როგორ გავიგოთ რეალობა
ღმერთი პრაქტიკული ღმერთია: მისი ყველა საქმე პრაქტიკულია, ყველა სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამს, პრაქტიკულია და მის მიერ გამოთქმული ყველა ჭეშმარიტება პრაქტიკულია. ყველაფერი, რასაც მისი სიტყვები არ არის, ცარიელი, არარსებული და არაჯანსაღია. დღეს სულიწმიდამ უნდა გაუკვალოს გზა ადამიანებს ღვთის სიტყვებისკენ. თუ ადამიანები რეალობაში შესვლას ესწრაფვიან, მაშინ მათ უნდა ეძიონ რეალობა და შეიცნონ რეალობა, რის შემდეგაც უნდა განიცადონ რეალობა და იცხოვრონ რეალობის შესაბამისად. რაც უფრო მეტად ეცნობიან ადამიანები რეალობას, მით უფრო მეტად შეუძლიათ გაარჩიონ, რეალურია თუ არა სხვების სიტყვები; რაც უფრო მეტად ეცნობიან ადამიანები რეალობას, მით უფრო ნაკლები მცდარი წარმოდგენა აქვთ; რაც უფრო მეტად განიცდიან ადამიანები რეალობას, მით უფრო მეტი იციან პრაქტიკული ღმერთის საქმეების შესახებ და მით უფრო ეადვილებათ თავიანთი გახრწნილი, სატანური ხასიათისგან გათავისუფლება; რაც უფრო მეტად ეზიარებიან ადამიანები რეალობას, მით უფრო მეტად შეიცნობენ ღმერთს და მით უფრო მეტად სძულთ ხორცი და მეტად უყვართ ჭეშმარიტება; და რაც უფრო მეტად ეზიარებიან ადამიანები რეალობას, მით უფრო უახლოვდებიან ისინი ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. ღვთის მიერ მოპოვებული ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ფლობენ და იცნობენ რეალობას და რომლებმაც ღვთის პრაქტიკული საქმეები რეალური გამოცდილებით შეიცნეს. რაც უფრო მეტად ითანამშრომლებ ღმერთთან პრაქტიკულად და გამოაწრთობ შენს სხეულს, მით უფრო მეტად მიიღებ სულიწმიდის საქმეს, მით უფრო მეტად ჩასწვდები რეალობას, მით უფრო მეტად მოგფენს ნათელს ღმერთი და ამით მით უფრო დიდ სიმაღლეზე ავა შენი ცოდნა ღვთის პრაქტიკული საქმეების შესახებ. თუ შეგიძლია სულიწმიდის სხივმოფენილ აწმყოში ცხოვრება, მაშინ ამჟამინდელი პრაქტიკული გზა შენთვის უფრო ნათელი გახდება და უკეთ მოახერხებ წარსულის რელიგიურ წარმოდგენებსა და ძველ ჩვეულებებთან განშორებას. დღეს ყურადღების ცენტრში რეალობაა: რაც უფრო მეტად ეზიარებიან ადამიანები რეალობას, მით უფრო ნათელია მათი ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ და მით უფრო მეტად ესმით ღვთის განზრახვები. რეალობას შეუძლია დაჯაბნოს ყველა სიტყვა და დოქტრინა, შეუძლია დაჯაბნოს ყველა თეორია და ცოდნა, ამიტომ რაც უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას რეალობაზე ადამიანები, მით უფრო ჭეშმარიტად უყვარდებათ ღმერთი და მეტად წყურიათ მისი სიტყვები. თუ მუდამ რეალობაზე ხარ კონცენტრირებული, მაშინ ამქვეყნიურ ურთიერთობებთან დაკავშირებული შენი ფილოსოფია, რელიგიური წარმოდგენები და შენი ბუნებრივი ხასიათი თავისთავად წაიშლება ღვთის საქმის შესრულების შემდეგ. ისინი, ვინც არ მისდევენ რეალობას და არაფერი იციან რეალობის შესახებ, სავარაუდოდ, ზებუნებრივისკენ მიილტვიან და ადვილად მოტყუვდებიან. სულიწმიდას ასეთ ადამიანებში მოქმედების საშუალება არ აქვს, ამიტომ მათ სიცარიელეს გრძნობენ და ცხოვრების აზრს ვერ ხედავენ.
