შენ უნდა ეძიო ქრისტესთან შესატყვისობის გზა

მე კაცთა შორის ბევრი საქმე აღვასრულე, და ამ დროის განმავლობაში ბევრი სიტყვაც გამოვხატე. ყველა ეს სიტყვა ემსახურებოდა ადამიანის ხსნას და ისინი იმგვარად იქნა გამოხატული, რომ ადამიანს შეძლებოდა ჩემს შესატყვისად ყოფნა. თუმცაღა, დედამიწაზე ჩემი შესატყვისი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შევიძინე და ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანს არ ეძვირფასება ჩემი სიტყვები-იმიტომ, რომ იგი არ არის ჩემი შესატყვისი. ამრიგად, საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, არ არის მიმართული მხოლოდ იმისკენ, რომ ადამიანს შეეძლოს ჩემი თაყვანისცემა; ეს უფრო იმისთვის არის, რომ ადამიანს შეეძლოს ჩემს შესატყვისად ყოფნა. ადამიანი, რომელიც დაჰყვა გახრწნილებას, სატანის მახეში ცხოვრობს; ისინი ყველანი ხორციელად, ეგოისტურ სურვილებში ცხოვრობენ, და მათ შორის არ არის არც ერთი, რომელიც ჩემი შესატყვისია. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ჩემი შესატყვისები არიან, ყველანი ბუნდოვან კერპებს ეთაყვანებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემს სახელს წმინდად აცხადებენ, ისინი მიჰყვებიან ჩემს საწინააღმდეგო გზას, და მათი სიტყვები სავსეა ქედმაღლობითა და ამპარტავნებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ყველანი თავიანთი არსით ჩემი მოწინააღმდეგეები და ჩემი შეუსატყვისები არიან. ისინი ყოველდღიურად ეძებენ ჩემს კვალს ბიბლიაში და ალალბედზე პოულობენ „შესაფერის“ მონაკვეთებს, რომლებსაც დაუსრულებლად კითხულობენ და იზეპირებენ როგორც წმინდა წერილს. მათ არც ის იციან, როგორ უნდა იყვნენ ჩემი შესატყვისნი, და არც ის, რას ნიშნავს ჩემს წინააღმდეგ ყოფნა. ისინი უბრალოდ ბრმად კითხულობენ წმინდა წერილს. ისინი ბიბლიის ჩარჩოებით შემოსაზღვრავენ რაღაც ბუნდოვან ღმერთს, რომელიც უბრალოდ არც კი უნახავთ და რომლის ნახვასაც არსებითად ვერც ვერასდროს შეძლებენ, მოცალეობისას კი ამოიღებენ ბიბლიას და კითხულობენ მას. მათ სწამთ ჩემი არსებობა მხოლოდ ბიბლიის ჩარჩოებში და მე ბიბლიას მითანაბრებენ; მე არ ვარსებობ ბიბლიის გარეშე, ხოლო ბიბლია ჩემს გარეშე. ისინი ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ ჩემს არსებობას ან ქმედებებს, და ნაცვლად ამისა განსაკუთრებულ და საგანგებო ყურადღებას აქცევენ წმინდა წერილის თითოეულ სიტყვას. ბევრ მათგანს იმისაც კი სჯერა, რომ მე ჩემი სურვილისამებრ არაფერი უნდა ვაკეთო, თუკი ეს წმინდა წერილით არ არის ნაწინასწარმეტყველევი. ისინი ერთობ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წმინდა წერილს. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ზუსტ სიტყვებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვის შესაფასებლად და ჩემს განსასჯელად ბიბლიურ მუხლებს იყენებენ. ის, რასაც ისინი ეძიებენ, არ არის არც ჩემი და არც ჭეშმარიტების შესატყვისობის გზა, არამედ ეს არის ბიბლიურ სიტყვებთან შესაბამისობის გზა, და მათ სწამთ, რომ ის, რაც არ შეესაბამება ბიბლიას, გამონაკლისის გარეშე, არ არის ჩემი საქმე. განა ასეთი ადამიანები არ არიან ფარისეველთა მორჩილი შთამომავლები? იუდეველმა ფარისევლებმა იესოს დასაჯელად მოსეს რჯული გამოიყენეს. ისინი არ ეძიებდნენ იმდროინდელ იესოსთან შესატყვისობას, არამედ რჯულის თითოეულ მუხლს ისეთი სერიოზულობით უდგებოდნენ, რომ – მას შემდეგ, რაც იგი დაადანაშაულეს ძველი აღთქმის რჯულის დარღვევაში და იმაში, რომ არ იყო მესია – საბოლოოდ ჯვარს აცვეს უცოდველი იესო. რა იყო მათი სუბსტანცია? განა იმიტომ არა, რომ ისინი არ ეძიებდნენ ჭეშმარიტებასთან შესატყვისობის გზას? ისინი მხოლოდ წმინდა წერილის თითოეულ სიტყვას აქცევდნენ ყურადღებას და არად დაგიდევდნენ ჩემს განზრახვებს და ჩემი საქმის ნაბიჯებსა და მეთოდებს. ისინი არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეძიებდნენ ჭეშმარიტებას, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჯიუტად ეჭიდებოდნენ სიტყვებს; ისინი არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ღმერთის, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ბიბლიისა. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ისინი ბიბლიის დარაჯები იყვნენ. ბიბლიის ინტერესების დასაცავად, ბიბლიის ღირსების შესანარჩუნებლად და ბიბლიის რეპუტაციის დასაცავად იქამდეც კი მივიდნენ, რომ მწყალობელი იესო ჯვარს აცვეს. მათ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ დაეცვათ ბიბლია, და ხალხის გულებში შეენარჩუნებინათ ბიბლიის თითოეული სიტყვის სტატუსი. ამიტომ არჩიეს უარი ეთქვათ თავიანთ მომავალსა და ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლზე, რათა დაეგმოთ და სიკვდილით დაესაჯათ იესო, რომელიც არ შეესაბამებოდა წმინდა წერილის დებულებას. განა ყველა მათგანი არ იყო წმინდა წერილის თითოეული სიტყვის ლაქია?

და დღევანდელი ადამიანები? მათ ურჩევნიათ, ამ სამყაროდან განდევნონ ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტების გამოსავლენად მოვიდა, რათა თვითონ მოიპოვონ სამოთხეში შესასვლელი და მიიღონ მადლი. მათ ურჩევნიათ, სრულიად უარყონ ჭეშმარიტების მოსვლა, რათა დაიცვან ბიბლიის ინტერესები, და ურჩევნიათ, ისევ ჯვარს აცვან მეორედ განკაცებული ქრისტე, რათა უზრუნველჰყონ ბიბლიის მარადიული არსებობა. როგორ შეუძლია ადამიანს, მიიღოს ჩემგან ხსნა, როცა მისი გული ესოდენ ბოროტგანზრახულია, და მისი ბუნება ესოდენ მტრულად არის ჩემდამი განწყობილი? მე ვცხოვრობ ადამიანთა შორის, მაგრამ ადამიანმა მაინც არაფერი იცის ჩემი არსებობის შესახებ. როდესაც ჩემს ნათელს ვფენ ადამიანს, იგი მაინც უმეცარი რჩება ჩემი არსებობის შესახებ. როდესაც მე ჩემს რისხვას თავს ვატეხ ადამიანს, იგი კიდევ უფრო მეტად უარჰყოფს ჩემს არსებობას. ადამიანი ეძიებს შესატყვისობას სიტყვებთან და შესატყვისობას ბიბლიასთან, თუმცა არც ერთი ადამიანი არ წარმდგარა ჩემს წინაშე, რათა ეძიოს ჭეშმარიტებასთან შესატყვისობის გზა. ადამიანი შემომცქერის მე ცათა შინა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩემს ცად მყოფობას, თუმცა არვის ვადარდებ განკაცებული მე, რადგან მე, რომელიც ადამიანთა შორის ვცხოვრობ, უბრალოდ ძალიან უმნიშვნელო ვარ. ისინი კი, ვინც ეძიებენ შესატყვისობას მხოლოდ ბიბლიის სიტყვებთან, და ისინი, ვინც ეძიებენ შესატყვისობას მხოლოდ ბუნდოვან ღმერთთან, ჩემთვის უბადრუკ სანახაობას წარმოადგენენ. ეს იმიტომ, რომ ისინი ეთაყვანებიან უსიცოცხლო სიტყვებსა და ღმერთს, რომელსაც ძალუძს, მათ აურაცხელი სიმდიდრე უწყალობოს; ისინი ეთაყვანებიან ღმერთს, რომელიც მზად არის, თავისი თავი ადამიანს მოუდრიკოს, – ღმერთს, რომელიც არ არსებობს. მაშ, რისი მოპოვება შეუძლიათ ჩემგან ასეთ ადამიანებს? ადამიანი ენით აღუწერლად მდაბალია. ისინი, ვინც არიან ჩემს წინააღმდეგ, ისინი, ვინც უსაზღვრო მოთხოვნებს მიყენებენ, ისინი, ვისაც არ უყვართ ჭეშმარიტება, ისინი, ვინც ჩემს წინააღმდეგ ამბოხებულან – როგორ უნდა იყვნენ ისინი ჩემი შესატყვისი?

ისინი, ვინც მე მეწინააღმდეგებიან, არ არიან ჩემი შესატყვისნი. იგივე ითქმის მათზეც, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება. ისინი, ვინც ამბოხებულან ჩემს წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტად არიან ჩემი მოწინააღმდეგეები და ჩემთან შეუსატყვისონი. მე ბოროტის ხელში მივცემ ყველას, ვინც არ არის ჩემი შესატყვისი, და მივცემ მათ ბოროტისაგან გასახრწნელად, მივანიჭებ მათ სრულ თავისუფლებას, შეუკავებლად გამოავლინონ თავიანთი ავი საქმეები, საბოლოდ კი მათ მივცემ ბოროტს, რათა მან შთანთქოს ისინი. ჩემთვის სულ ერთია, რამდენი ადამიანი მეთაყვანება, ანუ ჩემთვის სულ ერთია, რამდენ ადამიანს სწამს ჩემი. ერთადერთი, რაც მაღელვებს, არის ის, რამდენია ჩემი შესატყვისი. ეს იმიტომ, რომ ყველანი, ვინც არ არიან ჩემი შესატყვისნი, ბოროტები არიან, რომლებიც გამცემენ მე; ისინი ჩემი მტრები არიან, და მე არ „შევიფარებ“ ჩემს მტრებს ჩემსავე სახლში. ისინი, ვინც ჩემი შესატყვისია, მარადიულად მომემსახურებიან მე ჩემს სახლში, ისინი კი, ვინც ჩემს წინააღმდეგ მიდიან, სამარადისოდ დაისჯებიან. ისინი, ვინც ზრუნავენ ოდენ ბიბლიურ სიტყვებზე და არად დაგიდევენ არც ჭეშმარიტებას და არც ჩემს კვალად სვლას, – ჩემი მოწინააღმდეგები არიან, რადგანაც ისინი მბოჭავენ მხოლოდ ბიბლიის ჩარჩოებით, მაქცევენ მე მის სამანებში, და ამით ჩემს მიმართ უკიდურესი ღვთისმგმობელობის აქტს სჩადიან. როგორ შეეძლებათ ასეთ ადამიანებს, წარსდგნენ ჩემს წინაშე? ისინი ხომ გულისთქმად იღებენ არა ჩემს ქმედებებს, არა ჩემს განზრახვებსა და ჭეშმარიტებას, არამედ ასოებს – ასოებს, რომლებიც მოაკვდინებს. როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები ჩემს შესატყვისობას?

მე მრავალი სიტყვა გამოვხატე და ასევე საცნაურ ვყავ ჩემი განზრახვები და ხასიათი, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ადამიანებს მაინც არ ძალუძთ, შემიცნონ მე და სწამდეთ ჩემი. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს მაინც არ შეუძლიათ მმორჩილებდნენ მე. ისინი, ვინც ცხოვრობენ ბიბლიაში, ისინი, ვინც ცხოვრობენ ოდენ კანონში, ისინი, ვინც ცხოვრობენ ჯვარზე, ისინი, ვინც ცხოვრობენ დანაწესებში, ისინი, ვინც ცხოვრობენ იმ საქმეში, რომელსაც მე დღეს ვწევ – რომელი მათგანი იქნება ჩემი შესატყვისი? თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ მიიღოთ ჩემგან ესა თუ ის კურთხევა ან ჯილდო, მაგრამ ფიქრადაც არ გაგივლიათ ის, როგორ უნდა იყოთ ჭეშმარიტად ჩემი შესატყვისი, ან როგორ უნდა შეაკავოთ თქვენი თავი, რათა არ იყოთ ჩემი მოწინააღმდეგეები. მე ღრმად იმედგაცრუებული ვარ თქვენით, რადგან ერთობ დიდი წყალობა მოვიღე თქვენზე, და ესოდენ ცოტა მივიღე თქვენგან. თქვენი სიცრუე, თქვენი ამპარტავნება, თქვენი სიხარბე, თქვენი აულაგმავი გულისთქმა, თქვენი ღალატი, თქვენი დაუმორჩილებლობა – განა ამათგან რომელიმე გამოეპარება ჩემს მზერას? თქვენ დაუდევრად მექცევით, ცდილობთ მომატყუოთ, პატივს მყრით, მთაფლავთ, მაძალებთ და ჩემივე შესაწირავს ჩემგანვე ითხოვთ — როგორ შეიძლება ასეთი ბოროტი საქმეები ჩემს სასჯელს გადაურჩეს? ყველა ეს ბოროტმოქმედება თქვენი ჩემდამი მტრობის მტკიცებულება და თქვენი ჩემთან არაშესატყვისობის მოწმობაა. თითოეული თქვენგანი საკუთარ თავს ჩემთან ერთობ შესატყვისად მიიჩნევს, თუმცა ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ვის მიემართებოდა ეს გაუქარწყლებელი მტკიცებულებები? თქვენ გგონიათ, რომ თქვენშია უდიდესი გულწრფელობა და ერთგულება ჩემდამი. თქვენ თქვენსავე თავებს მიიჩნევთ ერთობ კეთილებად, ერთობ თანამგრძნობებად და გგონიათ, ერთობ ბევრი რამ მომიძღვენით. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის საკმარისზე მეტი გააკეთეთ. მაგრამ ოდესმე თუ შეგიპირისპირებიათ თქვენ ეს ყველაფერი თქვენს ქცევებთან? მე ვამბობ, რომ თქვენ სავსე ხართ ქედმაღლობით, სავსე სიხარბით, სავსე დაუდევრობით; ის ხრიკები, რომლებითაც ჩემს გაბრიყვებას ცდილობთ, ერთობ დახვეწილია, თქვენი განზრახვები და ქცევის ხერხი – მდაბალი და საძაგელი. პირიქით, თქვენი ერთგულება ძალზედ მცირეა, თქვენი გულწრფელობა თითქმის არ რა არის, და უფრო მეტიც, თქვენში სინდისის ნატამალიც არაა. გულის სიღრმეში ძალიან ბოროტგანზრახულები ხართ და არავის ინდობთ, მეც კი. თქვენ მემიჯნებით მე თქვენი შვილების, თქვენი ქმრისა ან თვითგადარჩენის გამო. ის, რაზეც თქვენ ზრუნავთ, მე არ ვარ - ეს არის თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები, თქვენი სტატუსი, თქვენი მომავალი და თქვენი საკუთარი სიამოვნება. ოდესმე თუ გიფიქრიათ თქვენ ჩემზე, როცა ლაპარაკობდით ან მოქმედებდით? ცივ დღეებში თქვენი ფიქრები მიმართულია თქვენი შვილებისკენ, თქვენი ქმრისკენ, ცოლისკენ ან თქვენი მშობლებისკენ. არც ცხელ დღეებში ვარ თქვენს ფიქრებში. როცა ასრულებ შენს მოვალეობას, შენ ფიქრობ შენს საკუთარ ინტერესებზე, შენს პირად უსაფრთხოებაზე, შენი ოჯახის წევრებზე. ოდესმე რამე თუ გაგიკეთებია შენ ჩემთვის? ოდესმე ერთხელ მაინც თუ გიფიქრია ჩემზე? ერთხელ მაინც თუ გაგიკეთებია ჩემთვის და ჩემი საქმისთვის ის, რაც კი შეგძლებია? სად არის შენი ჩემთან შესატყვისობის მტკიცებულება? სად არის შენი ჩემდამი ერთგულების რეალობა? სად არის შენი ჩემდამი მორჩილების რეალობა? როდის არ მოგიმართავს შენი განზრახვა იმისკენ, რომ ჩემგან კურთხევა მიგეღო? თქვენ ყველანი ჩემს გაბრიყვებას ცდილობთ. თქვენ ყველანი მატყუებთ. თქვენ ეთამაშებით ჭეშმარიტებას, მალავთ ჭეშმარიტების არსებობას და ღალატობთ თვით ჭეშმარიტების არსს. თქვენ თუ ასე მეწინააღმდეგებით მე, მაშ რა გელოდებათ თქვენ მომავალში? თქვენ მხოლოდ იმას ესწრაფვით, იყოთ შესატყვისი ბუნდოვანი ღმერთისა და ბუნდოვანი რწმენისა, თუმცა თქვენ არ ხართ შესატყვისი ქრისტესთან. განა თქვენ, ასეთი ბოროტი საქმეების ჩამდენნი, არ იწვნევთ დამსახურებულ სამაგიეროს სხვა ავ-ბოროტ ადამიანებთან ერთად? იმ დღეს თქვენ მიხვდებით, რომ ვერავინ, ვინც არ არის ქრისტეს შესატყვისი, ვერ გაექცევა რისხვის დღეს, და თქვენ გაიგებთ, როგორი სამაგიერო მიეწევა მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს. როცა დადგება ის დღე, თქვენი ოცნებები, რომ ღვთის რწმენის გამო კურთხეულნი იქნებოდით და სამოთხეში შეხვიდოდით, ჩამოიშლება. თუმცა არა მათთვის, ვინც ქრისტეს შესატყვისია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი რამ დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ვნება მიადგათ, ისინი მიიღებენ მთელ იმ მემკვიდრეობას, რომელსაც მე ვუანდერძებ კაცობრიობას, საბოლოოდ თქვენ მიხვდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მე – სამართლიან ღმერთს – შემიძლია, კაცობრიობა მის მშვენიერ დანიშნულებასთან მივიყვანო.

წინა: მრავალნი არიან მოწოდებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულნი

შემდეგი: ნამდვილად გწამს ღმერთის?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება