დააღწიე თავი ბნელეთის გავლენას და იქნები ღვთის მიერ მოპოვებული
რა არის ბნელეთის გავლენა? ეგრეთ წოდებული „ბნელეთის გავლენა“ არის სატანის მიერ ადამიანების შეცდომაში შეყვანის, გახრწნის, შებოჭვისა და კონტროლის გავლენა; სატანის გავლენა არის გავლენა, რომელსაც სიკვდილის აურა ახლავს თან. ყველა, ვინც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობს, დასაღუპავად არის განწირული. როგორ შეგიძლია დააღწიო თავი ბნელეთის გავლენას მას შემდეგ, რაც ღმერთს ირწმუნებ? როდესაც გულწრფელად ილოცებ ღვთის მიმართ, შენი გული მთლიანად მისკენ მიიქცევა. ამ დროს შენი გული ღვთის სულისგან შეტოკდება და მოგიცავს სურვილი, სრულად მიუძღვნა მას თავი. და სწორედ ამ მომენტში, თავს დააღწევ ბნელეთის გავლენას. თუ ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, ღვთის გულს ახარებს და მის მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ღვთის სიტყვებში, მისი მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრობენ. თუ ადამიანები ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში ვერ იყენებენ, თუ ისინი ყოველთვის მას ზედაპირულად ეპყრობიან და არ სწამთ მისი არსებობის, მაშინ ისინი ყველა ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი, ვინც ღვთის მიერ არ არიან გადარჩენილნი, ყველანი სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ; ანუ ისინი ყველანი ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობენ. ისინი, ვისაც არ სწამთ ღმერთი, სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ. ისინიც კი, ვისაც სწამთ ღვთის არსებობა, მის ნათელში აუცილებლად როდი იცხოვრებენ, რადგან ისინი, ვისაც მისი სწამთ, მის სიტყვებში აუცილებლად როდი ცხოვრობენ ან როდი შეუძლიათ დაემორჩილონ მას. ადამიანი მხოლოდ ღვთის რწმენით შემოიფარგლება, და რადგან არ ფლობს ცოდნას ღვთის შესახებ, ის კვლავაც ძველი წესებით ცხოვრობს, მკვდარი სიტყვებით ცხოვრობს, და ეწევა ბნელ და ბუნდოვან ცხოვრებას – არც სრულად არის განწმენდილი ღმერთის მიერ და არც სრულად მოპოვებული მის მიერ. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ისინი, ვისაც არ სწამთ ღმერთი, ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობენ. ის ადამიანებიც, რომლებსაც ნამდვილად სწამთ ღვთის არსებობა, შესაძლოა მაინც ამ გავლენის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ მიუღიათ სულიწმიდის საქმე. ისინი, ვინც მოკლებულნი არიან ღვთის მადლსა და წყალობას, სულიწმიდის საქმის მიმართულებას ვერ ხედავენ. ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, მოქმედებს თუ არა მათში სულიწმიდა, ყველანი ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობენ. და უმეტესწილად, ეს იმ ადამიანებსაც ეხება, რომლებიც მხოლოდ ღვთის მადლით ტკბებიან, თუმცა მას არ იცნობენ. თუ ადამიანს სწამს ღმერთი, მაგრამ თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბნელეთის გავლენის ქვეშ ატარებს, მაშინ მის არსებობას აზრი ეკარგება – მაშ, რაღა საჭიროა იმ ადამიანების ხსენება, რომლებსაც ღმერთის არსებობა არ სწამთ?
ყველა, ვინც ვერ იღებს ღვთის საქმეს, ან ვინც იღებს ღვთის საქმეს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ხალხია. მხოლოდ ისინი, ვინც ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და შეუძლიათ ღვთის მოთხოვნების შესრულება, არიან ღვთის მიერ კურთხეულნი და მხოლოდ მათ დააღწიეს თავი ბნელეთის გავლენას. ისინი, ვინც ვერ გრძნობენ თავს გათავისუფლებულად, მუდამ შებოჭილნი არიან გარკვეული საქმეებით და არ შეუძლიათ საკუთარი გულის ღვთისთვის მიძღვნა, სატანის ბორკილებში მყოფი ადამიანები არიან, რომლებიც სიკვდილის აურაში ცხოვრობენ. ისინი, ვინც არ იჩენენ ერთგულებას იმ მოვალეობების მიმართ, რომლებიც ვალდებული არიან შეასრულონ, ვინც არ იჩენენ ერთგულებას ღვთის დავალების მიმართ და ვინც ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს ეკლესიაში, ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი, ვინც განზრახ იწვევენ არეულობას ეკლესიის ცხოვრებაში, ვინც მიზანმიმართულად თესავენ განხეთქილებას საკუთარ ძმებსა და დებს შორის ან ქმნიან დაჯგუფებებს მით უმეტეს არიან ადამიანები, რომლებიც ბნელეთის გავლენის ქვეშ და სატანის ბორკილებში ცხოვრობენ. მათ, ვისაც ღმერთთან ანომალიური ურთიერთობა აქვთ, ვისაც მუდამ მოჭარბებული სურვილები ამოძრავებთ, ვისაც მუდამ უპირატესობის მოპოვება სურთ და ვისაც უბრალოდ არ აქვს სურვილი ხასიათის შეცვლისაკენ მიისწრაფოდეს ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი, ვინც მუდამ დაუდევარია და სერიოზულად არასდროს ეკიდება ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და არ ცდილობს ღვთის განზრახვების შესრულებას, ვინც მხოლოდ საკუთარი ხორცის დაკმაყოფილებას მისდევს, ასევე ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები, სიკვდილით მოცული ადამიანები არიან. ისინი, ვინც ღვთისთვის მუშაობისას სიმრუდესა და მზაკვრობას მიმართავს, ვინც ღმერთს ზედაპირულად ეპყრობა, ვინც ატყუებს ღმერთს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის აწყობს გეგმებს, ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან. ყველა, ვისაც არ შეუძლია ღვთის სიყვარული პატიოსანი გულით, არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და არ ამახვილებს ყურადღებას საკუთარი ხასიათის შეცვლაზე, ისინი ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან.
თუ გსურს ღვთის მოწონება დაიმსახურო, მაშინ პირველ რიგში თავი უნდა დააღწიო სატანის ბნელ გავლენას, გაუხსნა ღმერთს შენი გული და მთლიანად მისკენ მიმართო იგი. არის თუ არა ის, რასაც ახლა აკეთებ, ღვთისთვის მოსაწონი? შენი გული ღვთისკენაა მიმართული? არის თუ არა ის, რასაც აკეთებ, ის, რასაც შენგან ღმერთი მოითხოვს? შეესაბამება თუ არა ისინი ჭეშმარიტებას? მუდმივად გამოიკვლიე საკუთარი თავი და კონცენტრირდი ღვთის სიტყვების ჭამასა და სმაზე; გადაუშალე მას გული, გულწრფელად შეიყვარე და თავდადებით მიუძღვენი თავი ღმერთს. ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, უთუოდ დაიმსახურებენ ღვთის მოწონებას. ყველას, ვისაც სწამს ღმერთი, მაგრამ არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ, არავითარი გზა არ გააჩნია სატანის გავლენისგან თავის დასაღწევად. ყველას, ვინც საკუთარ თავს უმანკო წესით არ წარმართავს, ვინც სხვების წინაშე ერთგვარად იქცევა, ხოლო მათ ზურგს უკან - სხვაგვარად, ვინც თავმდაბლობის, მოთმინებისა და სიყვარულის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არსით მზაკვარი და ცბიერია და არ გააჩნია ღვთისადმი ერთგულება — ასეთი ადამიანები ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრებთა ტიპური წარმომადგენლები არიან; ისინი გველის მოდგმას განეკუთვნებიან. ისინი, ვინც ღვთისადმი რწმენას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ, ვინც თვითმართალნი და ამპარტავანნი არიან, ვინც თავს იწონებენ და საკუთარ სტატუსს იცავენ, არიან ადამიანები, რომლებსაც სატანა უყვართ და რომლებიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან. ასეთი ადამიანები უპირისპირდებიან ღმერთს და მთლიანად სატანისგან არიან. ისინი, ვინც არ ითვალისწინებენ ღმერთის ტვირთს, ვინც არ ემსახურებიან ღმერთს მთელი გულით, ვინც მუდამ საკუთარ და თავისი ოჯახის ინტერესებზე ზრუნავენ, ვისაც არ შეუძლია ყველაფრის მიტოვება და ღვთისათვის თავის გაღება და ვინც არასდროს ცხოვრობს მისი სიტყვებით, არიან ადამიანები, რომლებიც მისი სიტყვების მიღმა რჩებიან. ასეთი ადამიანები ვერ მიიღებენ ღვთის მოწონებას.
როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, ეს იმისთვის გააკეთა, რომ მათ შესძლებოდათ მისი სიუხვით ტკბობა და გულწრფელად მისი სიყვარული; ამგვარად ისინი მის ნათელში იცხოვრებდნენ. დღეს ყველა, ვისაც არ შეუძლია ღვთის სიყვარული, არაა გულისხმიერი მისი ტვირთის მიმართ, ვერ უძღვნის მას მთლიანად საკუთარ გულს, ვერ იღებს მის გულს როგორც საკუთარს და არ შეუძლია მისი ტვირთის საკუთარი ზურგით ტარება, მოკლებულია ღვთის ნათელს და შესაბამისად, ყველა ასეთი ადამიანი ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობს. ეს ადამიანები სრულიად ეწინააღმდეგებიან ღვთის განზრახვებს და არცერთ მათ ქმედებაში ჭეშმარიტების ნატამალიც კი არ არის. ისინი სატანასთან ერთად ბიწიერებაში ეფლობიან; ისინი ბნელეთის გავლენის ქვეშ მცხოვრები ადამიანები არიან. თუ შენ შეგიძლია ხშირად ჭამო და სვა ღვთის სიტყვები, გაითვალისწინო მისი განზრახვები და პრაქტიკაში გამოიყენო მისი სიტყვები, მაშინ ღვთის რჩეული ხარ და ხარ ადამიანი, რომელიც მის სიტყვებში ცხოვრობს. გსურს თავი დააღწიო სატანის ბატონობას და იცხოვრო ღვთის ნათელში? თუ ღვთის სიტყვებში იცხოვრებ, მაშინ სულიწმიდას ექნება შესაძლებლობა, აღასრულოს თავისი საქმე. ხოლო თუ სატანის გავლენის ქვეშ იცხოვრებ, მაშინ სულიწმიდას ასეთი შესაძლებლობა არ ექნება. საქმე, რომელსაც სულიწმიდა ადამიანებზე აღასრულებს, შუქი, რომლითაც ის მათ ანათებს, და რწმენა, რომელსაც ის მათ ანიჭებს, მხოლოდ ერთი მომენტი გრძელდება. თუ ადამიანები არ გამოიჩენენ ყურადღებას და სიფრთხილეს, მაშინ სულიწმიდის საქმე მათ გვერდს აუვლის. თუ ადამიანები ღვთის სიტყვებში იცხოვრებენ, მაშინ სულიწმიდა მათთან იქნება და აღასრულებს საქმეს მათზე. თუ ისინი არ ცხოვრობენ ღვთის სიტყვებში, მაშინ ისინი სატანის ბორკილებში ცხოვრობენ. თუ ისინი გახრწნილ ხასიათში ცხოვრობენ, მაშინ ისინი სულიწმიდის თანდასწრებას ან საქმეს ვერ ეღირსებიან. თუ ღვთის სიტყვების საზღვრებში და ისეთ მდგომარეობაში ცხოვრობ, რომელსაც ღმერთი მოითხოვს, მაშინ მისი რჩეული ხარ და მისი საქმე შენზე აღსრულდება. თუ არ ცხოვრობ ღვთის მოთხოვნების ფარგლებში, არამედ სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობ, მაშინ უდავოდ სატანის გახრწნილებაში ცხოვრობ. მხოლოდ ღვთის სიტყვებში ცხოვრებითა და შენი გულის მისთვის მიძღვნით შეგიძლია შეასრულო მისი მოთხოვნები. უნდა მოიქცე ისე, როგორც ღმერთი ამბობს, რათა მისი სიტყვები შენი არსებობის საძირკვლად და შენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად აქციო. მხოლოდ მაშინ იქნები ღვთის რჩეული. თუ მართლაც ღვთის განზრახვების შესაბამისად იმოქმედებ პრაქტიკაში, ის აღასრულებს საქმეს შენზე და მაშინ იცხოვრებ მის კურთხევათა ქვეშ, მისი სახის ნათელში; აღიქვამ სულიწმიდის საქმეს და შეიგრძნობ ღვთის თანდასწრების სიხარულს.
ბნელეთის გავლენისგან თავის დასაღწევად, პირველ რიგში, ღვთის ერთგული უნდა იყო და გქონდეს გული, რომელიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის; მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ სწორ მდგომარეობაში ყოფნას. სწორ მდგომარეობაში ცხოვრება სწორედ ის წინაპირობაა, რომელიც ბნელეთის გავლენისგან თავის დასაღწევადაა საჭირო. სწორი მდგომარეობის არქონა ნიშნავს, რომ არც ღვთისადმი ერთგული ხარ და არც ჭეშმარიტების მაძიებელი გული გაქვს, რომელ შემთხვევაშიც ბნელეთის გავლენისგან თავის დაღწევაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩემი სიტყვები არის საფუძველი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი თავისუფლდება ბნელეთის გავლენისგან. ხოლო ადამიანები, რომლებიც ვერ იყენებენ ჩემს სიტყვებს პრაქტიკაში, ვერ შეძლებენ ბნელეთის გავლენის ბორკილებისგან თავის დაღწევას. სწორ მდგომარეობაში ცხოვრება ნიშნავს ღვთის სიტყვების ხელმძღვანელობით ცხოვრებას, ღვთისადმი ერთგულებაში ცხოვრებას, ჭეშმარიტების ძიების მდგომარეობაში ცხოვრებას, ღვთისათვის გულწრფელად საკუთარი თავის მიძღვნას და ღვთისადმი გულწრფელი სიყვარულის მდგომარეობაში ცხოვრებას. ასეთ მდგომარეობებსა და რეალობაში მცხოვრები ადამიანები, ნელ-ნელა შეიცვლებიან, რადგან უფრო ღრმად გაეცნობიან ჭეშმარიტებას და ღვთის საქმეც მათში უფრო ღრმად იმოქმედებს. და საბოლოოდ, ისინი უთუოდ გახდებიან ღვთის მიერ მოპოვებული ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ღმერთი. მათ, ვინც თავი დააღწიეს ბნელეთის გავლენას, შეუძლიათ თანდათანობით ჩასწვდნენ და გაიაზრონ ღვთის განზრახვები; საბოლოოდ ღვთის მესაიდუმლეებადაც კი იქცნენ. მათ არა მხოლოდ აღარ გააჩნიათ მცდარი წარმოდგენები ღმერთზე და აღარ ეურჩებიან მას, არამედ კიდევ უფრო მეტად სძულთ საკუთარი წარსული წარმოდგენები და ურჩობა და მათ გულებში ღვთისადმი გულწრფელი სიყვარული იბადება. ხოლო ადამიანები, რომლებიც ვერ თავისუფლდებიან ბნელეთის გავლენისაგან, მთლიანად ხორციელი სურვილებით არიან მოცულნი და სავსე ურჩობით. მათი გულები სავსეა ადამიანური წარმოდგენებით, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით, საკუთარი განზრახვებითა და გეგმებით. ღმერთს კი ადამიანისგან განუყოფელი სიყვარული სურს – სურს, რომ ადამიანი მთლიანად მოცული იყოს მისი სიტყვებით და ჰქონდეს მისდამი სიყვარულით სავსე გული. ღვთის სიტყვებში ცხოვრება, მის სიტყვებში პოვნა იმისა, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს, ღვთისადმი სიყვარული მისი სიტყვების გამო, გარჯა მისი სიტყვების გამო, ცხოვრება მისი სიტყვების გამო — აი, რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა. ყველაფერი ღვთის სიტყვებზე უნდა იყოს აგებული. მხოლოდ ასე შეძლებს ადამიანი ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ ადამიანი არ არის აღჭურვილი ღვთის სიტყვებით, მაშინ ის სხვა არაფერია, თუ არა სატანით შეპყრობილი მატლი! დაფიქრდი: ღვთის სიტყვის რომელმა ნაწილმა გაიდგა ფესვი შენში? რა შემთხვევებში ცხოვრობ მისი სიტყვების შესაბამისად და როდის — არა? თუ ღვთის სიტყვებით სრულად არ ხარ განმსჭვალული, მაშინ კონკრეტულად რით არის სავსე შენი გული? შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სატანის მიერ კონტროლდები თუ ღვთის სიტყვებით ხარ მოცული? ეფუძნება თუ არა შენი ლოცვები ღვთის სიტყვებს? გამოუყვანიხარ თუ არა მის ნათელს მძიმე მდგომარეობიდან? ღვთის სიტყვების საკუთარი არსებობის საძირკვლად ქცევა — აი ეს არის ის, რისკენაც ყველა უნდა მიილტვოდეს. თუ მის სიტყვებს შენს ცხოვრებაში ადგილი არ აქვს, მაშინ ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობ, ეურჩები ღმერთს, ეწინააღმდეგები მას და არცხვენ მის სახელს. ასეთი ადამიანების რწმენა ღვთისადმი წმინდა წყლის ფარსი და დარღვევაა! დროის რა ნაწილს ატარებ მისი სიტყვების შესაბამისად ცხოვრებაში? და რამდენს — მის გარეშე? რამდენად სრულდება შენში ის, რასაც ღვთის სიტყვა მოითხოვს შენგან? და რამდენი რამ დაიკარგა შენში? გიფიქრია ამ ყველაფერზე სერიოზულად?
ბნელეთის გავლენისგან თავის დაღწევა მოითხოვს როგორც სულიწმიდის საქმეს, ისე ადამიანის მაქსიმალურ თანამშრომლობას. რატომ ვამბობ, რომ ადამიანი არ დგას სწორ გზაზე? ადამიანებს, რომლებიც სწორ გზაზე დგანან, პირველ რიგში შეუძლიათ საკუთარი გულის ღვთისთვის მიძღვნა. ეს არის გაკვეთილი, რომლის დაუფლებასაც დრო სჭირდება, რადგან კაცობრიობა დღემდე ცხოვრობს ბნელეთის გავლენის ქვეშ და ათასობით წელია სატანის ბორკილებში იმყოფება. შესაბამისად, ამ გაკვეთილის ათვისება მხოლოდ ერთ ან ორ დღეში ვერ მიიღწევა. ეს საკითხი დღეს იმიტომ წამოვჭერი, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი მდგომარეობის უკეთ გააზრება. როგორც კი ადამიანები შეძლებენ გაარჩიონ, რა არის ბნელეთის გავლენა და რას ნიშნავს ნათელში ცხოვრება, გაკვეთილის ათვისება ადვილი გახდება. სანამ სატანის გავლენას არ შეიცნობ, მანამდე ვერ შეძლებ მისგან თავის დაღწევას. და მხოლოდ ამის შემდეგ გექნება შესაძლებლობა, თანდათანობით გათავისუფლდე მისგან. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ – ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია. ყველაფერს დადებითი დამოკიდებულებით უნდა მიუდგე და არასოდეს დარჩე პასიურ მოლოდინში. მხოლოდ ასე შეგიძლია იყო ღვთის მიერ მოპოვებული.