თავად ღმერთი, ერთადერთი III
ღვთის ხელმწიფება (II)
დღეს ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას თემაზე: „თავად ღმერთი, ერთადერთი“. ამ თემაზე უკვე ორი თანაზიარება გვქონდა: პირველი ეხებოდა ღვთის ხელმწიფებას, ხოლო მეორე — ღვთის სამართლიან ხასიათს. ამ ორი თანაზიარების მოსმენის შემდეგ, შეგექმნათ თუ არა სრულიად ახალი გაგება ღვთის ვინაობის, სტატუსისა და არსის შესახებ? დაგეხმარათ თუ არა ეს გაგება, უფრო არსებითად შეგეცნოთ ღვთის რეალური არსებობა და დარწმუნებულიყავით მასში? დღეს მე განვაგრძობ თანაზიარებას თემაზე: „ღვთის ხელმწიფება“.
ღვთის ხელმწიფების გაგება მაკრო და მიკრო პერსპექტივებიდან
ღვთის ხელმწიფება უნიკალურია. ეს არის გამორჩეული გამოვლინება, რომელიც წარმოადგენს თავად ღვთის ვინაობას, და ასევე განსაკუთრებული არსი, რომელიც წარმოადგენს ამ ვინაობას, რაც არ გააჩნია არცერთ შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას; ამგვარ ხელმწიფებას მხოლოდ შემოქმედი ფლობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ შემოქმედს — ერთადერთ ღმერთს — გააჩნია ასეთი გამოვლინება და ასეთი არსი. მაშ, რატომ ვსაუბრობთ ღვთის ხელმწიფებაზე? რით განსხვავდება თავად ღვთის ხელმწიფება იმ ხელმწიფებისგან, რომელიც ადამიანს თავის გონებაში წარმოუდგენია? რა არის მასში განსაკუთრებული? და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აქ მის წამოჭრას? თითოეული თქვენგანი გულდასმით უნდა დაფიქრდეს ამაზე. ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისთვის თემა „ღვთის ხელმწიფება“ ყოველთვის ბუნდოვანების განცდას იწვევს და მათ უჭირთ მისი გაგება; მასზე ნებისმიერი მსჯელობა, შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს უფსკრული ღვთის ხელმწიფების იმ ცოდნას, რომლის მიღწევაც ადამიანებს შეუძლიათ და ღვთის ხელმწიფების არსს შორის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ყველამ თანდათანობით უნდა შეიცნოს ღვთის ხელმწიფება იმ ადამიანების, მოვლენების, საგნებისა და სხვადასხვა ფენომენის მეშვეობით, რომლებიც ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და აღქმადია მათ რეალურ ცხოვრებაში. თუმცა ტერმინმა „ღვთის ხელმწიფება“ ადამიანებს, შესაძლოა, შეუცნობლობის განცდა გაუჩინოს, ღვთის ხელმწიფება სულაც არ არის ფუჭი. იგი თან ახლავს ადამიანებს მათი ცხოვრების ყოველ წუთსა და ყოველ წამს და ეხმარება მათ, ყოველი დღე გაიარონ. ამრიგად, თითოეული ადამიანი რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად შეძლებს ღვთის ხელმწიფების ყველაზე პრაქტიკული ასპექტის დანახვასა და გამოცდას. ეს პრაქტიკული ასპექტი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის ხელმწიფება ჭეშმარიტად არსებობს, და იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ იმ ფაქტის შეცნობა და წვდომა, რომ ღმერთი ფლობს ასეთ ხელმწიფებას.
ღმერთმა შექმნა ყოველივე. შექმნის შემდეგ, იგი ახორციელებს თავის ხელმწიფებას მასზე და ამავდროულად განაგებს მას. რას ნიშნავს კონცეფცია — „ღმერთი განაგებს ყოველივეს“? როგორ უნდა აიხსნას ეს? როგორ უკავშირდება ის რეალურ ცხოვრებას? როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა ღვთის ხელმწიფება იმ ფაქტის გაგებით, რომ „ღმერთი განაგებს ყოველივეს“? გამონათქვამიდან „ღმერთი განაგებს ყოველივეს“, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ღმერთი განაგებს არა პლანეტების ნაწილს ან ქმნილების ნაწილს, მით უმეტეს კაცობრიობის ნაწილს; არამედ ყოველივეს, უზარმაზარიდან მიკროსკოპულამდე, ხილულიდან უხილავამდე, და სამყაროს ციური სხეულებიდან დედამიწაზე არსებულ მრავალ ცოცხალ არსებამდე — ისევე როგორც მიკროორგანიზმებს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია და არსებებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არსებობენ — ღმერთი განაგებს. ეს ზუსტად განმარტავს გამონათქვამში „ღმერთი განაგებს ყოველივეს“ სიტყვა „ყოველივეს“ მნიშვნელობას. სწორედ ეს არის ის არეალი, რომლის ფარგლებშიც ღმერთი ახორციელებს თავის ხელმწიფებას, მეუფებასა და მმართველობას.
სანამ ეს კაცობრიობა გაჩნდებოდა, სამყაროს ციური სხეულები უკვე არსებობდა. მაკრო დონეზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია არსებობენ ეს ციური სხეულები, ისინი მოწესრიგებულად მოძრაობენ ღვთის კონტროლის ქვეშ. რომელი პლანეტა სად მიდის კონკრეტულ დროს, რომელი პლანეტა რა დავალებას ასრულებს კონკრეტულ დროს, რომელი პლანეტა რომელ ორბიტას მიჰყვება და როდის ქრება ან ნაცვლდება იგი — ყოველივე ეს უმცირესი შეცდომის გარეშე მიმდინარეობს. პლანეტების განლაგება და მათ შორის მანძილი მკაცრ კანონზომიერებებს ექვემდებარება და ზუსტ მონაცემებს შეესაბამება. ორბიტები, რომლებსაც ისინი მიჰყვებიან, მათი მოძრაობის სიჩქარე, მათი მოძრაობის მარეგულირებელი კანონზომიერებები და ის, თუ როდის მიაღწევენ ისინი გარკვეულ პოზიციას — ყოველივე ამას ზუსტი მონაცემები და დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრავს. უხსოვარი დროის განმავლობაში პლანეტები ამ კანონზომიერებების ფარგლებში მოძრაობენ, ყოველგვარი გადახვევის გარეშე. არცერთ ძალას არ შეუძლია შეცვალოს ან დაარღვიოს მათი ორბიტები ან ის კანონზომიერებები, რომლებსაც ისინი მიჰყვებიან. რადგან ეს ზუსტი მონაცემები და მათი მოძრაობის მარეგულირებელი დადგენილი კანონზომიერებები შემოქმედის ხელმწიფებითაა განწესებული, ისინი თავისთავად მოწესრიგებულად მოძრაობენ შემოქმედის ხელმწიფებისა და კონტროლის ქვეშ. ადამიანებისთვის რთული არ არის მაკრო დონეზე გარკვეული კანონზომიერებების, მონაცემებისა და ზოგიერთი უცნაური და აუხსნელი წესის თუ ფენომენის აღმოჩენა. თუმცა კაცობრიობა არ აღიარებს ღვთის არსებობას და არ იღებს იმ ფაქტს, რომ შემოქმედმა შექმნა ყოველივე და ხელმწიფებს ყოველივეზე, მით უმეტეს არ აღიარებს შემოქმედის ხელმწიფების არსებობას, მეცნიერები, ასტრონომები და ფიზიკოსები მაინც სულ უფრო მეტად აღმოაჩენენ, რომ კანონზომიერებები და წესები, რომლებიც ყოველივეს არსებობასა და მოძრაობას განაპირობებს, უზარმაზარი და დაფარული ბნელი ენერგიის ხელმწიფებისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს ფაქტი აიძულებს კაცობრიობას, თვალი გაუსწოროს და აღიაროს, რომ არსებობს ძლევამოსილი, რომელიც წარმართავს და განაგებს ყველაფერს ამ კანონზომიერებათა შუაგულში, რომლებიც ყოველივეს ფუნქციონირებას განაპირობებს. მისი ძალა არაჩვეულებრივია და თუმცა არავის შეუძლია მისი ნამდვილი სახის ხილვა, იგი მუდმივად ხელმწიფებს ყველაფერზე და აკონტროლებს. არცერთ ადამიანს და არცერთ ძალას არ შეუძლია მისი ხელმწიფების გადალახვა. ამ ფაქტის წინაშე მდგარ კაცობრიობას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ აღიაროს, რომ ყოველივეს არსებობის კანონზომიერებები ადამიანების მიერ ვერ გაკონტროლდება და ვერავინ შეცვლის მათ; ის ასევე იძულებულია აღიაროს, რომ ეს კანონზომიერებები ადამიანთათვის მიუწვდომელია — ისინი ბუნებრივად არ ჩამოყალიბებულა, არამედ უზენაესის მიერ იმართება. ყოველივე ეს ღვთის ხელმწიფების ის ასპექტებია, რომელთა აღქმაც ადამიანებს მაკრო დონეზე შეუძლიათ.
მიკრო დონეზე, ყველა მთა, მდინარე, ტბა, ზღვა და ხმელეთი, რომელსაც ადამიანები დედამიწაზე ხედავენ, ყველა სეზონი, რომელსაც ისინი განიცდიან და ყოველივე, რაც დედამიწაზე ბინადრობს — მცენარეების, ცხოველების, მიკროორგანიზმებისა და ადამიანების ჩათვლით — ღვთის ხელმწიფებასა და კონტროლს ექვემდებარება. ღვთის ხელმწიფება და კონტროლი განაპირობებს ყოველივეს გაჩენას ან გაქრობას მისი აზრების შესაბამისად, და ასევე წარმოშობს ყოველივეს არსებობის კანონზომიერებებს. სწორედ ამ კანონზომიერებების ქვეშ მრავლდება და აგრძელებს არსებობას ყოველივე; არცერთ ადამიანს და არცერთ საგანს არ შეუძლია ამ კანონზომიერებების გადალახვა. რატომ არ შეუძლიათ? ერთადერთი პასუხი ასეთია: ეს ღვთის ხელმწიფების გამო ხდება. „ღვთის ხელმწიფების გამო“ — ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღვთის აზრებისა და ღვთის სიტყვების გამოა, ან თავად ღვთის უშუალო მოქმედების გამო. ანუ, ყოველივეს კანონზომიერებები წარმოიშობა ღვთის ხელმწიფებისა და ღვთის აზრების გამო, და ასევე ინაცვლებს და იცვლება მისი აზრების გამო. ეს გადანაცვლებები და ცვლილებები წარმოიშობა და სრულდება მისი გეგმის გულისთვის. ავიღოთ, მაგალითად, ეპიდემიები. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იფეთქებს ხოლმე. არავინ იცის მათი წარმოშობის წყარო ან ზუსტად რა იწვევს მათ, და სადაც არ უნდა გავრცელდეს ეპიდემია, ვერცერთი განწირული ადამიანი ვერ აირიდებს თავიდან უბედურებას. მეცნიერების გადმოსახედიდან, ეპიდემიები გამოწვეულია ვირულენტური ან მავნე მიკრობების მასობრივი გამრავლებით, და მეცნიერებას არ ძალუძს მათი გავრცელების სიჩქარის, მასშტაბისა და მეთოდის წინასწარმეტყველება ან გაკონტროლება. თუმცა ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიებისგან თავის დასაცავად, მათ არ შეუძლიათ გააკონტროლონ, თუ რომელი ადამიანები თუ ცხოველები დაზარალდებიან აუცილებლად ეპიდემიის აფეთქებისას. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ, არის ის, რომ შეეცადონ, თავიდან აიცილონ ისინი, დაიცვან თავი მათგან და გამოიკვლიონ ისინი. მაგრამ არავინ იცის ნებისმიერი ცალკეული ეპიდემიის აფეთქების ან დასრულების ძირეული მიზეზი და არავის შეუძლია მათი გაკონტროლება. ეპიდემიის აფეთქებისა და გავრცელებისას ადამიანები პირველ ზომად ვაქცინის შექმნას მიმართავენ, მაგრამ ხშირად, სანამ ვაქცინა გამზადდება, ეპიდემია ისე ქრება, რომ ამას ვერავინ აცნობიერებს. ზუსტად როგორ ქრება ეპიდემიები? ზოგი ამბობს, რომ მიკრობები კონტროლს დაექვემდებარა, სხვები კი ამბობენ, რომ ეს სეზონის ცვლილების გამო ხდება... რაც შეეხება იმას, გამართლებულია თუ არა ეს უსაფუძვლო ვარაუდები, მეცნიერებას არ შეუძლია ნათელი ახსნის შემოთავაზება ან ზუსტი პასუხის გაცემა. შესაბამისად, რის წინაშეც ადამიანები დგანან, არის არა მხოლოდ ეს უსაფუძვლო ვარაუდები, არამედ მათი დაბნეულობა ეპიდემიების მიმართ და მათი შიში. არავინ იცის, ზუსტად როგორ ჩნდება ეს ეპიდემიები, ან ზუსტად როგორ ქრება ისინი. რადგან ადამიანებს მხოლოდ მეცნიერების სჯერათ და მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულნი, და ამავდროულად არ აღიარებენ შემოქმედის ხელმწიფებას და არ იღებენ მის ხელმწიფებას, ისინი ვერასოდეს იპოვიან პასუხებს ამ კითხვებზე.
ღვთის მეუფების ქვეშ, მისი ხელმწიფებითა და მისი მართვის მიზნით წარმოიშობა, არსებობს და ქრება ყოველივე. ზოგიერთი რამ ჩუმად მოდის და მიდის, და ადამიანს არ ძალუძს, დაინახოს, საიდან მოვიდა, ან ჩაწვდეს იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მიჰყვება, და, მით უმეტეს, გაიგოს მისი მოსვლისა და წასვლის მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე, რაც სამყაროში ხდება, ადამიანს შეუძლია საკუთარი თვალით იხილოს, საკუთარი ყურით ისმინოს ან პირადად გამოსცადოს; მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანთან არის დაკავშირებული და მას ქვეცნობიერად შეუძლია შეიგრძნოს სხვადასხვა ფენომენის უჩვეულობა, კანონზომიერება თუ უცნაურობა, მან მაინც არაფერი იცის შემოქმედის განზრახვებსა და ფიქრებზე, რომლებიც ყოველივე იმის მიღმა დგას, რაც ხდება ამ ყოველივეში. იქ მრავალი ისტორია და მრავალი დაფარული ფაქტი ძევს. რადგან ადამიანი განშორდა შემოქმედს და რადგან ის არ იღებს იმ ფაქტს, რომ შემოქმედი ხელმწიფებს ყოველივეზე, მას არასოდეს შეეძლება გაიგოს და ჩაწვდეს იმ ყველაფერს, რაც შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ ხდება. რომ შევაჯამოთ, ღვთის კონტროლი და მეუფება სცდება ადამიანური ფანტაზიის, ადამიანური ცოდნის, ადამიანური გაგებისა და ყოველივე იმის საზღვრებს, რისი მიღწევაც მეცნიერებას ძალუძს; ისინი აღემატება შექმნილი კაცობრიობის შესაძლებლობებს. ზოგიერთი ამბობს: „არ გიხილავს ღვთის მეუფება — როგორ შეგიძლია გწამდეს, რომ ყოველივე ეს მისი ხელმწიფების შედეგია?“ დანახვა აუცილებლად არ ნიშნავს რწმენას ან აღიარებასა და გაგებას. მაშ, საიდან მოდის რწმენა? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რწმენა მოდის იქიდან, თუ რა ხარისხითა და სიღრმით წვდება და განიცდის ადამიანი საგნების ძირეულ მიზეზებსა და ჭეშმარიტებას. თუ გწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ არ შეგიძლია აღიარო და, მით უმეტეს, დაინახო ღვთის მეუფებისა და ყოველივეზე ღვთის კონტროლის ფაქტი, მაშინ შენს გულში ვერასოდეს აღიარებ, რომ ღმერთს აქვს ამგვარი ხელმწიფება და რომ ღვთის ხელმწიფება უნიკალურია; და შემოქმედს ვერასოდეს მიიღებ ჭეშმარიტად შენს უფლად და შენს ღმერთად.
კაცობრიობის ბედისწერა და ყოველივეს ბედისწერა განუყოფელია შემოქმედის ხელმწიფებისგან
თქვენ ყველანი ზრდასრულ ასაკში შეხვედით. ზოგიერთი თქვენგანი შუახნისაა; ზოგიც ხანდაზმულ ასაკში შევიდა. მას შემდეგ, რაც ღვთის ურწმუნოებიდან მის რწმენამდე მიხვედით და ღვთის რწმენის დაწყებიდან მისი სიტყვის მიღებამდე და მისი საქმის განცდამდე მიხვედით, რამდენად შეიცანით ღვთის ხელმწიფება? რა გაგება შეიძინეთ ადამიანის ბედისწერის შესახებ? ნუთუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც გსურთ? თქვენი არსებობის ამ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რამდენი რამ განვითარდა ისე, როგორც გსურდათ? რამდენი რამის წინასწარ განჭვრეტა ვერ შეძელით? რამდენი რამ აღმოჩნდა სასიამოვნო მოულოდნელობა? რამდენი რამის შედეგს ელოდებით ჯერ კიდევ ან კვლავ გაუცნობიერებლად ელით შესაფერის მომენტს, ელით ზეცის ნებას? რამდენი რამ გაგრძნობინებთ, რომ უმწეო ხართ და არ იცით, რა გააკეთოთ? ყველა სავსეა მოლოდინებით საკუთარი ბედისწერის მიმართ, იმედოვნებს, რომ თავის ცხოვრებაში ყველაფერი მისი სურვილისამებრ წარიმართება, რომ არ მოაკლდება საკვები და სამოსი, და რომ მისი ბედ-იღბალი საოცრად გაუმჯობესდება. არავის სურს ცხოვრებაში იყოს ღარიბი და მდაბიო, სირთულეებითა და მუდმივი უბედურებებით გარემოცული. მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ისეთი რამ, რისი წინასწარ განჭვრეტა ან გაკონტროლებაც ადამიანებს შეუძლიათ. შესაძლოა, ზოგიერთისთვის ყველაფერი, რაც წარსულში განიცადეს, მათთვის ბუნდოვანი და არეულია; ისინი არასოდეს იგებენ, რა არის ზეცის ნება და არც ადარდებთ ეს. ცხოველების მსგავსად, ისინი დაბნეულად მიაბიჯებენ ცხოვრებაში, ცხოვრობენ დღიდან დღემდე, არ ადარდებთ, რა არის ბედისწერა ან რატომ ცხოვრობენ ადამიანები და როგორ უნდა იცხოვრონ. როდესაც ასეთი ადამიანები ხანდაზმულ ასაკს აღწევენ, მათ მაინც არ აქვთ შეცნობილი ადამიანის ბედისწერა და სიკვდილის მომენტამდე წარმოდგენა არ აქვთ, რას წარმოადგენს ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სულის არმქონე მკვდრები არიან, ისინი მხეცები არიან. თუმცა ადამიანები ყოველივეს შორის ცხოვრობენ, ტკბებიან იმით, თუ როგორ აკმაყოფილებს სამყარო მათ ყველა მატერიალურ მოთხოვნილებას და ხედავენ ამ მატერიალური სამყაროს მუდმივ წინსვლას, მათი საკუთარი განცდა, რასაც მათი გული და სული განიცდის, არავითარ კავშირში არ არის რაიმე მატერიალურთან და ვერც რაიმე მატერიალურით ჩანაცვლდება; ეს არის გულის სიღრმეში არსებული გაცნობიერება, ის, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ეს გაცნობიერება არის ადამიანის სიცოცხლისა და ადამიანის ბედისწერის გაგება და აღქმა. და ეს მათ საშუალებას აძლევს, ხშირად შეიგრძნონ, რომ უხილავში არსებობს უზენაესი, რომელიც აწყობს, წარმართავს და განაგებს ყველაფერს ადამიანისთვის. ყოველივე ამის შუაგულში, ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ მიიღონ ბედისწერის განგებულება, წარმართვა და განგება, და ამავდროულად, მათ არ შეუძლიათ არ მიიღონ შემოქმედის განგებულება მათ წინაშე გასავლელი გზისთვის, ისევე როგორც შემოქმედის ხელმწიფება ადამიანის ბედისწერაზე, რაც უდავო ფაქტებია. რა შეცნობაც და დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ბედისწერის მიმართ, არავის შეუძლია ამ ფაქტების შეცვლა.
სად წავა ადამიანი, რას გააკეთებს, ვის ან რა სიტუაციას წააწყდება, რას იტყვის და რა მოხდება ყოველი დღის განმავლობაში — არის კი ეს ის, რისი წინასწარ განჭვრეტაც მას შეუძლია? შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ ყველა ამ მოვლენის წინასწარ განჭვრეტა, არამედ, უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ გააკონტროლონ მოვლენათა განვითარება. ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გაუთვალისწინებელი მოვლენები სულაც არ არის უცხო, ისინი ჩვეულებრივი მოვლენებია. ყოველდღიური ცხოვრების ამ წვრილმანი საქმეების წარმოშობა და მათი განვითარების გზები და კანონზომიერებანი კაცობრიობისთვის მუდმივი შეხსენებაა: არაფერი ხდება შემთხვევით; მოვლენათა განვითარების მიმდინარეობა და ყოველივეს გარდაუვალობა ადამიანის ნებით ვერ შეიცვლება. ყოველი მოვლენა შემოქმედისგან კაცობრიობისადმი გაფრთხილებას ატარებს და გადმოსცემს გზავნილს, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი ბედისწერის გაკონტროლება. ამავდროულად, ეს არის საპასუხო დარტყმა კაცობრიობის თავხედურ ამბიციასა და სურვილზე, რომ ბედისწერა საკუთარ ხელში აიღონ. ეს დარტყმა ჰგავს ძლიერ სილას, რომელიც კაცობრიობას სახეში ისევ და ისევ ხვდება და აიძულებს მას დაფიქრდეს, თუ ვინ ხელმწიფობს სინამდვილეში და ვინ განაგებს მის ბედისწერას. და რადგან მათი ამბიციები და სურვილები მუდმივად იმსხვრევა და ნადგურდება, მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ გაუცნობიერებლად დაემორჩილონ ბედისწერის განგებულებას და მიიღონ რეალობა, ზეცის ნება და შემოქმედის ხელმწიფება. ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანი საქმეების განმეორებადი წარმოშობიდან დაწყებული, კაცობრიობის ცალკეულ ადამიანთა ცხოვრების ბედისწერებით დამთავრებული, არ არსებობს არაფერი, რაც არ ავლენს შემოქმედის ხელმწიფებასა და განგებულებას; არ არსებობს არაფერი, რაც არ გადმოსცემს გზავნილს, რომ შემოქმედის ხელმწიფება გადაულახავია, რაც არ გადმოსცემს მარადიულად უცვლელ ჭეშმარიტებას, რომ შემოქმედის ხელმწიფება უზენაესია!
კაცობრიობის ბედისწერა და ყოველივეს ბედისწერა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული შემოქმედის ხელმწიფებასთან და განუყოფლად არის დაკავშირებული შემოქმედის წარმართვასა და განგებასთან; არსებითად, ამ ბედისწერათა ხასიათი განუყოფელია შემოქმედის ხელმწიფებისგან. ყოველივეს კანონზომიერებებიდან კაცობრიობა შეიცნობს შემოქმედის წარმართვასა და განგებას და მის ხელმწიფებას; ყოველივეს არსებობის წესებიდან ისინი ხედავენ შემოქმედის მმართველობას; ყოველივეს ბედისწერიდან ისინი ასკვნიან იმ გზებს, რომლებითაც შემოქმედი ახორციელებს თავის ხელმწიფებას და მმართველობას ყოველივეზე; ხოლო კაცობრიობისა და ყოველივეს სასიცოცხლო ციკლებიდან ისინი ჭეშმარიტად განიცდიან ყოველივესა და ცოცხალი არსებების წარმართვას, განგებასა და მოწყობას, და ჭეშმარიტად ხედავენ, რომ ეს წარმართვა, განგება და მოწყობა აღემატება ყველა მიწიერ დადგენილებას, დებულებასა და ინსტიტუტს, ყველა სხვა ძალაუფლებასა და ძალას. ამრიგად, კაცობრიობას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ აღიაროს, რომ შემოქმედის ხელმწიფება არ შეიძლება დაირღვეს არცერთი ქმნილების მიერ და რომ ყველა მოვლენა და საგანი, რომელიც წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის მიერ, არ შეიძლება დაირღვეს ან შეიცვალოს რაიმე ძალის მიერ. სწორედ ამ ზეციური წესებისა და კანონების შესაბამისად ცხოვრობს და მრავლდება კაცობრიობა და ყოველივე თაობიდან თაობამდე. განა ეს არ არის შემოქმედის ხელმწიფების ჭეშმარიტი განსახიერება? თუმცა კაცობრიობა ობიექტური კანონზომიერებებიდან ხედავს შემოქმედის ხელმწიფებასა და მის მიერ ყოველივესა და ყველა მოვლენის წინასწარგანსაზღვრას, რამდენ ადამიანს შეუძლია სრულად ჩაწვდეს ყოველივეზე შემოქმედის ხელმწიფების პრინციპს? და რამდენს შეუძლია ჭეშმარიტად შეიცნოს, აღიაროს, მიიღოს და დაემორჩილოს საკუთარ ბედისწერაზე შემოქმედის ხელმწიფებასა და განგებულებას? ვინ, რადგან სწამს, რომ შემოქმედი ყოველივეზე ხელმწიფებს, ირწმუნებს ჭეშმარიტად და აღიარებს, რომ შემოქმედი ასევე ხელმწიფებს კაცობრიობის მთელი ცხოვრების ბედისწერაზე? და ვის შეუძლია ჭეშმარიტად და ნათლად დაინახოს ის ფაქტი, რომ ადამიანის ბედისწერა შემოქმედის ხელთაა? როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შემოქმედის ხელმწიფების მიმართ, როდესაც ისინი დგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ იგი ხელმწიფებს და განაგებს კაცობრიობის ბედისწერას — უნდა ითქვას, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ვინც ახლა ამ ფაქტის წინაშე დგას.
ექვსი ეტაპი, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს ცხოვრებაში
თითოეულმა ადამიანმა თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაიაროს კრიტიკული ეტაპების სერია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპები არის ყველაზე ფუნდამენტური, ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ბედისწერას. ახლა მე მოკლედ ჩამოვთვლი ამ ეტაპებს, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს თავისი ცხოვრების გზაზე.
პირველი ეტაპი: დაბადება
სად იბადება ადამიანი, რომელ ოჯახში იბადება, რა სქესისაა, როგორ გამოიყურება, როდის იბადება — ეს არის ის, რაც შეადგენს პირველ ეტაპს, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს.
არავის შეუძლია გადაწყვიტოს ამ ეტაპის დეტალები; ისინი ყველა წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის მიერ დიდი ხნით ადრე. მათზე არანაირ გავლენას არ ახდენს გარე გარემო და არცერთ ადამიანურ ფაქტორს არ შეუძლია შეცვალოს ეს ფაქტები, რომლებიც წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის მიერ. ადამიანის დაბადება ნიშნავს, რომ შემოქმედმა უკვე შეასრულა იმ განგებულების პირველი ნაბიჯი, რომელიც მან ამ ადამიანის ბედისწერისთვის განაწესა. რადგან მან წინასწარ განსაზღვრა ყველა ეს დეტალი დიდი ხნით ადრე, არავის შეუძლია რომელიმე მათგანის შეცვლა. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის ბედისწერა, მისი დაბადების გარემოებები წინასწარგანსაზღვრულია და რჩება ისეთად, როგორიც არის; მათზე არანაირ გავლენას არ ახდენს მათი ცხოვრებისეული ბედისწერა და და არც რაიმე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხელმწიფებს შემოქმედი მათ ცხოვრებისეულ ბედისწერაზე.
1) ახალი სიცოცხლე იბადება შემოქმედის განგებულებით
პირველი ეტაპის რომელი დეტალის — დაბადების ადგილის, ოჯახის, სქესის, ფიზიკური გარეგნობის, დაბადების დროის — არჩევა შეუძლია ადამიანს? ცხადია, ადამიანის დაბადება „პასიური“ მოვლენაა. ადამიანი იბადება უნებლიეთ, გარკვეულ ადგილას, გარკვეულ დროს, გარკვეულ ოჯახში, გარკვეული ფიზიკური გარეგნობით, უნებლიეთ ხდება გარკვეული ოჯახის წევრი, გარკვეული გვარის შთამომავალი. ადამიანს ცხოვრების ამ პირველ ეტაპზე არჩევანი არ აქვს; იგი იბადება კონკრეტულ გარემოებებსა და კონკრეტულ ოჯახში, კონკრეტული სქესითა და გარეგნობით, და კონკრეტულ დროს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის მთელ ცხოვრებასთან, ყოველივე შემოქმედის განგებულების მიხედვით. რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ამ კრიტიკულ ეტაპზე? გულდასმით დაფიქრებისას, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაბადების ამ ასპექტებს, არ არსებობს არცერთი რამ, რისი არჩევაც ადამიანებს შეუძლიათ. რომ არა შემოქმედის წინასწარგანსაზღვრა და მისი წარმართვა, ამქვეყნად მოვლენილ ახალშობილს არ ეცოდინებოდა, სად წასულიყო ან სად დარჩენილიყო, არ ეყოლებოდა ნათესავები, არ ეკუთვნებოდა არსად და არ ექნებოდა ნამდვილი სახლი. მაგრამ შემოქმედის საგულდაგულო განგებულების გამო, მას აქვს დასარჩენი ადგილი, მშობლები, ადგილი, რომელსაც ეკუთვნის და ნათესავები, და ამის შემდეგ ის იწყებს თავის ცხოვრებისეულ მოგზაურობას. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ ახალი სიცოცხლის გაჩენა შემოქმედის განგებულების შედეგია და ყველაფერი, რაც მას ექნება, შემოქმედის მიერ მიეცემა. თავისუფლად მცურავი სხეულიდან, რომელსაც არაფერი გააჩნია, ის თანდათანობით ხდება ხორცისა და სისხლის მქონე, ხილული, ხელშესახები, შექმნილი ადამიანი, რომელიც აზროვნებს, სუნთქავს და შეიგრძნობს სითბოსა და სიცივეს; რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შექმნილი არსების ყველა ნორმალურ აქტივობაში მატერიალურ სამყაროში; და რომელიც გაივლის ყველა იმ ამქვეყნიურ რამეს, რაც შექმნილმა ადამიანმა უნდა გაიაროს ცხოვრებაში. შემოქმედის მიერ ადამიანის დაბადების წინასწარგანსაზღვრა ნიშნავს, რომ იგი მიანიჭებს ამ ადამიანს ყველაფერს, რაც მას არსებობისთვის სჭირდება; და, ანალოგიურად, ადამიანის დაბადება ნიშნავს, რომ ის მიიღებს ყველაფერს, რაც არსებობისთვის სჭირდება შემოქმედისგან, და რომ ამ მომენტიდან მოყოლებული, ის იცხოვრებს სხვა ფორმით, უზრუნველყოფილი შემოქმედის მიერ და დაქვემდებარებული შემოქმედის მეუფებას.
2) ადამიანთა დაბადების სხვადასხვა გარემოების ძირეული მიზეზი
ადამიანები ხშირად ეძლევიან ფანტაზიას, რომ ხელახლა რომ დაბადებულიყვნენ, აუცილებლად გამოჩენილ ოჯახში დაიბადებოდნენ; ქალად რომ დაბადებულიყვნენ ისინი ზღაპრის პრინცესას დაემსგავსებოდნენ და ყველას ეყვარებოდათ, ხოლო მამაკაცად რომ დაბადებულიყვნენ, ისინი იქნებოდნენ მომხიბვლელი პრინცები, რომლებსაც არაფერი მოაკლდებოდათ და მთელი სამყარო მათ განკარგულებაში იქნებოდა. ხშირად არიან ისეთებიც, რომლებსაც ყოველგვარი ილუზია აქვთ თავიანთი დაბადების შესახებ და ძალიან უკმაყოფილონი არიან ამით; ისინი უკმაყოფილონი არიან თავიანთი ოჯახით, გარეგნობით, სქესით, დაბადების დროითაც კი. თუმცა ადამიანებს არასოდეს ესმით, რატომ იბადებიან კონკრეტულ ოჯახში ან რატომ გამოიყურებიან ამგვარად. მათ არ იციან, რომ მიუხედავად იმისა, თუ სად იბადებიან ან როგორ გამოიყურებიან, ეს მიზანი — ადამიანების მიერ სხვადასხვა როლის შესრულება და სხვადასხვა მისიის შესრულება შემოქმედის მართვისთვის — არასოდეს შეიცვლება. შემოქმედის თვალში არ აქვს მნიშვნელობა სად იბადება ადამიანი, მამაკაცია ის თუ ქალი, ან როგორ გამოიყურება — ეს ყველაფერი დროებითია. ისინი სხვა არაფერია, თუ არა მცირე ნიშნები და მაჩვენებლები მის მიერ მთელი კაცობრიობის მართვის თითოეულ ფაზაში. და ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულების ადგილი და შედეგი განისაზღვრება არა მისი დაბადებით რომელიმე კონკრეტულ ფაზაში, არამედ იმ მისიით, რომელსაც ის ასრულებს თითოეულ ცხოვრებაში, და იმით, თუ რას განუსაზღვრავს მას შემოქმედი, როდესაც შემოქმედის მართვის გეგმა დასრულდება.
ამბობენ, რომ ყოველ შედეგს აქვს მიზეზი და რომ არცერთი შედეგი არ არის მიზეზის გარეშე. შესაბამისად, ადამიანის დაბადება აუცილებლად არის დაკავშირებული როგორც მის ამჟამინდელ ცხოვრებასთან, ასევე მის წინა ცხოვრებებთან. თუ ადამიანის სიკვდილი მისი ამჟამინდელი ცხოვრების დასასრულია, მაშინ უნდა ითქვას, რომ მისი დაბადება ახალი ციკლის დასაწყისია; თუ ძველი ციკლები წარმოადგენს ადამიანის წინა ცხოვრებებს, მაშინ ახალი ციკლი, ბუნებრივია, მისი ამჟამინდელი ცხოვრებაა. რადგან ადამიანის დაბადება დაკავშირებულია მის წარსულ და აწმყო ცხოვრებებთან, აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილმდებარეობა, ოჯახი, სქესი, გარეგნობა და სხვა მსგავსი ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის დაბადებასთან, აუცილებლად არის დაკავშირებული მის წარსულ და აწმყო ცხოვრებებთან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის დაბადების ფაქტორები არა მხოლოდ განიცდის წინა ცხოვრებების გავლენას, არამედ განისაზღვრება მისი ბედისწერით ამჟამინდელ ცხოვრებაში. ამის შედეგად ადამიანები მრავალგვარ გარემოებაში იბადებიან: ზოგი იბადება ღარიბ ოჯახებში, ზოგი მდიდარ ოჯახებში. ზოგიერთი უბრალო წარმოშობისაა, ზოგს კი გამოჩენილი წარმომავლობა აქვს. ზოგი იბადება სამხრეთში, ზოგი ჩრდილოეთში. ზოგი იბადება უდაბნოში, ზოგი მწვანე მიწებზე. ზოგიერთი ადამიანის დაბადებას თან ახლავს შეძახილები, სიცილი და ზეიმი; სხვა ადამიანების დაბადებას კი მოაქვს ცრემლები, უბედურება და მწუხარება. ზოგი სიყვარულით გარემოცული იბადება, ზოგი იბადება როგორც არარაობა. ზოგი იბადება დახვეწილი ნაკვთებით, ზოგი კი დამახინჯებული ნაკვთებით. ზოგიერთი სასიამოვნო შესახედავია, ზოგი მახინჯია. ზოგი იბადება შუაღამისას, ზოგი შუადღის მზის მცხუნვარების ქვეშ. … სხვადასხვა ტიპის ადამიანთა დაბადება განისაზღვრება იმით, თუ როგორ განაწესა შემოქმედმა მათი ბედისწერა, ხოლო მათი დაბადება განსაზღვრავს მათ ბედისწერას ამჟამინდელ ცხოვრებაში, ისევე როგორც იმ როლებს, რომლებსაც ისინი შეასრულებენ და იმ მისიებს, რომლებსაც ისინი აღასრულებენ. ყოველივე ეს ექვემდებარება შემოქმედის მეუფებას და წინასწარგანსაზღვრულია მის მიერ; არავის შეუძლია თავი დააღწიოს ამ წინასწარგანსაზღვრას და არავის შეუძლია შეცვალოს თავისი დაბადება, მით უმეტეს, არავის შეუძლია აირჩიოს საკუთარი ბედისწერა.
მეორე ეტაპი: ზრდა
როგორი ტიპის ოჯახშიც არ უნდა დაიბადოს ადამიანი, სწორედ ასეთ ოჯახურ გარემოსა და აღზრდას მიიღებს იგი. ეს ყოველივე განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებშიც ადამიანი იზრდება, და ეს არის ადამიანის ცხოვრების მეორე კრიტიკული ეტაპი. ზედმეტია იმის თქმა, რომ ადამიანებს არც ამ ეტაპზე აქვთ არჩევანი. ისიც ფიქსირებული და წინასწარგანსაზღვრულია.
1) შემოქმედი განაწესებს იმ ფიქსირებულ გარემოებებს, რომლებშიც თითოეული ადამიანი იზრდება
ზრდის პროცესში ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს ის ადამიანები, მოვლენები თუ საგნები, რომლებიც აყალიბებენ მას და გავლენას ახდენენ მასზე, არც ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებსაც იძენს, ან ის ჩვევები, რომლებიც უვითარდება. ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს, ვინ არიან მისი მშობლები და ნათესავები, არც ის, თუ რა ადამიანები, მოვლენები და საგნები არიან მის გარშემო — როგორი ურთიერთობა აქვს ამ ადამიანებთან, მოვლენებთან და საგნებთან, და ის გავლენა, რომელსაც ეს ადამიანები, მოვლენები და საგნები ახდენენ მასზე ზრდის პროცესში, ასევე ისეთი რამეებია, რისი არჩევაც მას არ შეუძლია. მაშინ, ვინ წყვეტს ყოველივე ამას? ვინ განაწესებს მათ? რადგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანი ამ საკითხში და რადგან მათ არ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ ეს ყველაფერი — და, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ეს ყველაფერი ბუნებრივად არ ხდება — თავისთავად ცხადია, რომ ყველა ამ ადამიანის, მოვლენისა და საგნის წარმოშობა შემოქმედის ხელთაა. ისევე, როგორც შემოქმედი განაწესებს თითოეული ადამიანის დაბადების კონკრეტულ გარემოებებს, ის, რა თქმა უნდა, ასევე განაწესებს იმ კონკრეტულ გარემოებებსაც, რომლებშიც თითოეული ადამიანი იზრდება. თუ ადამიანის დაბადებას მოაქვს ცვლილებები მის გარშემო მყოფ ადამიანებში, მოვლენებსა და საგნებში, მაშინ ამ ადამიანის გაზრდაც გარდაუვალ გავლენას მოახდენს მათზე. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი იბადება ღარიბ ოჯახში, მაგრამ იზრდება სიმდიდრით გარემოცული; სხვების დაბადება კი მათი თავდაპირველად მდიდარი ოჯახების დაღმასვლას იწვევს, ისე, რომ ისინი ღარიბ გარემოში იზრდებიან. არავის დაბადება არ იმართება ფიქსირებული წესით და არ არსებობს რაიმე წესი ან გარდაუვალობა, რომელიც განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებშიც ადამიანი იზრდება. არცერთი მათგანი არ არის ისეთი რამ, რისი წარმოსახვითაც შექმნა ან გაკონტროლება ადამიანს შეუძლია; ისინი ადამიანის ბედისწერის შედეგია და განისაზღვრება მისი ბედისწერით. რა თქმა უნდა, ძირეულად, ეს ყველაფერი განისაზღვრება შემოქმედის მიერ თითოეული ადამიანის ბედისწერის წინასწარგანსაზღვრით; ისინი განისაზღვრება ამ ადამიანის ბედისწერაზე შემოქმედის მეუფებითა და მისი განგებულებით.
2) ის სხვადასხვა გარემოება, რომლებშიც ადამიანები იზრდებიან, წარმოშობს სხვადასხვა როლს
ადამიანის დაბადების გარემოებები აყალიბებს იმ ძირითად გარემოსა და პირობებს, რომლებშიც ის იზრდება, ხოლო ის გარემოებები, რომლებშიც ადამიანი იზრდება, მისი დაბადების გარემოებების ნაყოფია. ამ პერიოდში ადამიანი იწყებს ენის შესწავლას; მისი გონება ასევე იწყებს მრავალ ახალ რამესთან შეხებასა და მათ ათვისებას, რაც წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც იგი მუდმივად იზრდება. ის, რასაც ადამიანი საკუთარი ყურით ისმენს, საკუთარი თვალით ხედავს და საკუთარი გონებით ითვისებს, თანდათანობით ავსებს და აცოცხლებს მის შინაგან სამყაროს. ის ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებთანაც მას შეხება აქვს; ზოგადი წარმოდგენები, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებსაც ის სწავლობს; და ის სხვადასხვა აზრები, რომლებიც გავლენას ახდენს მასზე, ინერგება მასში და აყალიბებს მას, ყოველივე ეს წარმართავს და გავლენას მოახდენს მის ცხოვრებისეულ ბედისწერაზე. ზრდის პროცესში ის ენა, რომელსაც ადამიანი სწავლობს და ის აზრები, რომლებსაც იძენს, განუყოფელია მისი გარემოსგან, რომელიც შედგება მისი მშობლებისა და და-ძმებისგან, ისევე როგორც მის გარშემო არსებული სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნისგან. ამრიგად, ის, თუ როგორ იზრდება ადამიანი, განისაზღვრება იმ გარემოთი, რომელშიც ის ცხოვრობს, და დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე, რომლებთანაც მას შეხება აქვს ამ პერიოდის განმავლობაში. რადგან ის გარემოებები, რომლებშიც ადამიანი იზრდება, დიდი ხნით ადრეა წინასწარგანსაზღვრული, ის გარემოც, რომელშიც ის ცხოვრობს ამ პროცესის განმავლობაში, ბუნებრივია, ასევე წინასწარგანსაზღვრულია. იგი დამოკიდებულია არა მის არჩევანსა და სურვილებზე, არამედ შემოქმედის გეგმებზე, შემოქმედის საგულდაგულო განგებულებასა და ადამიანის ცხოვრებისეულ ბედისწერაზე შემოქმედის მეუფებაზე. ამრიგად, ის ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერი ინდივიდი ხვდება და ის საგნები, რომლებთანაც მას შეხება აქვს ზრდის პროცესში, აუცილებლად არის დაკავშირებული შემოქმედის წარმართვასა და განგებასთან და მის განგებულებებთან. ადამიანებს არ შეუძლიათ ამგვარი რთული ურთიერთკავშირების წინასწარ განჭვრეტა, არც მათი გაკონტროლება ან ბოლომდე ჩაწვდომა. ის გარემოებები, რომლებშიც თითოეული ადამიანი იზრდება, მოიცავს ყოველგვარი სახის საგნებსა და ადამიანებს — თანაც დიდი რაოდენობით. არცერთ ადამიანს არ შესწევს უნარი, მოაწყოს ან განაგოს კავშირების ასეთი უზარმაზარი ქსელი. შემოქმედის გარდა არცერთ ადამიანს და არცერთ საგანს არ შეუძლია გააკონტროლოს ყველა ადამიანის, მოვლენისა და საგნის წარმოშობა, გაგრძელება და გაქრობა, და სწორედ კავშირების ასეთი უზარმაზარი ქსელები აყალიბებს იმას, თუ როგორ იზრდება თითოეული ადამიანი შემოქმედის წინასწარგანსაზღვრის შესაბამისად, და ქმნის იმ სხვადასხვა გარემოს, რომლებშიც ის იზრდება, ამავდროულად აყალიბებს შემოქმედის მართვისთვის აუცილებელ სხვადასხვა როლს, რითაც ადამიანებისთვის ქმნის მყარ და ძლიერ საფუძველს, რათა მათ შეუფერხებლად შეასრულონ თავიანთი მისიები.
მესამე ეტაპი: დამოუკიდებლობა
თითოეული ადამიანი, ზრდის პროცესის გავლის შემდეგ, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად აღწევს სიმწიფეს. ამის შემდეგ მას უწევს სრულად დაასრულოს ზრდის ეს ეტაპი, დაემშვიდობოს მშობლებს და დამოუკიდებლად, როგორც ზრდასრულმა, თვალი გაუსწოროს წინ მდებარე გზას. მან თვალი უნდა გაუსწოროს ყველა იმ ადამიანს, მოვლენასა და საგანს, რომელთა წინაშეც ზრდასრული ადამიანი უნდა დადგეს, თვალი გაუსწოროს თავისი ბედისწერის ყველა იმ ასპექტს, რომელიც მალე იჩენს თავს. ეს არის მესამე ეტაპი, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს.
1) დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანები პირველად განიცდიან შემოქმედის მეუფებას
თუ ადამიანის დაბადება და გაზრდა არის „მოსამზადებელი პერიოდი“ მისი მთელი ცხოვრების გზისთვის, მისი ცხოვრებისეული ბედისწერის ქვაკუთხედი, მაშინ მისი დამოუკიდებლობა მისი ცხოვრებისეული ბედისწერის პროლოგია. თუ ადამიანის დაბადება და გაზრდა არის ის სიმდიდრე, რომელიც მან დააგროვა თავისი ცხოვრებისეული ბედისწერისთვის მოსამზადებლად, მაშინ მისი დამოუკიდებლობა არის ის დრო, როდესაც ის იწყებს ამ სიმდიდრის ხარჯვას ან მის გამრავლებას. როდესაც ადამიანი ტოვებს მშობლებს და დამოუკიდებელი ხდება, ის სოციალური გარემო, რომელსაც ის აწყდება, და ის სამუშაო და კარიერული შესაძლებლობები, რომლებსაც ის აწყდება, წინასწარ არის განსაზღვრული და არავითარი კავშირი არ აქვს მის მშობლებთან. ზოგიერთი ადამიანი ირჩევს კარგ სპეციალობას კოლეჯში და საბოლოოდ პოულობს სასურველ სამსახურს დამთავრების შემდეგ; შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცხოვრების გზას წარმატებით იწყებენ. სხვები სწავლობენ და ეუფლებიან მრავალ სხვადასხვა უნარს, თუმცა ვერასოდეს პოულობენ მათთვის შესაფერის სამსახურს ან პოზიციას, მით უმეტეს, ვერ ქმნიან საკუთარ კარიერას; შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების პირველი ნაბიჯი ცხოვრებაში აღბეჭდილია მარცხითა და სირთულეებით, მათი პერსპექტივები პირქუშია და მომავალი გაურკვეველია. ზოგიერთი სხვა გულმოდგინედ სწავლობს, თუმცა ყოველ ჯერზე სულ მცირედით აკლდება უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და თითქოს განწირულია, რომ ვერასოდეს მიაღწიოს წარმატებას; შეიძლება ითქვას, რომ მათი ცხოვრების გზასთან დაკავშირებული პირველი იმედები ფერფლად იქცევა. არ იციან, წინ მდებარე გზა გლუვია თუ ქვიანი, ისინი პირველად გრძნობენ, თუ რაოდენ არაპროგნოზირებადია ადამიანის ბედისწერა, და ამიტომ ცხოვრებას შიშისა და მოლოდინის ნაზავით უსწორებენ თვალს. სხვები არ არიან ძალიან კარგად განათლებულნი, თუმცა შეუძლიათ წიგნების წერა და გარკვეული დიდების მოპოვება. სხვები კი თითქმის სრულიად წერა-კითხვის უცოდინარნი არიან, თუმცა შეუძლიათ ფულის შოვნა ბიზნესში და ამით საკუთარი თავის რჩენა. ... რა პროფესიას ირჩევს ადამიანი, როგორ შოულობს სარჩოს, კარგია თუ ცუდი მის მიერ გაკეთებული არჩევანი — აქვთ კი ადამიანებს რაიმე არჩევანი ამ საკითხებში? ეფუძნება კი ეს ადამიანთა სურვილებსა და გადაწყვეტილებებს? ადამიანთა უმეტესობას სურს, ნაკლები იმუშაოს და მეტი გამოიმუშაოს, არ იშრომოს მზეში და წვიმაში, სოლიდურად ეცვას, ყველგან შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, სხვებზე წინ აღმოჩნდეს და სახელი გაუთქვას თავის წინაპრებს. ადამიანებს აქვთ ასეთი „სრულყოფილი“ სურვილები, მაგრამ როდესაც ისინი დგამენ თავიანთ პირველ ნაბიჯს ცხოვრების გზაზე, თანდათანობით ხედავენ, თუ რაოდენ არასრულყოფილია ადამიანის ბედისწერა, და პირველად ჭეშმარიტად აცნობიერებენ, რომ, თუმცა ადამიანს შეუძლია თამამად დაგეგმოს თავისი მომავალი და თავშეუკავებლად ჰქონდეს ყოველგვარი ოცნება, არავის აქვს უნარი ან ძალა, განახორციელოს საკუთარი ოცნებები, არც უნარი, გააკონტროლოს საკუთარი მომავალი. ყოველთვის იარსებებს უფსკრული ადამიანის ოცნებებსა და იმ რეალობას შორის, რომლის წინაშეც ის დგას; არასოდეს ხდება ყველაფერი ისე, როგორც ადამიანს წარმოუდგენია. ასეთი რეალობის წინაშე მდგარი ადამიანები ვერასოდეს პოულობენ დაკმაყოფილებას ან შინაგან კმაყოფილებას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ მოიფიქრონ ყოველგვარი მიდგომა და სცადონ ყველა შესაძლო გზა, და ძალისხმევას იჩენენ და მსხვერპლს გაიღებენ თავიანთი საარსებო წყაროსა და პერსპექტივების გულისთვის, და თავიანთი ბედისწერის შეცვლის მიზნით. მაგრამ საბოლოოდ, თუნდაც შეძლონ თავიანთი ოცნებებისა და სურვილების განხორციელება საკუთარი მძიმე შრომით, ისინი ვერასოდეს შეცვლიან თავიანთ ბედისწერას, და რამდენიც არ უნდა იბრძოლონ, ვერასოდეს გასცდებიან თავიანთ ბედისწერას. მიუხედავად მათი უნარებისა და ინტელექტის განსხვავებებისა, და იმისა, აქვთ თუ არა მტკიცე გადაწყვეტილება, ადამიანები ბედისწერის წინაშე თანასწორნი არიან; იქ არ არსებობს განსხვავება დიდსა და მცირეს, მაღალ და დაბალ მდგომარეობაში მყოფებს, წარჩინებულებსა და მდაბიოებს შორის. რა პროფესიას ეწევა ადამიანი, რით ირჩენს თავს და რაოდენ დიდ სიმდიდრეს ფლობს ცხოვრებაში, არ არის დამოკიდებული მის მშობლებზე, მის ნიჭზე, ან მის ძალისხმევასა და ამბიციებზე — ეს დამოკიდებულია შემოქმედის წინასწარგანსაზღვრაზე.
2) მშობლების დატოვება და ცხოვრების დიდ სცენაზე ოფიციალურად შესვლა საკუთარი როლის შესასრულებლად
როდესაც ადამიანი სიმწიფეს აღწევს, ის აკმაყოფილებს პირობებს, რათა დატოვოს მშობლები და დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება. სწორედ ამ დროს იწყებს იგი ცხოვრებაში თავისი როლის ჭეშმარიტად შესრულებას, და სწორედ ამ დროს მისი ცხოვრებისეული მისია თანდათანობით ბუნდოვანი და გაურკვეველი მდგომარეობიდან ნათელი და მკაფიო ხდება. თუმცა ის გარეგნულად ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას მშობლებთან, რადგან ის როლი, რომელსაც ის ასრულებს და მისი ცხოვრებისეული მისია არანაირად არ უკავშირდება მის მშობლებს, არსებითად ეს ახლო ურთიერთობა ნელ-ნელა იწყებს რღვევას, როდესაც ის თანდათანობით აღწევს დამოუკიდებლობას. ხორციელი გადმოსახედიდან, ის ქვეცნობიერად ვერ ახერხებს, აღარ იყოს მშობლებზე დამოკიდებული, მაგრამ ობიექტური ფაქტი ისაა, რომ როგორც კი ადამიანი სრულად იზრდება, ის ყოველმხრივ სრულად სწყდება მშობლებს და თავის მიერ ნაკისრ როლს დამოუკიდებლად შეასრულებს. მისი გაჩენისა და აღზრდის გარდა, ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მშობლები ატარებენ ადამიანის ცხოვრებაში, მხოლოდ ის არის, რომ გარეგანი პირობების მხრივ უზრუნველყონ მისთვის ზრდის გარემო, რომელშიც ის გაიზრდება, და სულ ეს არის, რადგან მხოლოდ შემოქმედის წინასწარგანსაზღვრა ახდენს გავლენას თითოეული ადამიანის ბედისწერაზე. ის, თუ როგორი მომავალი ექნება ადამიანს, არ არის ისეთი რამ, რისი გაკონტროლებაც რომელიმე ადამიანს შეუძლია; ეს დიდი ხნით ადრეა წინასწარგანსაზღვრული, და მშობლებსაც კი არ შეუძლიათ მისი ბედისწერის შეცვლა. რაც შეეხება ბედისწერას, ყველა დამოუკიდებელია; ყველას თავისი ბედისწერა აქვს. ამრიგად, ვერც ერთი ადამიანის მშობლები ვერანაირად ვერ შეცვლის მის ცხოვრებისეულ ბედისწერას და არც რაიმეს გაკეთება შეუძლია მის დასახმარებლად, როდესაც საქმე ეხება იმ როლს, რომელსაც ის ასრულებს ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ რომელ ოჯახშიც არ უნდა იყოს წინასწარგანსაზღვრული ადამიანის დაბადება, და რა გარემოშიც არ უნდა გაიზარდოს იგი, ეს სხვა არაფერია, თუ არა წინაპირობები მისი ცხოვრებისეული მისიის შესასრულებლად. ისინი არანაირად არ განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებისეულ ბედისწერას ან იმ ბედისწერის სახეს, რომლის ფარგლებშიც ის ასრულებს თავის მისიას. ამრიგად, ვერც ერთი ადამიანის მშობლები ვერ დაეხმარება მას ცხოვრებისეული მისიის შესრულებაში და არცერთ ნათესავს არ შეუძლია დაეხმაროს მას ცხოვრებისეული როლის აღსრულებაში. ის, თუ როგორ ასრულებს ადამიანი თავის მისიას და რა ცხოვრებისეულ გარემოში იკისრებს თავის როლს, მთლიანად დამოკიდებულია მის ცხოვრებისეულ ბედისწერაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავითარ ობიექტურ პირობებს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ვინმეს მისიაზე, რომელიც წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის მიერ. ყველა აღწევს სიმწიფეს იმ კონკრეტულ გარემოში, რომელშიც იზრდება; შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ის ადგება თავის ცხოვრების გზას და მიჰყვება იმ ბედისწერას, რომელიც მისთვის შემოქმედმა განაწესა. ბუნებრივად, თავისთავად, ის შედის ადამიანთა უკიდეგანო ზღვაში და იკავებს თავის ადგილს ცხოვრებაში, და, შემოქმედის წინასწარგანსაზღვრისა და მისი ხელმწიფების გულისთვის, ის იწყებს თავისი, როგორც შექმნილი არსების, პასუხისმგებლობების შესრულებას.
მეოთხე ეტაპი: ქორწინება
როდესაც ადამიანი თანდათანობით იზრდება და მწიფდება, ის სულ უფრო მეტად შორდება მშობლებს და იმ გარემოს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, და ამის ნაცვლად იწყებს საკუთარი ცხოვრებისეული მიმართულებისა და მიზნების ძიებას მშობლებისგან განსხვავებული ცხოვრების წესით, რომელიც განსხვავდება მისი მშობლების ცხოვრების წესისგან. ამ პერიოდში მას აღარ სჭირდება მშობლები; ნაცვლად ამისა, მას სჭირდება პარტნიორი, ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას შეძლებს — მეუღლე, რომლის ცხოვრებისეული ბედისწერაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მის საკუთარ ბედისწერასთან. ამრიგად, დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, პირველი მთავარი მოვლენა, რომლის წინაშეც ადამიანი დგება ცხოვრებაში, არის ქორწინება. ეს არის მეოთხე ეტაპი, რომელიც მან უნდა გაიაროს.
1) ქორწინება არ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ არჩევანზე
ქორწინება მთავარი მოვლენაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში; ეს არის დრო, როდესაც ის ჭეშმარიტად იწყებს სხვადასხვა პასუხისმგებლობის კისრებას და თანდათანობით სხვადასხვა მისიის შესრულებას. ადამიანებს აქვთ მრავალი ფანტაზია ქორწინების შესახებ, სანამ თავად გამოცდიან მას, და ყოველივე ეს ძალიან ლამაზ სურათს ხატავს. ქალები წარმოიდგენენ, რომ მათი მეორე ნახევარი მომხიბვლელი პრინცი იქნება, ხოლო მამაკაცები წარმოიდგენენ, რომ ზღაპრის პრინცესაზე დაქორწინდებიან. ეს ფანტაზიები აჩვენებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი მოთხოვნები და კრიტერიუმები, როდესაც საქმე ქორწინებას ეხება. თუმცა ამ ბოროტ ეპოქაში, ყოველგვარი ინფორმაცია მუდმივად უნერგავს ადამიანებს სხვადასხვა დამახინჯებულ შეხედულებას ქორწინების შესახებ, რაც ადამიანებს უჩენს კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას ქორწინების მიმართ და უყალიბებს სხვადასხვა ტვირთსა და უცნაურ დამოკიდებულებებს ქორწინების მიმართ, ნებისმიერმა დაქორწინებულმა იცის, რომ როგორც არ უნდა ესმოდეს ადამიანს ქორწინება, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მის მიმართ, ქორწინება არ არის ინდივიდუალური არჩევანის საკითხი.
ადამიანი ცხოვრებაში მრავალ ადამიანს შეხვდება, მაგრამ არავინ იცის, საბოლოოდ ვინ იქნება მისი პარტნიორი ქორწინებაში. თუმცა ყველას აქვს თავისი შეხედულებები და იდეები ქორწინების თემაზე, არავის შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, საბოლოოდ ვინ გახდება ჭეშმარიტად მისი მეორე ნახევარი, და თავად ადამიანები ვერაფერს წყვეტენ ამ საკითხში. მას შემდეგ, რაც შეხვდები ვინმეს, ვინც მოგწონს, შეგიძლია ეცადო მასთან დაახლოებას; მაგრამ დაინტერესდება თუ არა ის შენით, და გახდება თუ არა შენი პარტნიორი, შენი გადასაწყვეტი არ არის. ის, ვინც მოგწონს, აუცილებლად არ არის ის, ვისთანაც ცხოვრებას გაიზიარებ. პირიქით, შესაძლოა, ვერც კი შენიშნო, როგორ შემოვა შენს ცხოვრებაში ვიღაც, ვისაც არასოდეს ელოდი და გახდეს შენი პარტნიორი, შენი ბედისწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, შენი მეორე ნახევარი, რომლის ბედისწერაც განუყოფლად არის დაკავშირებული შენსასთან. ამრიგად, თუმცა სამყაროში უთვალავი ქორწინებაა, თითოეული მათგანი განსხვავებულია: ზოგი იმედგამაცრუებელია, ზოგი — სასიამოვნო; ზოგი აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ზოგი — ჩრდილოეთსა და სამხრეთს; ზოგი იდეალური წყვილია, ზოგიერთ წყვილს თანაბარი სოციალური მდგომარეობა აქვს; ზოგი სავსეა ნეტარებით, ზოგი — ტრაგედიით; ზოგი იწვევს სხვების აღფრთოვანებასა და შურს, ზოგი ადამიანებს საგონებელში აგდებს და ზიზღს იწვევს; ზოგი სავსეა სიხარულით, ზოგს კი მოაქვს დაუსრულებელი ცრემლები და სასოწარკვეთა... ქორწინების ამ უთვალავ სახეობაში, ადამიანები ავლენენ ერთგულებას და ქორწინებისადმი მარადიულ, ურყევ თავდადებას; ისინი ავლენენ დიდ მზრუნველობას, მტკიცე მიჯაჭვულობას და პარტნიორის გვერდით დგომის ვალდებულებას; ისინი ავლენენ უმწეობასა და გაუგებრობას; ისინი ავლენენ ღალატსა და მტრობასაც კი. მიუხედავად იმისა, ქორწინებას ბედნიერება მოაქვს თუ ტკივილი, თითოეული ადამიანის მისია ქორწინებაში, რომელიც წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის მიერ, არ იცვლება — ეს მისია არის ის, რაც ყველამ უნდა შეასრულოს. და თითოეული ადამიანის ბედისწერაც, რომელიც ყოველი ქორწინების მიღმა დგას, ასევე არ იცვლება; იგი დიდი ხნით ადრეა წინასწარგანსაზღვრული შემოქმედის მიერ.
2) ქორწინება ორივე პარტნიორის ბედისწერიდან წარმოიშობა
ქორწინება მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. იგი წარმოიშობა მისი ცხოვრებისეული ბედისწერის შედეგად და ამ ბედისწერის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი არ ეფუძნება ვინმეს ინდივიდუალურ ნებას ან პრეფერენციებს და მასზე გავლენას არ ახდენს არანაირი გარე ფაქტორი, არამედ მთლიანად განისაზღვრება ამ ორი ადამიანის ბედისწერით, ორივე მეუღლის ბედისწერის შემოქმედის მიერ წინასწარგანსაზღვრითა და განგებულებით. ზედაპირულად, ქორწინება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები გამრავლდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქორწინება სხვა არაფერია, თუ არა ცერემონია ადამიანის მისიის შესასრულებლად. ქორწინებაში ადამიანების როლი მხოლოდ მომავალი თაობის აღზრდით არ შემოიფარგლება; ისინი იკისრებენ ყველა იმ როლს, რომელიც ემსახურება ქორწინების შენარჩუნებას, ისევე როგორც იმ მისიებს, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ. რადგან ადამიანის დაბადება გავლენას ახდენს მის გარშემო მყოფ ადამიანებში, მოვლენებსა და საგნებში მიმდინარე ცვლილებებზე, მისი ქორწინებაც გარდაუვალ გავლენას ახდენს ამ ყოველივეზე, და კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს მათში ყოველგვარ ტრანსფორმაციას.
როდესაც ადამიანი დამოუკიდებელი ხდება, ის იწყებს სვლას საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე, რომელსაც ის, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიჰყავს იმ ადამიანებისკენ, მოვლენებისა და საგნებისკენ, რომლებსაც კავშირი აქვთ მის ქორწინებასთან. ამავდროულად, მისი მომავალი პარტნიორი ქორწინებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, უახლოვდება იმავე ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს. შემოქმედის მეუფების ქვეშ, ორი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ადამიანი თანდათანობით — მათი დაკავშირებული ბედისწერის გამო — შედის ერთ ქორწინებაში და სასწაულებრივად ხდება ერთი ოჯახი: „ორი მგზავრი ერთსა და იმავე ნავში“. ამრიგად, როდესაც ადამიანი შედის ქორწინებაში, მისი ცხოვრების გზა გავლენას მოახდენს მის მეორე ნახევარზე და ჩართავს მას, ხოლო მისი მეორე ნახევრის ცხოვრების გზა გავლენას მოახდენს მის ცხოვრებისეულ ბედისწერაზე და მასაც შეეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა ბედისწერები ურთიერთდაკავშირებულია და არავის შეუძლია შეასრულოს თავისი ცხოვრებისეული მისია ან აღასრულოს თავისი როლი სხვებისგან ჭეშმარიტად დამოუკიდებლად. ადამიანის დაბადება გავლენას ახდენს ურთიერთობების უზარმაზარ ქსელზე; გაზრდაც მოიცავს ურთიერთობების რთულ ქსელს; და ანალოგიურად, ქორწინება გარდაუვალად არსებობს და ნარჩუნდება ურთიერთობების უზარმაზარ და რთულ ქსელში; ის ამ ქსელის თითოეულ წევრს მოიცავს და გავლენას ახდენს ყველას ბედისწერაზე, ვინც მისი ნაწილია. ქორწინება არ არის ადამიანის ოჯახის, იმ გარემოს, რომელშიც ის გაიზარდა, მისი გარეგნობის, ასაკის, სულიერი მონაცემების, ნიჭის ან რაიმე სხვა ფაქტორის ნაყოფი; არამედ, იგი საერთო მისიისა და დაკავშირებული ბედისწერის ნაყოფია. ეს არის ქორწინების წარმოშობა, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ბედისწერაში, რომელსაც წარმართავს და განაგებს შემოქმედი.
მეხუთე ეტაპი: შთამომავლობა
მას შემდეგ, რაც ადამიანი ქორწინდება, ის იწყებს შვილების აღზრდას. არავის შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენი შვილი ეყოლება ან როგორი იქნებიან ისინი; ესეც დაფუძნებულია მის ბედისწერასა და შემოქმედის წინასწარგანსაზღვრაზე. ეს არის მეხუთე ეტაპი, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს.
თუ ადამიანი იბადება იმისთვის, რომ შეასრულოს ვიღაცის შვილის როლი, მაშინ ის ზრდის მომავალ თაობას, რათა შეასრულოს მშობლის როლი. როლების ეს ცვლილება საშუალებას აძლევს ადამიანს, გაიაროს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი სხვადასხვა პერსპექტივიდან. ეს ასევე აძლევს მას სხვადასხვა სახის სიცოცხლის გამოცდილებას, რომლის მეშვეობითაც ის პირადად შეიცნობს შემოქმედის მეუფებას, რომელიც ყოველთვის ერთი და იმავე გზით ხორციელდება, და რომლის მეშვეობითაც ის საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ არავის შეუძლია გასცდეს ან შეცვალოს შემოქმედის წინასწარგანსაზღვრა.
1) ადამიანს არ აქვს კონტროლი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მის შთამომავლობას
დაბადება, გაზრდა და ქორწინება მოიცავს სხვადასხვა სახისა და ხარისხის იმედგაცრუებას. ზოგიერთი ადამიანი უკმაყოფილოა თავისი ოჯახით ან საკუთარი ფიზიკური გარეგნობით; ზოგს არ მოსწონს თავისი მშობლები; ზოგიერთი ძალიან უკმაყოფილოა იმ გარემოთი, რომელშიც გაიზარდა. და ადამიანთა უმეტესობისთვის, ყველა ამ იმედგაცრუებას შორის, ქორწინება ყველაზე ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს ადამიანი თავისი დაბადებით, მომწიფებით ან ქორწინებით, ყველამ, ვინც ეს ყველაფერი გაიარა, იცის, რომ ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს სად და როდის დაიბადა, როგორ გამოიყურება, ვინ არიან მისი მშობლები და ვინ არის მისი მეუღლე, არამედ მხოლოდ ზეცის ნების მიღება შეუძლია. თუმცა, როდესაც დგება დრო, რომ ადამიანებმა აღზარდონ მომავალი თაობა, მათ ყველა ის სურვილი, რომლის განხორციელებაც ვერ შეძლეს თავიანთი ცხოვრების პირველ ნახევარში, თავიანთ შთამომავლებზე გადააქვთ, იმედოვნებენ რა, რომ მათი შთამომავლობა აანაზღაურებს მათი საკუთარი ცხოვრების პირველი ნახევრის ყველა იმედგაცრუებას. ამრიგად, ადამიანები ეძლევიან ყოველგვარ ფანტაზიას თავიანთი შვილების შესახებ: რომ მათი ქალიშვილები გაიზრდებიან და იქნებიან განსაცვიფრებელი ლამაზმანები, მათი ვაჟები — მომხიბვლელი ჯენტლმენები; რომ მათი ქალიშვილები იქნებიან კულტურულები და ნიჭიერები, ხოლო მათი ვაჟები წარმატებას მიაღწევენ როგორც აკადემიურ, ისე სპორტულ საქმიანობაში და იქნებიან არაჩვეულებრივად უნარიანები; რომ მათი ქალიშვილები იქნებიან ნაზები, სათნონი, კარგად განათლებულნი და გონიერნი, ხოლო მათი ვაჟები — გამჭრიახნი, უნარიანნი და გულისხმიერნი. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი შთამომავლები, ქალიშვილები იქნებიან თუ ვაჟები, პატივს სცემენ უფროსებს, ყურადღებიანები იქნებიან მშობლების მიმართ, ყველას ეყვარება და ყველა შეაქებს მათ... ამ პერიოდში ადამიანები ცხოვრებისადმი ახალ იმედს იძენენ და მათ გულებში ახალი სურვილები ინთება. ადამიანებმა იციან, რომ მათ აკლიათ უნარი და ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს, რომ მათ არ ექნებათ სხვა შანსი ან სხვა იმედი, რომ გამოირჩეოდნენ ბრბოსგან, და რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მიიღონ თავიანთი ბედისწერა. და ამიტომ მათ თავიანთი ყველა იმედი და თავიანთ განუხორციელებელი სურვილები და მისწრაფებები გადააქვთ მომავალ თაობაზე, იმედოვნებენ რა, რომ მათი შთამომავლობა დაეხმარება მათ თავიანთი ოცნებების მიღწევაში და სურვილების განხორციელებაში; რომ მათი ქალიშვილები და ვაჟები დიდებას მოუტანენ ოჯახის სახელს, მოიპოვებენ გამორჩეულ სტატუსს, ან გახდებიან მდიდრები ან ცნობილები. მოკლედ, მათ სურთ დაინახონ, რომ მათი შვილები დიდ წარმატებებს აღწევენ. ადამიანების გეგმები და ფანტაზიები სრულყოფილია; ნუთუ არ იციან, რომ შვილების რაოდენობა, მათი შვილების გარეგნობა, უნარები და ა.შ. მათი გადასაწყვეტი არ არის? და ეს რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორია მათი შვილების ბედისწერა — განა ეს მით უფრო არ არის მათ კონტროლს მიღმა? ადამიანები არ არიან საკუთარი ბედისწერის ბატონ-პატრონები, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეცვლიან ახალგაზრდა თაობის ბედისწერას; ისინი უძლურნი არიან თავი დააღწიონ საკუთარ ბედისწერას, თუმცა ცდილობენ თავიანთი ვაჟებისა და ქალიშვილების ბედისწერით მანიპულირებას. განა ისინი არ აფასებენ საკუთარ თავს ზედმეტად? განა ეს არ არის ადამიანური სისულელე და უმეცრება? ადამიანები დიდ ძალისხმევას გაიღებენ თავიანთი შთამომავლობისთვის, მაგრამ საბოლოოდ, რამდენი შთამომავალი ეყოლებათ და როგორი იქნებიან ეს შთამომავლები, არ განისაზღვრება მათი გეგმებითა და სურვილებით. ზოგიერთი ადამიანი უპოვარია, მაგრამ უამრავი შვილი ჰყავს; სხვებს იმდენი ფული აქვთ, რომ ვერც კი დათვლიან, თუმცა არცერთი შვილი არ ჰყავთ. ზოგს ქალიშვილი სურს, მაგრამ ეს სურვილი არ უსრულდება; სხვები მხოლოდ ვაჟს ნატრობენ, მაგრამ ვაჟი არასოდეს ეყოლებათ. ზოგიერთი იღებს კურთხევას თავისი შვილის გამო; სხვები განიცდიან უბედურებას თავიანთი შვილის გამო. ზოგიერთი წყვილი გონიერია, თუმცა ბადებს გონებაჩლუნგ შვილებს. ზოგი მშობელი შრომისმოყვარე და პატიოსანია, თუმცა მისი შვილები შრომას დასვენებას ამჯობინებენ. ზოგიერთი მშობელი კეთილი და მართალია, მაგრამ მისი შვილები ცბიერები და სასტიკები გამოდიან. ზოგიერთი მშობელი გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ ბადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს. ზოგიერთი მშობელი ჩვეულებრივია და არანაირი მიღწევა არ აქვს, თუმცა მათი შვილები დიდ წარმატებებს აღწევენ. ზოგიერთი მშობელი დაბალი სტატუსისაა, თუმცა ჰყავს შვილები, რომლებიც მაღალ სტატუსს იძენენ...
2) მომავალი თაობის აღზრდის შემდეგ ადამიანები იძენენ ბედისწერის ახალ გაგებას
ადამიანთა უმეტესობა ქორწინდება დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში, ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა განგებაზე. მაგრამ როდესაც ადამიანები იწყებენ შვილების აღზრდას და როდესაც მათი შვილები ზრდასრულები ხდებიან, ისინი ხედავენ, რომ ახალი თაობა იმეორებს წინა თაობის ცხოვრებას და ყველა გამოცდილებას — ისინი მათში საკუთარ წარსულს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ახალგაზრდა თაობის მიერ გავლილი გზის დაგეგმვა და არჩევა შეუძლებელია — ისევე, როგორც მათი საკუთარი გზის დაგეგმვა და არჩევა იყო შეუძლებელი. ეს ფაქტები მათ სხვა გზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ აღიარონ, რომ თითოეული ადამიანის ბედისწერა წინასწარგანსაზღვრულია, და გაუცნობიერებლად, ისინი თანდათანობით თმობენ საკუთარ სურვილებს, და მათ გულებში სურვილის ალი ბჟუტავს და ქრება... ამ პერიოდში მყოფი ადამიანები, რომლებმაც ძირითადად გაიარეს ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლებიც ადამიანმა ცხოვრებაში უნდა გაიაროს, იძენენ ცხოვრების ახალ გაგებას და ასევე იყალიბებენ ახალ დამოკიდებულებას მის მიმართ. რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ამ ასაკის ადამიანს მომავლისგან და რა პერსპექტივებს შეიძლება ელოდოს იგი? რომელი ორმოცდაათი წლის ქალი ოცნებობს ჯერ კიდევ მომხიბვლელ პრინცზე? რომელი ორმოცდაათი წლის მამაკაცი ეძებს ჯერ კიდევ თავის ზღაპრის პრინცესას? რომელი ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი იმედოვნებს ჯერ კიდევ, რომ მახინჯი იხვის ჭუჭულიდან გედად გადაიქცევა? აქვს თუ არა ხანდაზმულ მამაკაცთა უმეტესობას ისეთივე შემართება კარიერაში, როგორიც ახალგაზრდა მამაკაცებს? მოკლედ, იქნება ეს მამაკაცი თუ ქალი, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ ასაკამდე იცოცხლებს, ექნება შედარებით რაციონალური, პრაქტიკული დამოკიდებულება ქორწინების, ოჯახისა და შვილების მიმართ. ისინი, ძირითადად, არჩევანს აღარ აკეთებენ და აღარ აქვთ ბედისწერასთან დაპირისპირების სურვილი. ადამიანური გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი ადამიანი ამ ასაკს აღწევს, მას ბუნებრივად უყალიბდება გარკვეული შეხედულება: „დაე, ბედისწერა თავის გზას მიჰყვეს. შვილებს თავიანთი კურთხევები აქვთ. ზეცაში იწერება ადამიანის ბედი“. ადამიანთა უმეტესობა, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება, მას შემდეგ, რაც გადაიტანს ამ წუთისოფლის ყველა ქარტეხილს, აღზევებასა თუ დაცემას და გაჭირვებას, ხშირად აჯამებს ადამიანური ცხოვრების შესახებ თავის შეხედულებებს ერთი ფრაზით: „ეს ბედისწერაა!“ თუმცა ეს ფრაზა გამოხატავს ამქვეყნიური ადამიანების პირად გაგებას მათი ცხოვრებისეული ბედისწერის შესახებ, ისევე როგორც იმ დასკვნას, რომლამდეც ისინი მივიდნენ მის შესახებ, და თუმცა ის გამოხატავს მათ უმწეობას და შეიძლება შეფასდეს როგორც გამჭრიახი და ზუსტი, იგი ძალიან შორს არის შემოქმედის მეუფების შეცნობისგან და უბრალოდ არ შეუძლია ჩაანაცვლოს შემოქმედის ხელმწიფების ცოდნა.
3) ბედისწერის რწმენა ვერ ჩაანაცვლებს შემოქმედის მეუფების შეცნობას
ამდენი წლის განმავლობაში ღმერთს რომ მიჰყვებით, არის თუ არა არსებითი განსხვავება ბედისწერის თქვენეულ ცოდნასა და ამქვეყნიური ადამიანების ცოდნას შორის? ჭეშმარიტად შეიცანით თუ არა შემოქმედის წინასწარგანსაზღვრულობა და შემოქმედის მეუფება? ზოგიერთი ადამიანი ღრმად განიცდის და კარგად ესმის ფრაზა „ეს ბედისწერაა“, თუმცა მათ საერთოდ არ სწამთ ღვთის მეუფების; მათ არ სჯერათ, რომ ადამიანის ბედისწერა ღვთის მიერ არის წარმართული და განგებული, და არ სურთ დაემორჩილონ ღვთის მეუფებას. ისინი ისეთივე უმწეონი არიან, თითქოს ოკეანეში იყვნენ მიტოვებულნი, ტალღების ანაბარა დარჩენილნი, და მხოლოდ ნეგატიურ და პასიურ მდგომარეობაში ლოდინი და ბედისწერასთან შეგუება შეუძლიათ. თუმცა ისინი არ აღიარებენ, რომ ადამიანის ბედისწერა ექვემდებარება ღვთის მეუფებას; მათ არ შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა, რათა შეეცადონ შეიცნონ ღვთის მეუფება და ამგვარად მოიპოვონ ღვთის ხელმწიფების ცოდნა, დაემორჩილონ ღვთის წარმართვასა და განგებას, აღარ ებრძოლონ ბედისწერას, არამედ იცხოვრონ ღვთის მზრუნველობის, მფარველობისა და გაძღოლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ ბედისწერასთან შეგუება არ არის იგივე, რაც შემოქმედის მეუფებისადმი დამორჩილება; ბედისწერის რწმენა არ ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს, აღიარებს და შეიცნობს შემოქმედის მეუფებას; ბედისწერის რწმენა მხოლოდ ამ ფაქტისა და მისი გარეგნული გამოვლინებების აღიარებაა, და არ არის იგივე, რაც იმის ცოდნა, თუ როგორ ფლობს შემოქმედი მეუფებას კაცობრიობის ბედისწერაზე, არც იმის აღიარებაა, რომ შემოქმედი არის ყოველივეს ბედისწერაზე მეუფების წყარო, მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დაემორჩილოს ადამიანთა ბედისწერის შემოქმედისეულ წარმართვასა და განგებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მხოლოდ ბედისწერის სჯერა და ამის ღრმა განცდაც აქვს, იგი მაინც ვერ შეძლებს შეიცნოს, აღიაროს, დაემორჩილოს ან მიიღოს შემოქმედის ხელმწიფება კაცობრიობის ბედისწერაზე. ამგვარად, მისი ცხოვრება ტრაგედია იქნება — ის ამ ცხოვრებას ამაოდ გაივლის და ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება. ის კვლავაც ვერ შეძლებს დაემორჩილოს შემოქმედის მეუფებას, გახდეს შექმნილი არსება ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით და დაიმსახუროს შემოქმედის აღიარება. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად შეიცნობს და გამოსცდის შემოქმედის ხელმწიფებას, დადებით მდგომარეობაში უნდა იყოს და არა უარყოფით ან შეგუებულ მდგომარეობაში. პირიქით, რადგან ის აღიარებს, რომ ყოველივე წინასწარ არის განსაზღვრული, მას გულში ასევე აქვს ცხოვრებისა და ბედისწერის ზუსტი განმარტება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება შემოქმედის ხელმწიფებას ექვემდებარება. როდესაც ის თავის განვლილ გზას გადახედავს, როდესაც იხსენებს მისი ცხოვრებისეული მოგზაურობის თითოეულ ეტაპს, ხედავს, რომ ყოველ ნაბიჯზე — მიუხედავად იმისა, მისი გზა რთული იყო თუ მარტივი — ღმერთი უძღვოდა მის გზას და მისთვის გეგმებს აწყობდა. ის აცნობიერებს, რომ ეს იყო ღვთის ზედმიწევნითი დაგეგმვა, აგრეთვე მისი გულმოდგინე განგება, რამაც იგი, შეუმჩნევლად, დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ის აცნობიერებს, რომ იმის მიღწევა, სადაც მას შეუძლია მიიღოს შემოქმედის ხელმწიფება და მიიღოს მისი ხსნა — ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურთხევაა! თუ ადამიანს ბედისწერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ეს ამტკიცებს, რომ ის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ღმერთმა მისთვის განაწესა და რომ მას არ გააჩნია მორჩილი დამოკიდებულება. თუ ვინმეს დადებითი დამოკიდებულება აქვს ღვთის ხელმწიფების მიმართ ადამიანის ბედზე, მაშინ, როდესაც ის უკან გაიხედება და განვლილ გზას გადახედავს, როდესაც ჭეშმარიტად გამოსცდის ღვთის ხელმწიფებას, ის უფრო გულწრფელად მოისურვებს დაემორჩილოს ყველაფერს, რაც ღმერთმა განაგო და მას მეტი სიმტკიცე და რწმენა ექნება, რათა ღმერთს მიანდოს თავისი ბედის წარმართვა და განგება და აღარასდროს განუდგეს ღმერთს. ეს იმიტომ ხდება, რომ ის ხედავს: როდესაც ადამიანები ვერ ხვდებიან, რა არის ბედისწერა, ან როდესაც არ ესმით ღვთის ხელმწიფება, ისინი უბრალოდ ჯიუტად იბრძვიან და ნისლში ხელის ცეცებით მიიკვლევენ გზას. ეს გზა კი მეტისმეტად რთულია და მეტისმეტად დიდ გულისტკივილს იწვევს. ამიტომ, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედზე, გონიერნი ირჩევენ, რომ შეიცნონ და მიიღონ ღვთის ხელმწიფება; დაემშვიდობონ იმ მტკივნეულ დღეებს, როდესაც „საკუთარი ორი ხელით ცდილობდნენ კარგი ცხოვრების აშენებას“, ნაცვლად იმისა, რომ განაგრძონ ბედისწერის წინააღმდეგ ბრძოლა და საკუთარი გზით მისდიონ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ცხოვრებისეულ მიზნებს. როდესაც ადამიანი ღვთის გარეშეა, როდესაც არ შეუძლია მისი დანახვა, როდესაც არ შეუძლია ჭეშმარიტად და ნათლად შეიცნოს ღვთის ხელმწიფება, ყოველი დღე უაზრო, ფუჭი და ენითაუწერლად მტკივნეულია. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი და რასაც არ უნდა აკეთებდეს, მისი საარსებო წყარო და ის მიზნები, რომლებსაც ის ესწრაფვის, მასში მხოლოდ დაუსრულებელ გულისტკივილსა და ისეთ ტკივილს იწვევს, რომლის გადალახვაც რთულია, რაც ისეთი განცდებია, რომელთა გახსენებაც კი უმძიმს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს შემოქმედის ხელმწიფებას, ემორჩილება მის წარმართვასა და განგებას და ისწრაფვის ჭეშმარიტი ადამიანური ცხოვრების მიღწევისაკენ, შეუძლია თანდათანობით დააღწიოს თავი ყოველგვარ გულისტკივილსა და ტკივილს და ნელ-ნელა გათავისუფლდეს ადამიანური ცხოვრების ყოველგვარი სიცარიელისგან.
4) მხოლოდ ისინი, ვინც ემორჩილება შემოქმედის მეუფებას, შეძლებენ ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვებას
რადგან ადამიანმა არ იცის ღვთის წარმართვა და განგება და ღვთის მეუფება, ის ყოველთვის უპირისპირდება ბედისწერას გამომწვევი განწყობითა და ამბოხებული დამოკიდებულებით, და მას ყოველთვის სურს თავი დააღწიოს ღვთის ხელმწიფებას, თავი დააღწიოს ღვთის მეუფებას და თავი დააღწიოს ბედისწერის განგებულებას, კადნიერად იმედოვნებს, რომ შეცვლის თავის ამჟამინდელ გარემოებებს და შეცვლის თავის ბედისწერას. მაგრამ ის ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას და ყოველ ნაბიჯზე მარცხდება. ეს ბრძოლა, რომელიც მისი სულის სიღრმეში მიმდინარეობს, ტკივილს აყენებს მას, და ეს ტკივილი ძვალ-რბილში უჯდება, და ამავდროულად აიძულებს მას, ფუჭად გაფლანგოს თავისი ცხოვრება. რა არის ამ ტკივილის მიზეზი? ღვთის მეუფების გამოა ეს, თუ ცუდი ბედისწერის გამო? ცხადია, არც ერთი არ არის სწორი. საბოლოო ჯამში, ეს გამოწვეულია იმ გზით, რომელსაც ადამიანი ადგას და ცხოვრების იმ წესით, რომელსაც ირჩევს. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა არ გამოუცდია ეს ყველაფერი. მაგრამ როდესაც ჭეშმარიტად შეიცნობ და აღიარებ, რომ ღმერთი ფლობს მეუფებას ადამიანის ბედისწერაზე, როდესაც ჭეშმარიტად გაიგებ, რომ ყველაფერი, რაზეც ღმერთი ფლობს მეუფებას და რასაც ის შენთვის განაგებს, შენთვის დიდი სარგებლისა და მფარველობის მომტანია, მაშინ იგრძნობ, რომ ტკივილი თანდათანობით მსუბუქდება, და მთელი შენი არსება თანდათანობით გახდება მშვიდი, თავისუფალი და განთავისუფლებული. ადამიანთა უმეტესობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა სუბიექტურ დონეზე მათ არ სურთ განაგრძონ ცხოვრება ისე, როგორც ადრე ცხოვრობდნენ, და სურთ გათავისუფლდნენ თავიანთი ტკივილისგან, ობიექტურად რომ ვთქვათ, მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტად ჩაწვდნენ ადამიანის ბედისწერაზე შემოქმედის მეუფების პრაქტიკულ ღირებულებასა და მნიშვნელობას, და არც შემოქმედის მეუფების ჭეშმარიტად აღიარება და მისდამი დამორჩილება შეუძლიათ, მით უმეტეს, არ იციან, როგორ ეძიონ და მიიღონ შემოქმედის წარმართვა და განგება. ამრიგად, თუ ადამიანები ვერ შეძლებენ ჭეშმარიტად შეიცნონ ის ფაქტი, რომ შემოქმედი ფლობს მეუფებას ადამიანის ბედისწერაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანებს ეხება, და ისინი ვერ შეძლებენ ჭეშმარიტად დაემორჩილონ შემოქმედის ხელმწიფებას, მაშინ მათთვის ძალიან გაუჭირდებათ, თავი დააღწიონ იმ იდეის გავლენასა და ბორკილებს, რომ ადამიანის ბედისწერა მისსავე ხელთაა, და ძალიან გაუჭირდებათ თავი დააღწიონ იმ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია ბედისწერისა და შემოქმედის ხელმწიფების წინააღმდეგ მათი მძაფრი ბრძოლით — რა თქმა უნდა, მათთვის ასევე ძალიან რთული იქნება გახდნენ ჭეშმარიტად განთავისუფლებულნი და თავისუფალნი, გახდნენ ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ ღმერთს. არსებობს ძალიან მარტივი გზა ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად — უნდა დაემშვიდობო შენს ძველ ცხოვრების წესს; დაემშვიდობო შენს წინა ცხოვრებისეულ მიზნებს; შეაფასო და გააანალიზო შენი წინა ცხოვრების წესი, ცხოვრებისეული შეხედულება, მისწრაფებები, სურვილები და სწრაფვები; და შემდეგ შეადარო ისინი ღვთის განზრახვებსა და მოთხოვნებს ადამიანის მიმართ, და ნახო, შეესაბამება თუ არა რომელიმე მათგანი ღვთის განზრახვებს, არის თუ არა რომელიმე მათგანი თანხვედრაში ღვთის მოთხოვნებთან, იძლევა თუ არა რომელიმე მათგანი ცხოვრების სწორ ღირებულებებს, და გაძლევს თუ არა რომელიმე მათგანი იმის საშუალებას, რომ იცხოვრო ჭეშმარიტების სულ უფრო მეტი გაგებით და ადამიანობითა და ადამიანური მსგავსებით. როდესაც არაერთხელ გამოიკვლევ და გულდასმით გააანალიზებ იმ სხვადასხვა მიზანს, რომელთაც კაცობრიობა მიელტვის ცხოვრებაში, და კაცობრიობის ცხოვრების სხვადასხვა წესს, აღმოაჩენ, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება შემოქმედის თავდაპირველ განზრახვას, რომლითაც მან შექმნა კაცობრიობა, რომ ყველა მათგანი აშორებს ადამიანს შემოქმედის მეუფებასა და მზრუნველობას, და რომ ყველა მათგანი ისეთი მახეა, რომელიც იწვევს ადამიანის გახრწნას და მიუძღვის მას ჯოჯოხეთისკენ. მას შემდეგ, რაც ამას გააცნობიერებ, ის, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ უარი თქვა შენს ძველ ცხოვრებისეულ შეხედულებაზე, შორს დაიჭირო თავი სხვადასხვა მახისგან, მისცე ღმერთს უფლება, განაგოს შენი ცხოვრება და მოაწყოს იგი, ისწრაფოდე მხოლოდ იმისკენ, რომ დაემორჩილო ღვთის წარმართვასა და განგებას, ასევე მის გაძღოლას ყოველგვარი საკუთარი არჩევანის გაკეთების გარეშე, და გახდე ადამიანი, რომელიც თაყვანს სცემს ღმერთს. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ამის გაკეთება რთულია. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ამ სირთულის ატანა, სხვებს კი — არა. ზოგი მზადაა ითანამშრომლოს, სხვებს კი ეს არ სურთ. მათ, ვისაც არ სურთ, არ აქვთ ამის სურვილი ან სიმტკიცე. ისინი ნათლად აცნობიერებენ ღვთის მეუფებას და კარგად იციან, რომ სწორედ ღმერთი წარმართავს და განაგებს ადამიანთა ბედისწერას, თუმცა მათ მაინც სურთ თავის დაღწევა და არ სურთ თავიანთი ბედისწერა ღვთის ხელში მიანდონ და დაემორჩილონ ღვთის მეუფებას — უფრო მეტიც, ისინი უკმაყოფილონი არიან ღვთის წარმართვითა და განგებით. ამრიგად, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ სცადონ და ნახონ, რის გაკეთება შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობებით; მათ სურთ შეცვალონ თავიანთი ბედისწერა საკუთარი ორი ხელით, ან შექმნან ბედნიერება საკუთარი თავისთვის თავიანთი უნარების მეშვეობით, რათა ნახონ, შეუძლიათ თუ არა გადალახონ ღვთის ხელმწიფების საზღვრები და თავი დააღწიონ მის მეუფებას. ადამიანის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ის ბედნიერ ცხოვრებას მიელტვის, არც ის, რომ დიდებასა და სარგებელს ეძიებს, არც ის, რომ ბურუსში ებრძვის საკუთარ ბედისწერას, არამედ ის, რომ მას შემდეგ, რაც მან დაინახა, რომ შემოქმედი არსებობს და შეიტყო ის ფაქტი, რომ შემოქმედი ფლობს მეუფებას ადამიანის ბედისწერაზე, მას მაინც არ შეუძლია მცდარი გზიდან მობრუნება, არ შეუძლია ფეხების ამოღება ჭაობიდან, არამედ გულს იქვავებს და ჯიუტად აგრძელებს თავის მცდარ გზებს. მას ურჩევნია განაგრძოს ტალახში ფართხალი, ჯიუტად ებრძოლოს შემოქმედის მეუფებას, შეეწინააღმდეგოს მას ბოლომდე, ყოველივე ამას კი სინანულის უმცირესი ნიშნების გარეშეც კი აკეთებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუძლურებული და დაჭრილი წევს, ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს დანებებას და უკან მობრუნებას. ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ტრაგედია. ამიტომ ვამბობ, ისინი, ვინც მორჩილებას ირჩევენ, ბრძენნი არიან, ხოლო ისინი, ვინც თავის დაღწევას ირჩევენ — სულელნი და ჯიუტნი.
მეექვსე ეტაპი: სიკვდილი
ამდენი ორომტრიალისა და ცხოვრების გზაზე არსებული ამდენი დაბრკოლების შემდეგ, ამდენი მწუხარების, სიხარულის, განშორებისა და ხელახლა შეხვედრის შემდეგ, ამდენი აღზევებისა თუ დაცემის და დაუვიწყარი წლების შემდეგ, სეზონების მუდმივი ცვლის ყურების შემდეგ, ადამიანი შეუმჩნევლად გადის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს და თვალის დახამხამებაში აღმოაჩენს, რომ ცხოვრების მწუხრის ხანაში იმყოფება. დროის დაღი მთელ მის სხეულზეა აღბეჭდილი: მას აღარ შეუძლია წელში გამართული დგომა, მისი თმა მუქიდან თეთრად იცვლება, ოდესღაც ნათელი და კრიალა თვალები უშუქო და დაბურული ხდება, ხოლო გლუვი, ნაზი კანი ნაოჭდება და ლაქებით იფარება. მისი სმენა სუსტდება, კბილები ერყევა და სცვივა, რეაქციები უნელდება, მოძრაობები უნელდება... ამ ეტაპზე ის საბოლოოდ დაემშვიდობა თავისი ახალგაზრდობის ვნებიან წლებს და შევიდა ცხოვრების მწუხრის ხანაში — სიბერეში. შემდეგ ის თვალს გაუსწორებს სიკვდილს, უკანასკნელ ეტაპს, რომელიც მან უნდა გაიაროს.
1) მხოლოდ შემოქმედი ფლობს ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლებას
თუ ადამიანის დაბადება მისი წინა ცხოვრებით იყო განპირობებული, მაშინ მისი სიკვდილი ამ ბედისწერის დასასრულს აღნიშნავს. თუ ადამიანის დაბადება ამ ცხოვრებაში მისი მისიის დასაწყისია, მაშინ მისი სიკვდილი ამ მისიის დასასრულს აღნიშნავს. ვინაიდან შემოქმედმა თითოეული ადამიანის დაბადებისთვის გარემოებათა განსაზღვრული ერთობლიობა დააწესა, უდავოა, რომ მან მათი სიკვდილისთვის ასევე მოაწყო განსაზღვრული გარემოებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არავინ იბადება შემთხვევით, არავის სიკვდილია მოულოდნელი და დაბადებაც და სიკვდილიც აუცილებლად უკავშირდება ადამიანის წინა და ამჟამინდელ ცხოვრებას. როგორია ადამიანის დაბადების გარემოებები და როგორია მისი სიკვდილის გარემოებები, უკავშირდება შემოქმედის წინასწარგანსაზღვრულობას; ეს არის ადამიანის ბედისწერა, ადამიანის ბედი. ვინაიდან ადამიანის დაბადებას მრავალი ახსნა აქვს, ადამიანის სიკვდილისთვისაც აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვადასხვა განსაკუთრებული გარემოება. ამრიგად, კაცობრიობაში გაჩნდა სიცოცხლის სხვადასხვა ხანგრძლივობა და ადამიანთა სიკვდილის სხვადასხვა გზა და დრო. ზოგი ძლიერი და ჯანმრთელია, თუმცა ახალგაზრდა კვდება; ზოგი კი სუსტი და ავადმყოფია, თუმცა ღრმა სიბერემდე ცოცხლობს და მშვიდად აღესრულება. ზოგი არაბუნებრივი მიზეზით იღუპება, ზოგი კი ბუნებრივად კვდება. ზოგი სახლიდან შორს კვდება, ზოგი კი საყვარელი ადამიანების გვერდით ხუჭავს თვალს სამუდამოდ. ზოგი ჰაერში კვდება, ზოგი კი — მიწისქვეშ. ზოგი წყალში იხრჩობა, ზოგი კი კატასტროფების დროს იღუპება. ზოგი დილით კვდება, ზოგი კი — ღამით. ყველას სურს სახელოვანი დაბადება, ბრწყინვალე ცხოვრება და დიდებული სიკვდილი, მაგრამ საკუთარ ბედისწერას ვერავინ გადააბიჯებს, ვერავინ დააღწევს თავს შემოქმედის ხელმწიფებას. ეს არის ადამიანის ხვედრი. ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი გეგმა დასახონ თავიანთი მომავლისთვის, მაგრამ ვერავინ დაგეგმავს იმას, თუ როგორ დაიბადება, ან ამქვეყნიდან წასვლის გზასა და დროს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა თავიდან აიცილოს სიკვდილის მოახლოება და შეეწინააღმდეგოს მას, სიკვდილი მაინც შეუმჩნევლად და უხმოდ უახლოვდებათ მათ. არავინ იცის, როდის ან როგორ აღესრულება, მით უმეტეს — სად მოხდება ეს. ცხადია, საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილზე უზენაეს ძალაუფლებას ფლობს არა თავად ადამიანი, არც ბუნებრივი სამყაროს რომელიმე ცოცხალი არსება, არამედ შემოქმედი, რომელიც უნიკალურ ხელმწიფებას ფლობს. კაცობრიობის სიცოცხლე და სიკვდილი ბუნებრივი სამყაროს რაიმე კანონზომიერების ნაყოფი კი არ არის, არამედ შემოქმედის ხელმწიფების მეუფების შედეგია.
2) ვისაც არ შეუმეცნია შემოქმედის მეუფება, აუცილებლად გაუჭირდება სიკვდილის შიშისგან თავის დაღწევა
როდესაც ადამიანი ბერდება, ის, რის წინაშეც ის დგას, აღარ არის ოჯახის რჩენა ან ცხოვრებაში დიადი მიზნების დასახვა, არამედ ის, თუ როგორ დაემშვიდობოს საკუთარ სიცოცხლეს, როგორ შეხვდეს თავისი სიცოცხლის აღსასრულს, როგორ დაასრულოს თავისი ცხოვრება. თუმცა ზედაპირულად ჩანს, რომ ადამიანები სიკვდილს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არავის შეუძლია თავი შეიკავოს ამ თემის გამოკვლევისგან, რადგან არავინ იცის, არსებობს თუ არა სხვა სამყარო სიკვდილის მიღმა, სამყარო, რომელსაც ადამიანები ვერ აღიქვამენ და ვერ შეიგრძნობენ, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან. ამის გამო ადამიანებს ეშინიათ, თვალი გაუსწორონ სიკვდილს, ეშინიათ, სწორად შეხვდნენ მას; ნაცვლად ამისა, ისინი ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ თემას. და ამგვარად, ეს თითოეულ ადამიანს სიკვდილის შიშს უჩენს, და ამავდროულად ცხოვრების ამ გარდაუვალ ფაქტს საიდუმლოების ბურველში ხვევს, და მუდმივ ჩრდილს ჰფენს თითოეული ადამიანის გულს.
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი სხეული დღითი დღე სუსტდება, როდესაც შეიგრძნობს, რომ სიკვდილს უახლოვდება, ის განიცდის გაურკვეველ ძრწოლას, გამოუთქმელ შიშს. სიკვდილის შიში ადამიანს თავს სულ უფრო მარტოსულად და უმწეოდ აგრძნობინებს, და ამ დროს, ის ეკითხება საკუთარ თავს: საიდან მოდიან ადამიანები? სად მიდიან ისინი? ასე კვდება ადამიანი, როცა მისმა ცხოვრებამ ასე სწრაფად ჩაიქროლა? ასე სრულდება მისი ცხოვრება? საბოლოო ჯამში, რა არის სიცოცხლის საზრისი? ბოლოს და ბოლოს, რა ღირებულება აქვს ცხოვრებას? დიდებასა და სარგებელშია საქმე? ოჯახზე ზრუნვაშია საქმე? ... მიუხედავად იმისა, უფიქრია თუ არა ადამიანს ამ კონკრეტულ კითხვებზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ღრმად ეშინია მას სიკვდილის, თითოეული ადამიანის გულის სიღრმეში ყოველთვის არის საიდუმლოებების გამოკვლევის სურვილი, ცხოვრების ვერგაგების განცდა, და მათთან შერწყმული სენტიმენტალობა წუთისოფლის მიმართ, წასვლის სურვილის არქონა. შესაძლოა ვერავინ შეძლოს ჭეშმარიტად გამოხატოს, თუ რისი ეშინია ადამიანს, რას იკვლევს ის, რის მიმართ არის სენტიმენტალური და რისი დატოვება არ სურს მას…
რადგან მათ ეშინიათ სიკვდილის, ადამიანებს ამდენი სადარდებელი აქვთ; რადგან მათ ეშინიათ სიკვდილის, ადამიანებს აქვთ ამდენი რამ, რისი დათმობაც არ შეუძლიათ. როდესაც ისინი სიკვდილის პირას არიან, ზოგიერთები დარდობენ ამაზე თუ იმაზე; მათ არ შეუძლიათ დაიმშვიდონ გული როდესაც საქმე ეხება მათ შვილებს, მათ საყვარელ ადამიანებს, მათ სიმდიდრეს, თითქოს დარდით შეეძლოთ გაექროთ სიკვდილით გამოწვეული ტანჯვა და ძრწოლა, თითქოს ცოცხლებთან ერთგვარი სიახლოვის შენარჩუნებით შეეძლოთ თავი დააღწიონ იმ უმწეობასა და მარტოობას, რომელიც სიკვდილს ახლავს თან. ადამიანის გულის სიღრმეში ძევს ბუნდოვანი შიში, საყვარელ ადამიანებთან განშორების შიში, იმის შიში, რომ ვეღარასოდეს იხილავს ლურჯ ცას, რომ ვეღარასოდეს შეხედავს მატერიალურ სამყაროს. მარტოსულ სულს, რომელიც მიჩვეულია საყვარელი ადამიანების გარემოცვას, არ სურს ყველაფრის დათმობა და სრულიად მარტო წასვლა იმ სამყაროში, რომელიც უცნობი და უცხოა.
3) დიდებისა და სარგებლის ძიებაში გატარებული ცხოვრება ადამიანს სიკვდილის წინაშე დაბნეულს ტოვებს
შემოქმედის მეუფებისა და წინასწარგანსაზღვრულობის გამო, მარტოსული სული, რომელმაც სრულიად არაფრით დაიწყო, იძენს მშობლებსა და ოჯახს, ადამიანთა მოდგმის წევრად გახდომის შანსს და ადამიანური ცხოვრების განცდისა და ადამიანთა სამყაროში მოგზაურობის შანსს; ის ასევე იძენს შემოქმედის ხელმწიფების განცდის შანსს, შემოქმედის ქმნილების საოცრებების შეცნობის შანსს და, უფრო მეტიც, შემოქმედის ხელმწიფების შეცნობისა და მისდამი დამორჩილების შანსს. თუმცა ადამიანთა უმეტესობა ჭეშმარიტად არ იყენებს ამ იშვიათ და წარმავალ შესაძლებლობას. ადამიანები მთელი ცხოვრების ენერგიას ხარჯავენ ბედისწერასთან ბრძოლაში და მთელ ცხოვრებას ფაციფუცში ატარებენ, რათა ოჯახები არჩინონ და დიდებასა და სარგებელს დაედევნონ. ის, რასაც ადამიანები აფასებენ, არის ოჯახური სიყვარული, ფული, დიდება და სარგებელი, და ისინი ამ ყველაფერს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულ რამეებად მიიჩნევენ. ყველა ადამიანი ჩივის, რომ მისი ბედისწერა სავსეა სირთულეებითა და დაბრკოლებებით, თუმცა მათთვის ეს საკითხები მაინც ყურადღების მიღმა რჩება რომლებიც ადამიანებმა ყველაზე მეტად უნდა გაიგონ და გამოიკვლიონ: რატომ არის ადამიანი ცოცხალი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რა არის ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და საზრისი. ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ის, მხოლოდ დიდებისა და სარგებლის ძიებაში ფაციფუცში ატარებენ, სანამ მათი ახალგაზრდობა არ გაქრება და ისინი არ გაჭაღარავდებიან და არ დანაოჭდებიან, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ დიდება და სარგებელი ვერ შეაჩერებს მათ დაბერებას, რომ ფული ვერ შეავსებს მათ გულებში არსებულ სიცარიელეს, და სანამ არ გაიგებენ, რომ არავის შეუძლია თავი დააღწიოს დაბადების, დაბერების, ავადმყოფობისა და სიკვდილის კანონზომიერებებს და, რომ არავის შეუძლია თავი დააღწიოს ბედისწერის განგებულებას. მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ უწევთ ცხოვრების უკანასკნელ ეტაპთან პირისპირ დგომა, ისინი ჭეშმარიტად ხვდებიან, რომ თუნდაც ადამიანი უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდეს, თუნდაც კეთილშობილური სტატუსისა და მაღალი რანგის იყოს, ის მაინც ვერ დააღწევს თავს სიკვდილს და უნდა დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ მდგომარეობას — კვლავ გახდეს მარტოსული სული, რომელსაც არაფერი გააჩნია. როდესაც ადამიანებს ჰყავთ მშობლები, მათ სჯერათ, რომ მათი მშობლები ყველაფერია; როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება, ისინი ფიქრობენ, რომ ფული მათი საყრდენი და ცხოვრების მთავარი კაპიტალია; როდესაც ადამიანებს აქვთ სტატუსი, ისინი მჭიდროდ ეჭიდებიან მას და სიცოცხლეს გაწირავდნენ მისთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ამ წუთისოფლის დატოვების პირას არიან, ისინი აცნობიერებენ, რომ ის ყველაფერი, რის ძიებაშიც მათ მთელი ცხოვრება გაატარეს, სხვა არაფერია, თუ არა წარმავალი ღრუბლები, რომელთაგან ვერცერთს ვერ ჩაეჭიდებიან, ვერცერთს ვერ წაიღებენ თან, ვერცერთი ვერ იხსნის მათ სიკვდილისგან, ვერცერთი ვერ გაუწევს თანამგზავრობას ან ვერ ანუგეშებს მარტოსულ სულს უკან დასაბრუნებელ გზაზე, და უფრო მეტიც, ვერცერთი ვერ გადაარჩენს ადამიანს და ვერ მისცემს მას სიკვდილის გადალახვის საშუალებას. ის დიდება და სარგებელი, რომელსაც ადამიანი მატერიალურ სამყაროში აღწევს, ანიჭებს დროებით კმაყოფილებას, წარმავალ სიამოვნებას და შინაგანი უსაფრთხოების ცრუ განცდას, რაც მათ გზიდან აცდენას იწვევს. და ამგვარად, ადამიანებს, რომლებიც კაცობრიობის უკიდეგანო ზღვაში ფართხალებენ და მშვიდობას, ნუგეშსა და გულის სიმშვიდეს ესწრაფვიან, ტალღები ერთიმეორის მიყოლებით შთანთქავს. როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გარკვეული ის კითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეთ — საიდან მოდიან, რატომ არიან ცოცხლები, სად მიდიან და ა.შ. — დიდება და სარგებელი აცდუნებს, შეცდომაში შეჰყავს და აკონტროლებს მათ, და ისინი შეუქცევადად იკარგებიან. დრო მიფრინავს; წლები თვალის დახამხამებაში გადის და სანამ ადამიანი ამას გააცნობიერებს, ის უკვე დაემშვიდობა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებს. როდესაც ადამიანები მალე უნდა დაემშვიდობონ წუთისოფელს, ისინი თანდათანობით მიდიან იმის გაცნობიერებამდე, რომ წუთისოფელში ყველაფერი მათ შორდება, რომ მათ აღარ აქვთ ძალა, ჩაეჭიდონ რაიმეს, რაც თავდაპირველად მათი იყო. ამ დროს ისინი ჭეშმარიტად გრძნობენ, რომ საბოლოო ჯამში, ისინი ზუსტად ისეთივე არიან, როგორც ახალშობილი, მტირალი ჩვილი, რომელსაც ჯერ კიდევ სრულიად არაფერი გააჩნია. ამ ეტაპზე ისინი იძულებულნი არიან დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რა გააკეთეს თავიანთ ცხოვრებაში, რა არის ცოცხლად ყოფნის ღირებულება, რა არის ცოცხლად ყოფნის საზრისი და რატომ მოვიდნენ ადამიანები წუთისოფელში. და სწორედ ამ ეტაპზე მათ სულ უფრო მეტად სურთ იცოდნენ, მართლა არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება, მართლა არსებობს თუ არა ზეცა, მართლა არსებობს თუ არა საზღაური... რაც უფრო უახლოვდება ადამიანი სიკვდილს, მით უფრო მეტად სურს გაიგოს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ცხოვრება; რაც უფრო უახლოვდება ადამიანი სიკვდილს, მით უფრო ცარიელი ეჩვენება მას გული; რაც უფრო უახლოვდება ადამიანი სიკვდილს, მით უფრო უსაყრდენოდ გრძნობს თავს; და ამგვარად, მისი სიკვდილის შიში დღითიდღე იზრდება. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ასეთი რეაქციები ვლინდება ადამიანებში სიკვდილთან მიახლოებისას: პირველი, ისინი მალე დაკარგავენ იმ დიდებას ან სარგებელს, რომელზეც მათი ცხოვრება იყო დამოკიდებული და მალე დაემშვიდობებიან ყველაფერს, რასაც თვალი ხედავს წუთისოფელში; და მეორე, ისინი სრულიად მარტონი უნდა შეხვდნენ უცხო სამყაროს, იდუმალ, უცნობ საუფლოს, სადაც ეშინიათ ფეხის შედგმის, სადაც არ ჰყავთ საყვარელი ადამიანები და არ აქვთ საყრდენი. ამ ორი მიზეზის გამო, ყველა, ვინც სიკვდილის წინაშე დგას, თავს მოუსვენრად გრძნობს და ისეთი პანიკა და სრული დაბნეულობა ეუფლება, როგორიც არასდროს განუცდია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი რეალურად მიდის ამ ეტაპამდე, ის აცნობიერებს, რომ როდესაც ადამიანი ამ წუთისოფელში შემოდის, მან ჯერ უნდა გაიგოს, საიდან მოდის ადამიანი, რატომ ცხოვრობს ადამიანი, ვინ ფლობს მეუფებას ადამიანის ბედისწერაზე და ვინ უზრუნველყოფს ადამიანის არსებობას და ხელმწიფებს მასზე — ეს გაგება არის ის კაპიტალი, რომლითაც ადამიანი ცხოვრობს, და ეს არის ადამიანის გადარჩენის არსებითი საფუძველი. მათ ჯერ არ უნდა ისწავლონ, როგორ არჩინონ ოჯახი ან როგორ ეძიონ დიდება და სარგებელი, ან როგორ გამოირჩეოდნენ სხვებისგან ჯგუფში ან როგორ ჰქონდეთ უფრო შეძლებული ცხოვრება, მით უმეტეს, როგორ გაუსწრონ სხვებს ან როგორ იოლად გაუმკლავდნენ სხვადასხვა სახის კონკურენციას. თუმცა გადარჩენის ის სხვადასხვა უნარი, რომელთა დაუფლებასაც ადამიანები მთელ ცხოვრებას უთმობენ, აძლევს მათ საშუალებას, ფლობდნენ მატერიალური კომფორტის სიუხვეს, ეს უნარები არასოდეს მოუტანს მათ გულებს ჭეშმარიტ ნუგეშსა და სიმტკიცეს. ნაცვლად ამისა, ისინი იწვევენ იმას, რომ ადამიანები მუდმივად კარგავენ მიმართულებას, უჭირთ საკუთარი თავის კონტროლი და ხელიდან უშვებენ ერთ შესაძლებლობას მეორის მიყოლებით, რომ ცხოვრების საზრისი გაიგონ, და ისინი წარმოშობენ ადამიანებში ფარულ შფოთვას იმის გამო, თუ როგორ შეხვდნენ სიკვდილს სწორად — ადამიანების ცხოვრება ამგვარად ნადგურდება. შემოქმედი ყველას სამართლიანად ეპყრობა, აძლევს რა ყველას მთელი ცხოვრების განმავლობაში საკმარის შესაძლებლობებს, რათა განიცადონ და შეიცნონ მისი მეუფება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილი ახლოვდება, როდესაც მისი აჩრდილი თავს დასტრიალებს ადამიანს, ადამიანი იწყებს სინათლის დანახვას და მაშინ უკვე ძალიან გვიანია!
ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ატარებს ფულის, დიდებისა და სარგებლის დევნაში; ის ამ ყველაფერს მაშველ რგოლად და თავის ერთადერთ საყრდენად მიიჩნევს — თითქოს მათი ფლობა ნიშნავდეს იმას, რომ მას შეეძლოს სიცოცხლის გაგრძელება და სიკვდილისგან დასხლტომა. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილი ახლოვდება, ის აცნობიერებს, თუ რაოდენ შორს არის მისგან ფული, დიდება და სარგებელი და სიკვდილის წინაშე, რაოდენ სუსტი და უძლურია ის, რაოდენ მოწყვლადია, რაოდენ მარტოსული და უსაყრდენოა, და რაოდენ უმწეოა. ის აცნობიერებს, რომ ფული, დიდება ან სარგებელი სიცოცხლეში ვერ გაიცვლება, რომ რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს ადამიანი, რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს მისი სტატუსი, ყველა თანაბრად ღარიბი და უმნიშვნელოა სიკვდილის წინაშე. ის აცნობიერებს, რომ ფულით ვერ იყიდი სიცოცხლეს, რომ დიდება და სარგებელი ვერ მისცემს ადამიანს სიკვდილისგან თავის დაღწევის საშუალებას, რომ ვერც ფული და ვერც დიდება და სარგებელი ვერ გაახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს ერთი წუთით, ერთი წამითაც კი. რაც უფრო მეტად გრძნობს ადამიანი ამას, მით უფრო მეტად სწყურია სიცოცხლის გაგრძელება; რაც უფრო მეტად გრძნობს ადამიანი ამას, მით უფრო მეტად ეშინია სიკვდილის მოახლოების. მხოლოდ ამ ეტაპზე აცნობიერებს ის ჭეშმარიტად, რომ მისი სიცოცხლე მას არ ეკუთვნის და მისი გასაკონტროლებელი არ არის, და ჭეშმარიტად აცნობიერებს, რომ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, იცოცხლებს თუ მოკვდება — ეს ნებისმიერი ადამიანის კონტროლს მიღმაა.
4) შემოქმედის ხელმწიფებისადმი დამორჩილება და სიკვდილთან მშვიდად შეხვედრა
იმ მომენტში, როდესაც ადამიანი იბადება, ერთი მარტოსული სული იწყებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას დედამიწაზე, და შემოქმედის ხელმწიფების გამოცდილებას, რომელიც შემოქმედმა განაწესა მისთვის. ზედმეტია იმის თქმა, რომ ადამიანისთვის — სულისთვის — ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, მოიპოვოს შემოქმედის მეუფების ცოდნა, შეიცნოს მისი ხელმწიფება და პირადად განიცადოს იგი. ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ატარებენ ბედისწერის იმ კანონზომიერებების ფარგლებში, რომლებიც მათთვის შემოქმედმა დაადგინა, და ნებისმიერი სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანისთვის, შემოქმედის მეუფების აღიარება და მისი ხელმწიფების შეცნობა თავისი ცხოვრების ათწლეულების განმავლობაში რთული არ არის. ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის ძალიან მარტივი უნდა იყოს იმის აღიარება, თავისი რამდენიმე ათწლეულის ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით, რომ ადამიანთა ყველა ბედისწერა წინასწარგანსაზღვრულია, და ძალიან მარტივი უნდა იყოს იმის აღქმა ან დასკვნა, თუ რას ნიშნავს იყო ცოცხალი. როდესაც ადამიანი ამ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აღიარებს, ის თანდათანობით გაიგებს, საიდან მოდის სიცოცხლე, ჩაწვდება იმას, თუ რა სჭირდება გულს ჭეშმარიტად, რა მიიყვანს ადამიანს ცხოვრების ჭეშმარიტ გზამდე, და როგორი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების მისია და მიზანი. ის თანდათანობით აღიარებს, რომ თუ ადამიანი თაყვანს არ სცემს შემოქმედს, თუ ის არ ნებდება მის ხელმწიფებას, მაშინ როდესაც დადგება სიკვდილთან შეხვედრის დრო — როდესაც ადამიანის სული კვლავ უნდა წარდგეს შემოქმედის წინაშე — მისი გული აივსება უსაზღვრო ძრწოლითა და შფოთვით. თუ ადამიანი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყო წუთისოფელში, თუმცა არ გაუგია, საიდან მოდის ადამიანის სიცოცხლე, არც ის უღიარებია, ვის ხელთაა ადამიანის ბედისწერა, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ მას არ შეუძლია მშვიდად შეხვდეს სიკვდილს. ადამიანი, რომელმაც ადამიანური ცხოვრების ათწლეულების გამოცდილებით მოიპოვა შემოქმედის მეუფების ცოდნა, არის ადამიანი, რომელსაც აქვს ცხოვრების საზრისისა და ღირებულების სუფთა გაგება. ასეთ ადამიანს აქვს ცხოვრების მიზნის ღრმა ცოდნა, შემოქმედის ხელმწიფების რეალური გაცნობიერებითა და გამოცდილებით, და, უფრო მეტიც, შეუძლია დაემორჩილოს შემოქმედის ხელმწიფებას. ასეთ ადამიანს ესმის, თუ რა საზრისი აქვს შემოქმედის მიერ ადამიანის შექმნას, ესმის, რომ ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს შემოქმედს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი ფლობს, შემოქმედისგან მოდის და დაუბრუნდება მას ერთ დღეს, არცთუ შორეულ მომავალში. ამგვარ ადამიანს ესმის, რომ შემოქმედი განაწესებს ადამიანის დაბადებას და ხელმწიფებს ადამიანის სიკვდილზე, და რომ სიცოცხლეც და სიკვდილიც წინასწარგანსაზღვრულია შემოქმედის ხელმწიფებით. ამრიგად, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად ჩაწვდება ამ ყველაფერს, ის ბუნებრივად შეძლებს მშვიდად გაუსწოროს თვალი სიკვდილს, მშვიდად დათმოს ყველა ამქვეყნიური კუთვნილება, მზადყოფნით მიიღოს და დაემორჩილოს ყველაფერს, რაც ამას მოჰყვება, და შეეგებოს ცხოვრების უკანასკნელ ეტაპს, რომელიც შემოქმედის მიერ არის განგებული, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ეშინოდეს მისი და ებრძოდეს მას. თუ ადამიანი თავის ცხოვრებას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, განიცადოს შემოქმედის ხელმწიფება და შეიცნოს მისი ხელმწიფება, თუ ადამიანი თავის ცხოვრებას ხედავს, როგორც იშვიათ შანსს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც შექმნილმა ადამიანმა და აღასრულოს თავისი მისია, მაშინ მას ნამდვილად ექნება ცხოვრებისადმი სწორი შეხედულება, ნამდვილად იცხოვრებს შემოქმედის კურთხევებისა და გზამკვლევობის ქვეშ, ნამდვილად ივლის შემოქმედის ნათელში, ნამდვილად შეიცნობს შემოქმედის მეუფებას, ნამდვილად დანებდება მის ხელმწიფებას და ნამდვილად გახდება მისი საოცარი საქმეების მოწმე, მისი ხელმწიფების მოწმე. ზედმეტია იმის თქმა, რომ შემოქმედს ნამდვილად ეყვარება ასეთი ადამიანი და შემოქმედი მიიღებს მას, და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ და სიხარულით შეეგებოს ცხოვრების უკანასკნელ ეტაპს. ცხადია, იობს ჰქონდა ამგვარი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ. მან დააკმაყოფილა ის პირობები, რომლებმაც მას საშუალება მისცა სიხარულით მიეღო ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი. მან თავისი ცხოვრებისეული მოგზაურობა შეუფერხებლად დაასრულა და შეასრულა თავისი ცხოვრებისეული მისია, და შემდეგ ის დაბრუნდა შემოქმედის გვერდით.
5) იობის ცხოვრებისეული მისწრაფებები და მონაპოვარი მას საშუალებას აძლევს, მშვიდად შეხვდეს სიკვდილს
წმინდა წერილებში იობის შესახებ წერია: მოკვდა იობი დღეებით სავსე“ (იობ. 42:17). ეს ნიშნავს, რომ როდესაც იობი გარდაიცვალა, მას არ ჰქონდა სინანული და არ განუცდია ტკივილი, არამედ ბუნებრივად წავიდა ამ წუთისოფლიდან. როგორც ყველამ იცის, იობი იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში ღვთისმოშიში იყო და ბოროტებას განერიდებოდა. მისი სამართლიანი საქმეები მოიწონა ღმერთმა და სხვებსაც ახსოვდათ და, შეიძლება ითქვას, რომ მის ცხოვრებას ჰქონდა უდიდესი ღირებულება და მნიშვნელობა მთელ კაცობრიობაში. იობმა მიიღო ღვთის კურთხევები და ღმერთმა მას დედამიწაზე სამართლიანი უწოდა, ის ასევე გამოსცადა ღმერთმა და აცდუნა სატანამ. ის მტკიცედ იდგა ღვთისადმი თავის მოწმობაში და ღირსი იყო, რომ ღმერთს მისთვის „სამართლიანი ადამიანი“ ეწოდებინა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა გამოსცადა, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მისი ცხოვრება კიდევ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი გახდა, თავად კი უფრო მყარად და მშვიდად ცხოვრობდა, ვიდრე ადრე. მისი სამართლიანი საქმეების გამო ღმერთმა გამოსცადა იგი და მისი სამართლიანი საქმეების გამო ღმერთი გამოეცხადა მას და პირადად ესაუბრა. ამრიგად, გამოცდის შემდგომ წლებში, იობმა უფრო პრაქტიკულად იგრძნო და გაიგო ცხოვრების ღირებულება, მიაღწია შემოქმედის მეუფების უფრო ღრმა გაგებას და მოიპოვა უფრო ზუსტი და მკაფიო ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იძლევა და ართმევს შემოქმედი თავის კურთხევებს. იობის წიგნი მოგვითხრობს, რომ იეჰოვა ღმერთმა იობს იმაზე დიდი კურთხევები მიანიჭა, ვიდრე ადრე, რამაც იობი კიდევ უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა, რათა შეეცნო შემოქმედის მეუფება და მშვიდად შეხვედროდა სიკვდილს. ამრიგად, იობი, როდესაც დაბერდა და სიკვდილის წინაშე დადგა, ნამდვილად არ წუხდა თავის ქონებაზე. მას არ ჰქონდა სადარდებელი, არაფერი სანანებელი და, რა თქმა უნდა, არ ეშინოდა სიკვდილის. რადგან მან მთელი ცხოვრება ცდილობდა, ევლო ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით, ის არ დარდობდა საკუთარ შედეგზე. დღეს რამდენ ადამიანს შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც იობი მოიქცა, როდესაც საკუთარი სიკვდილის წინაშე დადგა? რატომ არავის შესწევს უნარი, გარეგნულად ასეთი მარტივი დამოკიდებულება ჰქონდეს? არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი: იობმა თავისი ცხოვრება გაატარა ღვთის მეუფების რწმენის, აღიარებისა და მისდამი დამორჩილების პირად მისწრაფებაში, და სწორედ ამ რწმენით, აღიარებითა და მორჩილებით გაიარა მან ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები, გაატარა თავისი უკანასკნელი წლები და ის შეეგება თავისი ცხოვრების უკანასკნელ ეტაპს. მიუხედავად იმისა, თუ რა გამოსცადა იობმა თავის ცხოვრებაში, მისი ცხოვრებისეული მისწრაფებები და მიზნები მისთვის ტკივილის კი არა, ბედნიერების მომტანი იყო. ის ბედნიერი იყო არა მხოლოდ შემოქმედის კურთხევების ან მოწონების გამო, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავისი მისწრაფებებისა და ცხოვრებისეული მიზნების გამო, და შემოქმედის მეუფების მზარდი ცოდნისა და ჭეშმარიტი გამოცდილების გამო, რომლებიც მან მოიპოვა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების ძიებით. უფრო მეტიც, ის ბედნიერი იყო, რადგან შემოქმედის მეუფების განცდისას მან პირადად განიცადა შემოქმედის საოცარი საქმეები, ისევე როგორც ღმერთთან ურთიერთობის, მასთან გაცნობისა და მისი შეცნობის თითოეული თბილი, მაგრამ დაუვიწყარი გამოცდილება და მოგონება. იობი ბედნიერი იყო იმ ნუგეშისა და სიხარულის გამო, რომელიც შემოქმედის განზრახვების შეცნობიდან მოდიოდა, და შემოქმედის მოშიში გულის გამო, რომელიც მასში გაჩნდა მას შემდეგ, რაც იხილა შემოქმედის სიდიადე, საოცრება, მშვენიერება და ერთგულება. იობს შეეძლო ყოველგვარი ტანჯვის გარეშე თვალი გაესწორებინა სიკვდილისთვის, რადგან იცოდა, რომ სიკვდილით ის შემოქმედის გვერდით დაბრუნდებოდა. სწორედ მისმა ცხოვრებისეულმა მისწრაფებებმა და მონაპოვარმა მისცა მას საშუალება, მშვიდად შეხვედროდა სიკვდილს, მშვიდად შეხვედროდა შემოქმედის მიერ მისი სიცოცხლის უკან დაბრუნებას, და უფრო მეტიც, მისცა მას საშუალება, წარმდგარიყო შემოქმედის წინაშე შეუბილწავი და დარდისგან თავისუფალი. შეუძლიათ თუ არა დღეს ადამიანებს მიაღწიონ იმგვარ ბედნიერებას, რომელსაც იობი ფლობდა? გაქვთ თუ არა ამის პირობები? რადგან დღეს ადამიანებს ნამდვილად აქვთ ეს პირობები, რატომ არ შეუძლიათ იცხოვრონ ბედნიერად, როგორც იობმა იცხოვრა? რატომ არ შეუძლიათ თავი დააღწიონ სიკვდილის შიშით გამოწვეულ ტანჯვას? სიკვდილის წინაშე ზოგი ადამიანი უნებლიეთ შარდავს; ზოგი კანკალებს, ან გონებას კარგავს, ან ზეცასაც და ადამიანებსაც ადანაშაულებს; ზოგიერთი კი მოთქვამს და ტირის. ეს სულაც არ არის ადამიანების უეცარი რეაქციები სიკვდილის მოახლოებისას. ადამიანები სიკვდილის წინაშე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ცვივდებიან ძირითადად იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მათ ეშინიათ სიკვდილის, რადგან მათ არ აქვთ ღვთის მეუფებისა და მისი განგებულების ნათელი ცოდნა და გაცნობიერება, მით უმეტეს, ჭეშმარიტად არ ემორჩილებიან მათ. ადამიანები ასე რეაგირებენ იმიტომ, რომ მათ სხვა არაფერი სურთ, გარდა იმისა, რომ თავად მოაწყონ და განაგონ ყველაფერი, გააკონტროლონ საკუთარი ბედისწერა, საკუთარი სიცოცხლე და სიკვდილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ვერასოდეს ახერხებენ სიკვდილის შიშისგან თავის დაღწევას.
6) მხოლოდ შემოქმედის მეუფების მიღებით შეუძლია ადამიანს მის გვერდით დაბრუნება
როდესაც ადამიანს არ აქვს ღვთის მეუფებისა და მისი განგებულების ნათელი ცოდნა და გამოცდილება, მისი ცოდნა ბედისწერისა და სიკვდილის შესახებ აუცილებლად ბუნდოვანი იქნება. ადამიანი ნათლად ვერ ხედავს, რომ ყველაფერი ღვთის ხელთაა, ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი ღვთის მართვასა და მეუფებას ექვემდებარება და ვერ აღიარებს, რომ ადამიანი ვერ მოიშორებს და ვერ დააღწევს თავს ასეთ მეუფებას. ამ მიზეზით, როდესაც დგება მისი დრო, რომ თვალი გაუსწოროს სიკვდილს, მას სიკვდილის წინ ყოველთვის დაუსრულებელი სათქმელი აქვს, მას ყოველთვის აქვს სადარდებელი და მას ყოველთვის აქვს სინანული. ის დამძიმებულია ამდენი ტვირთით, ამდენი განშორების სურვილის არქონით, ამდენი დაბნეულობით. ეს იწვევს მასში სიკვდილის შიშს. ამ წუთისოფელში დაბადებული ნებისმიერი ადამიანისთვის დაბადება აუცილებელია და სიკვდილი — გარდაუვალი; ამ გარდაუვალ პროცესს ვერავინ გასცდება. თუ ადამიანს სურს ამ წუთისოფლიდან უმტკივნეულოდ წასვლა, თუ მას სურს შეძლოს ცხოვრების უკანასკნელ ეტაპთან პირისპირ დგომა წასვლის უხალისობის ან დარდის გარეშე, ერთადერთი გზაა, სინანულის გარეშე წავიდეს. და სინანულის გარეშე წასვლის ერთადერთი გზაა შემოქმედის მეუფების შეცნობა, მისი ხელმწიფების შეცნობა და მათდამი დამორჩილება. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანს შორს დაიჭიროს თავი ადამიანთა შუღლისგან, ბოროტებისგან, სატანის ბორკილებისგან, და მხოლოდ ამ გზით შეუძლია იცხოვროს იობის მსგავსი ცხოვრებით, რომელიც შემოქმედის მიერ არის წარმართული და კურთხეული, ცხოვრებით, რომელიც თავისუფალი და განთავისუფლებულია, ცხოვრებით, რომელსაც აქვს ღირებულება და საზრისი, წრფელი და პატიოსანი ცხოვრებით. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას დაემორჩილოს, იობის მსგავსად, შემოქმედის განსაცდელებსა და მის მიერ წართმევას, შემოქმედის წარმართვასა და განგებას და მის განგებულებებს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას, იობის მსგავსად, თაყვანი სცეს შემოქმედს მთელი თავისი ცხოვრება და მოიპოვოს მისი მოწონება, მოისმინოს მისი ხმა და იხილოს, როგორ გამოჩნდება ის. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას იცხოვროს და მოკვდეს ბედნიერად, იობის მსგავსად, ყოველგვარი ტკივილის, დარდისა და სინანულის გარეშე. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას, იობის მსგავსად, იცხოვროს ნათელში, გაიაროს ცხოვრების თითოეული ეტაპი ნათელში, შეუფერხებლად დაასრულოს თავისი მოგზაურობა ნათელში, წარმატებით შეასრულოს თავისი მისია — განიცადოს და შეიცნოს, როგორც შექმნილმა არსებამ, შემოქმედის მეუფება — და აღესრულოს ნათელში, და ამის შემდეგ დარჩეს შემოქმედის გვერდით, როგორც შექმნილი ადამიანი, რომელიც მან მოიწონა.
არ გაუშვათ ხელიდან შემოქმედის მეუფების შეცნობის შესაძლებლობა
ზემოთ აღწერილი ექვსი ეტაპი გადამწყვეტ საფეხურებს წარმოადგენს, რომლებიც შემოქმედმა დაადგინა თითოეული ნორმალური ადამიანისთვის, რათა გამოსცადოს ცხოვრებაში. ადამიანებისთვის თითოეული ეს ეტაპი რეალურია, არცერთის გადალახვა არ შეიძლება და ყველა მათგანი მოიცავს შემოქმედის წინასწარგანსაზღვრასა და მეუფებას. ამრიგად, თითოეული ეს ეტაპი მნიშვნელოვანი საკვანძო ეტაპია ადამიანებისთვის. ამასობაში, სერიოზული კითხვა, რომლის წინაშეც ახლა ყველა თქვენგანი დგას, არის, როგორ გაიაროთ თითოეული მათგანი შეუფერხებლად.
ადამიანის ცხოვრების რამდენიმე ათწლეული, არც გრძელია და არც მოკლე. ოცზე მეტი წელი დაბადებიდან ზრდასრულობის ადრეულ ასაკამდე თვალის დახამხამებაში გადის, და თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანი ზრდასრულად ითვლება, ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებმა თითქმის არაფერი იციან ადამიანური ცხოვრებისა და ადამიანის ბედისწერის შესახებ. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენენ, ისინი თანდათანობით შედიან შუახნის ასაკში. ოცდაათ-ორმოციან წლებში მყოფი ადამიანები იძენენ ცხოვრებისა და ბედისწერის საწყის გამოცდილებას, მაგრამ მათი წარმოდგენები ამ საკითხებზე ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია. მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში იწყებს ზოგიერთი ადამიანი ღვთის მიერ შექმნილი კაცობრიობის, ისევე როგორც ცისა და მიწისა და ყოველივეს გაგებას, და იმის წვდომას, თუ რას წარმოადგენს ადამიანური ცხოვრება, რას წარმოადგენს ადამიანის ბედისწერა. ზოგიერთ ადამიანს, თუმცა დიდი ხანია ღვთის მიმდევარია და ახლა შუახნისაა, მაინც არ აქვს ღვთის მეუფების ზუსტი ცოდნა, არც მისი ზუსტი განსაზღვრების ჩამოყალიბება შეუძლია, მით უმეტეს, არ შეუძლია ჭეშმარიტად დაემორჩილოს. ზოგიერთ ადამიანს არაფერი აინტერესებს, გარდა კურთხევების მიღებისკენ სწრაფვისა, თუმცა მრავალი წელი იცხოვრა, მან ოდნავადაც არ იცის და არც ესმის ადამიანის ბედისწერაზე შემოქმედის მეუფების ფაქტი, ამიტომ მას ოდნავადაც არ დაუწყია ღვთის წარმართვასა და განგებასა და მის განგებულებებს დამორჩილების პრაქტიკაში სწავლა. ასეთი ადამიანები სრულიად დაბნეულები არიან და მათ ცხოვრება ფუჭად გაუტარებიათ.
თუ ადამიანის ცხოვრების პერიოდები დაიყოფა ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ადამიანის ბედისწერის ცოდნის მიხედვით, ისინი დაახლოებით შეიძლება დაიყოს სამ ფაზად. პირველი ფაზა არის ახალგაზრდობა, რომელიც მოიცავს წლებს დაბადებიდან შუახნის ასაკამდე, ან დაბადებიდან ოცდაათ წლამდე. მეორე ფაზა არის მომწიფება, შუახნის ასაკიდან სიბერემდე, ან ოცდაათიდან სამოც წლამდე. და მესამე ფაზა არის ადამიანის სიმწიფის პერიოდი, რომელიც გრძელდება სიბერის დაწყებიდან, სამოცი წლიდან, სანამ ადამიანი არ წავა წუთისოფლიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბადებიდან შუახნის ასაკამდე, ადამიანთა უმეტესობის ცოდნა ბედისწერისა და ცხოვრების შესახებ შემოიფარგლება სხვების აზრების გამეორებით და თითქმის არ აქვს რეალური, პრაქტიკული შინაარსი. ამ პერიოდში ადამიანის შეხედულება ცხოვრებაზე და ამქვეყნიური ურთიერთობების წარმართვის გზები, საკმაოდ ზედაპირული და გულუბრყვილოა. ეს არის ადამიანის ახალგაზრდობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი იგემებს ცხოვრების ყველა სიხარულსა და მწუხარებას, იძენს ის ბედისწერის რეალურ გაგებას და — ქვეცნობიერად, გულის სიღრმეში — თანდათანობით აცნობიერებს ბედისწერის შეუქცევადობას, და ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანის ბედისწერაზე შემოქმედის მეუფება ჭეშმარიტად არსებობს. ეს არის ადამიანის მომწიფების პერიოდი. ადამიანი შედის თავის სიმწიფის პერიოდში, როდესაც ის წყვეტს ბედისწერასთან ბრძოლას, და როდესაც მას აღარ სურს შუღლში ჩართვა და, ნაცვლად ამისა, იცნობს თავის ცხოვრებისეულ ხვედრს, ემორჩილება ზეცის ნებას, აჯამებს თავის მიღწევებსა და შეცდომებს ცხოვრებაში და ელის, რომ შემოქმედი განსჯის მის ცხოვრებას. თუ გავითვალისწინებთ იმ განსხვავებულ გამოცდილებასა და მონაპოვარს, რაც ადამიანებს აქვთ ამ სამი პერიოდის განმავლობაში, ნორმალურ პირობებში, მათ არ ექნებათ ბევრი შესაძლებლობა ცხოვრებაში, რათა შეიცნონ შემოქმედის მეუფება. თუ ადამიანი სამოც წლამდე იცოცხლებს, მას მხოლოდ ოცდაათიოდე წელი აქვს ღვთის მეუფების შესაცნობად; თუ ადამიანს სურს უფრო ხანგრძლივი პერიოდი, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლე საკმარისად დიდხანს გაგრძელდება, თუ ის შეძლებს საუკუნის განმავლობაში ცხოვრებას. ამიტომ ვამბობ, ადამიანის არსებობის ნორმალური კანონზომიერებების მიხედვით, თუმცა ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი იმ დროიდან, როდესაც ადამიანი პირველად აწყდება შემოქმედის მეუფების შეცნობის თემას, იმ დრომდე, როდესაც მას შეუძლია აღიაროს ამ მეუფების ფაქტი, და იქიდან იმ მომენტამდე, როდესაც მას შეუძლია დაემორჩილოს მას, თუ ადამიანი რეალურად დაითვლის წლებს, სულ ოცდაათი-ორმოცი წელია, რომლის განმავლობაშიც მას აქვს შანსი მიაღწიოს ამ შედეგებს. და ხშირად, ადამიანებს კურთხევების მიღების თავიანთი სურვილები და ამბიციები იტაცებს, და არ შეუძლიათ ნათლად დაინახონ, თუ რა არის სინამდვილეში ადამიანის ცხოვრების საფუძველი ან რაოდენ მნიშვნელოვანია შემოქმედის მეუფების შეცნობა, ამიტომ ისინი არ აფასებენ ამ ძვირფას შესაძლებლობას, რომ შეძლონ ადამიანთა სამყაროში მოსვლა, რათა ადამიანური ცხოვრება და შემოქმედის მეუფება განიცადონ, და ისინი ვერ ხვდებიან, თუ რაოდენ უკიდურესად ძვირფასია შექმნილი არსებისთვის შემოქმედის პირადი გზამკვლევობის მიღება. ამიტომ ვამბობ, ის ადამიანები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ღვთის საქმე რაც შეიძლება მალე დასრულდება, და იმედოვნებენ, რომ ღმერთი რაც შეიძლება მალე განაწესებს ადამიანთა შედეგებს, რათა მათ დაუყოვნებლივ იხილონ, როგორ გამოჩნდება მისი ჭეშმარიტი სახე და პირველივე შესაძლებლობისას მიიღონ კურთხევები, არიან უკიდურესად ამბოხებულნი და უკიდურესად სულელნი. მეორე მხრივ, სწორედ ისინი, ვინც იმედოვნებენ, რომ თავიანთი შეზღუდული დროის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვებენ ამ ათასწლეულში ერთხელ მიცემულ შესაძლებლობას შემოქმედის მეუფების შესაცნობად, არიან ჭეშმარიტად ბრძენნი და უაღრესად გონიერნი. ამ ორი სახის ადამიანის განსხვავებული სურვილები ავლენს ორ სრულიად განსხვავებულ შეხედულებასა და მისწრაფებას. ისინი, ვინც კურთხევებს ეძიებენ, არიან ეგოისტები და მდაბლები, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს, არასოდეს ეძიებენ ღვთის მეუფების შეცნობას და არ სურთ დაემორჩილონ მას, არამედ მხოლოდ ისე სურთ ცხოვრება, როგორც თავად მოესურვებათ. ისინი არიან ისეთები, ვინც ნებაყოფლობით იძირება გახრწნილებაში და ვინც დაიღუპება. მეორე მხრივ, მათ, ვინც ღვთის შეცნობას ეძიებს, შეუძლიათ უარი თქვან თავიანთ სურვილებზე, მზად არიან დაემორჩილონ ღვთის მეუფებასა და განგებას, და ისწრაფვიან, გახდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ღვთის ხელმწიფებას და ასრულებენ ღვთის განზრახვებს. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ნათელში და ღვთის კურთხევებში ცხოვრობენ და ღმერთი აუცილებლად მოიწონებს მათ. რაც არ უნდა იყოს, ადამიანის არჩევანი უსარგებლოა. ადამიანები ვერ წყვეტენ, რამდენ ხანს გასტანს ღვთის საქმე. ადამიანებისთვის უკეთესია, მიენდონ ღვთის წარმართვასა და განგებას და დაემორჩილონ მის მეუფებას. თუ არ მიენდობი ღვთის წარმართვასა და განგებას, რისი გაკეთება შეგიძლია? განიცდის თუ არა ღმერთი რაიმე დანაკარგს ამის შედეგად? თუ არ მიენდობი მის წარმართვასა და განგებას და გსურს, რომ თავად გქონდეს საბოლოო სიტყვა, მაშინ სულელურ არჩევანს აკეთებ და საბოლოოდ იქნები ერთადერთი, ვინც დანაკარგს განიცდის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად ითანამშრომლებენ ღმერთთან, მიიღონ მისი წარმართვა და განგება და შეიცნონ მისი ხელმწიფება და ყველაფერი, რაც მან გააკეთა მათთვის, მათ ექნებათ იმედი — მხოლოდ ამ გზით არ იქნება მათი ცხოვრება ფუჭად გატარებული და ისინი მიიღებენ მაცხოვნებელ მადლს.
არავის შეუძლია შეცვალოს ის ფაქტი, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედისწერაზე
ყოველივე იმის მოსმენის შემდეგ, რაც ახლახან ვთქვი, შეიცვალა თუ არა თქვენი შეხედულება ბედისწერაზე? როგორ გესმით ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების ფაქტი? ყოველდღიური ენით რომ ვთქვათ, ღვთის ხელმწიფების ქვეშ, თითოეული ადამიანი აქტიურად თუ პასიურად იღებს მის მეუფებასა და განგებას, და რაც არ უნდა იბრძოლოს მან მთელი ცხოვრების განმავლობაში, რამდენი შემოვლითი გზაც არ უნდა გაიაროს, ის საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს ბედისწერის იმ გზას, რომელიც შემოქმედმა განაწესა მისთვის. ეს არის შემოქმედის ხელმწიფების გადაულახაობა და არის ის ფორმა, რომლითაც მისი ხელმწიფება მეუფებს და განაგებს ყოველივეს. სწორედ ეს დაუძლეველობა და ყოველივეზე მეუფებისა და მმართველობის სწორედ ეს გზა ყოველივეს აძლევს საშუალებას, კანონზომიერი წესრიგით იარსებოს, აძლევს ადამიანებს საშუალებას, ხელახლა დაიბადონ ისევ და ისევ ყოველგვარი ჩარევის გარეშე, და უზრუნველყოფს სამყაროს კანონზომიერ ფუნქციონირებას, იმოძრაოს წინ დღითიდღე, წლიდან წლამდე. ახლა უკვე ყველა თქვენგანი ამ ფაქტების მოწმე უნდა იყოს და, ზედაპირულად თუ ღრმად, თქვენ ასევე შეიცანით ისინი. თქვენი გაცნობიერების სიღრმე დამოკიდებულია ჭეშმარიტების თქვენს გამოცდილებასა და ცოდნაზე, და ღვთის შესახებ თქვენს ცოდნაზე. რამდენად გაქვს ჭეშმარიტება-რეალობის ცოდნა, რამდენად გაქვს განცდილი ღვთის სიტყვები, რამდენად გაქვს ღვთის არსისა და ხასიათის ცოდნა — ყოველივე ეს განსაზღვრავს, თუ რამდენად ღრმად იცნობ ღვთის მეუფებასა და განგებას. არის თუ არა ღვთის მეუფებისა და განგების არსებობა დამოკიდებული იმაზე, ემორჩილებიან თუ არა მათ ადამიანები? განისაზღვრება თუ არა ის ფაქტი, რომ ღმერთი ფლობს ამ ხელმწიფებას, იმით, ემორჩილება თუ არა მას კაცობრიობა? ღვთის ხელმწიფება არსებობს გარემოებების მიუხედავად. ყველა სიტუაციაში, ღმერთი ხელმწიფებს და განაწესებს ყველას ბედისწერასა და ყოველივეს თავისი აზრებისა და თავისი სურვილების შესაბამისად. ადამიანებში მომხდარი ცვლილებები ამას ვერ შეცვლის; იგი დამოუკიდებელია ადამიანის ნებისგან და არ შეიძლება შეიცვალოს დროის, სივრცისა და გეოგრაფიის რაიმე ცვლილებით, რადგან ღვთის ხელმწიფება მისივე არსია. შეუძლია თუ არა ადამიანს შეიცნოს და მიიღოს ღვთის მეუფება, და შეუძლია თუ არა ადამიანს დაემორჩილოს მას — არცერთი მათგანი ოდნავადაც არ ცვლის ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების ფაქტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ღვთის მეუფების მიმართ, ეს უბრალოდ ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედისწერასა და ყოველივეზე. თუნდაც არ დაემორჩილო ღვთის მეუფებას, შენი ბედისწერა მაინც მისი მეუფების ქვეშაა; თუნდაც არ იცნობდე მის მეუფებას, მისი ხელმწიფება მაინც არსებობს. ღვთის ხელმწიფება და ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების ფაქტი დამოუკიდებელია ადამიანის ნებისგან და არ იცვლება ადამიანის მიდრეკილებებისა და არჩევანის შესაბამისად. ღვთის ხელმწიფება ყველგანაა, ყოველ ჟამს, ყოველ წამს. ცა და მიწა გადაივლის, მაგრამ მისი ხელმწიფება არასოდეს გადაივლის, რადგან ის თავად ღმერთია, ის ფლობს უნიკალურ ხელმწიფებას და მისი ხელმწიფება არ იზღუდება ან არ შემოიფარგლება ადამიანებით, მოვლენებით ან საგნებით, სივრცით ან გეოგრაფიით. ნებისმიერ დროს, ღმერთი ახორციელებს თავის ხელმწიფებას, ავლენს თავის დიდ ძალმოსილებას და აგრძელებს თავის მართვის საქმეს ისე, როგორც ყოველთვის; ნებისმიერ დროს, ის ხელმწიფებს ყოველივეზე, უზრუნველყოფს ყოველივეს და წარმართავს და განაგებს ყოველივეს — ისევე, როგორც ყოველთვის. არავის შეუძლია ამის შეცვლა. ეს ფაქტია; ეს არის უცვლელი ჭეშმარიტება უხსოვარი დროიდან!
სწორი დამოკიდებულება და პრაქტიკა მისთვის, ვისაც სურს დაემორჩილოს ღვთის ხელმწიფებას
რა დამოკიდებულებით უნდა შეიცნოს ახლა ადამიანმა ღვთის ხელმწიფება და როგორ უნდა მიუდგეს მას და ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების ფაქტს? ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც თითოეული ადამიანის წინაშე დგას. რეალურ ცხოვრებაში პრობლემების წინაშე დგომისას, როგორ უნდა გაიგო და გააცნობიერო ღვთის ხელმწიფება და მისი მეუფება? როდესაც ამ პრობლემების წინაშე დგახარ და არ იცი, როგორ გაიგო, გაუმკლავდე და განიცადო ისინი, რა დამოკიდებულება უნდა გამოავლინო იმის საჩვენებლად, რომ გაქვს ღვთის მეუფებისა და განგებისადმი დამორჩილების განზრახვა და სურვილი, და ამ მორჩილების რეალობა? ჯერ უნდა ისწავლო ლოდინი; შემდეგ უნდა ისწავლო ძიება; შემდეგ უნდა ისწავლო მორჩილება. „ლოდინი“ ნიშნავს ღვთის დროის დადგომის ლოდინს, იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ლოდინს, რომლებიც მან განაწესა შენთვის, და ლოდინს, რომ მისი განზრახვები თანდათანობით გამოვლინდეს შენთვის. „ძიება“ ნიშნავს ღვთის გულმოდგინე განზრახვების გამოკვლევასა და გაგებას იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მეშვეობით, რომლებიც მან წარმართა და განაგო, მათში არსებული ჭეშმარიტებების გაგებას, იმის გაგებას, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა გზებს უნდა მიჰყვეს, და იმის გაგებას, თუ რა შედეგის მიღწევა სურს ღმერთს ადამიანში და რა მონაპოვრის მიღება სურს ღმერთს მასში. „მორჩილება“, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიღებას, რომლებიც ღმერთმა წარმართა და განაგო, მისი მეუფების მიღებას და, მისი მეშვეობით, იმის განცდას, თუ როგორ ხელმწიფებს შემოქმედი ადამიანის ბედისწერაზე, როგორ აძლევს ის ადამიანს თავის სიცოცხლეს და როგორ ამკვიდრებს ის ჭეშმარიტებას ადამიანში. ყველაფერი, რაც ღვთის განგებისა და მეუფების ქვეშაა, ემორჩილება ბუნებრივ კანონზომიერებებს, და თუ გადაწყვეტ, რომ ღმერთს მიანდო შენთვის ყოველივე განაწესოს და მასზე ხელმწიფებდეს, უნდა ისწავლო ლოდინი, უნდა ისწავლო ძიება და უნდა ისწავლო მორჩილება. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს დაემორჩილოს ღვთის ხელმწიფებას, და ეს ასევე არის ის ყველაზე ძირითადი თვისება, რომელიც უნდა გააჩნდეს თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს მიიღოს ღვთის მეუფება და განგება. ასეთი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად, ასეთი თვისების შესაძენად, თქვენ უფრო მეტი უნდა იშრომოთ. მხოლოდ მაშინ შეძლებთ ჭეშმარიტ რეალობაში შესვლას.
ღმერთის შენს ერთადერთ უზენაესად მიღება, ხსნის მოპოვების დასაწყისია
ჭეშმარიტებები ღვთის ხელმწიფების შესახებ არის ჭეშმარიტებები, რომლებსაც თითოეული ადამიანი სერიოზულად უნდა მოეკიდოს, უნდა განიცადოს და გაიგოს თავისი გულით — რადგან ეს ჭეშმარიტებები ეხება თითოეული ადამიანის ცხოვრებას; თითოეული ადამიანის წარსულს, აწმყოსა და მომავალს; იმ გადამწყვეტ ეტაპებს, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს ცხოვრებაში; ადამიანის მიერ ღვთის მეუფების შეცნობას და იმ დამოკიდებულებას, რომლითაც ადამიანი ღვთის ხელმწიფებას უნდა მიუდგეს; და, ბუნებრივია, თითოეული ადამიანის საბოლოო დანიშნულების ადგილს. ამიტომ, მათ შეცნობასა და გაგებას მთელი ცხოვრების ძალისხმევა სჭირდება. როდესაც თვალს გაუსწორებ ღვთის ხელმწიფებას, როდესაც მიიღებ მის მეუფებას, თანდათანობით გააცნობიერებ და გაიგებ ღვთის ხელმწიფების რეალურ არსებობას. მაგრამ თუ არასოდეს აღიარებ ღვთის ხელმწიფებას და არასოდეს მიიღებ მის მეუფებას, მაშინ რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო, ოდნავადაც ვერ მოიპოვებ ღვთის მეუფების ცოდნას. თუ ჭეშმარიტად არ შეიცნობ და არ გაიგებ ღვთის ხელმწიფებას, მაშინ როდესაც გზის ბოლოს მიაღწევ, თუნდაც ათწლეულების განმავლობაში გწამდეს ღმერთი, ცხოვრებაში ვერაფერს მოიპოვებ, და ბუნებრივია, ოდნავადაც არ გექნება ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების ცოდნა. განა ეს ძალიან სამწუხარო არ არის? ამიტომ, ცხოვრების გზაზე რამდენიც არ უნდა გქონდეს გავლილი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო ახლა, რაც არ უნდა გრძელი იყოს შენი მოგზაურობის დარჩენილი ნაწილი, ჯერ უნდა აღიარო ღვთის ხელმწიფება და თვალი გაუსწორო მას, და მიიღო ის ფაქტი, რომ ღმერთი შენი ერთადერთი უზენაესია. ადამიანის ბედისწერაზე ღვთის მეუფების შესახებ ამ ჭეშმარიტებების ნათელი, ზუსტი ცოდნისა და გაგების მოპოვება სავალდებულო გაკვეთილია ყველასთვის; ეს არის ადამიანური ცხოვრების შეცნობისა და ჭეშმარიტების მოპოვების გასაღები. ეს ასევე არის ღვთის შეცნობის ძირითადი გაკვეთილი და ცხოვრების ნაწილი, რომლის წინაშეც ყველა უნდა დადგეს ყოველდღე, რომელსაც ვერავინ აარიდებს თავს. თუ გსურს მოკლე გზით წახვიდე ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ გეუბნები, ეს შეუძლებელია! თუ გსურს თავი დააღწიო ღვთის მეუფებას, ეს კიდევ უფრო შეუძლებელია! ღმერთი ადამიანის ერთადერთი უფალია, ღმერთი ადამიანის ბედისწერის ერთადერთი უზენაესია, და ამიტომ ადამიანისთვის შეუძლებელია ხელმწიფებდეს საკუთარ ბედისწერაზე, მისთვის საკუთარი ბედისწერის გადალახვაც შეუძლებელია. რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანის უნარები, მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვების ბედისწერაზე — მით უმეტეს, წარმართოს და განაგოს, განაწესოს, გააკონტროლოს ან შეცვალოს იგი. მხოლოდ თავად ერთადერთ ღმერთს ძალუძს ფლობდეს მეუფებას ყველაფერზე, რაც ადამიანს ეხება. რადგან მხოლოდ თავად ერთადერთი ღმერთი ფლობს უნიკალურ ხელმწიფებას, რომლითაც ის მეუფებს კაცობრიობის ბედისწერაზე, მხოლოდ შემოქმედია კაცობრიობის ერთადერთი უზენაესი. ღვთის ხელმწიფება ვრცელდება არა მხოლოდ შექმნილ კაცობრიობაზე, არამედ შეუქმნელ არსებებზეც, რომელთა დანახვაც არცერთ ადამიანს არ შეუძლია, ვარსკვლავებზე, სამყაროზე. ეს არის უდავო ფაქტი, ფაქტი, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს, რომლის შეცვლაც არცერთ ადამიანს და არცერთ საგანს არ შეუძლია. თუ რომელიმე თქვენგანი ჯერ კიდევ უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით, სჯერა, რომ აქვს გარკვეული ძალა ან უნარი, და ჯერ კიდევ კვლავ აქვს იღბლის ცდის განწყობა, სურს შეცვალოს თავისი ამჟამინდელი გარემოებები ან მათ სხვაგვარად დააღწიოს თავი, ან ცდილობს შეცვალოს საკუთარი ბედისწერა ადამიანის ძალისხმევის მეშვეობით, და ამით გამოირჩეოდეს სხვებისგან და მოიპოვოს დიდება და სარგებელი, მაშინ გეუბნები, თავად ირთულებ საქმეს, მხოლოდ შარს ეძებ, საკუთარ საფლავს თხრი! ადრე თუ გვიან, აღმოაჩენ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე და შენი ძალისხმევა ფუჭი იყო. შენი ამბიცია და სურვილი, ებრძოლო ბედისწერას, და შენი საკუთარი თავნებური ქცევა ნამდვილად მიგიყვანს იმ გზაზე, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია, და ამისთვის მწარე საფასურს გადაიხდი. თუმცა ამჟამად ვერ ხედავ შედეგების სიმძიმეს, როდესაც უფრო ღრმად განიცდი იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედისწერაზე, თანდათანობით გააცნობიერებ იმას, რაზეც დღეს ვსაუბრობ და მის რეალურ მნიშვნელობას. გაქვს თუ არა ჭეშმარიტად გული და სული და ხარ თუ არა ადამიანი, რომელსაც უყვარს ჭეშმარიტება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დამოკიდებულება გექნება ღვთის მეუფებისა და ჭეშმარიტების მიმართ. ბუნებრივია, ეს განსაზღვრავს, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტად შეიცნო და გაიგო ღვთის ხელმწიფება. თუ შენს ცხოვრებაში არასოდეს შეგიგრძნია ღვთის მეუფება და მისი განგებულებები, მით უმეტეს, არ გიღიარებია და არ მიგიღია ღვთის ხელმწიფება, მაშინ სრულიად უარყოფილი იქნები, და ეჭვგარეშეა, რომ ღმერთი ზიზღით უარგყოფს. ეს არის ის, რაც განისაზღვრება შენი გავლილი გზით და შენი არჩევანით. მაგრამ ისინი, ვისაც ღვთის საქმეში შეუძლიათ მიიღონ მისი განსაცდელი, მიიღონ მისი მეუფება, დაემორჩილონ მის ხელმწიფებას და თანდათანობით მოიპოვონ მისი სიტყვების რეალური გამოცდილება, მოიპოვებენ ღვთის ხელმწიფების რეალურ ცოდნას, მისი მეუფების რეალურ გაცნობიერებას; ისინი ჭეშმარიტად ნებდებიან შემოქმედს. მხოლოდ ასეთი ადამიანები ჭეშმარიტად მოიპოვებენ ხსნას. რადგან მათ შეცნობილი აქვთ ღვთის მეუფება, რადგან ისინი იღებენ მას, მათ ზუსტად და რეალურად აქვთ გაცნობიერებული, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედისწერაზე, და ემორჩილებიან მის მეუფებას. როდესაც ისინი თვალს გაუსწორებენ სიკვდილს, მათ, იობის მსგავსად, ექნებათ სიკვდილის წინაშე უშიშარი განწყობა და დაემორჩილებიან ღვთის წარმართვასა და განგებას და მის განგებულებებს ყველაფერში, ყოველგვარი პირადი არჩევანის გარეშე, ყოველგვარი პირადი სურვილის გარეშე. მხოლოდ ასეთი ადამიანები შეძლებენ შემოქმედის გვერდით დაბრუნებას, როგორც ჭეშმარიტი შექმნილი არსებები.
17 დეკემბერი, 2013 წ.