თავი 29
ადამიანთა მიერ შესრულებული საქმის ნაწილი ღვთის უშუალო მითითებით ხორციელდება, თუმცა არსებობს ისეთი ნაწილიც, რომლისთვისაც ღმერთი კონკრეტულ მითითებებს არ იძლევა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ის, რასაც ღმერთი აღასრულებს ჯერ კიდევ არ არის სრულად გაცხადებული — ანუ ბევრი რამ დაფარული რჩება და ჯერ არ გამხდარა საქვეყნოდ ცნობილი. თუმცა ზოგიერთი რამ უნდა გაცხადდეს, ზოგიერთმა კი ადამიანები საგონებელში უნდა ჩააგდოს და დააბნიოს; სწორედ ეს არის საჭირო ღვთის საქმისთვის. მაგალითად, ღვთის ზეციდან ადამიანთა შორის მოსვლა — როგორ მოვიდა, რომელ წამს მოვიდა ან განიცადა თუ არა ცვლილებები ცამ, მიწამ და ყოველივემ — ეს ის საკითხებია, რომლებიც ადამიანთა დაბნეულობას მოითხოვს. ეს ასევე ეფუძნება რეალურ გარემოებებს, რადგან ადამიანის ხორციელ სხეულს თავისთავად არ ძალუძს უშუალოდ სულიერ სამყაროში შესვლა. ამგვარად, თუნდაც ღმერთმა ნათლად განაცხადოს, თუ როგორ ჩამოვიდა ზეციდან დედამიწაზე ან როდესაც ამბობს: „იმ დღეს, როცა ყოველივე აღდგა, მე მოვედი ადამიანთა შორის და მათთან ერთად გავატარე საოცარი დღეები და ღამეები“, ასეთი სიტყვები ჰგავს ხის მორთან საუბარს — არავითარი რეაქცია არ მოჰყვება, რადგან ადამიანებმა არაფერ არ იციან ღვთის საქმის ეტაპების შესახებ. მაშინაც კი, როცა ისინი ჭეშმარიტად აცნობიერებენ ამას, წარმოიდგენენ, რომ ღმერთი ზეციდან დედამიწაზე ფერიასავით ჩამოფრინდა და ადამიანთა სამყაროში სრულად გარდაისახა. აი, რისი მიღწევა შეუძლია ადამიანის აზრებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის არსება ისეთია, რომ მას არ ძალუძს გაიგოს ღვთის არსი და არ შეუძლია ჩაწვდეს სულიერი სამყაროს რეალობას. მხოლოდ თავიანთი არსით ადამიანები ვერ მისცემენ სხვას მაგალითს, რადგან თავისი ბუნებით ისინი ერთნაირები არიან და არა განსხვავებულნი. ამიტომ მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანებმა სხვებს მისაბაძი მაგალითი მისცენ ან სანიმუშონი იყვნენ, საპნის ბუშტივით ქრება და წყლიდან ამომავალ ორთქლს ემსგავსება. მაშინ, როდესაც ღმერთი ამბობს: „იძენს გარკვეულ ცოდნას იმის შესახებ, თუ რაც მაქვს და რაც ვარ“, ეს სიტყვები მიმართულია მხოლოდ იმ საქმის გამოვლინებისკენ, რომელსაც განკაცებული ღმერთი ასრულებს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი მიმართულია ღვთის ჭეშმარიტი სახისკენ — ღვთაებრიობისკენ, რაც უპირველესად მის ღვთაებრივ ხასიათს გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მოეთხოვებათ გაიგონ ისეთი რამ, როგორიცაა: რატომ მოქმედებს ღმერთი ამგვარად, რა უნდა აღსრულდეს ღვთის სიტყვებით, რისი მიღწევა სურს ღმერთს დედამიწაზე, რისი მოპოვება სურს ადამიანთა შორის, რა მეთოდებით საუბრობს ღმერთი და როგორია ღვთის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანში არაფერია ისეთი, რითაც იგი დაიკვეხნიდა — ანუ მასში არაფერია ისეთი, რაც სხვისთვის მისაბაძი მაგალითი გახდებოდა.
