უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი III
ჩვენს ბოლო რამდენიმე თანაზიარებას უდიდესი გავლენა ჰქონდა თითოეულ თქვენგანზე. მხოლოდ ახლა შეიგრძნეს ადამიანებმა ჭეშმარიტად ღვთის რეალური არსებობა და ის, რომ ღმერთი მართლაც ძალიან ახლოსაა ადამიანთან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ ღმერთი, მათ არასოდეს ესმოდათ მისი ფიქრები და აზრები ისე ჭეშმარიტად, როგორც ახლა; არც მისი პრაქტიკული საქმეები აღუქვამთ ისე ნამდვილად, როგორც ახლა. როგორც შემეცნების, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით, ადამიანთა უმრავლესობამ შეიძინა რაღაც ახალი და მიაღწია უფრო მაღალ გაგებას. მათ გააცნობიერეს თავიანთი წარსული მისწრაფებების შეცდომები, მიხვდნენ, რომ მათი გამოცდილება მეტისმეტად ზედაპირულია და ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს; მათ გააცნობიერეს, რომ ის, რაც მათ ყველაზე მეტად აკლიათ, ღვთის ხასიათის შემეცნებაა. ადამიანთა მხრიდან ეს ცოდნა მხოლოდ აღქმითი ცოდნაა; რაციონალური ცოდნის დონემდე ამაღლება მოითხოვს თანდათანობით გაღრმავებასა და განმტკიცებას საკუთარი გამოცდილების მეშვეობით. სანამ ადამიანები ჭეშმარიტად შეიცნობენ ღმერთს, სუბიექტურ დონეზე, მათ გულის სიღრმეში სწამთ ღვთის არსებობა, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს რეალური გაგება ისეთი კონკრეტული საკითხებისა, როგორიცაა: სინამდვილეში როგორი ღმერთია იგი, რა არის მისი განზრახვები, როგორია მისი ხასიათი და როგორია მისი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ. ეს დიდად აზიანებს ადამიანთა რწმენას ღვთისადმი და ხელს უშლის მათ რწმენას, ოდესმე მიაღწიოს სიწმინდეს ან სრულყოფილებას. მაშინაც კი, თუ პირისპირ დგახარ ღვთის სიტყვის წინაშე ან შენი გამოცდილების რომელიმე ეტაპზე გიგრძნია, რომ პირისპირ შეხვდი ღმერთს, მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ სრულად გესმის მისი. რადგან ვერ წვდები ღვთის ფიქრებს ან მას, თუ რა უყვარს და რა სძულს მას, რა განარისხებს და რას მოაქვს მისთვის სიხარული, შესაბამისად, არ გაგაჩნია მისი ჭეშმარიტი გაგება. შენი რწმენა აგებულია ილუზიისა და ფანტაზიის საფუძველზე, რომელიც შენს სუბიექტურ სურვილებს ეყრდნობა. იგი შორსაა ჭეშმარიტი რწმენისა და ჭეშმარიტი მიყოლისგან. ბიბლიური ისტორიებისა და მაგალითების ამ განმარტებებმა ადამიანებს საშუალება მისცა, შეეცნოთ ღვთის გული, ის, თუ რას ფიქრობდა იგი თავისი საქმის თითოეულ ეტაპზე და რატომ მოქმედებდა ასე; რა იყო მისი თავდაპირველი განზრახვა და გეგმა ამის კეთებისას, როგორ განახორციელა მან თავისი იდეები და როგორ მოაწყო და აღასრულა თავისი გეგმა. ამ ისტორიების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დეტალურად და კონკრეტულად ჩავწვდეთ ღვთის თითოეულ კონკრეტულ განზრახვასა და თითოეულ რეალურ ფიქრს, აგრეთვე მის დამოკიდებულებას ადამიანთა მიმართ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ეპოქაში მისი ექვსიათასწლოვანი მართვის საქმის განმავლობაში. როდესაც ადამიანს ძალუძს გაიგოს, რას ფიქრობდა ღმერთი, როგორი იყო მისი დამოკიდებულება და რა ხასიათი გამოავლინა მან თითოეული სიტუაციის წინაშე, ეს დაეხმარება თითოეულ პიროვნებას, უფრო ღრმად შეიცნოს ღვთის ჭეშმარიტი არსებობა და უფრო ღრმად შეიგრძნოს მისი პრაქტიკულობა და ნამდვილობა. ამ ისტორიების მოყოლისას ჩემი მიზანი არ არის ის, რომ ადამიანებმა ბიბლიური ისტორია გაიგონ, არც ის, რომ დავეხმარო მათ ბიბლიის მუხლებისა თუ მასში მოხსენიებული პერსონაჟების უკეთ გაცნობაში; მით უმეტეს, ეს არ ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ იმ საქმის კონტექსტი, რაც ღმერთმა რჯულის ეპოქაში აღასრულა. არამედ, ამის მიზანია, დავეხმარო ადამიანებს ღვთის განზრახვების, მისი ხასიათისა და მის შესახებ ყოველი დეტალის გაგებაში, რათა მათ შეიძინონ ღვთის უფრო ნამდვილი და ზუსტი აღქმა და შემეცნება. ამგვარად, ადამიანთა გულები ნელ-ნელა გაიხსნება ღვთის წინაშე და დაუახლოვდება მას, და ისინი უკეთ შეძლებენ მის გაგებას, უკეთ შეიცნობენ მის ხასიათს, მის არსსა და თავად ჭეშმარიტ ღმერთს.
ღვთის ხასიათის და ყოველივე იმის შემეცნებას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, შეუძლია კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ადამიანებზე. მას შეუძლია დაეხმაროს მათ, ჰქონდეთ მეტი რწმენა ღვთის მიმართ და განივითარონ მისდამი ჭეშმარიტი მორჩილება და შიში. ამგვარად, ისინი აღარ მიჰყვებიან ან სცემენ თაყვანს მას ბრმად. ღმერთს სურს არა დაბნეული ადამიანები ან ისინი, ვინც ბრმად მიჰყვება ბრბოს, არამედ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გულის სიღრმეში გააჩნიათ ღვთის ხასიათის ნათელი გაგება და ცოდნა და შეუძლიათ ღვთის დამოწმება; ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მისი მშვენიერების გამო, იმის გამო, რაც მას გააჩნია და რაც ის არის და მისი სამართლიანი ხასიათის გამო, არასოდეს მიატოვებს და არ განუდგება ღმერთს. როგორც ღვთის მიმდევარს, თუ გულში კვლავაც ფიქრობ, რომ ღვთის ჭეშმარიტი არსებობა, მისი ხასიათი, ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და მისი გეგმა კაცობრიობის გადასარჩენად, მეტისმეტად ბუნდოვანი, გაურკვეველი და დამაბნეველია, მაშინ შენი რწმენა ვერ მოიპოვებს ღვთის მოწონებას. ღვთისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც ამ ტიპის ადამიანი მიჰყვება მას და მას არ მოსწონს, როდესაც ამ ტიპის ადამიანი წარდგება მის წინაშე. რადგან ამგვარი ადამიანი ვერ წვდება ღმერთს, მას არ ძალუძს, თავისი გული მიუძღვნას ღმერთს და მისი გული დახურულია მისთვის, მისი ღვთისადმი რწმენა არაწრფელია და ღვთისადმი მის მიყოლას მხოლოდ ბრმა შეიძლება ეწოდოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ ღვთის ჭეშმარიტი გაგება და შემეცნება, მათ ძალუძთ მიაღწიონ ჭეშმარიტ რწმენასა და მიყოლას და ამავდროულად განავითარონ ჭეშმარიტი მორჩილება და ღვთისადმი ჭეშმარიტი მოშიშება. მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ მათ თავიანთი გულების ღვთისთვის მიძღვნა და მის წინაშე გახსნა. სწორედ ეს სურს ღმერთს, რადგან ყოველივე, რასაც ისინი აკეთებენ და ფიქრობენ, გაუძლებს ღვთის გამოცდას და შეძლებს ღვთის დამოწმებას. მიუხედავად იმისა, რაზე მაქვს თქვენთან თანაზიარება — ღვთის ხასიათზე, ყოველივე იმაზე, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, თუ მის განზრახვასა და ფიქრებზე ყოველ მის ნამოქმედართან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, თუ რა პერსპექტივიდან ან კუთხიდან ვაწარმოებ თანაზიარებას ამ თემებზე, ეს ყოველივე ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად დარწმუნდეთ ღვთის რეალურ არსებობაში, უფრო ჭეშმარიტად ჩაწვდეთ და დააფასოთ მისი სიყვარული კაცობრიობის მიმართ, უფრო ნამდვილად აღიქვათ და დააფასოთ ღვთის მზრუნველობა ადამიანთა მიმართ და მისი გულწრფელი განზრახვა, წარმართოს და იხსნას ისინი.
სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ღვთის ფიქრების, აზრებისა და საქმეების მიმოხილვა
დღეს ჩვენ პირველ რიგში შევაჯამებთ ღვთის ფიქრებს, აზრებს და მის თითოეულ ნაბიჯს კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული. ჩვენ თვალს გადავავლებთ, თუ რა საქმე აღასრულა მან სამყაროს შექმნიდან მადლის ეპოქის ოფიციალურ დაწყებამდე. შემდეგ შეგვიძლია დავადგინოთ, ღვთის რომელი ფიქრები და აზრებია უცნობი ადამიანისთვის და აქედან გამომდინარე, შევძლებთ დავალაგოთ ღვთის მართვის გეგმის თანმიმდევრობა და საფუძვლიანად გავაცნობიეროთ ის კონტექსტი, რომელშიც მისი მართვის საქმე წარმოიშვა, ასევე ამ საქმის წყარო და განვითარების პროცესი და ასევე საფუძვლიანად გავიგოთ, თუ რა შედეგების მიღწევა სურს მას თავისი მართვის საქმიდან — ანუ, მისი მართვის საქმის ბირთვი და მიზანი. ამ ყოველივეს გასაგებად ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ შორეულ, უძრავ და მდუმარე დროში, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ...
ღმერთი პირადად ქმნის პირველ ცოცხალ ადამიანს
როდესაც ღმერთი თავისი სარეცელიდან აღდგა, პირველი აზრი, რაც მას გაუჩნდა, ასეთი იყო: შეექმნა ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი, მსუნთქავი ადამიანი, რათა ეცხოვრა მასთან და ყოფილიყო მისი თანამგზავრი, ხლებოდა მას გვერდით; ამ ცოცხალ ადამიანს შეეძლებოდა მოესმინა მისთვის, როცა იგი ისაუბრებდა და გულს გადაუშლიდა და ასევე შეეძლებოდა მასთან საუბარი. მაშინ ღმერთმა სულ პირველად პირადად აიღო ერთი მუჭა მტვერი და გამოიყენა იგი იმ პირველი ცოცხალი ადამიანის შესაქმნელად, რომელიც მან თავის გონებაში ჩაიფიქრა, რის შემდეგაც პირველად უბოძა ამ ცოცხალ ქმნილებას სახელი — ადამი. როდესაც ღმერთმა მოიპოვა ეს ცოცხალი, მსუნთქავი ადამიანი, რას ფიქრობდა იგი? მან პირველად შეიგრძნო საყვარელი არსების ყოლის სიხარული, თანამგზავრის ყოლის სიხარული; მან პირველად შეიგრძნო მამის პასუხისმგებლობა და ასევე პირველად იგრძნო მზრუნველობა. სწორედ ამ ცოცხალმა, მსუნთქავმა ადამიანმა მოუტანა ღმერთს ბედნიერება და სიხარული; მან პირველად აგრძნობინა ღმერთს ნუგეში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა რაღაც გააკეთა არა თავისი აზრებით — მით უმეტეს არა თავისი სიტყვებით — არამედ საკუთარი ხელებით. როდესაც ასეთი ცოცხალი ქმნილება — ცოცხალი, მსუნთქავი ადამიანი — წარდგა ღვთის წინაშე, როდესაც ხორცისა და ძვლისგან შექმნილი ასეთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ფორმა და სახე და შეეძლო ღმერთთან საუბარი, წარდგა მის წინაშე, ამან ღმერთს პირველად აგრძნობინა ისეთი სიხარული, როგორიც მანამდე არასოდეს განეცადა. ღმერთმა ჭეშმარიტად შეიგრძნო თავისი პასუხისმგებლობა და მისი გული ზრუნავდა ამ ცოცხალ ქმნილებაზე; ამავდროულად ღმერთი ასევე შეძრული და გამთბარი იყო ამ ცოცხალი ადამიანის ყოველი ქმედებითა და საქმით. უფრო მეტიც, როდესაც ასეთი ცოცხალი ქმნილება წარდგა ღვთის წინაშე, პირველად დაფიქრდა ღმერთი იმაზე, მოეპოვებინა მეტი ასეთი ადამიანი. ეს იყო იმ მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც ღმერთს პირველი აზრი გაუჩნდა. ღმერთისთვის ეს ყველაფერი „პირველი“ იყო, მაგრამ ამ პირველი საქმეების კეთებისას, მიუხედავად იმისა, გრძნობდა თუ არა იგი იმ დროს სიხარულს, პასუხისმგებლობას ან მზრუნველობას ადამიანის მიმართ, არავინ იყო ისეთი, ვისაც ამას გაუზიარებდა. იმ მომენტიდან მოყოლებული ღმერთმა ჭეშმარიტად პირველად შეიგრძნო ისეთი მარტოობა და სევდა, როგორიც მანამდე არასოდეს განეცადა. რადგან იგი გრძნობდა, რომ ადამიანს არ შეეძლო მიეღო ან გაეგო მისი სიყვარული და მზრუნველობა ან მისი განზრახვები ადამიანის მიმართ, სევდა და ტკივილი მის გულში რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ყველაფერი ადამიანისთვის გააკეთა, ადამიანმა ეს არ იცოდა და არც მისი ესმოდა. ბედნიერების გარდა, იმ სიხარულმა და ნუგეშმა, რომელიც ადამიანმა მოუტანა მას, მალევე პირველად აგრძნობინა ისეთი სევდა და მარტოობა, როგორიც მანამდე არასოდეს განეცადა. ასეთი იყო ღვთის გრძნობები და ფიქრები იმ დროს. სანამ ღმერთი ამ საქმეებს აღასრულებდა, მის გულში სიხარულის ნაცვლად სევდამ დაივანა, სევდა კი ტკივილად ექცა, ეს გრძნობები კი შფოთვას ერწყმოდა. ერთადერთი, რაც მას სურდა, იყო ის, რომ აეჩქარებინა ნაბიჯი, რათა ამ ადამიანს, ამ კაცობრიობას, რაც შეიძლება მალე შეეცნო მისი გული და გაეგო მისი განზრახვები, რის შემდეგაც ისინი შეძლებდნენ გამხდარიყვნენ მისი მიმდევრები, ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი მასთან მიმართებაში და აღარ იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ უსმენდნენ მის საუბარს, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლოთ, არც ისეთები, ვინც არ იცოდნენ, როგორ ეთანამშრომლათ მასთან, როდესაც იგი მოქმედებდა — და უპირველეს ყოვლისა, ისინი აღარ იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გულგრილობას გამოიჩენდნენ ღვთის მოთხოვნების მიმართ. იმ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა თავდაპირველად აღასრულა, უდიდესი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს როგორც მისი მართვის გეგმისთვის, ასევე დღევანდელი კაცობრიობისთვის.
მას შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა ყოველივე და კაცობრიობა, მას არ შეუნელებია ნაბიჯი. იგი მოუთმენლად ელოდა თავისი მართვის განხორციელებას და ადამიანთა შორის თავისი საყვარელი არსებების მოპოვებას.
რჯულის ეპოქამდე და მას შემდეგ ღმერთი პირველად აღასრულებს რიგ საქმეებს
შემდეგ, ღვთის მიერ ადამიანების შექმნიდან მალევე, ბიბლიაში ვხედავთ წარღვნის მიერ სამყაროს განადგურების ამბავს. წარღვნის ჩანაწერებში ნახსენებია ნოე; შეიძლება ითქვას, რომ ნოე იყო პირველი ადამიანი, ვინც მიიღო ღვთის მოწოდება, რათა ეთანამშრომლა მისი საქმის ერთ-ერთი ნაწილის აღსრულებაში. რა თქმა უნდა, ეს ასევე იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა მოუწოდა ადამიანს, დედამიწაზე მისი ბრძანებით ემოქმედა. როგორც კი ნოემ კიდობნის აგება დაასრულა, ღმერთმა პირველად გაანადგურა სამყარო წარღვნით. როდესაც ღმერთმა წარღვნით გაანადგურა დედამიწა, ადამიანების შექმნის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან მათ მიმართ უკიდურესი ზიზღი შეიგრძნო, რამაც უბიძგა მას, პირველად მიეღო მტკივნეული გადაწყვეტილება და წარღვნით გაენადგურებინა ასეთი კაცობრიობა. წარღვნის მიერ სამყაროს განადგურების შემდეგ ღმერთმა პირველად დადო აღთქმა კაცობრიობასთან და განაცხადა, რომ იგი აღარასოდეს გაანადგურებდა სამყაროს წარღვნით. ამ აღთქმის ნიშანი იყო ცისარტყელა. რადგან ეს იყო პირველი აღთქმა, რომელიც ღმერთმა დადო კაცობრიობასთან, ცისარტყელა იყო ადამიანის წინაშე ღვთის მიერ დადებული აღთქმის პირველი ნიშანი. ეს ნიშანი მატერიალური სახით არსებობდა და იგი ცისარტყელა იყო. სწორედ ცისარტყელის არსებობა აგრძნობინებს ღმერთს ხშირად წინა კაცობრიობის დაკარგვის ტკივილს და სწორედ ცისარტყელის არსებობაა მისთვის იმის მუდმივი შეხსენება, თუ რა დაემართა ოდესღაც იმ კაცობრიობას... ღმერთს არ სურდა თავისი ნაბიჯის შენელება — იგი მოუთმენლად ელოდა მართვის გეგმის მომდევნო ეტაპის გაგრძელებას. შემდგომში ღმერთმა აირჩია აბრაამი, როგორც პირველი რჩეული თავისი საქმის აღსასრულებლად მთელ ისრაელში, რაც ასევე იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა ასეთი კანდიდატი შეარჩია. ღმერთმა გადაწყვიტა, კაცობრიობის ხსნის საქმე ამ ადამიანის მეშვეობით დაეწყო და თავისი საქმე მის შთამომავლებს შორის აღესრულებინა. სწორედ ამას ვხედავთ ბიბლიაში, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა აბრაამთან მიმართებით. ამის შემდეგ მალევე, ღმერთმა პირველად აირჩია ისრაელი და ისრაელის რჩეულ ხალხს შორის რჯულის ეპოქის საქმე დაიწყო. ისრაელიანებს შორის ღმერთმა კვლავ პირველად მკაფიო წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბა და დეტალურად განმარტა ის წესები და დადგენილებები, რომლებიც ადამიანს უნდა დაეცვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა ასეთი კონკრეტული და სტანდარტიზებული გზით დაადგინა, თუ როგორ უნდა შეეწირათ ადამიანებს მსხვერპლი, როგორ უნდა ეცხოვრათ, რა უნდა გაეკეთებინათ და რა — არა და რომელი დღესასწაულები, განსაკუთრებული დღეები თუ მოქმედების პრინციპები უნდა დაეცვათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა კაცობრიობისთვის ასეთი დეტალური და სტანდარტიზებული გზით დაადგინა ცხოვრების წესები და პრინციპები.
როდესაც ვამბობ „პირველად“, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს მანამდე არასოდეს შეუსრულებია მსგავსი სახის საქმე და რომ ეს საქმე უპრეცედენტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა შექმნა კაცობრიობა და ყოველგვარი ქმნილება თუ ცოცხალი არსება, მას მანამდე არასოდეს აღუსრულებია ამგვარი საქმე. მთელი ეს საქმე მოიცავდა ღვთის მიერ ადამიანის მართვას; ეს ყოველივე დაკავშირებული იყო ადამიანთან, მის ხსნასა და კაცობრიობის მართვასთან. აბრაამის შემდეგ ღმერთმა კიდევ ერთი „პირველი“ ნაბიჯი გადადგა — მან აირჩია იობი, როგორც რჯულის მორჩილი ადამიანი, რომელიც გაუძლებდა სატანის ცდუნებებს და ამავდროულად შეინარჩუნებდა ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას და მტკიცედ გასცემდა ღვთის მოწმობას. ეს ასევე იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა სატანას ადამიანის ცდუნების ნება დართო და პირველი შემთხვევა, როდესაც მან სატანასთან სანაძლეო დადო. საბოლოოდ ღმერთმა პირველად მოიპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო მტკიცედ მდგარიყო მის მოწმობაში, გაეცა მოწმობა მისთვის სატანის წინაშე და საფუძვლიანად შეერცხვინა სატანა. კაცობრიობის შექმნის შემდეგ ეს იყო პირველი ადამიანი, რომელიც მან მოიპოვა და რომელსაც მისი დამოწმება შეეძლო. როგორც კი ღმერთმა მოიპოვა ეს ადამიანი, მან კიდევ უფრო დიდი მონდომებით განიზრახა თავისი მართვის გაგრძელება და საქმის მომდევნო ეტაპის განხორციელება, რათა მოემზადებინა ადგილი და ის ადამიანები, რომლებსაც იგი თავისი საქმის მომდევნო ეტაპისთვის აირჩევდა.
ყოველივე ამის თანაზიარების შემდეგ, გაქვთ ღვთის განზრახვების ჭეშმარიტი გაგება? ღმერთი კაცობრიობის მართვისა და კაცობრიობის ხსნის ამ შემთხვევას ყველაფერზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. იგი ამას მხოლოდ თავისი ფიქრებით არ აკეთებს და არც მხოლოდ თავისი სიტყვებით, და მით უმეტეს, არ აკეთებს ამას ზერელედ — იგი ყოველივე ამას თავისი განზრახვებით აღასრულებს, აქვს რა გეგმა, მიზანი და სტანდარტები. ნათელია, რომ კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის საქმის ამ შემთხვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ღმერთისთვის, ისე ადამიანისთვის. რაც არ უნდა რთული იყოს საქმე, რაოდენ დიდი დაბრკოლებებიც არ უნდა ახლდეს მას, რაც არ უნდა სუსტი იყოს კაცობრიობა ან ღრმა იყოს მისი ამბოხება, ღმერთისთვის არცერთი მათგანი არ წარმოადგენს სირთულეს. ღმერთი მუდმივად დაკავებულია, იგი სწირავს თავისი გულის სისხლს და მართავს იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც სურს; ის ასევე განაგებს ყოველივეს და ხელმწიფებს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც სურს მუშაობა და მთელ იმ საქმეზე, რომლის გაკეთებაც სურს — ყოველივე ეს უპრეცედენტოა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა გამოიყენა ასეთი მეთოდები და გაიღო ამგვარი დიდი საფასური კაცობრიობის მართვისა და ხსნის უზარმაზარი საქმის შესასრულებლად. მაშინ როდესაც ღმერთი მთელ ამ საქმეს ასრულებს, იგი ცოტ-ცოტა, ყოველგვარი დაზოგვის გარეშე გამოხატავს და მოჰფენს კაცობრიობას თავისი გულის სისხლს, იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, თავის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას, და თავისი ხასიათის თითოეულ ასპექტს; ამ მეთოდებით ყოველივე ამის გამოხატვა და გადმოცემა უპრეცედენტოა. ამგვარად, მთელ სამყაროში იმ ადამიანის გარდა, რომლის მართვა და ხსნაც ღმერთს აქვს განზრახული, არცერთი სხვა ქმნილება არასოდეს ყოფილა ღმერთთან ასე ახლოს და არავის არ ჰქონია მასთან ასეთი ახლო ურთიერთობა. მის გულში ის კაცობრიობა, რომლის მართვა და ხსნაც მას სურს, უპირველესია და იგი ამ კაცობრიობას ყველაფერზე მაღლა აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი საფასური გაიღო მათთვის, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ტკივილს აყენებენ და მის წინააღმდეგ ამბოხდებიან, მას არ აქვს არც პრეტენზია და არც სინანული, ის მაინც არ მიდის ადამიანისგან და არ ტოვებს მას, და განუწყვეტლივ განაგრძობს თავისი საქმის აღსრულებას. ეს იმიტომ ხდება, რომ მან იცის: ადრე თუ გვიან დადგება დღე, როდესაც ადამიანი გამოფხიზლდება მისი სიტყვების მოწოდებაზე, შეიძვრება მისი სიტყვებით, ამოიცნობს, რომ ის არის შემოქმედი და შემდეგ მასთან დაბრუნდება...
დღეს ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აღასრულებს, ძალიან ნორმალურია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ადამიანები გარკვეულწილად გრძნობდნენ ღვთის განზრახვებს კაცობრიობის მიმართ მისი სიტყვებიდან და მისი საქმიდან, მაგრამ ყოველთვის არსებობს გარკვეული დისტანცია მათ გრძნობებსა თუ მათ ცოდნასა და იმას შორის, რასაც ღმერთი ფიქრობს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად, ვიქონიო თანაზიარება ყველა ადამიანთან იმის შესახებ, თუ რატომ შექმნა ღმერთმა კაცობრიობა და რა წინაპირობა უძღვოდა მის სურვილს, მოეპოვებინა ის კაცობრიობა, რომლის იმედიც ჰქონდა. ჩემთვის აუცილებელია ეს ყველას ვუთხრა, რათა ყველასთვის ნათელი იყოს და გულში გააცნობირონ. რადგან ღვთის ყოველი ფიქრი და აზრი, და მისი საქმის ყოველი ეტაპი და პერიოდი ეხება და მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მიერ აღსასრულებელ მთელი მართვის საქმესთან; შესაბამისად, როდესაც წვდები ღვთის ფიქრებს, აზრებსა და განზრახვებს მისი საქმის თითოეულ ეტაპზე, ეს იგივეა, რაც გაიგო, თუ როგორ წარმოიშვა მისი მართვის გეგმის საქმე. სწორედ ამის საფუძველზე ღრმავდება შენს მიერ ღვთის შემეცნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე, რაც ღმერთმა სამყაროს შექმნისას აღასრულა და რაც მანამდე ვახსენე, ამჟამად ადამიანებისთვის მხოლოდ გარკვეული „ინფორმაციაა“ და თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს მათ მიერ ჭეშმარიტების ძიებასთან, ერთ დღეს შენი გამოცდილების პროცესში აღარ იფიქრებ, რომ ის, რაზეც ვისაუბრე, უბრალოდ რამდენიმე ინფორმაციული ფრაგმენტი ან რაღაც საიდუმლოებაა. შენი სიცოცხლის წინსვლასთან ერთად როგორც კი ღმერთი მცირე ადგილს დაიკავებს შენს გულში ან როგორც კი უფრო საფუძვლიანად და ღრმად გაიგებ მის განზრახვებს, მაშინ ჭეშმარიტად შეიგრძნობ იმის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, რაზეც დღეს ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე სწვდებით ამას ახლა, მაინც აუცილებელია, რომ გაიგოთ და იცოდეთ ეს ყოველივე. როდესაც ღმერთი რამეს აკეთებს, როდესაც იგი თავის საქმეს ასრულებს, მიუხედავად იმისა, თავისი აზრებით აკეთებს ამას თუ საკუთარი ხელებით, მიუხედავად იმისა, პირველად აკეთებს ამას თუ უკანასკნელად, საბოლოო ჯამში, ღმერთს აქვს თავისი გეგმა, რომელიც მოიცავს მის მიზნებსა და ფიქრებს. ეს მიზნები და ფიქრები წარმოადგენს ღვთის ხასიათს და ისინი გამოხატავს იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ეს ყოველივე — ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის — თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიგოს. როგორც კი ადამიანი ჩაწვდება მათ, ის თანდათანობით შეძლებს იმის გაგებას, თუ რატომ აკეთებს ღმერთი იმას, რასაც აკეთებს, და რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ მეტი რწმენა, რათა მიჰყვნენ ღმერთს, ეძიონ ჭეშმარიტება და თავიანთი ხასიათის ცვლილება. ამრიგად, ადამიანთა მიერ ღვთის გაგება და მათი ღვთისადმი რწმენა განუყოფელია.
თუ ის, რასაც ადამიანი შეიცნობს და გაიგებს, არის ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, მაშინ ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს, იქნება სიცოცხლე, რომელიც ღვთისგან მოდის. როგორც კი ეს ღვთიური სიცოცხლე დამკვიდრდება შენში, შენი ღვთისმოშიშება უფრო და უფრო გაიზრდება. ეს არის შედეგი, რომლის მიღწევაც ბუნებრივად შეიძლება. თუ არ გსურს გაიგო ან ჩაწვდე ღვთის ხასიათს ან მის არსს, თუ არც კი გსურს დაფიქრდე ან ყურადღება მიაქციო ამ ყოველივეს, შემიძლია დაბეჯითებით გითხრა, რომ ის გზა, რომელსაც ამჟამად მიჰყვები, არასოდეს მოგცემს საშუალებას, დააკმაყოფილო მისი განზრახვები ან მოიპოვო მისი მოწონება, მით უმეტეს, ჭეშმარიტად მიაღწიო ხსნას — ასეთია საბოლოო შედეგები. როდესაც ადამიანს არ ესმის ღვთის და არ იცის მისი ხასიათი, მისი გული ვერასოდეს გაიხსნება ჭეშმარიტად ღვთის წინაშე. როდესაც ის შეიცნობს ღმერთს, მას გაუჩნდება ინტერესი და რწმენა, რომ გამოიჩინოს გამგებიანობა მის მიმართ და შეიგრძნოს მისი გული. როდესაც გამოიჩენ გამგებიანობას მის მიმართ და შეიგრძნობ ღვთის გულს, შენი გული თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსნება მის წინაშე. როდესაც შენი გული გაიხსნება მის წინაშე, იგრძნობ, რაოდენ სამარცხვინო და საზიზღარი იყო შენი მცდელობები, გარიგებოდი ღმერთს, შენი მოთხოვნები ღვთის მიმართ და შენივე გადაჭარბებული სურვილები. როდესაც შენი გული ჭეშმარიტად გაიხსნება ღვთის წინაშე, დაინახავ, რომ მისი გული არის შეუდარებელი სიდიდის სამყარო და, ამავდროულად, შეხვალ ისეთ სამყაროში, რომელიც მანამდე არასოდეს განგიცდია. ამ სამყაროში არ არის თაღლითობა, არ არის მზაკვრობა, არ არის სიბნელე და არ არის ბოროტება. იქ მხოლოდ გულწრფელობა და ერთგულებაა; მხოლოდ სინათლე და პატიოსნება; მხოლოდ სამართლიანობა და სიკეთე. ის სავსეა სიყვარულითა და მზრუნველობით, სავსეა წყალობითა და შემწყნარებლობით, და ის შეგაძლებინებს, რომ შეიგრძნო სიცოცხლის ბედნიერება და სიხარული. სწორედ ამას გიჩვენებს ღმერთი, როდესაც გულს გაუხსნი მას. ეს უბადლო სიდიადის სამყარო აღვსილია ღვთის სიბრძნითა და ყოვლისშემძლეობით; იგი ასევე სავსეა მისი სიყვარულითა და მისი ხელმწიფებით. აქ შეგიძლია იხილო თითოეული ასპექტი იმისა, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, რა ახარებს ღმერთს, რა იწვევს მის შეშფოთებას, რა ანიჭებს მას მწუხარებას და რა აღძრავს მის რისხვას... აი, რისი დანახვა შეუძლია თითოეულ ადამიანს, ვინც ხსნის თავის გულს და ნებას რთავს ღმერთს, შემოვიდეს მასში. მხოლოდ მაშინ, როდესაც გულს გაუხსნი ღმერთს, შეძლებს იგი მასში შესვლას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი შევა შენს გულში, შეძლებ დაინახო ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის და დაინახო მისი განზრახვები შენ მიმართ. იმ დროს აღმოაჩენ, რომ ღვთის შესახებ ყოველივე ასეთი ძვირფასია, რომ ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, ასე ღირსია დაფასებისა. ამასთან შედარებით შენ გარშემო მყოფი ადამიანები, მოვლენები და საგნები, შენი საყვარელი ადამიანებიც კი, შენი პარტნიორი და ის საგნები, რომლებიც გიყვარს, შენთვის ისეთი უმნიშვნელო, ისეთი არაფრისმთქმელი და ისეთი მდაბალია. იგრძნობ, რომ ვერცერთი მატერიალური საგანი ვეღარასოდეს მიგიზიდავს ან ვეღარასოდეს გაიძულებს, რაიმე მსხვერპლი გაიღო მისთვის. ღვთის თავმდაბლობაში დაინახავ მის სიდიადესა და მის უზენაესობას. უფრო მეტიც, ღვთის რომელიმე საქმეში, რომელიც ადრე საკმაოდ მცირედ მიგაჩნდა, დაინახავ მის უსაზღვრო სიბრძნესა და მის სულგრძელობას ისევე, როგორც იმ მოთმინებას, შემწყნარებლობასა და გაგებას, რომელსაც იგი იჩენს შენ მიმართ. ეს შენში მისდამი თაყვანისცემას აღძრავს. იმ დღეს იგრძნობ, რომ ადამიანები ასეთ ბინძურ სამყაროში ცხოვრობენ და რომ, იქნება ეს შენ გვერდით მყოფი ხალხი თუ ის მოვლენები, რომლებიც შენ ირგვლივ ხდება, ან თუნდაც ისინი, ვინც გიყვარს, მათი სიყვარული შენ მიმართ, და მათი ეგრეთ წოდებული დაცვა ან მათი მზრუნველობა შენ მიმართ, არცერთი მათგანი არ არის ხსენების ღირსი — მხოლოდ ღმერთია შენი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ძვირფასი საუნჯე. როდესაც ეს დღე დადგება, მჯერა, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან: „ღვთის სიყვარული ასეთი დიდია და მისი არსი ასეთი წმინდაა. ღმერთში არ არის მზაკვრობა, არ არის ბოროტება, არ არის შური და არ არის დავა, არამედ მხოლოდ სამართლიანობა და ჭეშმრიტებაა. ყოველივე ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის— სწორედ ეს არის ის, რისკენაც ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ და ასევე ის, რასაც ადამიანები უნდა ეძიებდნენ და ესწრაფოდნენ“. რის საფუძველზე ვითარდება ადამიანთა უნარი, მიაღწიონ ამას? იგი ვითარდება მათ მიერ ღვთის ხასიათსა და არსში წვდომის საფუძველზე. ამრიგად, ღვთის ხასიათისა და იმის შემეცნება, თუ რა გააჩნია მას და რა არის იგი, არის მთელი ცხოვრების გაკვეთილი თითოეული ადამიანისთვის; ეს ასევე წარმოადგენს მთელი ცხოვრების მიზანს, რომელსაც ეძიებს თითოეული ადამიანი, ვინც ცდილობს თავისი ხასიათის შეცვლას და ეძიებს ღვთის შეცნობას.
ღმერთი პირველად ისხამს ხორცს საქმის შესასრულებლად
ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ მთელ იმ საქმეზე, რომელიც ღმერთმა პირველად აღასრულა. თითოეული ეს საქმე დაკავშირებულია ღვთის მართვის გეგმასთან და ღვთის განზრახვებთან. ამავდროულად ისინი ასევე დაკავშირებულია თავად ღვთის ხასიათსა და მის არსთან. თუ გვსურს მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ რა გააჩნია ღმერთს და რა არის იგი, ჩვენ ვერ შევჩერდებით ძველ აღთქმაზე ან რჯულის ეპოქაზე — ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, მივყვეთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ღმერთმა გადადგა თავის საქმეში. ამრიგად, როდესაც ღმერთმა დაასრულა რჯულის ეპოქა და დაიწყო მადლის ეპოქა, ჩვენც კვალდაკვალ მივყევით მას მადლის ეპოქაში — მადლითა და გამოსყიდვით სავსე ეპოქაში. ამ ეპოქაში ღმერთმა კვლავ პირველად გააკეთა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ახალ ეპოქაში საქმე როგორც ღმერთისთვის, ისე კაცობრიობისთვის იყო ახალი საწყისი წერტილი — საწყისი წერტილი, რომელიც იყო ღვთის მიერ აღსრულებული კიდევ ერთი ახალი საქმე. ეს ახალი საქმე იყო უპრეცედენტო, რაღაც ისეთი, რაც აღემატებოდა ადამიანებისა და ყოველგვარი ქმნილების წარმოსახვის უნარს. ეს არის ის, რაც ახლა კარგად არის ცნობილი ყველა ადამიანისთვის —ღმერთი პირველად გახდა კაცობრიობის წევრი და პირველად დაიწყო ახალი საქმის აღსრულება ადამიანის სახითა და ვინაობით. ეს ახალი საქმე ნიშნავდა იმას, რომ ღმერთმა დაასრულა თავისი საქმე რჯულის ეპოქაში და რომ იგი აღარაფერს აღასრულებდა ან იტყოდა რჯულთან მიმართებაში. არც რჯულის ფორმით ან რჯულის პრინციპებისა თუ წესების მიხედვით იტყოდა ან გააკეთებდა რამეს. ანუ მთელი მისი საქმე, რომელიც რჯულზე იყო ფოკუსირებული, სამუდამოდ შეჩერდა და აღარ გაგრძელდებოდა. რადგან ღმერთს სურდა ახალი საქმის დაწყება და ახალი საქმეების აღსრულება და მის გეგმას კვლავ ჰქონდა ახალი საწყისი წერტილი, ღმერთი უნდა გაძღოლოდა ადამიანს მომდევნო ეპოქისკენ.
ეს სასიხარულო ამბავი იყო თუ საშინელი ამბავი ადამიანებისთვის, დამოკიდებული იყო თითოეული ადამიანის არსზე. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს იყო არა სასიხარულო ამბავი, არამედ საშინელი ამბავი, რადგან როდესაც ღმერთმა დაიწყო თავისი ახალი საქმის აღსრულება, ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ რჯულსა და წესებს იცავდნენ, რომლებიც მხოლოდ დადგენილებებს იცავდნენ და რომლებსაც არ ეშინოდათ ღვთის, მიდრეკილნი იყვნენ იქითკენ, გამოეყენებინათ ღვთის ძველი საქმე მისი ახალი საქმის განსასჯელად. ამ ადამიანთათვის ეს საშინელი ამბავი იყო. მაგრამ თითოეული ადამიანისთვის, ვინც იყო უბიწო და ღია, ვინც იყო გულწრფელი ღვთის მიმართ და მზად იყო მიეღო მისი ხსნა, ღვთის პირველი განკაცება უზომოდ სასიხარულო ამბავი იყო. რამეთუ, კაცობრიობის არსებობის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთი გამოეცხადა და დასახლდა ადამიანთა შორის არა სულის სახით, არამედ ცხოვრობდა და მოქმედებდა მათ შორის ადამიანისგან შობილი კაცის ძის სახითა და ფორმით. ამ „პირველმა“ შემთხვევამ დაამსხვრია ადამიანთა წარმოდგენები; ეს ნებისმიერი ადამიანის წარმოსახვას აღემატებოდა. ამავდროულად ღვთის ყველა მიმდევარმა მიიღო ხელშესახები სარგებელი. ღმერთმა არა მხოლოდ დაასრულა ძველი ეპოქა, არამედ მან ასევე დაასრულა თავისი საქმიანობის ძველი მეთოდები და სტილი. იგი აღარ სთხოვდა თავის მაცნეებს მისი განზრახვების გადაცემას; იგი აღარ იმალებოდა ღრუბლებში და აღარ ეცხადებოდა და ესაუბრებოდა ადამიანებს მბრძანებლურად ქუხილის მეშვეობით. იმისგან განსხვავებით, რაც მანამდე აკეთებდა ადამიანებისთვის წარმოუდგენელი და მათთვის ძნელად გასაგები თუ მისაღები მეთოდით — განკაცებით —იგი გახდა ძე კაცისა, რათა აღესრულებინა იმ ეპოქის საქმე. ღვთის ამ ქმედებამ კაცობრიობა სრულიად მოუმზადებელი დატოვა; მან ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ღმერთმა კვლავ დაიწყო ახალი საქმე, რომელიც მას მანამდე არასოდეს შეუსრულებია. დღეს ჩვენ თვალს გადავავლებთ, თუ რა ახალი საქმე აღასრულა ღმერთმა ახალ ეპოქაში და განვიხილავთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ამ ახალი საქმიდან ღვთის ხასიათისა და იმის შესახებ, თუ რა გააჩნია მას და რა არის იგი.
ქვემოთ მოყვანილია ბიბლიის ახალ აღთქმაში ჩაწერილი სიტყვები.
1. იესო შაბათ დღეს თავთავებს წყვეტს და ჭამს
მათ. 12:1 იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.
2. ძე კაცისა შაბათის უფალიც არის
მათ. 12:6–8 თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,“ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.
მოდით, ჯერ განვიხილოთ ეს მონაკვეთი: „იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.“
რატომ შევარჩიე ეს მონაკვეთი? რა კავშირი აქვს მას ღვთის ხასიათთან? ამ მონაკვეთში პირველი, რაც ვიცით, არის ის, რომ შაბათი დღე იყო, მაგრამ უფალი იესო გარეთ გავიდა და მან თავისი მოწაფეები ყანებში გაატარა. რაც კიდევ უფრო „აღმაშფოთებელია“, მათ „იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.“ რჯულის ეპოქაში იეჰოვა ღვთის რჯული ადგენდა, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ შაბათს უბრალოდ გარეთ გასვლა ან რაიმე საქმიანობაში მონაწილეობა — ბევრი რამ იყო ისეთი, რისი გაკეთებაც შაბათს არ შეიძლებოდა. უფალი იესოს ეს ქმედება დამაბნეველი იყო მათთვის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში რჯულს მიჰყვებოდა; მან კრიტიკაც კი გამოიწვია. რაც შეეხება მათ დაბნეულობასა და იმას, თუ რას ამბობდნენ ისინი იესოს ქმედებაზე, ამას ჯერჯერობით გვერდზე გადავდებთ. მოდით, ჯერ განვიხილოთ, რატომ არჩია უფალმა იესომ ამის გაკეთება მაინცდამაინც შაბათ დღეს და რისი თქმა სურდა მას ამ ქმედებით იმ ადამიანთათვის, რომლებიც რჯულს იცავდნენ. სწორედ ეს არის ის კავშირი ამ მონაკვეთსა და ღვთის ხასიათს შორის, რომელზეც მე ვისაუბრებ.
როდესაც უფალი იესო მოვიდა, მან თავისი პრაქტიკული ქმედებებით უთხრა კაცობრიობას, რომ ღმერთმა დაასრულა რჯულის ეპოქა და დაიწყო ახალი საქმე, და რომ ეს ახალი საქმე აღარ მოითხოვდა შაბათის დაცვას. ის, რომ ღმერთი შაბათ დღეს გასცდა, მისი ახალი საქმის მაუწყებელი იყო; ხოლო ნამდვილი და დიადი საქმე ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც უფალმა იესომ თავისი საქმე დაიწყო, ის უკვე გასცდა რჯულის ეპოქის „ბორკილებს“ და დაარღვია ამ ეპოქაში დადგენილი წესები და პრინციპები. მასში აღარ იყო რჯულთან დაკავშირებული არავითარი კვალი; მან სრულად უარყო იგი, აღარ იცავდა მას და აღარც ადამიანებისგან მოითხოვდა მის დაცვას. ასე რომ, აქ ხედავ, რომ უფალმა იესომ შაბათს ყანებში გაიარა და რომ უფალს არ განუსვენია; იგი გარეთ იყო, შრომობდა და არ ისვენებდა. მან თავისი ამ ქმედებით დაამსხვრია ადამიანთა წარმოდგენები და აუწყა მათ, რომ იგი აღარ ცხოვრობდა რჯულის დაცვით, რომ იგი გასცდა შაბათის საზღვრებს და წარდგა ადამიანთა წინაშე და მათ შორის სრულიად ახალი სახითა და საქმის აღსრულების ახალი წესით. მისმა ამ ქმედებამ უჩვენა ადამიანებს, რომ მან თან მოიტანა ახალი საქმე, რომელიც დაიწყო რჯულის ზეგავლენიდან გამოსვლითა და შაბათისთვის გვერდის ავლით. როდესაც ღმერთი თავის ახალ საქმეს აღასრულებდა, იგი აღარ ებღაუჭებოდა წარსულს და მას აღარ ადარდებდა რჯულის ეპოქის წესები. მასზე აღარც წინა ეპოქის საქმე ახდენდა გავლენას; ის შაბათს ისევე შრომობდა, როგორც ნებისმიერ სხვა დღეს და როდესაც მის მოწაფეებს შაბათს მოშივდებოდათ, შეეძლოთ თავთავების მოწყვეტა და ჭამა. ღვთის თვალში ეს ყოველივე ძალზე ნორმალური იყო. ღვთისთვის ყველა იმ საქმესა და სიტყვას, რომლის აღსრულება და თქმაც სურს, შეიძლება ჰქონდეს ახალი დასაწყისი. როდესაც იგი რაიმე ახალს იწყებს, არც თავის წინა საქმეს ახსენებს და არც მის აღსრულებას განაგრძობს. ღმერთს თავის საქმესთან მიმართებაში საკუთარი პრინციპები გააჩნია და ახალი საქმის დაწყების დრო მისთვის არის მაშინ, როდესაც მას სურს ადამიანთა შეყვანა თავისი საქმის ახალ ეტაპზე და მისი საქმე უფრო მაღალ ფაზაში გადადის. ამის გამო თუ ადამიანები განაგრძობენ ძველი ნათქვამისა თუ წესების მიხედვით მოქმედებას ან კვლავაც მათ ჩაებღაუჭებიან, იგი არ გაიხსენებს და არც მოიწონებს ამას. ეს იმიტომ ხდება, რომ მან უკვე მოიტანა ახალი საქმე და ის შევიდა თავისი საქმის ახალ ფაზაში. როდესაც მას ახალი საქმე მოაქვს, იგი ადამიანებს სრულიად ახალი სახით, სრულიად ახალი კუთხითა და სრულიად ახალი გზით ეცხადება, რათა ადამიანებმა დაინახონ მისი ხასიათის სხვადასხვა ასპექტი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ეს არის მისი ახალი საქმის ერთ-ერთი მიზანი. ღმერთი არ ებღაუჭება ყოველივე ძველს და არ მიჰყვება ძველ გზას; როდესაც იგი მოქმედებს და საუბრობს, იგი არ არის ისეთი, როგორადაც ადამიანებს წარმოუდგენიათ — რაიმეს ამკრძალველი. ღმერთში ყველაფერი თავისუფალი და განთავისუფლებულია და არ არსებობს არავითარი აკრძალვა, არავითარი ბორკილი — ის, რაც მას ადამიანებისთვის მოაქვს, სრული თავისუფლება და განთავისუფლებაა. იგი ცოცხალი ღმერთია, ღმერთი, რომელიც ნამდვილად, ჭეშმარიტად არსებობს. იგი არ არის თოჯინა ან თიხის ფიგურა; იგი სრულიად განსხვავდება იმ კერპებისგან, რომლებსაც ადამიანები აღმერთებენ და თაყვანს სცემენ. იგი ცოცხალი და ენერგიულია, და ის, რაც მის სიტყვებსა და საქმეს მოაქვს ადამიანისთვის, მთლიანად სიცოცხლე და სინათლეა, მთლიანად თავისუფლება და განთავისუფლებაა, რადგან მას აქვს ჭეშმარიტება, სიცოცხლე და გზა და იგი აღასრულებს მთელ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც განზრახული აქვს ისე, რომ არაფრით იზღუდება. რასაც არ უნდა ამბობდნენ ადამიანები და როგორც არ უნდა უყურებდეს ან აფასებდეს კაცობრიობა მის ახალ საქმეს, იგი უყოყმანოდ შეასრულებს იმ საქმეს, რომლის შესრულებაც განზრახული აქვს. იგი არ გაითვალისწინებს არავის წარმოდგენებს, არც მათ თითის გაშვერას მისი საქმისა და სიტყვების მიმართ და არც მათ ძლიერ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას მისი ახალი საქმის მიმართ. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ შექმნილ არსებათაგან ვინმემ ადამიანური გონების, ფანტაზიის, ცოდნისა თუ მორალის გამოყენებით შეაფასოს ან განაჩენი გამოუტანოს იმას, რასაც ღმერთი აკეთებს ანდა ჩრდილი მიაყენოს, ხელი შეუშალოს და ჩაშალოს მისი საქმე. მის საქმესა და ქმედებებში არავითარი აკრძალვა არ არსებობს; მას ვერანაირი ადამიანი, მოვლენა თუ საგანი ვერ შეზღუდავს და ვერც მტრული ძალები შეუშლიან ხელს. რაც შეეხება მის ახალ საქმეს, იგი მუდამ გამარჯვებული მეფეა; ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძალა და კაცობრიობაში არსებული ყველა მწვალებლობა და მცდარი შეხედულება მის ფეხქვეშ ითელება. თავისი საქმის რომელ ახალ ეტაპსაც არ უნდა აღასრულებდეს იგი, ის აუცილებლად შესრულდება და გავრცელდება ადამიანთა შორის და ის აუცილებლად შეუფერხებლად შესრულდება და სრულ წარმატებას მიაღწევს მთელ სამყაროში. ეს არის ღვთის ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე, მისი ხელმწიფება და ძალა. ამრიგად, უფალ იესოს შეეძლო ღიად გასულიყო გარეთ და საქმე აღესრულებინა შაბათს, რადგან მის გულში არ არსებობდა არავითარი წესი, ცოდნა ან სწავლება, რომელიც ადამიანისგან იღებდა სათავეს. ის, რაც მას გააჩნდა, იყო ღვთის ახალი საქმე და ღვთის გზა. მისი საქმე იყო ადამიანთა განთავისუფლებისა და ხსნის გზა, რათა მათთვის სინათლეში არსებობისა და სიცოცხლის საშუალება მიეცა. ამავდროულად ისინი, ვინც თაყვანს სცემენ კერპებს ან ცრუ ღმერთებს, ყოველდღე ცხოვრობენ სატანის მიერ შებოჭილნი, ყოველგვარი წესითა და ტაბუთი შებოჭილნი — დღეს ერთი რამ არის აკრძალული, ხვალ სხვა — მათ ცხოვრებაში არ არის თავისუფლება. ისინი ბორკილებდადებულ პატიმრებს ჰგვანან, რომლებიც ისე ცხოვრობენ, რომ სიხარულზე საუბარიც კი ზედმეტია. რას წარმოადგენს „აკრძალვა“? იგი წარმოადგენს ბორკილებს, მონობასა და ბოროტებას! როგორც კი ადამიანი კერპს სცემს თაყვანს, იგი თაყვანს სცემს ცრუ ღმერთს, ბოროტ სულს და მალევე ჩნდება აკრძალვებიც: არ შეიძლება ამის ან იმის მირთმევა, დღეს არ შეიძლება გარეთ გასვლა, ხვალ არ შეიძლება საჭმლის მომზადება, ზეგ არ შეიძლება ახალ სახლში გადასვლა; ქორწილებისა და დაკრძალვებისთვის, ბავშვის დაბადებისთვისაც კი, გარკვეული დღეები უნდა შეირჩეს. რას ჰქვია ეს ყოველივე? ამას ჰქვია აკრძალვა; ეს არის ადამიანთა მონობა და ეს არის სატანისა და ბოროტი სულების ბორკილები, რომლებიც აკონტროლებენ ადამიანებს და ბოჭავენ მათ გულებსა და სხეულებს. არსებობს თუ არა ეს აკრძალვები ღმერთთან მიმართებაში? როდესაც ღვთის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქრო: ღმერთთან მიმართებაში არ არსებობს აკრძალვები. ღმერთს გააჩნია პრინციპები თავის სიტყვებსა და საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს აკრძალვები, რადგან თავად ღმერთი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე.
ახლა მოდით, განვიხილოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთი: „თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,“ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის“ (მათ. 12:6–8). რას გულისხმობს აქ სიტყვა „ტაძარი“? მარტივად რომ ვთქვათ, იგი გულისხმობს დიდებულ, მაღალ შენობას და რჯულის ეპოქაში ტაძარი იყო ადგილი, სადაც მღვდლები თაყვანს სცემდნენ ღმერთს. როდესაც უფალმა იესომ თქვა: „აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია“, ვის გულისხმობდა „ის“? ნათელია, რომ „ის“ არის განკაცებული უფალი იესო, რადგან მხოლოდ იგი იყო ტაძარზე მეტი. რას ეუბნებოდა ეს სიტყვები ადამიანებს? ეს სიტყვები ეუბნებოდა ადამიანებს, რომ გამოსულიყვნენ ტაძრიდან — ღმერთს უკვე დაეტოვებინა ტაძარი და ის აღარ მოქმედებდა მასში, ამიტომ ადამიანებს ღვთის კვალი ტაძრის გარეთ უნდა ეძებათ და მის ნაბიჯებს მიჰყოლოდნენ მის ახალ საქმეში. უფალი იესოს მიერ ნათქვამის კონტექსტი იყო ის, რომ რჯულის მიმდევარმა ადამიანებმა ტაძარი ღმერთზე აღმატებულად მიიჩნიეს. ანუ ადამიანები თაყვანისცემას ტაძარში აღასრულებდნენ და არა ღვთის მიმართ, ამიტომ უფალმა იესომ გააფრთხილა ისინი, რომ თაყვანი ეცათ არა კერპებისთვის, არამედ ღვთისთვის, რადგან იგი უზენაესია. ამრიგად, მან თქვა: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი.“ აშკარაა, რომ უფალი იესოს თვალში იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც რჯულს მიჰყვებოდა, იეჰოვას კი არ სცემდა თაყვანს, არამედ მხოლოდ მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ასრულებდა და უფალმა იესომ დაადგინა, რომ ეს კერპთაყვანისმცემლობას წარმოადგენდა. ეს კერპთაყვანისმცემლები ტაძარს ღმერთზე მეტ და აღმატებულ რამედ მიიჩნევდნენ. მათ გულებში მხოლოდ ტაძარი იყო და არა ღმერთი; რაც შეეხება მათ, ტაძრის გარეშე ისინი დაკარგავდნენ თავიანთ სამკვიდრებელს. ტაძრის გარეშე მათ არსად ექნებოდათ თაყვანისცემის აღვლენის ადგილი და ვერ შეძლებდნენ თავიანთი მსხვერპლშეწირვის აღსრულებას. მათი ეგრეთ წოდებული „სამკვიდრებელი“ იყო ადგილი, სადაც ისინი იეჰოვა ღვთის თაყვანისცემის ცრუ საბაბს იყენებდნენ, რათა მიეღოთ ტაძარში დარჩენისა და საკუთარი საქმეების აღსრულების უფლება. მათი ეგრეთ წოდებული „მსხვერპლშეწირვა“ მხოლოდ ტაძარში მსახურების საფარქვეშ საკუთარი სამარცხვინო საქმეების აღსრულება იყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იმდროინდელი ადამიანები ტაძარს ღმერთზე მეტად მიიჩნევდნენ. ისინი ტაძარს იყენებდნენ როგორც საფარს, ხოლო მსხვერპლშეწირვას — როგორც საბაბს, რათა მოეტყუებინათ ადამიანები და მოეტყუებინათ ღმერთი. მხოლოდ ამის გამო წარმოთქვა უფალმა იესომ ეს სიტყვები ადამიანთა გასაფრთხილებლად. თუ ამ სიტყვებს აწმყოს მიუსადაგებ, ისინი კვლავაც თანაბრად ძალაშია და თანაბრად შესაფერისია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ადამიანებმა ღვთის განსხვავებული საქმე გამოსცადეს, ვიდრე რჯულის ეპოქის ადამიანებმა, მათი ბუნება-არსება იგივეა. დღევანდელი საქმის კონტექსტში ადამიანებმა შესაძლოა კვლავაც ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც უტოლდება იმას, რომ „ტაძარი ღმერთზე მეტია.“ მაგალითად, ადამიანები თავიანთი მოვალეობის აღსრულებას საკუთარ სამსახურად მიიჩნევენ; ისინი ღვთის დამოწმებასა და დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ ბრძოლას აღიქვამენ როგორც პოლიტიკურ მოძრაობას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად; ისინი თავიანთ მოვალეობას, რომელიც მცირეოდენ ტექნიკურ უნარს მოითხოვს, საკუთარ კარიერად თვლიან, მაგრამ ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას მხოლოდ დასაცავ რელიგიურ სწავლებად მიიჩნევენ და ასე შემდეგ. განა ეს ქცევები არ უტოლდება იმას, რომ „ტაძარი ღმერთზე მეტია“? განსხვავება ისაა, რომ ორი ათასი წლის წინ ადამიანები საკუთარ საქმეს ფიზიკურ ტაძარში აღასრულებდნენ, დღეს კი ადამიანები საკუთარ საქმეს არამატერიალურ ტაძრებში აღასრულებენ. ის ადამიანები, რომლებიც აფასებენ წესებს, წესებს ღმერთზე მეტად მიიჩნევენ; ისინი, ვისაც უყვარს სტატუსი, სტატუსს ღმერთზე მეტად მიიჩნევენ; ისინი, ვისაც უყვარს თავისი კარიერა, კარიერას ღმერთზე მეტად მიიჩნევენ და ასე შემდეგ — მათი ყოველი ქცევა მაიძულებს ვთქვა: „ადამიანები თავიანთი სიტყვებით ღმერთს, როგორც უზენაესს, განადიდებენ, მაგრამ მათ თვალში ყველაფერი ღმერთზე მეტია.“ ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც კი ადამიანები ღვთის მიყოლის გზაზე პოულობენ შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, ან შეასრულონ საკუთარი საქმე თუ ჰქონდეთ საკუთარი კარიერა, ისინი განდევნიან ღმერთს და თავით გადაეშვებიან თავიანთ საყვარელ საქმეში. რაც შეეხება იმას, რაც ღმერთმა მათ მიანდო და მის განზრახვებს, ეს ყოველივე დიდი ხნის წინ ქარს გაატანეს. რა განსხვავებაა ადამიანთა ამ მდგომარეობებსა და იმას შორის, რასაც ორი ათასი წლის წინ ტაძარში მყოფნი აკეთებდნენ, რომლებიც საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი?
ახლა კი განვიხილოთ ამ მონაკვეთის ბოლო წინადადება: „ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ აქვს თუ არა ამ წინადადებას პრაქტიკული მხარე? ხედავთ მის პრაქტიკულ მხარეს? ყოველივე, რასაც ღმერთი ამბობს, მისი გულიდან მოდის, მაშ, რატომ თქვა მან ეს? როგორ გესმით ეს? შესაძლოა, ახლა გესმით ამ წინადადების მნიშვნელობა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ის ითქვა, ბევრს არ ესმოდა, რადგან იმდროინდელი ხალხი ახალი გამოსული იყო რჯულის ეპოქიდან. მათთვის შაბათის დაცვაზე უარის თქმა ძალზე რთული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შემეცნებაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი შაბათი.
წინადადება „კაცის ძე შაბათის უფალიც არის“ ეუბნება ადამიანებს, რომ ღვთის შესახებ ყველაფერი არამატერიალური ბუნებისაა და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა შენი მატერიალური მოთხოვნილება, მას შემდეგ, რაც შენი ყველა მატერიალური მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, შეუძლია თუ არა ამ ყოველივესგან მიღებულ კმაყოფილებას ჩაანაცვლოს ჭეშმარიტების შენეული ძიება? ეს აშკარად შეუძლებელია! ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და მისი არსებაა, რაზეც ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება, ჭეშმარიტების შინაარსის ნაწილია. მისი ღირებულება ვერ გაიზომება ვერავითარი მატერიალური საგნით, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს იგი, და არც მისი ღირებულების ფულით გამოხატვაა შესაძლებელი, რადგან იგი არ არის მატერიალური საგანი და იგი აკმაყოფილებს თითოეული ადამიანის გულის მოთხოვნილებებს. ყოველი ადამიანისთვის ამ არამატერიალური ჭეშმარიტებების ფასი ბევრად აღმატებული უნდა იყოს ნებისმიერ იმ სიკეთეზე, რაც კი შეიძლება გაგახსენდეს. სამართლიანია ამის თქმა? ეს ის განცხადებაა, რომელზეც დიდხანს უნდა იფიქრო. ჩემი ნათქვამის მთავარი აზრი ისაა, რომ ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის და ყველაფერი ღვთის შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და მისი ჩანაცვლება არავითარი მატერიალური საგნით არ შეიძლება. ერთ მაგალითს მოგიყვან: როდესაც გშია, საჭმელი გჭირდება. საჭმელი შეიძლება უკეთესი იყოს ან უარესი, მაგრამ თუკი დანაყრდები, შიმშილის ის უსიამოვნო გრძნობა აღარ იარსებებს — იგი გაქრება. მშვიდად ჯდომას შეძლებ და შენი სხეულიც დაისვენებს. ადამიანის შიმშილი შეიძლება საჭმლით დაკმაყოფილდეს, მაგრამ როდესაც ღმერთს მიჰყვები და გრძნობ, რომ არ გესმის მისი, როგორ შეგიძლია შენს გულში არსებული სიცარიელის შევსება? შეიძლება მისი საჭმლით შევსება? ან როდესაც ღმერთს მიჰყვები და არ გესმის მისი განზრახვები, რა შეიძლება გამოიყენო შენს გულში არსებული ამ შიმშილის დასაკმაყოფილებლად? ღვთის მიერ შენი გადარჩენის გამოცდილების პროცესში, როდესაც შენი ხასიათის შეცვლისკენ ისწრაფვი, თუ არ გესმის მისი განზრახვები ან არ იცი, რა არის ჭეშმარიტება, თუ ვრ წვდები ღვთის ხასიათს, განა ძლიერ შფოთვას არ იგრძნობ? განა არ იგრძნობ ძლიერ შიმშილსა და წყურვილს გულში? განა ეს გრძნობები ხელს არ შეგიშლის იმაში, რომ გულში სიმშვიდე იგრძნო? მაშ, როგორ შეგიძლია დაიკმაყოფილო ეს შიმშილი გულში? არსებობს მისი გადაჭრის გზა? ზოგი საყიდლებზე მიდის, ზოგი მეგობრებს ეძებს გულის გადასაშლელად, ზოგი დიდხანს ძილს მიეცემა ხოლმე, სხვები კი უფრო მეტს კითხულობენ ღვთის სიტყვას ან უფრო ბეჯითად შრომობენ და მეტ ძალისხმევას დებენ თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. შეუძლია ამ ყველაფერს შენი რეალური სირთულეების მოგვარება? თქვენ ყველამ კარგად იცით ეს პრაქტიკა საკუთარი გამოცდილებიდან. როდესაც თავს უმწეოდ გრძნობ, როდესაც მთელი გულით გწყურია ღვთისგან ნათლის მოფენა, რათა შეიცნო ჭეშმარიტება-რეალობა და მისი განზრახვები, რა გჭირდება ყველაზე მეტად? ის, რაც გჭირდება, არის არა ნოყიერი კერძი და არც რამდენიმე მანუგეშებელი სიტყვა, და მით უმეტეს, არც ხორციელი წუთიერი ნუგეში და კმაყოფილება —— შენ გჭირდება ის, რომ ღმერთმა პირდაპირ და ნათლად გითხრას, რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა გააკეთო ეს, რათა ნათლად გაგაგებინოს, რა არის ჭეშმარიტება. მას შემდეგ, რაც ამას გაიგებ, თუნდაც მხოლოდ მცირედი შეიცნო, განა შენს გულში უფრო მეტ კმაყოფილებას არ იგრძნობ, ვიდრე ნოყიერი კერძის ჭამის შემდეგ იგრძნობდი? როდესაც შენი გული კმაყოფილია, განა შენი გული და მთელი შენი არსება არ იპოვის ჭეშმარიტ განსვენებას? ამ ანალოგისა და ანალიზის საფუძველზე ახლა გესმის, რატომ გაჩვენე ეს წინადადება: „კაცის ძე შაბათის უფალიც არის“? მისი მნიშვნელობა ისაა, რომ ის, რაც ღვთისგან მოდის, ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და ყოველივე მის შესახებ ნებისმიერ სხვა რამეზე მეტია, მათ შორის, იმ საგანსა თუ ადამიანზე, რომელსაც ოდესღაც ყველაზე მეტად აფასებდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს არ ძალუძს მიიღოს ღვთის ბაგიდან გამოსული სიტყვები ან არ ესმის მისი განზრახვები, იგი ვერ ჰპოვებს განსვენებას. შენს მომავალ გამოცდილებაში გაიგებ, რატომ მსურდა, რომ დღეს ეს მონაკვეთი გენახა — ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, არის ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ჭეშმარიტება არის ის, რაც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისთვის და ის არის რაღაც, რის გარეშეც მათ არასოდეს შეუძლიათ არსებობა; ასევე შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დიადი რამ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ შეგიძლია მისი დანახვა ან შეხება, დაუშვებელია მისი მნიშვნელობის უგულებელყოფა; ეს არის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია შენს გულს სიმშვიდე მოჰგვაროს.
როდესაც ცდლობ, ჭეშმარიტებას ჩაწვდე, იცი თუ არა, როგორ დაუკავშირო იგი შენს მდგომარეობებს? რეალურ ცხოვრებაში პირველ რიგში უნდა იფიქრო იმაზე, თუ რომელ ჭეშმარიტებებს უკავშირდებიან ის ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებსაც წაწყდომიხარ; სწორედ ამ ჭეშმარიტებებში შეგიძლია იპოვო ღვთის განზრახვები და დაუკავშირო ის, რასაც წაწყდომიხარ, მის განზრახვებს. თუ არ იცი, ჭეშმარიტების რომელ ასპექტებს უკავშირდება ის საგნები და მოვლენები, რომლებსაც წააწყდი, და ამის ნაცვლად პირდაპირ ღვთის განზრახვების ძიებას იწყებ, ეს ბრმა მიდგომაა, რომელსაც შედეგის მოტანა არ შეუძლია. თუ გსურს ჭეშმარიტების ძიება და ღვთის განზრახვების გაგება, პირველ რიგში უნდა დაინახო, რომელ კატეგორიას განეკუთვნება ის მოვლენები, რომლებიც თავს გადაგხდა და ჭეშმარიტების რომელ ასპექტებს უკავშირდება ისინი, უნდა იპოვო ღვთის სიტყვაში ის კონკრეტული ჭეშმარიტება, რომელიც შეესაბამება იმას, რასაც განიცდი, და შემდეგ მოძებნო გზა, რომელსაც პრაქტიკაში განახორციელებ ამ ჭეშმარიტების ფარგლებში. ამგვარად შეგიძლია ირიბად ჩაწვდე ღვთის განზრახვებს. ჭეშმარიტების ძიება და პრაქტიკაში განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ მექანიკურად უნდა გამოიყენო წესი ან მიჰყვე ფორმულას. ჭეშმარიტება არ არის ფორმულაზე დაფუძნებული და არც უცვლელი წესია. იგი არ არის მკვდარი — იგი სიცოცხლეა, იგი ცოცხალია, და იგი არის კანონი, რომელსაც ქმნილება უნდა მიჰყვეს თავის ცხოვრებაში და კანონი, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ იარსებოს. ეს არის ის, რისი დაფასებაც უფრო მეტად უნდა სცადო გამოცდილების მეშვეობით. როგორი ღრმაც არ უნდა იყოს შენი გამოცდილება, ვერასოდეს იარსებებ ღვთის სიტყვისა თუ ჭეშმარიტების გარეშე. ღვთის ხასიათი, რომელსაც იგებ, ღვთის კუთვნილება და არსება, რომელსაც შეიცნობ, ყოველივე მის სიტყვებშია გამოხატული; ისინი განუყოფლად არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან. ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, თავისთავად ჭეშმარიტებაა; უბრალოდ, ჭეშმარიტება არის იმის ნამდვილი განსახიერება, რაც ვლინდება ღვთის ხასიათიდან და იქიდან, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. იგი კონკრეტულსა და ნათელს ხდის იმას, რაც მას გააჩნია და მისი არსებაა; იგი უფრო პირდაპირ გეუბნება, რა მოსწონს ღმერთს და რა არ მოსწონს მას, რისი გაკეთება სურს შენგან და რის უფლებას არ გაძლევს, რომელი ადამიანები სძულს მას და რომელი ადამიანებით არის კმაყოფილი. იმ ჭეშმარიტებების მიღმა, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს, ადამიანები ხედავენ მის ბედნიერებას, რისხვას, მწუხარებასა და სიხარულს ისევე, როგორც მის არსს — ეს არის მისი ხასიათის გამოვლინებები. გარდა იმისა, რომ იცოდეს, რა გააჩნია ღმერთს და რა არის იგი, და წვდებოდეს მის ხასიათს მისი სიტყვის მეშვეობით, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღწიოს ამ გაგებასა და ცოდნას რეალური გამოცდილების მეშვეობით. თუ ადამიანი წყდება რეალურ ცხოვრებას, მისთვის შეუძლებელი იქნება ღვთის შეცნობა. მაშინაც კი, თუ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ცოდნას იძენენ ღვთის სიტყვიდან, მათი ცოდნა შემოიფარგლება მოძღვრებებითა და სიტყვებით და ეს შორსაა იმისგან, თუ როგორია სინამდვილეში თავად ღმერთი.
ის, რაზეც ახლა თანაზიარება გვაქვს, მთლიანად ბიბლიაში წარმოდგენილი ამბების ფარგლებში ექცევა. ამ ამბების მეშვეობითა და მომხდარი მოვლენების გაანალიზებით, ადამიანებს შეუძლიათ ჩაწვდნენ ღვთის ხასიათსა და იმას, რაც მას გააჩნია და მის არსებას, რომელიც მან გამოხატა; ეს მათ საშუალებას აძლევს, შეიცნონ ღვთის ყოველი ასპექტი უფრო ფართო, ღრმა, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გზით. მაშ, არის თუ არა ამ ამბების მეშვეობით ღვთის ყოველი ასპექტის შეცნობა ერთადერთი გზა? მთლად ასეც არ არის! რადგან ის, რასაც ღმერთი ამბობს და ის საქმე, რასაც იგი აღასრულებს სასუფევლის ეპოქაში, უკეთ დაეხმარება ადამიანებს მისი ხასიათის შეცნობაში და მის უფრო სრულად შეცნობაში. თუმცა, ვფიქრობ, ცოტათი უფრო ადვილია, ადამიანებს შეაცნობინო ღვთის ხასიათი და გააგებინო ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის ბიბლიაში წარმოდგენილი იმ მაგალითებისა თუ ამბების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანები იცნობენ. თუ სიტყვასიტყვით ავიღებ სამსჯავროსა და გაკიცხვის სიტყვებს და იმ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ღმერთი დღეს გამოხატავს, რათა დაგეხმარო ღვთის შეცნობაში, იგრძნობ, რომ ეს მეტისმეტად მოსაწყენი და დამღლელია, და ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი იგრძნობს, რომ ღვთის სიტყვები თითქოს ფორმულაზეა დაფუძნებული. მაგრამ თუ ამ ბიბლიურ ამბებს მაგალითებად მოვიყვან, რათა დავეხმარო ადამიანებს ღვთის ხასიათის შეცნობაში, მათ ეს მოსაწყენად არ მოეჩვენებათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მაგალითების ახსნისას ადამიანური ენა გამოიყენება იმისათვის, რომ ადამიანებს დეტალურად განემარტოს, თუ რას ფიქრობდა ღმერთი თავის გულში იმ დროს და უამბოს მათ ღვთის იმდროინდელი სულიერი მდგომარეობის შესახებ — ასე ვთქვათ, მის ემოციებზე, ფიქრებსა და მოსაზრებებზე. ადამიანებისთვის ამის თქმის მიზანია, მათ საშუალება მიეცეს, დააფასონ და იგრძნონ, რომ ყოვლივე, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, არ არის ფორმულაზე დაფუძნებული ან ლეგენდა, ან რაღაც ისეთი, რისი დანახვაც ან შეხებაც ადამიანებს არ ძალუძთ, არამედ რაღაც ისეთი, რაც ჭეშმარიტად არსებობს, რისი გრძნობაც და დაფასებაც ადამიანებს შეუძლიათ. ეს არის საბოლოო მიზანი. ამ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებზე შეიძლება ითქვას, რომ კურთხეულნი არიან. შეგიძლიათ ბიბლიურ ამბებზე დაყრდნობით უფრო მეტად ჩაწვდეთ ღვთის წინა საქმეს; შეგიძლიათ დაინახოთ მისი ხასიათი იმ საქმის მეშვეობით, რომელიც მან აღასრულა; ამ ხასიათების მეშვეობით, რომლებიც მან გამოხატა, შეგიძლიათ ჩაწვდეთ ღვთის განზრახვებს კაცობრიობის მიმართ, მისი სიწმინდის კონკრეტული გამოვლინებებსა და ადამიანებზე მისი მზრუნველობის კონკრეტულ გამოვლინებებს. ამგვარად, შეგიძლიათ მიაღწიოთ ღვთის ხასიათის უფრო დეტალურ და ღრმა შემეცნებას. მჯერა, რომ ახლა ყველას შეგიძლიათ ამის შეგრძნება!
მადლის ეპოქაში უფალი იესოს მიერ აღსასრულებელი საქმის ფარგლებში შეგიძლია დაინახო იმის კიდევ ერთი ასპექტი, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის ყოველივე ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის ამ ასპექტში, გამოიხატა მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით და ადამიანებს შეეძლოთ მისი დანახვა და დაფასება მისი ადამიანური ბუნების მეშვეობით. კაცის ძეში ადამიანებმა დაინახეს ღვთის ადამიანობის ხორციელად გამოვლენა და ღვთის ღვთაებრიობის ხორციელად გამოხატვა. ამ ორი ფორმით გამოხატვამ ადამიანებს საშუალება მისცა, დაენახათ პრაქტიკული ღმერთი და ღმერთზე განსხვავებული წარმოდგენა შექმნოდათ. თუმცა სამყაროს შექმნიდან რჯულის ეპოქის დასასრულამდე — ანუ მადლის ეპოქამდე — ღვთის ერთადერთი ასპექტი, რომელსაც ადამიანები ხედავდნენ, ისმენდნენ და განიცდიდნენ, იყო ღვთის ღვთაებრიობა — ის, რასაც ღმერთი აკეთებდა და ამბობდა არამატერიალურ სამყაროში და ის, რაც გამოიხატებოდა მისი უხილავი და არამატერიალური ჭეშმარიტი ფორმით. ხშირად ეს ყველაფერი ადამიანებს აგრძნობინებდა, რომ ღმერთი იმდენად ამაღლებული იყო, რომ მათ არ შეეძლოთ მასთან მიახლოება. მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც ღმერთი ადამიანებს უტოვებდა, იყო ის, რომ იგი ერთ წამს ჩნდებოდა და მეორე წამს უჩინარდებოდა. მისი ყოველი ფიქრი და იდეაც კი იმდენად იდუმალად და მიუწვდომლად ეჩვენებოდათ; ადამიანთათვის ისინი სრულიად მიუღწეველი იყო — შესაბამისად მათი ამოცნობის მცდელობა ან გამოცდილებით შეცნობა მით უმეტეს წარმოუდგენელი იყო. ღვთის შესახებ ყველაფერი ძალზე შორს იყო ადამიანებისთვის, იმდენად შორს, რომ მათ არც მისი დანახვა ძალუძდათ და არც მასთან შეხება. იგი თითქოს შორეულ ჰორიზონტზე იყო, თუმცა ამავდროულად თითქოს საერთოდ არ არსებობდა. ასე რომ, ღვთის რომელიმე აზრის, იდეის ან ფიქრის გაგება ადამიანებისთვის მიუღწეველი იყო და მით უმეტეს, ეს მათთვის სრულიად მიუწვდომელი რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა რჯულის ეპოქაში გარკვეული კონკრეტული საქმე აღასრულა და ასევე გამოხატა გარკვეული კონკრეტული სიტყვები და გარკვეული კონკრეტული ხასიათები, რითაც ადამიანებს საშუალება მისცა, მიეღოთ მის შესახებ გარკვეული ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც შეეძლოთ დაეფასებინათ ან დაენახათ; საბოლოო ჯამში, ეს მაინც იყო ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, რაც მან არამატერიალურ სამყაროში გამოხატა და ამიტომ ის, რაც ადამიანებმა შეიტყვეს და გაიგეს, მაინც იყო იმის ღვთაებრივი ასპექტი, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. იმან, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის ამ ღვთაებრივ ასპექტში, ვერ მისცა ადამიანებს კონკრეტული წარმოდგენა, რის გამოც მათი შთაბეჭდილება ღმერთზე შემოიფარგლებოდა მხოლოდ „სულიერი სხეულით, რომელთან მიახლოებაც რთულია და რომელიც ერთ წამს ჩნდება და მეორე წამს უჩინარდება.“ რადგან ღმერთს არ ვინაიდან ღმერთს ადამიანთა წინაშე წარსადგომად არ გამოუყენებია მატერიალური სამყაროს რაიმე კონკრეტული საგანი ან ხატი, ისინი კვლავინდებურად ვერ ახერხებდნენ მის განსაზღვრას ადამიანური ენით. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთ ფიქრებსა და იდეებში გამოეყენებინათ ადამიანური ენა ღვთისთვის სტანდარტის დასადგენად, რათა იგი ხელშესახები გაეხადათ და მისთვის ადამიანური თვისებები მიენიჭებინათ, მაგალითად, რა სიმაღლისაა იგი, რამხელაა იგი, როგორ გამოიყურება, რა კონკრეტული საგნები მოსწონს მას და როგორია მისი კონკრეტული პიროვნება. სინამდვილეში თავის გულში ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანები ასე ფიქრობდნენ. მისთვის ძალზე ნათელი იყო ადამიანთა მოთხოვნილებები და რა თქმა უნდა, ასევე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ამიტომ მადლის ეპოქაში მან თავისი საქმე განსხვავებული გზით შეასრულა, რომელიც ერთდროულად ადამიანურიც იყო და ღვთაებრივიც. იმ დროს, როდესაც უფალი იესო საქმეს აღასრულებდა, ადამიანებს შეეძლოთ დაენახათ, რომ ღმერთს თავისი ადამიანობის მრავალი გამოვლინება ჰქონდა. მაგალითად, მას შეეძლო ეცეკვა, დასწრებოდა ქორწილებს, ჰქონოდა გულწრფელი საუბრები და ესაუბრა ადამიანებთან ან განეხილა მათთან გარკვეული საკითხები. ამავდროულად უფალმა იესომ ასევე აღასრულა ბევრი საქმე, რომელიც წარმოადგენდა მის ღვთაებრიობას და რა თქმა უნდა, მთელი ეს საქმე იყო ღვთის ხასიათის გამოხატვა და გაცხადება. ამ ხნის განმავლობაში ღვთის ღვთაებრიობა ხორციელდებოდა ჩვეულებრივ ხორციელ სხეულში, რაც ადამიანებს აძლევდა შესაძლებლობას, ეხილათ იგი, შეხებოდნენ მას და აღარ ჰქონოდათ განცდა, თითქოს ის წამით ჩნდებოდა და ქრებოდა ან თითქოს მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო. პირიქით, მათ შეეძლოთ ეცადათ ღვთის განზრახვების ამოცნობა ან მისი ღვთაებრიობის შეცნობა კაცის ძის ქცევის, სიტყვებისა და საქმის მეშვეობით. განკაცებულმა კაცის ძემ გამოხატა ღვთის ღვთაებრიობა ადამიანური ბუნების მეშვეობით და გადასცა ღვთის განზრახვები ადამიანს. ამავდროულად ღვთის განზრახვებისა და ხასიათის გამოხატვის მეშვეობით მან ასევე გაუცხადა ადამიანს სულიერი სამყაროს ღმერთი, რომლის დანახვა ან შეხება შეუძლებელია. ის, რასაც ადამიანები ხედავდნენ, იყო თავად ღმერთი ფორმითა და ხატებით, შექმნილი ხორცისა და ძვლისგან. ასე რომ, განკაცებულმა კაცის ძემ კონკრეტული და ადამიანური გახადა ისეთი რამეები, როგორებიცაა თავად ღვთის ვინაობა, სტატუსი, ხატი, ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და მისი არსებაა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხატების თვალსაზრისით კაცის ძე თავისი გარეგნობით გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებოდა, ღვთის არსსა და ყოველივე იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, სრულად შეეძლო თავად ღვთის ვინაობისა და სტატუსის წარმოდგენა — უბრალოდ არსებობდა გარკვეული განსხვავებები გამოხატვის ფორმაში. იქნება ეს ღვთის ადამიანური თუ ღვთაებრივი ბუნება, ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ კაცის ძე წარმოადგენდა თავად ღვთის იდენტობასა და სტატუსს. თავის ადამიანობაში თუ თავის ღვთაებრიობაში, ჩვენ არ უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში, ღმერთი მოქმედებდა ხორციელი სხეულის მეშვეობით, საუბრობდა ხორციელი სხეულის პერსპექტივიდან და კაცობრიობის წინაშე წარდგა კაცის ძის ვინაობითა და სტატუსით, რითაც ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, შეხებოდნენ და გამოეცადათ ღვთის პრაქტიკული სიტყვები და საქმე ადამიანთა შორის. ამან ასევე შეუქმნა ადამიანებს წარმოდგენა მისი ღვთაებრიობისა და სიმდაბლეში მისი დიდებულების შესახებ და მათ ღვთის რეალურობისა და პრაქტიკულობის თავდაპირველი გაგებისა და განსაზღვრის შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესოს საქმე, მოქმედების გზები და პერსპექტივა, საიდანაც ის საუბრობდა, განსხვავდებოდა სულიერ სამყაროში ღვთის ჭეშმარიტი ფორმისგან, მასთან დაკავშირებული ყვლაფერი აბსოლუტური სიზუსტით წარმოადგენდა თავად ღმერთს, რომელიც ადამიანს მანამდე არასოდეს ენახა — ამის უარყოფა შეუძლებელია! ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გზით ეცხადება ღმერთი ადამიანს, რა პერსპექტივიდან საუბრობს ან რა ხატებით წარდგება იგი ადამიანის წინაშე, ღმერთი მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს; მას არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო წარმოედგინა რომელიმე ინდივიდი ან რომელიმე გახრწნილი ადამიანი. თავად ღმერთი არის თავად ღმერთი. ამის უარყოფა შეუძლებელია.
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ იგავს, რომელიც უფალმა იესომ მადლის ეპოქაში მოჰყვა.
3. იგავი დაკარგულ ცხვარზე
მათ. 18:12–14 რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
ეს მონაკვეთი იგავია — რა განცდას უტოვებს იგი ადამიანებს? აქ გამოყენებული გამოხატვის ფორმა — იგავი — წარმოადგენს ადამიანური ენის მხატვრულ ხერხს, რომელიც ადამიანური ცოდნის ფარგლებს განეკუთვნება. ღმერთს მსგავსი რამ რჯულის ეპოქაში რომ ეთქვა, ადამიანები ჩათვლიდნენ, რომ ასეთი სიტყვები არც ისე შეესაბამებოდა ღვთის ვინაობას, მაგრამ როდესაც ძემ კაცისამ ეს სიტყვები მადლის ეპოქაში წარმოთქვა, ადამიანთათვის ძალიან მანუგეშებელი, თბილი და მათ გულებთან ახლოს მყოფი აღმოჩნდა. ღმერთმა ხორცი შეისხა და იგი ადამიანის სახით გამოჩნდა. თავის ადამიანურ ბუნებასთან მიმართებაში მან გამოიყენა ძალიან შესაფერისი იგავი თავისი გულისნადების გამოსახატავად. ეს ხმა წარმოადგენდა თავად ღვთის ხმას და იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც მას იმ ეპოქაში სურდა. იგი ასევე წარმოადგენდა იმ დამოკიდებულებას, რომელიც ღმერთს ადამიანების მიმართ ჰქონდა მადლის ეპოქაში. ადამიანების მიმართ ღვთის ამ დამოკიდებულებაზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ მან თითოეული ადამიანი ცხვარს შეადარა. თუ ცხვარი დაიკარგებოდა, იგი ყველაფერს გააკეთებდა მის საპოვნელად. ეს წარმოადგენდა ადამიანებზე ღვთის მოქმედების იმ პრინციპს, რომელიც მის განკაცებას უკავშირდებოდა. ღმერთმა ეს იგავი გამოიყენა, რათა აღეწერა თავისი ურყევი ნება და დამოკიდებულება ამ საქმეში. უფლის განსხეულების უპირატესობა მდგომარეობდა შემდეგში: მას მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ადამიანის ცოდნით და გამოეყენებინა ადამიანური ენა ადამიანებთან სასაუბროდ და თავისი სურვილების გამოსათქმელად. ადამიანური ენისა და გამოხატვის ფორმების გამოყენებით მან განუმარტა ან „გადაუთარგმნა“ ადამიანებს სიღრმისეული, ღვთაებრივი ენა, რომლის გაგებაც ადამიანებს ადამიანური ენით ან მეთოდებით უჭირდათ. ეს დაეხმარა ადამიანებს შეეცნოთ უფლის განზრახვები და გაეგოთ, თუ რა სურდა ღმერთს. უფალმა ასევე შეძლო ადამიანებთან საუბარი ადამიანური პერსპექტივიდან, ადამიანური ენის გამოყენებით და მათთვისვე გასაგები ფორმით. მას მიეცა შესაძლებლობა, ადამიანური ენისა და ცოდნის გამოყენებით, ესაუბრა და ეღვაწა, რათა ადამიანებს უფლის კეთილგანწყობა და ხელმისაწვდომობა შეეგრძნოთ, რათა დაენახათ უფლის გული. რას ხედავთ ამაში? არის თუ არა რაიმე აკრძალვა ღვთის სიტყვებსა და ქმედებებში? ადამიანთა წარმოდგენით გამორიცხულია, რომ ღმერთმა გამოიყენოს ადამიანური ცოდნა, ენა ან საუბრის მანერა იმის სათქმელად, რისი თქმაც თავად ღმერთს სურდა და იმ საქმეზე სასაუბროდ, რომლის აღსრულებაც მას უნდოდა ან საკუთარი განზრახვების გამოსახატავად. ეს სწორედ ადამიანთა მცდარი წარმოდგენაა. ღმერთმა გამოიყენა ამგვარი იგავი, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, შეეგრძნოთ ღვთის რეალურობა და გულწრფელობა და დაენახათ მისი დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ იმ პერიოდში. ამ იგავმა გამოაღვიძა ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რჯულს მისდევდნენ და მან ასევე შთააგონა მადლის ეპოქაში მცხოვრები ადამიანთა თაობები. ამ იგავის მონაკვეთის წაკითხვით ადამიანები შეიცნობენ ღვთის გულწრფელობას ადამიანის გადარჩენასთან მიმართებაში და ესმით, თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს ადამიანს ღვთის გულში.
მოდით, შევხედოთ ამ მონაკვეთის ბოლო წინადადებას: „ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.“ ეს უფალ იესოს სიტყვები იყო თუ მამაზეციერის სიტყვები? ერთი შეხედვით, თითქოს უფალი იესო საუბრობდა, მაგრამ მისი განზრახვა თავად ღვთის განზრახვას წარმოადგენდა, რის გამოც მან თქვა: „ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.“ იმ დროს ადამიანები მხოლოდ მამაზეციერს აღიარებდნენ ღმერთად და მათ სწამდათ, რომ ეს პიროვნება, რომელსაც ისინი თვალწინ ხედავდნენ, მხოლოდ მის მიერ იყო მოვლენილი და არ შეეძლო მამაზეციერის წარმოდგენა. სწორედ ამიტომ მოუწია უფალ იესოს ამ წინადადების დამატება, რათა ადამიანებს ნათლად შეეგრძნოთ ადამიანის მიმართ ღვთის განზრახვა და ეგრძნოთ მისი ნათქვამის ნამდვილობა და სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადების თქმა მარტივი იყო, იგი ძალზე მოზომილად ითქვა, რამაც უფალ იესოს თავმდაბლობა და დაფარულობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, ღმერთმა ხორცი შეისხა თუ იგი სულიერ სამყაროში მოქმედებდა, მან ყველაზე უკეთ იცოდა ადამიანის გული და მას ყველაზე უკეთ ესმოდა, რა სჭირდებოდათ ადამიანებს; მან იცოდა, რაზე წუხდნენ ისინი და რა აბნევდათ მათ; სწორედ ამიტომ დაამატა მან ეს წინადადება. ამ წინადადებამ ხაზი გაუსვა ადამიანებში დაფარულ პრობლემას: ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ ძე კაცისას ნათქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც უფალი იესო საუბრობდა, მას უნდა დაემატებინა: „ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი,“ და მხოლოდ ამ წინაპირობის დამატებით გამოიღებდა ნაყოფს მისი სიტყვები, ადამიანებს თავისი სიტყვების სისწორეში დაერწმუნებდა და თავისი სიტყვების სანდოობას გაზრდიდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ როდესაც ღმერთი ჩვეულებრივ ძე კაცისად იქცა, ღმერთსა და ადამიანს შორის ძალიან უხერხული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ძე კაცისას მდგომარეობაც მეტად უხერხული გახლდათ. ეს ასევე აჩვენებს, თუ რაოდენ უმნიშვნელო იყო უფალი იესოს სტატუსი ადამიანთა შორის იმ დროს. როდესაც მან ეს წარმოთქვა, სინამდვილეში სურდა ადამიანებისთვის ეთქვა: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ — ეს ჩემი აზრი ჩემს საკუთარ შეხედულებას კი არ გამოხატავს, არამედ იმ ღვთის აზრს, რომელიც თქვენს გულებშია. განა ადამიანისთვის ეს ირონიული არ იყო? მიუხედავად იმისა, რომ განკაცებულ ღმერთს მრავალი ისეთი უპირატესობა ჰქონდა, რაც მის პიროვნებას არ გააჩნდა, მას უნდა გაეძლო ადამიანის ეჭვებისა და უარყოფისთვის ისევე, როგორც მისი უგრძნობლობისა და გულგრილობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ძე კაცისას მუშაობის პროცესი იყო ადამიანის მხრიდან უარყოფისა და ადამიანის მასთან შედავების განცდის პროცესი. უფრო მეტიც, ეს იყო მუშაობის პროცესი — საკუთარი მაგალითის მეშვეობით — რათა განუწყვეტლივ მოეპოვებინა ადამიანის ნდობა და დაეპყრო ადამიანი იმით, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, თავისი საკუთარი არსით. ეს იმდენად ის კი არ იყო, რომ განკაცებული ღმერთი სატანის წინააღმდეგ მიწიერ ომს აწარმოებდა; არამედ უფრო ის, რომ ღმერთი ჩვეულებრივ ადამიანად იქცა და გონებრივი ბრძოლა დაიწყო მათთან, ვინც მას მიჰყვებოდა; ამ ბრძოლაში ძე კაცისამ, თავისი თავმდაბლობით, იმით, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, და თავისი სიყვარულითა და სიბრძნით, დაასრულა თავისი საქმე, მოიპოვა ის ადამიანები, რომლებიც სურდა, დაიმსახურა ის ვინაობა და სტატუსი, რომელსაც იმსახურებდა და „დაუბრუნდა“ თავის ტახტს.
ახლა კი განვიხილოთ წმინდა წერილის შემდეგი ორი მონაკვეთი.
4. მიუტევე სამოცდაათგზის შვიდჯერ
მათ. 18:21–22 მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“ უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“.
5. უფლის სიყვარული
მათ. 22:37–39 მან უთხრა მას: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
ამ ორი მონაკვეთიდან ერთი მიტევებაზე საუბრობს, მეორე კი — სიყვარულზე. ეს ორი თემა ნამდვილად ხაზს უსვამს იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც უფალ იესოს მადლის ეპოქაში ჰქონდა განზრახული.
როდესაც ღმერთმა ხორცი შეისხა, მან თან მოიტანა თავისი საქმის ერთი ეტაპი, ისევე როგორც კონკრეტული სამუშაო დავალებები და ის ხასიათი, რომლის გამოხატვაც ამ ეპოქაში ჰქონდა განზრახული. იმ პერიოდში ყოველივე, რასაც ძე კაცისა აკეთებდა, ტრიალებდა იმ საქმის გარშემო, რომლის აღსრულებაც ღმერთს ამ ეპოქაში ჰქონდა განზრახული. იგი არც მეტს გააკეთებდა და არც ნაკლებს. თითოეული სიტყვა, რომელიც მან თქვა და ყოველი საქმე, რომელიც მან აღასრულა, მთლიანად ამ ეპოქას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, გამოხატავდა იგი ამას ადამიანური გზით, ადამიანური ენით, თუ ღვთაებრივი ენით — რა საშუალებით ან გადმოსახედითაც არ უნდა ყოფილიყო — მისი მიზანი იყო, დახმარებოდა ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რის გაკეთებას აპირებდა, რა იყო მისი განზრახვები და რას მოითხოვდა იგი ადამიანებისგან. მან შეიძლება სხვადასხვა საშუალება და განსხვავებული თვალთახედვა გამოიყენოს, რათა დახმაროს ადამიანებს, ნათლად დაინახონ, შეიცნონ და ჩასწვდნენ მის განზრახვებსა და მის მიერ აღსასრულებელ ადამიანთა გადარჩენის საქმეს. ამიტომ, მადლის ეპოქაში ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი იესო უფრო ხშირად იყენებს ადამიანურ ენას იმის გამოსახატავად, რისი თქმაც ადამიანებისთვის სურდა და ამავდროულად, უფრო ხშირად ესაუბრება ადამიანებს ჩვეულებრივი წინამძღოლის გადმოსახედიდან, აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და ეხმარება მათ იმაში, რასაც სთხოვდნენ. მოქმედების ეს წესი არ გვხვდებოდა რჯულის ეპოქაში, რომელიც მადლის ეპოქას უსწრებდა წინ; იგი უფრო დაუახლოვდა ადამიანებს და უფრო მეტად ითვალისწინებდა მათ მდგომარეობას და როგორც ფორმით, ისე მანერით, ამას უფრო მეტად შეეძლო პრაქტიკული შედეგების მიღწევა. მეტაფორა ადამიანებისთვის სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევების შესახებ ძალიან კარგად ასახავს ამას. ამ მეტაფორაში რიცხვის მეშვეობით მიღწეული მიზანი ისაა, რომ ადამიანებს ამ სიტყვებიდან გაეგოთ უფალ იესოს განზრახვა მაშინ, როდესაც მან ეს თქვა. მისი მიზანი იყო, რომ ადამიანებს სხვებისთვის მიეტევებინათ — არა ერთხელ ან ორჯერ და არა შვიდჯერ, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. რა აზრი დევს ამ ფრაზაში „სამოცდაათგზის შვიდჯერ“? ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებმა მიტევება საკუთარ პასუხისმგებლობად გაიხადონ, ისწავლონ და იმ „გზად“ აქციონ, რომელსაც უნდა მიჰყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მეტაფორა იყო, იგი მთავარი სათქმელის გამოკვეთას ემსახურებოდა. იგი დაეხმარა ადამიანებს, რათა ღრმად ჩაწვდომოდნენ მის ნათქვამს და ეპოვათ ის გზა, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოეყენებინათ, აგრეთვე პრაქტიკის პრინციპები და სტანდარტები. ეს მეტაფორა დაეხმარა ადამიანებს საკითხის ნათლად გაცნობიერებაში და მისცა მათ ზუსტი წარმოდგენა — რომ უნდა ისწავლონ მიტევება და უპირობოდ მიუტევონ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, სხვების მიმართ შემწყნარებლური და გაგებით აღსავსე დამოკიდებულებით. როდესაც უფალმა იესომ ეს წარმოთქვა, რა ედო მას გულში? ნამდვილად რიცხვზე — „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ ფიქრობდა იგი? არა. არის თუ არა განსაზღვრული, თუ რამდენჯერ მიუტევებს ღმერთი ადამიანს? ბევრი ადამიანი ძალიან ინტერესდება აქ ნახსენები „რაოდენობით“ და მათ ნამდვილად სურთ ამ რიცხვის წარმოშობისა და მნიშვნელობის გაგება. მათ სურთ გაიგონ, თუ რატომ წარმოითქვა ეს რიცხვი უფალ იესოს ბაგედან; მათ მიაჩნიათ, რომ ამ რიცხვს უფრო ღრმა დაფარული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ მხატვრული გამოთქმა იყო, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა თავის საუბრისას გამოიყენა და მასში არსებული ნებისმიერი ქვეტექსტი თუ მნიშვნელობა ადამიანის მიმართ უფალ იესოს მოთხოვნებთან მიმართებაში უნდა ყოფილიყო გაგებული. როდესაც ღმერთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ხორცი შესხმული, ადამიანს ბევრი არაფერი ესმოდა მისი ნათქვამიდან, რადგან მისი სიტყვები სრული ღვთაებრივი ბუნებიდან მომდინარეობდა. მისი ნათქვამის გადმოსახედი და კონტექსტი ადამიანისთვის უხილავი და მიუწვდომელი იყო; იგი გამოიხატული იყო სულიერი სამყაროდან, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავდა და რომელშიც შეღწევა ხორციელი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, იგი ხალხს ადამიანობის გადმოსახედიდან ესაუბრებოდა; ამგვარად ის გამოვიდა სულიერი სამყაროს ფარგლებიდან და გასცდა მას. მას შეეძლო გამოეხატა თავისი ღვთაებრივი ხასიათი და განზრახვები ისევე, როგორც თავისი დამოკიდებულება, იმ ყოველივეს მეშვეობით, რომელთა წარმოსახვაც ადამიანს თავის წარმოდგენებში შეეძლო, იმ მოვლენებით, რომლებსაც იგი ხედავდა და აწყდებოდა თავის ცხოვრებაში ან იმ მეთოდების გამოყენებით, რომელთა მიღებაც ადამიანს შეეძლო მისთვის გასაგებ ენაზე და ადამიანური აღქმის ფარგლებში, რათა ადამიანს გაეგო და შეეცნო ღმერთი, შეეცნო მისი სურვილები და მის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და იმდენად, რამდენადაც ამის უნარი შესწევდა. ეს იყო განკაცებული ღვთის მოქმედების მეთოდი და პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ ხორცშესხმული ღვთის მოქმედების გზები და პრინციპები ძირითადად ადამიანური ბუნების მეშვეობით ან მისი საშუალებით მიიღწეოდა, ამან ისეთი შედეგები გამოიღო, რომელთა მიღწევაც უშუალოდ ღვთაებრივი ბუნებით შეუძლებელი იქნებოდა. განკაცებული ღვთის საქმე უფრო კონკრეტული, ნამდვილი და მიზანმიმართული იყო, მეთოდები გაცილებით მოქნილი გახლდათ და ფორმით იგი აღემატებოდა რჯულის ეპოქაში აღსრულებულ საქმეს.
შემდეგი მონაკვეთი მოგითხრობთ უფლის სიყვარულსა და იმაზე, რომ უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. არის თუ არა ეს ის, რაც უშუალოდ ღვთაებრივი ბუნებითაა გამოხატული? არა, აშკარად არა! ეს ყოველივე განკაცებულმა ძემ კაცისამ წარმოთქვა; მხოლოდ ადამიანები იტყოდნენ ისეთ რამეს, როგორიცაა: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი“ და „შეიყვარე სხვები ისე, როგორც საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდები“. საუბრის ეს მანერა მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ღმერთს არასოდეს უსაუბრია ამგვარად. სულ მცირე, ღვთაებრივ ბუნებაში ღმერთი არ იყენებს გამოხატვის ამგვარ ფორმას, რადგან მას არ სჭირდება ამგვარი პრინციპი, „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი“, რათა მართოს თავისი სიყვარული კაცობრიობის მიმართ, რადგან ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული იმის ბუნებრივი გამოვლინებაა, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. როდის გაგიგონიათ ღვთისგან ისეთი რამ, როგორიცაა: „მიყვარს კაცობრიობა ისე, როგორც თავი ჩემი“? არ გაგიგონიათ, რადგან სიყვარული ღვთის არსში და იმაშია, რაც მას გააჩნია და რაც მისი არსებაა. ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული და ის გზა და დამოკიდებულება, რომლითაც იგი ადამიანს ეპყრობა, მისი ხასიათის ბუნებრივი გამოხატულება და გამოვლინებაა. მას არ სჭირდება ამის განზრახ კონკრეტული სახით კეთება ან გარკვეული მეთოდისა თუ მორალური კოდექსის მიზანიმართული დაცვა იმისათვის, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უყვარდეს — იგი უკვე ფლობს ამგვარ არსს. რას ხედავ ამაში? როდესაც ღმერთი ადამიანური ბუნებით მოქმედებდა, მისი მრავალი მეთოდი, სიტყვა და ჭეშმარიტება ადამიანობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით გამოიხატებოდა. მაგრამ ამავდროულად ღვთის ხასიათი, ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და მისი განზრახვები გამოიხატებოდა იმისთვის, რომ ადამიანებს სცოდნოდათ და გაეგოთ. ის, რაც მათ შეიცნეს და გაიგეს, ზუსტად მისი არსი და ის იყო, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, რაც განუყოფელია მისი თანდაყოლილი ვინაობისა და სტატუსისგან, რომელიც თავად ღმერთს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განკაცებულმა ძემ კაცისამ მაქსიმალურად და შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოხატა თავად ღვთის თანდაყოლილი ხასიათი და არსი. ძე კაცისას ადამიანობა არა მხოლოდ არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას ან ბარიერს ზეცაში მყოფ ღმერთთან ადამიანის ურთიერთობისა და კავშირისთვის, არამედ იგი სინამდვილეში ერთადერთი არხი და ერთადერთი ხიდი იყო კაცობრიობისთვის შემოქმედთან დასაკავშირებლად. ახლა ამ ეტაპზე, განა არ გრძნობთ, რომ მრავალი მსგავსებაა მადლის ეპოქაში უფალ იესოს მიერ აღსრულებული საქმის ბუნებასა და მეთოდებსა და საქმის ამჟამინდელ ეტაპს შორის? ღვთის საქმის ამჟამინდელ ეტაპზეც დიდწილად გამოიყენება ადამიანური ენა ღვთის ხასიათის გამოსახატავად და მრავალი სიტყვა და მეთოდი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან და ცოდნიდან გამოიყენება ღვთის განზრახვების გამოსაატავად. როგორც კი ღმერთი ხორცს შეისხამს, მიუხედავად იმისა, ადამიანობის გადმოსახედიდან საუბრობს იგი თუ ღვთაებრიობისა, მისი ენისა და გამოხატვის მეთოდები დიდწილად ადამიანური ენისა და მეთოდების მეშვეობით გადმოიცემა. ანუ როდესაც ღმერთი განკაცდება, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა შენთვის, რათა დაინახო ღვთის ყოვლისშემძლეობა და მისი სიბრძნე და შეიცნო ღვთის ყოველი პრაქტიკული ასპექტი. როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, ზრდის პროცესში იგი თავისი ადამიანური ბუნებით იწყებს იმ ცოდნის, ელემენტარული ჭეშმარიტებების, ენისა თუ გამოხატვის ფორმების გაგებას, სწავლასა და ათვისებას, რაც ადამიანებისგან მომდინარეობს. და როდესაც განკაცებული ღმერთი ითვისებს ყოველივე ამას, რაც შექმნილი კაცობრიობისგან მომდინარეობს, ეს ხორცშესხმული ღვთის იარაღად იქცევა მისი ხასიათისა და ღვთაებრიობის გამოსახატად. ეს კი მას საშუალებას აძლევს, თავისი საქმე უფრო რელევანტური, უფრო ნამდვილი და უფრო ზუსტი გახადოს, როდესაც იგი ადამიანთა შორის მოქმედებს, ადამიანური გადმოსახედიდან და ადამიანური ენის გამოყენებით. ეს მის საქმეს ადამიანთათვის უფრო ხელმისაწვდომს და ადვილად გასაგებს ხდის და ამგვარად აღწევს იმ შედეგებს, რომლებიც ღმერთს აქვს განზრახული. განა უფრო პრაქტიკული არ არის ღვთისთვის, რომ ამგვარად იმოქმედოს განკაცებულმა? განა ეს ღვთის სიბრძნე არ არის? როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს და როდესაც ღვთის ხორციელ სხეულს შეუძლია იტვირთოს ის საქმე, რომლის აღსრულებაც მას აქვს განზრახული, სწორედ მაშინ გამოხატავს იგი პრაქტიკულად თავის ხასიათსა და თავის საქმეს და ეს ასევე ის დროა, როდესაც ძე კაცისას შეუძლია ოფიციალურად დაიწყოს თავისი მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის აღარ არსებობს „თაობათა შორის უფსკრული“, რომ ღმერთი მალე შეწყვეტს შუამავლების მეშვეობით ურთიერთობის საქმეს და რომ თავად განკაცებულ ღმერთს შეუძლია პირადად გამოხატოს ყველა ის სიტყვა და საქმე, რომელიც მას აქვს განზრახული. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა, რომელსაც ღმერთი იხსნის, უფრო ახლოსაა მასთან, რომ მისი მართვის საქმე ახალ ტერიტორიაზე შევიდა და რომ მთელი კაცობრიობა ახალი ეპოქის წინაშე აღმოჩნდება.
ყველამ, ვისაც ბიბლია წაუკითხავს, იცის, რომ უფალ იესოს დაბადებისას მრავალი მოვლენა მოხდა. ამ მოვლენებს შორის ყველაზე დიდი იყო ეშმაკთა მეფის მიერ მისი დევნა, რაც იმდენად უკიდურესი მოვლენა გახლდათ, რომ ქალაქში ორი წლის და მასზე უმცროსი ასაკის ყველა ბავშვი ამოხოცეს. ცხადია, რომ ღმერთმა დიდი რისკი გასწია, როდესაც განკაცებული მოევლინა კაცობრიობას; ასევე ცხადია ის დიდი მსხვერპლი, რომელიც მან კაცობრიობის გადარჩენის მართვის დასასრულებლად გადაიხადა. ასევე ცხადია ის დიდი იმედები, რომლებსაც ღმერთი ამყარებდა ხორცშესხმული სახით ადამიანთა შორის საქმის აღსრულებაზე. როდესაც განკაცებულმა ღმერთმა ღშეძლო ადამიანთა შორის საქმის ტვირთვა, რას გრძნობდა იგი? ადამიანებს გარკვეულწილად უნდა შეეძლოთ ამის გაგება, განა ასე არ არის? სულ მცირე, ღმერთი ბედნიერი იყო, რადგან მას შეეძლო დაეწყო თავისი ახალი საქმის აღსრულება ადამიანთა შორის. როდესაც უფალი იესო მოინათლა და მან ოფიციალურად დაიწყო თავისი საქმის აღსრულება საკუთარი მსახურების შესასრულებლად, ღვთის გული სიხარულით აივსო, რადგან ამდენი წლის ლოდინისა და მზადების შემდეგ, მას საბოლოოდ შეეძლო შეესხა ჩვეულებრივი ადამიანის ხორცი და დაეწყო თავისი ახალი საქმე განკაცებული ადამიანის სახით, რომლის დანახვა და შეხებაც ადამიანებს შეეძლებოდათ. ბოლოს და ბოლოს, მას შეეძლო ადამიანის სახით პირისპირ და გულითადად ესაუბრა ადამიანებთან. საბოლოოდ ღმერთს შეეძლო პირისპირ წარმდგარიყო ადამიანების წინაშე ადამიანური მიდგომისა და ადამიანური ენის საშუალებით; მას შეეძლო ადამიანების უზრუნველყოფა, მათი დარიგება და მათთვის დახმარების გაწევა ადამიანური ენის გამოყენებით; მას შეეძლო მათთან ერთად ერთ სუფრასთან ჯდომა და ერთ სივრცეში ცხოვრება. მას ასევე შეეძლო დაენახა ადამიანები, საგნები და ყველაფერი ისე, როგორც ამას ადამიანები ხედავდნენ ადამიანური თვალითაც კი. ღვთისთვის ეს უკვე იყო მისი ხორციელად მოღვაწეობის პირველი გამარჯვება, ან შეიძლება ითქვას, დიადი საქმის აღსრულებაც კი — რა თქმა უნდა, სწორედ ეს ახარებდა ღმერთს ყველაზე მეტად. იმ დროიდან მოყოლებული, ღმერთმა პირველად იგრძნო ერთგვარი ნუგეში ადამიანთა შორის საქმის აღრსრულებისას. ეს ს ყოველივე იმდენად რეალური და ბუნებრივი გზით აღესრულა, რომ ნუგეში, რომელიც ღმერთმა იგრძნო, ჭეშმარიტი იყო. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის საქმის ახალი ეტაპი სრულდება და ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი კმაყოფილებას გრძნობს, სწორედ მაშინ შეუძლია კაცობრიობას ღმერთთან დაახლოება და სწორედ მაშინ უახლოვდება ადამიანი ხსნას. ღვთისთვის ეს ასევე ის დროა, როდესაც მისი ახალი საქმე იწყება და მართვის გეგმა, რომელსაც ის აღასრულებს, კვლავ წინ მიიწევს და უფრო მეტიც, როდესაც მისი განზრახვები სრულ აღსრულებას უახლოვდება. კაცობრიობისთვის ასეთი შესაძლებლობის დადგომა ბედნიერებაა და ძალიან კარგია; ყველასთვის, ვინც ღვთის ხსნას ელის, ეს უმნიშვნელოვანესი და სასიხარულო ამბავია. როდესაც ღმერთი საქმის ახალ ეტაპს აღასრულებს, მისთვის ეს ახალი დასაწყისია. როდესაც ეს ახალი საქმე და ახალი დასაწყისი იწყება და ხორციელდება ადამიანთა შორის, სწორედ მაშინ არის ამ ეტაპის საქმის შედეგი უკვე განსაზღვრული და აღსრულებული და ასევე მაშინ, როდესაც ღმერთს უკვე ნანახი აქვს საბოლოო ეფექტი და ნაყოფი. მაშინ ამ ეფექტს ღვთისთვის კმაყოფილება მოაქვს; მისი გული ბუნებრივად ბედნიერია. ღმერთს მას უკვე ნანახი, მიზანში ამოღებული და მოპოვებული ჰყავს ის ადამიანები, რომლებსაც ეძებს და მოპოვებული ჰყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია მისი საქმე წარმატებული გახადოს და მას კმაყოფილება მოჰგვაროს — და ამის გამო მისი გული ნუგეშცემულია; იგი გვერდზე დებს თავის მწუხარებას და თავს ბედნიერად გრძნობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც განკაცებულ ღმერთს შეუძლია ადამიანთა შორის ახალ საქმეს შეუდგეს და იგი დაუბრკოლებლად იწყებს იმ საქმის აღსრულებას, რომლის კეთებაც სურს და როდესაც გრძნობს, რომ ყველაფერი აღსრულდა, მისთვის შედეგი უკვე თვალსაჩინოა. ამ შედეგის გამო იგი კმაყოფილია და მისი გული ბედნიერია. როგორ გამოიხატება ღვთის ბედნიერება? შეგიძლია წარმოიდგინო? შეიძლება ღმერთმა იტიროს? შეუძლია ღმერთს ტირილი? შეუძლია ღმერთს ტაშის დაკვრა? შეუძლია ღმერთს ცეკვა? შეუძლია ღმერთს სიმღერა? თუ ასეა, რას იმღერებდა იგი? რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო ემღერა ლამაზი, ამაღელვებელი სიმღერა, რომელიც მის გულში არსებულ სიხარულსა და ბედნიერებას გამოხატავდა. მას შეეძლო ემღერა იგი ადამიანისთვის, საკუთარი თავისა და ყოველივესთვის. ღვთის ბედნიერება შეიძლება ნებისმიერი გზით გამოიხატოს — ეს ყველაფერი ნორმალურია, რადგან ღმერთს შეუძლია სიხარულისა და მწუხარების განცდა და მისი სხვადასხვა განწყობა შეიძლება სხვადასხვა გზით გამოიხატოს. ეს მისი უფლებაა და არაფერი შეიძლება იყოს ამაზე ნორმალური და მართებული. ადამიანებმა ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი უნდა იფიქრონ. ნუ ეცდები, რომ ღმერთთან მიმართებაში „შემბოჭველი შელოცვა“[ა] გამოიყენო და მიუთითო მას, რა არ უნდა გააკეთოს, როგორ არ უნდა მოიქცეს და ამგვარად შეზღუდოთ მისი ბედნიერება ან განწყობა. ადამიანები გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ ღმერთი არ შეიძლება იყოს ბედნიერი, მას არ შეუძლია ცრემლის ღვრა, არ შეუძლია ტირილი — მას არ შეუძლია რაიმე ემოციის გამოხატვა. ვფიქრობ, რომ ამ თანაზიარების მეშვეობით, რომელიც ორჯერ გვქონდა, აღარ მოეპყრობი ღმერთს ამგვარად, არამედ მისცემთ ღმერთს გარკვეულ თავისუფლებასა და ლაღად ყოფნის საშუალებას. ეს ძალიან კარგია. მომავალში ნამდვილად შეძლებ შეიგრძნო ღვთის სევდა, როდესაც გაიგებთ, რომ იგი სევდიანია; ნამდვილად შეძლებ შეიგრძნოთ მისი ბედნიერება, როდესაც გაიგებ, რომ იგი ბედნიერია; სულ მცირე, შეძლებთ ნათლად ჩაწვდე და გააცნობიერო, რა აბედნიერებს ღმერთს და რა ჰგვრის მას სევდას. როდესაც შეძლებ იგრძნო სევდა იმის გამო, რომ ღმერთი სევდიანია, და იგრძნო ბედნიერება იმის გამო, რომ ღმერთი ბედნიერია, მას სრულად ექნება მოპოვებული შენი გული და შენსა და მას შორის აღარ იარსებებს არავითარი ბარიერი. აღარ შეეცდები ღვთის შებოჭვას ადამიანური ფანტაზიებითა და წარმოდგენებით ან ცოდნით. მაშინ ღმერთი ცოცხალი და სიცოცხლით სავსე იქნება შენს გულში. იგი იქნება შენი სიცოცხლის ღმერთი და ყოველივეს განმგებელი, რაც შენ გეხება. ეს გინდა? დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ამის მიღწევას?
ახლა კი წავიკითხოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთები:
6. მთაზე ქადაგება
ნეტარებანი (მათ. 5:3–12)
მარილი და ნათელი (მათ. 5:13–16)
რჯული (მათ. 5:17–20)
რისხვა (მათ. 5:21–26)
მრუშობა (მათ. 5:27–30)
განქორწინება (მათ. 5:31–32)
ფიცი (მათ. 5:33–37)
თვალი თვალის წილ (მათ. 5:38–42)
შეიყვარეთ თქვენი მტრები (მათ. 5:43–48)
მოწყალების გაცემის შესახებ (მათ. 6:1–4)
ლოცვა (მათ. 6:5–8)
7. უფალ იესოს იგავები
იგავი მთესველზე (მათ. 13:1–9)
იგავი ღვარძლზე (მათ. 13:24–30)
იგავი მდოგვის მარცვალზე (მათ. 13:31–32)
იგავი საფუარზე (მათ. 13:33)
განმარტება იგავისა ღვარძლზე (მათ. 13:36–43)
იგავი განძზე (მათ. 13:44)
იგავი მარგალიტზე (მათ. 13:45–46)
იგავი ბადეზე (მათ. 13:47–50)
8. მცნებები
მათ. 22:37–39 მან უთხრა მას: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ „მთაზე ქადაგების“ თითოეული ნაწილი. რას ეხება ყველა ეს სხვადასხვა ნაწილი? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ სხვადასხვა ნაწილის შინაარსი ბევრად უფრო ამაღლებული, უფრო კონკრეტული და ადამიანთა ცხოვრებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რჯულის ეპოქის წესები. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს ყოველივე უფრო მეტად შეესაბამება ადამიანთა რეალურ პრაქტიკას.
მოდით, წავიკითხოთ შემდეგი კონკრეტული შინაარსის შესახებ: ნეტარებანი — და როგორ უნდა გესმოდეს ისინი; რჯულის შესახებ — და რა უნდა იცოდე მის შესახებ; რისხვა — და როგორ განმარტავ მას; როგორ უნდა მოვექცეთ მრუშებს; რა სახის დებულებები და წესები ეხება განქორწინებას; ვის შეუძლია განქორწინება და ვის — არა; ფიცის, თვალი თვალის წილ მიგების, მტრების სიყვარულის, მოწყალების გაცემის თემები და ასე შემდეგ. ყოველივე ეს ეხება ადამიანის მიერ ღვთისადმი რწმენისა და ღვთის მიყოლის პრაქტიკის თითოეულ ასპექტს. ზოგიერთი ეს პრაქტიკა დღესაც გამოსაყენებელია, თუმცა ისინი უფრო ზედაპირულია, ვიდრე ის, რაც ამჟამად მოეთხოვება ადამიანს — ეს არის საკმაოდ ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომლებსაც ადამიანი ღმერთისადმი რწმენაში აწყდება. იმ დროიდან, როდესაც უფალმა იესომ დაიწყო მოღვაწეობა, იგი უკვე იწყებდა ადამიანთა სიცოცხლე-განწყობაზე მუშაობას, მაგრამ მისი საქმის ეს ასპექტები რჯულის საფუძველს ემყარებოდა. ჰქონდა თუ არა ამ თემებთან დაკავშირებულ წესებსა და განცხადებებს რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან? რა თქმა უნდა, ჰქონდა! იქნება ეს წინანდელი წესები და პრინციპები, თუ ეს ქადაგებები მადლის ეპოქაში, ყოველივე უკავშირდება ღვთის ხასიათს, იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას. რასაც არ უნდა გამოხატავდეს ღმერთი და გამოხატვის რა ფორმას ან ენასაც არ უნდა იყენებდეს იგი, ყოველივეს, რასაც ის გამოხატავს, საფუძველი, საწყისი და ამოსავალი წერტილი მისი ხასიათის პრინციპებში და აგრეთვე იმაშია, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე, რაც მან თქვა, ახლა ოდნავ ზედაპირულად გვეჩვენება, მაინც ვერ იტყვი, რომ ჭეშმარიტება არ არის, რადგან ეს იყო აუცილებელი მადლის ეპოქის ადამიანთათვის, რათა დაეკმაყოფილებინათ ღვთის განზრახვები და შეეცვალათ საკუთარი სიცოცხლე-განწყობა. შეგიძლია თქვა, რომ რომელიმე ეს ქადაგება არ შეესაბამება ჭეშმარიტებას? არა, არ შეგიძლია! თითოეული მათგანი ჭეშმარიტებაა, რადგან ყველა მათგანი იყო ღვთის მოთხოვნა ადამიანთა მიმართ; ყველა მათგანი წარმოადგენდა ღვთის მიერ დაწესებულ საკუთარი თავის წარმართვის პრინციპსა და ზღვარს; ისინი გამოხატავდნენ ღვთის ხასიათს. უბრალოდ, იმ დროს ადამიანთა სულიერი ზრდის დონიდან გამომდინარე, ეს იყო ერთადერთი რამ, რისი მიღება და გაგებაც მათ შეეძლოთ. ვინაიდან ადამიანთა ცოდვები ჯერ კიდევ არ იყო გამოსყიდული, ეს იყო ერთადერთი სიტყვები, რომელთა გამოხატვაც უფალ იესოს შეეძლო; მას მხოლოდ ამგვარ ფარგლებში მოქცეული მარტივი სწავლებების გამოყენება შეეძლო, რათა ეთქვა იმდროინდელი ხალხისთვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, რა პრინციპებითა და რა ჩარჩოებში უნდა ემოქმედათ და როგორ უნდა ერწმუნათ ღმერთი და დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნები. ყოველივე ეს განისაზღვრებოდა იმდროინდელი ადამიანების სულიერი ზრდის საფუძველზე. მათთვის, ვინც რჯულის მიმდევარი იყო, არ იყო ადვილი ამ წესების მიღება, ამიტომ უფალი იესოს ქადაგების შინაარსი სწორედ ამით შემოიფარგლებოდა.
ახლა კი განვიხილოთ „უფალ იესოს იგავების“ შინაარსი.
პირველი იგავი არის მთესველზე. ეს ძალიან საინტერესო იგავია; თესლის თესვა ადამიანთა ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. მეორე არის იგავი ღვარძლზე. ყველას, ვისაც მოსავალი მოუყვანია და ყველა ზრდასრულს ეცოდინება, თუ რა არის „ღვარძლი“. მესამე იგავი არის მდოგვის მარცვალზე. ყველამ იცით, რა არის მდოგვი, არა? თუ არ იცით, შეგიძლიათ ბიბლიაში ნახოთ. მეოთხე იგავი არის საფუარზე. ადამიანთა უმეტესობამ იცის, რომ საფუარი ფერმენტაციისთვის გამოიყენება და ისეთი რამ არის, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. შემდგომი იგავები — მათ შორის მეექვსე, იგავი განძზე; მეშვიდე, იგავი მარგალიტზე; და მერვე, იგავი ბადეზე — ყველა ადამიანთა ცხოვრებიდან იყო აღებული, ადამიანთა რეალური ცხოვრებიდან მომდინარეობდა. როგორი სურათი იხატება ამ იგავებით? ეს არის სურათი ღმერთისა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანად იქცა და ადამიანთა გვერდით ცხოვრობდა, იყენებდა ცხოვრებისეულ, ადამიანურ ენას მათთან საკომუნიკაციოდ და მათთვის საჭიროებისამებრ მისაწოდებლად. როდესაც ღმერთმა ხორცი შეისხა და იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ადამიანთა შორის, მას შემდეგ, რაც მან გამოსცადა და იხილა ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა წესი, ცხოვრების ეს გამოცდილება მის სასწავლო მასალად იქცა, რომლის მეშვეობითაც მან თავისი ღვთაებრივი ენა ადამიანურ ენად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, ამ ყოველივემ, რაც მან ცხოვრებაში იხილა და მოისმინა, ასევე გაამდიდრა ძე კაცისას ადამიანური გამოცდილება. როდესაც მას სურდა, ადამიანებს გაეგოთ გარკვეული ჭეშმარიტებანი, ჩასწვდომოდნენ ღვთის განზრახვებს, მაშინ მას შეეძლო ზემოთქმულის მსგავსი იგავების გამოყენება, რათა ეუწყებინა ადამიანებისთვის ღვთის განზრახვებისა და მათ მიმართ მისი მოთხოვნების შესახებ. ყველა ეს იგავი ადამიანთა ცხოვრებას უკავშირდებოდა; არცერთი მათგანი არ ყოფილა ადამიანთა ცხოვრებას მოწყვეტილი. როდესაც უფალი იესო ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, იგი ხედავდა, როგორ უვლიდნენ მიწათმოქმედნი თავიანთ ყანებს და იცოდა, რა იყო ღვარძლი და რა — საფუარი; მას ესმოდა, რომ ადამიანებს უყვართ განძი, ამიტომ მან გამოიყენა როგორც განძის, ისე მარგალიტის მეტაფორები. ცხოვრებაში ხშირად ხედავდა მეთევზეებს, რომლებიც ბადეებს ისროდნენ; უფალი იესო ხედავდა ამას და ადამიანთა ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს და თავადაც გამოსცადა ამგვარი ცხოვრება. ნებისმიერი სხვა ნორმალური ადამიანის მსგავსად მან გამოსცადა ადამიანთა ყოველდღიური რუტინა; ის დღეში სამჯერ იკვებებოდა. მან პირადად გამოსცადა რიგითი ადამიანის ცხოვრება; ამასთანავე იგი აკვირდებოდა სხვების ცხოვრებას. როდესაც იგი აკვირდებოდა და პირადად განიცდიდა ყოველივე ამას, ის იმაზე კი არ ფიქრობდა, თუ როგორ მოეწყო კარგი ცხოვრება ან როგორ ეცხოვრა უფრო ლაღად და კომფორტულად; ნაცვლად ამისა, ნამდვილი ადამიანური ცხოვრების გამოცდისას, უფალმა იესომ იხილა ადამიანთა ცხოვრებისეული სიდუხჭირე. მან იხილა სატანის ძალაუფლების ქვეშ მყოფი და სატანისეული გახრწნილების გამო ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანთა სიდუხჭირე, უბადრუკობა და სავალალო მდგომარეობა. ადამიანური ცხოვრების პირადად გამოცდისას მან ასევე გამოსცადა, თუ რაოდენ უმწეონი იყვნენ გახრწნილებაში მცხოვრები ადამიანები; მან იხილა და გამოსცადა ცოდვაში მცხოვრებ ადამიანთა სავალალო მდგომარეობა, რომლებიც ცოდვაში ცხოვრობდნენ და რომელთაც ყოველგვარი ორიენტირი დაეკარგათ სატანისა და ცოდვისგან მიყენებული ტანჯვის გამო. როდესაც უფალმა იესომ იხილა ყოველივე ეს, მან ეს თავისი ღვთაებრივი ბუნებით დაინახა თუ ადამიანური ბუნებით? მას ნამდვილად ჰქონდა ძალზე ცოცხალი ადამიანური ბუნება; მას შეეძლო ამ ყოველივეს გამოცდა და დანახვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ეს ყოველივე თავისი არსითაც იხილა, რაც მისი ღვთაებრიობაა; ანუ თავად ქრისტემ, ამ პიროვნებამ — უფალმა იესომ — იხილა ეს. ყოველივე ნანახმა მას დაანახა იმ საქმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რომელიც თავისი განკაცების პერიოდში უნდა ეტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ თავად უწყოდა, თუ რაოდენ უზარმაზარი იყო ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ განკაცებისას უნდა აეღო საკუთარ თავზე და იცოდა, რაოდენ სასტიკ ტკივილს შეეჩეხებოდა წინ, როდესაც დაინახა ცოდვაში უმწეოდ მყოფი კაცობრიობა, როდესაც იხილა მათი ცხოვრების უბადრუკობა და მათი უსუსური ბრძოლა რჯულის ფარგლებში, მას გული უფრო და უფრო დაუმძიმდა და კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა სურვილი, გადაერჩინა კაცობრიობა ცოდვისგან. რა რთული სიტუაციების წინაშეც არ უნდა აღმოჩენილიყო ან რა ტკივილიც არ უნდა განეცადა, იგი სულ უფრო მტკიცედ იყო განწყობილი ცოდვაში მცხოვრები ადამიანის გამოსასყიდად. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში უფალმა იესომ სულ უფრო და უფრო ნათლად დაიწყო იმ საქმის გაცნობიერება, რომელიც უნდა აღესრულებინა და იმ ღვთიური მისიის გაგება, რომელიც საკუთარ თავზე უნდა ეტვირთა. მას ასევე სულ უფრო მეტად უძლიერდებოდა სურვილი, დაესრულებინა ის საქმე, რომელიც საკუთარ თავზე უნდა აეღო — ეტვირთა ადამიანის ყველა ცოდვა, გამოესყიდა კაცობრიობა, რათა მათ აღარ ეცხოვრათ ცოდვაში და ამავდროულად ღმერთს აღარ გაეხსენებინა ადამიანის ცოდვები ცოდვის გამოსასყიდი შესაწირავის გამო, რაც მას კაცობრიობის გადარჩენის საქმის შემდგომი გაგრძელების საშუალებას მისცემდა. შეიძლება ითქვას, რომ უფალ იესოს გულში იყო მზაობა, საკუთარი თავი გაეღო კაცობრიობისთვის, მსხვერპლად შეეწირა თავი. ის ასევე მზად იყო, ჯვარს ეცვათ, როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, და მეტიც, ის მოუთმენლად ელოდა ამ საქმის დასრულებას. იმდენად, რომ როდესაც მან იხილა ადამიანთა ცხოვრების სავალალო მდგომარეობა, უფრო მეტად მოისურვა თავისი მისიის შეძლებისდაგვარად სწრაფი დასრულება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე — ერთი წუთით ან თუნდაც ერთი წამით. ამგვარი გადაუდებლობის განცდით, მას არ უფიქრია, თუ რაოდენ დიდი იქნებოდა მისი ტკივილი და არც იმაზე უდარდია, თუ რამხელა დამცირების ატანა მოუწევდა. მის გულში მხოლოდ ერთი რწმენა იყო: თუ ის საკუთარ თავს შესწირავდა, თუ მას ჯვარზე გააკრავდნენ და ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი იქნებოდა, მაშინ ღვთის ნება შესრულდებოდა და ღმერთი ახალი საქმის დაწყებას შეძლებდა. კაცობრიობის ცხოვრება და ცოდვაში არსებობის ყოფა სრულიად გარდაიქმნებოდა. მისი რწმენა და ის, რისი გაკეთებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, ორივე კაცობრიობის ხსნას უკავშირდებოდა და მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა — მიჰყოლოდა ღვთის ნებას, რათა ღმერთს წარმატებით დაეწყო თავისი საქმის შემდეგი ეტაპი. სწორედ ეს იყო იმ დროს უფალი იესოს გონებაში.
როგორც ხორციელად მცხოვრებ განკაცებულ ღმერთს, მას გააჩნდა ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება; მას ჰქონდა ჩვეულებრივი ადამიანის გრძნობები და გონიერება. მან იცოდა, რა იყო ბედნიერება, რა იყო ტკივილი და როდესაც იხილა, რომ კაცობრიობა ამგვარი ცხოვრებით ცხოვრობდა, მან ღრმად შეიგრძნო, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ გარკვეული სწავლება, მათთვის რაიმეს მიცემა ან მათი დარიგება არ იქნებოდა საკმარისი ცოდვიდან მათ გამოსაყვანად და რომ მხოლოდ მცნებების მორჩილებაც ვერ იხსნიდა მათ ცოდვისგან — მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იტვირთავდა კაცობრიობის ცოდვას და გახდებოდა ცოდვილი ხორციელი ადამიანის მსგავსი, შეძლებდა სანაცვლოდ ადამიანის თავისუფლებისა და კაცობრიობისთვის ღვთის პატიების მოპოვებას. ამიტომ მას შემდეგ, რაც უფალმა იესომ გამოსცადა და იხილა ადამიანთა ცოდვილი ცხოვრება, მის გულში გაჩნდა ძლიერი სურვილი — საშუალება მიეცა ადამიანებისთვის, რათა თავი დაეღწიათ ცოდვით გზააბნეული ცხოვრებისგან. ამ სურვილმა მას სულ უფრო მეტად აგრძნობინა, რომ იგი რაც შეიძლება მალე და სწრაფად უნდა ასულიყო ჯვარზე და მას უნდა ეტვირთა კაცობრიობის ცოდვები. სწორედ ეს იყო უფალ იესოს ფიქრები იმ დროს, მას შემდეგ, რაც მან ადამიანთა შორის იცხოვრა და საკუთარი თვალით იხილა, მოისმინა და იგრძნო ცოდვაში მყოფ ადამიანთა ცხოვრების სიმწარე. ის, რომ განკაცებულ ღმერთს შეეძლო ჰქონოდა ამგვარი განზრახვა კაცობრიობის მიმართ, რომ მას შეეძლო გამოეხატა და გამოევლინა ამგვარი ხასიათი — არის კი ეს ისეთი რამ, რაც რიგით ადამიანს შეიძლება ჰქონდეს? რას დაინახავდა რიგითი ადამიანი ამგვარ გარემოში ცხოვრებისას? რას იფიქრებდა იგი? რიგითი ადამიანი ამ ყოველივეს წინაშე რომ აღმოჩენილიყო, შეხედავდა კი იგი პრობლემებს ამაღლებული გადმოსახედიდან? ნამდვილად არა! მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ღმერთის გარეგნობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ადამიანისა და მიუხედავად იმისა, რომ იგი ეუფლება ადამიანურ ცოდნას და საუბრობს ადამიანური ენით და ზოგჯერ საკუთარ აზრებს ადამიანური მეთოდებით ან ადამიანური გამონათქვამების ციტირებითაც კი გამოხატავს, მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ ხედავს იგი კაცობრიობასა და საგანთა არსს, სრულიად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ხედავს მათ გახრწნილი კაცობრიობა. მისი გადმოსახედი და სიმაღლე, რომელზეც იგი დგას, მიუწვდომელია გახრწნილი კაცობრიობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. ეს იმიტომ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, რადგან ხორციელი სხეული, რომლითაც იგი იმოსება, ასევე ფლობს თავად ღვთის არსს, ხოლო მისი ფიქრები და ის, რაც მისი ადამიანობით გამოიხატება, ასევე ჭეშმარიტებაა. გახრწნილი კაცობრიობისთვის ის, რასაც იგი ხორციელი სხეულით გამოხატავს, არის ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მიცემა. ის ამას მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ კაცობრიობას აძლევს. ნებისმიერი გახრწნილი ადამიანის გულში მხოლოდ ის რამდენიმე ადამიანია, ვინც მასთან არის დაკავშირებული. ისინი მხოლოდ ამ ერთ მუჭა ხალხზე ზრუნავენ და წუხან. როდესაც უბედურება ხდება, ისინი პირველ რიგში საკუთარ შვილებზე, მეუღლეზე ან მშობლებზე ფიქრობენ. „ყველაზე მეტად კაცთმოყვარე ადამიანიც“ კი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ რომელიმე ნათესავზე ან კარგ მეგობარზე თუ იფიქრებდა, მაგრამ განა იგი ოდესმე სხვებზეც იზრუნებდა? არა, არასოდეს! ეს იმიტომ, რომ ადამიანები საბოლოო ჯამში ადამიანები არიან და ისინი ყველაფერს უყურებენ მხოლოდ ადამიანური სიმაღლიდან და გადმოსახედიდან. თუმცა განკაცებული ღმერთი სრულიად განსხვავდება გახრწნილი ადამიანისგან. რაც არ უნდა ჩვეულებრივი, ნორმალური და თავმდაბალი იყოს განკაცებული ღმერთი ან თუნდაც რაც არ უნდა ზემოდან უყურებდნენ მას ადამიანები, მისი ფიქრები და მისი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ არის ის, რაც არცერთ ადამიანს არ გააჩნია და რისი მიბაძვაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს. იგი ყოველთვის დააკვირდება კაცობრიობას ღვთაებრიობის გადმოსახედიდან, შემოქმედის პოზიციიდან. იგი ყოველთვის დაინახავს კაცობრიობას ღვთის არსითა და აზროვნებით. იგი აბსოლუტურად არ შეხედავს კაცობრიობას რიგითი ადამიანის სიმაღლიდან ან გახრწნილი ადამიანის გადმოსახედიდან. როდესაც ადამიანები უყურებენ კაცობრიობას, ისინი ამას ადამიანური ხედვით აკეთებენ და საზომად იყენებენ ისეთ რამეებს, როგორიცაა ადამიანური ცოდნა, ადამიანური წესები და თეორიები. სწორედ ამ ფარგლებში შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი თვალით დანახვა და სწორედ ამ ფარგლების მიღწევა ძალუძს გახრწნილ კაცობრიობას. როდესაც ღმერთი კაცობრიობას უყურებს, ის მას ღვთაებრივი პერსპექტივიდან აფასებს და საზომად იყენებს თავის არსს, აგრეთვე იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ეს არის ის ფარგლები, რომელთა დანახვაც ადამიანებს არ ძალუძთ და სწორედ ამით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან განკაცებული ღმერთი და გახრწნილი ადამიანები. ეს განსხვავება განისაზღვრება ადამიანებისა და ღვთის განსხვავებული არსით — სწორედ ეს განსხვავებული არსი განსაზღვრავს მათ ვინაობასა და პოზიციას, ასევე იმ გადმოსახედსა და სიმაღლეს, საიდანაც ისინი საგნებს ხედავენ. ხედავთ თუ არა თავად ღვთის გამოხატულებასა და გამოვლინებას უფალ იესოში? შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც უფალმა იესომ აღასრულა და თქვა, უკავშირდებოდა მის მსახურებასა და თავად ღვთის მიერ აღსასრულებელ მართვის საქმეს, რომ ყოველივე ეს იყო ღვთის არსის გამოხატულება და გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა გარკვეული ადამიანური გამოვლინებები, მისი ღვთაებრივი არსისა და მისი ღვთაებრიობის გამოვლინების უარყოფა შეუძლებელი იყო. იყო კი ეს ადამიანური გამოვლინებები ნამდვილად ადამიანური გამოვლინებები? მისი ადამიანური გამოვლინებები თავისი არსით სრულიად განსხვავდებოდა გახრწნილი კაცობრიობის ადამიანური გამოვლინებებისგან. უფალი იესო იყო განკაცებული ღმერთი. იგი მართლაც რომ გახრწნილი კაცობრიობის რიგითი წარმომადგენელი ყოფილიყო, შეძლებდა კი იგი კაცობრიობის ცოდვილ ცხოვრებაზე ღვთაებრივი გადმოსახედიდან დაკვირვებას? ვერავითარ შემთხვევაში! სწორედ ეს არის განსხვავება ძე კაცისასა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. გახრწნილი ადამიანები ცოდვაში ცხოვრობენ და როდესაც ვინმე ხედავს ცოდვას, მას არავითარი განსაკუთრებული გრძნობა არ უჩნდება ამის მიმართ; ისინი ყველანი ერთნაირები არიან ზუსტად ისე, როგორც ტალახში მცხოვრები ღორი, რომელიც სულაც არ გრძნობს დისკომფორტს ან სიბინძურეს — პირიქით, იგი კარგად ჭამს და ტკბილად სძინავს. ვინმემ საღორე რომც დაასუფთაოს, ღორი სინამდვილეში თავს უხერხულად იგრძნობს და სუფთად არ დარჩება. მალევე იგი კვლავ ტალახში დაიწყებს გორაობას, სრულიად კომფორტულად, რადგან იგი ბინძური ქმნილებაა. ადამიანი ღორს ბინძურად მიიჩნევს, მაგრამ ამ უკანასკნელის საცხოვრებელი რომც დაასუფთაო, იგი თავს უკეთესად სულაც არ იგრძნობს — სწორედ ამიტომ არავის ჰყავს ღორი სახლში. ის, თუ როგორ ხედავს ადამიანი ღორს, სულ სხვაა და როგორ გრძნობს თავს თავად ღორი — სხვა, რადგან ადამიანი და ღორი ერთი და იმავე მოდგმისანი არ არიან. და სწორედ იმიტომ, რომ განკაცებული ძე კაცისა არ არის იმავე მოდგმისა, როგორიც გახრწნილი ადამიანები, მხოლოდ განკაცებულ ღმერთს შეუძლია შეხედოს კაცობრიობასა და ყოველივე სხვას ღვთის გადმოსახედიდან და სიმაღლიდან.
როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს და ადამიანთა შორის ცხოვრობს, რა ტანჯვას განიცდის მისი ხორციელი სხეული? ნამდვილად ესმის კი ეს ვინმეს? ზოგი ამბობს, რომ ღმერთი დიდად იტანჯება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ღმერთია, ადამიანებს არ ესმით მისი არსი, არამედ ისინი ყოველთვის ისე ეპყრობიან მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რაც მას გულისტკენასა და უსამართლობის განცდას ჰგვრის — ისინი ამბობენ, რომ ღვთის ტანჯვა მართლაც დიდია. სხვები ამბობენ, რომ ღმერთი უდანაშაულო და უცოდველია, მაგრამ იგი ისევე იტანჯება, როგორც ადამიანები, რომ იგი ადამიანებთან ერთად იტანს დევნას, ცილისწამებასა და შეურაცხყოფას; ისინი ამბობენ, რომ იგი ასევე ითმენს თავისი მიმდევრების გაუგებრობასა და ამბოხებას — ამგვარად, ისინი ამბობენ, რომ ღვთის ტანჯვის შეფასება მართლაც შეუძლებელია. ახლა, როგორც ჩანს, თქვენ ნამდვილად არ გესმით ღვთისა. სინამდვილეში ეს ტანჯვა, რომელზეც საუბრობთ, არ ითვლება ღვთისთვის ჭეშმარიტ ტანჯვად, რადგან არსებობს ამაზე დიდი ტანჯვა. მაშინ რა არის ჭეშმარიტი ტანჯვა თავად ღვთისთვის? რა არის ჭეშმარიტი ტანჯვა განკაცებული ღვთისთვის? ღვთისთვის ის, რომ ადამიანებს არ ესმით მისი, არ ითვლება ტანჯვად და არც ის ითვლება ტანჯვად, რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული მცდარი წარმოდგენა ღვთის შესახებ და არ აღიქვამენ მას ღმერთად. თუმცა, ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ ღმერთმა დიდი უსამართლობა განიცადა, რომ იმ დროს, რომელსაც ღმერთი ხორციელ სხეულში ატარებს, მას არ ძალუძს აჩვენოს თავისი პიროვნება კაცობრიობას და მისი სიდიადე დაანახოს და რომ ღმერთი ყოველთვის თავმდაბლად იმალება უმნიშვნელო ხორციელ სხეულში და რომ ეს მისთვის დიდი სატანჯველი უნდა იყოს. ადამიანებს გულთან ახლოს მიაქვთ ის, რისი გაგებაც ძალუძთ და რასაც ხედავენ ღვთის ტანჯვიდან; ისინი ყოველგვარ თანაგრძნობას გამოხატავენ ღვთის მიმართ და ხშირად მცირედაც განადიდებენ კიდეც მას ამ ტანჯვისთვის. სინამდვილეში არსებობს განსხვავება, დიდი შეუსაბამობა იმას შორის, რასაც ადამიანები აცნობიერებენ ღვთის ტანჯვის შესახებ და იმას შორის, რასაც იგი ჭეშმარიტად გრძნობს. მე გეუბნებით თქვენ ჭეშმარიტებას — ღვთისთვის, მიუხედავად იმისა, ღვთის სული იქნება ეს თუ ღვთის განკაცებული ხორციელი სხეული, ზემოთ ნახსენები ტანჯვა არ არის ჭეშმარიტი ტანჯვა. მაშინ სინამდვილეში რა ტანჯვას განიცდის ღმერთი? მოდით, ვისაუბროთ ღვთის ტანჯვაზე მხოლოდ განკაცებული ღვთის გადმოსახედიდან.
როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, ის რიგით, ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა, ცხოვრობს ადამიანთა შორის, ცხოვრობს მათ გვერდით, განა არ შეუძლია მას დაინახოს და შეიგრძნოს ადამიანთა ცხოვრების წესები და კანონები და ადამიანთა წარმოდგენები ცხოვრების შესახებ? რა გრძნობას განიცდის ის ცხოვრების ამ წესებისა და კანონების მიმართ? გრძნობს თუ არა იგი ზიზღს თავის გულში? რატომ უნდა იგრძნოს მან ზიზღი? რა არის კაცობრიობის ცხოვრების წესები და კანონები? რა პრინციპებს ეყრდნობა ისინი? რას ეფუძნება? კაცობრიობის წესები, კანონები და მსგავსი რამ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ — ყოველივე ეს შექმნილია სატანის ლოგიკის, ცოდნისა და ფილოსოფიის საფუძველზე. ამგვარი კანონების მიხედვით მცხოვრებ ადამიანებს არ გააჩნიათ ადამიანობა, არ გააჩნიათ ჭეშმარიტება — ისინი ყველანი ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ. მოდით, შევხედოთ ღვთის არსს: ღვთის არსი ზუსტად სატანის ლოგიკის, ცოდნისა და ფილოსოფიის საპირისპიროა. მისი არსი სავსეა სიმართლით, ჭეშმარიტებითა და სიწმინდით და ყოველივე დადებითის სხვა რეალობით. როდესაც ღმერთი, რომელიც ფლობს ამ არსს, ცხოვრობს ამგვარ ადამიანთა შორის, რას გრძნობს იგი თავის გულში? განა ის არ არის სავსე ტკივილით? მისი გული ტკივილს განიცდის, რომლის გაგება ან გამოცდა არცერთ ადამიანს არ შეუძლია. ეს იმიტომ, რომ ყოველივე, რის წინაშეც იგი დგას, რასაც აწყდება, ისმენს, ხედავს და განიცდის, არის კაცობრიობის გახრწნილება, ბოროტება და მათი ამბოხება და წინააღმდეგობა ჭეშმარიტების მიმართ. ყველაფერი, რაც ადამიანებისგან მოდის, მისი ტანჯვის წყაროა. ანუ რადგან მისი არსი არ არის იგივე, რაც გახრწნილი ადამიანებისა, ადამიანთა გახრწნილება ხდება მისი უდიდესი ტანჯვის წყარო. როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, შეუძლია კი მას იპოვოს ვინმე, ვინც მასთან საერთო ენას გამონახავს? ასეთი ადამიანი კაცობრიობაში ვერ მოიძებნება. ვერ მოიძებნება ვერავინ, ვინც შეძლებს ღმერთთან ურთიერთობას ან ვისაც ექნება მასთან ეს კავშირი — რას იტყვი, რას გრძნობს ღმერთი ამასთან დაკავშირებით? ის, რასაც ადამიანები განიხილავენ, რაც უყვართ, რისკენაც ისწრაფვიან და რაც ენატრებათ, ყოველივე ცოდვასა და ბოროტ ტენდენციებთან არის დაკავშირებული. როდესაც ღმერთი ამ ყოველივეს წინაშე დგას, განა ეს მის გულში დანის ჩაცემას არ ჰგავს? ამ ყოველივეს წინაშე მდგომს შეეძლო კი სიხარული ჰქონოდა გულში? შეეძლო კი მას ნუგეშის პოვნა? ისინი, ვინც მასთან ერთად ცხოვრობენ, ამბოხებითა და ბოროტებით სავსე ადამიანები არიან — როგორ არ უნდა იტანჯებოდეს მისი გული? სინამდვილეში რაოდენ დიდია ეს ტანჯვა და ვინ ზრუნავს მასზე? ვინ აქცევს ყურადღებას? და ვის შესწევს უნარი, დააფასოს იგი? ადამიანს არ ძალუძს, ღვთის გულს ჩასწვდეს, მით უმეტეს, მისი ტანჯვა დააფასოს. ადამიანის სიცივე და უგრძნობლობა კიდევ უფრო აღრმავებს ღვთის ტანჯვას.
არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად თანაუგრძნობენ ქრისტეს მძიმე მდგომარეობას, რადგან ბიბლიაში არის მუხლი, რომელიც ამბობს: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“ როდესაც ადამიანები ამას ისმენენ, მათ ეს გულთან ახლოს მიაქვთ და მიაჩნიათ, რომ ეს არის უდიდესი ტანჯვა, რომელსაც ღმერთი ითმენს და უდიდესი ტანჯვა, რომელსაც ქრისტე ითმენს. ახლა ფაქტების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ნამდვილად ასეა? არა; ღმერთი არ მიიჩნევს ამ ტანჯვას ტანჯვად. მას არასოდეს დაუჩივლია უსამართლობაზე თავისი ხორციელი ტანჯვის გამო და არასოდეს მოუთხოვია ადამიანისგან სანაცვლოდ ჯილდო ან რაიმეთი გადახდა. თუმცა, როდესაც იგი ხედავს ყოველივეს ადამიანთან დაკავშირებით, გახრწნილი ადამიანების გახრწნილ ცხოვრებასა და ბოროტებას, როდესაც იგი ხედავს, რომ ადამიანი სატანის მარწუხებშია, დატყვევებულია სატანის მიერ და მას არ შეუძლია თავის დაღწევა, რომ ადამიანი ცოდვაში ცხოვრობს და მან არ იცის, რა არის ჭეშმარიტება, ადამიანის ყველა ცოდვა მისთვის აუტანელი ხდება და იწვევს ადამიანების მიმართ მისი ზიზღის დღითიდღე ზრდას — თუმცა, ამავდროულად მას უწევს ამ ყოველივეს ატანა. სწორედ ეს არის ღვთის დიდი ტანჯვა. ღმერთს არ შეუძლია სრულად გამოხატოს თავისი გულის ხმა ან ემოციებიც კი თავის მიმდევრებს შორის და მის მიმდევართაგან არავის ძალუძს ჭეშმარიტად ჩაწვდეს მის ტანჯვას. არავინ ცდილობს, გაიგოს ან ანუგეშოს მისი გული. მისი გული ითმენს ამ ტანჯვას დღითი დღე, წლიდან წლამდე და კვლავ და კვლავ. რას ხედავთ ამ ყოველივეში? ღმერთი არაფერს ითხოვს ადამიანებისგან იმის სანაცვლოდ, რაც მან გასცა, მაგრამ ღვთიური არსის გამო, მას არავითარ შემთხვევაში არ ძალუძს შეეგუოს კაცობრიობის ბოროტებას, გახრწნილებასა და ცოდვას; ნაცვლად ამისა იგი გრძნობს უკიდურეს ზიზღსა და სიძულვილს, რაც იწვევს იმას, რომ ღვთის გული და მისი ხორცი დაუსრულებელ ტანჯვას ითმენს. დაგინახავთ ეს? სავარაუდოდ ვერცერთი თქვენგანი ვერ დაინახავდა ამას, რადგან არცერთ თქვენგანს არ ესმის ჭეშმარიტად ღვთისა. დრო დაუთმეთ და თავად გამოსცადეთ ეს!
ახლა კი განვიხილოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთები.
9. იესო სასწაულებს ახდენს
ა. იესო ხუთი ათას კაცს აპურებს
იოან. 6:8–13 ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ თქვა იესომ: „უთხარით ხალხს, დასხდნენ.“ ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს.“ მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
ბ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა ღმერთს განადიდებს
იოან. 11:43–44 ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს“.
უფალ იესოს მიერ მოხდენილ სასწაულთაგან ჩვენ მხოლოდ ეს ორი შევარჩიეთ, რადგან ისინი სავსებით საკმარისია იმის საჩვენებლად, რაზე საუბარიც აქ მსურს. ეს ორი სასწაული მართლაც განსაცვიფრებელია და საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს იმ სასწაულებისა, რომლებიც უფალმა იესომ მადლის ეპოქაში მოახდინა.
პირველ რიგში, მოდით, განვიხილოთ პირველი მონაკვეთი: „იესო ხუთი ათას კაცს აპურებს“.
რას გულისხმობს „ხუთი პური და ორი თევზი“? ჩვეულებრივ რამდენი ადამიანის დანაყრებაა შესაძლებელი ხუთი პურითა და ორი თევზით? თუ საზომად საშუალო ადამიანის მადას ავიღებთ, ეს მხოლოდ ორ ადამიანს ეყოფოდა. ეს არის „ხუთი პურისა და ორი თევზის“ ყველაზე ელემენტარული არსი. თუმცა ამ მონაკვეთში რამდენი ადამიანი დანაყრდა ხუთი პურითა და ორი თევზით? წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.“ ხუთ პურსა და ორ თევზთან შედარებით ხუთი ათასი დიდი რიცხვია? რაზე მიუთითებს ის, რომ ეს რიცხვი ასეთი დიდია? ადამიანური გადმოსახედიდან ხუთი ათას ადამიანზე ხუთი პურისა და ორი თევზის განაწილება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ადამიანთა რაოდენობასა და საკვებს შორის სხვაობა მეტისმეტად დიდია. თითოეულ ადამიანს თითო პატარა ლუკმაც რომ შეეჭამა, ეს მაინც არ ეყოფოდა ხუთ ათას ადამიანს. მაგრამ აქ უფალმა იესომ სასწაული მოახდინა — მან არა მხოლოდ დააპურა ხუთი ათასი ადამიანი, არამედ საკვები კიდევ დარჩა. წმინდა წერილში წერია: „როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: ‚მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს. მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.“ ამ სასწაულმა ადამიანებს დაანახა უფალ იესოს ვინაობა და სტატუსი; დაანახა, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია და დაანახა ღვთის ყოვლისშემძლეობის ფაქტი. აქ ხუთი პური და ორი თევზი საკმარისი აღმოჩნდა ხუთი ათასი ადამიანის დასაპურებლად, მაგრამ საერთოდ რომ არ ყოფილიყო საკვები, შეძლებდა ღმერთი ხუთი ათასი ადამიანის დაპურებას? რა თქმა უნდა, შეძლებდა! ეს იყო სასწაული, ამიტომ გარდაუვალია, რომ აქ იყო ადამიანებისთვის წარმოუდგენელი ასპექტები, რომლებიც მათთვის საოცარი და მიუწვდომელი ჩანდა, მაგრამ ღვთისთვის მსგავსი რამის გაკეთება არაფერს წარმოადგენდა. რაკი ღვთისთვის ეს ჩვეულებრივი რამ იყო, რატომ უნდა გამოვყოთ ის ახლა განსამარტად? იმიტომ, რომ ამ სასწაულის მიღმა დგას უფალ იესოს განზრახვა, რომელიც კაცობრიობას მანამდე არასოდეს შეუმჩნევია.
პირველ რიგში, მოდით, ვცადოთ გავიგოთ, თუ როგორი ხალხი იყო ეს ხუთი ათასი ადამიანი. იყვნენ ისინი უფალ იესოს მიმდევრები? წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ისინი არ იყვნენ მისი მიმდევრები. იცოდნენ მათ, ვინ იყო უფალი იესო? რა თქმა უნდა, არა! სულ მცირე, მათ არ იცოდნენ, რომ მათ წინაშე მდგომი პიროვნება ქრისტე იყო, ან შესაძლოა ზოგიერთმა მხოლოდ მისი სახელი იცოდა ან მათ გაგონილი ჰქონდათ რაღაც მის მიერ აღსრულებული საქმეების შესახებ. ამ ამბებში ისინი უფალ იესოს მიმართ მხოლოდ ცნობისმოყვარეობას იჩენდნენ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ისინი მიჰყვებოდნენ მას, მით უმეტეს, რომ მათ ესმოდათ მისი. როდესაც უფალმა იესომ ეს ხუთი ათასი ადამიანი იხილა, ისინი მშივრები იყვნენ და მხოლოდ დანაყრება სურდათ, ამიტომ სწორედ ამ ვითარებაში დააკმაყოფილა უფალმა იესომ მათი სურვილი. როდესაც მან მათი სურვილი დააკმაყოფილა, რა ედო მას გულში? როგორი იყო მისი დამოკიდებულება ამ ადამიანთა მიმართ, რომელთაც მხოლოდ დანაყრება სურდათ? აქ უფალ იესოს ფიქრები და მისი დამოკიდებულება ღვთის ხასიათსა და არსს მოიცავდა. ამ ხუთი ათასი მშიერი ადამიანის წინაშე, რომელთაც მხოლოდ დაპურება სურდათ, ამ ადამიანების წინაშე, რომლებიც მის მიმართ ცნობისმოყვარეობითა და იმედით აღსავსენი იყვნენ, უფალ იესოს მხოლოდ ის სურდა, რომ ეს სასწაული მათთვის მადლის მისანიჭებლად გამოეყენებინა. თუმცა მას არ ჰქონია იმედი, რომ ისინი მისი მიმდევრები გახდებოდნენ, რადგან იცოდა, რომ მათ მხოლოდ სანახაობაში მონაწილეობის მიღება და დანაყრება სურდათ. ამიტომ მან გამოიყენა ის, რაც ხელთ ჰქონდა და ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი ადამიანი დააპურა და ამით თვალსაწიერი გაუფართოვა ამ ადამიანებს, რომელთაც სიამოვნებდათ საინტერესო მოვლენების ყურება და სასწაულების ხილვა; საკუთარი თვალით დაანახა მათ ის, რისი აღსრულებაც განკაცებულ ღმერთს შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იესომ ფაქტები გამოიყენა მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მან გულში უკვე იცოდა, რომ ამ ხუთ ათას ადამიანს მხოლოდ პურით დანაყრება სურდა, ამიტომ მას მათთვის არ უქადაგია და საერთოდ არაფერი უთქვამს — მან უბრალოდ მისცა მათ ამ სასწაულის ხილვის საშუალება, როდესაც ის ხდებოდა. უფალი ნამდვილად არ მოექცეოდა ამ ადამიანებს ისე, როგორც თავის მოწაფეებს, რომლებიც ჭეშმარიტად მიჰყვებოდნენ მას, მაგრამ ღვთის გულში ყოველი ქმნილება მისი მეუფების ქვეშაა და ის თავის წინაშე მყოფ ყველა ქმნილებას აძლევს ღვთის მადლით ტკბობის საშუალებას საჭიროების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ის, მათ არ ესმოდათ მისი და პურისა და თევზის ჭამის შემდეგაც კი არ შექმნიათ მასზე რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ან არ გასჩენიათ მისდამი მადლიერების გრძნობა, ღმერთს ეს პრობლემად არ მიუჩნევია — მან ამ ადამიანებს ღვთის მადლით ტკბობის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა. ზოგიერთი ამბობს, რომ ღმერთი პრინციპულია თავის საქმეში, რომ ის არ მფარველობს და არ იცავს არამორწმუნეებს და, კერძოდ, არ აძლევს მათ მისი მადლით ტკბობის უფლებას. ნამდვილად ასეა ეს? ღვთის თვალში ის მართავს და ზრუნავს ყოველივე ცოცხალსა და მის მიერ შექმნილ ყოველ არსებაზე, სხვადასხვაგვარად ეპყრობა მათ, განაგებს მათ ხვედრს და მეუფებს მათზე. ასეთია ღვთის ფიქრები და დამოკიდებულება ყოველივეს მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ხუთ ათას ადამიანს, რომლებმაც პური და თევზი ჭამეს, არ ჰქონდა განზრახული უფალ იესოს გაყოლა, მას ეს პრობლემად არ მიუჩნევია; მას შემდეგ, რაც ისინი დანაყრდნენ, იცით თუ არა, რა გააკეთა უფალმა იესომ? უქადაგა მან მათ საერთოდ? სად წავიდა იგი ამის გაკეთების შემდეგ? წმინდა წერილი არ მოგვითხრობს, რომ უფალმა იესომ მათ რაიმე უთხრა, არამედ მხოლოდ იმას, რომ მან თავისი სასწაულის მოხდენის შემდეგ უხმოდ დატოვა იქაურობა. მაშ, წაუყენა მან რაიმე მოთხოვნა ამ ადამიანებს? იყო რაიმე სიძულვილი? არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მას უბრალოდ აღარ სურდა მეტი ყურადღება დაეთმო ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერასოდეს გაჰყვებოდნენ მას და ამ დროს მისი გული ტკივილით იყო სავსე. რადგან მან იხილა კაცობრიობის ზნედაცემულობა და შეიგრძნო კაცობრიობისგან მისი უარყოფა, რადგან ის დამწუხრებული და გულნატკენი იყო ადამიანთა სიბრმავითა და უმეცრებით, როდესაც ხედავდა ამ ადამიანებს ან მათთან ერთად იყო, ერთადერთი, რაც მას სურდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა ისინი. უფალმა გულში არავითარი მოთხოვნა არ წაუყენა ამ ადამიანებს. მას არ სურდა მათთვის ყურადღების მიქცევა, მით უმეტეს, მათზე ენერგიის დახარჯვა; მან იცოდა, რომ ისინი ვერ გაჰყვებოდნენ მას. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მისი დამოკიდებულება მათ მიმართ მაინც ძალიან ნათელი იყო. მას უბრალოდ სურდა, კეთილად მოპყრობოდა მათ, მადლი მიენიჭებინა მათთვის, და ასეთი იყო ღვთის დამოკიდებულება მისი მეუფების ქვეშ მყოფი ყოველი ქმნილების მიმართ — ყოველი ქმნილებისადმი კეთილად მოპყრობა, მათი უზრუნველყოფა და გამოკვება. სწორედ იმ მიზეზით, რომ უფალი იესო განკაცებული ღმერთი იყო, მან სრულიად ბუნებრივად გამოავლინა თავად ღვთის არსი და იგი კეთილად მოექცა ამ ადამიანებს. ის მათ კეთილმოსურნე და დიდსულოვანი გულით მოექცა და სწორედ ასეთი გულით გამოიჩინა მათ მიმართ სიკეთე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებდნენ ეს ადამიანები უფალ იესოს, და მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა შედეგი, იგი ყოველ ქმნილებას შემოქმედის ვინაობიდან გამომდინარე ეპყრობოდა. ყოველივე, რაც მან გამოავლინა, გამონაკლისის გარეშე, იყო ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. უფალმა იესომ უხმოდ აღასრულა ეს საქმე და შემდეგ უხმოდვე დატოვა იქაურობა — ღვთის ხასიათის რომელი ასპექტია ეს? შეიძლება ითქვას, რომ ეს ღვთის კეთილმოსურნე სიყვარულია? შეიძლება ითქვას, რომ ეს ღვთის უანგარობაა? არის ეს ისეთი რამ, რისი უნარიც ჩვეულებრივ ადამიანს შესწევს? ნამდვილად არა! არსობრივად ვინ იყო ეს ხუთი ათასი ადამიანი, რომლებიც უფალმა იესომ ხუთი პურითა და ორი თევზით დააპურა? შეიძლება ითქვას, რომ ისინი მასთან თავსებადი ადამიანები იყვნენ? შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველანი ღვთისადმი მტრულად განწყობილნი იყვნენ? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი სრულიად არ იყვნენ უფლის შესატყვისნი და მათი არსი აბსოლუტურად მტრულად იყო განწყობილი ღვთის მიმართ. მაგრამ როგორ მოექცა მათ ღმერთი? მან გამოიყენა მეთოდი ღვთის მიმართ ადამიანთა მტრული განწყობის გასანეიტრალებლად — ამ მეთოდს „სიკეთე“ ჰქვია. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესო ამ ადამიანებს ცოდვილებად მიიჩნევდა, მის თვალში ისინი მაინც ქმნილებები იყვნენ, ამიტომ იგი კვლავაც კეთილად ეპყრობოდა ამ ცოდვილებს. ეს არის ღვთის შემწყნარებლობა და ეს შემწყნარებლობა თავად ღვთის ვინაობითა და არსით განისაზღვრება. ამრიგად, ეს არის ის, რისი უნარიც არცერთ შექმნილ ადამიანურ არსებას არ შესწევს — ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს ძალუძს.
როდესაც ჭეშმარიტად შეძლებ კაცობრიობის მიმართ ღვთის ფიქრებისა და დამოკიდებულების სათანადოდ დაფასებას, როდესაც ჭეშმარიტად შეძლებ თითოეული ქმნილების მიმართ ღვთის გრძნობებისა და მზრუნველობის გაგებას, მაშინ შეძლებ ჩაწვდე შემოქმედის მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლსა და იმ სიყვარულს, რომელიც მან თავისი შექმნილი კაცობრიობის თითოეულ წევრს დაახარჯა. როდესაც ეს მოხდება, ღვთის სიყვარულის აღსაწერად ორ სიტყვას გამოიყენებ. რა არის ეს ორი სიტყვა? ზოგი ამბობს „უანგარო“, ზოგი კი — „საყოველთაო სიყვარული“. ამ ორიდან „საყოველთაო სიყვარული“ ყველაზე ნაკლებად შეესაბამება ღვთის სიყვარულის აღწერას. ეს არის ტერმინი, რომელსაც ადამიანები იყენებენ პიროვნების ფართო თვალსაწიერისა და გრძნობების აღსაწერად. მე მძულს ეს სიტყვა, რადგან ის გულისხმობს ქველმოქმედების გაცემას შემთხვევით, განურჩევლად და პრინციპების ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. ეს არის სულელებისა და უგუნური ადამიანების ჭარბი ემოციების გამოხატულება. როდესაც ეს სიტყვა ღვთის სიყვარულის აღსაწერად გამოიყენება, მასში გარდაუვლად ჩნდება მკრეხელური ქვეტექსტი. მე მაქვს ორი სიტყვა, რომლებიც უფრო ზუსტად აღწერს ღვთის სიყვარულს. რომელია ისინი? პირველი არის „უზარმაზარი“. განა ეს სიტყვა მეტად შთამბეჭდავი არ არის? მეორე არის „უკიდეგანო“. ღვთის სიყვარულის აღსაწერად ჩემ მიერ ამ ორი სიტყვის გამოყენებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. პირდაპირი მნიშვნელობით, „უზარმაზარი“ აღწერს საგნის მოცულობას ან ტევადობას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რამხელაა ეს საგანი, ის მაინც ისეთი რამაა, რისი შეხება და დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ. ეს იმიტომ, რომ ის არსებობს — ის არ არის აბსტრაქტული ობიექტი, არამედ ისეთი რამ, რასაც შეუძლია ადამიანებს შედარებით ზუსტი და პრაქტიკული წარმოდგენები შეუქმნას. მიუხედავად იმისა, ორგანზომილებიანი პერსპექტივიდან შეხედავ მას თუ სამგანზომილებიანიდან, არ არის საჭირო მისი არსებობის წარმოდგენა, რადგან ის რეალურად არსებული საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიყვარულის აღსაწერად სიტყვა „უზარმაზარის“ გამოყენება შეიძლება მისი სიყვარულის რაოდენობრივად გაზომვის მცდელობად მოგვეჩვენოს, ის ასევე ტოვებს განცდას, რომ მისი სიყვარული განუსაზღვრელია. მე ვამბობ, რომ ღვთის სიყვარულის გაზომვა შესაძლებელია, რადგან მისი სიყვარული არც ცარიელი სიტყვები და არც ლეგენდაა. პირიქით, ეს არის ის, რასაც იზიარებს ღვთის მეუფების ქვეშ მყოფი ყოველივე, ის, რითაც ყველა ქმნილება სხვადასხვა დოზითა და განსხვავებული რაკურსით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ძალუძთ მისი დანახვა ან შეხება, ეს სიყვარული ასაზრდოებს ყოველივეს და აყვავებს მათ, ხოლო მათი აყვავება სრულად წარმოაჩენს ღვთის სიყვარულს, აღრიცხავს და მოწმობს ღვთის იმ სიყვარულს, რომლითაც ისინი ყოველ წამს ტკბებიან. მე ვამბობ, რომ ღვთის სიყვარული განუსაზღვრელია, რადგან საიდუმლო იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს და ასაზრდოებს ღმერთი ყოველივეს, ადამიანის გონებისთვის ძნელი მისაწვდომია; ასევე მიუწვდომელია ღვთის ფიქრები ყოველი ქმნილების, განსაკუთრებით კი — კაცობრიობის მიმართ. ანუ ვერავინ ჩაწვდება იმას, თუ რამხელა ძვირფასი მსხვერპლი გაიღო შემოქმედმა კაცობრიობისთვის; ვერავინ ჩასწვდება და ვერავინ გაიგებს, თუ რაოდენ ღრმაა შემოქმედის სიყვარული კაცობრიობის მიმართ, რომელიც მან საკუთარი ხელით შექმნა და რაოდენ დიდია ეს გრძნობა. ღვთის სიყვარულის, როგორც უზარმაზარის აღწერა ეხმარება ადამიანებს, სათანადოდ დააფასონ და გაიგონ მისი სიდიადე და პრაქტიკული არსებობა. ეს ასევე ემსახურება იმას, რომ ადამიანები უფრო ღრმად ჩაწვდნენ სიტყვა „შემოქმედის“ პრაქტიკულ მნიშვნელობას და უფრო ღრმად გააცნობიერონ წოდების — „ქმნილება“ ჭეშმარიტი არსი. რას აღწერს ჩვეულებრივ სიტყვა „უკიდეგანო“? ის, როგორც წესი, გამოიყენება ოკეანის ან სამყაროს აღსაწერად, მაგალითად: „უკიდეგანო სამყარო“ ან „უკიდეგანო ოკეანე“. ადამიანი ვერ წვდება სამყაროს სივრცესა და მდუმარე სიღრმეს; ისინი მის მიმართ ფანტაზიითა და მოწიწებით აღსავსე არიან; მისი საიდუმლოება და სიღრმე ადამიანთათვის მხოლოდ საცქერლად არის განკუთვნილი, მაგრამ მათთვის მიუწვდომელია. როდესაც ოკეანეზე ფიქრობ, მის სიდიადეზე ფიქრობ — ის უსაზღვროდ გამოიყურება და შეგიძლია შეიგრძნო მისი იდუმალება და უსაზღვრო ტევადობა. სწორედ ამიტომ გამოვიყენე სიტყვა „უკიდეგანო“ ღვთის სიყვარულის აღსაწერად. ამის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს, შეიგრძნონ, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის სიყვარული და მისი სიღრმის მშვენიერება, შეიგრძნონ, რომ ღვთის სიყვარულის ძალა უსასრულო და ყოვლისმომცველია და შეიგრძნონ მისი სიყვარულის ღვთაებრივი თვისება, აგრეთვე ღვთის ღირსება და შეურაცხყოფის შეუწყნარებლობა, რომელიც მისი სიყვარულის მეშვეობით ვლინდება. ახლა როგორ ფიქრობთ, შესაფერისია თუ არა ჩემ მიერ სიტყვა „უკიდეგანოს“ გამოყენება ღვთის სიყვარულის აღსაწერად? შეესაბამება თუ არა ღვთის სიყვარული ამ ორ სიტყვას — „უზარმაზარსა“ და „უკიდეგანოს“? აბსოლუტურად! ადამიანურ ენაში მხოლოდ ეს ორი სიტყვაა მეტ-ნაკლებად შესაფერისი და შედარებით ახლოს დგას ღვთის სიყვარულის აღწერასთან. განა არ თვლით, რომ ისინი შესაფერისია? მე რომ თქვენთვის ღვთის სიყვარულის აღწერა მეთხოვა, გამოიყენებდით ამ ორ სიტყვას? დიდი ალბათობით, არა, რადგან თქვენი გაგება და ღვთის სიყვარულის დაფასება ორგანზომილებიანი პერსპექტივის ფარგლებით შემოიფარგლება და არ ასულა სამგანზომილებიანი სივრცის სიმაღლემდე. ამიტომ მე რომ თქვენთვის ღვთის სიყვარულის აღწერა მეთხოვა, იგრძნობდით, რომ სიტყვები არ გყოფნით ან შესაძლოა საერთოდ ენა ჩაგვარდნოდათ. ის ორი სიტყვა, რომლებზეც დღეს ვისაუბრე, შესაძლოა თქვენთვის რთული გასაგები იყოს ან შესაძლოა უბრალოდ არ მეთანხმებოდეთ. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი გაგება და ღვთის სიყვარულის დაფასება ზედაპირულია და ვიწრო ჩარჩოთი შემოიფარგლება. მე ადრეც მითქვამს, რომ ღმერთი უანგაროა, და თქვენ მხოლოდ სიტყვა „უანგარო“ გახსოვთ. ნუთუ ღვთის სიყვარული მხოლოდ უანგაროდ შეიძლება აღიწეროს? განა ეს მეტისმეტად ვიწრო ჩარჩო არ არის? თქვენ მეტი უნდა იფიქროთ ამ საკითხზე, რათა რაიმე სარგებელი მიიღოთ მისგან.
ზემოთქმული არის ის, რაც ჩვენ ღვთის ხასიათისა და მისი არსის შესახებ პირველი სასწაულიდან ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანები რამდენიმე ათასი წელია კითხულობენ; მას მარტივი სიუჟეტი აქვს და ადამიანებს მარტივი მოვლენის დანახვის საშუალებას აძლევს. ამ მარტივ სიუჟეტში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ უფრო ღირებული რამ, რაც არის ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, თავად ღმერთს წარმოადგენს და ღვთის ფიქრების გამოხატულებაა. როდესაც ღმერთი თავის ფიქრებს გამოხატავს, იგი საკუთარი გულის ხმას ახმოვანებს. მას იმედი აქვს, რომ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მის გაგებას, მის შეცნობას და მის განზრახვათა წვდომას; მას იმედი აქვს, რომ ადამიანები შეძლებენ მისი გულის ხმის გაგონებას და აქტიურად ითანამშრომლებენ ღვთის განზრახვების შესასრულებლად. ის საქმეები, რომლებიც უფალმა იესომ აღასრულა, ღვთის უხმო გამოხატულება იყო.
შემდეგ, მოდით, განვიხილოთ შემდეგი მონაკვეთი: ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა ღმერთს განადიდებს.
რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ? უფალ იესოს მიერ მოხდენილი ამ სასწაულის მნიშვნელობა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე წინა სასწაულისა, რადგან არცერთი სასწაული არ არის იმაზე განსაცვიფრებელი, ვიდრე მკვდრის საფლავიდან დაბრუნება. იმ ეპოქაში უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფალმა იესომ მსგავსი რამ აღასრულა. რადგან ღმერთი განკაცდა, ადამიანებს მხოლოდ მისი ფიზიკური გარეგნობის, პრაქტიკული მხარისა და უმნიშვნელო იერის დანახვა შეეძლოთ. თუმცა ზოგიერთმა გაიგო და შეიცნო რაღაც მისი ხასიათიდან ან იმ განსაკუთრებული უნარებიდან, რომლებსაც ის ავლენდა, მაინც არავინ იცოდა, საიდან მოვიდა უფალი იესო, ვინ იყო ის ჭეშმარიტად თავისი არსით და კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მას სინამდვილეში. ყოველივე ეს ადამიანისთვის უცნობი იყო. ამიტომ ბევრ ადამიანს სურდა ამის გადამოწმება და საქმის ჭეშმარიტების გაგება. შეეძლო ღმერთს გაეკეთებინა რაიმე საკუთარი ვინაობის დასამტკიცებლად? ღვთისთვის ეს ძალიან მარტივი — უიოლესი რამ იყო. მას ნებისმიერ დროსა და ადგილას შეეძლო გაეკეთებინა რაიმე თავისი ვინაობისა და არსის დასამტკიცებლად, მაგრამ ღმერთი ყველაფერს გეგმის მიხედვით და ეტაპობრივად აკეთებდა. იგი არ მოქმედებდა განურჩევლად, არამედ ეძებდა შესაფერის დროსა და შესაფერის შესაძლებლობას, რათა აღესრულებინა უდიდესი მნიშვნელობის მქონე საქმე, რომელსაც ადამიანი იხილავდა და ამით დაემტკიცებინა თავისი ხელმწიფება და ვინაობა. მაშ, შეეძლო თუ არა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას უფალ იესოს ვინაობის დამტკიცება? მოდით, განვიხილოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთი: „ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: «ლაზარე, გამოდი!» და გამოვიდა მიცვალებული...“ როდესაც უფალმა იესომ ეს აღასრულა, მან მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: „ლაზარე, გამოდი.“ ლაზარე მაშინვე გამოვიდა თავისი საფლავიდან — ეს უფლის მიერ წარმოთქმული მხოლოდ ერთი წინადადების წყალობით აღსრულდა. ამ დროს უფალ იესოს არ აღუმართავს საკურთხეველი და არც რაიმე სხვა ქმედება შეუსრულებია. მან მხოლოდ ერთი წინადადება თქვა. უნდა ვუწოდოთ ამას სასწაული თუ ბრძანება? თუ ეს რაიმე სახის ჯადოქრობა იყო? ერთი შეხედვით, ჩანს, რომ ამას შეიძლება სასწაული ეწოდოს და თუ მას თანამედროვე პერსპექტივიდან შეხედავთ, რა თქმა უნდა, კვლავ შეგიძლიათ სასწაული უწოდოთ მას. თუმცა ის ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ ჯადოქრობად, რომლის მიზანიც სულის მკვდრეთით გამოხმობაა; ის აბსოლუტურად არ ყოფილა რაიმე სახის შავი მაგია. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს სასწაული შემოქმედის ხელმწიფების ყველაზე ჩვეულებრივი, მცირე გამოვლინება იყო. ეს არის ღვთის ხელმწიფება და ძალა. ღმერთს აქვს ხელმწიფება, რომ ადამიანი მოკვდეს, მისმა სულმა დატოვოს სხეული და იგი დაბრუნდეს ჰადესში ან სხვაგან, სადაც ჯერ არს. ადამიანის სიკვდილის დრო და ის ადგილი, სადაც ის სიკვდილის შემდეგ წავა — ღვთის მიერ არის განსაზღვრული. მას ძალუძს ამის გაკეთება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ადამიანების, მოვლენების, საგნების, სივრცისა თუ გეოგრაფიის შეუზღუდავად. თუ ღმერთს ამის გაკეთება სურს, მას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ყოველივე და ყოველი ცოცხალი არსება მისი მეუფების ქვეშაა და ყოველივე იბადება, ცოცხლობს და ნადგურდება მისი სიტყვითა და მისი ხელმწიფებით. მას ძალუძს მკვდრის აღდგენა, და ეს არის ის, რისი გაკეთებაც მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეუძლია. ეს არის ხელმწიფება, რომელსაც მხოლოდ შემოქმედი ფლობს.
უფალმა იესომ აღასრულა ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის საქმე და მისი მიზანი იყო, მიეცა მტკიცებულება ადამიანისა და სატანისთვის, რათა დაენახათ და სცოდნოდათ, რომ ადამიანთან დაკავშირებული ყოველივე, მისი სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის მიერ არის განსაზღვრული და რომ, მიუხედავად ღვთის განკაცებისა, იგი კვლავინდებურად განაგებდა როგორც ხილულ მატერიალურ სამყაროს, ისე სულიერ სამყაროს, რომლის დანახვაც ადამიანს არ ძალუძს. ეს მოხდა იმისთვის, რათა ადამიანსა და სატანას სცოდნოდათ, რომ ადამიანის შესახებ ყოველივე სატანის ბატონობის ქვეშ არ არის. ეს იყო ღვთის ხელმწიფების გამოცხადება და დემონსტრირება; ეს ასევე იყო ღვთის გზა, რათა ყოველივესთვის გაეგზავნა გზავნილი, რომ კაცობრიობის სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ხელშია. უფალ იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა იყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც შემოქმედი ასწავლის და მოძღვრავს კაცობრიობას. ეს იყო კონკრეტული ქმედება, რომელშიც მან გამოიყენა თავისი ძალა და ხელმწიფება კაცობრიობის დასამოძღვრად და უზრუნველსაყოფად. ეს იყო გზა, რათა შემოქმედს, სიტყვების გამოყენების გარეშე, კაცობრიობისთვის დაენახვებინა ის ფაქტი, რომ იგი განაგებს ყოველივეს. ეს იყო გზა, რათა მას პრაქტიკული ქმედებებით ეთქვა კაცობრიობისთვის, რომ არ არსებობს ხსნა მის გარეშე. ამ უხმო გზით კაცობრიობის სწავლება მარადიული და წარუშლელია; მას ხანგრძლივი გავლენა და აღშენება მოაქვს ადამიანთა გულებისთვის. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომამ ღმერთი განადიდა — ამას ღრმა გავლენა აქვს ღვთის თითოეულ მიმდევარზე. იგი ყოველ ადამიანს, ვინც ღრმად ჩასწვდა ამ მოვლენას, მყარად განუმტკიცებს იმ გაგებასა და ხედვას, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს განაგებდეს ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს აქვს ამგვარი ხელმწიფება, და მიუხედავად იმისა, რომ მან ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით გაგზავნა გზავნილი კაცობრიობის სიცოცხლესა და სიკვდილზე თავისი მეუფების შესახებ, ეს არ ყოფილა მისი ძირითადი საქმე. ღმერთი არასოდეს აკეთებს რაიმეს უაზროდ. თითოეულ საქმეს, რომელსაც იგი აკეთებს, უდიდესი ღირებულება აქვს და იგი საგანძურში დაცულ კლასიკას წარმოადგენს. იგი არავითარ შემთხვევაში არ აქცევდა „ადამიანის საფლავიდან გამოყვანას“ თავისი საქმის ძირითად ან ერთადერთ მიზნად თუ ამოცანად. ღმერთი არ აკეთებს არაფერს, რასაც მნიშვნელობა არ აქვს. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა, როგორც ერთჯერადი მოვლენა, სავსებით საკმარისია ღვთის ხელმწიფების სადემონსტრაციოდ და უფალ იესოს ვინაობის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომ უფალ იესოს არ გაუმეორებია ამგვარი სასწაული. ღმერთი საქმეებს საკუთარი პრინციპების მიხედვით აკეთებს. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის გონება მხოლოდ სერიოზული საკითხებითაა დაკავებული. ანუ როდესაც ღმერთი საქმეებს აკეთებს, იგი არ უხვევს თავისი საქმის მიზნიდან. მან იცის, თუ რა საქმის აღსრულება სურს ამ ეტაპზე, რისი მიღწევა უნდა და იგი მკაცრად თავისი გეგმის მიხედვით იმოქმედებს. გახრწნილ ადამიანს რომ ამგვარი უნარი ჰქონოდა, იგი მხოლოდ იმაზე იფიქრებდა, თუ როგორ გამოევლინა თავისი უნარი, რათა სხვებს სცოდნოდათ, რაოდენ შთამბეჭდავი იყო იგი, რათა მათ თაყვანი ეცათ მისთვის და მას შესძლებოდა მათი გაკონტროლება და შთანთქმა. ეს არის ბოროტება, რომელიც სატანისგან მოდის — ამას გახრწნილება ჰქვია. ღმერთს არ აქვს ასეთი ხასიათი და მას არ გააჩნია ასეთი არსი. საქმეების კეთებისას ღვთის მიზანი საკუთარი თავის წარმოჩენა კი არ არის, არამედ ადამიანთათვის მეტი გაცხადება და მათი წინამძღოლობაა; სწორედ ამიტომ ხედავენ ადამიანები ბიბლიაში ამგვარი მოვლენის ძალიან ცოტა მაგალითს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფალ იესოს ძალა შეზღუდული იყო ან მას არ შეეძლო მსგავსი საქმეების კეთება. უბრალოდ, ღმერთს არ სურდა ამის გაკეთება, რადგან უფალ იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენას ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა; ასევე იმიტომ, რომ განკაცებული ღვთის ძირითადი საქმე სასწაულების მოხდენა და ადამიანების მკვდრეთით აღდგენა კი არ იყო, არამედ ადამიანის გამოსყიდვის საქმე. ამიტომ იმ საქმის უდიდესი ნაწილი, რომელიც უფალმა იესომ აღასრულა, იყო ადამიანთა სწავლება, მათი უზრუნველყოფა და დახმარება, ხოლო ისეთი მოვლენები, როგორიცაა ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა, მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ მსახურებისა, რომელიც უფალმა იესომ აღასრულა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ „თავის წარმოჩენა“ არ არის ღვთის არსის ნაწილი; ამიტომ ის ფაქტი, რომ უფალმა იესომ მეტი სასწაული არ მოახდინა, არ ყოფილა იმის გამო, რომ იგი განზრახ იკავებდა თავს, არც გარემო პირობების შეზღუდვების გამო და მით უმეტეს, არც იმიტომ, რომ მას ძალა აკლდა.
როდესაც უფალმა იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, მან მხოლოდ ერთი წინადადება გამოიყენა: „ლაზარე, გამოდი.“ მას ამის გარდა არაფერი უთქვამს. მაშ, რას წარმოადგენს ეს ერთი წინადადება? იგი წარმოადგენს იმას, რომ ღმერთს საუბრით ნებისმიერი რამის აღსრულება შეუძლია, მათ შორის მკვდარი ადამიანის აღდგენაც. როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, როდესაც მან შექმნა სამყარო, მან ეს სიტყვებით გააკეთა — მბრძანებლური სიტყვებით, ძალაუფლების მქონე სიტყვებით; და ამგვარად შეიქმნა ყოველივე და ამგვარად აღსრულდა ეს. იმ სიტყვების მსგავსად, რომლებიც ღმერთმა ცის, მიწისა და ყოველივეს შექმნისას წარმოთქვა, უფალ იესოს მიერ წარმოთქმული ეს წინადადებაც ატარებდა თავად ღვთის ხელმწიფებასა და შემოქმედის ძალას; ღვთის ბაგიდან გამოსული სიტყვებით დაფუძნდა და აღსრულდა ყოველივე. მსგავსადვე ლაზარე თავისი საფლავიდან უფალ იესოს ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვების გამო გამოვიდა. ეს იყო ღვთისგან მომდინარე ხელმწიფება, რომელიც დემონსტრირებული და რეალიზებული იყო მის განკაცებულ ხორცილს სხეულში. ამგვარი ხელმწიფება და ძალა ეკუთვნოდა შემოქმედს და ძე კაცისას, რომელშიც შემოქმედი იყო რეალიზებული. ეს არის ის გაგება, რომელიც ღმერთმა ადამიანს ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით ასწავლა. ახლა ჩვენ აქ დავასრულებთ ამ თემაზე საუბარს. შემდეგ კი კიდევ წავიკითხოთ წმინდა წერილი.
10. ფარისეველთა მიერ იესოს განკითხვა
მარკ. 3:21–22 მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო.
11. იესოს მიერ ფარისეველთა გაკიცხვა
მათ. 12:31–32 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.
მათ. 23:13–15 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
ზემოთ მოყვანილი ორი ნაწყვეტის შინაარსი განსხვავებულია. მოდით, ჯერ განვიხილოთ პირველი ნაწყვეტი: ფარისეველთა მიერ იესოს განკითხვა.
ბიბლიაში ფარისეველთა შეფასება თავად იესოსა და მისი საქმეების მიმართ ასეთი იყო: „...ამბობდნენ: შეშლილიაო. ... ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო“ (მარკ. 3:21–22). მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ უფალ იესოს განკითხვა არ ყოფილა სხვათა სიტყვების გამეორება და არც უსაფუძვლო ვარაუდი — ეს იყო დასკვნა, რომელიც მათ უფალ იესოს შესახებ იმის ხილვისა და მოსმენის საფუძველზე გამოიტანეს, რასაც იგი აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დასკვნა რომ მათი დასკვნა გარეგნულად სამართლიანობის აღსრულების სახელით იყო გამოტანილი და ხალხს საფუძვლიანად ეჩვენებოდა, ის ქედმაღლობა და მედიდურობა, რომლითაც ისინი უფალ იესოს განიკითხავდნენ, თავად მათთვისაც კი ძნელი დასათრგუნი აღმოჩნდა. უფალ იესოს მიმართ მათმა მძვინვარე სიძულვილმა გამოააშკარავა მათივე ამბიციები, ბოროტი სატანური სახე და ბოროტგანზრახული ბუნება, რითაც ღმერთს ეწინააღმდეგებიან. ის, რაც მათ უფალ იესოს განკითხვისას წარმოთქვეს, განპირობებული იყო მათი ამბიციებით, შურითა და ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ მათი მტრული განწყობის მახინჯი და ბოროტგანზრახული ბუნებით. მათ არ გამოუკვლევიათ უფალ იესოს საქმეების წყარო და არც მისი სიტყვებისა თუ საქმეების არსი შეუსწავლიათ. ნაცვლად ამისა, ისინი ბრმად, მოუთმენლად, გამძვინვარებით, განზრახ და ბოროტგანზრახულად ესხმოდნენ თავს და სახელს უტეხდნენ მის საქმეებს. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ უსინდისოდ შეურაცხყვეს მისი სული ანუ სულიწმიდა, ღვთის სული. სწორედ ამას გულისხმობდნენ, როდესაც ამბობდნენ: „შეშლილიაო“, „ბელზებელი“ და „ეშმაკთა მთავარი“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ამბობდნენ, რომ ღვთის სული იყო ბელზებელი და ეშმაკთა მთავარი. მათ სიგიჟედ შერაცხეს ღვთის განკაცების საქმე. მათ არა მხოლოდ დაგმეს ღვთის სული, როგორც ბელზებელი და ეშმაკთა მთავარი, არამედ მსჯავრი დასდეს ღვთის საქმეს და მსჯავრი დასდეს და დაგმეს უფალი იესო ქრისტე. ღვთის მიმართ მათი წინააღმდეგობისა და გმობის არსი სრულიად იდენტური იყო სატანისა და ბოროტი დემონების მიერ ღვთისთვის გაწეული წინააღმდეგობისა და გმობის არსისა. ისინი მხოლოდ გახრწნილ ადამიანებს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ, უფრო მეტიც, სატანის განსახიერებანი იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ სატანის კაცობრიობასთან დამაკავშირებელ არხს და იყვნენ სატანის თანამზრახველნი და მსახურნი. უფალი იესო ქრისტეს გმობისა და დამცირების არსი იყო მათი ბრძოლა ღმერთთან სტატუსისთვის, მასთან პაექრობა და ღვთის დაუსრულებელი გამოცდა. ღვთისადმი მათი წინააღმდეგობის არსი და მის მიმართ მტრული დამოკიდებულება, ასევე მათი სიტყვები და ფიქრები, პირდაპირ გმობდა და განარისხებდა ღვთის სულს. ამრიგად, ღმერთმა გონივრული დასკვნა გამოიტანა მათ ნათქვამსა და ნამოქმედართან დაკავშირებით და მათი საქმეები სულიწმიდის გმობის ცოდვად განსაზღვრა. ეს ცოდვა მიუტევებელია როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მომავალ საუკუნეში, რასაც ადასტურებს წმინდა წერილის შემდეგი ნაწყვეტი: „სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ ადამიანებს“ და „თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში“. დღეს ვისაუბროთ ღვთის ამ სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე: „არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში“. ანუ, მოდით, ნათელი მოვფინოთ იმას, თუ როგორ აღასრულებს ღმერთი სიტყვებს: „არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში“.
ყოველივე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, უკავშირდება ღვთის ხასიათსა და მის დამოკიდებულებას ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ. ბუნებრივია, არც ზემოთ მოყვანილი ორი ნაწყვეტია გამონაკლისი. შენიშნეთ თუ არა რაიმე წმინდა წერილის ამ ორ ნაწყვეტში? ზოგი ამბობს, რომ მათში ღვთის რისხვას ხედავს. ზოგი კი ამბობს, რომ ხედავს ღვთის ხასიათის იმ მხარეს, რომელიც არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას და იმასაც, რომ თუ ადამიანები ღვთის მგმობელ საქციელს ჩაიდენენ, ისინი ვერ მიიღებენ მისგან მიტევებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ ორ ნაწყვეტში ხედავენ და აღიქვამენ ღვთის რისხვასა და ადამიანისგან შეურაცხყოფის შეუწყნარებლობას, მათ მაინც არ ესმით ჭეშმარიტად მისი დამოკიდებულება. ამ ორ ნაწყვეტში ჩანს ღვთის ჭეშმარიტი დამოკიდებულება და მისი მიდგომა მათ მიმართ, ვინც გმობს და განარისხებს მას. მისი დამოკიდებულება და მიდგომა ცხადყოფს შემდეგი ნაწყვეტის ჭეშმარიტ მნიშვნელობას: „თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში“. როდესაც ადამიანები გმობენ ღმერთს ანუ როდესაც განარისხებენ მას, ღმერთს გამოაქვს განაჩენი და ეს განაჩენი მის მიერ დადგენილი შედეგია. წმინდა წერილში ეს ასეა აღწერილი: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“ (მათ. 12:31) და „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო...“ (მათ. 23:13). თუმცა წერია კი ბიბლიაში, თუ რა შედეგი დაუდგათ იმ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ისევე, როგორც იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ უფალი იესო შეშლილი იყო მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეს სიტყვები წარმოთქვა? წერია კი, რომ მათ რაიმე სასჯელი დაატყდათ თავს? არა — ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. აქ „არა“ ნიშნავს არა იმას, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, არამედ იმას, რომ სინამდვილეში არ ყოფილა ისეთი შედეგი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით იქნებოდა შესაძლებელი. ეს „არა“ ერთ საკითხს ნათელს ჰფენს; ის ნათელს ჰფენს ღვთის დამოკიდებულებასა და პრინციპებს გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. ღმერთი თვალს არ ხუჭავს და ყურს არ იყრუებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გმობენ ან ეწინააღმდეგებიან მას, ან თუნდაც მათ მიმართ, ვინც ცილს სწამებს მას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განზრახ ესხმიან თავს, ცილს სწამებენ და ლანძღავენ მას; პირიქით, მას მკაფიო დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. მას სძულს ეს ადამიანები და თავის გულში მსჯავრს სდებს მათ. იგი ღიადაც კი აცხადებს, თუ როგორი იქნება მათი შედეგი, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მას მკაფიო დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც მას გმობს, და რათა იცოდნენ, თუ როგორ განსაზღვრავს იგი მათ შედეგს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ადამიანებს იშვიათად თუ შეეძლოთ იმ ჭეშმარიტების დანახვა, თუ როგორ მოექცეოდა ღმერთი ამ ადამიანებს და მათთვის რთული იყო იმ პრინციპების გაგება, რომლებიც ღვთის მიერ მათთვის დადგენილი შედეგისა და განაჩენის მიღმა იდგა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებს, როგორც წესი, არ ძალუძთ დაინახონ ის კონკრეტული დამოკიდებულება და მეთოდები, რითაც ღმერთი მათ ეპყრობა. ეს ღვთის მოქმედების პრინციპებს უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანის ბოროტი საქმეების საპასუხოდ ღმერთი მომხდარ ფაქტებს იყენებს. ანუ იგი კი არ აცხადებს მათ ცოდვას და არ განსაზღვრავს მათ შედეგს, არამედ პირდაპირ იყენებს მომხდარ ფაქტებს, რათა მიუზღოს მათ სასჯელი ან სათანადო საზღაური. როდესაც ეს ფაქტები ხდება, სწორედ ადამიანთა ხორციელი სხეული ისჯება და ადამიანებს ამის დანახვა საკუთარი თვალით ძალუძთ. ზოგ ადამიანს ბოროტი საქმეების გამო ღმერთი უბრალოდ სიტყვებით წყევლის და რისხვას ატეხს თავს, მაგრამ სასჯელი, რომელსაც ისინი იღებენ, შესაძლოა ისეთი იყოს, რაც ადამიანის თვალისთვის უხილავია. მიუხედავად ამისა, ამგვარი შედეგის ბუნება შესაძლოა იმაზე ბევრად სერიოზული იყოს, ვიდრე იმ დასჯისა თუ განგმირვის შედეგები, რომელთა დანახვაც ადამიანებს ძალუძთ. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, არ იხსნას ამგვარი ადამიანი, აღარ გამოიჩინოს მისდამი წყალობა თუ შემწყნარებლობა და აღარ მისცეს მას მეტი შესაძლებლობა, დამოკიდებულება, რომელსაც იგი მის მიმართ იჩენს, მისი გვერდზე გადადებაა. რას ნიშნავს აქ „გვერდზე გადადება“? ამ ტერმინის ძირითადი მნიშვნელობაა რაიმეს დროებით გვერდზე გადადება, მისი იგნორირება და მისთვის ყურადღების აღარ მიქცევა. მაგრამ აქ, როდესაც ღმერთი ვინმეს გვერდზე გადადებს, ამის ორი განსხვავებული ახსნა არსებობს: პირველი ახსნა ისაა, რომ მან ამ ადამიანის სიცოცხლე და მასთან დაკავშირებული ყველაფერი სატანას გადასცა განსაგებად. ღმერთი აღარ არის პასუხისმგებელი და აღარ მართავს ამ ადამიანს. იქნება ეს ადამიანი შეშლილი, ჭკუიდან გადასული თუ გიჟი, იქნება ის მკვდარი თუ ცოცხალი ან ჩავა თუ არა ჯოჯოხეთში დასასჯელად, ამ ყველაფერს ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ქმნილებას არავითარი კავშირი არ აქვს შემოქმედთან. მეორე ახსნა ისაა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, თავად, საკუთარი ხელით მოიმოქმედოს რაღაც ამ ადამიანთან დაკავშირებით. შესაძლოა, მან გამოიყენოს ამ ადამიანის მსახურება ან გამოიყენოს იგი, როგორც საპირისპირო ფონი. შესაძლოა, მას ჰქონდეს ამგვარი ადამიანის მართვის და მისდამი მოპყრობის განსაკუთრებული გზა ისევე, როგორც, მაგალითად, პავლეს შემთხვევაში. ეს არის ის პრინციპი და დამოკიდებულება ღვთის გულში, რომლითაც მან გადაწყვიტა ამგვარ ადამიანთან ურთიერთობა. ამრიგად, როდესაც ადამიანები ეწინააღმდეგებიან ღმერთს, ცილს სწამებენ და გმობენ მას, თუ ისინი შეურაცხყოფენ მის ხასიათს, ან თუ ღმერთს მოთმინების ფიალა ევსება, მაშინ შედეგების წარმოდგენაც კი შემზარავია. ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ ღმერთი მათ სიცოცხლესა და მათთან დაკავშირებულ ყოველივეს ერთხელ და სამუდამოდ სატანას გადასცემს. მათ უკუნითი უკუნისამდე არ მიეტევებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სატანის ლუკმად და სათამაშოდ იქცა და ამიერიდან ღმერთს მასთან აღარავითარი კავშირი აღარ აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სატანჯველი იყო, როდესაც სატანა იობს გამოსცდიდა? იმ პირობებშიც კი, როდესაც სატანას არ ჰქონდა იობის სიცოცხლის ხელყოფის ნება დართული, იობმა მაინც დიდი ტანჯვა გადაიტანა. და განა კიდევ უფრო რთული წარმოსადგენი არ არის ის ტანჯვა და აოხრება, რომელსაც სატანა დაატეხს თავს იმ ადამიანს, ვინც მთლიანად მას გადაეცა და მთლიანად მის მარწუხებშია, ვინც სრულად დაკარგა ღვთის მზრუნველობა და წყალობა, ვისზეც შემოქმედი აღარ მეუფებს, ვისაც ჩამოერთვა მისი თაყვანისცემის უფლება და ღვთის მეუფების ქვეშ მყოფ ქმნილებად ყოფნის უფლება, და ვისი კავშირიც შემოქმედთან სრულად გაწყდა? სატანის მიერ იობისთვის მიყენებული მძიმე ზიანი ისეთი რამ იყო, რისი დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლებოდა, მაგრამ თუ ღმერთი ადამიანის სიცოცხლეს სატანას გადასცემს, შედეგები ადამიანის წარმოსახვას სცდება. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა ხარად ან სახედრად დაიბადოს ხელახლა, ზოგიერთი კი — არაწმიდა ან ბოროტმა სულებმა შეიპყრონ და ისინი დაეუფლონ მათ, და ა.შ. ასეთია ზოგიერთი იმ ადამიანის შედეგი და აღსასრული, რომლებიც ღმერთმა სატანას გადასცა. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს იმ ადამიანებს, რომლებიც დასცინოდნენ, ცილს სწამებდნენ, მსჯავრს სდებდნენ და გმობდნენ უფალ იესოს, არავითარი შედეგი არ დადგომიათ. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ღმერთს ყველაფერზე რეაგირების საკუთარი დამოკიდებულება გააჩნია. შესაძლოა მან გასაგები ენით არ აუწყოს ადამიანებს თითოეული ტიპის ადამიანის შედეგი. ზოგჯერ იგი პირდაპირ კი არ საუბრობს, არამედ მოქმედებს. ის, რომ იგი ამის შესახებ არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ შედეგი არ არსებობს; შესაძლოა, შედეგი კიდევ უფრო სერიოზული იყოს. გარედან ისე ჩანს, თითქოს ღმერთი არ ესაუბრება ზოგიერთ ადამიანს თავისი დამოკიდებულების გამოსავლენად, მაგრამ სინამდვილეში გულში ღმერთს დიდი ხანია აღარ აქვს სურვილი, ყურადღება მიაქციოს ან კვლავ იხილოს ისინი. მათ მიერ განხორციელებული საქმეებისა და ქცევის გამო, მათი ბუნება-არსების გამო, ღმერთს მხოლოდ ის სურს, რომ ისინი მისი თვალთახედვიდან გაქრნენ; სურს, რომ პირდაპირ სატანას გადასცეს ისინი, სატანას მისცეს მათი სული, სამშვინველი და სხეული და ნება დართოს სატანას, ის უყოს მათ, რაც მოესურვება. ნათელია, თუ რაოდენ სძულს ღმერთს ისინი, რაოდენ ეზიზღება მას ისინი. თუ ადამიანი ღმერთს იმ დონემდე განარისხებს, რომ მისი კვლავ ხილვაც კი აღარ სურს და სრულად იღებს მასზე ხელს, იქამდე, რომ აღარ სურს მასთან შეხება ჰქონდეს — თუ საქმე იქამდე მიდის, რომ იგი მას სატანას გადასცემს, ნებას რთავს სატანას, მოიქცეს ისე, როგორც მოესურვება, ნებას რთავს სატანას, გააკონტროლოს და შთანთქოს იგი და მოექცეს მას ისე, როგორც გაუხარდება — მაშინ ეს ადამიანი საბოლოოდ დაღუპულია. მისი ადამიანად ყოფნის უფლება სამუდამოდ ჩამორთმეული აქვს და მისი, როგორც ქმნილების უფლება, გაუქმებულია. განა ეს არ არის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი?
ყოველივე ზემოთქმული არის ამ სიტყვების სრული განმარტება: „არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში“; ის ასევე წარმოადგენს წმინდა წერილის ამ ნაწყვეტების მარტივ კომენტარს. მჯერა, რომ ახლა ყველას გესმით ეს.
ახლა მოდით, წავიკითხოთ წმინდა წერილის შემდეგი ნაწყვეტები.
12. იესოს სიტყვები თავისი მოწაფეების მიმართ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ
იოან. 20:26–29 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.“ მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“.
იოან. 21:16–17 ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები“.
ის, რასაც ეს ნაწყვეტები გადმოსცემს, არის გარკვეული საქმეები და სიტყვები, რომლებიც უფალმა იესომ აღასრულა და უთხრა თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. პირველ რიგში, მოდით განვიხილოთ, განსხვავდება თუ არა იესო მკვდრეთით აღდგომამდე და მის შემდეგ? იყო თუ არა იგი კვლავ იგივე უფალი იესო, რაც წარსულ დღეებში? წმინდა წერილში წარმოდგენილია შემდეგი სტრიქონი, რომელიც აღწერს უფალ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: „შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: «მშვიდობა თქვენდა.»“ სრულიად ნათელია, რომ იმ დროს უფალ იესოს აღარ ჰქონდა ხორციელი სხეული, ის სულიერი სხეულით იყო შემოსილი. ეს იმიტომ, რომ მან გადალახა ხორციელი შეზღუდვები; მიუხედავად იმისა, რომ კარი ჩაკეტილი იყო, მას მაინც შეეძლო ადამიანებთან მისვლა და მათთვის თავისი თავის ჩვენება. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება მკვდრეთით აღდგომის შემდგომ უფალ იესოსა და მკვდრეთით აღდგომამდე ხორციელად მცხოვრებ უფალ იესოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი განსხვავება არ იყო იმ მომენტში სულიერი სხეულის იერსახესა და უფალ იესოს უწინდელ იერსახეს შორის, იმ წამს უფალი იესო ადამიანებისთვის ერთგვარ უცხოდ იქცა, რადგან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი სულიერი სხეულით მოგვევლინა; უწინდელ ხორციელ სხეულთან შედარებით, სულიერი სხეული ადამიანთათვის უფრო გამოუცნობი და დამაბნეველი იყო. ამან ასევე უფრო მეტად დააშორა ერთმანეთს უფალი იესო და ხალხი; ადამიანები გულის სიღრმეში გრძნობდნენ, რომ იმ მომენტში უფალი იესო უფრო იდუმალი გახდა. ხალხის მხრიდან ამგვარმა გაგებამ და გრძნობებმა ისინი მოულოდნელად დააბრუნა იმ ეპოქაში, როდესაც სწამდათ ღვთისა, რომლის დანახვა და შეხება შეუძლებელი იყო. ამიტომ პირველი, რაც უფალმა იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ ყველას მისცა მისი ხილვის საშუალება, რათა დაედასტურებინა, რომ იგი არსებობს და ასევე მისი მკვდრეთით აღდგომის ფაქტი. ამავდროულად ამ ქმედებამ აღადგინა მისი ურთიერთობა ხალხთან და დააბრუნა იგი იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო მაშინ, როდესაც იგი ხორციელი სხეულით მოქმედებდა, როდესაც იგი იყო ქრისტე, რომლის დანახვა და შეხებაც მათ ძალუძდათ. ამის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ხალხს ოდნავადაც აღარ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ უფალი იესო ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღდგა; მათ ასევე აღარ ეპარებოდათ ეჭვი უფალ იესოს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის საქმეში. მეორე შედეგი ის არის, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალ იესოს ხალხისთვის გამოცხადების ფაქტმა და იმან, რომ მან მათ თავისი თავის დანახვისა და შეხების უფლება მისცა, ისინი მტკიცედ დაამკვიდრა მადლის ეპოქაში. ამან უზრუნველყო ის, რომ ამიერიდან ადამიანები აღარ დაბრუნებულიყვნენ წინა ეპოქაში — ანუ რჯულის ეპოქაში — მხოლოდ იმის გამო, რომ უფალი იესო „გაუჩინარდა“ ან „უსიტყვოდ წავიდა“; ნაცვლად ამისა, მათ უნდა განეგრძოთ წინსვლა, მიჰყვებოდნენ რა უფალ იესოს სწავლებებსა და მის მიერ აღსრულებულ საქმეს. ამგვარად, მადლის ეპოქის საქმეში ახალი ეტაპი ოფიციალურად გაიხსნა და იმ მომენტიდან მოყოლებული ადამიანებმა, რომლებიც რჯულს იცავდნენ, ოფიციალურად უარი თქვეს მასზე, შეაბიჯეს ახალ ეპოქაში და მათ ახალი დასაწყისი მიიღეს. ეს არის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ადამიანისთვის უფალ იესოს გამოცხადების მრავალმხრივი მნიშვნელობები.
ვინაიდან უფალი იესო ახლა სულიერი სხეულით იყო შემოსილი, როგორ შეეძლოთ ადამიანებს მისი შეხება და ხილვა? ეს საკითხი ეხება ადამიანთათვის უფალ იესოს გამოცხადების მნიშვნელობას. შენიშნეთ თუ არა რაიმე წმინდა წერილის იმ ნაწყვეტებში, რომლებიც ახლახან წავიკითხეთ? ზოგადად, სულიერი სხეულის დანახვა ან შეხება შეუძლებელია და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის საქმე, რომელიც უფალმა იესომ იტვირთა, უკვე დასრულებული იყო. ამიტომ თეორიულად მას სრულიად არ სჭირდებოდა ადამიანებთან თავისი პირვანდელი სახით დაბრუნება მათთან შესახვედრად, მაგრამ უფალ იესოს სულიერი სხეულის გამოცხადებამ ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც თომა იყო, მისი გამოჩენის მნიშვნელობა უფრო ხელშესახები გახადა და განაპირობა ის, რომ მან უფრო ღრმად შეაღწია ადამიანთა გულებში. როდესაც იგი თომასთან მივიდა, მან ეჭვებით აღსავსე თომას თავის ხელზე შეხების ნება დართო და უთხრა მას: „მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ ეს სიტყვები და საქმეები არ ყოფილა ის, რისი თქმა და აღსრულებაც უფალ იესოს მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ სურდა; სინამდვილეში ეს იყო ის, რისი თქმა და აღსრულებაც მას ჯვარცმამდე სურდა, რადგან თომას ეჭვები მხოლოდ მაშინ არ გაჩენილა, არამედ თან სდევდა მას მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც იგი უფალ იესოს მიჰყვებოდა. ცხადია, რომ ჯვარცმამდე უფალი იესო უკვე კარგად იცნობდა თომას მსგავს ადამიანებს. მაშ, რისი დანახვა შეგვიძლია აქედან? მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი კვლავ იგივე უფალი იესო იყო. მისი არსი არ შეცვლილა, არამედ იგი იყო უფალი იესო, რომელიც მკვდრეთით აღდგა და სულიერი სამყაროდან დაბრუნდა თავისი თავდაპირველი იერსახით, თავისი თავდაპირველი ხასიათითა და ადამიანთა იმგვარი გაგებით, როგორიც განკაცებისას ჰქონდა. ამიტომ იგი ჯერ თომასთან მივიდა და მას თავის ფერდზე შეხების ნება დართო არა მხოლოდ იმისთვის, რომ თომას მისი სულიერი სხეული ეხილა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, არამედ იმისთვისაც, რომ თომა შეხებოდა და ეგრძნო მისი სულიერი სხეულის არსებობა და იგი სრულად გათავისუფლებულიყო თავისი ეჭვებისგან. ვიდრე უფალი იესო ჯვარს ეცმებოდა, თომას მუდამ ეჭვი ეპარებოდა, რომ იგი ქრისტე იყო და ვერ იჯერებდა. მისი რწმენა ღვთისადმი მხოლოდ იმის საფუძველზე იყო აგებული, რისი დანახვაც საკუთარი თვალით და რისი შეხებაც საკუთარი ხელით შეეძლო. უფალ იესოს კარგად ესმოდა ამგვარი ადამიანის რწმენა. მას მხოლოდ ზეცაში მყოფი ღმერთისა სწამდა და საერთოდ არ სწამდა ღვთის მიერ მოვლენილისა ანუ განკაცებული ქრისტესი და არც მას მიიღებდა. იმისათვის, რომ თომას ეღიარებინა და ერწმუნა უფალ იესოს არსებობა და ის, რომ იგი ჭეშმარიტად განკაცებული ღმერთი იყო, მან თომას ნება დართო, ხელი გაეწოდებინა და მის ფერდს შეხებოდა. იყო თუ არა თომას ეჭვები განსხვავებული უფალ იესოს მკვდრეთით აღდგომამდე და მის შემდეგ? მას მუდამ ეჭვი ეპარებოდა და გარდა იმისა, რომ უფალ იესოს სულიერი სხეული პირადად გამოეცხადა მას და პირადად მისცა მის სხეულზე არსებულ ნალურსმნევზე შეხების ნება, არავინ იყო ისეთი, ვინც შეძლებდა მისი ეჭვების გაფანტვას და მათგან მის გათავისუფლებას. ამიტომ უფალმა იესომ თომას ნება დართო, შეხებოდა მის ფერდს და ეგრძნო ნალურსმნევი; იმ მომენტიდან თომას ეჭვი გაქრა, მან ჭეშმარიტად შეიცნო, რომ უფალი იესო მკვდრეთით აღდგა და აღიარა და ირწმუნა, რომ უფალი იესო იყო ჭეშმარიტი ქრისტე და განკაცებული ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს თომას ეჭვი აღარ ეპარებოდა, მან სამუდამოდ დაკარგა ქრისტესთან შეხვედრის შესაძლებლობა. მან სამუდამოდ დაკარგა მასთან ერთად ყოფნის, მისი მიყოლისა და მისი შეცნობის შესაძლებლობა. მან დაკარგა შესაძლებლობა, რომ ქრისტეს სრულეყო იგი. უფალ იესოს გამოცხადებამ და მისმა სიტყვებმა ერთგვარი დასკვნა და განაჩენი გამოუტანა მათ რწმენას, ვინც ეჭვებით იყო აღსავსე. მან თავისი პრაქტიკული სიტყვები და საქმეები გამოიყენა, რათა ეთქვა მათთვის, ვინც ეჭვით იყო შეპყრობილი, ვისაც მხოლოდ ზეცაში მყოფი ღმერთისა სწამდა, მაგრამ არ სწამდა ქრისტესი: ღმერთი არ იწონებდა მათ რწმენას და არც იმას, რომ ისინი ეჭვებით მიჰყვებოდნენ მას. ის დღე, როდესაც ისინი სრულად ირწმუნებდნენ ღმერთსა და ქრისტეს, მხოლოდ ის დღე შეიძლებოდა ყოფილიყო, როდესაც ღმერთი თავის დიად საქმეს აღასრულებდა. რა თქმა უნდა, ეს დღე ასევე იყო ის დღე, როდესაც მათ ეჭვებზე განაჩენი იქნა გამოტანილი. ქრისტეს მიმართ მათმა დამოკიდებულებამ განსაზღვრა მათი ბედი, მათმა ურყევმა ეჭვმა განაპირობა ის, რომ მათ რწმენას ნაყოფი არ გამოუღია, ხოლო მათმა შეუვალობამ განაპირობა ის, რომ მათი იმედები ამაო იყო. რადგან ზეცაში მყოფი ღვთისადმი მათი რწმენა ილუზიებით იკვებებოდა, ხოლო ქრისტეს მიმართ მათი ეჭვი სინამდვილეში ღვთისადმი მათი ჭეშმარიტი დამოკიდებულება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეეხნენ ნალურსმნევს უფალ იესოს სხეულზე, მათი რწმენა მაინც უშედეგო აღმოჩნდა და მათი შედეგი მხოლოდ ასე შეიძლებოდა აღწერილიყო: წყლის საცრით ზიდვა — სრულიად ამაო. ის, რაც უფალმა იესომ თომას უთხრა, ასევე ძალიან ნათლად ეუბნებოდა თითოეულ ადამიანს: მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო არის ის უფალი იესო, რომელმაც ოცდაცამეტი წელი და ექვსი თვე იცხოვრა ადამიანთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯვარს აცვეს და სიკვდილის ჩრდილის ხეობაში გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ მან მკვდრეთით აღდგომა გამოსცადა, მას არავითარი ცვლილება არ განუცდია არცერთ ასპექტში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მის სხეულზე ნალურსმნევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი მკვდრეთით აღდგა და საფლავიდან გამოვიდა, მისი ხასიათი, ადამიანთა მისეული გაგება და მათ მიმართ მისი განზრახვები ოდნავადაც არ შეცვლილა. ასევე იგი ეუბნებოდა ხალხს, რომ ჩამოვიდა ჯვრიდან, მან დაამარცხა ცოდვა, გადალახა სირთულეები და დაამარცხა სიკვდილი. მისი ნალურსმნევი იყო სატანაზე მისი გამარჯვების მტკიცებულება, მტკიცებულება იმისა, რომ იგი იყო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი მთელი კაცობრიობის წარმატებით გამოსასყიდად. იგი ეუბნებოდა ხალხს, რომ მან უკვე იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და დაასრულა თავისი გამოსყიდვის საქმე. როდესაც იგი თავისი მოწაფეების სანახავად დაბრუნდა, მან თავისი გამოცხადებით ეს შეტყობინება გადასცა მათ: „მე კვლავ ცოცხალი ვარ, კვლავ ვარსებობ; დღეს მე ჭეშმარიტად ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა შეძლოთ ჩემი ხილვა და შეხება. მე მუდამ თქვენთან ვიქნები.“ უფალ იესოს ასევე სურდა თომას შემთხვევის გამოყენება მომავალი ადამიანების გასაფრთხილებლად: მიუხედავად იმისა, რომ გწამს უფალ იესოსი და არც მისი ხილვა ძალგიძს და არც შეხება, შენ შეგიძლია მიიღო კურთხევა შენი ჭეშმარიტი რწმენის გამო; შეგიძლია იხილო უფალი იესო შენი ჭეშმარიტი რწმენის გამო და ამგვარი ადამიანი კურთხეულია.
ბიბლიაში ჩაწერილი ეს სიტყვები, რომლებიც უფალმა იესომ თომას გამოცხადებისას წარმოთქვა, უდიდესი დახმარებაა მადლის ეპოქის ყველა ადამიანისთვის. თომასთვის მისმა გამოცხადებამ და სიტყვებმა, რომლებიც მას უთხრა, ღრმა გავლენა მოახდინა მომავალ თაობებზე; მათ მარადიული მნიშვნელობა აქვს. თომა წარმოადგენს იმ ტიპის ადამიანს, რომელსაც სწამს ღვთისა, თუმცა ეჭვი ეპარება მასში. მას აქვს ეჭვიანი ბუნება, ბოროტი გული, არის მზაკვარი და არ სწამს იმისა, რისი აღსრულებაც ღმერთს ძალუძს. მას არ სწამს ღვთის ყოვლისშემძლეობისა და მეუფების, არც მისი განკაცებისა სწამს. თუმცა უფალ იესოს მკვდრეთით აღდგომამ მას პირდაპირი დარტყმა მიაყენა, ამავდროულად მისცა შესაძლებლობა, აღმოეჩინა და შეეცნო საკუთარი ეჭვი და ეღიარებინა საკუთარი მზაკვრობა, რათა ამგვარად ჭეშმარიტად ერწმუნა უფალ იესოს არსებობა და მისი მკვდრეთით აღდგომის ფაქტი. ის, რაც თომას გადახდა, არის გაფრთხილება და სიფრთხილისკენ მოწოდება მომავალი თაობებისთვის, რათა უფრო მეტი ადამიანი გაფრთხილდეს, რომ არ უნდა იყვნენ თომასავით ეჭვით აღსავსენი და რომ თუ თომასავით შეეპარებათ ეჭვი, ისინი სიბნელეში ჩაიძირებიან. თუ მიჰყვები ღმერთს, მაგრამ თომას მსგავსად მუდამ გსურს უფლის ფერდს შეეხო და მისი ნალურსმნევი შეიგრძნო, რათა დაადასტურო, შეამოწმო ან ივარაუდო, არსებობს თუ არა ღმერთი, მაშინ ღმერთი მიგატოვებს. ამიტომ უფალი იესო მოითხოვს ადამიანებისგან, არ იყვნენ თომას მსგავსნი, რომლებსაც მხოლოდ იმისა სწამთ, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ, არამედ იყვნენ უბიწო, პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც არავითარი ეჭვი არ უჩნდებათ ღვთის მიმართ და უბრალოდ სწამთ მისი და მიჰყვებიან მას. ამგვარი ადამიანები კურთხეულნი არიან. ეს არის ძალიან მცირე მოთხოვნა, რომელსაც უფალი იესო უყენებს ადამიანებს, და ეს არის გაფრთხილება მისი მიმდევრებისთვის.
ყოველივე ზემოთქმული გამოხატავს უფალ იესოს დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც ეჭვებით არის აღსავსე. მაშ, რა სიტყვები თქვა და რა საქმეები აღასრულა მან მათთვის, ვისაც ძალუძს პატიოსნად ირწმუნოს და მიჰყვეს მას? სწორედ ამას განვიხილავთ შემდეგში, უფალ იესოსა და პეტრეს შორის გამართულ დიალოგში.
ამ საუბარში უფალმა იესომ არაერთხელ ჰკითხა პეტრეს ერთი რამ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეს არის უფრო მაღალი სტანდარტი, რომელსაც უფალი იესო ითხოვდა პეტრეს მსგავსი ადამიანებისგან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ — ადამიანებისგან, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ქრისტესი და ესწრაფვიან უფლის სიყვარულს. ეს კითხვა იყო ერთგვარი გამოკვლევა და დაკითხვა, მაგრამ უფრო მეტიც, ეს იყო მოთხოვნა და მოლოდინი პეტრეს მსგავსი ადამიანების მიმართ. უფალმა იესომ კითხვების დასმის ეს ხერხი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, გამოეკვლიათ საკუთარი თავი და ეკითხათ: რა არის უფალ იესოს მოთხოვნები ადამიანების მიმართ? მიყვარს თუ არა უფალი? ვარ თუ არა ადამიანი, რომელსაც უყვარს ღმერთი? როგორ უნდა მიყვარდეს ღმერთი? მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იესომ ეს კითხვა მხოლოდ პეტრეს დაუსვა, სიმართლე ისაა, რომ თავის გულში პეტრესთვის ამ კითხვების დასმით მას სურდა ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა იგივე კითხვა დაესვა უფრო მეტი ადამიანისთვის, ვინც ღვთის სიყვარულს ეძიებს. უბრალოდ პეტრე იყო კურთხეული, რომ ემოქმედა როგორც ამ ტიპის ადამიანთა წარმომადგენელს და მიეღო ეს კითხვა თავად უფალ იესოს ბაგიდან.
იმ სიტყვებთან შედარებით, რომლებიც უფალმა იესომ თომას უთხრა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: „მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ“, პეტრესთვის სამჯერ გამეორებული კითხვა: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეიგრძნონ უფალ იესოს დამოკიდებულების სიმკაცრე და ის სულსწრაფობა, რომელსაც იგი კითხვის დასმისას გრძნობდა. რაც შეეხება თომას, მისი მზაკვრული და ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე უფალმა იესომ ნება დართო, ხელი გაეწოდებინა და მის სხეულზე არსებულ ნალურსმნევს შეხებოდა, რამაც განაპირობა ის, რომ მან ირწმუნა, რომ უფალი იესო იყო მკვდრეთით აღმდგარი ძე კაცისა და აღიარა უფალ იესოს ვინაობა, როგორც ქრისტესი. მიუხედავად იმისა, რომ უფალ იესოს მკაცრად არ გაუკიცხავს თომა და სიტყვიერად არ გამოუხატავს მის მიმართ რაიმე მკაფიო განკითხვა, მან მაინც გამოიყენა პრაქტიკული ქმედებები, რათა თომასთვის გაეგებინებინა, რომ იცნობდა მას, და ამავდროულად გამოავლინა თავისი დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ამგვარი ადამიანის მიმართ. უფალ იესოს მოთხოვნები და მოლოდინები ამგვარი ადამიანის მიმართ არ ჩანს მისი ნათქვამიდან, რადგან თომას მსგავს ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი რწმენის ნატამალიც კი. უფალ იესოს მოთხოვნები მათ მიმართ მხოლოდ აქამდე ვრცელდება, მაგრამ დამოკიდებულება, რომელიც მან პეტრეს მსგავსი ადამიანების მიმართ გამოავლინა, სრულიად განსხვავებულია. მას არ მოუთხოვია პეტრესგან, ხელი გაეწოდებინა და მის ნალურსმნევს შეხებოდა და არც ის უთქვამს პეტრესთვის: „ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ“. ნაცვლად ამისა, მან არაერთხელ დაუსვა პეტრეს ერთი და იგივე კითხვა. ეს კითხვა იყო დამაფიქრებელი და აწონ-დაწონვის ღირსი, კითხვა, რომელიც ქრისტეს თითოეულ მიმდევარს უნებლიეთ აგრძნობინებს სინანულსა და შიშს და ასევე უფალ იესოს აღელვებულ, სევდიან განწყობას. საკუთარ ტკივილსა და მწუხარებაში ადამიანები კიდევ უფრო მეტად აფასებენ უფალ იესო ქრისტეს მზრუნველობასა და თანაგრძნობას, და იწყებენ მისი გულმოდგინე სწავლებისა და იმ მკაცრი მოთხოვნების გაცნობიერებას, რომელთაც იგი წმინდა და პატიოსან ადამიანებს უყენებს. უფალ იესოს კითხვა ადამიანებს აგრძნობინებს, რომ უფლის მოლოდინები ადამიანთა მიმართ, რომლებიც ამ მარტივ სიტყვებში ვლინდება, არ არის მხოლოდ მისი რწმენა და მიყოლა, არამედ სიყვარულის მიღწევა, შენი უფლისა და შენი ღვთის სიყვარული. ამგვარი სიყვარული არის გულისხმიერება და მორჩილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღვთისთვის, მოკვდეს ღვთისთვის, ყოველივე ღმერთს მიუძღვნას, დაიხარჯოს და ყველაფერი გაიღოს ღვთისათვის. ამგვარი სიყვარული ასევე არის ღვთისთვის ნუგეშისცემა, მისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ დატკბეს დამოწმებით და ჰპოვოს სიმშვიდე. ეს არის ადამიანის მიერ ღვთისთვის მიგებული საზღაური, ადამიანის პასუხისმგებლობა, ვალდებულება და მოვალეობა; ეს არის გზა, რომელსაც ადამიანები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიჰყვნენ. ეს სამი კითხვა იყო მოთხოვნა და შეგონება, რომელიც უფალმა იესომ დაუწესა პეტრესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც სრულქმნილი გახდებოდა. სწორედ ამ სამმა კითხვამ წარმართა და მისცა მოტივაცია პეტრეს, რათა ბოლომდე გაჰყოლოდა თავის ცხოვრებისეულ გზას და სწორედ უფალ იესოს განშორებისას დასმულმა ამ კითხვებმა დაუდო დასაბამი პეტრეს სრულყოფის გზას, რამაც მიიყვანა იგი იქამდე, რომ — უფლისადმი თავისი სიყვარულის გამო — თანაეგრძნო უფლის გულისთვის, დამორჩილებოდა უფალს, ენუგეშებინა ის და მისთვის შეეწირა თავისი მთელი ცხოვრება და მთელი თავისი არსება.
მადლის ეპოქაში ღვთის საქმე ძირითადად ორი ტიპის ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. პირველი იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც სწამდა მისი და მიჰყვებოდა მას, რომელსაც ძალუძდა მისი მცნებების დაცვა, ჯვრის ტარება და მადლის ეპოქის გზის ერთგულება. ამგვარი ადამიანი მიიღებდა ღვთის კურთხევას და დატკბებოდა ღვთის მადლით. მეორე ტიპის ადამიანი იყო პეტრეს მსგავსი, რომელსაც ღმერთი სრულყოფს. ამიტომ, მას შემდეგ, რაც უფალი იესო მკვდრეთით აღდგა, მან პირველად ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. ერთი თომასთან აღასრულა, მეორე კი — პეტრესთან. რას წარმოადგენს ეს ორი რამ? წარმოადგენს თუ არა ისინი ადამიანის გადარჩენის ღვთის ჭეშმარიტ განზრახვებს? წარმოადგენს თუ არა ისინი ღვთის გულწრფელობას ადამიანის მიმართ? საქმე, რომელიც მან თომასთან მიმართებაში აღასრულა, იყო ადამიანების გაფრთხილება, რომ არ ყოფილიყვნენ ეჭვით აღსავსენი, არამედ უბრალოდ ერწმუნათ. საქმე, რომელიც მან პეტრესთან მიმართებაში აღასრულა, იყო პეტრეს მსგავსი ადამიანების რწმენის განმტკიცება და ამავდროულად მან ნათელი გახადა თავისი მოთხოვნები ამგვარი ადამიანის მიმართ და უჩვენა, თუ რა მიზნებისკენ უნდა ესწრაფოდეს იგი.
მას შემდეგ, რაც უფალი იესო მკვდრეთით აღდგა, იგი გამოეცხადა იმ ადამიანებს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევდა, ესაუბრა მათ და მან წაუყენა მოთხოვნები, დაუტოვა რა მათ თავისი განზრახვები და მოლოდინები ადამიანების მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც განკაცებული ღმერთი — მიუხედავად იმისა, ხორციელი სხეულით იყო შემოსილი თუ სულიერი სხეულით ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ — მისი მზრუნველობა კაცობრიობის მიმართ და მოთხოვნები ადამიანებისადმი არასოდეს შეცვლილა. იგი ზრუნავდა ამ მოწაფეებზე ჯვარცმამდე, თავის გულში ნათლად ხედავდა თითოეული ადამიანის მდგომარეობას და მას ესმოდა თითოეული ადამიანის ნაკლოვანებები. მას შემდეგ, რაც იგი მკვდრეთით აღდგა და სულიერ სხეულად იქცა, მისი გაგება თითოეული ადამიანის შესახებ, რა თქმა უნდა, ისეთივე იყო, როგორიც მაშინ, როდესაც ხორციელად მოევლინა კაცობრიობას. მან იცოდა, რომ ადამიანები ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი მის, როგორც ქრისტეს ვინაობაში, მაგრამ განკაცებისას მას არ წაუყენებია მკაცრი მოთხოვნები ადამიანთა წინაშე. იგი დაელოდა მკვდრეთით აღდგომას, რათა გამოცხადებოდა მათ და ამგვარად მან სრულიად დაარწმუნა ისინი, რომ უფალი იესო ღვთისგან მოვიდა და რომ იგი განკაცებული ღმერთი იყო. მან თავისი გამოცხადება და მკვდრეთით აღდგომის ფაქტი გამოიყენა, როგორც უდიდესი ხილვა და მოტივაცია ადამიანის მთელი ცხოვრებისეული სწრაფვისთვის. მისმა მკვდრეთით აღდგომამ არა მხოლოდ განამტკიცა ყველა, ვინც მას მიჰყვებოდა, არამედ საფუძვლიანად აღასრულა მადლის ეპოქის საქმე კაცობრიობაში. შემდგომში მადლის ეპოქაში უფალ იესოს მაცხოვნებელი მადლის სახარება თანდათანობით გავრცელდა ქვეყნიერების ყოველ კუთხეში. იტყოდი, რომ უფალ იესოს გამოცხადებას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა? იმ დროს თომა ან პეტრე რომ ყოფილიყავი და შენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან რამეს შესწრებოდი, რა გავლენას მოახდენდა ეს შენზე? მიიჩნევდი თუ არა ამას ღვთისადმი შენი რწმენის ცხოვრების საუკეთესო და უდიდეს ხილვად? მიიჩნევდი თუ არა ამას მამოძრავებელ ძალად, როდესაც მიჰყვებოდი ღმერთს, იღვწოდი მის დასაკმაყოფილებლად და ეძიებდი ღვთის სიყვარულს მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში? დახარჯავდი თუ არა მთელი ცხოვრების ძალისხმევას ამ უდიდესი ხილვის გასავრცელებლად? მიიღებდი თუ არა უფალ იესოს მაცხოვნებელი მადლის გავრცელებას, როგორც ღვთიურ დავალებას? მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გამოგიცდია, თომასა და პეტრეს ორი მაგალითი უკვე საკმარისია თანამედროვე ადამიანებისთვის, რათა ნათლად შეიცნონ ღმერთი და მისი განზრახვები. შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, რაც მან პირადად გამოსცადა ადამიანთა შორის ცხოვრება და ადამიანური ცხოვრება და მას შემდეგ, რაც მან იხილა კაცობრიობის გახრწნილება და ადამიანთა ცხოვრების იმდროინდელი მდგომარეობა, განკაცებულმა ღმერთმა უფრო ღრმად შეიგრძნო, თუ რაოდენ უმწეო, სავალალო და შესაბრალისია კაცობრიობა. ხორცშესხმულმა ღმერთმა მეტი თანაგრძნობა შეიძინა ადამიანური მდგომარეობის მიმართ თავისი ადამიანობის გამო, თავისი ხორციელი ინსტინქტების გამო. ამან განაპირობა ის, რომ მან უფრო დიდი მზრუნველობა იგრძნო თავისი მიმდევრების მიმართ. ეს, სავარაუდოდ, ის არის, რისი გაგებაც არ ძალგიძს, მაგრამ მე შემიძლია მხოლოდ ორი სიტყვით აღვწერო ეს წუხილი და მზრუნველობა, რომელსაც განკაცებული ღმერთი გრძნობდა თავისი თითოეული მიმდევრის მიმართ: „გულმოდგინე ზრუნვა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ადამიანური ენიდან მოდის და ძალიან ადამიანურია, ის მაინც ჭეშმარიტად გამოხატავს და აღწერს ღვთის გრძნობებს თავისი მიმდევრების მიმართ. რაც შეეხება ადამიანთა მიმართ ღვთის ძლიერ მზრუნველობას, შენი გამოცდილების განმავლობაში მას თანდათან იგრძნობ და იგემებ, თუმცა ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ხასიათის თანდათანობითი შეცნობით, საკუთარი ხასიათის შეცვლისკენ სწრაფვის საფუძველზე.. უფალ იესოს გამოცხადებამ განაპირობა ის, რომ თავისი მიმდევრების მიმართ დიდი მზრუნველობა, რომელსაც ადამიანური ბუნებით ამჟღავნებდა, რეალიზდა და გადაეცა მის სულიერ სხეულს ან შეიძლება ითქვას, მის ღვთაებრიობას. მისმა გამოცხადებამ ადამიანებს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ განეცადათ და შეეგრძნოთ ღვთის მზრუნველობა და ყურადღება, და ამავდროულად სამყაროს დაუმტკიცა, რომ ღმერთი არის ის, ვინც საფუძველს უყრის ეპოქას, ვინც იწყებს ეპოქას და ვინც ასევე ასრულებს ეპოქას. თავისი გამოცხადებით მან განამტკიცა ყველა ადამიანის რწმენა და დაუმტკიცა სამყაროს ის ფაქტი, რომ იგი თავად ღმერთია. ამან მის მიმდევრებს მარადიული დასტური მისცა; თავისი გამოცხადებით მან ასევე დაიწყო თავისი საქმის ახალი ეტაპის აღსრულება ახალ ეპოქაში.
13. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო პურს ჭამს და წერილებს განმარტავს
ლუკ. 24:30–32 როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“
14. მოწაფეები იესოს შემწვარ თევზს აწვდიან საჭმელად
ლუკ. 24:36–43 ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“ ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები. რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“ მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.
ახლა კი ზემოთ მოყვანილი წერილების ნაწყვეტები განვიხილოთ. პირველი ნაწყვეტი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ჭამს უფალი იესო პურს და განმარტავს წერილებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ხოლო მეორე ნაწყვეტი — თუ როგორ ჭამს უფალი იესო შემწვარ თევზს. როგორ გეხმარება ეს ორი ნაწყვეტი ღვთის ხასიათის შეცნობაში? შეგიძლია წარმოიდგინოთ ის სურათი, რომელიც უფალი იესოს მიერ პურის, შემდეგ კი შემწვარი თევზის ჭამის ამ აღწერილობებიდან იქმნება? შეგიძლია წარმოიდგინო, უფალი იესო შენს წინაშე რომ იდგეს და პურს ჭამდეს, რას იგრძნობდი? ან შენთან ერთად ერთ სუფრასთან რომ იჯდეს და ადამიანებთან ერთად თევზსა და პურს ჭამდეს, რა გრძნობა დაგეუფლებოდა იმ წამს? თუ იგრძნობდი უფალთან დიდ სიახლოვეს, რომ იგი ძალიან ახლობელია შენთვის, მაშინ ეს გრძნობა მართებულია. სწორედ ეს არის ის შედეგი, რისი მიღწევაც უფალ იესოს სურდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შეკრებილი ხალხის წინაშე პურისა და თევზის ჭამით. უფალ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მხოლოდ რომ ესაუბრა ადამიანებთან, მათ რომ ვერ შეეგრძნოთ მისი ხორციელი სხეული და ამის ნაცვლად იგი მიუწვდომელ სულად აღექვათ, რას იგრძნობდნენ ისინი? განა იმედგაცრუებულნი არ დარჩებოდნენ? იმედგაცრუებისას განა ადამიანები თავს მიტოვებულად არ იგრძნობდნენ? განა არ იგრძნობდნენ სიშორეს უფალ იესო ქრისტესთან? რა სახის უარყოფით გავლენას მოახდენდა ეს სიშორე ადამიანებისა და ღმერთის ურთიერთობაზე? ადამიანები უდავოდ შიშს იგრძნობდნენ, ვერ გაბედავდნენ მასთან მიახლოებას და, შესაბამისად, პატივისცემის ნიშნად მისგან შორს დგომას ამჯობინებდნენ. იმ მომენტიდან ისინი გაწყვეტდნენ ახლო ურთიერთობას უფალ იესო ქრისტესთან და დაუბრუნდებოდნენ ადამიანსა და ზეციერ ღმერთს შორის არსებულ იმგვარ კავშირს, როგორიც მადლის ეპოქამდე იყო. სულიერი სხეული, რომელსაც ადამიანები ვერ შეეხებოდნენ ან ვერ შეიგრძნობდნენ, გამოიწვევდა ღმერთთან სიახლოვის დაკარგვას და ასევე განაპირობებდა იმ ახლო კავშირის გაწყვეტას, რომელიც უფალი იესო ქრისტეს ხორციელად ყოფნის ჟამს დამყარდა და რომლის დროსაც მასა და ადამიანს შორის ზღვარი არ არსებობდა. ერთადერთი, რასაც სულიერი სხეული ადამიანებში აღძრავდა, იყო შიში, თავის არიდების სურვილი და უსიტყვო მზერა. ისინი ვერ გაბედავდნენ მასთან მიახლოებას ან დიალოგის დაწყებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიყოლაზე, ნდობასა თუ მისკენ სწრაფვაზე. ღმერთს არ სურდა დაენახა, რომ ადამიანებს მის მიმართ ამგვარი გრძნობა ჰქონდათ. მას არ სურდა დაენახა, რომ ადამიანები გაურბოდნენ ან შორდებოდნენ მას; მას მხოლოდ ის სურდა, რომ ადამიანებს შეეცნოთ იგი, დაახლოებოდნენ მას და მისი ოჯახი ყოფილიყვნენ. შენს ოჯახს, შენს შვილებს რომ დაენახე, მაგრამ ვერ ეცნე, ვერ გაებედათ შენთან მიახლოება და ყოველთვის თავი აერიდებინათ შენთვის, თუ ვერ გააცნობიერებდნენ იმ ყოველივეს, რაც მათთვის გააკეთე, რას იგრძნობდი? განა ეს მტკივნეული არ იქნებოდა? განა გულგატეხილი არ იქნებოდი? სწორედ ამას გრძნობს ღმერთი, როდესაც ადამიანები გაურბიან მას. ამიტომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, უფალი იესო კვლავ ხორცშესხმული გამოეცხადა ადამიანებს და მათთან ერთად ჭამდა და სვამდა. ღმერთი ადამიანებს ოჯახად მიიჩნევს და ასევე სურს, რომ ადამიანები მას ყველაზე ძვირფას არსებად მიიჩნევდნენ; მხოლოდ ამგვარად შეუძლია ღმერთს ჭეშმარიტად მოიპოვოს ადამიანები და მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ ადამიანებს ჭეშმარიტად უყვარდეთ ღმერთი და თაყვანს სცემდნენ მას. ახლა თუ გესმის ჩემი მიზანი, რატომ მოვიყვანე წმინდა წერილის ეს ორი ნაწყვეტი, სადაც უფალი იესო პურს ჭამს და წერილებს განმარტავს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და სადაც მოწაფეები მას საჭმელად შემწვარ თევზს აწვდიან?
შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი გულმოდგინება იყო ჩადებული ყოვლივე იმაში, რაც უფალმა იესომ თქვა და აღასრულა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ეს ყოველივე აღსავსე იყო იმ ღრმა სიყვარულით, რომელსაც ღმერთი ადამიანების მიმართ განიცდიდა და ასევე იმ გაფრთხილებითა თუ განსაკუთრებული მზრუნველობით, რასაც იგი იჩენდა იმ ახლო ურთიერთობისადმი, რომელიც მან ადამიანებთან განკაცების ჟამს დაამყარა. უფრო მეტიც, ყოველივე ეს აღსავსე იყო იმ სევდითა და მონატრებით, რომელსაც იგი განიცდიდა იმ ცხოვრების მიმართ, როდესაც თავის მიმდევრებთან ერთად ჭამდა და ცხოვრობდა განკაცების ჟამს. ასე რომ, ღმერთს არ სურდა, ადამიანებს ეგრძნოთ ზღვარი ღმერთსა და კაცს შორის და არც ის უნდოდა, რომ ადამიანები თავადვე განდგომოდნენ მას. უფრო მეტიც, მას არ სურდა, ადამიანებს ეგრძნოთ, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი იესო აღარ იყო ის უფალი, რომელიც ასე ახლოს იყო მათთან; რომ იგი აღარ იყო ადამიანებთან ერთად, რადგან დაბრუნდა სულიერ სამყაროში, დაბრუნდა მამასთან, რომელსაც ადამიანები ვერასოდეს იხილავდნენ ან მისწვდებოდნენ. მას არ სურდა, ადამიანებს ეგრძნოთ, რომ რაიმე შეიცვალა მათ შორის არსებულ სტატუსში. როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ადამიანებს სურთ მისი მიყოლა, მაგრამ ამავდროულად მოკრძალებული რიდით მისგან შორს იჭერენ თავს, მისი გული იტანჯება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა გულები ძალიან შორს არის მისგან და მისთვის ძალიან რთული იქნება მათი გულების მოპოვება. ამიტომ ადამიანებს ისეთი სულიერი სხეულით რომ გამოცხადებოდა, რომელსაც ისინი ვერც დაინახავდნენ და ვერც შეეხებოდნენ, ეს კვლავ დააშორებდა ადამიანს ღმერთისგან და ადამიანებს შეცდომით აფიქრებინებდა, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე გახდა მიუწვდომელი, ადამიანისგან სრულიად განსხვავებული არსება, რომელსაც არ შეეძლო ადამიანებთან ტრაპეზის გაზიარება და ჭამა, რადგან ადამიანები ცოდვილნი და უწმინდურნი არიან და, შესაბამისად, არასოდეს ძალუძთ ღმერთთან მიახლოება. ადამიანთა ამ გაუგებრობების გასაფანტად, უფალმა იესომ მოიმოქმედა არაერთი რამ, რასაც განკაცების ჟამს აკეთებდა, როგორც ეს წერილებშია აღნიშნული: „აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.“ მან ასევე განუმარტა მათ წერილები, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. ყოველივე ამან, რაც უფალმა იესომ აღასრულა, თითოეულ ადამიანს, ვინც იგი იხილა, აგრძნობინა, რომ უფალი არ შეცვლილა, რომ იგი კვლავ იგივე უფალი იესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯვარს აცვეს და მან სიკვდილი გამოსცადა, იგი აღდგა და მას არ მიუტოვებია ადამიანი. იგი დაბრუნდა, რათა ადამიანთა შორის ყოფილიყო და მასში არაფერი შეცვლილა. ადამიანთა წინაშე მდგომი ძე კაცისა კვლავ იგივე უფალი იესო იყო. მისი იერი და ადამიანებთან საუბრის მანერა ასეთი ნაცნობი იყო. იგი კვლავაც სავსე იყო კეთილმოსურნე სიყვარულით, მადლითა და შემწყნარებლობით — იგი კვლავ იგივე უფალი იესო იყო, რომელსაც სხვები საკუთარი თავივით უყვარდა და რომელსაც ადამიანისთვის სამოცდაათგზის შვიდჯერ პატიება შეეძლო. როგორც ყოველთვის, იგი ადამიანებთან ერთად ჭამდა, მათთან ერთად განიხილავდა წერილებს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც უწინ, მას ხორციელი სხეული ჰქონდა და მისი შეხება და დანახვა შეიძლებოდა. ასეთმა ძე კაცისამ ადამიანებს საშუალება მისცა, ეგრძნოთ სიახლოვე, სიმშვიდე და დაკარგულის დაბრუნების სიხარული. ამავდროულად დამშვიდებულებსა და რწმენით აღსავსეებს თამამად გაუჩნდათ ნდობა და იმედი ამ ძე კაცისას მიმართ, რომელსაც ადამიანთათვის ცოდვების მიტევება შეეძლო. მათ ასევე დაიწყეს უფალ იესოს სახელით ლოცვა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ლოცულობდნენ, რათა მიეღოთ მისი მადლი და კურთხევა, მიეღოთ მისგან მშვიდობა და სიხარული, მზრუნველობა და მფარველობა; და მათ დაიწყეს ავადმყოფთა განკურნება და დემონების განდევნა უფალ იესოს სახელით.
იმ დროს, როდესაც უფალი იესო ხორციელად მოღვაწეობდა, მისი მიმდევრების უმეტესობას არ შეეძლო სრულად დაედასტურებინა მისი ვინაობა და ის, რასაც იგი ამბობდა. როდესაც მას ჯვარს აცვამდნენ, მისი მიმდევრები მხოლოდ აკვირდებოდნენ მოვლენებს. მისი ჯვარზე გაკვრიდან დაწყებული საფლავში დასვენებამდე ადამიანთა დამოკიდებულება მის მიმართ იმედგაცრუება იყო. ამ ხნის განმავლობაში ადამიანებს გულის სიღრმეში უკვე გაუჩნდათ ეჭვი იმ სიტყვების მიმართ, რომლებიც უფალმა იესომ განკაცების ჟამს წარმოთქვა, და საბოლოოდ მათ სრულ უარყოფამდე მივიდნენ. როდესაც იგი გამოვიდა საფლავიდან და სათითაოდ გამოეცხადა ადამიანებს, მათი უმეტესობის დამოკიდებულება, ვინც იგი საკუთარი თვალით იხილა ან მისი მკვდრეთით აღდგომის ამბავი მოისმინა, თანდათანობით უარყოფიდან სკეპტიციზმში გადაიზარდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა იესომ თომას თავის ფერდზე შეხების უფლება მისცა, ხალხის წინაშე პური გატეხა და შეჭამა, შემდეგ კი მათ თვალწინ შემწვარი თევზიც მიირთვა, მხოლოდ მაშინ მიიღეს მათ ჭეშმარიტად ის ფაქტი, რომ უფალი იესო განკაცებული ქრისტე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხორცშესხმულმა სულიერმა სხეულმა, რომელიც ამ ადამიანთა წინაშე იდგა, თითოეულ მათგანს ისეთი გრძნობა დაუტოვა, თითქოს სიზმრიდან გამოეღვიძათ: მათ წინაშე მდგომი ძე კაცისა იყო ის, ვინც უხსოვარი დროიდან არსებობდა. მას ჰქონდა ფორმა და სახე; მას ჰქონდა ხორციელი სხეული და იგი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და ჭამდა ადამიანებთან ერთად... ამ დროს მისმა არსებობამ ადამიანებს აგრძნობინა, რომ ეს ყოველივე ასეთი რეალური და საოცარი იყო; ამან ასევე მიანიჭა მათ სიხარული და ბედნიერება და ამავდროულად ღრმა ემოციებით აღავსო ისინი. მისმა ხელახალმა გამოჩენამ ადამიანებს საშუალება მისცა, ჭეშმარიტად დაენახათ მისი თავმდაბლობა, შეეგრძნოთ მისი სიახლოვე, მისი მუდმივი მზრუნველობა და მიჯაჭვულობა მათ მიმართ. ამ ხანმოკლე შეხვედრამ უფალ იესოს მნახველ ადამიანებს ისეთი გრძნობა მოჰგვარა, თითქოს მთელმა ცხოვრებამ განვლო. მათმა დაკარგულმა, დაბნეულმა, შეშინებულმა და შეშფოთებულმა, მღელვარე, მონატრებულმა და გაშეშებულმა გულებმა ნუგეში ჰპოვეს. ისინი აღარ იყვნენ ეჭვებით მოცულნი ან იმედგაცრუებულნი, რადგან გრძნობდნენ, რომ ახლა უკვე არსებობდა იმედი და საყრდენი. მათ წინაშე მდგომი ძე კაცისა სამუდამოდ მათი მფარველი იქნებოდა; იგი იქნებოდა მათი მტკიცე გოდოლი, მათი თავშესაფარი უკუნითი უკუნისამდე.
მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესო მკვდრეთით აღდგა, მის გულსა და საქმეს არ მიუტოვებია ადამიანი. ადამიანთა წინაშე გამოცხადებით მან უთხრა მათ, რომ რა ფორმითაც არ უნდა ეარსება, იგი თან გაჰყვებოდა ადამიანებს, ივლიდა მათთან ერთად და იქნებოდა მათთან ყოველთვის და ყველგან. მან უთხრა მათ, რომ ყოველთვის და ყველგან უზრუნველყოფდა ადამიანებს, იქნებოდა მათი მწყემსი, მისცემდა მათ მისი დანახვისა და შეხების საშუალებას და უზრუნველყოფდა, რომ მათ აღარასოდეს ეგრძნოთ თავი უმწეოდ. უფალ იესოს ასევე სურდა, ადამიანებს სცოდნოდათ, რომ ისინი მარტონი არ ცხოვრობენ ამ წუთისოფელში. ადამიანს აქვს ღვთის მზრუნველობა და მისი თანამყოფობა. ღმერთი არის ის, ვისაც ადამიანი ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს; იგი ოჯახია მისი თითოეული მიმდევრისთვის. ღმერთზე დაყრდნობით ადამიანი აღარ იქნება მარტოსული ან უმწეო, ხოლო ისინი, ვინც მას საკუთარი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად მიიღებენ, აღარ იქნებიან ცოდვით შებოჭილნი. ადამიანის თვალში მისი საქმის ის ნაწილი, რომლებიც უფალმა იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღასრულა, ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყოველივე, რაც მან გააკეთა, იყო ესოდენ მრავლისმეტყველი, ესოდენ ღირებული, ესოდენ მნიშვნელოვანი და წონადი.
მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესოს ხორციელად მოღვაწეობის პერიოდი აღსავსე იყო გასაჭირითა და ტანჯვით, თავისი ხორციელი სხეულით გამოცხადებით მან სრულად და სრულყოფილად აღასრულა განკაცების ჟამს დაწყებული საქმე კაცობრიობის გამოსასყიდად. მან თავისი მსახურება განკაცებით დაიწყო და ეს მსახურება ადამიანთა წინაშე ხორციელი სახით გამოცხადებითვე დაასრულა. თავისი, როგორც ქრისტეს ვინაობით მან საფუძველი ჩაუყარა და სათავე დაუდო მადლის ეპოქას. თავისი, როგორც ქრისტეს ვინაობით, მან აღასრულა საქმე მადლის ეპოქაში, განამტკიცა და წინ გაუძღვა თავის ყველა მიმდევარს ამავე ეპოქაში. ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ ღვთის საქმეს აქვს დასაწყისი და დასასრული, მიმდინარეობს ეტაპობრივად და გეგმის მიხედვით და სავსეა მისი სიბრძნით, მისი ყოვლისშემძლეობით, მისი საოცარი საქმეებითა და მისი სიყვარულითა და წყალობით. რა თქმა უნდა, მთავარი ხაზი, რომელიც ღვთის მთელ საქმეს გასდევს, არის მისი მზრუნველობა ადამიანის მიმართ; ის, რითაც ის მთლიანად არის განმსჭვალული, არის ზრუნვა ადამიანზე, რომლის მიტოვებაც მას ასე ძალიან უჭირს. ბიბლიის ამ მუხლებში, თითოეულ საქმეში, რაც უფალმა იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღასრულა, გაცხადდა ღვთის უცვლელი იმედები და საზრუნავი კაცობრიობის მიმართ, ასევე მისი განსაკუთრებული მზრუნველობა კაცობრიობის მიმართ და მისი მფარველობა. აქედან მოყოლებული დღევანდელ დღემდე არაფერი შეცვლილა — ხედავთ ამას? როდესაც ამას ხედავთ, განა თქვენი გულები გაუცნობიერებლად არ უახლოვდება ღმერთს? იმ ეპოქაში რომ გეცხოვრათ და უფალი იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოგცხადებოდათ, იმ ფორმითა და სახით, რომლის დანახვასაც შეძლებდით, თქვენ წინაშე რომ მჯდარიყო, ეჭამა პური და თევზი, განემარტა თქვენთვის წერილები და გესაუბრათ, მაშინ რას იგრძნობდით? იგრძნობდით ბედნიერებას? იგრძნობდით დანაშაულს? წარსული გაუგებრობები და ღვთისთვის თავის არიდება, ღვთისადმი წინააღმდეგობა და მის მიმართ ეჭვები — განა ეს ყოველივე უბრალოდ არ გაქრებოდა? განა ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის უფრო ნორმალური არ გახდებოდა?
ბიბლიის ამ რამდენიმე ნაწყვეტის განმარტებით, პოულობთ რაიმე ნაკლს ღვთის ხასიათში? პოულობთ რაიმე ნაკლოვანებას ღვთის სიყვარულში? ხედავთ რაიმე მზაკვრობას ან უკეთურებას ღვთის ყოვლისშემძლეობასა თუ სიბრძნეში? რა თქმა უნდა, არა! ახლა შეგიძლიათ დაბეჯითებით თქვათ, რომ ღმერთი წმინდაა? შეგიძლიათ დაბეჯითებით თქვათ, რომ ღვთის თითოეული ემოცია მისი არსისა და ხასიათის გამოვლენაა? ვიმედოვნებ, რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მათი გაგება დაგეხმარებათ და სარგებელს მოგიტანთ ხასიათის შეცვლისა და ღვთისმოშიშების ძიებაში და რომ ის შედეგები, რომლებსაც ეს სიტყვები თქვენში გამოიღებს, დღითი დღე გაიზრდება, რათა ამ ძიების პროცესში სულ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს, სულ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელსაც ღმერთი მოითხოვს. აღარ იქნებით ზიზღით განწყობილნი ჭეშმარიტების ძიების მიმართ და აღარ იგრძნობთ, რომ ჭეშმარიტებისა და ხასიათის შეცვლის ძიება დამღლელი ან ზედმეტი საქმეა. პირიქით, ღვთის ჭეშმარიტი ხასიათის გამოხატულებითა და ღვთის წმინდა არსით მოტივირებულნი, ისწრაფვით სინათლისკენ, ისწრაფვით სამართლიანობისკენ, გადაწყვეტთ ჭეშმარიტების ძიებას, ღვთის განზრახვების შესრულების ძიებას და გახდებით ღვთის მიერ მოპოვებული ადამიანები, გახდებით ნამდვილი ადამიანები.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ საქმეებზე, რომლებიც ღმერთმა მადლის ეპოქაში აღასრულა, როდესაც იგი პირველად განკაცდა. ამ საქმეებიდან ჩვენ დავინახეთ ის ხასიათი, რომელიც მან ხორციელად გამოხატა და გამოავლინა ისევე, როგორც ყოველი ასპექტი იმისა, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ყველა ეს ასპექტი იმისა, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის ძალიან გაადამიანურებულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფრის არსი, რაც მან გამოავლინა და გამოხატა, განუყოფელია მისი ხასიათისგან. ყოველი გზა და ყოველი ასპექტი, რომლითაც განკაცებული ღმერთი ავლენს თავის ხასიათს ადამიანური ბუნების მეშვეობით, განუყოფლად არის დაკავშირებული მის არსთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი კაცობრიობას განკაცებული ევლინება. ასევე მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ხორცშესხმული უფალი აღასრულებს, მაგრამ თითოეული ხორციელი ადამიანისთვის, გახრწნილებაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ხასიათი, რომელსაც იგი ავლენს და ის განზრახვები, რომლებსაც იგი გამოხატავს. ძალგიძს ჩაწვდე ამას? მას შემდეგ, რაც ჩაწვდი ღვთის ხასიათსა და იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, გამოიტანე რაიმე დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრო ღმერთს? ბოლოს, ამ საკითხთან დაკავშირებით მსურს სამი რჩევა მოგცე: პირველი, ნუ გამოცდი ღმერთს. რაოდენ კარგადაც უნდა გესმოდეს ღვთისა და მისი ხასიათის შესახებ, არავითარ შემთხვევაში არ გამოსცადო იგი. მეორე, ნუ შეეცდები ღმერთს სტატუსში გაეჯიბრო. რა სახის სტატუსიც არ უნდა მოგცეს ღმერთმა ან რა სახის საქმეც არ უნდა დაგაკისროს, რა სახის მოვალეობის შესასრულებლადაც არ უნდა აგამაღლოს და როგორც არ უნდა დაიხარჯო და მსხვერპლი გაიღო ღვთისთვის, ნურავითარ შემთხვევაში ნუ ეცდები მას სტატუსში შეეცილო. მესამე, არ შეედავო ღმერთს. გესმის თუ არა ან შეგიძლია თუ არა დაემორჩილო იმას, რასაც ღმერთი შენთან მიმართებით აკეთებს, რასაც იგი შენთვის განაგებს და რაც შენს ცხოვრებაში მოაქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეედავო ღმერთს. თუ შეძლებ ამ სამივე რჩევის გათვალისწინებას, მაშინ შედარებით უსაფრთხოდ იქნები და არ იქნები მიდრეკილი ღვთის განრისხებისკენ. ამით დავასრულებთ დღევანდელ თანაზიარებას.
23 ნოემბერი, 2013 წ.
სქოლიო:
ა. „თავშემკვრელი შელოცვა“ არის შელოცვა, რომელსაც ბერი ტანგ სანზანგი იყენებს ჩინურ რომანში „მოგზაურობა დასავლეთში“. იგი ამ შელოცვას იყენებს სუნ ვუკონგის გასაკონტროლებლად, მის თავზე ლითონის რგოლის მოჭერით, რაც მას მწვავე თავის ტკივილს აყენებს და ამგვარად იმორჩილებს მას. ეს იქცა მეტაფორად იმის აღსაწერად, რაც ადამიანს ბოჭავს.