პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეხუთე)
II. ანტიქრისტეთა ინტერესები
გ. საკუთარი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვა
დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტზე და ამ პუნქტის იმ ნაწილზე, რომელიც მათ ინტერესებს ეხება. წინა ჯერზე მე მქონდა თანაზიარება ანტიქრისტეთა ინტერესების მესამე პუნქტზე: სარგებელზე. იმ პუნქტში მე ჩამოვთვალე რამდენიმე ასპექტის კონკრეტული გამოვლინებები და ძირითადად შევეხე ანტიქრისტეთა ქცევას, მათ აზრებსა და შეხედულებებს და იმ სხვადასხვა ქმედებას, რომლებსაც ისინი ამ აზრებისა და შეხედულებების ზეგავლენით სჩადიან. წინა ჯერზე მე მქონდა თანაზიარება ორ ასპექტზე: პირველი იყო ღვთის სახლის ქონების მითვისება, ხოლო მეორე — დებისა და ძმების გამოყენება მათთვის სამსახურის გასაწევად და მათთვის სამუშაოდ. ეს არის ანტიქრისტეთა მიერ საკუთარი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვის ორი კონკრეტული გამოვლინება. ახლა, როდესაც ამ საკითხებზე თანაზიარება მქონდა, შეგიძლიათ თუ არა ჩაწვდეთ ანტიქრისტეების ბუნება-არსებას? სინამდვილეში გახრწნილ ადამიანთა შორის არ არსებობს დიდი განსხვავება ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების თვალსაზრისით, იქნება ეს მათ ხასიათთან თუ ბუნება-არსებასთან დაკავშირებული. ისინი უფრო მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე განსხვავდებიან; მათ შორის ერთადერთი განმასხვავებელია ის, თუ როგორი ადამიანის ბუნება აქვთ - კეთილი თუ ბოროტი და აშკარა განსხვავება მხოლოდ მაშინ იკვეთება, როდესაც საქმე ჭეშმარიტებისადმი მათ დამოკიდებულებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გახრწნილი ხასიათი ერთნაირია, ანტიქრისტეებს სძულთ ჭეშმარიტება, ისინი ეწინააღმდეგებიან, განიკითხავენ და გმობენ ღმერთს, ასევე სჩადიან ბოროტებას და არევ-დარევა შეაქვთ ეკლესიის საქმეში. ეს არის ის მიმართულებები, სადაც ანტიქრისტეებსა და ჩვეულებრივ გახრწნილ ადამიანთა შორის თვალსაჩინო განსხვავება ჩანს. ყველა ადამიანს აქვს ანტიქრისტეს ხასიათი, მაგრამ თუ მათ არ ჩაუდენიათ ბოროტება, არ შეუტანიათ არევ-დარევა ეკლესიის საქმეში და უშუალოდ არ დაპირისპირებიან ღმერთს, მაშინ ისინი არ შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ანტიქრისტეები. მიუხედავად იმისა, რომ გახრწნილ ადამიანებს აქვთ ერთნაირი ან მსგავსი აზრები, შეხედულებები და გახრწნილი ხასიათი, თუ ვინმეს ადამიანურობა-არსება არ არის ბოროტი ადამიანის მსგავსი, მაშინ ეს არის აშკარა განსხვავება მათსა და ანტიქრისტეთა შორის. ადამიანთა უმეტესობა ვერ ხედავს ამ განსხვავებას და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან, ერთად აჯგუფებს და მათ ანტიქრისტეებად ახასიათებს — ამით ადვილია კეთილი ადამიანებისთვის ზიანის მიყნება! თუ შენ ნათლად არ გესმის ანტიქრისტეთა არსი, ეს უდიდესი დაბრკოლებაა საკუთარი თავის შეცნობისთვისაც. თუ ხედავ, რომ შენი გახრწნილი ხასიათი ისეთივეა, როგორიც ანტიქრისტესი, საკუთარ თავს ანტიქრისტედ მიიჩნევ, და თუ ხედავ, რომ გზა, რომელზეც დგახარ, ანტიქრისტეთა გზაა, მაშინაც იგივეს გაიფიქრებ. საკუთარ თავს მაინც ანტიქრისტედ მიიჩნევ, თუ დაინახავ, რომ შენი მოქმედების გზა, აზრები და შეხედულებები ისეთივეა, როგორიც ანტიქრისტესი. თუ საკუთარ თავში ანტიქრისტეს ამ სამი ნიშნით დაინახავ, მაშინ საკუთარ თავს ანტიქრისტედ შერაცხავ. რა შედეგებს მოიტანს ეს? აუცილებლად გახდები გარკვეულწილად ნეგატიური და ხელს ჩაიქნევ საკუთარ თავზე. საკუთარი თავის ამგვარად შეცნობა გარკვეულწილად დამახინჯებულია. მაშ, არ არის აუცილებელი ანტიქრისტეს ხასიათის შეცნობა? არა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ანტიქრისტეთა ხასიათის თანაზიარებისა და გაანალიზების მიზანია, შეგეძლოს საკუთარ თავთან პარალელების გავლება და საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობამდე მისვლა. თუ უბრალოდ გესმის, რომ ჩვეულებრივი გახრწნილი ხასიათი გაქვს, მაგრამ არ აღიარებ, რომ ანტიქრისტეს ხასიათიც გაქვს, მაშინ საკუთარი თავის შეცნობა ძალიან ზედაპირული და ცალმხრივია; ეს არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. შესაძლოა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდე. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: „მე არ დავდივარ ანტიქრისტეთა გზით, არც ანტიქრისტე ვარ და არც ანტიქრისტეს არსი მაქვს, ამიტომ არ მჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ანტიქრისტეს ხასიათი მაქვს, შემიძლია ვიარო ანტიქრისტეთა გზით და შესაძლოა გავხდე კიდეც ანტიქრისტე. საკუთარ თავზე ასე რომ ვფიქრობდე, განა ამით საკუთარ თავს არ დავამცირებდი?“ ამრიგად, დიდად არ ინტერესდები თემებით, რომლებიც ანტიქრისტეთა მხილებას ეხება. მიუხედავად იმისა, ინტერესდები თუ არა იმის დადგენით, თუ შენ ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი ხარ, საბოლოოდ დადგება დღე, როდესაც თანდათანობით გაიზრდები და გაიგებ ჭეშმარიტების ამ ასპექტებსა და ამ გამონათქვამებს. მომისმენია ზოგიერთი ადამიანისთვის, რომლებსაც თანაზიარება აქვთ ემპირიულ გაგებაზე, მაგრამ არაფერს ამბობენ თავიანთ ანტიქრისტეს ხასიათზე ან იმაზე, როგორ მიჰყვებიან ანტიქრისტეთა გზას. აშკარაა, რომ მათი აზრები, შეხედულებები და ხასიათი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ანტიქრისტესი — ისინი იდენტურია — მაგრამ მათ ეს არ ესმით. ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბევრ ადამიანს საკუთარი თავის ძალიან ზედაპირული შეცნობა აქვს, რადგან მათ მხოლოდ იმის გაგება შეუძლიათ, რომ აქვთ გახრწნილი ხასიათი, რომ ეწინააღმდეგებიან ღმერთს და ამბოხებულნი არიან ღვთის მიმართ, რომ მათი ადამიანური ბუნება არ არის ძალიან კარგი და რომ მათ დიდად არ უყვართ ჭეშმარიტება. სინამდვილეში, რასაც ისინი ავლენენ და ამჟღავნებენ, არის ანტიქრისტეს ხასიათი და გზა, რომელსაც ისინი მიუყვებინ, არის ანტიქრისტეთა გზა, მაგრამ მათ ეს არ ესმით. რატომ ვერ აცნობიერებენ ისინი ამას? იმიტომ, რომ მათ არ ესმით ანტიქრისტეს ხასიათთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოვლინება და ბევრ ადამიანს კიდეც ეშინია თქვას, რომანტიქრისტეს ხასიათი აქვს ან ანტიქრისტეთა გზაზე დგას. რომც ესმოდეთ, ვერ ბედავენ ამის თქმას; ხმამაღლა რომ თქვან, თითქოს დაწყევლილნი ან დაგმობილნი იქნებიან. სინამდვილეში, განა შენი მდგომარეობა იგივე არ არის, იტყვი ამას თუ არა? შეუძლია თუ არა ამას შეცვალოს ის ფაქტი, რომ შენ გაქვს ანტიქრისტეს ხასიათი? არა, არ შეუძლია. ის ფაქტი, რომ შენ ეს არ გესმის, ამტკიცებს, რომ შენი ჭეშმარიტების წვდომა მეტისმეტად ზედაპირულია და რომ არ ძალგიძს საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობა.
3. საკუთარი მდგომარეობის გამოყენება საკვების, სასმელისა და სხვადასხვა სასურველი ნივთის თაღლითურად მოსაპოვებლად
შემდეგ ჩვენ გვექნება თანაზიარება ანტიქრისტეთა მიერ საკუთარი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვის მესამე გამოვლინებაზე — საკუთარი მდგომარეობის გამოყენებაზე საკვების, სასმელისა და სხვადასხვა სასურველი ნივთის თაღლითურად მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, „საკუთარი მგომარეობის გამოყენებას“ ასევე შეიძლება ეწოდოს საკვების, სასმელისა და სხვადასხვა სასურველი ნივთის თაღლითურად მოპოვება ღვთისადმი რწმენის საფარქვეშ. ოდესმე გიცდია ამ პუნქტზე დაფიქრება და გიფიქრია ამაზე? (არა, არ მიფიქრია.) ოდესმე გინახავს ასეთი ადამიანი? გაქვს რაიმე მოსაზრება ამგვარი ადამიანის შესახებ? გრძნობ თუ არა ზიზღს ან სიძულვილს? იჩენ თუ არა უპატივცემულობას ამგვარი ადამიანის მიმართ? (დიახ.) როგორი ადამიანები არიან ისინი? როგორია მათი ადამიანობა? რატომ აკეთებენ ისინი ამას? როგორია მათი თვალსაზრისი ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში? არის თუ არა ამგვარი ადამიანი ის, ვისაც ღმერთი გადაარჩენს? საბოლოო ჯამში რა არის მათი ღვთისადმი რწმენის მიზანი? მათ მიატოვეს თავიანთი ოჯახები და კარიერა და გამოავლინეს, რომ იტანჯებიან და იღებენ მსხვერპლს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა არის მათი მიზანი, როდესაც იყენებენ საკუთარ მდგომარეობას საკვებისა და სასმელის თაღლითურად მოსაპოვებლად? იციან თუ არა მათ, რომ როდესაც ამას აკეთებენ, ღმერთს სძულს ეს და უკმაყოფილოა? ოდესმე გიფიქრია ამ კითხვებზე? სიმართლე რომ ვთქვათ, უმეტესობა თქვენგანს არ უფიქრია. და რატომ არ გიფიქრია? ზოგი ამბობს: „საზოგადოებაში ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია, ამიტომ არ არის დიდი პრობლემა, თუ რამდენიმე მათგანი ღვთის სახლშიც იქნება. უფრო მეტიც, არც თავად ვართ უცოდველნი.“ შენ თვლი საკუთარ თავს ადამიანად, რომელიც ეძიებს ჭეშმარიტებას, და მაინც არასოდეს აკავშირებ საკუთარ საქმეებს, აზრებსა და იდეებს ისევე, როგორც სხვათა საქმეებსა და ქცევებს, ჭეშმარიტებასთან და ჭეშმარიტების თვალსაზრისით არ აფასებ და განსაზღვრავ მათ. მაშ, კვლავ ხარ ადამიანი, რომელიც ეძიებს ჭეშმარიტებას? აქვს თუ არა კვლავ ღირებულება და მნიშვნელობა შენთვის იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც გააცნობიერე ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში? არა, არ აქვს. ყველა ის, ვინც თავს დიდი სულიერების მქონედ წარმოაჩენს მაშინ, როდესაც სულიერი წვდომა არ გააჩნია, ყალბი სულიერების მქონეა; მათ არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, რომ მთელი დღე მკაცრად დაიცვან წესები ან წარმოთქვან სიტყვები და მოძღვრებები, რაც ჰგავს იმას, რასაც ძველი სწავლულები აკეთებდნენ, „მთლიანად უძღვნიდნენ თავს ბრძენთა წიგნების შესწავლას და ყურადღებას არ აქცევდნენ გარე საკითხებს.“ ადამიანები, რომლებიც თავს დიდი სულიერების მქონედ წარმოაჩენენ, ფიქრობენ, რომ რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, მათზე არანაირ გავლენას არ ახდენს, რომ ის, თუ როგორ ფიქრობენ სხვა ადამიანები, სხვების საქმეა; ისინი უარს ამბობენ შეისწავლონ, როგორ ამოიცნონ ადამიანები, როგორ ჩაწვდნენ მოვლენათა არსს და როგორ გაიგონ ღვთის განზრახვები ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. ადამიანთა უმეტესობა ასეთია; როდესაც ისინი დაასრულებენ ქადაგების მოსმენას ან ღვთის სიტყვების კითხვას, ისინი ინიშნავენ მას ქაღალდის ფურცელზე, ინახავენ მას თავიანთ გულებში და ეპყრობიან მას, როგორც მოძღვრებას ან წესებს, რომლებსაც ფორმალურად იცავენ და ამით ამთავრებენ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უკავშირდება ამ ჭეშმარიტებებს მათ გარშემო მომხდარი მოვლენები ან ის სხვადასხვა ქცევა და გამოვლინება, რომლებსაც ისინი ხედავენ მათ გარშემო მყოფ ადამიანებში, ისინი არასოდეს ფიქრობენ ან ცდილობენ ამაზე დაფიქრდნენ გულის სიღრმეში, არც ლოცულობენ და არც ეძიებენ. ადამიანთა უმეტესობის სულიერი ცხოვრება ამგვარ მდგომარეობაშია. ამიტომ ბევრი ადამიანი ნელი და ზედაპირულია ჭეშმარიტებაში შესვლისას; მათი სულიერი ცხოვრება უკიდურესად ერთფეროვანია; ისინი მხოლოდ წესებს მიჰყვებიან და არ იცავენ პრინციპებს ქმედებისას. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანის სულიერი ცხოვრება მოწყვეტილია რეალობას და ცარიელია; ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ბოროტი ადამიანებისა და ანტიქრისტეების აშკარა ქცევებსა და გამოვლინებებს, მათ საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე ცნებები, მით უმეტეს რაიმე განმარტებები, არც იდეები აქვთ და არც რაიმე გამჭრიახობას ავლენენ. რაც შეეხება ანტიქრისტეთა ქცევებს, გამოვლინებებსა და გამონათქვამებს პირადი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვისას, შესაძლოა საკმაოდ ბევრი გინახავთ, მაგრამ გულის სიღრმეში არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ ზუსტად როგორი ადამიანები არიან ისინი, ძალუძთ თუ არა მათ ჭეშმარიტების მოპოვება ღვთისადმი რწმენაში, არიან თუ არა ისინი ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანები, და სხვა მსგავს კითხვებზე. ამის ნაცვლად თქვენ მთელი დღის განმავლობაში ზედაპირულად ასრულებთ თქვენს მოვალეობებს რეალური ჩართულობის გარეშე, ფორმალურად აკეთებთ ყველაფერს და არ ესწრაფი ჭეშმარიტების მოპოვებას ან ჭეშმარიტება-რეალობის გაგებასა და მასში შესვლას. ანტიქრისტეები იყენებენ პირად მდგომარეობას საკუთარი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვისთვის და ღვთისადმი რწმენას, როგორც საბაბს, რათა თაღლითობით მოიპოვონ ყოველივე სასურველი ღვთის სახლში. ესენი ბუნებრივია მოიცავს საკვებსა და სასმელს ისევე, როგორც გარკვეულ მატერიალურ სიამოვნებებს და მსგავს რამეებს. ასეთი ადამიანების არსი იგივეა, რაც ანტიქრისტეთა მატერიალისტური არსი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ — ეს არის იმავე ტიპის ადამიანის ზნეობა. ისინი მხოლოდ იმას ეწრაფიან, რომ დატკბნენ ყოველგვარი მატერიალური სიკეთეებით; არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და მით უმეტეს არ ამზადებენ კეთილ საქმეებს. ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ, თითქოს ჭეშმარიტებას ეძიებენ; ზედაპირულად ისე ჩანს, რომ ამას აკეთებენ. რასაც ისინი გულის სიღრმეში ესწრაფიან, ძირითადად არის ჭამის, სმისა და კარგად მოპყრობის ხორციელი სიამოვნებები, რომლებიც მუდმივად მათ გონებაშია. ირგვლივ საკმაოდ ბევრი ასეთი ადამიანია; სავარაუდოდ, თითოეულ ეკლესიაში ერთი ან ორი, ან შესაძლოა მეტიც კი იყოს. დღეს მე არ ვისაუბრებ ამ ადამიანების გამოვლინებებზე, ქცევასა და არსზე თეორიული თვალსაზრისით. პირველ რიგში, მე ვისაუბრებ რამდენიმე კონკრეტულ, ტიპურ შემთხვევაზე და მოგცემთ საშუალებას, მოისმინოთ, შეგექმნეთ გარკვეული წარმოდგენა და დაინახოთ, თუ როგორ არიან ასეთი ადამიანები დაკავშირებული იმ პუნქტთან, რომელზეც ჩვენ თანაზიარება გვაქვს, და იყენებენ თუ არა ისინი პირად მდგომარეობას და აფრიალებენ თუ არა ღვთისადმი რწმენის დროშას, რათა თაღლითურად მოიპოვონ საკვები, სასმელი, ფული და მატერიალური ნივთები. შეეცადეთ ამოიცნოთ ამ ტიპის ადამიანი და შემდეგ დაფიქრდით, აქვთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვთ, ის გამოვლინებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თუ ვინმე გაგახსენდებათ, შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითიც მოიყვანოთ. მითხარით, მაგალითების მოყვანა სჯობს თუ უბრალოდ ასე, ზოგადად თანაზიარება? (მაგალითების მოყვანა სჯობს.) რა არის მაგალითების მოყვანის დადებითი მხარე? პირველ რიგში, ადამიანთა უმეტესობა მზად არის მოისმინოს ეს ამბები და რეალური ცხოვრებისეული შემთხვევები. ამ ამბებს აქვს სიუჟეტი და ჰყავს პერსონაჟები. ადამიანთა უმეტესობა მათ საინტერესოდ მიიჩნევს. ეს ზუსტად ისეა, როგორც შენს პირად გამოცდილებაზე რომ ისაუბრო: თუ ამის შესახებ სტატიას დაწერ, ადამიანები, როგორც წესი, მას ერთხელ ან ორჯერ წაიკითხავენ და სულ ეს არის, მაგრამ თუ მასზე ფილმს გადაიღებ ან სპექტაკლს დადგამ, მეტი ადამიანი ნახავს არაერთხელ. ამგვარად, ადამიანები ჭეშმარიტების ამ ასპექტს ან შესაბამის ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს უფრო საფუძვლიანად და მეტი სიცხადით შეხედავენ და ეს მათზე უფრო ღრმა შთაბეჭდილებას მოახდენს. გარდა ამისა, ზოგიერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა ეხმარება ადამიანებს, უფრო ზუსტად გაავლონ პარალელები და დაინახონ კავშირები ჭეშმარიტების თითოეულ ასპექტსა და საკუთარ თავს შორის.
პირველი შემთხვევა: მოჩვენებითი შრომა უფასო საკვებისა და სასმელის მისაღებად
პირველ რიგში, მოდით, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, რაც ხშირად ხდება ღვთის რჩეულ ხალხში. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მოდის ახალ სამუშაო ადგილას, სადაც ისინი ხვდებიან სხვადასხვა ძმასა და დას, ნახავენ ზოგიერთ კარგ ნივთს და ფიქრობენ: „ეს კარგი ნივთებია. მე რატომ არ მაქვს ისინი?“ განა მათ შინაგანად არასწორი აზრები არ აქვთ? მათმა სიხარბემ თავი იჩინა. როგორც კი სიხარბე თავს იჩენს, ეს მდაბალი და უსირცხვილო არამზადები ჩერდებიან და პოულობენ ყოველგვარ საბაბს, რომ იმ ადგილას იმუშაონ და არ წავიდნენ. რა არის მათი მიზანი, როდესაც არ მიდიან? (რომ ერთ დღესაც სარგებელი მიიღონ.) სწორია, მათ სურთ გამორჩენა. თუ ისინი ამ სარგებელს ვერ მიიღებენ, ღამით კარგად ვერ დაიძინებენ. წუხან, რომ თუ სხვაგან წავლენ, სხვა ვინმე მიიღებს ამ სარგებელს და მათ ეს შანსი აღარ ექნებათ, ამიტომ პოულობენ საბაბს, რომ იქადაგონ და იმ ადგილას იშრომონ. სინამდვილეში გულის სიღრმეში მუდმივად ამ სასურველ რამეებზე ფიქრობენ და მათი მზერაც აქეთკენაა მიმართული. საბოლოოდ ისინი მკვიდრდებიან იმ ადგილას და ძმებისა და დების უმეტესობას ისინი მოსწონს; იციან, რომ ისინი მქადაგებლები არიან და თაყვანს და პატივს სცემენ მათ. ახლა უკვე დადგა დრო, რომ ამ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ახსენონ, რომ არის რაღაც, რაც მათ სურთ; ამიტომ ისინი ყველანაირ გზას ეძებენ ამ თემის წამოსაჭრელად, მაგრამ რაც უფრო მეტს ამბობენ, მით უფრო ღელავენ. ისინი გულში ფიქრობენ: „როგორ უნდა მოვითხოვო ეს ნივთი? არ შემიძლია ძმებსა და დებს გავაგებინო, რომ ეს ნივთი მომწონს და მინდა. ისე უნდა მოვაწყო, რომ თავიანთი ნებით მომცენ ის; უნდა ვაფიქრებინო, რომ მე კი არ ვითხოვ, არამედ ისინი ნებაყოფლობით მაძლევენ მას და, რა თქმა უნდა, რომ ეს არის რაღაც, რისი ქონაც მე დავიმსახურე.“ ამის შემდეგ ეკითხებიან ძმებსა და დებს: „ბოლო დროს როგორ მიდის თქვენი სულიერი განვითარება?“ ძმები და დები ამბობენ: „მას შემდეგ, რაც შენ მოხვედი, ჩვენი ეკლესიური ცხოვრება გაუმჯობესდა და ყველა გამოცოცხლდა.“ „ის ფაქტი, რომ გამოცოცხლდით, ნიშნავს, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა უკეთესია. თქვენი საქმეც კარგად მიდის. ღვთის ნებით მომავალში თქვენი საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავა.“ როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ლაპარაკობენ, საუბარი იქითკენ მიჰყავთ, რაც მათ სურთ. როდესაც ძმებისა და დებისთვის აშკარა ხდება, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს სურთ ეს ნივთი, ისინი ეუბნებიან, რომ წასვლისას თან წაიღონ. წინამძღოლები და მუშაკები ამბობენ: „არა, არ შემიძლია წაღება. ეს არ შეესაბამება პრინციპებს. ღმერთს არ გაეხარდებოდა.“ „პრობლემა არ არის. შენ ეს დაიმსახურე.“ „რომც დავიმსახურო, მაინც ვერ ავიღებ.“ ამის თქმის შემდეგ ნერვიულობენ, რომ ძმებმა და დებმა მართლაც არ დაიტოვონ ეს ნივთი, ამიტომ შორიდან უვლიან საუბარს, რათა ძმებმა და დებმა მადლობა გადაუხადონ მათ კეთილშობილებისთვის და ამავდროულად, აქტიურად ახსენებენ იმ ნივთს, რომელიც მათ სურთ, რათა ძმებსა და დებს არ დაავიწყდეთ მისი მიცემა. ამის შემდეგ ძმებისა და დებისთვის აშკარა ხდება, რას გულისხმობენ წინამძღოლები და მუშაკები; ისინი ამბობენ: „ახლა ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც წახვალ.“ როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ისმენენ ძმებისა და დების ამ ნათქვამს, გული სიხარულით ევსებათ და ფიქრობენ: „მშვენიერია. საბოლოოდ მივიღებ იმას, რაც მინდა!“ შემდეგ კი გაიფიქრებენ: „თუ ხვალვე წავალ, ხალხისთვის მეტისმეტად აშკარა იქნება, რომ ეს ნივთი მინდა. ამიტომ, ორ ან სამ დღეში წავალ.“ როდესაც საბოლოოდ მესამე დღე დგება, წასვლისას ძმები და დები მათ ძალიან მძიმე ამანათს აძლევენ. წინამძღოლები და მუშაკები ხედავენ, რომ ამანათში სწორედ ის ნივთია, რომელიც მათ სურდათ, მაგრამ თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ვერ შეამჩნიეს და უარს არ ამბობენ მასზე. ისინი უბრალოდ უსიტყვოდ იღებენ ამანათს. როგორი ადამიანები არიან ისინი? ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს იყენებენ როგორც საშუალებას — და თავიანთ შრომას როგორც ვალუტას — სასურველი ნივთების მოსაპოვებლად მზაკვრული გეგმების ხლართვისას და რომლებიც ძმებსა და დებს ნივთებს გამოსტყუებენ. განა ეს თაღლითობის ფორმა არ არის? რა არის მათი საქმის მიზანი? სხვათა მოტყუებით სასურველი ნივთების მიღება. როგორც კი იპოვიან ადგილს, სადაც არის რაღაც სასურველი და რაც მათ სურთ, ისინი ჩერდებიან და წასვლა აღარ უნდათ. მათ ყველა კარგი ნივთი მიაქვთ საკუთარ სახლში. მრავალი წლის მანძილზე წინამძღოლად ან მუშაკად მსახურების შემდეგ მათ სახლებში ძმებისა და დებისგან თაღლითურად მოპოვებული ბევრი ნივთი გროვდება. ზოგიერთმა მათგანმა ძმებსა და დებს ოჯახის საიდუმლო რეცეპტები ან საგვარეულო ნივთები გამოსტყუა, ზოგიერთმა კი — ადგილობრივი ნაწარმი. ამ ადამიანთა ღვთისადმი რწმენა ისე ჩანს, თითქოს ერთი ადგილიდან მეორეზე მიდიან და საქმეს ისე აკეთებენ, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, მაგრამ სინამდვილეში, მათ ძმებსა და დებს მეტისმეტად ბევრი სასურველი ნივთი გამოსტყუეს.
მას შემდეგ, რაც წინამძღოლი გარკვეულ ეკლესიაში მიდის, ის ხედავს, რომ იმ მხარეში მთელ ქვეყანაში განთქმული უნაბია და თავისთვის ფიქრობს: „მე მიყვარს უნაბის ჭამა. აქ რომ დავბადებულიყავი, ყოველდღე შევძლებდი უნაბის ჭამას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ხნით დარჩენა არ შემიძლია და უნაბიც ჯერ არ დამწიფებულა. როდის შევძლებ მის მირთმევას? ვიცი — შემიძლია ვიპოვო მიზეზი, რომ დავრჩე უნაბის დამწიფებამდე და მერე ხომ შევძლებ მის მირთმებას?“ ამის შემდეგ, ის იგონებს საბაბს და ამბობს, რომ აქაური ძმებისა და დების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია და თავიანთ საქმეში ვერაფერს აღწევენ, ამიტომ ის აქ დიდი ხნით უნდა დარჩეს და ბევრი უნდა იშრომოს, რათა წასვლამდე საქმის თითოეული მიმართულება აამუშაოს. თუმცა, სინამდვილეში ამას ფიქრობს ის გულის სიღრმეში? (არა.) გულში ის ანგარიშობს: „როგორც კი უნაბი დამწიფდება და შევძლებ მის წაღებას, სწორედ მაშინ წავალ.“ გონება ამ ფიქრითაა დაკავებული, რის გამოც იქ რჩება და მკვიდრდება. იქ ყოფნის პერიოდში ქადაგებს ზოგიერთ სიტყვასა და მოძღვრებას და აკეთებს ზოგიერთ ზედაპირულ საქმეს, მაგრამ საქმის კუთხით ბევრს ვერაფერს აღწევს. საბოლოოდ უნაბი მწიფდება და მისი გული ბედნიერებით ივსება: „ბოლოს და ბოლოს შემიძლია უნაბის დაგემოვნება. დღე, რომელზეც ვოცნებობდი, როგორც იქნა დადგა!“ როგორც კი უნაბი მწიფდება, ის იწყებს მის მირთმევას და ამავდროულად გულში ფიქრობს: „არ არის კარგი, რომ აქ ყოველდღე მხოლოდ უნაბს მივირთმევ. არ შემიძლია აქ მხოლოდ ამისთვის დავრჩე. ძმებმა და დებმა რომ შეამჩნიონ? უნდა მოვიფიქრო, როგორ მოვაწყო ისე, რომ გამატანონ. თუ არ მომცემენ, ბევრი უნდა ვეცადო და კიდევ რაღაც ვთქვა ამ საქმის დასაძვრელად.“ როგორც კი იქ მცხოვრები ძმები და დები ხედავენ, რომ მას უყვარს უნაბის ჭამა, ეუბნებიან, რომ წასვლისას თან გაატანენ. როდესაც ამას ისმენს, ის ხარობს, მაგრამ სიტყვიერად ამბობს: „არ შემიძლია. ეს არ შეესაბამება პრინციპებს. მორწმუნეები არ უნდა დახარბდნენ ამას. განა ეს იმას არ ნიშმავს, რომ თქვენით ვისარგებლებ? ვერ ავიღებ, თუ მის ფასს არ გადავიხდი. როდესაც წავალ, გადაგიხდით.“ სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, მხოლოდ სიტყვებია. როდესაც ის საკმაოდ დანაყრდება და წასვლის დრო დგება, გულში მაინც ამას ფიქრობს: „ნეტავ საერთოდ არ მომცემენ თუ მხოლოდ ცუდებს მომცემენ? მინდა მივირთვა დიდები და კარგები.“ წასვლამდე ორი დღით ადრე სულ ამას იმეორებს: „ყველა უნაბი უკვე თითქმის მოკრეფილია, არა? მომავალ წელს როდის დამწიფდება?“ რითაც ის მიანიშნებს ძმებსა და დებს, არ დაავიწყდეთ მისი გატნევა. ძმები და დები ამის გაგონებისთანავე ყველაფერს ხვდებიან: „როგორც ჩანს, აუცილებლად უნდა გავატანოთ და სანამ წავა კარგები ავურჩიოთ, თორემ მან შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას.“ როდესაც საბოლოოდ მისი წასვლის დრო დგება, ძმები და დები სამ დიდ ყუთს ატანენ. მას მარტო ვერ მიაქვს ისინი და თავის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ადამიანებს იშველიებს. წასვლის წინ იმდენს მიირთმევს, რამდენიც შეუძლია — ცუდადაც რომ გახდეს, თვლის, რომ უღირს. შიშობს, რომ წასვლის შემდეგ მის ჭამას ვეღარ შეძლებს. როდესაც ის მიდის, მაინც უხალისოდ მიდის და ფიქრობს: „ამჯერად ზუსტად იმდენი მქონდა, რამდენიც მჭირდებოდა. მომავალ წელს ამ დროს ისევ ჩამოვალ. არც ძალიან ადრე უნდა ჩამოვიდე და არც ძალიან გვიან. ზუსტად მაშინ უნდა ჩამოვიდე, როდესაც უნაბი დამწიფდება. ასე შევძლებ ნედლის მირთმევას და როდესაც გახმება, ჩირსაც მივირთმევ. წასვლისას კიდევ უფრო მეტის წაღებასაც შევძლება.“ განა ის ამას ძალიან დეტალურად არ ანგარიშობს? მთელი მისი გონება მხოლოდ ამისკენაა მიმართული. ის მუდმივად ფიქრობს სარგებლის მიღებაზე და სასურველი ნივთების მოსაპოვებლად მზაკვრული გეგმების ხლართვაზე ისევე, როგორც იმაზე, როგორ გამოტყუოს ძმებსა და დებს ის, რაც მის პირად ინტერესებში შედის. მას არ გამორჩება არცერთი სასურველი ნივთი, რომელსაც დაინახავს. თუნდაც ეს იყოს რაღაც ისეთი, რაც თვალში საცემი არაა, თუკი ის მის ყურადღებას მიიპყრობს და გონებაში ჩაებეჭდება, გარანტირებულად საბოლოოდ მის ხელში აღმოჩნდება. განა ეს არ არის ანტიქრისტეს ქცევა? განა ამგვარი ადამიანების ადამიანობა და ზნეობა განსაკუთრებით მდაბალი არ არის? რაც არ უნდა კარგად შეეძლოთ ამგვარ ადამიანებს გარეგნულად გაჭირვების ატანა და მსხვერპლის გაღება, რაც არ უნდა ადვილად თმობდნენ საკუთარ ოჯახს და უარს ამბობდნენ კარიერაზე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას? არავიტარ შემთხვევაში. სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ღვთისადმი რწმენას ამოფარებულები თაღლითურად მოიპოვებენ საკვებსა და სასმელს.
ზოგიერთი ადამიანი ყველანაირ ადგილას მიდის სახარების საქადაგებლად და საქმის საკეთებლად, ხოლო შინ დაბრუნებისას თითოეული ადგილიდან მოაქვს სხვადასხვა ადგილობრივი ნაწარმი ან თუნდაც ისეთი ნივთები, რომლებიც ძმებსა და დებს გამოსტყუა. იქნება ეს დიზაინერული ტანსაცმელი თუ ელექტრონიკა, თუკი რამე მათ ყურადღებას მიიპყრობს, გვერდს არ აუვლიან და მას მოითხოვენ. თუკი არ მისცემ მათ ამას, ისინი ათასნაირ მიზეზს მოიგონებენ შენს გასასხლავად, გაგაგებინებენ, თუ რატომ გსხლავენ, და მანამ არ მოგეშვებიან, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მისცემ მათ ამას. ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას ამოფარებულები სძალავენ ყოველგვარ სასურველ ნივთს და ამ მხრივ დაუნდობლები არიან. ზოგჯერ ძმები და დები მათ მცირედით ასაჩუქრებენ, მაგრამ ეს ადამიანები თვლიან, რომ ეს დიდი ფული არ ღირს და ამბობენ: „არა, გმადლობთ. ღმერთმა უხვად მაკურთხა. არაფერი მაკლია.“ ისინი იყენებენ ამგვარ სიტყვებს უარის სათქმელად და ატყუებენ ძმებსა და დებს, რათა მათ მათ შეუყვარდეთ ისინი და მათზე დიდი წარმოდგენა შეექმნათ. თუმცა, თუ ის ნივთი, რომელსაც ძმები და დები აძლევენ მათ, არის რაღაც, რაზეც ეს ადამიანები ოცნებობდნენ, რაც მათ სჭირდებათ და რაზეც მუდმივად ფიქრობენ, მისი დანახვისას უჩნდებათ მისი მითვისების სურვილი და არავითარ შემთხვევაში არ იკავებენ თავს. ზოგი ქალი ძმებსა და დებს ხელიდან სტაცებს კოსმეტიკას, კარგ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ხოლო ზოგი მამაკაცი კი მათ დასტყუებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მოტოციკლებს ან ელექტრონიკას. ისინი მოქმედებენ, რათა დაეუფლონ ყოველ სასურველ ნივთს. რაც არ უნდა კარგი ნივთები ჰქონდეთ ძმებსა და დებს, თუკი ის ამ ადამიანების ყურადღებას მიიპყრობს, ისინი მოიფიქრებენ ყოველგვარ გზას მის თაღლითურად მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ეს ადამიანები ათასნაირ საბაბს იგონებენ და ყველანაირ მიზეზს ეძებენ, რათა შეიკრიბონ სადილად და მუცელი ამოიყორონ საკვებითა და სასმელით. რა ზომამდე? სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი აკვირდებიან, ვის ოჯახს აქვს ფული და ვისი ოჯახი იკვებება კარგად; შემდეგ რჩებიან იმ ოჯახში და არ მიდიან. მერე კი ათას საბაბს იგონებენ თანამშრომლებისთვის შეკრებების მოსაწყობად და სადილების გასამართად. და რა არის მათი შესავალი სიტყვები თითოეულ სადილზე? „ჩვენი დღევანდელი შეკრება არის სასუფევლის შეკრება. ეს გაშლილი სუფრა წინასწარ გვაგემებს სასუფევლის ნადიმის გემოს.“ ადამიანები, რომლებიც მათ ფეხქვეშ ეგებიან, სწრაფად ამბობენ: „ამინ. მადლობა ღმერთს!“ არსებობენ ეგრეთ წოდებული წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც ძღებიან საკვებითა და სასმელით, სადაც არ უნდა წავიდნენ. ყველა საჭმელს უნდა ჰქონდეს ნოყიერი ინგრედიენტები, უნდა იყოს თევზი და ხორცი; კერძები ყოველ კვირასაც კი უნდა იცვლებოდეს; ისინი არ უნდა მეორდებოდეს. სადილს უნდა დააყოლონ კარგი ჩაი და ასეთ საბაბს იგონებენ: „არ შემიძლია ჩაის გარეშე. ყოველდღე დიდი სამუშაო დატვირთვა მაქვს და ღამით გვიანობამდე მიწევს მუშაობა. თუ ჩაის არ დავლევ გამოსაფხიზლებლად, ღამით მუშაობას ვერ შევძლებ.“ სიტყვიერად ამას ამბობენ, მაგრამ რას ფიქრობენ ისინი გულში? „არ იყო ადვილი იმ მდგომარეობის მიღწევა, რომელიც დღეს მაქვს. განა ცოტათი მაინც არ უნდა გამოვიყენო ჩემი გავლენა? ასევე ვოცნებობდი ცხოვრებაში უკეთესი ნივთებით ტკბობაზე; ასე რომ, განა არ უნდა მოვიფიქრო ყოველგვარი გზა, რათა ახლა მათით დავტკბე? თუ ახლა, როდესაც ძალაუფლება მაქვს, არ გამოვიყენებ მას, აღარ მექნება ამის გაკეთების შესაძლებლობა, როდესაც მას დავკარგავ. უნდა ვჭამო და ვსვა იმდენი, რამდენიც შემიძლია. ვინ იცის, დადგება თუ არა დღე, როდესაც აღარ მექნება ეს მდგომარეობა და ვერ შევძლებ ამ ნივთებით ტკბობას. აღარ მექნება ეს შესაძლებლობა. მაშინ განა მთელი ჩემი ცხოვრება ფუჭი არ იქნება?“ ამგვარი ადამიანები საქმის კეთებას ამოფარებულები თაღლითურად მოიპოვებენ საკვებსა და სასმელს. ისინი მცირე საქმეს აკეთებენ და რამდენიმე სიტყვასა და მოძღვრებას ქადაგებენ, შემდეგ სურთ სასურველი ნივთების გამოძალვა და კარგი საჭმელის მირთმევა.
იყო ერთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ ადგილას მუშაობდა; იმ მხარეში მცხოვრებ ძმებსა და დებს ყოველდღე უნდა დაეკლათ ქათამი მისთვის. მას ჩამოუყალიბდა ჩვევა, რაც გულისხმობდა დღეში ერთი ქათმის ჭამას ყოველდღე. ამის მოსმენის შემდეგ, რას გრძნობთ? (ზიზღს.) ძმები და დები ქათმებს კვერცხის დასადებლად ზრდიდნენ და მხოლოდ მაშინ კლავდნენ მისართმევად, როდესაც ის დაბერდებოდა. ამ ადამიანის ჩამოსვლის შემდეგ კვერცხისმდებელი ქათმებიც კი უნდა დაეკლათ; შედეგად ქათმების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა; ძმები და დები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს და სახლში დაბრუნდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ამ პრობლემური ნაკლის გამოსწორება. ის აიძულებდა თავის ცოლს, რომ ყოველდღე დაეკლა მისთვის ქათამი; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეჩხუბებოდა. როგორი ადამიანია ეს? ქათმის ჭამა მისი პიროვნების ნაწილი გახდა. ის მას ყოველდღე მიირთმევდა ყოველ კვებაზე. გათავისუფლების შემდეგაც კი მას მაინც უნდა ეჭამა ის — ის მასზე დამოკიდებული გახდა. განა ამ ადამიანს პრობლემა არ აქვს? რას იტყვით, ამგვარი ადამიანები კარგები არიან? (არა.) მოკლედ, ნებისმიერი, ვინც ღმერთისადმი რწმენას ამოეფარება და თავისი მოვალეობის შესრულების პროცესში შექმნილ შესაძლებლობებს იყენებს, რათა ყოველ ნაბიჯზე გამოსტყუოს ძმებსა და დებს თავიანთი კუთვნილი ნივთები და ყოველ ნაბიჯზე თაღლითურად მოიპოვოს საკვები და სასმელი, არ არის კარგი ადამიანი. მათი არსი ანტიქრისტეს არსია. სადაც არ უნდა წავიდნენ სამუშაოდ ან რა სახის სამუშაოც არ უნდა შეასრულონ, ისინი პირველ რიგში ირჩევენ მასპინძელ ოჯახებს, რომლებიც შედარებით შეძლებულნი არიან და კომფორტულად ცხოვრობენ, რათა მიიღონ ისინი. რა არის მათი მიზანი ამ ადგილების ძიებისას? კარგად ჭამა და კარგ სახლში დარჩენა — ხორციელი ზრახვების დაკმაყოფილება. არის ადგილები, სადაც არასასურველი გარემოს გამო ვერ ჩერდებიან, მაგრამ განა უარს იტყვიან თავიანთ სიხარბესა და ამ აზრებზე? არა, არ იტყვიან. ისინი სხვა მსგავს ადგილებს მოძებნიან, რათა მათ უმასპინძლონ. შედეგად, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავებენ უცხო მხარეებში, სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან და როდესაც სახლში ბრუნდებიან, იქაური ძმები და დები მათ ვერ ცნობენ — სახე უფრო სავსე აქვთ, მუცელი უფრო მრგვალი; უკეთ აცვიათ; უფრო პრეტენზიულები არიან და თავს იწონებენ. როგორ მიმდინარეობს მათი სულიერი ზრდა? ისინი სულიერად საერთოდ არ გაზრდილან; უბრალოდ კარგად ჭამენ და იცვამენ, გასუქდნენ და იქამდე ჭამეს, რომ ღაბაბი და ღიპი დაედოთ. ისეთ საშინელ გარემოში, როგორიც კონტინენტური ჩინეთია, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეს ადამიანი, ნერვების მომშლელი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ზოგჯერ კარგად მიირთვან და შეძლებულ მასპინძელ ოჯახებში დარჩნენ, ვერ შეძლებენ წონაში მატებას. მაშ, როგორი ადამიანები არიან ისინი, ვისაც შეუძლია ჭამოს იქამდე, სანამ ღაბაბი და ღიპი არ დაედებათ? (ადამიანები, რომლებიც ტკბებიან სტატუსის სიკეთეებით.) ესენი არიან ისინი, ვინც მუდმივად ფიქრობენ იმაზე, თუ რას შეჭამენ და დალევენ და რით მიიღებენ სიამოვნებს დღეში სამჯერადი კვების დროს. თუ ამგვარ ადამიანებს არ აქვთ კარგი კვება, ისინი არ არიან მუშაობის ან მოვალეობების შესრულების ხასიათზე. თუ მათი კუჭი დაკმაყოფილებული არ არის, გონება გაუწონასწორებელია: „დღეს ისე ცუდად ვჭამე. ხორცი საერთოდ არ იყო და ჭამის შემდეგ ჩაი არ შემოგითავაზებიათ. ამიტომ მე ყურადღებას აღარ მოგაქცევთ. როდესაც თქვენ ეკლესიის საქმეზე თანაზიარება გაქვთ, მე არ ვისაუბრებ. შურს ვიძიებ თქვენზე. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ არ მოგეცათ ჩემთვის კარგი საკვები? ამგვარი საჭმლის ჭამა მიწევს, და თქვენ მაინც გინდათ, რომ მე თანაზიარება მქონდეს თქვენთან. არავითარ შემთხვევაში!“ ამას ფიქრობენ ისინი შინაგანად, მაგრამ არ ძალუძთ ამის ხმამაღლა თქმა. უბრალოდ ამბობენ: „წუხელ ძალიან გვიანობამდე ვიმუშავე, ამიტომ დღეს შუადღისას უნდა წავუძინო.“ განა ისინი დიდი თაღლითები არ არიან? მათ შუადღის ოთხ ან ხუთ საათამდე სძინავთ; იქ ბევრი ადამიანია, ვინც მათ ელოდება, მაგრამ ადგომა არ უნდათ. უცებ, ვაშლის სუნს იგრძნობენ და ლოგინიდან წამოხტებიან, რადგან ნერვიულობენ, რომ ლუკმა არ შეხვდებათ. ასე მუშაობენ ისინი და ასე ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. სადაც არ უნდა წავიდნენ ისინი და როგორც არ უნდა ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები ან მოისმინონ ქადაგებები, არ შეცვლიან თავიანთ განზრახვებსა და მიზნებს, არც უარს იტყვიან თავიანთ ამბიციებსა და სურვილებზე. ყველა მატერიალური ნივთი მათი სწრაფვის მიზანია ამ ცხოვრებაში; კარგად ჭამა, ჩაცმა და კარგი მოპყრობით ტკბობა არის მათი ღვთისადმი რწმენის მიზნები ამ ცხოვრებაში. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამ ცხოვრებაში ღმერთისადმი რწმენით შეძლებენ მუდმივად მიირთვან კარგი საჭმელი, ატარონ ლამაზი ტანსაცმელი და იცხოვრონ ლამაზ სახლებში, ასევე ჰქონდეთ ძმებისა და დების მხრდაჭერა — თუ ისინი შეძლებენ ამ ნივთების თაღლითურად მოპოვებას — ისინი კმაყოფილები იქნებიან ამ ცხოვრებაში. ამ სამყაროში ჩვეულებრივ სამსახურში ბევრი შრომით ადამიანი დიდ ფულს ვერ გამოიმუშავებს და ბიზნესის კეთებითაც არ არის ადვილი ფულის შოვნა — ისინი ვერ შეძლებენ ამგვარი რამით ტკბობას. ამიტომ გონებაში აწონ-დაწონვის შემდეგ მაინც მიიჩნევენ, რომ საუკეთესოა ღვთისადმი რწმენა, რადგან მათ არ სჭირდებათ დიდი ძალისხმევის გაღება. ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის რამდენიმე სიტყვის თქმა, ცოტაოდენი სირბილი და მცირე რისკის საკუთარ თავზე აღება; შემდეგ კი შეუძლიათ კარგად ჭამონ და ჩაიცვან, აიძულონ კიდეც მრავალი ადამიანი, რომ მათ მოემსახუროს, და დატკბნენ განსაკუთრებული სტუმარივით მოპყრობით. ისინი ფიქრობენ, რომ ასე ცხოვრება მშვენიერია და რომ უხვად არიან კურთხეულნი ღმერთისადმი რწმენისთვის. ამიტომ ისინი ხშირად ამბობენ არაგულწრფელ სიტყვებს ძმებისა და დების წინაშე, როგორიცაა: „ღმერთმა მეტისმეტად ბევრი, მეტისმეტად უხვად გვიბოძა, იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს ოდესმე უთხოვია ან უსურვია.“ ეს სიტყვები სწორია, მაგრამ სრულიად შეუსაბამოა მათ პირად მისწრაფებებთან და ზნეობასთან, მათ აზრებთან, განზრახვებთან და მიზნებთან. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, ადამიანს ატყუებს. მათი გარეგნული იერი, თითქოს დარბიან და იხარჯებიან, ასევე მხოლოდ ადამიანთა მოსატყუებლადაა. მხოლოდ მათ გულში არსებული გათვლები, ზრახვები და სიხარბეა ჭეშმარიტი. ეს არის ამ ადამიანთ ზნეობა. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ან სადაც არ უნდა მიდიოდნენ, ეს მატერიალური სიამოვნებები პირველ ადგილს იკავებს მათ გულებში; ისინი არასოდეს იტყვიან მათზე უარს და არასოდეს დაივიწყებენ მათ. როგორც არ უნდა გქონდეს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე და ღვთის განზრახვებზე, ისინი თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ ამ სიხარბესა და ამ სურვილებზე ჯიუტად ჩაბღაუჭებულნი, ამ ზრახვებისა და მიზნების მატარებელნი, და მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სტატუსი, მათი განზრახვები არ შეიცვლება.
მეორე შემთხვევა: უკმაყოფილება საზღვარგარეთ ვერ წასვლის გამო
როდესაც მატერიკულ ჩინეთში ვმუშაობდი, იყო ერთი წინამძღოლი, რომელსაც ეგონა, რომ ჩვენთან ერთად შეეძლო საზღვარგარეთ წამოსვლა და ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო. ის ფიქრობდა: „ბოლოს და ბოლოს მივაღწიე. ბოლოს და ბოლოს შემიძლია ღმერთთან ერთად დიდი კურთხევით დავტკბე! ადრე ღმერთთან ერთად გასაჭირი გამოვიარე. დღეს კი საბოლოოდ დავჯილდოვდი. მე ამას ვიმსახურებ. სულ მცირე, წინამძღოლი ვარ და მრავალი გასაჭირი მაქვს გამოვლილი, ამიტომ, როდესაც ეს კარგი შესაძლებლობა ჩნდება ჩემი ცხოვრების გზაზე, უნდა შემეძლოს მასში მონაწილეობა — უნდა დავტკბე ამ სასურველი რამით“. აი, რას ფიქრობდა ის. თუმცა მასთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლო ურთიერთობის შემდეგ შევამჩნიე, რომ უპრინციპო იყო თავის სიტყვებსა და საქმეებში, არ გააჩნდა კარგი ადამიანობა, მისი განზრახვა და კურთხევის მიღების სურვილი საკმაოდ ძლიერი იყო და ზოგჯერ გასხვლას საჭიროებდა. რამდენჯერმე გასხვლის შემდეგ მან იფიქრა: „ჩემი საქმე წასულია. ზემდგომმა ბოლომდე გამშიფრა და საზღვარგარეთ წასვლა აღარ უხსენებია. როგორც ჩანს, საზღვარგარეთ წასვლის იმედი აღარ მაქვს“. მას მუდმივად უტრიალებდა ეს ფიქრები გულში. სინამდვილეში ჩვენ ვხედავდით, რომ ის არ იყო ისეთი ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებდა, საერთოდ არ იყო მზად საზღვარგარეთ წასასვლელად და რომც წასულიყო, ვერავითარი საქმის შესრულებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მასთან ამაზე არ გვისაუბრია. მან იგრძნო, რომ საზღვარგარეთ წასვლის იმედი აღარ ჰქონდა, ამიტომ სხვა გეგმების შედგენა დაიწყო. ერთ დღესაც ის წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მან უბრალოდ დატოვა წერილი, რომელშიც ეწერა: „მრავალი წელი მწამდა ღმერთის და გარკვეულ საქმესაც ვასრულებდი. ახლა თქვენ საზღვარგარეთ მიდიხართ, მაგრამ მე არ ვარ შესაფერისი, რომ თქვენთან ერთად წამოვიდე. მომდევნო დღეებში დროს ამის კომპენსირებას დავუთმობ. ღმერთს ვეზიზღები, ამიტომ მას მივატოვებ. არ ვაიძულებ, უყუროს მას, ვინც ეზიზღება. დავიმალები“. ეს სიტყვები დამაჯერებლად ჟღერდა და სადავოც არაფერი იყო. შემდეგ მან თქვა: „ასეა ჩემი დაბადების დღიდანვე. ვისთანაც არ უნდა ვიყო, უბრალოდ მიყენებენ. სხვებთან ერთად გასაჭირის ატანა შემიძლია, მაგრამ კურთხევით ტკბობა — არა“. რას გულისხმობდა ის ამაში? (ის ფიქრობდა, რომ ღმერთმა გამოიყენა.) ზუსტად ამას გულისხმობდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვა: „ვისთანაც არ უნდა ვიყო, მხოლოდ მათთან ერთად ტანჯვა შემიძლია, კურთხევით ტკბობას ვერ ვახერხებ“, ის გულისხმობდა: „ ამდენი გასაჭირი გამოვიარე და ამდენი რისკი გავწიე თქვენთან ერთად, მაგრამ როდესაც თქვენთან ერთად კურთხევით ტკბობის დრო დგება, თქვენ ამის სურვილი არ გაქვთ“. როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, ის წუწუნებდა და ამ საკითხმა მასში გულისწყრომა გამოიწვია. თავისი პირით ამბობდა: „ღმერთს ვეზიზღები. მე მივატოვებ ღმერთს. არ ვაგრძნობინებ მას ზიზღს“, მაგრამ სინამდვილეში გულის სიღრმეში აღშფოთებული იყო: „თქვენ საზღვარგარეთ მიდიხართ კურთხევით დასატკბობად და ჩემი თავიდან მოშორება გსურთ!“ სინამდვილეში ასე მოხდა? (არა.) მაშ, რა მოხდა? ის ფიქრობდა, რომ ჩვენ ის გავსხალით, რადგან მისი თავიდან მოშორება გვსურდა და არა იმიტომ, რომ ის არ ეძიებდა ჭეშმარიტებას ან უპრინციპო იყო თავის სიტყვებსა და საქმეებთან მიმართებაში. მას არ ესმოდა, რომ პრობლემა ჰქონდა. ნაცვლად ამისა, ფიქრობდა: „შენთან ერთად გასაჭირი გამოვიარე, ამიტომ შენთან ერთად კურთხევით უნდა დავტკბე. აუცილებლად უნდა შემიშვა სასუფეველში და სასუფევლის ერთ-ერთ მკვიდრად მაქციო. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არასოდეს მიმატოვო“. განა ასე არ ფიქრობდა ის? (დიახ.) რა არის ამგვარი აზროვნების არსი? (ეს იგივე არსია, რაც პავლეს ჰქონდა, როდესაც ის ცდილობდა ღმერთთან გარიგებას გვირგვინის სანაცვლოდ.) სწორია, ეს პავლეს არსია. მას სწამდა ღვთის, მას მიჰყვებოდა, გასაჭირს იტანდა და მსხვერპლს იღებდა, რათა მიეღო გვირგვინი და კურთხეული ყოფილიყო. მას არ ჰქონდა ჭეშმარიტი რწმენა და არც ჭეშმარიტებას ეძიებდა. ის უბრალოდ ცდილობდა ღმერთთან გარიგებების დადებას. თუ გარიგება ჩაიშლებოდა, ის კურთხევას ვერ მიიღებდა და გრძნობდა, რომ წაგებული დარჩა; შემდეგ განრისხდა, გრძნობდა, რომ ყოველივე ამაო იყო, ყოველგვარ სიფრთხილეს ივიწყებდა და მის გულში გულისწყრომა ჩნდებოდა. ეს არის ის, რასაც ის ავლენდა საუბრისას. რა გააკეთა ამ ადამიანმა შემდეგ? მოგვიანებით ის საქმიანობის წამოსაწყებად წავიდა და გარს რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონი ეხვია. მიუხედავად იმისა, რომ არ უთქვამს, ღვთის არ მწამსო, ის არ ასრულებდა თავის მოვალეობას და არ იყო ღვთის მიმდევარი. ვერავინ იფიქრებდა, რომ ის უარს იტყოდა ღვთის მიყოლის შესაძლებლობაზე და შემდეგ საქმიანობის წამოსაწყებად წავიდოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ გაისხლა. მისი განრისხებული ქცევა და ის, თუ როგორ ავლენდა თავს ადრე, ორ სხვადასხვა ადამიანს მოგვაგონებდა. ეს იყო მისი ბუნების გამოაშკარავება. ადრე ის ამას არ აკეთებდა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაფერისი მდგომარეობა არ შექმნილა. ეს ერთი ასპექტია. მეორე ასპექტი ისაა, რომ ის მალავდა თავის ვინაობას, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ასეთი არ იყო და თავს იკავებდა ამის გაკეთებისგან. თუ მართლაც კარგი ადამიანი ხარ, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდე, პირველ რიგში მტკიცედ უნდა იდგე შენს ადგილას და იცოდე, ვინ ხარ. გარდა ამისა, ძალუძთ კი ადამიანებს, რომლებსაც მართლაც გააჩნიათ გარკვეული ადამიანობა, ჩაიდინონ ისეთი საქმეები და ბოროტმოქმედებები, რომლებიც ადამიანობისგან შორსაა? (არა.) მათ ეს სართოდ არ ძალუძთ. ამ შემთხვევიდან ნათელია, რომ როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, ეს ყველაზე დიდი ურჩობაა და ყველაზე დიდ საფრთხეში არიან. თუ მათ არასოდეს ძალუძთ ჭეშმარიტების მიღება, მაშინ ისინი ურწმუნოები არიან. თუ ასეთი ადამიანის კურთხევის მიღების სურვილი დაიმსხვრევა, ის მიატოვებს ღმერთს. რატომ ხდება ასე? (იმიტომ, რომ რასაც ისინი ეძიებენ, არის კურთხევის მიღება და მადლით ტკბობა.) მათ სწამთ ღმერთის, მაგრამ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას. მათთვის ხსნა მხოლოდ სამკაული და კეთილხმოვანი სიტყვაა. მათი გული ჯილდოებს, გვირგვინსა და სასურველ ნივთებს ეძიებს — სურთ, ამ ცხოვრებაში ასმაგად მიიღონ, მომავალ საუკუნეში კი საუკუნო სიცოცხლე მოიპოვონ. თუ ამ ყოველივეს ვერ მიიღებენ, მაშინ აღარ იწამებენ; მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავდება და მიატოვებენ ღმერთს. ის, რისიც გულით სწამთ, არც ღვთის საქმეა და არც ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებები, და რასაც ეძიებენ, არ არის ხსნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქმნილების მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; პირიქით, ეს იგივეა, რაც პავლეს შემთხვევაში — იყვნენ უხვად კურთხეულნი, ფლობდნენ დიდ ძალაუფლებას, ატარებდნენ დიდ გვირგვინს და იყვნენ ღვთის თანასწორნი. ეს არის მათი ამბიციები და სურვილები. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის სახლში რაიმე სარგებელი ან სასურველი რამ ჩნდება, იბრძვიან მის მოსაპოვებლად, იწყებენ ადამიანთა დახარისხებას მათი დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით და ფიქრობენ: „მე ამის უფლება მაქვს. მეც უნდა მერგოს ამის წილი. უნდა ვიბრძოლო მის მისაღებად“. საკუთარ თავს ღვთის სახლში მოწინავე ადგილზე აყენებენ, შემდეგ კი ფიქრობენ, რომ სრულიად მართებულია, დატკბნენ ღვთის სახლის ამ სიკეთეებით. მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხთან მიმართებაში იმ ადამიანის პირველი ფიქრი ის იყო, რომ მას უნდა მიეღო მონაწილეობა, რომ ადამიანთა უმეტესობა მასზე უკეთესი არ იყო, არ გამოევლო იმდენი გასაჭირი, რამდენიც მას, არ ჰქონდა ისეთივე უფლება, როგორც მას, არ სწამდა ღვთის იმდენი წლის მანძილზე, რამდენიც მას და არ ყოფილა წინამძღოლი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ის იყო. ის იყენებდა ყოველგვარ საბაბსა და შეფასების მეთოდს საკუთარი თავის დასაწინაურებლად. როგორც არ უნდა დაეხარისხებინა ადამიანები, ყოველთვის საკუთარ თავს აყენებდა წინ და უფლებამოსილთა რიგებში. საბოლოოდ, ის მიიჩნევდა, რომ სრულიად მართებული იყო, ასეთი პრივილეგიით დამტკბარიყო. იმ წამსვე, როდესაც მან ეს მიიღო და როდესაც მისი ფანტაზია კურთხევისა და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ნივთების მოპოვების შესახებ დაიმსხვრა, მან დაიწყო მოქმედება, განრისხდა, დაუწყო ღმერთს კამათი მორჩილებისა და ჭეშმარიტების ძიების ნაცვლად. ნათელია, რომ მისი გული უკვე სავსე იყო იმით, რასაც ის ესწრაფვოდა და ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ის, რასაც ეძიებდა, სრულიად შეუსაბამოა ჭეშმარიტებასთან. რამდენი საქმეც არ უნდა შეესრულებინა, მისი მიზანი და განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა გვირგვინის მოპოვება — ისევე, როგორც პავლეს მიზანი და განზრახვა — მჭიდროდ ებღაუჭებოდა და არ თმობდა მას. როგორც არ უნდა გაეზიარებინათ მისთვის ჭეშმარიტება, როგორც არ უნდა გაესხლათ, ემხილებინათ და გაეანალიზებინათ, მაინც ჯიუტად ებღაუჭებოდა კურთხევის მიღების განზრახვას და არ თმობდა მას. როდესაც ვერ მიიღო ღვთის მოწონება და დაინახა, რომ კურთხევის მიღების სურვილი დაიმსხვრა, ნეგატიური გახდა და უკან დაიხია, მიატოვა თავისი მოვალეობა და გაიქცა. მას ჭეშმარიტად არ შეუსრულებია მოვალეობა და არ გაუწევია კარგი სამსახური ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებაში და ეს სრულად ავლენს იმას, რომ მას არ ჰქონდა ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტად არ ემორჩილებოდა და არ გააჩნდა გამოცდილებითი დამოწმების ნატამალიც კი — უბრალოდ ცხვრის ტყავში გახვეული მგელი იყო, რომელიც ცხვრის ფარაში იმალებოდა. საბოლოოდ, ადამიანი, რომელიც სულით ხორცამდე ურწმუნო იყო, საფუძვლიანად გამოაშკარავდა და განიდევნა, და მისი, როგორც მორწმუნის ცხოვრება დასრულდა. ეს არის ერთი შემთხვევა.
ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა. ის არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც უკადრისი საქციელი ჩაიდინა და რომლის ნამდვილი სახეც საზღვარგარეთ წასვლის საკითხმა გამოააშკარავა. მაგალითი, რომელიც ახლახან მოვიყვანეთ, ეხებოდა მამაკაცს, მაგრამ იყო კიდევ სხვა შემთხვევაც, რომელიც ქალს ეხება. თავდაპირველად გეგმა ასევე ითვალისწინებდა ამ ქალის ჩვენთან ერთად საზღვარგარეთ წამოსვლას. როდესაც ეს მოხდა, შინაგანად ძალიან ბედნიერი იყო და დაიწყო ამ საქმისთვის გეგმების შედგენა და მომზადება, მაგრამ საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, წასვლა ვერ შეძლო. იმ დროს არ შეატყობინეს, რადგან სიტუაცია ძალიან სახიფათო იყო. ერთხელ თანამშრომელთა შეხვედრაზე შეიტყო ამ გადაწყვეტილების შესახებ. გააანალიზეთ ეს: რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ქალს, როდესაც ეს შეიტყო? (ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, ამის გაგების შემდეგ სავარაუდოდ დიდი რეაქცია არ ექნებოდა. ის გაითვალისწინებდა, რომ საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრა სახიფათო სიტუაციის გამო და ამ საკითხს სწორად მიუდგებოდა. თუმცა, თუ ეს ქალი სიმართლეს შეიტყობდა, ის შეიძლება განრისხებულიყო და ღმერთთან კამათიც კი დაეწყო.) სწორია, თქვენ მეტ-ნაკლებად ჩაწვდით ამგვარი ადამიანების ხასიათს. აი, როგორები არიან ამგვარი ადამიანები — რა საკითხიც არ უნდა იყოს, ისინი წაგებაზე არასდროს წავლენ, პირიქით, ყველაფრიდან გამორჩენას ეძებენ. ყველაფერში ყველას უნდა აღემატებოდნენ და ყველაზე უკეთესები უნდა იყვნენ. ყველაფერში საუკეთესონი უნდა იყვნენ; უნდა მიიღონ ყოველივე სასურველი და მათთვის მიუღებელია, რომ რაღაცაში წილი არ ჰქონდეთ. მას შემდეგ, რაც ქალმა ამ საკითხის შესახებ შეიტყო, იმ წამსვე განრისხდა, მიწაზე გაგორდა და ისტერიკა მოაწყო. მისი დემონური მხარე გამოაშკარავდა; ის ჭკუას არიგებდა თანამშრომლებს და მათზე იყრიდა ჯავრს. საიდან მოდიოდა მისი რისხვა? ისე ჩანდა, თითქოს დებსა და ძმებზე იყო განრისხებული, მაგრამ სინამდვილეში ვისზე ბრაზობდა? (ის ღმერთზე იყო განრისხებული.) აი, რა ხდებოდა სინამდვილეში. მაშ, რა იყო მისი რისხვის მიზეზი? სად იყო მისი გამომწვევი ძირეული მიზეზი? (იქ, რომ მისი სურვილები არ დაკმაყოფილდა.) ის, რომ მან ვერ მიიღო სასურველი რამ და მისი მიზანი ვერ განხორციელდა. ამჯერად მან ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება; პირიქით, უპირატესობა სხვებმა მიიღეს, მან მონაწილეობა ვერ შეძლო, ამიტომ განრისხდა; მეტს ვეღარ ითვალთმაქცებდა; მან გადმოანთხია და გაათავისუფლა გულში დაგროვილი მთელი უკმაყოფილება და გულისწყრომა. წარსულში მას ყოველთვის პირველს უნდა სცოდნოდა, რას აკეთებდა ზემდგომი. მას ყოველთვის სურდა ზემდგომთან კონტაქტი და არ ურთიერთობდა დებთან და ძმებთან. ის ყოველთვის მაღალი წრის წარმომადგენლად მიიჩნევდა თავს და არა რიგით ადამიანად, ამიტომ მიაჩნდა, რომ ამჯერად ისიც უნდა წასულიყო საზღვარგარეთ — თუ სხვა არავინ, ის მაინც უნდა წასულიყო. ის იყო მთავარი კანდიდატი და უნდა მიეღო ასეთი პრივილეგიით ტკბობის სიამოვნება. აი, რას ფიქრობდა სინამდვილეში გულის სიღრმეში. ახლა კი დაინახა, რომ ვერ ეღირსებოდა ასეთი პრივილეგიით ტკბობის სიამოვნება, რომ მთელი ის გასაჭირი, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიარა, ამაო იყო; მას არაფერი შერჩა იმ სტატუსიდან, რომელსაც ასე გულმოდგინედ ინარჩუნებდა და არც ის პრივილეგია მიუღია, რაც სურდა. ერთ წამში ეს ყოველივე წყალში ჩაყარა. დაუჯერებელია, რომ მან ვერ შეძლო ასეთი მასშტაბის სასურველი რამის თაღლითურად მოპოვება; დაუჯერებელია, მაგრამ ის დატოვეს, ამიტომ იფიქრა, რომ ღვთის გულში მაღალი ადგილი არ ეკავა და რიგითი ადამიანი იყო. მის გულში არსებული თვითკონტროლის ზღვარი წაიშალა, ის აღარ თვალთმაქცობდა და აღარაფერს მალავდა. დაიწყო ისტერიკის მოწყობა, ხალხის ლანძღვა, ბრაზის ნთხევა, განრისხება და თავისი ნამდვილი, ბუნებრივი სახის გამოაშკარავება, ისე, რომ არ ადარდებდა, რას იტყოდნენ სხვები ან როგორ შეხედავდნენ ამას. მოგვიანებით, ის ერთ-ერთ გუნდში გაგზავნეს მოვალეობის შესასრულებლად. მოვალეობის შესრულებისას მან ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა და გუნდის ძმებმა და დებმა საბოლოოდ ერთად დაწერეს წერილი, რომელშიც მისი გარიცხვა მოითხოვეს. რა იყო მისი გარიცხვის მიზეზი? ძმები და დები გადმოსცემდნენ, რომ ბოროტება, რომელიც მან ჩაიდინა, შეიძლებოდა ერთი ფრაზით აღწერილიყო: იმდენად ბევრი, რომ ფურცელიც ვერ დაიტევდა! სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან მეტისმეტად ბევრი ბოროტება ჩაიდინა და მისი ქმედებების ბუნება იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ნათლად გადმოცემა მხოლოდ ერთი ან ორი წინადადებით შეუძლებელი იყო, ვერც მხოლოდ ერთი ან ორი ამბით მოყვებოდი. მან უთვალავი ბოროტება ჩაიდინა და ამან ხალხი განარისხა, ამიტომ ეკლესიამ ის გარიცხა. ეს ბოროტი საქმეები მას საზღვარგარეთ წასვლის საკითხის წამოჭრამდე არ ჩაუდენია, მაშ, რატომ გააკეთა ეს ყოველივე ამ საკითხის წამოჭრის შემდეგ? იმიტომ, რომ საზღვარგარეთ წასვლის საკითხი ისე არ გადაწყდა, როგორც მას სურდა. ნათელია, რომ ბოროტი საქმეები, რომლებიც მან ჩაიდინა და სიმახინჯე, რომელიც გამოავლინა, იყო ერთგვარი შურისძიება და ჯავრის ყრა, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მან სასურველი რამ ვერ მიიღო. მითხარით, როდესაც ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ეძიებს ჭეშმარიტებას და რომელსაც აქვს ადამიანობა, აწყდება მსგავს სიტუაციას, თუნდაც ბევრი ჭეშმარიტება არ ესმოდეს, შეუძლია კი ასეთი რამის გამოვლენა? შეუძლია კი ამ ყოველივეს გამოვლენა? ნებისმიერი, ვისაც ოდნავი ადამიანობა, სინდისი და სირცხვილის გრძნობა მაინც აქვს, ამას კი არ გააკეთებს, არამედ თავს შეიკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების გული ბედნიერებით კი არაა სავსე, არამედ უკმაყოფილოები და ცოტათი გულნატკენი არიან, ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ მხოლოდ რიგითი ადამიანები არიან, რომ არ უნდა იბრძოლონ ამის მისაღებად, რომ მათ, ვისაც ღმერთის სწამს, უნდა ეძიონ ჭეშმარიტება, ყველაფერში დაემორჩილონ ღვთის მიერ წარმართვასა და განგებას, რომ არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი და რომ ადამიანები ქმნილებები არიან და არაფრით არიან შთამბეჭდავნი. ისინი რამდენიმე დღე თავს უბედურად იგრძნობენ, მაგრამ შემდეგ ეს ყოველივე წარსულს ჩაბარდება. მათ კვლავაც ისეი რწმენა ექნებათ, როგორც უნდა ჰქონდეთ, არ ჩაიდენენ ბოროტებას და არ იძიებენ შურს და არც ჯავრს იყრიან ამის გამო. ამის საპირისპიროდ ადამიანებს, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და რომელთა ზნეობაც საშინელია, მხოლოდ ერთი პატარა საკითხის გამო შეუძლიათ გამოავლინონ ყველა ეს ბოროტი საქმე, რაც მანამდე არასოდეს ჩაუდენიათ. ეს ხსნის პრობლემას. ეს ხსნის ამგვარი ადამიანების ადამიანურობა-არსებას და მათ ჭეშმარიტ მისწრაფებებს, კერძოდ იმას, რომ მათი ნამდვილი სახე სრულად გამოდის სინათლეზე ამ საკითხის გამოაშკარავებით. პირველ რიგში, მათი არსი საფუძვლიანად ანტიქრისტეს არსია. მეორეც, ისინი არასოდეს ისწრაფვოდნენ ჭეჭმარიტებისკენ, არც არასოდეს მოპყრობიან საკუთარ თავს, როგორც ხსნის ობიექტს და არ დამორჩილებიან ღვთის მიერ წარმართვას, განგებასა და მოწყობას. ისინი არ ეძიებენ ღვთისადმი მორჩილებას; ისინი ეძიებენ მხოლოდ სტატუს, სიამოვნებას, პრივილეგიებსა და იმას, რომ ღვთის თანასწორნი იყვნენ. რითაც ღმერთი ტკბება, იმით ტკბებიან ისინიც. ამგვარად, ისინი ტყუილად არ მიჰყვებიან ღმერთს. ეს არის ის, რასაც ისინი ეძიებენ. ეს არის ამგვარი ადამიანების ბუნება-არსება; ეს არის მათი ნამდვილი სახე და მათი გულების შინაგანი სამყარო. ამ საკითხმა წერტილი დაუსვა ამ ქალის ოცწლიან რწმენას — ყველაფერი წყალში ჩაიყარა.
მითხარით, სად უნდა იყოს ახლა ეს ორი ადამიანი? ეკლესიაში თუ სხვაგან? (არამორწმუნე სამყაროში.) რატომ ამბობთ ამას? როგორ გადაწყვიტეთ ეს? რას ეფუძნება თქვენი სიტყვები? (რადგან ისინი ურწმუნოები არიან და მათი ღვთისადმი რწმენა არ ემსახურება ქმნილების მოვალეობების შესრულებისკენ სწრაფვას. საბოლოოდ, ამგვარი ადამიანები ვერ ინარჩუნებენ მტკიცე რწმენას და მხოლოდ წუთისოფელში დაბრუნება შეუძლიათ.) საბოლოოდ, ისინი ვერ ინარჩუნებენ მტკიცე რწმენას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაშ, როგორ მოხდა, რომ გაუჩინარდნენ? უნდა შეხედო, რას ფიქრობდნენ ისინი შინაგანად. მხოლოდ მაშინ შეეძლოთ ასე მოქცეულიყვნენ და ასეთი არჩევანი გაეკეთებინათ, როდესაც მათ გულში გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა. როგორ გააანალიზეს და შეაფასეს ეს საკითხი რამაც აიძულა ისინი, ასეთი გზა აერჩიათ? გულის სიღრმეში ფიქრობდნენ: „ამ წლების განმავლობაში მწამდა ღვთის და ბევრი გასაჭირი გამოვიარე. ყოველთვის ველოდი იმ დღეს, როდესაც შევძლებდი სახელის მოხვეჭას. ზემდგომთან ყოფნით შემიძლია სახელის მოხვეჭა და თავის გამოჩენა. ახლა კი, როგორც იქნა, საზღვარგარეთ გამგზავრების შანსი მომეცა. ეს უდიდესი მოვლენაა! ეს ის არის, რაზე ფიქრსაც ვერასოდეს გავბედავდი, სანამ ღმერთს ვიწამებდი. ეს იგივეა, რაც ღვთის რწმენით გვირგვინის მიღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ვიქნები ასეთი დიდი სასურველი რამის ნაწილი. ვერ მივიღებ მას. ადრე მეგონა, რომ ღვთის გულში გარკვეული ადგილი მეკავა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ასე არ არის. როგორც ჩანს, ღვთის მიყოლით ვერავითარ სასურველ რამეს ვერ მივიღებ. მათ არ გავხსენებივარ, როდესაც საქმე საზღვარგარეთ წასვლის მსგავს დიდ მოვლენას შეეხო; მაშ, განა მომავალში გვირგვინის მიღების კიდევ უფრო ნაკლები შანსი არ მაქვს? საკითხავია, ვინ მიიღებს მას, და როგორც ჩანს, არავითარი იმედი არ არსებობს, რომ ეს მე ვიქნები“. როდესაც ფიქრობდნენ, რომ იმედი აღარ იყო, კვლავ იყვნენ მზად, ღმერთს გაჰყოლოდნენ? რა იყო მათი მიზანი, როდესაც ადრე გასაჭირს იტანდნენ და მსხვერპლს იღებდნენ? ისინი ასე იქცეოდნენ და თავს ავლენდნენ მხოლოდ იმ მცირეოდენი იმედის გამო იყო, იმ პატარა იდეების გამო, რომლებიც გულში ჰქონდათ ჩასახული. ახლა, როდესაც მათი იმედები დაიმსხვრა და მათი იდეები გაქარწყლდა, ძალუძთ კი რწმენის გაგრძელება? განა ძალუძთ კვლავაც კმაყოფილნი დარჩნენ ღვთის სახლში და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა? ენდომებათ კი, რომ არაფერი მიიღონ და დაემორჩილონ ღვთის მიერ წარმართვას, განგებასა და მოწყობას? ანტიქრისტეთა ამბიციები და სურვილები იმდენად დიდია, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ ისურვებენ, რომ მათმა ძალისხმევამ და გაღებულმა მსხვერპლმა ასეთი შედეგი გამოიღოს. რაზეც ისინი ოცნებობენ, არის ის, რომ მათ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა და ძალისხმევამ სანაცვლოდ გვირგვინი და ყოველივე სასურველი მოუტანოს, რომ რა სასურველი რამეც არ უნდა ჰქონდეს ღვთის სახლს, მათ თავისი წილი უნდა მიიღონ — არა უშავს, თუ სხვები ვერ მიიღებენ, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა მიიღონ. ძალუძთ კი ასეთი ძლიერი ამბიციებისა და სიხარბის მქონე ადამიანებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და გაიღონ ძალისხმევა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მიიღონ? მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ ძალუძთ. ზოგი ამბობს: „დაე, ეძიონ ჭეშმარიტება. როდესაც ბევრ ჭეშმარიტებას მოისმენენ, განა ვერ შეძლებენ ამის მიღწევას?“ სხვები ამბობენ: „თუ ღმერთი გაკიცხავს და განსჯის მათ, განა ეს არ შეცვლის მათ?“ ასეა ეს? ღმერთი არ კიცხავს და არ განსჯის ასეთ ადამიანებს, და არ იხსნის ასეთ ადამიანებს. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანებს მოკვეთავს იგი. რით განსხვავდება ის, რაც მე ვთქვი, იმისგან, რაც თქვენ ახლახან თქვით? ასახავს კი თქვენ მიერ ნათქვამი მათ შინაგან მდგომარეობას? არის კი ეს ამგვარი ადამიანების არსის გამოვლინება? (არა.) მაშ, რა არის ის, რაც თქვენ თქვით? (გრძნობები და ცარიელი თეორიები.) იმის არსი, რაც თქვენ თქვით, ოდნავ იხრება ანალიზისა და შეფასებისკენ, და აფასებს და განსაზღვრავს მათ თეორიის საფუძველზე. ეს არ არის მათი ჭეშმარიტი ფიქრები და გამოვლინებები, და არც მათი ჭეშმარიტი შეხედულებებია. ეს არის ამგვარი ადამიანების გამოვლინება, რომლებსაც ანტიქრისტეს არსი აქვთ. თუ არსებობს სასურველი რამ, რაც ვერ მიიღეს, სარგებელი, რომლითაც ვერ დატკბნენ, ან უპირატესობა, რომელიც ვერ მოიპოვეს, ისინი განრისხდებიან, კარგავენ ღვთისადმი რწმენასა და ჭეშმარიტების ძიების სურვილს, აღარ სურთ ღვთის რწმენა, გაქცევა უნდათ და ცუდი საქმეების ჩადენა სურთ. ისინი ცუდ საქმეებს სჩადიან, რათა ჯავრი იყარონ და შური იძიონ — გადმოანთხიონ ღმერთის მიმართ თავიანთი არასწორი წარმოდგენები და ღვთისადმი გულისწყრომა. უნდა გატარდეს კი ზომები ასეთი ადამიანების მიმართ? უნდა მიეცეთ კი უფლება, გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის შესრულება ეკლესიაში? (არა.) მაშ, როგორ უნდა მოვექცეთ ამ ადამიანებს? (ისინი უნდა გაირიცხონ.) არის ვინმე, ვინც რწმენაზე უარი თქვა იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა ვერ შეძლო? (დიახ.) ვინ არიან ამგვარი ადამიანები? (ურწმუნოები. მათ ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამთ, რომ კურთხევის მიღება ეძიონ, და როდესაც მათი ამბიციები და სურვილები არ კმაყოფილდება, ისინი ღალატობენ ღმერთს.) მათ შეუძლიათ ღვთის რწმენაზე უარი თქვან ასეთი წვრილმანის გამო. ამგვარ ადამიანებზე ვერ ვიტყვით, ჭეშმარიტი რწმენა აქვთ თუ ცრუ — მათი ზნეობა იმდენად დაცემულია!
შემთხვევა მესამე: მშობლიურ სოფელში დაბრუნება, სადაც ცხოვრება აუტანელი ხდება
ზოგიერთი ადამიანი სოფლად იბადება და მათ ოჯახებს თავის გასატანად ბევრი ფული არ აქვთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო ნივთებს იყენებენ და მაგარი საწოლის, კარადისა და მაგიდის გარდა, მათ სახლში სხვა ავეჯი არ მოიძებნება. იატაკი აგურის ან მიწისაა — ბეტონის იატაკიც კი არ აქვთ. ძალიან მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც ღმერთი ირწმუნეს, ისინი ასრულებენ სახარების ქადაგების მოვალეობას და მდიდარ მხარეში მიდიან. იყო ერთი ასეთი ქალი, რომელმაც ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა, რომ ძმებისა და დების უმეტესობას სახლებში ხის ან კაფელის იატაკი ჰქონდა; კედლებზე შპალერი იყო გაკრული; მათი სახლები ძალიან სუფთა იყო და ყოველდღე ბანაობის საშუალება ჰქონდათ. მათ ბევრი ავეჯი ედგათ სახლებში: ტელევიზორის სადგამები და დიდი კარადები, ასევე დივნები და კონდიციონერები. მათ საძინებლებში „სიმონსის“ ფირმის საწოლები იდგა, ხოლო სამზარეულოებში ყველანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჰქონდათ: მაცივრები, მიკროტალღური ღუმელები, ღუმელები, ქურები, გამწოვები და ა.შ. ეს თავბრუდამხვევი სანახაობა იყო. გარდა ამისა, ასეთ დიდ ქალაქებში იყო ადგილები, სადაც მას შეეძლო ლიფტით ესარგებლა სართულებს შორის გადასაადგილებლად. ამ ადგილმა მას თვალი აუხილა და იქ გარკვეული დროით მუშაობისა და სახარების ქადაგების შემდეგ, უკან დაბრუნება აღარ სურდა. რატომ მოხდა ასე? ის ფიქრობდა: „ჩემი ოჯახის მიწური ვერაფრით შეედრება ამ ადგილს. ჩვენ ყველას გვწამს ღმერთი, მაშ, რატომ ცხოვრობენ ეს ადამიანები ჩემს ოჯახზე ბევრად უკეთ? ამ ადამიანთა ცხოვრება სამოთხეს ჰგავს. ჩემი ოჯახი საღორეში ცხოვრობს — ეს ბევრად უარესია, ვიდრე ამ ადამიანების მდგომარეობა!“ ამ შედარების შემდეგ ის მწუხარებამ მოიცვა, კიდევ უფრო მიეჯაჭვა ამ ადგილს და კიდევ უფრო ნაკლებად სურდა უკან დაბრუნება. ფიქრობდა: „თუ შევძლებ აქ დიდხანს ვიმუშაო, მაშინ სახლში დაბრუნება აღარ მომიწევს, არა? ის მიწური არ არის შესაფერისი ადამიანების საცხოვრებლად“. ის გარკვეული დროით დარჩა დიდ ქალაქში; მან ისწავლა ჭამა, ჩაცმა და ცხოვრებით ტკბობა ისე, როგორც ამას ქალაქელები აკეთებდნენ; ისწავლა ცხოვრება ისე, როგორც ქალაქელები ცხოვრობდნენ. ის გრძნობდა, რომ ცხოვრება იმ დღეებში ძალიან კარგი იყო. კარგი იყო ფულის ქონა. სიღარიბე ადამიანს მომავალს უსპობდა. ღარიბ ადამიანებს სხვები ზემოდან უყურებდნენ და ისინი საკუთარ თავსაც კი ზემოდან უყურებდნენ. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ნაკლებად სურდა უკან დაბრუნება, მაგრამ არაფრის გაკეთება არ ძალუძდა — ის სახლში უნდა დაბრუნებულიყო. შინ დაბრუნებულმა გული სხვადასხვა გრძნობამ დაუმძიმა და ამის ატანა გაუჭირდა. როგორც კი სახლში შევიდა, დაინახა, რომ იატაკი მიწისა იყო, ხოლო როცა ღუმელისპირა საწოლზე ჩამოჯდა, ისეთი მაგარი და არაკომფორტული იყო. როდესაც კედლებს შეეხო, ხელი მიწით დაესვარა. როდესაც გემრიელი საჭმელი ახსენა, რისი მირთმევაც სურდა, ვერავინ გაიგო მისი სახელი; არანაირი პირობა არ იყო ძილის წინ თავის მოსაწესრიგებლად. ის ფიქრობდა, რომ ასე ცხოვრება მეტისმეტად დამამცირებელი იყო; გულში წყენა ჩაიდო მშობლების მიმართ იმის გამო, რომ ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ არ შეეძლოთ მისთვის სასურველი ნივთის ყიდვა და მათზე მუდამ ბრაზს ანთხევდა. დაბრუნების შემდეგ თითქოს სხვა ადამიანად იქცა. ის უკმაყოფილო მზერით უყურებდა თავისი ოჯახის წევრებს და ყველაფერს თავის სახლში; ფიქრობდა, რომ ეს იმდენად პროვინციული იყო, რომ იქ დარჩენა აღარ შეეძლო; იქ ცხოვრება რომ გაეგრძელებინა, დარდისგან მოკვდებოდა. სახლიდან წასვლამ მას თვალი აუხილა, მაგრამ ეს ცუდ რამეში გადაიზარდა, რამაც მისი მშობლები მასზე ძალიან გააბრაზა. იმ მომენტში მას თავში ასეთმა აზრმა გაუელვა: „ჩემს მშობლებს რომ არ სწამდეთ ღმერთი და მე რომ არ მწამდეს ღმერთი, მაშინ ჩვენი ცხოვრება ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ახლაა. „სიმონსის“ ფირმის საწოლებზე თუ ვერ დავიძინებდით, უკეთესად მაინც შევჭამდით და იატაკზე კაფელს დავაგებდით“. ის ფიქრობდა, რომ ეს ღვთისადმი რწმენის შედეგი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ღარიბი უნდა ყოფილიყო, რომ მას არ შეეძლო კარგი ცხოვრება ჰქონოდა, თუ ღმერთი სწამდა, და რომ ადამიანს არ შეეძლო კარგი საჭმლის მირთმევა ან ლამაზი ტანსაცმლის ტარება. იმ დღიდან მოყოლებული, ეს ერთ დროს გამორჩეული, გმირი ქალი, რომელსაც რამდენიმე პროვინციაში დიდი საქმეები ჰქონდა გაკეთებული, ფეხზე ვეღარ დგებოდა და მთელი დღეები ეძინებოდა. დილით ძლივს დგებოდა და პირველი, რასაც აკეთებდა, იყო ის, რომ ემზადებოდა და მაკიაჟს იკეთებდა, შემდეგ ტანსაცმელს იცვამდა, რომელსაც ქალაქელები ატარებენ. შემდეგ წარბშეკრული იმაზე ფიქრობდა, თუ როდის დააღწევდა თავს ამ პროვინციულ ყოფას და როდის იცხოვრებდა ისე, როგორც ქალაქში ცხოვრობენ. ქადაგებები, რომლებსაც ის ადრე ქადაგებდა და ის ურყევი ნება, რომელიც მას ჰქონდა, სრულიად გაქრა — მას ყველაფერი დაავიწყდა. ისიც კი არ იცოდა, იყო თუ არა მორწმუნე. აი, ასე სწრაფად შეიცვალა ის. იმის გამო, რომ მას თვალი ოდნავ აეხილა და მისი საცხოვრებელი გარემო და ცხოვრების ხარისხი შეიცვალა, ის გამოაშკარავდა.
ადრე ეს ქალი ყველგან დადიოდა, ქადაგებდა და საქმეს აკეთებდა. მას ჰქონდა მტკიცე ურყევი ნება და დიდი ძალა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. მან თავადაც კი არ იცოდა, რას ესწრაფვოდა გულის სიღრმეში, რა მოსწონდა და როგორი ადამიანი იყო. ქალაქში წასვლის ერთმა შემთხვევამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება, ხოლო ფუფუნებაში გატარებულმა გარკვეულმა დრომ მისი ცხოვრების მიმართულება სრულიად შეცვალა. ზუსტად რა იყო ამის მიზეზი? ვინ შეცვალა იგი? ეს ხომ არ შეიძლებოდა ღმერთი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა. მაშინ რა იყო მიზეზი? ის, რომ გარემომ გამოააშკარავა იგი, გამოააშკარავა მისი ბუნება-არსება, მისი მისწრაფებები და ის გზა, რომელზეც იდგა. რა გზაზე იდგა იგი? ეს არ იყო ჭეშმარიტების ძიების გზა, არც პეტრეს გზა, არც გადარჩენილთა და სრულქმნილთა გზა, და არც ქმნილების მოვალეობის შესრულების ძიების გზა; არამედ, ეს იყო ანტიქრისტეთა გზა. კერძოდ, ანტიქრისტეთა გზა არის რეპუტაციის ძიების, სტატუსის ძიებისა და მატერიალური სიამოვნებების ძიების გზა. ეს არის ამგვარი ადამიანების არსი. თუ ის ამ ყოველივეს არ ეძიებდა და ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი იყო, მაშინ გარემოს ასეთი მცირე ცვლილება მას ნამდვილად ვერ გამოააშკარავებდა. უკიდურეს შემთხვევაში ოდნავ სისუსტეს იგრძნობდა, ცოტათი დამწუხრდებოდა და ტკივილს განიცდიდა, ან ექნებოდა რამდენიმე უგუნური გამოვლინება, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ ასე გამოაშკარავებულიყო. რა არის ამგვარი ადამიანების მისწრაფებების არსი? ისინი ეძიებენ იმავეს, რასაც არამორწმუნეები და რასაც წუთისოფელში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ესწრფვის დიდებას, გარმოჩენასა და მანკიერ ტენდენციებს. მათ მოსწონთ არამორწმუნეების მოდური ჩაცმულობა, თუ როგორ მისდევენ არამორწმუნეები მანკიერ ტენდენციებს, და კიდევ უფრო მეტად მოსწონთ არამორწმუნეთა შეპყრობილობა ექსტრავაგანტული ხორციელი ცხოვრების წესით. ამიტომ გარემოს ერთი ცვლილებით ამ ქალის შეხედულება ცხოვრებაზე და მისი დამოკიდებულება წუთისოფლისა და ცხოვრების მიმართ სრულიად შეიცვალა. ის ფიქრობდა, რომ ღვთისადმი რწმენა და ჭეშმარიტების ძიება არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, და რომ როდესაც ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს, მან ხორციელი სიამოვნება და ცხოვრებით ტკბობა უნდა განიცადოს, მიჰყვეს მოდას და დაემსგავსოს საზოგადოების იმ ქარიზმატულ და გავლენიან ფიგურებს, რომლებიც ქუჩაში გავლისას ყველას მზერას იპყრობენ, სხვებში შურს აღძრავენ და მათ კერპებად იქცევიან. არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გარემოში მოხვედრისას, უამრავ ხალხთან შეხვედრისა და თვალსაწიერის გაფართოების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ხედავენ ამ მანკიერ ტენდენციებსა და კაცობრიობის დაცემას სწორედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან და ესმით ღვთის განზრახვა. გულში კიდევ უფრო მეტი სიძულვილი უჩნდებათ იმ გზის მიმართ, რომელსაც ადამიანები ადგანან წუთისოფელში; ასევე ძალუძთ მისი ამოცნობა და სრულიად მიტოვება, რათა იარონ იმ გზით, რომელზეც ღმერთი მიუძღვის. რაც შეეხებათ მათ, ვინც ჭეშმარიტებისკენ არ ისწრაფვის და რომლებსაც აქვთ ანტიქრისტეს არსი, როგორც კი თვალი აეხილებათ და განსხვავებულ გარემოს შეხვდებიან, მათი ამბიციები და სურვილები კი არ მცირდება, არამედ იზრდება და უფრო დიდი ხდება. მას შემდეგ, რაც მათი ამბიციები და სურვილები იზრდება, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შურთ წუთისოფელში მყოფ იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებიც ტკბებიან კარგი ნივთებით და აქვთ ფული და გავლენა, გულის სიღრმეში კი ზიზღი უჩნდებათ მორწმუნეთა ცხოვრების მიმართ. ისინი ფიქრობენ, რომ მორწმუნეთა უმეტესობა არ მიელტვის წუთისოფელს, მათ არ აქვთ ფული, სტატუსი, გავლენა და ბევრი არაფერი უნახავთ ამქვეყნად; მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან ისეთივე ქარიზმატულნი, როგორც არამორწმუნეები, მათსავით არ ესმით ცხოვრებით ტკბობა და ვერ იწონებენ თავს. შედეგად, გულის სიღრმეში ღვთის რწმენის მიმართ წინააღმდეგობა და მტრობა იღვიძებს. ამიტომ ანტიქრისტეს არსის მქონე ბევრ ადამიანთან მიმართებაში ღვთისადმი რწმენის შედგომიდან დღემდე რთული სათქმელია, მართლაც ასეთები არიან თუ არა, მაგრამ დადგება დღე, როდესაც სათანადო გარემო მათ ნამდვილ სახეს გამოააშკარავებს. ადრე, როდესაც გამოაშკარავებული ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოაშკარავებულნი, ისინიც იცავდნენ წესებს და იქცეოდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც ღვთის სახლი მათგან ითხოვდა; მათ შეეძლოთ გაჭირვების ატანა და მსხვერპლის გაღება. როგორც ჩანდნენ, ისინი იყვნენ მოვალეობის ერთგულნი, სწორ გზაზე მდგომი ადამიანები და მათ ჰქონდათ ღვთის მორწმუნე ადამიანების იერი და მანერები. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი გარეგნულად, მათმა არსმა და იმ გზამ, რომელზეც ისინი იდგნენ, ვერ გაუძლო დროის გამოცდას თუ განსხვავებული გარემოებების განსაცდელს. რამდენი წლის მანძილზეც არ უნდა სწამდეს ადამიანს ღმერთი და რაოდენ მყარი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეს მის რწმენას, თუ ანტიქრისტეს არსი აქვს და დგას ანტიქრისტეთა გზაზე, მაშინ ის აუცილებლად დაუწყებს ძიებას მატერიალურ სიამოვნებებს, ექსტრავაგანტულ ცხოვრების წესს, მდიდარ მატერიალურ მოპყრობას და უფრო მეტიც, ყოველივე სასურველს, და ამავდროულად მას შეშურდება ის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელიც წუთისოფელში აქვთ ადამიანებს ცხოვრების მიმართ. ეს უდავოა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველა ისმენს ქადაგებებს, ჭამს და სვამს ღვთის სიტყვებს და ასრულებს თავის მოვალეობებს, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, აუცილებლად დაუწყებენ ძიებას მატერიალურ ნივთებს. ეს ნივთები პრიორიტეტული გახდება მათ გულებში და როგორც კი შესაფერისი გარემო ან ვითარება შეიქმნება, მათი სურვილები გაიზრდება და ამოქმედდება. როგორც კი საქმე აქამდე მივა, სწორედ მაშინ გამოაშკარავდებიან ისინი. თუ ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ადრე თუ გვიან ეს დღე მათთვისაც დადგება. რაც შეეხებათ მათ, რომლებიც ეძიებენ, ესმით ჭეშმარიტება და რომელთათვისაც ის საყრდენია, როდესაც ეს ცდუნებები და გარემოებები იქმნება, ისინი ახერხებენ სწორად მიუდგნენ მათ, უარყონ ისინი და მტკიცედ დადგნენ ღვთისადმი თავიანთ მოწმობაში. როდესაც ეს ცდუნებები ჩნდება, მათ ასევე შეუძლიათ განასხვავონ დადებითი და უარყოფითი და იციან, არის თუ არა ეს ის, რაც მათ სურთ. ეს ზუსტად იმას ჰგავს, როცა ზოგიერთ ქალს არ აინტერესებს მამაკაცები, რომლებიც მათ დასდევენ, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეთ მათ. რატომ არ არიან დაინტერესებულნი? იმიტომ, რომ ამ მამაკაცებს არ აქვთ კარგი ზნეობა. ზოგიერთი ქალი არ ეძებს პარტნიორს, რადგან მათ გარშემო მდიდარი მამაკაცები არ ჩანან. მაგრამ თუ ფულიანი კაცი გამოჩნდება და მათ 20,000 იუანის ღირებულების ბრენდულ კაბას უყიდის, ისინი მოიხიბლებიან; ხოლო თუ შემდეგ 100,000 იუანის ღირებულების წავის ქურქს, დიდ ბრილიანტს, მშვენიერ დიდ სახლსა და მანქანას უყიდის, ისინი იმავე წამს დათანხმდებიან ცოლობაზე. ჰოდა, როდესაც ეს ქალები ადრე ამბობდნენ, რომ არ გათხოვდებოდნენ, ეს სიმართლე იყო თუ ტყუილი? ეს ტყუილი იყო. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ არ მიელტვის წუთისოფელს და არ ეძიებს წუთისოფლის პერსპექტივებსა და სიამოვნებებს, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც არანაირი ცდუნების წინაშე არ დგანან და შესაბამისი გარემო არ არსებობს. როგორც კი ხელსაყრელი გარემო შეიქმნება, ისინი ღრმად ჩაეფლობიან მასში და თავს ვეღარ დააღწევენ. ეს ზუსტად იმ მაგალითს ჰგავს, რომელიც ახლახან მოვიყვანეთ. იმ ქალმა ვერ დააღწია თავი შექმნილ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ქალაქური ცხოვრების სიტკბო იგემა, მან აღარ იცოდა ვინ იყო და გზა დაკარგა. სასახლეში რომ მოხვედრილიყო, ალბათ მშობლებს სასწრაფოდ სიცოცხლეს გამოასალმებდა, რათა მისი სახელი არ შეებღალათ, არა? ამგვარ ადამიანებს ძალუძთ ნებისმიერი უგუნურების ჩადენა თავიანთი სიამოვნების, რეპუტაციის, ექსტრავაგანტული ცხოვრების წესისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის გამო. ისინი უსარგებლონი არიან და მდაბალი ზნეობა აქვთ. ამგვარი ადამიანები ოდსმე ეძიებდნენ ჭეშმარიტებას? (არა.) მაშინ საიდან მოდიოდა ის ქადაგებები, რომლებსაც ის წარმოთქვამდა? განა მას საერთოდ ჰქონდა საქადაგებელი? რასაც ის ქადაგებდა, იყო არა ქადაგება, არამედ მოძღვრება. ის კი არ ქადაგებდა, სპექტაკლს დგამდა და შეცდომაში შეჰყავდა ადამიანები. მან ამდენი ქადაგება წარმოთქვა, მაშ, რატომ ვერ შეძლო საკუთარი პრობლემების გადაჭრაც კი? იცოდა მან, რომ შეეძლო აქამდე მისვლა? განა მან ამდენი ქადაგება წარმოთქვა, მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე ქალაქური ცხოვრებით ტკბობის შემდეგ ვერ შეძლო ამგვარი ცდუნებების დაძლევა და თავის მოწმობაში მტკიცედ დგომა. მაშ, იყო თუ არა ის, რასაც ის წარმოთქვამდა, ქადაგება? აშკარაა, რომ არ იყო. ეს არის მესამე შემთხვევა.
მეოთხე შემთხვევა: შესაწირის თაღლითურად გამოყენება ვალების დასაფარად
ადრე, როდესაც კონტინენტურ ჩინეთში ვიყავი, შედარებით უსაფრთხო ადგილის პოვნა დაგვჭირდა თანამშრომელთა შეკრებისთვის, ამიტომ ვიპოვეთ მასპინძელი ოჯახი. ეს ოჯახი მზად იყო ჩვენთვის ემასპინძლა და გვეხმარებოდა იმ ადგილის დაცვაში. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ოჯახმა დაიწყო ფიქრი: „როგორც ჩანს, თქვენ აქ შეკრებას დიდი ხნით გეგმავთ. ჩემი სახლის გარდა სხვაგან ვერ შეიკრიბებით, ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვა ეს შემთხვევადა სიტუაციით ვისარგებლო. განა სულელი არ ვიქნები, სხვაგვარად რომ მოვიქცე?“ ერთხელ, როდესაც თანამშრომლები შევიკრიბეთ და შეხვედრის ყველა მონაწილე ჯერ კიდევ არ იყო მოსული, მასპინძელ ოჯახში აშკარა მიზეზის გარეშე მოვიდა ერთი ადამიანი, დაჯდა მისაღებ ოთახში და არ მიდიოდა. მასპინძელი მოვიდა და თქვა, რომ ეს ადამიანი ვალის ამოსაღებად იყო მოსული, რომ მისმა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ისესხა ფული ამ ადამიანისგან და არ დაუბრუნებია. რას ფიქრობთ, რა ხდებოდა აქ? ამ ადამიანს შეეძლო მოსულიყო ადრე ან მოგვიანებით, მაგრამ ის ზუსტად ამ დროს მოვიდა ვალის ამოსაღებად. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუ ვინმემ განზრახ დაგეგმა ასე? შეუძლებელი იყო, ეჭვი არ გაგჩენოდა. აქ რაღაც საეჭვო ხდებოდა. რა ხდებოდა სინამდვილეში? განა ის არ ხდებოდა, რომ ოჯახს ბოროტი განზრახვა ჰქონდა და იმ კაცს განგებ დაურეკა მოსასვლელად? (დიახ.) მე ვთქვი: „ახლავე გაიყვანე ის აქედან“. მასპინძელმა მიპასუხა: „ის არ წავა, სანამ ფულს არ გადავუხდით“. მე ვუთხარი: „რატომ არ უბრუნებ ფულს?“ მასპინძელმა ყოყმანი დაიწყო, რითაც მიმანიშნა, რომ ფული კიდეც რომ ჰქონოდა, არ გადაუხდიდა ვალს — მას უპროცენტო სესხი უნდოდა. ვალის ამომღები იქ ელოდებოდა და ჯერ კიდევ არ იყო წასული, როდესაც რამდენიმე სხვა თანამშრომელი უნდა მოსულიყო. რის გაკეთებას გეგმავდა მასპინძელი? განა ეს წინასწარ განზრახული მზაკვრული გეგმა არ იყო? (დიახ.) მოგვიანებით მე ვუთხარი ვიღაცას, რომ მასპინძლისთვის ფული მიეცა და ვალის ამომღები სასწრაფოდ მოეშორებინა. მასპინძლისთვის ფულის მიცემის შემდეგ ვალის ამომღები ნახევარ საათში წავიდა. საღი აზრი გვკარნახობს, რომ ვალის ამომღები აღარ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს საქმე ამით არ დასრულებულა. ერთი თვის შემდეგ ვალის ამომღები კვლავ მოვიდა თანამშრომელთა შეხვედრის დაწყებამდე. მასპინძელმა თქვა, რომ გასულ ჯერზე ვალის მხოლოდ ნაწილი დაიფარა და არა მთლიანად. რა იყო ამის თქმის მიზანი? ის, რომ ღვთის სახლს კვლავ დაეფარა მისთვის ვალი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გასულ ჯერზე: მასპინძლისთვის ფულის მიცემის შემდეგ ვალის ამომღები წავიდა. იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც კი იქ მივდიოდით შესაკრებად, ვალის ამომღები აღარასოდეს მოსულა, რადგან უკვე დავფარეთ მასპინძლის ვალი ორი გადახდით. მასპინძელი წუხდა, რომ თუ ის ერთბაშად მოითხოვდა ამდენ ფულს, ჩვენ არ დავთანხმდებოდით გადახდაზე, ამიტომ მან ის ორ ნაწილად მოითხოვა. როგორ უნდა შევხედოთ ამ ფულს? ღვთის სახლმა ასესხა მას, თუ მან მანიპულირებით აიძულა ღვთის სახლი, რომ მისთვის მიეცა? (მან მანიპულაციით გამოსძალა ღვთის სახლს.) სინამდვილეში, მან მოატყუა ღვთის სახლი, რომ მისთვის ფული მიეცა. მაშ, რატომ მისცა ღვთის სახლმა მას ფული? განა არ შეგვეძლო, არ მიგვეცა მისთვის ფული? ბოლოს და ბოლოს, გონივრულიც არის და კანონიერიც, რომ არ მიგვეცა მისთვის, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლები ვერ შეიკრიბებოდნენ. მაშ, რა იყო ჩვენი ლოგიკა მისთვის ფულის მიცემისას? იმ დროს, ვფიქრობდი, რომ ეს ფული ქირად ჩაგვეთვალა. ჰოსტელი ან სპორტული არენა რომ გვექირავებინა, განა ესეც ფული არ დაგვიჯდებოდა? ჩვენ ვერ შევიკრიბებით იმ ადგილებში და ეს არც უსაფრთხოა. აქ მასპინძელი გვეხმარება ამ ადგილის დაცვაში და ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია, ამიტომ გონივრულია თუ არა ღვთის სახლისთვის, დახარჯოს ცოტაოდენი ფული მისი ვალების დასაფარად? (დიახ.) უბრალოდ, ფული არ იყო მიცემული პატიოსანი გზით. თუმცა, ისეთ გარემოში, როგორიც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაა, ხშირად აუცილებელია ამგვარი რამის გაკეთება.
ზოგიერთ ადამიანს ბოროტი ბუნება აქვს და ბოლომდე გულწრფელად არ ასრულებენ მასპინძლობის მოვალეობას. ჩვენ ვიყენებთ მათ იმ ადგილის დასაცავად, სადაც ვიმყოფებით, ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გარკვეულწილად ისარგებლონ სიტუაციით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისინი ამით ისარგებლებენ, შეუძლიათ თუ არა კვლავ მოიპოვონ ხსნა? არა, არ შეუძლიათ. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი არ გადაარჩენს მათ, არამედ ის, რომ ამგვარ ადამიანს არ შეუძლია ხსნის მიღწევა. ისინი ყველას ატყუებენ და ყველასგან სარგებელს ნახულობენ. როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ და ცდილობენ მოამზადონ კეთილი საქმეები, ისინი ყოველთვის რამეს გამოსძალავენ აქედან და ვისთანაც არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, ხელმძღვანელობენ პრინციპით, რომ მხოლოდ ისარგებლონ და არასოდეს დარჩნენ წაგებულები. ეს არის პრინციპი, რომელსაც ისინი იცავენ ღვთის სახლში მოვალეობების შესრულებისას. მაშ, საიდან მოდის ეს „კეთილი საქმეები“? ისინი ნაყიდი და გადახდილია ღვთის სახლის მიერ ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთით მოამზადონ კეთილი საქმეები; ისინი არ ამზადებენ კეთილ საქმეებს. ისინი უზრუნველყოფენ ადგილს, ღვთის სახლი კი ხარჯავს ფულს და ამას თვლის ქირად. ამას არაფერი აქვს საერთო კეთილ საქმეებთან და ეს არ არის მათი კეთილი საქმე. რა სახის ქცევაა, როდესაც ადამიანი ღვთის სახლის სახელით ძმებსა და დებს უზრუნველყოფს შეკრების ადგილით და ამას ამოფარებული თაღლითურად ცდილობს ღვთის სახლიდან ფულის ან ნივთების მიტაცებას? როგორი ზნეობა აქვს ამგვარ ადამიანს? შეუძლია თუ არა ღმერთს დაიმახსოვროს მისი ქცევა? რა ადგილს იკავებს მისი ზნეობა ადამიანთა გულებსა და ღვთის გულში? კეთილი საქმეები არის ის, რაც უნდა მოამზადო — ამზადებ კეთილ საქმეებს შენი საბოლოო სამყოფლისთვის და ყოველივე, რასაც აკეთებ, არის შენთვის და არა სხვებისთვის. იმით, რაც უნდა გააკეთო, უკვე მიიღე ჯილდო და მოიპოვე შენთვის სასურველი რამ, რაც განიზრახე; მაშ, როგორ გხედავს ღმერთი თავის გულში? აკეთებ კეთილ საქმეებს, რათა მოიპოვო რაღაც შენი ინტერესებისთვის და არა ჭეშმარიტების ან სულიერი ცხოვრების მოსაპოვებლად და მით უმეტეს, ღვთის დასაკმაყოფილებლად. ძალუძს თუ არა ღმერთს კვლავ გადაარჩინოს ასეთი ადამიანები? არა, არ ძალუძს. ისინი უბრალოდ ამზადებენ მცირე კეთილ საქმეს და ასრულებენ მცირე ვალდებულებასა და მოვალეობას, და მაინც იწვდიან ხელს და ღვთის სახლს სთხოვენ თანხის გადახდას; ისინი წვრილმანებზე ევაჭრებიან ღვთის სახლს, ყოველგვარ ხერხს მიმართავენ ღვთის სახლის მოსატყუებლად და სასურველი რამის მოსაპოვებლად ზრუნავენ, რომ არასოდეს დარჩნენ წაგებულები, თითქოს ბიზნესს აკეთებდნენ. ამგვარად, ეს კეთილი საქმე არ არის კეთილი საქმე — ის გადაიქცა ბოროტ საქმედ, და ღმერთი არა მხოლოდ არ დაიმახსოვრებს მას, არამედ გააუქმებს და ამ ადამიანებს წაართმევს გადარჩენის უფლებას. როდესაც იმ მასპინძელმა აიძულა ღვთის სახლი, რომ მისთვის ვალი დაეფარა, განა ამას გარკვეულწილად თაღლითური ხასიათი არ ჰქონდა? ამას აკეთებენ ანტიქრისტეები. როდესაც ფული სურთ; ისინი არ მოქმედებენ პატიოსანი გზით; პირიქით, ისინი მოქმედებენ თაღლითური გზით, იყენებენ რა შესაძლებლობას ნივთების გამოძალვის მიზნით. გადაარჩენს თუ არა ღმერთი მათ, ვინც ღვთის შესაწირს გამოსძალავს? (არა, არ გადაარჩენს.) თუ ეს ადამიანები მოინანიებენ და ექნებათ ჭეშმარიტი რწმენა, უნდა გადარჩნენ თუ არა ისინი? (არა.) რატომ? (ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ თაღლითურად მოქცეულიყვნენ ღვთის სახლის მიმართ, ნიშნავს, რომ ღმერთს არ აქვს ადგილი მათ გულებში — ისინი ტიპური ურწმუნონი არიან.) მოინანიებენ თუ არა ურწმუნოები? ისეთი ურწმუნოები, რომლებიც ანტიქრისტეები არიან, არ მოინანიებენ. როდესაც რამეს აკეტებენ, ყოველთვის პირადი ინტერესების ირგვლივ ტრიალებენ და რომც მოკვდნენ, მაინც არასოდეს მოინანიებენ. ისინი არ აღიარებენ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეს; არც იმას აღიარებენ, რომ ბოროტება ჩაიდინეს, მაშ, რისთვის უნდა მოინანიონ? მონანიება არის იმ ადამიანთათვის, რომლებსაც აქვთ ადამიანობა, სინდისი და გონიერება, და რომლებსაც ძალუძთ ნათლად დაინახონ თავიანთი გახრწნილება და აღიარონ ის. როდესაც იმ მასპინძელმა ოჯახმა მცირე მოვალეობა შეასრულა, მათ აქედან უნდა გამოეძალათ სასურველი რამ და ხელიდან არ გაუშვეს ასეთი შესაძლებლობაც კი. ისინი დიდი თაღლითები იყვნენ. ეს არის მეოთხე შემთხვევა.
მეხუთე შემთხვევა: ღვთის სახლში მუშაობისთვის ხელფასის მოთხოვნა
კონტინენტურ ჩინეთში არის საქმეები, რომლებიც შედარებით სახიფათო და რისკის შემცველია, და რომლის შესასრულებლადაც საჭიროა გონიერი და გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. იმ დროს იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეს კვალიფიკაცია, ამიტომ ზემდგომმა ისე მოაწყო, რომ მას გარკვეული საქმე შეესრულებინა. როდესაც ამ საქმეს შეუდგა, მან გააჟღერა თხოვნა, რომ როგორც კი დაიწყებდა მის შესრულებას, ვერ შეძლებდა ყოველდღე მისვლას თავისი საქმის შესასრულებლად და მის ოჯახს გაუჭირდებოდა თავის გატანა. ღვთის სახლმა მას მისცა ცოტაოდენი ფული საცხოვრებელი ხარჯებისთვის; ის ძალიან ბედნიერი იყო ამით და შეუდგა მისთვის მიცემულ საქმეს; თუმცა, მისი მუშაობის ხარისხი მხოლოდ საშუალო დონის იყო. გარკვეული დროის შემდეგ მის ოჯახს აღარ ჰქონდა თავის რჩენის პრობლემა, მაგრამ სხვა საკითხი წამოიჭრა, რაც მან ღვთის სახლის წინაშე დააყენა. ღვთის სახლმა მას კიდევ მისცა ცოტაოდენი ფული საცხოვრებელი ხარჯებისთვის, რათა თავი გაეტანა. ის უხალისოდ დათანხმდამუშაობის გაგრძელებაზე, მაგრამ რამდენად კარგად შეასრულა მან ის? ეს იყო დიდი არეულობა. თუ რამის გაკეთების ხასიათზე იყო, ცოტას აკეთებდა, ხოლო თუ ხასიათზე არ იყო, საერთოდ არაფერს აკეთებდა. ამან შეაფერხა სამუშაო და გამოიწვია ის, ომ ეკლესიის საქმეს გარკვეული ზარალი მიაყენა, სხვებს კი მისი გამოსწორება მოუწიათ. მოგვიანებით, ღვთის სახლი დაუკავშირდა მას, რათა ეთქვათ, რომ ძალისხმევა გამოეჩინა თავისი საქმის შესასრულებლად და რომ ღვთის სახლი გააგრძელებდა მის დახმარებას ნებისმიერი სირთულის გადაჭრაში. მას ეს პირდაპირ ღვთის სახლისთვის პირისპირ არ უთქვამს, მაგრამ რამდენიმე ძმასა და დას პირად საუბარში გაუმხილა: „განა საცხოვრებელი ხარჯებია ის, რაც მაკლია? რა დიდი პრობლემის გადაჭრა შეუძლია ამ მცირე თანხას? ამ საქმის შესრულებით მე ასეთ უზარმაზარ საკითხს ვჭრი ღვთის სახლისთვის. ღვთის სახლმა ჩემთვისაც უნდა გადაჭრას დიდი საკითხები. ახლა ჩემს შვილს არ აქვს ფული სწავლის საფასურის გადასახდელად და ეს საკითხი არ გადაჭრილა. ეს მცირე თანხა არ არის ის, რაც მაკლია“. ეს სიტყვები იყო ის, რასაც ის სინამდვილეში ფიქრობდა, მაგრამ ვერ გაბედა, რომ ეს პირისპირ ეთქვა ღვთის სახლისთვის; ნაცვლად ამისა, ეს გამოაშკარავდა, როდესაც ის პირად საუბარში ემოციებისგან დაიცალა. როგორ უნდა გადაიჭრას ეს სიტუაცია? უნდა გააგრძელოს თუ არა ღვთის სახლმა მისი გამოყენება, თუ უნდა იპოვოს სხვა ვინმე? (იპოვოს სხვა ვინმე.) რატომ? მისი ზნეობა და არსი უკვე გამოაშკარავდა. მას არა მხოლოდ ის სურდა, რომ ღვთის სახლს მისი ოჯახის საარსებო წყარო უზრუნველეყო, არამედ ისიც, რომ ღვთის სახლს მისი შვილის სწავლის საფასური გადაეხადა; მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი ცოლი ავად იყო და სურდა, რომ ღვთის სახლს მისი მკურნალობის თანხა დაეფარა. განა ის სულ უფრო და უფრო მეტს არ ითხოვდა? ის ფიქრობდა, რომ ღვთის სახლისთვის ამ მცირე საქმის გაკეთებით მან დიდი წვლილი შეიტანა და რომ ღვთის სახლს უპირობოდ უნდა უზრუნველეყო ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა. ჩვეულებრივ სამსახურში რომ ემუშავა, შეძლებდა თუ არა თავისი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნას? შეძლებდა თუ არა თავისი ცოლის მკურნალობის საფასურის გადახდას? დიდი ალბათობით ამას ვერ მოახერხებდა. მაშ, როდესაც მან ეს მცირე საქმე შეასრულა ღვთის სახლში, რატომ სთხოვდა მუდმივად ფულს ღვთის სახლს? რას ფიქრობდა ის? როგორი იყო მისი თვალსაზრისი ამ საკითხზე? ის ფიქრობდა, რომ მის გარდა ღვთის სახლს სხვა არავინ ეყოლებოდა, ვინც საქმეს შეასრულებდა, ამიტომ უნდა გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა და ეპოვა მიზეზები ღვთის სახლისთვის მეტი ფულის სათხოვნელად, არ უნდა გაეშვა ეს შანსი ტყუილუბრალოდ და თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა, ვეღარასოდეს მოახერხებდა. განა ეს არ იგულისხმა მან? ის ფიქრობდა, რომ ამ საქმის შესრულება ჰგავდა სამსახურს და ფულის გამომუშავებას, ამიტომ ფული უნდა გამოეძალა ღვთის სახლისთვის. მოგვიანებით, როდესაც მიხვდა, რომ ღვთის სახლს ფულს ვერ გამოძალავდა, თავისი საქმე არ შეასრულა. არის თუ არა ეს ადამიანი ისეთი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი? (არა.)
ადამიანებს, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, არ ეშინიათ გაჭირვების ატანის თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. ზოგიერთი ადამიანი მოვალეობის შესრულებისას საერთოდ არ ახსენებს იმ სირთულეებს, რომლებსაც მისი ოჯახი განიცდის. ღარიბ რაიონებში ზოგიერთი ადამიანი ასრულებს მასპინძლობის მოვალეობას და როდესაც ძმები და დები მოდიან და საჭმელად ბრინჯიც კი რ აქვს, ის გადის და ფულს სესხულობს, მაგრამ არაფერს ამბობს ამის შესახებ. მას რომ რამე ეთქვა, შეძლებდა თუ არა ღვთის სახლი მისთვის ფულის მიცემას? (დიახ.) ღვთის სახლს შეუძლია უზრუნველყოს ის ნივთები, რომლებიც მათ სჭირდებათ ძმებისა და დების სამასპინძლოდ. მაშ, რატომ არაფერს არ ამბობენ ისინი? თავად რომ შეგეთავაზებინა, მაინც უარს იტყოდნენ. გარეთ გასულები ფულს ისესხებენ და მერე ნელ-ნელა თავადვე აბრუნებენ. მათ არ უნდათ ფული ღვთის სახლიდან. მათ არ სურთ ფული ღვთის სახლიდან. ანტიქრისტეები ზუსტად საპირისპირონი არიან. ისინი აყენებენ პირობებს, იშვერენ ხელს და აყენებენ მოთხოვნებს მანამ, სანამ რაიმე საქმეს შეასრულებენ. როგორ არის მათთვის ასე ადვილი ხელების გაშვერა? როგორ შეუძლიათ ხელის გაშვერა ასეთი „თავდაჯერებული“ მანერით? ასეთ ადამიანებს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ, არა? გარკვეული თანხის მოთხოვნის შემდეგ, მათ კიდევ უფრო მეტი უნდათ. თუ ფულს არ მისცემენ, ისინი არავითარ საქმეს არ შეასრულებენ — სანამ რეალურ სარგებელს არ დაინახავენ, არაფერს გააკეთებენ: „იმდენ საქმეს გავაკეთებ, რამდენსაც გადამიხდი. თუ არ გადამიხდი, მაშინ დაივიწყე, რომ შენთვის სხვა საქმეს გავაკეთებ. ეს ჩემთვის სამსახურია და თუ სარგებელს ვერ მივიღებ, მას არ შევასრულებ. საფრთხეში ვიგდებ თავს ჩემი მოვალეობის შესასრულებლად, ამიტომ აქედან რაღაცას უნდა გამოვრჩე; ეს უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც მე მასში ვდებ. წაგებული ვერ დავრჩები!“ ამიტომ, მათ უნდა მოითხოვონ ის, რასაც თვლიან, რომ იმსახურებენ და უნდა ეძიონ საბაბი ამის მოსათხოვნად — ტვინს იჭყლეტენ და ყოველნაირ ხერხს მიმართავენ, რათა ის მოითხოვონ. თუ მას მისცემენ, ხომ საერთოდ უკეთესი, და თუ არა, მაშინ ყველაფერს მიატოვებენ, წავლენ და ამით არანაირი ზარალი არ მიადგებათ. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მთელი ეს საქმე, რომელსაც ღვთის სახლი ასრულებს, მოიცავს რისკს და რომ თუ ღვთის სახლი არ მისცემს მათ იმას, რასაც ითხოვენ, მას შეეშინდება, რომ ეს ადამიანები ამის შესახებ განაცხადებენ; თანაც, ღვთის სახლს სხვა შესაფერისი არავინ ჰყავს და იძულებულია ისინი გამოიყენოს, ხოლო თუ მათ იყენებს, უნდა გადაუხადოს კიდეც. განა ეს თავისი ბუნებით თაღლითური არ არის? განა ეს თავისი ბუნებით გამოძალვა არ არის? ითვლებიან თუ არა ასეთი ადამიანები მორწმუნეებად? ესენი არიან ურწმუნონი, რომლებიც არ წარმოადგენენ ღვთის სახლის ნაწილს — ისინი ეკლესიის მეგობრებიც კი არ არიან. როდესაც ეკლესიის მეგობრები ხედავენ, რომ მორწმუნენი შესანიშნავი ადამიანები არიან, ისინი ეხმარებიან მათ დაფარვასა და ზოგიერთი საქმის კეთებაში. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მცირე კურთხევა მიიღონ. ამის საპირისპიროდ ანტიქრისტეებს ღვთის სწამთ მხოლოდ და მხოლოდ სასურველი რამის მისაღებად. თუ თუ სასურველ ნივთებს ვერ მიიღებენ, მაშინ არანაირ მოვალეობას არ შეასრულებენ, არავითარ ვალდებულებას არ იკისრებენ და საერთოდ არ დაიხარჯებიან. როდესაც ღვთის სახლი მათ მოვალეობის შესრულებას ავალებს, პირველ რიგში კითხულობენ, თუ რა სარგებელს სთავაზობს ის, და თუ არაფერ სასურველს არ სთავაზობს, მაშინ ამას არ გააკეთებენ. რა განსხვავებაა მათსა და არამორწმუნე სამყაროს თაღლითებს შორის? ამ ადამიანებს მაინც სურთ გადარჩენა და ღვთის კურთხევის მიღება. განა შეუძლებელ რამეს არ ითხოვენ? ამ ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ მდაბალი ზნეობა და არ იყვნენ უსირცხვილოები, მაშინ როგორ მოიფიქრებდნენ ასეთი მზაკვრული გზებით მოქმედებას? როგორ შეიძლება ჰქონდეთ მათ ამგვარი დამოკიდებულება თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმართ? შეგიძლია თუ არა ამ საქმეების კეთება? (დიახ, შემიძლია.) რა დონეზე? არის თუ არა ზღვარი? რომელ მომენტში იფიქრებდი, რომ ეს ძალიან სერიოზული იყო და ვერ გააგრძელებდი მის კეთებას? (ზოგჯერ გულის სიღრმეში საყვედურს ვგრძნობ და სინდისი მქენჯნის. არის შემთხვევებიც, როდესაც მეშინია, რომ სხვები გამოაშკარავებენ იმ საქმეებს, რომლებიც მე გავაკეთე, ამიტომ აღარ ვაკეთებ მათ.) რასაც არ უნდა აკეთებდნენ ადამიანები, მათ ზნეობას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სირცხვილის გრძნობა, შეუძლია ნებისმიერი სახის ბოროტება ჩაიდინოს. ის არის სრულიად ბოროტი ადამიანი. არ აქვს ზღვარი, რასაც ის აკეთებს, და არ მოქმედებს სინდისის კარნახით. როგორი ადამიანები არიან ისინი, ვისაც სინდისი არ გააჩნია? ისინი არიან მხეცები და დემონები, და ღმერთი არ გადაარჩენს მათ. ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ ღვთის შესაწირავების თაღლითურად მოპოვება და ღვთის შესაწირავის გამოძალვა, სანამ ღმერთი თავის საქმეს ასრულებს, და რომლებიც თანხის გადახდას თხოვენ ღვთის სახლს, არ არიან კარგი ადამიანები. ისინი ფიქრობენ, რომ ღვთის სახლის მოტყუება ადვილია, რომ არავინ არის პასუხისმგებელი ღვთის სახლში არსებული ნივთების მოვლაზე და რომ ღვთის სახლში არსებულ ნივთებს პატრონი არ ჰყავს, ამიტომ შეუძლიათ დაეუფლონ და თაღლითურად წაიღონ ეს ნივთები ისე, როგორც მოესურვებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით სარგებელი მოიპოვეს. განა ასე ადვილია ამ სარგებლის მოპოვება? სარგებელი, რომელიც მოიპოვე, არ იყო დიდი, მაგრამ რა არის მისი მოპოვების შედეგი? შენი სიცოცხლის დაკარგვა.
თუ ადამიანს ნამდვილად გააჩნია ადამიანობა და ცოტაოდენი სინდისი, განა ის შეძლებს ამგვარი რამის გაკეთებას? გწამს ღმერთი და მაინც შეგიძლია მისი მოტყუება და მისი შესაწირავების გამოძალვა. როგორი ადამიანი ხარ? ხარ კი საერთოდ ადამიანი? მხოლოდ დემონები აკეთებენ ამგვარ რამეებს. მხეცებიც კი არ იქცევიან ასე. უბრალოდ შეხედე ძაღლს. პატრონმა გაზარდა ის და ისიც პატრონის სახლშ იცავს. როდესაც ცუდი ადამიანი მოდის, ის განგაშს ტეხს და თავს ესხმის მას. ის მისდევს ყველას, ვინც მისი პატრონის ნივთებს იღებს. როდესაც პატრონის კარ-მიდამოში ქათმები, იხვები და ბატები გარბიან, ის ეხმარება მათ მოძებნაში. როდესაც პატრონის კარ-მიდამოში ღორები ჩხუბობენ, ის ცდილობს მათ გაშველებას. ძაღლმა იცის, რომ პატრონს სურს, რომ მან ღორებს ადევნოს თვალი, ამიტომ მას შეუძლია ამ პასუხისმგებლობის შესრულება. ძაღლი არ ეკამათება პატრონს და არ ეუბნება: „მე ვდარაჯობდი შენს ღორებს და რატომ არ მაძლევ ქათამს ან რამეს საჭმელად?“ ის არასოდეს ამბობს ამას. ძაღლსაც კი შეუძლია დაიცვას თავისი პატრონის სახლი და შეასრულოს თავისი ვალდებულებები პატრონის წინაშე ყოველგვარი საზღაურის გარეშე, მაგრამ ეს ადამიანები ცხოველებსაც კი ვერ უტოლდებიან. მცირე ვალდებულების შესრულების შემდეგ ფიქრობენ, რომ წაგებულები დარჩნენ და ზოგიერთი პასუხისმგებლობის შესრულებისა და გარკვეული ძალისხმევის გაღების შემდეგ თავს უხერხულად გრძნობენ, რომ უსამართლოდ მოექცნენ და რომ გამოიყენეს; ამიტომ ისინი ყველანაირ ხერხს მიმართავენ დანაკლისის ასანაზღაურებლად. როდესაც ღვთის გწამს, ღმერთი გიცავს და მიგიძღვის, და განიჭებს ამდენ ჭეშმარიტებას. როგორ შეგიძლია არ იფიქრო მას სანაცვლოდ მიაგო? არ ფიქრობ სიკეთითვე უპასუხო მას, მაგრამ ღმერთი ამის გამო არ გდევნის. თუმცა, როდესაც მცირე ვალდებულებას ასრულებ, მიდიხარ ღმერთთან და სამაგიეროს თხოვ. როდესაც მცირე ვალდებულებას ასრულებ, გინდა გამოსძალო და თაღლითურად მოიპოვო რაღაც — ყველანაირ ხერხს მიმართავ ანაზღაურების მისაღებად. განა სიკვდილს არ ეძებ? განა ის, რაც ღმერთმა მოგცა, ბევრი არ არის? ადამიანთა გამოვლინებების თვალსაზრისით, რას იმსახურებენ ისინი? აქვთ თუ არა ადამიანებს ის ყოველივე, რითაც ტკბებიან და დღეს სარგებლობენ იმიტომ, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ? არა. ეს არის ის, რაც ღმერთმა გიბოძა და რითაც მან გაკურთხა. უკვე ბევრი სიკეთე მიიღე. ღმერთმა გიბოძა სიცოცხლე, ჭეშმარიტება და გზა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. როგორ გადაუხადე მას სამაგიერო? როდესაც შენი ვალდებულებებისა და მოვალეობების მცირე ნაწილს ასრულებ, შინაგანად გრძნობ, რომ ამის ატანა რთულია და რომ ზარალი განიცადე, და ყველა ხერხს მიმართავ, რათა სანაცვლოდ მიიღო რამე. თუ ეს გსურს, ღმერთს შეუძლია მოგცეს რაღაც სანაცვლოდ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მიიღებ, შეძლებ თუ არა კვლავ გადარჩენას? დადგება დღე, როდესაც ამ ადამიანებს ზუსტად ეცოდინებათ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის ყველაზე ღირებული. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ანტიქრისტეს არსი, არასოდეს ეცოდინებათ ჭეშმარიტების ღირებულება. როდესაც დადგება დღე, როდესაც მათი შედეგი გამოაშკარავდება, და როდესაც ყოველივე გამოაშკარავდება და გასაჯაროვდება, მაშინ მიხვდებიან ისინი. განა მაშინ უკვე ძალიან გვიანი არ იქნება? ყოველივეს აღსასრული ახლოსაა და ყოველივე გადაივლის. მხოლოდ ღვთის სიტყვები და მისი ჭეშმარიტება დარჩება მარადიულად. ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ფლობენ და პრაქტიკაში ახორციელებენ ღვთის სიტყვებს, დარჩებიან მის სიტყვებთან და მის ჭეშმარიტებასთან ერთად. ეს არის ღვთის სიტყვების ღირებულება და ძალა. თუმცა ანტიქრისტეთათვის არასოდეს იქნება ნათელი ეს ფაქტი, ამიტომ ისინი ტვინს იჭყლტენ, ყველანაირ ხერხს მიმართავენ და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ, რათა მზაკვრული გეგმები დახლართონ ღვთისადმი რწმენას ამოფარულებმა სხვადასხვა სარგებლის მისაღებად და კიდევ უფრო უხეშ თაღლითურ მეთოდებს მიმართავენ ღვთის შესაწირავის მოსაპოვებლად, მის მისათვისებლად და ხელში ჩასაგდებად. ამ ადამიანთა ყოველი ქმედება და ქცევა ზედმიწევნით არის აღრიცხული ღვთის წიგნაკში. როდესაც დადგება დღე მათი შედეგების გამოსააშკარავებლად, ღმერთი განსაზღვრავს თითოეული ადამიანის შედეგს ამ ჩანაწერების საფუძველზე. ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა ეს, ყოველივე გამოაშკარავდება. ეს არის მეხუთე შემთხვევა. როგორი ადამიანია ეს კაცი? მისი ზნეობა კეთილშობილურია თუ მდაბალი? (მდაბალი.) ღვთის თვალში ის არ არის პატივსაცემი ადამიანი; ის უღირსია. მას მოკლედ „არამზადას“ უწოდებენ.
