როგორია შენი ურთიერთობა ღმერთთან?

ღვთის რწმენისას, სულ მცირე, ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა დაამყარო. თუ ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა არ გაქვს, მაშინ შენი რწმენის მნიშვნელობა იკარგება. ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, შეძლებ თუ არა შენი გულის დადუმებას ღვთის წინაშე. ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა ნიშნავს, რომ არ ეჭვობ და არ უარყოფ მის არცერთ საქმეს და ემორჩილები მის საქმეს. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე სწორი განზრახვები გაქვს და საკუთარი გეგმების მიხედვით არ მოქმედებ; რომ პირველ ადგილზე აყენებ ღვთის სახლის ინტერესებს, იღებ ღვთის დაკვირვებას და ემორჩილები მის განგებას, რასაც არ უნდა აკეთებდე. ყოველ საქმეში უნდა შეძლო შენი გულის დადუმება ღვთის წინაშე. მაშინაც კი, თუ არ გესმის ღვთის განზრახვები, მაინც მაქსიმალურად უნდა შეასრულო შენი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. როდესაც ღვთის განზრახვები შენთვის გაცხადდება, იმოქმედე მათ შესაბამისად და მაშინ უკვე გვიანი აღარ იქნება. როდესაც ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალური იქნება, ადამიანებთანაც ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებ. ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის აწყობა მთლიანად ღვთის სიტყვებს უნდა ეფუძნებოდეს. უნდა შეძლო შენი მოვალეობის შესრულება ღვთის სიტყვებისა და მისი მოთხოვნების მიხედვით, უნდა გაასწორო შენი შეხედულებები; ყოველივეში უნდა ეძიო ჭეშმარიტება და უნდა განახორციელო იგი პრაქტიკაში, როცა მას აღმოაჩენ. რაც არ უნდა შეგემთხვეს, უნდა ილოცო ღვთის წინაშე და ეძიო პასუხი მორჩილი გულით. მსგავსი მოქმედებით შეძლებ ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამავე დროს, როდესაც სწორად ასრულებ შენს მოვალეობას, უნდა დარწმუნდე, რომ არაფერს აკეთებ ისეთს, რაც არ უწყობს ხელს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას, და არაფერს ამბობ ისეთს, რაც შენს დებსა და ძმებს არ შეეწევა. სულ მცირე, არაფერი გააკეთო შენი სინდისის წინააღმდეგ და აბსოლუტურად არ უნდა ჩაიდინო რაიმე სამარცხვინო. განსაკუთრებით კი, არასოდეს უნდა გააკეთო ის, რაც ღვთის წინააღმდეგ აჯანყებას ან ურჩობას ნიშნავს, და არც ის, რაც ეკლესიის საქმეს ან ცხოვრებას არღვევს. ყველაფერში, რასაც აკეთებ, იყავი მართალი და პატიოსანი და დარწმუნდი, რომ ყოველი შენი ქმედება ღვთის წინაშე ღირსეულად წარგადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი ბუნება ზოგჯერ სუსტია, მაინც უნდა შეძლო ღვთის სახლის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება, პირადი სარგებლის მიმართ სიხარბის გარეშე, ყოველგვარი ეგოისტური ან უღირსი საქმის გარეშე, ხშირი თვითშემოწმებით. ამგვარად შეძლებ ღვთის წინაშე ხშირად იცხოვრო და შენი ურთიერთობა ღმერთთან სრულიად ნორმალური გახდება.

ყოველივეში, რასაც აკეთებ, უნდა გამოიკვლიო, სწორია თუ არა შენი განზრახვები. თუ შეგიძლია იმოქმედო ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, მაშინ შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალურია. ეს არის მინიმალური სტანდარტი. თუ საკუთარი განზრახვების შემოწმებისას აღმოაჩენ, რომ ისინი მცდარია და შეგიძლია მათ წინააღმდეგობა გაუწიო და ღვთის სიტყვების მიხედვით იმოქმედო, მაშინ ღვთის წინაშე მართალი ადამიანი გახდები. ეს ამტკიცებს, რომ ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალურია და რომ ყველაფერს, რასაც აკეთებ, ღვთისთვის აკეთებ და არა საკუთარი თავისთვის. ყველაფერში, რასაც აკეთებ და ამბობ, შენი გული სწორად განაწყვე და იყავი სამართლიანი შენს ქმედებებში, არ აჰყვე გრძნობებს, არც საკუთარი ნების მიხედვით იმოქმედო. ეს არის ის პრინციპები, რომლითაც ღვთის მორწმუნეებმა უნდა იმოქმედონ. პატარა საქმეშიც კი შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის განზრახვები და სულიერი სიმწიფე; ამიტომ, თუ ადამიანს სურს დაადგეს ღვთის მიერ სრულყოფის გზას, პირველ რიგში, ის თავის განზრახვებსა და ღმერთთან ურთიერთობას უნდა დააკვირდეს. მხოლოდ მაშინ სრულგყოფს ღმერთი, როცა შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალურია. მხოლოდ მაშინ შეძლებს ღვთის გასხვლა, წვრთნა და გამოწრთობა შენში თავისი დანიშნული შედეგის მიღწევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანები შეძლებენ ღმერთი თავიანთ გულებში შეინახონ და არ მიისწრაფოდნენ პირადი სარგებლისკენ და არ ფიქრობდნენ საკუთარ პერსპექტივებზე (ანუ ხორციელზე), არამედ სიცოცხლეში შესვლის ტვირთს იტვირთავენ, მთელი ძალით ეძიებენ ჭეშმარიტებას და ემორჩილებიან ღვთის საქმეს - თუ ამას შეძლებ, მაშინ შენი სწრაფვის მიზანი სწორი იქნება და ღმერთთან შენი ურთიერთობაც ნორმალური გახდება. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთთან ურთიერთობის მოწესრიგება ადამიანის სულიერ გზაზე შესვლის პირველი ნაბიჯია. მართალია, ადამიანის ბედი ღვთის ხელშია და მისი მიერ არის წინასწარ განწესებული, და ადამიანს მისი შეცვლა არ ძალუძს, მაგრამ იქნები თუ არა ღვთის მიერ სრულყოფილი და მის მიერ მოპოვებული, დამოკიდებულია იმაზე, ნორმალურია თუ არა შენი ურთიერთობა ღმერთთან. შესაძლოა შენში სისუსტეები ან ურჩობა იყოს, მაგრამ თუ შენი შეხედულებები და განზრახვები სწორია და ღმერთთან შენი ურთიერთობა სწორი და ნორმალურია, მაშინ შეგიძლია ღვთის მიერ სრულყოფილი გახდე. თუ ღმერთთან შენი ურთიერთობა არასწორია და მოქმედებ ხორცისთვის ან შენი ოჯახისათვის, მაშინ რაც უნდა იშრომო, ეს ყველაფერი ფუჭი იქნება. თუ ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალურია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი თავის ადგილზე იქნება. ღმერთი სხვას არაფერს უყურებს გარდა იმისა, სწორია თუ არა შენი შეხედულებები ღვთის რწმენის შესახებ: ვისი გწამს, ვისთვის გწამს და რატომ გწამს. თუ შეძლებ ყოველივე ამის ნათლად დანახვას და შენი შეხედულებების სწორად წარმართვას პრაქტიკაში, მაშინ წინ წაიწევ ცხოვრებაში და გარანტირებულად შეხვალ სწორ გზაზე. თუ ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალური არ არის და ღვთის რწმენის შესახებ შენი შეხედულებები მცდარია, მაშინ ყველაფერი ამაოა და რაც არ უნდა გულმოდგინედ გწამდეს, ვერაფერს მიიღებ. მხოლოდ მაშინ შეძლებ მისი მოწონების მოპოვებას, როცა ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალური იქნება; როცა ებრძვი ხორცს, ლოცულობ, იტანჯები, ითმენ, ემორჩილები, ეხმარები შენს დებსა და ძმებს, ღვთისთვის კიდევ უფრო მეტად იღწვი და ასე შემდეგ. შენს საქმეს აქვს თუ არა ღირებულება და მნიშვნელობა, დამოკიდებულია იმაზე, სწორია თუ არა შენი განზრახვები და მართებულია თუ არა შენი შეხედულებები. დღეს, ბევრ ადამიანს ღმერთის ისე სწამს, თითქოს თავი გვერდზე გადაეხაროს და საათს ისე უყურებდეს — მათი ხედვა დამახინჯებულია და უნდა გამოსწორდეს გადამწყვეტი გარდატეხით. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება; თუ არა, ყველაფერი გაცამტვერდება. ზოგიერთი ადამიანი კარგად იქცევა ჩემი თანდასწრებით, მაგრამ ჩემს ზურგს უკან ისინი მხოლოდ მეწინააღმდეგებიან. ეს არის მრუდობისა და მზაკვრობის გამოვლენა. ასეთი ადამიანები სატანის მსახურები არიან ისინი სატანის ტიპური განსახიერებები არიან, რომლებიც ღვთის გამოსაცდელად არიან მოსულნი. მხოლოდ მაშინ ხარ მართალი ადამიანი, თუ შეგიძლია დაემორჩილო ჩემს საქმესა და ჩემს სიტყვებს. თუ შეძლებ ღვთის სიტყვების ჭამასა და შესმას; თუ ყველაფერს ისე აკეთებ, რომ ღვთის წინაშე ღირსეულად წარსდგე და ყველაფერში სამართლიანად და პატიოსნად იქცევი; თუ არ სჩადიხარ სამარცხვინო საქციელს და არაფერს აკეთებ, რაც სხვებს ავნებს; და თუ ცხოვრობ სინათლეში და არ აძლევ სატანას საშუალებას, შენით ისარგებლოს, მაშინ შენი ურთიერთობა ღმერთთან სათანადო წესრიგში იქნება.

ღვთის რწმენა გულისხმობს, რომ შენი განზრახვები და შეხედულებები სწორად დაალაგო; უნდა გქონდეს სწორი გაგება და მართებული დამოკიდებულება ღვთის სიტყვისა და მისი საქმის მიმართ, ყველა იმ გარემოებების მიმართაც, რომელთაც ღმერთი აწყობს, იმ ადამიანის მიმართაც, ვისზეც ღმერთი მოწმობს, და თვით პრაქტიკული ღმერთის მიმართაც. შენ არ უნდა იმოქმედო საკუთარი აზრების მიხედვით და არ უნდა იგონებდე საკუთარ წვრილმან სქემებს. რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა ეძიო ჭეშმარიტება და, როგორც ქმნილება, დაემორჩილო ღვთის ყოველ მოქმედებას. თუ გსურს ღვთის მიერ სრულყოფას მიაღწიო და სიცოცხლის სწორ გზაზე დადგე, შენი გული მუდამ ღვთის წინაშე უნდა ცხოვრობდეს. ნუ იქნები თავაშვებული, ნუ გაჰყვები სატანას, ნუ მისცემ მას მოქმედების საშუალებას და ნუ დაუშვებ, რომ გამოგიყენოს. შენ მთლიანად უნდა მიუძღვნა შენი თავი ღმერთს და მისცე მას უფლება, რომ იმეფოს შენზე.

გსურს, რომ სატანის მსახური გახდე? გსურს, რომ სატანამ შენით ისარგებლოს? გწამს ღმერთის და მისდევ მას, იმისათვის რომ მან სრულგყოს, თუ მხოლოდ იმისათვის, რომ ღვთის საქმის საპირისპირო ფონად იქცე? რა გირჩევნია — აზრიანი ცხოვრება, რომელშიც ღმერთი მოგიპოვებს, თუ უსარგებლო და ცარიელი ცხოვრება? რა გირჩევნია — ღმერთმა გამოგიყენოს, თუ სატანამ ისარგებლოს შენით? რა გირჩევნია — ღვთის სიტყვამ და ჭეშმარიტებამ აგავსოს, თუ ცოდვამ და სატანამ? კარგად დაფიქრდი ამ ყველაფერზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გააცნობიერო, რომელი სიტყვები და ქმედებები შეიძლება გახდეს ღმერთთან შენი ურთიერთობის არანორმალურობის მიზეზი, შემდეგ კი გამოასწორო საკუთარი თავი, რათა სწორ მდგომარეობაში შეხვიდე. ყოველ ჯერზე, გამოიკვლიე შენი სიტყვები, შენი ქმედებები, ყოველი შენი ნაბიჯი, ასევე ყოველი შენი აზრი და იდეა. სწორად გაიაზრე შენი ნამდვილი მდგომარეობა და შედი სულიწმიდის მოქმედების წესში. ეს არის ერთადერთი გზა ღმერთთან ნორმალური ურთიერთობისთვის. როცა შეაფასებ, ნორმალურია თუ არა შენი ურთიერთობა ღმერთთან, შეძლებ შენი განზრახვების გამოსწორებას, ადამიანის ბუნება-არსების გაგებას და საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობას. ამ გზით შეძლებ რეალურ გამოცდილებაში შესვლას, საკუთარი თავის წინააღმდეგ რეალურად აჯანყებას და შეგნებულ მორჩილებას. იმის გააზრებასთან ერთად, ნორმალურია თუ არა შენი ურთიერთობა ღმერთთან, აღმოაჩენ შესაძლებლობებს, რომ ღმერთმა სრულგყოს და სულიწმიდის მოქმედების მრავალი მდგომარეობა შეიცნო. ასევე შეძლებ ამოიცნო სატანის მრავალი ხრიკი და ჩაწვდე მის შეთქმულებებს. მხოლოდ ამ გზას მიჰყავს ადამიანი ღვთის მიერ სრულყოფამდე. შენ ასწორებ ურთიერთობას ღმერთთან, რათა სრულად დაემორჩილო მის განგებას, კიდევ უფრო ღრმად შეხვიდე რეალურ გამოცდილებაში და კიდევ უფრო მეტად განიცადო სულიწმიდის მოქმედება. როდესაც ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის პრაქტიკას იწყებ, უმეტეს შემთხვევაში, წარმატება მიიღწევა ხორციელის წინააღმდეგ აჯანყებით და ღმერთთან რეალური თანამშრომლობით. უნდა გაიგო, რომ „თანამშრომლობის გარეშე რთულია ღვთის საქმის მიღება; თუ ხორცი არ იტანჯება, ღვთისგან კურთხევა არ იქნება; თუ სული არ იბრძვის, სატანას არ შერცხვება.“ თუ ამ პრინციპებს მიჰყვები და სრულად ჩაწვდები, შენი შეხედულებები ღვთის რწმენის შესახებ გასწორდება. შენს ამჟამინდელ პრაქტიკაში უნდა უარყო აზროვნება, რომელიც „პურის ჭამით დაკმაყოფილების ძიებას“ ჰგავს; უნდა უარყო აზრი, რომ „ყველაფერს სულიწმიდა აკეთებს და ადამიანებს ჩარევა არ ძალუძთ.“ ვინც ასე ამბობს, ფიქრობს: „ადამიანებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის აკეთონ და როცა დრო მოვა, სულიწმიდა თავის საქმეს გააკეთებს. ადამიანებს არ სჭირდებათ ხორციელის შეზღუდვა ან თანამშრომლობა; მთავარია, სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი.“ ეს შეხედულებები სრულიად აბსურდულია. ასეთ პირობებში სულიწმიდა ვერ იმოქმედებს. სწორედ ასეთი ხედვა აფერხებს ძლიერ სულიწმიდის მოქმედებას. ხშირად სულიწმიდის მოქმედება ადამიანის თანამშრომლობით მიიღწევა. ვისაც არ გააჩნია თანამშრომლობის სურვილი და სიმტკიცე, თუმცა მაინც სურს საკუთარ ხასიათში ცვლილების მიღწევა, სულიწმიდის საქმის მიღება და ღვთისგან ნათელის მოფენისა და განათების მოპოვება, ჭეშმარიტად ზედმეტი და უსაფუძვლო ფიქრები აქვს. ამას „საკუთარი თავის განებივრება და სატანის შეწყალება“ ჰქვია. ასეთ ადამიანებს ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვთ. შენ უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში სატანური ბუნების მრავალი გამოცხადება და გამოვლინება და იპოვო ყველა ის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ღმერთი მოითხოვს ახლა. შეძლებ ახლა სატანის წინააღმდეგ აჯანყებას? უნდა მიაღწიო ღმერთთან ნორმალურ ურთიერთობას, იმოქმედო ღვთის განზრახვების მიხედვით და გახდე ახალი ადამიანი ახალი ცხოვრებით. ნუ ჩაეფლობი წარსულ შეცდომებში; ნუ იქნები ზედმეტად სინანულით დამძიმებული; შეძელი წამოდგომა, ღმერთთან თანამშრომლობა და შენი მოვალეობების შესრულება. ამგვარად, შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალური გახდება.

თუ ამის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ დაეთანხმები ამ სიტყვებს, მაგრამ გული ურყევი დაგრჩება და არ ეცდები ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ეს იმას ამტკიცებს, რომ ღმერთთან ურთიერთობას არ ანიჭებ მნიშვნელობას. იმასაც ცხადყოფს, რომ შენი შეხედულებები ჯერ კიდევ არ არის გასწორებული, ხოლო შენი განზრახვები არ იმისკენაა მიმართული, რომ ღმერთმა მოგიპოვოს და მას დიდება მიეგოს, არამედ იმისკენ, რომ სატანის ჩანაფიქრმა გაიმარჯვოს და შენმა საკუთარმა მიზნებმა აღსრულება ჰპოვოს. ასეთ ადამიანებს არასწორი განზრახვები და მცდარი შეხედულებები აქვთ. რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი და როგორც არ უნდა ამბობდეს, ისინი სრულიად გულგრილნი რჩებიან და ოდნავადაც არ იცვლებიან. მათ გულში არც შიშია და არც სირცხვილი. ასეთი ადამიანი უსულო და დაბნეულია. წაიკითხე ღვთის ყოველი სიტყვა და როგორც კი გაიგებ, მაშინვე პრაქტიკაში განახორციელე. შესაძლოა, ერთ დროს, შენი ხორციელი ბუნება სუსტი იყო, ან ურჩობდი, ან წინააღმდეგობას უწევდი; მაგრამ როგორც არ უნდა მოქცეულიყავი წარსულში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და დღეს, ეს ხელს ვერ შეუშლის შენი სიცოცხლის მომწიფებას. ასე რომ, სანამ შეგიძლია ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა გქონდეს, იმედი არსებობს. თუ ყოველ ჯერზე, როცა ღვთის სიტყვებს კითხულობ, შენში ცვლილება ხდება და სხვებსაც შეუძლიათ დაინახონ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან შენი ურთიერთობა ახლა უკვე ნორმალურია და გამოსწორებულია. ღმერთი ადამიანებს მათი გადაცდომების მიხედვით არ ეპყრობა. როგორც კი გაიგებ და გააცნობიერებ, როცა შეძლებ, რომ აღარ ამბოხდე და აღარ გაუწიო წინააღმდეგობა, ღმერთი კვლავ შეგიწყალებს. როდესაც გექნება ეს შეგნება და გადაწყვეტ ღვთის მიერ სრულყოფისკენ სწრაფვას, მაშინ შენი მდგომარეობა ღვთის წინაშე ნორმალური გახდება. რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შემდეგზე იფიქრე: რას იფიქრებს ღმერთი, თუ ამას გავაკეთებ? გამოადგება ეს ჩემს დებსა და ძმებს? სასარგებლო იქნება ეს ღვთის სახლის საქმისთვის? იქნება ეს ლოცვა, თანაზიარება, საუბარი, საქმე თუ სხვებთან კონტაქტი, გამოიკვლიე შენი განზრახვები და შეამოწმე, ნორმალურია თუ არა შენი ურთიერთობა ღმერთთან. თუ საკუთარ განზრახვებსა და ფიქრებს ვერ არჩევ, ეს ნიშნავს, რომ სათანადო შეფასების უნარი არ გაგაჩნია, რაც ამტკიცებს, რომ შორს ხარ ჭეშმარიტებისგან. თუ შეგიძლია ნათლად გაიგო ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს და შეგიძლია აღიქვა მოვლენები მისი სიტყვების პრიზმიდან, მის მხარეს დგომით, მაშინ შენი შეხედულებები მართებული გახდება. ამიტომ ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარება უმნიშვნელოვანესია ყოველი ადამიანისთვის, რომელსაც ღმერთის სწამს; ყველამ ეს უნდა მიიჩნიოს უმთავრეს ამოცანად და თავისი ცხოვრების უდიდეს საქმედ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, იმით იზომება, გაქვს თუ არა ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან. თუ შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალურია და შენი განზრახვები სწორია, მაშინ იმოქმედე. ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად არ უნდა გეშინოდეს შენი პირადი ინტერესების შეწირვის. არ უნდა მისცე სატანას გამარჯვების საშუალება, არ უნდა მისცე მას შენში დასაყრდენი და არ უნდა დაუშვა, რომ სასაცილოდ გაქციოს. ასეთი განზრახვების ქონა იმის ნიშანია, რომ ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალურია — არა ხორციელის გამო, არამედ სულიერი სიშვიდისთვის, სულიწმიდის მოქმედების მისაღებად და ღვთის განზრახვების დასაკმაყოფილებლად. სწორ მდგომარეობაში შესასვლელად აუცილებელია ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარება და ღვთის რწმენის შესახებ შენი შეხედულებების გასწორება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ღმერთმა მოგიპოვოს და თავისი სიტყვების ნაყოფი შენში გამოავლინოს, კიდევ უფრო მეტად მოგფინოს ნათელი და გაგანათოს. ამგვარად, სწორ გზაზე შეხვალ. განაგრძე ღვთის დღევანდელი სიტყვების ჭამა და სმა, შედი სულიწმიდის ამჟამინდელ მოქმედებაში, იმოქმედე ღვთის დღევანდელი მოთხოვნების მიხედვით, ნუ მისდევ ძველ პრაქტიკებს, ნუ ეჭიდები ძველ გზებს და რაც შეიძლება სწრაფად შედი დღევანდელი ცხოვრების წესში. ამგვარად, ღმერთთან შენი ურთიერთობა სრულიად ნორმალური გახდება და ღვთის რწმენის სწორ გზაზე დადგები.

წინა: ათასწლოვანი სამეფოს დრო დადგა

შემდეგი: მეტად კონცენტრირდით რეალობაზე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება