თავად ღმერთი, ერთადერთი I
ღვთის ხელმწიფება (I)
ჩემი ბოლო რამდენიმე თანაზიარება ეხებოდა ღვთის საქმეს, ღვთის ხასიათსა და თავად ღმერთს. ამ თანაზიარებების მოსმენის შემდეგ გრძნობთ თუ არა, რომ შეიძინეთ გარკვეული გაგება და ცოდნა ღვთის ხასიათის შესახებ? რამდენად გაიღრმავეთ გაგება და ცოდნა? ნათლად გაქვთ თუ არა ეს გაცნობიერებული თქვენს გულებში? მოგცათ თუ არა ამ თანაზიარებებმა ღმერთის შესახებ უფრო ღრმა გაგება? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს გაგება ღვთის ჭეშმარიტი ცოდნაა? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ღმერთის შესახებ ასეთი ცოდნა და გაგება ნიშნავს, რომ თქვენ იცნობთ ღვთის მთელ არსს და იმას, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის? არა, აშკარაა, რომ არა! რადგან ამ თანაზიარებების მეშვეობით თქვენ მხოლოდ ღვთის ხასიათის ნაწილი და იმის ნაწილი შეიცანით, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის — და არა სრულად, მთლიანობაში. ამ თანაზიარებებმა მოგცათ საშუალება, გაგეგოთ ღვთის მიერ წარსულში აღსრულებული საქმის ნაწილი; ამ საქმის გაცნობის შედეგად თქვენ იხილეთ ღვთის ხასიათი და ის, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის, ისევე როგორც ის დამოკიდებულება და აზროვნება, რომელიც მის მიერ აღსრულებული ყოველი საქმის მიღმა დგას. მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის სიტყვასიტყვითი და სიტყვიერი გაგებაა და თქვენს გულებში კვლავაც არ ხართ დარწმუნებულნი, თუ რამდენად რეალურია ეს. ძირითადად რა განსაზღვრავს, არის თუ არა რაიმე რეალობა ადამიანების მიერ ამგვარი საკითხების გაგებაში? ეს განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ჭეშმარიტად განიცადეს მათ ღვთის სიტყვები და ხასიათი თავიანთ რეალურ გამოცდილებაში და რამდენის დანახვა და შეცნობა შეძლეს ამ რეალურ გამოცდილებაში. უთქვამს თუ არა ვინმეს მსგავსი სიტყვები: „ბოლო რამდენიმე თანაზიარებამ მოგვცა საშუალება, გაგვეგო ღვთის მიერ აღსრულებული საქმეები, ღვთის ფიქრები და ღვთის დამოკიდებულებაც კი კაცობრიობის მიმართ, მისი მოტივაცია საქმეების აღსრულებისას და მისი მოქმედების პრინციპები; ამგვარად, ჩვენ შევიცანით ღვთის ხასიათი და შევიცანით ღმერთი მთლიანობაში“? სწორია ამის თქმა? აშკარაა, რომ არა. რატომ ვამბობ, რომ ამის თქმა არ არის სწორი? ღვთის მიერ აღსრულებული საქმეები და ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები შეიცავს ღვთის ხასიათის გამოხატულებებს და შეიცავს იმის გამოხატულებებს, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის. ღვთის მიერ აღსრულებული საქმისა და მის მიერ წარმოთქმული სიტყვების მეშვეობით, ადამიანს შეუძლია დაინახოს ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქმე და სიტყვები ადამიანს საშუალებას აძლევს, გაიგოს ღვთის ხასიათის მხოლოდ ნაწილი და იმის ნაწილი, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. თუ ადამიანს სურს გაიფართოოს და გაიღრმაოს ღმერთის შესახებ გაგება, მაშინ მან უფრო მეტად უნდა განიცადოს ღვთის სიტყვები და საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღვთის მხოლოდ ნაწილობრივ გაგებას იძენს ღვთის სიტყვების ან საქმის ნაწილის განცდისას, წარმოადგენს თუ არა ეს ნაწილობრივი გაგება ღვთის ჭეშმარიტ ხასიათს? წარმოადგენს თუ არა ის ღვთის არსს? რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს ღვთის ჭეშმარიტ ხასიათს და ღვთის არსს; ეს უეჭველია. დროისა თუ ადგილის, ან იმის მიუხედავად, თუ რა გზით აღასრულებს ღმერთი თავის საქმეს, ან რა ფორმით ეცხადება იგი ადამიანს, ან რა გზით გამოხატავს თავის განზრახვებს, ყოველივე, რასაც იგი ამჟღავნებს და გამოხატავს, წარმოადგენს თავად ღმერთს, ღვთის არსს და იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ღმერთი თავის საქმეს აღასრულებს იმით, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, და თავისი ჭეშმარიტი ვინაობით; ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. თუმცა დღეს ადამიანებს ღვთის მხოლოდ ნაწილობრივი გაგება აქვთ მისი სიტყვების მეშვეობით და ქადაგებების მოსმენისას გაგონილის მეშვეობით, ამიტომ, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ ეს გაგება მხოლოდ თეორიული ცოდნაა. თქვენი რეალური მდგომარეობების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ თითოეულმა თქვენგანმა თავის რეალურ გამოცდილებებში უშუალოდ განიცადოს ეს და თანდათანობით შეიძინოს გამოცდილებითი გაგება, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ დაადასტურო ღვთის ის გაგება ან ცოდნა, რომელიც დღეს მოისმინე ან იხილე, ან შეიცანი და გაიგე შენს გულში. მე რომ არ გამეზიარებინა ეს სიტყვები თქვენთვის, შეძლებდით თუ არა ღვთის ჭეშმარიტი ცოდნის მიღწევას მხოლოდ თქვენი გამოცდილებით? ვშიშობ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა. რადგან ადამიანებს ჯერ ღვთის სიტყვები უნდა ჰქონდეთ, რათა იცოდნენ, როგორ გამოსცადონ. რამდენ ღვთის სიტყვასაც შეჭამენ ადამიანები, იმდენივე ღვთის სიტყვის რეალურად განცდას შეძლებენ. ღვთის სიტყვები გზას მიუძღვის და გზას უკვალავს ადამიანს მის გამოცდილებაში. მოკლედ, მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული ჭეშმარიტი გამოცდილება, ეს ბოლო რამდენიმე თანაზიარება მათ დაეხმარება ჭეშმარიტების უფრო ღრმა გაგებისა და ღმერთის შესახებ უფრო პრაქტიკული ცოდნის შეძენაში. მაგრამ მათთვის, ვისაც არ აქვს არავითარი ჭეშმარიტი გამოცდილება, ან ვინც მხოლოდ ახლა დაიწყო გამოცდილების მიღება და მხოლოდ ახლა დაიწყო რეალობასთან შეხება, ეს დიდი გამოცდაა.
ბოლო რამდენიმე თანაზიარების ძირითადი შინაარსი ეხებოდა „ღვთის ხასიათს, ღვთის საქმესა და თავად ღმერთს“. რა დაინახეთ ყოველივე ნათქვამის საკვანძო და ცენტრალურ ნაწილებში, რაზეც მე ვისაუბრე? ამ თანაზიარებების მეშვეობით შეგიძლიათ თუ არა დარწმუნებით თქვათ, რომ ის, ვინც ეს საქმე აღასრულა, ვინც ეს ხასიათი გამოავლინა, არის ერთადერთი თავად ღმერთი, რომელიც ყოველივეზე ხელმწიფებს? თუ თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ რამ მიგიყვანათ ასეთ დარწმუნებამდე? რომელმა ასპექტებმა დაგარწმუნათ ამაში? შეუძლია ვინმეს მითხრას? მე ვიცი, რომ ბოლო რამდენიმე თანაზიარება ნამდვილად შეგეხოთ და თქვენს გულებში ღვთის შეცნობის ახალი დასაწყისი შექმნა, რაც შესანიშნავია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წარსულთან შედარებით ღმერთის გაგებაში დიდად წაიწიეთ წინ, ღვთის ვინაობის თქვენეული განსაზღვრება ჯერ კიდევ არ გასცდენია რჯულის ეპოქის იეჰოვა ღმერთის, მადლის ეპოქის უფალი იესოსა და სასუფევლის ეპოქის ყოვლისშემძლე ღმერთის სახელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანაზიარებებმა „ღვთის ხასიათის, ღვთის საქმისა და თავად ღმერთის“ შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ ღვთის მიერ ოდესღაც ნათქვამ სიტყვებზე, მის მიერ ოდესღაც შესრულებულ საქმესა და იმაზე, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და რაც მან ოდესღაც გამოავლინა, თქვენ არ შეგიძლიათ სიტყვა „ღმერთს“ ჭეშმარიტი განსაზღვრება მისცეთ და მისი მნიშვნელობა ზუსტად განსაზღვროთ. არც თავად ღმერთის სტატუსისა და ვინაობის, ანუ ყოველივეს შორის და მთელ სამყაროში ღვთის სტატუსის შესახებ გაქვთ ჭეშმარიტი და ზუსტი წარმოდგენა და ცოდნა. ეს იმიტომ, რომ ღვთის ხასიათისა და თავად ღმერთის შესახებ წინა თანაზიარებებში მთელი შინაარსი ეფუძნებოდა იმას, რაც ღმერთმა წარსულში გამოხატა და გამოავლინა, როგორც ეს ბიბლიაშია ჩაწერილი, მაშინ როცა იმის აღმოჩენა, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, რასაც ღმერთი ავლენს და გამოხატავს კაცობრიობის მართვისა და ხსნისას, ან ამ საქმის მიღმა, ადამიანისთვის რთული აღმოსაჩენია. ამიტომ, თუნდაც გესმოდეთ ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, რაც მან გამოავლინა წარსულში აღსრულებულ საქმეში, თქვენ მიერ ღვთის ვინაობისა და სტატუსის განსაზღვრასა და „ერთადერთ ღმერთს, მას, ვინც ყოველივეზე მეუფებს“ შორის მაინც რჩება მანძილი და ეს განსაზღვრება განსხვავდება „შემოქმედის“ ცნებისგან. ბოლო რამდენიმე თანაზიარებამ ყველას ერთი და იგივე განცდა გაუჩინა: როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღვთის ფიქრები? თუ ვინმემ მართლაც იცის ისინი, მაშინ ასეთი ადამიანი უდავოდ ღმერთია, რადგან მხოლოდ თავად ღმერთმა იცის საკუთარი ფიქრები და მხოლოდ თავად ღმერთმა იცის ის დამოკიდებულება და მოტივაცია, რომელიც მის მიერ აღსრულებული ყოველი საქმის მიღმა დგას. ღვთის ვინაობის ამგვარად დადგენა თქვენთვის გონივრული და ლოგიკური ჩანს, მაგრამ ვის შეუძლია ღვთის ხასიათისა და საქმის მიხედვით დაადგინოს, რომ ეს ნამდვილად თავად ღვთის საქმეა და არა ადამიანის საქმე, საქმე, რომლის აღსრულებაც ადამიანს ღვთის ნაცვლად არ შეუძლია? ვის შეუძლია დაინახოს, რომ ეს საქმე ექვემდებარება იმის მეუფებას, ვისაც ღვთის არსი და ძალა გააჩნია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მახასიათებლებით ან არსით ადგენთ, რომ იგი არის თავად ღმერთი, რომელიც ღვთის ვინაობის მქონეა და არის ის, ვინც ყოველივეზე ხელმწიფებს? გიფიქრიათ ოდესმე ამაზე? თუ არ გიფიქრიათ, მაშინ ეს ერთ ფაქტს ამტკიცებს: ბოლო რამდენიმე თანაზიარების მეშვეობით თქვენ მხოლოდ გარკვეული გაგება შეიძინეთ ღვთის წარსული საქმის ისტორიის ამ მონაკვეთისა და ამ საქმის მიმდინარეობისას ღვთის დამოკიდებულების, გამოვლინებისა და გაცხადებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გაგება თითოეულ თქვენგანს ეჭვგარეშე არწმუნებს იმაში, რომ ის, ვინც საქმის ეს ორი ეტაპი აღასრულა, არის თავად ღმერთი, რომელიც გწამთ და რომელსაც მიჰყვებით, ის, ვისაც მუდამ გაჰყვებით, თქვენ მაინც ვერ ხართ დარწმუნებულნი, რომ იგი არის ღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნიდან არსებობს და მარადიულად იარსებებს, და ვერც იმაში იქნებით დარწმუნებულნი, რომ იგი არის ის, ვინც წარმართავს მთელ კაცობრიობას და ხელმწიფებს მასზე. თქვენ ნამდვილად არასოდეს გიფიქრიათ ამ საკითხზე. იქნება ეს იეჰოვა თუ უფალი იესო, არსისა და გამოვლინების რომელი ასპექტებით შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ იგი არა მხოლოდ ის ღმერთია, რომლის მიყოლაც გსურთ, არამედ ისიც, ვინც განკარგავს კაცობრიობას და ხელმწიფებს კაცობრიობის ბედისწერაზე, და უფრო მეტიც, არის ერთადერთი თავად ღმერთი, რომელიც ხელმწიფებს ცაზე, მიწასა და ყოველივეზე? რომელი გზებით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ის, ვისიც გწამთ და ვისაც მიჰყვებით, არის თავად ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მეუფებს? რა გზებით შეგიძლიათ დაუკავშიროთ ღმერთი, რომელიც გწამთ, იმ ღმერთს, რომელიც კაცობრიობის ბედისწერაზე ხელმწიფებს? რის მეშვეობით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ღმერთი, რომელიც გწამთ, არის ცასა და მიწასა და ყოველივეს შორის ერთადერთი თავად ღმერთი? სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელსაც შემდეგ ნაწილში გადავჭრი.
ის საკითხები, რომლებზეც არასდროს გიფიქრიათ ან ვერ იფიქრებთ, შესაძლოა, სწორედ ის საკითხები იყოს, რომლებიც ყველაზე გადამწყვეტია ღვთის შესაცნობად და რომლებშიც შეიძლება მოიძებნოს ადამიანისთვის ჩაუწვდომელი ჭეშმარიტებები. როდესაც ეს საკითხები თქვენ წინაშე დადგება და მოითხოვს, რომ თვალი გაუსწოროთ მათ და გააკეთოთ არჩევანი, თუ თქვენი უგუნურებისა და უმეცრების გამო, ან იმის გამო, რომ თქვენი გამოცდილება მეტისმეტად ზედაპირულია და არ გაგაჩნიათ ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა, ვერ შეძლებთ მათ სრულად გადაჭრას, მაშინ ეს საკითხები იქცევა უდიდეს დაბრკოლებად და უდიდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ღმერთის რწმენის გზაზე. ამიტომ, ვთვლი, რომ უკიდურესად აუცილებელია თქვენთან ამ თემაზე თანაზიარება. ახლა იცით თუ არა, რა საკითხები გაქვთ? ნათელია თუ არა თქვენთვის ის საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობ? არის თუ არა ეს ის საკითხები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებით? არის თუ არა ეს ის საკითხები, რომლებიც არ გესმით? არის თუ არა ეს ის საკითხები, რომლებზეც არასდროს გიფიქრიათ? მნიშვნელოვანია თუ არა ეს საკითხები თქვენთვის? არის თუ არა ისინი ნამდვილი საკითხები? თქვენს გულებში ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბუნდოვანებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ გაგაჩნიათ იმ ღვთის ჭეშმარიტი გაგება, რომლისაც გწამთ, და რომ მას სერიოზულად არ აღიქვამთ. ზოგიერთი ამბობს: „მე ვიცი, რომ იგი ღმერთია, ამიტომ მივყვები მას, რადგან მისი სიტყვები ღვთის გამოხატვაა. ეს საკმარისია. კიდევ რა დადასტურებაა საჭირო? ნუთუ ღმერთში ეჭვი უნდა შევიტანოთ? ნუთუ ღმერთი უნდა გამოვცადოთ? ნუთუ ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ ღვთის არსი და თავად ღვთის ვინაობა?“ მიუხედავად იმისა, ფიქრობთ თუ არა ასე, მე ამ საკითხებს იმისთვის არ ვაყენებ, რომ ღმერთში ეჭვი შეგატანინოთ, ან გაიძულოთ, გამოსცადოთ იგი, და მით უმეტეს, არც იმისთვის, რომ გაიძულოთ, ეჭვქვეშ დააყენოთ ღვთის ვინაობა და არსი. პირიქით, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მოგცეთ საშუალება, უფრო მეტად გაიგოთ ღვთის არსი, ღვთის სტატუსი უფრო ზუსტად განსაზღვროთ და მეტად დარწმუნდეთ მასში, რათა ღმერთი გახდეს ერთადერთი ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც ღმერთს მიჰყვება, და რათა ღვთის თავდაპირველი სტატუსი — როგორც შემოქმედის, ყოველივეს ხელმწიფისა და ერთადერთი თავად ღმერთისა — აღდგეს ყოველი ქმნილების გულში. სწორედ ეს არის ის თემა, რომელზეც ვაპირებ თანაზიარებას.
ახლა კი, მოდით, დავიწყოთ ბიბლიიდან შემდეგი წმინდა წერილების კითხვა.
1. ღმერთი სიტყვებს იყენებს ყოველივეს შესაქმნელად
დაბ. 1:3–5 და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე.
დაბ. 1:6–7 და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად.“ და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.
დაბ. 1:9–11 და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“. და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი.“ და იქმნა ასე.
დაბ. 1:14–15 და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი. და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას“. და იქმნა ასე.
დაბ. 1:20–21 და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე“. შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
დაბ. 1:24–25 „და თქვა ღმერთმა: «წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.“ და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
პირველ დღეს, კაცობრიობის დღე და ღამე იქმნება და მყარდება ღვთის ხელმწიფების წყალობით
მოდით, შევხედოთ პირველ მონაკვეთს: „და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე.“ (დაბ. 1:3–5). ეს მონაკვეთი აღწერს ღვთის პირველ ქმედებას შექმნის დასაწყისში და ღმერთის მიერ გატარებულ პირველ დღეს, რომელშიც იყო საღამო და დილა. მაგრამ ეს იყო არაჩვეულებრივი დღე: ღმერთმა დაიწყო ნათლის მომზადება ყოველივესთვის და, უფრო მეტიც, გაჰყო ნათელი ბნელისაგან. ამ დღეს ღმერთმა დაიწყო საუბარი და მისი სიტყვები და ხელმწიფება თანაარსებობდა. მისმა ხელმწიფებამ ყოველივეში გამოვლენა დაიწყო და მისი სიტყვების შედეგად მისი ძალა ყოველივეში გავრცელდა. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველივე დამკვიდრდა და აღსრულდა ღვთის სიტყვების, ღვთის ხელმწიფებისა და ღვთის ძალის გამო, და ყოველივემ დაიწყო ფუნქციონირება ღვთის სიტყვების, ღვთის ხელმწიფებისა და ღვთის ძალის წყალობით. როდესაც ღმერთმა თქვა სიტყვები „დაე, იყოს ნათელი“, იქმნა ნათელი. ღმერთს არ განუხორციელებია არავითარი საქმე; ნათელი მისი სიტყვების შედეგად გაჩნდა. ეს იყო ნათელი, რომელსაც ღმერთმა დღე უწოდა და რომელზეც ადამიანი დღესაც არის დამოკიდებული არსებობისთვის. რადგან ღმერთმა ასე დაადგინა, მისი არსი და ღირებულება არასოდეს შეცვლილა და ის არასოდეს გამქრალა. მისი არსებობა ავლენს ღვთის ხელმწიფებასა და ძალას და აცხადებს შემოქმედის არსებობას. თავისი განმეორებადი ციკლებით, ის კვლავ და კვლავ ადასტურებს შემოქმედის ვინაობასა და სტატუსს. ის არც არარსებული რამაა და არც ილუზორული, არამედ არის რეალური ნათელი, რომლის დანახვაც ადამიანს შეუძლია. იმ დროიდან მოყოლებული ამ ცარიელ სამყაროში, სადაც „მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იდო უფსკრულზე“, შეიქმნა პირველი მატერიალური საგანი. ეს საგანი ღვთის ბაგიდან წარმოთქმული სიტყვებიდან წარმოიშვა და ყოველივეს შექმნის პირველ ეპიზოდში ღვთის ხელმწიფებისა და ნათქვამის წყალობით გამოჩნდა. მალევე, ღმერთმა ნათელსა და ბნელს უბრძანა, გაყოფილიყვნენ… ყოველივე შეიცვალა და აღსრულდა ღვთის სიტყვების გამო… ღმერთმა ამ ნათელს უწოდა „დღე“, ხოლო ბნელს უწოდა „ღამე“. ამის შემდეგ, პირველი საღამო და პირველი დილა შეიქმნა იმ სამყაროში, რომლის შექმნასაც ღმერთი აპირებდა, და ღმერთმა თქვა, რომ ეს იყო პირველი დღე. ეს დღე იყო შემოქმედის მიერ ყოველივეს შექმნის პირველი დღე, და იყო ყოველივეს შექმნის დასაწყისი, და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შემოქმედის ხელმწიფება და ძალა გამოვლინდა ამ სამყაროში, რომელიც მან შექმნა.
ამ სიტყვების მეშვეობით ადამიანს შეუძლია იხილოს ღვთისა და ღვთის სიტყვების ხელმწიფება, ისევე როგორც ღვთის ძალა. რადგან მხოლოდ ღმერთი ფლობს ასეთ ძალას, მხოლოდ ღმერთს აქვს ასეთი ხელმწიფება; რადგან ღმერთი ფლობს ასეთ ხელმწიფებას, მხოლოდ ღმერთს აქვს ასეთი ძალა. შეუძლია თუ არა რომელიმე ადამიანს ან საგანს ფლობდეს ასეთ ხელმწიფებასა და ძალას? არის თუ არა პასუხი თქვენს გულებში? ღვთის გარდა, ფლობს თუ არა რომელიმე შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ასეთ ხელმწიფებას? გინახავთ თუ არა ოდესმე მსგავსი რამის მაგალითი რომელიმე წიგნში ან პუბლიკაციაში? არსებობს თუ არა რაიმე ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ვინმემ შექმნა ცა, მიწა და ყოველივე? ეს არ გვხვდება არცერთ სხვა წიგნსა თუ ჩანაწერში. ხელმწიფებითა და ძალით აღსავსე ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, ბიბლიის ერთადერთი ნაწილია, რომელიც აღნუსხავს ღვთის მიერ სამყაროს შექმნის დიდებულებას. ეს სიტყვები წარმოადგენს ღვთის უნიკალურ ხელმწიფებასა და ვინაობას. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ასეთი ხელმწიფება და ძალა განასახიერებს ღვთის ერთადერთ ვინაობას? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მათ მხოლოდ ღმერთი ფლობს? უდავოდ, მხოლოდ თავად ღმერთი ფლობს ასეთ ხელმწიფებასა და ძალას! ვერცერთი შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ვერ ფლობს და ვერ ჩაანაცვლებს ამ ხელმწიფებასა და ძალას! არის თუ არა ეს თავად ერთადერთი ღმერთის ერთ-ერთი მახასიათებელი? ხედავთ ამას? ეს სიტყვები სწრაფად და ნათლად აგებინებს ადამიანებს იმ ფაქტს, რომ ღმერთი ფლობს უნიკალურ ხელმწიფებას, უნიკალურ ძალას და უზენაეს ვინაობასა და სტატუსს. ზემოთქმული თანაზიარებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ღმერთი, რომელიც გწამთ, არის ერთადერთი თავად ღმერთი?
მეორე დღეს ღვთის ხელმწიფება წარმართავს და განაგებს წყლებს, ქმნის მყარს და ჩნდება ადამიანის არსებობისთვის ყველაზე ძირითადი სივრცე
მოდით, წავიკითხოთ ბიბლიის მეორე მონაკვეთი: „და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.“ (დაბ. 1:6–7). რა ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა თქვა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად“? წმინდა წერილებში ნათქვამია: „და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან.“ რა იყო შედეგი მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეს თქვა და გააკეთა? პასუხი მონაკვეთის ბოლო ნაწილშია: „და იქმნა ასე.“
ეს ორი მოკლე წინადადება აღნუსხავს დიდებულ მოვლენას და აღწერს საოცარ სცენას — უზარმაზარ საქმეს, რომელშიც ღმერთმა განაგო წყლები და შექმნა სივრცე, სადაც კაცობრიობა შეძლებდა არსებობას…
ამ სურათში წყლები და მყარი ერთ წამში ჩნდება ღვთის თვალწინ და ისინი იყოფა ღვთის სიტყვების ხელმწიფებით და განაწილდება „ზემოთ“ და „ქვემოთ“ ღმერთის მიერ დადგენილი წესით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის მიერ შექმნილ მყარს არა მხოლოდ უნდა დაეფარა ქვემო წყლები, არამედ უნდა შეეკავებინა ზემო წყლებიც… ამის შემხედვარე, ადამიანს არ შეუძლია, გაოგნებული და აღტაცებული არ შესცქეროდეს მისი ხელმწიფების ძლიერებასა და იმ სცენის ბრწყინვალებას, რომელშიც შემოქმედმა აამოქმედა და წარმართა წყლები და შექმნა მყარი. ღვთის სიტყვების, ღვთის ძალისა და ღვთის ხელმწიფების მეშვეობით ღმერთმა კიდევ ერთი დიადი საქმე აღასრულა. განა ეს არ არის შემოქმედის ხელმწიფების ძლიერება? მოდით, განვმარტოთ ღვთის საქმეები წმინდა წერილების მეშვეობით: ღმერთმა წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და ღვთის ამ სიტყვების გამო გაჩნდა მყარი წყლებს შორის. ამავდროულად ღვთის რამდენიმე სიტყვის გამო ამ სივრცეში მოხდა სრული, დედამიწისშემძვრელი გარდაქმნა და ეს არ იყო ცვლილება ჩვეულებრივი გაგებით, არამედ გადასვლა არაფრიდან რაღაცად. ის შემოქმედის ფიქრებიდან იშვა და არაფრიდან რაღაცად იქცა შემოქმედის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო, და, უფრო მეტიც, ამ მომენტიდან მოყოლებული ის იარსებებდა და დამკვიდრდებოდა შემოქმედისთვის, და გადაადგილდებოდა, შეიცვლებოდა და განახლდებოდა შემოქმედის ფიქრების შესაბამისად. ეს მონაკვეთი აღწერს შემოქმედის მეორე ქმედებას მთელი სამყაროს შექმნისას. ეს იყო შემოქმედის ხელმწიფებისა და ძალის კიდევ ერთი გამოხატულება და შემოქმედის კიდევ ერთი პიონერული საქმე. ეს დღე იყო სამყაროს შექმნის დაწყებიდან შემოქმედის მიერ გატარებული მეორე დღე და ეს იყო კიდევ ერთი საოცარი დღე მისთვის: მან ნათელში იარა, მოიტანა მყარი, წარმართა და განაგო წყლები და მათზე იმბრძანებლა, და მისი საქმეები, მისი ხელმწიფება და მისი ძალა ახალ დღეს ამოქმედდა…
არსებობდა თუ არა მყარი წყლებს შორის მანამ, სანამ ღმერთი თავის სიტყვებს წარმოთქვამდა? რა თქმა უნდა, არა! და რა მოხდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა თქვა: „იყოს მყარი წყლებს შორის“? გამოჩნდა ის, რაც ღმერთს ჰქონდა განზრახული; გაჩნდა მყარი წყლებს შორის და წყლები გაიყო, რადგან ღმერთმა თქვა: „მათ გამყოფად.“ ამგვარად, ღვთის სიტყვების კვალდაკვალ, ღვთის ხელმწიფებისა და ძალის შედეგად ყოველივეს შორის გამოჩნდა ორი ახალი ობიექტი, ორი ახლად წარმოქმნილი საგანი. რას გრძნობთ ამ ორი ახალი საგნის გამოჩენის შესახებ? გრძნობთ თუ არა შემოქმედის ძალის უსაზღვროებას? გრძნობთ თუ არა შემოქმედისთვის დამახასიათებელ უნიკალურ, არაჩვეულებრივ ძალას? ეს ძალა, ძალის ეს უსაზღვროება განპირობებულია ღვთის ხელმწიფებით, და ეს ხელმწიფება წარმოადგენს თავად ღმერთს და არის თავად ღმერთის უნიკალური მახასიათებელი.
ამ მონაკვეთიდან გამომდინარე, გეუფლებათ თუ არა კვლავ ღვთის უნიკალურობის ღრმა განცდა? სინამდვილეში ეს სრულიად არ არის საკმარისი; შემოქმედის ხელმწიფება და ძალა ამაზე ბევრად შორს ვრცელდება. მისი უნიკალურობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ მას აქვს ნებისმიერი ქმნილებისგან განსხვავებული არსი, არამედ იმაშიც, რომ მისი ხელმწიფება და ძალა არაჩვეულებრივი და უსაზღვროა, ყოველივეზე აღმატებული და ყოველივეზე მაღლა მდგომი, და კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ მის ხელმწიფებას და იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, შეუძლია შექმნას სიცოცხლე, სასწაულები მოახდინოს და შექმნას ყოველი სანახაობრივი და არაჩვეულებრივი წუთი და წამი. ამავდროულად მას შეუძლია განკარგოს მის მიერ შექმნილი სიცოცხლე და ხელმწიფებდეს სასწაულებზე და მის მიერ შექმნილ თითოეულ წუთსა და წამზე.
მესამე დღეს ღვთის სიტყვები შობს მიწასა და ზღვებს, ხოლო ღვთის ხელმწიფება სამყაროს სიცოცხლისუნარიანობით ავსებს
ახლა, მოდით, წავიკითხოთ მომდევნო მონაკვეთი. დაბადების 1:9–11-ის პირველი წინადადება ამბობს: „და თქვა ღმერთმა: შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი.“ რა ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა უბრალოდ თქვა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“? და რა იყო ამ სივრცეში ნათლისა და მყარის გარდა? წმინდა წერილის შემდეგ მუხლში ნათქვამია: „და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“ ეს ნიშნავს, რომ ახლა ამ სივრცეში მიწა და ზღვები იყო. სხვა სიტყვებით, მიწა და წყლები ერთმანეთისგან იყო გამოყოფილი. ამ ახალი საგნების გამოჩენა მოჰყვა ღვთის ბაგიდან წარმოთქმულ ბრძანებას: „და იქმნა ასე“. აღწერს თუ არა წმინდა წერილი, რომ ღმერთი აქეთ-იქით ჩქარობდა ამის აღსრულებისას? აღწერს თუ არა იგი, რომ ღმერთი ამას საკუთარი ხელებით აკეთებდა? მაშ, როგორ გააკეთა ღმერთმა ეს? როგორ გამოიწვია ღმერთმა ამ ახალი საგნების წარმოშობა? თავისთავად ცხადია, ღმერთმა სიტყვები გამოიყენა ყოველივე ამის აღსასრულებლად, ამ ყოველივეს შესაქმნელად.
ზემოთ მოყვანილ სამ მონაკვეთში ჩვენ შევიტყვეთ სამი დიდი მოვლენის შესახებ. ეს სამი დიდი მოვლენა მოხდა და წარმოიშვა ღვთის სიტყვების მეშვეობით, და სწორედ მისი სიტყვების წყალობით ეს მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ღვთის თვალწინ. აქედან ჩანს, რომ სიტყვები: „მან თქვა და აღსრულდა; მან ბრძანა და დაემკვიდრა“ ფუჭი არ არის. ღვთის ეს არსი დასტურდება მისი აზრების წარმოშობისთანავე, და როდესაც ღმერთი ბაგეს ხსნის და საუბრობს, მისი არსი სრულად ვლინდება.
მოდით, გავაგრძელოთ ამ მონაკვეთის ბოლო წინადადებით: „და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი.“ და იქმნა ასე.“ სანამ ღმერთი საუბრობდა, ყოველივე ეს ღვთის აზრებს მიჰყვა და წარმოიშვა, და ერთ წამში, სხვადასხვა ფორმისა და აგებულების მქონე მრავალმა ნაზმა, პატარა სიცოცხლის ფორმამ ბარბაცით ამოყო თავი ნიადაგიდან და სანამ სხეულიდან მიწის ნამცეცებს ჩამოიბერტყავდნენ, ისინი უკვე მოუთმენლად ესალმებოდნენ ერთმანეთს, თავს უკრავდნენ და უღიმოდნენ სამყაროს. ისინი მადლობას უხდიდნენ შემოქმედს მათთვის ბოძებული სიცოცხლისთვის და აუწყებდნენ სამყაროს, რომ თითოეული მათგანი ყოველივეს ნაწილი იყო და თითოეული მათგანი საკუთარ სიცოცხლეს შემოქმედის ხელმწიფების წარმოჩენას მიუძღვნიდა. ღვთის სიტყვების წარმოთქმისთანავე მიწა აყვავდა და სიმწვანით დაიფარა, ყველა სახის ბოსტნეული, რომლითაც ადამიანს შეეძლო დამტკბარიყო, აღმოცენდა და მიწის ზედაპირზე ამოიჭრა, ხოლო მთები და ვაკეები ხშირი ხეებითა და ტყის ვრცელი ზოლებით დაიფარა… ეს უსიცოცხლო სამყარო, რომელშიც სიცოცხლის არავითარი კვალი არ არსებობდა, სწრაფად დაიფარა უხვი მცენარეულობით — კერძოდ, ბალახით, ბოსტნეულითა და ხეებით და სიმწვანით გადაივსო… ბალახის სურნელი და ნიადაგის არომატი ჰაერში გავრცელდა, და სხვადასხვა მცენარემ ჰაერის მოძრაობის კვალდაკვალ დაიწყო სუნთქვა და ზრდის პროცესს შეუდგა. ამავდროულად, ღვთის სიტყვების წყალობით და ღვთის აზრების კვალდაკვალ, ყველა მცენარემ დაიწყო უწყვეტი სასიცოცხლო ციკლი, რომლის განმავლობაშიც იზრდება, ყვავის, ნაყოფი გამოაქვს და მრავლდება. თითოეულმა მათგანმა დაიწყო თავისი სასიცოცხლო გზის მკაცრად დაცვა და ყოველივეს შორის თავისი როლის შესრულებას შეუდგა… ყველა მათგანი შემოქმედის სიტყვებით დაიბადა და ცოცხლობდა. თითოეული მათგანი მიიღებდა შემოქმედის უწყვეტ უზრუნველყოფასა და საზრდოს, და მუდამ შეუპოვრად განაგრძობდა არსებობას ხმელეთის ყოველ კუთხეში, რათა წარმოეჩინა შემოქმედის ხელმწიფება და ძალა, და მუდამ წარმოაჩენდა შემოქმედის მიერ მისთვის ბოძებულ სასიცოცხლო ძალას…
შემოქმედის სიცოცხლე არაჩვეულებრივია, მისი აზრები არაჩვეულებრივია და მისი ხელმწიფება არაჩვეულებრივია, და ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა მისი სიტყვები წარმოითქმებოდა, საბოლოო შედეგი იყო: „და იქმნა ასე“. ცხადია, რომ მოქმედებისას ღმერთს არ სჭირდება საკუთარი ხელებით საქმის კეთება; იგი უბრალოდ თავისი აზრებით წარმართავს და თავისი სიტყვებით ადგენს, და ამგვარად ყოველივე აღსრულდება. ამ დღეს ღმერთმა შეაგროვა წყლები ერთ ადგილას და გამოაჩინა ხმელეთი, რის შემდეგაც ღმერთმა მიწას აღმოაცენებინა ბალახი, თესლოვანი ბოსტნეული და ნაყოფიერი ხეები, ღმერთმა თითოეული მათგანი დაახარისხა თავისი გვარისამებრ და უზრუნველყო, რომ თითოეულ ნაყოფს თავისი თესლი ჰქონოდა. ყოველივე ეს განხორციელდა ღვთის განზრახვებისა და ღვთის სიტყვებით გაცემული ბრძანებების შესაბამისად, და თითოეული მათგანი ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ამ ახალ სამყაროში.
როდესაც ღმერთს ჯერ თავისი საქმე არ ჰქონდა დაწყებული, ღმერთს გონებაში უკვე ჰქონდა იმის სურათი, თუ რისი მიღწევა სურდა, და როდესაც ღმერთი შეუდგა ამ ყოველივეს განხორციელებას, სწორედ იმ დროს, როდესაც ღმერთმა ბაგე გახსნა ამ სურათის შინაარსის შესახებ სალაპარაკოდ, ყოველივეში ცვლილებები დაიწყო ღვთის ხელმწიფებისა და ძალის წყალობით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გააკეთა ღმერთმა ეს, ან როგორ გამოიყენა მან თავისი ხელმწიფება, ყოველივე ეტაპობრივად მიიღწეოდა ღვთის გეგმის შესაბამისად და ღვთის სიტყვების წყალობით და ეტაპობრივად ხდებოდა ცვლილებები ცასა და მიწას შორის ღვთის სიტყვებისა და ხელმწიფების წყალობით. ყველა ეს ცვლილება და მოვლენა წარმოაჩენდა შემოქმედის ხელმწიფებას და შემოქმედის სიცოცხლის ძალის არაჩვეულებრივობასა და სიდიადეს. მისი აზრები უბრალო ცნებები ან ცარიელი სურათი კი არ არის, არამედ სიცოცხლისუნარიანობითა და არაჩვეულებრივი ენერგიით აღსავსე ხელმწიფებაა, და ეს არის ძალა, რომელიც იწვევს ყოველივეს შეცვლას, გამოცოცხლებას, განახლებასა და გაქრობას. შესაბამისად, ყოველივე ფუნქციონირებს მისი აზრების შედეგად და, ამავდროულად, ხორციელდება მისი ბაგიდან წარმოთქმული სიტყვების წყალობით…
სანამ ყოველივე გამოჩნდებოდა, ღვთის აზრებში უკვე დიდი ხნის წინ იყო ჩამოყალიბებული სრული გეგმა და ახალი სამყარო უკვე დიდი ხნის წინ იყო განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეს მიწაზე ყველა სახის მცენარე გამოჩნდა, ღმერთს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, შეეჩერებინა ამ სამყაროს შექმნის პროცესი; მას განზრახული ჰქონდა, კვლავაც წარმოეთქვა თავისი სიტყვები, კვლავაც შეექმნა ყოველი ახალი საგანი. იგი იტყოდა, გასცემდა თავის ბრძანებებს, გამოიყენებდა თავის ხელმწიფებას და წარმოაჩენდა თავის ძალას, და ამზადებდა ყველაფერს, რის მომზადებასაც გეგმავდა ყოველივესა და კაცობრიობისთვის, რომლის შექმნასაც აპირებდა…
მეოთხე დღეს კაცობრიობის დანიშნული დროები, დღეები და წლები წარმოიშობა, როდესაც ღმერთი კვლავ იყენებს თავის ხელმწიფებას
შემოქმედმა თავისი სიტყვები გამოიყენა საკუთარი გეგმის აღსასრულებლად და ამგვარად მან განვლო თავისი გეგმის პირველი სამი დღე. ამ სამი დღის განმავლობაში არავის უნახავს, რომ ღმერთი ჩქარობდა ან თავს იღლიდა; პირიქით, მან თავისი გეგმის შესანიშნავი პირველი სამი დღე განვლო და მიაღწია სამყაროს ძირეული გარდაქმნის დიად საქმეს. მის თვალწინ სრულიად ახალი სამყარო წარდგა და, ნაწილ-ნაწილ, ის მშვენიერი სურათი, რომელიც მის აზრებში იყო აღბეჭდილი, საბოლოოდ გაცხადდა ღვთის სიტყვებში. ყოველი ახალი საგნის გამოჩენა ახალშობილის დაბადებას ჰგავდა და შემოქმედი ტკბებოდა იმ სურათით, რომელიც ოდესღაც მის აზრებში იყო, ახლა კი სიცოცხლე შეიძინა. ამ დროს მის გულში მცირედი კმაყოფილება გაჩნდა, მაგრამ მისი გეგმა ახლახან იყო დაწყებული. თვალის დახამხამებაში ახალი დღე დადგა — და რა იყო შემოქმედის გეგმის შემდეგი გვერდი? რა თქვა მან? და როგორ გამოიყენა მან თავისი ხელმწიფება? ამასობაში, რა ახალი საგნები შემოვიდა ამ ახალ სამყაროში? შემოქმედის მითითების კვალდაკვალ, ჩვენი მზერა ჩერდება ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის მეოთხე დღეზე, დღეზე, რომელიც კიდევ ერთი ახალი დასაწყისი იყო. რა თქმა უნდა, შემოქმედისთვის ეს უდავოდ კიდევ ერთი შესანიშნავი დღე იყო, და ეს დღევანდელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო. ამ დღეს, რა თქმა უნდა, შეუფასებელი ღირებულება ჰქონდა. რით იყო ის შესანიშნავი, რით იყო ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ჰქონდა მას შეუფასებელი ღირებულება? მოდით, ჯერ შემოქმედის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს მოვუსმინოთ…
„და თქვა ღმერთმა: იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი. და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას“. და იქმნა ასე“ (დაბ. 1:14-15). ეს იყო ღვთის ხელმწიფების კიდევ ერთი გამოყენება, რომელიც ქმნილებებმა წარმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მან შექმნა ხმელეთი და მასზე არსებული მცენარეები. ღმერთისთვის ასეთი ქმედება ისეთივე მარტივი იყო, როგორც ის, რაც უკვე გააკეთა, რადგან ღმერთს ასეთი ძალა აქვს; ღმერთი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს და რასაც გულისხმობს, ის აუცილებლად აღსრულდება. ღმერთმა ბრძანა, რომ ზეცაში მნათობები გამოჩენილიყო და რომ ეს მნათობები არა მხოლოდ ცასა და მიწას გაანათებდა, არამედ ნიშნებად გამოდგებოდა დღისა და ღამისთვის, დანიშნული დროებისთვის, დღეებისა და წლებისთვის. ამგვარად, როდესაც ღმერთმა თავისი სიტყვები წარმოთქვა, ყოველი საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთს სურდა, აღსრულდა ღვთის განზრახვების შესაბამისად და ღვთის მიერ დადგენილი წესით.
ზეცაში არსებული მნათობები ის ობიექტებია, რომლებსაც სინათლის გამოსხივება შეუძლიათ; მათ შეუძლიათ გაანათონ ცა, მიწა და ზღვები. მნათობები ბრუნავს ღვთის მიერ ნაბრძანები რიტმისა და სიხშირის მიხედვით და ანათებს ხმელეთზე სხვადასხვა დროის მონაკვეთს, და ამგვარად, მნათობთა ბრუნვის ციკლები იწვევს დღისა და ღამის წარმოქმნას ხმელეთის აღმოსავლეთსა და დასავლეთში, და ისინი არა მხოლოდ დღისა და ღამის ნიშნებია, არამედ ამ სხვადასხვა ციკლის მეშვეობით მნათობები ასევე აღნიშნავს კაცობრიობის დღესასწაულებსა და სხვადასხვა განსაკუთრებულ დღეს. მნათობები წარმოადგენს ღვთის მიერ დადგენილი ოთხი სეზონის — გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის — სრულყოფილ დამატებასა და თანმხლებობას, რომლებთან ერთადაც მნათობები ჰარმონიულად გვევლინება კაცობრიობის დანიშნული დროების, დღეებისა და წლების რეგულარულ და ზუსტ ნიშნებად. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მიწათმოქმედების წარმოშობის შემდეგ დაიწყო კაცობრიობამ ღვთის მიერ შექმნილი მნათობებით გამოწვეული დანიშნული დროების, დღეებისა და წლების დაყოფის გაგება და ამ დაყოფასთან შეხება, სინამდვილეში ის დანიშნული დროები, დღეები და წლები, რომლებიც კაცობრიობას დღეს ესმის, ჯერ კიდევ ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის მეოთხე დღეს დაიწყო, და ასევე გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ის მონაცვლეობითი ციკლებიც, რომლებსაც კაცობრიობა განიცდის, ჯერ კიდევ ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის მეოთხე დღეს დაიწყო. ღვთის მიერ შექმნილმა მნათობებმა ადამიანს საშუალება მისცა, რეგულარულად, ზუსტად და ნათლად გაერჩია დღე და ღამე, დაეთვალა დღეები და ნათლად ედევნებინა თვალი წელიწადის დროებისა და წლებისთვის. (სრული მთვარის დღე, ანუ სავსემთვარეობის დღე, ადამიანს ეუბნებოდა, რომ მნათობთა ნათების ახალი ციკლი იწყებოდა; ნახევარმთვარის დღე, ანუ მთვარის მეოთხედი, ადამიანს ეუბნებოდა, რომ ახალი დანიშნული დრო იწყებოდა, საიდანაც შეიძლებოდა იმის დასკვნა, თუ რამდენი დღე და ღამე იყო ერთ დანიშნულ დროში, რამდენი დანიშნული დრო იყო ერთ სეზონში და რამდენი სეზონი იყო ერთ წელიწადში, და ყოველივე ეს დიდი კანონზომიერებით ვლინდებოდა.) ამგვარად, კაცობრიობას შეეძლო მარტივად ედევნებინა თვალი მნათობთა ბრუნვით აღნიშნულ დანიშნულ დროებს, დღეებსა და წლებს. ამ დროიდან მოყოლებული, კაცობრიობა და ყოველივე გაუცნობიერებლად ცხოვრობდა დღისა და ღამის მონაცვლეობისა და მნათობთა ბრუნვით წარმოქმნილი სეზონების ცვლილებების კანონების ფარგლებში. ეს იყო მეოთხე დღეს შემოქმედის მიერ მნათობების შექმნის მნიშვნელობა. მსგავსადვე, შემოქმედის ამ ქმედების მიზნები და მნიშვნელობა კვლავ განუყოფელი იყო მისი ხელმწიფებისა და ძალისგან. და ამგვარად, ღვთის მიერ შექმნილი მნათობები და ის ღირებულება, რომელსაც ისინი მალე მოუტანდნენ კაცობრიობას, შემოქმედის ხელმწიფების გამოყენების კიდევ ერთი ოსტატური ნაბიჯი იყო.
ამ ახალ სამყაროში, რომელშიც კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი, შემოქმედს უკვე მომზადებული ჰქონდა საღამო და დილა, მყარი, მიწა და ზღვები, ბალახი, ბოსტნეული და სხვადასხვა სახეობის ხეები, და მნათობები, დანიშნული დროები, დღეები და წლები იმ ახალი სიცოცხლისთვის, რომელსაც იგი მალე შექმნიდა. შემოქმედის ხელმწიფება და ძალა გამოიხატა მის მიერ შექმნილ ყოველ ახალ საგანში, და მისი სიტყვა და საქმე თანადროულად აღსრულდა, უმცირესი შეუსაბამობისა და უმცირესი შუალედის გარეშე. ყველა ამ ახალი საგნის გამოჩენა და დაბადება შემოქმედის ხელმწიფებისა და ძალის მტკიცებულება იყო: იგი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს, რასაც გულისხმობს, ის აუცილებლად აღსრულდება და რასაც აკეთებს, მარადიულად იარსებებს. ეს ფაქტი არასოდეს შეცვლილა: ასე იყო წარსულში, ასეა დღეს და ასე იქნება მთელი მარადისობის განმავლობაში. როდესაც კიდევ ერთხელ უყურებთ წმინდა წერილის ამ სიტყვებს, ახალი გეჩვენებათ თუ არა ისინი? დაინახეთ თუ არა ახალი შინაარსი და აღმოაჩინეთ თუ არა რაიმე ახალი? ეს იმიტომ ხდება, რომ შემოქმედის საქმეებმა შეძრა თქვენი გულები, მიმართულება მისცა მისი ხელმწიფებისა და ძალის შესახებ თქვენს ცოდნას და კარი გაუღო თქვენს გაგებას შემოქმედის შესახებ. სწორედ მისმა საქმეებმა და მისმა ხელმწიფებამ მიანიჭა სიცოცხლე ამ სიტყვებს. ამგვარად, ამ სიტყვებში ადამიანმა დაინახა შემოქმედის ხელმწიფების ნამდვილობა და სიცოცხლისუნარიანობა, ჭეშმარიტად გახდა შემოქმედის უზენაესობის მოწმე და იხილა შემოქმედის ხელმწიფებისა და ძალის არაჩვეულებრივობა.
შემოქმედის ხელმწიფება და ძალა სასწაულს სასწაულზე ახდენს; იგი იპყრობს ადამიანის ყურადღებას და ადამიანს არ შეუძლია, თვალმოუშორებლად არ უყუროს მისი ხელმწიფების გამოყენებით წარმოშობილ ერთიმეორეზე განსაცვიფრებელ საქმეებს. მისი გასაოცარი ძალა ერთიმეორეზე მოულოდნელ სიხარულს იწვევს, ატყვევებს ადამიანის თვალებს და სიხარულით ავსებს მას, აღფრთოვანებისგან სუნთქვაშეკრულს, გაოცებულსა და მოზეიმეს; უფრო მეტიც, ადამიანი აშკარად შეძრულია და მასში იბადება აღფრთოვანება, შიში და მიჯაჭვულობა. შემოქმედის ხელმწიფება და საქმეები შეძრავს ადამიანის სულს, განწმენდს მას და, უფრო მეტიც, აკმაყოფილებს მას. მისი თითოეული აზრი, მისი თითოეული გამონათქვამი და მისი ხელმწიფების ყოველი გაცხადება შედევრია ყოველივეს შორის და წარმოადგენს დიად საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს იმას, რომ შექმნილმა კაცობრიობამ ღრმად გაიგოს და შეიცნოს. როდესაც ვითვლით შემოქმედის სიტყვებიდან შობილ თითოეულ შექმნილ საგანს, ჩვენი სულები მიიზიდება ღვთის ძალის საოცრებისკენ და უნებურად მივყვებით შემოქმედის ნაკვალევს მომდევნო დღისკენ: ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის მეხუთე დღისკენ.
მოდით, განვაგრძოთ წმინდა წერილის მონაკვეთების სათითაოდ კითხვა, რათა შემოქმედის კიდევ მეტი საქმე ვიხილოთ.
მეხუთე დღეს სხვადასხვა და მრავალფეროვანი ფორმის სიცოცხლე შემოქმედის ხელმწიფებას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს
წმინდა წერილი ამბობს: „და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე“. შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ (დაბ. 1:20-21). წმინდა წერილი ნათლად გვეუბნება, რომ ამ დღეს ღმერთმა შექმნა წყალში მყოფი არსებები და ცის ფრინველები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან შექმნა სხვადასხვა სახის თევზი და ფრინველი, და დაახარისხა თითოეული მათგანი თავისი გვარისამებრ. ამგვარად, მიწა, ცა და წყლები გამდიდრდა ღვთის ქმნილებებით…
როგორც კი ღვთის სიტყვები ითქვა, ახალი სიცოცხლე, თითოეული თავისი განსხვავებული ფორმით, მყისიერად გაცოცხლდა შემოქმედის სიტყვებს შორის. ისინი მოვიდნენ სამყაროში, ერთმანეთს ადგილს ეცილებოდნენ, მხიარულობდნენ, ხტოდნენ და სიხარულით ყიჟინებდნენ… ყველანაირი თევზი დაცურავდა წყალში; ყველა სახის მოლუსკი ამოდიოდა წყალქვეშა ქვიშიდან; ქერცლიანი, ნიჟარიანი და რბილტანიანი არსებები წყალქვეშ სხვადასხვაგვარი ფორმით იზრდებოდა და ერთმანეთს ეცილებოდა; ტანად ზოგი დიდი იყო და ზოგი პატარა, ზოგი გრძელი და ზოგი მოკლე. ასევე სხვადასხვა სახეობის ზღვის მცენარე ერთმანეთს ზრდაში ეჯიბრებოდა, ირხეოდა წყლის სხვადასხვა ბინადრის მოძრაობის კვალდაკვალ, ტალღასავით ირხეოდა, დაგუბებულ წყლებს წინსვლისკენ მოუწოდებდა, თითქოს ეუბნებოდა წყალს: „წინ გაიჭერი! მოიყვანე შენი მეგობრები! რადგან შენ აღარასოდეს იქნები მარტო!“ იმ მომენტიდან, როდესაც ღვთის მიერ შექმნილი სხვადასხვა ცოცხალი არსება წყალში გამოჩნდა, თითოეულმა ახალმა სიცოცხლემ სიცოცხლის ძალა შესძინა წყლებს, რომლებიც ასე დიდხანს იყო უძრავი, და ახალ ეპოქას დაუდო სათავე… ამ დროიდან მოყოლებული, ისინი ერთმანეთს ეკვროდნენ, ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ერთმანეთს შორის არავითარ მანძილს არ ტოვებდნენ. წყალი არსებობდა მასში მყოფი ცოცხალი არსებებისთვის, კვებავდა თითოეულ ცოცხალ არსებას, რომელიც მის წიაღში მკვიდრობდა, და ყოველი ცოცხალი არსება წყლისთვის არსებობდა იმ საზრდოს წყალობით, რომელსაც წყალი აძლევდა. თითოეული ანიჭებდა სიცოცხლეს მეორეს, და ამავდროულად, თითოეული, იმავე გზით, მოწმობდა შემოქმედის ქმნილების სასწაულებრიობასა და სიდიადეს, და შემოქმედის ხელმწიფების შეუდარებელ ძალას…
როგორც ზღვა აღარ იყო მდუმარე, ასევე დაიწყო სიცოცხლემ ცის ავსება. სათითაოდ, დიდი და პატარა ფრინველები მიწიდან ცაში აფრინდნენ. ზღვის მრავალგვარი არსებისგან განსხვავებით, მათ ჰქონდათ ფრთები და ბუმბული, ხოლო მათი აღნაგობა სავსე და მოხდენილი იყო, მათი მოძრაობები კი მსუბუქი და მარჯვე იყო. ისინი აფრიალებდნენ ფრთებს, ამაყად და მედიდურად წარმოაჩენდნენ შემოქმედის მიერ მათთვის ბოძებულ ბუმბულის მშვენიერ საფარველს, განსაკუთრებულ ფუნქციებსა და უნარებს. ისინი თავისუფლად დანავარდობდნენ და ოსტატურად დაფრინავდნენ ცასა და მიწას შორის, საძოვრებსა და ტყეებში… ისინი ჰაერის ნებიერები იყვნენ, ისინი ყოველივეს ნებიერები იყვნენ. ისინი მალე გახდებოდნენ დამაკავშირებელი რგოლი ცასა და მიწას შორის, და ყოველივეს გადასცემდნენ შეტყობინებებს… ისინი მღეროდნენ, სიხარულით დაქროდნენ, მათ მოჰქონდათ მხიარული შეძახილები, სიცილი და სიცოცხლის ხალისი ამ ოდესღაც ცარიელ სამყაროში… ისინი იყენებდნენ თავიანთ წკრიალა, მჟღერ გალობას, იყენებდნენ თავიანთ გულებში არსებულ სიტყვებს, რათა ედიდებინათ შემოქმედი მათთვის ბოძებული სიცოცხლისთვის. ისინი მხიარულად ცეკვავდნენ, რათა ეჩვენებინათ შემოქმედის ქმნილების სრულყოფილება და არაჩვეულებრივობა, და მთელ თავიანთ სიცოცხლეს მიუძღვნიდნენ შემოქმედის ხელმწიფების დამოწმებას იმ განსაკუთრებული სიცოცხლის მეშვეობით, რომელიც მან უბოძა მათ…
იქნება ეს წყალში მყოფი სხვადასხვა ცოცხალი არსება თუ ჰაერში მფრინავი არსებები, შემოქმედის ბრძანებით ყველა მათგანი სხვადასხვაგვარი აგებულების ფორმით ცხოვრობს, და შემოქმედის ბრძანებით, ისინი ჯგუფებად აგრძელებენ არსებობას თავ-თავიანთი სახეობების მიხედვით — და ამ კანონის, ამ წესის შეცვლა არცერთ ქმნილებას არ შეუძლია. მათ არასოდეს გაუბედავთ შემოქმედის მიერ მათთვის დადგენილი საზღვრების გადალახვა და არც შეეძლოთ ამის გაკეთება. შემოქმედის მიერ დადგენილისამებრ, ისინი ცხოვრობდნენ და მრავლდებოდნენ, და მკაცრად იცავდნენ შემოქმედის მიერ მათთვის დადგენილ სასიცოცხლო გზასა და კანონებს, და შეგნებულად ემორჩილებოდნენ მის უთქმელ ბრძანებებს და იმ ზეციურ განკარგულებებსა და წესებს, რომლებიც მან მათ მისცა, დღემდე. ისინი თავიანთი განსაკუთრებული გზით ესაუბრებოდნენ შემოქმედს, სწვდებოდნენ შემოქმედის განზრახვებს და ემორჩილებოდნენ მის ბრძანებებს. არცერთ მათგანს არასოდეს დაურღვევია შემოქმედის ხელმწიფება. მათზე მისი მეუფება და კონტროლი მის აზრებში ხორციელდებოდა; არც ერთი სიტყვა არ წარმოთქმულა, მაგრამ შემოქმედის უნიკალური ხელმწიფება უხმოდ აკონტროლებდა ყოველივეს, რასაც არ გააჩნდა მეტყველების უნარი და კაცობრიობისგან განსხვავდებოდა. მისი ხელმწიფების ამ განსაკუთრებული გზით გამოყენება აიძულებს ადამიანს, ახალი ცოდნა შეიძინოს და შემოქმედის უნიკალურ ხელმწიფებას ახალი განმარტება მისცეს. აქ უნდა ვთქვა, რომ ამ ახალ დღეს შემოქმედის ხელმწიფების გამოყენებამ კიდევ ერთხელ ცხადყო შემოქმედის უნიკალურობა.
შემდეგ, მოდით, შევხედოთ წმინდა წერილის ამ მონაკვეთის ბოლო წინადადებას: „და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“ რას ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს? ღვთის განწყობა ამ სიტყვებშია ასახული. ღმერთი ხედავდა, რომ ყოველივე, რაც მან შექმნა, დამკვიდრდა და აღსრულდა მისი სიტყვების გამო, რომ ყველაფერმა თანდათანობით დაიწყო შეცვლა. ამ დროს, იყო თუ არა ღმერთი კმაყოფილი იმ სხვადასხვა საგნით, რომელიც მან თავისი სიტყვებით შექმნა, და იმ სხვადასხვა საქმით, რომელიც მან თავისი სიტყვებით აღასრულა? პასუხი ასეთია: „და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“ რას ხედავთ აქ? რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ „იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“? რისი სიმბოლოა ეს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ჰქონდა ძალა და სიბრძნე, რათა აღესრულებინა ის, რაც დაგეგმა და განსაზღვრა, რათა მიეღწია იმ მიზნებს, რომელთა მიღწევაც განზრახული ჰქონდა. როდესაც ღმერთმა თითოეული ამოცანა დაასრულა, იგრძნო თუ არა მან სინანული? პასუხი კვლავ იგივეა: „და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან არა მხოლოდ არ იგრძნო სინანული, არამედ, პირიქით, კმაყოფილი იყო. რას ნიშნავს ის, რომ მან არ იგრძნო სინანული? ეს ნიშნავს, რომ ღვთის გეგმა სრულყოფილია, რომ მისი ძალა და სიბრძნე სრულყოფილია, და რომ მისი ხელმწიფება არის ერთადერთი წყარო, რომლითაც მას შეუძლია სრულყოფილებას მიაღწიოს. როდესაც ადამიანი ასრულებს ამოცანას, შეუძლია თუ არა მას, ღვთის მსგავსად, დაინახოს, რომ ის კარგია? შეუძლია თუ არა ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, მიაღწიოს სრულყოფილებას? შეუძლია თუ არა ადამიანს რაიმეს აღსრულება ერთხელ და სამუდამოდ? როგორც ადამიანი ამბობს: „არაფერია სრულყოფილი, არის მხოლოდ უკეთესი“, ვერაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, ვერ მიაღწევს სრულყოფილებას. როდესაც ღმერთმა იხილა, რომ ყოველივე, რაც მან გააკეთა და რასაც მიაღწია, კარგი იყო, ღვთის მიერ შექმნილი ყველაფერი მისი სიტყვებით დადგინდა, ანუ, როდესაც „იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“, მის მიერ შექმნილმა საგნებმა მიიღო მუდმივი ფორმა, დახარისხდა ტიპების მიხედვით და მიეცა განსაზღვრული ადგილები, მიზნები და ფუნქციები ერთხელ და სამუდამოდ. ამავდროულად, მათი როლები ყოველივეს შორის და ის გზები, რომლებიც მათ უნდა გაიარონ ღვთის მიერ ყოველივეს მართვისას, უკვე დადგენილი იყო ღვთის მიერ და უცვლელი იყო. ეს იყო შემოქმედის მიერ ყოველივესთვის მიცემული ზეციური კანონი.
„და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ — ეს უბრალო და მარტივი სიტყვები, რომელთა შემჩნევა და სათანადო მნიშვნელობის მინიჭება ადამიანებისთვის ასე რთულია, მიუხედავად ამისა, არის სიტყვები, რომლებითაც ღმერთმა ზეციური კანონები და განკარგულებები გამოსცა მთელი თავისი ქმნილებისთვის. ამ სიტყვებში შემოქმედის ხელმწიფება კიდევ ერთხელ გამოიხატა უფრო პრაქტიკული და ღრმა გზით. თავისი სიტყვების მეშვეობით, შემოქმედმა არა მხოლოდ შეძლო მოეპოვებინა ყოველივე, რისი მოპოვებაც განზრახული ჰქონდა, და აღესრულებინა ყოველივე, რის აღსრულებასაც განზრახული ჰქონდა, არამედ შეეძლო თავის ხელში მოექცია ყოველივე, რაც შექმნა, და გაეკონტროლებინა იგი, და აეღო ყოველივე, რაც შექმნა, და სისტემატურად და კანონზომიერად ემეფა მათზე თავისი ხელმწიფებით. ყოველივე ასევე წარმოიშობოდა, იარსებებდა და გაქრებოდა მისი სიტყვით და, უფრო მეტიც, მისი ხელმწიფებით იარსებებდა მის მიერ დადგენილი კანონის ფარგლებში, რომელსაც ვერავინ გადასცდებოდა! ამ კანონმა მოქმედება ზუსტად იმ წამს დაიწყო, როდესაც „იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“, და იგი იარსებებს, გაგრძელდება და იფუნქციონირებს ღვთის მართვის გეგმისთვის იმ დღემდე, სანამ შემოქმედი არ გააუქმებს მას! შემოქმედის უნიკალური ხელმწიფება გამოვლინდა არა მხოლოდ იმაში, რომ იგი ქმნის ყოველივეს და რომ იგი ბრძანებს და ნაბრძანები მყარდება, არამედ მის უნარში, განაგოს და ჰქონდეს ხელმწიფება ყოველივეზე, და მიანიჭოს ძალა და სიცოცხლისუნარიანობა ყოველივეს, და, უფრო მეტიც, მის უნარში, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს, რომ ყოველივე, რის შექმნასაც იგი თავის გეგმაში ითვალისწინებდა, გამოჩნდეს და იარსებოს მის მიერ შექმნილ სამყაროში სრულყოფილი ფორმით, სიცოცხლის სრულყოფილი სტრუქტურითა და სრულყოფილი როლით. ეს ასევე გამოვლინდა იმით, რომ შემოქმედის აზრები არ ექვემდებარებოდა არავითარ შეზღუდვას, არ იყო შეზღუდული დროით, სივრცით ან გეოგრაფიული მდებარეობით. მისი ხელმწიფების მსგავსად, შემოქმედის უნიკალური ვინაობა უცვლელი დარჩება უკუნითი უკუნისამდე. მისი ხელმწიფება მუდამ იქნება მისი უნიკალური ვინაობის გამოხატულება და სიმბოლო, და მისი ხელმწიფება მარადიულად იარსებებს მისი ვინაობის გვერდიგვერდ!
მეექვსე დღეს შემოქმედი სიტყვას წარმოთქვამს და მის გონებაში არსებული ყოველი სახეობის ცოცხალი არსება ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება
შეუმჩნევლად, შემოქმედის მიერ ყოველივეს შექმნის საქმე ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც შემოქმედი ყოველივეს შექმნის მეექვსე დღეს შეეგება. ეს დღე კიდევ ერთი ახალი დასაწყისი და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე იყო. მაშ, რა გეგმა ჰქონდა შემოქმედს ამ ახალი დღის დადგომის წინ? რა ახალ არსებებს წარმოშობდა, რას შექმნიდა იგი? მოუსმინეთ, ეს შემოქმედის ხმაა…
„და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ — პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ“. და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი — მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა — მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ (დაბ. 1:24–25). რომელი ცოცხალი არსებები შედის მათ რიცხვში? წმინდა წერილში ნათქვამია: პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ. ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს დედამიწაზე არა მხოლოდ ყოველგვარი ცოცხალი არსება გაჩნდა, არამედ ყველა მათგანი თავისი გვარისამებრ იყო დაყოფილი და, ასევე, „იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“.
როგორც წინა ხუთ დღეს, მეექვსე დღესაც შემოქმედმა იმავე ტონით ილაპარაკა და ბრძანა, რომ მისთვის სასურველი ცოცხალი არსებები დაბადებულიყვნენ და დედამიწაზე, თითოეული თავისი გვარისამებრ, გამოჩენილიყვნენ. როდესაც შემოქმედი თავის ხელმწიფებას აღასრულებს, მისი არცერთი სიტყვა ამაოდ არ წარმოითქმის და ამიტომ, მეექვსე დღეს, თითოეული ცოცხალი არსება, რომლის შექმნაც მას განზრახული ჰქონდა, დანიშნულ დროს გამოჩნდა. როგორც შემოქმედმა თქვა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ“, დედამიწა მყისიერად აივსო სიცოცხლით და ხმელეთზე უეცრად ყოველგვარი ცოცხალი არსების სუნთქვა იგრძნობოდა… ბალახით დაფარულ მწვანე ველებზე ჯანიანი, ჩასუქებული ძროხები, რომლებიც კუდებს აქეთ-იქით აქიცინებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ, მბღავანა ცხვრები ფარებად შეიკრიბნენ, ხოლო მოჭიხვინე ცხენები წინ გაჭენდნენ… წამიერად, მდუმარე საძოვრების უკიდეგანო სივრცე ერთბაშად სიცოცხლით აჩქეფდა… ამ სხვადასხვა პირუტყვის გამოჩენამ მშვიდ საძოვრებს ერთი მეორეზე ლამაზი სანახაობა შესძინა და უსაზღვრო სასიცოცხლო ძალა მოიტანა… ისინი საძოვრების თანამგზავრები და ბატონ-პატრონები იქნებოდნენ, ხოლო ისინი და საძოვრები ერთმანეთზე იქნებოდნენ დამოკიდებული; ასევე, ისინი ამ მიწების მცველებად და მომვლელებად იქცეოდნენ. ეს მიწები მათი მუდმივი საბინადრო იქნებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფდა მათ, რაც სჭირდებოდათ, და მათი არსებობის მარადიული საზრდოს წყაროდ იქცეოდა…
იმავე დღეს, როდესაც ეს სხვადასხვა პირუტყვი გაჩნდა, შემოქმედის სიტყვების წარმოთქმისთანავე ყოველგვარი მწერიც ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა ქმნილებას შორის ყველაზე პატარა ცოცხალ არსებებს წარმოადგენდნენ, მათი სასიცოცხლო ძალაც მაინც შემოქმედის სასწაულებრივი ქმნილება იყო და არც მათ დაუგვიანიათ მოსვლა… ზოგი თავის პატარა ფრთებს აფრთხიალებდა, ზოგი კი ნელა დაცოცავდა; ზოგი ხტოდა და დახტოდა, ზოგიც ბარბაცებდა; ზოგი ენერგიულად მიიწევდა წინ, ზოგი კი სწრაფად იხევდა უკან; ზოგი გვერდულად მოძრაობდა, ზოგიც მაღლა და დაბლა დახტოდა… ყველა თავისთვის საცხოვრებლის ძიებით იყო დაკავებული: ზოგი ბალახში მიიკვლევდა გზას, ზოგი მიწაში სოროების თხრას შეუდგა, ზოგი ხეებზე აფრინდა და ტყეში დაიმალა… მიუხედავად მცირე ზომისა, მათ არ სურდათ ცარიელი კუჭით გამოწვეული ტანჯვის ატანა და საკუთარი საცხოვრებლის პოვნის შემდეგ სასწრაფოდ გაეშურნენ საკვების საძიებლად, რათა თავი გამოეკვებათ. ზოგი ბალახზე აცოცდა, რათა მისი ნორჩი ფოთლები ეჭამა, ზოგი პირში მიწას იყრიდა და ყლაპავდა, დიდი მადითა და სიამოვნებით შეექცეოდა მას (როგორც აღმოჩნდა, ეს მიწა მათთვის მშვენიერ კერძად იქცა); ზოგი ტყეში დაიმალა, მაგრამ დასასვენებლად არ გაჩერებულა, და მუქი მწვანე, პრიალა ფოთლების წვენი მათთვის გემრიელ კერძად იქცა… დანაყრების შემდეგაც მწერებს თავიანთი საქმიანობა არ შეუწყვეტიათ; მცირე ზომის მიუხედავად, მათ უზარმაზარი ენერგია და უსაზღვრო სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდათ და ამიტომ ყველა ქმნილებას შორის ყველაზე აქტიური და ყველაზე შრომისმოყვარეები არიან. ისინი არასოდეს ყოფილან ზარმაცები და არასოდეს ესწრაფვოდნენ მოსვენებასა და კომფორტს. მადის დაკმაყოფილების შემდეგაც ისინი კვლავ გულმოდგინედ შრომობდნენ თავიანთი მომავლისთვის, ფუსფუსებდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენ თავიანთი ხვალინდელი დღისთვის, თავიანთი გადარჩენისთვის… ისინი ჩუმად ღიღინებდნენ სხვადასხვა მელოდიისა და რიტმის სიმღერებს, რათა საკუთარი თავი გაემხნევებინათ და წაეხალისებინათ. მათმა ჩუმმა ღიღინმა ასევე სიხარული შესძინა ბალახს, ხეებსა და მიწის თითოეულ გოჯს, რითაც ყოველი დღე და ყოველი წელი გამორჩეული გახადა… თავიანთი ენებითა და თავიანთი ხერხებით ისინი ხმელეთზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას ინფორმაციას გადასცემდნენ. თავიანთი განსაკუთრებული სასიცოცხლო გზებით, ყოველივეს საკეთილდღეოდ, ისინი საკუთარ ნიშნებს ქმნიდნენ და კვალს ტოვებდნენ… ისინი მიწასთან, ბალახსა და ტყეებთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ და მიწას, ბალახსა და ტყეებს სიმხნევე და სასიცოცხლო ძალა მოჰქონდათ. მათ ასევე ყველა ცოცხალ არსებას შემოქმედის შეგონებები და მოკითხვები მიუტანეს…
შემოქმედმა მზერა მოავლო მის მიერ შექმნილ ყოველივეს და ამ წამს მისი თვალები ტყეებსა და მთებზე შეჩერდა, გონება კი მოძრაობდა. მისი სიტყვების წარმოთქმისთანავე ხშირ ტყეებსა და მთებში გამოჩნდა ისეთი სახეობის არსებები, რომელთა მსგავსი მანამდე არცერთი ქმნილება არ ყოფილა: ესენი იყვნენ ღვთის მიერ ნახსენები მხეცები. ისინი გვიან გამოჩნდნენ, თავები გაიქნიეს და კუდები ააქიცინეს, თითოეული თავისი უნიკალური სახით. შეხედეთ: ზოგს ბეწვიანი საფარველი ჰქონდა, ზოგი ჯავშნით იყო დაფარული, ზოგი ეშვებს აშიშვლებდა, ზოგს პირი ფართოდ დაეღო, ზოგი გრძელყელიანი იყო, ზოგი — მოკლეკუდიანი, ზოგს მრისხანე თვალები ჰქონდა, ზოგს — მფრთხალი მზერა, ზოგი ბალახის საჭმელად იხრებოდა, ზოგს პირი სისხლის სუნით ჰქონდა სავსე, ზოგი ორ ფეხზე დახტოდა, ზოგი ოთხი ჩლიქით მიაბიჯებდა, ზოგი ხეზე ადიოდა შორს გასახედად, ზოგი ტყეში ჩასაფრებული ელოდა, ზოგი დასასვენებლად გამოქვაბულებს ეძებდა, ზოგი ვაკეებზე დარბოდა და ცელქობდა, ზოგი კი ტყეებში მოძრაობდა…; ზოგი ბღაოდა, ზოგი ღრიალებდა, ზოგი ყეფდა, ზოგიც ყმუოდა…; ზოგს სოპრანოს ხმა ჰქონდა, ზოგს — ბარიტონის, ზოგის ხმა მჭექარე იყო, ზოგის კი — წკრიალა და მელოდიური…; ზოგი პირქუში იყო, ზოგი — ლამაზი, ზოგი — საზიზღარი, ზოგი — საყვარელი, ზოგი — საშიში, ზოგი კი — მომხიბვლელად გულუბრყვილო… სათითაოდ, თითოეული მათგანი გამოვიდა. შეხედეთ, რა ამაყნი და მედიდურნი არიან, რა თავისუფალი სულისკვეთება აქვთ, ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არიან და არც კი იწუხებენ თავს ერთმანეთისთვის თვალის შესავლებად… თითოეული მათგანი, შემოქმედის მიერ ბოძებული განსაკუთრებული სიცოცხლით, თავისი ველურობითა და მხეცურობით, ტყეებსა და მთებში გამოჩნდა. ისინი „ყველას ზემოდან უყურებდნენ“ და შთამბეჭდავი, მბრძანებლური იერი ჰქონდათ — ბოლოს და ბოლოს, განა ისინი არ იყვნენ მთებისა და ტყეების ჭეშმარიტი ბატონ-პატრონები? იმ მომენტიდან, როდესაც შემოქმედმა მათი გამოჩენა ბრძანა, ისინი „დაეპატრონნენ“ ტყეებსა და მთებს, რადგან შემოქმედს უკვე დადგენილი ჰქონდა მათი საზღვრები და განსაზღვრული ჰქონდა მათი არსებობის არეალი. მხოლოდ ისინი იყვნენ მთებისა და ტყეების ჭეშმარიტი ბატონ-პატრონები და სწორედ ამიტომ იყვნენ ასეთი ველურები, ასეთი „თავგასულები“. მათ „მხეცები“ მხოლოდ იმიტომ ეწოდათ, რომ ყველა ქმნილებას შორის სწორედ ისინი იყვნენ ჭეშმარიტად ველურები, მხეცურები და მოუთვინიერებლები. მათი მოთვინიერება შეუძლებელი იყო, ამიტომ მათი მოშენებაც არ შეიძლებოდა; მათ არც კაცობრიობასთან ჰარმონიაში ცხოვრება შეეძლოთ და არც კაცობრიობისთვის შრომა. სწორედ იმიტომ, რომ მათი მოშენება და კაცობრიობისთვის შრომა შეუძლებელი იყო, მათ კაცობრიობისგან მოშორებით უნდა ეცხოვრათ და კაცობრიობა მათ ვერ მიუახლოვდებოდა. თავის მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი კაცობრიობისგან მოშორებით ცხოვრობდნენ და კაცობრიობა მათ ვერ მიუახლოვდებოდა, მათ შეეძლოთ შემოქმედის მიერ ბოძებული პასუხისმგებლობის შესრულება — მთებისა და ტყეების დაცვა. მათი ველურობა საუკეთესო მფარველობა და გარანტია იყო მთებისა და ტყეების დასაცავად, ასევე მათი საკუთარი არსებობისა და გამრავლებისთვის. ამავე დროს, მათი ველურობა ინარჩუნებდა და უზრუნველყოფდა ყოველივეს შორის წონასწორობას. მათმა მოსვლამ საყრდენი და სიმტკიცე შესძინა მთებსა და ტყეებს; მათმა მოსვლამ უსაზღვრო ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა შთაბერა მდუმარე და ცარიელ მთებსა და ტყეებს. ამ დროიდან მოყოლებული მთები და ტყეები მათ მუდმივ საბინადროდ იქცა და ისინი არასოდეს დაკარგავდნენ თავიანთ სახლს, რადგან სწორედ მათთვის გაჩნდა და არსებობდა მთები და ტყეები; მხეცები შეასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და სრულად მიუძღვნიდნენ თავს მათ დაცვას. ასევე, მხეცები მკაცრად მიჰყვებოდნენ შემოქმედის შეგონებებს — შეენარჩუნებინათ თავიანთი ტერიტორია — და კვლავაც გამოიყენებდნენ თავიანთ მხეცურ ბუნებას შემოქმედის მიერ დადგენილი ყოველივეს წონასწორობის შესანარჩუნებლად და შემოქმედის ხელმწიფებისა და ძალის წარმოსაჩენად!
შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ყოველივე სრულყოფილია
ღვთის მიერ შექმნილი ყოველივე — მათ შორის როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქმნილებები, მაგალითად, ფრინველები და თევზები, ხეები, ყვავილები და ბალახები, აგრეთვე მეექვსე დღეს შექმნილი პირუტყვი, მწერები და მხეცები — ღვთის თვალში კარგი იყო. უფრო მეტიც, ღვთის თვალში, მისი გეგმის შესაბამისად, ყოველივე ამან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია და იმ სტანდარტებს მიაღწია, რომელთა მიღწევაც ღმერთს სურდა. შემოქმედი, თავისი გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებდა იმ საქმეს, რომლის შესრულებაც განზრახული ჰქონდა. ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ყოველივე, რისი შექმნაც მას განზრახული ჰქონდა; თითოეულის გამოჩენა შემოქმედის ხელმწიფების გამოვლინება და, ამავდროულად, ამ ხელმწიფების ნაყოფი იყო. ამ ნაყოფის გამო ყოველი ქმნილება უნებლიეთ მადლიერებას გამოხატავდა შემოქმედის მადლისა და უზრუნველყოფისთვის. ღვთის სასწაულებრივი საქმეების გამოვლენასთან ერთად სამყარო თანდათან ივსებოდა ღვთის მიერ შექმნილი ყოველივეთი და ქაოსისა და სიბნელისგან სიცხადედ და სინათლედ, მკვდარი სიჩუმისგან კი სიცოცხლითა და უსაზღვრო სიცოცხლისუნარიანობით სავსე სამყაროდ იქცეოდა. ქმნილებათა შორის — დიდიდან მცირემდე, მცირიდან მიკროსკოპულამდე — არ არსებობდა არცერთი, რომელიც შემოქმედის ხელმწიფებითა და ძალით არ ყოფილიყო შექმნილი; თითოეული ქმნილების არსებობას თავისი უნიკალური, თანდაყოლილი აუცილებლობა და ღირებულება ჰქონდა. როგორი განსხვავებაც არ უნდა ყოფილიყო მათ ფორმასა და აგებულებაში, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი შემოქმედის მიერ იყვნენ შექმნილი, რათა შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ ეარსებათ. ზოგჯერ ადამიანი ხედავს ძალიან მახინჯ მწერს და ამბობს: „ეს მწერი ისეთი მახინჯია, შეუძლებელია ღმერთს ასეთი მახინჯი რამ შეექმნა — გამორიცხულია, მას ასეთი სიმახინჯე შეექმნა“. რა უგუნური შეხედულებაა! სინამდვილეში უნდა თქვას: „მართალია, ეს მწერი ძალიან მახინჯია, მაგრამ ის ღმერთმა შექმნა და ამიტომ მას თავისი უნიკალური დანიშნულება უნდა ჰქონდეს“. ღვთის ჩანაფიქრში იყო, რომ მის მიერ შექმნილ სხვადასხვა ცოცხალ არსებას მრავალგვარი გარეგნობა, ფუნქცია და დანიშნულება ჰქონოდა; ამიტომ ღვთის მიერ შექმნილი არცერთი ქმნილება ერთ თარგზე არ იყო მოჭრილი. გარეგნობიდან შინაგან აგებულებამდე, ცხოვრების ჩვევებიდან მათ მიერ დაკავებულ ადგილამდე — თითოეული განსხვავებულია. ძროხას ძროხის იერი აქვს, ვირს — ვირის, ირემს — ირმის, სპილოს კი — სპილოსი. შეგიძლია თქვა, რომელია მათ შორის ყველაზე ლამაზი და რომელი — ყველაზე მახინჯი? შეგიძლია თქვა, რომელია ყველაზე სასარგებლო და რომლის არსებობაა ყველაზე ნაკლებად საჭირო? ზოგ ადამიანს მოსწონს სპილოს გარეგნობა, მაგრამ არავინ იყენებს სპილოს მინდვრის დასამუშავებლად; ზოგს მოსწონს ლომებისა და ვეფხვების იერი, რადგან მათ ყოველივეს შორის ყველაზე შთამბეჭდავი გარეგნობა აქვთ, მაგრამ შეგიძლია ისინი შინაურ ცხოველებად იყოლიო? მოკლედ, როდესაც საქმე შექმნილ ყოველივეს ეხება, ადამიანს შემოქმედის ხელმწიფებისადმი მორჩილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, ანუ უნდა დაემორჩილოს შემოქმედის მიერ ყოველივესთვის დადგენილ კანონზომიერებას; ეს არის ყველაზე გონივრული. ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს შემოქმედის თავდაპირველი განზრახვების ძიებისა და მათდამი მორჩილების დამოკიდებულება; მხოლოდ ეს არის შემოქმედის ხელმწიფების ჭეშმარიტი მიღება და დადასტურება. თუ ეს ღვთის თვალში კარგია, რა მიზეზი აქვს ადამიანს, მასში ნაკლი ეძიოს?
ამ ეტაპზე შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ყოველივე ახალ სიმფონიას შეასრულებდა შემოქმედის მეუფებისთვის და მისი ახალი დღის საქმისთვის ბრწყინვალე პრელუდიას დაიწყებდა; ამავე დროს შემოქმედიც თავისი მართვის საქმეში ახალ გვერდს გადაშლიდა! შემოქმედის მიერ დადგენილი კანონზომიერების — გაზაფხულზე აღმოცენების, ზაფხულში აყვავების, შემოდგომაზე მოსავლის აღებისა და ზამთარში შენახვის — შესაბამისად, ყოველივე შემოქმედის მართვის გეგმას გამოეხმაურებოდა და საკუთარ ახალ დღეს, ახალ დასაწყისსა და ახალ სასიცოცხლო გზას შეეგებებოდა. ისინი შეუწყვეტლად იცოცხლებდნენ და გამრავლდებოდნენ, რათა შემოქმედის ხელმწიფების მეუფების ქვეშ ყოველი დღე შეეგებებინათ…
ვერც ერთი შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ვერ ჩაანაცვლებს შემოქმედის ვინაობას
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ყოველივეს შექმნა დაიწყო, ღვთის ძალამ გამოხატვა და გამოვლენა დაიწყო, რადგან ღმერთმა ყოველივე სიტყვებით შექმნა. რა გზითაც არ უნდა შეექმნა იგი, რა მიზნითაც არ უნდა შეექმნა იგი, ყოველივე ღვთის სიტყვების გამო წარმოიშვა, დამკვიდრდა და იარსება; ეს არის შემოქმედის უნიკალური ხელმწიფება. სამყაროში კაცობრიობის გამოჩენამდე შემოქმედმა თავისი ძალითა და ხელმწიფებით შექმნა ყოველივე კაცობრიობისთვის და თავისი უნიკალური გზებით კაცობრიობისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემო მოამზადა. ყოველივე, რაც მან გააკეთა, იმ კაცობრიობისთვის მზადდებოდა, რომელსაც მომავალში მისი სუნთქვა უნდა მიეღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობის შექმნამდე ღვთის ხელმწიფება გამოვლინდა კაცობრიობისგან განსხვავებულ ყველა ქმნილებაში — ისეთ დიდ ქმნილებებში, როგორიცაა ციური სხეულები, მნათობები, ზღვები და ხმელეთი, და ისეთ მცირე არსებებში, როგორიცაა ცხოველები და ფრინველები, აგრეთვე ყოველგვარი მწერი და მიკროორგანიზმი, მათ შორის შეუიარაღებელი თვალით უხილავი სხვადასხვა ბაქტერიაც. თითოეული შემოქმედის სიტყვების გამო აგრძელებდა არსებობას, თითოეული შემოქმედის სიტყვების გამო მრავლდებოდა და თითოეული მისი სიტყვების გამო ცხოვრობდა შემოქმედის მეუფების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მიუღიათ შემოქმედის სუნთქვა, ისინი თავიანთი განსხვავებული ფორმებითა და აგებულებით მაინც წარმოაჩენდნენ სიცოცხლის იმ ძალას, რომელიც შემოქმედმა მათ უბოძა; მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მიუღიათ ლაპარაკის უნარი, რომელიც შემოქმედმა კაცობრიობას უბოძა, თითოეულმა მიიღო საკუთარი სიცოცხლის გამოხატვის გზა, რომელიც შემოქმედმა უბოძა და რომელიც კაცობრიობის ენისგან განსხვავდებოდა. შემოქმედის ხელმწიფება არა მხოლოდ ერთი შეხედვით უძრავ მატერიალურ საგნებს ანიჭებს სასიცოცხლო ძალას, რათა ისინი არასოდეს გაქრნენ, არამედ, უფრო მეტადაც, ყოველგვარ ცოცხალ არსებას ანიჭებს გამრავლებისა და სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს, რათა ისინი არასოდეს გადაშენდნენ და თაობიდან თაობამდე გადასცენ შემოქმედის მიერ მათთვის ბოძებული არსებობის კანონები და პრინციპები. ის გზა, რომლითაც შემოქმედი თავის ხელმწიფებას აღასრულებს, არც მაკრო- და არც მიკროხედვის ჩარჩოს მკაცრად არ ემორჩილება და არც რაიმე ფორმით შემოიფარგლება. მას შეუძლია სამყაროს ფუნქციონირება განაგოს და ყოველივეს სიცოცხლესა და სიკვდილზე ჰქონდეს ხელმწიფება; უფრო მეტიც, მას შეუძლია ყოველივე ისე განკარგოს, რომ მას ემსახუროს. მას შეუძლია განაგოს მთებთან, მდინარეებთან და ტბებთან დაკავშირებული ყველა პროცესი და იმეუფოს მათში არსებულ ყოველივეზე; მით უმეტეს, მას შეუძლია ყოველივე იმით უზრუნველყოს, რაც სჭირდება. ეს არის შემოქმედის უნიკალური ხელმწიფების გამოვლინება კაცობრიობის გარდა არსებულ ყოველივეში. ასეთი გამოვლინება მხოლოდ ერთი სიცოცხლის პერიოდით არ შემოიფარგლება; ის არასოდეს შეწყდება და არც შეისვენებს. ვერც ერთი ადამიანი თუ საგანი ვერ შეცვლის ან დააზიანებს მას, ვერაფერს დაუმატებს და ვერაფერს გამოაკლებს, რადგან ვერავინ ჩაანაცვლებს შემოქმედის ვინაობას; შესაბამისად, შემოქმედის ხელმწიფებას ვერც ერთი შექმნილი არსება ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ერთი შეუქმნელი არსება ვერ მიაღწევს მას. მაგალითად, ავიღოთ ღვთის მაცნეები და ანგელოზები. ისინი არ ფლობენ ღვთის ძალას, მით უმეტეს — შემოქმედის ხელმწიფებას; მათ ღვთის ძალა და ხელმწიფება იმიტომ არ აქვთ, რომ შემოქმედის არსს არ ფლობენ. შეუქმნელ არსებათა შორის, მაგალითად, ღვთის მაცნეებსა და ანგელოზებს შეუძლიათ ზოგი რამ ღვთის სახელით გააკეთონ, მაგრამ ღმერთს ვერ წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობენ გარკვეულ ძალას, რომელსაც კაცობრიობა არ ფლობს, ისინი ღვთის ხელმწიფებას არ ფლობენ და არც ისეთივე ხელმწიფება აქვთ, როგორიც ღმერთს, რომ შექმნან ყოველივე, განაგონ ყოველივე და ჰქონდეთ ხელმწიფება ყოველივეზე. ამრიგად, ღვთის უნიკალურობას ვერც ერთი შეუქმნელი არსება ვერ ჩაანაცვლებს და, მსგავსად ამისა, ღვთის ხელმწიფებასა და ძალასაც ვერც ერთი შეუქმნელი არსება ვერ ჩაანაცვლებს. ბიბლიაში წაგიკითხავს რომელიმე ღვთის მაცნის შესახებ, რომელმაც ყოველივე შექმნა? რატომ არ გაგზავნა ღმერთმა თავისი რომელიმე მაცნე ან ანგელოზი ყოველივეს შესაქმნელად? იმიტომ, რომ ისინი ღვთის ხელმწიფებას არ ფლობდნენ და ამიტომ ღვთის ხელმწიფების აღსრულებაც არ შეეძლოთ. როგორც ყველა შექმნილი არსება, ისინიც შემოქმედის მეუფებისა და ხელმწიფების ქვეშ არიან, ხოლო შემოქმედი მათი ღმერთიც არის და მათი უზენაესიც. მათ შორის არც ერთს — კეთილშობილს თუ მდაბიოს, დიდი თუ მცირე ძალის მქონეს — არ შეუძლია შემოქმედის ხელმწიფებას გადააჭარბოს; ამიტომ მათ შორის არც ერთს არ შეუძლია შემოქმედის ვინაობის ჩანაცვლება. მათ არასოდეს ეწოდებათ ღმერთი და ვერასოდეს შეძლებენ, შემოქმედი გახდნენ. ეს უცვლელი ჭეშმარიტებები და ფაქტებია!
ზემოთ მოცემული თანაზიარების საფუძველზე შეგვიძლია თუ არა შემდეგი განმარტება ჩამოვაყალიბოთ: მხოლოდ ყოველივეს შემოქმედსა და უზენაესს, მას, ვინც უნიკალურ ხელმწიფებასა და უნიკალურ ძალას ფლობს, შეიძლება ეწოდოს უნიკალური თავად ღმერთი? ამ ეტაპზე შესაძლოა იგრძნოთ, რომ ჩემი შეკითხვა მეტისმეტად ღრმაა. ამჟამად მისი გაგება არ შეგიძლიათ და ვერ სწვდებით მასში არსებულ არსს, ამიტომ ახლა გრძნობთ, რომ მასზე პასუხის გაცემა რთულია. ასეთ შემთხვევაში მე ჩემს თანაზიარებას გავაგრძელებ. შემდეგ საშუალებას მოგცემთ, იხილოთ მხოლოდ ღმერთისთვის კუთვნილი ხელმწიფებისა და ძალის მრავალი ასპექტის პრაქტიკული საქმეები და ამგვარად საშუალებას მოგცემთ, ჭეშმარიტად გაიგოთ, ჩასწვდეთ და შეიცნოთ, რას ნიშნავს ღვთის უნიკალურობა და რას ნიშნავს ღვთის უნიკალური ხელმწიფება.
2. ღმერთი თავისი სიტყვებით დებს აღთქმას ადამიანთან
დაბ. 9:11–13 „და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ და თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ. ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.“
ყოველივეს შექმნის შემდეგ, შემოქმედის ხელმწიფება კვლავ დასტურდება და ვლინდება ცისარტყელას აღთქმაში
შემოქმედის ხელმწიფება მუდამ ვლინდება და მოქმედებს ყველა ქმნილებას შორის, და იგი არა მხოლოდ ხელმწიფებს ყოველივეს ბედზე, არამედ ხელმწიფებს კაცობრიობაზეც, რომელიც მან საკუთარი ხელით შექმნა — ამ განსაკუთრებულ ქმნილებაზე, რომელსაც სიცოცხლის განსხვავებული აგებულება აქვს და სიცოცხლის განსხვავებული ფორმით არსებობს. ყოველივეს შექმნის შემდეგ, შემოქმედს არ შეუწყვეტია თავისი ხელმწიფებისა და ძალის გამოხატვა; მისთვის ის ხელმწიფება, რომლითაც იგი ხელმწიფებდა ყოველივესა და მთელი კაცობრიობის ბედზე, ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცობრიობა ჭეშმარიტად დაიბადა მისი ხელიდან. მან განიზრახა კაცობრიობის მართვა და მასზე ხელმწიფება; მან განიზრახა კაცობრიობის გადარჩენა და კაცობრიობის ჭეშმარიტად მოპოვება — ისეთი კაცობრიობის მოპოვება, რომელიც შეძლებდა ყოველივეს მართვას; მან განიზრახა, რომ ასეთ კაცობრიობას ეცხოვრა მისი ხელმწიფების ქვეშ, შეეცნო მისი ხელმწიფება და დამორჩილებოდა მის ხელმწიფებას. ამგვარად, ღმერთმა დაიწყო თავისი სიტყვებით ადამიანთა შორის ხელმწიფების ოფიციალურად გამოხატვა და დაიწყო თავისი ხელმწიფების გამოყენება თავისი სიტყვების აღსასრულებლად. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ღვთის ხელმწიფება ყველგან ვლინდებოდა; მე მხოლოდ გამოვარჩიე რამდენიმე განსაკუთრებული, კარგად ცნობილი მაგალითი, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ გაიგოთ და შეიცნოთ ღვთის უნიკალურობა და მისი უნიკალური ხელმწიფება.
დაბადების 9:11–13-ის მონაკვეთსა და ზემოთ მოყვანილ მონაკვეთებს, რომლებშიც სამყაროს შექმნის შესახებ ღვთის ჩანაწერია შორის მსგავსებაც არის, თუმცა განსხვავებაც არსებობს. რაში მდგომარეობს მსგავსება? მსგავსება მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა თავისი სიტყვებით აღასრულა ის, რაც განიზრახა, ხოლო განსხვავება ისაა, რომ აქ ციტირებულ მონაკვეთში ღმერთი ადამიანს ესაუბრება და მასთან აღთქმას დებს და აუწყა მას, რას შეიცავდა ეს აღთქმა. ღვთის ხელმწიფება ამგვარად განხორციელდა ადამიანთან საუბრისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობის შექმნამდე, ღვთის სიტყვები ბრძანებებსა და განკარგულებებს წარმოადგენდა, რომლებიც მიემართებოდა იმ ქმნილებებს, რომელთა შექმნაც მან განიზრახა, მაგრამ ახლა უკვე არსებობდა ვინმე, ვინც ღვთის სიტყვებს მოისმენდა. ამიტომ, მისი სიტყვები ერთდროულად იყო ადამიანთან საუბარიც, ადამიანის შეგონებაც და გაფრთხილებაც. უფრო მეტიც, მისი სიტყვები იყო ბრძანებები, რომლებიც მის ხელმწიფებას ატარებდა და მიემართებოდა ყოველივეს.
ღვთის რომელი ქმედებაა აღწერილი ამ მონაკვეთში? ეს მონაკვეთი აღწერს აღთქმას, რომელიც ღმერთმა დადო ადამიანთან მას შემდეგ, რაც მან სამყარო წარღვნით გაანადგურა; იგი ადამიანს აუწყებს, რომ ღმერთი აღარასოდეს მოავლენდა სამყაროზე ასეთ განადგურებას და რომ ამ მიზნით ღმერთს ნიშნის შექმნა სურდა. რა იყო ეს ნიშანი? წმინდა წერილში ნათქვამია: „ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.“ ეს არის შემოქმედის მიერ კაცობრიობისადმი წარმოთქმული ზუსტი სიტყვები. როგორც კი მან ეს სიტყვები წარმოთქვა, ადამიანის თვალწინ ცისარტყელა გამოჩნდა და იგი დღემდე არსებობს. ყველას უნახავს ასეთი ცისარტყელა და როდესაც ცისარტყელას ხედავ, იცი თუ არა, როგორ ჩნდება იგი? მეცნიერებას არ შეუძლია ამის დამტკიცება, არც მისი წყაროს პოვნა და არც იმის დადგენა, სად არის იგი. ეს იმიტომ, რომ ცისარტყელა არის შემოქმედსა და ადამიანს შორის დადებული აღთქმის ნიშანი; მას მეცნიერული საფუძველი არ სჭირდება, იგი ადამიანს არ შეუქმნია და და ადამიანს მისი შეცვლაც არ შეუძლია. იგი შემოქმედის ხელმწიფების გაგრძელებაა მისი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ. შემოქმედმა გამოიყენა თავისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მეთოდი ადამიანთან დადებული თავისი აღთქმისა და დაპირების დასაცავად, ამიტომ მის მიერ ცისარტყელას იმ აღთქმის ნიშნად გამოყენება, რომელიც მან დადო ზეციურ განკარგულებასა და კანონს წარმოადგენს, რომელიც სამუდამოდ უცვლელი იქნება, როგორც შემოქმედისთვის, ისე შექმნილი კაცობრიობისთვის. უნდა ითქვას, რომ ეს უცვლელი კანონი არის ყოველივეს შექმნის შემდეგ შემოქმედის ხელმწიფების კიდევ ერთი ჭეშმარიტი გამოვლინება, და უნდა ითქვას, რომ შემოქმედის ხელმწიფება და ძალა უსაზღვროა; მის მიერ ცისარტყელას ნიშნად გამოყენება ნამდვილად შემოქმედის ხელმწიფების გაგრძელება და განვრცობა. ეს იყო ღვთის კიდევ ერთი ქმედება, რომელიც მან თავისი სიტყვებით აღასრულა და იმ აღთქმის ნიშანიც იყო, რომელიც ღმერთმა თავისი სიტყვებით დადო ადამიანთან. მან ადამიანს აუწყა, რისი განხორციელებაც გადაწყვიტა და თუ რა გზით აღსრულდებოდა და განხორციელდებოდა იგი. ამგვარად, ეს საქმე ღვთის ბაგიდან წარმოთქმული სიტყვების თანახმად შესრულდა. მხოლოდ ღმერთს გააჩნია ასეთი ძალა და დღეს, ამ სიტყვების წარმოთქმიდან რამდენიმე ათასი წლის შემდეგაც, ადამიანს დღესაც შეუძლია იხილოს ცისარტყელა, რომლის შესახებაც ღმერთმა თავისი ბაგით თქვა. ღვთის მიერ წარმოთქმული ამ ერთი წინადადების გამო, ეს მოვლენა დღემდე ხელუხლებელი და უცვლელი რჩება. არავის შეუძლია ამ ცისარტყელას მოცილება, არავის შეუძლია მისი კანონზომიერების შეცვლა და იგი მხოლოდ ღვთის სიტყვების გამო არსებობს. სწორედ ეს არის ღვთის ხელმწიფება. „ღმერთი რასაც იტყვის, იმას გულისხმობს, რასაც იგულისხმებს, ის აღსრულდება და რასაც მოიმოქმედებს, მარადიულად იარსებებს.“ ამ სიტყვების ჭეშმარიტება აქ ნათლად ვლინდება და ეს ღვთის ხელმწიფებისა და ძალის მკაფიო ნიშანი და მახასიათებელია. ასეთ ნიშანს ან მახასიათებელს არც ერთი შექმნილი არსება არ ფლობს და არც მასში ვლინდება, და არც ერთ შეუქმნელ არსებაში არ შეინიშნება იგი. იგი მხოლოდ ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის და განასხვავებს მხოლოდ შემოქმედისთვის დამახასიათებელ ვინაობასა და არსს შექმნილი არსებების ვინაობისა და არსისგან. ამავდროულად, ეს არის ნიშანი და მახასიათებელი, რომელსაც, თავად ღვთის გარდა, ვერც ერთი შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ვერასოდეს გადააჭარბებს.
ღვთისთვის ადამიანთან აღთქმის დადება დიდი მნიშვნელობის მქონე ქმედება იყო, რომლითაც მას სურდა, ადამიანისთვის ფაქტი ეცნობებინა და თავისი განზრახვის გასაცნობად. ამ მიზნით მან უნიკალურ მეთოდს მიმართა — გამოიყენა განსაკუთრებული ნიშანი, რათა ადამიანთან აღთქმა დაედო და ამ ნიშნის მეშვეობით დაადასტურა ადამიანთან დადებული აღთქმისადმი ერთგულება. მაშ, იყო თუ არა ამ აღთქმის დადება დიადი მოვლენა? რამდენად დიდი იყო იგი? სწორედ ეს არის ამ აღთქმის განსაკუთრებულობა: ეს არ არის ერთ ადამიანსა და მეორეს შორის დადებული აღთქმა, ან ერთ ჯგუფსა და მეორეს შორის, ან ერთ ქვეყანასა და მეორეს შორის, არამედ ეს არის აღთქმა, რომელიც დაიდო შემოქმედსა და მთელ კაცობრიობას შორის, და იგი ძალაში დარჩება იმ დღემდე, სანამ შემოქმედი არ გააუქმებს ყოველივეს. ამ აღთქმის აღმსრულებელი არის შემოქმედი და მისი დამცველიც ასევე შემოქმედია. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცობრიობასთან დადებული ცისარტყელას აღთქმის ყოველივე სრულად შესრულდა და აღსრულდა შემოქმედის ადამიანთან საუბრის შესაბამისად და დღემდე ძალაში რჩება. სხვა რა შეუძლიათ შექმნილ არსებებს, გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ, უგონონ, ირწმუნონ, შეიცნონ, იხილონ და განადიდონ შემოქმედის ხელმწიფება? რადგან მხოლოდ ერთადერთ ღმერთს ძალუძს ასეთი აღთქმის დადება. ცისარტყელას კვლავ და კვლავ გამოჩენა კაცობრიობისთვის უწყებაა და კაცობრიობის ყურადღებას მიაპყრობს შემოქმედსა და კაცობრიობას შორის დადებულ აღთქმაზე. შემოქმედსა და კაცობრიობას შორის დადებული აღთქმის განმეორებითი გამოჩენისას, კაცობრიობას წარმოუჩინდება არა ცისარტყელა ან თავად აღთქმა, არამედ შემოქმედის უცვლელი ხელმწიფება. ცისარტყელას განმეორებითი გამოჩენა ცხადყოფს დაფარულ ადგილებში შემოქმედის დედამიწისშემძვრელ და სასწაულებრივ საქმეებს და, ამავდროულად, წარმოადგენს შემოქმედის მარადიული და უცვლელი ხელმწიფების ცოცხალ გამოხატულებას. განა ეს არ არის შემოქმედის უნიკალური ხელმწიფების კიდევ ერთი გამოვლინება?
3. ღვთის კურთხევები
დაბ. 17:4–6 აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა. და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან.
დაბ. 18:18–19 და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი? რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.
დაბ. 22:16–18 და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი, ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“
იობ. 42:12 და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.
შემოქმედის გამონათქვამების უნიკალური მანერა და მახასიათებლები შემოქმედის უნიკალური ვინაობისა და ხელმწიფების სიმბოლოა
ბევრს სურს ეძიოს და მოიპოვოს ღვთის კურთხევები, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ კურთხევების მოპოვება, რადგან ღმერთს საკუთარი პრინციპები აქვს და ადამიანს თავისი გზით აკურთხებს. ის დაპირებები, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანს და მადლის რაოდენობა, რომელსაც იგი ანიჭებს მას, განისაზღვრება ადამიანის ფიქრებისა და ქმედებების მიხედვით. მაშ, რას ცხადყოფს ღვთის კურთხევები? რის დანახვა შეუძლიათ ადამიანებს მათში? ამ ეტაპზე, მოდით, გვერდზე გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ადამიანებს აკურთხებს ღმერთი და რა პრინციპებით აკურთხებს ღმერთი ადამიანს. ამის ნაცვლად, მოდით, განვიხილოთ ადამიანისადმი ღვთის კურთხევა ღვთის ხელმწიფების შეცნობის მიზნით, ღვთის ხელმწიფების შეცნობის პერსპექტივიდან.
წმინდა წერილის ზემოთ მოყვანილი ოთხივე მონაკვეთი წარმოადგენს ჩანაწერებს ადამიანისადმი ღვთის კურთხევის შესახებ. მათში დეტალურად არის აღწერილი, ვინ იღებდა ღვთის კურთხევებს, მაგალითად, აბრაამი და იობი, ასევე ის მიზეზები, თუ რატომ უბოძა ღმერთმა თავისი კურთხევები და რას შეიცავდა ეს კურთხევები. ღვთის გამონათქვამების ტონი და მანერა, ისევე როგორც ის პერსპექტივა და პოზიცია, საიდანაც იგი საუბრობდა, საშუალებას აძლევს ადამიანებს გააცნობიერონ, რომ კურთხევის მომნიჭებელსა და მის მიმღებს სრულიად განსხვავებული ვინაობა, სტატუსი და არსი აქვთ. ამ გამონათქვამების ტონი და მანერა, და პოზიცია, საიდანაც ეს სიტყვები წარმოითქვა, მხოლოდ ღმერთისთვის არის დამახასიათებელი, რომელსაც შემოქმედის ვინაობა აქვს. მას აქვს ხელმწიფება და ძალა, ისევე როგორც შემოქმედის პატივი და დიდებულება, რომელიც არც ერთი ადამიანის ეჭვს არ იწყნარებს.
პირველ რიგში, განვიხილოთ დაბადების 17:4–6: „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა. და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან.“ ეს სიტყვები იყო აღთქმა, რომელიც ღმერთმა დადო აბრაამთან, ისევე როგორც ღვთის კურთხევა აბრაამისადმი: ღმერთი აბრაამს მრავალი ხალხის მამად აქცევდა, დიდად გაამრავლებდა მას, მისგან მრავალ ერს წარმოშობდა და მეფენი გამოვიდოდნენ მისგან. ხედავ თუ არა ღვთის ხელმწიფებას ამ სიტყვებში? და როგორ ხედავ ამგვარ ხელმწიფებას? ღვთის ხელმწიფების არსის რომელ ასპექტს ხედავ? ამ სიტყვების ყურადღებით წაკითხვისას რთული არ არის იმის აღმოჩენა, რომ ღვთის ხელმწიფება და ვინაობა ნათლად ვლინდება ღვთის გამონათქვამების სიტყვათხმარებაში. მაგალითად, როდესაც ღმერთი ამბობს: „ჩემი აღთქმა შენთან… იქნები… გაქცევ… გაგამრავლებ…“, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „იქნები“ და „გაქცევ“, რომლებსაც მტკიცებითი ხასიათი აქვს და ღვთის ვინაობასა და ხელმწიფებას გამოხატავს, ერთი მხრივ, შემოქმედის ერთგულების მანიშნებელია; მეორე მხრივ, ეს ისეთი სიტყვებია, რომლებსაც მხოლოდ ღმერთი იყენებს მისთვის დამახასიათებლად, რომელიც ფლობს შემოქმედის ვინაობას. თუ ვინმე სხვა ადამიანს აკურთხებს და ეტყვის, რომ იგი დიდად გამრავლდება, რომ მისგან ერები წარმოიშვება და მეფენი გამოვლენ მისგან, მაშინ ეს, უდავოდ, მხოლოდ სურვილია და არა დაპირება ან კურთხევა. ამიტომ, ადამიანები ვერ გაბედავენ თქვან: „მე ასეთად გაქცევ, შენ ასეთი იქნები“, რადგან იციან, რომ არ ფლობენ ასეთ ძალას; ეს მათზე არ არის დამოკიდებული, და ასეთი რამ რომც თქვან, მათი სიტყვები ფუჭი ლაპარაკი და უაზრობა იქნება, რომელსაც მათი სურვილი და ამბიცია განაპირობებს. გაბედავს კი ვინმე ასეთი კატეგორიული ტონით საუბარს, თუ გრძნობს, რომ არ შეუძლია თავისი სურვილების აღსრულება? ყველას საუკეთესო სურს თავისი შთამომავლობისთვის და იმედოვნებს, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ და სხვებისგან გამოირჩევიან. „რა დიდი ბედი იქნებოდა, ერთ-ერთი მათგანი იმპერატორი რომ გამხდარიყო! რომელიმე მათგანი გუბერნატორი რომ გამხდარიყო, ეგეც კარგი იქნებოდა — ოღონდ სხვებზე მაღლა იდგეს!“ ეს ყველაფერი ადამიანთა სურვილებია, მაგრამ ადამიანებს მხოლოდ კურთხევის სურვება შეუძლიათ თავიანთი შთამომავლობისთვის და არ ძალუძთ შეასრულონ ან რეალობად აქციონ რომელიმე თავიანთი დაპირება თუ ვალდებულება. გულის სიღრმეში ყველამ ნათლად იცის, რომ არ ფლობს ასეთი რამეების მიღწევის ძალას, რადგან საკუთარ თავთან დაკავშირებული ყოველივეც კი მათ ხელში არ არის, და მაშ, როგორ შეძლებდნენ სხვების ბედის გაკონტროლებას? ღმერთს ასეთი სიტყვების თქმა იმიტომ შეუძლია, რომ ღმერთი ფლობს ასეთ ხელმწიფებას და ძალუძს შეასრულოს და რეალობად აქციოს ყველა ის დაპირება, რომელსაც ადამიანს აძლევს, და რეალობად აქციოს ყველა ის კურთხევა, რომელსაც ადამიანს ანიჭებს. ადამიანი ღვთის მიერ არის შექმნილი და ღვთისთვის ვინმეს დიდად გამრავლება მისთვის ბავშვის თამაშია; ვინმეს შთამომავლობის აყვავებისთვის მას მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა სჭირდება. მას არასოდეს მოუწევდა ოფლის ღვრა ასეთი რამისთვის, არც გონების დაძაბვა ან გონებრივი ძალების გამოფიტვა; სწორედ ეს არის ღვთის ძალა, სწორედ ეს არის ღვთის ხელმწიფება.
დაბადების 18:18-ში სიტყვების — „და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი“ — წაკითხვის შემდეგ, შეგიძლიათ თუ არა შეიგრძნოთ ღვთის ხელმწიფება? შეგიძლიათ შეიგრძნოთ შემოქმედის არაჩვეულებრივობა? შეგიძლიათ შეიგრძნოთ შემოქმედის უზენაესობა? ღვთის სიტყვები კატეგორიულია. ღმერთი ამ სიტყვებს იმიტომ კი არ ამბობს, რომ ეს მისი წარმატებაში დარწმუნებულობითაა განპირობებული ან ასეთ დარწმუნებულობას გამოხატავს; არამედ, ეს ღვთის გამონათქვამების ხელმწიფების მტკიცებულებაა და ბრძანებას, რომლის ძალითაც ღვთის სიტყვები აღსრულდება. აქ ორ გამოთქმას უნდა მიაქციოთ ყურადღება. როდესაც ღმერთი ამბობს: „და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი“, არის თუ არა ამ სიტყვებში რაიმე ბუნდოვანების ელემენტი? არის თუ არა შეშფოთების ელემენტი? არის თუ არა შიშის ელემენტი? ღვთის გამონათქვამებში გამოთქმების „აუცილებლად გახდება“ და „იკურთხება“ გამო, ეს ელემენტები, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანისთვის და ხშირად ვლინდება მასში, შემოქმედთან არასოდეს ჰქონია არანაირი კავშირი. არავინ გაბედავდა ასეთი სიტყვების გამოყენებას სხვებისთვის სიკეთის სურვებისას, და არავინ გაბედავდა გადაჭრით ეთქვა ვინმესთვის, რომ იგი დიდ და ძლიერ ერად იქცეოდა, ან დაპირებოდა, რომ მისით იკურთხებოდა მიწის ყველა ერი. რაც უფრო კატეგორიულია ღვთის სიტყვები, მით უფრო ნათლად ადასტურებს ეს ყველაფერი რაღაცას — და რა არის ეს რაღაც? ეს ადასტურებს, რომ ღმერთს აქვს ასეთი ხელმწიფება, რომ მისი ხელმწიფება ამ საქმეებს აღასრულებს და რომ ღმერთი აუცილებლად აღასრულებს მათ. ღმერთს გულში მცირედი ეჭვიც არ ჰქონდა ყველაფერზე, რითაც აბრაამი აკურთხა. უფრო მეტიც, იგი ყოველივე ამას თავისი სიტყვების შესაბამისად აღასრულებდა და ვერავითარი ძალა ვერ შეძლებდა ამის აღსრულების შეცვლას, დაბრკოლებას, დაზიანებას ან ჩაშლას. სხვა რა მოვლენაც არ უნდა მომხდარიყო, ვერაფერი შეაჩერებდა და ვერაფერი მოახდენდა გავლენას ღვთის სიტყვების შესრულებასა და აღსრულებაზე. სწორედ ეს არის შემოქმედის ბაგიდან წარმოთქმული სიტყვების ძალა და შემოქმედის ხელმწიფება, რომელიც არ იწყნარებს ადამიანის უარყოფას! ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, კვლავ გეპარება ეჭვი? ეს სიტყვები ღვთის ბაგიდან ითქვა და ღვთის სიტყვებს ძალა, დიდებულება და ხელმწიფება ახლავს. ასეთი ძლიერება და ხელმწიფება, და ამ ფაქტის გარდაუვალი აღსრულება, მიუწვდომელია ნებისმიერი შექმნილი თუ შეუქმნელი არსებისთვის და მას ვერც ერთი შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ვერ გადააჭარბებს. მხოლოდ შემოქმედს შეუძლია ესაუბროს კაცობრიობას ასეთი ტონითა და ინტონაციით, და ფაქტებმა დაამტკიცა, რომ მისი დაპირებები არ არის ფუჭი სიტყვები ან ფუჭი ტრაბახი, არამედ წარმოადგენს უნიკალური ხელმწიფების გამოხატულებას, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი, მოვლენა თუ საგანი ვერ აღემატება.
რა განსხვავებაა ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შორის? როდესაც კითხულობ ღვთის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს, შეიგრძნობ ღვთის სიტყვების ძალასა და ღვთის ხელმწიფებას. რას გრძნობ, როდესაც ადამიანებისგან ასეთ სიტყვებს ისმენ? ფიქრობ თუ არა, რომ ისინი უკიდურესად ამპარტავნები არიან, რომ ტრაბახობენ და თავს იწონებენ? რადგან მათ არ აქვთ ეს ძალა, ისინი არ ფლობენ ასეთ ხელმწიფებას და ამიტომ სრულიად არ ძალუძთ ასეთი საქმეების აღსრულება. ის, რომ ისინი ასე დარწმუნებულნი არიან თავიანთ დაპირებებში, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უპასუხისმგებლოდ ლაპარაკობენ. თუ ვინმე ასეთ სიტყვებს იტყვის, მაშინ ეს, უდავოდ, ამპარტავნების გამოვლინებაა, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და მთავარანგელოზის კლასიკური ხასიათის გამოვლინება. ეს სიტყვები ღვთის ბაგიდან წარმოითქვა; შეიგრძნობ თუ არა აქ ამპარტავნების რაიმე ელემენტს? გრძნობ თუ არა, რომ ღვთის სიტყვები მხოლოდ ხუმრობაა? ღვთის სიტყვები ხელმწიფებაა, ღვთის სიტყვები ფაქტია, და ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ეს სიტყვები მისი ბაგიდან წარმოითქმება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც იგი გადაწყვეტს რაიმეს აღსრულებას, ეს საქმე უკვე აღსრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის მიერ აბრაამისთვის ნათქვამი ყოველივე იყო აღთქმა, რომელიც ღმერთმა აბრაამთან დადო, და ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირება. ეს დაპირება იყო უკვე განსაზღვრული ფაქტი, ისევე როგორც აღსრულებული ფაქტი, და ეს ფაქტები ღვთის გეგმის შესაბამისად მის ჩანაფიქრში ეტაპობრივად სრულდებოდა. ამიტომ, ღვთის მიერ ასეთი სიტყვების თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მას ამპარტავანი ხასიათი აქვს, რადგან ღმერთს შეუძლია ასეთი საქმეების აღსრულება, მას აქვს ეს ძალა და ხელმწიფება, და სრულიად შეუძლია ამ ყველაფრის აღსრულება, და ამ ყველაფრის აღსრულება სრულად მის ძალებს შეესაბამება. როდესაც ასეთი სიტყვები ღვთის ბაგიდან წარმოითქმება, ისინი წარმოადგენს ღვთის ჭეშმარიტი ხასიათის გაცხადებასა და გამოხატვას, ღვთის არსისა და ხელმწიფების სრულყოფილ გაცხადებასა და გამოვლინებას, და არ არსებობს შემოქმედის ვინაობის უფრო სათანადო და შესაფერისი მტკიცებულება. ასეთი გამონათქვამების მანერა, ტონი და სიტყვათხმარება სწორედ შემოქმედის ვინაობის ნიშანია და ისინი გაცხადებებია, რომლებიც სრულყოფილად შეესაბამება თავად ღვთის ვინაობას; მათში არ არის არავითარი თვალთმაქცობა, არავითარი მინარევი; ისინი, სრულად და სრულიად, შემოქმედის არსისა და ხელმწიფების სრულყოფილი გამოვლინებაა. როგორც შექმნილი არსებები, ადამიანები არ ფლობენ არც ამ ხელმწიფებას და არც ამ არსს, მით უმეტეს, არ გააჩნიათ ღვთის მიერ ბოძებული ძალა. თუ ადამიანი ასე ავლენს თავს, მაშინ ეს, უდავოდ, მისი გახრწნილი ხასიათის ამოფრქვევაა; ეს არის ადამიანის ამპარტავნებისა და ამბიციის მოქმედებაა; ეს არის ნამდვილი ეშმაკებისა და სატანების ბოროტი განზრახვის გამოაშკარავება, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და აცდუნონ ისინი, რომ ღმერთს უღალატონ. როგორ უყურებს ღმერთი ასეთ სიტყვიერ გამოვლინებებს? ღმერთი იტყოდა, რომ შენ გსურს მასთან სტატუსის გამო მეტოქეობა და რომ შენ გსურს თავის ღმერთად გასაღება და მისი ჩანაცვლება. როდესაც შენ ბაძავ ღვთის საუბრის ტონს, შენი განზრახვაა, დაიკავო ღვთის ადგილი ადამიანის გულში, მიითვისო კაცობრიობა, რომელიც კანონიერად ეკუთვნის ღმერთს. ამით ნამდვილი სატანა ხდები; ეს არის მთავარანგელოზის შთამომავალთა ქმედებებია, რომლებსაც ზეცა ვერ შეიწყნარებს! თქვენ შორის, არის თუ არა ვინმე, ვისაც ოდესმე გარკვეულწილად მიუბაძავს ღმერთს რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით, იმ განზრახვით, რომ გზას აეცდინა და შეცდომაში შეეყვანა ადამიანები, და მათთვის ეგრძნობინებინა, თითქოს ამ ადამიანის სიტყვებსა და ქმედებებს ღვთის ხელმწიფება და ძალა ახლდა, თითქოს ამ ადამიანის არსი და ვინაობა უნიკალური იყო, და თითქოს ამ ადამიანის სიტყვების ტონიც კი ღვთის საუბრის ტონს ჰგავდა? ოდესმე გაგიკეთებიათ მსგავსი რამ? ოდესმე მიგიბაძავთ თუ არა ღვთის საუბრის ტონს თქვენს საუბარში, ჟესტებით, რომლებიც თითქოს ღვთის ხასიათს გამოხატავს, ეგრეთ წოდებული ძალითა და ხელმწიფებით? თქვენი უმეტესობა ხშირად ასე იქცევა ან აპირებს ასე მოქცევას? ახლა, როდესაც თქვენ ჭეშმარიტად ხედავთ, აღიქვამთ და შეიცნობთ შემოქმედის ხელმწიფებას, და იხსენებთ იმას, რასაც აკეთებდით და რასაც საკუთარ თავში ავლენდით, გრძნობთ თუ არა ზიზღს? აცნობიერებთ თუ არა თქვენს სისაძაგლესა და უსირცხვილობას? ასეთი ადამიანების ხასიათისა და არსის გაანალიზების შემდეგ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ისინი ჯოჯოხეთის დაწყევლილი ძენი არიან? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ყველა, ვინც ასეთ რამეებს აკეთებს, საკუთარ თავს შეურაცხყოფს? აცნობიერებთ თუ არა ამ საქმის ბუნების სერიოზულობას? რამდენად სერიოზულია ეს? იმ ადამიანების განზრახვა, რომლებიც ასე იქცევიან, არის ღვთის მიბაძვა და ღმერთად ქცევა, იმის მიღწევა, რომ ადამიანები მათ, როგორც ღმერთს, თაყვანს სცემდნენ, ღვთის ადგილის მოსპობა ადამიანების გულებში, ადამიანთა შორის მოქმედი ღვთის განდევნა, და ამგვარად თავიანთი მიზნის მიღწევა — აკონტროლონ ადამიანები, შთანთქან ისინი და დაეუფლონ მათ. ყველას აქვს მსგავსი ქვეცნობიერი სურვილები და ამბიციები, და ყველა ამგვარი სატანური გახრწნილი არსით ცხოვრობს, სატანური ბუნებით, რომელიც ღმერთს მტრობს და ღალატობს, და ღმერთად ქცევისკენ ისწრაფვის. ღვთის ხელმწიფების თემაზე ჩემი თანაზიარების შემდეგ, კვლავაც გაქვთ თუ არა სურვილი და ამბიცია, თავი ღმერთად გაასაღოთ ან მიბაძოთ მას? კვლავაც გსურთ ღმერთად ყოფნა? კვლავაც გწადიათ ღმერთად გახდომა? ღვთის ხელმწიფებას ადამიანი ვერ მიბაძავს, და ადამიანი თავს ვერ გაასაღებს ღვთის ვინაობისა და სტატუსის მქონედ. თუმცა შენ შეგიძლია მიბაძო იმ ტონს, რომლითაც ღმერთი საუბრობს, ღვთის არსს ვერ მიბაძავ. თუმცა შენ შეგიძლია დადგე ღვთის ადგილას და თავი ღმერთად გაასაღო, შენ ვერასოდეს შეძლებ იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც ღმერთს აქვს განზრახული, და ვერასოდეს შეძლებ ხელმწიფებდე და მართავდე ყოველივეს. ღვთის თვალში შენ სამუდამოდ მცირე შექმნილ არსებად დარჩები, და რაოდენ დიდი უნარები და შესაძლებლობებიც არ უნდა გქონდეს, რამდენი ნიჭიც არ უნდა გაგაჩნდეს, შენ, მთელი შენი არსებით, შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ იმყოფები. თუმცა შენ შეგიძლია მედიდური სიტყვების თქმა, ეს ვერ დაამტკიცებს, რომ შემოქმედის არსი გაგაჩნია, და ვერც იმას წარმოაჩენს, რომ შემოქმედის ხელმწიფებას ფლობ. ღვთის ხელმწიფება და ძალა თავად ღვთის არსია. ეს არ არის ნასწავლი ან გარედან დამატებული, არამედ თავად ღვთის თანდაყოლილი არსია. ამიტომ, შემოქმედსა და შექმნილ არსებებს შორის ურთიერთობა ვერასოდეს შეიცვლება. როგორც ქმნილი კაცობრიობის წევრმა, შენ უნდა შეინარჩუნო შენი სათანადო ადგილი და წესიერად წარმართო საკუთარი თავი. ერთგულად დაიცავი ის, რაც შემოქმედმა მოგანდო. არ გადახვიდე ზღვარს და არ აკეთო ისეთი რამ, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება ან ღვთისთვის საძულველია. ნუ ესწრაფვი დიად ადამიანად, ზეადამიანად ან გამოჩენილ პიროვნებად ყოფნას, და ნუ ესწრაფვი ღმერთად გახდომას. ეს ის სურვილებია, რომლებიც ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. დიად ადამიანად ან ზეადამიანად ყოფნისკენ სწრაფვა აბსურდულია. ღმერთად გახდომისკენ სწრაფვა კიდევ უფრო სამარცხვინოა; იგი ამაზრზენი და საზიზღარია. ის, რაც ჭეშმარიტად ძვირფასია და რასაც შექმნილი არსებები ყველაფერზე მეტად უნდა ჩაეჭიდონ, არის ჭეშმარიტ ქმნილებად გახდომა; ეს არის ერთადერთი მიზანი, რომლისკენაც ყველა ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს.
შემოქმედის ხელმწიფება არ არის შეზღუდული დროით, სივრცით ან გეოგრაფიით და შემოქმედის ხელმწიფება აღურიცხავია
მოდით, შევხედოთ დაბადების 22:17–18-ს. ეს არის იეჰოვა ღმერთის მიერ წარმოთქმული კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც მან აბრაამს უთხრა: „ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“ იეჰოვა ღმერთმა მრავალგზის აკურთხა აბრაამი და აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობა გამრავლდებოდა — მაგრამ რამდენად გამრავლდებოდა? იმდენად, რამდენადაც წმინდა წერილშია ნათქვამი: „როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს სურდა აბრაამისთვის ებოძებინა შთამომავლობა, რომელიც ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი და ზღვის პირას ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა. ეს მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა იყო და ღვთის ამ ხატოვანი გამოთქმიდან ადვილი დასანახია, რომ იგი აბრაამს არა მხოლოდ ერთ, ორ ან თუნდაც ათასობით შთამომავალს უბოძებდა, არამედ ურიცხვ შთამომავალს, იმდენს, რომ ისინი მრავალ ერად იქცეოდნენ, რადგან ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ იგი მრავალი ერის მამა გახდებოდა. ახლა, განა ეს რაოდენობა ადამიანმა განსაზღვრა თუ ღმერთმა? შეუძლია კი ადამიანს საკუთარი შთამომავლების რაოდენობის განსაზღვრა? განა ეს მასზეა დამოკიდებული? ადამიანზე ისიც კი არ არის დამოკიდებული, ეყოლება თუ არა რამდენიმე შთამომავალი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმდენზე, „როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას.“ ვის არ სურს, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი იყოს? სამწუხაროდ, მოვლენები ხშირად ადამიანის სურვილების საწინააღმდეგოდ ვითარდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მარჯვე ან უნარიანია ადამიანი, ეს მასზე არ არის დამოკიდებული; ვერავინ გასცდება იმას, რაც ღმერთმა დაადგინა. რამდენის ყოლის ნებასაც იგი დაგრთავს, ზუსტად იმდენი გეყოლება: თუ ღმერთი ცოტა შთამომავალს გაძლევს, მაშინ არასოდეს გექნება ბევრი, და თუ ღმერთი ბევრ შთამომავალს გაძლევს, უსარგებლოა წუწუნი იმაზე, რომ მეტისმეტად ბევრი შთამომავალი გყავს. განა ასე არ არის? ყოველივე ეს ღმერთზეა დამოკიდებული და არა ადამიანზე! ადამიანი ღვთის მეუფების ქვეშაა და გამონაკლისი არავინაა!
როდესაც ღმერთმა თქვა: „გავამრავლებ შენს შთამომავლობას“, ეს იყო აღთქმა, რომელიც ღმერთმა აბრაამთან დადო და, ცისარტყელის აღთქმის მსგავსად, იგი მარადიულად აღსრულდებოდა; ეს ასევე იყო ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირება. მხოლოდ ღმერთს აქვს ამის უფლება და მხოლოდ მას ძალუძს ამ დაპირების აღსრულება. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ადამიანს ამის, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა ადამიანი ამას, და მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებს და აფასებს ამას იგი, ყოველივე ეს ზედმიწევნით აღსრულდება, ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების თანახმად. ღვთის სიტყვები არ შეიცვლება ადამიანის ნებისა თუ წარმოდგენების ცვლილების გამო და ისინი არ შეიცვლება ნებისმიერი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის ცვლილების გამო. ყოველივე შეიძლება წარვიდეს, მაგრამ ღვთის სიტყვები არასოდეს წარვა. სინამდვილეში, ის დღე, როდესაც ყოველივე წარვა, სწორედ ის დღეა, როდესაც ღვთის სიტყვები სრულად აღსრულდება. იგი არის შემოქმედი; იგი ფლობს შემოქმედის ხელმწიფებას, შემოქმედის ძალას და იგი აკონტროლებს ყოველივესა და მთელ სასიცოცხლო ძალას; მას შეუძლია არარაობა რაღაცად აქციოს, ხოლო რაღაც — არაფრად, და იგი აკონტროლებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ყველა გადასვლას. შესაბამისად, ღვთისთვის არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე ვინმეს შთამომავლობის გამრავლება. ადამიანისთვის ეს ფანტასტიკურად, ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ღვთისთვის ის, რის გაკეთებასაც გადაწყვეტს და რასაც ადამიანს ჰპირდება, არც ფანტასტიკაა და არც ზღაპარი. პირიქით, ეს არის ფაქტი, რომელიც ღმერთმა უკვე იხილა და რომელიც აუცილებლად აღსრულდება. აცნობიერებთ თუ არა ამას? განა ფაქტები არ ამტკიცებს, რომ აბრაამის შთამომავლები მრავალრიცხოვანნი იყვნენ? რამდენად მრავალრიცხოვანი იყვნენ ისინი? იყვნენ თუ არა ისინი ისეთივე მრავალრიცხოვანნი, „როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას“, როგორც ღმერთმა თქვა? განა არ გავრცელდნენ ისინი ყველა ერსა და რეგიონში, მსოფლიოს ყოველ კუთხეში? რის მეშვეობით გახდა ეს ფაქტი რეალობა? განა ეს ღვთის სიტყვების ხელმწიფებით არ აღსრულდა? ღვთის სიტყვების წარმოთქმიდან რამდენიმე ასეული თუ ათასობით წლის განმავლობაში, ღვთის სიტყვები კვლავაც სრულდებოდა და მუდმივად იქცეოდა ფაქტებად; ეს არის ღვთის სიტყვების ძლევამოსილება და ღვთის ხელმწიფების მტკიცებულება. დასაბამში, როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, ღმერთმა თქვა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, აღსრულდა ძალიან მოკლე დროში და მის აღსრულებაში არავითარი დაყოვნება არ ყოფილა; ღვთის სიტყვების შედეგები მყისიერი იყო. ორივე ღვთის ხელმწიფების გამოვლინება იყო, მაგრამ როდესაც ღმერთმა აკურთხა აბრაამი, მან ადამიანს დაანახა ღვთის ხელმწიფების არსის კიდევ ერთი მხარე, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ შემოქმედის ხელმწიფება აღურიცხავია, და უფრო მეტიც, მან ადამიანს დაანახა შემოქმედის ხელმწიფების უფრო პრაქტიკული, უფრო დახვეწილი მხარე.
როგორც კი ღვთის სიტყვები წარმოითქმება, ღვთის ხელმწიფება იწყებს ამ საქმის მართვას და ღვთის ბაგით დაპირებული ფაქტი თანდათანობით რეალობად იქცევა. შედეგად, ყოველივეში სხვადასხვა ცვლილება იჩენს თავს; მაგალითად, გაზაფხულის დადგომისას ბალახი მწვანდება, ყვავილები იშლება, ხეებზე კვირტები გამოდის, ჩიტები ჭიკჭიკს იწყებენ, ბატები ბრუნდებიან და მინდვრები ხალხით ივსება… გაზაფხულის დადგომასთან ერთად ყოველივე ახლდება და ეს შემოქმედის სასწაულებრივი საქმეა. როდესაც ღმერთი თავის დაპირებებს ასრულებს, ყოველივე ცასა და მიწაზე ღვთის აზრების შესაბამისად ახლდება და იცვლება — გამონაკლისი არაფერია. ღვთის ბაგით წარმოთქმული ვალდებულების ან დაპირების შესასრულებლად, ყოველივე ამის შესრულებას ემსახურება და მოქმედებაში ერთვება; ყოველი ქმნილება შემოქმედის მეუფების ქვეშ წარიმართება და განეგება, თავის შესაბამის როლს ასრულებს და მოწიწებით ასრულებს თავის შესაბამის ფუნქციას. ეს არის შემოქმედის ხელმწიფების გამოვლინება. რას ხედავ ამაში? როგორ შეიცნობ ღვთის ხელმწიფებას? აქვს თუ არა ღვთის ხელმწიფებას საზღვრები? აქვს თუ არა მას დროში შეზღუდვა? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა სიმაღლითა და სიგრძით? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა ზომით ან სიძლიერით? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა ადამიანის საზომით? ღვთის ხელმწიფება ისეთი არ არის, რომ ხან გამოჩნდეს, ხან გაქრეს ან მოდიოდეს და მიდიოდეს და არავინაა ისეთი, ვისაც შეუძლია გაზომოს, თუ რამდენად დიდია მისი ხელმწიფება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო გადის, როდესაც ღმერთი აკურთხებს ადამიანს, ეს კურთხევა გაგრძელდება და მისი გაგრძელება დაამოწმებს ღვთის ხელმწიფების განუზომლობას და კაცობრიობას საშუალებას მისცემს, კვლავ და კვლავ იხილოს შემოქმედის ჩაუქრობელი სასიცოცხლო ძალის ხელახალი გამოვლენა. მისი ხელმწიფების თითოეული გამოვლინება მისი ბაგიდან წარმოთქმულ სიტყვებს იღებს და სრულყოფილად წარმოაჩენს მათ, წარმოაჩენს მათ ყოველივესა და კაცობრიობას. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც მისი ხელმწიფებით სრულდება, შეუდარებლად დახვეწილი და სრულიად უნაკლოა. შეიძლება ითქვას, რომ მისი აზრები, მისი სიტყვები, მისი ხელმწიფება და მთელი საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, ერთობლიობაში შეუდარებლად დახვეწილ სურათს ქმნის და ქმნილებებისთვის, კაცობრიობის ენას ძალა არ შესწევს, გადმოსცეს ყოველივე ამის მნიშვნელობა და ღირებულება. მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანს დაპირებას აძლევს, მიუხედავად იმისა, თუ სად არის იგი და რას აკეთებს, მიუხედავად მისი მდგომარეობისა დაპირების მიღებამდე ან მის შემდეგ, და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეიცვალა მისი საცხოვრებელი გარემო, ღმერთისთვის მის შესახებ ყველაფერი საკუთარი ხუთი თითივით ნაცნობია. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო გადის ღვთის სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მისთვის ეს ისეა, თითქოს ისინი ახლახან წარმოითქვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს აქვს ძალა და ისეთი ხელმწიფება, რომ თვალყური ადევნოს, გააკონტროლოს და შეასრულოს ყოველი დაპირება, რომელსაც იგი კაცობრიობას აძლევს, და მიუხედავად იმისა, თუ რა არის ეს დაპირება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო სჭირდება მის სრულად აღსრულებას, და, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ფართოა ის სფერო, რომელსაც მისი აღსრულება ეხება — მაგალითად, დრო, გეოგრაფია, რასა და ა.შ. — ეს დაპირება აღსრულდება და შესრულდება, და მისთვის, მისი აღსრულება და შესრულება უმცირეს ძალისხმევასაც არ მოითხოვს. რას ამტკიცებს ეს? ეს ამტკიცებს, რომ ღვთის ხელმწიფებისა და ძალის მოქმედების სფერო არის მთელი სამყარო და მთელი კაცობრიობა. ღმერთმა შექმნა ნათელი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ამიტომ მხოლოდ ნათელს მართავს, ან რომ იგი მხოლოდ წყალს მართავს, რადგან მან შექმნა წყალი, და რომ ყველაფერი დანარჩენი ღმერთთან დაკავშირებული არ არის. განა ეს გაუგებრობა არ იქნებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მიერ აბრაამის კურთხევა რამდენიმე ასეული წლის შემდეგ თანდათანობით წაიშალა ადამიანის მეხსიერებიდან, ღვთისთვის ეს დაპირება კვლავ უცვლელი რჩება. იგი კვლავ აღსრულების პროცესშია და არასოდეს შეჩერებულა. კაცობრიობას არასოდეს სცოდნია და არც სმენია, თუ როგორ იყენებდა ღმერთი თავის ხელმწიფებას, როგორ წარიმართებოდა და განეგებოდა ყოველივე და რამდენი საოცარი ისტორია მოხდა ღვთის ქმნილებათა შორის ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ღვთის ხელმწიფების გამოვლინებისა და მისი საქმეების გაცხადების თითოეული საოცარი ნაწილი გავრცელდა და განდიდდა ყოველივეს შორის. ყოველივემ წარმოაჩინა და გააცხადა შემოქმედის სასწაულებრივი საქმეები და შემოქმედის მიერ ყოველივეზე მეუფების თითოეულ საოცარ ისტორიას ყოველივე მარადიულად გააცხადებს. ხელმწიფება, რომლითაც ღმერთი ყოველივეზე მეუფებს, და ღვთის ძალა ყოველივეს უჩვენებს, რომ ღმერთი ყველგან და ყოველთვის არის. როდესაც იხილავ ღვთის ხელმწიფებისა და ძალის ყველგანმყოფობას, დაინახავ, რომ ღმერთი ყველგან და ყოველთვის არის. ღვთის ხელმწიფება და ძალა არ არის შეზღუდული დროით, გეოგრაფიით, სივრცით ან რაიმე ადამიანით, მოვლენით თუ საგნით. ღვთის ხელმწიფებისა და ძალის მასშტაბი აღემატება ადამიანის წარმოსახვას; იგი ჩაუწვდომელია ადამიანისთვის, წარმოუდგენელია ადამიანისთვის და ადამიანი მას ვერასოდეს შეიცნობს სრულად.
ზოგიერთ ადამიანს უყვარს დასკვნების გამოტანა და წარმოსახვა, მაგრამ რამდენად შორს შეიძლება მისწვდეს ადამიანის წარმოსახვა? შეუძლია მას ამ სამყაროს ფარგლებს გაცდეს? შესაძლებელია კი ადამიანის დასკვნებითა და წარმოსახვით ღვთის ხელმწიფების ნამდვილობისა და სიზუსტის შექმნა? შეუძლიათ კი მათ ადამიანს ღვთის ხელმწიფება შეაცნობინონ? შეუძლიათ კი მათ, რომ ადამიანმა ღვთის ხელმწიფება ჭეშმარიტად გააცნობიეროს და მას დაემორჩილოს? ფაქტები ამტკიცებს, რომ ადამიანის დასკვნები და წარმოსახვები მხოლოდ მისი ტვინის პროდუქტია და ოდნავადაც კი არ ეხმარება ადამიანს და არც სარგებელს აძლევს ღვთის ხელმწიფების შეცნობაში. ზოგიერთ ადამიანს წაკითხული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი; მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, როგორია მთვარე, და სხვა პლანეტების შესახებაც იციან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს რაიმე გაგება აქვს ღვთის ხელმწიფების შესახებ. ადამიანის წარმოსახვა მხოლოდ წარმოსახვაა. ამ ყველაფრის რეალურ ფაქტებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ კავშირზე ღვთის ხელმწიფებასთან, მას საერთოდ არავითარი ცოდნა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც მთვარეზე ხარ ნამყოფი? განა ეს იმას ამტკიცებს, რომ შენ მრავალმხრივი გაგება გაქვს ღვთის ხელმწიფების შესახებ? განა ეს იმას ამტკიცებს, რომ შენ შეგიძლია წარმოიდგინო ღვთის ხელმწიფებისა და ძალის მასშტაბი? რაკი დასკვნებითა და წარმოსახვით ადამიანი ვერ შეძლებს ღვთის ხელმწიფების შეცნობას, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ყველაზე გონივრული არჩევანია, არ გამოიტანოს დასკვნები და არ აჰყვეს წარმოსახვას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი არასოდეს უნდა დაეყრდნოს წარმოსახვას და არ უნდა დაეყრდნოს დასკვნებს, როდესაც საქმე ღვთის ხელმწიფების შეცნობას ეხება. რისი თქმა მსურს აქ თქვენთვის? ღვთის ხელმწიფების, ღვთის ძალის, თავად ღვთის ვინაობისა და ღვთის არსის შეცნობა შეუძლებელია შენს წარმოსახვაზე დაყრდნობით. რაკი არ შეგიძლია დაეყრდნო წარმოსახვას ღვთის ხელმწიფების შესაცნობად, მაშინ როგორ შეგიძლია ჭეშმარიტად შეიცნო ღვთის ხელმწიფება? ეს გზა არის ღვთის ხელმწიფების თანდათანობითი განცდა და დადასტურება ღვთის სიტყვის ჭამითა და სმით, თანაზიარებითა და ღვთის სიტყვების განცდით, და ამგვარად მისი გაგებისა და შეცნობის თანდათანობით გაღრმავება. ეს არის ერთადერთი გზა ღვთის ხელმწიფების შესაცნობად; მოკლე გზა არ არსებობს. იმის მოთხოვნა, რომ არ გამოიყენოთ წარმოსახვა, არ ნიშნავს, რომ პასიურად ისხდეთ და განადგურებას ელოდოთ, ან რომ რაიმეს კეთება შეწყვიტოთ. არ გამოიყენო შენი ტვინი ფიქრისა და წარმოსახვისთვის, ნიშნავს არ გამოიყენო ლოგიკა დასკვნების გამოსატანად, არ გამოიყენო ცოდნა გასაანალიზებლად, არ გამოიყენო მეცნიერება საფუძვლად, არამედ დააფასო, გადაამოწმო და დაადასტურო, რომ ღმერთს, რომელიც შენ გწამს, აქვს ხელმწიფება, დაადასტურო, რომ იგი მეუფებს შენს ბედზე და რომ მისი ძალა მუდამ ადასტურებს, რომ თავად იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ღვთის სიტყვების მეშვეობით, ჭეშმარიტების მეშვეობით, ყველაფრით, რასაც ცხოვრებაში ხვდები. ეს არის გზა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, რათა ღმერთი შეიცნოს. ზოგი ამბობს, რომ სურს იპოვოს უფრო მარტივი გზა ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ მოგიფიქრიათ ასეთი გზა? გეუბნები, ამაზე ფიქრი საერთოდ არ არის საჭირო; სხვა გზები არ არსებობს! ერთადერთი გზა არის ის, რომ პატიოსნად და მტკიცედ შეიცნო და დაადასტურო ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, ყოველი სიტყვის მეშვეობით, რომელსაც იგი გამოხატავს და ყველაფრის მეშვეობით, რასაც იგი აკეთებს. ეს არის ღვთის შეცნობის ერთადერთი გზა. რადგან ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, და ღვთის ყოველივე ცარიელი კი არა, პრაქტიკულია.
შემოქმედის მიერ ყოველივესა და ცოცხალ არსებათა მართვისა და მეუფების ფაქტი შემოქმედის ხელმწიფების ჭეშმარიტ არსებობაზე მეტყველებს
მსგავსად ამისა, იეჰოვას მიერ იობის კურთხევა იობის წიგნშია ჩაწერილი. რა უბოძა ღმერთმა იობს? „და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი“ (იობ. 42:12). კაცობრიობის გადმოსახედიდან, რას წარმოადგენდა ეს ყოველივე, რაც იობს ებოძა? განა ეს ადამიანის ქონება არ იყო? ამ ქონებით, განა იობი იმ ეპოქაში ძალიან მდიდარი არ იქნებოდა? მაშ, როგორ მოიპოვა მან ეს ქონება? რამ განაპირობა მისი სიმდიდრე? ცხადია — იობმა ეს ყოველივე ღვთის კურთხევის წყალობით მოიპოვა. აქ არ განვიხილავთ, როგორ ეპყრობოდა იობი ამ ქონებას და ღვთის კურთხევებს. რაც შეეხება ღვთის კურთხევებს, ყველა ადამიანს დღე და ღამე სწადია ღვთის კურთხევა, თუმცა ადამიანი ვერ აკონტროლებს, რამდენ ქონებას მოიპოვებს სიცოცხლის განმავლობაში, ან მიიღებს თუ არა კურთხევებს ღვთისგან — ეს უდავო ფაქტია! ღმერთს აქვს ხელმწიფება და ძალა, უბოძოს ადამიანს ნებისმიერი ქონება, მისცეს ადამიანს ნებისმიერი კურთხევის მიღების საშუალება, და მაინც, ღვთის კურთხევას თავისი პრინციპი აქვს. როგორ ადამიანებს აკურთხებს ღმერთი? რა თქმა უნდა, იგი აკურთხებს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის მოსაწონნი არიან! აბრაამიც და იობიც ღმერთმა აკურთხა, თუმცა კურთხევები, რომლებიც მათ მიიღეს, ერთნაირი არ ყოფილა. ღმერთმა აბრაამი ქვიშასა და ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი შთამომავლობით აკურთხა. აბრაამის კურთხევისას, ღმერთმა ერთი ადამიანის შთამომავლები — ერთი ერი — ძლიერ და აყვავებულ ერად აქცია. ამ შემთხვევაში ღვთის ხელმწიფება კაცობრიობაზე მეუფებდა, რომელიც ყოველივესა და ცოცხალ არსებათა შორის ღვთის სუნთქვით სუნთქავდა. ღვთის ხელმწიფების ქვეშ, ეს კაცობრიობა მრავლდებოდა და არსებობდა ღვთის მიერ დადგენილი სისწრაფით და ღვთის მიერ დადგენილ ფარგლებში. კერძოდ, ამ ერის სიცოცხლისუნარიანობა, გაფართოების სისწრაფე და სიცოცხლის ხანგრძლივობა ღვთის წარმართვისა და განგების ნაწილი იყო და პრინციპი, რომლითაც ღმერთი ყოველივე ამას აკეთებდა მთლიანად ეფუძნებოდა იმ დაპირებას, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად გარემოებებისა, ღვთის დაპირებების აღსრულება დაუბრკოლებლად წარიმართებოდა და ღვთის ხელმწიფების მფარველობის ქვეშ რეალობად იქცეოდა. იმ დაპირების თვალსაზრისით, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა, მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ძვრებისა, მიუხედავად ეპოქისა, მიუხედავად კაცობრიობის მიერ გადატანილი კატასტროფებისა, აბრაამის შთამომავლობა არ დადგებოდა განადგურების საფრთხის წინაშე და მათი ერი არ გადაშენდებოდა. ხოლო ღვთის მიერ იობის კურთხევამ იგი უკიდურესად მდიდარი გახადა. ის, რაც ღმერთმა მას უბოძა, ძირითადად იყო სხვადასხვა სახის სუნთქვის მქონე ცოცხალი არსებები, რომელთა დეტალებსაც — მათ რაოდენობას, გამრავლების სისწრაფეს, გადარჩენის მაჩვენებლებს, და იმას, იყვნენ თუ არა ისინი მსუქნები და ღონიერები, და ა.შ. — ასევე ღმერთი აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოცხალ არსებებს არ გააჩნდათ საუბრის უნარი, ისინიც შემოქმედის წარმართვისა და განგების ნაწილი იყვნენ და პრინციპი, რომლითაც ღმერთი მათ წარმართავდა და განაგებდა ეფუძნებოდა იმ კურთხევებს, რომლებიც ღმერთმა იობს აღუთქვა. თუ ვისაუბრებთ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღმერთმა აბრაამსა და იობს მისცა, მიუხედავად იმისა, რომ დანაპირები განსხვავებული იყო, ხელმწიფება, რომლითაც შემოქმედი მეუფებდა ყოველივესა და ცოცხალ არსებებზე, ერთი და იგივე იყო. ღვთის ხელმწიფებისა და ძალის თითოეული დეტალი გამოიხატება აბრაამისა და იობისთვის მიცემულ სხვადასხვა დაპირებასა და კურთხევაში, და კაცობრიობას კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ღვთის ხელმწიფება ადამიანის წარმოსახვას ბევრად აღემატება. ეს დეტალები კაცობრიობას კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ თუ მას სურს ღვთის ხელმწიფების შეცნობა, მაშინ ამის მიღწევა მხოლოდ ღვთის სიტყვებითა და ღვთის საქმის განცდით არის შესაძლებელი.
ღვთის ხელმწიფება, რომლითაც იგი ყოველივეზე მეუფებს, ადამიანს საშუალებას აძლევს, დაინახოს ფაქტი: ღვთის ხელმწიფება არა მხოლოდ იმ სიტყვებშია განსახიერებული, რომ „და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი; იყოს მყარი, და იქმნა მყარი; იყოს ხმელეთი, და იქმნა ხმელეთი“, არამედ, უფრო მეტად კი მისი ხელმწიფება განსახიერებულია იმაში, თუ როგორ უზრუნველყო მან ნათლის არსებობის გაგრძელება, როგორ არ დაუშვა მყარის გაქრობა და როგორ შეინარჩუნა ხმელეთი წყლისგან სამუდამოდ განცალკევებული, ისევე როგორც იმ დეტალებშიც, თუ როგორ მეუფებდა და როგორ მართავდა იგი მის მიერ შექმნილ საგნებს: ნათელს, მყარსა და ხმელეთს. კიდევ რას ხედავთ ღვთის მიერ კაცობრიობის კურთხევაში? ცხადია, მას შემდეგ, რაც ღმერთმა აკურთხა აბრაამი და იობი, ღვთის ნაბიჯები არ შეჩერებულა, რადგან მას ახლახან დაეწყო თავისი ხელმწიფების გამოყენება და განზრახული ჰქონდა, თავისი თითოეული სიტყვა რეალობად ექცია და მის მიერ ნახსენები თითოეული დეტალი აესრულებინა, და ამიტომ, მომდევნო წლებში, იგი განაგრძობდა ყველაფრის კეთებას, რაც განზრახული ჰქონდა. შესაძლოა ადამიანს ეჩვენება, რომ რადგან ღმერთს აქვს ხელმწიფება, მას მხოლოდ სიტყვის თქმა სჭირდება და თითის გაუნძრევლად, ყველა საქმე და საგანი სრულდება. ეს წარმოდგენა თავისთავად გარკვეულწილად აბსურდულია! თუ შენ მხოლოდ ცალმხრივად უყურებ ღვთის მიერ ადამიანთან აღთქმის დადებას სიტყვებით და ღვთის მიერ ყოველივეს აღსრულებას სიტყვებით, და არ შეგიძლია დაინახო სხვადასხვა ნიშანი და ფაქტი, რომელიც აჩვენებს, რომ ღვთის ხელმწიფება ყოველივეს არსებობაზე მეუფებს, მაშინ შენი გაგება ღვთის ხელმწიფების შესახებ მეტისმეტად ფუჭი და სასაცილოა! თუ ადამიანი წარმოიდგენს, რომ ღმერთი ასეთია, მაშინ, უნდა ითქვას, რომ ადამიანის მიერ ღვთის შეცნობა ჩიხში შევიდა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ღმერთი, რომელსაც ადამიანი წარმოიდგენს, მხოლოდ ბრძანებების გამცემი მანქანაა და არა ღმერთი, რომელიც ხელმწიფებას ფლობს. რა დაინახე აბრაამისა და იობის მაგალითებიდან? დაინახე თუ არა ღვთის ხელმწიფებისა და ძალის პრაქტიკული მხარე? მას შემდეგ, რაც ღმერთმა აკურთხა აბრაამი და იობი, ღმერთი არ დარჩენილა იქ, სადაც იყო, და არც თავისი მაცნეები ჩაუყენებია სამუშაოში, რათა დალოდებოდა და ენახა, რა ნაყოფს გამოიღებდა ეს. პირიქით, როგორც კი ღმერთმა წარმოთქვა თავისი სიტყვები, ღვთის ხელმწიფების წინამძღოლობით, ყოველივე იმ საქმეს დაემორჩილა, რომლის აღსრულებაც ღმერთს ჰქონდა განზრახული, და მოამზადა ის ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც ღმერთს სჭირდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი სიტყვები წარმოითქვა ღვთის ბაგიდან, ღვთის ხელმწიფება მთელ მიწაზე ამოქმედდა და გაკვალა გზა, რომლითაც აღსრულდებოდა და შესრულდებოდა ის დაპირებები, რომლებიც ღმერთმა აბრაამსა და იობს მისცა, და ამავდროულად შეადგინა ყველა სათანადო გეგმა და ჩაატარა სამზადისი ყველაფრისთვის, რაც საჭირო იყო თითოეული ნაბიჯისა და თითოეული საკვანძო ეტაპის განსახორციელებლად. ამ ხნის განმავლობაში, ღმერთმა არა მხოლოდ თავისი მაცნეები, არამედ მის მიერ შექმნილი ყოველივე აამოქმედა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის ხელმწიფების მოქმედების სფერო მისი მაცნეებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ ღმერთმა მით უმეტეს აამოქმედა ყოველივე, რათა იგი დამორჩილებოდა იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც მას ჰქონდა განზრახული; ეს იყო ის კონკრეტული გზები, რომლებითაც ღვთის ხელმწიფება მოქმედებდა. თქვენს ფიქრებში, ზოგიერთს შესაძლოა ჰქონდეს ღვთის ხელმწიფების შემდეგი გაგება: ღმერთს აქვს ხელმწიფება და ღმერთს აქვს ძალა, და ამიტომ ღმერთს მხოლოდ მესამე ცაზე ან ერთ კონკრეტულ ადგილას დარჩენა სჭირდება და არ სჭირდება რაიმე კონკრეტული საქმის შესრულება, და ღვთის მთელი საქმე მის ფიქრებში სრულდება. ზოგიერთს შესაძლოა ასევე სჯეროდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა აკურთხა აბრაამი, ღმერთს არ სჭირდებოდა რაიმეს კეთება და საკმარისი იყო, მხოლოდ თავისი სიტყვები წარმოეთქვა. ნამდვილად ასე მოხდა? აშკარაა, რომ არა! მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ფლობს ხელმწიფებასა და ძალას, მისი ხელმწიფება ჭეშმარიტი და პრაქტიკულია და არა ფუჭი. ღვთის ხელმწიფებისა და ძალის ნამდვილობა და პრაქტიკულობა თანდათანობით ვლინდება და განსახიერდება მის მიერ ყოველივეს შექმნაში, მის მიერ ყოველივეს კონტროლში და იმ პროცესში, რომლითაც იგი მიუძღვის და მართავს კაცობრიობას. თითოეული მეთოდი, თითოეული პერსპექტივა და ღვთის მიერ კაცობრიობასა და ყოველივეზე მეუფების თითოეული დეტალი, და მთელი საქმე, რომელიც მან აღასრულა, ისევე როგორც მისი გაგება ყოველივეს შესახებ — ისინი ნამდვილად და ჭეშმარიტად ამტკიცებენ, რომ ღვთის ხელმწიფება და ძალა არ არის ფუჭი სიტყვები. მისი ხელმწიფება და ძალა მუდმივად და ყოველივეში ვლინდება და მჟღავნდება. ეს გამოვლინებები და გაცხადებები მეტყველებს ღვთის ხელმწიფების რეალურ არსებობაზე, რადგან იგი იყენებს თავის ხელმწიფებასა და ძალას თავისი საქმის გასაგრძელებლად, ყოველივეს სამართავად და ყოველ წამს იმეუფოს ყოველივეზე; მისი ძალა და ხელმწიფება ვერ ჩაანაცვლებენ ვერც ანგელოზები და ვერც ღვთის მაცნეები. ღმერთმა გადაწყვიტა, რა კურთხევებს უბოძებდა აბრაამსა და იობს — ეს მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მაცნეები პირადად ეწვივნენ აბრაამს ან იობს, მათი ქმედებები ეფუძნებოდა ღვთის ბრძანებებს და მათი ქმედებები ხორციელდებოდა ღვთის ხელმწიფების ქვეშ და, მსგავსად ამისა, მაცნეები ღვთის მეუფების ქვეშ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხედავს, თუ როგორ სტუმრობენ ღვთის მაცნეები აბრაამს, და ბიბლიის ჩანაწერებში ვერ ხედავს, რომ იეჰოვა ღმერთი პირადად აკეთებს რაიმეს, სინამდვილეში, ერთადერთი, ვინც ჭეშმარიტად იყენებს ძალასა და ხელმწიფებას, არის თავად ღმერთი, და ამაში არცერთ ადამიანს ეჭვი ვერ შეეპარება! მაშინაც კი, თუ შენ გინახავს, რომ ანგელოზები ან მაცნეები ფლობენ დიდ ძალას და მოუხდენიათ სასწაულები, ან რომ მათ მიიღეს ღვთის დავალება და გააკეთეს გარკვეული საქმეები, მათი ქმედებები მხოლოდ ღვთის დავალების შესასრულებლად ხორციელდება და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ღვთის ხელმწიფების გამოვლინებას — რადგან არცერთ ადამიანს ან საგანს არ აქვს და არ ფლობს შემოქმედის ხელმწიფებას, რათა შექმნას ყოველივე და იმეუფოს ყოველივეზე. ამრიგად, არცერთ ადამიანს ან საგანს არ შეუძლია გამოიყენოს ან წარმოაჩინოს შემოქმედის ხელმწიფება.
შემოქმედის ხელმწიფება უცვლელია და არ იწყნარებს შეურაცხყოფას
რა დაინახეთ წმინდა წერილის ამ სამ ნაწილში? დაინახეთ თუ არა, რომ არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ღმერთი იყენებს თავის ხელმწიფებას? მაგალითად, ღმერთმა გამოიყენა ცისარტყელა ადამიანთან აღთქმის დასადებად — მან ცისარტყელა მოათავსა ღრუბლებში და უთხრა ადამიანს, რომ იგი აღარასოდეს გაანადგურებდა სამყაროს წარღვნით. არის თუ არა ცისარტყელა, რომელსაც ადამიანები დღეს ხედავენ, კვლავ ის, რაზეც ღმერთმა ისაუბრა? შეიცვალა თუ არა მისი ბუნება და მნიშვნელობა? ეჭვგარეშეა, რომ არა. ღმერთმა გამოიყენა თავისი ხელმწიფება ამ საქმის აღსასრულებლად და აღთქმა, რომელიც მან ადამიანთან დადო, დღემდე გრძელდება, და როდის შეიცვლება ეს აღთქმა, რა თქმა უნდა, ღვთის გადასაწყვეტი იქნება. მას შემდეგ, რაც ღმერთმა თქვა: „ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში“, ღმერთი ყოველთვის იცავდა ამ აღთქმას, დღემდე. რას ხედავ ამაში? მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ფლობს ხელმწიფებასა და ძალას, იგი თავის ქმედებებში ძალიან მკაცრი და პრინციპულია და თავისი სიტყვის ერთგული რჩება. მისი სიმკაცრე და ქმედებების პრინციპები აჩვენებს, რომ შემოქმედი არ იწყნარებს შეურაცხყოფას და რომ შემოქმედის ხელმწიფება გადაულახავია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფლობს უზენაეს ხელმწიფებას და ყოველივე მისი მეუფების ქვეშაა, და მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ძალა, იმეუფოს ყოველივეზე, ღმერთს არასოდეს დაუზიანებია და არც დაურღვევია საკუთარი გეგმა, და ყოველ ჯერზე, როდესაც იგი იყენებს თავის ხელმწიფებას, ეს ხდება საკუთარი პრინციპების მკაცრი დაცვით, და ზუსტად მისდევს იმას, რაც მისი ბაგიდან წარმოითქვა, და მისდევს თავისი გეგმის ნაბიჯებსა და მიზნებს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ყოველივე, რაც ღვთის მეუფების ქვეშაა, ასევე ემორჩილება იმ პრინციპებს, რომლებითაც ღვთის ხელმწიფება გამოიყენება, და არცერთ ადამიანს ან საგანს არ შეუძლია თავი დააღწიოს მისი ხელმწიფების წარმართვასა და განგებას, და არც იმ პრინციპების შეცვლა შეუძლია, რომლებითაც მისი ხელმწიფება გამოიყენება. ღვთის თვალში, ისინი, ვინც კურთხეულნი არიან, იღებენ კურთხევებს მისი ხელმწიფების წყალობით, და ისინი, ვინც დაწყევლილნი არიან, იღებენ თავიანთ სასჯელს მისი ხელმწიფების ძალით. ღვთის ხელმწიფების ქვეშ, არცერთ ადამიანს ან საგანს არ შეუძლია თავი დააღწიოს მისი ხელმწიფების მოქმედებას, და არც იმ პრინციპების შეცვლა შეუძლია, რომლებითაც მისი ხელმწიფება გამოიყენება. არცერთი ფაქტორის ცვლილება ვერ ცვლის შემოქმედის ხელმწიფებას, და ასევე პრინციპები, რომლებითაც მისი ხელმწიფება გამოიყენება, არცერთი მიზეზით არ იცვლება. ცამ და მიწამ შესაძლოა დიდი ძვრები განიცადოს, მაგრამ შემოქმედის ხელმწიფება არ შეიცვლება; ყოველივე შეიძლება წარვიდეს, მაგრამ შემოქმედის ხელმწიფება არასოდეს წარვა. ეს არის შემოქმედის უცვლელი ხელმწიფების არსი, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას, და სწორედ ეს არის შემოქმედის უნიკალურობა!
ღვთის ხელმწიფების შესაცნობად ქვემოთ მოყვანილი სიტყვები აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ხოლო მათი მნიშვნელობა მოცემულია ამ თანაზიარებაში. მოდით, განვაგრძოთ წმინდა წერილPების კითხვა.
4. ღვთის ბრძანება სატანისადმი
იობ. 2:6 და უთხრა იეჰოვამ სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“
სატანას არასოდეს გაუბედავს შემოქმედის ხელმწიფების საზღვრების გადალახვა და სწორედ ამიტომ, ყოველივე მოწესრიგებულად არსებობს
ეს არის ამონარიდი იობის წიგნიდან და ამ სიტყვებში ნახსენები „მის“ იობს გულისხმობს. მიუხედავად სიმოკლისა, ეს წინადადება მრავლისმეტყველია. მასში აღწერილია სულიერ სამყაროში ღმერთსა და სატანას შორის შემდგარი საუბარი და გვეუბნება, რომ ღვთის სიტყვების ადრესატი სატანა იყო. მასში ასევე ზუსტად არის გადმოცემული, რა თქვა ღმერთმა. ღვთის სიტყვები სატანისთვის მიცემული ბრძანება და განკარგულება იყო. ამ განკარგულების კონკრეტული დეტალები ეხება იობის სიცოცხლის შენარჩუნებასა და იმ ზღვარს, რომელიც ღმერთმა სატანას იობისადმი მოპყრობისას დაუდგინა — სატანას იობის სიცოცხლე უნდა შეენარჩუნებინა. პირველი, რასაც ამ წინადადებიდან ვიგებთ, ისაა, რომ ეს სიტყვები ღმერთმა სატანას უთხრა. იობის წიგნის ორიგინალი ტექსტიდან ვიგებთ ამ სიტყვების წარმოთქმის წინაპირობას: სატანას სურდა იობისთვის ბრალი დაედო, ამიტომ იობის გამოცდამდე ღვთის თანხმობა უნდა მოეპოვებინა. როდესაც ღმერთი სატანის თხოვნას იობის გამოცდის შესახებ დათანხმდა, მან სატანას შემდეგი პირობა წამოუყენა: „იობი შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“ რა ხასიათისაა ეს სიტყვები? ეს აშკარად ბრძანება და განკარგულებაა. ამ სიტყვების ხასიათის გაგების შემდეგ, შენ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გაიაზრო, რომ ამ განკარგულების გამცემი ღმერთი იყო, ხოლო მისი მიმღები და მორჩილად შემსრულებელი — სატანა. თავისთავად ცხადია, რომ ამ განკარგულებიდან ღმერთსა და სატანას შორის ურთიერთობა აშკარად ჩანს ყველასთვის, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ასახავს ღმერთსა და სატანას შორის სულიერ სამყაროში არსებულ ურთიერთობას და მათ ვინაობასა და სტატუსს შორის განსხვავებას, რაც მოცემულია წმინდა წერილში ღმერთსა და სატანას შორის საუბრების ჩანაწერებში; და ეს არის ის მკაფიო განსხვავება ღმერთისა და სატანის ვინაობასა და სტატუსს შორის, რომლის შესახებაც ადამიანს დღეისათვის შეუძლია შეიტყოს კონკრეტული მაგალითისა და ტექსტური ჩანაწერის მეშვეობით. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ სიტყვების ჩანაწერი კაცობრიობისთვის ღვთის ვინაობისა და სტატუსის შეცნობის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და იგი კაცობრიობას ღვთის შეცნობისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. სულიერ სამყაროში შემოქმედსა და სატანას შორის შემდგარი ერთ-ერთი საუბრის მეშვეობით, ადამიანს შეუძლია შეიცნოს შემოქმედის ხელმწიფების კიდევ ერთი კონკრეტული ასპექტი. ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემოქმედის უნიკალური ხელმწიფება.
გარეგნულად, იეჰოვა ღმერთი დიალოგს აწარმოებს სატანასთან. არსობრივად, იეჰოვა ღმერთის საუბრის დამოკიდებულება და მისი პოზიცია სატანისაზე აღმატებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა ღმერთი ბრძანების ტონით მიმართავს სატანას და ეუბნება მას, თუ რა უნდა გააკეთოს და რა — არა; რომ იობი უკვე მის ხელშია და მას შეუძლია ისე მოექცეს იობს, როგორც მოესურვება — მაგრამ იობის სიცოცხლის წართმევა არ შეუძლია. ქვეტექსტი იმაში მდგომარეობს, რომ, მიუხედავად იობის სატანის ხელში ჩაბარებისა, მისი სიცოცხლე სატანას არ გადასცემია; ღვთის ნებართვის გარეშე ვერავინ იობის სიცოცხლეს ღვთის ხელიდან. სატანისთვის მიცემული ამ ბრძანებიდან მკაფიოდ ჩანს ღვთის დამოკიდებულება და ამავდროულად, ეს ბრძანება ცხადყოფს და ავლენს იმ პოზიციას, საიდანაც იეჰოვა ღმერთი სატანას ესაუბრება. აქ იეჰოვა ღმერთი ფლობს არა მხოლოდ იმ ღვთის სტატუსს, რომელმაც შექმნა ნათელი, ჰაერი, ყოველივე და ყოველი ცოცხალი არსება, იმ ღვთისას, რომელიც მეუფებს ყოველივესა და ყოველ ცოცხალ არსებაზე, არამედ იმ ღვთის სტატუსსაც, რომელიც განაგებს კაცობრიობასა და ჰადესს, იმ ღვთისას, რომელიც აკონტროლებს ყოველი ცოცხალი არსების სიცოცხლესა და სიკვდილს. სულიერ სამყაროში, ღვთის გარდა ვინ გაბედავდა სატანისთვის ასეთი ბრძანების გაცემას? და რატომ მისცა ღმერთმა პირადად ეს ბრძანება სატანას? იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იობის სიცოცხლეც, ღვთის ხელშია. ღმერთმა არ მისცა სატანას იობისთვის ზიანის მიყენების ან მისი სიცოცხლის წართმევის ნება, და მაშინაც კი, როდესაც ღმერთმა სატანას იობის გამოცდის ნება დართო, ღმერთმა მაინც არ დაივიწყა ასეთი ბრძანების საგანგებოდ გაცემა და კიდევ ერთხელ უბრძანა სატანას, იობისთვის სიცოცხლე არ წაერთმია. სატანას არასოდეს გაუბედავს ღვთის ხელმწიფების საზღვრების გადალახვა და ფრთხილად მიჰყვებოდა და ემორჩილებოდა ღვთის ბრძანებებსა და კონკრეტულ განკარგულებებს, არასოდეს ბედავდა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას და, რა თქმა უნდა, არც ღვთის რომელიმე ბრძანების თვითნებურად შეცვლას ბედავდა. ასეთია ის საზღვრები, რომლებიც ღმერთმა დაუდგინა სატანას და ამიტომ სატანას არასოდეს გაუბედავს ამ საზღვრების გადაკვეთა. განა ეს არ არის ღვთის ხელმწიფების ძალმოსილება? განა ეს არ არის ღვთის ხელმწიფების დასტური? სატანას კაცობრიობაზე ბევრად უკეთ ესმის, თავად როგორ უნდა მოეპყროს ღმერთს და როგორ უნდა უყურებდეს მას. სატანა, რომელიც სულიერ სამყაროში იმყოფება, ძალიან ნათლად ხედავს ღვთის სტატუსსა და ხელმწიფებას და ღრმა გამოცდილება აქვს ღვთის ხელმწიფების ძალმოსილებასა და ღვთის ხელმწიფების განხორციელების პრინციპებთან დაკავშირებით. ამიტომ იგი ოდნავადაც არ ბედავს მათ უგულებელყოფას და არც მათ რაიმე ფორმით არღვევს. იგი ვერ ბედავს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ღვთის ხელმწიფებას ხელყოფს და არც რაიმე ფორმით ბედავს ღვთის რისხვის გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებით უკეთური და ამპარტავანია, სატანას არასოდეს გაუბედავს ღვთის მიერ მისთვის დადგენილი საზღვრებისა და მიჯნების გადაკვეთა. ათობით მილიონი წლის განმავლობაში, იგი მკაცრად იცავდა ამ საზღვრებს, იცავდა ღვთის მიერ მისთვის მიცემულ თითოეულ ბრძანებასა და განკარგულებას და არასოდეს გაუბედავს ზღვარს გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოროტგანზრახულია, სატანა ბევრად უფრო „ბრძენია“, ვიდრე გახრწნილი კაცობრიობა; მან იცის შემოქმედის ვინაობა და იცის საკუთარი საზღვრები. სატანის „წესების დამცველი“ ქმედებებიდან ჩანს, რომ ღვთის ხელმწიფება და ძალა ზეციურ განკარგულებებს წარმოადგენს, რომლებსაც სატანა ვერ გადასცდება. სწორედ ღვთის უნიკალურობისა და ხელმწიფების გამოა, რომ ყოველივე მოწესრიგებულად იცვლება და არსებობს, რომ კაცობრიობას შეუძლია იცხოვროს და გამრავლდეს ღვთის მიერ დადგენილი კურსის ფარგლებში, ისე, რომ ვერცერთი ადამიანი ან საგანი ვერ არღვევს ამ წესრიგს და ვერცერთი ადამიანი ან საგანი ვერ ცვლის ამ წესს — რადგან ისინი შემოქმედის ხელიდან, შემოქმედის დადგენილებიდან და ხელმწიფებიდან მომდინარეობს.
მხოლოდ ღმერთი, რომელსაც შემოქმედის ვინაობა აქვს, ფლობს უნიკალურ ხელმწიფებას
სატანის განსაკუთრებული ვინაობის გამო მრავალ ადამიანს დიდი ინტერესი აქვს მისი სხვადასხვა გამოვლინების მიმართ. არაერთ დაბნეულ ადამიანს სჯერა, რომ ღვთის გარდა, სატანაც ფლობს ხელმწიფებას, რადგან სატანას შეუძლია სასწაულების მოხდენა და ისეთი რამის კეთება, რაც კაცობრიობისთვის შეუძლებელია. ამგვარად, ღვთის თაყვანისცემის გარდა, კაცობრიობა თავის გულში სატანისთვისაც ინახავს ადგილს და სატანასაც კი ღმერთივით სცემს თაყვანს. ეს ადამიანები შესაბრალისნიც არიან და საძულველნიც. ისინი შესაბრალისნი არიან თავიანთი უმეცრების გამო და საძულველნი — თავიანთი საზარელი ურჩობისა და თანდაყოლილი უკეთური სუბსტანციის გამო. ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ აუცილებელია გაგაგებინოთ, თუ რა არის ხელმწიფება, რას განასახიერებს და რას წარმოადგენს იგი. ზოგადად რომ ვთქვათ, თავად ღმერთი არის ხელმწიფება, მისი ხელმწიფება ღვთის უზენაესობისა და არსის სიმბოლოა, ხოლო თავად ღვთის ხელმწიფება ღვთის სტატუსსა და ვინაობას განასახიერებს. თუ ეს ასეა, განა ბედავს სატანა თქვას, რომ თავად არის ღმერთი? განა ბედავს სატანა თქვას, რომ მან შექმნა ყოველივე და მეუფებს ყოველივეზე? რა თქმა უნდა, არა! რადგან მას ყოველივეს შექმნა არ შეუძლია; დღემდე მას არასოდეს შეუქმნია რაიმე ისეთი, რაც ღმერთმა შექმნა და არასოდეს შეუქმნია არაფერი ცოცხალი. რადგან მას არ გააჩნია ღვთის ხელმწიფება, მას ვერასოდეს ექნება ღვთის სტატუსი და ვინაობა და ეს მისი არსით არის განპირობებული. განა აქვს მას იგივე ძალა, რაც ღმერთს? რა თქმა უნდა, არა! რას ვუწოდებთ სატანის ქმედებებსა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებს? არის ეს ძალა? შეიძლება თუ არა ამას ხელმწიფება ეწოდოს? რა თქმა უნდა, არა! სატანა წარმართავს ბოროტების დინებას და ყველგან არღვევს, აზიანებს და შლის ღვთის საქმეს. ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, კაცობრიობის გახრწნისა და მისთვის მძიმე ზიანის მიყენების, ადამიანის დაცემისა და ღვთის უარყოფისკენ შეტყუებისა და შეცდომაში შეყვანის გარდა, რის შედეგადაც ადამიანი სიკვდილის ჩრდილის ხეობისკენ მიდის, განა გაუკეთებია სატანას რაიმე ისეთი, რაც ადამიანისგან თუნდაც მცირედი ხსენებას… (or მცირეოდენ ხსენებას? სატანას რომ ხელმწიფება და ძალა ჰქონოდა, განა სატანა შეძლებდა კაცობრიობის გახრწნას? სატანას რომ ხელმწიფება და ძალა ჰქონოდა, განა სატანა შეძლებდა კაცობრიობისთვის მძიმე ზიანის მიყენებას? სატანას რომ ძალა და ხელმწიფება ჰქონოდა, განა კაცობრიობა მიატოვებდა ღმერთს და სიკვდილისკენ წავიდოდა? რაკი სატანას არ გააჩნია არც ხელმწიფება და არც ძალა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ყოველივე იმის არსის შესახებ, რასაც იგი აკეთებს? ზოგი ადამიანი სატანის ყოველგვარ ქმედებას წვრილმან ხრიკებად განსაზღვრავს, თუმცა მე ვთვლი, რომ ასეთი განსაზღვრება არცთუ მართებულია. განა კაცობრიობის გასახრწნელად ჩადენილი მისი ბოროტი საქმეები წვრილმანი ხრიკებია? ის ბოროტი აღმავალი ძალა, რომლითაც სატანამ და მისი მძვინვარე სურვილი, გაეკეთებინა ეს და შთაენთქა იგი, წვრილმანი ხრიკებით ვერ განხორციელდებოდა. თუ წარსულს გადავხედავთ, ერთ წამში გაქრა იობის ფარები და ჯოგები, რომლებიც შორს, გორაკებსა და მთებში იყო მიმოფანტული; ერთ წამში გაქრა იობის დიდი ქონება. განა შეიძლებოდა ამის მიღწევა წვრილმანი ხრიკებით? ყოველივე იმის ბუნება, რასაც სატანა აკეთებს, შეესაბამება და ერგება ისეთ უარყოფით სიტყვებს, როგორებიცაა: დაზიანება, ჩაშლა, განადგურება, მძიმე ზიანის მიყენება, ბოროტება, ბოროტგანზრახულობა და სიბნელე. ამიტომ, ყველაფერი უსამართლო და ბოროტი მჭიდროდ არის დაკავშირებული სატანის ქმედებებთან და განუყოფელია სატანის საზარელი არსისგან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად „უზომოდ ძლიერია“ სატანა, რამდენად თავხედი და ამბიციურია იგი, რამდენად დიდია ზიანის მიყენების მისი უნარი, რამდენად ფართოა ადამიანების გახრწნისა და ცდუნების მისი შესაძლებლობები, რამდენად ეშმაკურია მისი ხრიკები და მზაკვრობები, რომლებითაც იგი აშინებს ადამიანს, ან რამდენად მრავალფეროვანია მისი არსებობის ფორმები, მას არასოდეს შეუქმნია თუნდაც ერთი ცოცხალი არსება, დაედგინა კანონები ან წესები ყოველივეს არსებობისთვის, ან ემართა ან ემეუფა რაიმე ობიექტზე, იქნებოდა ის ცოცხალი თუ არაცოცხალი. კოსმოსსა და ცის მყარზე არ არსებობს არცერთი ადამიანი ან საგანი, რომელიც მის მიერ შეიქმნა ან მის გამო არსებობს; არ არსებობს არცერთი ადამიანი ან საგანი, რომელზეც იგი ხელმწიფებს ან რომელსაც მართავს. პირიქით, ის არა მხოლოდ ღვთის ხელმწიფების ქვეშ უნდა არსებობდეს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იგი უნდა დაემორჩილოს ღვთის ყოველ ბრძანებასა და განკარგულებას. ღვთის ნებართვის გარეშე, სატანას არ შეუძლია თვითნებურად შეეხოს მიწაზე წყლის ერთ წვეთსაც ან ქვიშის ერთ მარცვალსაც კი; ღვთის ნებართვის გარეშე, სატანას არ შეუძლია მიწაზე ჭიანჭველების თვითნებურად შეწუხებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცობრიობაზე, რომელიც ღმერთმა შექმნა. ღვთის თვალში სატანა მთის შროშანებზე, ჰაერში მფრინავ ჩიტებზე, ზღვის თევზებსა და მიწაზე მყოფ მატლებზე დაბლა დგას. მისი როლი ყოველივეს შორის არის ის, რომ ემსახუროს ყოველივეს, კაცობრიობას, ღვთის საქმესა და მის მართვის გეგმას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ბოროტგანზრახულია მისი ბუნება და რამდენად უკეთურია მისი არსი, ერთადერთი, რაც მას შეუძლია, თავისი ფუნქციის მორჩილად შესრულებაა: ღმერთს მსახურება გაუწიოს — სათანადოდ შეასრულოს საპირისპირო ფონის ფუნქცია. ასეთია სატანის სუბსტანცია და თავდაპირველი პოზიცია. მის არსს არაფერი აქვს საერთო სიცოცხლესთან, ძალასთან ან ხელმწიფებასთან; იგი მხოლოდ სათამაშოა ღვთის ხელში, უბრალოდ მანქანაა, რომელსაც ღმერთი მსახურებისთვის იყენებს!
სატანის ნამდვილი სახის შეცნობის შემდეგ, ბევრ ადამიანს მაინც არ ესმის, რა არის ხელმწიფება, ამიტომ მე გეტყვი! ხელმწიფება თავად შეიძლება განიმარტოს როგორც ღვთის ძალა. პირველ რიგში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხელმწიფებაც და ძალაც დადებითი ცნებებია. მათ არავითარი კავშირი არ აქვთ რაიმე უარყოფითთან და არ უკავშირდება არცერთ შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას. ღვთის ძალას შეუძლია შექმნას ნებისმიერი ფორმის ცოცხალი და სიცოცხლისუნარიანი არსება, და ამას ღვთის სიცოცხლე განსაზღვრავს. ღმერთი არის სიცოცხლე, ამიტომ ის ყოველი ცოცხალი არსების წყაროა. უფრო მეტიც, ღვთის ხელმწიფებას შეუძლია ყოველი ცოცხალი არსება ღვთის ყოველ სიტყვას დაუმორჩილოს, ანუ ისინი წარმოიშვან ღვთის ბაგიდან წარმოთქმული სიტყვების თანახმად, იცოცხლონ და იმრავლონ ღვთის ბრძანებით, რის შემდეგაც ღმერთი ხელმწიფებს ყველა ცოცხალ არსებაზე და განაგებს მათ, და ამაში არასოდეს იქნება შეცდომა, უკუნითი უკუნისამდე. არცერთი ადამიანი ან საგანი არ ფლობს ამას; მხოლოდ შემოქმედი ფლობს და ატარებს ასეთ ძალას, და ამიტომ ეწოდება ამას ხელმწიფება. ეს არის შემოქმედის უნიკალურობის გამოვლინება. ამგვარად, მიუხედავად იმისა, საუბარია თავად სიტყვა „ხელმწიფებაზე“ თუ ამ ხელმწიფების არსზე, ორივე მხოლოდ შემოქმედს შეიძლება დაუკავშირდეს, რადგან ის შემოქმედის უნიკალური ვინაობისა და არსის სიმბოლოა და იგი განასახიერებს შემოქმედის ვინაობასა და სტატუსს; შემოქმედის გარდა, არცერთი ადამიანი თუ საგანი ვერ დაუკავშირდება სიტყვა „ხელმწიფებას“. ეს არის შემოქმედის უნიკალური ხელმწიფების განმარტება.
მიუხედავად იმისა, რომ სატანა იობს ისე უყურებდა, როგორც ვეფხვი თავის მსხვერპლს, ღვთის ნებართვის გარეშე მან ვერ გაბედა იობის სხეულზე ერთ თმის ღერზე შეხებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ სატანა თანდაყოლილად უკეთური და სასტიკია, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ბრძანება მისცა, სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდა ღვთის ბრძანებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ სატანა ისეთივე მძვინვარე და აღვირახსნილი იყო, როგორც ცხვრის ფარაში შევარდნილი მგელი, როდესაც იგი იობს დაატყდა თავს, მან ვერ გაბედა, დაევიწყებინა ღვთის მიერ მისთვის დადგენილი საზღვრები, ვერ გაბედა ღვთის ბრძანებების დარღვევა და ყველაფერში, რასაც აკეთებდა, სატანამ ვერ გაბედა ღვთის სიტყვების პრინციპებისა და საზღვრებისთვის გადაეხვია — განა ეს ფაქტი არ არის? აქედან ჩანს, რომ სატანა ვერ ბედავს იეჰოვა ღვთის არცერთ სიტყვას გადასცდეს. სატანისთვის ღვთის ბაგიდან წარმოთქმული ყოველი სიტყვა არის ბრძანება და ზეციური კანონი, ღვთის ხელმწიფების გამოხატულება — რადგან ღვთის ყოველი სიტყვის უკან დგას მისი სასჯელი მათთვის, ვინც არღვევს ღვთის ბრძანებებს და მათთვის, ვინც ზეციურ კანონებს არ ემორჩილება და ეწინააღმდეგება. სატანამ ნათლად იცის, რომ თუ იგი დაარღვევს ღვთის ბრძანებებს, მაშინ მას მოუწევს ღვთის ხელმწიფების გადაცდენისა და ზეციური კანონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგების მიღება. კონკრეტულად რა არის ეს შედეგები? თავისთავად ცხადია, რომ ეს ღვთის მიერ მისთვის დაკისრებული სასჯელია. სატანის ქმედებები იობის მიმართ მხოლოდ მისი მიერ კაცობრიობის გახრწნის მცირე ანარეკლი იყო, ხოლო ღვთის მიერ დადგენილი საზღვრები და ბრძანებები, რომლებსაც სატანა იცავდა ამ ქმედებების განხორციელებისას, მხოლოდ იმ პრინციპების მცირე ანარეკლი იყო, რომლებიც ყოველივე იმის მიღმა დგას, რასაც იგი აკეთებს. გარდა ამისა, სატანის როლი და პოზიცია ამ საკითხში მხოლოდ მისი როლისა და პოზიციის მცირე ანარეკლი იყო ღვთის მართვის საქმეში, ხოლო სატანის სრული მორჩილება ღვთისადმი იობის გამოცდისას მხოლოდ მცირე ანარეკლი იყო იმისა, თუ როგორ ვერ ბედავდა სატანა ღვთისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გაწევასაც კი ღვთის მართვის საქმეში. რა გაფრთხილებას გაძლევთ ეს მცირე მაგალითები? ყოველივეს შორის, სატანის ჩათვლით, არ არსებობს არცერთი ადამიანი ან საგანი, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს შემოქმედის მიერ დადგენილი ზეციური კანონები და განკარგულებები, და არ არსებობს არცერთი ადამიანი ან საგანი, რომელიც გაბედავს, წინ აღუდგეს ამ ზეციურ კანონებსა და განკარგულებებს, რადგან არცერთ ადამიანს ან საგანს არ შეუძლია შეცვალოს ის სასჯელი, ან თავი აარიდოს მას, რომელსაც შემოქმედი დაატეხს მათ, ვინც მას ეწინააღმდეგება. მხოლოდ შემოქმედს შეუძლია დაადგინოს ზეციური კანონები და განკარგულებები, მხოლოდ შემოქმედს ძალუძს მათი სისრულეში მოყვანა და ვერცერთი ადამიანი ან საგანი ვერ აღემატება მხოლოდ შემოქმედის ძალას. ეს არის შემოქმედის უნიკალური ხელმწიფება და ეს ხელმწიფება ყოველივეზე უზენაესია, ამიტომ შეუძლებელია ითქვას, რომ „ღმერთი ყველაზე დიდია, ხოლო სატანა — მეორე ადგილზეა“. გარდა შემოქმედისა, რომელიც ფლობს უნიკალურ ხელმწიფებას, არ არსებობს სხვა ღმერთი!
ახლა, რა სრულიად ახალი გაგება გაქვთ ღვთის ხელმწიფების შესახებ? პირველ რიგში, არის თუ არა განსხვავება ახლახან ნახსენებ ღვთის ხელმწიფებასა და ადამიანის ძალაუფლებას შორის? რა არის ეს განსხვავება? ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ამ ორის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია. კარგად არის ნათქვამი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ამ ორის ერთ სიბრტყეში განხილვა შეუძლებელია, ადამიანის აზრებსა და წარმოდგენებში ადამიანის ძალაუფლება ხშირად ხელმწიფებასთან იგივდება და ამ ორს ხშირად ერთმანეთს ადარებენ. რა ხდება აქ? განა ადამიანები არ უშვებენ შეცდომას, როდესაც შეუმჩნევლად ანაცვლებენ ერთ ცნებას მეორით? ამ ორის ერთმანეთთან დაკავშირებაც და შედარებაც შეუძლებელია, თუმცა ადამიანები მაინც ვერ წყვეტენ ამის კეთებას. როგორ უნდა მოგვარდეს ეს? თუ შენ ჭეშმარიტად გსურს გამოსავლის პოვნა, ერთადერთი გზა ღვთის უნიკალური ხელმწიფების გაგება და შემეცნებაა. შემოქმედის ხელმწიფების გაგებისა და შეცნობის შემდეგ, შენ აღარ განიხილავ ადამიანის ძალასა და ღვთის ხელმწიფებას ერთ სიბრტყეში.
რას გულისხმობს ადამიანის ძალაუფლება? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უნარი ან შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანის გახრწნილ ხასიათს, სურვილებსა და ამბიციებს, მაქსიმალურად გაფართოვდეს და გაბატონდეს. ითვლება თუ არა ეს ხელმწიფებად? მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბით შეუძლია ადამიანის ამბიციებსა და სურვილებს გაფართოება და გაბატონება, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ფლობს ხელმწიფებას; საუკეთესო შემთხვევაში, ეს გაფართოება და წარმატება მხოლოდ სატანის მოკლე მასხარაობაა ადამიანთა შორის; საუკეთესო შემთხვევაში, ეს არის ფარსი, რომელშიც სატანა საკუთარ თავს წინაპრად წარმოაჩენს, რათა ღმერთად ყოფნის თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს.
ზუსტად როგორ უყურებ ახლა ღვთის ხელმწიფებას? ამ სიტყვებზე თანაზიარების შემდეგ, სრულიად ახალი გაგება უნდა გქონდეს ღვთის ხელმწიფების შესახებ. ამიტომ გეკითხებით: რის სიმბოლოა ღვთის ხელმწიფება? განა იგი თავად ღვთის ვინაობის სიმბოლოა? განა იგი თავად ღვთის ძალის სიმბოლოა? განა იგი თავად ღვთის უნიკალური სტატუსის სიმბოლოა? ყოველივეში სად დაინახე ღვთის ხელმწიფება? როგორ დაინახე იგი? ადამიანის მიერ განცდილი ოთხი სეზონის მაგალითზე, შეუძლია თუ არა ვინმეს შეცვალოს გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის მონაცვლეობის კანონი? გაზაფხულზე ხეები კვირტებს ისხამენ და ყვავიან; ზაფხულში ისინი ფოთლებით იფარებიან; შემოდგომაზე ისინი ნაყოფს იძლევიან, ხოლო ზამთარში ფოთლები ცვივა. შეუძლია თუ არა ვინმეს ამ კანონის შეცვლა? განა ეს ღვთის ხელმწიფების ანარეკლი არ არის? ღმერთმა თქვა: „იყოს ნათელი“ და იქმნა ნათელი. განა ეს ნათელი კვლავაც არსებობს? რის წყალობით არსებობს იგი? რა თქმა უნდა, იგი ღვთის სიტყვებისა და ხელმწიფების წყალობით არსებობს. განა ღვთის მიერ შექმნილი ჰაერი კვლავაც არსებობს? განა ის ჰაერი, რომლითაც ადამიანი სუნთქავს, ღვთისგან მოდის? შეუძლია თუ არა ვინმეს წაიღოს ის, რაც ღვთისგან მოდის? შეუძლია თუ არა ვინმეს შეცვალოს მისი არსი და ფუნქცია? არსებობს თუ არა ვინმე, ვისაც შეუძლია დაარღვიოს ღვთის მიერ დაწესებული დღისა და ღამის მონაცვლეობა, ან ეს კანონი, რომელიც მან დღისა და ღამის მონაცვლეობისთვის დაადგინა? შეუძლია თუ არა სატანას ასეთი რამის გაკეთება? ღამით რომც არ დაიძინო და ღამე დღედ მიიჩნიო, მაინც ღამის დროა; შეგიძლია შეცვალო შენი ყოველდღიური რეჟიმი, მაგრამ ვერ შეძლებ შეცვალო ღამისა და დღის მონაცვლეობის კანონი — განა ეს ფაქტი ნებისმიერი ადამიანისთვის შეუცვლელი არ არის? შეუძლია თუ არა ვინმეს, ლომს ხარივით მოახვნევინოს მიწა? შეუძლია თუ არა ვინმეს სპილო სახედრად აქციოს? შეუძლია თუ არა ვინმეს აიძულოს ქათამი, არწივივით იფრინოს ჰაერში? შეუძლია თუ არა ვინმეს აიძულოს მგელი, ცხვარივით ბალახი ჭამოს? (არა.) შეუძლია თუ არა ვინმეს აიძულოს წყალში მყოფი თევზი, ხმელეთზე იცხოვროს? ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია. რატომ არა? იმიტომ, რომ ღმერთმა დაადგინა, რომ თევზმა წყალში უნდა იცხოვროს და ამიტომ წყალში ცხოვრობს. ხმელეთზე ის ვერ გადარჩებოდა და დაიხოცებოდა; მას არ შეუძლია ღვთის დადგენილების საზღვრების გადალახვა. ყოველივეს აქვს თავისი არსებობის კანონი და საზღვარი და თითოეულს საკუთარი ინსტინქტები აქვს. ისინი შემოქმედის მიერაა დადგენილი და არავის შეუძლია მათი შეცვლა ან გადალახვა. მაგალითად, ლომი ყოველთვის ველურ ბუნებაში ცხოვრობს, ადამიანთა დასახლებებისგან მოშორებით და ვერასოდეს იქნება ისეთივე მორჩილი და ერთგული, როგორც ხარი, რომელიც ადამიანის გვერდით ცხოვრობს და მისთვის მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სპილოები და სახედრები ორივე ცხოველია, ორივეს ოთხი ფეხი აქვს და ორივე ჰაერს სუნთქავს, ისინი სხვადასხვა სახეობის არიან. რადგან ისინი ღმერთმა სხვადასხვა სახეობად დაყო და თითოეულ მათგანს საკუთარი ინსტინქტები აქვს, ისინი ერთმანეთს ვერასოდეს ჩაანაცვლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქათამს არწივივით ორი ფეხი და ფრთები აქვს, იგი ვერასოდეს შეძლებს ჰაერში ფრენას; საუკეთესო შემთხვევაში მას მხოლოდ ხეზე აფრენა შეუძლია — ეს მისი ინსტინქტით არის განპირობებული. თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი ღვთის ხელმწიფების მიერ დადგენილი წესის გამოა.
დღეს, როდესაც კაცობრიობის განვითარებამ ამჟამინდელ დონეს მიაღწია, შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის მეცნიერება „ყვავის“ და ადამიანის სამეცნიერო კვლევების მიღწევები შეიძლება შეფასდეს, როგორც „შთამბეჭდავი“. უნდა ითქვას, რომ ადამიანის შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რომლის გადალახვაც ადამიანის მეცნიერებას არ შეუძლია: კაცობრიობამ შექმნა თვითმფრინავები, ავიამზიდები და ატომური ბომბი, კაცობრიობა კოსმოსში გაფრინდა და მთვარეზე ფეხი დადგა, გამოიგონა ინტერნეტი და მაღალტექნოლოგიური ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება, თუმცა კაცობრიობას არ შეუძლია შექმნას თუნდაც ერთი მსუნთქავი ცოცხალი არსება. თითოეული ცოცხალი არსების ინსტინქტები და მათი არსებობის კანონები, და თითოეული სახეობის ცოცხალი არსების სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლი — ყოველივე ეს კაცობრიობის მეცნიერების ძალას აღემატება და მის კონტროლს არ ექვემდებარება. ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ რაც უნდა დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს ადამიანის მეცნიერებამ, იგი შემოქმედის ერთ აზრსაც კი ვერ შეედრება და ვერც შემოქმედის ქმნილების საოცრებასა და მისი ხელმწიფების ძალმოსილებას სწვდება. დედამიწაზე ამდენი წყალია ზღვებში, თუმცა ზღვის წყალს არასოდეს დაურღვევია თავისი საზღვრები და თვითნებურად არ გადმოსულა ხმელეთზე, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა წყალსა და ხმელეთს თავ-თავისი საზღვრები დაუდგინა; ზღვის წყალი იქ რჩება, სადაც ღმერთმა დაუდგინა და ღვთის ნებართვის გარეშე მას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება. ღვთის ნებართვის გარეშე ვერცერთი ვერ გადალახავს მეორის საზღვარს და ზღვის წყალს მხოლოდ მაშინ შეუძლია გადაადგილება, როდესაც ღმერთი ასე ბრძანებს, ხოლო თუ სად მიდის და სად რჩება ზღვის წყალი, ღვთის ხელმწიფებით განისაზღვრება.
მარტივად რომ ვთქვათ, „ღვთის ხელმწიფება“ ნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ღმერთს აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს და ყოველივე ისე ხდება, როგორც მას სურს. ყოველივეს კანონებს ღმერთი განსაზღვრავს და არა ადამიანი; ადამიანს მათი შეცვლაც არ შეუძლია. ისინი ადამიანის ნებით არ იცვლება, არამედ იცვლება ღვთის განზრახვის, სიბრძნისა და დადგენილების შესაბამისად; ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ უარყოფს. ცა, მიწა და ყოველივე, სამყარო, ვარსკვლავებით სავსე ცა, წელიწადის ოთხი დრო, ის, რაც ხილული და უხილავია ადამიანისთვის — ყოველივე ეს არსებობს, ფუნქციონირებს და იცვლება ოდნავი გადახრის გარეშე, ღვთის ხელმწიფების ქვეშ, ღვთის დადგენილების თანახმად, ღვთის ბრძანებების თანახმად და იმ კანონების თანახმად, რომლებიც ღმერთმა დასაბამში დაადგინა. არცერთ ადამიანს ან საგანს არ შეუძლია შეცვალოს მათი კანონები ან მათი თანდაყოლილი კურსი, რომლითაც ისინი ფუნქციონირებენ; ისინი ღვთის ხელმწიფებით წარმოიშვნენ და ღვთის ხელმწიფებითვე ქრებიან. სწორედ ეს არის ღვთის ხელმწიფება. ახლა, როდესაც ამდენი რამ ითქვა, შეგიძლია თუ არა იგრძნო, რომ ღვთის ხელმწიფება ღვთის ვინაობისა და სტატუსის სიმბოლოა? შეუძლია თუ არა რომელიმე შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას ღვთის ხელმწიფების ფლობა? შეუძლია თუ არა რომელიმე ადამიანს, მოვლენას ან საგანს მისი მიბაძვა, განსახიერება ან ჩანაცვლება?
შემოქმედის ვინაობა უნიკალურია და არ უნდა მისდევდე მრავალღმერთიანობას
მიუხედავად იმისა, რომ სატანის უნარები და შესაძლებლობები ადამიანისაზე მეტია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რაც ადამიანისთვის მიუღწეველია, მიუხედავად იმისა, აღფრთოვანებული ხარ თუ გსურს ის, რასაც სატანა აკეთებს, მიუხედავად იმისა, გძულს თუ გეზიზღება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, ხედავ თუ არა ამას, და მიუხედავად იმისა, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია სატანას, ან რამდენი ადამიანის შეცდომაში შეყვანა შეუძლია, რომ მათ თაყვანი სცენ და აღმერთონ იგი, და მიუხედავად იმისა, თუ როგორ განსაზღვრავ მას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, რომ მას ღვთის ხელმწიფება და ძალა აქვს. შენ უნდა იცოდე, რომ ღმერთი არის ღმერთი, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, უფრო მეტიც, უნდა იცოდე, რომ მხოლოდ ღმერთი ფლობს ხელმწიფებას, რომ მხოლოდ ღმერთს აქვს ძალა, მართოს და იმეუფოს ყოველივეზე. სატანას შესაძლოა შეეძლოს ადამიანების შეცდომაში შეყვანა, ღმერთად თავის გასაღება და ღვთის მიერ გამოვლენილი ნიშნებისა და სასწაულების მიბაძვა, და შესაძლოა გაუკეთებია კიდეც ისეთი საქმეები, რაც ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეებს ჰგავს. თუმცა, ყოველივე ამის გამო შეცდომით არ უნდა ირწმუნო, რომ ღმერთი არ არის უნიკალური, რომ არსებობს მრავალი ღმერთი და რომ მათ უბრალოდ განსხვავებული შესაძლებლობები ან სხვადასხვა მასშტაბის ძალა აქვთ, და არ უნდა შეაფასო მათი სიდიადე მათი მოსვლის რიგისა და ასაკის მიხედვით, მით უმეტეს, არ უნდა ირწმუნო, რომ ღვთის გარდა სხვა ღვთაებებიც არსებობენ, და არ უნდა იფიქრო, რომ მისი ძალა და ხელმწიფება უნიკალური არ არის. თუ ასეთი აზრები გაქვს, თუ არ აღიარებ ღვთის უნიკალურობას, არ გწამს, რომ მხოლოდ ღმერთი ფლობს ხელმწიფებას, და თუ მრავალღმერთიანობას მისდევ, მაშინ მე გეუბნები, რომ შენ ხარ შექმნილ არსებათა ნაძირალა, შენ ხარ სატანის სრული განსახიერება და შენ ხარ სრულიად უკეთური ადამიანი! განა ხედავთ, თუ რისი გაგებინება მსურს ამ სიტყვების თქმით? დროის, ადგილისა თუ გარემოებების მიუხედავად, ღმერთი არ უნდა აგერიოს რომელიმე სხვა ადამიანში, მოვლენასა თუ საგანში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულადაც უნდა გეჩვენებოდეს ღვთის ხელმწიფებისა და თავად ღვთის არსის შეცნობა და მასთან მიახლოება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაც უნდა შეესაბამებოდეს სატანის საქმეები და სიტყვები შენს წარმოდგენებსა და წარმოსახვას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაც უნდა გაკმაყოფილებდეს ისინი, ნუ იქნები სულელი, ნუ აურევ ერთმანეთში ამ ცნებებს, ნუ უარყოფ ღვთის არსებობას, ნუ უარყოფ ღვთის ვინაობასა და სტატუსს, ნუ გააძევებ ღმერთს კარს მიღმა და ნუ შემოიყვან სატანას, რათა მან შენს გულში „ღმერთის“ ადგილი დაიკავოს და გახდეს შენი ღმერთი. ეჭვი არ მეპარება, რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამის გაკეთების შედეგები!
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა გაიხრწნა, იგი კვლავ შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ ცხოვრობს
სატანა ათასობით წლის განმავლობაში ხრწნის კაცობრიობას. მან უთვალავი ბოროტი საქმე ჩაიდინა, შეცდომაში შეიყვანა თაობიდან თაობამდე და საზარელი დანაშაულები ჩაიდინა ადამიანთა სამყაროში. მან მძიმე ზიანი მიაყენა ადამიანს, შეცდომაში შეიყვანა იგი, აცდუნა ადამიანი, რომ ღმერთს დაპირისპირებოდა, და ჩაიდინა უთვალავი ბოროტი საქმე, რომელიც არღვევს და აზიანებს ღვთის მართვის გეგმას. მიუხედავად ამისა, ღვთის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ყოველივე და ყოველი ცოცხალი არსება კვლავაც ემორჩილება ღვთის მიერ დადგენილ წესებსა და კანონებს, როგორც ყოველთვის. ღვთის ხელმწიფებასთან შედარებით, სატანის უკეთური ბუნება, მისი მძვინვარება და აღვირახსნილობა იმდენად მახინჯი, ამაზრზენი და საძულველია, და იმდენად უმნიშვნელო და უძლურია, რომ ერთ დარტყმასაც ვერ გაუძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სატანა დაძრწის ღვთის მიერ შექმნილ ყოველივეს შორის, მას არ შეუძლია უმცირესი ცვლილებაც კი შეიტანოს ღვთის მიერ დადგენილ ადამიანებში, მოვლენებსა და საგნებში. გავიდა რამდენიმე ათასი წელი და კაცობრიობა კვლავაც ტკბება ღვთის მიერ ბოძებული ნათლითა და ჰაერით, კვლავაც სუნთქავს თავად თავად ღვთის ამონასუნთქით, კვლავაც ტკბება ღვთის მიერ შექმნილი ყვავილებით, ჩიტებით, თევზებითა და მწერებით, და ტკბება ყოველივე იმით, რასაც ღმერთი უზრუნველყოფს; დღე და ღამე კვლავაც განუწყვეტლივ ენაცვლება ერთმანეთს; წელიწადის ოთხი დრო ჩვეულებისამებრ ენაცვლება ერთმანეთს; ცაში მფრინავი ბატები ზამთარში მიფრინავენ და მომდევნო გაზაფხულზე კვლავ ბრუნდებიან; წყალში მყოფი თევზები არასოდეს ტოვებენ მდინარეებსა და ტბებს — თავიანთ სახლს; მიწაზე მყოფი ციკადები ზაფხულის დღეებში გამალებით ჭრიჭინებენ; ბალახში მყოფი ჭრიჭინები შემოდგომაზე ქარის რიტმს აყოლილნი ნაზად ჭრიჭინებენ; ბატები გუნდებად იკრიბებიან, ხოლო არწივები მარტო ცხოვრობენ; ლომების ხროვები ნადირობით ირჩენენ თავს; ცხენირმები ვერ შორდებიან ბალახსა და ყვავილებს… ყოველივეს შორის არსებული ყოველი სახეობის ცოცხალი არსება მიდის, ბრუნდება და კვლავ მიდის, თვალის დახამხამებაში მილიონი ცვლილება ხდება — მაგრამ ის, რაც არ იცვლება, არის მათი საკუთარი ინსტინქტები და მათი არსებობის კანონები. ისინი ცხოვრობენ ღვთის უზრუნველყოფითა და კვებით, და ვერავინ შეცვლის მათ ინსტინქტებს, ვერც დაარღვევს მათი გადარჩენის კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა, რომელიც ყოველივეს შორის ცხოვრობს, სატანამ გახრწნა და შეცდომაში შეიყვანა, მას მაინც არ შეუძლია ღვთის მიერ შექმნილი წყლის, ღვთის მიერ შექმნილი ჰაერისა და ღვთის მიერ შექმნილი ყოველივეს გარეშე არსებობა, და კაცობრიობა კვლავაც მრავლდება და ცხოვრობს ღვთის მიერ შექმნილ ამ სივრცეში. კაცობრიობის ინსტინქტები არ შეცვლილა. კაცობრიობა კვლავაც თვალებით ხედავს, ყურებით — ისმენს, ტვინით — ფიქრობს, გულით — იგებს, ფეხებით — დადის, ხელებით — მუშაობს და ა.შ.; ყველა ის ინსტინქტი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და რომლებითაც მას ღვთის უზრუნველყოფის მიღება შეუძლია, უცვლელი რჩება. ის მოცემულობები, რომელთა მეშვეობითაც კაცობრიობა თანამშრომლობს ღმერთთან, არ შეცვლილა; კაცობრიობის მოცემულობა, შეასრულოს ქმნილების მოვალეობა, არ შეცვლილა; კაცობრიობის გულის საჭიროებები არ შეცვლილა; კაცობრიობის სურვილი, იპოვოს თავისი საწყისი და დაუბრუნდეს თავის ფესვებს, არ შეცვლილა; კაცობრიობის სურვილი, შემოქმედმა გადაარჩინოს, არ შეცვლილა. ასეთია ღვთის ხელმწიფების ქვეშ მცხოვრები კაცობრიობის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელმაც გადაიტანა სატანის მიერ მოწყობილი სისხლიანი აოხრება. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ სატანის მიერ სასტიკი დარბევა გადაიტანა და აღარ ჰგავს დასაბამში შექმნილ ადამსა და ევას, არამედ სავსეა ღვთისადმი მტრულად განწყობილი ისეთი რამეებით, როგორიცაა ცოდნა, წარმოსახვები და წარმოდგენები და ა.შ., და სავსეა სატანური გახრწნილი ხასიათით, ღვთის თვალში იგი მაინც ის კაცობრიობაა, რომელიც მან შექმნა. კაცობრიობა კვლავაც ღვთის მეუფებისა და წარმართვა-განგების ქვეშ იმყოფება და კვლავაც ცხოვრობს ღვთის მიერ დადგენილი კურსის ფარგლებში, და ამიტომ, ღვთის თვალში, სატანის მიერ გახრწნილი კაცობრიობა უბრალოდ ჭუჭყით არის დაფარული, მუცელი უყურყურებს, რეაქციები ოდნავ შენელებული აქვს, მეხსიერება ოდნავ დაუქვეითდა და ოდნავ დაბერებულია, სულ ეს არის — მაშინ როცა ადამიანის ყველა ფუნქცია და ინსტინქტი სრულიად ხელუხლებელია. სწორედ ამ კაცობრიობის გადარჩენას აპირებს ღმერთი. საკმარისია ამ კაცობრიობამ გაიგონოს შემოქმედის ძახილი და მოისმინოს მისი ხმა, რომ შეძლოს ფეხზე წამოდგომა და ამ ხმის წყაროს საპოვნელად გაიქცეს. საკმარისია ამ კაცობრიობამ დაინახოს შემოქმედის სახე, რომ უგულებელყოს ყველაფერი სხვა და მიატოვოს ყოველივე, რათა თავი გაიღოს ღვთისთვის, და საკუთარი სიცოცხლეც კი გაწიროს მისთვის. როდესაც კაცობრიობა თავისი გულით ჩასწვდება შემოქმედის გულის ხმას, იგი უარყოფს სატანას და შემოქმედის მხარეს დადგება; როდესაც კაცობრიობა სხეულიდან მთლიანად ჩამოირეცხავს ჭუჭყს და კვლავ მიიღებს შემოქმედის კვებასა და უზრუნველყოფას, კაცობრიობას მეხსიერება დაუბრუნდება და ამ დროს კაცობრიობა ჭეშმარიტად დაუბრუნდება შემოქმედის ხელმწიფებას.
2013 წლის 14 დეკემბერი