სწორედ ხორცშესხმული ღვთის ადამიანური ბუნებისა და ზეციერ ღმერთსა და ხორცშესხმულ ღმერთს შორის არსებული განსხვავების გამო, რომელიც თითქოს არ არის შობილი ზეციერი ღვთისგან, ღმერთი ამბობს: „მრავალი წელი გავატარე ადამიანთა შორის, მაგრამ ისინი მუდამ უმეცარნი იყვნენ და არასოდეს მიცნობდნენ მე“. ღმერთი ასევე ამბობს: „როცა ჩემი ნაბიჯები მთელ სამყაროს შემოივლის და მიწის კიდეებამდე მიაღწევს, ადამიანი საკუთარ თავზე დაფიქრდება და ყოველი ადამიანი მოვა ჩემთან, დაემხობა ჩემს წინაშე და თაყვანს მცემს. ამ დღეს მე მოვიპოვებ დიდებას, ეს იქნება ჩემი დაბრუნების დღეც და ჩემი წასვლის დღეც“. მხოლოდ ეს არის ის დღე, როდესაც ღვთის ჭეშმარიტი სახე ეცხადება ადამიანს. თუმცა, ღმერთი ამის გამო არ აყოვნებს თავის საქმეს და უბრალოდ აღასრულებს იმ საქმეს, რაც უნდა გაკეთდეს. როდესაც ის განიკითხავს, მსჯავრს სდებს ადამიანებს ხორცშესხმული ღვთის მიმართ მათი დამოკიდებულების საფუძველზე. ეს არის ამ პერიოდში ღვთის გამონათქვამების ერთ-ერთი მთავარი ხაზი. მაგალითად, ღმერთი ამბობს: „ფორმალურად წარმოვაჩენ ჩემი მმართველობის გეგმის საბოლოო ნაწილს სამყაროში. თუ ვინმე კვლავ უგუნურია, ნებისმიერ დროს ჩავარდება უმოწყალო სასჯელში“. ეს არის ღვთის გეგმის შინაარსი და ის არც უცნაურია და არც უჩვეულო, არამედ მისი საქმის ეტაპების ნაწილია. ამავდროულად ღვთის შორს მცხოვრები ხალხი და ძენი განიკითხებიან ღვთის მიერ იმის საფუძველზე, რასაც ისინი ეკლესიებში აკეთებენ და ამიტომ ღმერთი ამბობს: „როცა მე აღვასრულებ ჩემს საქმეს, ყველა ანგელოზი ჩემთან ერთად ერთვება გადამწყვეტ ბრძოლაში და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საბოლოო ეტაპზე სრულად დააკმაყოფილოს ჩემი განზრახვები, რათა ადამიანები მიწაზე დამემორჩილონ ისე, როგორც ანგელოზები მემორჩილებიან, არ ჰქონდეთ სურვილი შემეწინააღმდეგონ და არ ჩაიდინონ არაფერი, რაც მე მიღალატებს. ასეთია სამყაროში ჩემი საქმის დინამიკა“. ეს არის განსხვავება იმ საქმეში, რომელსაც ღმერთი მთელ დედამიწაზე ასრულებს; ის მიმართავს სხვადასხვა ზომებს იმის მიხედვით, თუ ვისკენ არის მიმართული საქმე. დღეს ეკლესიებში მყოფ ყველა ადამიანს აქვს მგზნებარე გული; ისინი შეუდგნენ ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას — ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ღვთის საქმე დასასრულს უახლოვდება. ზეციდან ყურება ჰგავს შემოდგომის ქარისგან წამოშლილი ლიოსის, გამხმარი ტოტებისა და ჩამოცვენილი ფოთლების სევდიანი სურათების კვლავ ხილვას. ისეთი განცდაა, თითქოს ადამიანთა შორის აპოკალიფსი უნდა მოხდეს, თითქოს ყველაფერი გაპარტახებისთვისაა განწირული. შესაძლოა სულის მგრძნობელობის გამო, გულში ყოველთვის არის მოწყენილობის განცდა, თუმცა მას თან ახლავს სევდით გაზავებული მშვიდი ნუგეშის ნაპერწკალი. ამას შეიძლება გამოხატავდეს ღვთის სიტყვები, რომ „ადამიანი იღვიძებს, დედამიწაზე, ყოველივე თავის წესრიგს უბრუნდება და დედამიწის არსებობის დღეები დათვლილია, რამეთუ მე მოვედი!“ ადამიანები შეიძლება გარკვეულწილად ნეგატიურები გახდნენ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ან ოდნავ იმედგაცრუებულნი დარჩნენ ღვთის საქმით, ან შეიძლება მეტისმეტად ფოკუსირდნენ თავიანთ სულიერ განცდებზე. მაგრამ დედამიწაზე თავისი საქმის აღსრულებამდე ღმერთი ვერ იქნებოდა ისეთი უგუნური, რომ ადამიანთათვის ასეთი ილუზია შეექმნა. თუ ჭეშმარიტად გაქვს ასეთი განცდები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზედმეტ ყურადღებას აქცევ შენს გრძნობებს, რომ ხარ ის, ვინც მოქმედებს საკუთარი ნების შესაბამისად და ვისაც არ უყვარს ღმერთი,რომ ზედმეტად ფოკუსირდები ზებუნებრივზე და საერთოდ არ აქცევ ყურადღებას ღმერთს. რაც არ უნდა ეცადონ ადამიანები ამ გარემოებებიდანთავის დაღწევას, ამას ვერ მოახერხებენ ღვთის ხელის გამო. ვის ძალუძს თავი დააღწიოს ღვთის ხელს? როდის ყოფილა, რომ შენს სტატუსსა და გარემოებებს ღმერთი არ განაგებდა? მიუხედავად იმისა, იტანჯები თუ კურთხეული ხარ, როგორ შეძლებ ღვთის ხელს დაემალო? ეს არ არის ადამიანური საქმე, არამედ მთლიანად ღვთის საჭიროებას ეხება — ვის ძალუძს არ დამორჩილდეს ამის გამო?
„მე გამოვიყენებ გაკიცხვას ჩემი საქმის წარმართთა შორის გასავრცელებლად, რაც იმას ნიშნავს, რომმივმართავ „ძალას“ ყველას მიმართ, ვინც წარმართია. ბუნებრივია, ეს საქმე განხორციელდება რჩეულ ხალხში მიმდინარე ჩემი საქმის პარალელურად“. ამ სიტყვების წარმოთქმით ღმერთი იწყებს ამ საქმის აღსრულებას მთელ სამყაროში — ეს ღვთის საქმის ერთ-ერთი ეტაპია. საქმე უკვე ამ ნიშნულამდე მივიდა და არავის ძალუძს ვითარების შეცვლა. კატასტროფები გაანადგურებს კაცობრიობის ერთ ნაწილს; ისინი სამყაროსთან ერთად დაიღუპებიან. როდესაც სამყარო ოფიციალურად განიკიცხება, ღმერთი ოფიციალურად გამოეცხადება ურიცხვ ერსა და ხალხს. მისი გამოჩინების გამო ადამიანები განიკიცხებიან. გარდა ამისა, ღმერთმა ასევე თქვა: „როდესაც მე ოფიციალურად გავხსნი გრაგნილს, სწორედ მაშინ დაისჯებიან ადამიანები მთელ სამყაროში, ისინი მთელ მსოფლიოში განსაცდელს განიცდიან.“ აქედან ნათლად ჩანს, რომ შვიდი ბეჭედი თავად გაკიცხვას გულისხმობს ანუ შვიდ ბეჭედში კატასტროფებია დაფარული. ამგვარად, დღეს შვიდი ბეჭედი ჯერ კიდევ არ არის გახსნილი; აქ ნახსენები „განსაცდელები“ წარმოადგენს იმ გაკიცხვას, რომელსაც ადამიანი განიცდის და ამ გაკიცხვის შუაგულში მოპოვებულ იქნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად მიიღებს ღვთის მიერ გაცემულ „მოწმობას“; ამგვარად ისინი იქნებიან ღვთის სასუფევლის მკვიდრნი. ეს არის ღვთის ძეებისა და ხალხის წარმოშობა; მათი ვინაობა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და ისინი მხოლოდ საფუძველს უყრიან მომავალ გამოცდილებას. თუ ვინმეს ჭეშმარიტი სულიერი სიცოცხლე გააჩნია, იგი შეძლებს მტკიცედ დგომას განსაცდელების დროს, ხოლო თუ მას სულიერი სიცოცხლე არ გააჩნია, მაშინ ეს საკმარისად ამტკიცებს, რომ ღვთის საქმეს მასზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რომ ის მღვრიე წყალში იჭერს თევზს და არ ფოკუსირდება ღვთის სიტყვებზე. რადგან ეს არის უკანასკნელი დღეების საქმე, რომელმაც ეს ეპოქა დასასრულამდე უნდა მიიყვანოს ნაცვლად საქმის გაგრძელებისა, ამიტომ ღმერთი ამბობს: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ცხოვრება, რომელიც ადამიანს სამყაროს შექმნიდან დღემდე არასოდეს გამოუცდია და ამიტომაც ვამბობ, რომ მე აღვასრულე საქმე, რომელიც აქამდე არასოდეს შესრულებულა“; ის ასევე ამბობს: „რამეთუ ჩემი დღე უახლოვდება მთელ კაცობრიობას, რამეთუ იგი შორს როდია, არამედ პირდაპირ ადამიანის თვალწინ არის“. წარსულში ღმერთმა პირადად გაანადგურა რამდენიმე ქალაქი, თუმცა არცერთი მათგანი არ აღგვილა პირისაგან მიწისა ისე, როგორც ეს უკანასკნელ ჟამს მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ღმერთმა გაანადგურა სოდომი, დღევანდელ სოდომს ისე არ მოეპყრობიან, როგორც უწინ — ის პირდაპირ არ განადგურდება, არამედ ჯერ დაპყრობილ იქნება და შემდეგ განიკითხება და საბოლოოდ, მარადიულ სასჯელს დაექვემდებარება. ეს არის ამ საქმის ეტაპები; და ბოლოს, დღევანდელი სოდომი აღიგვება პირისაგან მიწისა იმავე წესით, როგორც წარსულში მოხდა სამყაროს განადგურება — ეს არის ღვთის გეგმა. დღე, როდესაც ღმერთი გამოჩინდება, არის დღევანდელი სოდომის ოფიციალური მსჯავრდების დღე; ღვთის გამოჩინება არ ხდება მისი გადარჩენის მიზნით. ამიტომ ღმერთი ამბობს: „მე ვცხადდები წმინდა სასუფეველში და ვემალები უწმინდურ მიწას.“ რადგან დღევანდელი სოდომი არ არის წმინდა, ღმერთი ჭეშმარიტად კი არ ეცხადება მას, არამედ იყენებს ამ საშუალებას მის გასაკიცხად — განა ნათლად არ დაგინახავთ ეს? შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არავის ძალუძს ღვთის ჭეშმარიტი სახის ხილვა. ღმერთი არასოდეს გამოცხადებია ადამიანს და არავინ უწყის, ზეცის რომელ დონეზეა ღმერთი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღევანდელი ადამიანები ამ მდგომარეობაში არიან. მათ რომ ღვთის სახე ეხილათ, ეს უდავოდ იქნებოდა მათი შედეგის გამოაშკარავების ჟამი, როდესაც თითოეული დახარისხდებოდა თავისი გვარისამებრ. დღეს ღვთაებრივი ბუნებიდან მომდინარე სიტყვები უშუალოდ ეცხადება ადამიანებს, რაც წინასწარმეტყველებს, რომ დადგა კაცობრიობის უკანასკნელი დღეები და რომ მათ ბევრი დრო აღარ დარჩათ. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ადამიანთა განსაცდელში მოქცევისა იმ დროს, როდესაც ღმერთი ურიცხვ ერსა და ხალხს ეცხადება. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ტკბებიან ღვთის სიტყვებით, მათ ყოველთვის აქვთ ავბედითი განცდა, თითქოს დიდი უბედურება უნდა დაატყდეთ თავს. დღევანდელი ადამიანები ჰგვანან ბეღურებს გაყინულ მიწაზე, რომლებსაც თითქოს სიკვდილი თხოვს ვალის გადახდას და გადარჩენის არავითარ გზას არ უტოვებს. იმ სიკვდილის ვალის გამო, რომელიც ადამიანს მართებს, ყველა გრძნობს, რომ მათი უკანასკნელი დღეები დადგა. სწორედ ეს ხდება ადამიანთა გულებში მთელ სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ სახეებზე არ ვლინდება, ის, რაც მათ გულებშია, ვერ დაემალება ჩემს თვალს — ეს არის ადამიანის რეალობა. შესაძლოა, ბევრი სიტყვა სრულიად მართებულად არ არის გამოყენებული — თუმცა სწორედ ეს სიტყვებია საკმარისი პრობლემის საჩვენებლად. ღვთის ბაგეთაგან წარმოთქმული თითოეული სიტყვა აღსრულდება, იქნება ეს წარსულისა თუ აწმყოსი; ისინი ფაქტებს წარმოაჩენენ ადამიანთა თვალწინ — რაც ნამდვილი სანახაობა იქნება მათი თვალისთვის — როდესაც ისინი გაოგნდებიან და დაიბნევიან. განა ჯერ კიდევ ვერ დაინახეთ ნათლად, თუ რა ჟამია დღეს?