თავად ღმერთი, ერთადერთი II
ღვთის სამართლიანი ხასიათი
მას შემდეგ, რაც მოისმინეთ წინა თანაზიარება ღვთის ხელმწიფების შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გონებაში მრავალი სიტყვა დაგიგროვდათ. ის, თუ რამდენის მიღებას, აღქმასა და გაგებას შეძლებთ, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ძალისხმევას მოახმართ ამას. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს სერიოზულად მიუდგებით; არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეკიდოთ მას ზედაპირულად! მაშ, უდრის თუ არა ღვთის ხელმწიფების შეცნობა ღვთის სრულად შეცნობას? შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ხელმწიფების შეცნობა თავად ღვთის, ერთადერთის შეცნობის დასაწყისია და ასევე შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ხელმწიფების შეცნობა ნიშნავს, რომ ადამიანმა უკვე შეაბიჯა თავად ღვთის, ერთადერთის არსის შეცნობის კარიბჭეში. ეს გაგება ღვთის შეცნობის ერთი ნაწილია. მაშ, რა არის მეორე ნაწილი? სწორედ ეს არის ის თემა, რომლის შესახებაც დღეს მსურს თანაზიარება — ღვთის სამართლიანი ხასიათი.
დღევანდელ თემაზე თანაზიარებისთვის ბიბლიიდან ორი მონაკვეთი შევარჩიე: პირველი ეხება ღვთის მიერ სოდომის განადგურებას, რომელიც გვხვდება დაბადების 19:1–11 და დაბადების 19:24–25 მუხლებში; მეორე ეხება ღვთის მიერ ნინევეს ხსნას, რომელიც გვხვდება იონას 1:1–2 მუხლებში, ასევე იონას წიგნის მესამე და მეოთხე თავებში. ვვარაუდობ, რომ ყველანი ელით იმის მოსმენას, თუ რა მაქვს სათქმელი ამ ორ მონაკვეთთან დაკავშირებით. ის, რასაც ვიტყვი, ბუნებრივია, ვერ გასცდება თავად ღმერთისა და მისი არსის შეცნობის ფარგლებს, მაგრამ რაზე გამახვილდება ყურადღება დღევანდელ თანაზიარებაში? რომელიმე თქვენგანმა იცის? ღვთის ხელმწიფების შესახებ ჩემი თანაზიარების რომელმა ნაწილებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება? რატომ ვთქვი, რომ მხოლოდ ის, ვინც ასეთ ხელმწიფებასა და ძალას ფლობს, არის თავად ღმერთი? რისი განმარტება მსურდა ამით? რა მსურდა, რომ აქედან გესწავლათ? არის თუ არა ღვთის ხელმწიფება და ძალა მისი არსის გამოვლენის ერთ-ერთი ასპექტი? არის თუ არა ისინი მისი არსის ნაწილი, ნაწილი, რომელიც ამტკიცებს მის ვინაობასა და სტატუსს? ამ კითხვებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მიხვდეთ, რის თქმას ვაპირებ? რა მსურს, რომ გაიგოთ? კარგად დაფიქრდით ამაზე.
ღვთისადმი ჯიუტი მტრობის გამო კაცობრიობა ღვთის რისხვით ნადგურდება
პირველ რიგში, მოდით, განვიხილოთ წმინდა წერილის რამდენიმე მონაკვეთი, რომლებშიც აღწერილია ღვთის მიერ სოდომის განადგურება.
დაბ. 19:1–11 და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე. და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!“ და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.“ დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.“ და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი, და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!“ და უთხრეს: „მოშორდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.
დაბ. 19:24–25 და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა.
ამ მონაკვეთებიდან რთული არ არის იმის დანახვა, რომ სოდომის უკეთურებამ და გახრწნილებამ უკვე მიაღწია ისეთ დონეს, რომ ეს აღაშფოთებდა როგორც ადამიანს, ისე ღმერთს, და რომ ღვთის თვალში ეს ქალაქი, შესაბამისად, განადგურებას იმსახურებდა. მაგრამ რა მოხდა ქალაქის შიგნით, მის განადგურებამდე? რა შთაგონების მიღება შეუძლიათ ადამიანებს ამ მოვლენებიდან? ამ მოვლენების მიმართ ღვთის დამოკიდებულება მისი ხასიათის შესახებ რას უჩვენებს ადამიანებს? მთელი ისტორიის გასაგებად მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ ის, რაც წმინდა წერილშია ჩაწერილი…
სოდომის გახრწნილება: ადამიანისთვის აღმაშფოთებელი და ღვთისთვის განმარისხებელი
იმ ღამით ლოტმა ღვთის ორი მაცნე მიიღო და მათ ნადიმი გაუმართა. მას შემდეგ, რაც მათ ჭამეს, ვიდრე დაწვებოდნენ, ხალხი ქალაქის ყველა კუთხიდან გარს შემოერტყა ლოტის საცხოვრებელს და დაუძახა მას. წმინდა წერილი გადმოგვცემს მათ სიტყვებს: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ამ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.“ ვინ თქვა ეს სიტყვები? ვის მიმართ იყო ისინი წარმოთქმული? ეს იყო სოდომელთა სიტყვები, რომლებსაც ისინი ლოტის საცხოვრებლის გარეთ ყვიროდნენ და რომლებიც ლოტის გასაგონად იყო განკუთვნილი. რა გრძნობა გეუფლება ამ სიტყვების მოსმენისას? გამძვინვარებული ხარ? გულს გირევს ეს სიტყვები? აღშფოთებისგან დუღხარ? განა ამ ადამიანების სიტყვებიდან სატანის საქმეების სიმყრალე არ იფრქვევა? მათი მეშვეობით, შეგიძლია შეიგრძნო ამ ქალაქში არსებული უკეთურება და სიბნელე? შეგიძლია მათი სიტყვების მეშვეობით შეიგრძნო ამ ადამიანთა ქცევის სისასტიკე და ბარბაროსობა? შეგიძლია მათი ქცევის მეშვეობით შეიგრძნო მათი გახრწნილების სიღრმე? მათი საუბრის შინაარსიდან რთული არ არის იმის დანახვა, რომ მათი ბუნება უკეთურია, ხოლო ხასიათი — ველური, იმდენად, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება არ შეეძლოთ. ლოტის გარდა, ამ ქალაქში უკლებლივ თითოეული ადამიანი არაფრით განსხვავდებოდა სატანისგან; სხვა ადამიანის დანახვაც კი მათში მისთვის ზიანის მიყენებისა და მისი შთანთქმის სურვილს იწვევდა… ეს ყოველივე ადამიანს არა მხოლოდ ქალაქის შემზარავ და საშინელ ბუნებასა და მის ირგვლივ არსებულ სიკვდილის აურას აგრძნობინებს, არამედ მის უკეთურებასა და სისხლისმსმელობასაც აგრძნობინებს.
როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდა არაადამიანური ბანდიტების ბრბოსთან, ადამიანებთან, რომლებიც ადამიანთა სულების შთანთქმის ველური სურვილით იყვნენ აღვსილნი, როგორ უპასუხა ლოტმა? წმინდა წერილის თანახმად: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!“ ამ სიტყვებით ლოტი გულისხმობდა შემდეგს: იგი მზად იყო, დაეთმო თავისი ორი ქალიშვილი მაცნეების დასაცავად. გონებაც და გრძნობაც უკარნახებდა, რომ ეს ადამიანები ლოტის პირობებს უნდა დათანხმებოდნენ და ორი მაცნისთვის თავი დაენებებინათ; ბოლოს და ბოლოს, მაცნეები მათთვის სრულიად უცხონი იყვნენ, ადამიანები, რომლებსაც მათთან საერთო არაფერი ჰქონდათ და მათი ინტერესებისთვის არასოდეს მიუყენებიათ ზიანი. თუმცა, თავიანთი უკეთური ბუნებით ამოძრავებულებმა, მათ არ მოისვენეს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი მცდელობები. აქ მათი კიდევ ერთი დიალოგი ადამიანებს უნებლიეთ კიდევ უფრო კარგად აჩვენებს ამ ხალხის ბოროტგანზრახულ ნამდვილ სახეს და ამავდროულად საშუალებას აძლევს ადამიანებს, გაიგონ და ჩასწვდნენ მიზეზს, თუ რატომ სურდა ღმერთს ამ ქალაქის განადგურება.
მაშ, რა თქვეს მათ შემდეგ? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოშორდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!“ და ძლიერ მიაწვნენ იმ კაცს, ლოტს, და მიადგნენ კარის შესამტვრევად. რატომ სურდათ მათ ლოტის კარის შემტვრევა? მიზეზი ის არის, რომ მათ ერთი სული ჰქონდათ, ზიანი მიეყენებინათ ამ ორი მაცნისთვის. რამ მოიყვანა ეს მაცნეები სოდომში? მათი იქ მისვლის მიზანი ლოტისა და მისი ოჯახის გადარჩენა იყო, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებს შეცდომით ეგონათ, რომ ისინი მოხელის თანამდებობების დასაკავებლად იყვნენ მოსულნი. ისე, რომ მაცნეებისთვის მოსვლის მიზანი არ უკითხავთ, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით, ქალაქის მცხოვრებლებს სურდათ, ველურად მიეყენებინათ ზიანი ამ ორი მაცნისთვის; მათ სურდათ, ზიანი მიეყენებინათ ორი ადამიანისთვის, რომლებსაც მათთან საერთო აბსოლუტურად არაფერი ჰქონდათ. ნათელია, რომ ამ ქალაქის ხალხს სრულიად დაეკარგა ადამიანობა და გონება. მათი სიგიჟისა და თავგასულობის ხარისხი უკვე არაფრით განსხვავდებოდა სატანის ბოროტგანზრახული ბუნებისგან, რომელიც ზიანს აყენებს და შთანთქავს ადამიანებს.
როდესაც მათ ლოტისგან ამ ადამიანების გადაცემა მოითხოვეს, რა გააკეთა ლოტმა? ტექსტიდან ვიცით, რომ ლოტს ისინი არ გადაუცია. იცნობდა თუ არა ლოტი ღვთის ამ ორ მაცნეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ რატომ შეძლო მან ამ ორი ადამიანის გადარჩენა? იცოდა მან, რის გასაკეთებლად იყვნენ ისინი მოსულნი? მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა მათი მოსვლის მიზეზი, მან ნამდვილად იცოდა, რომ ისინი ღვთის მსახურნი იყვნენ, და ამიტომ შეიყვანა ისინი თავის სახლში. ის ფაქტი, რომ მას შეეძლო ღვთის ეს მსახურები „ბატონებად“ მოეხსენიებინა, აჩვენებს, რომ ლოტი ღვთის მუდმივი მიმდევარი იყო, სოდომის სხვა მცხოვრებთაგან განსხვავებით. ამიტომ, როდესაც ღვთის მაცნეები მასთან მივიდნენ, მან შეძლო საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით ამ ორი მსახურის თავის სახლში შეყვანა; უფრო მეტიც, მან თავისი ორი ქალიშვილიც კი შესთავაზა სანაცვლოდ, რათა დაეცვა ეს ორი მსახური. ეს იყო ლოტის მართალი საქმე; ეს იყო ლოტის ბუნება-არსების ხელშესახები გამოხატულება და ეს ასევე იყო მიზეზი, რის გამოც ღმერთმა თავისი მსახურნი გაგზავნა ლოტის გადასარჩენად. საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა ლოტმა დაიცვა ეს ორი მსახური ისე, რომ სხვა არაფერს გაუწია ანგარიში; მან თავისი ორი ქალიშვილის გაცვლაც კი სცადა მსახურთა უსაფრთხოების სანაცვლოდ. ლოტის გარდა, იყო თუ არა ქალაქში სხვა ვინმე, ვინც მსგავს რამეს გააკეთებდა? როგორც ფაქტები ამტკიცებს — არა, არავინ! შესაბამისად, სოდომში მყოფი ყველა ადამიანი, ლოტის გარდა, განადგურების სამიზნე იყო და სრულიად სამართლიანადაც; ეს თავისთავად ცხადია.
სოდომი უკვალოდ ნადგურდება ღვთის რისხვის შეურაცხყოფის გამო
როდესაც სოდომის მცხოვრებლებმა ეს ორი მსახური დაინახეს, მათ არ უკითხავთ მათი მოსვლის მიზეზი და არც არავის უკითხავს, ღვთის ნების გადმოსაცემად იყვნენ თუ არა ისინი მოსულნი. პირიქით, ისინი ბრბოდ შეიკრნენ და, ისე, რომ ახსნა-განმარტების არავითარი შესაძლებლობა არ მისცეს, ველური ძაღლებივით თუ სასტიკი მგლებივით მივარდნენ ამ ორი მსახურის შესაპყრობად. განა ღმერთი არ ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს? რას ფიქრობდა ღმერთი თავის გულში ადამიანთა ამგვარი ქცევისა და ამგვარი მოვლენის შესახებ? ღმერთმა გადაწყვიტა ამ ქალაქის განადგურება; იგი აღარც იყოყმანებდა, აღარც დაიცდიდა და აღარც მეტ მოთმინებას გამოიჩენდა. მისი დღე დადგა და ამიტომ იგი შეუდგა იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც სურდა. ამგვარად, დაბადების 19:24–25-ში ნათქვამია: „და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა.“ ეს ორი მუხლი მოგვითხრობს იმ მეთოდის შესახებ, რომლითაც ღმერთმა გაანადგურა ეს ქალაქი და იმის შესახებაც, თუ რა გაანადგურა ღმერთმა. პირველ რიგში, ბიბლია გადმოგვცემს, რომ ღმერთმა სწორედ ცეცხლით გადაწვა ქალაქი და რომ ამ ცეცხლის მასშტაბი საკმარისი იყო ყველა ადამიანისა და მიწაზე აღმოცენებული ყოველი მცენარის გასანადგურებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ციდან ჩამოსულმა ცეცხლმა არა მხოლოდ ქალაქი გაანადგურა, არამედ გაანადგურა მასში მყოფი ყველა ადამიანი და ცოცხალი არსება, ისე, რომ უკანასკნელი კვალიც კი არ დარჩენილა. ქალაქის განადგურების შემდეგ მიწა ცოცხალი არსებებისგან დაიცალა; იქ აღარ იყო სიცოცხლე და აღარც სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი. ქალაქი უდაბურ ადგილად, მკვდრული სიჩუმით მოცულ ცარიელ ადგილად იქცა. ამ ადგილას აღარ იქნებოდა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტი საქმეები, აღარ იქნებოდა ხოცვა-ჟლეტა თუ დაღვრილი სისხლი.
რატომ სურდა ღმერთს ამ ქალაქის ასე საფუძვლიანად გადაწვა? რისი დანახვა შეგიძლიათ აქ? ნუთუ მართლა შეეძლო ღმერთს, აეტანა იმის ყურება, თუ როგორ ნადგურდებოდა მის მიერ შექმნილი კაცობრიობა და ყოველივე, რაც მან შექმნა? თუ შეგიძლია ციდან მოვლენილ ცეცხლში იეჰოვა ღმერთის წყრომის ამოცნობა, მაშინ რთული არ არის იმის დანახვა, თუ რამხელა იყო მისი წყრომა, თუკი ვიმსჯელებთ მისი განადგურების სამიზნეებითა და იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ეს ქალაქი აღიგავა პირისაგან მიწისა. როდესაც ღმერთს სძულს ქალაქი, იგი მას თავის სასჯელს დაატეხს თავს. როდესაც ღმერთს ეზიზღება ქალაქი, იგი მრავალგზის გააფრთხილებს ადამიანებს, რათა აუწყოს მათ თავისი წყრომის შესახებ. თუმცა, როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, ბოლო მოუღოს ქალაქს და გაანადგუროს იგი — ანუ როდესაც მისი რისხვა და დიდებულება შეურაცხყოფილია — იგი აღარ მოავლენს დამატებით სასჯელსა თუ გაფრთხილებას. ნაცვლად ამისა, იგი პირდაპირ გაანადგურებს მას. იგი მას სრულიად გააქრობს. ეს არის ღვთის სამართლიანი ხასიათი.
სოდომის მხრიდან მისდამი მუდმივი მტრობისა და წინააღმდეგობის შემდეგ ღმერთი მას სრულიად მოკვეთს
ახლა, როდესაც უკვე გვაქვს ზოგადი წარმოდგენა ღვთის სამართლიანი ხასიათის შესახებ, შეგვიძლია ყურადღება კვლავ სოდომისკენ მივმართოთ — ადგილისკენ, რომელსაც ღმერთი ცოდვის ქალაქად მიიჩნევდა. თუ ამ ქალაქის არსს გავიგებთ, შევძლებთ იმის გაგებას, თუ რატომ სურდა ღმერთს მისი განადგურება და რატომ გაანადგურებდა მას ასე სრულიად. აქედან ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის სამართლიანი ხასიათი.
ადამიანური გადმოსახედიდან სოდომი იყო ქალაქი, რომელსაც შეეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ადამიანის წადილი და ადამიანის უკეთურება. მაცდური და მომაჯადოებელი, ყოველღამე მუსიკითა და ცეკვით მოცული ქალაქის კეთილდღეობა ადამიანებს ხიბლავდა და ჭკუიდან შლიდა. მისმა უკეთურებამ ადამიანთა გულები გამოხრა და ისინი მოხიბლა და გარყვნილებაში ჩაითრია. ეს იყო ქალაქი, სადაც არაწმიდა სულები და ბოროტი სულები თარეშობდნენ; იგი სავსე იყო ცოდვითა და ხოცვა-ჟლეტით, ჰაერი კი სისხლისა და ლპობის მძაფრი სუნით იყო გაჟღენთილი. ეს იყო ქალაქი, რომელიც ადამიანს სისხლს უყინავდა ძარღვებში, ქალაქი, რომელსაც ადამიანი შეძრწუნებული გაერიდებოდა. ამ ქალაქში არავინ — არც კაცი და არც ქალი, არც ახალგაზრდა და არც მოხუცი — არ ეძიებდა ჭეშმარიტ გზას; არავინ ისწრაფვოდა სინათლისკენ და არავის სურდა ცოდვისგან განდგომა. ისინი ცხოვრობდნენ სატანის კონტროლის ქვეშ, ცხოვრობდნენ სატანის გახრწნილების ქვეშ და ცხოვრობდნენ როგორც სატანისგან გასულელებულნი. მათ დაკარგული ჰქონდათ ადამიანობა, დაკარგული ჰქონდათ გონება და დაკარგული ჰქონდათ ადამიანის არსებობის თავდაპირველი მიზანი. ისინი ჩადიოდნენ ღვთისადმი წინააღმდეგობის უთვალავ ბოროტ საქმეს; ისინი უარყოფდნენ მის გაძღოლას და ეწინააღმდეგებოდნენ მის ნებას. სწორედ მათმა ბოროტმა საქმეებმა მიიყვანა ისინი, ქალაქი და მასში მყოფი ყოველი ცოცხალი არსება ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურების გზაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მონაკვეთი არ გადმოგვცემს დეტალებს სოდომის მცხოვრებთა გახრწნილების ხარისხის შესახებ, არამედ აღწერს მათ ქცევას ღვთის ორი მსახურის მიმართ ამ უკანასკნელთა ქალაქში მისვლის შემდეგ, მხოლოდ ერთი მარტივი ფაქტიც კი ავლენს იმას, თუ რაოდენ გახრწნილნი, უკეთურნი და ღვთის მოწინააღმდეგენი იყვნენ სოდომის მცხოვრებნი. ამით ასევე მჟღავნდება ქალაქის მცხოვრებთა ნამდვილი სახე და არსი. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ უარი თქვეს ღვთის გაფრთხილებების მიღებაზე, არამედ მათ არც მისი სასჯელის ეშინოდათ. პირიქით, ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის წყრომას. ისინი უბრალოდ ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს. რაც არ უნდა გაეკეთებინა მას ან როგორც არ უნდა გაეკეთებინა, მათი ბოროტგანზრახული ბუნება მხოლოდ ძლიერდებოდა და ისინი ჯიუტად მტრობდნენ ღმერთს. სოდომის მცხოვრებნი მტრულად იყვნენ განწყობილნი ღვთის არსებობის, მისი მოსვლის, მისი სასჯელისა და, მით უმეტეს, მისი გაფრთხილებების მიმართ. არავინ იყო, ვისაც ისინი ზემოდან არ დაჰყურებდნენ. ისინი შთანთქავდნენ და ზიანს აყენებდნენ ყველას, ვისაც კი მისწვდებოდნენ, და ღვთის მსახურნიც არ იყვნენ გამონაკლისნი. სოდომის მცხოვრებთა მიერ ღვთის მსახურთათვის ზიანის მიყენება მათი ყველა ბოროტი საქმის მხოლოდ აისბერგის წვერი იყო და მათი უკეთური ბუნება, რომელიც ამგვარად გამოვლინდა, სინამდვილეში მხოლოდ წვეთი იყო უკიდეგანო ზღვაში. ამიტომ, ღმერთმა აირჩია მათი ცეცხლით განადგურება. ღმერთს არ გამოუყენებია წყალდიდობა, არც ქარიშხალი, არც მიწისძვრა და არც ცუნამი, და, რა თქმა უნდა, არ გამოუყენებია რაიმე სხვა მეთოდი ქალაქის გასანადგურებლად. მან ქალაქი ცეცხლით გაანადგურა. რას ნიშნავდა ეს? ცეცხლის გამოყენება ქალაქის სრულ განადგურებას ნიშნავდა; ეს ნიშნავდა, რომ ქალაქი მთლიანად გაქრა დედამიწიდან და შეწყვიტა არსებობა. აქ „განადგურება“ არა მხოლოდ ფიზიკური ფორმების ან გარეგნული იერსახის გაქრობას გულისხმობს; ეს ასევე ნიშნავს, რომ ქალაქში მყოფი ყველა ადამიანის სულმა შეწყვიტა არსებობა და სრულიად აღიგავა პირისაგან მიწისა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალაქთან დაკავშირებული ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი განადგურდა და ამ ქალაქის მცხოვრებთათვის აღარ იარსებებდა არც საიქიო ცხოვრება და არც რეინკარნაცია; ღმერთმა ისინი ერთხელ და სამუდამოდ მოკვეთა შექმნილი კაცობრიობიდან. ცეცხლის გამოყენება ნიშნავდა, რომ ცოდვა აქ აღიკვეთა, რომ იგი აქ დასრულდა, რომ იგი შეწყვეტდა არსებობას და ვეღარ შეძლებდა გავრცელებას. ეს ნიშნავდა, რომ სატანის უკეთურებამ დაკარგა ნიადაგი, რომელშიც იზრდებოდა, და სასაფლაოც, რომელიც მას დასარჩენ და საცხოვრებელ ადგილს აძლევდა. ეს არის მისი გამარჯვების დაღი, რომლითაც სატანა დაღდასმულია ღმერთსა და სატანას შორის ომში. სოდომის განადგურება დიდი მარცხია სატანის ამბიციისთვის, წინ აღუდგეს ღმერთს ადამიანის გახრწნითა და შთანთქმით, და ეს ასევე სამარცხვინო ლაქაა კაცობრიობის განვითარებაში, როდესაც კაცობრიობამ უარყო ღვთის გაძღოლა და მანკიერებას მიეცა. გარდა ამისა, ეს არის ღვთის სამართლიანი ხასიათის ჭეშმარიტი გაცხადების ფაქტობრივი ჩანაწერი.
როდესაც ღვთის მიერ ციდან მოვლენილმა ცეცხლმა სოდომი ფერფლად აქცია, ეს ნიშნავდა, რომ ქალაქმა სახელად „სოდომი“ ამის შემდეგ შეწყვიტა არსებობა, ისევე როგორც ყველაფერმა, რაც ქალაქში იყო. იგი განადგურდა ღვთის წყრომით, გაქრა ღვთის რისხვასა და დიდებულებაში. ღვთის სამართლიანი ხასიათის გამო სოდომმა მიიღო თავისი სამართლიანი სასჯელი და დამსახურებული აღსასრული. სოდომმა შეწყვიტა არსებობა თავისი უკეთურების გამო და იმის გამო, რომ ღმერთს სურდა, აღარასოდეს შეეხედა ამ ქალაქისთვის ან რომელიმე ადამიანისთვის, ვინც იქ ცხოვრობდა ან ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის, რომელიც ქალაქში იზრდებოდა. ღვთის „სურვილი, აღარასოდეს შეხედოს მათ“ არის მისი რისხვა, და მისი დიდებულებაც. ღმერთმა გადაწვა ქალაქი, რადგან მისმა უკეთურებამ და ცოდვამ მასში წყრომა, სიძულვილი და ზიზღი გამოიწვია ამ ქალაქის მიმართ და გაუჩინა სურვილი, აღარასოდეს ენახა იგი ან მასში მყოფი რომელიმე ადამიანი თუ ცოცხალი არსება. მას შემდეგ, რაც ქალაქი ბოლომდე დაიწვა და მხოლოდ ფერფლი დარჩა, მან ჭეშმარიტად შეწყვიტა არსებობა ღვთის თვალში; ღმერთს თვით ამ ქალაქის ხსოვნაც კი გაუქრა, წაეშალა. ეს ნიშნავს, რომ ციდან მოვლენილმა ცეცხლმა არა მხოლოდ მთელი ქალაქი სოდომი გადაწვა, არც მხოლოდ ქალაქში მყოფი ცოდვით აღსავსე ადამიანები გადაწვა და არც მხოლოდ ქალაქში არსებული ცოდვით შებილწული ყოველივე გადაწვა; უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ცეცხლმა გადაწვა ის ხსოვნა, რომელიც კაცობრიობის უკეთურებამ და ღვთისადმი წინააღმდეგობამ დატოვა. ეს იყო ღვთის მიზანი ქალაქის გადაწვისას.
კაცობრიობის ეს ნაწილი უკიდურესად გახრწნილი იყო. ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ღმერთი ან თავად საიდან იყვნენ წარმოშობით. თუ ღმერთს ახსენებდი, ისინი თავს დაესხმოდნენ, ცილს დასწამებდნენ და დაგმობდნენ. რაც უარესია, როდესაც ღვთის მსახურნი მივიდნენ მისი გაფრთხილების გადასაცემად, ამ გახრწნილმა ადამიანებმა არა მხოლოდ არ გამოავლინეს მონანიების ნიშნები და არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი ქცევა, არამედ პირიქით, მათ აღვირახსნილად მიაყენეს ზიანი ღვთის მსახურთ. ის, რასაც ისინი გამოხატავდნენ და ავლენდნენ, იყო მათი ბუნება-არსება, რომელიც ღვთის მიმართ უკიდურესი სიძულვილით იყო აღსავსე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გახრწნილი ადამიანების წინააღმდეგობა ღვთის მიმართ უფრო მეტი იყო, ვიდრე მათი გახრწნილი ხასიათების გამოვლენა, ისევე როგორც ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე ცილისწამების ან დაცინვის შემთხვევა, რომელიც ფაქტების შესახებ ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარეობდა. უგუნურებასა და უმეცრებას არ გამოუწვევია მათი ბოროტი საქმეები; ისინი ასე იმიტომ კი არ იქცეოდნენ, რომ მოტყუებულნი იყვნენ, და, რა თქმა უნდა, არც იმიტომ, რომ შეცდომაში შეიყვანეს. მათმა ქცევამ მიაღწია იმ დონეს, რომ ისინი მტრულად იყვნენ განწყობილნი და ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს და აშკარად, აღვირახსნილად ხმაურით ილაშქრებდნენ მის წინააღმდეგ. ეჭვგარეშეა, ადამიანის ამგვარი ქცევა განარისხებდა ღმერთს და განარისხებდა მის ხასიათს — ხასიათს, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას. ამიტომ, ღმერთმა პირდაპირ და ღიად დაატეხა მათ თავს თავისი რისხვა და თავისი დიდებულება; ეს იყო მისი სამართლიანი ხასიათის ჭეშმარიტი გაცხადება. ამ ცოდვით აღსავსე ქალაქის წინაშე მდგარ ღმერთს სურდა მისი განადგურება რაც შეიძლება სწრაფად, მასში მყოფი ადამიანების განადგურება და მათი ყველა ცოდვის სრულად აღმოფხვრა, რათა იქ მყოფ ადამიანებს შეეწყვიტათ არსებობა და იქ ცოდვა აღარასოდეს აღმოცენებულიყო. ამის გაკეთების ყველაზე სწრაფი და საფუძვლიანი გზა მისი ცეცხლით გადაწვა იყო. ღვთის დამოკიდებულება სოდომის მცხოვრებთა მიმართ მიტოვებას ან უგულებელყოფას არ გულისხმობდა. პირიქით, მას სურდა გამოეყენებინა თავისი რისხვა, დიდებულება და ხელმწიფება ამ ადამიანების დასასჯელად, განსაგმირად და სრულად გასანადგურებლად. მათდამი ასეთი დამოკიდებულებით ღმერთს სურდა არა მხოლოდ მათი ხორცის განადგურება, არამედ, კიდევ უფრო მეტად, მათი სულების განადგურება, მათი სამუდამოდ მოსპობა. აი, რას ნიშნავს „არსებობის შეწყვეტა“ ღვთის თვალში.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთის რისხვა დაფარულია და ადამიანისთვის უცნობია, იგი არ იწყნარებს შეურაცხყოფას
ღვთის მოპყრობა მთელი კაცობრიობისადმი, მიუხედავად მისი უგუნურებისა და უმეცრებისა, უპირველეს ყოვლისა, წყალობითა და შემწყნარებლობით ხასიათდება. მისი რისხვა კი, მეორე მხრივ, დროის უდიდეს ნაწილში და მოვლენათა უდიდეს უმრავლესობაში დაფარული რჩება და უცნობია ადამიანისთვის. შედეგად, ადამიანისთვის რთულია ღვთის რისხვის გამოხატულების დანახვა და ასევე რთულია მისი რისხვის გაგება. ამგვარად, ადამიანი არასერიოზულად ეკიდება ღვთის რისხვას. როდესაც ადამიანების მიმართ ღვთის შემწყნარებლობისა და პატიების საქმე დასკვნით ნაწილსა და უკანასკნელ ნაბიჯს მიაღწევს — ანუ როდესაც ღვთის წყალობის უკანასკნელი გამოვლენა და მისი უკანასკნელი გაფრთხილება მოევლინებათ ადამიანებს — თუ ისინი კვლავაც იმავე მეთოდებს გამოიყენებენ ღვთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და არ მოინანიებენ, არ მოიქცევიან და საერთოდ არ მიიღებენ მის წყალობას, მაშინ ღმერთი მათ მიმართ აღარ გამოიჩენს თავის შემწყნარებლობასა და მოთმინებას. პირიქით, ამ დროს ღმერთი მოაკლებს მათ თავის წყალობას. ამის შემდეგ იგი მხოლოდ თავის რისხვას მოავლენს. მას შეუძლია თავისი რისხვა სხვადასხვაგვარად გამოხატოს, ისევე როგორც შეუძლია სხვადასხვა მეთოდის გამოყენება ადამიანთა დასასჯელად და გასანადგურებლად.
ღმერთმა ცეცხლი გამოიყენა ქალაქ სოდომის გასანადგურებლად. ღვთის თვალში ეს არის კაცობრიობის რომელიმე ნაწილის ან ნებისმიერი სხვა რამის სრულიად მოსპობის ყველაზე სწრაფი მეთოდი. სოდომის მცხოვრებთა გადაწვა არა მხოლოდ მათი ფიზიკური სხეულების განადგურებას ემსახურებოდა, არამედ კიდევ უფრო მეტად მათი სულების, მათი სამშვინველებისა და მათი სხეულების სრულად განადგურებას, ისე, რომ ქალაქში მყოფ ადამიანებს შეეწყვიტათ არსებობა როგორც მატერიალურ სამყაროში, ისე ადამიანისთვის უხილავ სამყაროში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ღმერთი ავლენს და გამოხატავს თავის რისხვას. გამოვლენისა და გამოხატვის ეს მანერა ღვთის რისხვის არსის ერთ-ერთი ასპექტია, ისევე როგორც ეს, ბუნებრივია, ღვთის სამართლიანი ხასიათის არსის გამოვლენაცაა. როდესაც ღმერთი თავის რისხვას ავლენს, იგი წყვეტს ყოველგვარი წყალობისა თუ კეთილმოსურნე სიყვარულის გამოვლენას და აღარც თავის შემწყნარებლობასა თუ მოთმინებას იჩენს; არ არსებობს არც ადამიანი, არც საგანი და არც მიზეზი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს იგი, კვლავაც გამოიჩინოს მოთმინება, კვლავ გამოიჩინოს თავისი წყალობა და კიდევ ერთხელ გამოიჩინოს თავისი შემწყნარებლობა. ამის ნაცვლად, წამიერი დაყოვნების გარეშე, ღმერთი გამოხატავს თავის რისხვასა და დიდებულებას და აკეთებს იმას, რაც განზრახული აქვს, აკეთებს ამას სწრაფად და ბოლომდე და უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას. ეს არის ის გზა, რომლითაც ღმერთი გამოხატავს თავის შეურაცხყოფის შეუწყნარებელ რისხვასა და დიდებულებას და ეს ასევე მისი სამართლიანი ხასიათის გამოვლინებაა. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ ღმერთი მზრუნველობასა და სიყვარულს ავლენს ადამიანის მიმართ, მათ არ შეუძლიათ მისი რისხვის შემჩნევა, მისი დიდებულების დანახვა ან შეურაცხყოფისადმი მისი შეუწყნარებლობის შეგრძნება. ამის გამო ადამიანებს ყოველთვის შეცდომით სჯერათ, თითქოს ღვთის სამართლიანი ხასიათი მხოლოდ წყალობით, შემწყნარებლობითა და სიყვარულით ხასიათდება. თუმცა, როდესაც ადამიანები ხედავენ, თუ როგორ ანადგურებს ღმერთი ქალაქს ან ხედავენ მის სიძულვილს კაცობრიობის რომელიმე ნაწილის მიმართ, მისი წყრომა კაცობრიობის განადგურებისას და მისი დიდებულება საშუალებას აძლევს მათ, დაინახონ მისი სამართლიანი ხასიათის მეორე მხარე, რომელიც არის ღვთის შეუწყნარებლობა შეურაცხყოფის მიმართ. ღვთის ხასიათი, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას, სცდება ნებისმიერი შექმნილი არსების წარმოსახვის ფარგლებს და შეუქმნელ არსებათა შორის არავის ძალუძს მასში ჩარევა ან მასზე გავლენის მოხდენა; მით უმეტეს, შეუძლებელია მისი მოჩვენებით წარმოჩენა ან მიბაძვა. ამგვარად, ღვთის ხასიათის ეს ასპექტი არის ის, რაც კაცობრიობამ ყველაზე მეტად უნდა შეიცნოს. მხოლოდ თავად ღმერთს აქვს ამგვარი ხასიათი და მხოლოდ თავად ღმერთი ფლობს ამგვარ ხასიათს. ღმერთი ფლობს ამგვარ სამართლიან ხასიათს, რადგან მას სძულს უკეთურება, სიბნელე, ამბოხება და ის სხვადასხვა ბოროტი საქმე, რომელიც სატანამ ჩაიდინა კაცობრიობის გახრწნისა და შთანთქმისას, რადგან მას სძულს მის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ცოდვილი ქმედება და რადგან მისი არსი წმინდა და შეუბილწავია. სწორედ ამიტომ იგი არ მოითმენს, რომ რომელიმე შექმნილი თუ შეუქმნელი არსება ღიად ეწინააღმდეგებოდეს ან ედავებოდეს მას. საკმარისია, იმ ადამიანმაც კი, რომლის მიმართაც მან ოდესღაც წყალობა გამოიჩინა ან რომელიც მან აირჩია, განარისხოს მისი ხასიათი და შეურაცხყოს მისი მოთმინებისა და შემწყნარებლობის პრინციპები, და ღმერთი უმცირესი წყალობისა თუ ყოყმანის გარეშე გამოავლენს და გააცხადებს თავის სამართლიან ხასიათს, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას.
ღვთის რისხვა სამართლიანობის ყველა ძალისა და ყოველივე დადებითი რამის დამცველია
ღვთის საუბრის, ფიქრებისა და ქმედებების ამ მაგალითების გააზრებით, შეგიძლია თუ არა შეიცნო ღვთის სამართლიანი ხასიათი — ხასიათი, რომელიც არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას? მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მისი გაგება, ეს თავად ღვთის ხასიათის ის ასპექტია, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებს. ღვთის შეურაცხყოფის შეუწყნარებლობა მისი უნიკალური არსია; ღვთის რისხვა მისი უნიკალური ხასიათია; ღვთის დიდებულება მისი უნიკალური არსია. პრინციპი, რომელსაც ღვთის ბრაზი ეფუძნება, წარმოადგენს მის ვინაობასა და სტატუსს, რომელთაც მხოლოდ იგი ფლობს. თავისთავად ცხადია, რომ ეს პრინციპი ასევე თავად უნიკალური ღმერთის არსის სიმბოლოა. ღვთის ხასიათი მისივე თანდაყოლილი არსია, რომელიც დროის სვლასთან ერთად სრულებით არ იცვლება და არც გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლასთან ერთად იცვლება. მისი თანდაყოლილი ხასიათი მისი შინაგანი არსია. ვისზეც არ უნდა აღასრულებდეს იგი თავის საქმეს, მისი არსი არ იცვლება და არც მისი სამართლიანი ხასიათი. როდესაც ადამიანი ღმერთს აბრაზებს, ის, რასაც ღმერთი ავლენს, მისი თანდაყოლილი ხასიათია; ამ დროს პრინციპი, რომელსაც მისი ბრაზი ეფუძნება, არ იცვლება, ისევე როგორც მისი უნიკალური ვინაობა და სტატუსი. იგი იმიტომ კი არ ბრაზობს, რომ მისი არსი შეიცვალა ან მის ხასიათში განსხვავებული ელემენტები წარმოიშვა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის მიერ მისთვის გაწეული წინააღმდეგობა შეურაცხყოფს მის ხასიათს. ადამიანის მიერ ღვთის თავხედურად გამოწვევა თავად ღვთის ვინაობისა და სტატუსის სერიოზული გამოწვევაა. ღვთის თვალში, როდესაც ადამიანი იწვევს მას, ადამიანი ედავება მას და მის წყრომას გამოსცდის. როდესაც ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს, როდესაც ადამიანი ეცილება ღმერთს, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ ცდილობს ღვთის ბრაზის გამოწვევას, სწორედ მაშინ მძვინვარებს ცოდვა — ასეთ დროს ღვთის რისხვა ბუნებრივად გამოაშკარავდება და წარმოჩინდება. შესაბამისად, ღვთის რისხვის გადმოფრქვევა იმის სიმბოლოა, რომ ყოველგვარი ბოროტი ძალა შეწყვეტს არსებობას და იმის სიმბოლოა, რომ მოწინააღმდეგის ყველა ძალა განადგურდება. სწორედ ეს არის ღვთის სამართლიანი ხასიათის უნიკალურობა; სწორედ ეს არის ღვთის რისხვის უნიკალურობა. როდესაც ღვთის ღირსება და მისი სიწმინდე გამოწვევის წინაშე დგება, როდესაც სამართლიანობის ძალები ფერხდება და ადამიანის მიერ არ დაინახება, სწორედ მაშინ გადმოაფრქვევს ღმერთი თავის რისხვას. ღვთის არსიდან გამომდინარე, დედამიწაზე არსებული ყველა ის ძალა, რომელიც ეცილება ღმერთს, მტრულად არის განწყობილი მის მიმართ და ცდილობს მასთან დაპირისპირებას, არის ბოროტი, გახრწნილი და უსამართლო; ყველა მათგანი სატანისგან მოდის და სატანას ეკუთვნის. რადგან ღმერთი სამართლიანია, სინათლისაა, წმინდა და უბიწოა, ყოველივე ბოროტი, გახრწნილი და სატანისეული გაქრება, როდესაც ღვთის რისხვა დაატყდება.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთის რისხვის დატეხა მისი სამართლიანი ხასიათის გამოხატვის ერთ-ერთი ასპექტია, ღვთის ბრაზი არავითარ შემთხვევაში არ არის პრინციპს მოკლებული და არც განურჩევლად არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, ღმერთი სულაც არ ბრაზდება ადვილად და არც თავის რისხვასა და დიდებულებას ავლენს დაუფიქრებლად. უფრო მეტიც, ღვთის რისხვა ზუსტად მოზომილია და სათანადო ფარგლებს არ სცდება; იგი სრულიად განსხვავდება ადამიანის ბრაზის აფეთქებისა და ბრაზის გადმონთხევისგან. ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი საუბარი ადამიანსა და ღმერთს შორის. ზოგიერთი ადამიანი საუბრობდა ძალიან ზედაპირულად და სულელურად, ჩვილებივით, მაგრამ ღმერთს ისინი არ განუგმირავს და არც მსჯავრი დაუდია მათთვის. კერძოდ, იობის განსაცდელის დროს, როგორ მოექცა იეჰოვა ღმერთი იობის სამ მეგობარსა და სხვებს მას შემდეგ, რაც მოისმინა ის სიტყვები, რომლებიც მათ იობს უთხრეს? დაადო თუ არა მათ მსჯავრი? განრისხდა თუ არა მათზე? მას მსგავსი არაფერი გაუკეთებია! ნაცვლად ამისა, მან უთხრა იობს, რომ თუ იგი მათთვის შეევედრებოდა და ილოცებდა მათთვის, ღმერთი გადაწყვეტდა, არ გაეხსენებინა მათი შეცდომები. ყველა ეს შემთხვევა წარმოაჩენს იმ ძირითად დამოკიდებულებას, რომლითაც ღმერთი ეპყრობა კაცობრიობას, რაოდენ გახრწნილი და უმეცარიც არ უნდა იყოს იგი. ამიტომ, ღვთის რისხვის დატეხა არავითარ შემთხვევაში არ არის მისი ემოციების გამოხატულება და არც საკუთარი ემოციების გადმონთხევის გზაა. ადამიანის გაგების საპირისპიროდ, ღვთის რისხვა სულაც არ არის მძვინვარების უკონტროლო აფეთქება. ღმერთი არ ატეხს თავის რისხვას იმის გამო, რომ არ შეუძლია საკუთარი ემოციების გაკონტროლება, ან იმიტომ, რომ მისმა ბრაზმა დუღილის წერტილს მიაღწია და აუცილებლად უნდა გადმოიფრქვეს. პირიქით, მისი რისხვა არის მისი სამართლიანი ხასიათის გამოხატვა და ჭეშმარიტი გადმოცემა და მის მიერ მისი წმინდა არსის ნიშანდობლივი გაცხადებაა. ღმერთი რისხვაა და იგი არ იწყნარებს შეურაცხყოფას — ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი რისხდება მიზეზის გაუთვალისწინებლად ან პრინციპის გარეშე; მძვინვარების უპრინციპო, შემთხვევითი აფეთქება მიზეზის გაუთვალისწინებლად მხოლოდ გახრწნილ კაცობრიობას ახასიათებს. როგორც კი ადამიანი სტატუსს იძენს, მას ხშირად უჭირს საკუთარი ემოციების გაკონტროლება, ამიტომ უყვარს ხელსაყრელი შემთხვევების გამოყენება უკმაყოფილების გამოსახატად და ემოციების გადმოსანთხევად; ის ხშირად უმიზეზოდ ბრაზდება, რათა თავისი შესაძლებლობები გამოაჩინოს და სხვებს დაანახოს, რომ მისი სტატუსი და ვინაობა სხვა ადამიანების სტატუსისა და ვინაობისგან განსხვავდება. რა თქმა უნდა, სტატუსის არმქონე გახრწნილი ადამიანებიც ხშირად კარგავენ კონტროლს საკუთარ ემოციებზე. მათი ბრაზი ხშირად საკუთარი ინტერესების შელახვითაა გამოწვეული. საკუთარი სტატუსისა და ღირსების დასაცავად ისინი ხშირად აფრქვევენ თავიანთ ემოციებს და ავლენენ თავიანთ ამპარტავან ბუნებას. ადამიანი ბრაზით ინთება და ემოციებს აფრქვევს იმისათვის, რომ დაიცვას ცოდვის არსებობა, და ეს ქმედებები ის საშუალებებია, რომლებითაც ადამიანი საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავს; ისინი სავსეა მინარევებით, ხრიკებითა და ინტრიგებით, ადამიანის გახრწნილებითა და უკეთურებით, და ყველაზე მეტად ისინი სავსეა ადამიანის ამბიციებითა და სურვილებით. როდესაც სამართლიანობა უპირისპირდება უკეთურებას, ადამიანის ბრაზი არ იფეთქებს სამართლიანობის არსებობის დასაცავად; პირიქით, როდესაც სამართლიანობის ძალებს ემუქრებიან, დევნიან და თავს ესხმიან, ადამიანის დამოკიდებულება უგულებელყოფით, თავის არიდებით ან უკან დახევით გამოიხატება. თუმცა, ბოროტი ძალების წინაშე აღმოჩენისას, ადამიანის დამოკიდებულება დათმობით, ქედის მოხრითა და მლიქვნელობით გამოიხატება. ამიტომ, ადამიანის მიერ ემოციების გადმოფრქვევა ბოროტ ძალებს გასაქანს აძლევს და ხორციელი ადამიანის ბოროტი საქმეების გამოვლინებაა, რომლებიც თარეშობს და რომელთა შეკავებაც რთულია. თუმცა, როდესაც ღმერთი თავის რისხვას დაატეხს, ყოველგვარი ბოროტი ძალა შეჩერდება, ყოველგვარი ცოდვა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, აღიკვეთება, ღვთის საქმის დამაბრკოლებელი ყველა მტრული ძალა გამოაშკარავდება, გამოიყოფა და დაიწყევლება, ხოლო სატანის ყველა თანამზრახველი, რომელიც ღვთის მიმართ მტრულად არის განწყობილი, დაისჯება და მოიკვეთება. ყოველივე ამის ნაცვლად, ღვთის საქმე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარიმართება, ღვთის მართვის გეგმა გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად განვითარდება და ღვთის რჩეულ ხალხს სატანა აღარ შეაწუხებს და აღარ შეიყვანს შეცდომაში, ხოლო ყველა, ვინც ღმერთს მიჰყვება, დატკბება ღვთის წინამძღოლობითა და უზრუნველყოფით სიმშვიდისა და მშვიდობის გარემოში. ღვთის რისხვა არის ფარი, რომელიც ხელს უშლის ყოველგვარი ბოროტი ძალის აღმოცენებასა და თარეშს და ის ასევე ფარია, რომელიც უზრუნველყოფს ყოველივე სამართლიანისა და ყოველივე დადებითის არსებობისა და გავრცელების შესაძლებლობას და მათ სამუდამო დაცვას გაუქმებისა თუ დამხობისგან.
შეგიძლიათ თუ არა დაინახოთ ღვთის რისხვის არსი მის მიერ სოდომის განადგურებაში? არის თუ არა ღვთის ბრაზი მინარევებიანი? არის თუ არა ღვთის ბრაზი უბიწო? ადამიანის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, არის თუ არა ღვთის რისხვა მხოლოდ და მხოლოდ რისხვა? არის თუ არა რაიმე მზაკვრობა მისი რისხვის მიღმა? არის თუ არა რაიმე შეთქმულება? არის თუ არა რაიმე გაუმხელელი საიდუმლო? შემიძლია მტკიცედ და მკაცრად გითხრათ: ღვთის რისხვაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. მისი ბრაზი მხოლოდ და მხოლოდ ბრაზია და სხვა განზრახვებსა თუ მიზნებს არ შეიცავს. მისი ბრაზის გამომწვევი მიზეზები უბიწოა, უმწიკვლოა და ყოველგვარ კრიტიკას უძლებს. ეს არის მისი წმინდა არსის ბუნებრივი გაცხადება და გამოხატვა; ეს არის ის, რასაც არცერთი შექმნილი არსება არ ფლობს. ეს არის ღვთის უნიკალური სამართლიანი ხასიათის ნაწილი და ასევე თვალშისაცემი განსხვავება შემოქმედის არსსა და შექმნილი არსებების არსს შორის.
მიუხედავად იმისა, ვინმე სხვების თვალწინ ბრაზდება თუ მათ ზურგს უკან, მას სხვადასხვა განზრახვა და მიზანი ამოძრავებს. შესაძლოა, ის საკუთარ პრესტიჟს იმაღლებს, ან იქნებ საკუთარ ინტერესებს იცავს, ანდა იმიჯს ინარჩუნებს და რეპუტაციას უფრთხილდება. ზოგიერთი აკონტროლებს საკუთარ ბრაზს, ზოგი კი — არა, და განურჩევლად ანთხევს ბრაზს, როცა მოესურვება, განსაკუთრებული თავნებობითა და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის ბრაზი მისი გახრწნილი ხასიათებიდან მომდინარეობს. რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას, იგი ხორციდან და თანდაყოლილი ბუნებიდან მომდინარეობს და არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან ან უსამართლობასთან, რადგან ადამიანის ბუნება-არსებაში არაფერია ჭეშმარიტების შესატყვისი. ამიტომ, გახრწნილი კაცობრიობის ბრაზი და ღვთის რისხვა ერთმანეთს არ უნდა შეედაროს. გამონაკლისის გარეშე, სატანის მიერ გახრწნილი ადამიანის ქცევის მოტივი გახრწნის დაცვაა; გამონაკლისის გარეშე, იგი გახრწნას ეფუძნება; სწორედ ამიტომ, ადამიანის ბრაზის ღვთის რისხვასთან შედარება არ შეიძლება, რაც არ უნდა მართებულად ჩანდეს მისი ბრაზი თეორიულად. როდესაც ღმერთი თავის ბრაზს ავლენს, ბოროტი ძალები შეკავებულია და ყოველივე ბოროტი ნადგურდება, ხოლო ყოველივე სამართლიანი და დადებითი ღვთის მზრუნველობასა და მფარველობას იღებს და არსებობის გაგრძელების საშუალება ეძლევა. ღვთის მიერ რისხვის მოვლენის მიზეზი ის არის, რომ ყოველივე უსამართლო, ნეგატიური და ბოროტი აბრკოლებს, არევ-დარევას იწვევს ან ანადგურებს ყოველივე სამართლიანისა და დადებითი რამის ნორმალურ მოქმედებასა და განვითარებას. ღვთის ბრაზის მიზანი საკუთარი სტატუსისა და ვინაობის დაცვა კი არ არის, არამედ ყოველივე სამართლიანის, დადებითის, მშვენიერისა და კეთილის არსებობის დაცვაა, კაცობრიობის ნორმალური არსებობის კანონებისა და წესების დაცვაა. ეს არის ღვთის რისხვის ძირეული მიზეზი. ღვთის ბრაზი მისი ხასიათის მეტად მართებული, ბუნებრივი და ჭეშმარიტი გაცხადებაა. მის ბრაზში არ არის ფარული მოტივები, არც ცბიერება ან შეთქმულება, რომ აღარაფერი ვთქვათ სურვილებზე, მზაკვრობაზე, ბოროტგანზრახულობაზე, ძალადობაზე, უკეთურებასა თუ გახრწნილი კაცობრიობის სხვა საერთო მახასიათებლებზე. სანამ ღმერთი თავის რისხვას გამოავლენს, მას უკვე სრული სიცხადითა და სრული გარკვეულობით აქვს შეცნობილი ყოველი საკითხის არსი და უკვე ჩამოყალიბებული აქვს ზუსტი, ნათელი განმარტებები და დასკვნები ყოველ საკითხთან დაკავშირებით. ამრიგად, ღვთის მიზანი ყველაფერში, რასაც აკეთებს, სრულიად ნათელია, ისევე როგორც მისი დამოკიდებულება. იგი არ არის დაბნეული, ბრმა, იმპულსური ან თვითნებური და, რა თქმა უნდა, არ არის უპრინციპო. ეს არის ღვთის რისხვის პრაქტიკული ასპექტი და სწორედ ღვთის რისხვის ამ პრაქტიკული ასპექტის გამო შეუძლია კაცობრიობას ნორმალურად ცხოვრება. ღვთის რისხვის გარეშე კაცობრიობა სახიფათო საარსებო პირობებში აღმოჩნდებოდა და ყოველივე სამართლიანი, მშვენიერი და კეთილი განადგურდებოდა და არსებობას შეწყვეტდა. ღვთის რისხვის გარეშე შექმნილი არსებების არსებობის კანონები და წესები დაირღვეოდა ან სულაც მთლიანად მოიშლებოდა. კაცობრიობის შექმნის დღიდან ღმერთი განუწყვეტლივ იყენებს თავის სამართლიან ხასიათს კაცობრიობის ნორმალური არსებობის დასაცავად და შესანარჩუნებლად. რადგან მისი სამართლიანი ხასიათი მოიცავს რისხვასა და დიდებულებას, ყველა ბოროტი ადამიანი, მოვლენა და საგანი და ყოველივე, რაც აფერხებს და აზიანებს კაცობრიობის ნორმალურ არსებობას, ისჯება, კონტროლდება და ნადგურდება მისი რისხვის შედეგად. გასული რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ღმერთი ასევე განუწყვეტლივ იყენებდა თავის სამართლიან ხასიათს, რათა გაენგმირა და გაენადგურებინა ყველა სახის არაწმიდა სულები და ბოროტი სულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს და მოქმედებენ როგორც სატანის თანამზრახველნი და მსახურნი ღვთის მიერ კაცობრიობის მართვის საქმეში კაცობრიობის მართვის ღვთის საქმეში. ამრიგად, ღვთის მიერ კაცობრიობის ხსნის საქმე ყოველთვის მისი გეგმის მიხედვით მიიწევდა წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის რისხვის არსებობის გამო, კაცობრიობაში ყველაზე სამართლიანი საქმე არასოდეს განადგურებულა.
ახლა, როცა უკვე გაქვთ გარკვეული გაგება ღვთის რისხვის არსის შესახებ, უთუოდ უფრო მეტად შეიძინეთ სატანის უკეთურების გარჩევის უნარი!
მიუხედავად იმისა, რომ სატანა ჰუმანური, სამართლიანი და სათნო ჩანს, სატანის არსი ველური და უკეთურია
სატანა წუთისოფლის მოტყუებით იქმნის რეპუტაციას და ხშირად წარმოაჩენს საკუთარ თავს სამართლიანობის ავანგარდად და მისაბაძ მაგალითად. სამართლიანობის დაცვის ცრუ საბაბით იგი აზიანებს ადამიანებს და შთანთქავს მათ სულებს; იყენებს ყოველგვარ საშუალებას ადამიანთა დასაბრუებლად, შეცდომაში შესაყვანად და წასაქეზებლად, ამით მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებმა მოიწონონ მისი ბოროტი ქმედებები, ამ ქმედებებს აჰყვნენ და მასთან ერთად შეეწინააღმდეგონ ღვთის ხელმწიფებას და შეეწინააღმდეგონ მის მეუფებას. თუმცა, როდესაც ადამიანი ამოიცნობს მის მზაკვრობასა და შეთქმულებებს და მის საზარელ სახესაც ამოიცნობს და როდესაც აღარ სურს, კვლავაც მისგან ითელებოდეს ან ტყუვდებოდეს, ან კვლავაც მისთვის მონურად შრომობდეს, ან მასთან ერთად დაისაჯოს და განადგურდეს, მაშინ სატანა იცვლის თავის ადრინდელ, წმინდანის მსგავს სახეს, იგლეჯს ყალბ ნიღაბს და ავლენს თავის ველურ ნამდვილ სახეს, რომელიც უკეთური, სასტიკი და მახინჯია. მას ყველაზე მეტად სურს გაჟლიტოს ყველა, ვინც უარს ამბობს მის მორჩილებაზე და ვინც ეწინააღმდეგება მის ბოროტ ძალებს. ამ დროს სატანას აღარ შეუძლია მიიღოს სანდო, პატიოსანი იერსახე; ამ იერსახეს ანაცვლებს მისი მახინჯი ნამდვილი სახე — ბოროტი ეშმაკი — რომელიც მანამდე „ცხვრის ტყავის“ ქვეშ იმალებოდა. როგორც კი სატანის მზაკვრობა გამჟღავნდება და მისი ნამდვილი სახე გამოაშკარავდება, იგი განრისხდება და თავის ბარბაროსობას გასაქანს მისცემს, ხოლო ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა და შთანთქმის სურვილი გაუმძაფრდება. იგი განრისხებულია ადამიანის მიერ ჭეშმარიტების შეცნობით და ძლიერი სიძულვილითა და შურისძიების წყურვილით ივსება ადამიანის მიმართ, რადგან ადამიანი ისწრაფვის თავისუფლებისა და სინათლისკენ და ისწრაფვის, თავი დააღწიოს სატანის საპყრობილეს. მისი მძვინვარება მიზნად ისახავს საკუთარი უკეთურების დაცვას და ასევე წარმოადგენს მისი ველური ბუნების ჭეშმარიტ გამოვლინებას.
ყველაფერში, რასაც სატანა აკეთებს, იგი თავის უკეთურ ბუნებას ავლენს. ყველა იმ ბოროტი საქმიდან, რომელიც სატანამ ადამიანის მიმართ განახორციელა — დაწყებული მისი ადრეული მცდელობებით, შეცდომაში შეეყვანა ადამიანი, რათა ადამიანი სატანას გაჰყოლოდა, გაგრძელებული ადამიანის ექსპლუატაციით, რის შედეგადაც უბიძგებდა მას, მის ბოროტ საქმეებში მონაწილეობა მიეღო, და დამთავრებული ადამიანზე შურისძიებით მას შემდეგ, რაც მისი ნამდვილი სახე გამოაშკარავდა და ადამიანმა ამოიცნო და უარყო იგი, და ასე შემდეგ — არ მოიძებნება არცერთი, რომელიც არ ააშკარავებს სატანის უკეთურ არსს; არ მოიძებნება არცერთი, რომელიც არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ სატანას არავითარი კავშირი არ აქვს დადებით რამესთან; არ მოიძებნება არცერთი, რომელიც არ ამტკიცებს იმას, რომ სატანა ყოველივე ბოროტის წყაროა. მისი ყველა ქმედება ემსახურება საკუთარი ბოროტების დაცვას, მისი ბოროტი საქმეების უწყვეტობის შენარჩუნებას, ყოველივე სამართლიანისა და დადებითის წინააღმდეგ მოქმედებას და კაცობრიობის ნორმალური არსებობის კანონებისა და წესების მოშლას. ყველა ეს ქმედება ღვთის წინააღმდეგაა მიმართული; ეს ყოველივე ის არის, რაც ღვთის რისხვამ უნდა გაანადგუროს. მიუხედავად იმისა, რომ სატანას საკუთარი მძვინვარება გააჩნია, მისი მძვინვარება მხოლოდ მისი უკეთური ბუნების გადმოფრქვევის საშუალებაა. მიზეზები, რის გამოც სატანა ღიზიანდება და მძვინვარებს, შემდეგია: მისი გაუმხელელი მზაკვრობა გამოაშკარავდა; ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა შეთქმულებებმა მიზანს მიაღწიოს; მისი აღვირახსნილი ამბიცია და სურვილი, ჩაანაცვლოს ღმერთი და თავი ღმერთად გაასაღოს, ჩახშობილი და შეჩერებულია; და მისი მიზანი, გააკონტროლოს მთელი კაცობრიობა, ახლა ჩაიფუშა და ვეღარასოდეს მიიღწევა. ის, რამაც ხელი შეუშალა სატანის მზაკვრული გეგმების წარმატებით განხორციელებას და აღკვეთა სატანის უკეთურების აღმოცენება და თარეში, არის ღვთის რისხვის კვლავ და კვლავ დატეხა. ამ მიზეზით, სატანას ღვთის რისხვა სძულს და მისი ეშინია. ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის რისხვა თავს ატყდება, იგი არა მხოლოდ ნიღაბს ხსნის სატანის საზიზღარ ნამდვილ სახეს, არამედ სააშკარაოზე გამოაქვს სატანის უკეთური სურვილები და ამავდროულად შიშვლდება კაცობრიობის მიმართ სატანის მძვინვარების მიზეზები. სატანის მძვინვარების ამოფრქვევა მისი უკეთური ბუნების ჭეშმარიტი გამოვლინება და მისი მზაკვრობის გამოაშკარავებაა. რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა, როდესაც სატანა მძვინვარებს, მოასწავებს ყოველივე ბოროტის განადგურებას და ყოველივე დადებითის დაცვასა და არსებობის გაგრძელებას; ეს მოასწავებს იმ ფაქტს, რომ ღვთის რისხვა არ უნდა იქნეს შეურაცხყოფილი!
ღვთის სამართლიანი ხასიათის შესაცნობად ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს გამოცდილებასა და წარმოსახვას
როდესაც ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა დაგატყდება თავს, იტყვი თუ არა, რომ ღვთის სიტყვა მინარევებიანია? იტყვი თუ არა, რომ ღვთის ბრაზის მიღმა რაღაც ისტორია იმალება და რომ იგი მინარევებიანია? დასწამებ თუ არა ცილს ღმერთს და იტყვი, რომ მისი ხასიათი შესაძლოა მთლად სამართლიანი არც იყოს? ღვთის თითოეულ ქმედებასთან მიმართებით, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ღვთის სამართლიანი ხასიათი თავისუფალია ყოველგვარი მინარევისგან, რომ იგი წმინდა და უმწიკვლოა, მათ შორის ადამიანთა განგმირვის, დასჯისა და განადგურების დროსაც. გამონაკლისის გარეშე, ღვთის თითოეული ქმედება ზუსტად მისი თანდაყოლილი ხასიათისა და მისი გეგმის შესაბამისად გამოიხატება. ღვთის თითოეულ ქმედებასთან მიმართებით, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ღვთის სამართლიანი ხასიათი თავისუფალია ყოველგვარი მინარევისგან, რომ იგი წმინდა და უმწიკვლოა, მათ შორის ღვთის მიერ ადამიანების განგმირვა, დასჯა და განადგურებაც. ადამიანს აქვს წარმოდგენა, რომ მხოლოდ ღვთის სიყვარული, წყალობა და სულგრძელობა მის მიმართ არის უმწიკვლო, მინარევებისგან თავისუფალი და წმინდა, და არავინ იცის, რომ ღვთის ბრაზი და მისი რისხვაც ზუსტად ასევე თავისუფალია მინარევებისგან; უფრო მეტიც, არავის უფიქრია ისეთ კითხვებზე, თუ რატომ არ იწყნარებს ღმერთი შეურაცხყოფას ან რატომ არის მისი ბრაზი ასეთი დიდი. პირიქით, ზოგიერთი ღვთის რისხვას გახრწნილი კაცობრიობის ფიცხ ხასიათში ურევს და ღვთის ბრაზს გახრწნილი კაცობრიობის ბრაზთან მცდარად აიგივებს. ისინი მცდარად ვარაუდობენ კიდეც, რომ ღვთის ბრაზი ადამიანის გახრწნილი ხასიათების ბუნებრივი გამოვლინების მსგავსია. მათ მცდარად სჯერათ, რომ ღვთის რისხვის დატეხა ჰგავს გახრწნილი კაცობრიობის ბრაზს, როდესაც იგი რაიმე უსიამოვნო სიტუაციის წინაშე დგება, და იქამდეც კი მიდიან, რომ მცდარად სჯერათ, თითქოს ღვთის რისხვის დატეხა ასევე მისი გუნება-განწყობის გამოხატულებაა. ამ თანაზიარების შემდეგ ვიმედოვნებ, რომ თითოეულ თქვენგანს აღარ ექნება არავითარი მცდარი წარმოდგენა, წარმოსახვა ან ვარაუდი ღვთის სამართლიანი ხასიათის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ თქვენს გულებში ჭეშმარიტად აღიარებთ ღვთის სამართლიანი ხასიათის რისხვას, რომ შეძლებთ უარი თქვათ ღვთის რისხვის შესახებ ნებისმიერ წინანდელ მცდარ გაგებაზე და რომ შეძლებთ შეცვალოთ თქვენი მცდარი რწმენა და შეხედულებები ღვთის რისხვის არსის შესახებ. უფრო მეტიც, ვიმედოვნებ, რომ თქვენს გულებში გექნებათ ღვთის ხასიათის ზუსტი განმარტება, რომ აღარ გექნებათ არავითარი ეჭვი ღვთის სამართლიან ხასიათთან დაკავშირებით და რომ ღვთის ჭეშმარიტ ხასიათს არ მოახვევთ თავს არავითარ ადამიანურ მსჯელობასა თუ წარმოსახვას. ღვთის სამართლიანი ხასიათი თავად ღვთის ჭეშმარიტი არსია. იგი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან დაწერილი. მისი სამართლიანი ხასიათი მისი სამართლიანი ხასიათია და არავითარი კავშირი ან მიმართება არ აქვს შექმნილ არსებებთან. თავად ღმერთი თავად ღმერთია და იგი არასოდეს გახდება შექმნილი არსება. მაშინაც კი, თუ იგი შექმნილ არსებათაგანი გახდება, მისი თანდაყოლილი ხასიათი და მისი არსი არ შეიცვლება. ამიტომ, ღვთის შეცნობა არ არის იგივე, რაც საგნის შეცნობა; ღვთის შეცნობა არ ნიშნავს რაიმეს გაანალიზებას და არც ადამიანის გაგების იდენტურია. თუ საგნის შეცნობის ან ადამიანის გაგების შენეულ წარმოდგენას ან მეთოდს იყენებ ღვთის შესაცნობად, მაშინ ვერასოდეს შეძლებ ღვთის შეცნობას. ღვთის შეცნობა არ შეიძლება დაეყრდნოს გამოცდილებას ან წარმოსახვას და ამიტომ შენი გამოცდილება ან წარმოსახვა არასოდეს უნდა მოახვიო თავს ღმერთს. რაც არ უნდა მდიდარი იყოს შენი გამოცდილება და წარმოსახვა, ისინი მაინც შეზღუდულია. უფრო მეტიც, შენი წარმოსახვები არ არის თანხვედრაში ფაქტებთან, მით უმეტეს ჭეშმარიტებასთან, და შეუსაბამოა ღვთის ჭეშმარიტ ხასიათსა და არსთან. ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას, თუ ღვთის არსის გასაგებად შენს წარმოსახვას დაეყრდნობი. ერთადერთი გზა ასეთია: მიიღე ყოველივე, რაც ღვთისგან მოდის, შემდეგ კი თანდათანობით განიცადე და შეიცანი იგი. დადგება დღე, როდესაც ღმერთი ნათელს მოგფენს, რათა ჭეშმარიტად ჩასწვდე მას და შეიცნო იგი შენი თანამშრომლობისა და ჭეშმარიტებისადმი შენი შიმშილისა და წყურვილის გამო. და ამით, მოდით, დავასრულოთ ჩვენი საუბრის ეს ნაწილი.
კაცობრიობა იღებს ღვთის წყალობასა და შემწყნარებლობას ჭეშმარიტი მონანიების მეშვეობით
შემდეგ, მოდით, წავიკითხოთ ბიბლიური ისტორია „ღვთის მიერ ნინევეს ხსნა“.
იონ. 1:1–2 იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი.“
იონ. 3 იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.“ ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი. იარა იონამ ერთ დღეს ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.“ იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: „არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინ იცის, კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო.
იონ. 4 ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: „ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“ უთხრა უფალმა: „მაგრად გამწარდი?“ გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავს ზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: „ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“ უთხრა ღმერთმა იონას: „მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო?“ მიუგო: „მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.“ უთხრა უფალმა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“
ნინევეს ისტორიის მოკლე შინაარსი
მიუხედავად იმისა, რომ ისტორია „ღვთის მიერ ნინევეს ხსნა“ მოკლეა, იგი ადამიანს ღვთის სამართლიანი ხასიათის მეორე მხარის დანახვის საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რაში მდგომარეობს ეს მხარე, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ წმინდა წერილს და კვლავ განვიხილოთ ის საქმე, რომელიც ღმერთმა აღასრულა.
მოდით, პირველ რიგში, ამ ისტორიის დასაწყისი განვიხილოთ: „იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: ’ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი.’“ (იონ. 1:1–2). წმინდა წერილის ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთმა იონა ქალაქ ნინევეში გაგზავნა. რატომ გაგზავნა მან იონა ამ ქალაქში? ბიბლიაში ამის შესახებ ძალიან ნათლად წერია: ამ ქალაქში მყოფი ხალხის ბოროტებამ იეჰოვა ღვთის წინაშე მიაღწია, ამიტომ მან იონა გაგზავნა, რათა მათთვის გამოეცხადებინა ის, რის გაკეთებასაც აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ არსად წერია, თუ ვინ იყო იონა, ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ღვთის შეცნობას, ამიტომ არ გჭირდებათ იმის გაგება, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, იონა. თქვენ მხოლოდ ის უნდა იცოდეთ, თუ რის გაკეთება უბრძანა ღმერთმა იონას და რა იყო ღვთის მიერ ამგვარი რამის გაკეთების მიზეზები.
იეჰოვა ღვთის გაფრთხილება ნინეველებამდე აღწევს
მოდით, გადავიდეთ მეორე მონაკვეთზე, იონას წიგნის მესამე თავზე: იარა იონამ ერთ დღეს ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.“ ეს არის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა უშუალოდ გადასცა იონას, რათა ნინეველებისთვის ეთქვა. რა თქმა უნდა, ეს ასევე ის სიტყვებია, რომელთა თქმაც იეჰოვას სურდა ნინეველებისთვის. ეს სიტყვები ადამიანებს ეუბნება, რომ ღმერთმა შეიძულა და შეიზიზღა ამ ქალაქის ხალხი, რადგან მათი ბოროტება მის წინაშე წარმოჩნდა, ამიტომ მას ამ ქალაქის განადგურება სურდა. თუმცა, სანამ ღმერთი ქალაქს გაანადგურებდა, იგი განცხადებას გაუკეთებდა ნინეველებს და, ამავდროულად, მისცემდა მათ შესაძლებლობას, მოენანიებინათ თავიანთი ბოროტება და სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ. ეს შესაძლებლობა ორმოც დღეს გაგრძელდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ქალაქის მცხოვრებნი არ მოინანიებდნენ, თუ ისინი არ აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და არ დაემხობოდნენ იეჰოვა ღვთის წინაშე ორმოცი დღის განმავლობაში, ღმერთი გაანადგურებდა ქალაქს ისე, როგორც სოდომი გაანადგურა. სწორედ ამის თქმა სურდა იეჰოვა ღმერთს ნინევეს ხალხისთვის. ცხადია, ეს არ იყო უბრალო განცხადება. ეს განცხადება არა მხოლოდ იეჰოვა ღვთის ბრაზს გამოხატავდა, არამედ ნინეველების მიმართ მის დამოკიდებულებასაც გადმოსცემდა და, ამავდროულად, ქალაქში მცხოვრები ხალხისთვის მკაცრ გაფრთხილებას წარმოადგენდა. ეს გაფრთხილება მათ ეუბნებოდა, რომ მათმა ბოროტმა საქმეებმა მათ იეჰოვა ღვთის სიძულვილი დაუმსახურა და მალე მათსავე მოსპობას გამოიწვევდა. შესაბამისად, ნინევეს თითოეული მცხოვრების სიცოცხლე მოახლოებული საფრთხის წინაშე იდგა.
მკვეთრი კონტრასტი იეჰოვა ღვთის გაფრთხილებაზე ნინეველთა და სოდომელთა რეაქციებს შორის
რას ნიშნავს, რომ დაიქცევა? სასაუბრო ენაზე ეს ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს. მაგრამ რა გზით? ვის შეეძლო მთელი ქალაქის დაქცევა? რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ნინევეს ხალხი სულელი არ იყო; როგორც კი ეს განცხადება მოისმინა, მაშინვე მიხვდა მის აზრს. მათ იცოდნენ, რომ ეს განცხადება ღვთისგან მოდიოდა, იცოდნენ, რომ ღმერთი მოქმედებას აპირებდა და იცოდნენ, რომ მათმა ბოროტებამ იეჰოვა ღმერთი განარისხა და მათზე მისი ბრაზი დაატეხა, რის გამოც მალე თავიანთ ქალაქთან ერთად განადგურდებოდნენ. როგორ მოიქცა ქალაქის ხალხი იეჰოვა ღვთის გაფრთხილების მოსმენის შემდეგ? ბიბლია დეტალურად აღწერს ნინევეს ხალხის არაერთ კონკრეტულ ქცევას, დაწყებული მეფით და დამთავრებული უბრალო ხალხით. წმინდა წერილში შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: „იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: ’არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. …’“ (იონ. 3:5–9).
იეჰოვა ღვთის განცხადების მოსმენის შემდეგ, ნინევეს ხალხმა სოდომის ხალხის დამოკიდებულების სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოავლინა — მაშინ, როდესაც სოდომის ხალხი ღიად ეწინააღმდეგებოდა ღმერთს და ერთ ბოროტებას მეორეს უმატებდა, ნინეველებმა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ არც უგულებელყვეს ეს საკითხი და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. ნაცვლად ამისა, მათ იწამეს ღმერთი, დაემორჩილნენ მას და მარხვა გამოაცხადეს. რას ნიშნავს აქ სიტყვები „იწამეს და დაემორჩილნენ“? ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს რაიმეს ჭეშმარიტებად მიღებას და მორჩილებას. თუ ამ სიტყვების ასახსნელად ნინეველთა რეალურ ქცევას გამოვიყენებთ, ეს ნიშნავს, რომ მათ სწამდათ, ღმერთს შეეძლო იმის გაკეთება, რაც თქვა, და გააკეთებდა კიდეც, და რომ ისინი მზად იყვნენ მონანიებისთვის. გრძნობდა თუ არა ნინევეს ხალხი შიშს მოახლოებული უბედურების წინაშე? სწორედ იმიტომ, რომ გულით იწამეს ღმერთი და დაემორჩილნენ მას, მათში შიშმა დაისადგურა. მაშ, რით შეგვიძლია დავამტკიცოთ ნინეველთა რწმენა, მორჩილება და შიში? როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „…გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნინეველებმა ჭეშმარიტად იწამეს და დაემორჩილნენ და ამ რწმენამ და მორჩილებამ შიში წარმოშვა, რამაც შემდეგ მათ მარხვისა და ჯვალოთი შემოსვისკენ უბიძგა. ამაში გამოვლინდა ის, რომ მათ მონანიება დაიწყეს. სოდომის ხალხისგან სრულიად განსხვავებით, ნინეველები არა მხოლოდ არ შეეწინააღმდეგნენ ღმერთს, არამედ მონანიების ხელშესახები ქცევა და ქმედებებიც გამოავლინეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნინევეს უბრალო ხალხს არ გაუკეთებია — არც მეფე ყოფილა გამონაკლისი.
ნინევეს მეფის მონანიება იეჰოვა ღვთის მოწონებას იმსახურებს
როდესაც ნინევეს მეფემ ეს ამბავი მოისმინა, იგი წამოდგა ტახტიდან, გაიხადა მოსასხამი, ძაძებით შეიმოსა და ნაცარზე დაჯდა. შემდეგ გამოაცხადა, რომ ქალაქში არავის მიეცემოდა რაიმეს გემოს გასინჯვის უფლება და რომ არც ცხვარს, არც ხარსა და არც სხვა პირუტყვს მიეცემოდა ძოვების ან წყლის დალევის უფლება. ადამიანებიცა და პირუტყვიც ძაძებით უნდა შემოსილიყვნენ, ხალხი კი გულმოდგინედ უნდა შევედრებოდა ღმერთს. მეფემ ასევე გამოაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს უნდა მიეტოვებინა თავისი ბოროტი გზა და ხელი აეღო საკუთარი ხელით ჩადენილ ძალადობაზე. ამ ქმედებათა ჯაჭვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნინევეს მეფე გულის სიღრმეში სინანულს გრძნობდა. ტახტიდან წამოდგომა, სამეფო მოსასხამის გახდა, ჯვალოს ჩაცმა და ნაცარში ჩაჯდომა — მის მიერ შესრულებული ქმედებების ეს რიგი ადამიანებს აჩვენებს, რომ ნინევეს მეფე თავის სამეფო სტატუსზე უარს ამბობდა და უბრალო ხალხთან ერთად ჯვალოთი იმოსებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა ღვთის განცხადების მოსმენის შემდეგ, ნინევეს მეფე არ დარჩენილა თავის სამეფო ტახტზე, რათა გაეგრძელებინა ბოროტ გზაზე სიარული ან საკუთარი ხელით ძალადობის ჩადენა; ნაცვლად ამისა, მან დათმო თავისი ძალაუფლება და იეჰოვა ღვთის წინაშე მოინანია. იმ მომენტში ნინევეს მეფე როგორც მეფე, ისე არ ინანიებდა; იგი, როგორც ღვთის რიგითი ქვეშევრდომი, წარდგა ღვთის წინაშე, რათა მოენანიებინა და ეღიარებინა თავისი ცოდვები. უფრო მეტიც, მან მთელ ქალაქსაც უთხრა, მის მსგავსად მოენანიებინა და ეღიარებინა თავისი ცოდვები იეჰოვა ღვთის წინაშე და კონკრეტულად მიუთითა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, კერძოდ: „არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. … მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.“ როგორც მმართველს, ნინევეს მეფეს ქალაქში უზენაესი სტატუსი და ძალაუფლება ჰქონდა და შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. იეჰოვა ღვთის განცხადების მოსმენისას, მას შეეძლო უგულებელყო ეს საკითხი ან უბრალოდ მარტოს მოენანიებინა და ეღიარებინა თავისი ცოდვები; რაც შეეხება იმას, თუ რას აირჩევდა ქალაქის ხალხი და მოინანიებდა თუ არა იგი, მას შეეძლო ეს საკითხი სრულიად უგულებელყო. თუმცა, ნინევეს მეფე ასე სულაც არ მოქცეულა. იგი არა მხოლოდ წამოდგა ტახტიდან, ჯვალოთიც შეიმოსა, ჩაჯდა ნაცარში და მოინანია და აღიარა თავისი ცოდვები იეჰოვა ღვთის წინაშე, არამედ ქალაქში მყოფ ყველა ადამიანსა და პირუტყვსაც იგივე უბრძანა. მან ხალხს ისიც კი უბრძანა, რომ „მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს“. ამ ქმედებათა წყებით ნინევეს მეფემ ჭეშმარიტად აღასრულა ის, რაც მმართველს ევალება. მისი ქმედებები ისეთია, რომლის მიღწევაც კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი მეფისთვის რთულად მისაღწევი იყო, და მართლაც, სხვა არცერთ მეფეს არ მიუღწევია ამისთვის. ამ ქმედებებს შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო კაცობრიობის ისტორიაში და ისინი იმსახურებენ, რომ კაცობრიობამ დაიმახსოვროს და მიბაძოს მათ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ყოველი მეფე მიუძღოდა თავის ქვეშევრდომებს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და დაპირისპირებისკენ. არავის არასოდეს წაუძღვია თავისი ქვეშევრდომები ღვთისადმი ვედრებისკენ, რათა გამოესყიდათ თავიანთი ბოროტი საქმეები, მიეღოთ იეჰოვა ღმერთის პატიება და თავიდან აეცილებინათ სასჯელი. თუმცა, ნინევეს მეფემ შეძლო თავისი ქვეშევრდომების წარმართვა ღვთისკენ, რათა თითოეულ მათგანს მიეტოვებინა თავისი ბოროტი გზა და ხელი აეღო საკუთარი ხელით ჩადენილ ძალადობაზე. მეტიც, მან ასევე შეძლო გვერდზე გადაედო თავისი ტახტი, იმის სანაცვლოდ, რომ იეჰოვა ღმერთს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, ლმობიერება გამოეჩინა და დაეცხრო თავისი რისხვა, რათა ქალაქის მოსახლეობა გადარჩენილიყო და არ განადგურებულიყო. უნდა ითქვას, რომ მეფის ეს მოქმედებები იშვიათი სასწაული იყო კაცობრიობის ისტორიაში და ჭეშმარიტად შეიძლება ჩაითვალოს გახრწნილი ადამიანების მიერ ღვთის წინაშე მონანიებისა და ცოდვების აღიარების სანიმუშო მაგალითად.
ღმერთი ხედავს ჭეშმარიტ მონანიებას ნინეველთა გულების სიღრმეში
ღვთის განცხადების მოსმენის შემდეგ, ნინევეს მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა მთელი რიგი ქმედებები შეასრულეს. რა იყო ამ ქმედებებისა და მათი ქცევის ბუნება? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა იყო მთლიანობაში მათი საქციელის არსი? რატომ მოიქცნენ ისინი ასე? ღვთის თვალში მათ ჭეშმარიტად მოინანიეს, რადგან მათ არა მხოლოდ გულმოდგინედ შესთხოვეს ღმერთს და აღიარეს თავიანთი ცოდვები მის წინაშე, არამედ ხელი აიღეს თავიანთ ბოროტ საქმეებზეც. ისინი ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ღვთის სიტყვების მოსმენის შემდეგ წარმოუდგენლად შეშინდნენ და ირწმუნეს, რომ იგი იმას გააკეთებდა, რაც თქვა. მარხვით, ჯვალოს ჩაცმითა და ნაცარში ჩაჯდომით მათ სურდათ გამოეხატათ თავიანთი მზადყოფნა, შეეცვალათ თავიანთი ქცევა და თავი შეეკავებინათ ბოროტი საქმეების ჩადენისგან და ისინი ევედრებოდნენ იეჰოვა ღმერთს, სთხოვდნენ, არ გადმოენთხია მათზე თავისი ბრაზი, და ემუდარებოდნენ, გაეუქმებინა თავისი გადაწყვეტილება და აღარ მოევლინა ის უბედურება, რომლის მოვლენასაც მათზე აპირებდა. თუ მათ ქცევას მთლიანობაში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მათ უკვე ესმოდათ, რომ მათი წინანდელი ბოროტი საქმეები საძულველი იყო იეჰოვა ღვთისთვის და ესმოდათ ის მიზეზიც, რის გამოც მალე უნდა განადგურებულიყვნენ. სწორედ ამიტომ სურდა ყველას, სრულად მოენანიებინა, მიეტოვებინა თავისი ბოროტი გზა და ხელი აეღო საკუთარი ხელით ჩადენილ ძალადობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა იეჰოვა ღვთის განცხადება, თითოეულ მათგანს გულში შიში ჩაუდგა; მათ შეწყვიტეს ბოროტად მოქცევა და აღარ სჩადიოდნენ იმ საქმეებს, რომლებიც იეჰოვა ღვთისთვის საძაგელი იყო. გარდა ამისა, ისინი ევედრებოდნენ იეჰოვა ღმერთს, ეპატიებინა მათთვის წარსული ცოდვები და არ მოჰქცეოდა მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების შესაბამისად. მათ სურდათ, აღარასოდეს ჩაედინათ ბოროტი საქმეები და ემოქმედათ იეჰოვა ღვთის მითითებების შესაბამისად, ოღონდაც შეძლებოდათ, აღარასოდეს განერისხებინათ იეჰოვა ღმერთი. მათი მონანიება ჭეშმარიტი და საფუძვლიანი იყო. იგი მათი გულების სიღრმიდან მოდიოდა და არ ყოფილა ყალბი ან დროებითი.
მას შემდეგ, რაც ნინევეს მთელმა ხალხმა, მეფიდან უბრალო ხალხამდე, გაიგო, რომ იეჰოვა ღმერთი განრისხებული იყო მათზე, მათი თითოეული შემდგომი ქმედება და მთლიანობაში მათი ქცევა, ისევე როგორც თითოეული მათგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გაკეთებული არჩევანი, ღვთისთვის ნათლად და ცხადად ჩანდა. ღმერთმა მათი ქცევის შესაბამისად გული მოიბრუნა. როგორი იყო ღვთის განწყობა იმ წამს? თუ წაიკითხავ იმას, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, პასუხს იპოვი. წმინდა წერილში შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: „შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო.“ (იონ. 3:10). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა განწყობა შეიცვალა, იმ წამს მისი განწყობა სულაც არ იყო რთული. მან უბრალოდ ბრაზის გამოხატვა შეწყვიტა და ბრაზი დაიცხრო და შემდეგ გადაწყვიტა, აღარ მოევლინა უბედურება ქალაქ ნინევესთვის. მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიღო ღმერთმა გადაწყვეტილება — ეხსნა ნინეველები აღნიშნული უბედურებისგან — ასე სწრაფად, ის იყო, რომ ღმერთმა ნინევეს თითოეული ადამიანის გული იხილა. ღმერთმა ნინეველთა გულების სიღრმეში მათი ჭეშმარიტი მონანიება და ცოდვების აღიარება იხილა. მან იხილა, რომ მათ ჭეშმარიტად იწამეს იგი და ჭეშმარიტად დაემორჩილნენ მას თავიანთი გულების სიღრმეში. მან იხილა მათი გულების სიღრმეში არსებული ღრმა შეგნება იმისა, თუ როგორ განარისხა მათმა ბოროტმა საქმეებმა მისი ხასიათი, და ამის შედეგად მათი გულების სიღრმეში ჩასახული შიში იეჰოვა ღვთის მოახლოებული სასჯელის წინაშე. ამავდროულად, იეჰოვა ღმერთმა მათი ვედრებაც მოისმინა, რომელიც მათი გულების სიღრმიდან მომდინარეობდა და რომლითაც ისინი მას ემუდარებოდნენ, აღარ ყოფილიყო მათზე განრისხებული, რათა თავიდან აეცილებინათ ეს უბედურება. როდესაც ღმერთი დააკვირდა ყველა ამ ფაქტს, მისი ბრაზი ნელ-ნელა გაქრა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი იყო მისი ბრაზი მანამდე, ამ ადამიანების გულების სიღრმეში დანახული ჭეშმარიტი მონანიება მის გულს შეეხო, ამიტომ ვეღარ გაიმეტა ისინი უბედურებისთვის და აღარ ბრაზობდა მათზე. ნაცვლად ამისა, იგი კვლავაც ავლენდა მათ მიმართ წყალობასა და შემწყნარებლობას და განაგრძო მათი წინამძღოლობა და მათზე ზრუნვა.
თუ ჭეშმარიტად ირწმუნებ ღმერთს და ჭეშმარიტად დაემორჩილები მას, იგი ხშირად იზრუნებს შენზე
ნინევეს ხალხის მიმართ ღვთის განზრახვის შეცვლას არ ახლდა არავითარი ყოყმანი, ორაზროვნება თუ ბუნდოვანება. ეს იყო აბსოლუტური ბრაზიდან აბსოლუტურ შემწყნარებლობაზე გადასვლა. ეს არის ღვთის არსის ჭეშმარიტი გაცხადება. ღმერთი არასოდეს არის მერყევი ან ყოყმანობს თავის ქმედებებში; მისი ქმედებების საფუძვლად არსებული პრინციპები და მიზნები სრულიად ნათელი და გამჭვირვალეა, წმინდა და უნაკლოა და მათში აბსოლუტურად არ არის შერეული არავითარი ხრიკი ან მზაკვრობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის არსი არ შეიცავს სიბნელესა თუ უკეთურებას. ღმერთი განრისხდა ნინეველებზე, რადგან მათი ბოროტი საქმეები მის თვალწინ წარმოჩნდა; იმ დროს მისი ბრაზი მისი არსიდან გამომდინარეობდა. თუმცა, როდესაც ღვთის ბრაზი დაცხრა და მან ნინევეს ხალხის მიმართ კვლავ გამოიჩინა შემწყნარებლობა, ყველაფერი, რაც მან გააცხადა, კვლავ მისი საკუთარი არსი იყო. მთელი ეს ცვლილება ღვთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულების შეცვლით იყო განპირობებული. მთელი ამ დროის განმავლობაში, ღვთის ხასიათი, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას, არ შეცვლილა, ღვთის არსი — ადამიანის მიმართ შემწყნარებლობა — არ შეცვლილა, და ღვთის არსი — ადამიანის სიყვარული და მის მიმართ წყალობა — არ შეცვლილა. როდესაც ადამიანები ბოროტ საქმეებს სჩადიან და შეურაცხყოფენ ღმერთს, იგი მათზე თავის ბრაზს გადმოანთხევს. როდესაც ადამიანები ჭეშმარიტად ინანიებენ, ღვთის გული იცვლება და მისი ბრაზი ცხრება. როდესაც ადამიანები ჯიუტად განაგრძობენ ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მისი ბრაზი არ შეწყდება და მისი რისხვა თანდათან მიუახლოვდება მათ, სანამ არ განადგურდებიან. ეს არის ღვთის ხასიათის არსი. ის, რასაც ღვთის ხასიათი ავლენს და გამოხატავს — იქნება ეს რისხვა თუ წყალობა და კეთილმოსურნე სიყვარული — ეფუძნება იმას, თუ რას ავლენენ ადამიანები და როგორ იქცევიან, აგრეთვე ღვთისადმი მათ დამოკიდებულებას მათი გულების სიღრმეში. თუ ღმერთი ერთ ადამიანზე განუწყვეტლივ გადმოანთხევს თავის ბრაზს, ამ ადამიანის გული უდავოდ მტრულად არის განწყობილი ღვთის მიმართ. რადგან ამ ადამიანს არასოდეს მოუნანიებია ჭეშმარიტად, არასოდეს „მოუდრეკია ქედი“ ღვთის წინაშე, არც ჭეშმარიტად ურწმუნია ღმერთი და არც ჭეშმარიტად დამორჩილებია მას, მას არასოდეს მიუღია ღვთის წყალობა და შემწყნარებლობა. თუ ვინმე ხშირად გრძნობს ღვთის მზრუნველობას, მის წყალობასა და მის შემწყნარებლობას, მაშინ უდავოა, რომ ამ ადამიანს გულით ჭეშმარიტად სწამს ღმერთი და ის ჭეშმარიტად ემორჩილება მას და მისი გული არ არის მტრულად განწყობილი ღვთის მიმართ. ეს ადამიანი ხშირად ჭეშმარიტად ინანიებს ღვთის წინაშე; შესაბამისად, თუნდაც ღმერთი ხშირად წვრთნიდეს ამ ადამიანს, მისი რისხვა არ დაატყდება.
ეს მოკლე მონათხრობი ადამიანებს საშუალებას აძლევს, დაინახონ ღვთის გული, დაინახონ მისი არსის რეალურობა და დაინახონ, რომ ღვთის ბრაზი და მისი განზრახვის ცვლილებები უმიზეზო არ არის. მიუხედავად მკვეთრი კონტრასტისა იმ მომენტში ღვთის მიერ რისხვის გადმოფრქვევასა და მის მიერ გულის მობრუნებას შორის, რაც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თითქოს დიდი სხვაობა ან კონტრასტი არსებობს ღვთის არსის ამ ორ ასპექტს — მის ბრაზსა და მის შემწყნარებლობას — შორის, ღვთის დამოკიდებულება ნინეველთა მონანიების მიმართ კვლავ აძლევს ადამიანებს საშუალებას, დაინახონ ღვთის ჭეშმარიტი ხასიათის კიდევ ერთი მხარე. ღვთის გულის მობრუნება ჭეშმარიტად აძლევს კაცობრიობას საშუალებას, კვლავ დაინახოს ღვთის წყალობისა და კეთილმოსურნე სიყვარულის ნამდვილობა და დაინახოს ღვთის არსის ჭეშმარიტი გაცხადება, რაც კაცობრიობას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ აღიაროს: ღვთის წყალობა და კეთილმოსურნე სიყვარული მითები ან გამოგონილი ამბები არ არის, რადგან ღვთის იმწამინდელი განცდა ნამდვილი იყო და ღვთის გულის მობრუნება ნამდვილი იყო — ღმერთმა ნამდვილად კაცობრიობის მიმართ კვლავ გამოიჩინა წყალობა და შემწყნარებლობა.
ნინეველთა გულებში არსებული ჭეშმარიტი მონანიება მათ ღვთის წყალობას მოუპოვებს და მათსავე შედეგებს ცვლის
იყო თუ არა რაიმე წინააღმდეგობა ღვთის გულის მობრუნებასა და მის რისხვას შორის? რა თქმა უნდა, არა! ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის შემწყნარებლობას იმ კონკრეტულ დროს თავისი მიზეზი ჰქონდა. რა იყო ეს მიზეზი? ეს მიზეზი ბიბლიაშია მითითებული: „დააგდონ ბოროტების გზა“ და „[დააგდონ] ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.“
ეს „ბოროტების გზა“ მხოლოდ რამდენიმე ბოროტ საქციელს კი არ გულისხმობს, არამედ იმ ბოროტ საწყისს, საიდანაც ადამიანთა ქცევა მომდინარეობს. „ბოროტების გზის დაგდება“ ნიშნავს ამ ქმედებების აღარასოდეს ჩადენას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე ბოროტად აღარასოდეს მოქცევას — ანუ, მათი ქმედებების მეთოდის, საწყისის, მოტივის, განზრახვისა და პრინციპის შეცვლას და გულში ამ მეთოდებისა და პრინციპების სიამოვნებისა თუ ბედნიერების წყაროდ აღარასოდეს მიჩნევას. სიტყვა „დაგდება“ ფრაზაში „დააგდონ ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული“ ნიშნავს მიტოვებას ან უარყოფას, წარსულთან კავშირის სრულად გაწყვეტას და უკან აღარასოდეს მიბრუნებას. როდესაც ნინევეს ხალხმა ხელი აიღო საკუთარი ხელით ჩადენილ ძალადობაზე, ამან დაადასტურა და გამოხატა მათი ჭეშმარიტი მონანიება. ღმერთი უყურებს ადამიანთა გარეგნობას და ასევე აკვირდება მათ გულებს. როდესაც ღმერთმა ნამდვილად დაინახა ჭეშმარიტი მონანიება ნინეველთა გულებში და ასევე იხილა, რომ მათ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზები და ხელი აიღეს საკუთარი ხელით ჩადენილ ძალადობაზე, მხოლოდ მაშინ მოიბრუნა მან გული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანების საქციელმა და ქცევამ, საქმის კეთების სხვადასხვაგვარმა წესმა, აგრეთვე გულით ცოდვების ჭეშმარიტად აღიარებისა და მონანიებისადმი მათმა დამოკიდებულებამ, განაპირობა ის, რომ ღმერთს გული მოებრუნებინა, შეეცვალა აზრი, უკან წაეღო თავისი გადაწყვეტილება და აღარც დაესაჯა და აღარც გაენადგურებინა ისინი. ამგვარად, ნინეველთა შედეგი შეიცვალა. მათ გამოისყიდეს საკუთარი სიცოცხლე და ამავდროულად კვლავ მოიპოვეს ღვთის წყალობა და შემწყნარებლობა, რის შემდეგაც ღმერთმაც დაიცხრო თავისი ბრაზი.
ღვთის წყალობისა და შემწყნარებლობის მოპოვება რთული არ არის — რთული ადამიანის ჭეშმარიტი მონანიების მიღწევაა
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განრისხებული იყო ღმერთი ნინეველებზე, როგორც კი მათ მარხვა გამოაცხადეს, ჯვალოთი შეიმოსნენ და ნაცარი დაიყარეს, მისი გული თანდათანობით გალმობიერდა და ღმერთმა გულის მობრუნება დაიწყო. ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ გამოუცხადებდა, რომ მათ ქალაქს გაანადგურებდა — ანუ, ზუსტად მათ მიერ თავიანთი ცოდვების აღიარებამდე და მონანიებამდე — ღმერთი კვლავ განრისხებული იყო მათზე. მას შემდეგ, რაც მათ მონანიებისკენ მიმართული ქმედებები აღასრულეს, ღვთის ბრაზი ნინეველთა მიმართ თანდათანობით შემწყნარებლობად და წყალობად იქცა. ერთსა და იმავე მოვლენაში ღვთის ხასიათის ამ ორი ასპექტის გაცხადებაში არაფერია წინააღმდეგობრივი. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ და შევიცნოთ წინააღმდეგობის ეს არარსებობა? ღმერთმა გამოავლინა და გააცხადა ეს ორი სრულიად განსხვავებული არსი ნინეველთა მონანიებამდე და მის შემდეგ, რითაც ადამიანებს დაანახა, რომ ღვთის არსი რეალურია და შეურაცხყოფას არ იწყნარებს. ღმერთმა თავისი დამოკიდებულებით ადამიანებს შემდეგი აუწყა: საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი ადამიანების მიმართ შემწყნარებლობას არ იჩენს ან არ სურს მათ მიმართ წყალობის გამოჩენა; არამედ ის, რომ ადამიანები იშვიათად ინანიებენ ჭეშმარიტად ღვთის წინაშე და იშვიათია, რომ ადამიანებმა ნამდვილად მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზები და უარი თქვან თავიანთი ხელით ჩადენილ ძალადობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთი განრისხებულია ადამიანზე, იმედოვნებს, რომ ადამიანი ჭეშმარიტ მონანიებას შეძლებს და სურს იხილოს ადამიანის ჭეშმარიტი სინანული; ასეთ შემთხვევაში იგი კვლავაც უხვად გამოიჩენს ადამიანის მიმართ წყალობასა და შემწყნარებლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ბოროტი საქმეები იწვევს ღვთის რისხვას, მაშინ, როდესაც ღვთის წყალობა და შემწყნარებლობა ებოძებათ მათ, ვინც ყურად იღებს ღვთის სიტყვებს და ჭეშმარიტად ინანიებს მის წინაშე; მათ, ვისაც შეუძლია მიატოვოს თავისი ბოროტი გზები და უარი თქვან თავიანთი ხელით ჩადენილ ძალადობაზე. ღვთის დამოკიდებულება ძალიან ნათლად გამოვლინდა ნინეველებისადმი მის მოპყრობაში: ღვთის წყალობისა და შემწყნარებლობის მოპოვება რთული არ არის და რასაც მოითხოვს, ადამიანის ჭეშმარიტი სინანულია. საკმარისია ადამიანებმა მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზები და უარი თქვან ძალადობაზე, რომ ღმერთი შეიცვლის გულს და მათდამი დამოკიდებულებას.
შემოქმედის სამართლიანი ხასიათი სიცოცხლით სავსე და ცოცხალია
როდესაც ღმერთმა ნინეველთა მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, იყო თუ არა მისი წყალობა და შემწყნარებლობა მოჩვენებითი? რა თქმა უნდა, არა! მაშ, რაზე მეტყველებს ღვთის ხასიათის ამ ორ ასპექტს შორის გადასვლა ერთსა და იმავე ვითარებაში? ღვთის ხასიათი ერთ მთლიანობას წარმოადგენს — ის სულაც არ არის დაყოფილი. მიუხედავად იმისა, წყრომას ავლენს იგი ადამიანის მიმართ თუ წყალობასა და შემწყნარებლობას, ყოველივე ეს მისი სამართლიანი ხასიათის გამოხატულებაა. ღვთის ხასიათი სიცოცხლით სავსე და ცოცხალია და იგი თავის ფიქრებსა და დამოკიდებულებებს მოვლენათა განვითარების შესაბამისად ცვლის. ნინეველთა მიმართ მისი დამოკიდებულების ცვლილება კაცობრიობას უჩვენებს, რომ მას საკუთარი ფიქრები და აზრები გააჩნია, რომ იგი არ არის რობოტი ან თიხის ფიგურა, არამედ თავად ცოცხალი ღმერთია — მას შეეძლო გასწყრომოდა ნინეველებს და ასევე შეეძლო მათთვის წარსული საქციელი ეპატიებინა მათივე დამოკიდებულების გამო; მას შეეძლო გადაეწყვიტა ნინეველებისთვის უბედურების დატეხა და ასევე შეეძლო შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება მათი მონანიების გამო. ადამიანს უყვარს წესების ხისტად გამოყენება და ამ წესებით ღვთის შემოსაზღვრა და განსაზღვრა; მას ასევე უყვარს ფორმულების გამოყენება ღვთის ხასიათის შეცნობის მცდელობისას. ამიტომ, რაც შეეხება ადამიანის აზროვნების სფეროს, იქ ღმერთი არ ფიქრობს და არც რაიმე არსებითი იდეა გააჩნია. მაგრამ სინამდვილეში, ღვთის ფიქრები მუდმივი ცვალებადობის მდგომარეობაშია მოვლენებსა და გარემო პირობებში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად. მისი ფიქრების ცვლილებისას ღვთის არსიდან სხვადასხვა ასპექტი მჟღავნდება. ცვლილების ამ პროცესში ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ღმერთი დამოკიდებულებას იცვლის, ის, რასაც იგი კაცობრიობას უჩვენებს, არის მისი სიცოცხლის რეალური არსებობა და ის, რომ მისი სამართლიანი ხასიათი სიცოცხლით სავსე და ცოცხალია. ამავდროულად ღმერთი თავისივე ჭეშმარიტი გაცხადებებით კაცობრიობას უდასტურებს თავისი რისხვის, წყალობის, კეთილმოსურნე სიყვარულისა და შემწყნარებლობის არსებობის ნამდვილობას. მისი არსი მისგან ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გამჟღავნდება იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მას ახასიათებს ლომის რისხვა და დედის წყალობა და შემწყნარებლობა. მისი სამართლიანი ხასიათი არ იწყნარებს არცერთი ადამიანის მხრიდან მასში ეჭვის შეტანას, მის დარღვევას, შეცვლას ან დამახინჯებას. ყველა მოვლენასა და საგანს შორის, ღვთის სამართლიანი ხასიათი — ანუ ღვთის რისხვა და ღვთის წყალობა — მისგან შეიძლება გამჟღავნდეს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. იგი ცოცხლად გამოხატავს თავის სამართლიან ხასიათს მთელი შექმნილი სამყაროს ყოველ კუთხეში და იგი სასიცოცხლო ენერგიით თავის სამართლიან ხასიათს ქმედებებში ავლენს ყოველ წამს. ღვთის სამართლიანი ხასიათი არ შემოიფარგლება დროითა თუ სივრცით; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის სამართლიანი ხასიათი მექანიკურად არ გამოიხატება და არ ვლინდება მისგან დროისა თუ სივრცის შეზღუდვათა ფარგლებში, არამედ სრულიად თავისუფლად გამოიხატება და ვლინდება ნებისმიერ დროსა და ადგილას. როდესაც ხედავ, რომ ღმერთი დამოკიდებულებას იცვლის, წყვეტს თავისი რისხვის გამოხატვას და თავს იკავებს ქალაქ ნინევეს განადგურებისგან, შეგიძლია თქვა, რომ ღმერთი მხოლოდ მოწყალე და მოსიყვარულეა? შეგიძლია თქვა, რომ ღვთის რისხვა ცარიელი სიტყვებისგან შედგება? როდესაც ღმერთი თავის რისხვას გადმოანთხევს და უკან იღებს თავის წყალობას, შეგიძლია თქვა, რომ მას არ გააჩნია ჭეშმარიტი სიყვარული კაცობრიობის მიმართ? ღმერთი თავის რისხვას ადამიანის ბოროტი საქმეების საპასუხოდ გადმოანთხევს; მის რისხვას ნაკლი არ გააჩნია. ღმერთს გული უჩუყდება ადამიანის მონანიების საპასუხოდ და ამის გამო იგი დამოკიდებულებას იცვლის. ღვთის გულის აჩუყება, ღვთის მიერ დამოკიდებულების შეცვლა და ღვთის მიერ ადამიანის მიმართ წყალობისა და შემწყნარებლობის გამოვლენა — ყოველივე ეს სრულიად უნაკლოა; ეს ყოველივე სუფთა, გაუზავებელი, უბიწო და შეურეველია. ღვთის შემწყნარებლობა უბრალოდ შემწყნარებლობაა, ხოლო მისი წყალობა უბრალოდ წყალობაა. მისი ხასიათი ავლენს რისხვას და გამოხატავს წყალობასა და შემწყნარებლობას ადამიანის მონანიებისა და მისი სხვადასხვა გამოვლინების შესაბამისად. რასაც არ უნდა ავლენდეს და გამოხატავდეს იგი, ყოველივე სუფთა და პირდაპირია; ეს ყოველივე განსხვავდება ნებისმიერი ქმნილების არსისგან. მოქმედების იმ პრინციპებში, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს, მის ფიქრებსა და აზრებში, ისევე როგორც მის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასა და ყოველ ქმედებაში — არავითარი ნაკლი ან ლაქა არ არსებობს. რაკი ღმერთმა ასე გადაწყვიტა და რაკი მან ასე იმოქმედა, სწორედ ამას აღასრულებს იგი და ეს შედეგი მართებული და უნაკლოა, რადგან მისი წყარო უნაკლო და ულაქოა. ღვთის რისხვა უნაკლოა. მსგავსადვე, ღვთის წყალობა და შემწყნარებლობა არ გააჩნიათ ქმნილებებს, ისინი წმინდა და უნაკლოა და უძლებს გულდასმით შესწავლასა და უშუალო გამოცდილებას.
ნინევეს ამბის გაცნობის შემდეგ ახლა ხედავთ ღვთის სამართლიანი ხასიათის არსის მეორე მხარეს? ხედავთ ღვთის უნიკალური სამართლიანი ხასიათის მეორე მხარეს? გააჩნია თუ არა კაცობრიობაში ვინმეს ამგვარი ხასიათი? გააჩნია თუ არა ვინმეს ამგვარი რისხვა — ღვთის რისხვა? გააჩნია თუ არა ვინმეს ისეთი წყალობა და შემწყნარებლობა, როგორიც ღმერთს გააჩნია? ქმნილებათაგან ვის შეუძლია გადმოანთხიოს ასეთი რისხვა და გადაწყვიტოს კაცობრიობის განადგურება ან მისთვის უბედურების დატეხა? და ვის აქვს უფლება, კაცობრიობის მიმართ წყალობა და შემწყნარებლობა გამოიჩინოს, აპატიოს კაცობრიობას და ამით შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება კაცობრიობის განადგურების შესახებ? შემოქმედი თავის სამართლიან ხასიათს საკუთარი უნიკალური მეთოდებითა და პრინციპებით გამოხატავს და იგი არ ექვემდებარება არცერთი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის კონტროლს ან შეზღუდვებს. მისი უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, არავის ძალუძს შეცვალოს მისი ფიქრები და აზრები და არც არავის ძალუძს მისი გადარწმუნება და მისი რომელიმე გადაწყვეტილების შეცვლა. ქმნილებათა ყველა ქცევა და ფიქრი მისი სამართლიანი ხასიათით განისჯება. არავის შეუძლია გააკონტროლოს, რისხვას გადმოანთხევს იგი თუ წყალობას მოიღებს; მხოლოდ შემოქმედის არსს — ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედის სამართლიან ხასიათს — შეუძლია ამის გადაწყვეტა. ასეთია შემოქმედის სამართლიანი ხასიათის უნიკალური ბუნება!
ნინეველთა მიმართ ღვთის დამოკიდებულების ცვლილების გააზრებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვა „უნიკალური“ იმ წყალობის აღსაწერად, რომელიც ღვთის სამართლიან ხასიათში არსებობს? ჩვენ მანამდე ვთქვით, რომ ღვთის რისხვა მისი უნიკალური სამართლიანი ხასიათის არსის ერთ-ერთი ასპექტია. ახლა მე ორ ასპექტს — ღვთის რისხვასა და ღვთის წყალობას — მის სამართლიან ხასიათად განვსაზღვრავ. ღვთის სამართლიანი ხასიათი წმინდაა; იგი არ იწყნარებს შეურაცხყოფას და არც მის მიმართ ვინმეს მიერ ეჭვის გამოთქმას იწყნარებს; ეს არის ის, რაც არ გააჩნია არცერთ შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას. იგი უნიკალურიცაა და მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის რისხვა წმინდაა და არ იწყნარებს შეურაცხყოფას. მსგავსადვე ღვთის სამართლიანი ხასიათის მეორე ასპექტი — ღვთის წყალობა — ასევე წმინდაა და არ იწყნარებს შეურაცხყოფას. არცერთ შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ან წარმოადგინოს ღმერთი იმ საქმის აღსრულებისას, რომელიც მას აქვს განზრახული, და არცერთ მათგანს არ შეეძლო მისი ჩანაცვლება ან მისი წარმომადგენლობა სოდომის განადგურებისას თუ ნინევეს ხსნისას. ეს არის ღვთის უნიკალური სამართლიანი ხასიათის ჭეშმარიტი გამოხატულება.
შემოქმედის ჭეშმარიტი გრძნობები კაცობრიობის მიმართ
ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ღვთის შეცნობა ადვილი არ არის. თუმცა, მე ვამბობ, რომ ღვთის შეცნობა რთული საქმე არ არის. ეს იმიტომ, რომ ღმერთი ხშირად უჩვენებს ადამიანს თავის საქმეებს, მას არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი კაცობრიობასთან, იგი არასოდეს ყოფილა კაცობრიობისთვის დაფარული და არც თავი დაუმალავს, ხოლო მისი ფიქრები, მისი აზრები, მისი სიტყვები და მისი საქმეები სრულიად ღიაა კაცობრიობისთვის. შესაბამისად, თუკი კაცობრიობას სურს ღვთის შეცნობა, მას შეუძლია მისი გაგება და შეცნობა სხვადასხვა საშუალებითა და მეთოდით. მიზეზი, რის გამოც კაცობრიობა დაჟინებით ფიქრობს, რომ ღმერთი განზრახ თავს არიდებს მას, რომ ღმერთმა განზრახ დაუმალა მას თავი, რომ ღმერთს არ აქვს განზრახული მისცეს ადამიანს მისი გაგებისა და შეცნობის საშუალება, არის ის, რომ კაცობრიობამ არ იცის, ვინ არის ღმერთი და არ სურს ღვთის გაგება. უფრო მეტიც, კაცობრიობას არ აინტერესებს ის, თუ რას ფიქრობს შემოქმედი, ან რა თქვა და მოიმოქმედა შემოქმედმა… სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანმა თავისუფალი დრო თუნდაც შემოქმედის სიტყვებზე ან საქმეებზე დაკვირვებისა და მათი გაგებისთვის რომ გამოიყენოს და ოდნავი ყურადღება მაინც რომ მიაქციოს შემოქმედის ფიქრებსა და მისი გულის ხმას, ადამიანისთვის რთული არ იქნება იმის გაცნობიერება, რომ შემოქმედის ფიქრები, სიტყვები და საქმეები სრულიად ღია და გამჭვირვალეა. მსგავსადვე მცირე ძალისხმევა იქნება საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ შემოქმედი მუდამ კაცობრიობის წიაღშია, რომ იგი ყოველთვის საუბრობს ყოველივესა და კაცობრიობასთან და რომ იგი ყოველდღიურად ახალ საქმეებს აღასრულებს. მისი არსი და ხასიათი კაცობრიობასთან მის დიალოგში გამოიხატება; მისი ფიქრები და აზრები სრულად მჟღავნდება მის საქმეებში. იგი მუდამ თან ახლავს და თვალყურს ადევნებს კაცობრიობას. თავისი უხმო სიტყვებით იგი ჩუმად ეუბნება ყოველივესა და კაცობრიობას: „მე ზეცაში ვარ და მე ყოველივეს შორის ვარ. მე თვალყურს გადევნებ; მე ველოდები; მე შენ გვერდით ვარ…“ მისი ხელები თბილი და ძლიერია; მისი ნაბიჯები მსუბუქია; მისი ხმა ნაზი და საამოა; მისი სახე წინ და უკან მოძრაობს და დაუსრულებლად წრეს უვლის და მთელ კაცობრიობას გარს ერტყმის; მისი იერი მშვენიერი და ნაზია. იგი არასოდეს წასულა, არასოდეს გამქრალა. დღე და ღამე იგი კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია და არასოდეს ტოვებს მას. მისი თავდადებული მზრუნველობა და განსაკუთრებული გრძნობები კაცობრიობის მიმართ, ისევე როგორც მისი ჭეშმარიტი მზრუნველობა და სიყვარული კაცობრიობისადმი, ნელ-ნელა გამოვლინდა, როდესაც მან ქალაქი ნინევე გადაარჩინა. კერძოდ, შემოქმედის სათუთი მზრუნველობა იმ კაცობრიობის მიმართ, რომელიც თავად შექმნა, სრულად გამოვლინდა იეჰოვა ღმერთსა და იონას შორის გაცვლილი რამდენიმე წინადადებით. ამ სიტყვების მეშვეობით შეგიძლია ღრმად შეიგრძნო ღვთის ჭეშმარიტი გრძნობები კაცობრიობის მიმართ…
იონას წიგნის 4:10-11-ში ჩაწერილია შემდეგი მონაკვეთი: „მაშინ თქვა იეჰოვამ: შენ გაუფრთხილდი მცენარეს, რომლისთვისაც არ გიშრომია და არც გაგიზრდია; რომელიც ერთ ღამეში ამოვიდა და ერთ ღამეში გახმა. და მე არ უნდა გავუფრთხილდე ნინევეს, ისეთ დიდ ქალაქს, სადაც ას ოცი ათასზე მეტი ადამიანია, რომელთაც არ შეუძლიათ გაარჩიონ თავიანთი მარჯვენა ხელი მარცხენისგან; და ასევე უამრავი პირუტყვი?“ ეს არის იეჰოვა ღმერთის ნამდვილი სიტყვები, ღმერთისა და იონას საუბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი მოკლეა, იგი სავსეა შემოქმედის სურვილით, არ მიატოვოს კაცობრიობა და მისი მზრუნველობით კაცობრიობის მიმართ. ეს სიტყვები გამოხატავს იმ ჭეშმარიტ დამოკიდებულებასა და გრძნობებს, რომლებიც ღმერთს თავის გულში აქვს თავისი ქმნილებების მიმართ. ისინი ასევე ნათელი ენით გამოხატავენ ღვთის ჭეშმარიტ განზრახვებს კაცობრიობის მიმართ — რისი მოსმენის შესაძლებლობაც კაცობრიობას იშვიათად ეძლევა. ეს საუბარი წარმოადგენს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ღმერთს ნინეველთა მიმართ ჰქონდა — მაგრამ როგორია ეს დამოკიდებულება? ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც მას ნინეველთა მიმართ ჰქონდა მათი მონანიების წინ და მის შემდეგ. ეს დამოკიდებულება ასევე არის ის, რითაც იგი კაცობრიობას ეპყრობა. ამ სიტყვებშია მისი ფიქრები და მისი ხასიათი.
ღვთის რა ფიქრები ვლინდება ამ სიტყვებში? თუ მათ ყურადღებით წაიკითხავთ, რთული არ იქნება იმის შემჩნევა, რომ აქ ღმერთმა გამოიყენა სიტყვა „გაფრთხილება“. მან ეს სიტყვა გამოიყენა კაცობრიობის მიმართ თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულების საჩვენებლად.
პირდაპირი მნიშვნელობის დონეზე, ადამიანები სიტყვა „გაფრთხილებას“ სხვადასხვაგვარად განმარტავენ: პირველი, ეს ნიშნავს „გიყვარდეს და იცავდე, სათუთ მზრუნველობას გრძნობდე რაიმეს მიმართ“; მეორე, ეს ნიშნავს „ძალიან გიყვარდეს“; და უფრო მეტიც, ეს ნიშნავს „არ გსურდეს რაიმესთვის ზიანის მიყენება და არ შეგეძლოს ამის ატანა“. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სიტყვა გამოხატავს სათუთ გრძნობებსა და სათუთ სიყვარულს, ისევე როგორც ვინმეს ან რაიმეს დათმობის სირთულეს, რაც მიუთითებს ღვთის წყალობასა და შემწყნარებლობაზე კაცობრიობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გამოიყენა ეს სიტყვა, რომელსაც ადამიანები ხშირად ამბობენ, როდესაც მან ეს თქვა, მისი გულის ხმა და მისი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ სრულად გაცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინევეს ყველა მცხოვრები ისეთივე გახრწნილი, უკეთური და ძალადობით სავსე იყო, როგორც სოდომის მცხოვრებლები, მათმა მონანიებამ განაპირობა, რომ ღმერთმა დამოკიდებულება შეიცვალა და გადაწყვიტა, არ გაენადგურებინა ისინი. რადგან იმან, თუ როგორ მოეკიდნენ ისინი ღვთის სიტყვებსა და მითითებებს, აჩვენა დამოკიდებულება, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სოდომის მცხოვრებთა დამოკიდებულებისგან, და ღვთისადმი მათი გულწრფელი მორჩილებისა და ჭეშმარიტი მონანიების, ისევე როგორც ყველა მხრივ მათი ნამდვილი და გულმოდგინე გამოვლინებების გამო, ღვთის გულის სიღრმიდან კვლავ წამოვიდა მათდამი მოფრთხილება და მან იგი მათ უბოძა. არავის შეუძლია უბოძოს კაცობრიობას რაიმე და გაუფრთხილდეს მას ისე, როგორც ამას ღმერთი აკეთებს, და არცერთ ადამიანს არ გააჩნია ღვთის წყალობა, მისი შემწყნარებლობა ან მისი ჭეშმარიტი გრძნობები კაცობრიობის მიმართ. არსებობს ვინმე, ვისაც დიდ ადამიანად ან ზეადამიანად მიიჩნევ, ვისაც შეეძლო მაღლიდან, დიდი ადამიანის გადმოსახედიდან ან უმაღლესი წერტილიდან, ამგვარი განცხადება გაეკეთებინა კაცობრიობისთვის ან ქმნილებებისთვის? ვის შეუძლია კაცობრიობის წარმომადგენელთაგან იცოდეს ადამიანის ყოფა საკუთარი ხუთი თითივით? ვინ გრძნობს კაცობრიობის არსებობის ტვირთსა და მასზე პასუხისმგებლობას? ვის აქვს უფლება, გამოაცხადოს ქალაქის განადგურება? და ვის აქვს უფლება, შეიწყალოს ქალაქი? ვის შეუძლია თქვას, რომ უფრთხილდება საკუთარ ქმნილებას? მხოლოდ შემოქმედს! მხოლოდ შემოქმედი განიცდის სათუთ სიყვარულს ამ კაცობრიობის მიმართ. მხოლოდ შემოქმედი ავლენს ამ კაცობრიობის მიმართ სათუთ გრძნობას. მხოლოდ შემოქმედს აქვს ჭეშმარიტი გრძნობა ამ კაცობრიობის მიმართ, რომლის გაწყვეტაც რთულია. ასევე, მხოლოდ შემოქმედია ის, ვისაც შეუძლია, მისი წყალობა უბოძოს ამ კაცობრიობას და მხოლოდ ის უფრთხილდება თავის ყოველ ქმნილებას. კაცობრიობის თითოეულ ქმედება მის გულს ეხება: ის ბრაზდება, წუხს და დამწუხრებულია კაცობრიობის ბოროტებისა და გახრწნილების გამო; ის კმაყოფილია და სიხარულს განიცდის, გული უბრუნდება და ხარობს კაცობრიობის მონანიების, მათი რწმენისა და მორჩილების გამო; მისი თითოეული ფიქრი და აზრი კაცობრიობისთვის არსებობს და მის გარშემო ტრიალებს; ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, სრულად გამოიხატება კაცობრიობისთვის; მისი ყოველი ემოცია კაცობრიობის არსებობასთან არის გადაჯაჭვული. კაცობრიობის გულისთვის ის მოგზაურობს და დაუღალავად ირჯება; იგი უხმოდ გასცემს თავისი სიცოცხლის თითოეულ ნაწილს; იგი უძღვნის თავისი სიცოცხლის ყოველ წუთსა და ყოველ წამს… მას არასოდეს სცოდნია საკუთარი სიცოცხლის მოფრთხილება, თუმცა მუდამ უფრთხილდებოდა კაცობრიობას, რომელიც თავად შექმნა… იგი თავის ყველაფერს ამ კაცობრიობას აძლევს… უპირობოდ და სანაცვლოდ არაფრის მოთხოვნით ანიჭებს მასწყალობასა და სულგრძელებას. ის ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ კაცობრიობამ განაგრძოს არსებობა მის თვალწინ და მის მიერ სიცოცხლით უზრუნველყოფის ქვეშ. ის ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ერთ დღეს კაცობრიობა დანებდეს მას და მან შეიცნოს, რომ იგი არის ის, ვინც კვებავს კაცობრიობის არსებობას და სიცოცხლით უზრუნველყოფს ყოველ ქმნილებას.
შემოქმედის მიერ კაცობრიობის მიმართ თავისი ჭეშმარიტი გრძნობების გამოხატვა
იეჰოვა ღმერთსა და იონას შორის ეს საუბარი უდავოდ არის შემოქმედის ჭეშმარიტი გრძნობების გამოხატულება კაცობრიობის მიმართ. ერთი მხრივ, იგი აცნობებს ადამიანებს შემოქმედის მიერ თავისი ხელმწიფების ქვეშ მყოფი ყოველი ქმნილების შეცნობის შესახებ; როგორც იეჰოვა ღმერთმა თქვა: „და მე არ უნდა გავუფრთხილდე ნინევეს, ისეთ დიდ ქალაქს, სადაც ას ოცი ათასზე მეტი ადამიანია, რომელთაც არ შეუძლიათ გაარჩიონ თავიანთი მარჯვენა ხელი მარცხენისგან; და ასევე უამრავი პირუტყვი?“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს ნინევეს შესახებ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა არ ჰქონდა. მან არა მხოლოდ იცოდა ქალაქში არსებული ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანებისა და პირუტყვის) რაოდენობა, არამედ ისიც იცოდა, თუ რამდენს არ შეეძლო მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევა, ანუ რამდენი ბავშვი თუ არასრულწლოვანი იმყოფებოდა იქ. ეს არის კაცობრიობის შესახებ ღვთის ყოვლისმომცველი ცოდნის კონკრეტული მტკიცებულება. მეორე მხრივ, ეს საუბარი აცნობებს ადამიანებს კაცობრიობის მიმართ შემოქმედის დამოკიდებულების შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ რა წონა აქვს კაცობრიობას შემოქმედის გულში. ეს ზუსტად ისეა, როგორც იეჰოვა ღმერთმა თქვა: „შენ გაუფრთხილდი მცენარეს, რომლისთვისაც არ გიშრომია და არც გაგიზრდია; რომელიც ერთ ღამეში ამოვიდა და ერთ ღამეში გახმა. და მე არ უნდა გავუფრთხილდე ნინევეს, ისეთ დიდ ქალაქს…?“ ეს არის იეჰოვა ღმერთის საყვედურის სიტყვები იონას მიმართ, მაგრამ ისინი სრულიად ჭეშმარიტია.
მიუხედავად იმისა, რომ იონას დაევალა იეჰოვა ღმერთის სიტყვების გამოცხადება ნინეველთათვის, მას არ ესმოდა იეჰოვა ღმერთის განზრახვა და არც მისი წუხილი და მოლოდინები ესმოდა ამ ქალაქის მცხოვრებთა მიმართ. ამ საყვედურით ღმერთს სურდა ეთქვა მისთვის, რომ კაცობრიობა ღვთის საკუთარი ხელებით შეიქმნა; რომ მან თავისი გულის სისხლი გაიღო თითოეული ადამიანისთვის; რომ მან თავისი მოლოდინები დაამყარა თითოეულ ადამიანზე; რომ თითოეული ადამიანი ტკბებოდა ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლით; და რომ თითოეული ადამიანისთვის ღვთის გულის სისხლით იყო საზღაური გადახდილი. ამ საყვედურმა ასევე უთხრა იონას, რომ ღმერთი უფრთხილდებოდა კაცობრიობას, რომელიც მისი საკუთარი ხელებით შეიქმნა, ზუსტად ისე, როგორც თავად იონა უფრთხილდებოდა მცენარეს, და რომ უკანასკნელ შესაძლო მომენტამდე, ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებდა კაცობრიობას ასე მარტივად, მით უმეტეს, რომ ქალაქში ამდენი ბავშვი და უდანაშაულო პირუტყვი იყო. როდესაც ღმერთს საქმე ჰქონდა ამ შექმნილ ადამიანებთან, რომლებსაც მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევაც კი არ შეეძლოთ და ჯერ კიდევ უმეცრების ასაკში იმყოფებოდნენ, მისთვის კიდევ უფრო შეუძლებელი იყო მათი სიცოცხლის დასრულება და მათი შედეგის ასე დაუფიქრებლად განსაზღვრა. ღმერთი იმედოვნებდა, რომ იხილავდა მათ გაზრდას; იგი იმედოვნებდა, რომ ისინი არ გაივლიდნენ იმავე გზებს, რაც მათმა წინაპრებმა გაიარეს, რომ ისინი კვლავ არ მოისმენდნენ იეჰოვა ღმერთის გაფრთხილებას და რომ ისინი დაამოწმებდნენ ნინევეს წარსულს. უფრო მეტიც, ღმერთი იმედოვნებდა, რომ იხილავდა მონანიებულ ნინევეს, იხილავდა მონანიებული ნინევეს მომავალს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იხილავდა ნინევეს, რომელიც კვლავ ღვთის წყალობის ქვეშ იცხოვრებდა. შესაბამისად, ღვთის თვალში, ის შექმნილი ადამიანები, რომლებსაც არ შეეძლოთ მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევა, ნინევეს მომავალს წარმოადგენდნენ. ისინი იტვირთავდნენ ნინევეს საძულველ წარსულს, ზუსტად ისე, როგორც იტვირთავდნენ იეჰოვა ღმერთის წინამძღოლობით ნინევეს წარსულისა და მისი მომავლის დამოწმების მნიშვნელოვან მოვალეობას. თავისი ჭეშმარიტი გრძნობების ამ გამოხატულებაში, იეჰოვა ღმერთმა სრულად წარმოადგინა შემოქმედის წყალობა კაცობრიობის მიმართ. ამან დაანახა კაცობრიობას, რომ „შემოქმედის წყალობა“ არ არის ცარიელი ფრაზა და არც ფუჭი დაპირებაა; მას აქვს კონკრეტული პრინციპები, მეთოდები და მიზნები, და უფრო მეტიც, იგი ჭეშმარიტი და რეალურია, ყოველგვარი სიყალბისა თუ შენიღბვის გარეშე. ამგვარად, მისი წყალობა დაუსრულებლად ენიჭება კაცობრიობას ყოველ დროსა და ეპოქაში. თუმცა, დღევანდელ დღემდე, შემოქმედის საუბარი იონასთან არის მისი ერთადერთი, ექსკლუზიური სიტყვიერი განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ ავლენს იგი წყალობას კაცობრიობის მიმართ, როგორ ავლენს იგი წყალობას კაცობრიობის მიმართ, რამდენ შემწყნარებლობას ავლენს იგი კაცობრიობის მიმართ და როგორია მისი ჭეშმარიტი გრძნობები კაცობრიობისადმი. იეჰოვა ღმერთის ლაკონიური სიტყვები ამ საუბრისას სრულად გამოხატავს მის ფიქრებს კაცობრიობის შესახებ; ისინი წარმოადგენს მის გულში კაცობრიობის მიმართ არსებული დამოკიდებულების ჭეშმარიტ გამოხატულებას და ასევე არის კაცობრიობისთვის უხვი წყალობის მინიჭების კონკრეტული მტკიცებულება. მისი წყალობა არა მხოლოდ კაცობრიობის ადრინდელ თაობებს ენიჭება, არამედ კაცობრიობის გვიანდელ თაობებსაც ეძლევა, ზუსტად ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო, თაობიდან თაობამდე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის რისხვა ხშირად ტყდება თავს კაცობრიობის გარკვეულ კუთხეებსა და გარკვეულ ეპოქებს, ღვთის წყალობა არასოდეს შეწყვეტილა. თავისი წყალობით, იგი მიუძღვის და წარმართავს შექმნილი ადამიანების ერთ თაობას მეორის მიყოლებით, და უზრუნველყოფს და კვებავს შექმნილი ადამიანების ერთ თაობას მეორის მიყოლებით, რადგან მისი ჭეშმარიტი გრძნობები კაცობრიობის მიმართ არასოდეს შეიცვლება. ზუსტად ისე, როგორც იეჰოვა ღმერთმა თქვა: „და მე არ უნდა გავუფრთხილდე…?“ იგი ყოველთვის უფრთხილდებოდა ყოველივეს, რაც საკუთარი ხელებით შექმნა. ეს არის შემოქმედის სამართლიანი ხასიათის წყალობა და ეს ასევე არის შემოქმედის აბსოლუტური უნიკალურობა!
ხუთი ტიპის ადამიანი
ჯერჯერობით ღვთის სამართლიანი ხასიათის შესახებ ჩვენს თანაზიარებას აქ დავასრულებ. ახლა კი ღვთის მიმდევრებს რამდენიმე კატეგორიად დავახარისხებ იმის მიხედვით, თუ რამდენად იცნობენ ღმერთსა და მის სამართლიან ხასიათს და რა გამოცდილება აქვთ მისი სამართლიანი ხასიათის შესახებ, რათა გაიგოთ, თუ რომელ ეტაპზე იმყოფებით ამჟამად და როგორია თქვენი ახლანდელი სულიერი სიმწიფე. ღვთის შესახებ ცოდნისა და მისი სამართლიანი ხასიათის პირადი გამოცდილებით გაგების მიხედვით, სხვადასხვა ეტაპი, რომლებზეც ადამიანები იმყოფებიან, და მათი სულიერი სიმწიფე თითოეულ ეტაპზე, ზოგადად, შეიძლება ხუთ ტიპად დაიყოს. ეს თემა ეფუძნება ერთადერთი ღმერთისა და მისი სამართლიანი ხასიათის შეცნობას. ამიტომ, როდესაც ქვემოთ მოცემულ ტექსტს წაიკითხავთ, გულდასმით უნდა დაფიქრდეთ, ზუსტად რამდენად გაქვთ საკუთარი გამოცდილებით გააზრებული და რამდენად კარგად იცით ღვთის უნიკალურობა და მისი სამართლიანი ხასიათი, შემდეგ კი ამ შედეგის მიხედვით უნდა განსაჯოთ, თუ რომელ ეტაპს მიეკუთვნებით სინამდვილეში, რამდენად დიდია სინამდვილეში თქვენი სულიერი სიმწიფე და რომელი ტიპის ადამიანი ხართ სინამდვილეში.
პირველი ტიპი: სახვევებში გახვეული ჩვილის ეტაპი
რას ნიშნავს „სახვევებში გახვეული ჩვილი“? სახვევებში გახვეული ჩვილი არის ახალშობილი, რომელიც ახლახან მოევლინა ამქვეყნიერებას. ეს ადამიანის ცხოვრების ყველაზე ადრეული და უმწიფარი ეტაპია.
ამ ეტაპზე მყოფ ადამიანებს, ფაქტობრივად, არავითარი ცნობიერება თუ შეგნება არ გააჩნიათ ღვთის რწმენასთან დაკავშირებით. ისინი სრულიად უმეცარნი და ყველაფერში დაბნეულნი არიან. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდი ხანია სწამთ ღმერთი, ან სულაც არც ისე დიდი ხნის წინ ირწმუნეს იგი, მაგრამ მათი უმეცარი და დაბნეული მდგომარეობა და მათი ნამდვილი სულიერი სიმწიფე მათ სახვევებში გახვეული ჩვილის ეტაპზე აყენებს. სახვევებში გახვეული ჩვილის ეტაპზე მყოფი ადამიანის მდგომარეობის ზუსტი განმარტება ასეთია: რამდენი ხანიც უნდა სწამდეს ღმერთი ამგვარ ადამიანს, ის ყოველთვის თავგზააბნეული, გონებადაბინდული, უმიზნო და გაოგნებულია; მან არ იცის, რატომ სწამს ღმერთი და არც ის იცის, ვინ არის ღმერთი ან ვის უნდა მიიჩნევდეს ღმერთად. თუმცა ამგვარი ადამიანი ღმერთს მიჰყვება, გულში ღვთის ზუსტი განსაზღვრება არ გააჩნია და ვერ ადგენს, ღმერთია თუ არა ის, ვისაც მიჰყვება, მით უმეტეს, ვერ წყვეტს, მართლა უნდა სწამდეს თუ არა ღმერთი და უნდა მიჰყვეს თუ არა მას. ეს არის ამ ტიპის ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა. ამგვარი ადამიანის ფიქრები ბუნდოვანია და, საბოლოო ჯამში, თავადაც ვერ გარკვეულა, რა სწამს. იგი მუდამ უმეცარი და გონებადაბინდულია. მის მდგომარეობას მოკლედ ასე შეიძლება ვუწოდოთ: თავგზააბნეულობა, გონების დაბინდულობა, უმიზნობა და გაოგნებულობა. მას არასოდეს უხილავს და არც უგრძნია ღვთის არსებობა, ამიტომ მისთვის ღვთის შეცნობაზე საუბარი იგივეა, რაც აიძულო, იეროგლიფებით დაწერილი წიგნი წაიკითხოს — ვერც გაიგებს და ვერც მიიღებს იმას, რასაც ეუბნებიან. მისთვის ღვთის შეცნობა ლეგენდის მოყოლის ტოლფასია. მართალია, აზრები არეული აქვს, მაგრამ სინამდვილეში მტკიცედ სწამს, რომ ღვთის შეცნობა გონებრივი ძალისხმევის ფუჭი ხარჯვა და უშედეგო, უნაყოფო მცდელობაა. ეს არის პირველი ტიპის ადამიანი: სახვევებში გახვეული ჩვილი.
მეორე ტიპი: ძუძუთა ჩვილის ეტაპი
სახვევებში გახვეულ ჩვილთან შედარებით, ამ ტიპის ადამიანი გარკვეულწილად წინ წავიდა. სამწუხაროდ, იგი ჯერ კიდევ საერთოდ არ იცნობს ღმერთს. მას ღმერთზე ჯერაც არ აქვს მკაფიო ცოდნა და ღრმად ვერ სწვდება მას. ამასთან, არც ისე კარგად ესმის, რატომ უნდა სწამდეს ღმერთი, თუმცა გულში მტკიცე გადაწყვეტილებები და საკუთარი წვრილმანი გათვლები აქვს. მას არ ადარდებს, არის თუ არა სწორი ღმერთისადმი რწმენა. მიზანი და განზრახვა, რომელიც მას ღვთის რწმენაში ამოძრავებს, არის მისი მადლით ტკბობა, სიხარულითა და მშვიდობით ცხოვრება, კომფორტული ცხოვრება, ღვთის მზრუნველობითა და მფარველობით ტკბობა და ღვთის კურთხევით ცხოვრება. მას არ აღელვებს, რამდენად კარგად იცნობს ღმერთს; მას არ აქვს ღვთის შეცნობისკენ სწრაფვის სურვილი და არც ის ადარდებს, რას აკეთებს ღმერთი ან რისი გაკეთება სურს მას. იგი დაჟინებით მხოლოდ იმას ესწრაფვის, რომ ღვთის მადლით დატკბეს და მისგან მეტი კურთხევა მიიღოს; იგი ცდილობს, ამ ცხოვრებაში ასმაგი მიიღოს, მომავალ საუკუნეში კი — საუკუნო სიცოცხლე. რასაც ის ფიქრობს, რასაც საკუთარი ძალისხმევით გასცემს და დებს, რასაც იტანს — ყველაფერს ერთი მიზანი აქვს: მიიღოს ღვთის მადლი და კურთხევა. მას სხვა არაფერი ადარდებს. ამ ტიპის ადამიანი დარწმუნებულია მხოლოდ იმაში, რომ ღმერთს შეუძლია, ადამიანები საფრთხისგან დაიცვას და მათ თავისი მადლი უბოძოს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ სურს ღმერთს ადამიანის გადარჩენა და რა შედეგების მიღწევა სურს ღმერთს თავისი სიტყვებითა და საქმით, შეიძლება ითქვას, რომ მას ეს საკითხები არც აინტერესებს და არც კარგად ესმის. მას არასოდეს უცდია ღვთის არსისა და სამართლიანი ხასიათის შეცნობა და ამის ინტერესსაც კი ვერ იჩენს. მას ამ საკითხებისთვის ყურადღების მიქცევის სურვილი არ აქვს და არც მათი ცოდნა სურს. მას არ სურს იკითხოს ღვთის საქმის, ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნების, ღვთის განზრახვების ან ღმერთთან დაკავშირებულ სხვა რომელიმე საკითხზე და არც ამის კითხვის სურვილი გააჩნია. ამის მიზეზი ის არის, რომ, მისი აზრით, ამ საკითხებს კავშირი არ აქვს იმასთან, შეუძლია თუ არა ღვთის მადლით ტკბობა. მას მხოლოდ ისეთი ღმერთი ადარდებს, რომელიც მის პირად ინტერესებთან არის დაკავშირებული და რომელსაც შეუძლია, ადამიანს მადლი უბოძოს. სხვა არაფრის მიმართ მას არავითარი ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, მას არ შეუძლია ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია სწამს ღმერთი. თუ მას ხშირად არავინ მორწყავს ან გამოკვებავს, მისთვის რთული იქნება ღმერთისადმი რწმენის გზაზე სიარულის გაგრძელება. თუ იგი ვეღარ დატკბება ადრინდელი სიხარულითა და მშვიდობით ან ღვთის მადლით, დიდი ალბათობით განუდგება რწმენას. ეს არის მეორე ტიპის ადამიანი: ის, ვინც ძუძუთა ჩვილის ეტაპზე იმყოფება.
მესამე ტიპი: ძუძუდან მოსაცილებელი ჩვილის ეტაპი, ანუ მცირეწლოვანი ბავშვის ეტაპი
ადამიანთა ამ ჯგუფს ზოგი რამ უკვე მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული. მათ ესმით, რომ ღვთის მადლით ტკბობა არ ნიშნავს იმას, რომ თავად გააჩნიათ ნამდვილი გამოცდილება, და ესმით, რომ თუ ისინი მუდამ დაუღალავად ესწრაფვიან სიხარულსა და მშვიდობას და ესწრაფვიან მადლს, ან თუ შეუძლიათ მოწმობის გაცემა ღვთის მადლით ტკბობის საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ან ღვთის განდიდებით იმ კურთხევათა გამო, რომლებიც მან უბოძა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ სიცოცხლე და არც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას. თავიანთ გონებაში ისინი იწყებენ იმ გადაჭარბებულ იმედებზე უარის თქმას, რომ მუდამ მხოლოდ ღვთის მადლი იქნება მათთან; პირიქით, ღვთის მადლით ტკბობისას მათ ამავდროულად სურთ, ღვთისთვის რამე გააკეთონ. ისინი მზად არიან, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, აიტანონ გარკვეული გაჭირვება და დაღლა და გარკვეულწილად ითანამშრომლონ ღმერთთან. თუმცა, რადგან ღვთის რწმენაში მათ მისწრაფებებს მეტისმეტად ბევრი სხვა მოტივი ერევა, რადგან პირადი განზრახვები და სურვილები, რომლებიც ამოძრავებთ, მეტისმეტად ძლიერია, რადგან მათი ხასიათი მეტისმეტად ამპარტავნულია, მათთვის ძალიან რთულია ღვთის განზრახვების შესრულება ან ღვთის ერთგულად დარჩენა. ამიტომ ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი პირადი სურვილების განხორციელებას ან ღვთისთვის მიცემული პირობების შესრულებას. ისინი ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან: მათ ძალიან სურთ ღვთის მაქსიმალურად დაკმაყოფილება, თუმცა მთელი ძალით ეწინააღმდეგებიან მას; ისინი ხშირად დებენ აღთქმას ღვთის წინაშე, მაგრამ მალევე არღვევენ ფიცს. კიდევ უფრო ხშირად ისინი სხვა წინააღმდეგობრივ მდგომარეობებშიც ვარდებიან: მათ გულწრფელად სწამთ ღმერთი, თუმცა მუდამ უარყოფენ მას და ყველაფერს, რაც მისგან მოდის; ისინი მოუთმენლად ელიან, რომ ღმერთი მათ ნათელს მოჰფენს, წინ გაუძღვება, საჭირო რამით მოამარაგებს და დაეხმარება, თუმცა გამოსავალს მაინც თავისით ეძებენ. მათ სურთ ღვთის გაგება და შეცნობა, თუმცა არ სურთ მასთან დაახლოება. ნაცვლად ამისა, ისინი მუდამ გაურბიან ღმერთს და მათი გული მისთვის დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების პირდაპირი მნიშვნელობის ზედაპირული ცოდნა და გამოცდილება და ღმერთსა და ჭეშმარიტებაზეც მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ქვეცნობიერად მაინც ვერ ადასტურებენ და ვერც ადგენენ, არის თუ არა ღმერთი ჭეშმარიტება, და ვერც იმას ადასტურებენ, ნამდვილად სამართლიანია თუ არა ღმერთი. მათ ასევე არ შეუძლიათ იმის დადგენა, რეალურია თუ არა ღვთის ხასიათი და არსი, მით უმეტეს, ვერ ადგენენ, ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი. ღვთისადმი მათი რწმენა მუდამ შეიცავს ეჭვებსა და მცდარ შეხედულებებს და ის ასევე შეიცავს ფანტაზიებსა და წარმოდგენებს. ღვთის მადლით ტკბობისას ისინი ასევე უხალისოდ იძენენ რამდენიმე ჭეშმარიტების გამოცდილებას ან ამ ჭეშმარიტებებს პრაქტიკაში ახორციელებენ, რომელთა პრაქტიკაში განხორციელებაც შესაძლებლად მიაჩნიათ, რათა გაამდიდრონ თავიანთი რწმენა, ღვთის რწმენაში მეტი გამოცდილება შეიძინონ, დაადასტურონ ღვთის რწმენის საკუთარი გაგება და დაიკმაყოფილონ საკუთარი პატივმოყვარეობა ცხოვრების იმ გზით სვლით, რომელიც თვითონვე გაკვალეს და კაცობრიობის სამართლიანი საქმის აღსრულებით. ამავდროულად, ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვისაც, რომ აისრულონ კურთხევების მიღების სურვილი, დადონ ფსონი იმაზე, რომ შეძლებენ კაცობრიობისთვის ბოძებული უფრო დიდი კურთხევების მიღებას, და აისრულონ თავიანთი ამბიციური მიზანი და მთელი ცხოვრების წადილი: ღმერთის მოპოვებამდე არ მოისვენონ. ეს ადამიანები იშვიათად იღებენ ღვთისგან ნათელის მოფენას, რადგან კურთხევების მიღების სურვილი და განზრახვა მათთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია. მათ არ აქვთ ამ ყველაფრის დათმობის სურვილი და ამას ვერც გაუძლებდნენ. მათ ეშინიათ, რომ კურთხევების მიღების სურვილისა და იმ დიდი ხნის ნანატრი ამბიციის გარეშე, რომ ღვთის მოპოვებამდე არ მოისვენონ, ღვთის რწმენის მამოძრავებელ ძალას დაკარგავენ. ამიტომ მათ არ სურთ რეალობისთვის თვალის გასწორება. მათ არ სურთ ღვთის სიტყვებისა თუ ღვთის საქმისთვის თვალის გასწორება. მათ არ სურთ თვალი გაუსწორონ ღვთის ხასიათს ან არსს, მით უფრო არ სურთ ღვთის შეცნობაზე ლაპარაკი. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც კი ღმერთი, მისი არსი და მისი სამართლიანი ხასიათი მათ ფანტაზიებს ჩაანაცვლებს, მათი ოცნებები ფერფლად იქცევა, ხოლო მათი ეგრეთ წოდებული სუფთა რწმენა და ის „დამსახურებები“, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე შრომით დააგროვეს, გაქრება და არარად იქცევა. ასევე მათი „ტერიტორია“, რომელიც წლების განმავლობაში სისხლითა და ოფლით დაიპყრეს, დაშლის პირას აღმოჩნდება. ყოველივე ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათი მრავალწლიანი მძიმე შრომა და ჩადებული ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა და რომ მათ ყველაფერი თავიდან, ნულიდან, უნდა დაიწყონ. ამ ტკივილის ატანა მათთვის ყველაზე ძნელია და ასეთი შედეგი მათ ყველაზე ნაკლებად სურთ, რის გამოც ისინი მუდამ ამგვარ ჩიხში არიან მომწყვდეულნი და უკან დაბრუნება არ სურთ. ეს არის მესამე ტიპის ადამიანი: ის, ვინც ძუძუდან მოსაცილებელი ჩვილის ეტაპზე იმყოფება.
ზემოთ აღწერილ სამ ტიპს მიკუთვნებულ ადამიანებს — ანუ მათ, ვინც ამ სამ ეტაპზე იმყოფება — ჭეშმარიტად არც ღვთის ვინაობისა და სტატუსისა სწამთ და არც მისი სამართლიანი ხასიათისა, და ამ ყოველივეს ვერც მკაფიოდ და ზუსტად აღიარებენ და ვერც ადასტურებენ. ამიტომ ამ სამი ტიპის ადამიანებისთვის ძალიან რთულია ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა და მათ ასევე უჭირთ ღვთის წყალობის, ნათელის მოფენის ან განათების მიღება, რადგან ღვთის რწმენის მათი წესი და ღმერთისადმი მათი მცდარი დამოკიდებულება ღმერთს მათ გულებში მოქმედების საშუალებას არ აძლევს. მათი ეჭვები, მცდარი შეხედულებები და ფანტაზიები ღვთის შესახებ სჭარბობს მათ რწმენასა და ღვთის შესახებ ცოდნას. ეს არის ადამიანთა სამი ტიპი, რომელთა წარმომადგენლებსაც დიდი საფრთხე ემუქრებათ, და სამი ძალიან სახიფათო ეტაპი. როდესაც ადამიანს ეჭვი ეპარება ღმერთში, მის არსსა და ვინაობაში, იმაში, არის თუ არა ღმერთი ჭეშმარიტება და არსებობს თუ არა იგი სინამდვილეში, და როცა ამ ყოველივეში ვერ რწმუნდება, როგორ მიიღებს ყველაფერს, რაც ღვთისგან მოდის? როგორ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ღმერთი ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლეა? როგორ მიიღებს ღვთის გაკიცხვასა და სამსჯავროს? როგორ მიიღებს ღვთის ხსნას? როგორ მიიღებს ასეთი ადამიანი ღვთისგან ჭეშმარიტ წინამძღოლობასა და საზრდოს? ისინი, ვინც ამ სამ ეტაპზე იმყოფებიან, ნებისმიერ დროს შეიძლება შეეწინააღმდეგონ ღმერთს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ღმერთი განიკითხონ, დაგმონ ან უღალატონ მას. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიატოვონ ჭეშმარიტი გზა და განუდგნენ ღმერთს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამ ეტაპზე მყოფი ადამიანები სახიფათო პერიოდში იმყოფებიან, რადგან ისინი ჯერ არ დამდგარან ღვთის რწმენის სწორ გზაზე.
მეოთხე ტიპი: ბავშვის ზრდის ეტაპი, ანუ ბავშვობა
მას შემდეგ, რაც ადამიანი ძუძუს მოსწყდება — ანუ მას შემდეგ, რაც იგი საკმარისად დატკბება მადლით — იგი იწყებს იმის ძიებას, თუ რას ნიშნავს ღვთის რწმენა, და სურს, სხვადასხვა საკითხსაც ჩასწვდეს, მაგალითად, რატომ ცოცხლობს ადამიანი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რატომ მოქმედებს ღმერთი ადამიანზე. მას შემდეგ, რაც ეს დაბნეულობა და გაურკვევლობა უჩნდება, იგი განუწყვეტლივ იღებს მორწყვას და ასევე შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება ამ დაბნეულობასა და გაურკვევლობასთან ერთად. ამ პერიოდში მას აღარ ეპარება ეჭვი ღვთის რეალურ არსებობაში და ზუსტად აქვს გააზრებული ღმერთისადმი რწმენის მნიშვნელობა. ამ საფუძველზე იგი თანდათან შეიცნობს ღმერთს და ნელ-ნელა პოულობს პასუხს ზოგიერთ კითხვაზე, რომელიც ღვთის ხასიათისა და არსის შესახებ საგონებელში აგდებდა. ხასიათის ცვლილებებისა და ღვთის შეცნობის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები სწორ გზას ადგებიან და გარდამავალ პერიოდში შედიან. სწორედ ამ ეტაპზე ადამიანში სიცოცხლე იღვიძებს. სიცოცხლის გაჩენა კონკრეტულად ასე ვლინდება: ადამიანები გულში თანდათან აგვარებენ ღვთის შეცნობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს — როგორიცაა მცდარი შეხედულებები, ფანტაზიები, წარმოდგენები და ღმერთზე გამოგონილი შეხედულებები. და ისინი არა მხოლოდ ნამდვილად ირწმუნებენ და აღიარებენ ღვთის არსებობის რეალურობას, არამედ გულშიც უყალიბდებათ ღვთის ზუსტი განსაზღვრება და მისი ადგილის ზუსტი აღქმა, ხოლო მოჩვენებითი რწმენის ნაცვლად ღმერთს ჭეშმარიტად მიჰყვებიან. ამ ეტაპზე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ, რა მცდარი შეხედულებები აქვთ ღმერთზე და რამდენად მცდარია მათი მისწრაფებები და რწმენის წესი. მათ სწყურიათ ჭეშმარიტება, სწყურიათ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ღვთის სამსჯავრო, გვემა და წვრთნა, და სწყურიათ, შეიცვალონ ხასიათი. ამ ეტაპზე ისინი თანდათანობით უარს ამბობენ ღვთის შესახებ ყოველგვარ წარმოდგენასა და ფანტაზიაზე, ამავდროულად კი ცვლიან და ასწორებენ ღვთის შესახებ თავიანთ არასწორ ცოდნას და იძენენ ღვთის შესახებ გარკვეულ სუფთა და საფუძვლიან ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ადამიანთა მიერ მოპოვებული ცოდნის ნაწილი არ არის ძალიან კონკრეტული ან ზუსტი, ისინი თანდათან მაინც იწყებენ უარის თქმას თავიანთ წარმოდგენებზე, მცდარ ცოდნასა და ღვთის შესახებ მცდარ შეხედულებებზე; ისინი აღარ ინარჩუნებენ ღვთის შესახებ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს. ისინი იწყებენ იმის სწავლას, თუ როგორ უარყონ — უარყონ ის, რაც მათივე წარმოდგენებშია, რაც ცოდნიდან მოდის და რაც სატანისგანაა; ისინი იწყებენ მზადყოფნის გამოვლენას, რომ დაემორჩილონ სწორ და დადებით რამეებს, თუნდაც იმას, რაც ღვთის სიტყვებიდან მოდის და რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება. ისინი ასევე ცდილობენ, ღვთის სიტყვები საკუთარ თავზე გამოსცადონ, უშუალოდ გაიაზრონ და აღასრულონ ისინი და მიიღონ მისი სიტყვები, თავიანთი მოქმედების პრინციპებად და ხასიათის შეცვლის საფუძვლად. ამ პერიოდში ადამიანები გაუცნობიერებლად იღებენ ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას და გაუცნობიერებლად ღვთის სიტყვებს საკუთარ სიცოცხლედ იღებენ. ღვთის სამსჯავროს, გაკიცხვისა და სიტყვების მიღებისას ისინი სულ უფრო მეტად აცნობიერებენ და გრძნობენ, რომ ღმერთი, რომლისაც გულით სწამთ, ჭეშმარიტად არსებობს. ღვთის სიტყვებში, საკუთარ გამოცდილებასა და ცხოვრებაში ისინი სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ ღმერთი მუდამ ხელმწიფებდა ადამიანის ბედზე და მუდამ წინ მიუძღოდა ადამიანს და საჭირო რამით ამარაგებდა მას. ღმერთთან ურთიერთობით ისინი თანდათან რწმუნდებიან ღვთის არსებობაში. ამიტომ, სანამ ამას გააცნობიერებენ, მათ უკვე ქვეცნობიერად მოიწონეს და მტკიცედ ირწმუნეს ღვთის საქმე და მოიწონეს ღვთის სიტყვები. როგორც კი ადამიანები იწონებენ ღვთის სიტყვებსა და საქმეს, ისინი განუწყვეტლივ უარყოფენ საკუთარ თავს, უარყოფენ საკუთარ წარმოდგენებს, უარყოფენ საკუთარ ცოდნას, უარყოფენ საკუთარ ფანტაზიებს, და ამავდროულად განუწყვეტლივ ეძიებენ, თუ რა არის ჭეშმარიტება და რა არის ღვთის განზრახვები. ზრდის ამ პერიოდში ადამიანთა ცოდნა ღვთის შესახებ საკმაოდ ზედაპირულია — მათ არც კი შეუძლიათ ამ ცოდნის სიტყვებით ნათლად გადმოცემა და ვერც კონკრეტულად გამოხატავენ მას — და ამას ისინი ჯერჯერობით მხოლოდ გრძნობით ხვდებიან; თუმცა, წინა სამ ეტაპთან შედარებით, რადგან მათ რწყავდნენ და ღვთის სიტყვებით ასაზრდოებდნენ, ადამიანთა მოუმწიფებელმა სიცოცხლემ ამ პერიოდში უკვე დაიწყო აღმოცენება. მათი სიცოცხლე მიწაში ჩამარხულ თესლს ჰგავს; როდესაც ტენსა და საკვებ ნივთიერებებს შეიწოვს, მიწიდან ამოიწვერება და მისი აღმოცენება ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავს. ამ დაბადებით სიცოცხლის ნიშნები ხილული ხდება. როდესაც ადამიანებს სიცოცხლე აქვთ, ისინი იზრდებიან. ამიტომ ამის საფუძველზე — ღმერთისადმი რწმენის სწორ გზაზე თანდათანობით დადგომით, საკუთარ წარმოდგენებზე უარის თქმითა და ღვთის წინამძღოლობის მოპოვებით — ადამიანებში სიცოცხლე აუცილებლად თანდათან გაიზრდება. რა საფუძველზე იზომება ეს ზრდა? ის იზომება ღვთის სიტყვების შესახებ ადამიანის გამოცდილებისა და ღვთის სამართლიანი ხასიათის მისი ჭეშმარიტი ემპირიული გაგების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ამ პერიოდში მათ ძალიან უჭირთ, საკუთარი სიტყვებით ზუსტად აღწერონ, რა იციან ღმერთსა და მის არსზე, რაც შეეხება მათ სუბიექტურ სურვილებს, ადამიანთა ამ ჯგუფს აღარ სურს, ესწრაფოდეს ღვთის მადლით ტკბობას საკუთარი სიამოვნებისთვის ან ღვთის რწმენის მიზნად ღვთის მადლის მიღება დაისახოს, არამედ სურს, ესწრაფოდეს ღვთის სიტყვით ცხოვრებას და გახდეს ღვთის ხსნის ობიექტი. უფრო მეტიც, ამ ჯგუფს ამისთვის რწმენაც ჰყოფნის და მზადაც არის, მიიღოს ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა. სწორედ ეს ახასიათებს ზრდის ეტაპზე მყოფ ადამიანს.
ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები გარკვეულწილად იცნობენ ღვთის სამართლიან ხასიათს, თუმცა მათი ცოდნა ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანი და ზოგადია. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ცოდნის ნათლად გადმოცემა, შინაგანად გრძნობენ, რომ რაღაც უკვე შეიძინეს, რადგან გარკვეულწილად შეიცნეს და საკუთარი გამოცდილებით გაიგეს ღვთის სამართლიანი ხასიათი ღვთის გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით. უბრალოდ, ეს ყველაფერი საკმაოდ ზედაპირულია და ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ადამიანთა ამ ჯგუფს ღვთის მადლისადმი მკაფიოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვს, რაც იმით ვლინდება, რომ ეცვლება როგორც მიზნები, ისე მათი მიღწევის გზები. მათ უკვე დაინახეს ღვთის სიტყვებსა და საქმეში, ადამიანის მიმართ მის ყოველგვარ მოთხოვნაში და იმაში, რასაც ღმერთი ადამიანში ამხელს, რომ თუ ისინი კვლავ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, თუ კვლავ არ ისწრაფვიან რეალობაში შესვლისკენ, თუ მისი სიტყვების გამოცდისას კვლავ არ ესწრაფვიან იმას, რომ ღმერთი დააკმაყოფილონ და შეიცნონ, მაშინ მათთვის ღვთის რწმენა აზრს დაკარგავს. ისინი ხედავენ, რომ რაც უნდა უხვად დატკბნენ ღვთის მადლით, ვერ შეიცვლიან ხასიათს, ვერ დააკმაყოფილებენ ღმერთს და ვერც შეიცნობენ მას, და რომ თუ ადამიანი მუდამ ღვთის მადლით ცხოვრობს, მაშინ ის ვერასოდეს გაიზრდება, ვერ მოიპოვებს სიცოცხლეს და ვერც ხსნას მიაღწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ადამიანი ღვთის სიტყვებს საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ გამოსცდის და ამ სიტყვებით ღმერთს ვერ შეიცნობს, მაშინ ის სამუდამოდ დარჩება ჩვილის ეტაპზე და მისი სიცოცხლე ოდნავადაც ვერ გაიზრდება. თუ შენ სამუდამოდ ჩვილის ეტაპზე დარჩები, თუ ვერასოდეს შეძლებ ღვთის სიტყვის რეალობაში შესვლას, თუ ღვთის სიტყვა ვერასოდეს გახდება შენი სიცოცხლე, და თუ ღვთის ჭეშმარიტ რწმენასა და მის შესახებ ცოდნას ვერასოდეს შეიძენ, მაშინ გაქვს კი იმედი, რომ ღმერთი სრულგქმნის? ამიტომ ყველა, ვინც შედის ღვთის სიტყვის რეალობაში, ყველა, ვინც ღვთის სიტყვას საკუთარ სიცოცხლედ იღებს, ყველა, ვინც იწყებს ღვთის გაკიცხვისა და სამსჯავროს მიღებას, ყველა, ვისი გახრწნილი ხასიათიც იწყებს შეცვლას, ვის გულსაც ჭეშმარიტება სწყურია და ვისაც აქვს ღვთის შეცნობისა და ღვთის ხსნის მიღების სურვილი — მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ სიცოცხლე ჭეშმარიტი გაგებით. მხოლოდ ისინი მიეკუთვნებიან სინამდვილეში ადამიანთა მეოთხე ტიპს — ანუ იმ ადამიანებს, ვინც ბავშვის ზრდის ეტაპზე, ბავშვობაში, იმყოფება.
მეხუთე ტიპი: სიცოცხლის მომწიფების ეტაპი, ანუ ზრდასრულობის ეტაპი
ბავშვობის იმ ეტაპის გავლის შემდეგ, როცა ადამიანს ჯერ მტკიცედ არ უდგას ფეხი, და ზრდის იმ ეტაპის გავლის შემდეგ, როცა ბევრი რამ მეორდება, ადამიანთა სიცოცხლე სიმყარეს იძენს, მათი წინსვლა აღარ ფერხდება და არავის შეუძლია მათი შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ წინ სავალი გზა კვლავაც უსწორმასწორო და ოღროჩოღროა, ისინი სისუსტეს აღარ იჩენენ და აღარც ეშინიათ, აღარ მიიკვლევენ გზას ხელის ცეცებით და გზა აღარ ებნევათ. ღვთის სიტყვის რეალურ გამოცდილებას მათ ცხოვრებაში ღრმად აქვს ფესვი გადგმული და მათი გულები ღვთის კეთილშობილებამ და სიდიადემ მიიზიდა. ისინი მიელტვიან, რომ გაჰყვნენ ღვთის ნაბიჯებს, შეიცნონ ღვთის არსი და შეიცნონ ყველაფერი ღვთის შესახებ.
ამ ეტაპზე მყოფმა ადამიანებმა უკვე ნათლად იციან, ვისი სწამთ, და ნათლად იციან, რატომ უნდა სწამდეთ ღმერთი და რა აზრი აქვს მათ სიცოცხლეს, და ნათლად იციან, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი გამოხატავს, ჭეშმარიტებაა. მრავალწლიანი გამოცდილებით ისინი ხვდებიან, რომ ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის გარეშე ადამიანი ვერასოდეს დააკმაყოფილებს და ვერც შეიცნობს ღმერთს და ვერასოდეს წარდგება ჭეშმარიტად ღვთის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი გულით სურთ, რომ ღვთისგან განსაცდელები მოევლინოთ, რათა ამ განსაცდელების დროს იხილონ ღვთის სამართლიანი ხასიათი, რათა უფრო წმინდა სიყვარულს ეზიარონ და ამავდროულად შეძლონ, ღმერთი უფრო ჭეშმარიტად გაიგონ და შეიცნონ. ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები უკვე სრულად დაემშვიდობნენ ჩვილის ეტაპს და ღვთის მადლით ტკბობისა და პურით გაძღომის ეტაპს. ისინი აღარ ამყარებენ იმ არაზომიერ იმედს, რომ ღმერთი მათ მიმართ წყალობასა და შემწყნარებლობას გამოიჩენს; პირიქით, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, ღვთის განუწყვეტელი გაკიცხვა და სამსჯავრო მიიღონ და ამის იმედიც აქვთ, რათა გათავისუფლდნენ თავიანთი გახრწნილი ხასიათისგან და დააკმაყოფილონ ღმერთი. მათ გულში კარგად აქვთ გააზრებული ყველაფერი, რაც ღმერთზე იციან, ის, რისკენაც ისწრაფვიან, და ის, რისი მიღწევაც საბოლოოდ სურთ. ამიტომ ზრდასრულობის ეტაპზე მყოფი ადამიანები უკვე სრულად დაემშვიდობნენ ილუზიური რწმენის ეტაპს, ეტაპს, როცა ხსნის იმედს მადლზე ამყარებენ, ეტაპს, როცა სიცოცხლე ჯერ მოუმწიფებელია და განსაცდელებს ვერ უძლებს, ბუნდოვანების ეტაპს, ხელის ცეცებით გზის გაკვლევის ეტაპს, ეტაპს, როცა ხშირად გზას ვეღარ პოულობენ, მერყეობის პერიოდს, როცა ხან ენთუზიაზმით ივსებიან, ხან კი გულგრილნი ხდებიან, და ეტაპს, როდესაც ისინი თვალებახვეულნი მიჰყვებიან ღმერთს. ამ ტიპის ადამიანები ხშირად იღებენ ღვთის ნათელის მოფენასა და განათებას და ღმერთთან ხშირად აქვთ ჭეშმარიტი ურთიერთობა და საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მცხოვრებ ადამიანებს უკვე გააზრებული აქვთ ღვთის განზრახვების ნაწილი, რომ მათ შეუძლიათ იპოვონ ჭეშმარიტება-პრინციპები იმაში, რასაც აკეთებენ, და რომ მათ იციან, როგორ შეასრულონ ღვთის განზრახვები. გარდა ამისა, მათ იპოვეს ღვთის შეცნობის გზა და დაიწყეს მოწმობის გაცემა იმის შესახებ, რაც ღმერთზე იციან. ზრდის პროცესში ისინი თანდათან იძენენ ღვთის განზრახვების, იმ განზრახვისა, რომელიც მას კაცობრიობის შექმნისას ჰქონდა, და იმ განზრახვისა, რომელიც კაცობრიობის მართვისას აქვს, უშუალო გაგებასა და ცოდნას. ისინი ასევე თანდათანობით იძენენ ღვთის სამართლიანი ხასიათის საფუძვლიან ცოდნასა და საკუთარი გამოცდილებით გაგებას. არც ერთ ადამიანურ წარმოდგენას და არც ერთ ფანტაზიას არ შეუძლია ამ ცოდნის ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ეტაპზე მყოფი ადამიანის სიცოცხლე ჯერ ვერ ჩაითვლება სრულად მომწიფებულად და მას არ შეიძლება ეწოდოს სამართლიანი ან სრულყოფილი ადამიანი, ამგვარმა ადამიანმა მაინც უკვე გადადგა ნაბიჯი სიცოცხლის მომწიფებისკენ და უკვე შეუძლია, ღვთის წინაშე წარდგეს და ღვთის სიტყვასა და ღმერთს პირისპირ შეხვდეს. რადგან ამგვარმა ადამიანმა ღვთის ამდენი სიტყვა საკუთარ თავზე გამოსცადა, უთვალავი განსაცდელი გამოიარა და უთვალავჯერ გამოსცადა ღვთის წვრთნა, სამსჯავრო და გაკიცხვა, მისი მორჩილება ღვთისადმი ფარდობითი კი არა, აბსოლუტურია. ღმერთზე მათი ცოდნა ქვეცნობიერიდან მკაფიო და ზუსტ ცოდნად გარდაიქმნა, ზედაპირულიდან — ღრმა ცოდნად, ბუნდოვანიდან და გაურკვევლიდან — დეტალურ და კონკრეტულ ცოდნად. მათ გადაინაცვლეს ხელის ცეცებით გზის გაჭირვებით გაკვლევიდან და პასიური ძიებიდან — ღვთის დაუბრკოლებლად შეცნობასა და მოწმობის აქტიურად გაცემაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები ფლობენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება-რეალობას, რომ ისინი სრულყოფისკენ მიმავალ იმავე გზას დაადგნენ, რომელსაც პეტრე დაადგა. ეს არის მეხუთე ტიპის ადამიანი, ის, ვინც სიცოცხლის მომწიფების, ანუ ზრდასრულობის, ეტაპზე იმყოფება.
2013 წლის 14 დეკემბერი