მეტად კონცენტრირდით რეალობაზე

ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ღვთის შემწეობით სრულყოფილებას მიაღწიოს, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს, თუ ღვთის განზრახვების შესაბამისად საუკეთესოდ როგორ უნდა ემსახუროს ღმერთს. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს ღვთის რწმენა და არც ის ესმის, თუ რატომ უნდა ირწმუნონ იგი ანუ უმეტესობას არ ესმის ღვთის საქმე ან მისი მართვის გეგმის მიზანი. დღეს ადამიანების უმეტესობა კვლავაც ფიქრობს, რომ ღვთის რწმენა სამოთხეში მოხვედრითა და სულის გადარჩენით შემოიფარგლება. მათ წარმოდგენა არ აქვთ ღვთის რწმენის სწორ მნიშვნელობაზე და, უფრო მეტიც, საერთოდ არ ესმით ღვთის მართვის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც მათგანვე მომდინარეობს, ადამიანები უბრალოდ არ ინტერესდებიან ღვთის საქმით და არც მის განზრახვებზე ან მართვის გეგმაზე ფიქრობენ. ამ გზაზე დამდგარმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს ღვთის მართვის მთელი გეგმის მიზანი, მოვლენები, რომლებიც მან დიდი ხნის წინ განახორციელა, რატომ აირჩია ადამიანთა ეს ჯგუფი, რა არის მათი არჩევის მიზანი და მნიშვნელობა და რისი მიღწევა სურს ამ ჯგუფში. ის, რომ ღმერთმა შეძლო ასეთი უმნიშვნელო ადამიანების აღზევება დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში და კვლავაც აგრძელებს საქმეს, ყველანაირი ხერხით ცდის და სრულყოფს მათ, წარმოთქვამს უთვალავ სიტყვას, ასრულებს დიდ საქმეს და გზავნის მსახურების ამდენ საგანს და რომ მხოლოდ ღმერთმა შეასრულა ასეთი დიადი საქმე, - ეს ყოველივე გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი საქმე. ახლა თქვენ არ შეგიძლიათ ამის სრულად დაფასება. შესაბამისად, არ უნდა მიიჩნიოთ, რომ საქმე, რომელიც ღმერთმა თქვენში შეასრულა, ჩვეულებრივია; ეს უმნიშვნელო საკითხი როდია. ისიც კი, რაც ღმერთმა დღეს გაგიცხადათ, საკმარისია იმისთვის, რომ ჩასწვდეთ და გაიგოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას დანამდვილებით და სიღრმისეულად ჩასწვდებით, თქვენი განცდები უფრო გაღრმავდება და თქვენი ცხოვრება გამდიდრდება. დღეს ადამიანებს მეტისმეტად ცოტა რამ ესმით და ცოტას აკეთებენ. ისინი ვერ ახერხებენ ღვთის განზრახვების სრულად დაკმაყოფილებას. ეს ადამიანების ნაკლი და მოვალეობის შესრულების უუნარობაა, რის გამოც არ ძალუძთ სასურველი შედეგის მიღწევა. სულიწმიდას არ აქვს ბევრ ადამიანში მოქმედების შესაძლებლობა, რადგან მათ ზედაპირულად ესმით ღვთის საქმე და არ სურთ ღვთის სახლში შესასრულებელი საქმის სათანადოდ დაფასება, როდესაც მას ასრულებენ. მათ გამუდმებით ისე უჭირავთ თავი, თითქოს საქმეს უმკლავდებიან ან უმრავლესობას მისდევენ ან მხოლოდ სხვისი თვალის დასანახად ირჯებიან. დღეს ამ ნაკადში მოქცეულმა თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიხსენოს, გააკეთა თუ არა თავისი ქმედებებითა თუ საქმეებით ყველაფერი, რაც შეეძლო, და გამოიჩინა თუ არა ყოველგვარი საჭირო ძალისხმევა. ადამიანები ვერანაირად ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას არა იმიტომ, რომ სულიწმიდა არ ასრულებს თავის საქმეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალობებს, რაც სულიწმიდისთვის თავისი საქმის შესრულებას შეუძლებელს ხდის. ღმერთს აღარ შემორჩენია სათქმელი სიტყვები, მაგრამ ადამიანები მაინც ვერაფრით ეწევიან, ისინი მეტისმეტად ჩამორჩნენ, ვერაფრით ახერხებენ ნაბიჯ-ნაბიჯ კრავის კვალდაკვალ მიყოლასა და მასთან სიახლოვის შენარჩუნებას. რაც მათ უნდა დაეცვათ, არ იცავდნენ; რაც უნდა შეესრულებინათ, არ ასრულებდნენ; რისთვისაც უნდა ელოცათ, იმისთვის არ ლოცულობდნენ; რისთვისაც გვერდი უნდა აევლოთ, არ უვლიდნენ. ჩამოთვლილიდან არაფერი მოუმოქმედებიათ. ამდენად, წვეულებაზე დასწრების თაობაზე მსჯელობა უშინაარსოა; ამას არანაირი რეალური აზრი არ აქვს და მხოლოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია. დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს საერთოდ არ შეუსრულებიათ მათი მოვალეობა. ყველაფერი თავად ღმერთის მოქმედებებსა და სიტყვებზე იყო დამოკიდებული. ადამიანის ფუნქცია მეტისმეტად მცირე იყო. ადამიანები უსარგებლო ნაცარნი არიან და მათ ღმერთთან თანამშრომლობის უნარი არ აქვთ. ღმერთს ასობით და ათასობით სიტყვა წარმოუთქვამს, მაგრამ ადამიანებს პრაქტიკულად არცერთი არ განუხორციელებიათ. ეს შეეხებოდა ხორცის დათრგუნვას, ცრურწმენების უარყოფას, ყველაფერში ღვთისადმი მორჩილების პრაქტიკას, გამჭრიახობისა და წვდომის უნარის განვითარებას, გულში ადამიანებისთვის ადგილის დათმობაზე უარის თქმას, კერპებისგან გათავისუფლებას, მცდარი განზრახვების წინააღმდეგ ამბოხს, გრძნობებით ნაკარნახევ მოქმედებებზე ხელის აღებას, სამართლიანად და მიუკერძოებლად საქმის კეთებას, ღვთის ინტერესებსა და სხვებზე გავლენისთვის მეტი ყურადღების გამოჩენას, ღვთის საქმის სასარგებლოდ მეტი ძალისხმევის გამოჩენას, ღვთის სახლის სასიკეთოდ ზრუნვას ყველაფერში, რასაც აკეთებენ, გრძნობებით ნაკარნახევ ქცევაზე ხელის აღებას, ხორციელ ტკბობაზე უარის თქმას თუ მოძველებული ეგოისტური ცრურწმენების აღმოფხვრასა და ა.შ. მათ ნამდვილად ესმით ადამიანის მიმართ ღვთის მიერ დადგენილი ზოგიერთი მოთხოვნა, მაგრამ უბრალოდ არ არიან მზად, პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი. მაშ, კიდევ რა შეუძლია ღმერთს იღონოს და კიდევ როგორ შეუძლია მათი ამოქმედება? როგორ შეუძლიათ ღვთის თვალში ურჩ შვილებს კვლავ გამოიჩინონ თავხედობა, ჩაეჭიდონ მის სიტყვებს და აღფრთოვანდნენ ამით? როგორ შეიძლება გამოიჩინონ თავხედობა, რომ ღვთის საზრდო შთანთქან? სად არის ხალხის სინდისი? მათ ვერ შეასრულეს მინიმალური ვალდებულებებიც კი, რომლებიც უნდა შეესრულებინათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საამისოდ მათ ხელთ არსებული ყველა ღონე უნდა ეხმარათ. ისინი აუხდენელი ოცნებით საზრდოობენ, ასე არ არის? პრაქტიკის გარეშე რეალობაზე მსჯელობა შეუძლებელია. ეს დღესავით ნათელია!

თქვენ გაცილებით რეალისტური გაკვეთილები უნდა ისწავლოთ. არ არის საჭირო ის ქედმაღლური, ცარიელი მსჯელობები, რომლებიც ადამიანებში აღტაცებას იწვევს. როდესაც საქმე განსწავლულობაზე მიდგება, თითოეული ადამიანის ცოდნა წინას აღემატება, მაგრამ ამით პრაქტიკული გამოყენების გზას მაინც ვერ ადგებიან. რამდენი ადამიანი ჩასწვდა პრაქტიკის პრინციპებს? რამდენმა აითვისა ჩვეულებრივი გაკვეთილები? ვის შეუძლია თანაზიარება რეალობასთან მიმართებაში? ღვთის სიტყვის ცოდნაზე მსჯელობის უნარი როდი ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი ავტორიტეტი გაქვს. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჭკვიანი დაიბადე, რომ ნიჭიერი ხარ. თუ გზას ვერ მიუთითებ, შედეგს ვერ მიაღწევ და უსარგებლო ნაცარი გახდები! განა არ თვალთმაქცობ, თუკი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების გზაზე ვერაფერს ამბობ? განა არ თვალთმაქცობ, თუკი არ შეგიძლია შენი პრაქტიკული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება, რითიც შესთავაზებდი გაკვეთილებს ან გზას, რომელსაც შეიძლება დასდგომოდნენ? განა თაღლითი არ ხარ? რა არის შენი ღირებულება? ასეთ ადამიანს მხოლოდ „სოციალიზმის თეორიის გამომგონებლის“ როლის შესრულება შეუძლია და არა „სოციალიზმის დამყარებაში წვლილის შემტანის“. რეალობას მოწყვეტილი, ჭეშმარიტებას ვერ ეზიარები. რეალობის გარეშე არარაობად იქცევი. რეალობის გარეშე ყოფნა მოსიარულე გვამად ყოფნას ნიშნავს. რეალობის გარეშე ყოფნა ნიშნავს იყო „მარქსისტულ-ლენინისტურად მოაზროვნე”, რომელსაც ღირებულებითი ორიენტირები არ გააჩნია. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მოეშვათ თეორიას და რეალურ, ჭეშმარიტ და არსებით რაღაცებზე იმსჯელოთ; შეისწავლოთ „თანამედროვე ხელოვნება”, თქვათ რაიმე რეალისტური, შეიტანოთ წვლილი რეალურ საქმეში და გამოიჩინოთ საქმისადმი ერთგულების სულისკვეთება. მსჯელობისას თვალი გაუსწორე რეალობას; ნუ მოჰყვები არარეალურ და მაღალფარდოვან მსჯელობას იმისთვის, რომ ასიამოვნო ადამიანებს ან მიიპყრო მათი ყურადღება. რა ფასი აქვს ამას? რა აზრი აქვს ადამიანებისგან თბილი მოპყრობის მიღწევას? იყავი ცოტათი „არტისტული” საუბრისას, ცოტათი უფრო სამართლიანი ქცევაში, ცოტათი უფრო გონიერი გადაწყვეტილებებში, ცოტათი უფრო პრაქტიკული ნათქვამში, იფიქრე ყოველი ქმედებით ღვთის სახლისთვის სარგებლის მოტანაზე, ყური მიუგდე შენს სინდისს, როცა გრძნობები მოგეძალება, ნუ უპასუხებ სიძულვილით სიკეთეზე, ნუ უპასუხებ უმადურობით სიკეთეზე და ნუ იქნები თვალთმაქცი, რათა არ მოახდინო ცუდი გავლენა. როდესაც ღვთის სიტყვებით საზრდოობ, უფრო მჭიდროდ დააკავშირე ისინი რეალობასთან, ხოლო როდესაც რაიმის თანაზიარი ხარ, უფრო მეტად ილაპარაკე რეალურ საკითხებზე. ნუ გამოიჩენ ქედმაღლობას. ეს ღმერთს არ დააკმაყოფილებს. ადამიანებთან ურთიერთობისას იყავი ცოტათი უფრო შემწყნარებელი, ცოტათი უფრო დამთმობი, ცოტათი უფრო დიდსულოვანი და შეითვისე „პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება”.[ა] როდესაც ცუდი აზრები მოგეძალება, უფრო მეტად გაისარჯე ხორცის დასათრგუნავად. მუშაობის დროს მეტად ილაპარაკე რეალისტურ გზებზე და ნუ გამოიჩენ ამპარტავნობას, თორემ შენი ნათქვამი ადამიანებისთვის მიუწვდომელი იქნება. ნაკლები სიამოვნება, მეტი წვლილის შეტანა - გამოავლინეთ თქვენი ერთგულების უანგარო სულისკვეთება. იყავით მეტად გულისხმიერნი ღვთის განზრახვების მიმართ, მეტად მოუსმინეთ თქვენს სინდისს, იყავით მეტად მზრუნველი და არ დაგავიწყდეთ, თუ რა მოთმინებითა და რაოდენ გულწრფელად გელაპარაკებათ ღმერთი ყოველდღე. უფრო ხშირად იკითხეთ „ძველი ალმანახი”. მეტი ილოცეთ და უფრო ხშირად იყავით თანაზიარი. ნუ იქნებით გზააბნეული; გამოიჩინეთ გონიერება და გაგების უნარი. როდესაც შენი ცოდვილი ხელი მეტისმეტად შორს გაწვდენას ლამობს, შეაჩერე. ნუ დაუშვებ, რომ მეტისმეტად შორს წავიდეს. ამას აზრი არ აქვს და ღვთისგან მხოლოდ წყევლას მიიღებ, ამიტომ ფრთხილად იყავი. დაე, შენს გულში სხვების თანაგრძნობა ღვიოდეს და ნუ ეცდები მუდამ იარაღით ხელში სხვებთან შებრძოლებას. უფრო მეტად იყავი თანაზიარი ჭეშმარიტების შემეცნებასთან მიმართებაში და მეტი ყურადღება დაუთმე ცხოვრებაზე მსჯელობას და ამავდროულად შეინარჩუნე სხვების დახმარების სულისკვეთება. მეტი აკეთე და ნაკლები ილაპარაკე. მეტი ყურადღება დაუთმე პრაქტიკას და ნაკლები - კვლევასა და ანალიზს. მეტად ეცადე, რომ სულიწმიდამ შენზე იმოქმედოს და მიეცი ღმერთს მეტი შესაძლებლობა შენი სრულყოფისთვის. გათავისუფლდი მეტი ადამიანური ფაქტორისგან. საქმის კეთებისას ჯერ კიდევ მეტისმეტად ბევრ ადამიანურ წესს მისდევ და შენი საქმისადმი ზედაპირული მიდგომა და ქცევა კვლავაც ამაზრზენია სხვებისთვის: გათავისუფლდი რაც შეიძლება მეტი ასეთი ფაქტორისგან. შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავაც მეტისმეტად ამაზრზენია. მეტი დრო დაუთმე მის გამოსწორებას. შენ კვლავაც მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ადამიანებს. მეტი მნიშვნელობა მიანიჭე ღმერთს და ასეთი უგუნური ნუ იქნები. „ტაძარი” ყოველთვის ღმერთს ეკუთვნოდა და მას ადამიანები არ უნდა დაეპატრონონ. მოკლედ რომ ვთქვათ, მეტი ყურადღება დაუთმე სამართლიანობას და ნაკლები - გრძნობებს. უმჯობესია, დათრგუნო ხორცი. მეტი ილაპარაკე რეალობაზე და ნაკლები - ცოდნაზე; ჯობს გაჩუმდე და არაფერი თქვა. მეტი ილაპარაკე პრაქტიკის გზაზე და ნაკლები იტრაბახე ამაოდ. უმჯობესი იქნება, წვრთნას ახლავე შეუდგე.

ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ არც ისე მაღალია. თუ ადამიანები საკუთარ წვრთნაზე გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად იზრუნებენ, ისინი „გამსვლელ ქულას” მიიღებენ. სიმართლე რომ ითქვას, ჭეშმარიტების წვდომის, ცოდნისა და გააზრების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. პირველ რიგში, პრაქტიკაში გამოიყენეთ ის, რაც გესმით და რაც გააზრებული გაქვთ. ამ გზით თანდათან მიაღწევთ ჭეშმარიტ ცოდნასა და ჭეშმარიტების გაგებას. ეს არის ნაბიჯები და საშუალებები, რომლებითაც სულიწმიდა მოქმედებს. თუ ამ გზით მორჩილებას არ გამოიჩენ, ვერაფერს მიაღწევ. თუ ყოველთვის საკუთარი ნება-სურვილით იმოქმედებ და მორჩილებას არ გამოიჩენ, განა სულიწმიდა იმოქმედებს შენში? განა სულიწმიდა შენი სურვილისამებრ მოქმედებს? ან იქნებ სულიწმიდა შენი ნაკლოვანებებისა და ღვთის სიტყვების საფუძველზე მოქმედებს? თუ ეს შენთვის ნათელი არ არის, მაშინ ჭეშმარიტ რეალობაში შეღწევას ვერ შეძლებ. რატომ ხდება, რომ ადამიანების უმეტესობას დიდი ძალისხმევა დაუხარჯავს ღვთის სიტყვების კითხვაზე, მაგრამ მხოლოდ ცოდნა აქვთ, ხოლო შემდგომ, რეალურ გზაზე ვერაფერს ამბობენ? ხომ არ ფიქრობ, რომ ცოდნის ფლობა ჭეშმარიტების ფლობას უტოლდება? განა ეს მცდარი შეხედულება არ არის? შენ შეგიძლია იმდენი ცოდნის გამომჟღავნება, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა ნაპირზე, მაგრამ არცერთი მათგანი არ გვიჩვენებს რეალურ გზას. ამით ხალხის მოტყუებას ხომ არ ცდილობ? შიშველ სანახაობას ხომ არ ქმნი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია? ყველა მსგავსი საქციელი ადამიანებისთვის საზიანოა! რაც უფრო მაღალფარდოვანია თეორია და რაც უფრო მეტად არის ის მოკლებული რეალობას, მით უფრო ნაკლებად შეუძლია რეალობასთან ადამიანების მიახლოება. რაც უფრო მაღალფარდოვანია თეორია, მით მეტად გაიძულებს აუჯანყდე და დაუპირისპირდე ღმერთს. ნუ ელოლიავები სულიერ თეორიას - ის სარგებლობის მომტანი არ არის! ზოგი ადამიანი სულიერ თეორიაზე ათწლეულების განმავლობაში მსჯელობდა და ისინი გამოჩენილ სულიერ მოღვაწეებად იქცნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ეზიარნენ ჭეშმარიტ რეალობას. იმის გამო, რომ პრაქტიკულად არ გამოუცდიათ ან არ ჩასწვდომიან ღვთის სიტყვებს, მათ არ გააჩნიათ პრინციპები ან ამ სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების საშუალება. ასეთი ადამიანები თავად არიან ჭეშმარიტებასა და რეალობას მოწყვეტილები, მაშ, როგორღა შეუძლიათ ღვთის რწმენის სწორ გზაზე სხვა ადამიანების დაყენება? მათ მხოლოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანა შეუძლიათ. განა ეს სხვებისა და საკუთარი თავისთვის საზიანო არ არის? სულ მცირე შენ წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაჭრა უნდა შეძლო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვის პრაქტიკულად გამოყენება და მასში ჩაწვდომა, ასევე, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება უნდა შეგეძლოს. მხოლოდ ეს ნიშნავს ღვთისადმი მორჩილებას. მხოლოდ სიცოცხლეში შესვლის შედეგად იღებ უფლებას ღვთისთვის გაისარჯო და მხოლოდ მაშინ, როდესაც გულწრფელად მიილტვი ღვთისკენ, ღმერთმა შეიძლება მიგიღოს. არ არის საჭირო გამუდმებით ხმაურიანი განცხადებების კეთება და მაღალფარდოვან თეორიებზე მსჯელობა. ეს სიმართლისგან შორს დგას. სულიერ თეორიებზე მსჯელობა ადამიანებში აღფრთოვანების გამოსაწვევად ღვთის დამოწმებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო, საკუთარი თავით ტკბობაა. ეს არანაირ სარგებლობას არ მოუტანს ადამიანებს, არ დამოძღვრავს მათ, ადვილად შეიძლება მიიყვანოს იქამდე, რომ დაიწყონ სულიერი თეორიის თაყვანისცემა და ყურადღება მოაკლონ ჭეშმარიტების პრაქტიკულად გამოყენებას - და განა ეს ადამიანების შეცდომაში შეყვანის გზა არ იქნება? ასე გაგრძელება უამრავ ცარიელ თეორიასა და წესს წარმოშობს, რომლებიც ადამიანებს შეზღუდავს და შებოჭავს. ეს ნამდვილად დამამცირებელი იქნება. ამიტომ, მეტი ილაპარაკე სიმართლეზე, ილაპარაკე რეალურად არსებულ პრობლემებზე, მეტი დრო დაუთმე რეალური პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ჭეშმარიტების ძიებას. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ გადადებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების სწავლას: სწორედ ეს არის რეალობის შეცნობის გზა. ნუ მიისაკუთრებ სხვა ადამიანების გამოცდილებას და ნუ გამოიყენებ მას სხვებში აღფრთოვანების გამოწვევის მიზნით. შენ სიცოცხლეში შესვლის საკუთარი შესაძლებლობა უნდა გქონდეს. მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებითა და ღვთის მორჩილებით გექნება სიცოცხლეში შესვლის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის ის, რასაც ყველა ადამიანი უნდა ითვისებდეს და რაზეც ყურადღებას უნდა ამახვილებდეს.

