ნამდვილად გწამს ღმერთის?

შესაძლოა, ღმერთის რწმენის გზაზე ერთ ან ორ წელზე მეტიც გივლია და შესაძლოა შენი სიცოცხლის ამ წლებში მრავალი განსაცდელიც გადაგიტანია; ან შესაძლოა დიდი განსაცდელი არ გამოგიცდია და ამის ნაცვლად, უხვი მადლი მიგიღია. ასევე, შესაძლოა არც განსაცდელი გამოგიცდია და არც განსაკუთრებული მადლი და საკმაოდ შეუმჩნეველი ცხოვრება გქონდა. რაც არ უნდა იყოს, შენ მაინც ღვთის მიმდევარი ხარ, ამიტომ ვისაუბროთ ღმერთის მიმდევრობის საკითხზე. თუმცა, უნდა შევახსენო ყველას, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს: ღმერთის სიტყვა მიმართულია მათკენ, ვინც მას აღიარებს და მიჰყვება, და არა ყველა ადამიანისკენ, მიუხედავად იმისა, აღიარებენ ისინი ღმერთს, თუ არა. თუ გგონია, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანს — მიმართავს, მაშინ ღვთის სიტყვას შენზე არანაირი გავლენა არ ექნება. ამიტომ ეს სიტყვები გულში ჩაიბეჭდე და ყოველთვის ნუ გამორიცხავ საკუთარ თავს მათგან. ახლა კი, ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენს სახლში ხდება.

ყველას ახლა უნდა გესმოდეთ ღვთისადმი რწმენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ღმერთისადმი რწმენის მნიშვნელობა, რაზეც ადრე ვსაუბრობდი, თქვენს დადებით შესვლას უკავშირდებოდა. დღეს კი სხვაგვარად არის: დღეს თქვენი ღმერთისადმი რწმენის არსს გავაანალიზებ. რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი წინამძღოლობა ნეგატიური ასპექტით; ასე რომ არ ვიქცეოდე, ვერასოდეს შეიცნობდით თქვენს ნამდვილ სახეს და მუდამ იამაყებდით თქვენი ღვთისმოსაობითა და ერთგულებით. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თქვენი გულის სიღრმეში არსებული სიმახინჯე რომ არ გამომემზეურებინა, თითოეული თქვენგანი თავზე გვირგვინს დაიდგამდა და მთელ დიდებას საკუთარ თავს მიაწერდა. თქვენი ამპარტავანი და ქედმაღალი ბუნება გიბიძგებთ, უღალატოთ თქვენს სინდისს, აჯანყდეთ ქრისტეს წინააღმდეგ და გამოავლინოთ თქვენი მახინჯი სახეები, გამოავლინოთ თქვენი ზრახვები, წარმოდგენები, გადამეტებული სურვილები და სიხარბით სავსე თვალები. და მაინც, თქვენ განაგრძობთ მტკიცებას, რომ მთელი სიცოცხლე ქრისტეს საქმისადმი გაქვთ სწრაფვა და განუწყვეტლივ იმეორებთ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ქრისტემ დიდი ხნის წინ წარმოთქვა. ეს არის თქვენი „რწმენა“ — თქვენი „უმწიკვლო რწმენა“. მე ყოველთვის მკაცრ სტანდარტებს ვუყენებ ადამიანს. თუ შენი ერთგულება პირად განზრახვებსა და პირობებს შეიცავს, მაშინ მირჩევნია, საერთოდ არ მქონდეს შენი ეგრეთ წოდებული ერთგულება, რადგან მძულს, როცა ადამიანები თავიანთი ზრახვებით მატყუებენ და პირობებს მიყენებენ. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ადამიანი ჩემდამი აბსოლუტურად ერთგული იყოს და ყველაფერს აკეთებდეს ერთი სიტყვის დასამტკიცებლად: რწმენა. მძულს, როდესაც ცდილობთ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ტკბილი სიტყვებით, რადგან მე ყოველთვის გულწრფელად გექცეოდით და მინდა, თქვენც ჭეშმარიტი რწმენით მომეპყროთ. როცა საქმე რწმენას ეხება, ბევრს ჰგონია, რომ ღმერთს იმიტომ მიჰყვება, რომ სწამს, რადგან სხვაგვარად ასეთ ტანჯვას ვერ აიტანდა. ამიტომ გკითხავ: თუ ღმერთის არსებობის გჯერა, რატომ არასოდეს გეშინია მისი? თუ ღმერთის არსებობის გჯერა, რატომ არ არის შენს გულში მისი იოტისოდენა შიშიც კი? შენ აღიარებ, რომ ქრისტე განკაცებული ღმერთია, მაშ რატომ ექცევი მას ზიზღით? რატომ ექცევი უღირსად? რატომ განიკითხავ მას საჯაროდ? რატომ უთვალთვალებ ყოველთვის მის ნაბიჯებს? რატომ არ ემორჩილები მის განგებას? რატომ არ იღებ მის სიტყვას შენი ქცევის საზომად? რატომ იტაცებ და იპარავ მის შესაწირს? რატომ ცდილობ, ქრისტეს პოზიციიდან ისაუბრო? რატომ განსჯი, სწორია თუ არა მისი საქმე და მისი სიტყვა? რატომ ბედავ მის გმობას ზურგს უკან? ნუთუ ამას უწოდებთ რწმენას?

თქვენს სიტყვებსა და ქცევებში ნათლად იკვეთება ქრისტესადმი ურწმუნოების ელემენტები. ურწმუნოება აღწევს ყველაფერში, რასაც აკეთებთ, თქვენს მოტივებსა და მიზნებში. თქვენს მზერაშიც კი ჩანს ქრისტესადმი ურწმუნოება. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ყოველ წუთს ურწმუნოების ელემენტებს ატარებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წამს ქრისტეს ღალატის საფრთხის ქვეშ ხართ, რადგან სისხლი, რომელიც თქვენს ძარღვებში მიედინება, გაჯერებულია განკაცებული ღმერთისადმი ურწმუნოებით. ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთის რწმენის გზაზე თქვენი ნაკვალევი არ არის ნამდვილი; თქვენ არ დგამთ ფეხს მყარად მიწაზე, მხოლოდ მოჩვენებითად დადიხართ. თქვენ ბოლომდე არასოდეს გჯერათ ქრისტეს სიტყვის და ვერ ახერხებთ მის დაუყოვნებლივ შესრულებას. სწორედ ამიტომ არ გაქვთ ქრისტეს რწმენა. მის მიმართ წინასწარ შექმნილი წარმოდგენები თქვენი ურწმუნოების კიდევ ერთი მიზეზია. ქრისტეს საქმეში მუდამ ეჭვის შეტანა, მისი სიტყვის უგულებელყოფა, მის ყოველ საქმეზე საკუთარი აზრის ქონა და ამ საქმის სწორად ვერ გაგება, საკუთარ წარმოდგენებზე უარის თქმის უუნარობა, როგორი ახსნაც არ უნდა მიიღოთ, ეს ყველაფერი თქვენს გულებში შერეული ურწმუნოების ელემენტებია. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს საქმეს მისდევთ და უკან არ ჩამორჩებით, თქვენს გულებში მეტისმეტად ბევრია ამბოხი. ეს ამბოხი თქვენი ღმერთის რწმენაში არსებული უწმინდურებაა. შეიძლება თქვენ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ თუ ვერ შეძლებ ამ ყველაფერში საკუთარი ზრახვების ამოცნობას, მაშინ აუცილებლად იქნები მათ შორის, ვინც დაიღუპება, რადგან ღმერთი სრულყოფილებას ანიჭებს მხოლოდ მათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს მისი, და არა მათ, ვინც მას ეჭვით უყურებს, და მით უმეტეს არა მათ, ვინც მას იძულებით მიჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს სჯეროდათ, რომ ის ღმერთია.

ზოგ ადამიანს ჭეშმარიტება არ უყვარს, მით უმეტეს — განკითხვა. ისინი ძალაუფლებასა და სიმდიდრეს ამჯობინებენ; ასეთებს ძალაუფლების მაძიებლებს უწოდებენ. ისინი ეძებენ მხოლოდ გავლენიან კონფესიებს მსოფლიოში და — პასტორებსა და მასწავლებლებს სემინარიებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიიღეს ჭეშმარიტების გზა, მხოლოდ სანახევროდ სწამთ და ვერ ახერხებენ მთელი გულისა და გონების მიძღვნას; ისინი ღვთისთვის თავის გაწირვაზე საუბრობენ, მაგრამ მათი მზერა დიდ მოძღვრებსა და მასწავლებლებზეა მიპყრობილი და ქრისტეს ზედაც აღარ უყურებენ. მათი გონება სავსეა დიდებაზე, სარგებელსა და სახელზე ფიქრებით. ისინი ფიქრობენ, რომ გამორიცხულია, ასეთ პატარა ადამიანს შესძლებოდა ამდენი ადამიანის დაპყრობა, რომ ერთ ასეთ უმნიშვნელო ადამიანს შესძლებოდა ადამიანის სრულყოფა. მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ მტვერსა და ნეხვში მცხოვრები ეს არარაობები ღვთის რჩეული ხალხია. ისინი თვლიან, რომ თუ ასეთი ადამიანები ღვთისგან ხსნას მიიღებდნენ, მაშინ ცა და დედამიწა თავდაყირა დადგებოდა და ყველა ადამიანი გულიანად გაიცინებდა. ისინი თვლიან, რომ თუ ღმერთმა ასეთი ადამიანები სრულყოფისთვის აირჩია, მაშინ ის დიდი ადამიანები თავად ღმერთი გახდებოდნენ. მათი შეხედულებები ურწმუნოებითაა შებღალული; უფრო მეტიც, ისინი უბრალოდ უგუნური მხეცები არიან. რადგან ისინი მხოლოდ სტატუსს, რეპუტაციას და ძალაუფლებას აფასებენ, პატივს სცემენ მხოლოდ დიდ ჯგუფებსა და კონფესიებს და ოდნავადაც არ აფასებენ მათ, ვინც ქრისტეს მიჰყვება. ისინი უბრალოდ მოღალატეები არიან, რომლებმაც ზურგი აქციეს ქრისტეს, სიმართლესა და სიცოცხლეს.

შენ არ აღგაფრთოვანებს ქრისტეს სიმდაბლე, მაგრამ პატივს მიაგებ მაღალი სტატუსის მქონე ცრუ მწყემსებს. შენ არ ეთაყვანები ქრისტეს მშვენიერებასა და სიბრძნეს, არამედ მოგწონს ის გარყვნილები, რომლებიც ამქვეყნიურ სიბინძურეში არიან ჩაფლული. შენ უბრალოდ დასცინი ქრისტეს ტანჯვას, რომ მას თავშესაფარი არა აქვს, მაგრამ აღფრთოვანებული ხარ იმ გვამებით, რომლებიც შესაწირავებზე ნადირობენ და გარყვნილებაში ცხოვრობენ. შენ არ გსურს, ქრისტესთან ერთად იტანჯო, მაგრამ მზად ხარ, თავი ჩაიგდო ამ უგუნური და თავნება ანტიქრისტეების მკლავებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ხორცს, სიტყვებსა და კონტროლს გაძლევენ. ახლაც კი, შენი გული კვლავ მათკენაა მიმართული, მათი რეპუტაციისკენ, მათი სტატუსისკენ, მათი ძალებისკენ. ამავე დროს კვლავ ინარჩუნებ დამოკიდებულებას, თითქოს ქრისტეს საქმე ძნელად მისაღებია და არ გსურს მისი მიღება. ამიტომაც ვამბობ, რომ შენ მოკლებული ხარ ქრისტეს აღიარების რწმენას. მას დღემდე მიჰყვები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გქონდა. შენს გულში მუდმივად აღმართულია დიადი კერპების მთელი რიგი; შენ ვერ ივიწყებ მათ სიტყვებსა და საქმეებს, მათ გავლენიან სიტყვებსა და ხელებს. ისინი შენს გულში მუდამ უზენაესები და გმირები არიან. მაგრამ ასე არ არის დღევანდელი ქრისტეს შემთხვევაში. შენს გულში ის ყოველთვის უმნიშვნელოა, რომლის შიშიც არ უნდა გქონდეს. რადგან ის ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან მცირე გავლენა აქვს და შორს არის ამპარტავნებისგან.

ნებისმიერ შემთხვევაში მე ვამბობ, რომ ყველა, ვინც არ აფასებს ჭეშმარიტებას, ურწმუნო და ჭეშმარიტების მოღალატეა. ასეთები ვერასოდეს მიიღებენ ქრისტეს მოწონებას. ახლა უკვე განსაზღვრე, რამდენი ურწმუნოებაა შენში და რამდენი ღალატი ქრისტეს მიმართ? მე მოგიწოდებ: რადგან ჭეშმარიტების გზა აირჩიე, მას თავი მთელი გულით უნდა მიუძღვნა; ნუ იორჭოფებ და ნუ იქნები გულგრილი. უნდა გესმოდეს, რომ ღმერთი არ არის არც სამყაროს და არც რომელიმე ერთი ადამიანის ღმერთი, არამედ არის ყველა იმ ადამიანის ღმერთი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს მისი, ვინც მას თაყვანს სცემს, თავდადებულად და ერთგულად ემსახურება.

დღეს თქვენში დიდი ურწმუნოებაა. კარგად ჩაიხედეთ საკუთარ თავებში და აუცილებლად იპოვით პასუხს. როდესაც ნამდვილ პასუხს იპოვი, მაშინ აღიარებ, რომ ღვთის მორწმუნე კი არა, არამედ მატყუარა, ღვთისმგმობელი, მოღალატე და ორგული ხარ. მაშინ მიხვდები, რომ ქრისტე ადამიანი კი არა, ღმერთია. როდესაც ეს დღე დადგება, შენ შეგეშინდება, შეძრწუნდები და ჭეშმარიტად შეიყვარებ ქრისტეს. ამჟამად, თქვენი გულის მხოლოდ ოცდაათი პროცენტია სავსე რწმენით, ხოლო დანარჩენი სამოცდაათი პროცენტი - ეჭვით. ყველაფერმა, რასაც ქრისტე აკეთებს და ამბობს, შეიძლება შეგიქმნათ წარმოდგენები და მოსაზრებები მის შესახებ, რომლებიც მის მიმართ თქვენი სრული ურწმუნოებიდან მომდინარეობს. თქვენ აღგაფრთოვანებთ და გაშინებთ მხოლოდ ზეცაში მყოფი უხილავი ღმერთი, მიწაზე მცხოვრებ ქრისტეს კი საერთოდ არ ითვალისწინებთ. განა ესეც ურწმუნოება არ არის? თქვენ მხოლოდ იმ ღმერთისკენ ისწრაფვით, რომელიც წარსულში მოქმედებდა, მაგრამ არ გსურთ დღევანდელი ქრისტეს მიღება. ეს ყველაფერი „რწმენაა“, რომელიც სამუდამოდ არეულია თქვენს გულებში, რწმენა, რომელსაც დღევანდელი ქრისტე არ სწამს. არანაირად არ ვაკნინებ თქვენს მნიშვნელობას, რადგან თქვენში ძალიან ბევრი ურწმუნოებაა, თქვენში ძალიან ბევრია ისეთი, რაც უწმინდურია, რომელიც უნდა განიკვეთოს. ეს უწმინდურება იმის ნიშანია, რომ საერთოდ არ გაქვთ რწმენა; ისინი ქრისტეს უარყოფის ნიშანია და ქრისტეს მოღალატეებად გაქცევენ. ისინი არის ფარდა, რომელიც ფარავს თქვენს ცოდნას ქრისტეს შესახებ, ბარიერი, რომელიც ხელს გიშლით ქრისტესთან ყოფნაში, დაბრკოლება ქრისტესთან თანხვედრისთვის და მტკიცებულება, რომ ქრისტე არ გიწონებთ. ახლა დროა, გამოიკვლიოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტი! ამის გაკეთება ყველა შესაძლო გზით სარგებელს მოგიტანთ!

წინა: შენ უნდა ეძიო ქრისტესთან შესატყვისობის გზა

შემდეგი: ქრისტე ჭეშმარიტებით აღასრულებს სამსჯავროს საქმეს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება