ლოცვის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ
თქვენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ ლოცვას. ადამიანი უგულებელყოფს ლოცვის საკითხს. წარსულში ლოცვები ზედაპირული იყო და ადამიანი ღვთის წინაშე მხოლოდ ფორმალურად ასრულებდა მას. არავის არასდროს მიუძღვნია თავისი გული სრულად ღვთისთვის და არ ჰქონია ჭეშმარიტი ლოცვა ღმერთთან. ადამიანი ღმერთს მხოლოდ მაშინ მიმართავდა ლოცვით, როდესაც დახმარება სჭირდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ოდესმე ჭეშმარიტად გილოცია ღვთის მიმართ? ყოფილა ოდესმე ისეთი დრო, როცა ღვთის წინაშე ტკივილის ცრემლებით გიტირია? ყოფილა ისეთი დრო, როცა მის წინაშე საკუთარი თავი შეგიცნია? ოდესმე გქონია გულახდილი ლოცვა ღმერთთან? ლოცვა პრაქტიკით მიიღწევა: თუ ჩვეულებრივ სახლში არ ლოცულობ, მაშინ ეკლესიაში ლოცვას ვერ შეძლებ და თუ, როგორც წესი, მცირე შეკრებებზე არ ლოცულობ, მაშინ დიდ შეკრებებზე ლოცვას ვერ შეძლებ, თუ რეგულარულად არ უახლოვდები ღმერთს ან არ ფიქრობ ღვთის სიტყვებზე, მაშინ ლოცვის დროს სათქმელი არაფერი გექნება და რომც ილოცო, ეს მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმული სიტყვები იქნება; ეს არ იქნება ჭეშმარიტი ლოცვა.
რა არის ჭეშმარიტი ლოცვა? ეს არის ის, როდესაც ეუბნები ღმერთს იმას, რაც გულში გაქვს, სწვდები ღვთის განზრახვებს, გაქვს თანაზიარება მასთან და გაქვს თანაზიარება ღმერთთან მის სიტყვებზე, გრძნობ ღმერთთან განსაკუთრებულ სიახლოვეს, შეიგრძნობ, რომ ის შენ წინაშეა, გრძნობ, რომ რაღაც გაქვს მისთვის სათქმელი, გრძნობ საოცარ სინათლეს გულში და გრძნობ, თუ რაოდენ მშვენიერია ღმერთი — ეს განსაკუთრებულ შთაგონებას გაძლევს. შენი მოსმენა სიამოვნებას ანიჭებს ძმებსა და დებს. ისინი გრძნობენ, რომ სიტყვები, რომლებსაც შენ ამბობ, მათ გულებში არსებული სიტყვებია, სიტყვები, რომელთა თქმაც თავად სურთ და, რომ შენი სიტყვები მათსავე სიტყვებს ანაცვლებს. აი, რა არის ჭეშმარიტი ლოცვა. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტად ილოცებ, შენს გულში სიმშვიდე და სიამოვნების განცდა დაისადგურებს. ღვთის სიყვარულის ძალა აღიძვრება და იგრძნობ, რომ ცხოვრებაში ღვთის სიყვარულზე უფრო ღირებული ან მნიშვნელოვანი არაფერია. ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ შენი ლოცვები ქმედითი იყო. ოდესმე გილოცია ამგვარად?
და რა შეიძლება ითქვას ლოცვის შინაარსზე? შენი ლოცვა ეტაპობრივად უნდა მიმდინარეობდეს, შენი გულის ჭეშმარიტი მდგომარეობისა და სულიწმიდის საქმის შესაბამისად და ღმერთთან თანაზიარება უნდა გქონდეს მისი განზრახვებისა და იმის თანახმად, რასაც ის ადამიანისგან მოითხოვს. როდესაც ლოცვაში საკუთარი თავის გაწვრთნას იწყებ, პირველ რიგში, შენი გული ღმერთს მიუძღვენი. ნუ დაისახავ მიზნად ღვთის განზრახვების აღქმას — უბრალოდ მიზნად დაისახე, რომ ღმერთს შენს გულში არსებული სიტყვები უთხრა. როდესაც ღვთის წინაშე წარდგები, ისაუბრე ამგვარად: „ღმერთო, მხოლოდ დღეს ვაცნობიერებ, რომ წარსულში შენს მიმართ ამბოხებული ვიყავი. მე ჭეშმარიტად გახრწნილი და საძულველი ვარ. მე მხოლოდ ფუჭად ვფლანგავდი ჩემს სიცოცხლეს. დღეიდან მე შენთვის ვიცხოვრებ. მე აზრიანი ცხოვრებით ვიცხოვრებ და შენს განზრახვებს შევასრულებ. დაე, შენმა სულმა მუდამ იმოქმედოს ჩემში, განუწყვეტლივ გამანათოს და ნათელი მომფინოს. მომეცი ძალა, რომ შენ წინაშე მედგარი დამოწმება გავცე. დაე, სატანამ იხილოს შენი დიდება, შენი მოწმობა და შენი ტრიუმფის მტკიცებულება, რომელიც ჩვენში გამოვლინდება.“ როდესაც ამგვარად ლოცულობ, შენი გული სრულად გათავისუფლდება. ამგვარი ლოცვის შემდეგ შენი გული უფრო ახლოს იქნება ღმერთთან და თუ ხშირად შეძლებ ასე ლოცვას, სულიწმიდა აუცილებლად იმოქმედებს შენში. თუ მუდამ ამგვარად მოუხმობ ღმერთს და მის წინაშე მიიღებ გადაწყვეტილებას, დადგება დღე, როდესაც შენი გადაწყვეტილება მისაღები იქნება ღვთის წინაშე, როდესაც შენს გულსა და მთელ შენს არსებას ღმერთი მოიპოვებს და საბოლოოდ მის მიერ სრულყოფილი გახდები. თქვენთვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ლოცულობ და სულიწმიდის საქმეს იღებ, შენს გულს ღმერთი აღძრავს და ღვთის სიყვარულის ძალა გადმოედინება. თუ გულით არ ლოცულობ, თუ არ ხსნი გულს ღმერთთან თანაზიარებისთვის, მაშინ ღმერთი ვერანაირად ვერ იმოქმედებს შენში. თუ ლოცვისა და გულში არსებული სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ღვთის სულს არ დაუწყია თავისი საქმე და არავითარი შთაგონება არ მიგიღია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენს გულს გულწრფელობა აკლია, შენი სიტყვები არ არის ჭეშმარიტი და კვლავაც არაწმინდაა. თუ ლოცვის შემდეგ სიამოვნების განცდა გაქვს, მაშინ შენი ლოცვები ღვთისთვის მისაღები იყო და ღვთის სული მოქმედებს შენში. როგორც ადამიანს, რომელიც ღვთის წინაშე მსახურობს, შენ არ შეგიძლია ლოცვის გარეშე ყოფნა. თუ ჭეშმარიტად მიიჩნევ ღმერთთან თანაზიარებას აზრიან და ღირებულ რამედ, მაშინ შეგიძლია ლოცვის მიტოვება? არავის შეუძლია ღმერთთან თანაზიარების გარეშე ყოფნა. ლოცვის გარეშე შენ ხორცში ცხოვრობ, სატანის ტყვეობაში; ჭეშმარიტი ლოცვის გარეშე სიბნელის გავლენის ქვეშ ცხოვრობ. ვიმედოვნებ, რომ თქვენ, ძმებო და დებო, შეძლებთ ყოველდღიურად ჭეშმარიტი ლოცვა აღავლინოთ. ეს წესების დაცვას კი არ ეხება, არამედ გარკვეული შედეგის მიღწევას. მზად ხართ, უარი თქვათ მცირედ ძილსა და სიამოვნებაზე, რათა დილით ადრე ადგეთ დილის ლოცვებისთვის და შემდეგ დატკბეთ ღვთის სიტყვებით? თუ წმინდა გულით ილოცებ და ამგვარად მიეცემი ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, მისთვის უფრო მისაღები იქნები. თუ ყოველ დილით ამას პრაქტიკაში განახორციელებ, თუ ყოველდღე გაწვრთნი საკუთარ თავს, რომ გული ღმერთს მიუძღვნა, მასთან თანაზიარებითა და ურთიერთობით, მაშინ შენი ცოდნა ღვთის შესახებ აუცილებლად გაიზრდება და უკეთ შეძლებ ღვთის განზრახვების აღქმას. შენ ამბობ: „ღმერთო! მე მზად ვარ, შევასრულო ჩემი მოვალეობა. მხოლოდ ის შემიძლია, რომ მთელი ჩემი არსება შენ მოგიძღვნა, რათა შენ მიიღო დიდება ჩვენგან, რათა დატკბე იმ მოწმობით, რომელსაც ჩვენი ეს ჯგუფი გასცემს. გევედრები, იმოქმედო ჩვენზე, რათა შევძლო შენი ჭეშმარიტად სიყვარული, შენი დაკმაყოფილება და შენი, როგორც ჩემი მიზნის, ძიება.“ როდესაც ამ ტვირთს იღებ, ღმერთი აუცილებლად სრულგყოფს შენ. შენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ უნდა ილოცო, არამედ უნდა ილოცო იმისთვისაც, რომ მიჰყვე ღვთის ნებას და გიყვარდეს იგი. ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი სახის ლოცვა. ხარ თუ არა ის, ვინც ღვთის ნების მიყოლის გულისთვის ლოცულობს?
წარსულში თქვენ არ იცოდით, როგორ გელოცათ და უგულებელყოფდით ლოცვის საკითხს. ახლა კი ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ლოცვაში გაწვრთნათ საკუთარი თავი. თუ არ შეგიძლია შენში ღვთის სიყვარულის ძალის მოკრება, მაშინ როგორ ლოცულობ? შენ ამბობ: „ღმერთო, ჩემს გულს არ ძალუძს შენი ჭეშმარიტად სიყვარული. მინდა მიყვარდე, მაგრამ ძალა არ მყოფნის. რა უნდა გავაკეთო? დაე, შენ ამიხილო სულიერი თვალები და შენმა სულმა აღძრას ჩემი გული. ისე ქენი, რომ შენ წინაშე წარდგომისას მოვიშორო ყველა ნეგატიური მდგომარეობა, აღარ ვიყო შეზღუდული ნებისმიერი პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიერ, სრულად გადაგიშალო გული და შევძლო მთელი ჩემი არსების შენთვის მოძღვნა. როგორც არ უნდა გამომცადო, მე მზად ვარ. ახლა მე არ ვითვალისწინებ ჩემს სამომავლო პერსპექტივებს და არც სიკვდილის უღლის ქვეშ ვარ. გულით, რომელსაც შენ უყვარხარ, მზად ვარ, ვეძიო სიცოცხლის გზა. ყოველი მოვლენა, ყოველივე — ყველაფერი შენს ხელთაა; ჩემი ბედი შენს ხელთაა და მით უმეტეს, ჩემი სიცოცხლე შენს ხელისგულზეა. ახლა მე შენს სიყვარულს ვეძიებ და მიუხედავად იმისა, მომცემ თუ არა შენი შეყვარების ნებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შექმნის დაბრკოლებას სატანა, მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მიყვარდე.“ როდესაც ამ საკითხს წააწყდები, ასე ილოცე. თუ ყოველდღე ასე ილოცებ, ღვთის სიყვარულის ძალა თანდათანობით აღიძვრება.
როგორ შედის ადამიანი ჭეშმარიტ ლოცვაში?
ლოცვისას უნდა გქონდეს ღვთის წინაშე დაწყნარებული და წრფელი გული, ჭეშმარიტად უნდა გქონდეს თანაზიარება ღმერთთან და ჭეშმარიტად უნდა ილოცო მის მიმართ — არ უნდა ეცადო ღვთის პირფერობით გულის მოგებას ლამაზად ჟღერადი სიტყვებით. ლოცვა უნდა ფოკუსირდებოდეს იმაზე, რისი აღსრულებაც ღმერთს ამჟამად სურს. სთხოვე ღმერთს, მოგფინოს მეტი ნათელი და გაგანათოს, და ლოცვისას მის წინაშე მიიტანე შენი რეალური მდგომარეობები და სირთულეები, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ღვთის წინაშე მიიღე. ლოცვა პროცედურის მიყოლას არ ნიშნავს; ეს არის ღვთის ძიება წრფელი გულით, თხოვნა, რომ ღმერთმა დაიცვას შენი გული, რათა იგი ხშირად იყოს დაწყნარებული მის წინაშე, და იმ გარემოებებში, რომლებიც მან შენთვის შექმნა, შეძლო საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის შეძულება და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხება, რაც საშუალებას მოგცემს, გქონდეს ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან და ჭეშმარიტად იქცე ღვთის მოყვარულ ადამიანად.
რა არის ლოცვის მნიშვნელობა?
ლოცვა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ადამიანი თანამშრომლობს ღმერთთან, ეს არის საშუალება, რომლითაც ადამიანი მოუხმობს ღმერთს და ეს არის პროცესი, რომლითაც ადამიანს ღვთის სული აღძრავს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ვინც არ ლოცულობენ, მკვდარი ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ სული, რაც ამტკიცებს, რომ მათ არ აქვთ მოცემულობა, რომ ღვთის მიერ იქნან აღძრული. ლოცვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ნორმალური სულიერი ცხოვრებით ცხოვრება, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიწმიდის საქმესთან ფეხის აწყობაზე. ლოცვის გარეშე ყოფნა ღმერთთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს და შეუძლებელი იქნებოდა ღვთის მოწონების დამსახურება. როგორც ღვთის მორწმუნე, რაც უფრო მეტს ლოცულობს ადამიანი, ანუ რაც უფრო მეტად აღძრავს მას ღმერთი, მით მეტი მტკიცე გადაწყვეტილება ექნება მას და მით უფრო შეძლებს ღვთისგან უახლესი ნათელის მოფენის მიღებას. შედეგად, მხოლოდ ამგვარი ადამიანი შეიძლება იქნას სულიწმიდის მიერ სრულყოფილი რაც შეიძლება სწრაფად.
რა შედეგის მიღწევას ემსახურება ლოცვა?
ადამიანებს შეიძლება შეეძლოთ ლოცვის პრაქტიკაში გამოყენება და ლოცვის მნიშვნელობის გაგება, მაგრამ ლოცვა ქმედითი რომ იყოს ეს არ არის მარტივი საქმე. ლოცვა არ ნიშნავს უბრალოდ ფორმალობის შესრულებას, პროცედურის მიყოლას ან ღვთის სიტყვების ზეპირად წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლოცვა არ არის გარკვეული სიტყვების თუთიყუშივით გამეორება და არც სხვების მიბაძვა. ლოცვისას ადამიანი უნდა მივიდეს იმ მდგომარეობამდე, სადაც შეძლებს გულის ღვთისთვის მიძღვნას, გულის სრულად გადაშლას, რათა იგი ღმერთმა აღძრას. თუ გვსურს, რომ ლოცვა ქმედითი იყოს, იგი ღვთის სიტყვების კითხვას უნდა ეფუძნებოდეს. მხოლოდ ღვთის სიტყვებიდან ლოცვით შეუძლია ადამიანს მიიღოს მეტი გაცისკროვნება და სინათლე. ჭეშმარიტი ლოცვის გამოვლინებებია: გქონდეს გული, რომელსაც სწყურია ყველაფერი, რასაც ღმერთი ითხოვს და, უფრო მეტიც, სურს აღასრულოს მისი მოთხოვნები; გძულდეს ის, რაც ღმერთს სძულს და შემდეგ ამ საძირკველზე დაყრდნობით, შეიძინო მისი გარკვეული გაგება და გქონდეს გარკვეული ცოდნა და სიცხადე იმ ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ღმერთი განმარტავს. სადაც არის სიმტკიცე, რწმენა, ცოდნა და ლოცვის შემდეგ პრაქტიკის გზა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს მას ჭეშმარიტი ლოცვა და მხოლოდ ამ ტიპის ლოცვა შეიძლება იყოს ქმედითი. თუმცა ლოცვა უნდა ეფუძნებოდეს ღვთის სიტყვებით ტკბობას, იგი უნდა დაფუძნდეს მის სიტყვებში ღმერთთან თანაზიარების საძირკველზე და გულს უნდა შეეძლოს ღვთის ძიება და მის წინაშე დადუმება. ამგვარი ლოცვა უკვე შესულია ღმერთთან ჭეშმარიტი თანაზიარების ეტაპზე.
ყველაზე საბაზისო ცოდნა ლოცვის შესახებ:
1. ბრმად ნუ იტყვი იმას, რაც თავში მოგივა. შენს გულზე ტვირთი უნდა იყოს, ანუ ლოცვისას მიზანი უნდა გქონდეს.
2. ლოცვა უნდა შეიცავდეს ღვთის სიტყვებს; იგი ღვთის სიტყვებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
3. ლოცვისას არ უნდა ისაუბრო ძველი, გაცვეთილი ფრაზებით. შენი ლოცვები ღვთის ამჟამინდელ სიტყვებს უნდა უკავშირდებოდეს და ლოცვისას ღმერთს შენი ყველაზე იდუმალი ფიქრები უნდა გაანდო.
4. ჯგუფური ლოცვა უნდა ტრიალებდეს ერთი ცენტრის გარშემო, რაც აუცილებლად სულიწმიდის ამჟამინდელი საქმეა.
5. ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს შუამდგომლობითი ლოცვა. ეს ასევე არის ღვთის განზრახვების გათვალისწინების ერთ-ერთი გზა.
ინდივიდის ლოცვის ცხოვრება ლოცვის მნიშვნელობის გაგებასა და ლოცვის შესახებ საბაზისო ცოდნას ეფუძნება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეევედრე ღმერთს და ილოცე ღვთის მიმართ საკუთარი ნაკლოვანებების გამო, ილოცე შენი სიცოცხლე-განწყობის შესაცვლელად და ილოცე ღვთის სიტყვების შენეული ცოდნის საფუძველზე. თითოეულმა ადამიანმა უნდა დააფუძნოს ლოცვის საკუთარი ცხოვრება, მან უნდა ილოცოს ღვთის სიტყვების შეცნობისთვის და უნდა ილოცოს ღვთის საქმის ცოდნის საძიებლად. სრულად გააშიშვლე შენი პირადი გარემოებები ღვთის წინაშე და იყავი რეალური ისე, რომ არ იდარდო ლოცვის ფორმაზე, მთავარი საკითხი ჭეშმარიტი გაგების მიღწევა და ღვთის სიტყვების პრაქტიკული გამოცდილების შეძენაა. ადამიანს, რომელიც სულიერ ცხოვრებაში შესვლას ესწრაფვის, უნდა შეეძლოს მრავალი სხვადასხვა გზით ლოცვა. ჩუმი ლოცვა, ღვთის სიტყვებზე დაფიქრება, ღვთის საქმის შეცნობა — ყოველივე ეს არის სულიერი თანაზიარების მიზანმიმართული საქმის მაგალითები ნორმალურ სულიერ ცხოვრებაში შესვლის მისაღწევად, რაც მუდამ აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას ღვთის წინაშე და უბიძგებს მას, მიაღწიოს კიდევ უფრო დიდ პროგრესს სიცოცხლეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც აკეთებ, იქნება ეს ღვთის სიტყვის ჭამა და სმა, ჩუმად ლოცვა თუ ხმამაღლა გამოცხადება, ემსახურება იმას, რომ შეძლო ნათლად დაინახო ღვთის სიტყვები, მისი საქმე და ის, რისი მიღწევაც მას შენში სურს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველაფერი, რასაც აკეთებ, კეთდება იმისათვის, რომ მიაღწიო ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს და შენი სიცოცხლე ახალ სიმაღლეებზე აიყვანო. მინიმალური სტანდარტი, რომელსაც ღმერთი ადამიანისგან მოითხოვს, არის ის, რომ ადამიანს შეეძლოს მისთვის გულის გახსნა. თუ ადამიანი თავის ჭეშმარიტ გულს მისცემს ღმერთს და იტყვის იმას, რაც სინამდვილეში აქვს გულში, მაშინ ღმერთი ინებებს მასში საქმის შესრულებას. ის, რაც ღმერთს სურს, ადამიანის გაუკუღმართებული გული კი არა, არამედ წმინდა და პატიოსანი გულია. თუ ადამიანი გულწრფელად არ დაელაპარაკება ღმერთს, მაშინ ღმერთი არ შეეხება მის გულს და არ შეასრულებს საქმეს მასში. შესაბამისად, ლოცვის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გულით ესაუბრო ღმერთს, უამბო მას შენი ნაკლოვანებების ან ამბოხებული ხასიათის შესახებ და სრულად გადაუშალო მას გული; მხოლოდ მაშინ დაინტერესდება ღმერთი შენი ლოცვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი დაგიმალავს სახეს. ლოცვის მინიმალური სტანდარტი ისაა, რომ უნდა შეგეძლოს გულის სიწყნარის შენარჩუნება ღვთის წინაშე და იგი არ უნდა განეშოროს ღმერთს. შესაძლოა, ამ ეტაპზე შენ ვერ იძენ უფრო ახალ ან უფრო მაღალ წვდომას, მაგრამ უნდა გამოიყენო ლოცვა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად — უკან არ უნდა დაიხიო. ეს არის ის მინიმუმი, რასაც უნდა მიაღწიო. თუ შენ ამის გაკეთებასაც ვერ შეძლებ, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ შენი სულიერი ცხოვრება სწორ გზაზე არ დგას. შედეგად, შენ ვერ შეძლებ შეინარჩუნო ის ხილვა, რომელიც თავდაპირველად გქონდა, დაკარგავ ღვთისადმი რწმენას და შენი მტკიცე გადაწყვეტილებაც შემდგომში გაქრება. იმის ერთ-ერთი ნიშანი, შეხვედი თუ არა სულიერ ცხოვრებაში, არის იმის დანახვა, დგას თუ არა შენი ლოცვები სწორ გზაზე. ყველა ადამიანი უნდა შევიდეს ამ რეალობაში; ყველამ უნდა შეასრულოს ლოცვაში საკუთარი თავის შეგნებულად გაწვრთნის საქმე, პასიურად კი არ უნდა ელოდონ, არამედ შეგნებულად უნდა ეძიონ სულიწმიდის მიერ აღძვრა. მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ეძიებენ ღმერთს.
როდესაც ლოცვას იწყებ, ნუ იქნები არარეალისტური და ნუ გექნება იმედი, რომ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით მიაღწევ. არ შეგიძლია გადაჭარბებული მოთხოვნების წამოყენება იმ მოლოდინით, რომ როგორც კი პირს გააღებ, სულიწმიდა აღგძრავს ან მიიღებ ნათელის მოფენასა და განათებას, ან ღმერთი დიდ მადლს გიბოძებს. ეს არ მოხდება; ღმერთი არ ახდენს ზებუნებრივ რამეებს. ღმერთი ადამიანთა ლოცვებს თავის დროზე შეისმენს და ზოგჯერ ის ცდის შენს რწმენას, რათა დაინახოს, ხარ თუ არა ერთგული მის წინაშე. ლოცვისას უნდა გქონდეს რწმენა, შეუპოვრობა და მტკიცე გადაწყვეტილება. ადამიანთა უმეტესობას, როდესაც ახალი დაწყებული აქვს გაწვრთნა, ადვილად ყრის ფარ-ხმალს, რადგან ვერ გრძნობს სულიწმიდის შეხებას. ასე არ ივარგებს! უნდა იყო შეუპოვარი; შენ ყურადღება უნდა გაამახვილო სულიწმიდის შეხების შეგრძნებაზე, ძიებასა და გამოკვლევაზე. ზოგჯერ შენი პრაქტიკის გზა არ არის სწორი, ზოგჯერ კი შენი პირადი მოტივები და წარმოდგენები ვერ უძლებს ღვთის წინაშე დგომას და ამიტომ ღვთის სული არ აღგძრავს. სხვა დროს კი ღმერთი უყურებს, ხარ თუ არა ერთგული. მოკლედ რომ ვთქვათ, გაწვრთნისას უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადო. თუ აღმოაჩენ, რომ შენი პრაქტიკის გზაზე გადახრებია, შეგიძლია შეცვალო ლოცვის გზა. სანამ წრფელი გულით ეძიებ და მიღება გწყურია, სულიწმიდა აუცილებლად შეგიყვანს ამ რეალობაში. ზოგჯერ წრფელი გულით ლოცულობ, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ განსაკუთრებულად აღიძარი. ასეთ დროს რწმენას უნდა დაეყრდნო და გჯეროდეს, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს შენს ლოცვებს; ლოცვებში შეუპოვრობა უნდა გამოიჩინო.
იყავი პატიოსანი ადამიანი; ილოცე ღვთის მიმართ, რათა გაგათავისუფლოს გულში არსებული მზაკვრობისგან. მუდამ განიწმინდე თავი ლოცვით და იყავი ღვთის სულის მიერ აღძრული ლოცვის საშუალებით. ამგვარად, შენი ხასიათი თანდათანობით შეიცვლება. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება ლოცვის ცხოვრებაა — ეს არის სულიწმიდის მიერ აღძვრის ცხოვრება. სულიწმიდის მიერ აღძვრის პროცესი ადამიანის ხასიათის შეცვლის პროცესია. ცხოვრება, სადაც ადამიანს არ აღძრავს სულიწმიდა, არ არის სულიერი ცხოვრება, ის კვლავაც რელიგიური რიტუალით ცხოვრებაა. მხოლოდ ისინი, ვისაც ხშირად აღძრავს სულიწმიდა და ვისაც სულიწმიდა ნათელს ჰფენს და ანათებს, არიან შესულნი სულიერ ცხოვრებაში. ლოცვის კვალდაკვალ ადამიანის ხასიათი მუდმივად იცვლება. რაც უფრო მეტად აღძრავს მას ღვთის სული, მით უფრო დადებითი და მორჩილი ხდება იგი. ასევე, მისი გულიც თანდათანობით განიწმინდება და მისი ხასიათიც თანდათანობით შეიცვლება. ასეთია ჭეშმარიტი ლოცვის შედეგი.