თავი 35
ამჟამად, ყველა ადამიანი, სხვადასხვა ხარისხით, შევიდა გაკიცხვის პროცესში. ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა თქვა: „მე მივიწევ წინ ადამიანის მხარდამხარ.“ ეს აბსოლუტურად ჭეშმარიტია, თუმცა ადამიანები ჯერ კიდევ სრულად ვერ იაზრებენ ამას. შედეგად, ღმერთმა გარკვეული არასაჭირო სამუშაო გასწია. ღმერთმა თქვა: „ამის ნაცვლად, მე მათ მხარს ვუჭერ და უზრუნველვყოფ მათი სულიერი სიმწიფის შესაბამისად. ვინაიდან ადამიანები ჩემი მთელი მართვის გეგმის მთავარ გმირებს წარმოადგენენ, მე უფრო მეტ მითითებას ვაძლევ მათ, ვისაც „ადამიანის“ როლი აქვს მორგებული, რათა შეძლონ ამ როლის თამაში მთელი გულითა და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმით,“ ასევე, „თუმცა, მე პირდაპირ არ ვაკრიტიკებ მათ სინდისს; პირიქით, ვაგრძელებ მათ წინამძღოლობას მოთმინებითა და სისტემატურად. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები სუსტები არიან და არ შეუძლიათ არანაირი საქმის კეთება.“ ღვთის აზროვნება ასეთია: იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი, საბოლოოდ, გაანადგურებს ყველა ამ ადამიანს, მისი საქმე დედამიწაზე კვლავ გაგრძელდება საკუთარი თავდაპირველი გეგმის შესაბამისად. ღმერთი არ აკეთებს უსარგებლო საქმეს; ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია. როგორც პეტრემ თქვა: „თუნდაც ღმერთი ისე ეთამაშებოდეს ადამიანებს, თითქოს ისინი სათამაშოები იყვნენ, რა პრეტენზია ექნებოდათ ადამიანებს? რა უფლება ექნებოდათ?“ დღევანდელ დღეს, განა არ არის ეს ის, რასაც ღმერთი აღწევს კაცობრიობასთან? შეუძლიათ ადამიანებს მართლაც ასეთი გამჭრიახობა ჰქონდეთ? რატომ შეეძლო პეტრეს, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდა, მსგავსი რამის თქმა, ხოლო დღევანდელ „პეტრეებს“, რომლებიც ამ მაღალტექნოლოგიურ, მოდერნიზებულ ეპოქაში ცხოვრობენ, არ შეუძლიათ ამის გაკეთება? მე დანამდვილებით არ შემიძლია იმის თქმა, ისტორია წინ მიიწევს თუ უკან, და ჯერჯერობით ვერც ვერავინ პასუხობს კითხვას, მეცნიერება ვითარდება თუ არა. ყოველივე, რაც ღმერთმა კაცობრიობაში მოიმოქმედა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ისინი დადებითად შეეცვალა და მათი სიცოცხლეც მომწიფებულიყო. განა ადამიანებს არ შეუძლიათ ამის გააზრება? ყველაფერი, რაც ნეგატიურს გხდის, შენი სისუსტეა, მოწყვლადობის სასიცოცხლო წერტილი, რომელსაც სატანა თავს დაესხმება. ნათლად ხედავ ამას? რატომ ისაუბრა ღმერთმა ასე? „მე კაცობრიობას მთელი გულწრფელობითა და სერიოზულობით ვევედრები. ნუთუ მართლაც არ შეუძლიათ გააკეთონ, რასაც მათგან ვითხოვ?“ რას ნიშნავს ეს სიტყვები? რატომ დასვა ღმერთმა ეს კითხვა? ეს აჩვენებს, რომ კაცობრიობას აქვს ზედმეტად ბევრი ნეგატიური ასპექტი და ერთი ნეგატიური ფაქტორიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა წაიბორძიკოს. შენც შეგიძლია შეხედო და დაინახო, თუ რა მოაქვს დარჩენილ ნეგატივს. ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, კაცობრიობის სრულყოფისთვის აკეთებს. საჭიროებენ ეს სიტყვები რაიმე დამატებით ინტერპრეტაციას? არა, როგორც ვხედავ, ამის საჭიროება არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები სატანამ მოიცვა, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანები ნეგატივმა შეიპყრო. ეს კაცობრიობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ადამიანის ხორცის თანმხლები. ამიტომ, ყველა ადამიანი ქვეცნობიერად ეფლობა ნეგატივში და შემდგომ — გაკიცხვაში. ეს არის მახე, რომელიც ღმერთმა კაცობრიობისთვის მოამზადა და სწორედ ამ დროს იტანჯებიან ადამიანები ყველაზე მეტად. ვინაიდან ადამიანები ნეგატივში ცხოვრობენ, მათთვის რთულია გაკიცხვისგან თავის დაღწევა. განა დღევანდელ დღეს ყველაფერი ზუსტად ასე არ არის? მაგრამ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ღვთის შემდეგი სიტყვების უგულებელყოფა? „ამჟამად, სატანა უკიდურესად გააფთრებულია. რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა წარმოვაჩინო ჩემი საქმის მთავარი მიზანი ჩემი ძალაუფლების გამოსავლენად?“ მე შეხსენების რამდენიმე სიტყვას ვამბობ და, ამისთანავე, ეკლესიების ხალხი გაკიცხვის პროცესში შედის. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის საქმის გასვლიდან ორი თვის თავზე, ადამიანებს ბევრი ცვლილება ჯერ კიდევ არ განუცდიათ. ისინი ღვთის სიტყვებს უბრალოდ საკუთარი გონებით აანალიზებენ, თუმცა მათი მდგომარეობა რეალურად საერთოდ არ შეცვლილა. ისინი ნეგატიურ აზროვნებას ინარჩუნებენ. ვინაიდან ასეა, როდესაც ღმერთი ახსენებს, რომ გაკიცხვის დრო ახლოსაა, ადამიანები მაშინვე ძრწოლას განიცდიან და ფიქრობენ: „არ ვიცი, ვარ თუ არა ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრული და არც ის ვიცი, რამდენად შევძლებ ამ გაკიცხვის პროცესში მტკიცედ დგომას. კიდევ უფრო რთულია იმის ცოდნა, თუ რა მეთოდებს გამოიყენებს ღმერთი ადამიანების გასაკიცხად“. ყველა ადამიანს ეშინია გაკიცხვის, თუმცა მათ არ შეუძლიათ ამ რეალობის შეცვლა. ისინი უბრალოდ დუმილში იტანჯებიან, მაგრამ ამავდროულად ეშინიათ, რომ მტკიცედ დგომას ვერ შეძლებენ. ასეთ ვითარებაში, როცა ადამიანები არც გაკიცხვის სიმძიმეს გრძნობდნენ და არც ღვთის სიტყვებით იჩაგრებოდნენ, გაუცნობიერებლად შევიდნენ გაკიცხვის პროცესში. ამრიგად, ისინი ყველანი ნერვიულობენ და მოუსვენრად არიან. ამას ეწოდება „რაც დათესეს, ის მოიმკეს“, რადგან ადამიანებს არ ესმით ღვთის საქმე. სინამდვილეში, ღმერთი არ არის განწყობილი, რომ ამ ადამიანებზე რაიმე ზედმეტი სიტყვები დახარჯოს; როგორც ჩანს, ღმერთმა მათთან მოპყრობის სხვა გზა აირჩია, გზა, რომელიც არ არის ჭეშმარიტი გაკიცხვა. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანი იჭერს წიწილას და ხელში აჰყავს რომ ნახოს, ქათამია თუ მამალი; ეს შესაძლოა არ ჩანდეს რაიმე მნიშვნელოვნად, მაგრამ, ამის მიუხედავად, პატარა წიწილა იმდენად შეშინდება, რომ თავის დასახსნელად იბრძოლებს, თითქოს შიშით, რომ მისმა პატრონმა ის უნდა დაკლას და შეჭამოს. ეს იმიტომ ხდება, რომ წიწილას არ გააჩნია საკუთარი თავის შემეცნება. რატომ უნდა მოკლას და შეჭამოს ვინმემ წიწილა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გრამს იწონის? განა ეს უაზრობა არ იქნებოდა? ეს ზუსტად ისეა, როგორც ღმერთმა თქვა, „მაშინ, მუდმივად რატომ მერიდებიან ადამიანები? ნუთუ იმიტომ, რომ მე მათ წიწილებივით მოვექცევი, რომლებსაც დაჭერისთანავე კლავენ?” ამიტომ, ადამიანთა ტანჯვა არის მხოლოდ „უანგარო“ თავდადება და მას შეიძლება ვუწოდოთ უსარგებლო ფასი, რომელიც უნდა გადაიხადონ. სწორედ იმიტომ ეშინიათ ადამიანებს, რომ არ იცნობენ საკუთარ თავს. შედეგად, მათ არ შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ. ეს არის ადამიანთა სისუსტე. განა ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები, „ბოლოს, მივცეთ ადამიანებს საკუთარი თავის შეცნობის საშუალება. ეს არის ჩემი საბოლოო მიზანი,“ მოძველებულია? ვინ იცნობს ჭეშმარიტად საკუთარ თავს? თუ მან არ იცის საკუთარი თავი, მაშინ რა აძლევს მას გაკიცხვის უფლებას? ავიღოთ, მაგალითად, ბატკნები. როგორ შეიძლება მათი დაკვლა, თუ ისინი არ გაზრდილან ცხვრებად? როგორ შეიძლება ადამიანი დატკბეს ხით, რომელსაც ჯერ ნაყოფი არ გამოუღია? ყველა გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს „აცრას“. ამრიგად, ადამიანები მარხვის საქმეს შეუდგებიან და შიმშილობენ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ რაც დათესეს, ის მოიმკეს, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებით და არა ღვთის სისასტიკით ან არაადამიანურობით. თუ ერთ დღეს, ადამიანები უცებ შეიცნობენ საკუთარ თავს და შიშით აკანკალდებიან ღვთის წინაშე, მაშინ ღმერთი დაიწყებს მათ გაკიცხვას. მხოლოდ ამ გზით მიიღებენ ადამიანები ნებაყოფლობით გაჭირვებას, გულითა და სიტყვით მორჩილნი. მაგრამ რას იტყვით დღევანდელ დღეზე? ყველა ადამიანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ არის გაკიცხული, იმ ბავშვების მსგავსად, რომლებსაც საჭმლის მომზადებას აიძულებენ. რაკი ასეა, როგორ შეიძლება, თავი უხერხულად არ იგრძნონ? ყველას ჰგონია: „ოჰ, კარგით! სანამ გაკიცხული ვარ, სჯობს თავი დავხარო და დანაშაული ვაღიარო! რისი გაკეთება შემიძლია? თუნდაც ვტიროდე, მაინც ვალდებული ვარ, ღმერთი დავაკმაყოფილო, ასე რომ, რა შემიძლია ვიღონო? კარგი იქნება თუ ცუდი, ეს არის გზა, რომელსაც ახლა ვადგავარ. ოჰ, კარგით! უბრალოდ ჩემს უიღბლობას დავაბრალებ!“ განა ადამიანები ასე არ ფიქრობენ?
როგორც ღმერთმა თქვა, „კაცობრიობა მორჩილია; ვერავინ ბედავს ჩემთან წინააღმდეგობას. ჩემი გზამკვლევობით, ყველა აღასრულებს იმ „საქმეს“, რაც დავავალე.“ ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ არცერთი ადამიანი ნებაყოფლობით არ იღებს გაკიცხვას — თანაც ღვთისგან მომდინარე გაკიცხვას — რადგან ყველა ადამიანს სურს იცხოვროს მშვიდად და არა არეულობასა და ქაოსში. ღმერთმა თქვა, „ვის არ ეშინია სიკვდილის? ნუთუ ადამიანებმა მართლაც საფრთხეში ჩაიგდეს საკუთარი სიცოცხლე?“ ეს აბსოლუტურად მართალია; ყველას ეშინია სიკვდილის, გარდა იმ შემთხვევებისა, რა თქმა უნდა, როცა ისინი გაცოფებულნი ან სასოწარკვეთილნი არიან. ეს ადამიანთა რაობაა და ეს არის ყველაზე რთული რამ, რასთან გამკლავებაც საჭიროა. დღეს ღმერთი მოვიდა ზუსტად იმისთვის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა გადაჭრას. ადამიანები ყველანი უძლურნი არიან, ამიტომ ღმერთი სპეციალურად მოვიდა მათთან, რათა დააარსოს სპეციალიზებული საავადმყოფო, სადაც ისინი ამ სენისაგან განიკურნებიან. ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ავადმყოფობის მახეებისგან თავის დაღწევა, რის გამოც შფოთვას გრძნობენ გულებში, პირში ზედმეტი შინაგანი სიცხით იტანჯებიან და განიცდიან მუცლის შებერილობას. დროთა განმავლობაში, მათ მუცლებში აირის მოცულობა იზრდება, რაც წნევის მომატებას იწვევს და, საბოლოოდ, კუჭები უსკდებათ და ყველა მათგანი იხოცება. ამრიგად, ღმერთი მაშინ განკურნავს ამ სერიოზულ ადამიანურ სენს. რაკი ყველა მკვდარი იქნება, ნუთუ არ განიკურნება ამით ადამიანის ავადმყოფობა? ღმერთი განზრახ მოვიდა ამ საქმის შესასრულებლად. ვინაიდან ადამიანებს ძალიან ეშინიათ სიკვდილის, ღმერთი თავად მოვიდა, რათა ეს საქმე ადამიანებთან ერთად შეასრულოს; რადგან მათ ძალიან მცირე გამბედაობა აქვთ, მან ჯერ თვალსაჩინო მაგალითი მისცა საყურებლად. ადამიანებს მხოლოდ მას შემდეგ უჩნდებათ მორჩილების სურვილი, რაც ღვთის პრეცედენტს იხილავენ. ამ მიზეზით, ღმერთმა თქვა, „ვინაიდან ვერავინ შეძლო ჩემი საქმის აღსრულება, მე პირადად შევაბიჯე ბრძოლის ველზე, რათა სატანასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩავება.“ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ამიტომ ან თევზი მოკვდება, ან ბადე გაწყდება. ეს სრულიად უეჭველია. ვინაიდან სული ბოლოს გაიმარჯვებს, ხორციელი გარდაუვალად სიკვდილმა უნდა წაიღოს. გესმით ამის შედეგები? თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად მგრძნობიარენი. შესაძლოა, ზემოთ წარმოდგენილი წინადადება მარტივი ან რთული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს მისი შეცნობა არ შეუძლიათ — ეს გარკვეულია. ტანჯვისას, ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ღვთის სიტყვის გამოწრთობა, რასაც შეიძლება იღბალი ან უიღბლობა უწოდონ. თუმცა, მაინც შეგახსენებთ, რომ ღვთის განზრახვები, საბოლოო ჯამში, მართებულია, განსხვავებით ადამიანთა განზრახვებისგან, რომლებიც ყოველთვის საკუთარი გეგმების დასახვისა და მოწყობისკენაა მიმართული. თქვენ ამაში გარკვეულნი უნდა იყოთ; ნუ მიეცემით გაუთავებელ ფიქრებს. განა სწორედ ეს არ არის ადამიანთა სისუსტე? ყველანი ასეთები არიან; ნაცვლად იმისა, რომ გარკვეულწილად ღმერთი უყვარდეთ, მათ გარკვეულწილად საკუთარი თავი უყვართ. ის არის ღმერთი, რომელიც ეჭვიანობს ადამიანზე, ამიტომაც ყოველთვის უყენებს მას მოთხოვნებს. რაც უფრო მეტად უყვართ ადამიანებს საკუთარი თავი, მით უფრო მეტად მოითხოვს ღმერთი მათგან, რომ უყვარდეთ იგი, და მით უფრო მკაცრია მისი მოთხოვნები მათ მიმართ. თითქოს ღმერთი განზრახ აღიზიანებს ადამიანებს. თუ ადამიანებს ჭეშმარიტად უყვართ იგი, ის თითქოს არ სცნობს მათ. ამის გამო, ადამიანები თავს მოიფხანენ და ღრმა ფიქრებს მიეცემიან. ეს არის ღვთის ხასიათის ნარატივი, მხოლოდ ერთი ან ორი რამის მოკლედ ხსენება. ეს არის ღვთის განზრახვა. ეს არის ის, რაც ღმერთს სურს, რომ ადამიანებმა იცოდნენ, და ეს უკიდურესად გადაუდებელი საკითხია. ეს არის ახალი დავალება და ადამიანებმა ბევრი უნდა იშრომონ, რათა გარღვევა მოახდინონ და ახალი პროგრესი განიცადონ. გესმით ეს? გჭირდებათ, მეტი გითხრათ ამ თემაზე?
წინა ეპოქების შესახებ, ღმერთმა თქვა, „არასდროს, არცერთი ადამიანი არ ამირჩევია; ყველა მათგანი ჩემმა უხმო წერილმა უკუაგდო. ეს იმიტომ, რომ წარსულში ადამიანები არ მემსახურებოდნენ მხოლოდ მე, ამიტომ მეც, სამაგიეროდ, არ მიყვარდა ისინი გამორჩეულად. მათ სატანის „საჩუქრები“ აიღეს და შემდეგ მობრუნდნენ და მე შემომთავაზეს. განა ეს არ იყო ჩემ წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება? როგორ შეიძლება ამ სიტყვების ახსნა? ეს ისეა, როგორც ღმერთმა თქვა: „ყველა ნიჭი სატანისგან მომდინარეობს“. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების წინა თაობები მთლიანად ნიჭზე იყვნენ დამოკიდებულნი საქმის კეთებისას და, თაობების მანძილზე, ღმერთი იყენებდა მათ ნიჭს თავისი საქმის წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ ითქმის, რომ ნიჭიერი ადამიანების მსახურება სატანისგან მოდის. თუმცა, ღვთის სიბრძნის გამო, „სატანის სქემას საპირისპირო ფონად ვიყენებ.“ ამრიგად, ღმერთმა ნიჭიერი ადამიანების მსახურებას „სატანის საჩუქრები“ უწოდა და სწორედ იმის გამო, რომ ის სატანისგანაა, ღმერთი ამ ქმედებას „ცილისწამებას“ უწოდებს. ეს არ არის ადამიანების მიმართ უსაფუძვლო ბრალდება; პირიქით, ეს არის კარგად დასაბუთებული და შესაბამისად ახსნილი. ამრიგად, „მე არ გამიმჟღავნებია ჩემი ზიზღი; პირიქით, მათი სქემა საკუთარი მიზნებისთვის გამოვიყენე, როდესაც ეს „საჩუქრები“ ჩემი მართვის მასალებს შევმატე. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ისინი დანადგარით დამუშავდებოდა, შიგთავსის წიდას დავწვავდი.“ სწორედ ეს არის საოცარი ღვთის საქმეში. ეს პუნქტი ყველაზე ნაკლებად შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს, რადგან არავინ იფიქრებდა, რომ ისინი, ვინც მეფობენ, არ არიან ნიჭიერი ადამიანები, არამედ იმ უნიჭო ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებიც ღმერთს უყვარს. როგორც ჩანს, უიტნეს ლისა და უოჩმენ ნის იდეები და იმედები ფერფლად იქცა და იგივე ითქმის დღევანდელ ნიჭიერ ადამიანებზეც. ახლა ღმერთმა დაიწყო ეს საქმე და ის თანდათანობით იბრუნებს უკან სულიწმიდის მთელ მოქმედებას იმ ადამიანებში, რომლებიც მის საქმეს საპირისპირო ფონად უდგანან. როდესაც ღვთის საქმე ბოლომდე დასრულდება, ეს ადამიანები ყველა თავიანთ პირვანდელ ადგილს დაუბრუნდებიან. თუმცა, მე მოვუწოდებ ადამიანებს, არ იმოქმედონ დაუფიქრებლად ჩემი სიტყვების გამო. თქვენ უნდა მისცეთ საქმეებს ბუნებრივი მსვლელობის საშუალება და იმოქმედოთ ღვთის საქმის ნაბიჯების შესაბამისად, რათა არ შეაფერხოთ იგი. გესმით ეს? ვინაიდან ეს არის ღვთის საქმის ნაბიჯები და მეთოდი. როდესაც ღმერთი ამ „საჩუქრებს“ „მზა პროდუქტებად“ „დაამუშავებს“, მისი ყველა განზრახვა აშკარა გახდება და ის საჩუქრები, რომლებიც მას მსახურებას უწევენ, ყველა გამოირიცხება; თუმცა, ღმერთს ექნება მზა პროდუქტები, რომლითაც დატკბება. გესმით ეს? ის, რაც ღმერთს სურს, არის მზა პროდუქტები და არა უამრავი საჩუქარი, რომელსაც ადამიანები მას სწირავენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დაიკავებს სათანადო ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი დაბრუნდება თავის პირვანდელ პოზიციაზე და ეშმაკნიც, ასევე, თავიანთ სკამებზე დასხდებიან, ისევე როგორც ანგელოზები, გამონაკლისის გარეშე — მხოლოდ მაშინ გამოჩნდება კმაყოფილი ღიმილი ღმერთის სახეზე, რადგან მისი განზრახვები შესრულებული იქნება, ხოლო მისი მიზანი — მიღწეული. ღმერთი აღარ ეძიებს „დახმარებას“ ეშმაკებისგან, რადგან ღმერთის განზრახვები აშკარად იქნება გამჟღავნებული ადამიანებისთვის და ადამიანებს აღარასოდეს მოუწევთ მათი გადაცემა. ამ დროს, ადამიანების ხორციელი სხეულები გაერთიანდება მათ სულებთან. ეს არის ის, რასაც ღმერთი ცხადყოფს ადამიანებისთვის; ეს არის სულის, სამშვინველისა და სხეულის საბოლოო დანიშნულება. ეს არის „კაცობრიობის“ პირველქმნილი მნიშვნელობის შეჯამება. ამის დეტალურად გამოკვლევა საჭირო არ არის; საკმარისია, იცოდეთ ამის შესახებ ერთი-ორი რამ. გესმით?