როგორ უნდა ემსახუროთ ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად

უნდა გესმოდეთ, როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი ღმერთს თავის რწმენაში, რა პირობები უნდა შესრულდეს და რა ჭეშმარიტებები უნდა იქნას გაგებული მათ მიერ, ვინც ემსახურება ღმერთს, და მსახურებაში თქვენი გადახრების შესახებ. ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ გწამთ ღმერთის, როგორ მიდიხართ იმ გზაზე, რომელსაც სულიწმიდა გიჩვენებთ, და როგორ აძლევთ ღმერთს საშუალებას, ყოველივეში თავისი სურვილისამებრ განგკარგოთ; ამგვარად შეძლებთ გააცნობიეროთ ღვთის მიერ თქვენზე აღსრულებული საქმის ყოველი ნაბიჯი. როცა ამას მიაღწევთ, მიხვდებით, სინამდვილეში რას ნიშნავს ღვთის რწმენა, როგორ უნდა გწამდეთ სწორად და რა უნდა აკეთოთ, რათა იმოქმედოთ ღვთის განზრახვების შესაბამისად. ეს მოგცემთ საშუალებას, სრულად და მთლიანად დაემორჩილოთ ღვთის საქმეს; თქვენ არ გამოთქვამთ პრეტენზიებს, არ განსჯით და არ გააანალიზებთ, მით უმეტეს, გულდასმით არ გამოიკვლევთ ღვთის საქმეს, იმ დონემდე, რომ ყველანი შეძლებთ, სიკვდილამდე დაემორჩილოთ ღმერთს, მისცემთ უფლებას ღმერთს, გაგიძღვეთ და დაგკლათ, როგორც ცხვარი, რათა თითოეული თქვენგანი გახდეს 1990-იანი წლების პეტრე, და გიყვარდეთ ღმერთი ბოლომდე, ჯვარზეც კი, უმცირესი წუწუნის გარეშე. მხოლოდ მაშინ შეძლებთ, ცხოვრებაში გამოავლინოთ 1990-იანი წლების პეტრეს სტილი.

ყველას, ვისაც აქვს გადაწყვეტილი ნება, შეუძლია ემსახუროს ღმერთს, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს და ვისაც ესმით ისინი, არიან ღირსნი და უფლებამოსილნი, ემსახურონ ღმერთს. თქვენ შორის მე აღმოვაჩინე შემდეგი: ბევრი ფიქრობს, რომ თუ ღვთისთვის მხურვალედ ქადაგებენ გზას და ღვთისთვის გზას ადგებიან, თავს სწირავენ და რაღაცებზე უარს ამბობენ ღვთისათვის და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს ღვთის მსახურებას. რელიგიურ ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ღვთის მსახურება ნიშნავს ბიბლიით ხელში სიარულს, ცათა სასუფევლის სახარების ქადაგებას და ადამიანების ხსნას მონანიებისა და აღსარებისკენ მათი მიყვანით. ასევე მრავალი რელიგიური მოღვაწე მიიჩნევს, რომ ღვთის მსახურება მოიცავს სამლოცველოებში ქადაგებას მას შემდეგ, რაც სემინარიაში მიიღებენ უმაღლეს განათლებასა და მომზადებას, და ადამიანების სწავლებას ბიბლიური მუხლების კითხვის გზით. გარდა ამისა, ღარიბ რაიონებში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღვთის მსახურება ნიშნავს თავიანთ ძმებსა და დებს შორის ავადმყოფთა განკურნებასა და ბოროტი სულების განდევნას, ლოცვას მათთვის და მათ მსახურებას. თქვენ შორისაც არის ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის მსახურება ნიშნავს ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, და ყოველდღე ღვთისადმი ლოცვას, ყველგან ეკლესიებში სიარულსა და იქ საქმის კეთებას. ასევე არიან სხვა ძმები და დები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღვთის მსახურება ნიშნავს, რომ არასდროს იქორწინონ, არ შექმნან ოჯახი და სრულად ღმერთს მიუძღვნან საკუთარი თავი. თუმცა ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს სინამდვილეში ღვთის მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს იმდენი ადამიანი ემსახურება, რამდენი ვარსკვლავიც არის ცაზე, მათი რიცხვი, ვისაც უშუალოდ მსახურება შეუძლია და ვისაც ღვთის განზრახვების შესაბამისად მსახურება ძალუძს, მიზერულია — სასაცილოდ მცირეა. რატომ ვამბობ ამას? ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ არ გესმით გამოთქმის „ღვთის მსახურება“ არსი. და ძალიან მცირედ გესმით, როგორ უნდა ემსახუროთ ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად. არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ ადამიანებმა ზუსტად გაიგონ, თუ როგორი მსახურებაა ღვთისადმი მისი განზრახვების შესაბამისად.

თუ გსურთ ემსახუროთ ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგოთ, როგორი ადამიანები მოსწონს ღმერთს, როგორი ადამიანები სძულს ღმერთს, როგორ ადამიანებს სრულყოფს ღმერთი და როგორი ადამიანები არიან ღირსნი ღმერთს ემსახურონ. სულ მცირე, თქვენ უნდა ფლობდეთ ამ ცოდნას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეთ ღვთის საქმის მიზანი და ის საქმე, რომელსაც ღმერთი ამჟამად აღასრულებს. ამის გაგების შემდეგ, ღვთის სიტყვების ხელმძღვანელობით, უპირველესად თავად უნდა შეხვიდეთ და შემდეგ მიიღოთ ღვთის დავალება. როცა მიიღებთ ღვთის სიტყვების პრაქტიკულ გამოცდილებას და ჭეშმარიტად შეიცნობთ ღვთის საქმეს, მაშინ იქნებით ღირსნი ემსახუროთ ღმერთს. და ღმერთი აგიხელთ სულიერ თვალებს, როცა ემსახურებით მას, და მოგცემთ საშუალებას უფრო მეტად გაიგოთ მისი საქმე და უფრო ნათლად დაინახოთ იგი. როცა ამ რეალობაში შეხვალ, შენი გამოცდილება უფრო ღრმა და პრაქტიკული გახდება, და ყველა თქვენგანი, ვისაც ასეთი გამოცდილება აქვს, შეძლებს ეკლესიებში სიარულს და თავიანთი ძმებისა და დებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, რათა თითოეულმა შეძლოს ერთმანეთის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობა საკუთარი ნაკლოვანებების შესავსებად და თავის სულში უფრო მდიდარი ცოდნის შეძენა. მხოლოდ ამ ეფექტის მიღწევის შემდეგ შეძლებთ ემსახუროთ ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად და გახდეთ ღვთის მიერ სრულყოფილნი თქვენი მსახურების პროცესში.

ისინი, ვინც ემსახურებიან ღმერთს, უნდა იყვნენ ღვთის ახლობლები, უნდა მოსწონდეს ისინი ღმერთს და უნდა შესწევდეთ უნარი, ღვთისადმი უზენაესი ერთგულება გამოავლინონ. იქნება ეს განმარტოებით თუ საჯაროდ, ღმერთის წინაშე შენი ქმედებები უნდა ახარებდეს მას და ყველა მათგანს უნდა შეეძლოს მის წინაშე მყარად დგომა; მიუხედავად იმისა, როგორ გეპყრობიან სხვა ადამიანები, ყოველთვის უნდა იარო იმ გზით, რომლითაც უნდა იარო, რათა გაითვალისწინო ღვთის ტვირთი. მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ღვთის ახლობლები. ის, რომ ღვთის ახლობლებს შეუძლიათ უშუალოდ ემსახურონ მას, აიხსნება იმით, რომ მათზეა დაკისრებული ღვთის დიდი დავალება და ღვთის ტვირთი; მათ შესწევთ უნარი ღვთის გული საკუთარ გულად, ხოლო ღვთის ტვირთი საკუთარ ტვირთად მიიღონ და არ ფიქრობენ თავიანთ მომავალ პერსპექტიულ სარგებელსა თუ დანაკარგებზე — მაშინაც კი, როცა მათ არაფერი ელით და ვერაფერს მოიპოვებენ, მათ ყოველთვის სწამთ ღმერთი ღვთისმოყვარე გულით. ამიტომ, ასეთი ადამიანი არის ღვთის ახლობელი. ღვთის ახლობელნი ასევე არიან მისი მესაიდუმლეები; მხოლოდ მის მესაიდუმლეებს შეუძლიათ გაიზიარონ მისი გადაუდებლობა და მისი აზრები, და მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი იტანჯება და სუსტია, მათ შეუძლიათ აიტანონ ტკივილი და უარი თქვან იმაზე, რაც უყვართ, რათა ღმერთი დააკმაყოფილონ. ღმერთი ასეთ ადამიანებს უფრო მეტ ტვირთს აკისრებს, და ის, რისი გაკეთებაც ღმერთს სურს, სწორედ ასეთი ადამიანების მოწმობით ცხადდება. ამგვარად, ეს ადამიანები სასიამოვნონი არიან ღვთისთვის, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად ემსახურებიან, და მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღმერთთან ერთად მეფეებად ძალაუფლების ფლობა. როდესაც ჭეშმარიტად გახდები ღვთის ახლობელი, სწორედ მაშინ შეძლებ ღმერთთან ერთად მეფედ ძალაუფლების ფლობას.

იესომ შეძლო ღვთის დავალების — მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის საქმის — შესრულება, ზუსტად იმიტომ, რომ მას შეეძლო გაეთვალისწინებინა ღვთის განზრახვები და საკუთარი თავისთვის არ შეედგინა არანაირი გეგმა ან წინასწარ არაფერი მოეგვარებინა. ის იყო ღვთის ახლობელი — თავად ღმერთი — რაც თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. (სინამდვილეში, იგი თავად იყო ღმერთი, რომლის შესახებაც ღმერთი მოწმობდა. ამას აქ იმიტომ ვახსენებ, რომ იესოს ფაქტის გამოყენებით განვმარტო ეს საკითხი.) მან შეძლო ღვთის მართვის გეგმა ყველაფრის ცენტრში დაეყენებინა და მუდამ ევედრებოდა მამაზეციერს და ეძებდა მამაზეციერის ნებას. იგი ლოცულობდა და ამბობდა: „მამა ღმერთო! შეასრულე ის, რაც შენი ნებაა, და ნუ იმოქმედებ ჩემი სურვილების მიხედვით, არამედ შენი გეგმის მიხედვით. ადამიანი შეიძლება სუსტი იყოს, მაგრამ რატომ უნდა ზრუნავდე შენ მასზე? როგორ შეიძლება ადამიანი იყოს შენი ყურადღების ღირსი, რომელიც ჭიანჭველას ჰგავს შენს ხელში? ჩემს გულში მხოლოდ შენი ნების აღსრულება მსურს და მსურს, რომ ჩემში შენი საკუთარი წადილის მიხედვით აღასრულო ის, რისი აღსრულებაც განგიზრახავს“. იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესო მძიმე ტკივილს განიცდიდა, თითქოს ვიღაც დანას უტრიალებდა გულში, თუმცა მას უმცირესი განზრახვაც კი არ ჰქონდა უკან დახევისა; ყოველთვის არსებობდა ძლიერი ძალა, რომელიც მას წინ, იმ ადგილისკენ უბიძგებდა, სადაც იგი ჯვარს უნდა ეცვათ. ბოლოს იგი ჯვარს აცვეს და ცოდვილი ხორცის მსგავსება გახდა, რითაც დაასრულა კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე. იგი გასცდა სიკვდილისა და ჰადესის ყველა შეზღუდვას. მის წინაშე სიკვდილმა, ჯოჯოხეთმა და ჰადესმა ძალა დაკარგეს და მის მიერ იქნენ დამარცხებულნი. მან იცხოვრა ოცდაცამეტი წელი, რომლის განმავლობაშიც მუდამ აკეთებდა ყველაფერს, რათა ღმერთის იმდროინდელი საქმის შესაბამისად დაეკმაყოფილებინა ღვთის განზრახვები, არასოდეს ითვალისწინებდა საკუთარ პირად სარგებელსა თუ დანაკარგს და ყოველთვის გეგმავდა ყველაფერს მამა ღმერთის განზრახვების აღსასრულებლად. ამიტომ, მას შემდეგ, რაც იგი მოინათლა, ღმერთმა თქვა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“. იმის გამო, რომ ღვთის წინაშე მისი მსახურება ღვთის განზრახვების შესაბამისი იყო, ღმერთმა მას მხრებზე დააკისრა მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის მძიმე ტვირთი და მისი აღსრულება მიანდო, და იგი ღირსი იყო და ჰქონდა უფლება დაესრულებინა ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მან ღმერთის გულისთვის განიცადა განუზომელი ტანჯვა, სატანამ უთვალავჯერ გამოცადა იგი, მაგრამ იგი არასოდეს დაცემულა სულით. ღმერთმა მას ასეთი მნიშვნელოვანი დავალება მისცა, რადგან ენდობოდა მას და უყვარდა იგი, ამიტომ ღმერთმა პირადად თქვა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“. იმ დროს მხოლოდ იესოს შეეძლო ამ დავალების შესრულება, და ეს იყო ერთ-ერთი ასპექტი იმ რეალური გარემოებებისა, თუ როგორ დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე — მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა მადლის ეპოქაში.

თუ თქვენ, იესოს მსგავსად, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ღვთის ტვირთი და შეეწინააღმდეგოთ თქვენს ხორცს, ღმერთი მოგანდობთ თავის მძიმე პასუხისმგებლობას, რათა აკმაყოფილებდეთ იმ პირობებს, რომლებიც აუცილებელია ღმერთის მსახურებისთვის. მხოლოდ ასეთ გარემოებებში გაბედავთ თქმას, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ღვთის ნებას მიჰყვებიან, ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ღვთის დავალებას, და ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ემსახურება ღმერთს. იესოს მაგალითთან შედარებით, ბედავ თქმას, რომ ხარ ღმერთის ახლობელი? ბედავ თქმას, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას მიჰყვება? ბედავ თქმას, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ემსახურება ღმერთს? დღეს შენ არ გესმის, როგორ უნდა ემსახურო ღმერთს; გაბედავ თქვა, რომ ღვთის ახლობელი ხარ? თუ ამბობ, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება, განა არ გმობ მას? აბა, დაფიქრდი: ემსახურები ღმერთს თუ საკუთარ თავს? შენ ემსახურები სატანას, მაგრამ ჯიუტად ამტკიცებ, რომ ღმერთს ემსახურები — განა ეს ღვთის გმობა არ არის? ბევრი ადამიანი ჩემს ზურგს უკან ტკბება სტატუსის სიკეთეებით, გაუმაძღრად ჭამს, უყვარს ძილი და ყოველმხრივ ზრუნავს ხორცზე, მუდამ შიშობს, რომ ხორცისთვის გამოსავალი არ იქნება. ისინი სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას ეკლესიაში, არამედ ცხოვრობენ ეკლესიის ხარჯზე, ან კიდევ ჩემი სიტყვებით ლექციას უკითხავენ თავიანთ ძმებსა და დებს და ზემოდან ზღუდავენ სხვებს. ეს ადამიანები სულ ამბობენ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ღვთის ნებას მიჰყვებიან და ყოველთვის ამბობენ, რომ ღვთის ახლობლები არიან — განა ეს აბსურდი არ არის? თუ სწორი მოტივაცია გაქვს, მაგრამ ვერ ახერხებ ღვთის განზრახვების შესაბამისად მსახურებას, მაშინ სულელი ხარ; ხოლო თუ შენი მოტივაცია არ არის სწორი და მაინც ამბობ, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება, მაშინ ღვთის მოწინააღმდეგე ხარ და უნდა დაისაჯო ღვთის მიერ! მე არანაირი თანაგრძნობა არ მაქვს ასეთი ადამიანების მიმართ! ღვთის სახლში ისინი მუქთად ცხოვრობენ, მუდამ ხორციელი კომფორტით ტკბებიან და არ ზრუნავენ ღვთის ინტერესებზე. ისინი ყოველთვის პირად სარგებელს ეძებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს. ისინი ვერ იღებენ ღვთის სულის გამოკვლევას, რასაც არ უნდა აკეთებდნენ. ისინი ყოველთვის ატყუებენ ძმებსა და დებს უპატიოსნობითა და მზაკვრობით, და ორპირები არიან. ისინი ძალიან გვანან მელას ვენახში, რომელიც ყოველთვის იპარავს ყურძენს და აფუჭებს ვენახს. შეიძლება ასეთი ადამიანები ღვთის ახლობლები იყვნენ? განა ღირსი ხარ, რომ ღვთის კურთხევა გადმოგეცეს? შენ არ იღებ არანაირ ტვირთს შენი სიცოცხლისა და ეკლესიისთვის — განა ღირსი ხარ, რომ მიიღო ღვთის დავალება? ვინ გაბედავს ისეთი ადამიანის ნდობას, როგორიც შენ ხარ? როცა ასე ემსახურები, შეუძლია კი ღმერთს მიგანდოს უფრო მნიშვნელოვანი საქმე? განა ეს არ შეაფერხებს საქმეს?

ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეთ, რა პირობები უნდა შესრულდეს, რათა ღმერთს მისი განზრახვების შესაბამისად ემსახუროთ. თუ თქვენ არ უძღვნით თქვენს გულებს ღმერთს, თუ არ ითვალისწინებთ ღვთის განზრახვებს, როგორც ამას იესო აკეთებდა, მაშინ ღმერთის ნდობის მოპოვება თქვენთვის რთული იქნება, და ბოლოს ღვთის მიერ განისჯებით. შესაძლოა, დღეს ღვთისადმი მსახურებაში მუდამ გქონდეს ღვთის მოტყუების განზრახვა და ყოველთვის ზედაპირულად ექცეოდე მას. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, თუ ღმერთს ატყუებ, დაუნდობელი განკითხვა დაგატყდება თავს. ახლა, როდესაც ახლახან დაადექით ღვთის მსახურების სწორ გზას, ჯერ მიეცით თქვენი გულები ღმერთს; არ შეიძლება გქონდეთ გაყოფილი გული. იმის მიუხედავად, ღვთის წინაშე ხარ თუ სხვა ადამიანების წინაშე, შენი გული მუდამ უნდა იყოს მიმართული ღვთისკენ, და მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ გიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც იესოს უყვარდა. ამგვარად, ღმერთი გაგხდის სრულყოფილს, რათა გახდე ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება და რომელიც მოქმედებს მისი განზრახვების შესაბამისად. თუ ნამდვილად გსურს, რომ ღმერთმა გაგხადოს სრულყოფილი და შენი მსახურება შეესაბამებოდეს მის განზრახვებს, მაშინ უნდა შეცვალო ღვთისადმი რწმენის შესახებ შენი ადრინდელი შეხედულებები და ღვთის მსახურების ძველი პრაქტიკები, რათა შენში უფრო მეტი რამ გახდეს ღვთის მიერ სრულყოფილი. ამგვარად ღმერთი არ მიგატოვებს და, როგორც პეტრე, ღვთის მოყვარულთა შორის მოწინავე იქნები. ხოლო თუ მოუნანიებელი დარჩები, მაშინ იუდას ხვედრი გეწევა. ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც ღმერთი სწამს.

წინა: როგორ გადავიდეთ ნორმალურ მდგომარეობაში

შემდეგი: როგორ გავიგოთ რეალობა

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება