ღვთის რწმენაში მთავარი რეალობაა და არა რელიგიური რიტუალების აღსრულება
რამდენ რელიგიურ პრაქტიკას იცავ? რამდენჯერ გადაგიხვევია ღვთის სიტყვისგან და საკუთარი გზით წასულხარ? რამდენჯერ შეგისრულებია ღვთის სიტყვა ცხოვრებაში, რადგან მის ტვირთს ჭეშმარიტად იზიარებ და მისი განზრახვის დაკმაყოფილებას ცდილობ? ღვთის სიტყვა უნდა გესმოდეს და ამის შესაბამისად გამოიყენო პრაქტიკაში. ყველა შენს ქმედებასა და საქმეში პრინციპული უნდა იყო, თუმცა ეს წესების მოჩვენებითად დაცვას ან ძალდატანებით ქცევას არ ნიშნავს, არამედ, პირიქით — ჭეშმარიტების განხორციელებასა და ღვთის სიტყვით ცხოვრებას. მხოლოდ ასეთი პრაქტიკა აკმაყოფილებს ღმერთს. ღვთის გულის მომგები ნებისმიერი ქმედება წესი კი არა, ჭეშმარიტების განხორციელებაა. ზოგს ყურადღების მიპყრობა უყვარს — ძმებისა და დების თანდასწრებით ამბობენ, რომ ღვთის მოვალენი არიან, მაგრამ მათ ზურგს უკან ჭეშმარიტებას არ ასრულებენ და სრულიად სხვაგვარად იქცევიან. განა ეს რელიგიური ფარისევლობა არ არის? ღვთის მოყვარული და ჭეშმარიტების მატარებელი ადამიანი არის ის, ვინც ღვთის ერთგულია, მაგრამ არა სხვების საჩვენებლად. ასეთი ადამიანი რთულ სიტუაციაში ჭეშმარიტებას მიჰყვება და საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არც სიტყვით მიდის, არც საქმით. ამ ტიპის ადამიანი სიბრძნეს ავლენს პრობლემების გადაჭრისას და პრინციპულია, გარემოებებისდა მიუხედავად. ამ ტიპის ადამიანს ჭეშმარიტი მსახურება შეუძლია. ისეთებიც არიან, რომელნიც მუდამ ღვთისადმი მოვალეობაზე ღაღადებენ, წარბშეკრულნი დღეებს შეშფოთებაში ატარებენ, შეწუხებული იერით დაიარებიან და თავს საწყლად ასაღებენ. რა ამაზრზენია! ასეთს რომ ჰკითხო: „მითხარი, ღვთისადმი რა ვალში ხარ?“, ენა დაუმუნჯდება. ღვთის ერთგული თუ ხარ, ნუ იყვირებ ამის შესახებ; ნაცვლად ამისა, შენი ღვთისადმი სიყვარული რეალური პრაქტიკით გამოხატე და ჭეშმარიტი გულით ილოცე. ის, ვინც ღმერთთან მხოლოდ სიტყვიერად და ზედაპირულად ურთიერთობს, თვალთმაქცია! ზოგი ყოველ ლოცვაზე ღვთისადმი მოვალეობაზე საუბრობს და ყოველი ლოცვისას ქვითინებს, სულიწმიდის ყოველგვარი შთაგონების გარეშეც. ასეთი ხალხი რელიგიური რიტუალებითა და წარმოდგენებითაა შეპყრობილი; რიტუალებითა და წარმოდგენებით ცხოვრობს, და სჯერა, რომ ღმერთს ეს სიამოვნებს და ზედაპირული ღვთისმოსაობა ან მწუხარების ცრემლები მოსწონს. რისი მომტანია ასეთი უაზრო ხალხი? თავმდაბლობის საჩვენებლად ზოგი სხვების თანდასწრებით თავაზიანად საუბრობს, ზოგიც სხვების თანდასწრებით განზრახ ქედმოხრილია — იქცევა, როგორც უღონო კრავი. განა ეს სასუფევლის ხალხს შეეფერება? სასუფევლის ხალხი ცოცხალი და თავისუფალი უნდა იყოს, უმანკო და ღია, პატიოსანი და მოსიყვარულე, და თავისუფალ ყოფაში ცხოვრობდეს. ისინი უნდა იყვნენ მრთელნი და ღირსეულნი და მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში, სადაც არ უნდა წავიდნენ. ასეთი ხალხი ღმერთსაც უყვარს, და ადამიანსაც. რწმენაში ახალბედებს ზედმეტად ბევრი გარეგნული ქცევა ახასიათებთ; მათ ჯერ გასხვლისა და გატეხვის პერიოდი აქვთ გასავლელი. ღვთის მიმართ ღრმად მორწმუნე გარეგნულად სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მისი ქცევა და საქმენი საქებარია. მხოლოდ ასეთებს თუ ჩავთვლით ღვთის სიტყვაში მაცხოვრებლებად. თუ ხალხთან ყოველდღე სახარებას ქადაგებ, რომ ხსნასთან მიიყვანო, თუმცა ბოლოს მაინც წესებითა და დოქტრინებით ცხოვრობ, მაშინ ღმერთის განდიდებას ვერ შეძლებ. ასეთები რელიგიურებიც არიან და თვალთმაქცებიც. როდესაც ასეთი რელიგიური ხალხი იკრიბება, კითხულობენ: „დაო, ამ ბოლო დროს როგორ ხარ?“ მან შესაძლოა უპასუხოს: „ვგრძნობ, რომ ღვთის ვალში ვარ და მის განზრახვებს ვერ ვასრულებ“. სხვამაც შეიძლება მიუგოს: „მეც ღვთის მოვალე ვარ და მისი კმაყოფილებისთვის საკმარისს ვერ ვაკეთებ“. ამ რამდენიმე წინადადებასა და სიტყვაშიც კი ჩანს მათში გაჟღენთილი სისაძაგლე. ასეთი სიტყვები მეტად ამაზრზენი და საზიზღარია. ასეთი ადამიანების ბუნება ღმერთს ეწინააღმდეგება. რეალობაზე კონცენტრირებული ადამიანი ღიაა თავისი გულისნადების გაზიარებისას. ის სიყალბეში არ ერთვება — არც ცრუ ზრდილობას იჩენს და არც ცარიელ თავაზიანობას. ის ყოველთვის პირდაპირია და საერო წესებს არ იცავს. ზოგი ადამიანი სრულ უგუნურობამდე იღრწვის გარეგნული გამოვლინებისკენ. ვინმე თუ მღერის, ის ცეკვავს, ვერც კი ამჩნევს, რომ ქვაბში ბრინჯი მიეწვა. ასეთები არც ღვთისმოსაობით გამოირჩევიან, არც პატიოსნებით, არამედ — მეტისმეტი თავქარიანობით. ეს ყველაფერი რეალობის ნაკლებობის გამოვლინებაა. ზოგიერთი ადამიანი სულიერი ცხოვრების საკითხებზე ბჭობისას არ ამბობს, რომ ღვთის მოვალეა, თუმცა მის მიმართ ჭეშმარიტ სიყვარულს მაინც ინარჩუნებს. ღვთისადმი შენს მოვალეობის გრძნობას სხვებთან საერთო არაფერი აქვს; შენ ღვთისადმი ხარ ვალში და არა კაცობრიობის წინაშე. ამაზე გამუდმებით სხვებთან საუბარს რა აზრი აქვს? შენ რეალობაში შესვლას უნდა ანიჭებდე მნიშვნელობას და არა — რაიმე გარეგნულ გამოვლინებას თუ პათოსს. რას წარმოადგენს ადამიანის ზედაპირული კეთილი ქცევა? ის წარმოადგენს ხორცს; საუკეთესო გარეგნული ქცევაც კი არ ასახავს ცხოვრებას, არამედ მხოლოდ შენი ინდივიდუალური ტემპერამენტის ჩვენება შეუძლია. კაცობრიობის გარეგანი ქცევა ვერ აკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. შენ გამუდმებით საუბრობ ღვთისადმი მოვალეობაზე, თუმცა სხვების ცხოვრებას ვერაფერს სძენ და ვერც მათ გულებში ღვთის სიყვარულს სთეს. გჯერა, რომ შენი ეს ქცევა ღმერთს აკმაყოფილებს? გრძნობ, რომ შენი ეს ქცევა ღვთის განზრახვაა და რომ შენი ქმედებები სულიერია, თუმცა სინამდვილეში — აბსურდულია! შენ გჯერა, რომ, რაც გსიამოვნებს და რის გაკეთებაც გსურს, ზუსტად ისაა, რაც ღმერთს ახარებს. შეიძლება შენი მოწონებები ღმერთს წარმოადგენდეს? შეიძლება ადამიანის ხასიათი ღმერთს წარმოადგენდეს? რაც გსიამოვნებს, ზუსტად ისაა, რაც ღმერთს სძულს და შენი ჩვევები ისაა, რასაც ღმერთი უარყოფს. თუ მოვალეობას გრძნობ, მიდი და ღმერთის წინაშე ილოცე; სხვებთან ამაზე საუბარი საჭირო არაა. თუ ღმერთის წინაშე არ ლოცულობ და, ნაცვლად ამისა, განუწყვეტლივ სხვების ყურადღებას იპყრობ, ეს ღვთის განზრახვებს დააკმაყოფილებს? თუ შენი ქმედება ყოველთვის მხოლოდ გარეგნულია, ესე იგი, უკიდურესად პატივმოყვარე ყოფილხარ. რა ხალხია ის, ვინც მხოლოდ ზედაპირულად იქცევა კეთილად და რეალობისგან შორსაა? უბრალოდ, თვალთმაქცი ფარისევლები და რელიგიური ფიგურები არიან! თუ გარეგნულ ქცევებს არ მოიშორებთ და ვერ შეიცვლებით, თქვენში თვალთმაქცობა კიდევ უფრო იმატებს. რაც მეტია თვალთმაქცობა, მით მეტია ღვთის მიმართ წინააღმდეგობა. საბოლოდ, ასეთი ხალხი აუცილებლად განადგურდება!