თუკი ის, რისი თანაზიარიც ხარ, ადამიანებს სავალ გზას უჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ რეალობას ფლობ. რაც არ უნდა ილაპარაკო, ადამიანები პრაქტიკაში უნდა ჩართო და ყველას მისცე გზა, რომლის გავლაც შეეძლებათ. მათთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა საკმარისი არაა. უფრო მნიშვნელოვანი კი სამოქმედო გზის ქონაა. იმისათვის, რომ ადამიანებმა ღმერთი ირწმუნონ, მათ უნდა გაიარონ გზა, რომელსაც ღმერთი თავისი საქმით მიგვითითებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის რწმენის პროცესი სულიწმიდის მიერ წარმართული გზით სიარულის პროცესია. შესაბამისად, შენ უნდა გქონდეს გზა, რომელსაც გაივლი, რაც არ უნდა მოხდეს, ამიტომ ღვთის წინაშე სრულყოფილების გზას უნდა დაადგე. მეტისმეტად ნუ ჩამორჩები და მეტისმეტად ნუ ჩაჰკირკიტებ რაღაც-რაღაცებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბრკოლებლად გაჰყვები ღვთის მიერ გაკვალულ გზას, შეძლებ სულიწმიდის საქმის მიღებას და ჭეშმარიტების გზაზე დადგომას. მხოლოდ ეს ითვლება ღვთის განზრახვების შესაბამისად და ადამიანის ვალდებულების შესრულებად. თითოეულმა ადამიანმა ამ სფეროში სათანადოდ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ადამიანებს მართებთ, და არ უნდა იმოქმედოს მიკერძოებულად. სამუშაოს შემსრულებლებმა მკაფიოდ უნდა გამოთქვან თავიანთი აზრები, მათმა მიმდევრებმა კი მეტად უნდა გაამახვილონ ყურადღება გასაჭირის გადატანასა და მორჩილებაზე, ყველა უნდა დარჩეს თავის ადგილზე და არ გასცდეს საზღვარს. ყველა ადამიანს გულის სიღრმეში უნდა ესმოდეს, როგორ წარმართოს საკუთარი საქმიანობა და რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს. დაადექით სულიწმიდის მიერ დადგენილ გზას. ნუ გადაუხვევთ ამ გზიდან და ნუ შეცდებით. მკაფიოდ უნდა დაინახოთ დღევანდელი საქმე. ყველაზე მეტად თანამედროვე სამუშაო საშუალებების პრაქტიკაში დანერგვაზე უნდა იზრუნოთ. უპირველესად სწორედ ეს უნდა გააკეთოთ. ნუ დახარჯავთ სიტყვებს სხვა რამეებზე. ღვთის სახლში საქმის კეთება დღეს თქვენი პასუხისმგებლობაა, თანამედროვე სამუშაო საშუალებების გამოყენება თქვენი ვალდებულებაა, ხოლო დღევანდელი ჭეშმარიტების ერთგულება თქვენი ტვირთია.

შენიშვნები:

ა. პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება: კლასიკური ჩინური გამონათქვამი, რომელსაც ფართო თვალსაწიერის მქონე და დიდსულოვანი ადამიანის დასახასიათებლად იყენებენ.

წინა: როგორია შენი ურთიერთობა ღმერთთან?

შემდეგი: მცნებების დაცვა და ჭეშმარიტების აღსრულება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება