამოცადოთ გაკიცხვის დროის საქმე, რათა არ ჩამორჩეთ და არ იქნეთ მიტოვებულნი. ეს ყველაფერი ადამიანის საქმეა და ის მოითხოვს, რომ ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს თანამშრომლობისთვის. როდესაც გაკიცხვა მთლიანად დასრულდება, ღმერთი იწყებს თავისი საქმის შემდეგი ნაწილის აღსრულებას, რადგან ის ამბობს: „...ამიტომ მე განვაგრძობ ჩემი საქმის აღსრულებას ადამიანთა შორის... ამჟამად ჩემი გული დიდი სიხარულითაა სავსე, რადგან მე მოვიპოვე ადამიანთა ნაწილი და ამიტომ ჩემი „საქმე“ აღარ არის დაცემული; ის აღარ მოიცავს ფუჭ სიტყვებს“. წარსულში ადამიანები ღვთის სიტყვებში ხედავდნენ მის გადაუდებელ განზრახვას და ნამდვილად მართალია, რომ დღეს ღმერთი თავის საქმეს უფრო დიდი სისწრაფით ასრულებს. ადამიანისთვის ყველაფერი სრულად არ შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს — მაგრამ ღვთისთვის მისი საქმე უკვე დასრულებულია. რადგან ადამიანების აზროვნება მეტისმეტად ჩახლართულია, მათი შეხედულება საგნებზე ხშირად ზედმეტად რთულია. ადამიანები ზედმეტად მომთხოვნები არიან ადამიანთა მიმართ, მაგრამ ღმერთი არ უყენებს ადამიანს ასეთ მაღალ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ჩანს, თუ რაოდენ დიდია განსხვავება ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანების წარმოდგენები ვლინდება ყველაფერში, რასაც ღმერთი აკეთებს. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი მაღალ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს და ადამიანებს არ შეუძლიათ მათი მიღწევა, არამედ ის, რომ ადამიანები მაღალ მოთხოვნებს უყენებენ ღმერთს და ღმერთს არ ძალუძს მათი მიღწევა. ვინაიდან, იმის გამო, რომ კაცობრიობა ათასობით წლის განმავლობაში იხრწნებოდა სატანის მიერ, გამოსწორების შემდეგ გარკვეული ნარჩენი მოვლენები მაინც რჩება; ამიტომ ადამიანები ყოველთვის ასეთ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ ღმერთს და ოდნავაც არ არიან შემწყნარებლები, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ ღმერთი არ არის კმაყოფილი. ამგვარად, ის ფაქტი, რომ ადამიანები ბევრ რამეში ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის თვითგვემა; ისინი საკუთარი ქმედებების შედეგებს იმკიან — ეს ნამდვილი ტანჯვაა. იმ გაჭირვების 99%-ზე მეტს, რასაც ადამიანები ითმენენ, ღმერთი უგულებელყოფს. პირდაპირ რომ ვთქვათ, არავის უტანჯია ჭეშმარიტად ღვთისთვის. ყველა ადამიანი საკუთარი ქმედებების შედეგებს იმკის — და გაკიცხვის ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი; ეს არის ადამიანის მიერ მოდუღებული მწარე სასმელი, რომელიც მას თავად მიაქვს პირთან დასალევად. რადგან ღვთის გაკიცხვის ნამდვილი მიზანი არ გაცხადებულა ადამიანებისთვის, თუმცა არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც დაწყევლილია, ეს არ წარმოადგენს გაკიცხვას. ადამიანთა ნაწილი კურთხეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მომავალშიც კურთხეულნი იქნებიან. ადამიანს ეჩვენება, რომ ღმერთი არის ღმერთი, რომელიც არ ასრულებს თავის სიტყვას. ნუ იქნებით მოუთმენელნი. ეს სიტყვები შესაძლოა ოდნავ გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ნუ იქნებით უარყოფითად განწყობილნი. რასაც მე ვამბობ, ამას ნამდვილად აქვს გარკვეული კავშირი ადამიანის ტანჯვასთან, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ კარგი ურთიერთობა ღმერთთან. თქვენ მას მეტი „საჩუქარი“ უნდა მიუძღვნათ — ეს ნამდვილად გაახარებს მას. მჯერა, რომ ღმერთს უყვარს ისინი, ვინც მას „საჩუქრებს“ უძღვნის. ფიქრობ, რომ ეს სიტყვები სწორია?

ამ მომენტისთვის რამდენად შეელიეთ თქვენს მომავალ პერსპექტივებს? ღვთის საქმე მალე დასრულდება, ასე რომ, თქვენ თითქმის უნდა გეთქვათ უარი თქვენს პერსპექტივებზე, არა? შეგიძლიათ საკუთარი თავიც გამოიკვლიოთ: თქვენ ყოველთვის გიყვართ მაღლა დგომა, საკუთარი თავის ამაღლება და საკუთარი თავის წარმოჩენა — რა არის ეს? დღეს მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რა არის ადამიანთა პერსპექტივები. თუ ადამიანები მართლაც ტანჯვის ზღვაში ჩაძირულნი ცხოვრობენ, როდესაც ისინი გასაჭირით გამოწრთობას გადიან, ანდა სხვადასხვა საწამებელი იარაღის მუქარის ქვეშ იმყოფებიან, ან როდესაც ყველა ადამიანის მიერ უარყოფილნი არიან, შესცქერიან ცას და ღრმად ოხრავენ, ასეთ დროს თავიანთ ფიქრებში მათ შესაძლოა უარი თქვან თავიანთ პერსპექტივებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა ადამიანი ეძიებს სხვა სამყაროს უტოპიას, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან და არავის, ვინც კომფორტულ პირობებშია, არასოდეს უთქვამს უარი თავისი ლამაზი ოცნებების ძიებაზე. არ ვიცი, შეესაბამება თუ არა ეს განცხადება რეალობას, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს არ ყოფილიყო ადამიანების გულებში. ჯერ კიდევ გსურთ ზეატაცება სიცოცხლეშივე? ჯერ კიდევ გსურთ ხორციელ სხეულში გარდასახვა? არ ვიცი, ხართ თუ არა ყველა ერთი აზრის ამაზე, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს არარეალურია — ასეთი ფიქრები ზედმეტად გადაჭარბებულად მეჩვენება. ადამიანები ამბობენ ასეთ რამეებს: „უარი თქვი შენს პერსპექტივებზე, იყავი უფრო რეალისტური“. შენ ითხოვ, რომ ადამიანებმა უარი თქვან კურთხევის შესახებ ფიქრებზე — მაგრამ თავად? აიძულებ სხვებს უარი თქვან კურთხევის შესახებ ფიქრებზე, მაშინ როცა თავად ეძიებ კურთხევას? შენ არ აძლევ სხვებს კურთხევის ძიების უფლებას, მაშინ როცა ფარულად თავად ფიქრობ მათზე — რად გაქცევს ეს? თაღლითად! როდესაც ასე იქცევი, სინდისი არ გაწუხებს? გულში არ გრძნობ თავს დამნაშავედ? განა თაღლითი არ ხარ? შენ სხვას გულიდან ამოუღებ სიტყვებს, მაგრამ არაფერს ამბობ შენს საკუთარზე — რა უსარგებლო ნაგავი ხარ! მაინტერესებს, რას ფიქრობ გულში, როდესაც საუბრობ — განა არ შეიძლება სულიწმიდამ გაგკიცხოს? განა ეს არ ლახავს შენს თავმოყვარეობას? ნამდვილად არ იცი, რა არის შენთვის კარგი! თქვენ ყველა ყოველთვის ბატონი ნანგუოს მსგავსნი იყავით — თვითმარქვიები. გასაკვირი არ არის, რომ ღმერთმა ბრჭყალებში ჩასვა „საკუთარი თავის შეწირვა“ ფრაზაში „ისინი ყველანი მზად არიან 'შესწირონ საკუთარი თავი'“. ღმერთი ადამიანს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ადამიანის სიცრუე — თუნდაც არაფერი შეიმჩნიოს, სახეზე არ გაწითლდეს და გული არ აუჩქარდეს — ღვთის თვალი მახვილია, ამიტომ ადამიანმა ვერასოდეს შეძლო მისი მზერისთვის თავის დაღწევა. თითქოს ღმერთს რენტგენის ხედვა აქვს და შეუძლია ადამიანის შინაგანი ორგანოების დანახვა, თითქოს მას ძალუძს ადამიანების სისხლის ჯგუფის დადგენა ანალიზის გარეშე. ასეთია ღვთის სიბრძნე და ადამიანს არ შეუძლია მისი მიბაძვა. როგორც ღმერთი ამბობს: „რატომ აღვასრულე ამდენი საქმე, და მაინც არ არსებობს ამის არავითარი მტკიცებულება ადამიანებში? ნუთუ არასაკმარისი ძალისხმევა გავიღე?“ ადამიანის თანამშრომლობა ღმერთთან მეტისმეტად მწირია და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანში მეტისმეტად ბევრი უარყოფითი რამ არის და იშვიათად შეუძლია რაიმე დადებითის დანახვა. მხოლოდ ზოგჯერ ჩანს მცირედი პოზიტივი, მაგრამ ის მეტისმეტად შებილწულია. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ცოტაა ღვთის სიყვარული ადამიანების გულებში; თითქოს მათ გულებში ასეულობით მილიონიდან მხოლოდ ერთი ნაწილია ღვთისადმი სიყვარული, რომლის 50% მაინც შებილწულია. სწორედ ამიტომ ამბობს ღმერთი, რომ ის ვერ პოულობს მტკიცებულებას ადამიანში. სწორედ ადამიანის ურჩობის გამოა ღვთის სიტყვების ტონი ასეთი უგულო და უგრძნობი. თუმცა ღმერთი არ ესაუბრება ადამიანს წარსულ დროზე, ადამიანებს ყოველთვის სურთ მოგონებებში ჩაძირვა, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ ღვთის წინაშე, და მათ ყოველთვის სურთ წარსულ დროზე საუბარი — მაგრამ ღმერთს არასოდეს მიუჩნევია ადამიანის გუშინდელი დღე დღევანდელად; ნაცვლად ამისა, ის დღევანდელ ადამიანებს დღევანდელი დღის პერსპექტივიდან უდგება. ეს არის ღვთის დამოკიდებულება და აქ ღმერთი ნათლად აცხადებს ამ სიტყვებს, რათა თავიდან აიცილოს ის, რომ ადამიანებმა მომავალში თქვან, რომ ღმერთი მეტისმეტად უსამართლოა. რადგან ღმერთი არ აღასრულებს უსინდისო საქმეებს, არამედ ეუბნება ადამიანებს ჭეშმარიტ ფაქტებს, რათა ადამიანებმა არ დაკარგონ მტკიცედ დგომის უნარი — რადგან ადამიანი, საბოლოო ჯამში, სუსტია. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ რას იტყვით: მზად ხართ მოუსმინოთ, დაემორჩილოთ და ზედმეტი აღარ იფიქროთ?

ზემოთქმული თემას არ ეხება; არ აქვს მნიშვნელობა, ვისაუბრებთ ამაზე თუ არა. ვიმედოვნებ, არ გაღიზიანდებით, რადგან ღმერთი მოვიდა სიტყვების საქმის აღსასრულებლად და მას უყვარს საუბარი ყოველივეზე, რაც მზისქვეშეთშია. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ წაიკითხავთ და არ უგულებელყოფთ ამ სიტყვებს. რას იტყვით? იზამთ ამას? ახლახან ითქვა, რომ დღევანდელ სიტყვებში ღმერთმა ახალი ინფორმაცია გააცხადა: მეთოდი, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, მალე შეიცვლება. ამრიგად, მოდი, ეს ავიღოთ თემად აქტუალური საკითხის განსახილველად. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დღევანდელი სიტყვა წინასწარმეტყველებს მომავალ მოვლენებს და აღწერს ღვთის განკარგულებებს მისი საქმის მომდევნო ეტაპისთვის. ღმერთმა თითქმის დაასრულა თავისი საქმე ეკლესიის ხალხზე და ამის შემდეგ ის რისხვით წარდგება ყველა ადამიანის წინაშე. როგორც ღმერთი ამბობს: „მე ვაიძულებ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს, აღიარონ ჩემი საქმეები, განვაგებ, რომ ჩემი საქმეები დამტკიცდეს „სამსჯავრო ტახტის“ წინაშე, ვაღიარებინებ ჩემს საქმეებს მთელი მსოფლიოს ხალხებს და ყველას მოვადრეკინებ ქედს“. დაინახეთ რაიმე ამ სიტყვებში? ისინი აჯამებს ღვთის საქმის შემდეგ ნაწილს. პირველ ყოვლისა, ღმერთი აიძულებს პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ყველა მოდარაჯე ძაღლს, გულწრფელად დარწმუნდეს და საკუთარი ნებით ჩამოშორდეს ისტორიის სცენას, რათა აღარასოდეს იბრძოლოს სტატუსისთვის და აღარასოდეს ჩაერთოს მზაკვრულ გეგმებსა და ინტრიგებში. ეს საქმე უნდა აღსრულდეს დედამიწაზე ღვთის მიერ მოვლენილი სხვადასხვა კატასტროფის მეშვეობით. თუმცა ღმერთი არ გამოჩნდება. ამ დროს დიდი წითელი დრაკონის ქვეყანა კვლავ უწმინდურების მიწა იქნება და ამიტომ ღმერთი არ გამოჩნდება, არამედ მხოლოდ გაკიცხვის მეშვეობით გამოვლინდება. ასეთია ღვთის სამართლიანი ხასიათი, რომელსაც ვერავინ დააღწევს თავს. ამ ხნის განმავლობაში ყველა, ვინც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ცხოვრობს, გასაჭირს დაითმენს, რაც ბუნებრივია, მოიცავს დედამიწაზე არსებულ სასუფეველსაც (ეკლესიას). ეს სწორედ ის დროა, როდესაც ფაქტები თავს დაატყდება ადამიანებს. ამიტომ, მას ყველა ადამიანი გამოცდის და ვერავინ დააღწევს თავს. ეს ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული. სწორედ საქმის ამ ეტაპის გამო ამბობს ღმერთი: „ახლა გრანდიოზული გეგმების განხორციელების დროა“. რადგან მომავალში დედამიწაზე ეკლესია აღარ იარსებებს და კატასტროფების მოვლენის გამო ადამიანები მხოლოდ იმაზე შეძლებენ ფიქრს, რაც მათ წინაშეა და ყოველივე დანარჩენს უგულებელყოფენ, ამიტომ მათთვის რთული იქნება ღვთით ტკბობა კატასტროფების შუაგულში. ამგვარად, ადამიანებს მოუწოდებენ, თავისუფლად და სრულად შეიყვარონ ღმერთი ამ მშვენიერ დროს, რათა ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა. როდესაც ეს ყოველივე ჩაივლის, ღმერთი სრულად დაამარცხებს დიდ წითელ დრაკონს და ამგვარად ღვთის ხალხის მიერ მისთვის მოწმობის გაცემის საქმე დასრულდება; ამის შემდეგ ღმერთი დაიწყებს საქმის შემდეგი ეტაპის აღსრულებას, გაანადგურებს დიდი წითელი დრაკონის ქვეყანას და საბოლოოდ მთელი სამყაროს ადამიანებს თავდაყირა გააკრავს ჯვარზე, რის შემდეგაც ის გაანადგურებს მთელ კაცობრიობას — ეს არის ღვთის საქმის მომავალი ეტაპები. ამრიგად, თქვენ უნდა ეძიოთ ღვთის გულწრფელი სიყვარული ამ მშვიდობიან გარემოში. მომავალში აღარ გექნებათ ღვთის სიყვარულის შესაძლებლობა, რადგან ადამიანებს ღვთის სიყვარული მხოლოდ ხორციელი სხეულით ძალუძთ; როდესაც ისინი სხვა სამყაროში იცხოვრებენ, არავინ ისაუბრებს ღვთის სიყვარულზე. განა ეს არ არის ქმნილების მოვალეობა? და მაშ, როგორ უნდა გიყვარდეთ ღმერთი თქვენს სიცოცხლეში? გიფიქრია ოდესმე ამაზე? ელოდები სიკვდილის შემდეგ ღვთის სიყვარულს? განა ეს ცარიელი სიტყვები არ არის? დღეს რატომ არ ეძიებ ღვთის სიყვარულს? შეიძლება თუ არა, საქმით დაკავებულობისას ღვთის სიყვარული მისდამი ჭეშმარიტი სიყვარული იყოს? მიზეზი, რომლის გამოც ნათქვამია, რომ ღვთის საქმის ეს ეტაპი მალე დასრულდება, არის ის, რომ ღმერთს უკვე აქვს მოწმობა სატანის წინაშე. ამრიგად, ადამიანს არ სჭირდება რაიმეს გაკეთება; ადამიანს მხოლოდ მოეთხოვება, ეძიოს ღვთის სიყვარული მისი სიცოცხლის განმავლობაში — ეს არის მთავარი. ვინაიდან ღვთის მოთხოვნები არ არის მაღალი და, გარდა ამისა, მის გულში მწველი შფოთვაა, მან ამ ეტაპის სამუშაოს სრულად აღსრულებამდე გაამჟღავნა მომდევნო ეტაპის საქმის შეჯამება, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მცირე დროა დარჩენილი; ღმერთს გულში შფოთვა რომ არ ჰქონოდა, იტყოდა ამ სიტყვებს ასე ადრე? სწორედ იმიტომ, რომ დრო ცოტაა, ღმერთი ასე მოქმედებს. იმედია, შეძლებთ გიყვარდეთ ღმერთი მთელი გულით, მთელი გონებითა და მთელი ძალით ისევე, როგორც საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდებით. განა ეს არ არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცხოვრება? სხვაგან სად წახვიდოდით ცხოვრების აზრის საძიებლად? განა ასეთი ბრმები არ ხართ? გსურს გიყვარდეს ღმერთი? არის ღმერთი ადამიანის სიყვარულის ღირსი? არიან ადამიანები ადამიანის თაყვანისცემის ღირსნი? მაშ, რა უნდა გააკეთო? გიყვარდეს ღმერთი თამამად, დათქმების გარეშე, და ნახე, რას მოგივლენს ღმერთი. ნახე, მოგკლავს თუ არა. მოკლედ, ღვთის სიყვარულის მისია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის რაღაცების გადაწერა და ჩაწერა. პირველი ადგილი იმას უნდა მიანიჭო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა შენს სიცოცხლეს მეტი ღირებულება ჰქონდეს და ბედნიერებით იყოს სავსე და შემდეგ უნდა დაელოდო ღვთის „განაჩენს“ შენთვის. მაინტერესებს, მოიცავს თუ არა შენი გეგმა ღვთის სიყვარულს. ვისურვებდი, რომ თითოეულის გეგმა ღვთის მიერ აღსრულების საგნად იქცეს და ყოველივე ეს რეალობად იქცეს.

წინა: თავი 40

შემდეგი: თავი 44 და თავი 45

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება