უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი II

გასულ შეკრებაზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. რა იყო ეს? გახსოვთ? მოდით, გავიმეორებ. ჩვენი გასული თანაზიარების თემა იყო: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი თემა თქვენთვის? მისი რომელი ნაწილია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? უფლის საქმეები, უფლის ხასიათი თუ თავად უფალი? რომელი მათგანი გაინტერესებთ ყველაზე მეტად? უფლის საქმეებს, უფლის ბუნებასა და თავად უფალს შორის — რომელ ნაწილზე გსურთ ყველაზე მეტად მოსმენა? ვიცი, რომ გიჭირთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ღვთის ხასიათის დანახვა შესაძლებელია მისი საქმის თითოეულ ასპექტში, მისი ხასიათი მუდამ და ყველგან ვლინდება მის საქმეში და ფაქტობრივად წარმოადგენს თავად ღმერთს; ღვთის მართვის მთლიან გეგმაში უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი ერთმანეთისგან განუყოფელია.

ღვთის საქმის შესახებ ჩვენი გასული თანაზიარების შინაარსი მოიცავდა ბიბლიურ ჩანაწერებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ყველაფერი იყო ისტორიები ადამიანისა და ღვთის შესახებ და ეხებოდა იმას, რაც ადამიანს გადახდა თავს, თუმცა ამავდროულად მოიცავდა ღვთის მონაწილეობასა და გამოხატვას, ამიტომ ამ ისტორიებს განსაკუთრებული ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ღვთის შესაცნობად. კაცობრიობის შექმნისთანავე ღმერთმა დაიწყო ადამიანთან ურთიერთობა, საუბარი და ადამიანის მიმართ თავისი ხასიათის გამოხატვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცობრიობასთან ღვთის პირველივე შეხებიდან მოყოლებული, მან დაიწყო ადამიანისთვის განუწყვეტლივ გაცხადება თავისი არსებისა და იმისა, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა წარსულში მცხოვრებ ან დღევანდელ ადამიანებს ამის დანახვა ან გაგება, ღმერთი ესაუბრება ადამიანს და მოქმედებს მათ შორის, ავლენს თავის ხასიათს და გამოხატავს თავის არსს — ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ხასიათი, ღვთის არსი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, მუდმივად გამოიხატება და ვლინდება, როდესაც იგი მოქმედებს და ურთიერთობს ადამიანთან. მას არასოდეს დაუმალავს ან დაუფარავს რაიმე ადამიანისთვის, არამედ პირიქით, ააშკარავებს და დაუფარავად ავლენს საკუთარ ხასიათს. ანუ ღმერთი იმედოვნებს, რომ ადამიანი შეძლებს მის შეცნობას და მისი ხასიათისა და არსის გაგებას. მას არ სურს, რომ ადამიანი მის ხასიათსა და არსს მარადიულ საიდუმლოებად მიიჩნევდეს და არც ის სურს, რომ კაცობრიობა ღმერთს ისეთ თავსატეხად აღიქვამდეს, რომლის ამოხსნაც შეუძლებელია. როდესაც კაცობრიობა ღმერთს შეიცნობს, მხოლოდ მაშინ შეძლებს წინსვლის გზის დანახვასა და ღვთის წინამძღოლობის მიღებას; მხოლოდ ასეთი კაცობრიობა შეძლებს ჭეშმარიტად იცხოვროს ღვთის ხელმწიფების ქვეშ და იცხოვროს ნათელში ღვთის კურთხევით მოსილმა.

ღვთის მიერ გამოხატული და გამოვლენილი სიტყვები და ხასიათი მის განზრახვებსა და მის არსს წარმოადგენს. როდესაც ღმერთი ადამიანთან ურთიერთობს, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ან აკეთებს, ან რა ხასიათს ავლენს, და მიუხედავად იმისა, რას ხედავს ადამიანი ღვთის არსსა და იმაში, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, ეს ყოველივე წარმოადგენს ღვთის განზრახვებს ადამიანის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს ამის სათანადოდ აღქმა, წვდომა ან გაგება, ეს ყოველივე წარმოადგენს ღვთის განზრახვებს — ღვთის განზრახვებს ადამიანის მიმართ. ეს ეჭვგარეშეა! ღვთის განზრახვები კაცობრიობის მიმართ მდგომარეობს იმაში, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი მისი მოთხოვნით, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იცხოვროს და როგორ უნდა შეძლოს მისი განზრახვების შესრულება. განა ეს ყოველივე განუყოფელი არ არის ღვთის არსისგან? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის ხასიათს და იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, იგი გამოხატავს იმავდროულად, როდესაც ადამიანს მოთხოვნებს უყენებს. აქ არ არის სიყალბე, თვალთმაქცობა, დაფარვა და შელამაზება. მაგრამ რატომ არ შეუძლია ადამიანს ამის შეცნობა და რატომ ვერასოდეს შეძლო ადამიანმა ღვთის ხასიათის ნათლად აღქმა? რატომ ვერასოდეს შეძლო ადამიანმა ღვთის განზრახვებში ჩაწვდომა? ის, რაც ღვთის მიერ არის გამოვლენილი და გამოხატული, არის ის, რაც თავად ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის; ეს არის მისი ჭეშმარიტი ხასიათის თითოეული ნაწილი და ასპექტი — მაშ, რატომ ვერ ხედავს ამას ადამიანი? რატომ არ შესწევს ადამიანს საფუძვლიანი შეცნობის უნარი? ამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. მაშ, რა არის ეს მიზეზი? შექმნის დროიდან მოყოლებული, ადამიანი ღმერთს არასოდეს მოპყრობია ისე, როგორც ღმერთს. უძველეს დროში, რაც არ უნდა გაეკეთებინა ღმერთს ადამიანისთვის — ადამიანისთვის, რომელიც ახლად შექმნილი იყო — ეს უკანასკნელი ღმერთს მხოლოდ როგორც თანამგზავრს, როგორც დასაყრდენს, ისე აღიქვამდა; ადამიანს ღვთის შესახებ არავითარი ცოდნა ან გაგება არ გააჩნდა. ანუ ადამიანმა არ იცოდა, რომ ის, რასაც ეს არსება გამოხატავდა — ეს არსება, რომელსაც ადამიანი ეყრდნობოდა და რომელსაც თავის თანამგზავრად მიიჩნევდა — იყო ღვთის არსი; არც ის იცოდა, რომ ეს არსება იყო ის, ვინც ყოველივეზე ხელმწიფებს. მარტივად რომ ვთქვათ, იმდროინდელი ხალხი საერთოდ არ იცნობდა ღმერთს. მათ არ იცოდნენ, რომ ცა, მიწა და ყოველივე მის მიერ იყო შექმნილი, არ იცოდნენ, საიდან მოვიდა იგი და მით უმეტეს, არ ესმოდათ, თუ რას წარმოადგენდა ღმერთი. რა თქმა უნდა, მაშინ ღმერთი არ ითხოვდა ადამიანისგან მის შეცნობას ან წვდომას, ან იმის გაგებას, თუ რას აკეთებდა იგი, ან მისი განზრახვების ცოდნას, რადგან ეს იყო კაცობრიობის შექმნის შემდგომი ადრეული პერიოდი. როდესაც ღმერთმა რჯულის ეპოქის საქმისთვის მზადება დაიწყო, მან გარკვეული რამ გააკეთა ადამიანისთვის და ასევე დაიწყო მისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენება, ასწავლიდა რა ადამიანს, თუ როგორ უნდა მიეტანა შესაწირავი და როგორ ეცა თაყვანი ღვთისთვის. მხოლოდ მაშინ შეიძინა ადამიანმა რამდენიმე მარტივი წარმოდგენა ღვთის შესახებ და მხოლოდ მაშინ გაიგო განსხვავება ადამიანსა და ღმერთს შორის და ის, რომ ღმერთი იყო ის, ვინც შექმნა კაცობრიობა. როდესაც ადამიანმა შეიტყო, რომ ღმერთი ღმერთია, ხოლო ადამიანი — ადამიანი, მასსა და ღმერთს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა, თუმცა ღმერთი მაინც არ ითხოვდა, რომ ადამიანს მის შესახებ დიდი ცოდნა ან ღრმა გაგება ჰქონოდა. ამგვარად, ღმერთი ადამიანს სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს თავისი საქმის ეტაპებისა და გარემოებების საფუძველზე. რას ხედავთ ამაში? ღვთის ხასიათის რომელ ასპექტს აღიქვამთ? არის თუ არა ღმერთი სრულიად რეალური? არის თუ არა ღვთის მოთხოვნები ადამიანის მიმართ სრულიად გონივრული? ღვთის მიერ კაცობრიობის შექმნის შემდგომ ადრეულ პერიოდში, როდესაც ღმერთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღსრულებული ადამიანზე დაპყრობისა და სრულყოფის საქმე და არცთუ ისე ბევრი სიტყვა ჰქონდა ნათქვამი მისთვის, იგი მცირედს ითხოვდა ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებდა ადამიანი და როგორ იქცეოდა — თუნდაც ღვთისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა — ღმერთს შეეძლო ყველაფრის პატიება და მიტევება. ეს იმიტომ, რომ ღმერთმა იცოდა, რა მისცა ადამიანს და რა იდო მასში; შესაბამისად, იცოდა, რა მოთხოვნილი სტანდარტი უნდა წაეყენებინა ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი სტანდარტი იმ დროს ძალიან დაბალი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღვთის ხასიათი არ იყო დიადი, ან რომ მისი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. ადამიანისთვის ღვთის ხასიათისა და თავად ღვთის შეცნობის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მიჰყვეს კაცობრიობის მიმართ ღვთის მართვისა და ხსნის საქმის ტემპს და მიიღოს ის სიტყვები, რომლებსაც ღმერთი კაცობრიობას ეუბნება. როგორც კი ადამიანი შეიცნობს იმას, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის, და შეიცნობს ღვთის ხასიათს, მოსთხოვს კი იგი კვლავ ღმერთს თავისი ჭეშმარიტი სახის ჩვენებას? არა, ადამიანი არ მოსთხოვს და ვერც გაბედავს ამის მოთხოვნას, რადგან ღვთის ხასიათისა და იმის გაგების შემდეგ, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, ადამიანს უკვე ნანახი ექნება თავად ჭეშმარიტი ღმერთი და მისი ჭეშმარიტი ფორმა. ეს გარდაუვალი შედეგია.

ღვთის საქმისა და გეგმის განუწყვეტელი წინსვლის კვალდაკვალ და მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანთან ცისარტყელას აღთქმა დადო, როგორც ნიშანი იმისა, რომ იგი აღარასოდეს გაანადგურებდა სამყაროს წარღვნით, ღმერთს სულ უფრო მეტად უმძაფრდებოდა სურვილი, მოეპოვებინა ისინი, ვინც მასთან ერთსულოვანი იქნებოდა. მას ასევე სულ უფრო ძლიერ ეწადა, მოეპოვებინა ისინი, ვინც დედამიწაზე შეძლებდა მისი ნების მიყოლას და კიდევ უფრო მეტად — მოეპოვებინა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ბნელეთის ძალებისგან თავის დაღწევას შეძლებდა, არ იქნებოდა სატანის მიერ შებოჭილი და დედამიწაზე მისთვის მოწმობას გასცემდა. ადამიანთა ასეთი ჯგუფის მოპოვება ღვთის დიდი ხნის სურვილი იყო; ეს იყო ის, რასაც იგი სამყაროს შექმნის დროიდან მოყოლებული ელოდა. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა სამყაროს გასანადგურებლად წარღვნა გამოიყენა თუ ადამიანთან აღთქმა დადო, ღვთის განზრახვა არ შეცვლილა, მისი განწყობა არ შეცვლილა და მისი გეგმა და იმედები არ შეცვლილა. ის, რისი გაკეთებაც მას სურდა, რისკენაც იგი სამყაროს შექმნამდე დიდი ხნით ადრე ისწრაფოდა, იყო ის, რომ ადამიანთა შორის მოეპოვებინა ისინი, ვისი მოპოვებაც სურდა — მოეპოვებინა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეძლებდა მისი ხასიათის წვდომასა და შეცნობას და მისი განზრახვების გაგებას, ჯგუფი, რომელიც შეძლებდა მის თაყვანისცემას. ადამიანთა ასეთი ჯგუფი ჭეშმარიტად შეძლებდა მისთვის მოწმობის გაცემას და შეიძლება ითქვას, რომ ისინი მისი მესაიდუმლენი იქნებოდნენ.

დღეს მოდით, კვლავ მივყვეთ ღვთის ნაბიჯებსა და მისი საქმის ტემპს, რათა ამოვიცნოთ ღვთის ფიქრები და აზრები და ყველა ის სხვადასხვა დეტალი, რომელიც ღმერთს უკავშირდება და რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში „დაბეჭდილი იყო“. ამ ყოველივეს მეშვეობით ჩვენ შევიცნობთ ღვთის ხასიათს და გავიგებთ ღვთის არსს, რათა ღმერთი დამკვიდრდეს თითოეული ადამიანის გულში და ყველა შეძლებს ნელ-ნელა დაუახლოვდეს ღმერთს და შეამციროს მასთან დისტანცია.

გასულ ჯერზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხების ნაწილზე, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ რატომ დადო ღმერთმა ადამიანთან აღთქმა. ამჯერად, ჩვენ ვიქონიებთ თანაზიარებას წმინდა წერილის ქვემოთ მოყვანილ მონაკვეთებზე. მოდით, დავიწყოთ წმინდა წერილის კითხვით.

ა. აბრაამი

1. ღმერთი აბრაამს ძის მიცემას ჰპირდება

დაბ. 17:15–17 და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „და აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი. და ვაკურთხებ მას, და ძესაც მოგცემ მისგან. და ვაკურთხებ მასაც და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?“

დაბ. 17:21–22 „და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისაკთან, რომელსაც შენ გიშობს სარა მომავალ წელს ამავე დროს.“ და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან, და ამაღლდა მისგან.

ვერავინ შეაფერხებს იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც ღმერთმა გადაწყვიტა

მაშ ასე, თქვენ ყველამ ახლახან მოისმინეთ აბრაამის ისტორია, არა? ის იყო პიროვნება, რომელიც ღმერთმა მას შემდეგ გამოარჩია, რაც წარღვნამ მსოფლიო გაანადგურა; მისი სახელი იყო აბრაამი; როდესაც ის ასი წლის იყო, ხოლო მისი ცოლი სარა — ოთხმოცდაათის, ღვთის აღთქმა მოევლინა. რა აღთქმა მისცა მას ღმერთმა? ღმერთმა აღუთქვა ის, რაც წმინდა წერილშია ნახსენები: „და ვაკურთხებ მას, და ძესაც მოგცემ მისგან.“ რა იყო ღვთის ამ აღთქმის წინაპირობა, რომ მისთვის ძე მიეცა? წმინდა წერილი შემდეგ ცნობას გვაწვდის: „და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხანდაზმული წყვილი მეტისმეტად მოხუცი იყო საიმისოდ, რომ შვილები ჰყოლოდათ. და რა გააკეთა აბრაამმა მას შემდეგ, რაც ღმერთმა მას აღთქმა მისცა? იგი პირქვე დაემხო, გაეცინა და თავისთვის თქვა: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი?“ აბრაამს სჯეროდა, რომ ეს შეუძლებელი იყო — რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ღვთის დაპირება მხოლოდ ხუმრობა ეგონა. ადამიანის გადმოსახედიდან ეს ადამიანისთვის მიუღწეველი რამ არის და ასევე მიუღწეველი და შეუძლებელია ღვთისთვისაც. შესაძლოა, აბრაამისთვის ეს სასაცილოც კი იყო: „ღმერთმა შექმნა ადამიანი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ასეთ მოხუცს არ შეუძლია შვილის გაჩენა; ღმერთს ჰგონია, რომ მე შვილის გაჩენის შესაძლებლობას მომცემს — ეს ხომ ნამდვილად შეუძლებელია!“ ამიტომ, აბრაამი პირქვე დაემხო და გაეცინა, გულში კი ფიქრობდა: „შეუძლებელია — ღმერთი მეხუმრება, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს!“ მან ღვთის სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. მაშ, ღვთის თვალში, როგორი ადამიანი იყო აბრაამი? (მართალი.) სად იყო ნათქვამი, რომ ის მართალი ადამიანი იყო? თქვენ გგონიათ, რომ ყველა, ვისაც ღმერთი მოუხმობს, მართალი ადამიანია, რომ ყველა მათგანი სრულყოფილი ადამიანია, რომ ყველა ისინი ღმერთთან ერთად დადის. უბრალოდ წესებს იცავთ! თქვენ ნათლად უნდა დაინახოთ, რომ როდესაც ღმერთი ვინმეს განსაზღვრავს, ის ამას თვითნებურად არ აკეთებს. აქ ღმერთს არ უთქვამს, რომ აბრაამი მართალი იყო. თავის გულში ღმერთს აქვს სტანდარტები თითოეული ადამიანის შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს არ უთქვამს, თუ როგორი ადამიანი იყო აბრაამი, მისი გამოვლინებებიდან გამომდინარე, როგორი რწმენა ჰქონდა აბრაამს ღვთის მიმართ? იყო ის ოდნავ ბუნდოვანი? თუ მას დიდი რწმენა ჰქონდა? არა, არ ჰქონდა! მისმა სიცილმა და ფიქრებმა აჩვენა, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში; ამიტომ თქვენი რწმენა, რომ ის მართალი იყო, მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფია; ეს წესების ბრმად გამოყენება და უპასუხისმგებლო შეფასებაა. დაინახა თუ არა ღმერთმა აბრაამის სიცილი და მისი უმცირესი რეაქციები? იცოდა თუ არა მან მათ შესახებ? ღმერთმა იცოდა. მაგრამ შეცვლიდა კი ღმერთი იმას, რისი გაკეთებაც გადაწყვიტა? არა! როდესაც ღმერთმა დაგეგმა და გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს აირჩევდა, ეს უკვე აღსრულებული იყო. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდა ადამიანი და როგორი იყო მისი გამოვლინებები, არცერთი მათგანი ოდნავადაც არ მოახდენდა გავლენას ან ხელს არ შეუშლიდა ღმერთს; ღმერთი თვითნებურად არ შეცვლიდა თავის გეგმას და არც ადამიანის გამოვლინებების, თუნდაც უმეცრების გამო, შეცვლიდა ან ჩაშლიდა მას. მაშ, რა წერია დაბადება 17:21–22-ში? „და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისაკთან, რომელსაც შენ გიშობს სარა მომავალ წელს ამავე დროს. და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან, და ამაღლდა მისგან.“ ღმერთს ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევია იმისთვის, თუ რას ფიქრობდა ან ამბობდა აბრაამი. რა იყო მისი მხრიდან ამ უგულებელყოფის მიზეზი? ეს იმიტომ, რომ იმ დროს ღმერთი არ ითხოვდა ადამიანისგან დიდ რწმენას ან ღვთის შესახებ დიდ ცოდნას; მით უმეტეს მას არ სთხოვდა იმის გაგებას, თუ რას აკეთებდა ან ამბობდა ღმერთი. ამგვარად, იგი არ ითხოვდა, რომ ადამიანს სრულად შეეცნო ის, რისი გაკეთებაც მან გადაწყვიტა, ან თუ როგორი ადამიანების არჩევა განიზრახა, ან მისი მოქმედების პრინციპები, რადგან ადამიანის სულიერი ზრდა უბრალოდ არასაკმარისი იყო. იმ დროს, რაც არ უნდა გაეკეთებინა აბრაამს და როგორი გამოვლინებებიც არ უნდა ჰქონოდა მას, ღმერთი ამას ნორმალურად მიიჩნევდა. არ დაგმო და არ გაკიცხა იგი, არამედ უბრალოდ თქვა: „სარა გიშობს შენ ისაკს მომავალ წელს ამავე დროს.“ ღვთისთვის, მას შემდეგ, რაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, ეს საკითხი ეტაპობრივად რეალობად იქცა; ღვთის თვალში, ის, რაც მისი გეგმით უნდა აღსრულებულიყო, უკვე მიღწეული იყო. ამისთვის სამზადისის დასრულების შემდეგ ღმერთი წავიდა. რასაც არ უნდა აკეთებდეს ან ფიქრობდეს ადამიანი, რასაც არ უნდა სწვდებოდეს იგი, რა გეგმებსაც არ უნდა აწყობდეს — არცერთ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან. ყოვეივე ღვთის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ღვთის მიერ დადგენილი დროისა და ეტაპების შესაბამისად. ასეთია ღვთის საქმის პრინციპი. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ადამიანი ან როგორ განმარტავს მოვლენებს, ღმერთი ამაში არ ერევა, თუმცა იგი არ იტყვის უარს თავის გეგმაზე და არ მიატოვებს თავის საქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს არ სჯერა ან არ ესმის. ამგვარად, ფაქტები ღვთის გეგმისა და ფიქრების მიხედვით აღსრულდება. სწორედ ამას ვხედავთ ბიბლიაში: ღმერთმა განაპირობა ისაკის დაბადება მის მიერ დადგენილ დროს. როგორც ფაქტებმა აჩვენა, შეაფერხა თუ არა ადამიანის ქცევამ და გამოვლინებებმა ღვთის საქმე? არა! იმოქმედა თუ არა ღვთის საქმეზე ადამიანის მცირე რწმენამ ღვთის მიმართ და მისმა წარმოდგენებმა და ფანტაზიებმა ღვთის შესახებ? არა! ოდნავადაც არა! ღვთის მართვის გეგმა არცერთ ადამიანს, მოვლენას ან გარემოს არ აძლევს მასზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მან გადაწყვიტა, დროულად და მისი გეგმის მიხედვით დასრულდება და აღსრულდება; მის საქმეს ვერცერთი ადამიანი ვერ შეაფერხებს. ღმერთი უგულებელყოფს ადამიანის სისულელისა და უმეცრების გარკვეულ ასპექტებს და მის მიმართ ადამიანის მხრიდან წინააღმდეგობისა და წარმოდგენების გარკვეულ ასპექტებსაც კი და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აღასრულებს იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც განიზრახა. ეს არის ღვთის ხასიათი და ეს მისი ყოვლისშემძლეობის გამოვლინებაა.

2. აბრაამი სწირავს ისაკს

დაბ. 22:2–3 და უთხრა მან: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“ და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.

დაბ. 22:9–10 და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ. და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად.

კაცობრიობის მიმართ ღვთის მართვისა და ხსნის საქმე აბრაამის მიერ ისაკის შეწირვით იწყება

ღმერთმა აბრაამს ძე მისცა და სიტყვები, რომლებიც ღმერთმა აბრაამს უთხრა, აღსრულდა. ეს არ ნიშნავს, რომ ღვთის გეგმა აქ შეჩერდა; პირიქით, კაცობრიობის მართვისა და ხსნის ღვთის დიადი გეგმა ახლა იწყებოდა და აბრაამისთვის ძის ბოძება მხოლოდ ღვთის მიერ აღსასრულებელი მართვის მთელი გეგმის შესავალი იყო. იმ მომენტში ვინ იცოდა, რომ ღმერთსა და სატანას შორის ბრძოლა ფარულად დაიწყო აბრაამის მიერ ისაკის შეწირვით?

ღმერთი ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უგუნურებას— მას მხოლოდ ადამიანის გულწრფელობა სურს

შემდეგ, მოდით, შევხედოთ, რა გაუკეთა ღმერთმა აბრაამს. დაბადება 22:2-ში ღმერთმა აბრაამს შემდეგი ბრძანება მისცა: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“ ღვთის სათქმელი ნათელი იყო: იგი აბრაამს ეუბნებოდა, რომ თავისი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც უყვარდა, სრულადდასაწველად შეეწირა. დღევანდელი გადმოსახედიდან, არის თუ არა ის, რაც ღმერთმა გააკეთა, კვლავ შეუსაბამო ადამიანის წარმოდგენებთან? დიახ! ის, რაც ღმერთმა იმ დროს გააკეთა, ძალიან ეწინააღმდეგება ადამიანის წარმოდგენებს; ეს ადამიანისთვის გაუგებარია. თავიანთ წარმოდგენებში ადამიანებს შემდეგი რამ სწამთ: როდესაც ადამიანს არ სჯეროდა და ეს შეუძლებლად მიაჩნდა, ღმერთმა მას ძე მისცა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან ძე შეიძინა, ღმერთმა მას თავისი ძის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. ეს სრულიად წარმოუდგენელია! სინამდვილეში რისი გაკეთება განიზრახა ღმერთმა? რა იყო ღვთის ნამდვილი განზრახვა? მან უპირობოდ მისცა აბრაამს ძე, თუმცა ასევე მოსთხოვა მას, რომ უპირობო მსხვერპლი შეეწირა. იყო თუ არა ეს მეტისმეტი? მესამე მხარის გადმოსახედიდან, ეს არა მხოლოდ მეტისმეტი იყო, არამედ გარკვეულწილად „უმიზეზოდ პრობლემების შექმნასაც“ ჰგავდა. მაგრამ თავად აბრაამს არ მიაჩნდა, რომ ღმერთი მეტისმეტს ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამასთან დაკავშირებით თავისი მცირე მოსაზრებები ჰქონდა და ღვთის მიმართ ოდნავ ეჭვიც ეპარებოდა, იგი მაინც მზად იყო მსხვერპლის შესაწირად. რას ხედავ აქ ისეთს, რაც ამტკიცებს, რომ აბრაამი მზად იყო თავისი ძის შესაწირად? რა არის ნათქვამი ამ წინადადებებში? დედანი შემდეგ ცნობებს გვაწვდის: „და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.“ (დაბ. 22:2–3). „და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ. და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად.“ (დაბ. 22:9–10). როდესაც აბრაამმა ხელი გაიწოდა და დანა აიღო თავისი ძის დასაკლავად, დაინახა თუ არა ღმერთმა მისი ქმედებები? დაინახა. მთელმა პროცესმა — დასაწყისიდან, როდესაც ღმერთმა აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა, იქამდე, როდესაც აბრაამმა რეალურად აღმართა დანა თავისი ძის დასაკლავად — ღმერთს აბრაამის გული დაანახა და მიუხედავად მისი წინანდელი სისულელისა, უმეცრებისა და ღვთის არასწორად გაგებისა, იმ დროს აბრაამის გული ღვთის მიმართ ჭეშმარიტი და გულწრფელი იყო და იგი ნამდვილად და გულწრფელად აპირებდა ისაკის, ღვთის მიერ მისთვის ბოძებული ძის, ღვთისთვის დაბრუნებას. მასში ღმერთმა დაინახა მორჩილება, რაც ზუსტად ის იყო, რაც მას სურდა.

ადამიანისთვის ღმერთი ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაც გაუგებარი და წარმოუდგენელიც კია. როდესაც ღმერთს სურს ვინმეს წარმართვა და განგება, ეს წარმართვა და განგება ხშირად არ შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს და მისთვის გაუგებარია, თუმცა სწორედ ეს შეუსაბამობა და გაუგებრობაა ღვთის განსაცდელი და გამოცდა ადამიანისთვის. ამასობაში, აბრაამმა შეძლო ღვთისადმი მორჩილების გამოვლენა, რაც ყველაზე ფუნდამენტური პირობა იყო იმისა, რომ მას შეძლებოდა ღვთის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მხოლოდ მაშინ, როდესაც აბრაამმა შეძლო ღვთის მოთხოვნისადმი დამორჩილება — როდესაც მან ისაკი შესწირა — იგრძნო ღმერთმა ჭეშმარიტი სიმშვიდე და ჭეშმარიტად აღიარა კაცობრიობა, კერძოდ კი აბრაამი, რომელიც მან აირჩია. მხოლოდ მაშინ დარწმუნდა ღმერთი, რომ ეს ადამიანი, რომელიც მან აირჩია, იყო შეუცვლელი წინამძღოლი, რომელსაც შეეძლო ეტვირთა მისი აღთქმა და მის მიერ შემდგომში აღსასრულებელი მართვის გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ განსაცდელი და გამოცდა იყო, ღმერთმა კმაყოფილება იგრძნო, მან იგრძნო ადამიანის სიყვარული მის მიმართ და იგრძნო ადამიანისგან ისეთი ნუგეში, როგორიც არასდროს. იმ მომენტში, როდესაც აბრაამმა დანა აღმართა ისაკის დასაკლავად, შეაჩერა თუ არა იგი ღმერთმა? ღმერთმა არ მისცა აბრაამს ისაკის შეწირვის უფლება, რადგან მას საერთოდ არ ჰქონდა განზრახული ისაკის სიცოცხლის ხელყოფა. ამგვარად, ღმერთმა აბრაამი დროულად შეაჩერა. ღვთისთვის აბრაამის მორჩილებამ უკვე გაიარა გამოცდა; ის, რაც მან გააკეთა, საკმარისი იყო და ღმერთმა უკვე დაინახა იმის შედეგი, რისი გაკეთებაც განიზრახა. იყო თუ არა ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი ღვთისთვის? შეიძლება ითქვას, რომ ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო ღვთისთვის, რომ ეს იყო ის, რაც ღმერთს სურდა და რისი ხილვაც ღმერთს ენატრებოდა. არის თუ არა ეს სიმართლე? მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონტექსტში ღმერთი სხვადასხვა გზას იყენებს თითოეული ადამიანის გამოსაცდელად, აბრაამში ღმერთმა დაინახა ის, რაც სურდა; მან დაინახა, რომ აბრაამის გული ჭეშმარიტი იყო და რომ მისი მორჩილება უპირობო იყო. სწორედ ეს „უპირობობა“ სურდა ღმერთს. ხშირად ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე უკვე შევწირე ეს, მე უკვე დავთმე ის — რატომ არის ღმერთი კვლავ უკმაყოფილო ჩემით? მუდმივად რატომ მაგდებს განსაცდელში? რატომ მცდის მუდმივად?“ ეს ერთ ფაქტს ამტკიცებს: ღმერთს არ დაუნახავს შენი გული და არ მოუპოვებია შენი გული. ანუ, მას არ დაუნახავს ისეთი ჭეშმარიტი გული, როგორიც აბრაამს ჰქონდა, როდესაც მან შეძლო დანის აღმართვა, რათა საკუთარი ხელით დაეკლა თავისი ძე და ღვთისთვის შეეწირა. მას არ დაუნახავს შენი უპირობო მორჩილება მის მიმართ და არ მიუღია შენგან ნუგეში. მაშასადამე, ბუნებრივია, რომ ღმერთი მუდმივად გცდის შენ. განა ეს სიმართლე არ არის? რაც შეეხება ამ თემას, ჩვენ მას აქ დავასრულებთ. შემდეგ ჩვენ წავიკითხავთ „ღვთის აღთქმა აბრაამს“.

3. ღვთის აღთქმა აბრაამს

დაბ. 22:16–18 და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი, ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“

ეს არის აბრაამის მიმართ ღვთის კურთხევის სრული ჩანაწერი. მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, ძალიან მდიდარი შინაარსი აქვს: იგი მოიცავს აბრაამის მიმართ ღვთის კურთხევის მიზეზსა და წინაპირობას და აბრაამის მიმართ ღვთის კურთხევის შინაარსს. იგი ასევე გამსჭვალულია იმ სიხარულითა და მღელვარებით, რომლითაც ღმერთმა ეს სიტყვები წარმოთქვა და ასევე მისი მძაფრი სურვილით, მოიპოვოს ისინი, ვისაც მისი სიტყვების მორჩილება ძალუძს. ამაში ჩვენ ვხედავთ ღვთის მზრუნველობასა და სინაზეს მათ მიმართ, ვინც ემორჩილება მის სიტყვებს და მის ბრძანებებს. ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ მსხვერპლს, რომელსაც ის იღებს ადამიანთა მოსაპოვებლად და მის გულითად განზრახვებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ის სიმწარე და ტკივილი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იტანს მართვის გეგმის კულისებს მიღმა, სრულად არის გამოხატული წმინდა წერილის იმ მონაკვეთში, რომელიც მოიცავს სიტყვას: „გეფიცები“. ეს არის დამაფიქრებელი მონაკვეთი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, ვინც შემდგომ მოვიდა და რომელმაც მათზე შორსმიმავალი გავლენა მოახდინა.

ადამიანი ღვთის კურთხევას თავისი გულწრფელობისა და მორჩილების გამო იღებს

იყო თუ არა დიადი ის კურთხევა, რომლებიც ღმერთმა აბრაამს მისცა და რომლზეც აქ ვკითხულობთ? მაინც რამდენად დიადი იყო ის? აქ არის ერთი საკვანძო წინადადება: „და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი.“ ეს წინადადება აჩვენებს, რომ აბრაამმა მიიღო ისეთი კურთხევა, რომლებიც არ მიუღია არავის მის წინ ან მის შემდეგ. როდესაც, ღვთის მოთხოვნისამებრ აბრაამმა თავისი ერთადერთი ძე — თავისი საყვარელი ერთადერთი ძე — ღმერთს დაუბრუნა (აქ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ სიტყვას „შესწირა“; უნდა ვთქვათ, რომ მან თავისი ძე ღმერთს დაუბრუნა), ღმერთმა არა მხოლოდ არ მისცა აბრაამს ისაკის შეწირვის უფლება, არამედ აკურთხა კიდეც იგი. რა დაპირებით აკურთხა მან აბრაამი? მან აკურთხა იგი მისი შთამომავლობის გამრავლების დაპირებით. და რამდენად უნდა გამრავლებულიყვნენ ისინი? წმინდა წერილი შემდეგ ჩანაწერს გვაწვდის: „როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი.“ რა კონტექსტში წარმოთქვა ეს სიტყვები? ანუ, როგორ მიიღო აბრაამმა ღვთის კურთხევა? მან ისინი მიიღო ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს წმინდა წერილში: „რადგან ისმინე ჩემი ხმა.“ ესე იგი, რადგან აბრაამი მიჰყვა ღვთის ბრძანებას, რადგან მან გააკეთა ყოველივე, რაც ღმერთმა თქვა, მოითხოვა და უბრძანა, უმცირესი წუწუნის გარეშე, ამიტომ ღმერთმა მას ასეთი აღთქმა მისცა. ამ აღთქმაში არის ერთი გადამწყვეტი წინადადება, რომელიც ღვთის იმდროინდელ ფიქრებს ეხება. დაინახეთ ეს? შესაძლოა, თქვენ მისთვის დიდი ყურადღება არ მიგიქცევიათ. ღმერთმა თქვა: „გეფიცები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთმა ეს სიტყვები წარმოთქვა, იგი საკუთარ თავს იფიცებდა. რას იფიცებენ ადამიანები, როდესაც ფიცს დებენ? ისინი იფიცებენ ზეცას ანუ ისინი ფიცს დებენ ღვთის წინაშე და იფიცებენ ღმერთს. ადამიანებს შესაძლოა დიდად არ ესმოდეთ ღვთის მიერ საკუთარი თავის დაფიცების ფენომენი, მაგრამ თქვენ შეძლებთ ამის გაგებას, როდესაც მე სწორ ახსნას მოგაწვდით. როდესაც ღმერთი იდგა ისეთი ადამიანის წინაშე, რომელსაც მხოლოდ მისი სიტყვების მოსმენა შეეძლო, მაგრამ მისი გულის გაგება — არა, ღმერთმა კიდევ ერთხელ იგრძნო სიმარტოვე და „საგონებელში ჩავარდა“. დიდი მღელვარების მომენტში — და, შეიძლება ითქვას, ქვეცნობიერად — ღმერთმა ძალიან ბუნებრივი რამ გააკეთა: ღმერთმა ხელი გულზე დაიდო და თავის თავს უთხრა, რომ ამ დაპირებას აბრაამს ანიჭებდა და აქედან გაიგონა ადამიანმა ღვთის ნათქვამი: „გეფიცები.“ ღვთის ასეთი ქმედების მეშვეობით, შენ შეგიძლია საკუთარ თავზე იფიქრო. როდესაც შენ ხელს გულზე იდებ და საკუთარ თავს ესაუბრები, გაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა იმაზე, რასაც ამბობ? არის თუ არა შენი დამოკიდებულება გულწრფელი? საუბრობ თუ არა სერიოზულად, შენი გულით? ამგვარად, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ როდესაც ღმერთი აბრაამს ესაუბრებოდა, მისი დამოკიდებულება სერიოზული და გულწრფელი იყო. იმავდროულად, როდესაც ღმერთი აბრაამს ესაუბრებოდა და აღთქმას აძლევდა, ღმერთი საკუთარ თავსაც ესაუბრებოდა. იგი საკუთარ თავს ეუბნებოდა: მე ვაკურთხებ აბრაამს და მის შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის პირას მდებარე ქვიშასავით მრავალრიცხოვანს გავხდი, რადგან იგი დაემორჩილა ჩემს სიტყვებს და ის არის ის, ვინც მე ავირჩიე. როდესაც ღმერთმა თქვა: „გეფიცები“, მან გადაწყვიტა, რომ აბრაამი დაუდებდა სათავეს ისრაელის რჩეულ ხალხს, რის შემდეგაც ღმერთი ამ ხალხს თავისი საქმის ტემპის შესაბამისად წაიყვანდა წინ. ანუ ღმერთი აბრაამის შთამომავლებს ღვთის მართვის საქმეს დააკისრებდა და ღვთის საქმე და ის, რაც ღვთის მიერ არის გამოხატული, აბრაამით დაიწყებოდა და აბრაამის შთამომავლებში გაგრძელდებოდა, რითაც განხორციელდებოდა ღვთის სურვილი ადამიანის გადარჩენის შესახებ. რას იტყვით, განა ეს კურთხეული რამ არ არის? ადამიანისთვის ამაზე დიდი კურთხევა არ არსებობს; შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე კურთხეული რამ არის. აბრაამის მიერ მიღებული კურთხევა მისი შთამომავლობის გამრავლება კი არ იყო, არამედ ის, რომ ღმერთი მართვის გეგმას, თავის მისიასა და თავის საქმეს აბრაამის შთამომავლებში აღასრულებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აბრაამის მიერ მიღებული კურთხევა დროებითი არ ყოფილა, არამედ გრძელდებოდა ღვთის მიერ განსახორცილებელი მართვის გეგმის წინსვლასთან ერთად. როდესაც ღმერთმა ეს თქვა, როდესაც ღმერთმა საკუთარი თავი დაიფიცა, მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. განა ამ გადაწყვეტილების პროცესი ჭეშმარიტი არ იყო? განა ის რეალური არ იყო? ღმერთმა გადაწყვიტა, რომ იმ დროიდან მოყოლებული, მისთვის ყველაზე ძვირფასი, მის მიერ გაღებული მსხვერპლი, ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის, მისი ყოველივე და მისი სიცოცხლეც კი, აბრაამისა და აბრაამის შთამომავლებისთვის ებოძებინა. ღმერთმა ასევე გადაწყვიტა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფიდან დაწყებული გამოავლენდა თავის საქმეებს და მისცემდა ადამიანს საშუალებას, ეხილა მისი სიბრძნე, ხელმწიფება და ძალა.

მათი მოპოვება, ვინც იცნობს ღმერთს და შეუძლია მისთვის მოწმობის გაცემა, ღვთის უცვლელი განზრახვაა

როდესაც ღმერთი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, ის იმავდროულად აბრაამსაც მიმართავდა. თუმცა, იმ მომენტში მისთვის ნაბოძები კურთხევის მიღების გარდა, განა შეძლო აბრაამმა, ჩაწვდომოდა ღვთის ჭეშმარიტ განზრახვას ყოველ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში? ვერა, მან ეს ვერ შეძლო! ამგვარად, იმ მომენტში, როდესაც ღმერთმა საკუთარი თავი დაიფიცა, მისი გული კვლავ მარტოსული და სევდიანი იყო. ჯერ კიდევ არ არსებობდა არცერთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა გაეგო ან ჩასწვდომოდა იმას, რაც მან განიზრახა და დაგეგმა. იმ მომენტში ჯერ კიდევ არავინ იყო — აბრაამის ჩათვლით — ვისაც შეეძლო მასთან გულითადი საუბარი და მით უმეტეს, არავის შეეძლო მასთან თანამშრომლობა იმ საქმის შესრულებაში, რომლის გაკეთებაც მან განიზრახა. ერთი შეხედვით, ღმერთმა მოიპოვა აბრაამი, ადამიანი, რომელსაც შეეძლო მისი სიტყვების მორჩილება. მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანის ცოდნა ღვთის შესახებ თითქმის არაფერს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა აკურთხა აბრაამი, ღვთის გული მაინც არ იყო კმაყოფილი. რას ნიშნავს ის, რომ ღმერთი არ იყო კმაყოფილი? ეს ნიშნავს, რომ მისი მმართველობა ახალი დაწყებული იყო; ეს ნიშნავს, რომ ხალხი, ვისი მოპოვებაც მას სურდა, ხალხი, ვისი ხილვაც ენატრებოდა, ხალხი, რომელიც უყვარდა, ჯერ კიდევ შორს იყო მისგან; მას სჭირდებოდა დრო, მას სჭირდებოდა ლოდინი, მას სჭირდებოდა მოთმინება. რადგან იმ დროს, თავად ღვთის გარდა, არავინ იცოდა, რა სჭირდებოდა მას, ან რისი მოპოვება სურდა, ან რა ენატრებოდა. ასე რომ, იმ დროს, როდესაც ღმერთი უდიდეს სიხარულსა და აღფრთოვანებას განიცდიდა, მას იმავდროულად გულიც უმძიმდებოდა, თუმცა ის არ გაჩერებულა და განაგრძობდა იმის შემდეგი ეტაპის დაგეგმვას, რისი გაკეთებაც განიზრახა.

რას ხედავთ ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემულ აღთქმაში? ღმერთმა აბრაამს ასეთი დიადი კურთხევები მიანიჭა უბრალოდ იმიტომ, რომ იგი დაემორჩილა ღვთის სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს ნორმალურად და ბუნებრივად ჩანს, მასში ჩვენ ვხედავთ ღვთის გულს: ღმერთი განსაკუთრებულად აფასებს ადამიანის მორჩილებას მის მიმართ და უფრთხილდება ადამიანის მიერ მის გაგებასა და მისდამი გულწრფელობას. რამდენად აფასებს ღმერთი ამ გულწრფელობას? შესაძლოა, თქვენ არ გესმით, თუ რამდენად აფასებს იგი მას და შესაძლოა არც არავინ იყოს ისეთი, ვინც შეძლებს მის სათანადოდ აღქმას. ღმერთმა აბრაამს ძე მისცა და როდესაც ეს ძე გაიზარდა, ღმერთმა აბრაამს მოსთხოვა, რომ თავისი ძე ღვთისთვის შეეწირა. აბრაამი ზედმიწევნით მიჰყვა ღვთის ბრძანებას, იგი დაემორჩილა ღვთის სიტყვებს და მისმა გულწრფელობამ შეძრა ღმერთი და დაფასებულ იქნა ღვთის მიერ. რამდენად დააფასა იგი ღმერთმა? და რატომ დააფასა მან იგი? იმ დროს, როდესაც არავინ სწვდებოდა ღვთის სიტყვებს და არავის ესმოდა მისი გული, აბრაამმა გააკეთა ისეთი რამ, რამაც „შეძრა ზეცა და შეარყია დედამიწა“, რამაც ღმერთს უდიდესი კმაყოფილების გრძნობა განაცდევინა და მოჰგვარა ის სიხარული, რომელიც მხოლოდ ისეთი ადამიანის მოპოვებას მოაქვს, ვისაც მისი სიტყვისადმი მორჩილება ძალუძს. ეს კმაყოფილება და სიხარული მოდიოდა ღვთის ხელით შექმნილი ქმნილებისგან. ეს იყო პირველი და ღვთის თვალში ყველაზე ძვირფასი „მსხვერპლი“, რომელიც ადამიანმა მას შესწირა ადამიანის შექმნის დღიდან. ღმერთი დიდი გაჭირვებით ელოდა ამ მსხვერპლს და მან იგი მიიღო, როგორც პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ადამიანისგან, რომელიც მან შექმნა. ამან დაანახა ღმერთს მის მიერ გაღებული უძვირფასესი მსხვერპლის პირველი ნაყოფი, რამაც კაცობრიობის იმედი ჩაუსახა. ამის შემდეგ ღმერთს კიდევ უფრო მეტად მოენატრა ასეთი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მასთან იქნებოდნენ, გულწრფელად მოეპყრობოდნენ მას და გულწრფელად გაითვალისწინებდნენ მის განზრახვებს. ღმერთი იმედოვნებდა კიდეც, რომ აბრაამი იცოცხლებდა, რადგან მას სურდა, ჰქონოდა აბრაამის მსგავსი გული, რომელიც თან ეხლებოდა და მასთან ერთად იქნებოდა, როდესაც იგი მართვის გეგმის განხორციელებას განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, თუ რა სურდა ღმერთს, ეს მხოლოდ სურვილი იყო, მხოლოდ აზრი — რადგან აბრაამი უბრალოდ ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო ღვთისადმი დამორჩილება, მაგრამ არ გააჩნდა მისი უმცირესი გაგება ან მის შესახებ ცოდნაც კი. აბრაამი იყო ის, ვინც ძალიან შორს იდგა ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტებისგან, რომლებიც არის: ღვთის შეცნობა, ღვთისთვის მოწმობის გაცემის უნარი და ღმერთთან ერთსულოვნება. ამიტომ, აბრაამს არ შეეძლო ღმერთთან ერთად სიარული. აბრაამის მიერ ისაკის მსხვერპლად შეწირვისას ღმერთმა დაინახა აბრაამის გულწრფელობა და მორჩილება და დაინახა, რომ მან გაუძლო ღვთის გამოცდას. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მიიღო მისი გულწრფელობა და მორჩილება, იგი მაინც არ იყო იმის ღირსი, რომ გამხდარიყო ღვთის მესაიდუმლე, გამხდარიყო ის, ვინც იცნობდა და ესმოდა ღმერთის და წვდებოდა ღვთის ხასიათს; იგი შორს იყო იმისგან, რომ ყოფილიყო ღმერთთან ერთსულოვანი და მიჰყოლოდა ღვთის ნებას. ამგვარად, გულის სიღრმეში ღმერთი კვლავ მარტოსული და შეშფოთებული იყო. რაც უფრო მარტოსული და შეშფოთებული ხდებოდა ღმერთი, მით უფრო მეტად სჭირდებოდა მას თავისი მმართველობის რაც შეიძლება მალე გახანგრძლივება და ადამიანთა ჯგუფის რაც შეიძლება მალე გამორჩევა და მოპოვება, რათა აღესრულებინა მართვის გეგმა და შეესრულებინა თავისი ნება. ეს იყო ღვთის მძაფრი განზრახვა, რომელიც უცვლელი დარჩა დასაბამიდან დღემდე. ადამიანის შექმნის დღიდან მოყოლებული, ღმერთს ძლიერ სწყუროდა მძლეველთა ჯგუფი — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაიგებდნენ, შეიცნობდნენ და ჩაწვდებოდნენ მის ხასიათს, რათა მასთან ერთად ევლოთ. ღვთის ეს განზრახვა არასოდეს შეცვლილა. მიუხედავად იმისა, თუ კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მას ლოდინი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული იქნება წინამდებარე გზა და რაოდენ შორსაც არ უნდა იყოს ის მიზნები, რომელთაკენაც იგი ისწრაფვის, ღმერთს არასოდეს შეუცვლია ან ხელი არ აუღია ადამიანის მიმართ თავის მოლოდინებზე. ახლა, როდესაც ეს ვთქვი, შეძელით თუ არა გარკვეულწილად ღვთის განზრახვის წვდომა? შესაძლოა, თქვენი წვდომა არც ისე ღრმაა; დრო დაუთმეთ მის წვდომას.

იმავე პერიოდში, როდესაც აბრაამი ცხოვრობდა, ღმერთმა ასევე გაანადგურა ერთი ქალაქი. ამ ქალაქს სოდომი ერქვა. ეჭვგარეშეა, ბევრი ადამიანი იცნობს სოდომის ისტორიას, მაგრამ ნამდვილად არავინ უწყის ღვთის იმ ფიქრების შესახებ, რომლებიც ამ ქალაქის განადგურების საფუძვლად იქცა.

ამიტომ დღეს ღვთისა და აბრაამის ქვემოთ მოყვანილი საუბრის მეშვეობით გავიგებთ მის იმდროინდელ ფიქრებს და ამავდროულად შევიცნობთ მის ხასიათს. ახლა კი, მოდით, წავიკითხოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთები.

ბ. ღმერთმა უნდა გაანადგუროს სოდომი

დაბ. 18:26 და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს“.

დაბ. 18:29 და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: „იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.“

დაბ. 18:30 და თქვა აბრაამმა: „ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.“

დაბ. 18:31 და კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?“ და თქვა: „არ დავღუპავ ოცისათვის.“

დაბ. 18:32 და თქვა: „ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?“ და უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.“

ეს არის რამდენიმე ამონარიდი, რომელიც ბიბლიიდან შევარჩიე. ისინი არ წარმოადგენს სრულ, ორიგინალურ ვერსიებს. თუ გსურთ მათი ნახვა, შეგიძლიათ თავად მოიძიოთ ბიბლიაში; დროის დაზოგვის მიზნით გამოვტოვე ორიგინალი ტექსტის შინაარსის ნაწილი. აქ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო მონაკვეთი და წინადადება შევარჩიე; მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წინადადება გამოვტოვე, ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს დღევანდელ თანაზიარებაზე. ყველა იმ მონაკვეთსა და პასაჟზე თანაზიარებისას გვერდს ვუვლით ისტორიების დეტალებსა და ამ ისტორიებში ადამიანის გამოვლინებებს; ნაცვლად ამისა, ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორი იყო ღვთის ფიქრები და აზრები იმ დროს და სწორედ ამ ფიქრებსა და აზრებში ვხედავთ ღვთის ხასიათს. თუ შევძლებთ დავინახოთ თავად ჭეშმარიტი ღმერთი ყოველივეში, რაც მან მოიმოქმედა, მაშინ მიღწეული გვექნება ჩვენი მიზანი.

ღმერთი ზრუნავს მხოლოდ მათზე, ვისაც ძალუძს დაემორჩილოს მის სიტყვებს და მიჰყვეს მის ბრძანებებს

ზემოთ მოყვანილი მონაკვეთები შეიცავს რამდენიმე საკვანძო სიტყვას: რიცხვებს. პირველ რიგში, იეჰოვამ თქვა, რომ თუ იპოვიდა ორმოცდაათ მართალს ქალაქში, მაშინ მთელ იმ ადგილს დაინდობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაანადგურებდა ქალაქს. მაშ, სინამდვილეში, იყო თუ არა ორმოცდაათი მართალი სოდომში? არ იყო. ამის შემდეგ მალევე რა საუბარი ჰქონდა აბრაამს ღმერთთან? აბრაამმა თქვა: იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს? და ღმერთმა თქვა: არ ვიზამ ამას. შემდეგ აბრაამმა თქვა: იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს? და ღმერთმა თქვა: არ ვიზამ ამას. იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი? არ ვიზამ ამას. სინამდვილეში იყო თუ არა ათი მართალი ქალაქში? ათი არ იყო — მაგრამ იყო ერთი. და ვინ იყო ეს ერთი? ეს იყო ლოტი. იმ დროს სოდომში მხოლოდ ერთი მართალი ადამიანი იყო, მაგრამ იყო თუ არა ღმერთი ძალიან მკაცრი ან მომთხოვნი, როდესაც საქმე ამ რიცხვს ეხებოდა? არა, არ იყო! და ამიტომ, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ ეკითხებოდა: „ორმოცი რომ იყოს?“ „ოცდაათი რომ იყოს?“ სანამ არ მივიდა კითხვამდე „ათი რომ იყოს?“, ღმერთმა თქვა: „ათიც რომ იყოს, არ გავანადგურებ ქალაქს; შევუნდობ მას და ამ ათის გამო სხვებსაც მივუტევებ“. ათი კი უკვე საკმაოდ საცოდავი რიცხვი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში სოდომში ათი მართალი ადამიანიც კი არ მოიძებნებოდა. მაშასადამე, ხედავთ, რომ ღვთის თვალში ამ ქალაქის ხალხის ცოდვა და ბოროტება იმდენად დიდი იყო, რომ ღმერთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა მათი განადგურებისა. რას გულისხმობდა ღმერთი, როდესაც თქვა, რომ არ გაანადგურებდა ქალაქს, თუკი იქ ორმოცდაათი მართალი იქნებოდა? ეს რიცხვები ღვთისთვის არ იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ის, მოიძებნებოდნენ თუ არა ქალაქში ის მართალნი, რომლებიც მას სურდა. ქალაქში მხოლოდ ერთი მართალი ადამიანიც რომ ყოფილიყო, ღმერთი არ დაუშვებდა, რომ იგი ქალაქის განადგურებას შეწირვოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა ღმერთი ქალაქის განადგურებას და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მართალი მოიძებნებოდა მასში, ღვთის თვალსაზრისით ეს ცოდვილი ქალაქი განწირული იყო წყევლისა და განადგურებისთვის; მას ღვთის თვალთახედვიდან გაქრობა ეწერა, ხოლო მართალნი უნდა დარჩენილიყვნენ. მიუხედავად ეპოქისა, მიუხედავად კაცობრიობის განვითარების ეტაპისა, ღვთის დამოკიდებულება არ იცვლება: მას სძულს ბოროტება და ზრუნავს მათზე, ვინც მართალია მის თვალში. ღვთის ეს მკაფიო დამოკიდებულება ასევე წარმოადგენს ღვთის არსის ჭეშმარიტ გაცხადებას. რადგან ქალაქში მხოლოდ ერთი მართალი ადამიანი იყო, ღმერთს აღარ უყოყმანია. საბოლოო შედეგი ის იყო, რომ სოდომი გარდაუვალად განადგურდებოდა. რას ხედავთ ამაში? იმ ეპოქაში ღმერთი არ გაანადგურებდა ქალაქს, თუ მასში ორმოცდაათი მართალი იქნებოდა და არც მაშინ, თუ ათი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გადაწყვეტდა მიეტევებინა და შეეწყნარებინა კაცობრიობა თუ გაძღოლოდა მას, რადგან არსებობდა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეეძლო ღვთისმოშიშება და მისი თაყვანისცემა. ღმერთი დიდად აფასებს ადამიანის მართალ საქმეებს, ის დიდად აფასებს მათ, ვისაც ძალუძთ მისი თაყვანისცემა და დიდად აფასებს მათ, ვისაც ძალუძთ კეთილი საქმეების კეთება მის წინაშე.

ოდესმე წაგიკითხავთ ბიბლიაში, რომ უძველესი დროიდან დღემდე ღმერთს ვინმესთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება ჰქონოდა ან ვინმესთან ღვთის გზის შესახებ ესაუბრა? არა, არასოდეს. ადამიანის მიმართ წარმოთქმული ღვთის სიტყვები, რომლებსაც ვკითხულობთ, მხოლოდ იმას ეუბნებოდა ხალხს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ზოგი მიდიოდა და აკეთებდა ამას, ზოგი — არა; ზოგს სწამდა, ზოგს კი — არა. სულ ეს იყო. ამგვარად, იმდროინდელი მართალნი — ისინი, ვინც მართალნი იყვნენ ღვთის თვალში — იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ღვთის სიტყვებისადმი დამორჩილება და მისი ბრძანებების შესრულება. ისინი იყვნენ ღვთის მსახურნი, რომლებიც მის სიტყვებს ადამიანთა შორის ასრულებდნენ. შეიძლებოდა თუ არა ასეთ ადამიანებზე გვეთქვა, რომ ისინი იცნობენ ღმერთს? შეიძლებოდა თუ არა მათთვის გვეწოდებინა ღვთის მიერ სრულქმნილი ადამიანები? არა, არ შეიძლებოდა. მაშასადამე, მათი რაოდენობის მიუხედავად, ღვთის თვალში განა იმსახურებდნენ ეს მართალი ადამიანები, რომ მათთვის ღვთის მესაიდუმლენი ეწოდებინათ? შეიძლებოდა თუ არა მათთვის ღვთის მოწმეები ეწოდებინათ? რა თქმა უნდა, არა! ნამდვილად არ იყვნენ ღირსნი, მათთვის ღვთის მესაიდუმლეები და მოწმეები ეწოდებინათ. მაშ, რას უწოდებდა ღმერთი ასეთ ადამიანებს? ბიბლიის ძველ აღთქმაში მრავალი შემთხვევაა, როდესაც ღმერთი მათ „ჩემს მსახურს“ უწოდებს. ანუ იმ დროს, ღვთის თვალში ეს მართალი ადამიანები ღვთის მსახურნი იყვნენ; ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას დედამიწაზე ემსახურებოდნენ. და რას ფიქრობდა ღმერთი ამ წოდებაზე? რატომ უწოდებდა მათ ასე? აქვს თუ არა ღმერთს გულში სტანდარტები იმ წოდებებისთვის, რომლებითაც ადამიანებს მოიხსენიებს? რა თქმა უნდა, აქვს. ღმერთს აქვს სტანდარტები, მიუხედავად იმისა, რას უწოდებს ადამიანს — მართალს, სრულყოფილს, წრფელს თუ მსახურს. როდესაც ვინმეს თავის მსახურს უწოდებს, მტკიცედ სწამს, რომ ამ ადამიანს შეუძლია მიიღოს მისი მაცნეები, მიჰყვეს მის ბრძანებებს და შეასრულოს ის, რაც მაცნეების მიერ არის ნაბრძანები. რას ასრულებს ეს ადამიანი? ასრულებს იმას, რის გაკეთებასა და შესრულებასაც ღმერთი ადამიანს უბრძანებს დედამიწაზე. შეიძლებოდა კი იმ დროს ღვთის გზა გვეწოდებინა იმისთვის, რის გაკეთებასა და შესრულებასაც ღმერთი ადამიანს დედამიწაზე სთხოვდა? არა, არ შეიძლებოდა. რადგან იმ დროს ღმერთი ადამიანს მხოლოდ რამდენიმე მარტივი რამის გაკეთებას სთხოვდა ანუ აძლევდა რამდენიმე მარტივ ბრძანებას, ეუბნებოდა ადამიანს, გაეკეთებინა მხოლოდ ეს ან ის და მეტი არაფერი. ღმერთი თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ვინაიდან იმ დროს მრავალი პირობა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ჟამი ჯერ კიდევ არ დამდგარიყო და კაცობრიობისთვის რთული იქნებოდა ღვთის გზის ტვირთვა, ამიტომ ღვთის გულში ჩასახული გზის გამოხატვა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. ღმერთი იმ მართალ ადამიანებს, რომლებზეც საუბრობდა და რომლებსაც აქ ვხედავთ — ოცი იქნებოდა თუ ოცდაათი — თავის მსახურებად მიიჩნევდა. როდესაც ღვთის მაცნეები ამ მსახურებთან მივიდოდნენ, ისინი მზად იყვნენ მათ მისაღებად, მათი ბრძანებების შესასრულებლად და იმისთვის, რომ მათი სიტყვების თანახმად ემოქმედათ. სწორედ ეს იყო ის, რაც უნდა გაეკეთებინათ და რისთვისაც უნდა მიეღწიათ მათ, ვინც ღვთის თვალში მსახურად ითვლებოდა. ღმერთი ძალიან მოზომილად ანიჭებს ადამიანებს წოდებებს. მან მათ თავისი მსახურნი იმიტომ კი არ უწოდა, რომ ისინი ისეთები იყვნენ, როგორებიც ახლა თქვენ ხართ — ანუ, თქვენ, ვისაც ბევრი ქადაგება მოგისმენიათ, იცით, რა უნდა გააკეთოს ღმერთმა, გესმით ღვთის მრავალი განზრახვა და წვდებით მის მიერ აღსასრულებელ მართვის გეგმას — არამედ იმიტომ, რომ ისინი პატიოსანი ადამიანები იყვნენ და შეეძლოთ ღვთის სიტყვებისადმი მორჩილება; როდესაც ღმერთი უბრძანებდა მათ, შეეძლოთ გვერდზე გადაედოთ ის, რასაც აკეთებდნენ და შეესრულებინათ ღვთის ბრძანება. ამიტომ ღვთისთვის მსახურის წოდების კიდევ ერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ისინი თანამშრომლობდნენ მის საქმესთან დედამიწაზე; და მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ ღვთის მაცნეები, ისინი იყვნენ ღვთის სიტყვის აღმსრულებელნი და განმახორციელებელნი დედამიწაზე. მაშასადამე, ხედავთ, რომ ამ მსახურებს ანუ მართალ ადამიანებს დიდი წონა ჰქონდათ ღვთის გულში. ღმერთი ვერ დაიწყებს საქმის აღსრულებას დედამიწაზე ისეთი ადამიანების გარეშე, რომლებიც მასთან ითანამშრომლებენ; იმ როლს, რომელსაც ღვთის მსახურები ასრულებდნენ, ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებდნენ ღვთის მაცნეები. თითოეული დავალება, რომელიც ამ მსახურებმა იტვირთეს და რომელიც ღმერთმა მათ უბრძანა, მისთვის უდიდესი მნიშვნელობისა იყო და ამიტომ მას არ შეეძლო მათი დაკარგვა. ღმერთთან ამ მსახურების თანამშრომლობის გარეშე კაცობრიობაში აღსასრულებელი ღვთის საქმე შეფერხდებოდა, რის შედეგადაც ღვთის მართვის გეგმა და ღვთის იმედები ფუჭი აღმოჩნდებოდა.

ღმერთი უხვად გულმოწყალეა მათ მიმართ, ვისზეც ზრუნავს და ძლიერ განრისხებულია მათზე, ვისაც ზიზღით უარყოფს

ბიბლიის ჩანაწერების მიხედვით, მოიძებნებოდა თუ არა ღვთის ათი მსახური სოდომში? არა, არ მოიძებნებოდა! იყო თუ არა ქალაქი იმის ღირსი, რომ ღმერთს შეენდო მისთვის? ქალაქში მხოლოდ ერთმა ადამიანმა — ლოტმა — მიიღო ღვთის მაცნეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ღვთის მხოლოდ ერთი მსახური იყო, და ამიტომ ღმერთს მხოლოდ ლოტის გადარჩენა და სოდომის განადგურება შეეძლო. ზემოთ მოყვანილი ღვთისა და აბრაამის საუბარი შესაძლოა მარტივი ჩანდეს, მაგრამ ის ძალიან ღრმა რამეს ცხადყოფს: ღვთის ქმედებები ძალიან პრინციპულია და გადაწყვეტილების მიღებამდე ღმერთი დიდ დროს დაუთმობს საკითხის გულდასმით შესწავლასა და აწონ-დაწონვას; ნამდვილად არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას და არ გამოიტანს ნაჩქარევ დასკვნებს, სანამ ამის ჟამი არ მოვა. ღმერთსა და აბრაამს შორის საუბარი გვიჩვენებს, რომ ღვთის გადაწყვეტილება სოდომის განადგურების შესახებ ოდნავადაც არ ყოფილა მცდარი, რადგან ღმერთმა უკვე იცოდა, რომ ქალაქში არ იყო არც ორმოცი მართალი, არც ოცდაათი და არც ოცი. ათიც კი არ იყო. ქალაქში ერთადერთი მართალი ადამიანი ლოტი იყო. ყოველივე, რაც სოდომში მოხდა და თანმხლები გარემოებები ღმერთმა გულდასმით შეისწავლა; მან ეს ყოველივე ზედმიწევნით იცოდა. ამიტომ მისი გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა მცდარი ყოფილიყო. შედარებისთვის, ღვთის ყოვლისშემძლეობის ფონზე ადამიანი ისეთი უგრძნობი, უგუნური, უმეცარი და შორსმჭვრეტელობას მოკლებულია. სწორედ ამას ვხედავთ აბრაამსა და ღმერთს შორის საუბარში. ღმერთი დასაბამიდან დღემდე გამოხატავს თავის ხასიათს. აქაც ანალოგიურად იგრძნობა ღვთის ხასიათი, რომელიც უნდა დავინახოთ. რიცხვები მარტივია — ისინი არაფერს ამტკიცებს — მაგრამ აქ ღვთის ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათია გამოხატული. ღმერთი არ გაანადგურებდა ქალაქს ორმოცდაათი მართლის გამო. არის თუ არა ეს ღვთის გულმოწყალების შედეგი? არის თუ არა ეს მისი სიყვარულისა და შემწყნარებლობის გამო? გინახავთ ღვთის ხასიათის ეს მხარე? მხოლოდ ათი მართალიც რომ ყოფილიყო, ღმერთი არ გაანადგურებდა ქალაქს ამ ათი მართალი ადამიანის გამო. არის თუ არა ეს ღვთის შემწყნარებლობა და სიყვარული? ამ მართალი ადამიანების მიმართ ღვთის გულმოწყალების, შემწყნარებლობისა და ზრუნვის გამო არ გაანადგურებდა ქალაქს. ეს არის ღვთის შემწყნარებლობა. და საბოლოოდ, რა შედეგს ვხედავთ? როდესაც აბრაამმა თქვა: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?“ ღმერთმა უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.“ ამის შემდეგ აბრაამს მეტი აღარაფერი უთქვამს — რადგან სოდომში არ იყო ის ათი მართალი, რომლებზეც საუბრობდა და მეტი სათქმელი აღარაფერი ჰქონდა; იმ დროს მიხვდა, თუ რატომ გადაწყვიტა ღმერთმა სოდომის განადგურება. აქ ღვთის როგორი ხასიათი ვლინდება? როგორი გადაწყვეტილება მიიღო ღმერთმა? ღმერთმა გადაწყვიტა, რომ თუ ამ ქალაქში ათი მართალი ადამიანი არ იქნებოდა, არ დაუშვებდა მის არსებობას და გარდაუვალად გაანადგურებდა. განა ეს ღვთის რისხვა არ არის? წარმოადგენს თუ არა ეს რისხვა ღვთის ხასიათს? არის თუ არა ეს ხასიათი ღვთის წმინდა არსის გაცხადება? არის თუ არა ეს ღვთის სამართლიანი არსის გაცხადება, რომელიც არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას? მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სოდომში ათი მართალი არ იყო, ღმერთი აუცილებლად გაანადგურებდა ქალაქს და სასტიკად დასჯიდა მის მცხოვრებლებს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს და რადგან ასეთი უწმინდურნი და გახრწნილნი იყვნენ.

რატომ გავაანალიზეთ ეს მონაკვეთები ამგვარად? იმიტომ, რომ ეს რამდენიმე მარტივი წინადადება სრულად გამოხატავს ღვთის ხასიათს, რომელსაც უხვი გულმოწყალება და ძლიერი რისხვა ახასიათებს. იმავდროულად, როდესაც უფრთხილდებოდა მართლებს, შეიწყალებდა, სულგრძელობას იჩენდა და ზრუნავდა მათზე, ღვთის გულში იყო ღრმა სიძულვილი სოდომში მყოფი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გახრწნილი იყო. იყო თუ არა ეს უხვი გულმოწყალება და ძლიერი რისხვა? რა საშუალებით გაანადგურა ღმერთმა ქალაქი? ცეცხლით. და რატომ გაანადგურა ცეცხლის გამოყენებით? როდესაც ხედავ, რომ რაღაც ცეცხლით იწვის ან როდესაც რაღაცის დაწვას აპირებ, როგორი გრძნობები გაქვს მის მიმართ? რატომ გსურს მისი დაწვა? გრძნობ, რომ ის აღარ გჭირდება, რომ აღარ გსურს მისი დანახვა? გსურს მისი მიტოვება? ღვთის მიერ ცეცხლის გამოყენება ნიშნავს მიტოვებას, სიძულვილს და იმას, რომ მას აღარ სურდა სოდომის დანახვა. სწორედ ამგვარი განწყობით გამოიყენა ღმერთმა ცეცხლი სოდომის აღსაგველად. ცეცხლის გამოყენება იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად განრისხებული იყო ღმერთი. ღვთის წყალობა და შემწყნარებლობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ღვთის სიწმინდე და სამართლიანობა, როდესაც იგი თავის წყრომას ავლენს, ასევე უჩვენებს ადამიანს ღვთის იმ მხარეს, რომელიც არ იწყნარებს შეურაცხყოფას. როდესაც ადამიანს სრულად ძალუძს დაემორჩილოს ღვთის ბრძანებებს და მოქმედებს ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, ღმერთი უხვად ავლენს წყალობას ადამიანის მიმართ; თუმცა, როდესაც ადამიანი სავსეა გახრწნილებით და მის მიმართ მტრობითა და შუღლით არის აღვსილი, ღმერთი ძლიერ წყრება. რა ზომამდე აღწევს მისი წყრომა? მისი წყრომა გასტანს მანამ, სანამ ღმერთი აღარ იხილავს ადამიანის წინააღმდეგობასა და ბოროტ საქმეებს, სანამ ისინი აღარ იქნებიან მის თვალწინ. მხოლოდ მაშინ გაქრება ღვთის წყრომა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულერთია, ვინ არის ეს ადამიანი, თუ მისი გული დაშორდა ღმერთს, ზურგი აქცია მას და მისი მობრუნება შეუძლებელია, მაშინ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სურს მას — გარეგნულად თუ სუბიექტური სურვილების დონეზე, ხორციელად თუ გონებრივად — თაყვანი სცეს, გაჰყვეს და დაემორჩილოს ღმერთს, სანამ მისი გული ღმერთს არის განრიდებული, ღვთის წყრომა შეუჩერებლივ გადმოინთხევა. ეს იქნება ისე, რომ როდესაც ღმერთი უზომო რისხვას დაანთხევს, მას შემდეგ, რაც ადამიანს საკმარის შესაძლებლობებს მისცემს, მისი უკან წაღება შეუძლებელი იქნება; იგი აღარასოდეს გამოიჩენს წყალობასა და შემწყნარებლობას ასეთი ადამიანის მიმართ. ეს არის ღვთის ხასიათის ერთი მხარე, რომელიც არ უნდა გააღიზიანოთ. აქ ადამიანისთვის ბუნებრივად ჩანს, რომ ღმერთმა გაანადგურა ქალაქი, რადგან ღვთის თვალში, ცოდვით სავსე ქალაქი ვერ იარსებებდა, ვერ განაგრძობდა არსებობას და ღვთის მიერ მისი განადგურება გონივრული იყო. თუმცა, იმ მოვლენებში, რომლებიც სოდომის განადგურებამდე და მის შემდეგ მოხდა, ჩვენ ვხედავთ ღვთის ხასიათს მთლიანობაში. იგი შემწყნარებელი და გულმოწყალეა იმის მიმართ, რაც კეთილი, მშვენიერი და კარგია; ხოლო იმის მიმართ, რაც ბოროტი, ცოდვილი და უკეთურია, იგი ძლიერ მწყრალია, ისე, რომ მისი წყრომა დაუცხრომელია. ეს არის ღვთის ხასიათის ორი ძირითადი ასპექტი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე თვალსაჩინოა და, უფრო მეტიც, ღვთის მიერ მუდმივად ვლინდებოდა დასაბამიდან ბოლომდე: უხვი წყალობა და ძლიერი წყრომა. უმეტესობას გამოგიცდიათ ღვთის გულმოწყალება, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გამოგიცდიათ ღვთის რისხვა. ღვთის გულმოწყალება და კეთილმოსურნე სიყვარული თითოეულ ადამიანში ჩანს; ანუ ღმერთი დიდად გულმოწყალეა თითოეული ადამიანის მიმართ. თუმცა ძალიან იშვიათად — ან შეიძლება ითქვას, არასოდეს — ყოფილა ღმერთი ძლიერ განრისხებული კონკრეტულად რომელიმე ადამიანის ან თქვენ შორის ადამიანთა რომელიმე ჯგუფის მიმართ. ნუ იქნებით სულსწრაფნი! ადრე თუ გვიან ღვთის რისხვას ყველა ადამიანი იხილავს და შეიგრძნობს, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ არ მოსულა ამის დრო. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ როდესაც ღმერთი მუდმივად განრისხებულია ვინმეზე, ანუ როდესაც თავის ძლიერ რისხვას ატეხს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის წინ ზიზღით უარყო ეს ადამიანი, რომ სძულს მისი არსებობა და ვეღარ ითმენს მის არსებობას; ვინაიდან, როდესაც ის რისხვს დაატეხს ადამიანს, ეს მის გაქრობას იწვევს. დღეს ღვთის საქმეს ჯერ არ მიუღწევია ამ წერტილამდე. ვერცერთი თქვენგანი ვერ გაუძლებს მას, როგორც კი ღმერთი ძლიერ განრისხდება. მაშასადამე ხედავთ, რომ ამ ეპოქაში ღმერთი მხოლოდ უხვად გულმოწყალეა ყველას მიმართ და ჯერ არ გინახავთ მისი ძლიერი რისხვა. თუ რომელიმე თქვენგანი არ არის ამაში დარწმუნებული, შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ ღვთის რისხვა დაგატყდეთ თავს, რათა გამოსცადოთ, ნამდვილად არსებობს თუ არა ღვთის რისხვა და მისი ხასიათი, რომელიც არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას. ბედავთ ამას?

უკანასკნელი დღეების ადამიანები ღვთის რისხვას მხოლოდ მის სიტყვებში ხედავენ და ჭეშმარიტად არ განუცდიათ ღვთის რისხვა

არის თუ არა ღვთის ხასიათის ის ორი მხარე, რომელიც წმინდა წერილის ამ მონაკვეთებში ჩანს, თანაზიარების ღირსი? ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ სხვაგვარად ხომ არ შეიცანით ღმერთი? შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს შექმნიდან დღემდე არცერთ ჯგუფს არ მიუღია ღვთის იმდენი მადლი, გულმოწყალება და კეთილმოსურნე სიყვარული, რამდენიც ამ უკანასკნელს. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ეტაპზე ღმერთმა აღასრულა სამსჯავროსა და გაკიცხვის საქმე და თავისი საქმე დიდებულებითა და რისხვით აღასრულა, უმეტესწილად ღმერთი მხოლოდ სიტყვებს იყენებს თავისი საქმის აღსასრულებლად; ის სიტყვებს იყენებს, რათა ასწავლოს, მორწყას, ასაზრდოოს და გამოკვებოს ადამიანები. ამავდროულად ღვთის რისხვა ყოველთვის დაფარული იყო, და გარდა იმისა, რომ ადამიანები ღვთის მრისხანე ხასიათს მისი სიტყვებით გამოსცდიან, ძალიან ცოტას თუ განუცდია მისი რისხვა უშუალოდ. ანუ ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის საქმის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვებში გამოვლენილი რისხვა ადამიანს საშუალებას აძლევს გამოსცადოს ღვთის დიდებულება და ის, რომ იგი არ იწყნარებს შეურაცხყოფას, ეს რისხვა მის სიტყვებს არ სცდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი იყენებს სიტყვებს ადამიანის შესაგონებლად, სამხილებლად, განსასჯელად, გასაკიცხად და მისთვის მსჯავრის დასადებადაც კი — მაგრამ ღმერთს ჯერ არ დაუტეხავს ადამიანზე ძლიერი რისხვა; თითქმის არც კი გამოუვლენია თავისი რისხვა ადამიანის მიმართ თავისი სიტყვების მიღმა. ამგვარად, ღვთის გულმოწყალება და კეთილმოსურნე სიყვარული, რაც ადამიანს ამ ეპოქაში ხვდა წილად, ღვთის ჭეშმარიტი ხასიათის გაცხადებაა, ხოლო ღვთის რისხვა, რომელიც ადამიანს ატყდება, მხოლოდ მისი გამონათქვამის ტონისა და განწყობის ეფექტია. ბევრი ადამიანი არასწორად მიიჩნევს ამ ეფექტს ღვთის რისხვის ჭეშმარიტ გამოცდად და მისი რისხვის ჭეშმარიტ შეცნობად. შესაბამისად, უმეტესობას სჯერა, რომ იხილეს ღვთის გულმოწყალება და კეთილმოსურნე სიყვარული მის სიტყვებში, რომ ასევე იხილეს ის, რომ ღმერთი არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას და უმეტესობამ დააფასა კიდეც ღვთის გულმოწყალება და შემწყნარებლობა კაცობრიობის მიმართ. მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ადამიანის ქცევა ან როგორი გახრწნილიც არ უნდა იყოს მისი ხასიათი, ღმერთი ყოველთვის იჩენდა მოთმინებას. მისი მოთმინების მიზანია დაელოდოს შედეგს: რათა მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა და მის მიერ გაღებულმა უდიდესმა გულმოდგინებამ შედეგი გამოიღოს მათთან მიმართებაში, ვისი მოპოვებაც სურს. ამგვარი შედეგის მოლოდინი დროს მოითხოვს და საჭიროებს ადამიანისთვის სხვადასხვა გარემოს შექმნას, სწორედ ისე, როგორც ადამიანები დაბადებისთანავე არ ხდებიან ზრდასრულნი; ამას თვრამეტი ან ცხრამეტი წელი სჭირდება, ზოგიერთს კი ოცი ან ოცდაათი წელიც კი სჭირდება, სანამ ნამდვილ ზრდასრულად ჩამოყალიბდება. ღმერთი ელოდება ამ პროცესის დასრულებას, ელოდება ასეთი დროის დადგომას და ელოდება ამ შედეგის მიღწევას. მთელი ამ მოლოდინის განმავლობაში ღმერთი უხვად გულმოწყალეა. თუმცა ღვთის საქმის მიმდინარეობისას ადამიანთა უკიდურესად მცირე რაოდენობა იქნა განადგურებული, რამდენიმე კი დაისაჯა ღვთისადმი გაწეული დიდი წინააღმდეგობის გამო. ასეთი მაგალითები კიდევ უფრო დიდი მტკიცებულებაა ღვთის იმ ხასიათისა, რომელიც არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას და სრულად ადასტურებს რჩეული ხალხის მიმართ ღვთის შემწყნარებლობისა და მოთმინების რეალურ არსებობას. რა თქმა უნდა, ამ ტიპურ მაგალითებში, ამ ადამიანებში ღვთის ხასიათის ნაწილის გაცხადება გავლენას არ ახდენს ღვთის მიერ აღსასრულებელ საერთო მართვის გეგმაზე. სინამდვილეში, ღვთის საქმის ამ დასკვნით ეტაპზე ღმერთი ინარჩუნებდა მოთმინებას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც ელოდა; მან თავისი მოთმინება და სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო შედეგის სანაცვლოდ, როგორიცაა მისი მიმდევრების გადარჩენა. ხედავთ ამას? ღმერთი უმიზეზოდ არ არღვევს თავის გეგმას. მას შეუძლია რისხვის დატეხვა და ასევე შეუძლია იყოს გულმოწყალე; ეს არის ღვთის ხასიათის ორი ძირითადი ნაწილის გაცხადება. არის თუ არა ეს ძალიან ნათელი? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთისთვის, სწორი და არასწორი, სამართლიანი და უსამართლო, დადებითი და უარყოფითი სრულიად ნათლად არის ნაჩვენები ადამიანისთვის. რას გააკეთებს, რა მოსწონს და რა სძულს, ეს ყოველივე შეიძლება პირდაპირ აისახოს მის ხასიათში. ასეთი რამ ასევე ძალიან აშკარად და ნათლად ჩანს ღვთის საქმეში და არ არის ბუნდოვანი ან ზოგადი; ნაცვლად ამისა, ეს საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს იხილოს ღვთის ხასიათი და ყოველივე, რაც ღმერთს გააჩნია და რაც ის არის, განსაკუთრებით კონკრეტული, ჭეშმარიტი და პრაქტიკული გზით. ეს არის თავად ჭეშმარიტი ღმერთი.

ღვთის ხასიათი არასოდეს ყოფილა დაფარული ადამიანისგან — ადამიანის გული განუდგა ღმერთს

ამ საკითხებზე თანაზიარება რომ არ მქონოდა, ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებდა ბიბლიურ ამბებში ღვთის ჭეშმარიტი ხასიათის დანახვას. ეს ფაქტია. იმიტომ, რომ თუმცა ეს ბიბლიური ამბები ასახავდა ღვთის მიერ აღსრულებულ რამდენიმე საქმეს, ღმერთმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და ადამიანს პირდაპირ არ გააცნო თავისი ხასიათი ან ღიად არ გამოხატა თავისი განზრახვები მის მიმართ; შემდგომმა თაობებმა ეს ჩანაწერები მხოლოდ ისტორიებად მიიჩნიეს. ამიტომ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ღმერთი ძალიან დაფარულია ადამიანისგან — ადამიანისგან დაფარული ღვთის პიროვნება კი არ არის, არამედ მისი ხასიათი და განზრახვები. ჩემი დღევანდელი თანაზიარების შემდეგ კვლავ გრძნობთ, რომ ღმერთი სრულად დაფარულია ადამიანისგან? კვლავ ფიქრობთ, რომ ღვთის ხასიათი დაფარულია ადამიანისგან?

სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ღვთის ხასიათი მის საქმეს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. არასოდეს ყოფილა დაფარული ადამიანისგან, არამედ სრულად ღია და გაცხადებულია მისთვის. თუმცა, დროთა განმავლობაში ადამიანის გული სულ უფრო მეტად დაშორდა ღმერთს და რაც უფრო მეტად გაიხრწნა ადამიანი, ის და ღმერთი სულ უფრო მეტად დაშორდნენ ერთმანეთს. ნელ-ნელა ადამიანი გაქრა ღვთის თვალთაგან და ვეღარ შეძლო ღვთის „დანახვა“. ამან იგი ღვთის შესახებ ყოველგვარი „ამბის“ გარეშე დატოვა; ამიტომ არ იცის, არსებობს თუ არა ღმერთი და იქამდეც კი მიდის, რომ სრულად უარყოფს ღვთის არსებობას. შესაბამისად, ის, რომ ადამიანი ვერ წვდება ღვთის ხასიათს და იმას, რაც ღმერთს გააჩნია და რაც ის არის, გამოწვეულია არა იმით, რომ ღმერთი დაფარულია ადამიანისგან, არამედ იმით, რომ მისი გული განუდგა ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს სწამს ღმერთი, ადამიანის გული ღვთის გარეშეა და მან არ იცის, როგორ უყვარდეს ღმერთი, და არც მისი სიყვარული სურს. ადამიანის გული არასოდეს უახლოვდება ღმერთს და ყოველთვის გაურბის მას, ამიტომ მისი გული შორს არის ღვთისგან. მაშ, სად არის მისი გული? სინამდვილეში ადამიანის გული არსად წასულა: ნაცვლად იმისა, რომ ღმერთისთვის მიეცა ან მისთვის ეჩვენებინა, მან ის თავისთვის შეინახა. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ადამიანი ხშირად ლოცულობს ღვთის მიმართ და ამბობს: „ღმერთო, გულდასმით შეისწავლი ჩემს გულს — იცი ყველაფერი, რასაც ვფიქრობ“; ზოგიერთი იმასაც კი ფიცულობს, რომ ღმერთს მისცემს საკუთარი თავის გულდასმით შესწავლის უფლებას და ნებას რთავს ღმერთს, დასაჯოს ის, თუ ფიცს გატეხს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღმერთს თავისი გულის გულდასმით შესწავლის ნებას რთავს, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ძალუძს დაემორჩილოს ღვთის მიერ წარმართვასა და მის განგებას, და არც იმას, რომ მან თავისი ბედი, პერსპექტივები და ყოველივე ღვთის კონტროლს მიანდო. ამგვარად, მიუხედავად იმ ფიცისა, რომელსაც ღმერთს აძლევ ან რასაც მას განუცხადებ, ღვთის თვალში შენი გული კვლავ დახურულია მისთვის, რადგან ღმერთს მხოლოდ შენს გულზე დაკვირვების ნებას რთავ, მაგრამ არ აძლევ მას მისი გაკონტროლების უფლებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გული საერთოდ არ მიგიძღვნია ღვთისთვის და მხოლოდ სასიამოვნოდ მოსასმენ სიტყვებს ამბობ, რათა ღმერთმა მოისმინოს; ამავდროულად ღვთისგან მალავ შენს სხვადასხვა მზაკვრულ განზრახვას შენს ჩანაფიქრებთან, გეგმებთან და პროექტებთან ერთად და შენს მომავალსა და ბედს ებღაუჭები, რადგან ძლიერ გეშინია, რომ ღმერთი მათ წაგართმევს. ამიტომ ღმერთი ვერასოდეს ხედავს ადამიანის გულწრფელობას მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი გულდასმით შეისწავლის ადამიანის გულის სიღრმეებს და ხედავს, რას ფიქრობს და რისი გაკეთება სურს ადამიანს გულის სიღრმეში, ხედავს, რა აქვს მას გულში, ადამიანის გული არ ეკუთვნის ღმერთს და მას არ გადაუცია იგი ღვთის კონტროლისთვის. ანუ ღმერთს მხოლოდ დაკვირვების უფლება აქვს, მაგრამ არ აქვს გაკონტროლების უფლება. ადამიანს თავის სუბიექტურ ცნობიერებაში არ სურს და არც განზრახული აქვს, საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას და მისცეს მას მისი წარმართვის უფლება. ადამიანმა არა მხოლოდ ჩაკეტა საკუთარი თავი ღვთისგან, არამედ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გულის შესანიღბ გზებს ეძებენ, პირფრობენ ცრუ შთაბეჭდილების მოსახდენად, თაღლითობით მოიპოვებენ ღვთის ნდობას და მალავენ თავიანთ ნამდვილ სახეს ღვთისგან. მათი მიზანი, როდესაც ღმერთს დანახვის ნებას არ აძლევენ, არის ის, რომ არ დაანახონ ღმერთს თავიანთი ნამდვილი სახე და არ მიუძღვნან გული მას, არამედ შეინახონ ის თავისთვის. ამის ქვეტექსტი ის არის, რომ რასაც ადამიანი აკეთებს და რაზეც ფიქრობს, ყოველივე თავად ადამიანის მიერ არის დაგეგმილი, გათვლილი და გადაწყვეტილი; მას არ სჭირდება ღვთის მონაწილეობა ან ჩარევა; მით უმეტეს, არ სჭირდება ღვთის მიერ წარმართვა და მისი განგება. ამგვარად, იქნება ეს ღვთის ბრძანება, მისი დავალება თუ მოთხოვნა, რომელსაც ღმერთი ადამიანს უყენებს, ადამიანის არჩევანი ეფუძნება პირად განზრახვებსა და ინტერესებს, მის იმდროინდელ მდგომარეობასა და ვითარებას. ადამიანი ყოველთვის იყენებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას და საკუთარ ინტელექტს, რათა განსაჯოს და აირჩიოს ის გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეს და არ სურს დაუშვას ღვთის ჩარევა ან კონტროლი. სწორედ ადამიანის ასეთ გულს ხედავს ღმერთი.

დასაბამიდან დღემდე მხოლოდ ადამიანს შესწევს ღმერთთან საუბრის უნარი. ანუ ყველა ცოცხალ არსებასა და ქმნილებას შორის, ადამიანის გარდა არავის შეუძლია ღმერთთან საუბარი. ადამიანს აქვს ყურები, რათა ისმინოს და თვალები, რათა იხილოს; მას აქვს ენა, საკუთარი აზრები და თავისუფალი ნება. მას გააჩნია ყოველივე, რაც საჭიროა ღვთის საუბრის მოსასმენად, ღვთის განზრახვების გასაგებად და ღვთიური მისიის მისაღებად; ამიტომ ღმერთი თავის ყველა იმედს ადამიანზე ამყარებს, სურს რა, აქციოს ის თავის თანამგზავრად, რომელიც მისი თანამოაზრე იქნება და მასთან ერთად ივლის. იქიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა მართვის განხორციელება დაიწყო, ის ელოდება, რომ ადამიანი მას თავის გულს მიუძღვნის, რათა ღმერთმა განწმინდოს და აღჭურვოს იგი, რათა ადამიანი გახდეს ღვთისთვის სათნო და საყვარელი, რათა ადამიანს ეშინოდეს ღვთის და ბოროტებას განერიდოს. ღმერთი ყოველთვის მოელოდა და სასოებდა ამ შედეგს. არიან კი ასახულნი ასეთი ადამიანები ბიბლიურ ჩანაწერებში? ანუ არის კი ბიბლიაში ვინმე ისეთი, ვისაც შესწევს უნარი, საკუთარი გული ღმერთს მიუძღვნას? არსებობს კი რაიმე პრეცედენტი ამ ეპოქამდე? მოდით, დღეს განვაგრძოთ ბიბლიური ჩანაწერების კითხვა და ვნახოთ, აქვს თუ არა ამ პიროვნების — იობის — მიერ აღსრულებულ საქმეებს რაიმე კავშირი თემასთან „ გულის ღვთისთვის მიძღვნა“, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. მოდით, ვნახოთ, იყო თუ არა იობი ღვთისთვის მოსაწონი და საყვარელი.

თქვენი აზრით, როგორი პიროვნებაა იობი? ზოგი წმინდა წერილის ორიგინალს ციტირებს და ამბობს, რომ იობი იყო ადამიანი, რომელიც იყო ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. „ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული“: ასეთია ღვთის მიერ იობის შეფასება. თქვენი სიტყვებით როგორ დაახასიათებდით იობს? ზოგიერთი ამბობს, რომ იობი იყო კარგი ადამიანი, გონიერი კაცი; ზოგი ამბობს, რომ მას ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა ჰქონდა; ზოგი ამბობს, რომ იობი იყო სამართლიანი კაცი, რომელსაც ადამიანობა გააჩნდა. თქვენ იხილეთ იობის რწმენა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს გულებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და გშურთ იობის რწმენის. მაშ, მოდით, დღეს ვნახოთ, რას ფლობდა იობი ისეთს, რამაც ღმერთს გადააწყვეტინა, რომ ის ასე მიეღო. ახლა კი, მოდით, წავიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი წმინდა წერილი.

გ. იობი

1. ღვთის მიერ და ბიბლიაში გაკეთებული იობის შეფასებები

იობ. 1:1 ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული.

იობ. 1:5 ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგების შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.“ ასე იქცეოდა იობი ყოველთვის.

იობ. 1:8 და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“

რა არის ის მთავარი აზრი, რომელსაც თქვენ ხედავთ ამ მონაკვეთებში? წმინდა წერილის ეს სამი მოკლე მონაკვეთი იობს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, მათში ნათლადაა გაცხადებული, თუ როგორი პიროვნება იყო იგი. იობის ყოველდღიური ქცევისა და საქციელის აღწერა ყველას აჩვენებს, რომ ღვთის მიერ გაკეთებული იობის შეფასება უსაფუძვლო კი არა, არამედ მყარად დასაბუთებული იყო. ეს სამი მონაკვეთი გვეუბნება, რომ, იქნება ეს იობის შეფასება ადამიანის მიერ (იობ. 1:1), თუ მისი შეფასება ღვთის მიერ (იობ. 1:8), ორივე წარმოადგენს ღვთისა და ადამიანის წინაშე იობის საქმეების შედეგს (იობ. 1:5).

პირველ რიგში, მოდით, წავიკითხოთ პირველი მონაკვეთი: „ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული.“ ეს არის იობის პირველი შეფასება ბიბლიაში და ეს წინადადება წარმოადგენს ავტორის კომენტარს იობის შესახებ. ბუნებრივია, ის ასევე წარმოადგენს ადამიანის მიერ იობის შეფასებას: „იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული.“ შემდეგ, მოდით, წავიკითხოთ იობის შეფასება ღვთის მიერ: „არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“ ამ ორიდან ერთი ადამიანს ეკუთვნის, მეორე კი — ღმერთს; ეს არის ერთი და იმავე შინაარსის მქონე ორი შეფასება. მაშასადამე, სრულიად ნათელია, რომ იობის ქცევა და საქციელი ცნობილი იყო ადამიანისთვის და ასევე მოწონებული იყო ღვთის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იობის საქციელი ადამიანის წინაშე და მისი საქციელი ღვთის წინაშე ერთი და იგივე იყო; ის ყოველთვის ააშკარავებდა თავის ქცევასა და მოტივაციას ღვთის წინაშე, რათა ისინი ღმერთს გულდასმით გამოეკვლია; მან შეძლო ყოფილიყო ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული. ამგვარად, ღვთის თვალში, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთაგან მხოლოდ იობი იყო ალალი და წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული.

იობის ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების კონკრეტული გამოვლინებები მის ყოველდღიურ ცხოვრებაში

მოდით, ახლა შევხედოთ იობის ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების კონკრეტულ გამოვლინებებს. მის წინა და მომდევნო მონაკვეთების გარდა, მოდით, წავიკითხოთ იობ. 1:5, რომელიც წარმოადგენს იობის ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებას. იგი ეხება იმას, თუ როგორ იყო იგი ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში; მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება იყო ის, რომ იგი არა მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა საკუთარი ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გამო, არამედ რეგულარულად სწირავდა ღმერთს სრულადდასაწველებს თავის ძეთა სახელით. მას ეშინოდა, რომ ნადიმობისას მათ ხშირად „შესცოდეს... და დაგმეს ღმერთი თავიანთ გულში.“ როგორი იყო იობის საქციელი ამ საკითხთან დაკავშირებით? ორიგინალი ტექსტი ასეთ რამეს გადმოგვცემს: „ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით“. იობის საქციელი გვიჩვენებს, რომ მისი ღვთისმოშიშება გარეგნულ ქცევაში კი არ ვლინდებოდა, არამედ მის გულში იღებდა სათავეს და რომ მისი ღვთისმოშიშება შეიძლებოდა დაგვენახა მისი ყოველდღიური ცხოვრების თითოეულ ასპექტში, ყოველ ჟამს, რადგან იგი არა მხოლოდ თავად ერიდებოდა ბოროტებას, არამედ ხშირად სწირავდა სრულადდასაწველებს თავის ძეთა სახელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იობს არა მხოლოდ ღრმად ეშინოდა ღვთის შეურაცხყოფისა და საკუთარ გულში ღვთის დაგმობისა, არამედ იმაზეც წუხდა, რომ მის ძეებს არ შეურაცხეყოთ ღმერთი და არ დაეგმოთ იგი თავიანთ გულებში. აქედან ჩანს, რომ იობის ღვთისმოშიშების ჭეშმარიტება უძლებს გულდასმით გამოკვლევას და ნებისმიერი ადამიანისთვის ეჭვგარეშეა. იგი დროდადრო იქცეოდა ასე, თუ ხშირად? ტექსტის ბოლო წინადადებაა: „ასე იქცეოდა იობი ყოველთვის.“ ამ სიტყვების მნიშვნელობა ისაა, რომ იობი დროდადრო ან თავისი სურვილისამებრ კი არ მოინახულებდა თავის ძეებს და არც ლოცვით აღიარებდა ცოდვებს ღვთის წინაშე; ნაცვლად ამისა, იგი რეგულარულად აგზავნიდა თავის ძეებს განსაწმენდად და სწირავდა სრულადდასაწველებს მათთვის. სიტყვა „ყოველთვის“ აქ არ ნიშნავს, რომ იგი ასე იქცეოდა ერთი ან ორი დღის განმავლობაში ან მხოლოდ ერთი წამით. ეს ნიშნავს, რომ იობის ღვთისმოშიშების გამოვლინება არ ყოფილა დროებითი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ცოდნით ან წარმოთქმული სიტყვებით; ნაცვლად ამისა, ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზა წარმართავდა მის გულს, იგი კარნახობდა მის ქცევას და მის გულში ეს იყო მისი არსებობის საფუძველი. ის, რომ იგი ასე იქცეოდა ყოველთვის, იმაზე მეტყველებს, რომ გულის სიღრმეში მას ხშირად ეშინოდა, თავად არ შეურაცხეყო ღმერთი და ასევე ეშინოდა, რომ მის ძეებსა და ასულებს არ შეურაცხეყოთ ღმერთი. ეს გამოხატავს იმას, თუ რამხელა წონა ჰქონდა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას მის გულში. იგი ასე იქცეოდა ყოველთვის, რადგან გულში წუხდა და ეშინოდა — ეშინოდა, რომ ბოროტება არ ჩაედინა და ღმერთი არ შეურაცხეყო და რომ ღვთის გზას არ აცდენოდა და ვერ გაემართლებინა ღვთის მოლოდინი. ამავდროულად იგი ასევე წუხდა თავის ძეებსა და ასულებზე, ეშინოდა რა, რომ მათ არ შეურაცხეყოთ ღმერთი. ასეთი იყო იობის ჩვეული ქცევა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ეს ჩვეული ქცევა ამტკიცებს, რომ იობის ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება ცარიელი სიტყვები არ არის, რომ იობმა ჭეშმარიტად გამოავლინა ცხოვრებაში ასეთი რეალობა. „ასე იქცეოდა იობი ყოველთვის“: ეს სიტყვები მოგვითხრობს იობის ყოველდღიურ საქმეებზე ღვთის წინაშე. როდესაც იგი ასე იქცეოდა ყოველთვის, აღწევდა თუ არა მისი ქცევა და გული ღმერთამდე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხშირად იღებდა თუ არა ღმერთი მის გულსა და მის ქცევას? მაშ, რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში იქცეოდა იობი ასე ყოველთვის? ზოგიერთი ამბობს: „იგი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ღმერთი ხშირად ეცხადებოდა იობს.“ ზოგი ამბობს: „იგი ასე იქცეოდა ყოველთვის, რადგან სურდა ბოროტებისგან განრიდება.“ ზოგი კი ამბობს: „შესაძლოა იგი ფიქრობდა, რომ თავისი ქონება ადვილად არ მოუპოვებია და იცოდა, რომ ეს ღვთის მიერ იყო მისთვის ბოძებული, ამიტომ მას ძალიან ეშინოდა თავისი ქონების დაკარგვისა ღვთის შეურაცხყოფის ან მის წინაშე დანაშაულის ჩადენის გამო.“ არის კი რომელიმე ეს მტკიცება ჭეშმარიტი? ნათელია, რომ არა. რადგან, ღვთის თვალში ის, რაც ღმერთმა მიიღო იობში და რაც ყველაზე ძვირფასი იყო, მხოლოდ ის არ გახლდათ, რომ იგი ასე იქცეოდა ყოველთვის; უფრო მეტიც, ეს იყო მისი საქციელი ღვთის, ადამიანისა და სატანის წინაშე, როდესაც იგი სატანას გადაეცა და გამოიცადა. ქვემოთ მოყვანილი მონაკვეთები გვთავაზობს ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომელიც გვიჩვენებს ღვთის მიერ იობის შეფასების ნამდვილობას. ახლა კი, მოდით, წავიკითხოთ წმინდა წერილის შემდეგი მონაკვეთები.

2. სატანა პირველად გამოსცდის იობს (მისი პირუტყვის მოპარვა და უბედურების დატეხა მის შვილებზე)

ა. ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები

იობ. 1:8 და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“

იობ. 1:12 „და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!“ და გამოვიდა სატანა უფლისაგან.

ბ. სატანის პასუხი

იობ. 1:9–11 მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.“

ღმერთი ნებას რთავს სატანას, გამოსცადოს იობი, რათა იობის რწმენა სრულქმნილი გახდეს

იობ. 1:8 არის ბიბლიაში ჩვენ მიერ ნანახი პირველი ჩანაწერი იეჰოვა ღმერთსა და სატანას შორის საუბრის შესახებ. მაშ, რა თქვა ღმერთმა? ორიგინალი ტექსტი ასეთ რამეს გადმოგვცემს: „და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.““ ეს იყო ღვთის მიერ იობის მიმართ სატანის წინაშე; ღმერთმა თქვა, რომ იგი იყო ალალი და წრფელი კაცი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. სანამ ღმერთსა და სატანას შორის ეს სიტყვები გაიცვლებოდა, ღმერთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სატანას გამოიყენებდა იობის გამოსაცდელად — რომ იგი იობს სატანას გადასცემდა. ერთი მხრივ, ეს დაამტკიცებდა, რომ ღვთის მიერ იობის გულდასმით გამოკვლევა და შეფასება ზუსტი და უშეცდომო იყო და იობის დამოწმების მეშვეობით სატანას შეარცხვენდა; მეორე მხრივ, ეს სრულყოფდა იობის რწმენას ღვთისადმი და მის ღვთისმოშიშებას. ამგვარად, როდესაც სატანა ღვთის წინაშე წარდგა, ღმერთი უშუალოდ საქმეზე გადავიდა და მან პირდაპირ ჰკითხა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“ ღვთის შეკითხვაში შემდეგი აზრი დევს: ღმერთმა იცოდა, რომ სატანა ყველგან დაწრწიოდა და ხშირად უთვალთვალებდა იობს, რომელიც ღვთის მსახური იყო. იგი ხშირად ცდიდა და თავს ესხმოდა იობს, ცდილობდა რა ეპოვა გზა მის გასანადგურებლად, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი რწმენა ღვთისადმი და მისი ღვთისმოშიშება მტკიცე არ იყო. სატანა ასევე თავხედურად ეძებდა შესაძლებლობებს იობის სატანჯველად, რათა ეიძულებინა იობი, დაეგმო ღმერთი და ამგვარად გამოეგლიჯა იგი ღვთის ხელიდან. თუმცა ღმერთმა გულდასმით გამოიკვლია იობის გული და დაინახა, რომ იგი იყო ალალი და წრფელი, რომ იგი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. ღმერთმა შეკითხვის მეშვეობით აუწყა სატანას, რომ იობი იყო ალალი და წრფელი კაცი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული, რომ იობი არასოდეს დაგმობდა ღმერთს და არ გაჰყვებოდა სატანას. ღვთის მიერ იობის შეფასების მოსმენის შემდეგ სატანა დამცირებისგან კიდევ უფრო განრისხდა და სულ უფრო მეტად მოუთმენლად მოუნდა იობის მიტაცება, რადგან სატანას არასოდეს სჯეროდა, რომ ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო ალალი და წრფელი ან რომ ვინმეს შეეძლო ყოფილიყო ღვთისმოშიი და ბოროტებას განრიდებული. ამავდროულად სატანას ასევე სძულდა ადამიანში არსებული სიალალე და სიწრფელე, სძულდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ ღვთისმოშიშნი და ბოროტებას განრიდებულნი. როგორც იობ. 1:9–11-შია წერია: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.“ ღმერთი კარგად იცნობდა სატანის ბოროტგანზრახულ ბუნებას და სრულად უწყოდა, რომ სატანა დიდი ხანია გეგმავდა იობის ტანჯვას, ამიტომ ამით ღმერთს სურდა, სატანისთვის კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ იობი იყო ალალი და წრფელი და რომ იგი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული, რათა სატანა თავის ადგილზე მიეჩინა — გამოეაშკარავებინა მისი ნამდვილი სახე — და ეიძულებინა იგი, თავს დასხმოდა და გამოეცადა იობი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა განზრახ გაუსვა ხაზი იმას, რომ იობი იყო ალალი და წრფელი და რომ იგი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული; ამ გზით მან აიძულა სატანა, თავს დასხმოდა იობს, რადგან სატანას სძულდა და იგი განრისხებული იყო იმის გამო, რომ იობი იყო ალალი და წრფელი კაცი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. ეს გამოიწვევდა იმას, რომ იობი, როგორც „ალალი და წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი“ სატანას შეარცხვენდა, დატოვებდა რა მას სრულიად დამცირებულსა და დამარცხებულს. ამის შემდეგ, სატანა აღარ შეიტანდა ეჭვს და აღარ წაუყენებდა ბრალდებებს იობის სიალალეს, სიწრფელეს, ღვთისმოშიშებასა თუ ბოროტებისგან განრიდებას. ამგვარად, ღვთის განსაცდელი და სატანის ცდუნება თითქმის გარდაუვალი იყო. ერთადერთი, ვისაც შეეძლო გაეძლო ღვთის განსაცდელისთვის და წინ აღდგომოდა სატანის ცდუნებას, იყო იობი. ამ საუბრის შემდეგ სატანამ იობის გამოცდის უფლება მიიღო. ასე დაიწყო სატანის თავდასხმების პირველი ტალღა. ამ თავდასხმების სამიზნე იყო იობის ქონება, რადგან სატანამ შემდეგი ბრალდება წაუყენა იობს: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? ... შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი.“ შედეგად, ღმერთმა ნება დართო სატანას, წაეღო ყველაფერი, რაც იობს გააჩნდა — სწორედ ეს იყო იმის მიზანი, თუ რატომ ესაუბრა ღმერთი სატანას. მიუხედავად ამისა, ღმერთმა ერთი მოთხოვნა წაუყენა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!“ (იობ. 1:12). ეს იყო ის პირობა, რომელიც ღმერთმა დადო მას შემდეგ, რაც ნება დართო სატანას, გამოეცადა იობი და იობი სატანის ხელში გადასცა; ეს იყო ის მკაცრი ზღვარი, რომელიც მან დაუწესა სატანას: მან უბრძანა სატანას, არ დაეშავებინა იობი. რადგან ღმერთმა აღიარა, რომ იობი იყო ალალი და წრფელი, რადგან მას სწამდა, რომ იობის სიალალე და სიწრფელე მის წინაშე ეჭვგარეშე იყო და გაუძლებდა გამოცდას, ღმერთმა ნება დართო სატანას, გამოეცადა იობი, მაგრამ შეზღუდვა დაუწესა სატანას: სატანას ნება დაერთო, წაეღო იობის მთელი ქონება, მაგრამ მას არ შეეძლო თავად იობისთვის ზიანის მიყენება — მის თავზე ერთი თმის ღერისთვისაც კი — რადგან ადამიანის ყოველივეს ღმერთი აკონტროლებს და რადგან ადამიანის სიცოცხლესა თუ სიკვდილს ღმერთი წყვეტს; სატანას არ აქვს ამის უფლება. როდესაც ღმერთმა ეს სიტყვები უთხრა სატანას, მას ერთი სული ჰქონდა, როდის შეუდგებოდა საქმეს. მან გამოიყენა ყველა საშუალება იობის გამოსაცდელად; მალევე იობმა დაკარგა მთებზე მიმოფანტული ცხვარი და ხარი და მთელი ის ქონება, რომელიც ღვთის მიერ იყო მისთვის ბოძებული... ასე დაატყდა მას თავს ღვთის განსაცდელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მოგვითხრობს იობის ცდუნების მიზეზებზე, თავად იობმა, რომელსაც ეს ცდუნებები დაატყდა თავს, იცოდა კი, რა ხდებოდა? იობი მხოლოდ მოკვდავი ადამიანი იყო და, რა თქმა უნდა, მან არაფერი იცოდა იმ ამბის შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან ხდებოდა; უბრალოდ მისმა ღვთისმოშიშებამ, სიალალემ და სიწრფელემ მიახვედრა იგი, რომ ღვთის განსაცდელი დაატყდა თავს. მან არ იცოდა, რა მოხდა სულიერ სამყაროში, და არც ის, თუ რა იყო ღვთის განზრახვები ამ განსაცდელის მიღმა. მაგრამ მან ნამდვილად იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დაემართებოდა, თავისი სიალალისა და სიწრფელის ერთგული უნდა დარჩენილიყო და უნდა მიჰყოლოდა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას. იობის დამოკიდებულება და რეაქცია ამ მოვლენების მიმართ ღმერთმა ნათლად იხილა. რა იხილა ღმერთმა? მან იხილა იობის ღვთისმოშიში გული, რადგან თავიდან ვიდრე იობის გამოცდამდე იობს გული უფლისთვის ჰქონდა გახსნილი და მისი წინაშე გადაშლილი; მან უარი არ თქვა თავის სიალალესა და სიწრფელეზე, არ მიატოვა და არ გადაუხვია ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზიდან — ღვთისთვის ამაზე მეტად სასიამოვნო არაფერი ყოფილა. ახლა კი ვნახოთ, რა ცდუნებები გადაიტანა იობმა და როგორ მიუდგა ამ განსაცდელებს. მოდით, წავიკითხოთ წმინდა წერილიდან.

გ. იობის რეაქცია

იობ. 1:20–21 და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი, და გადაიპარსა თავი, და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა, და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“

ის, რომ იობი საკუთარ თავზე იღებს იმ ყოველივეს დაბრუნებას, რაც გააჩნია, მისი ღვთისმოშიშებიდან მომდინარეობს

მას შემდეგ, რაც ღმერთმა უთხრა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!“, სატანა გაეცალა მას, რის შემდეგაც მალევე იობი მოულოდნელი და სასტიკი თავდასხმების სამიზნე გახდა: ჯერ მისი ხარები და სახედრები გაიტაცეს და მისი ზოგიერთი მსახური დახოცეს; შემდეგ მისი ცხვრები და კიდევ რამდენიმე მსახური ცეცხლმა შთანთქა; ამის შემდეგ მისი აქლემები წაასხეს და კიდევ უფრო მეტი მსახური მოკლეს; ბოლოს კი, მის ძეებსა და ასულებს სიცოცხლე წაართვეს. თავდასხმების ეს სერია იყო ის სატანჯველი, რომელიც იობმა პირველი ცდუნების დროს გადაიტანა. ღვთის ბრძანებისამებრ, ამ თავდასხმების დროს სატანამ მიზანში მხოლოდ იობის ქონება და მისი შვილები ამოიღო; თავად იობს არაფერი დაუშავა. მიუხედავად ამისა, იობი თვალის დახამხამებაში უზარმაზარი ქონების მფლობელი მდიდარი კაციდან სრულიად უპოვარ, ადამიანად იქცა, რომელსაც არაფერი გააჩნდა. ვერავინ გაუძლებდა ამ გამაოგნებელ, მოულოდნელ დარტყმას ან სათანადოდ გაუმკლავდებოდა მას, თუმცა იობმა თავისი არაჩვეულებრივი მხარე გამოავლინა. წმინდა წერილი გადმოგვცემს: „ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწაზე დაემხო, თაყვანი სცა“. ეს იყო იობის პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დაკარგა შვილები და მთელი თავისი ქონება. უპირველეს ყოვლისა, იგი არ ჩანდა გაკვირვებული ან პანიკით მოცული; მით უმეტეს, მას არ გამოუხატავს ბრაზი ან სიძულვილი. მაშასადამე, ხედავთ, რომ გულში მას უკვე დასკვნა ჰქონდა გამოტანილი, რომ ეს უბედურებები არ ყოფილა შემთხვევითობა ან ადამიანის მიერ გამოწვეული და, მით უმეტეს, არ ყოფილა შურისძიება ან სასჯელი. ნაცვლად ამისა, მას იეჰოვას განსაცდელი დაატყდა თავს; სწორედ იეჰოვას სურდა მისი ქონებისა და შვილების წაღება. იმჟამად იობი ძალიან მშვიდი და საღად მოაზროვნე იყო. მისმა ალალმა და წრფელმა ადამიანობამ მას საშუალება მისცა, გონივრულად და ბუნებრივად მიეღო ზუსტი გადაწყვეტილებები და გამოეტანა სწორი დასკვნები თავსდატეხილი გასაჭირის შესახებ, რის შედეგადაც იგი უჩვეულო სიმშვიდით მოიქცა: „ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწაზე დაემხო, თაყვანი სცა“. „შემოიხია სამოსელი“ ნიშნავს, რომ იგი შემოსილი აღარ იყო და არაფერი გააჩნდა; „თავი გადაიპარსა“ ნიშნავს, რომ იგი ღვთის წინაშე ახალშობილი ჩვილივით დაბრუნდა; „მიწაზე დაემხო, თაყვანი სცა“ ნიშნავს, რომ იგი შიშველი მოვიდა ამქვეყნად და დღესაც, როცა კვლავ არაფერი გააჩნია, ღმერთს დაუბრუნდა, როგორც ახალშობილი ჩვილი. იობის დამოკიდებულებას იმ ყოველივეს მიმართ, რაც მას თავს დაატყდა, ვერცერთი ქმნილება ვერ მიაღწევდა. მისი რწმენა იეჰოვასადმი უბრალო რწმენის საზღვრებს სცდებოდა; ეს იყო მისი ღვთისმოშიშება და ღვთისადმი მორჩილება; მას შეეძლო მადლობა გადაეხადა ღვთისთვის არა მხოლოდ იმისთვის, რაც მისცა, არამედ იმისთვისაც, რაც წაართვა. უფრო მეტიც, მას შეეძლო საკუთარ თავზე აეღო და ღვთისთვის დაებრუნებინა ყოველივე, რაც გააჩნდა, მისი სიცოცხლის ჩათვლით.

იობის ღვთისმოშიშება და ღვთისადმი მორჩილება კაცობრიობისთვის მაგალითს წარმოადგენს, ხოლო მისი სიალალე და სიწრფელე იყო იმ ადამიანობის მწვერვალი, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ღმერთი არ უხილავს, იგი ჩასწვდა იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობდა და ამ წვდომის გამო მას ეშინოდა ღვთის, ხოლო თავისი ღვთისმოშიშების გამო, მან შეძლო ღვთისადმი დამორჩილება. მან ღმერთს სრული ნება დართო, წაეღო ყოველივე, რაც მას ებადა, თუმცა სასაყვედურო სიტყვაც კი არ დაუძრავს; იგი მიწაზე დაემხო და უთხრა ღმერთს, რომ ამ წუთას ღმერთს მისი სხეულიც რომ წაეღო, მასაც სიხარულით დაუთმობდა ყოველგვარი დრტვინვის გარეშე. მთელი მისი საქციელი განპირობებული იყო მისი ალალი და წრფელი ადამიანობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი უმანკოებით, პატიოსნებითა და სიკეთით იობს მტკიცედ სწამდა ღვთის არსებობისა, რომელიც მან შეიცნო და აღიქვა. ამის საფუძველზე მან მოთხოვნები წაუყენა საკუთარ თავს და ღვთის წინაშე სტანდარტებში მოაქცია თავისი აზროვნება, ქცევა, საქციელი და მოქმედების პრინციპები იმის შესაბამისად, თუ როგორ წარმართავდა მას ღმერთი და ღვთის იმ საქმეთა შესაბამისად, რომლებიც მან ყოველგვარ ქმნილებაში იხილა. დროთა განმავლობაში მისმა გამოცდილებამ მასში რეალური და ნამდვილი ღვთისმოშიშება წარმოშვა და ბოროტებას განარიდა იგი. სწორედ ეს იყო იმ ზნეობის წყარო, რომელსაც იობი მტკიცედ ინარჩუნებდა. ის ფლობდა პატიოსან, უმანკო და კეთილ ადამიანობას; მას გააჩნდა ღვთისმოშიშების, ღვთისადმი მორჩილებისა და ბოროტებისგან განრიდების პრაქტიკული გამოცდილება, და ასევე ცოდნა იმისა, რომ „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო“. მხოლოდ ამ ყოველივეს გამო მან შეძლო, მტკიცედ მდგარიყო თავის მოწმობაში სატანის ასეთი ბოროტგანზრახული თავდასხმებით გარემოცული; მხოლოდ ამის გამო შეძლო მან, იმედი არ გაეცრუებინა ღვთისთვის და დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა მისთვის, როდესაც ღვთის განსაცდელი დაატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცდუნების დროს იობის საქციელი ძალიან „მარტივი“ იყო, მომავალი თაობები — მთელი ცხოვრებისეული ენერგიაც რომ გაეღოთ — გარანტირებულად ვერ მიაღწევდნენ ასეთ „სიმარტივეს“ და არც აუცილებლად ექნებოდათ იობის ზემოთ აღწერილი საქციელი. დღეს, როდესაც ვხედავთ იობის „მარტივ“ ქცევას და როდესაც მას ვადარებთ იმ ადამიანთა შეძახილებსა და მტკიცე გადაწყვეტილებებს „აბსოლუტური მორჩილებისა და სიკვდილამდე ერთგულების“ შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ ღმერთი სწამთ და მას მიჰყვებიან, გეუფლებათ თუ არა სირცხვილის ღრმა განცდა?

როდესაც წმინდა წერილში კითხულობ ყოველივე იმის შესახებ, რაც იობმა და მისმა ოჯახმა გადაიტანა, როგორია შენი რეაქცია? ფიქრები მოგეძალება? გაოცებული ხარ? შეიძლება თუ არა ის განსაცდელი, რომელიც იობს თავს დაატყდა, აღიწეროს, როგორც „შემაძრწუნებელი“? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იობის განსაცდელი იმდენად საზარელია, რომ მისი წაკითხვაც კი შემზარავია, რომ აღარაფერი ვთქვათ სინამდვილეზე. მაშასადამე, ხედავ, რომ ის, რაც იობს თავს დაატყდა, არ ყოფილა „სავარჯიშო წვრთნა“, არამედ ნამდვილი „ბრძოლა“, ნამდვილი „იარაღითა“ და „ტყვიებით“. კონკრეტულად ვინ პირადად ვინ მოუვლინა ის განსაცდელი, რომლის წინაშეც იგი იდგა? რა თქმა უნდა, ეს სატანის საქმე იყო და სატანამ ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე ღვთის მიერ იყო ნებადართული. უთხრა თუ არა ღმერთმა სატანას, რა საშუალებით გამოეცადა იობი? არა, არ უთქვამს. ღმერთმა მხოლოდ ერთი პირობა დაუწესა, რომელიც სატანას უნდა დაეცვა, და შემდეგ იობს თავს დაატყდა ცდუნება. როდესაც იობს თავს დაატყდა ცდუნება, მან ადამიანებს აგრძნობინა სატანის უკეთურება და სიმახინჯე, მისი ბოროტგანზრახულობა და სიძულვილი ადამიანის მიმართ და მისი მტრობა ღვთისადმი. აქედან ვხედავთ, რომ სიტყვებით შეუძლებელია აღიწეროს, თუ რაოდენ სასტიკი იყო ეს ცდუნება. შეიძლება ითქვას, რომ ის ბოროტგანზრახული ბუნება, რომლითაც სატანა ტანჯავდა ადამიანს და მისი მახინჯი სახე, სრულად გამოაშკარავდა ამ მომენტში. სატანამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ღვთის ნებართვით მიცემული შესაძლებლობა, რათა იობი შეშლილი და დაუნდობელი ტანჯვისთვის გაეწირა, რომლის სისასტიკის მეთოდი და დონე დღევანდელი ადამიანებისთვის წარმოუდგენელი და სრულიად აუტანელია. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, თითქოს იობი სატანის მიერ გამოიცადა და რომ იგი მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში ამ ცდუნების დროს, აჯობებს ვთქვათ, რომ ღვთის მიერ მისთვის მოვლენილ განსაცდელში იობი შეება სატანას, რათა დაეცვა თავისი სისლალე, სიწრფელე, და ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზა. ამ ბრძოლაში იობმა დაკარგა მთებზე მიმოფანტული ცხვარი და ხარი, მან დაკარგა მთელი თავისი ქონება და დაკარგა თავისი ძეები და ასულები. თუმცა, მან უარი არ თქვა თავის სიალალეზე, სიწრფელეზე ან ღვთისმოშიშებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანასთან ამ ბრძოლაში იობმა ამჯობინა, დაეთმო თავისი ქონება და შვილები, ოღონდაც შეენარჩუნებინა თავისი სიალალე, სიწრფელე და ღვთისმოშიშება, და არ გადაეხვია საკუთარი ზნეობრივი პრინციპებიდან. წმინდა წერილში მოცემულია იმ მთელი პროცესის მოკლე აღწერა, თუ როგორ დაკარგა იობმა თავისი ქონება; ასევე დოკუმენტურად ასახულია იობის საქციელი და დამოკიდებულება. ეს მოკლე, ლაკონიური ჩანაწერები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს იობი მშვიდად ხვდებოდა ამ ცდუნებას, მაგრამ სინამდვილეში მომხდარი რომ აღგვედგინა — სატანის ბოროტგანზრახული ბუნების გათვალისწინებით — მაშინ ყველაფერი არ იქნებოდა ისე მარტივად ან იოლად, როგორც ამ წინადადებებშია აღწერილი. სინამდვილე გაცილებით სასტიკი იყო. ასეთია ტანჯვისა და სიძულვილის ის დონე, რითაც სატანა ეპყრობა კაცობრიობას და ყველას, ვისაც ღმერთი იწონებს. ღმერთს რომ არ მოეთხოვა სატანისთვის, არ დაეშავებინა იობი, სატანა უდავოდ დაუნდობლად მოკლავდა მას. სატანას არ სურს, რომ ვინმემ თაყვანი სცეს ღმერთს; არც ის სურს, რომ ისინი, ვინც ღვთის თვალში მართალი ან ალალი და წრფელი ადამიანები არიან, კვლავაც განაგრძობდნენ ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას. ადამიანთა მიერ ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება ნიშნავს, რომ ისინი გაურბიან და უჯანყდებიან სატანას, ამიტომ სატანამ ისარგებლა ღვთის ნებართვით, რათა მთელი თავისი რისხვა და სიძულვილი დაუნდობლად დაეტეხა იობისთვის. მაშასადამე ხედავ, თუ რამხელა იყო ის სატანჯველი, რომელიც იობმა გადაიტანა, გონებიდან ხორცამდე, გარედან შიგნით. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ როგორ ხდებოდა ეს იმ დროს; ბიბლიური ჩანაწერებიდან მხოლოდ ცოტათ შეგვიძლია შევიგრძნოთ იობის სულიერი მდგომარეობა, როდესაც იგი იმ დროს უდიდეს ტანჯვას განიცდიდა.

ზნეობრივი მთლიანობა, რომელსაც იობი ინარჩუნებდა, სირცხვილს აყენებს სატანას და აიძულებს მას, პანიკაში გაიქცეს

მაშ, რა გააკეთა ღმერთმა, როდესაც იობი ამ ტანჯვას განიცდიდა? ღმერთი გულდასმით იკვლევდა, აკვირდებოდა და ელოდა შედეგს. როდესაც ღმერთი გულდასმით იკვლევდა და აკვირდებოდა, რას გრძნობდა იგი? რა თქმა უნდა, იგი მწუხარებით იყო აღსავსე. მაგრამ ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთს ენანა სატანისთვის იობის გამოცდის უფლების მიცემა, მხოლოდ იმ მწუხარების გამო, რასაც თავად განიცდიდა? პასუხია: არა, მას არ შეეძლო ეგრძნო ასეთი სინანული. რადგან მას მტკიცედ სწამდა, რომ იობი იყო ალალი და წრფელი, რომ იგი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. ღმერთმა უბრალოდ მისცა სატანას შესაძლებლობა, რათა დაედასტურებინა იობის სიმართლე ღვთის წინაშე და გამოეაშკარავებინა საკუთარი უკეთურება და სისაძაგლე. უფრო მეტიც, ეს იყო შესაძლებლობა იობისთვის, რათა დაემოწმებინა თავისი სიმართლე და თავისი ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება წუთისოფლის ხალხის, სატანისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ღმერთს მიჰყვება. დაამტკიცა თუ არა საბოლოო შედეგმა, რომ ღვთის მიერ იობის შეფასება იყო სწორი და უშეცდომო? ნამდვილად დაამარცხა თუ არა იობმა სატანა? აქ ვკითხულობთ იობის მიერ წარმოთქმულ ყველაზე კლასიკურ სიტყვებს, სიტყვებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მან დაამარცხა სატანა. მან თქვა: „შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ.“ ეს არის იობის მორჩილების დამოკიდებულება ღვთის მიმართ. შემდეგ მან თქვა: „იეჰოვამ მისცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი.“ იობის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ამტკიცებს, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ადამიანის გულის სიღრმეებს, რომ მას შეუძლია ადამიანის გულში ჩახედვა და ისინი ასევე ამტკიცებს, რომ ღვთის მიერ იობის მოწონება უშეცდომოა, რომ ეს ადამიანი, რომელიც ღმერთმა მოიწონა, მართალი იყო. „იეჰოვამ მისცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი.“ ეს სიტყვები არის იობის მიერ ღვთისთვის გაცემული მოწმობა. სწორედ ამ ჩვეულებრივმა სიტყვებმა შეაშინა სატანა, შეარცხვინა იგი, პანიკაში ჩააგდო და აიძულა, გაქცეულიყო და უფრო მეტიც, ჩიხში შეიყვანა იგი. ასევე, ამ სიტყვებმა სატანას აგრძნობინა იეჰოვა ღმერთის საქმეების საოცრება და ძლიერება და მისცა მას შესაძლებლობა, თავად გამოეცადა იმ ადამიანის არაჩვეულებრივი ქარიზმა, ვის გულსაც ღვთის გზა განაგებდა. უფრო მეტიც, მათ აჩვენეს სატანას ის მძლავრი სასიცოცხლო ძალა, რომელიც გამოავლინა პატარა და უმნიშვნელო ადამიანმა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზისადმი ერთგულებით. ამგვარად, სატანა დამარცხდა პირველ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ „თვალსაწიერი გაიფართოვა“, სატანას არ ჰქონდა განზრახული იობისთვის თავის დანებება და არც მისი ბოროტგანზრახული ბუნება შეცვლილა. სატანა შეეცადა გაეგრძელებინა იობზე თავდასხმა და ამიტომ კიდევ ერთხელ წარდგა ღვთის წინაშე…

შემდეგ, მოდით, წავიკითხოთ წმინდა წერილიდან იობის მეორედ ცდუნების შესახებ.

3. სატანა კიდევ ერთხელ სცდის იობს (იობს მთელ სხეულზე საშინელი წყლულები უჩნდბა)

ა. ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები

იობ. 2:3 და უთხრა უფალმა სატანას: „არ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.“

იობ. 2:6 და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი“.

ბ. სატანის მიერ წარმოთქმული სიტყვები

იობ. 2:4–5 „და მიუგო სატანამ უფალს: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა.“

გ. როგორ შეხვდა იობი განსაცდელს

იობ. 2:9–10 და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ და მან უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ შენ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.

იობ. 3:3–4 დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი, და ღამე, რომელმაც თქვა: „კაცი ჩაისახა!“ ის დღე დაბნელდეს, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა!

იობის მიერ ღვთის გზის დაფასება ყოველივეს აღემატება

წმინდა წერილში სიტყვები, რომლებიც ღმერთმა და სატანამ ერთმანეთში გაცვალეს, შემდეგნაირადაა გადმოცმული: „და უთხრა უფალმა სატანას: „არ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.“ (იობ. 2:3). ამ საუბრისას ღმერთი სატანას იმავე კითხვას უმეორებს. ეს კითხვა გვიჩვენებს იეჰოვა ღმერთის მიერ იმის დადებით შეფასებას, რაც იობმა პირველი განსაცდელის დროს აჩვენა და გამოავლინა; ეს შეფასება არაფრით განსხვავდება იობის შეფასებისგან, რომელიც ღმერთმა სატანის მიერ მის გამოცდამდე გააკეთა. ანუ სანამ იობს ეს გამოცდა დაატყდებოდა თავს, ღვთის თვალში იგი სრულყოფილი ადამიანი იყო, ამიტომ ღმერთი იცავდა მას და მის ოჯახს და აკურთხებდა მას; იგი ღვთის თვალში კურთხევის ღირსი იყო. გამოცდის შემდეგ იობს თავისი ბაგით არ შეუცოდავს იმის გამო, რომ დაკარგა ქონება და შვილები, არამედ განაგრძობდა იეჰოვას სახელის განდიდებას. მისმა რეალურმა საქციელმა ღვთის მოწონება დაიმსახურა და ამის გამო ღმერთმა მას უმაღლესი შეფასება მისცა. რადგან იობის თვალში მის შვილებსა თუ ქონებასთან მიმართებაში არაფერი იყო ისეთი, რაც მას ღმერთს დააგმობინებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის გულში ღვთის ადგილს ვერც მისი შვილები და ვერც რაიმე ქონება ვერ დაიკავებდა. იობმა თავისი პირველი გამოცდის დროს ღმერთს დაანახა, რომ მის მიერ ღვთის დაფასება და ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზის დაფასება ყოველივეს აღემატებოდა. უბრალოდ, ამ განსაცდელმა იობს მისცა გამოცდილება, მიეღო ჯილდო იეჰოვა ღმერთისგან და ასევე გამოეცადა მის მიერ ქონებისა და შვილების წართმევა.

იობისათვის ეს იყო ჭეშმარიტი გამოცდილება, რომელმაც მისი სული განწმინდა; ეს იყო სიცოცხლის ნათლობა, რომელმაც გაამდიდრა მისი არსებობა და, უფრო მეტიც, ეს იყო უხვი ნადიმი, რომელმაც გამოსცადა მისი ღვთისადმი მორჩილება და ღვთისმოშიშება. ამ გამოცდამ იობის მდგომარეობა მდიდარი კაციდან არაფრის მქონე ადამიანად აქცია და ასევე საშუალება მისცა, გამოეცადა სატანის მიერ ადამიანისთვის მიყენებული მძიმე ზიანი. იობს თავისი სიღატაკის გამო სატანა არ შესძულებია; პირიქით, სატანის ასეთ საზარელ ქმედებებში მან დაინახა სატანის სიმახინჯე და სისაძაგლე ისევე, როგორც სატანის მტრობა და ღალატი ღვთის მიმართ, რამაც კიდევ უფრო შთააგონა იგი, რომ სამუდამოდ მტკიცედ დასდგომოდა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას. მან დაიფიცა, რომ არასოდეს დაგმობდა ღმერთს და ზურგს არ შეაქცევდა ღვთის გზას რაიმე გარე ფაქტორების გამო, როგორიცაა ქონება, შვილები ან ნათესავები, და არც არასოდეს იქნებოდა სატანის, ქონების ან რომელიმე ადამიანის მონა; იეჰოვა ღმერთის გარდა არავინ იქნებოდა მისი უფალი ან მისი ღმერთი. ასეთი იყო იობის გულისთქმა. მეორე მხრივ, იობმა ამ გამოცდიდან რაღაც შეიძინა კიდეც: მან დიდი სიმდიდრე მოიპოვა ღვთის მიერ მოვლენილ განსაცდელებში.

იობმა თავისი ცხოვრების განვლილი ათწლეულების განმავლობაში იხილა იეჰოვას საქმენი და მიიღო იეჰოვა ღმერთის კურთხევანი. ამ კურთხევების გამო იგი თავს ძალზე უხერხულად და დავალებულად გრძნობდა, რადგან სჯეროდა, რომ ღვთისთვის არაფერი გაუკეთებია, თუმცა მიიღო ასეთი დიდი კურთხევა და დატკბა ამხელა მადლით. ამ მიზეზით იგი ხშირად ლოცულობდა გულში და იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ღვთისთვის სამაგიეროს მიგებას, რომ ექნებოდა შესაძლებლობა, დაემოწმებინა ღვთის საქმენი და სიდიადე; იგი იმედოვნებდა, რომ ღმერთი გამოსცდიდა მის მორჩილებას და, უფრო მეტიც, მისი რწმენა განიწმინდებოდა, სანამ მისი მორჩილება და რწმენა ღვთის აღიარებას არ მოიპოვებდა. შემდეგ, როდესაც იობს განსაცდელი დაატყდა თავს, მან ირწმუნა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვები. იობი ამ შესაძლებლობას ყველაფერზე მეტად აფასებდა, ამიტომ ის ოდნავადაც ვერ ბედავდა მისდამი ზერელედ მოპყრობას, რადგან მისი ცხოვრების უდიდესი სურვილი შეიძლებოდა ახდენილიყო. ამ შესაძლებლობის გამოჩენა ნიშნავდა, რომ მისი მორჩილება და ღვთისმოშიშება გამოიცდებოდა და განიწმინდებოდა. უფრო მეტიც, ეს ნიშნავდა, რომ იობს მიეცა შანსი, მოეპოვებინა ღვთის მოწონება, რაც მასთან უფრო დააახლოებდა. განსაცდელის დროს ამგვარმა რწმენამ და მისწრაფებამ მას საშუალება მისცა, უფრო სრულყოფილი გამხდარიყო და უკეთ შეეცნო ღვთის განზრახვა. იობი ასევე უფრო მადლიერი გახდა ღვთის კურთხევისა და მადლისთვის; თავის გულში ის კიდევ უფრო განადიდებდა ღვთის საქმეებს, უფრო მეტად ეშინოდა ღვთის და შესცქეროდა მას; ის უფრო მეტად ესწრაფვოდა ღვთის მშვენიერებას, სიდიადესა და სიწმინდეს. თუმცა ღვთის თვალში იობი კვლავაც ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული კაცი იყო, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იობის რწმენამ და ცოდნამ დიდი ნაბიჯით წაიწია წინ: მისი რწმენა გაიზარდა, მისი მორჩილება განმტკიცდა და მისი ღვთისმოშიშება უფრო გაღრმავდა. თუმცა ამ განსაცდელმა სრულად განაახლა იობის სული და სიცოცხლე, ამგვარმა განახლებამ არ დააკმაყოფილა იობი და არც მისი წინსვლა შეანელა. იმავდროულად, როდესაც იგი აფასებდა, თუ რა შეიძინა ამ განსაცდელიდან და იკვლევდა საკუთარ ნაკლოვანებებსა და უმწეობებს, ჩუმად ლოცულობდა და ელოდა შემდეგ განსაცდელს, რადგან სწყუროდა, რომ მისი რწმენა, მორჩილება და ღვთისმოშიშება ღვთის მომდევნო განსაცდელის დროს კიდევ უფრო ამაღლებულიყო.

ღმერთი აკვირდება ადამიანის ფიქრებსა და აზრებს და ყოველივეს, რასაც ადამიანი ამბობს და აკეთებს. იობის ფიქრები იეჰოვა ღვთის ყურამდე მივიდა, ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვები და ამგვარად, იობისთვის ღვთის მომდევნო განსაცდელიც დადგა, როგორც მოსალოდნელი იყო.