მეექვსე შემთხვევა: თანამდებობისთვის თავგამოდებული ბრძოლა საკვებისა და ტანსაცმლის გამო
ღვთისადმი რწმენის მიღების შემდეგ ბევრი ადამიანი მუდმივად სტატუსისკენ მიილტვის და სურს, რომ სხვებს მასზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ. ღვთის სახლში მას ყოველთვის უნდა, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს და სამწყსოს სათავეში იდგეს. ამის გამო ის ტოვებს ოჯახს და უარს ამბობს კარიერაზე, იტანჯება და იღებს მსხვერპლს, და ბოლოს, სურვილს ისრულებს და წინამძღოლი ხდება. წინამძღოლად გახდომის შემდეგ ამ ადამიანების ცხოვრება ნამდვილად განსხვავებულია. ისინი ავლენენ იმ იმიჯისა და სტილის თითოეულ ასპექტს, რომელიც მათ გონებაში იყო ჩაბეჭდილი თანამდებობის პირების შესახებ, დაწყებული მათი ჩაცმულობითა და გარეგნობით, დამთავრებული მათი საუბრითა და ქცევით. ისინი სწავლობენ თანამდებობის პირებივით საუბარს, ხალხისთვის ბრძანებების გაცემას და იმას, თუ როგორ აიძულონ სხვები, მათი პირადი საქმეები მოაგვარონ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი სწავლობენ, როგორ იყვნენ თანამდებობის პირები. როდესაც ისინი სადმე წინამძღოლად მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ თანამდებობის პირად ყოფნისთვის მიდიან. რას ნიშნავს თანამდებობის პირად ყოფნა? იმას, რომ ისინი „თავგამოდებით იბრძვიან თანამდებობისთვის საკვებისა და ტანსაცმლის გამო“. ეს არის საკითხი, რომელიც ხორციელ სიამოვნებებს ეხება. წინამძღოლად გახდომის შემდეგ რით განსხვავდება მათი ცხოვრება წინანდელთან შედარებით? ის, რასაც ისინი მიირთმევენ, იცვამენ და იყენებენ, განსხვავებულია. როდესაც მიირთმევენ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკვები ნოყიერი და გემრიელი იყოს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თავიანთი ტანსაცმლის ბრენდსა და სტილს. გარკვეულ ადგილას ერთი წლის განმავლობაში წინამძღოლად ყოფნის შემდეგ ისინი სუქდებიან და მრგვალდებიან; თავიდან ფეხებამდე დიზაინერულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი; ხოლო მათი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაღალი კლასის ბრენდებისაა. ჰქონდათ თუ არა მათ ეს პირობები სანამ წინამძღოლები გახდებოდნენ? (არა.) წინამძღოლად გახდომის შემდეგ მათ ფულის საშოვნელად ძალისხმევა არ გაუწევიათ; მაშ, სად იშოვეს ფული ამ ყველაფრის საყიდლად? ძმებმა და დებმა შესწირეს მათ ეს ნივთები, თუ ღვთის სახლმა გამოუყო? ოდესმე გსმენიათ, რომ ღვთის სახლს ეს ნივთები ყველა წინამძღოლისა და მუშაკისთვის გამოეყოს? (არა.) მაშ, როგორ მოიპოვეს ისინი? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იყო ნივთები, რომლებიც მათ საკუთარი მძიმე შრომით მოიპოვეს; არამედ ეს იყო ნივთები, რომლებიც მათ მიიღეს სტატუსის მოპოვებისა და „თანამდებობის პირად“ გახდომის შემდეგ — როდესაც სარგებლობდნენ სტატუსის სიკეთეებით — სხვებისგან მათი გამოძალვის, თაღლითობისა და მითვისების მეშვეობით. ყველა ეკლესიაში, სადაც კი სხვადასხვა რანგის ლიდერებსა და მუშაკებთან გქონიათ შეხება, გინახავთ ასეთი ხალხი? როდესაც ისინი პირველად ხდებიან წინამძღოლები, მათ არაფერი გააჩნიათ, მაგრამ სამ თვეზე ნაკლებ დროში უკვე აქვთ მაღალი კლასის ბრენდული კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. წინამძღოლად გახდომის შემდეგ ზოგი ფიქრობს, რომ მაღალი სტანდარტის მომსახურებით უნდა სარგებლობდეს — გარეთ გასვლისას მანქანით უნდა იმგზავროს; კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებსაც ის იყენებს, უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები იყენებენ, აუცილებლად მაღალი კლასის ბრენდის, და როდესაც მოდელი ძველდება, ის ახლით უნდა ჩაანაცვლოს. აქვს თუ არა ღვთის სახლს ასეთი წესები? ღვთის სახლს არასოდეს ჰქონია ასეთი წესები და არცერთი ძმა ან და არ ფიქრობს ასე. მაშ, საიდან მოდის ეს ყოველივე, რომლებითაც ეს წინამძღოლები ტკბებიან? ერთი მხრივ, მათ ეს ნივთები მოიპოვეს ძმებისა და დებისგან მათი გამოძალვითა და ღვთის სახლის საქმის კეთების საბაბითმდიდარი ადამიანების დაყოლიებით, რომ მათთვის ეს ნივთები ეყიდათ. გარდა ამისა, მათ თავად შეიძინეს ეს ნივთები შესაწირავების არამიზნობრივად გამოყენებითა და მოპარვით. განა ისინი არ არიან ნაძირლები, რომლებიც თაღლითურად მოიპოვებენ საკვებსა და სასმელს? რით განსხვავდება ეს წინა რამდენიმე შემთხვევისგან, რომლებიც გაგიზიარეთ? განვიხილე? (არა.) რა აქვთ მათ საერთო? ყველა მათგანმა გამოიყენა თავისი თანამდებობა შესაწირავების მითვისებისა და გამოძალვის მიზნით. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „განა ღვთის სახლში საქმის შესრულება და წინამძღოლად ან მუშაკად ყოფნა არ აძლევს მათ უფლებას, რომ დატკბნენ ამ ყოველივეთი? განა ისინი არ არიან ღირსნი, რომ ღმერთთან ერთად გაიზიარონ ღვთის შესაწირავები?“ მითხარით, არიან? (არა.) თუ მათ სჭირდებათ ზოგიერთი ნივთის ყიდვა ღვთის სახლის საქმის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ღვთის სახლს აქვს წესები, რომელთა მიხედვითაც მათ შეუძლიათ ამ ნივთების შეძენა, მაგრამ განა ეს ადამიანები ნივთებს წესების დაცვით ყიდულობენ? (არა.) რას ხედავთ ისეთს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ასე არ იქცევიან? (საქმისთვის მართლაც რომ სჭირდებოდეთ, ნებისმიერ რამეზე თანახმა იქნებოდნენ, ოღონდ გამოსადეგი ყოფილიყო, მაგრამ ანტიქრისტეები ისწრაფვიან მაღალი კლასის დიზაინერული ნივთებისკენ და ყველაფერ საუკეთესოს იყენებენ. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ისინი იყენებენ პირად სტატუსს ამ მატერიალური სიკეთეებით ტკბობისთვის.) სწორია. საქმისთვის რომ ყოფილიყო საჭირო, ნებისმიერი რამ გამოდგებოდა, თუკი მისი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა. რატომ სჭირდებათ მათ ასეთი მდიდრული და ძვირადღირებული ნივთების გამოყენება? ასევე, როდესაც მათ ეს ნივთები იყიდეს, მიიღეს თუ არა სხვა ადამიანებმა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და დაეთანხმნენ თუ არა მას? განა ეს პრობლემა არ არის? სხვა ადამიანებს რომ მიეღოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, განა ყველა მათგანი დაეთანხმებოდა ამ ძვირადღირებული ნივთების ყიდვას? რა თქმა უნდა, არა. სრულიად აშკარაა, რომ მათ ეს ნივთები შესაწირავების მოპარვით მოიპოვეს. ეს დღესავით ნათელია. ასევე ღვთის სახლს აქვს წესი — თითოეულ ეკლესიაში არც შესაწირავების დაცვა და არც საქმის შესასრულებლად თანამშრომლობა არასოდეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე. მაშ, რატომ შეეძლოთ ამ ადამიანებს, როგორც ინდივიდებს, გამოეყენებინათ და დაეხარჯათ შესაწირავები ისე, როგორც მოესურვებოდათ? ეს არ შეესაბამება პრინციპებს. განა მათი საქციელის ბუნება შესაწირავების მოპარვა არ არის? მათ იყიდეს ეს ნივთები და მოიპოვეს ისინი ისე, რომ არ მიუღიათ სხვა წინამძღოლთა და მუშაკთა თანხმობა და მოწონება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ადამიანების ინფორმირებაზე, და ისე, რომ არავინ იცოდა, რას აკეთებდნენ. განა ამის ბუნება ცოტათი ქურდობას არ ჰგავს? ამას შესაწირავების მოპარვა ჰქვია. ქურდობა მოტყუებაა. რატომ ჰქვია მას მოტყუება? რადგან მათ იყიდეს ეს მდიდრული ნივთები და მოიპოვეს ისინი ღვთის სახლის საქმის კეთების საბაბით. ამგვარ ქცევას თაღლითობა და მოტყუება ჰქვია. ზედმეტი ხომ არ მომივიდა ამგვარი დახასიათება? ბუზისგან სპილოს ხომ ვქმნი? (არა.) არა მხოლოდ ეს, არამედ მას შემდეგ, რაც ეს ეგრეთ წოდებული წინამძღოლები გარკვეული დროით რჩებიან ადგილზე, ისინი ძალიან ნათლად არკვევენ, თუ რა საქმეს აკეთებენ იქაური ძმები და დები წუთისოფელში, რა სოციალური კავშირები აქვთ მათ, რა სარგებლის გამოძალვა და მიღება შეუძლიათ ამ ადამიანებისგან, და რა კავშირების გამოყენება შეუძლიათ. მაგალითად, რომელი ძმები და დები მუშაობენ საავადმყოფოში, სამთავრობო უწყებაში ან ბანკში, ან ვინ არის მეწარმე, ვის ოჯახს აქვს მაღაზია, ჰყავს მანქანა ან აქვს დიდი სახლი და ა.შ. ისინი ამ ყოველივეს ძალიან ნათლად არკვევენ. შედის თუ არა ეს საკითხები ამ წინამძღოლების საქმის ფარგლებში? რატომ არკვევენ ისინი ამ ყოველივეს? მათ სურთ გამოიყენონ ეს კავშირები და ეს ძმები და დები, რომლებსაც განსაკუთრებული თანამდებობები უჭირავთ წუთისოფელში, რათა მათ სამსახური გაუწიონ, მოემსახურონ და კომფორტი შეუქმნან. ფიქრობ, რომ ისინი ამას ეკლესიის საქმის შესასრულებლად აკეთებენ და ჭეშმარიტებაზე თანაზიარება აქვთ ღვთის რჩეული ხალხის სირთულეების გადასაჭრელად? განა ამას აკეთებენ? ყოველივე ამის მიღმა, რასაც ისინი აკეთებენ, დგას განზრახვა და მიზანი. როდესაც ნამდვილი წინამძღოლები და მუშაკები საქმეს ასრულებენ, ისინი ფოკუსირდებიან პრობლემების გადაჭრაზე და ეკლესიის საქმის კარგად შესრულებაზე. ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმ საკითხებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ეკლესიის საქმესთან. ისინი მხოლოდ იმაზე ფოკუსირდებიან, რომ იკითხონ, თუ ვინ ასრულებს ეკლესიაში თავის მოვალეობას გულწრფელად და ეფექტურად, ვის ძალუძს ჭეშმარიტების მიღება და მისი პრაქტიკაში გამოყენება, და ვინ ასრულებს ერთგულად თავის მოვალეობას. შემდეგ ისინი აწინაურებენ მათ, ხოლო იკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას და ეპყრობიან მათ პრინციპის შესაბამისად. მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ, არიან ნამდვილი წინამძღოლები და მუშაკები. აკეთებენ თუ არა ანტიქრისტეები ამას? (არა.) რას აკეთებენ ისინი? ისინი მოქმედებენ და ემზადებიან იმისთვის, რათა მოიპოვონ სასურველი რამ საკუთარი თავისთვის და პირადი ინტერესების გამო, მაგრამ თავს არ უძღვნიან ეკლესიის საქმეს და მას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ისინი გარკვეულ ადგილას ფეხს მოიკიდებენ, უკვე თითქმის გარკვეული აქვთ, რომელ ძმებსა და დებს რა სამსახურის გაწევა შეუძლიათ მათთვის. მაგალითად, ვინც ფარმაცევტულ ქარხანაში მუშაობს, შეუძლია მათ უფასო წამალი მისცეს, როდესაც ავად გახდებიან, თანაც მაღალი ხარისხის, იმპორტირებული წამალი; ა ვინც ბანკში მუშაობს, შეუძლია გაუმარტივოს მათ თანხის შეტანა ან გატანა და ა.შ. ისინი ამ ყოველივეს ძალიან ნათლად არკვევენ. ისინი იკრებენ ამ ადამიანებს თავიანთ გარშემო ისე, რომ სულაც არ ანაღვლებთ, კარგი ადამიანობა აქვთ თუ არა მათ. სანამ ეს ადამიანები მათ მიჰყვებიან და მზად არიან იყვნენ მათი დამხმარეები და მხარდამჭერები, ანტიქრისტეები მათ მისცემენ ყოვლივეს, რაც სურთ, ახლოს იყოლიებენ, აღზრდიან და დაიცავენ მათ; თავის მხრივ ეს ადამიანები მუშაობენ ამ ანტიქრისტეთა პოზიციის განსამტკიცებლად და მათი ძალების შესანარჩუნებლად. ამიტომ, როდესაც გსურს დაინახო, აკეთებს თუ არა ეკლესიის წინამძღოლი რეალურ საქმეს, ჰკითხე მას იმ ეკლესიაში მყოფი ძმებისა და დების რეალური მდგომარეობის შესახებ და იმაზე, თუ როგორ მიდის ეკლესიის საქმე, და ნათლად შეძლებ დაინახო, არის თუ არა ის არის თუ არა ის რეალურად საქმის გამკეთებელი. ზოგიერთი ადამიანი ნათლად არკვევს ეკლესიაში მყოფი ძმებისა და დების ოჯახურ საქმეებსა და ცხოვრებისეულ გარემოებებს. თუ მათ ჰკითხავ, ვინ მუშაობს ფარმაცევტულ ქარხანაში, ვის ოჯახს აქვს მაღაზია, ვის ოჯახს ჰყავს მანქანა, ვისი ოჯახია დაკავებული დიდი ბიზნესით, ან ვინ მუშაობს რომელიმე ადგილობრივ უწყებაში და შეუძლია დაეხმაროს ძმებსა და დებს, ისინი ზუსტად გეტყვიან. მაგრამ თუ მათ ჰკითხავ, ვინ ასრულებს თავის მოვალეობას ზერელედ, ვინ არის ანტიქრისტე, ვინ ცდილობს ადამიანთა გადაბირებას, ვინ ქადაგებს სახარებას ეფექტურად ან რამდენი პოტენციური სახარების მიმღებია ადგილობრივად, მან ეს არ იცის. როგორი ადამიანები არიან ისინი? მათ სურთ გამოიყენონ ყველა სოციალური კავშირი იმ ადგილას, სადაც იმყოფებიან, და გააერთიანონ ისინი პატარა სოციალურ ჯგუფად. შესაბამისად, ადგილს, სადაც ეს წინამძღოლები იმყოფებიან, არ შეიძლება ეკლესია ეწოდოს. მათი მოქმედების შედეგად ის სოციალურ ჯგუფად იქცევა. როდესაც ეს ადამიანები იკრიბებიან, ისინი არ ხსნიან თავიანთ გულებს და არ აქვთ თანაზიარება ერთმანეთის ემპირიულ გაგებაზე; ნაცვლად ამისა, ისინი უყურებენ, ვის აქვს უფრო ძლიერი კავშირები, ვის აქვს მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში და არის ძალიან წარმატებული, ვინ არის ცნობილი საზოგადოებაში, ვის აქვს გავლენა საზოგადოებაში და ვის შეუძლია განსაკუთრებით ხელსაყრელი სამსახურის გაწევა და სასურველი ნივთების მიწოდება წინამძღოლისთვის. ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, მათ აქვთ ადგილი წინამძღოლის გულში. განა ამას არ აკეთებენ ანტიქრისტეები? (დიახ.) რას აკეთებენ ანტიქრისტეები? ისინი ეკლესიას აშენებენ? ისინი ანგრევენ ეკლესიას და ანადგურებენ ეკლესიას, არევ-დარევა შეაქვთ და შლიან ღვთის სახლის საქმეს. ისინი ქმნიან თავიანთ დამოუკიდებელ სამეფოს, თავიანთ კერძო ჯგუფსა და კლანს. სწორედ ამას აკეთებენ ანტიქრისტეები.
ამდენი წელია თქვენთან კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვკითხულობ თუ არა, რას აკეთებენ თქვენი ოჯახები, რამდენად შეძლებულები არიან ისინი და როგორია თქვენი წარმომავლობა? (არა.) რატომ არ ვკითხულობ ამას? ამის კითხვას აზრი არ აქვს. ღვთის სახლი საზოგადოება არ არის. არ არის საჭირო სხვათათვის თავის მოწონება ან მათთან კავშირების გაბმა. ამ საკითხებით დანტერესებას არავითარი კავშირი არ აქვს ღვთისადმი რწმენასთან. ნუ აქცევთ ღვთის სახლს საზოგადოებად. როგორიც არ უნდა იყოს შენი ოჯახის წარმომავლობა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა — ღარიბი ხარ თუ მდიდარი, რა გარემოში ცხოვრობ — ქალაქში თუ სოფელში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ არ მიილტვი ჭეშმარიტებისკენ, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა მაღალი სტატუსი გქონდა ადრე საზოგადოებაში. მე ამას არ შევხედავ. როდესაც ადამიანებს ვესაუბრები, არასოდეს მიკითხავს მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ მათ სურთ ამაზე საუბარი, მაშინ ვუსმენ, მაგრამ ეს საკითხები ჩემთვის არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა მეკითხა, მით უმეტეს, არასოდეს მიცდია ამგვარი ინფორმაციის გამოძალვა ადამიანების გამოსაყენებლად. თუმცა, როდესაც ანტიქრისტეები ინტრესდებიან ამ საკითხებით, ისინი ამას ნამდვილად არ აკეთებენ მხოლოდ სასაუბროდ; პირიქით, ისინი ამას აკეთებენ რაიმე სასურველი რამის მოსაპოვებლად. მაგალითად, ვის ოჯახსაც აქვს მაღაზია, რომელიც ყიდის ჯანმრთელობის პროდუქტებს და შეუძლია მათ საბითუმო ფასად მიჰყდოს, ისინი უახლოვდებიან ამ ოჯახს; ან თუ ვინმეს ჰყავს მეგობარი, რომელიც კარგი ნივთების ყიდვაში დაეხმარებათ, ისინი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებენ. ისინი ინახავენ ამგვარი „კავშირებისა“ და იმ ადამიანთა სიას, რომლებიც განსაკუთრებულად ნიჭიერად მიაჩნიათ, და მათ გადამწყვეტ მომენტებში იყენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები ნიჭიერები არიან და მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. არის თუ არა ეს შეხედულება სწორი? (არა.) ადამიანები, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და რომლებიც წუთისოფლისა და სატანისეულნი არიან, ამ საკითხებს სიცოცხლესა და ჭეშმარიტებაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუ ადამიანი საზოგადოებაში ჩვეულებრივი მუშაკი იყო, როგორც კი წინამძღოლი ამას გაიგებს, მას არ სურს ყურადღება მიაქციოს ამ ადამიანს, რაც არ უნდა გულწრფელად მილტვოდეს ის თავის რწმენაში; მაგრამ როდესაც წინამძღოლი ხედავს, რომ ვიღაც ადრე თანამდებობის პირი იყო და მისი ოჯახი შეძლებულია, მისი ცხოვრების დონე მაღალია და ფუფუნებაში ცხოვრობს, მას ფეხქვეშ ეგება; არის თუ არა ეს კარგი წინამძღოლი? (არა.) ოდესმე ყოფილხართ ასეთი მოპყრობის მსხვერპლი? რას ფიქრობდით გულის სიღრმეში ასეთი მოპყრობის შემდეგ? გრძნობდით, რომ ღვთის სახლში არ იყო სიყვარული ან სითბო? წარმოადგენენ თუ არა ანტიქრისტეები ღვთის სახლს? ისინი არ წარმოადგენენ ღვთის სახლს. ისინი წარმოადგენენ სატანას. მათი ქმედებები და მათი არსი სატანისეულია და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენენ. ასევე არიან ანტიქრისტეები, რომლებიც ამ „კავშირების“ ხელში ჩაგდებისა და მათთან კონტაქტის დამყარების შემდეგ, იყენებენ ამ ნაცნობობას პირადი საქმეების მოსაგვარებლად ან საკუთარი ოჯახის წევრებისთვის სამუშაოს უზრუნველსაყოფადაც კი. მითხარით, ხდება თუ არა ასეთი რამეები? (დიახ.) ანტიქრისტეებს ძალიან კარგად შეუძლიათ ამის გაკეთება. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სინდისი, სირცხვილის გრძნობა და რომელიც უკიდურესად ეგოისტი და მდაბალია, ყველაფრის კადრება შეუძლია — მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და რაც ეწინააღმდეგება ზნეობასა და ადამიანის სინდისს. ამიტომ ანტიქრისტეთა თვალში საკუთარი თანამდებობის გამოყენება პირადი საქმეების მოსაგვარებლად, სარგებლის მოსაპოვებლად და მსგავსი რამეებისთვის ყველაზე ნორმალური მოვლენაა მსოფლიოში და ეს საკითხი არც კი უნდა წამოიჭრას ან იქნეს გარჩეული ან გაგებული. ეს ზუსტად ისეა, როგორც არამორწმუნეები ამბობენ: „თავგამოდებით იბრძვიან თანამდებობისთვის საკვებისა და ტანსაცმლის გამო“. ეს არის ის მიზანი, რომლისკენაც ანტიქრისტეები მიილტვიან წინამძღოლობით. თავიანთი მისწრაფებისამებრ ამ მიმართულებითაც ძალ-ღონეს არ იშურებენ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე; იყენებენ რა ხელთ არსებულ ძალაუფლებასა და თავიანთ თანამდებობას, რათა დააშინონ ძმები და დები და აიძულონ ისინი მოიქცნენ ისე, თითქოს ეს სრულიად ბუნებრივი იყოს; ძმებსა და დებს თავს ახვევენ ყოველგვარ პრაქტიკას და უყენებენ მოთხოვნებს, რომლებიც არ შეესაბამება პრინციპებს. ზოგიერთ დაბნეულ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია გამჭრიახობა, ეს წინამძღოლები იყენებენ და მართავენ მათი ნების საწინააღმდეგოდ; შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ ფულს ხარჯავენ მათთვის საქმის გასაკეთებლად, მაგრამ ხმას ვერ იღებენ და ჰგონიათ, რომ ამით თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და კეთილ საქმეებს ამზადებენ. ნება მომეცი გითხრა: სინამდვილეში ცდები. ამით კი არ ამზადებ კეთილ საქმეებს, არამედ ცუდ ადამიანს ეხმარები ცუდი საქმეების კეთებაში და ზრდი ბოროტი ადამიანის ძალმოსილებას. რატომ ვამბობ ამას? როდესაც ამას აკეთებ, ეს არ შეესაბამება პრინციპებს. არ ასრულებ შენს მოვალეობას. ეხმარები ანტიქრისტეს პირადი სარგებლის მისაღებად მზაკვრული გეგმების ხლართვაში და უგვარებ მას პირად საქმეებს. ეს არ არის შენი მოვალეობა; ეს არ არის შენი პასუხისმგებლობა. ეს არ არის ის მისია, რომელიც ღმერთმა დაგაკისრა, არც ღვთის სახლის საქმეა. ამით ემსახურები სატანას და მისთვის შრომობ. დაგიმახსოვრებს თუ არა ღმერთი იმის გამო რომ სატანას ემსახურები? (არა.) მაშინ რას დაიმახსოვრებს ღმერთი? ბიბლიაში არის ერთი ფრაზა. უფალმა იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათ. 25:40). ეს არის ის, რაც ღმერთმა დაადგინა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? თუ შეგიძლია რაიმეს გაკეთება უმცირესი ძმებისა და დებისთვის, მაშინ ეს საქმე ნამდვილად პრინციპების და ღვთის მოთხოვნების შესაბამისად კეთდება. არ უყურებ, რამდენად მაღალია ადამიანის სტატუსი, არამედ მოქმედებ პრინციპის შესაბამისად. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ მათთვის აკეთებს საქმეს, ირჯება და მუშაობს, ვისაც სტატუსი აქვს, და ენთუზიაზმით უჭერს მხარს, მაგრამ თუ სტატუსის არმქონე ადამიანი სთხოვს რაიმეს გაკეთებას, თუნდაც ეს იყოს მათი მოვალეობის ან პასუხისმგებლობის შესრულება, ისინი ყურადღებასაც არ აქცევენ. მაშ, როგორ ხასიათდება მათ მიერ გაკეთებული საქმეები? ღვთის გადმოსახედიდან ეს საქმეები ხასიათდება, როგორც სატანისთვის შრომა, და ის საერთოდ არ დაიმახსოვრებს ამ საქმეებს. ეს არის მეექვსე შემთხვევა. რომელიმე თქვენგანს უნახავს ასეთი შემთხვევები? (მე ვნახე ერთი, ღმერთო. ადრე, როდესაც ჩვენთან ანტიქრისტე წინამძღოლი იყო, ის იყენებდა თავის თანამდებობას, რათა ძმებისა და დების მიერ შემოწირული კარგი საკვები, სასარგებლო ნივთები, კოსმეტიკა და სხვა რამეები თავისთვის დაეტოვებინა. ზოგიერთ ნივთს ვადა უკვე გასული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც არ აძლევდა მათ ძმებსა და დებს; მან მიითვისა ყველა ეს ნივთი. ასევე მან იყიდა თბილი ქურთუკი, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც დაინახა, რომ ერთმა დამ იყიდა თბილი ქურთუკი, რომელიც ბევრი არ ღირდა და კარგი ხარისხის იყო, მან ათასგვარი რამ მოიფიქრა და უთხრა დას, რათა მისთვის ქურთუკი დაეტყუებინა და აიძულა და, დაეხარჯა მეტი ფული საკუთარი თბილი ქურთუკის საყიდლად.) შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ანტიქრისტე ბოროტი ადამიანია და რომ მას არ აქვს ადამიანობა, სინდისი და მისი ზნეობა განსაკუთრებით მდაბალია. ეს ადამიანები საბოლოოდ უნდა გამოაშკარავდნენ და მოიკვეთონ.
წარსულში ერთი სამსულიანი ოჯახი საზღვარგარეთ ჩამოვიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ჩამოსვლის შემდეგ ისინი აიძულებდნენ ძმებსა და დებს, ყოველდღე გარეთ გასულიყვნენ ნივთების საყიდლად — ზოგს თბილი ქურთუკები უნდოდა, ზოგს შარვლები, სხვებს კი ფეხსაცმელი. ისინი სხვადასხვა მიზეზს იგონებდნენ და ამბობდნენ, რომ ამდენი ფული თან არ წამოუღიათ. თუ ამდენი ფული არ ჰქონდათ წამოღებული, მაშინ არც უნდა ეყიდათ ეს ნივთები, მაგრამ მაინც უნდოდათ, თანაც არა უბრალო, არამედ ძვირადღირებული და გამორჩეული რამეები, რაშიც ძმები და დები საკუთარ ფულს იხდიდნენ. იმ პერიოდში, როდესაც ეს ოჯახი თავის მოვალეობას ასრულებდა, ხალხი უკმაყოფილო დარჩა მათი ქცევით — საკვები, რასაც ისინი მიირთმევდნენ, ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ და ნივთები, რასაც იყენებდნენ, მეტისმეტად მდიდრული იყო! ამ ოჯახის მამა ძმებსა და დებს აიძულებდა, რომ მისთვის რძე ეყიდათ და როცა სწყუროდა, რძეს წყალივით სვამდა. რამდენი ადამიანია ამქვეყნად, ვისაც შეუძლია რძე წყალივით სვას? რა დონის ადამიანები უნდა იყვნენ ისინი? მოგვიანებით მან ძმებსა და დებს მანდარინებისა და ფორთოხლების ყიდვა აიძულა; მათ იყიდეს ერთი დიდი პარკი, რომელიც ოჯახმა ორ დღეში შეჭამა. ამის შემდეგ, მან თქვა, რომ მათ დამატებითი ვიტამინები სჭირდებოდათ, ამიტომ უთხრა ძმებსა და დებს, რომ ეყიდათ ალუბალი, და მეც კი გამომიყენა საბაბად და თქვა: „ალუბალი ღვთისთვის უნდა იყიდო!“ მე ვთქვი: „ახლა ზამთარია. ალუბლის სეზონი არ არის. მე არ მივირთმევ მას; არ მიყიდოთ“. მან თქვა: „ჩვენ მაინც უნდა ვიყიდოთ!“ როდესაც ძმებმა და დებმა ერთი ყუთი ალუბალი იყიდეს, მისმა ოჯახმა თვალის დახამხამებაში შეჭამა. არასოდეს მენახა ვინმე, ვისაც ასე შეეძლო ჭამა — ისინი ხილს ისე ჭამდნენ, თითქოს ბრინჯი ყოფილიყო და რძეს ისე სვამდნენ, თითქოს წყალი ყოფილიყო. და შემდეგ როდესაც სადილობის დრო დადგა, მათ დაინახეს, რომ თევზი იყო და ხარბად შეჭამეს. მათი ჭამის მანერა ზიზღს მოგგვრიდათ — ისინი ჰგავდნენ დამშეულ მოჩვენებებს, რომლებსაც მანამდე არასოდეს ეჭამათ რაიმე კარგი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოველივე კარგის მიღების შანსი უნდა გამოეყენებინათ, ამიტომ მოუთმენლად ეცილებოდნენ ერთმანეთს, რომ მუცლები ამოეყორათ. საბოლოოდ, ბავშვმა იმდენი ჭამა, რომ ცუდად გახდა. ამის შემდეგ ბავშვმა თქვა რაღაც, რომლის ლოგიკა დამახინჯებული იყო: „ეს თევზი ღვთის ადგილას რომ არ მეჭამა, ავადარ გავხდებოდი!“ მე იქ არც კი ვყოფილვარ, როდესაც ის ჭამდა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მან ის თავისი ნებით შეჭამა — როგორ შეეძლო ჩემთვის დაებრალებინა? მაგრამ მან მაინც მე დამაბრალა. როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? (ისინი უნდა მოვიცილოთ.) ვინ არიან ისინი? (ეშმაკნი და სატანები.) ისინი ეშმაკნი არიან. იმ დროს მე ვუთხარი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს: „მოიცილეთ ისინი და გააგდეთ აქედან რაც შეიძლება შორს. აღარასოდეს მინდა მათი სახეების დანახვა!“
მე ვყოფილვარ ზოგიერთ ეკლესიაში და ურთიერთობა მქონია არაერთ ძმასა და დასთან. მინახავს ყოველგვარი ცუდი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა შემიძლია, საკმაოდ მცირეა. ადამიანთა უმეტესობასთან ურთიერთობა ნამდვილად შეუძლებელია და მეტისმეტად ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც საღ აზრს მოკლებულია. ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, დამახინჯებული და მცდარი ლოგიკა აქვს და სიცრუეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სიმართლე იყოს — ისინი უბრალოდ მხეცები, ეშმაკნი და სატანები არიან; მათ არ გააჩნიათ არც ადამიანობა და არც გონიერება. ასეთი ადამიანები თითოეულ ეკლესიაში მყოფთა სულ მცირე მესამედს შეადგენენ. არცერთი მათგანი არაფრად ვარგა და არცერთი მათგანის გადარჩენა არ არის შესაძლებელი; ყველა მათგანი რაც შეიძლება მალე უნდა მოიკვეთოს. ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც მომწონს, არიან ისინი, ვისაც ძალუძს ჭეშმარიტების მიღება, ვინც შედარებით პატიოსანია და ვისაც შეუძლია გულით საუბარი. მიუხედავად იმისა, თუ რა გახრწნილებას ავლენენ ან რა გადახრები აქვთ, სანამ მათ სურთ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება და მზად არიან, მიიღონ იგი, მე შემიძლია მათთან ნორმალური ურთიერთობა. რაც შეეხება მზაკვარ ადამიანებს და მათ, ვისაც სხვებით სარგებლობა უყვარს, მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ. ზოგიერთს ყოველთვის სურს ჩემ წინაშე თავის წარმოჩენა და ისე ჩვენება, რომ მასზე დიდი წარმოდგენა შემექმნას. ისინი ჩემ წინაშე ერთს აკეთებს, ხოლო ზურგს უკან — მეორეს, რათა მომატყუოს. ასეთი ადამიანები ეშმაკნი არიან და ისინი რაც შეიძლება შორს უნდა გავუშვათ; აღარასოდეს მინდა მათი დანახვა. როდესაც ადამიანებს აქვთ სისუსტეები და ნაკლოვანებები, მე შემიძლია მათი მხარდაჭერა და უზრუნველყოფა, ხოლო როდესაც გახრწნილი ხასიათი აქვთ, მე შემიძლია მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, მაგრამ მე არ მაქვს ურთიერთობა ეშმაკებთან და არ ვუსმენ იმას, რასაც ეშმაკნი ამბობენ. ზოგიერთი ადამიანი ახალმორწმუნეა და ზოგიერთი ჭეშმარიტება არ ესმის; ამიტომ მას შეუძლია უმეცრად საუბარი და მოქმედება. ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, მაგრამ თუ გესმის გარკვეული ჭეშმარიტება და შემდეგ განზრახ იწვევ არეულობას, უგუნურად მექცევი და ნაკლს ეძებ ჩემში, მაშინ არ შეგიწყნარებ. რატომ არ შეგიწყნარებ? არ ხარ ის, ვისი გადარჩენაც შეიძლება, მაშ, რატომ უნდა შეგიწყნარო? ვინმეს შეწყნარება ნიშნავს, რომ შემიძლია ვიყო ტოლრანტული და მომთმენი მის მიმართ. მე მომთმენი ვარ უმეცარი ადამიანებისა და რიგითი გახრწნილი ადამიანის მიმართ, მაგრამ არა მტრების ან ეშმაკების მიმართ. თუ ეშმაკნი და მტრები თავს ისე გაჩვენებენ, თითქოს სასიამოვნო რამეებს გეუბნებიან და მოგისყიდიან, მოგატყუებენ ან წამიერ ბედნიერებას მოგანიჭებენ, შეგიძლია დაიჯერო ის, რასაც ისინი ამბობენ? (არა, არ შეგვიძლია.) რატომ? რადგან მათ არ ძალუძთ ჭეშმარიტების მიღება, ეს უკვე ნათლად დაინახე და ეს ადამიანები უკვე გამოაშკარავდნენ. ისინი გულწრფელ სიტყვებს არ ამბობენ, როდესაც ჭეშმარიტებაზე აქვთ თანაზიარება; ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა და რთულია იმის გარჩევა, მართალია თუ ყალბი ის, რასაც ისინი ამბობენ. თუ შეგიძლია ამ ყველაფრის ზუსტად დანახვა, მაშინ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ისინი ეშმაკნი და სატანები არიან. მხოლოდ მათი მოცილებით ან გარიცხვით შეიძლება პრობლემის საფუძვლიანად გადაჭრა. ზოგი ადამიანი ამბობს: „რატომ არ ეძლევათ მათ მცირე შანსი?“ ამ ადამიანებს მონანიების არანაირი შანსი არ აქვთ; მათთვის მონანიება შეუძლებელია. ისინი ზუსტად სატანას ჰგვანან — რაც არ უნდა ყოვლისშემძლე და ბრძენი იყოს ღმერთი, მისი გადმოსახედიდან ეს არ არის ის არსი, რომელიც ღმერთს უნდა ჰქონდეს. ის არ ეპყრობა ღმერთს, როგორც ღმერთს, და ფიქრობს, რომ მისი მზაკვრული გეგმები სიბრძნეა, რომ მისი ბუნება-არსება ჭეშმარიტებაა და რომ ღმერთი არ არის ჭეშმარიტება. ეს არის ნამდვილი სატანა და ის განწირულია, რომ ბოლომდე მტრულად იყოს განწყობილი ღვთის მიმართ. ამიტომ ბოროტი ადამიანები განწირულნი არიან იმისთვის, რომ ვერ შეძლონ ჭეშმარიტების სიყვარული და ძიება; შესაბამისად, ღმერთი არ იხსნის მათ. მათი ეკლესიიდან მოცილება და ღვთის სახლიდან გარიცხვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ოდნავადაც არ არის მცდარი.
ანტიქრისტეები, რომლებზეც დღეს მქონდა თანაზიარება და რომლებიც გავაანალიზე, არასოდეს შეცვლიან იმ მიმართულებასა და მიზნებს, რომლებსაც ელტვიან. ყველაფერში, რასაც კი ესწრაფვიან, პრიორიტეტს ანიჭებენ საკუთარ ინტერესებს, იყენებენ მთელ თავიანთ ძალას და თავს იტეხენ, რათა თაღლითურად მოიპოვონ საკვები და სასმელი ღვთის სახლში. თავი გულწრფელად არასოდეს გაუღიათ ღვთისთვის; მათ მხოლოდ სურთ, რომ მოტყუებით მიიღონ საკვები და სასმელი, ინტერესები და კარგი პირობები. ფიქრობენ, რომ ღმერთი ამას ვერ ხედავს, არ იცის ამის შესახებ და არ შეუძლია მისი გამოკვლევა, ამიტომ ამ ყოველივეს მიზანმიმართულად ესწრაფვიან. რა თქმა უნდა, ასეთია მათი ბუნება-არსება — მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და არც ჭეშმარიტების ძიების გზით სიარული ძალუძთ, ამიტომ განწირულნი არიან იმისთვის, რომ დახასიათდნენ როგორც ანტიქრისტეები. ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ღმერთი მოკვეთავს და რომლებიც ღვთის სახლმა უნდა გარიცხოს მათი აღმოჩენისთანავე. იქედან მოყოლებული, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ადამიანი ანტიქრისტეთა გზას ადგას იქამდე, როდესაც მათი ქმედებები გამოვლინდება, რომლებიც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება და იმ დღემდე, როდესაც მას ახასიათებენ, როგორც ანტიქრისტეს, ეს ყოველივე ყველას აჩვენებს, რომ ანტიქრისტეები არ იცვლებიან. მათი საბოლოო შედეგია ღვთის სახლიდან გარიცხვა და ღვთის მიერ მოკვეთა — მათ არ ძალუძთ შეცვლა. მაშ, რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს ცოდნას? ზოგი ამბობს: „ჩვენ არ მოვიპოვებთ საკვებსა და სასმელს თაღლითურად. ჩვენ ვეძიებთ ჭეშმარიტებას და გვსურს შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, როგორც ქმნილებებმა. ჩვენ მივყვებით ღმერთს და ვემორჩილებით მის მიერ წარმართვასა და განგებას. ჩვენ არ ვიქცევით ანტიქრისტეებივით და არც ვგეგმავთ ანტიქრისტეთა გზით სიარულს. რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის ამ შემთხვევების ცოდნას?“ რიგითი ძმებისა და დებისთვის ანტიქრისტეთა ეს გამოვლინებები და მხილებები შეიძლება იყოს გაფრთხილება თითოეული ადამიანისთვის და დაანახოს მათ, რომელი გზაა სწორი და რომელი ქცევები და ქმედებები შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ეკლესიის ყველა დონის წინამძღოლებისა და მუშაკთათვის ეს არის ანტიქრისტეების ამოცნობის რეალური ცხოვრებისეული მტკიცებულება. რა სარგებელი მოაქვს ანტიქრისტეთა ამოცნობას ეკლესიის საქმისთვის? ეს გეხმარებათ ზუსტად ამოიცნოთ ანტიქრისტეები და გარიცხოთ ისინი ეკლესიიდან შესაფერის დროს, რაც ეკლესიას უფრო წმინდას გახდის და დაიცავს მას ანტიქრისტეთა მხრიდანარევ-დარევის, ჩაშლისა და ზიანისგან, რათა მათ, ვინც ჭეშმარიტად ეძიებს ჭეშმარიტებას და ვისაც შეუძლია გულწრფელად დაიხარჯოს ღვთისთვის, ჰქონდეთ სუფთა და ეშმაკებისა და სატანების მხრიდან არევ-დარევისგან თავისუფალი და მშვიდი გარემო. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ანტიქრისტეთა ამოცნობის ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, ამოიცნობთ მათ ფაქტებისა და გამოვლინებების მეშვეობით თუ ჭეშმარიტება-პრინციპებზე დაყრდნობით, ორივე ამ ასპექტს უნდა ჩასწვდეთ. ეს სასარგებლოა თქვენი სულიერ ცხოვრებაში შესვლისა და ეკლესიის საქმისთვის — ეს არის ის, რაც უნდა გესმოდეთ.
დღეს მე ვისაუბრე რამდენიმე შემთხვევაზე. ეს საკითხები ასახავს ანტიქრისტეთა სისასტიკის, უსირცხვილობისა და ნებისმიერი ზნეობრივი ზღვრის სრული არარსებობის გამომხატველ ქცევებს, ქმედებებსა და გამოვლინებებს. ასეთი შემთხვევები თქვენს გარშემოც მომხდარა, და შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეთა ქმედებები და გამოვლინებები გარკვეულწილად თქვენშიც არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველას გაქვთ ანტიქრისტეთა გარკვეული ხასიათი და ზოგიერთი პრაქტიკა. ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეებს ამოიცნობთ, ასევე უნდა შეამოწმოთ, გამოიკვლიოთ და დაფიქრდეთ საკუთარ ქცევაზე. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას: „შენ ყოველთვის საუბრობ ასეთ შემთხვევებზე, ასეთ ჭორებზე და ასეთ დეტალებში შედიხარ. ეს როგორ გვეხმარება ჭეშმარიტებაში შესვლაში? ახლა ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ ჩვენი მოვალეობებით, და არ გვსურს ამ საკითხების დაფიქსირება ან მათი მოსმენა. ჭეშმარიტებაში შესვლისას საკმარისია ორი რამის დაცვა — ერთი არის ღვთისადმი მორჩილება, ხოლო მეორე არის საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. ეს ასე მარტივია!“ თეორიულად შეიძლება ასე მარტივი იყოს, მაგრამ ზუსტად და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს არც ისე მარტივია. თუ ცოტა ჭეშმარიტება გესმის, შენი შესვლა იქნება უხეში და ზედაპირული და თუ ჭეშმარიტებები, რომლებიც გესმის, ზოგადია, მაშინ დეტალები, რომლებსაც გამოცდი, ასევე მცირე რაოდენობით იქნება და ვერასდროს განიწმინდები ღვთის წინაშე. ღმერთი სთხოვს ადამიანებს, ეძიონ ჭეშმარიტება და შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, ამიტომ ადამიანებს უნდა ესმოდეთ ეს დეტალები. აქედან გამომდინარე რას ხედავთ? ღმერთმა გადაწყვიტა თქვენი გადარჩენა, ამიტომ ის სერიოზულად უნდა მოგეკიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უყურადღებო, დაბნეული, ან კმაყოფილი იმით, რომ რაღაც საკმარისად ახლოსაა ან დაახლოებით სწორია. ღვთისთვის არ არსებობს „დაახლოებით სწორი“, „ხუთიდან ოთხი“, „შესაძლოა“ და „ალბათ“. თუ გსურს გადარჩენა და ხსნის გზით სიარული, უნდა გესმოდეს ჭეშმარიტების ყველა ეს დეტალი. თუ ახლა არ ხარ ამისთვის მზად, არაუშავს — ახლა ჭეშმარიტების დეტალებში შესვლის დაწყება არ არის ძალიან გვიანი. თუ უბრალოდ კმაყოფილი ხარ იმით, რომ გაქვს დამოკიდებულება, კარგად შეასრულო შენი მოვალეობა შეცდომების გარეშე, და შეძლო მორჩილება, როდესაც რაღაც ხდება, მაშინ ვერასოდეს შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობებში. თითოეულ ჭეშმარიტებას, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანებს, ბევრი კონკრეტული დეტალი აქვს და თუ ადამიანებს არ ესმით ეს დეტალები, ისინი ვერასოდს ჩაწვდბიან ჭეშმარიტებას ან ღვთის განზრახვებს. კარგია თუ არა ის, რომ ღმერთი სერიოზულად ეკიდება ადამიანებს? (დიახ.) მიუხედავად იმისა, ეხება ეს მათი მოვალეობების შესრულებას, მორჩილებას, პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, თუ იმას, როგორ უდგებიან თავიანთი პერსპექტივებისა და ბედის საკითხს, ან თუნდაც იმ საკითხებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, როგორიცაა როგორ ამოვიცნოთ ანტიქრისტეები, როგორ არ ვიაროთ ანტიქრისტეთა გზით, და როგორ მოვიშოროთ ანტიქრისტეს ხასიათი, ისინი სათითაოდ უნდა ჩასწვდნენ ამ ყოველივეს. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტად შეძლებთ ამ დეტალების ამოცნობას და არ გეცოდინებათ მხოლოდ ცოტაოდენი მარტივი და ცარიელი მოძღვრების ქადაგება, მაშინ შესული იქნებით ჭეშმარიტება-რეალობაში. მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ გადარჩენის შანსი და იმედი, რომლებიც შედიან ჭეშმარიტება-რეალობებში; მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება უბრალოდ შრომაა. თუ ადამიანებს სურთ ჭეშმარიტება-რეალობებში შესვლა, მათ ამ დეტალებით უნდა დაიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერასოდეს მიაღწევენ ხასიათის ცვლილებას.
4 აპრილი, 2020 წ.