სულიწმიდას მხოლოდ მაშინ შეუძლია შენში მოქმედება, როდესაც პრაქტიკულად სწავლობ, პრაქტიკულად ეძიებ, პრაქტიკულად ლოცულობ და მზად ხარ იტანჯო ჭეშმარიტების ძიებისთვის. მათ, ვინც ჭეშმარიტებას არ ეძიებენ, არაფერი რჩებათ, გარდა სიტყვებისა და დოქტრინებისა და ცარიელი თეორიისა, ხოლო მათ, ვისაც ჭეშმარიტება არ გააჩნიათ, ბუნებრივია, ღმერთზე მრავალგვარი წარმოდგენა აქვთ. ასეთი ადამიანები მხოლოდ იმას ელიან, რომ ღმერთმა მათი ხორციელი სხეული სულიერ სხეულად აქციოს, რათა მესამე ცაზე ავიდნენ. რა სულელები არიან ასეთი ადამიანები! ყველა, ვინც მსგავს რაღაცებს ამბობს, არაფერი იცის ღმერთისა თუ რეალობის შესახებ; ასეთ ადამიანებს არ ძალუძთ ღმერთთან თანამშრომლობა და მხოლოდ პასიურად ლოდინი შეუძლიათ. თუ ადამიანებს სურთ ჭეშმარიტების გაგება და ჭეშმარიტების კარგად გააზრება და, უფრო მეტიც, თუკი ჭეშმარიტებაში შესვლა და მისი პრაქტიკული გამოყენება სურთ, მაშინ მათ რეალურად უნდა ისწავლონ, რეალურად ეძიონ და რეალური შიმშილი და წყურვილი იგრძნონ. როდესაც გშია და გწყურია და როდესაც რეალურად თანამშრომლობ ღმერთთან, სულიწმიდა უეჭველად შეგეხება და იმოქმედებს შენში, რაც მეტ გაცისკროვნებას მოგიტანს, რეალობის მეტ ცოდნას მოგანიჭებს და შენს სიცოცხლეში უდიდეს შემწედ მოგევლინება.
თუ ადამიანებს სურთ ღმერთის გაცნობა, მათ ჯერ უნდა გაიგონ, რომ ღმერთი პრაქტიკული ღმერთია და უნდა იცოდნენ ღვთის სიტყვები, ღვთის პრაქტიკულად ხორცშესხმულად მოვლინება და ღვთის პრაქტიკული საქმე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგებ, რომ ღვთის ყველა საქმე პრაქტიკულია, შეძლებ ღმერთთან რეალურად თანამშრომლობას და მხოლოდ ამ გზით შეძლებ შენს სიცოცხლეში სულიერ ზრდას. ყველას, ვისაც არ აქვს რეალობის ცოდნა, არ აქვს ღვთის სიტყვებში ჩაწვდომის შესაძლებლობა, საკუთარ წარმოდგენებში გახლართულები, საკუთარ წარმოსახვაში ჩაფლულნი ცხოვრობენ და, შესაბამისად, არაფერი იციან ღვთის სიტყვების შესახებ. რაც უფრო ფართოა შენი ცოდნა რეალობის შესახებ, მით უფრო უახლოვდები ღმერთს და მით უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებ მასთან; რაც უფრო მეტად ეძიებ გაურკვევლობას, აბსტრაქციასა და მოძღვრებას, მით უფრო მეტად შორდები ღმერთს და, შესაბამისად, მით უფრო მეტად მოგეჩვენება, რომ ღვთის სიტყვების შეცნობა დამღლელი და ძნელია და რომ მათში შეღწევა არ ძალგიძს. თუ გსურს ღვთის სიტყვების რეალობაში შეღწევა და სულიერი ცხოვრების სწორ გზაზე დადგომა, ჯერ რეალობას უნდა ეზიარო და უნდა გაემიჯნო ბუნდოვან და ზებუნებრივ საგნებს, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში უნდა გაიაზრო ის, თუ როგორ მოგფენს ნათელს და პრაქტიკულად როგორ გიძღვება სულიწმიდა. ასე და ამგვარად, თუ ნამდვილად შეძლებ ადამიანში სულიწმიდის პრაქტიკული მოქმედების არსში ჩაწვდომას, მაშინ ღვთისგან ბოძებული სრულყოფის მიღწევის სწორ გზას დაადგები.
დღეს ყველაფერი რეალობიდან იწყება. ღვთის საქმე ყველაზე პრაქტიკულია და ადამიანებისთვის ხელშესახებია. ეს არის ის, რაც ადამიანებს შეუძლიათ განიცადონ, რასაც შეუძლიათ ეზიარონ. ადამიანებში ბევრი რამ არის ბუნდოვანი და ზებუნებრივი, რაც მათ ხელს უშლის ღვთის ამჟამინდელი საქმის შეცნობაში. ამგვარად, მათ განცდებს მუდამ თან სდევს გადახრები და ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ ყველაფერი რთულია, რაც, უკლებლივ, მათი წარმოდგენებით არის გამოწვეული. ადამიანებს არ ძალუძთ სულიწმიდის საქმის პრინციპების გაგება, ისინი არ იცნობენ რეალობას, ამიტომ შეცნობის გზაზე ყოველთვის ნეგატიურად არიან განწყობილნი. ისინი შორიდან უყურებენ ღვთის მოთხოვნებს და მათ შესრულებას ვერ ახერხებენ; ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ღვთის სიტყვები ნამდვილად კარგია, მაგრამ მათში შეღწევის გზას ვერ პოულობენ. სულიწმიდა მოქმედებს შემდეგი პრინციპით: ადამიანების ურთიერთთანამშრომლობით, მათი აქტიური ლოცვით, ძიებითა და ღმერთთან დაახლოებით შესაძლებელია შედეგების მიღწევა და სულიწმიდის მიერ მათზე ნათლის მოფენა და მათი გაბრწყინება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულიწმიდა მარტო მოქმედებს ან ადამიანი მარტო მოქმედებს. ორივე შეუცვლელია და რაც უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან ადამიანები და რაც უფრო მეტად ცდილობენ ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების მიღწევას, მით უფრო დიდია სულიწმიდის საქმე. მხოლოდ ადამიანების პრაქტიკულ ურთიერთთანამშრომლობას სულიწმიდის მოქმედებასთან ერთად შეუძლია პრაქტიკული გამოცდილების მოტანა ისევე, როგორც ღვთის სიტყვების არსში ჩაწვდომა. ამგვარი გამოცდილების შედეგად თანდათანობით საბოლოოდ ყალიბდება სრულყოფილი ადამიანი. ღმერთი ზებუნებრივ რაღაცებს როდი აკეთებს. ადამიანების წარმოდგენით, ღმერთი ყოვლისშემძლეა და ყველაფერს ღმერთი აკეთებს, შედეგად კი ადამიანები პასიურად ელოდებიან, არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს ან არ ლოცულობენ და უბრალოდ სულიწმიდის შეხებას ელოდებიან. არადა, სწორად მოაზროვნეებს სჯერათ, რომ ღვთის ქმედებები მხოლოდ იმდენად შეიძლება განხორციელდეს, რამდენადაც მე შევუწყობ ხელს და ჩემზე ღვთის საქმის ზემოქმედება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვთანამშრომლობ მასთან. როდესაც ღმერთი საუბრობს, ყველაფერი უნდა ვიღონო ღვთის სიტყვების ძიებისა და მათკენ სწრაფვისთვის; სწორედ ამას უნდა მივაღწიო.
პეტრესა და პავლეს მაგალითებზე შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, რომ სწორედ პეტრე აქცევდა ყველაზე მეტ ყურადღებას რეალობას. პეტრეს მიერ განვლილი გზა გვიჩვენებს, რომ მან თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანა გაკვეთილები იმათი მაგალითებიდან, ვისაც წარსულში წარუმატებლობა განუცდიათ და აითვისა წარსულის წმინდანების ძლიერი მხარეები. აქედან ჩანს, თუ რამდენად პრაქტიკული იყო პეტრეს გამოცდილება, რომ ადამიანებს შეუძლიათ ამ გამოცდილების გაზიარება, მასთან შეხება და იმავეს მიღწევა. პავლეს შემთხვევა განსხვავებული იყო: ყველაფერი, რაზეც ის საუბრობდა, ბუნდოვანი და უხილავი იყო, როგორიცაა მესამე ცაზე ასვლა, ტახტზე ასვლა და სიმართლიანობის ზეობის მიღწევა. ის კონცენტრირებული იყო გარეგნულ მხარეზე: სტატუსსა და ხალხის დამოძღვრაზე, თავისი უპირატესობის დემონსტრირებაზე, სულიწმიდის შეხების შეგრძნებაზე და ა.შ. რისთვისაც ის იღვწოდა არაფერი რეალისტური არ იყო და ბევრი რამ ფანტაზიას წარმოადგენდა; ამდენად, აშკარაა, რომ ყველაფერი ზებუნებრივი, როგორიცაა ის, თუ რამდენად ეხება სულიწმიდა ადამიანებს, ის დიდი სიხარული, რომლითაც ადამიანები ტკბებიან, მესამე ცაზე ასვლა ან ის, თუ რამდენად სიამოვნებთ მათ რეგულარული წვრთნა, რამდენად ხარობენ ღვთის სიტყვების კითხვით - არცერთი რეალისტური არ არის. სულიწმიდის ყველა საქმე ნორმალური და ძალზე რეალისტურია. როდესაც კითხულობ ღვთის სიტყვებს და ლოცულობ, შინაგანად ნათელი და ურყევი ხარ, გარე სამყარო ვერ შეგაწუხებს; შინაგანად მზად ხარ, გიყვარდეს ღმერთი, ჩაება პოზიტიურ საქმეებში და გძულს ბოროტი სამყარო. სწორედ ეს არის ღმერთში ცხოვრება. როგორც ხალხი ამბობს, ეს არ არის დიდი სიამოვნების განცდა. ამის თქმა რეალისტური არ არის. დღეს ყველაფერი რეალობით უნდა დაიწყოს. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, პრაქტიკულია, ამიტომ შენი გამოცდილებისას ყურადღება უნდა გაამახვილო ღმერთის პრაქტიკულად შეცნობაზე, ღვთის საქმის ნაკვალევის ძიებასა და იმ საშუალებების ძიებაზე, რომლითაც სულიწმიდა ეხება და ნათელ ჰფენს ადამიანებს. თუ ღვთის სიტყვებით ისაზრდოებ, ილოცებ და ითანამშრომლებ უფრო პრაქტიკული გზით, აითვისებ წარსული დროიდან მიღებულ სიკეთეს და უარყოფ ცუდს, როგორც პეტრე, თუ ყურით მოისმენ და თვალით დააკვირდები, ხშირად ილოცებ და გულით იფიქრებ და ყველაფერს გააკეთებ ღვთის საქმის შესაბამისად, მაშინ ღმერთი აუცილებლად გაგიძღვება.