ქრისტე ჭეშმარიტებით აღასრულებს სამსჯავროს საქმეს

უკანასკნელი დღეების საქმე არის თითოეულის დახარისხება თავისი გვარისამებრ და ღვთის მართვის გეგმის დასრულება, ვინაიდან ჟამი მოახლოებულია და ღვთის დღე უკვე დადგა. ღმერთს ყველა, ვინც შედის მის სასუფეველში — ყველა, ვინც ბოლომდე მისი ერთგულია — შეჰყავს თვით ღვთის ეპოქაში. თუმცა, თვით ღვთის ეპოქის დადგომამდე, ღვთის საქმე არის არა ადამიანის საქმეებზე დაკვირვება ან მისი ცხოვრების გამოძიება, არამედ ადამიანის ურჩობის განსჯა, რადგან ღმერთი განწმენდს ყოველთა მათ, რომელნიც მისი ტახტის წინაშე მოვლენ. ყველა, ვინც ამ დღემდე ღვთის ნაბიჯებს მიჰყვება, არის ის, ვინც ღვთის ტახტის წინაშე მოდის, ხოლო რადგან ეს ასეა, ყოველი ადამიანი, ვინც ღვთის საქმეს მის საბოლოო ფაზაში იღებს, ღვთის განწმენდის ობიექტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი, ვინც ღვთის საქმეს მის საბოლოო ფაზაში იღებს, ღვთის სამსჯავროს ობიექტია.

წარსულ დროში მოხსენიებულ ღვთის სახლიდან დაწყებულ სამსჯავროში, ამ სიტყვებში „სამსჯავრო“ გულისხმობს იმ მსჯავრს, რომელსაც ღმერთი დღეს სდებს მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში მოდის მისი ტახტის წინაშე. შესაძლოა, არიან ისეთებიც, ვისაც ასეთი ზებუნებრივი წარმოდგენების სწამთ, რომ თითქოს როდესაც უკანასკნელი დღეები მოახლოვდება, ღმერთი ზეცაში დადგამს დიდ მაგიდას, მასზე თეთრ სუფრას გადააფარებს და შემდეგ, დიდ ტახტზე მჯდომარე, როცა ყველა ადამიანი მიწაზე იქნება მუხლმოდრეკილი, იგი ამხელს თითოეული ადამიანის ცოდვებს და ამის მიხედვით გადაწყვეტს, ვინ ამაღლდება ზეციურ სასუფეველში და ვინ ჩავარდება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში. თუმცა, რაც არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, ეს ვერ შეცვლის ღვთის საქმის არსს. ადამიანის წარმოდგენები სხვა არაფერია, თუ არა მისი ფიქრებიდან მომდინარე წარმოსახვა; ის იბადება ადამიანის გონებაში და წარმოადგენს მის მიერ ნანახისა და გაგონილის ნაზავსა და ერთობლიობას, ამიტომაც ვამბობ: რაოდენ ბრწყინვალეც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ხატებები, ისინი მხოლოდ მულტიპლიკაციური ჩანახატების მსგავს ნახატებად რჩება და ვერ ჩაანაცვლებს ღვთის საქმის გეგმას. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ხომ სატანის მიერ არის გახრწნილი, მაშ როგორ შეიძლება ადამიანს ღვთის აზრებზე მიუწვდებოდეს ხელი? ადამიანი ღვთის სამსჯავროს საქმეს რაღაც ფანტასტიკურ მოვლენად წარმოიდგენს. მას ჰგონია, რომ რადგან სამსჯავროს საქმეს თავად ღმერთი ახორციელებს, ეს საქმე აუცილებლად უგრანდიოზულესი მასშტაბის და მოკვდავთათვის მიუწვდომელი უნდა იყოს, ისეთი, რომელიც მთელ ზეცაში გაისმება და დედამიწას შეძრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ძნელია დაიჯეროს, რომ ეს მართლაც ღვთის განკითხვის საქმეა. მას სჯერა, რომ რაკი ეს სამსჯავროს საქმეა, ღმერთი მუშაობისას განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და დიდებული უნდა იყოს, ხოლო განკითხულნი ცრემლებით უნდა მოთქვამდნენ და მუხლებზე დაჩოქილნი ითხოვდნენ წყალობას. ასეთი სურათი მართლაც სანახაობრივი და სულის შემძვრელი იქნებოდა. ყველას ჰგონია, რომ ღვთის სამსჯავროს საქმე სასწაულებრივია. თუმცა იცი, რომ იმ დროს, როდესაც ღმერთმა დიდი ხანია დაიწყო თავისი სამსჯავროს საქმე ადამიანთა შორის, შენ კვლავ ლეთარგიულ ძილს ხარ ნებივრად მიცემული? გგონია, რომ, როცა ღვთის სამსჯავრო ფორმალურად დაიწყება, ღმერთს უკვე ახალი ცა და დედამიწა ექნება შექმნილი? მაშინ შესაძლოა, პირველად ჩასწვდე სიცოცხლის აზრს, მაგრამ ღვთის ულმობელი სასჯელის საქმე შენ, ჯერ კიდევ ღრმა ძილში მყოფს, ჯოჯოხეთში ჩაგითრევს. მხოლოდ მაშინ მოულოდნელად გააცნობიერებ, რომ ღვთის სამსჯავროს საქმე უკვე დასრულებულია.

მოდით, ნუ დავკარგავთ ჩვენს ძვირფას დროს და აღარაფერი ვთქვათ ამ საზიზღარ, ამაზრზენ თემებზე. ამის ნაცვლად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სამსჯავრო. სიტყვა „სამსჯავროს“ გაგონებისას, ალბათ ფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც იეჰოვამ წარმოთქვა ხალხის დასამოძღვრად ყველა რეგიონში და იმ სიტყვებზე, რომლებიც იესომ წარმოთქვა ფარისეველთა გასაკიცხად. თუმცა, სიმკაცრის მიუხედავად ეს სიტყვები არ წარმოადგენდა ღვთის მიერ ადამიანის განკითხვას; ისინი მხოლოდ ნათქვამი იყო ღვთის მიერ სხვადასხვა გარემოებაში, განსხვავებულ კონტექსტში. ეს სიტყვები არ ჰგავს იმ სიტყვებს, რომლებსაც უკანასკნელი დღეების ქრისტე წარმოთქვამს ადამიანის გასამართლებისას. უკანასკნელი დღეების ქრისტე მრავალფეროვან ჭეშმარიტებებს იყენებს ადამიანის განსასწავლად, ადამიანის რაობის გამოსავლენად და მისი სიტყვებისა და საქმეების გასაანალიზებლად. ეს სიტყვები მოიცავს მრავალგვარ ჭეშმარიტებას, როგორიცაა ადამიანის მოვალეობა, როგორ უნდა დაემორჩილოს ადამიანი ღმერთს, როგორ უნდა იყოს მისი ერთგული და როგორ უნდა გამოავლინოს ცხოვრებაში ნორმალური ადამიანობა, ისევე როგორც ღვთის სიბრძნესა და ღვთის ხასიათს. ყველა ეს სიტყვა მიმართულია ადამიანის სუბსტანციისა და მისი გახრწნილი ხასიათისკენ. კერძოდ, ის სიტყვები, რომლებიც ამხელს, თუ როგორ უარყოფს ადამიანი ღმერთს, კიდევ უფრო მეტად არის მიმართული იქითკენ, რომ ადამიანი სატანის განსახიერება და ღვთის საწინააღმდეგო მტრულ ძალას წარმოადგენს. სამსჯავრო საქმის აღსრულებისას ღმერთი რამდენიმე სიტყვით ამომწურავად როდი განმარტავს ადამიანის ბუნებას; იგი ამხელს და სხლავს მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მხილებისა და სხვლის ყველა ეს სხვადასხვა მეთოდი ვერ ჩანაცვლდება ჩვეულებრივი სიტყვებით; არამედ, სწორედ ის ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანს სრულიად არ გააჩნია, გამოიყენება მხილებისა და სხვლის ამ საქმის განსახორციელებლად. მხოლოდ ამგვარ მეთოდებს შეიძლება ეწოდოს სამსჯავრო; მხოლოდ ამგვარი სამსჯავროს მეშვეობით შეიძლება ადამიანი იქნას მოდრეკილი და სავსებით დარწმუნებული ღმერთში, და უფრო მეტიც, შეიძინოს ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება. რასაც სამსჯავროს საქმე აკეთებს, არის ადამიანის მიერ ღვთის ჭეშმარიტი სახის შეცნობა და ჭეშმარიტების გაცნობიერება საკუთარი ურჩობის შესახებ. სამსჯავროს საქმემ შესაძლებელი გახადა ადამიანისთვის ღრმად ჩასწვდომოდა ღვთის განზრახვებს, ღვთის საქმის მიზანს და იმ საიდუმლოებებს, რომლებიც მისთვის მიუწვდომელი იყო. მან ასევე შესაძლებელი გახადა ადამიანისთვის შეეცნო და გაეგო თავისი გახრწნილი არსი და საკუთარი გახრწნილების ფესვები, ისევე როგორც აღმოეჩინა თავისი ამაზრზენი სახე. ყველა ეს შედეგი სამსჯავროს საქმით არის გამოწვეული, ვინაიდან ამ საქმის არსი, სინამდვილეში, არის ღვთის ჭეშმარიტების, გზისა და სიცოცხლის გახსნის საქმე ყველასთვის, ვისაც მისი სწამს. ეს საქმე არის სწორედ ღვთის მიერ აღსრულებული სამსჯავროს საქმე. თუ ამ ჭეშმარიტებებს მნიშვნელობას არ ანიჭებ, თუ მუდმივად ცდილობ მათ თავიდან აცილებას ან მათ მიღმა ეძებ ალტერნატიულ გზებს, მაშინ მე გეუბნები, რომ შენ ხარ მძიმე ცოდვილი. თუ გწამს ღმერთის, მაგრამ არ ეძიებ ჭეშმარიტებას ან ღვთის განზრახვებს და არც ის გზა გიყვარს, რომელსაც ღმერთთან მიყავხარ, მაშინ მე გეუბნები, რომ შენ ხარ ის, ვინც სამსჯავროსგან თავის არიდებას ცდილობს. და რომ შენ ხარ მარიონეტი და მოღალატე, რომელიც გაურბის დიდი თეთრი ტახტის წინაშე წარდგენას. ღმერთი არ შეიწყალებს არც ერთ მეამბოხეს, რომელიც მისი თვალთახედვიდან მიიფარება. ასეთ ადამიანებს კიდევ უფრო მძიმე სასჯელი ელით. ხოლო ისინი, ვინც წარდგებიან ღვთის წინაშე გასამართლებლად და, უფრო მეტიც, უკვე განწმენდილნი არიან, მარადიულად იცხოვრებენ ღვთის სასუფეველში. რა თქმა უნდა, ეს მომავლის საქმეა.

სამსჯავროს საქმე თავად ღვთის საქმეა, ამიტომ, ბუნებრივია, ის თავად ღმერთმა უნდა აღასრულოს; მის ნაცვლად ამას ვერ აღასრულებს ადამიანი. რადგან სამსჯავრო არის ჭეშმარიტების გამოყენება კაცობრიობის დასაპყრობად, უდავოდ ღმერთი განსხეულებული სახით კვლავ გამოჩნდება ადამიანებში, რათა აღასრულოს ეს საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელი დღეების ქრისტე ჭეშმარიტებას მიმართავს მთელ მსოფლიოში ადამიანების განსწავლის მიზნით და გაუმჟღავნებს მათ ყველა ჭეშმარიტებას — ეს არის ღვთის სამსჯავროს საქმე. ბევრი ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს ღვთის მეორე განსხეულების გამო, რადგან მათ უჭირთ იმის დაჯერება, რომ ღმერთი განკაცდება სამსჯავროს საქმის აღსასრულებლად. თუმცა, მე უნდა გითხრა შენ, რომ ღვთის საქმე ხშირად ადამიანის მოლოდინს ბევრად აჭარბებს და ადამიანის გონებისთვის რთულია მისი მიღება. რადგან ადამიანები მხოლოდ მატლები არიან დედამიწაზე; ხოლო ღმერთი არის უზენაესი, რომელიც ავსებს სამყაროს. ადამიანის გონება ჰგავს მყრალი წყლის ორმოს, სადაც მხოლოდ მატლები მრავლდებიან; ხოლო ღვთის აზრებით წარმართული საქმის ყოველი ეტაპი ღვთის სიბრძნის გამოხდილ ნაყოფს წარმოადგენს. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ეპაექრონ ღმერთს, რის პასუხადაც მე ვამბობ: თავისთავად ცხადია, ვინ წააგებს საბოლოოდ. მოგიწოდებთ ყველას, ნუ დააფასებთ საკუთარ თავს ოქროზე ძვირფასად. თუ სხვებს შეუძლიათ ღვთის სამსჯავროს მიღება, რატომ არ შეგიძლია შენ? რამდენად მაღლა დგახარ სხვებზე? თუ სხვებს შეუძლიათ ჭეშმარიტების წინაშე თავი დახარონ, რატომ არ შეგიძლია შენ? ღვთის საქმე შეუდრეკელია. ის განმეორებით არ მოაწყობს სამსჯავროს საქმეს მხოლოდ შენი „დამსახურების“ გამო და შენ კი სინანულით აღივსები იმის გამო, რომ ასეთი კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვი. თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, მაშინ დაელოდე ზეცაში დიდ თეთრ ტახტს შენს განსასჯელად! უნდა იცოდე, რომ მთელმა ისრაელმა უარყო და უარი თქვა იესოზე, მაგრამ იესოს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის ფაქტი მაინც მთელ სამყაროზე გავრცელდა და დედამიწის დასალიერამდე მიაღწია. განა ეს არ არის ფაქტი, რომელიც ღმერთმა დიდი ხნის წინ აღასრულა? თუ ჯერ კიდევ ელოდები, რომ იესო ზეცაში აგიყვანს, მაშინ მე გეუბნები, რომ შენ ხარ ჯიუტი, გამხმარი ხე. იესო არ აღიარებს შენნაირ ცრუ მორწმუნეს, რომელიც ჭეშმარიტების მიმართ ერთგული არ არის და მხოლოდ კურთხევა სურს, პირიქით, ის ყოველგვარი წყალობის გარეშე ჩაგაგდებს ცეცხლის ტბაში, რათა ათობით ათასი წლის განმავლობაში იწვოდე.

ახლა გესმის, რა არის სამსჯავრო და რა არის ჭეშმარიტება? თუ ასეა, მაშინ გირჩევ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილო სამსჯავროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარასოდეს გექნება შესაძლებლობა, მოიპოვო ღვთის მოწონება ან მისივე მიერ იქნე შეყვანილი მის სასუფეველში. ისინი, ვინც მხოლოდ იღებენ სამსჯავროს, მაგრამ ვერასოდეს განიწმინდებიან — ანუ ისინი, ვინც გარბიან სამსჯავროს საქმის მიმდინარეობისას — სამუდამოდ ზიზღით იქნებიან უარყოფილნი ღვთის მიერ. მათი ცოდვები უფრო მძიმე და მრავალრიცხოვანია, ვიდრე — ფარისეველთა, რადგან მათ უღალატეს ღმერთს და ღვთის წინააღმდეგ ამხედრებული მეამბოხენი არიან. ეს ადამიანები, რომლებიც შრომის ღირსნიც კი არ არიან, მიიღებენ უფრო მკაცრ სასჯელს, უფრო მეტიც, სამუდამო სასჯელს. ღმერთი არ დაინდობს არცერთ მოღალატეს, რომელმაც ერთხელ ერთგულება სიტყვებით გამოხატა, მაგრამ შემდეგ უღალატა მას. ასეთი ადამიანები საზღაურს მიიღებენ სულის, სამშვინველისა და სხეულის დასჯის მეშვეობით. განა ეს არ არის სწორედ ღვთის სამართლიანი ხასიათის გაცხადება? განა სწორედ ეს არ არის ღვთის მიზანი ადამიანის განსჯასა და გაცხადებაში? ღმერთი განკითხვის დროს ყველანაირ ბოროტ საქმეს ჩამდენებს ბოროტი სულებით სავსე ადგილას განამწესებს და ნებას რთავს ამ სულებს, სურვილისამებრ შემუსრონ მათი ხორციელი სხეულები, და ამ ადამიანთა სხეულებიდან გვამების სიმყრალე იფრქვევა; ეს არის მათი საკადრისი საზღაური. ამ ორგული ცრუმორწმუნეების, ცრუ მოციქულებისა და ცრუ მუშაკების თითოეულ ცოდვას ღმერთი მათ ჩანაწერთა წიგნებში ჩაწერს, და როდესაც დრო მოვა, ის მათ უწმინდურ სულებს შორის ჩაყრის, რათა ამ სულებმა სურვილისამებრ შებილწონ მათი მთლიანი სხეულები და ისე წარმართავს ყველაფერს, რომ მათ აღარასოდეს შეეძლოთ ხელახლა განსხეულება და ვეღარასოდეს იხილონ სინათლე. ღმერთი ბოროტთა შორის განაწესებს იმ თვალთმაქცებს, რომლებიც მხოლოდ დროებით ეწევიან სამსახურს, მაგრამ ბოლომდე ერთგულნი არ რჩებიან; იგი ნებას აძლევს მათ, ბოროტ ადამიანებთან ერთად ამოისვარონ წუმპეში და მათთან ერთად შეკრან ჭრელი ბოროტმოქმედების ჯგუფი, საბოლოოდ კი ღმერთი სრულიად გაანადგურებს მათ. ღმერთი უარყოფს და უგულებელყოფს მათ, ვინც არასდროს ყოფილა ქრისტეს ერთგული ან არაფერი გაუღია მისთვის; ეპოქის ცვლისას კი მათ ყველას აღგვის პირისაგან მიწისა. ისინი აღარ იარსებებენ დედამიწაზე, მით უმეტეს, რომ ვერ შეძლებენ ღვთის სასუფეველში შესვლას. ვინც ღვთის მიმართ არასოდეს ყოფილა გულწრფელი და სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ ზერელედ ურთიერთობდეს მასთან — ღმერთი სწორედ ასეთ ადამიანებს განაწესებს მისი ხალხისთვის სამსახურის გამწევთა რიგებს. ასეთი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება, ხოლო უმრავლესობა განადგურდება მათთან ერთად, ვისი შრომაც კი არ არის სტანდარტის შესაბამისი. საბოლოოდ, ღმერთი თავის სასუფეველში შეიყვანს ყველას, ვინც მასთან ერთი გულისა და გონებისაა — ღვთის ხალხს, მის ძეებს და მათ, ვინც ღვთის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული მღვდლობისთვის. ისინი ღვთის საქმის უწმინდესი ნაყოფი არიან. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც ღვთის მიერ დადგენილ არც ერთ კატეგორიაში არ შედის, ისინი არამორწმუნეთა რიგებში იქნებიან შეყვანილნი, და თქვენვე ნამდვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა იქნება მათი შედეგი. მე უკვე გითხარით ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა; თქვენ მიერ არჩეული გზა სრულად თქვენი არჩევანია. უნდა გესმოდეთ, რომ ღვთის საქმე არასდროს ელოდება მას, ვინც მასთან ფეხის აწყობას ვერ ახერხებს, ხოლო ღვთის სამართლიანი ხასიათი არცერთი ადამიანის მიმართ არ იჩენს წყალობას.

წინა: ნამდვილად გწამს ღმერთის?

შემდეგი: იცოდი შენ? ღმერთმა კაცთა შორის დიადი რამ აღასრულა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება