თავი 27

დღეს ღვთის სიტყვამ თავის მწვერვალს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსჯავროს ეპოქის მეორე ნაწილმა პიკს მიაღწია. მაგრამ ეს არ არის უმაღლესი მწვერვალი. ამ დროს ღვთის ტონი შეიცვალა — ის აღარ არის არც სარკასტული და არც იუმორისტული, არც დამსჯელი და არც დამტუქსველი; ღმერთმა შეამსუბუქა თავისი სიტყვების ტონი. ახლა ღმერთი იწყებს ადამიანთან „წარსულის გრძნობების გაზიარებას“. ღმერთი აგრძელებს სამსჯავროს ეპოქის საქმეს და ამავდროულად ხსნის გზას საქმის შემდეგი ნაწილისთვის, რათა მისი საქმის ყველა ნაწილი ერთმანეთთან იყოს გადაჯაჭვული. ერთი მხრივ, იგი საუბრობს ადამიანის „სიჯიუტესა და ცოდვაში დაბრუნების“ შესახებ, ხოლო მეორე მხრივ კი ამბობს: „მე განვიცდი მწუხარებას, სიხარულს, განშორებასა და შეხვედრებს ადამიანთან“ — ყოველივე ეს იწვევს გამოხმაურებას ადამიანთა გულებში და ატოკებს ადამიანის ყველაზე მეტად გაქვავებულ გულსაც კი. ამ სიტყვების თქმისას ღვთის მიზანი უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ სულ ბოლოს ყოველი ადამიანი უხმოდ დაემხოს ღვთის წინაშე, და მხოლოდ ამის შემდეგ: „ვააშკარავებ ჩემს ქმედებებს, რათა ყველამ საკუთარი მარცხის ფასად შემიცნოს“. ამ პერიოდში ადამიანების ცოდნა ღვთის შესახებ სრულიად ზედაპირული რჩება; ეს არ არის ჭეშმარიტი ცოდნა. თუმცა ისინი მთელი ძალისხმევით ცდილობენ, მაგრამ არ შეუძლიათ ღვთის განზრახვების დაკმაყოფილება. დღეს ღვთის სიტყვამ თავის ზენიტს მიაღწია, მაგრამ ადამიანები კვლავ ადრეულ ეტაპებზე რჩებიან და ამიტომ არ შეუძლიათ მის ამჟამინდელ სიტყვებში შევიდნენ — ეს აჩვენებს, რომ ღმერთი და ადამიანი უკიდურესად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ შედარების საფუძველზე, როდესაც ღვთის სიტყვები დასრულდება, ადამიანები შეძლებენ მხოლოდ ღვთის ყველაზე დაბალი სტანდარტების მიღწევას. ეს არის გზა, რომლითაც ღმერთი მოქმედებს ამ ადამიანებზე, რომლებიც სრულიად გახრწნა დიდმა წითელმა დრაკონმა, და ღმერთმა ასე უნდა იმოქმედოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეკლესიების წევრები ცოტა მეტ ყურადღებას აქცევენ ღვთის სიტყვებს, მაგრამ ღვთის განზრახვა ის არის, რომ მათ შეიცნონ ღმერთი მის სიტყვებში — განა არ არის აქ განსხვავება? თუმცა, როგორც ახლაა საქმე, ღმერთი აღარ ითვალისწინებს ადამიანის სისუსტეს და აგრძელებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ ადამიანებს მისი სიტყვების მიღება თუ არა. მისი განზრახვის შესაბამისად, როდესაც მისი სიტყვები დასრულდება, ეს იქნება დრო, როდესაც დასრულდება მისი საქმე დედამიწაზე. მაგრამ ამჟამინდელი საქმე განსხვავდება წარსულისგან. როდესაც ღვთის გამონათქვამები დასრულდება, არავის ეცოდინება; როდესაც ღვთის საქმე დასრულდება, არავის ეცოდინება; და როდესაც ღვთის სახე შეიცვლება, არავის ეცოდინება. ასეთია ღვთის სიბრძნე. რათა თავიდან აიცილოს სატანის ყოველი ბრალდება და მტრის ძალების მხრიდან ყოველი ხელის შეშლა, ღმერთი მოქმედებს ისე, რომ არავინ იცის, და ამ დროს დედამიწაზე ადამიანებს შორის არანაირი რეაქცია არ არის. თუმცა ღვთის ფერისცვალების ნიშნებზე ერთ დროს ითქვა, არავის შეუძლია მისი აღქმა, რადგან ადამიანმა დაივიწყა და ყურადღებას არ აქცევს მას. შიდა და გარე თავდასხმების — გარე სამყაროს კატასტროფებისა და ღვთის სიტყვების მწველი და გამწმენდი ძალის გამო, ადამიანებს აღარ სურთ ღვთისთვის შრომა, რადგან ზედმეტად დაკავებულნი არიან საკუთარი საქმეებით. როდესაც ყველა ადამიანი მივა იქამდე, რომ უარყოს წარსულის ცოდნა და სწრაფვა, როდესაც ყველა ადამიანი ნათლად დაინახავს საკუთარ თავს, მაშინ ისინი განიცდიან მარცხს და მათ საკუთარ „მეს“ აღარ ექნება ადგილი მათ გულებში. მხოლოდ მაშინ მოსწყურდებათ ადამიანებს გულწრფელად ღვთის სიტყვები, მხოლოდ მაშინ ექნება ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტად ადგილი მათ გულებში და მხოლოდ მაშინ გახდება ღვთის სიტყვები მათი არსებობის საფუძველი — ამ მომენტში ღვთის განზრახვები დაკმაყოფილდება. მაგრამ დღევანდელი ადამიანები ძალიან შორს არიან ამ წერტილის მიღწევისგან. ზოგიერთი მათგანი ძლივს დაიძრა ადგილიდან და ამიტომ ღმერთი ამბობს, რომ ეს არის „ცოდვებში დაბრუნება“.

ღვთის ყველა სიტყვა ბევრ კითხვას შეიცავს. რატომ სვამს ღმერთი გამუდმებით ასეთ კითხვებს? „რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მოინანიონ და განახლდნენ? რატომ სურთ მათ სამუდამოდ ჭაობში ცხოვრება და არა მშრალ ადგილას? ...“ წარსულში ღმერთი მოქმედებდა უშუალოდ მითითების ან პირდაპირი მხილების საშუალებით. მას შემდეგ კი, რაც ადამიანებმა უდიდესი ტრავმა განიცადეს, ღმერთი აღარ ლაპარაკობდა ასეთი პირდაპირი გზით. ამ კითხვებში ადამიანები ხედავენ საკუთარ ნაკლოვანებებს და ასევე პოულობენ პრაქტიკის გზას. რადგან ყველას უყვარს იმის მიღება, რაც მზა სახითაა ხელმისაწვდომი, ღმერთი საუბრობს მათი მოთხოვნების შესაბამისად და აძლევს თემებს დასაფიქრებლად, რათა მათ იფიქრონ ამაზე. ეს არის ღვთის კითხვების მნიშვნელობის ერთი ასპექტი. ბუნებრივია, ეს არ არის მისი ზოგიერთი სხვა კითხვის მნიშვნელობა, მაგალითად: ნუთუ ცუდად ვეპყრობოდი მათ? ნუთუ არასწორი მიმართულება ვუჩვენე? ნუთუ ჯოჯოხეთისკენ მიმყავს? ასეთი კითხვები მიუთითებს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანთა გულების სიღრმეშია ჩაბუდებული. თუმცა მათი ბაგეები არაფერს ამბობს, უმეტესობის გულში ეჭვია და მათ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები მათ წარმოაჩენს როგორც სრულიად ყოველგვარი ღირსების არმქონეთ. ბუნებრივია, ასეთი ადამიანები არ იცნობენ საკუთარ თავს, მაგრამ საბოლოოდ ისინი აღიარებენ მარცხს ღვთის სიტყვების წინაშე — ეს გარდაუვალია. ამ კითხვების შემდეგ ღმერთი ასევე ამბობს: „განზრახული მაქვს თითოეული ერი ნამსხვრევებად ვაქციო, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის ოჯახზე“. როდესაც ადამიანები მიიღებენ ღვთის სახელს, ამის შედეგად თითოეული ერი შეზანზარდება, ადამიანების აზროვნება თანდათან შეიცვლება და ოჯახებში მამასა და ვაჟს, დედასა და ქალიშვილს, ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობები არსებობას შეწყვეტს. უფრო მეტიც, ოჯახებში ადამიანებს შორის ურთიერთობები სულ უფრო მეტად გაუცხოვდება; ისინი შეუერთდებიან დიდ ოჯახს და თითქმის ყველა ოჯახის ცხოვრების ჩვეული წესები დაირღვევა. ამის გამო „ოჯახის“ ცნება ადამიანთა გულებში სულ უფრო ბუნდოვანი გახდება.

რატომ დაეთმო დღევანდელ ღვთის სიტყვებში ამდენი ადგილი ადამიანებთან „წარსულის გრძნობების გაზიარებას“? ბუნებრივია, ესეც გარკვეული შედეგის მისაღწევადაა, საიდანაც ჩანს, რომ ღვთის გული სავსეა შფოთვით. ღმერთი ამბობს: „როდესაც მე ვარ სევდიანი, ვის შეუძლია მანუგეშოს მთელი გულით?“ ღმერთი ამ სიტყვებს ამბობს, რადგან მისი გული მწუხარებითაა მოცული. ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთის განზრახვების სრულად გათვალისწინება, ისინი ყოველთვის გარყვნილნი არიან, არ შეუძლიათ თავის შეკავება და აკეთებენ იმას, რაც სურთ; ისინი ძალიან მდაბალნი არიან, ყოველთვის პატიობენ საკუთარ თავს და არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს; ადამიანები დღემდე გახრწნილნი არიან სატანის მიერ და არ შეუძლიათ განთავისუფლება. ღმერთი ამ ყველაფრის გამო ამბობს: „როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ მტაცებელი მგლის ხახას? როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ მის მუქარებსა და ცდუნებებს?“ ადამიანები ცხოვრობენ ხორცში, რაც ნიშნავს მტაცებელი მგლის ხახაში ცხოვრებას. ამის გამო, და რადგან ადამიანებს არ აქვთ თვითშემეცნება, ყოველთვის ანებივრებენ საკუთარ თავს და ხარბად ეძლევიან თავაშვებულობას, ღმერთი ვერ ახერხებს თავი აარიდოს შფოთვას. რაც უფრო მეტად ახსენებს ღმერთი ადამიანებს ამას, მით უკეთ გრძნობენ ისინი თავს გულებში და მით მეტად უჩნდებათ ღმერთთან ურთიერთობის სურვილი. მხოლოდ მაშინ დაამყარებენ ადამიანი და ღმერთი ჰარმონიულ ურთიერთობას ერთმანეთთან, ყოველგვარი დაყოფისა თუ მათ შორის მანძილის გარეშე. დღეს მთელი კაცობრიობა ელოდება ღვთის დღის დადგომას და ამიტომ კაცობრიობა წინ არასოდეს წასულა. თუმცა ღმერთი ამბობს: „როდესაც სამართლიანობის მზე გამოჩნდება, აღმოსავლეთი განათდება, შემდეგ კი, თავის მხრივ, გაანათებს მთელ სამყაროს და ყველას მისწვდება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთი შეიცვლის თავის სახეს, ჯერ აღმოსავლეთი განათდება და პირველად აღმოსავლეთის ქვეყანა ჩანაცვლდება, რის შემდეგაც დარჩენილი ქვეყნები განახლდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ეს არის თანმიმდევრობა და ყველაფერი მოხდება ღვთის სიტყვების შესაბამისად. როდესაც ეს ეტაპი დასრულდება, ყველა ადამიანი დაინახავს. სწორედ ამ თანმიმდევრობით მოქმედებს ღმერთი. როდესაც იხილავენ ამ დღეს, ადამიანები უზომოდ გაიხარებენ. ღვთის გადაუდებელი განზრახვიდან ჩანს, რომ ეს დღე შორს არ არის.

დღეს აქ წარმოთქმულ სიტყვებში მეორე და მესამე ნაწილები აიძულებს ყველას, ვისაც უყვარს ღმერთი, მთელი გულით იტიროს. მათი გულები დაუყოვნებლივ იბურება ჩრდილით და მას შემდეგ ყველა ადამიანის გული ივსება უდიდესი მწუხარებით ღვთის გულის გამო. ისინი ვერანაირ შვებას ვერ იგრძნობენ მანამ, სანამ ღმერთი არ დაასრულებს თავის საქმეს დედამიწაზე. ეს არის ზოგადი ტენდენცია. „ჩემს გულში მრისხანება აღინთება, რასაც თან ახლავს მწუხარების მოზღვავებული გრძნობა. როდესაც ჩემი თვალები ხედავს ადამიანთა საქმეებს და მათ ყოველ სიტყვასა და მოქმედებას როგორც ბინძურს, ჩემი მრისხანება მატულობს და ჩემს გულში უფრო მეტად იგრძნობა ადამიანთა სამყაროს უსამართლობა, რაც უფრო მეტად მამწუხრებს; მსურს, დაუყოვნებლივ დავასრულო ადამიანის ხორციელი ყოფა. არ ვიცი, რატომ არ შეუძლია ადამიანს გაიწმინდოს ხორცში, რატომ არ შეუძლია ადამიანს უყვარდეს საკუთარი თავი ხორცში. ნუთუ ხორცის „ფუნქცია“ ასე დიდია?“ ღვთის დღევანდელ სიტყვებში ღმერთმა საჯაროდ გაუმჟღავნა ადამიანს გულში არსებული მთელი შფოთვა, ისე რომ არაფერი დაუმალავს. როდესაც მესამე ცის ანგელოზები უკრავენ მუსიკას მისთვის, ღმერთი კვლავაც მიჯაჭვული რჩება დედამიწაზე მყოფ ადამიანებზე და სწორედ ამის გამო ამბობს: „როდესაც ანგელოზები მუსიკას უკრავენ ჩემს სადიდებლად, ეს უცილობლად აღძრავს ჩემს თანაგრძნობას ადამიანის მიმართ. ჩემი გული მყისიერად ივსება მწუხარებით და შეუძლებელია ამ მტკივნეული ემოციისგან თავის დაღწევა“. სწორედ ამ მიზეზით ამბობს ღმერთი სიტყვებს: „მე გამოვასწორებ უსამართლობას ადამიანთა სამყაროში. ჩემივე ხელით შევასრულებ ჩემს საქმეს მთელ დედამიწაზე, ავუკრძალავ სატანას ჩემი ხალხის კვლავ სასტიკად დაზიანებას, ავუკრძალავ მტრებს კვლავ თვითნებურად და დაუდევრად მოქმედებას. მე გავხდები მეფე დედამიწაზე და იქ გადავიტან ჩემს ტახტს, ვაიძულებ ყველა ჩემს მტერს, ჩემ წინაშე დაემხოს და აღიაროს ცოდვები.“ ღვთის მწუხარებით იზრდება მისი სიძულვილი ეშმაკების მიმართ და ამიტომ ის წინასწარ უმჟღავნებს მასებს ეშმაკების აღსასრულს. ეს არის ღვთის საქმე. ღმერთს ყოველთვის სურდა, კვლავ გაერთიანებულიყო თავის ხალხთან და დაესრულებინა ძველი ეპოქა. მთელი სამყაროს ადამიანები იწყებენ მოძრაობას — ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ყველა ადამიანი შედის ღვთის გაძღოლაში. ამის შედეგად მათი აზრები მიემართება საკუთარი იმპერატორების წინააღმდეგ აჯანყებისკენ. მალე მსოფლიოს ხალხი ქაოსში ჩაეფლობა და ყველა ქვეყნის მეთაური ყველა მიმართულებით გაიქცევა, საბოლოოდ კი საკუთარი ხალხის მიერ გილიოტინაზე იქნება მიყვანილი. ეს არის ეშმაკთა მეფეების საბოლოო ხვედრი; საბოლოოდ, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს თავის დაღწევას და ყველამ უნდა გაიაროს ეს. დღეს მათ, ვინც „გონიერია“, უკან დახევა დაიწყეს. რადგან ხედავენ, რომ მდგომარეობა იმედისმომცემი არ არის, ისინი იყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა უკან დაიხიონ და თავი დააღწიონ კატასტროფის ჟამს. მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, საქმე, რომელსაც ღმერთი უკანასკნელ დღეებში აკეთებს, ძირითადად ადამიანის გაკიცხვაა, ასე რომ, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები თავის დაღწევას? დღევანდელი დღე პირველი ნაბიჯია. დადგება დღე, როდესაც სამყაროში ყველაფერი ომის ქარცეცხლში ჩაებმება; დედამიწაზე ადამიანებს აღარასოდეს ეყოლებათ წინამძღოლები, მთელი მსოფლიო გაფანტულ ქვიშას დაემსგავსება, რომელსაც არავინ მართავს, ადამიანები კი მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე იზრუნებენ და სხვას ყურადღებას აღარავინ მიაქცევს. რადგან ყველაფერი ღვთის ხელითაა მართული, ღმერთი ამბობს: „მთელი კაცობრიობა ჩემი განზრახვების შესაბამისად ანაწილებს სხვადასხვა ერს“. ანგელოზთა საყვირების ხმა, რომელზეც ღმერთი ახლა საუბრობს, არის ნიშანი — ეს არის განგაშის ზარის შემოკვრა ადამიანისთვის, ხოლო როდესაც საყვირები კვლავ აჟღერდება, მსოფლიოს უკანასკნელი დღე დადგება. იმ დროს ღვთის მთელი გაკიცხვა მოევლინება დედამიწას, მცირედი გადაცდომის გარეშე; ეს იქნება უგულო სასჯელი და გაკიცხვის ეპოქის ოფიციალური დასაწყისი. ისრაელიტებს შორის ხშირად გაისმება ღვთის ხმა, რათა გაუძღვეს სხვადასხვა გარემოში და ანგელოზებიც ასევე გამოეცხადებიან. ისრაელიტები სულ რამდენიმე თვეში სრულყოფილნი გახდებიან და რადგან მათ არ მოუწევთ დიდი წითელი დრაკონის შხამისგან განწმენდის ეტაპის გავლა, მათთვის ადვილი იქნება სხვადასხვა სახის გაძღოლით სწორ გზაზე დადგომა. ისრაელში მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს მთელი სამყაროს მდგომარეობა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფია ღვთის საქმის ნაბიჯები. „დადგა დრო! მოძრაობაში მოვიყვან ჩემს საქმეს, ვიმეფებ ადამიანთა შორის!“ წარსულში ღმერთი მხოლოდ ზეცაში მეფობდა. დღეს ის დედამიწაზე მეფობს; ღმერთმა დაიბრუნა თავისი მთელი ძალაუფლება და ამიტომ ნაწინასწარმეტყველებია, რომ მთელი კაცობრიობა აღარასოდეს იცხოვრებს ნორმალური ადამიანური ცხოვრებით, რადგან ღმერთი ხელახლა მოაწესრიგებს ცასა და დედამიწას და არცერთ ადამიანს არ აქვს ნება ჩაერიოს. ამგვარად, ღმერთი ხშირად ახსენებს ადამიანს, რომ „დადგა დრო“. როდესაც ისრაელიტები ყველანი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან, იმ დღეს, როდესაც ისრაელის ქვეყანა მთლიანად აღდგება, ღვთის დიდი საქმე დასრულდება. ისე, რომ ვერავინ მიხვდება, სამყაროში ყველა ადამიანი აჯანყდება და მთელ სამყაროში ყველა ერი ცის ვარსკვლავებივით ჩამოცვივდება; წამიერად ნანგრევებად იქცევა. მათთან გამკლავების შემდეგ, ღმერთი ააშენებს თავის საოცნებო სამეფოს.

წინა: თავი 24 და თავი 25

შემდეგი: თავი 28

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება