ადამიანები, რომელთა ხასიათიც შეიცვალა, არიან ისინი, ვინც ღვთის სიტყვების რეალობაში შევიდნენ

ადამიანში სულიწმიდის გზის პირველი ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანის გულის ჩამოშორება ყველა ადამიანის, მოვლენისა და საგნისგან და მისი შეყვანა ღვთის სიტყვებში, რათა ადამიანის გულმა ირწმუნოს, რომ ღვთის სიტყვები ყოველგვარ ეჭვს მიღმაა და სრულიად ჭეშმარიტია. თუ გწამს ღმერთი, უნდა გწამდეს მისი სიტყვები; თუ ღვთისადმი რწმენის მრავალი წლის შემდეგაც არ იცი სულიწმიდის მიერ გავლილი გზის შესახებ, განა ნამდვილად მორწმუნე ხარ? ნორმალური ადამიანური ცხოვრების მისაღწევად — ნორმალური ადამიანური ცხოვრებისა, რომელსაც აქვს ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა — პირველ რიგში, უნდა ირწმუნო მისი სიტყვები. თუ არ მიგიღწევია ადამიანებში სულიწმიდის საქმის პირველი ნაბიჯისთვის, საძირკველი არ გაქვს. თუ უმცირესი პრინციპებიც კი შენთვის მიუწვდომელია, როგორღა გაივლი წინამდებარე გზას? იმ სწორ გზაზე დადგომა, რომლითაც ღმერთი სრულყოფს ადამიანს, ნიშნავს სულიწმიდის ახლანდელი საქმის სწორ გზაზე შესვლას; ეს ნიშნავს სულიწმიდის მიერ გავლილ გზაზე დადგომას. ამჟამად, სულიწმიდის მიერ გავლილი გზა ღვთის ახლანდელი სიტყვებია. ამგვარად, თუ ადამიანები სულიწმიდის გზაზე უნდა დადგნენ, ისინი უნდა დაემორჩილონ განკაცებული ღვთის ამჟამინდელ სიტყვებს, ჭამონ და სვან ისინი. საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, სიტყვების საქმეა; ყველაფერი იწყება მისი სიტყვებით და ყოველივე შენდება მის სიტყვებზე, მის ახლანდელ სიტყვებზე. იქნება ეს განკაცებულ ღმერთში დარწმუნება თუ განკაცებული ღვთის შეცნობა, თითოეული მათგანი მოითხოვს მის სიტყვებზე მეტი ძალისხმევის დახარჯვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ და ხელცარიელნი დარჩებიან. მხოლოდ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის საძირკველზე დაშენებით და ამგვარად მისი შეცნობითა და მისი დაკმაყოფილებით შეუძლიათ ადამიანებს თანდათანობით ააგონ ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა. ადამიანებისთვის არ არსებობს ღმერთთან იმაზე უკეთესი თანამშრომლობა, ვიდრე მისი სიტყვების ჭამა-სმა და მათი პრაქტიკაში გამოყენებაა. ეს არის ის პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ისინი საუკეთესოდ ახერხებენ ღვთის ხალხის მოწმობაში მტკიცედ დგომას. როდესაც ადამიანები სწვდებიან და შეუძლიათ დაემორჩილონ ღვთის ამჟამინდელი სიტყვების არსს, ისინი ცხოვრობენ სულიწმიდის მიერ წარმართულ გზაზე და უკვე შეუდგამთ ფეხი ღვთის მიერ ადამიანის სრულყოფის სწორ გზაზე. წარსულში ადამიანებს შეეძლოთ ღვთის საქმის მოპოვება უბრალოდ ღვთის მადლის ძიებით, ან მშვიდობისა და სიხარულის ძიებით, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. განკაცებული ღვთის სიტყვების გარეშე, მისი სიტყვების რეალობის გარეშე, ადამიანები ვერ მოიპოვებენ ღვთის მოწონებას და ყველანი ღვთის მიერ მოკვეთილი იქნებიან. ნორმალური სულიერი ცხოვრების მისაღწევად, ადამიანებმა ჯერ უნდა ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები და გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში, შემდეგ კი, ამ საძირკველზე, დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან. როგორ თანამშრომლობ? როგორ დგახარ მტკიცედ ღვთის ხალხის მოწმობაში? როგორ ამყარებ ნორმალურ ურთიერთობას ღმერთთან?

როგორ დაინახო, გაქვს თუ არა ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა ყოველდღიურ ცხოვრებაში:

გწამს თუ არა ღვთის საკუთარი მოწმობა?

გწამს თუ არა გულით, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტი და უტყუარია?

ხარ თუ არა ის, ვინც მის სიტყვებს პრაქტიკაში იყენებს?

ხარ თუ არა მისი დავალების ერთგული? რას აკეთებ იმისათვის, რომ იყო მისი დავალების ერთგული?

არის თუ არა ყველაფერი, რასაც აკეთებ, ღვთის დაკმაყოფილებისა და მისდამი ერთგულების გამო?

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების მეშვეობით შეგიძლია შეაფასო, გაქვს თუ არა ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა ამჟამინდელ ეტაპზე.

თუ შეგიძლია მიიღო ღვთის დავალება, მიიღო მისი აღთქმა და მიჰყვე სულიწმიდის გზას, ესე იგი, მიჰყვები ღვთის ნებას. შინაგანად ნათელია თუ არა შენთვის სულიწმიდის გზა? ამჟამად მოქმედებ თუ არა სულიწმიდის გზის შესაბამისად? უახლოვდება თუ არა შენი გული ღმერთს? გსურს თუ არა ფეხი აუწყო სულიწმიდის უახლეს ნათელს? გსურს თუ არა იყო ღვთის მიერ მოპოვებული? გსურს თუ არა გახდე ღვთის დიდების გამოვლინება დედამიწაზე? გაქვს თუ არა მტკიცე განზრახვა, მიაღწიო იმას, რასაც ღმერთი ითხოვს შენგან? თუ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვები წარმოითქმება, შენში არის თანამშრომლობისა და ღვთის დაკმაყოფილების განზრახვა — თუ ეს არის შენი გონებრივი აქტივობა — ეს ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვებმა თავისი გავლენა მოახდინა შენს გულზე. თუ არ გაქვს ასეთი განზრახვა, თუ არ გაქვს მიზნები, რომელთაც ესწრაფვი, ეს ნიშნავს, რომ შენი გული არ ყოფილა ღვთის მიერ შეძრული.

მას შემდეგ, რაც ადამიანები ოფიციალურად შევიდნენ სასუფევლის წვრთნაში, ის მოთხოვნები, რომლებსაც ღმერთი მათ უყენებს, უფრო მაღალ დონეზე ადის. რაში შეიძლება გამოვლინდეს ეს უფრო მაღალი მოთხოვნები? წინათ ნათქვამი იყო, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ სიცოცხლე. დღეს ისინი ესწრაფვიან სიცოცხლეს და ესწრაფვიან იმას, რომ გახდნენ ღვთის ხალხი, იყვნენ ღვთის მიერ მოპოვებულნი და ღვთის მიერ სრულყოფილნი. განა ეს უფრო მაღალი დონე არ არის? სინამდვილეში, მოთხოვნები, რომლებსაც ღმერთი ადამიანებს უყენებს, იმაზე მარტივია, ვიდრე წინათ იყო. ადამიანებს არ მოეთხოვებათ იყვნენ მსახურების შემსრულებელნი, ან მოკვდნენ — ყველაფერი, რაც მათგან მოითხოვება, არის ის, რომ გახდნენ ღვთის ხალხი. განა ეს უფრო მარტივი არ არის? ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ შესწირო გული ღმერთს და დაემორჩილო მის გაძღოლას, და ყველაფერი განხორციელდება. რატომ ფიქრობ, რომ ეს ასე რთულია? სიცოცხლეში შესვლა, რომელზეც დღეს არის საუბარი, იმაზე ნათელია, ვიდრე წინათ იყო. წარსულში ადამიანები დაბნეულნი იყვნენ და არ იცოდნენ, რა იყო ჭეშმარიტება-რეალობა. სინამდვილეში, ყველა, ვინც რეაგირებს ღვთის სიტყვების მოსმენისას, ვისაც სულიწმიდა ნათელს ჰფენს და ანათებს, და ვინც ღვთის წინაშე იღებს მის სრულყოფილებას და ვისაც ხასიათი შეეცვალა — ყველა ასეთ ადამიანს აქვს სიცოცხლე. ღმერთს სურს ცოცხალი არსებები და არა მკვდარი საგნები; თუ მკვდარი ხარ, არ გაქვს სიცოცხლე და ღმერთი არ დაგელაპარაკება, მითუმეტეს, არ აგამაღლებს, როგორც თავისი ხალხის ნაწილს. რადგან ღვთის მიერ ხართ ამაღლებულნი და მისგან ასეთი დიდი კურთხევა მიიღეთ, ეს აჩვენებს, რომ თქვენ ყველანი სიცოცხლის მქონე ადამიანები ხართ, ხოლო სიცოცხლის მქონე ადამიანები ღვთისგან მოდიან.

სიცოცხლე-განწყობის შეცვლისკენ სწრაფვისას, პრაქტიკის გზა ძალიან მარტივია. თუ რეალური გამოცდილებით შეგიძლია მიჰყვე სულიწმიდის ახლანდელ სიტყვებს და განიცადო ღვთის საქმე, მაშინ შენი ხასიათი შეიძლება შეიცვალოს. თუ მიჰყვები ყველაფერს, რასაც სულიწმიდა ამბობს, და ისწრაფვი იმისკენ, რაც სულიწმიდის ნათქვამს შეესაბამება, მაშინ ხარ ის, ვინც მას ემორჩილება, და შენს ხასიათში ცვლილება მოხდება. ადამიანთა ხასიათი იცვლება სულიწმიდის ახლანდელი სიტყვების გავლენით; თუ ყოველთვის ებღაუჭები წარსულის განცდებსა და წესებს, მაშინ შენი ხასიათი ვერ შეიცვლება. თუ სულიწმიდის დღევანდელი გამონათქვამები მოითხოვს, რომ ყველა ადამიანი შევიდეს ნორმალური ადამიანურობის ცხოვრებაში, მაგრამ კვლავ ზედაპირულ საგნებზე ხარ ფოკუსირებული, დაბნეული ხარ რეალობასთან დაკავშირებით და სერიოზულად არ აღიქვამ მას, მაშინ ხარ ის, ვინც ვერ შეძლო სულიწმიდის საქმისთვის ფეხის აწყობა, ვინც არ შემდგარა სულიწმიდის მიერ წარმართულ გზაზე. შეიცვლება თუ არა შენი ხასიათი, დამოკიდებულია იმაზე, აუწყობ თუ არა ფეხს სულიწმიდის ახლანდელ სიტყვებს და გაქვს თუ არა ჭეშმარიტი ცოდნა. ეს განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში გესმოდათ. ხასიათის შეცვლა, რომელიც წარსულში გესმოდათ, მდგომარეობდა იმაში, რომ ნაჩქარევად განსჯას ჩვეულმა, ღვთის წვრთნის წყალობით შეწყვიტე უაპელაციო მსჯელობა; მაგრამ ეს ცვლილების მხოლოდ ერთი ასპექტია. ამჟამად, ყველაზე კრიტიკული საკითხი სულიწმიდის წინამძღოლობას მიყოლაა: მიჰყევი ყველაფერს, რასაც ღმერთი ამბობს და დაემორჩილე ყველაფერს, რასაც იგი ამბობს. ადამიანთა ხასიათს თავად ადამიანები ვერ შეცვლიან; მათ უნდა გაიარონ ღვთის სიტყვების სამსჯავრო და გაკიცხვა, განსაცდელი და გამოწრთობა, ან იყვნენ გასხლულნი და გაწვრთნილნი მისი სიტყვებით. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ისინი ღვთისადმი მორჩილებისა და ერთგულების მიღწევას და აღარ მოეპყრობიან მას ზედაპირულად. სწორედ ღვთის სიტყვებით გამოწრთობის შედეგად იცვლება ადამიანთა ხასიათი. მხოლოდ მისი სიტყვების გამოაშკარავების, სამსჯავროს, წვრთნისა და გასხვლის წყალობით ვეღარ გაბედავენ ისინი დაუფიქრებლად მოქმედებას და ნაცვლად ამისა, გახდებიან დინჯნი და გაწონასწორებულნი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი შეძლებენ, დაემორჩილონ ღვთის ახლანდელ სიტყვებსა და მის საქმეს. თუნდაც ეს არ შეესაბამებოდეს ადამიანურ წარმოდგენებს, ისინი შეძლებენ ამ წარმოდგენების უარყოფას და შეგნებულად დამორჩილებას. წარსულში, საუბარი ხასიათის შეცვლაზე ძირითადად გულისხმობდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხების უნარს, საკუთარი ხორცისთვის ტანჯვის დაშვებას, საკუთარი სხეულის გაწვრთნასა და ხორციელი მიდრეკილებებისგან გათავისუფლებას — რაც ხასიათის შეცვლის ერთ-ერთი სახეა. დღეს ყველამ იცის, რომ ხასიათის შეცვლის ნამდვილი გამოხატულება ღვთის ახლანდელი სიტყვებისადმი დამორჩილება და მისი ახალი საქმის ჭეშმარიტად შეცნობაა. ამგვარად, ადამიანთა უწინდელი, წარმოდგენებზე დაფუძნებული ცოდნა ღვთის შესახებ შეიძლება აღმოიფხვრას და მათ შეძლონ ღვთის ჭეშმარიტი შეცნობისა და მისდამი მორჩილების მიღწევა — მხოლოდ ეს არის ხასიათის შეცვლის ნამდვილი გამოხატულება.

ადამიანთა სწრაფვა სიცოცხლეში შესვლისკენ ღვთის სიტყვებს ეფუძნება. წინათ ნათქვამი იყო, რომ ყველაფერი მისი სიტყვების გამო სრულდება, მაგრამ ეს ფაქტი არავის უნახავს. თუ შეხვალ და ახლანდელ ეტაპს გამოცდი, ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის, და კარგ საძირკველს ჩაუყრი მომავალ განსაცდელებს. რასაც უნდა ამბობდეს ღმერთი, ფოკუსირდი მხოლოდ მის სიტყვებში შესვლაზე. როდესაც ღმერთი ამბობს, რომ ადამიანთა გაკიცხვას დაიწყებს, მიიღე მისი გაკიცხვა. როდესაც ღმერთი ადამიანებს სიკვდილს სთხოვს, მიიღე ეს განსაცდელი. თუ მუდამ ცხოვრობ მის უახლეს გამონათქვამებში, საბოლოოდ ღვთის სიტყვები სრულგყოფს. რაც უფრო მეტად შეხვალ ღვთის სიტყვებში, მით უფრო სწრაფად გახდები სრულყოფილი. რატომ გთხოვთ ყოველ თანაზიარებაში, რომ შეიცნოთ ღვთის სიტყვები და შეხვიდეთ მათში? მხოლოდ მაშინ, როდესაც ესწრაფვი და განიცდი ღვთის სიტყვებს და შედიხარ მისი სიტყვების რეალობაში, ეძლევა სულიწმიდას შენში მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, თქვენ ყველანი ხართ მონაწილენი თითოეული მეთოდისა, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, და როგორიც უნდა იყოს თქვენი ტანჯვის ხარისხი, საბოლოოდ ყველა მიიღებთ „სამახსოვროს“. იმისათვის, რომ საბოლოოდ სრულქმნილნი გახდეთ, უნდა შეხვიდეთ ღვთის ყველა სიტყვაში. სულიწმიდის მიერ ადამიანთა სრულყოფა ცალმხრივი არ არის; იგი მოითხოვს ადამიანთა თანამშრომლობას, მას სჭირდება, რომ ყველა შეგნებულად თანამშრომლობდეს მასთან. რასაც უნდა ამბობდეს ღმერთი, ფოკუსირდით მხოლოდ მის სიტყვებში შესვლაზე — ეს უფრო სასარგებლო იქნება თქვენი სიცოცხლისთვის. ყველაფერი თქვენი ხასიათის შეცვლის მისაღწევადაა. როდესაც შეხვალ ღვთის სიტყვებში, შენს გულს იგი შეძრავს და შეძლებ შეიცნო ყველაფერი, რისი მიღწევაც ღმერთს სურს თავისი საქმის ამ ეტაპზე, და გექნება განზრახვა მის მისაღწევად. გაკიცხვის პერიოდში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ეს საქმის მეთოდი იყო და არ სწამდათ ღვთის სიტყვები. შედეგად, მათ არ გაუვლიათ გამოწრთობა და გაკიცხვის პერიოდიდან ისე გამოვიდნენ, რომ ვერაფერი მოიპოვეს ან გაიგეს. იყვნენ ისეთებიც, ვინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჭეშმარიტად შევიდა ამ სიტყვებში, ვინც ამბობდა, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტი და უტყუარია და რომ კაცობრიობა უნდა გაიკიცხოს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ამგვარად იბრძოდნენ, უარი თქვეს თავიანთ მომავალსა და დანიშნულებაზე, და როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ, მათ ხასიათს გარკვეული ცვლილება განეცადა და მათ ღვთის უფრო ღრმა გაგება მოეპოვებინათ. მათ, ვინც გაკიცხვიდან გამოვიდა, ყველამ შეიგრძნო ღვთის მშვენიერება და აღიარა, რომ საქმის ეს ეტაპი განასახიერებდა მათზე გადმოსულ ღვთის უდიდეს სიყვარულს, რომელიც ღვთის სიყვარულით დაპყრობა და ხსნა იყო. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ ღვთის ფიქრები ყოველთვის კეთილია და რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ადამიანზე აკეთებს, სიყვარულია და არა სიძულვილი. მათ, ვისაც არ სწამდა ღვთის სიტყვები, ვინც ყურადღებას არ აქცევდა მის სიტყვებს, არ გაუვლიათ გამოწრთობა გაკიცხვის პერიოდში და შედეგად, სულიწმიდა არ იყო მათთან და მათ ვერაფერი მოიპოვეს. რაც შეეხება მათ, ვინც შევიდა გაკიცხვის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაიარეს გამოწრთობა, სულიწმიდა მათში ფარულად მოქმედებდა და შედეგად მათი სიცოცხლე-განწყობა შეიცვალა. ზოგიერთები გარეგნულად ძალიან პოზიტიურები ჩანდნენ, მთელი დღე კარგ გუნებაზე იყვნენ, მაგრამ ისინი არ შესულან ღვთის სიტყვებით გამოწრთობის მდგომარეობაში და ამიტომ საერთოდ არ შეცვლილან, რაც ღვთის სიტყვებისადმი ურწმუნობის შედეგი იყო. თუ არ გწამს ღვთის სიტყვები, მაშინ სულიწმიდა არ იმოქმედებს შენში. ღმერთი ეცხადება ყველას, ვისაც სწამს მისი სიტყვები, და ისინი, ვისაც სწამს მისი სიტყვები და ვინც იღებს მათ, მისი სიყვარულის მოპოვებას შეძლებენ!

ღვთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად პრაქტიკის გზა უნდა იპოვო. შენი სიცოცხლე-განწყობა მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებ. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია იყო ღვთის მიერ სრულყოფილი, და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად სრულყოფილნი არიან ღვთის მიერ, შეესაბამებიან მის განზრახვებს. ახალი ნათლის მისაღებად მის სიტყვებში უნდა იცხოვრო. სულიწმიდამ მხოლოდ ერთხელ რომ შეგძრას, ეს სულაც არ არის საკმარისი — უფრო ღრმად უნდა შეხვიდე. მათ, ვინც მხოლოდ ერთხელ შეიძრა, უბრალოდ შინაგანი წადილი უღვივდებათ და სწრაფვისი სურვილი უჩნდებათ, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს; ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სულიწმიდის მიერ შეძრულნი. წარსულში მრავალჯერ მიხსენებია ჩემი იმედი, რომ ღვთის სული შეძრავს ადამიანთა სულებს, რათა მათ ისწრაფონ თავიანთი სიცოცხლე-განწყობის შეცვლისკენ, და ღვთის მიერ შეძვრის ძიებისას გაიგონ საკუთარი ნაკლოვანებები და მისი სიტყვების გამოცდის პროცესში მოიშორონ საკუთარ თავში არსებული მინარევები (თვითმართლობა, ქედმაღლობა, წარმოდგენები და ა.შ.). ნუ იფიქრებ, რომ ახალი ნათლის მიღებაში მხოლოდ აქტიურობა საკმარისია — ასევე უნდა მოიშორო ყველაფერი, რაც ნეგატიურია. ერთი მხრივ, პოზიტიური ასპექტიდან უნდა შეხვიდეთ, მეორე მხრივ კი, ნეგატიური ასპექტიდან უნდა გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც უწმინდურია. მუდმივად უნდა იკვლიო საკუთარი თავი, რათა დაინახო, კვლავაც რომელი მინარევები არსებობს შენში. ადამიანის რელიგიური წარმოდგენები, განზრახვები, იმედები, თვითმართლობა და ქედმაღლობა — ყოველივე ეს უწმინდურია. ჩაიხედე საკუთარ თავში და შეადარე საკუთარი თავი ღვთის მხილების სიტყვას, რათა დაინახო, რა რელიგიური წარმოდგენები გაქვს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად შეიცნობ მათ, შეძლებ მათ მოშორებას. ზოგიერთი ამბობს: „ახლა სრულიად საკმარისია უბრალოდ მივყვეთ სულიწმიდის ამჟამინდელი საქმის ნათელს. სხვა არაფერზე წუხილი საჭირო არ არის“. მაგრამ შემდეგ, როდესაც შენი რელიგიური წარმოდგენები იჩენს თავს, როგორ მოიშორებ მათ? ხომ არ ფიქრობ, რომ ღვთის ახლანდელი სიტყვების მიყოლა მარტივი საქმეა? თუ რელიგიის მიმდევარი ხარ, შენი რელიგიური წარმოდგენებიდან და გულში არსებული ტრადიციული თეოლოგიური თეორიებიდან შეიძლება წარმოიშვას დაბრკოლებები, და როდესაც ასეთი რამეები ჩნდება, ისინი ხელს უშლის შენ მიერ ახალი რამეების მიღებას. ეს ყველაფერი რეალური პრობლემებია. თუ მხოლოდ სულიწმიდის ამჟამინდელ სიტყვებს ესწრაფვი, ვერ დააკმაყოფილებ ღვთის განზრახვებს. სულიწმიდის ახლანდელი ნათლისკენ სწრაფვის პარალელურად, უნდა აღიარო, რა წარმოდგენებსა და განზრახვებს ატარებ, როგორი ადამიანური თვითმართლობა გაქვს და რომელი ქცევებია ღვთის წინააღმდეგ ამბოხის მანიშნებელი. მას შემდეგ, რაც ყოველივე ამას აღიარებ, უნდა მოიშორო ისინი. შენი წინა ქმედებებისა და ქცევების წინააღმდეგ შენივე ამბოხება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შეძლო, მიჰყვე იმ სიტყვებს, რომლებსაც სულიწმიდა დღეს ამბობს. ხასიათის შეცვლა, ერთი მხრივ, მიიღწევა ღვთის სიტყვების მეშვეობით, მეორე მხრივ კი, მოითხოვს ადამიანის მხრიდან თანამშრომლობას. არსებობს ღვთის საქმე და არსებობს ადამიანური პრაქტიკა, და ორივე მათგანი აუცილებელია.

მსახურების შენს სამომავლო გზაზე, როგორ შეგიძლია დააკმაყოფილო ღვთის განზრახვები? ერთი გადამწყვეტი მომენტია სიცოცხლეში შესვლისკენ სწრაფვა, ხასიათის შეცვლისკენ სწრაფვა და ჭეშმარიტებაში უფრო ღრმად შესვლისკენ სწრაფვა — ეს არის ღვთის მიერ სრულყოფისა და მოპოვების მიღწევის გზა. თქვენ ყველანი ღვთის დავალების მიმღებნი ხართ, მაგრამ როგორი დავალების? ეს უკავშირდება საქმის მომდევნო ეტაპს; საქმის მომდევნო ეტაპი იქნება უფრო დიადი საქმე, რომელიც მთელ სამყაროში განხორციელდება, ამიტომ დღეს, თქვენ უნდა ისწრაფოდეთ თქვენი სიცოცხლე-განწყობის შეცვლისკენ, რათა მომავალში ჭეშმარიტად გახდეთ იმის მტკიცებულება, რომ ღმერთი თავისი საქმით იხვეჭს დიდებას, და იქცეთ სანიმუშოებად მისი სამომავლო საქმისთვის. დღევანდელი სწრაფვა მთლიანად ემსახურება სამომავლო საქმისთვის საძირკვლის ჩაყრას, რათა ღმერთმა გამოგიყენოთ და შეძლოთ მის შესახებ მოწმობა. თუ ამას შენი სწრაფვის მიზნად დაისახავ, შეძლებ სულიწმიდის თანდასწრების მოპოვებას. რაც უფრო მაღლა დააყენებ შენი სწრაფვის მიზანს, მით უფრო მეტად შეძლებ სრულყოფილი გახდე. რაც უფრო მეტად ესწრაფვი ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად მოქმედებს სულიწმიდა. რაც უფრო დიდია შენი სწრაფვის სურვილი, მით უფრო მეტს მოიპოვებ. სულიწმიდა ადამიანებს მათი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით სრულყოფს. ზოგიერთი ამბობს, რომ არ სურს იყოს ღვთის მიერ გამოყენებული ან მის მიერ სრულყოფილი, რომ უბრალოდ სურს მისი ხორცი უსაფრთხოდ იყოს და არავითარი უბედურება არ შეემთხვას. ზოგიერთს არ სურს სასუფეველში შესვლა, თუმცა მზადაა უძირო უფსკრულში ჩავიდეს. ამ შემთხვევაში, ღმერთი შენს სურვილსაც შეასრულებს. რასაც არ უნდა ესწრაფოდე, ღმერთი მას განახორციელებს. მაშ, რას ესწრაფვი ამჟამად? სრულყოფას? ემსახურება თუ არა შენი ამჟამინდელი ქმედებები და ქცევები ღვთის მიერ სრულყოფასა და მის მიერ მოპოვებას? ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ასე უნდა შეაფასო საკუთარი თავი. თუ მთელ გულს ჩადებ ერთი მიზნისკენ სწრაფვაში, ღმერთი უდავოდ სრულგყოფს. ასეთია სულიწმიდის გზა. სულიწმიდის მიერ წარმართული გზა ადამიანთა სწრაფვის მეშვეობით მიიღწევა. რაც უფრო მეტად გწყურია იყო ღვთის მიერ სრულყოფილი და მოპოვებული, მით უფრო მეტად იმოქმედებს სულიწმიდა შენში. რაც უფრო ნაკლებად ახერხებ სწრაფვას და რაც უფრო ნეგატიური და რეგრესული ხარ, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს სულიწმიდას სამოქმედოდ; დროთა განმავლობაში, სულიწმიდა მიგატოვებს. გსურს თუ არა იყო ღვთის მიერ სრულყოფილი? გსურს თუ არა იყო ღვთის მიერ მოპოვებული? გსურს თუ არა იყო ღვთის მიერ გამოყენებული? თქვენ უნდა ისწრაფოდეთ იმისკენ, რომ ყველაფერი აკეთოთ ღვთის მიერ სრულყოფის, მოპოვებისა და გამოყენების მიზნით, რათა სამყარომ და ყოველივემ დაინახოს თქვენში გამოვლენილი ღვთის ქმედებები. თქვენ ხართ ბატონები ყოველთა საგანთა შორის და ყოველივეს შუაგულში ისე უნდა იმოქმედოთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით დატკბეს მოწმობითა და დიდებით. მხოლოდ ეს ამტკიცებს, რომ თქვენ ყველა თაობას შორის ყველაზე კურთხეულნი ხართ!

წინა: შეიცანით ღვთის უახლესი საქმე და მიჰყევით მის ნაბიჯებს

შემდეგი: ღვთის წინაშე გულის დადუმების შესახებ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება