თავი 36
ამბობენ, რომ ღმერთმა ახლა დაიწყო ადამიანის გაკიცხვა, მაგრამ არავის შეუძლია მკაფიო პასუხის გაცემა იმაზე, დაატყდა თუ არა თავს ადამიანს ამ გაკიცხვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ღმერთი ამბობს: „ადამიანს არასდროს არაფერი აღმოუჩენია ჩემს გაკიცხვაში, რადგან ის სხვა არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ კისერზე დადგმულ უღელს ორივე ხელით ებღაუჭება, ორივე თვალი ჩემკენ აქვს მოპყრობილი, თითქოს მტერს უყურებდეს და მხოლოდ ამ წამს ვგრძნობ, თუ რაოდენ გამოფიტულია იგი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ განსაცდელში მტკიცედ არავინ არასდროს მდგარა.“ ღმერთი ადამიანს ამცნობს იმ გაკიცხვის ფაქტების შესახებ, რომელიც მას ჯერ არ დატეხია თავს, და ამას აკეთებს უდიდესი დეტალურობით, ისე, რომ არაფერს ტოვებს. თითქოს ადამიანი უკვე შევიდა გაკიცხვაში და ჭეშმარიტად არ ძალუძს მტკიცედ დგომა. ღმერთი ნათლად და ცხოველხატულად აღწერს ადამიანის მახინჯ თვისებებს. სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი თავს ზეწოლის ქვეშ: რაკი ღმერთი ამბობს, რომ განსაცდელების ჟამს არავინ მდგარა მტკიცედ, როგორ ვიქნებოდი მე ის, ვინც მსოფლიო რეკორდს მოხსნიდა და წესის საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიღებული? ამ წამს იგი დაფიქრებას იწყებს. სინამდვილეში, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ღმერთი ამბობს: „ნუთუ მე მივიყვანე ისინი გზის დასასრულამდე?“ მართლაც, ღმერთმა ყველა ადამიანი გზის დასასრულამდე მიიყვანა, და ამიტომ, თავიანთ ცნობიერებაში, ადამიანებს მუდმივად სჯერათ, რომ ღმერთი სასტიკი და არაჰუმანურია. ღმერთმა ყველა ადამიანი წუთისოფლის მწარე ზღვიდან ამოიყვანა, და შემდეგ, „გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მე დავხოცე ყველა დაჭერილი „თევზი“, რის შემდეგაც თევზები დამორჩილდნენ, დამყოლნი გახდნენ და ოდნავი საყვედურიც აღარ გამოუთქვამთ.“ განა ეს ფაქტი არ არის? ღმერთმა ყველა ადამიანი სიკვდილის მწარე ზღვიდან ამოიყვანა და სიკვდილის სხვა უფსკრულში ჩაყარა, მან ყველა მათგანი „ჯალათის კუნძზე“ მიათრია და აიძულა ისინი, გზის დასასრულამდე მისულიყვნენ — რატომ არ ექცევა იგი ასე ღვთის სხვა ძეებსა და ხალხს? რა არის მისი განზრახვა დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ასეთი საქმის აღსრულებისას? რატომ არის ღვთის ხელი ასეთი „სასტიკი“? გასაკვირი არ არის, რომ „როდესაც ადამიანი მჭირდება, ის მუდამ დამალულია. თითქოს მას არასდროს უნახავს გამაოგნებელი სანახაობები, თითქოს სოფელში დაიბადა და ქალაქის საქმეებისა არაფერი გაეგება.“ სინამდვილეში ადამიანები საკუთარ თავში კითხულობენ: „რას ისახავს მიზნად ღმერთი ამგვარად მოქმედებით? განა იგი ჩვენს დახოცვას არ ცდილობს? და რა აზრი აქვს ამას? რატომ გვაწვება მისი საქმის ნაბიჯები ერთმანეთის მიყოლებით და რატომ არ იჩენს ჩვენ მიმართ მცირე ლმობიერებასაც კი?“ თუმცა ადამიანები ამის თქმას ვერ ბედავენ და, რადგან ღვთის სიტყვები აიძულებს მათ, უკუაგდონ ასეთი ფიქრები და ართმევს მათ შემდგომი ფიქრის შესაძლებლობას, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ გვერდზე გადადონ ყოველგვარი მსგავსი აზრები. უბრალოდ, ღმერთი ამხელს ადამიანის ყველა წარმოდგენას, და ამიტომ ადამიანები უკუაგდებენ თავიანთ წარმოდგენებს და არ აძლევენ მათ გამოვლენის საშუალებას. ადრე ითქვა, რომ ეს ადამიანები დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან. სინამდვილეში, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ისინი თავად დიდი წითელი დრაკონის განსახიერებას წარმოადგენენ. როდესაც ღმერთი აიძულებს მათ, მივიდნენ გზის დასასრულამდე და ხოცავს მათ, მაშინ — ეჭვგარეშეა — დიდი წითელი დრაკონის სულს აღარ რჩება მათში მოქმედების არავითარი შანსი. ამგვარად, როდესაც ადამიანები გზის დასასრულამდე მიდიან, სწორედ მაშინ ასრულებს სიცოცხლეს დიდი წითელი დრაკონიც. შეიძლება ითქვას, რომ იგი სიკვდილს იყენებს ღვთის „დიდი სიკეთის“ ამაგის გადასახდელად. სწორედ ეს არის ღვთის საქმის მიზანი დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში. როდესაც ადამიანები მზად არიან საკუთარი სიცოცხლის გასაწირად, ყველაფერი უმნიშვნელო ხდება, და მათ ვერავინ აჯობებს. რა შეიძლება იყოს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი? ამრიგად, სატანა უძლური ხდება, კვლავაც იმოქმედოს ადამიანებში, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ადამიანთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ „ხორცის“ განმარტებაში ნათქვამია, რომ ხორცი სატანის მიერ არის გახრწნილი, თუ ადამიანები ჭეშმარიტად მიუძღვნიან საკუთარ თავს და სატანა აღარ წარმართავს მათ, მაშინ მათ ვერავინ აჯობებს — და ამ წამს ხორცი შეასრულებს თავის სხვა ფუნქციას და დაიწყებს ღვთის სულის მითითებების ოფიციალურად მიღებას. ეს აუცილებელი პროცესია, იგი ეტაპობრივად უნდა წარიმართოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთს არ ექნებოდა ჯიუტ ხორცში მოქმედების არავითარი საშუალება. ასეთია ღვთის სიბრძნე. ამგვარად, ყველა ადამიანი გაუცნობიერებლად შევიდა დღევანდელ გარემოებებში. და ნუთუ ღმერთი არ არის ის, ვინც ადამიანი „გზის დასასრულამდე“ მიიყვანა? ნუთუ ეს ადამიანის მიერ გაკვალული ახალი გზა შეიძლება იყოს? თქვენს გამოცდილებებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ღმერთი თქვენ მიმართ უკიდურესი სისასტიკის მეთოდებს იყენებს, საიდანაც შეიძლება ღვთის სამართლიანობის დანახვა. როგორ შეგიძლიათ არ აღავლინოთ ქება? ის, რასაც ღმერთი თქვენ გიკეთებთ, საშუალებას აძლევს ადამიანებს, იხილონ ღვთის სამართლიანი ხასიათი; განა ეს არ იმსახურებს თქვენს აღფრთოვანებას ღვთის მიმართ? დღეს, ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ძველი ეპოქა ჯერ კიდევ არსებობს და ახალი ეპოქა ჯერ არ დამდგარა, როგორ გასცემთ მოწმობას ღვთისთვის? განა ასეთი სერიოზული საკითხი არ იმსახურებს ღრმა დაფიქრებას? კვლავ სხვა, უმნიშვნელო საკითხებზე ფიქრობთ? რატომ ამბობს ღმერთი: „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ოდესღაც გაჰყვიროდნენ „გაუმარჯოს გაგებასო“, არავის დაუხარჯავს დიდი დრო სიტყვა „გაგების“ გასაანალიზებლად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ჩემი სიყვარულის სურვილი“? ღმერთს რომ ასეთი რამ არ ეთქვა, განა არ შეგეძლოთ, საკუთარი ნებით გეცადათ ღვთის გულის გაგება?
თუმცა ბოლო დროს, ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მცირედად შეიცნო ღვთის განკაცების მიზნები და მნიშვნელობა, მე დაბეჯითებით ვამბობ, რომ ღმერთს ადამიანისთვის ღიად რომ არ ეთქვა, ვერავინ შეძლებდა ღვთის განკაცების მიზნებისა და მნიშვნელობის გამოცნობას. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ჯერ კიდევ არ არის ნათელი თქვენთვის? ყველაფერი, რასაც ღმერთი ყველა ადამიანს უკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა მართვის ელემენტები მის გეგმაში — თუმცა მათ არ შესწევთ უნარი, ზუსტად ჩასწვდნენ ღვთის განზრახვებს. ეს ადამიანის ნაკლოვანებაა, მაგრამ ღმერთი არ მოითხოვს, რომ ადამიანებს რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, იგი უბრალოდ ითხოვს, რომ მათ მოუსმინონ „ექიმის დარიგებებს“. ეს არის ღვთის მოთხოვნა. იგი სთხოვს ყველა ადამიანს, შეიცნოს ჭეშმარიტი ადამიანური ცხოვრება, რადგან „მათ გულებში სიტყვები „ადამიანური ცხოვრება“ არ არსებობს, ისინი მათ არაფრად აგდებენ და მხოლოდ ზიზღით არიან განწყობილნი ჩემი სიტყვების მიმართ, თითქოს მე მოლაყბე მოხუც ქალად ვიქეცი.“ ადამიანების თვალში ღვთის სიტყვები ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთს წააგავს და ისინი მათ საერთოდ არ ანიჭებენ მნიშვნელობას. ამრიგად, ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება — ისინი იქცნენ საძაგელ უბადრუკებად, რომლებმაც იციან ჭეშმარიტება, მაგრამ არ იყენებენ მას პრაქტიკაში. შესაბამისად, ადამიანის მხოლოდ ეს ნაკლიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ღმერთში გარკვეული დროით სიძულვილი გამოიწვიოს, და ამიტომ იგი მრავალგზის ამბობს, რომ ადამიანები არ ანიჭებენ მნიშვნელობას მის სიტყვებს. თუმცა თავიანთ წარმოდგენებში ადამიანები ასე ფიქრობენ: „ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ და ვაანალიზებთ ღვთის სიტყვებს, მაშ, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ? განა ეს ჩვენ მიმართ უსამართლობა არ არის?“ მაგრამ ნება მიბოძე, მცირედით გაგიანალიზო ეს — და ადამიანებს სათქმელი აღარაფერი დარჩებათ. როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, თავს უქნევენ, ქედს იხრიან და ფეხქვეშ ეგებიან, როგორც ძაღლი, რომელიც თავისი პატრონის სიტყვებს ელაქუცება. ამრიგად, ამ წამს ადამიანები თავს უღირსად გრძნობენ, სახეზე ცრემლები ჩამოსდით, თითქოს სურთ მოინანიონ და ყველაფერი თავიდან დაიწყონ. მაგრამ როგორც კი ეს დრო გაივლის, მათი კრავივით მორჩილება მყისიერად ქრება და მგლის ბუნებით იცვლება. ისინი ღვთის სიტყვებს გვერდზე გადადებენ და მუდმივად სჯერათ, რომ მათი საქმეები უპირველესია, ხოლო ღვთის საქმეები ბოლო ადგილზე დგას. მათი ამგვარი ქმედებების გამო ისინი ვერასოდეს ახერხებენ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებას. როდესაც ფაქტების წინაშე დგებიან, ისინი იდაყვებს განზე სწევენ[ა] — ეს იმ ხის ტოტის მოჭრაა, რომელზეც ისინი სხედან — გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს: „აქეთ მტრულად მექცევიან, იქით კი ჩემზე არიან დამოკიდებულნი სარჩოსთვისო.“ მხოლოდ აქედან შეიძლება დავინახოთ, რომ ღვთის სიტყვებში ოდნავი სიცრუეც კი არ არის, ისინი სრულიად ჭეშმარიტია და არ შეიცავს ოდნავ გაზვიადებასაც კი, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულწილად შერბილებულია, რადგან ადამიანის სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა, და ის ვერ უძლებს მათ. ღვთის სიტყვებმა უკვე წარმოაჩინა ადამიანის საქმეების კრისტალურად ნათელი სურათი, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად; მათ უდიდესი სიცხადით ამოტვიფრეს ისინი და ასახეს ზუსტად სატანის თავდაპირველი სახე. უბრალოდ, ამ ეტაპზე ადამიანებს ჯერ არ დაუნახავთ ყველაფერი ნათლად, და ამიტომ ნათქვამია, რომ მათ ჯერ არ შეუცნიათ საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გაკვეთილი უნდა გაგრძელდეს; ის ვერ შეწყდება. როდესაც ადამიანები შეიცნობენ საკუთარ თავს, სწორედ მაშინ მოიპოვებს ღმერთი დიდებას. ამის გაგება მარტივია — არ არის საჭირო, დაწვრილებით განვმარტო. თუმცა, არის ერთი რამ, რასაც შეგახსენებთ, მაგრამ ჯერ ღვთის ეს სიტყვები უნდა წავიკითხოთ: „დღევანდელ დღემდე ადამიანებს არასდროს დავუფასებივარ, მათ გულებში ჩემთვის ადგილი არ არის. შეძლებენ კი ისინი ჩემს შეყვარებას წრფელი გულით მომავალი ტანჯვის დღეებში?“ რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ამბობს, რომ გაკიცხვა ადამიანს ჯერ არ დასტეხია თავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიტყვებს „საკუთარი თავის შეცნობა“ კიდევ აქვს შინაგანი მნიშვნელობა — დაინახე ეს? გასაჭირისა და გამოწრთობის გარეშე როგორ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი თავის შეცნობა? განა ეს ცარიელი სიტყვები არ არის? მართლა გჯერა ყველაფრის, რასაც ღმერთი ამბობს? შეგიძლია ღვთის სიტყვების გარჩევა? რატომ ამბობს ღმერთი განმეორებით ისეთ სიტყვებს, როგორებიც არის: „ადამიანის ქმედებების დანახვისას ჩემი ერთადერთი არჩევანი წასვლაა...“, და ასევე ამბობს: „მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ადამიანებს ჩემი სიტყვები, როცა მთები ინგრევა და მიწა იხლიჩება, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ სიზმრებიდან, მაგრამ დრო უკვე მოსულია, ისინი დიდ წარღვნაში არიან შთანთქმულნი და მათი გვამები წყლის ზედაპირზე ტივტივებს“? რატომ ამბობს ღმერთი „ადამიანებს ახსენდებათ“ და არა „ადამიანები ემორჩილებიან ჩემს სიტყვებს“? მართალია, რომ მთები დაინგრევა და მიწა გაიხლიჩება? ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ასეთ სიტყვებს, უყურადღებოდ ატარებენ მათ და ამიტომ დიდ გასაჭირს იტანენ ღვთის სიტყვების გამო. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მეტისმეტად უგუნურნი არიან. ადამიანის ამ ნაკლოვანების გამო, ღმერთი ამბობს: „მაგრამ მე, ამ საცრემლე არხების არმქონე „უცნაურმა არსებამ“, ბევრი ცრემლი დავღვარე ადამიანებისთვის.“ რადგან ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ღვთის სიტყვებს, ღმერთი ამ საშუალებას იყენებს მათ შესახსენებლად და ამგვარად მათი „დახმარების“ მისაღებად.
ჯერჯერობით მე არ დავიწყებ მსოფლიო მოვლენების წინასწარმეტყველებას, არამედ ვიწინასწარმეტყველებ რაღაცას ადამიანის ბედზე. განა არ მოვითხოვე, რომ ადამიანებმა შეიცნონ საკუთარი თავი? როგორ შეიძლება ამის ახსნა? როგორ უნდა შეიცნონ ადამიანებმა საკუთარი თავი? როდესაც ღმერთი ისე „ტანჯავს“ ადამიანებს, რომ ისინი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ისინი იწყებენ ადამიანური ცხოვრების მნიშვნელობის ოდნავ გაგებას, იღლებიან ადამიანური ცხოვრებით და სჯერათ, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიზმარი. მათ სჯერათ, რომ ადამიანის ცხოვრება ტანჯვაა, რომ ისინი ისე დაიხოცებიან, რომ ვერაფერს მიაღწევენ და რომ მათი ცხოვრება უაზრო და უღირსია. ადამიანური ცხოვრება მხოლოდ სიზმარია, სიზმარი, რომელშიც მწუხარება და ბედნიერება ტალღებად ენაცვლება ერთმანეთს. დღეს ადამიანები ღმერთისთვის ცხოვრობენ, მაგრამ რადგან ისინი კაცობრიობის სამყაროში ცხოვრობენ, მათი ყოველდღიური ცხოვრება რჩება ცარიელი და უღირსი, რაც განაპირობებს იმას, რომ ყველა ადამიანმა შეიცნოს, რომ ღმერთით ტკბობა მხოლოდ წარმავალი ნუგეშია და რომ როდესაც ისინი არ ტკბებიან ღმერთით, მიუხედავად იმისა, რომ სწამთ მისი, ისინი მაინც ხორცში ცხოვრობენ — მაშ, რა აზრი აქვს ამას? ადამიანისთვის ხორცში ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიცარიელე. ადამიანური ცხოვრების გასაჭირისა და წარუმატებლობების გამოცდის შემდეგ, სიბერის დადგომასთან ერთად ადამიანს თმა უთეთრდება, სახე ნაოჭებით ეღარება და ხელები კოჟრებით ეფარება. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი საფასური გადაიხადა, ძალიან ცოტა რამ მოიპოვა. ამრიგად, ჩემი სიტყვები კიდევ ერთი ნაბიჯით მიდის წინ: ყველა, ვინც ხორციელად ცხოვრობს, სიცარიელეში ცხოვრობს. ეს ეჭვგარეშეა, და არ არის საჭირო, რომ ეს დაწვრილებით გამოიკვლიო. ეს არის ადამიანური ცხოვრების თავდაპირველი სახე, რომელზეც ღმერთი მრავალგზის საუბრობდა. ღმერთი თავს არ არიდებს ამ სიტყვების თქმას ადამიანის სისუსტის გამო, არამედ უბრალოდ მოქმედებს თავისი თავდაპირველი გეგმის მიხედვით. შესაძლოა, ზოგიერთი სიტყვა საყრდენსა და გაგებას აძლევს ადამიანებს და, შესაძლოა, ზოგიერთი ზუსტად საპირისპიროს აკეთებს, განგებ აიძულებს ადამიანებს, იცხოვრონ სიკვდილის ატმოსფეროში, და სწორედ ამის გამო იტანჯებიან ისინი. ამრიგად, შესაძლოა, ღმერთი იყენებდეს „ცარიელი ქალაქის სტრატეგიას“[ბ], რათა განგებ შეიყვანოს ადამიანები შეცდომაში, მაგრამ მათ საერთოდ არ შეუძლიათ ამის დანახვა და სიბნელეში რჩებიან. და მაინც, ყველაფერი ღვთის ხელთაა, და ადამიანებს რომც სცოდნოდათ, როგორ შეძლებდნენ მისგან თავის დაცვას? ამრიგად, არავის ძალუძს, გაექცეს გაკიცხვის საფრთხეს — რა შეეძლოთ გაეკეთებინათ? მათ მხოლოდ ღვთის განაწესებისადმი დამორჩილება შეუძლიათ და განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ღმერთმა ჩაავლო მათ ხელი და არ უშვებს? მხოლოდ ღვთის მუქარის ქვეშ შეუძლია ყველა ადამიანს მიჰყვეს ბუნებრივ დინებას — განა ასე არ არის? რომ არა ღვთის განაწესები, როგორ შეძლებდნენ ადამიანები ნებაყოფლობით მარცხის აღიარებას? განა ეს სასაცილო არ იქნებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ცხოვრება ცარიელია, ვის სურს, როდესაც მისი ცხოვრება კომფორტულია, უხმოდ დატოვოს ადამიანთა სამყარო და შეეცადოს ღვთის დაკმაყოფილებას? ადამიანები უმწეობაში იხოცებიან — ვის დაულევია სული სიუხვეში, როდესაც ყველაფერი აქვთ, რაც კი შეიძლება სურდეთ? მხოლოდ ციდან ჩამოსული „ვარსკვლავი“ იქნებოდა ამის გამონაკლისი. მესამე ცის იმ ცხოვრებასთან შედარებით, რომლითაც იგი ტკბებოდა, დედამიწაზე ცხოვრება ჰადესში ცხოვრებას დაემსგავსებოდა — მხოლოდ ასეთ გარემოებაში შეიძლებოდა ყოფილიყო ის მზად სიკვდილისთვის. თუმცა ვინ არის დღეს ვარსკვლავი ზეცაში? მეც „ბუნდოვანი“ წარმოდგენა მაქვს ამაზე. მოდით, მოვიძიოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის პოვნას. თუკი მოიძებნებიან, ვთხოვ ადამიანებს, დამეხმარონ და ჰკითხონ მათ, სურთ თუ არა იმოქმედონ ჩემი ზემოთქმული სიტყვების შესაბამისად. თუმცა თითოეულ თქვენგანს გაფრთხილებთ: არცერთმა თქვენგანმა არ უნდა ითამაშოს „გმირის“ როლი და არ უნდა გამოთქვას სიკვდილის ნებაყოფლობითი სურვილი, გესმით?
სქოლიო:
ა. „იდაყვის განზე გაწევა“ არის ჩინური იდიომი და ნიშნავს გარეშე პირთა დახმარებას საკუთარი მხარის ან ბანაკის საზიანოდ.
ბ. „ცარიელი ქალაქის სტრატეგია“ არის ძველი ჩინეთის ოცდათექვსმეტი სტრატაგემიდან 32-ე. ეს სტრატეგია გულისხმობს მოჩვენებითად თამამი ფრონტის შექმნას მოუმზადებლობის დასაფარად, რათა მტერი შეცდომაში შეიყვანონ.