თავი 28
ადამიანების მდგომარეობა ისეთია, რომ რაც უფრო ნაკლებად ესმით ღვთის სიტყვებისა, მით უფრო სკეპტიკურად უყურებენ ღვთის ამჟამინდელი მოქმედების საშუალებებს. მაგრამ ამას არანაირი გავლენა არ აქვს ღვთის საქმეზე; როდესაც მისი სიტყვები განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევს, ადამიანთა გულები ბუნებრივად შემობრუნდება. თავიანთ ცხოვრებაში ყველა ღვთის სიტყვებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ ასევე უჩნდებათ მისი სიტყვების წყურვილი და, რადგან ღმერთი განუწყვეტლივ ამხელს მათ, თანდათან საკუთარი თავიც სძულდებათ. თუმცა ღმერთმა ასევე წარმოთქვა მრავალი ისეთი სიტყვა, როგორიცაა: „როდესაც ადამიანი სრულად ჩასწვდება ჩემს ყველა სიტყვას, მისი სიმწიფე ჩემს განზრახვებთან შესაბამისობაში მოვა, ხოლო მისი ვედრებები ნაყოფიერი იქნება და არა ამაო ან ფუჭი; მე ვაკურთხებ კაცობრიობის იმ ვედრებებს, რომლებიც გულწრფელია — იმ ვედრებებს, რომლებიც მოჩვენებითი არ არის“. სინამდვილეში, ადამიანებს არ ძალუძთ ღვთის სიტყვების სრულად წვდომა; მათ მხოლოდ ღვთის სიტყვების ზედაპირული გაგება შეუძლიათ. ღმერთი ამ სიტყვებს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ადამიანებს მიზანი დაუსახოს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ, რათა იგრძნონ, რომ ღმერთი არაფერს აკეთებს ზერელედ, არამედ ყველაფერს სერიოზულად ეკიდება; მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ რწმენა, რომელსაც მიესწრაფვიან. და რადგან ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ივედრება და არა ღვთის ნებისთვის, ღმერთი კი არ მერყეობს, მისი სიტყვები ყოველთვის ადამიანის ბუნებისკენ არის მიმართული. მართალია, დღეს ადამიანთა უმეტესობა ივედრება, მაგრამ ისინი გულწრფელები არ არიან — ეს მხოლოდ მოჩვენებაა. ყველა ადამიანის მდგომარეობა ისეთია, რომ „ისინი ჩემს ბაგეებს სიუხვის რქად მიიჩნევენ. ყველას სურს, რაღაც მიიღოს ჩემი ბაგეებიდან, იქნება ეს სახელმწიფო საიდუმლოებები, ზეცის საიდუმლოებანი, სულიერი სამყაროს დინამიკა თუ კაცობრიობის საბოლოო სამყოფელი”. ცნობისმოყვარეობის გამო, ადამიანები მზად არიან, ეს ყველაფერი გამოიკვლიონ, მაგრამ ღვთის სიტყვებიდან სიცოცხლის საზრდოს მიღება არ სურთ. ამიტომ ღმერთი ამბობს: „ადამიანს შინაგანად მეტისმეტად ბევრი რამ აკლია: მას მხოლოდ „საკვები დანამატები“ კი არ სჭირდება, არამედ, ამაზე მეტად, მას „გონებრივი მხარდაჭერა“ და „სულიერი საზრდო“ სჭირდება“. ადამიანთა წარმოდგენებმა გამოიწვია მათი დღევანდელი უარყოფითი მდგომარეობა, ხოლო იმის გამო, რომ მათი ფიზიკური თვალები ზედმეტად „ფეოდალურია“, მათ სიტყვებსა და საქმეებში სიმხნევე არ არის და ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ. განა ეს არ არის ადამიანთა მდგომარეობა? განა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად არ უნდა გამოასწორონ ეს, ნაცვლად იმისა, რომ ისევ ასე განაგრძონ? რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის მომავლის ცოდნას? რატომ იწვევს ღვთის ზოგიერთი სიტყვის წაკითხვა ადამიანებში რეაქციას, მაშინ როცა მისი დანარჩენი სიტყვები მათზე არანაირ გავლენას არ ახდენს? მაგალითად, როდესაც ღმერთი ამბობს: „მე ადამიანს მისი სნეულების სამკურნალო საშუალებას ვაძლევ, რათა უკეთესი შედეგი მივიღო, რათა ყველამ დაიბრუნოს ჯანმრთელობა და, ჩემი სამკურნალო საშუალების წყალობით, ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს“, რატომ ხდება, რომ ეს სიტყვები ადამიანებზე არანაირ გავლენას არ ახდენს? განა ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, არ არის ის, რასაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს? ღმერთს თავისი საქმე აქვს შესასრულებელი — მაშ, რატომ არ აქვთ ადამიანებს გზა, რომელსაც უნდა გაჰყვნენ? განა ეს ღმერთთან წინააღმდეგობაში მოსვლა არ არის? სინამდვილეში, ადამიანებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი — მაგალითად, რამდენად იცნობენ ისინი „დიდ წითელ დრაკონს“, რომლის შესახებაც ნათქვამია: „ნამდვილად გძულთ დიდი წითელი დრაკონი?“ როდესაც ღმერთი ამბობს: „რატომ გკითხეთ ამდენჯერ?“ ამით ჩანს, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იციან დიდი წითელი დრაკონის ბუნება და ჯერაც არ ძალუძთ ამ საკითხში უფრო ღრმად ჩაწვდომა. განა სწორედ ეს არ არის ის საქმე, რომელიც ადამიანმა უნდა გააკეთოს? როგორ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს გასაკეთებელი არაფერი აქვს? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ რა მნიშვნელობა ექნებოდა ღვთის განკაცებას? ნუთუ ღმერთი მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს, იმისთვის, რომ უბრალოდ მოვალეობა მოიხადოს? განა ასე შეიძლება დიდი წითელი დრაკონის დამარცხება?
ღმერთი ამბობს: „მე უკვე დავიწყე და დიდი წითელი დრაკონის სამყოფელში ჩემს გაკიცხვის საწყის საქმეს შევუდგები“. ეს სიტყვები მიმართულია ღვთაებრივ ბუნებაში განხორციელებული საქმისკენ; დღევანდელი ადამიანები უკვე წინასწარ შევიდნენ გაკიცხვაში, და ამიტომ ღმერთი ამბობს, რომ ეს არის საწყისი საქმე. ის ადამიანებს აიძულებს, აიტანონ არა უბედურებებით გაკიცხვა, არამედ სიტყვებით გაკიცხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ, როდესაც ღვთის სიტყვების ტონი იცვლება, ადამიანები სრულიად უმეცარნი ხდებიან, რის შემდეგაც ყველა გაკიცხვაში შედის. გაკიცხვის გავლის შემდეგ, „ოფიციალურად შეასრულებთ თქვენს მოვალეობას და ოფიციალურად მადიდებთ ყველა ქვეყანაში, უკუნითი უკუნისამდე!“ ეს ღვთის საქმის ნაბიჯებია — ასეთია მისი გეგმა. უფრო მეტიც, ეს ღვთის ადამიანები საკუთარი თვალით იხილავენ იმ მეთოდებს, რომლებითაც დიდი წითელი დრაკონი იკიცხება, უბედურებები კი ოფიციალურად მათ გარეთ — მათ გარშემო არსებულ სამყაროში — იწყება. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ღმერთი ადამიანებს იხსნის. შიგნით ისინი გაკიცხვას განიცდიან, გარედან კი უბედურებები ატყდებათ თავს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვები სრულდება. ამგვარად, ადამიანებს ურჩევნიათ, გაკიცხვა განიცადონ, ვიდრე უბედურებას შეეჯახონ, და სწორედ ამის გამო რჩებიან. ერთი მხრივ, ღვთის საქმემ უკვე ამ ნიშნულს მიაღწია; მეორე მხრივ კი, ეს იმისთვის ხდება, რომ ყველა ადამიანმა შეიცნოს ღვთის ხასიათი. ამიტომ ღმერთი ამბობს: „დრო, როდესაც ჩემი ხალხი ჩემით ტკბება, არის დრო, როდესაც დიდი წითელი დრაკონი იკიცხება. იმის გამოწვევა, რომ დიდი წითელი დრაკონის ხალხი მის წინააღმდეგ აღდგეს და აჯანყდეს, ჩემი გეგმაა; ეს არის გზა, რომლითაც ჩემს ხალხს სრულქმნილს გავხდი, და ეს არის დიდებული შესაძლებლობა მთელი ჩემი ხალხისთვის, რომ სიცოცხლეში გაიზარდოს”. რატომ არის, რომ ღმერთი ამ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ისინი მაინც არ იპყრობენ ადამიანთა ყურადღებას?
ყველა ქვეყანა დიდ ქაოსშია, რადგან ღვთის კვერთხმა მიწაზე თავისი ფუნქციის შესრულება დაიწყო. ღვთის საქმე მიწის მდგომარეობიდან ჩანს. როდესაც ღმერთი ამბობს: „წყლები ახმაურდებიან, მთები ჩამოიშლებიან და დიდი მდინარეები გაქრებიან“, ეს არის კვერთხის საწყისი საქმე მიწაზე, რომლის შედეგადაც „დედამიწაზე ყველა ოჯახი დაიშლება და დედამიწის ყველა ქვეყანა გაიხლიჩება; დასრულდება ცოლ-ქმრის შეერთების დღეები, დედა და მისი ვაჟიშვილი ვეღარ შეხვდებიან ერთმანეთს და მამა და მისი ქალიშვილი აღარასოდეს შეიკრიბებიან ერთად. მე დავამსხვრევ მიწაზე დამკვიდრებულ ყველა ძველ წესსა და მდგომარეობას”. ასეთი იქნება მიწაზე ოჯახების საერთო მდგომარეობა. ბუნებრივია, შეუძლებელია, ეს ყველა მათგანის მდგომარეობა იყოს; საერთო სურათი მეტწილად ასეთი იქნება. მეორე მხრივ, ეს ეხება იმ გარემოებებს, რომელთა გავლაც მომავალში ამ ნაკადის ყველა ადამიანს მოუწევს. ეს წინასწარმეტყველებს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი სიტყვების გაკიცხვას გაივლიან და არამორწმუნეები უბედურებებს დაექვემდებარებიან, მიწის ადამიანებს შორის ოჯახური ურთიერთობები აღარ იარსებებს; ყველანი სინიმის ხალხი იქნებიან და ყველანი ღვთის სამეფოს მიუძღვნიან თავს. ამგვარად, დასრულდება ცოლ-ქმრის შეერთების დღეები, დედა და მისი ვაჟიშვილი მეტი ვეღარ შეხვდებიან ერთმანეთს და მამა და მისი ქალიშვილი აღარასოდეს შეიკრიბებიან ერთად. ამიტომ მიწაზე ადამიანთა ოჯახები დაინგრევა და ნაწილებად დაიშლება, და ეს იქნება საბოლოო საქმე, რომელსაც ღმერთი ადამიანზე შეასრულებს. და რადგან ღმერთი ამ საქმეს მთელ სამყაროში გაავრცელებს, ის შესაძლებლობას იყენებს, რათა ადამიანებისთვის სიტყვა „გრძნობების“ მნიშვნელობა განმარტოს, რითაც მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ, რომ ღვთის განზრახვა ყველა ადამიანის ოჯახის დაშლაა, და უჩვენებს, რომ ღმერთი გაკიცხვას კაცობრიობის ყველა „ოჯახური დავის“ გადასაჭრელად იყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მიწაზე ღვთის საქმის საბოლოო ნაწილის დასრულება. ღვთის სიტყვების საბოლოო ნაწილი აშიშვლებს კაცობრიობის უდიდეს სისუსტეს — ისინი ყველანი გრძნობებით ცხოვრობენ — ამიტომ ღმერთი არც ერთ მათგანს არ ერიდება და მთელი კაცობრიობის გულებში დამალულ საიდუმლოებებს ამხელს. რატომ უჭირთ ადამიანებს ასე ძალიან გრძნობების მოშორება? აღემატება თუ არა ამის გაკეთება სინდისის მოთხოვნებს? შეუძლია თუ არა სინდისს ღვთის ნების შესრულება? შეუძლია თუ არა გრძნობებს, ადამიანებს გაჭირვების გადალახვაში დაეხმაროს? ღვთის თვალში გრძნობები მისი მტერია — განა ეს ნათლად არ არის ნათქვამი ღვთის სიტყვებში?