უკიდურესი ტანჯვის ჟამს იობი ჭეშმარიტად აფასებს კაცობრიობაზე ღვთის მზრუნველობას

მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთმა სატანას კითხვა დაუსვა, ეს უკანასკნელი ფარულად ხარობდა. იმიტომ, რომ სატანამ იცოდა, მას კვლავ მიეცემოდა უფლება, თავს დასხმოდა იმ ადამიანს, რომელიც ღვთის თვალში სრულყოფილი იყო — სატანისთვის ეს იშვიათი შესაძლებლობა იყო. სატანას სურდა ამ შესაძლებლობის გამოყენება იობის რწმენის გასანადგურებლად, რათა მას დაეკარგა ღვთის რწმენა და ამგვარად, აღარ ჰქონოდა ღვთისმოშიშება და აღარ განედიდებინა იეჰოვას სახელი. ეს სატანას შანსს მისცემდა: ნებისმიერ ადგილას თუ დროს იგი შეძლებდა იობი თავის ბრძანებებს დაქვემდებარებულ სათამაშოდ ექცია. სატანა უკვალოდ მალავდა თავის უკეთურ განზრახვებს, მაგრამ არ შეეძლო თავისი ბოროტგანზრახული ბუნების შეკავება. ამ ჭეშმარიტებაზე მიანიშნებს მისი პასუხი იეჰოვა ღვთის სიტყვებზე, როგორც ეს წმინდა წერილშია ჩაწერილი: „და მიუგო სატანამ უფალს: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა.“ (იობ. 2:4–5). ღმერთსა და სატანას შორის გაცვლილი ამ სიტყვებიდან შეუძლებელია ადამიანმა არ შეიცნოს სატანის ბოროტგანზრახულობის არსი და არ შეიქმნას მასზე შთაბეჭდილება. სატანის ამ მცდარი შეხედულებების მოსმენის შემდეგ ყველა, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და სძულს ბოროტება, უდავოდ უფრო მეტად შეიძულებს სატანის სულმდაბლობასა და უსირცხვილობას, შეიძულებს და შეიძაგებს სატანის სიცრუესა და ერესს, და, ამავდროულად აღავლენს ღრმა ლოცვებსა და გამოთქვამს გულწრფელ სურვილებს იობის მისამართით; ილოცებს, რომ ამ წრფელმა კაცმა შეძლოს სრულყოფილების მიღწევა, ისურვებს, რომ ამ ღვთისმოშიშმა და ბოროტებისგან განრიდებულმა კაცმა სამუდამოდ დაძლიოს სატანის ცდუნებები და იცხოვროს ნათელში, ღვთის წინამძღოლობითა და კურთხევით; ასევე ასეთი ადამიანები ისურვებენ, რომ იობის მართალმა საქმეებმა სამუდამოდ წაახალისოს და გაამხნევოს ყველა, ვინც ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას მიჰყვება. თუმცა ამ სიტყვებში სატანის ბოროტი განზრახვა ჩანს, ღმერთი უყოყმანოდ დათანხმდა სატანის „თხოვნას“ — მაგრამ მან ერთი პირობაც დადო: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი“ (იობ. 2:6). რადგან ამჯერად სატანამ ხელის გაწვდენა ითხოვა იობის ხორცისა და ძვლების დასაზიანებლად; ღმერთმა თქვა: „მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი“. ამ სიტყვების მნიშვნელობა ისაა, რომ მან იობის ხორცი სატანას გადასცა, მაგრამ მისი სიცოცხლე შეინარჩუნა. სატანას არ შეეძლო იობის სიცოცხლის ხელყოფა, მაგრამ ამის გარდა, სატანას შეეძლო ნებისმიერი საშუალება ან მეთოდი გამოეყენებინა იობის წინააღმდეგ.

ღვთის ნებართვის მიღების შემდეგ სატანა სასწრაფოდ მიეჭრა იობს და გაიწვდინა ხელი მისი კანის დასაზიანებლად, რის გამოც მთელი სხეული საშინელი წყლულებით დაეფარა; იობმა იგრძნო კანის ტკივილი. იობი ადიდებდა იეჰოვა ღმერთის საოცრებასა და სიწმინდეს, რის გამოცსატანა კიდევ უფრო თავხედურად გაკადნიერდა. რადგან სატანამ იგრძნო ადამიანის წამებისგან მინიჭებული სიამოვნება, მან გაიწოდა ხელი და დაგლიჯა იობის ხორცი, რამაც მისი საშინელი წყლულების დაჩირქება გამოიწვია. იობმა მყისიერად იგრძნო უზომო ხორციელი ტკივილი და ტანჯვა და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხელით დაეზილა სხეული თავიდან ფეხებამდე, თითქოს ეს შეუმსუბუქებდა იმ დარტყმას, რომელიც მის სულს მიაყენა ამ ხორციელმა ტკივილმა. მან გააცნობიერა, რომ ღმერთი მის გვერდით იყო, უყურებდა მას და მთელი ძალით ცდილობდა, გამაგრებულიყო. ის კვლავ დაემხო მიწაზე და თქვა: „შენ იყურები ადამიანის გულში, შენ აკვირდები მის სატანჯველს; რატომ გაღელვებს მისი სისუსტე? დიდება იეჰოვა ღმერთის სახელს.“ სატანამ დაინახა იობის აუტანელი ტკივილი, მაგრამ ვერ დაინახა, რომ იობმა დაგმო იეჰოვა ღმერთის სახელი. ამიტომ მან ნაჩქარევად გაიწოდა ხელი იობის ძვლების დასაზიანებლად, რადგან გამწარებულს სურდა მისი ნაწილ-ნაწილ დაგლეჯა. იობმა წამიერად იგრძნო უზომოდ დიდი ტანჯვა; თითქოს ხორცი ძვლებიდან შემოაგლიჯეს და თითქოს მისი ძვლები ნაწილ-ნაწილ იმსხვრეოდა. ამ ტკივილმა, რომელიც ათასი ისრით განგმირვის ტოლფასი იყო, აფიქრებინა, რომ სიკვდილი აჯობებდა... ტკივილის დათმენის მისმა უნარმა ზღვარს მიაღწია... სურდა ეყვირა, სურდა შემოეგლიჯა კანი ტკივილის შემსუბუქების მიზნით — თუმცა მან შეიკავა ყვირილი და არ დაიგლიჯა კანი, რადგან არ სურდა, სატანას მისი სისუსტე დაენახა. ამიტომ იობი კვლავ დაემხო მუხლებზე, მაგრამ ამჯერად მან ვერ იგრძნო იეჰოვა ღმერთის თანდასწრება. იცოდა, რომ იეჰოვა ღმერთი ხშირად იყო მის წინ, მის უკან და მის ორივე მხარეს. თუმცა ტკივილის დროს, ღმერთს ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის; დაფარა თავისი სახე და დაიმალა, რადგან ადამიანის შექმნის აზრი არ იყო მისთვის ტანჯვის მოტანა. ამ დროს იობი ტიროდა და მთელი ძალით ცდილობდა ამ ფიზიკური ტანჯვის ატანას, თუმცა მან ვეღარ შეიკავა თავი ღვთისთვის მადლობის გადახდისგან: „ადამიანი პირველივე დარტყმისას ეცემა, იგი სუსტი და უძლურია, იგი ახალგაზრდა და უმეცარია — რატომ გსურს იყო ასეთი მზრუნველი და ნაზი მის მიმართ? შენ მე მგვემ, თუმცა ამის კეთება შენც ტკივილს გაყენებს. რა არის ადამიანში შენი მზრუნველობისა და ყურადღების ღირსი?“ იობის ლოცვები ღვთის ყურამდე მივიდა, და ღმერთი დუმდა, მხოლოდ უყურებდა ხმის ამოუღებლად... მას შემდეგ, რაც ყველა ხერხი უშედეგოდ სცადა, სატანა ჩუმად გაეცალა იქაურობას, თუმცა ამით არ დასრულებულა იობის მიმართ ღვთის განსაცდელები. რადგან ღვთის დიდი ძალმოსილება, რომელიც იობში გამოვლინდა, ჯერ არ იყო საჯაროდ გაცხადებული, იობის ისტორია სატანის უკანდახევით არ დასრულებულა. სხვა პერსონაჟების გამოჩენასთან ერთად უფრო შთამბეჭდავი სცენები ჯერ კიდევ წინ იყო.

იობის ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების კიდევ ერთი გამოვლინება არის მის მიერ ღვთის სახელის განდიდება ყოველგვარ ვითარებაში

როდესაც იობი სატანის მიერ მისი განადგურებისას საშინლად იტანჯებოდა, თუმცა მაინც არ გმობდა იეჰოვა ღმერთის სახელს, მისი ცოლი იყო პირველი, ვინც წინ გამოვიდა და, ითამაშა რა სატანის როლი ადამიანის თვალისთვის ხილული ფორმით, თავს დაესხა იობს. ტექსტის დედანში ეს ასეა აღწერილი: „და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ (იობ. 2:9). ეს იყო სატანის მიერ წარმოთქმული სიტყვები, როდესაც ის ადამიანის როლს თამაშობდა. მათში გამოსჭვდივოდა თავდასხმა და ბრალდება ისევე, როგორც შეცდენა, ცდუნება და ცილისწამება. მას შემდეგ, რაც იობის ხორცზე თავდასხმა მარცხით დასრულდა, სატანა უშუალოდ დაესხა თავს იობის სიალალეს, სურდა რა ამის გამოყენება, რათა იობს უარი ეთქვა თავის სიალალეზე, დაეგმო ღმერთი და აღარ გაეგრძელებინა სიცოცხლე. სატანას ასევე სურდა ასეთი სიტყვების გამოყენება იობის შესაცდენად: თუ იობი დაგმობდა იეჰოვას სახელს, მაშინ მას აღარ მოუწევდა ასეთი ტანჯვის ატანა; იგი შეძლებდა ხორციელი ტანჯვისგან თავის დაღწევას. ცოლის რჩევის პირისპირ აღმოჩენილმა იობმა გაკიცხა იგი და უთხრა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ შენ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ (იობ. 2:10). ამ სიტყვებში გამოსჭვივოდა ის შემეცნება, რომელსაც იობი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა; მაგრამ მხოლოდ ამ მომენტში დამტკიცდა ამ შემეცნების ჭეშმარიტება.

როდესაც მისმა ცოლმა ურჩია მას, დაეგმო ღმერთი და მომკვდარიყო, ის გულისხმობდა შემდეგს: „შენი ღმერთი ასე გექცევა, მაშ, რატომ არ გმობ მას? რისთვისღა ცოცხლობ? შენი ღმერთი ასე უსამართლოა შენ მიმართ, შენ კი მაინც მუდამ ამბობ: „კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი“. როგორ შეეძლო მას შენთვის სიავე მოევლინა, როდესაც შენ მის სახელს აკურთხებ? იჩქარე, დაგმე ღვთის სახელი და აღარ გაჰყვე მას. მაშინ შენი გასაჭირი დასრულდება.“ ამ მომენტში კვლავ გამოვლინდა იობის ის დამოწმება, რომლის ხილვაც ღმერთს სურდა. არცერთ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეეძლო ასეთი დამოწმების გაცემა და არც რომელიმე ბიბლიურ ამბავს ვკითხულობთ ამის შესახებ — მაგრამ ღმერთს ეს უკვე ნანახი ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იობი ამ სიტყვებს იტყოდა. ღმერთს უბრალოდ სურდა ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა იობს ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ღმერთი მართალი იყო. ცოლის რჩევის პირისპირ აღმოჩენილმა იობმა არა მხოლოდ არ თქვა უარი თავის სიალალეზე და არ დაგმო ღმერთი, არამედ ცოლსაც უთხრა: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ აქვს თუ არა ამ სიტყვებს დიდი წონა? აქ მხოლოდ ერთი ფაქტი არსებობს, რომელსაც ამ სიტყვების წონის დამტკიცება ძალუძს. ამ სიტყვების წონა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოწონებულია ღვთის გულში, ისინი არის ის, რაც ღმერთს სურდა და რისი მოსმენაც მას უნდოდა; ისინი არის ის შედეგი, რომლის ხილვაც ღმერთს სწყუროდა; ეს სიტყვები ასევე არის იობის დამოწმების მთავარი არსი. ამაში დამტკიცდა იობის სრულყოფილება, სიწრფელე, ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება. იობის ფასდაუდებლობა იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც გამოიცადა, და მაშინაც კი, როდესაც მისი მთელი სხეული საშინელი წყლულებით დაიფარა, როდესაც უდიდეს ტანჯვას ითმენდა და როდესაც მისმა ცოლმა და ნათესავებმა ურჩიეს, მან მაინც წარმოთქვა ასეთი სიტყვები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას გულში სწამდა, რომ რა ცდუნების წინაშეც არ უნდა აღმოჩენილიყო ან რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო გასაჭირი თუ ტანჯვა, სიკვდილიც რომ სწვეოდა, იგი არ დაგმობდა ღმერთს და არ მიატოვებდა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას. მაშასადამე, აქედან ჩანს, რომ ღმერთს მის გულში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და რომ მის გულში მხოლოდ ღმერთი იყო. სწორედ ამიტომ ვკითხულობთ წმინდა წერილში მის ასეთ აღწერას: არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგით. მას არა მხოლოდ თავისი ბაგით არ შეუცოდავს, არამედ გულშიც არ დაუჩივლია ღმერთზე. მას არ უთქვამს სიტყვები, რომლებიც ღვთის გულს ატკენდა და არც არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ღმერთს შეურაცხყოფდა. არა მხოლოდ თავისი ბაგით, არამედ გულითაც ადიდებდა ღვთის სახელს; მისი ბაგე და გული ერთი იყო. ეს იყო ჭეშმარიტი იობი, რომელიც ღმერთმა იხილა; სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ღმერთი აფასებდა იობს.

ადამიანთა მრავალი მცდარი წარმოდგენა იობის შესახებ

იობის მიერ განცდილი ტანჯვა არ ყოფილა ღვთის მიერ გამოგზავნილ მაცნეთა საქმე და არც ღვთის ხელით ყოფილა გამოწვეული. ნაცვლად ამისა, ის პირადად ღვთის მტრის, სატანის მიერ იყო გამოწვეული. ამგვარად, ნათელია, თუ რაოდენ ღრმა იყო იობის მიერ განცდილი ტანჯვა. თუმცა იმ მომენტში იობმა სრულად გამოხატა თავის გულში არსებული ღვთის ყოველდღიური შემეცნება, თავისი ყოველდღიური ქმედებების პრინციპები და თავისი დამოკიდებულება ღვთის მიმართ — და ეს იყო ჭეშმარიტი. თუ სანამ იობს ცდუნება დაატყდებოდა თავს და სანამ ღმერთი გამოსცდიდა მას, იობი იტყოდა: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი“, შენ იტყოდი, რომ იობი თვალთმაქცია, რომ ღმერთმა მას ამდენი ქონება უბოძა და, რა თქმა უნდა, ამიტომაც ადიდებდა იეჰოვას სახელს. თუ განსაცდელების დატეხამდე იობი იტყოდა: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“, იტყოდი, რომ იობს გაზვიადება უყვარდა და რომ იგი არ დაგმობდა ღვთის სახელს, რადგან ხშირად იკურთხებოდა ღვთის ხელით. იტყოდი, რომ ღმერთს მასზე სიავე რომ მოევლინა, იგი აუცილებლად დაგმობდა ღვთის სახელს. თუმცა როდესაც იობი აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, რომელსაც არავინ ინატრებდა და რომლის საკუთარი თვალით ხილვასაც არავინ ისურვებდა, რომლის თავს დატეხასაც არავინ ისურვებდა და ნებისმიერს შეეშინდებოდა მისი, ვითარებაში, რომლის ყურებასაც თავად ღმერთიც კი ვერ გაუძლებდა, იობმა მაინც შეძლო თავისი სიალალის შენარჩუნება: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი“ და „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ ამ დროს იობის საქციელის წინაშე ისინი, ვისაც უყვარს მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი და სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა, ყველა უსიტყვოდ რჩება. ისინი, ვინც ღვთის სახელს მხოლოდ სიტყვით ადიდებენ, მაგრამ არასოდეს მიუღიათ ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელი, მსჯავრდებულნი არიან იმ სიალალით, რომელსაც იობი მტკიცედ იცავდა, ხოლო ისინი, ვისაც არასოდეს სჯეროდა, რომ ადამიანს შეუძლია მტკიცედ იდგეს ღვთის გზაზე, განკითხულნი არიან იობის დამოწმებით. ამ განსაცდელების დროს იობის საქციელისა და მის მიერ ნათქვამი სიტყვების წინაშე ზოგიერთი ადამიანი დაბნეულია, ზოგი შურს გრძნობს, ზოგს ეჭვი ეპარება, ზოგი კი უგულებელყოფის დამოკიდებულებას ავლენს და ცხვირს იბზუებს იობის დამოწმებაზე, რადგან ისინი არა მხოლოდ ხედავენ იმ ტანჯვას, რომელიც იობმა ამ განსაცდელების დროს განიცადა და კითხულობენ მის ნათქვამ სიტყვებს, არამედ ხედავენ იმ ადამიანურ „სისუსტესაც“, რომელიც იობმა გამოავლინა, როდესაც მას განსაცდელები დაატყდა თავს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს „სისუსტე“ არის ნაკლი იობის მოჩვენებით სრულყოფილებაში, მისი ლაქა, „ვინც ღმერთმა სრულყოფილ ადამიანად იხილა“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ითვლება, რომ სრულყოფილი ადამიანები უნაკლონი არიან, ლაქისა თუ ბიწის გარეშე, რომ მათ არ აქვთ სისუსტეები, არ გააჩნიათ ტკივილის შეგრძნება, რომ ისინი არასოდეს გრძნობენ მწუხარებას ან სევდას, და არ გააჩნიათ სიძულვილი ან რაიმე გარეგნულად უკიდურესი ქცევა; შედეგად, ადამიანთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ იობი ჭეშმარიტად სრულყოფილი ადამიანი იყო. ეს იმიტომ ხდება, რომ განსაცდელების დროს მისი ქცევის დიდი ნაწილი ვერ იპოვებს ადამიანთა აღიარებას. მაგალითად, როდესაც იობმა დაკარგა ქონება და შვილები, მას არ უტირია და არ უგლოვია ისე, როგორც ამას ხალხი წარმოიდგენდა. მისი „წესიერების ნაკლებობა“ ხალხს აფიქრებინებს, რომ იგი ცივი იყო, რადგან მას არ ჰქონდა ცრემლები ან გრძნობები თავისი ოჯახის მიმართ. ეს არის ის თავდაპირველი ცუდი შთაბეჭდილება, რომელიც ადამიანებს იობზე ექმნებათ. ამის შემდგომი მისი ქცევა მათთვის კიდევ უფრო დამაბნეველია: „შემოიხია მოსასხამი“ ადამიანების მიერ აღქმულ იქნა, როგორც მისი უპატივცემულობა ღვთის მიმართ, ხოლო „გადაიპარსა თავი“ მცდარად მიიჩნევა იმის მანიშნებლად, რომ იობს ღვთის გმობისა და მისდამი დაუმორჩილებლობის განზრახვა ჰქონდა. გარდა იობის სიტყვებისა: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი“, ადამიანები იობში ვერ ხედავენ იმ სიმართლეს, რომელიც ღვთის მიერ იყო მოწონებული და ამგვარად, მათი უმრავლესობის მიერ იობის შეფასება სხვა არაფერია, თუ არა გაუგებრობა, მცდარი წარმოდგენა, ეჭვი, დაგმობა და თეორიული აღიარება. არცერთ მათგანს არ ძალუძს ჭეშმარიტად გაიგოს და დააფასოს იეჰოვა ღმერთის სიტყვები იმის შესახებ, რომ იობი იყო სრულყოფილი და წრფელი კაცი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული.

იობის შესახებ ზემოთ აღნიშნულ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ მის სიმართლესთან დაკავშირებით, რადგან წმინდა წერილში ასახული იობის ქმედებები და მისი საქციელი არ ყოფილა ისეთივე გამაოგნებლად ამაღელვებელი, როგორსაც ხალხი წარმოიდგენდა. მან არა მხოლოდ არ აღასრულა რაღაც დიადი საქმე, არამედ აიღო თიხის ნატეხი, რათა მოეფხანა სხეული, როდესაც ნაცარში იჯდა. ეს ქმედება ასევე აოცებს ადამიანებს და აიძულებს მათ, ეჭვი შეიტანონ — და უარყონ კიდეც — იობის სიმართლე, რადგან სხეულის ფხანისას იობი არ ლოცულობდა და არც აღთქმებს აძლევდა ღმერთს; მით უმეტეს, არავის უნახავს, რომ მას მწარე ცრემლებით ეტირა. ამ დროს ადამიანები მხოლოდ იობის სისუსტეს ხედავენ და მეტს არაფერს; ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც ესმით იობის ნათქვამი: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“, ისინი სრულიად გულგრილნი რჩებიან ან ყოყმანობენ და კვლავ არ შეუძლიათ მისი სიტყვებიდან იობის სიმართლის დანახვა. შთაბეჭდილება, რომელსაც იობი ტოვებს ადამიანებზე თავისი განსაცდელების ჟამს, ძირითადად ის არის, რომ იგი არც ქედმაღალი იყო და არც მონური სულისკვეთების. ადამიანებს არ ძალუძთ დაინახონ მისი ქცევის მიღმა არსებული ისტორია, რომელიც მისი გულის სიღრმეში ვითარდებოდა; ვერც ღვთისმოშიშებას ხედავენ მის გულში ან ბოროტებისგან განრიდების გზის პრინციპს, რომელსაც იგი იცავდა. მისი არც მედიდური და არც მონური ქცევა ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მისი სრულყოფილება და სიწრფელე მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო, რომ მისი ღვთისმოშიშება მხოლოდ ჭორი იყო; ამასობაში, ის „სისუსტე“, რომელიც მან გარეგნულად გამოავლინა, მათზე ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს, აძლევს რა მათ „ახალ პერსპექტივას“ და „ახალ გაგებასაც“ კი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ღმერთი სრულყოფილად და წრფელად მიიჩნევს. ასეთი „ახალი პერსპექტივა“ და „ახალი გაგება“ მტკიცდება მაშინ, როდესაც იობმა გახსნა ბაგე და დაწყევლა ის დღე, როდესაც დაიბადა.

თუმცა არავის შეუძლია წარმოიდგინოს ან გაიზიაროს იმ ტანჯვის დონე, რომელიც მან განიცადა, მას არ უთქვამს „აღმაშფოთებლად მოღალატეობრივი“ სიტყვები, არამედ მხოლოდ საკუთარი ხერხებით იმსუბუქებდა სხეულის ტკივილს. როგორც წმინდა წერილშია ჩაწერილი, მან თქვა: „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი, და ღამე, რომელმაც თქვა: „კაცი ჩაისახა!“ (იობ. 3:3). შესაძლოა, არასოდეს არავის მიუჩნევია ეს წინადადება მნიშვნელოვნად და შესაძლოა, არიან ადამიანები, რომლებმაც ყურადღება მიაქციეს მას. თქვენი აზრით, მიანიშნებს თუ არა ეს იმაზე, რომ იობი ეწინააღმდეგებოდა ღმერთს? არის თუ არა ეს ღვთის წინააღმდეგ მიმართული ჩივილი? ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს აქვს გარკვეული მოსაზრებები იობის მიერ ნათქვამ ამ ფრაზაზე და მიაჩნია, რომ თუ იობი სრულყოფილი და წრფელი იყო, მას არ უნდა გამოევლინა არავითარი სისუსტე ან მწუხარება; ნაცვლად ამისა, პოზიტიურად უნდა შეხვედროდა სატანის ნებისმიერ თავდასხმას და სატანის ცდუნებისთვის ღიმილითაც კი უნდა შეეხედა. მას არ უნდა ჰქონოდა უმცირესი რეაქციაც კი სატანის მიერ მისთვის მოვლენილ არცერთ ხორციელ ტანჯვაზე და არც თავის გულში არსებული რაიმე გრძნობა უნდა გამოეხატა. მას ისიც კი უნდა ეთხოვა, რომ ღმერთს ეს განსაცდელები კიდევ უფრო გაემკაცრებინა. სწორედ ეს უნდა ახასიათებდეს და გააჩნდეს მტკიცე და შეუდრეკელ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტად ღვთისმოშიშია და ბოროტებისგან განრიდებულია. ამ უკიდურესი ტანჯვის ჟამს იობმა მხოლოდ თავისი დაბადების დღე დაწყევლა. მას არ დაუჩივლია ღმერთზე, მით უმეტეს, არ ჰქონია ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის არავითარი განზრახვა. ამის თქმა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, რადგან უძველესი დროიდან დღემდე არავის არასოდეს გამოუცდია ასეთი ცდუნებები და არ გადაუტანია ის ტანჯვა, რაც იობს დაატყდა თავს. მაშ, რატომ არავის შესწევდა უნარი, გაეძლო ისეთივე ცდუნებისთვის, როგორიც იობმა გადაიტანა? ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ღმერთი ხედავს, არავის შეუძლია იტვირთოს ასეთი პასუხისმგებლობა ან დავალება, არავის შეეძლო მოქცეულიყო ისე, როგორც იობი მოიქცა და მით უმეტეს, არავინ შეძლებდა ყოფილიყო იობის მსგავსი, რომელმაც, როდესაც ასეთი ტანჯვა დაატყდა თავს, გარდა თავისი დაბადების დღის დაწყევლისა არ დაუგმია ღვთის სახელი და განაგრძო იეჰოვა ღმერთის სახელის განდიდება. განა ეს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება? როდესაც იობზე ამას ვამბობთ, განა ჩვენ მის საქციელს ვაქებთ? იგი იყო მართალი კაცი, რომელსაც შეეძლო ასეთი დამოწმება გაეცა ღვთისთვის და ეიძულებინა სატანა, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო ისე, რომ იგი აღარასოდეს წარმდგარიყო ღვთის წინაშე მისთვის ბრალის დასადებად — მაშ, რა არის ცუდი მის შექებაში? ნუთუ თქვენ ღმერთზე უფრო მაღალი მოთხოვნილი სტანდარტები გაქვთ? ნუთუ იობზე უკეთ მოიქცეოდით, როდესაც განსაცდელი დაგატყდებოდათ თავს? იობი ღვთის მიერ იყო მოწონებული — რა პრეტენზიები შეიძლება გქონდეთ?

იობი წყევლის თავის დაბადების დღეს, რადგან არ სურს, რომ ღმერთმა მის გამო ტკივილი განიცადოს

ხშირად ვამბობ, რომ ღმერთი ადამიანთა გულებს აკვირდება, მაშინ როცა ადამიანები ერთმანეთის გარეგნობას უყურებენ. რადგან ღმერთი ადამიანთა გულებს აკვირდება, მას ესმის მათი არსი მაშინ, როცა ადამიანები სხვების არსს მათი გარეგნობის საფუძველზე განსაზღვრავენ. როდესაც იობმა ბაგე გახსნა და თავისი დაბადების დღე დაწყევლა, ამ ქმედებამ ყველა სულიერი მოღვაწე გააოცა, მათ შორის, იობის სამი მეგობარი. ადამიანი ღვთის მიერ არის შექმნილი და მადლიერი უნდა იყოს ღვთის მიერ მინიჭებული სიცოცხლის, ხორციელი სხეულისა და თავისი დაბადების დღისთვის და არ უნდა წყევლიდეს მათ. ეს არის ის, რისი წვდომაც და წარმოდგენაც ჩვეულებრივ ადამიანებს ძალუძთ. ყველასთვის, ვინც ღმერთს მიჰყვება, ეს შემეცნება წმინდა და ხელშეუხებელია და ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც არასოდეს შეიცვლება. იობმა კი დაარღვია წესები: მან თავისი დაბადების დღე დაწყევლა. ჩვეულებრივი ადამიანის თვალში მისი ეს ქმედება აკრძალულ საზღვრებს გასცდა და ვერ ჰპოვებდა ვერც ადამიანთა გაგებასა და თანაგრძნობას და ვერც ღვთის პატიებას. ამავდროულად კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეპარა ეჭვი იობის სამართლიანობაში, რადგან ჩანდა, თითქოს ღვთის კეთილგანწყობამ იობი თავნებად აქცია; ამან იგი იმდენად თამამი და დაუდევარი გახადა, რომ მან სიცოცხლეში ღვთისგან მიღებული კურთხევისა და მზრუნველობისთვის მადლობის გადახდის ნაცვლად, საკუთარი დაბადების დღე დაწყევლა და მისი გაქრობა ისურვა. რა არის ეს, თუ არა ღვთისადმი წინააღმდეგობა? მსგავსი ზედაპირული ხედვა ადამიანებს აძლევს საფუძველს, რათა დაგმონ იობის ეს ქმედება, მაგრამ ვინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობდა იობი იმ დროს? ვინ შეიძლება იცოდეს მიზეზი, თუ რატომ მოიქცა იობი ასე? მხოლოდ ღმერთმა და თავად იობმა იციან ამის ნამდვილი ისტორია და მიზეზები.

როდესაც სატანამ ხელი გაიწოდა იობის ძვლების დასაზიანებლად, იობი მის კლანჭებში ჩავარდა, რადგან თავის დაღწევის ან წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნდა. მისმა სხეულმა და სულმა უზარმაზარი ტკივილი განიცადა; ამ ტკივილის მეშვეობით ის ღრმად ჩასწვდახორციელად მცხოვრები ადამიანის უმნიშვნელობას, სისუსტესა და უძლურებას. ამავდროულად მან ასევე ღრმად შეიცნო და გაიგო, თუ რატომ აქვს ღმერთს განზრახული კაცობრიობაზე ზრუნვა და მისი მფარველობა. სატანის კლანჭებში მყოფმა იობმა გააცნობიერა, თუ სინამდვილეში რაოდენ უმწეო და სუსტია ხორციელი ადამიანი ასეთ დროს. როდესაც იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს შეევედრა, იგრძნო, თითქოს ღმერთი სახეს იფარავდა და იმალებოდა, რადგან ღმერთმა იგი მთლიანად სატანის ხელში გადასცა. ამავდროულად, ღმერთიც ტიროდა მის გამო და უფრო მეტიც, გული შესტკიოდა მის გამო; ღმერთი იტანჯებოდა მისი ტკივილით და სტკიოდა მისი ტკივილით... იობი გრძნობდა ღვთის ტკივილს ისევე, როგორც იმას, თუ რაოდენ აუტანელი იყო ეს ღვთისთვის... იობს არასდროს სურდა ღვთის დამწუხრება; არასდროს სურდა, რომ ღმერთს კვლავ ეტირა მის გამო და მით უმეტეს, არ სურდა ეხილა, რომ ღმერთი მის გამო იტანჯებოდა. ამ მომენტში იობს მხოლოდ ამ მოკვდავი ხორცისგან თავის დაღწევა სურდა, რათა აღარ განეცადა ამ ხორცის მიერ მოტანილი ტკივილი, რადგან ეს ღმერთს აარიდებდა მისი ტანჯვით გამოწვეულ ტკივილს — თუმცა მას ეს არ ძალუძდა და უწევდა აეტანა არა მხოლოდ ხორციელი ტკივილი, არამედ კიდევ უფრო მეტად ის ტანჯვა, რომ არ სურდა ღვთის შეშფოთება. ამ ორმა ტკივილმა — ერთმა ხორციელმა და მეორემ გულისმიერმა — იობს გულისშემძვრელი, და სულისშემძვრელი ტანჯვა მოუტანა და აგრძნობინა, თუ როგორ შეუძლია ხორციელი ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობებს კაცი იმედგაცრუებული და უმწეო გახადოს. ამ ვითარებაში მისი ლტოლვა ღვთისადმი უფრო გაძლიერდა და მისი სიძულვილი სატანის მიმართ უფრო მძაფრი გახდა. ამ დროს იობი ამჯობინებდა, რომ არასოდეს დაბადებულიყო ადამიანთა სამყაროში, ერჩივნა საერთოდ არ ეარსება, ვიდრე ეხილა, რომ ღმერთი ცრემლებს ღვრიდა ან ტკივილს განიცდიდა მის გამო. მას დაეუფლა თავისი ხორციელი სხეულის დიდი სიძულვილი; ის ზიზღით განწყო საკუთარი თავის, თავისი დაბადების დღისა და იმ ყოველივეს მიმართაც კი, რაც მასთან იყო დაკავშირებული. არ სურდა, რომ კიდევ ყოფილიყო ნახსენები მისი დაბადების დღე ან რაიმე, რაც მის დაბადებასთან იყო დაკავშირებული, და ამიტომ მან ბაგე გახსნა და დაწყევლა თავისი დაბადების დღე: „დაიღუპოს ის დღე, როცა დავიბადე, და ის ღამე, როცა ითქვა: ჩაისახაო ვაჟი. ბნელად იქცეს ის დღე; ნუ მოხედავს მას ღმერთი მაღლიდან, ნურც ნათელი გაანათებს მას“ (იობ. 3:3–4). იობის სიტყვები გამოხატავს მის სიძულვილს საკუთარი თავის მიმართ: „დაიღუპოს ის დღე, როცა დავიბადე, და ის ღამე, როცა ითქვა: ჩაისახაო ვაჟი“ ისევე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულებასა და ვალდებულების განცდას იმის გამო, რომ ღმერთს ტკივილი მიაყენა: „ბნელად იქცეს ის დღე; ნუ მოხედავს მას ღმერთი მაღლიდან, ნურც ნათელი გაანათებს მას.“ ეს ორი მონაკვეთი არის იობის იმდროინდელი გრძნობების უმაღლესი გამოხატულება და სრულად უჩვენებს ყველას მის სიალალესა და სიწრფელეს. ამავდროულად, ზუსტად ისე, როგორც იობს სურდა, მისი რწმენა და ღვთისადმი მორჩილება ისევე, როგორც მისი ღვთისმოშიშება, ჭეშმარიტად ამაღლდა ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს ამაღლება ზუსტად ის შედეგია, რასაც ღმერთი მოელოდა.

იობი ამარცხებს სატანას და ხდება ნამდვილი ადამიანი ღვთის თვალში

როდესაც იობმა პირველად გაიარა განსაცდელი, მას წაართვეს მთელი მისი ქონება და ყველა მისი შვილი, მაგრამ ამის გამო იგი არ დაცემულა და არ უთქვამს რაიმე ისეთი, რაც ღმერთს შეურაცხყოფდა. მან დაძლია სატანის ცდუნებები, დაძლია თავისი ქონების, თავისი შვილებისა და ყველა გარეგნული ნივთის დაკარგვის განსაცდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შეძლო დამორჩილებოდა ღვთის მიერ ამ ყოველივეს წართმევას და ასევე შეძლო მადლობა და ქება შეეწირა ღვთისთვის იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა. ასეთი იყო იობის ქცევა სატანის პირველი ცდუნების დროს და ასეთივე იყო იობის მოწმობა ღვთის პირველი განსაცდელის ჟამს. მეორე განსაცდელის დროს სატანამ ხელი გაიწოდა იობის დასატანჯად და მიუხედავად იმისა, რომ იობმა განიცადა იმაზე დიდი ტკივილი, ვიდრე ოდესმე უგრძნია, მისმა მოწმობამ ხალხი მაინც გაოგნებული დატოვა. მან გამოიყენა თავისი სიმტკიცე, რწმენა და ღვთისადმი მორჩილება ისევე, როგორც თავისი ღვთისმოშიშება, რათა კიდევ ერთხელ დაემარცხებინა სატანა; მისი ქცევა და მოწმობა კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული და მიღებული ღვთის მიერ. ამ ცდუნების დროს იობმა თავისი რეალური ქცევა გამოიყენა, რათა სატანისთვის განეცხადებინა, რომ ხორციელ ტკივილს არ შეეძლო შეეცვალა მისი რწმენა და ღვთისადმი მორჩილება ან წაერთმია მისი ღვთისადმი მიჯაჭვულობა და ღვთისმოშიში გული; იგი არ უარყოფდა ღმერთს და არ დათმობდა საკუთარ სიალალესა და სიწრფელეს იმის გამო, რომ სიკვდილის წინაშე იდგა. იობის ურყევმა გადაწყვეტილებამ სატანა ლაჩრად აქცია, მისმა რწმენამ სატანა შიშითა და ძრწოლით აავსო, ხოლო იმ სიმძაფრემ, რომლითაც იგი სატანის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა, სატანაში ღრმა სიძულვილი და ბრაზი შვა; მისმა სიალალემ და სიწრფელემ სატანა იმ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მას მეტი აღარაფრის გაკეთება შეეძლო; ასე რომ, სატანამ მიატოვა მასზე თავდასხმები და უარი თქვა იობის წინააღმდეგ იმ ბრალდებებზე, რომლებიც იეჰოვა ღმერთის წინაშე ჰქონდა წარდგენილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ იობმა დაძლია წუთისოფელი, დაძლია ხორცი, დაძლია სატანა და დაძლია სიკვდილი; იგი სრულიად და მთლიანად ღვთის კუთვნილი ადამიანი იყო. ამ ორი განსაცდელის განმავლობაში იობი მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში, მან რეალურად გამოავლინა ცხოვრებაში თავისი სრულყოფილება და სიმართლე და მისი ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების ცხოვრებისეული პრინციპების არეალი გაფართოვდა. მას შემდეგ, რაც იობმა ეს ორი განსაცდელი გაიარა, მან უფრო მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა და ამ გამოცდილებამ იგი უფრო მოწიფული და გამობრძმედილი გახადა, უფრო გააძლიერა და მეტი რწმენა შესძინა და უფრო მეტად დაარწმუნა იმ უმწიკვლობის სისწორესა და ღირებულებაში, რომელსაც იგი მტკიცედ იცავდა. იეჰოვა ღვთის განსაცდელებმა იობს საშუალება მისცა, ღრმად განეცადა და ეგრძნო ღვთის მზრუნველობა ადამიანის მიმართ და აგრძნობინა ღვთის სიყვარულის ფასდაუდებლობა, რის შემდეგაც მისმა ღვთისმოშიშებამ შეიძინა როგორც მზრუნველობა, ისე სიყვარული ღმერთის მიმართ. იეჰოვა ღმერთის განსაცდელებმა იობი არათუ დააშორა მას, არამედ იობის გული უფრო დაუახლოვა ღმერთს. როდესაც იობის მიერ ატანილმა ხორციელმა ტკივილმა პიკს მიაღწია, იეჰოვა ღმერთისგან ნაგრძნობმა მზრუნველობამ განაპირობა ის, რომ მან თავი ვერ შეიკავა და თავისი დაბადების დღე დასწყევლა. ასეთი ქმედება არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, არამედ ეს იყო მისი გულის სიღრმიდან მომდინარე ღვთის განზრახვის გათვალისწინებისა და სათუთი სიყვარულის ბუნებრივი გამოვლენა; ეს ბუნებრივი გამოვლენ მომდინარეობდა მისი ღვთის განზრახვის გათვალისწინებისა და ღვთისადმი სათუთი სიყვარულიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან მან საკუთარი თავი შეიძულა და რადგან არ სურდა და არ შეეძლო ღვთისთვის ტკივილის მიყენება, მისმა მზრუნველობამ და სათუთმა სიყვარულმა იმ ზღვარს მიაღწია, რომ მან საკუთარი თავი დაივიწყა. ამ დროს იობმა ღვთისადმი თავისი მრავალწლიანი თაყვანისცემა, ლტოლვა და მიჯაჭვულობა მზრუნველობისა და სათუთი სიყვარულის დონემდე აამაღლა. ამავდროულად მან თავისი რწმენა, ღვთისადმი მორჩილება და ღვთისმოშიშებაც იმავე დონეზე აიყვანა. მან საკუთარ თავს არ მისცა უფლება, გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც ღმერთს ზიანს მიაყენებდა, არ დაუშვა არანაირი საქციელი, რომელიც ღმერთს გულს ატკენდა და არ მისცა საკუთარ თავს უფლება, თავისი მიზეზით ღვთისთვის რაიმე მწუხარება, სევდა ან თუნდაც უსიამოვნება მიეყენებინა. ღვთის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ იობი კვლავინდებურად იგივე იობი იყო, იობის რწმენამ, მორჩილებამ და ღვთისმოშიშებამ ღმერთს სრული კმაყოფილება და სიამოვნება მოუტანა. ამ დროს იობმა მიაღწია იმ სრულყოფილებას, რომლის მიღწევასაც ღმერთი მისგან მოელოდა; იგი გახდა ადამიანი, რომელიც ღვთის თვალში ჭეშმარიტად იმსახურებდა წოდებას „ალალი და წრფელი“. მისმა სამართლიანმა საქმეებმა მას საშუალება მისცა, დაემარცხებინა სატანა და მტკიცედ მდგარიყო ღვთისადმი თავის მოწმობაში. ასევე, მისმა სამართლიანმა საქმეებმა იგი სრულყოფილი გახადა და საშუალება მისცა მისი სიცოცხლის ღირებულებას, ამაღლებულიყო და აღმატებული გამხდარიყო; მათ ასევე აქციეს იგი პირველ ადამიანად, რომელსაც სატანა აღარ დაესხმოდა თავს და აღარ აცდუნებდა. რადგან იობი სამართლიანი იყო, იგი დადანაშაულებულ და ცდუნებულ იქნა სატანის მიერ; რადგან იობი სამართლიანი იყო, იგი სატანას გადაეცა; და რადგან იობი სამართლიანი იყო, მან დაძლია და დაამარცხა სატანა და მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში. ამიერიდან იობი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც აღარასოდეს გადაეცემოდა სატანას; იგი ჭეშმარიტად წარდგა ღვთის ტახტის წინაშე და ცხოვრობდა ნათელში ღვთის კურთხევითსატანის თვალთვალისა თუ შეურაცხყოფის გარეშე... იგი ნამდვილი ადამიანი გახდა ღვთის თვალში; იგი გათავისუფლდა…

იობის შესახებ

მას შემდეგ, რაც გაიგეთ, თუ როგორ გაიარა იობმა განსაცდელები, უმეტესობას ალბათ გაგიჩნდათ ინტერესი თავად იობის პიროვნების შესახებ დეტალების მიმართ და განსაკუთრებით გაინტერესებთ ის საიდუმლო, რომლითაც მან ღვთის მოწონება დაიმსახურა. ამიტომ დღეს, მოდით, ვისაუბროთ იობზე!

იობის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ მის სიალალეს, სიწრფელეს, ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას

თუ ჩვენ იობზე უნდა ვისაუბროთ, უნდა დავიწყოთ იმ შეფასებით, რომელიც თავად ღვთის ბაგიდან ითქვა: „არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“

მოდით, ჯერ გავიგოთ იობის სიალალისა და სიწრფელის შესახებ.

როგორია თქვენი გაგება სიტყვებისა „სიალალე“ და „სიწრფელე“? გჯერათ, რომ იობი უნაკლო და ურყევად წრფელი იყო? ეს, რა თქმა უნდა, იქნებოდა სიტყვების „ალალი“ და „წრფელი“ პირდაპირი ინტერპრეტაცია და გაგება. მაგრამ იმისათვის, რომ იობს ჭშმარიტად ჩავწვდეთ, ის არ უნდა განვიხილოთ რეალური ცხოვრების კონტექსტისგან განყენებულად— მხოლოდ სიტყვები, წიგნები და თეორია არავითარ პასუხს არ მოგვცემს. ჩვენ დავიწყებთ იობის ცხოვრების ყოველდღიური წესის განხილვით, იმით, თუ როგორი იყო მისი ნორმალური ქცევა მისი ცხოვრების განმავლობაში. ეს გვიჩვენებს მის ცხოვრებისეულ პრინციპებისა და ცხოვრებისეულ მიზნებს ისევე, როგორც მისი ზნეობისა და სწრაფვის შესახებ. ახლა, მოდით, წავიკითხოთ იობის წიგნის1:3 ბოლო სიტყვები: „ეს კაცი ყველაზე დიადი იყო აღმოსავლეთის ყველა კაცს შორის.“ ეს სიტყვები იმას აღნიშნავს, რომ იობის სტატუსი და მდგომარეობა ძალიან მაღალი იყო, თუმცა ჩვენ არ გვეუბნებიან, თუ რატომ იყო იგი აღმოსავლეთის ყველა ადამიანზე დიდებული — თავისი უხვი ქონების გამო, თუ იმიტომ, რომ იყო ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ იობის სტატუსი და მდგომარეობა დიდად დაფასებული იყო. როგორც ბიბლიაშია წერია, ადამიანთა პირველი შთაბეჭდილებები იობზე იყო ის, რომ იობი ალალი ადამიანი იყო, რომ იგი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული და რომ იგი ფლობდა დიდ სიმდიდრესა და საპატიო სტატუსს. ასეთ გარემოსა და ასეთ პირობებში მცხოვრები ნორმალური ადამიანისთვის, მისი კვება, ცხოვრების ხარისხი და მისი პირადი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი ადამიანთა უმეტესობის ყურადღების ცენტრში იქნებოდა; ამიტომ უნდა გავაგრძელოთ წმინდა წერილის კითხვა: „და მიდიოდნენ მისი ძეები და მართავდნენ ნადიმებს თავიანთ სახლებში, თითოეული თავის დღეს; და გზავნიდნენ და უხმობდნენ თავიანთ სამ დას, რათა ეჭამათ და ესვათ მათთან ერთად. და იყო ასე, როდესაც სრულდებოდა მათი ნადიმობის დღეები, იობი გზავნიდა და განწმენდდა მათ, და დგებოდა დილაადრიანად, და სწირავდა სრულადდასაწველს ყველა მათგანის რიცხვის მიხედვით: რადგან ამბობდა იობი: იქნებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და გულში ღმერთი უარყვეს. ასე იქცეოდა იობი მუდმივად“ (იობ. 1:4–5). ეს მონაკვეთი ორ რამეს გვეუბნება: პირველი არის ის, რომ იობის ძეები და ასულები რეგულარულად მართავდნენ ნადიმებს, ერთად ჭამდნენ და სვამდნენ; მეორე არის ის, რომ იობი ხშირად სწირავდა სრულადდასაწველს, რადგან იგი ხშირად წუხდა თავის ძეებსა და ასულებზე, ეშინოდა რა, რომ ისინი სცოდავდნენ და გულში ღმერთს უარყოფდნენ. ამაში აღწერილია ორი სხვადასხვა ტიპის ადამიანის ცხოვრების განსხვავებული შინაარსი. პირველნი, იობის ძეები და ასულები თავიანთი სიმდიდრის გამო ხშირად მართავდნენ ნადიმებს, მფლანგველობაში ატარებდნენ ცხოვრებას, გულსა და სულს აყოლებდნენ ჭამა-სმას და ტკბებოდნენ მატერიალური კეთილდღეობით მოტანილი ცხოვრების მაღალი ხარისხით. ასეთი ცხოვრების შემთხვევაში გარდაუვალი იყო, რომ ისინი ხშირად შესცოდავდნენ და შეურაცხყოფდნენ ღმერთს — თუმცა ისინი არ განიწმენდდნენ საკუთარ თავს და არ სწირავდნენ სრულადდასაწველს. მაშასადამე, თქვენ ხედავთ, რომ ღმერთს არავითარი ადგილი არ ეკავა მათ გულებში, რომ ისინი არ ფიქრობდნენ ღვთის მადლზე, არც ღვთის შეურაცხყოფის ეშინოდათ და მით უმეტეს გულში არ ჰქონდათ ღვთის უარყოფის შიში. რა თქმა უნდა, საკითხი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, არ ეხება იობის შვილებთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს; მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის განხილვაც გვსურს, არის ის, თუ რას აკეთებდა იობი ასეთი მოვლენების წინაშე; ეს არის მეორე საკითხი, რომელიც აღწერილია ამ მონაკვეთში და რომელიც ეხება იობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის ადამიანურობა-არსებას. როგორც წმინდა წერილშია აღნიშნული, როდესაც იობის ძეები და ასულები ნადიმებს მართავდნენ, თავად იობი არ იყო მათ შორის; არამედ მხოლოდ მისი ძეები და ასულები ხშირად ჭამდნენ და სვამდნენ ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი არ მართავდა ნადიმებს და არც თავის ძეებსა და ასულებს უერთდებოდა ნადიმისა და ზომაგადასული სადილობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იობი მდიდარი იყო და ფლობდა ყოველგვარ ქონებასა და მრავალ მსახურს, მისი ცხოვრება არ იყო ფუფუნებით სავსე. მის სიმდიდრეს არ მიუყვანია იგი იქამდე, რომ ცხოვრებისეული კეთილდღეობით დამტკბარიყო, არც ხორციელ სიამოვნებებს დახარბებია და არც სრულადდასაწველის შეწირვა დავიწყებია; მით უმეტეს, ამას არ გამოუწვევია გულში მისი ღვთისგან თანდათანობით დაშორება. მაშასადამე, ცხადია, რომ იობს დისციპლინირებული ცხოვრების წესი ჰქონდა; ღვთის კურთხევის შედეგად ის არ გამხდარა ანგარიშიანი ან სიამოვნების მაძიებელი და არც საკუთარი ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა დაუწყია. გარდა ამისა, ის თავმდაბალი იყო თავის ქმდებებში, არ თავმომწონეობდა საკუთარი თავის წარმართვისას და ფრთხილი და მოკრძალებული იყო ღვთის წინაშე. იგი ხშირად ფიქრობდა ღვთის მადლსა და კურთხევაზე და მუდმივად ატარებდა ღვთისმოშიშ გულს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იობი ხშირად დგებოდა დილაადრიანად, რათა სრულადდასაწველი შეეწირა თავისი ძეებისა და ასულებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა მხოლოდ თავად იობი იყო ღვთისმოშიში, არამედ იგი ასევე იმედოვნებდა, რომ მისი შვილებიც მსგავსადვე იქნებოდნენ ღვთისმოშიშნი და არ გააკეთებდნენ ისეთ რამეს, რაც ღმერთს შეურაცხყოფდა. ანუ იობის უხვ მატერიალურ სიმდიდრეს არავითარი ადგილი არ ეკავა მის გულში; მას არც ღვთის ადგილი დაუკავებია მის გულში; საკუთარ თავთან თუ შვილებთან მიმართებაში იობის ყოველდღიური ქმედებები მთლიანად დაკავშირებული იყო ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებასთან. მისი იეჰოვა ღმერთისადმი შიში მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ ეს იყო ის, რასაც იგი პრაქტიკაში ახორციელებდა და ავლენდა თავისი ყოველდღიური ცხოვრების თითოეულ ნაწილში. იობის ეს რეალური გამოვლინება იმაზე მეტყველებს, რომ იგი იყო პატიოსანი და ფლობდა არსს, რომელსაც უყვარდა სამართლიანობა და დადებითი რამ. ის, რომ იობი ხშირად გზავნიდა და განწმენდდა თავის ძეებსა და ასულებს, ნიშნავს იმას, რომ იგი არ იწონებდა ან არ ეთანხმებოდა თავისი შვილების ქცევას; ნაცვლად ამისა გულის სიღრმეშიიგი ზიზღით იყო განწყობილი მათი ქცევის მიმართ და გმობდა მათ. მტკიცედ სწამდა, რომ მისი ძეებისა და ასულების ქცევა არ იყო მოსაწონი იეჰოვა ღმერთისთვის და ამიტომ იგი ხშირად ეუბნებოდა მათ, წარმდგარიყვნენ ღვთის წინაშე და ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები. იობის ქმედებები ამ მხრივ გვიჩვენებს მისი ადამიანობის სხვა მხარეს, რომ იგი არასოდეს დადიოდა მათთან ერთად, ვინც ხშირად სცოდავდა და შეურაცხყოფდა ღმერთს, არამედ გაურბოდა და თავს არიდებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მისი ძეები და ასულები იყვნენ, მას უარი არ უთქვამს საკუთარი თავის წარმართვის პრინციპებზე იმის გამო, რომ ისინი მისი სისხლი და ხორცი იყვნენ; არც მათი ცოდვები შეუწყნარებია მათდამი მიჯაჭვულობის გამო. პირიქით, იგი შეაგონებდა მათ, რომ ეღიარებინათ და მოეპოვებინათ იეჰოვა ღმერთის შემწყნარებლობა; ასევე აფრთხილებდა მათ, რომ არ განდგომოდნენ ღმერთს იმის გამო, რომ სიამოვნებით იყვნენ შეპყრობილნი. პრინციპები იმისა, თუ როგორ ეპყრობოდა იობი სხვებს, განუყოფელია მისი ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების პრინციპებისგან. მას უყვარდა ის, რაც ღვთის მიერ იყო მიღებული და სძულდა ის, რის მიმართაც ღმერთი ზიზღით იყო განწყობილი; მას უყვარდა ისინი, ვინც გულის სიღრმეში ღვთისმოშიშნი იყვნენ და სძულდა ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიოდნენ ან აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაც ღმერთს შეურაცხყოფდა — ასეთი სიყვარული და სიძულვილი ვლინდებოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ეს არის იობის სიწრფელე ღვთის თვალში. ბუნებრივია, ეს ასევე არის იობის ჭეშმარიტი ადამიანობის განსახიერება და გამოვლენა სხვებთან ურთიერთობისას და ყოველდღიურ საქმეებში, რაც ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს.

იობის ადამიანობის გამოვლინებები მისი განსაცდელების დროს (იობის სიალალის, სიწრფელის, ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გაგება მისი განსაცდელების დროს)

ის, რაც ზემოთ გავაზიარეთ, არის იობის ადამიანობის სხვადასხვა მხარე, რომლებიც ვლინდებოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ ცდუნებებამდე, რომლებიც მან გადაიტანა. უდავოა, რომ ეს სხვადასხვა გამოვლინება იძლევა პირველად წარმოდგენასა და გაგებას იობის სიალალის, ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების შესახებ და ბუნებრივია, იძლევა პირველად დადასტურებას. მიზეზი, რის გამოც ვამბობ „პირველადს“, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს იობის ზნეობის და იმ ხარისხის ჭეშმარიტი გაგება, მიზეზი, რის გამოც ვამბობ „თავდაპირველს“, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს ჭეშმარიტი წარმოდგენა იობის ხასიათსა და იმ დონეზე, თუ რამდენად მიჰყვებოდა იგი ღვთისადმი მორჩილებისა და ღვთისმოშიშების გზას. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის წარმოდგენა იობზე არ სცდება იმ გარკვეულწილად დადებით შთაბეჭდილებას, რომელსაც ბიბლიის ის ორი მონაკვეთი ქმნის, სადაც მისი სიტყვებია მოცემული: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო; კურთხეულ იყოს უფლის სახელი“ და „ნუთუ მხოლოდ სიკეთეს მივიღებთ ღვთისგან და გასაჭირს არ მივიღებთ?“ ამრიგად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ ავლენდა იობი თავის ადამიანობას ღვთისგან მოვლენილი განსაცდელების მიღებისას; ამგვარად, იობის ჭეშმარიტი ადამიანობა ყველას წინაშე სრულად გადაიშლება.

როდესაც იობმა გაიგო, რომ მისი ქონება მოიპარეს, რომ მისმა ძეებმა და ასულებმა სიცოცხლე დაკარგეს და რომ მისი მსახურები დაიხოცნენ, მისი რეაგირება იყო შემდეგი: „მაშინ ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, თავი გადაიპარსა, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა“ (იობ. 1:20). ეს სიტყვები ერთ ფაქტს გვეუბნება: ამ ამბის მოსმენის შემდეგ იობი პანიკაში არ ჩავარდნილა, არ უტირია და არ დაუდანაშაულებია ის მსახურები, რომლებმაც ეს ამბავი მოუტანეს; მით უმეტეს, არ შეუმოწმებია ამ შემთხვევების ადგილები, რათა გამოეკვლია და დაედასტურებინა დეტალები და გაეგო, სინამდვილეში რა მოხდა. მას არ გამოუხატავს არავითარი ტკივილი ან სინანული თავისი ქონების დაკარგვის გამო და არც ცრემლებად დაღვრილა თავისი შვილების, თავისი საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. პირიქით, მან შემოიხია მოსასხამი, თავი გადაიპარსა, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა. იობის ქმედებები არ ჰგავს ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანის ქმედებებს. ისინი აბნევს მრავალ ადამიანს და აიძულებს მათ, გულში გაკიცხონ იობი მისი „ცივსისხლიანობისთვის“. ქონების უეცარი დაკარგვისას ნორმალური ადამიანები გულგატეხილნი ან სასოწარკვეთილნი გახდებოდნენ — ან ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა სრულ სასოწარკვეთილებამდეც კი მისულიყო. ეს იმიტომ, რომ ადამიანის გულში მისი ქონება წარმოადგენს მისთვის ყველაზე ძვირფასს — ეს არის ის, რაზეც მისი გადარჩენაა დამოკიდებული, ეს არის იმედი, რომელიც მას აცოცხლებს; მისი ქონების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ მისი ცხოვრების მთელი ნაშრომი წყალში ჩაიყარა, რომ მას იმედი გადაეწურა და რომ მომავალიც კი არ აქვს. ასეთია ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ქონებისადმი და ის მჭიდრო კავშირი, რომელიც მას ამ ქონებასთან აქვს; სწორედ ასეთია ქონების მნიშვნელობა ადამიანის თვალში. ამგვარად, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა დაბნეულობას გრძნობს იმის გამო, რომ იობს გულგრილი დამოკიდებულება აქვს თავისი ქონების დაკარგვის მიმართ. დღეს ჩვენ გავფანტავთ ყველა ამ ადამიანის დაბნეულობას და ავხსნით, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში იობის გულში.

საღი აზრი გვკარნახობს, რომ რადგან ღმერთმა იობს ასეთი უხვი ქონება უბოძა, მას უნდა ეგრძნო სირცხვილი ღვთის წინაშე ამ ქონების დაკარგვის გამო, რადგან ვერ მიხედა და ვერ იზრუნა მასზე; მან ვერ შეინარჩუნა ღვთის მიერ მისთვის მიცემული ქონება. ამრიგად, როდესაც მან გაიგო, რომ ქონება მოპარეს, მისი პირველი რეაქცია უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე მისვლა და ყველაფრის აღრიცხვა, რაც დაიკარგა, შემდეგ კი ღვთის წინაშე აღსარების თქმა, რათა კვლავ მიეღო ღვთის კურთხევა. თუმცა იობმა ეს არ გააკეთა და მას ბუნებრივია, მიზეზები ჰქონდა ამისთვის. თავის გულში იობს ღრმად სწამდა, რომ ყოველივე, რასაც ფლობდა, ღვთის კურთხევის შედეგი იყო და არა მისი საკუთარი შრომის ნაყოფი. ამიტომ იგი არ ეპყრობოდა მიღებულ კურთხევას, როგორც საკუთარი ძალისხმევის ნაყოფს; პირიქით, მისი ცხოვრების პრინციპი იყო, მთელი გულითა და ძალისხმევით მიჰყოლოდა იმ გზას, რომლითაც უნდა ევლო. იგი აფასებდა ღვთის კურთხევას და მადლობას სწირავდა ამისთვის, მაგრამ არ ესწრაფვოდა და არ ითხოვდა მისგან მეტს. ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ქონების მიმართ. მას არც კურთხევის მოპოვების მიზნით გაუკეთებია რაიმე და არც არასოდეს დამწუხრებულა ან უგლოვია მისი არქონის ან დაკარგვის გამო; მას არც უზომო, თავდავიწყებული სიხარული განუცდია ღვთის კურთხევის გამო და და არც ღვთის გზა უგულებელუყვია ან მისი მადლი დავიწყებია იმ კურთხევის გამო, რომლითაც ხშირად ტკბებოდა. ქონების მიმართ იობის დამოკიდებულებაში ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ მისი ჭეშმარიტი ადამიანობის გამოვლენა. პირველ რიგში, იობი არ იყო ხარბი ადამიანი და მას ძალიან დაბალი მოთხოვნილი სტანდარტები გააჩნდა თავისი მატერიალური ცხოვრების მიმართ. მეორეც, იობი არასოდეს წუხდა ან შიშობდა, რომ ღმერთი წაართმევდა ყოველივეს, რაც ჰქონდა, რაც იყო მისი მორჩილების დამოკიდებულება ღვთის მიმართ მის გულში; ანუ მას არ გააჩნდა მოთხოვნები ან პრეტენზიები იმის შესახებ, თუ როდის წაართმევდა ან წაართმევდა თუ არა ღმერთი მას რაიმეს და არ კითხულობდა მიზეზს, არამედ მხოლოდ ღვთის განგებულებისადმი დამორჩილებას ესწრაფვოდა. მესამეც, იობს არასოდეს მიაჩნდა, რომ მისი ქონება მისი შრომისგან მოდიოდა, არამედ თვლიდა, რომ იგი ღვთის მიერ იყო მისთვის ბოძებული. ეს იყო იობის რწმენა ღვთის მიმართ — ეს იყო მისი რწმენა. ნათლად სჩანს თუ არა იობის ადამიანობა და მისი ჭეშმარიტი ყოველდღიური სწრაფვა მის ამ სამპუნქტიან შეჯამებაში? იობის ადამიანობა და სწრაფვა განუყოფელი იყო მისი მშვიდი ქცევისგან, როდესაც იგი თავისი ქონების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ მისი ყოველდღიური სწრაფვის გამო ჰქონდა იობს სულიერი ზრდა და რწმენა, რომ ეთქვა: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო; კურთხეულ იყოს უფლის სახელი“ ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელების დროს. ეს სიტყვები ერთ ღამეში არ მოსულა და არც იობის უეცარი ახირების ნაყოფი ყოფილა. ნაცვლად ამისა, ისინი იყო ის, რაც მან იხილა და შეიძინა მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილების განმავლობაში. ყველა მათგანთან შედარებით, ვინც მხოლოდ ღვთის კურთხევას ეძიებს და ვისაც ეშინია, რომ ღმერთი წაართმევს მას და ვისაც სძულს ეს და წუწუნებს ამის გამო, განა იობის მორჩილება ძალიან რეალური არ არის? ყველა მათგანთან შედარებით, ვისაც სწამს, რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ ვისაც არასოდეს სჯეროდა, რომ ის ყოველივეზე ხელმწიფებს, განა იობი არ ფლობს დიდ პატიოსნებასა და სიალალეს?

იობის გონივრულობა

იობის რეალურმა გამოცდილებამ და მისმა ალალმა და პატიოსანმა ადამიანობამ განაპირობა ის, რომ მან ყველაზე გონივრულად იმსჯელა და სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც დაკარგა თავისი ქონება და თავისი შვილები. ასეთი გონივრული არჩევანი განუყოფელი იყო მისი ყოველდღიური სწრაფვისა და ღვთის იმ საქმეებისგან, რომლებიც მან თავისი ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში შეიცნო. იობის პატიოსნებამ მას საშუალება მისცა, ერწმუნა, რომ იეჰოვას ხელი ხელმწიფებს ყოველივეზე; მისმა რწმენამ მას საშუალება მისცა, შეეცნო, როგორ ხელმწიფებს იეჰოვა ღმერთი ყოველივეზე; მისმა შემეცნებამ მას სურვილი და უნარი შესძინა, დამორჩილებოდა იეჰოვა ღმერთის ხელმწიფებასა და განგებულებას; ამ მორჩილებამ მას საშუალება მისცა, სულ უფრო და უფრო ჭეშმარიტი ყოფილიყო იეჰოვა ღმერთისადმი თავის შიშში; ამ შიშმა იგი სულ უფრო მეტად განაშორა ბოროტებას; საბოლოოდ, იობი სრულყოფილი გახდა, რადგან იგი იყო ღვთისმოშიში და განრიდებული ბოროტებას; მისმა სრულყოფილებამ იგი ბრძენი გახადა და უდიდესი გონივრულობა შესძინა.

როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვა, „გონივრული“? მისი პირდაპირი მნიშვნელობაა გონების ქონა, ლოგიკურობა და არააბსურდული აზროვნება, მართებული სიტყვა-პასუხი და ქცევა, სწორი განსჯა და სათანადო, მოწესრიგებული მორალური სტანდარტების ფლობა. თუმცა იობის გონივრულობის ახსნა ასე მარტივი არ არის. როდესაც აქ ნათქვამია, რომ იობი იყო ადამიანი, რომელიც ფლობდა უდიდეს გონივრულობას, ეს გულისხმობს მის ადამიანობასა და ღვთის წინაშე მის ქცევას. რადგან იობი პატიოსანი ადამიანი იყო, მას შეეძლო ერწმუნა და დამორჩილებოდა ღვთის ხელმწიფებას, რამაც მას სხვებისთვის მიუღწეველი შემეცნება შესძინა და ამ შემეცნებამ მას საშუალება მისცა, უფრო ზუსტად გაერჩია, განესაჯა და განესაზღვრა ის, რაც მას თავს დაატყდა, რამაც მას საშუალება მისცა, უფრო ზუსტად და გონივრულად აერჩია, თუ რა უნდა გაეკეთებინა და რას უნდა ჩაჭიდებოდა მტკიცედ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიტყვები, ქცევა, მისი ქმედებების მიღმა არსებული პრინციპები და ის კოდექსი, რომლითაც იგი მოქმედებდა, იყო სტანდარტული, ნათელი და კონკრეტული და არ იყო ბრმა, იმპულსური ან ემოციური. მან იცოდა, როგორ მოპყრობოდა ყოველივეს, რაც თავს დაატყდებოდა, მან იცოდა, როგორ დაებალანსებინა და მოეგვარებინა რთულ შემთხვევებს შორის კავშირი, მან იცოდა, როგორ ჩაჭიდებოდა მტკიცედ იმ გზას, რომელსაც მტკიცედ უნდა მიჰყოლოდა და, უფრო მეტიც, მან იცოდა, როგორ შეხვედროდა იეჰოვა ღმერთის მიერ ბოძებასა და წართმევას. სწორედ ეს იყო იობის გონივრულობა. სწორედ იმიტომ, რომ იობი ფლობდა ასეთ გონივრულობას, მან თქვა: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო; კურთხეულ იყოს უფლის სახელი“, როდესაც თავისი ქონება და თავისი ძეები და ასულები დაკარგა.

როდესაც იობი სხეულის უდიდესი ტკივილის, ნათესავებისა და მეგობრების შეგონებებისა და სიკვდილის წინაშე აღმოჩნდა, მისმა რეალურმა ქცევამ ყველას კიდევ ერთხელ დაანახა მისი ჭეშმარიტი სახე.

იობის ჭეშმარიტი სახე: ჭეშმარიტი, უბრალო და წმინდა, და ყოველგვარი სიყალბის გარეშე

წავიკითხოთ იობის 2:7–8: „გამოვიდა სატანა იეჰოვას პირისაგან და შეჰყარა მან იობს საშინელი წყლულები ფეხის ტერფიდან თხემამდე. და აიღო მან თიხის ნატეხი, რათა მოეფხანა, და იჯდა იგი ნაცარში.“ ეს არის იობის ქცევის აღწერა, როდესაც მის სხეულზე საშინელი წყლულები გაჩნდა. ამ დროს იობი ნაცარში იჯდა და ტკივილს ითმენდა. არავინ მკურნალობდა და არავინ ეხმარებოდა სხეულის ტკივილის შემსუბუქებაში; ნაცვლად ამისა, იგი თიხის ნატეხს იყენებდა საშინელი წყლულების ზედაპირის მოსაფხანად. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ იობის ტანჯვის ერთი ეპიზოდი იყო და არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის ადამიანობასა და ღვთისმოშიშებასთან, რადგან იობს ამ დროს არცერთი სიტყვა არ უთქვამს თავისი განწყობისა და შეხედულებების გამოსახატავად. მიუხედავად ამისა, იობის ქმედებები და მისი ქცევა მაინც მისი ადამიანობის ჭეშმარიტი გამოვლენაა. წინა თავის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ იობი აღმოსავლეთის ყველა ადამიანზე დიდებული იყო. მეორე თავის ეს მონაკვეთი კი გვიჩვენებს, რომ აღმოსავლეთის ამ უდიდესმა ადამიანმა სინამდვილეში თიხის ნატეხი აიღო მოსაფხანად, როდესაც ნაცარში იჯდა. განა არ არის აშკარა კონტრასტი ამ ორ აღწერას შორის? ეს კონტრასტი გვიჩვენებს იობის ჭეშმარიტ სახეს: მიუხედავად მისი პრესტიჟული მდგომარეობისა და სტატუსისა, მას არასოდეს ჰყვარებია და არც ყურადღება მიუქცევია ამ საგნებისთვის; მას არ ადარდებდა, როგორ უყურებდნენ სხვები მის მდგომარეობას, არც იმაზე წუხდა, იქონიებდა თუ არა მისი ქმედებები ან ქცევა რაიმე უარყოფით გავლენას მის მდგომარეობაზე; იგი ხარბად არ ესწრაფვოდა სტატუსის სიკეთეებს და არც იმ დიდებით ტკბებოდა, რომელიც სტატუსსა და მდგომარეობას ახლდა თან. მას მხოლოდ ის ადარდებდა, თუ რა იყო მისი ღირებულება და მისი სიცოცხლის მნიშვნელობა იეჰოვა ღვთის თვალში. იობის ჭეშმარიტი სახე სწორედ მისი არსი იყო: მას არ უყვარდა დიდება და სარგებელი და არ ცხოვრობდა დიდებისა და სარგებლისთვის; იგი იყო ჭეშმარიტი, უბრალო, წმინდა და ყოველგვარი სიყალბისგან დაცლილი.

იობი განასხვავებს სიყვარულსა და სიძულვილს

იობის ადამიანობის კიდევ ერთი მხარე ვლინდება მასსა და მის ცოლს შორის ამ საუბარში: „მაშინ უთხრა მას მისმა ცოლმა: კვლავ ინარჩუნებ შენს უმწიკვლობას? დაგმე ღმერთი და მოკვდი. მაგრამ მან უთხრა მას: შენ ისე საუბრობ, როგორც ერთი უგუნური დედაკაცი. რა? ნუთუ სიკეთეს მივიღებთ ღვთის ხელიდან და გასაჭირს არ მივიღებთ?“ (იობ. 2:9–10). იობის ცოლი ხედავდა რა იმ ტანჯვას, რომელსაც იგი განიცდიდა, შეეცადა რჩევა მიეცა მისთვის, რათა დახმარებოდა ტანჯვისგან თავის დაღწევაში, თუმცა მისმა „კეთილმა განზრახვებმა“ იობის მოწონება ვერ დაიმსახურა; პირიქით, მისი ბრაზი გამოიწვია, რადგან მისი ცოლი უარყოფდა მის რწმენასა და მორჩილებას იეჰოვა ღვთის მიმართ, ასევე იეჰოვა ღვთის არსებობას. ეს იობისთვის აუტანელი იყო, რადგან მას არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, გაეკეთებინა რაიმე ისეთი, რაც ღმერთს შეეწინააღმდეგებოდა ან გულს ატკენდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე. როგორ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო, როდესაც ხედავდა, რომ სხვები ამბობდნენ სიტყვებს, რომლებიც გმობდა და შეურაცხყოფდა ღმერთს? ამიტომ მან თავის ცოლს „უგუნური დედაკაცი“ უწოდა. იობის დამოკიდებულება თავისი ცოლის მიმართ იყო რისხვითა და სიძულვილით, ასევე საყვედურითა და გაკიცხვით აღსავსე. ეს იყო სწორედ იობის ადამიანობის ბუნებრივი გამოვლენა — სიყვარულისა და სიძულვილის ერთმანეთისგან გარჩევა — და ეს იყო მისი მართალი ადამიანობის ჭეშმარიტი გამოვლინება. იობს გააჩნდა სამართლიანობის გრძნობა — ისეთი, რომელმაც შეაძულა ბოროტების ყოველგვარი გამოვლინება, შეაძულა, დააგმობინა და უარი ათქმევინა მცდარ შეხედულებებსა და ერესზე, აბსურდულ არგუმენტებსა და სასაცილო გამონათქვამებზე; ამ გრძნობამ მისცა მას ძალა, საკუთარი, სწორი პრინციპებისა და პოზიციის ერთგული დარჩენილიყო მაშინ, როდესაც მას უმრავლესობამ აქცია ზურგი და ახლობლებმა მიატოვეს.

იობის კეთილშობილება და გულწრფელობა

რადგან იობის სხვადასხვა გამოვლინებიდან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მისი ადამიანობა, რა ჩანს იობის ადამიანობიდან მაშინ, როდესაც მან პირი გააღო თავისი დაბადების დღის დასაწყევლად? ეს არის თემა, რომელზეც ქვემოთ ვიქონიებ თანაზიარებას.

ზემოთ მე ვისაუბრე იობის მიერ თავისი დაბადების დღის დაწყევლის მიზეზებზე. რას ხედავთ თქვენ ამაში? იობი რომ გულქვა და სიყვარულს მოკლებული ყოფილიყო, ცივი, უგრძნობი და ადამიანობას მოკლებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა კი იგი ღვთის განზრახვების გათვალისწინებას? შეძლებდა კი მას შესძულებოდა თავისი საკუთარი დაბადების დღე იმის გამო, რომ ღვთის გულს ითვალისწინებდა? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იობი რომ გულქვა და ადამიანობას მოკლებული ყოფილიყო, ეტკინებოდა კი მას ღვთის ტკივილის გამო? შეძლებდა კი იგი დაეწყევლა თავისი დაბადების დღე იმის გამო, რომ ღმერთმა მის გამო ტკივილი განიცადა? პასუხია: არავითარ შემთხვევაში! რადგან იგი კეთილშობილი იყო, იობი ითვალისწინებდა ღვთის გულს; რადგან იგი ითვალისწინებდა ღვთის გულს, იობი გრძნობდა ღვთის ტკივილს; რადგან იგი კეთილშობილი იყო, იგი უფრო დიდ ტანჯვას განიცდიდა ღვთის ტკივილის შეგრძნების შედეგად; რადგან მან იგრძნო ღვთის ტკივილი, მას შეძულდა თავისი დაბადების დღე და ამგვარად დაწყევლა იგი. გარეშე პირთათვის იობის მთელი ქცევა მისი განსაცდელების დროს სანიმუშოა. მხოლოდ მისი დაბადების დღის დაწყევლა სვამს კითხვის ნიშანს მის სრულყოფილებასა და სიმართლეზე ან იძლევა განსხვავებულ შეფასებას. სინამდვილეში ეს იყო იობის ადამიანურობა-არსების ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლენა. მისი ადამიანურობა-არსება იყო დაფარვისა თუ შელამაზების გარეშე, რომელზეც სხვებს გავლენა არ მოუხდენიათ. როდესაც მან დაწყევლა თავისი დაბადების დღე, მან გამოავლინა კეთილშობილება და გულწრფელობა, რომელიც გულის სიღრმეში ჰქონდა; იგი ჰგავდა წყაროს, რომლის წყალი იმდენად კამკამა, სუფთა და გამჭვირვალეა, რომ ფსკერიც კი ხელისგულივით მოსჩანს.

მას შემდეგ, რაც იობის შესახებ ყოველივე ამას შეიტყობენ, ადამიანთა უმეტესობას უდავოდ ექნება საკმაოდ ზუსტი და ობიექტური წარმოდგენა იობის ადამიანურობა-არსების შესახებ. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ იობის იმ სრულყოფილებისა და სიმართლის ღრმა, პრაქტიკული და უფრო მაღალი დონის გაგება და აღქმა, რომელზეც ღმერთი საუბრობდა. იმედია, ეს გაგება და აღქმა დაეხმარება ადამიანებს, დაადგნენ ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას.

კავშირი ღვთის მიერ იობის სატანისთვის გადაცემასა და ღვთის საქმის მიზანს შორის

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა ახლა აღიარებს, რომ იობი იყო სრულყოფილი და მართალი და რომ მას ჰქონდა ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება, ეს აღიარება მათ მიერ ღვთის განზრახვების უკეთ გაგებას მაინც ვერ უწყობს ხელს. ამავდროულად, როდესაც ისინი იობის ადამიანობასა და მის სწრაფვას შენატრიან, ღმერთს ასეთ კითხვას უსვამენ: იობი ასეთი სრულყოფილი და მართალი იყო, ხალხს იგი ასე ძალიან უყვარს, მაშ, რატომ გადასცა ღმერთმა იგი სატანას და რატომ გაიმეტა ამდენი ტანჯვისთვის? ასეთი კითხვები აუცილებლად ექნება მრავალ ადამიანს გულის სიღრმეში; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ეჭვი კითხვის სახით არსებობს ადამიანთა უმეტესობის გულში. რადგან ამან ადამიანთა უმრავლსობა საგონებელში ჩააგდო, ეს კითხვა უნდა წამოვჭრათ და ნათლად ავხსნათ.

ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, ნამდვილად აუცილებელია და საოცარი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ყველაფერი, რასაც იგი ადამიანზე აღავლენს, მის მიერ კაცობრიობის მართვასა და ხსნას ეხება. ბუნებრივია, ის საქმე, რომელიც ღმერთმა იობზე აღასრულა, არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ იობი სრულყოფილი და მართალი იყო ღვთის თვალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთი ან რა საშუალებებით აკეთებს ამას, მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა, მიუხედავად მისი მიზნისა, მისი ქმედებების მიზანი არ იცვლება. მისი მიზანია, ადამიანში იმოქმედოს ღვთის სიტყვებით ისევე, როგორც ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნებითა და განზრახვებით; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანში იმ ყოველივეს ამოქმედება, რასაც ღმერთი დადებითად მიიჩნევს თავისი ნაბიჯების შესაბამისად, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, გაიგოს და ჩაწვდეს ღვთის გულსა და არსს და დამორჩილდეს მის მეუფებასა და განგებულებას და ამით მიაღწიოს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდებას — ყოველივე ეს არის ღვთის მიზნის ერთი ასპექტი ყოველივესთან მიმართებაში, რასაც იგი აღასრულებს. მეორე ასპექტი ისაა, რომ ვინაიდან სატანა ღვთის საქმეში ანტაგონისტსა და მისი მიზნების მისაღწევ ობიექტს წარმოადგენს, ადამიანი ხშირად გადაეცემა სატანას; ეს არის საშუალება, რომელსაც ღმერთი იყენებს, რათა ადამიანს სატანის ცდუნებებსა და თავდასხმებში მისი ბოროტება, სიმახინჯე და სიმდაბლე დაანახოს, რითაც ადამიანს სატანის მიმართ სიძულვილი გაუჩნდება და უარყოფითი საგნებისა და მოვლენების შეცნობასა და გარჩევას შეძლებს. ეს პროცესი ადამიანს საშუალებას აძლევს, თანდათანობით გათავისუფლდეს სატანის კონტროლის, ბრალდებების, დაბრკოლებებისა და თავდასხმებისგან. ეს გრძელდება მანამ, სანამ ღვთის სიტყვებზე, ღვთის ცოდნაზე, ღვთისადმი მორჩილებაზე, ღვთისადმი რწმენასა და ღვთისმოშიშებაზე დაყრდნობით, ადამიანი სრულად არ გაიმარჯვებს სატანის თავდასხმებსა და ბრალდებებზე; მხოლოდ მაშინ იქნება იგი საბოლოოდ და სრულად დახსნილი სატანის ძალაუფლებისგან. ადამიანთა დახსნა ნიშნავს სატანის დამარცხების გამოცხადებას, ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სატანის ლუკმა, რომ მათ აღარ შთანთქავს სატანა და მათზე საბოლოოდ აქვს ხელი აღებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ადამიანები მართალნი არიან, რადგან მათ აქვთ ღვთისადმი რწმენა, მორჩილება და ღვთისმოშიშება და რადგან მათ სრულად გაწყვიტეს კავშირი სატანასთან. ისინი არცხვენენ და ლაჩრად აქცევენ სატანას; ისინი სრულად ამარცხებენ მას. მათი რწმენა ღვთის მიყოლაში, ღვთისადმი მორჩილება და ღვთისმოშიშება ამარცხებს სატანას და აიძულებს მას, სრულად თქვას მათზე უარი. მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ჭეშმარიტად ღვთის მიერ მოპოვებულნი და ეს არის ღვთის საბოლოო მიზანი ადამიანის გადარჩენის საქმეში. ყველა მათგანმა, ვინც ღმერთს მიჰყვება, თუ სურთ გადარჩენა და სურთ, რომ სრულად იყვნენ ღვთის მიერ მოპოვებულნი, უნდა გაუძლონ სატანის დიდ თუ მცირე ცდუნებებსა და თავდასხმებს. ისინი, ვინც თავს დააღწევენ ამ ცდუნებებსა და თავდასხმებს და შეძლებენ სატანაზე სრულ გამარჯვებას, არიან ისინი, ვინც გადარჩნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც ღვთის მიერ არიან გადარჩენილნი, არიან ისინი, ვინც გაიარეს ღვთის განსაცდელები და ვინც უთვალავჯერ იყვნენ სატანის მიერ ცდუნებულნი და მისი თავდასხმის ობიექტნი. მათ, ვინც ღვთის მიერ არიან გადარჩენილნი, ესმით ღვთის განზრახვები და მოთხოვნები, ძალუძთ დაემორჩილონ ღვთის მეუფებასა და განგებულებას და არ უარყოფენ ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას სატანის ცდუნებების წინაშე მდგომნი. ისინი, ვინც ღვთის მიერ არიან გადარჩენილნი, ფლობენ პატიოსნებას; ისინი კეთილშობილნი არიან, განასხვავებენ სიყვარულსა და სიძულვილს; მათ აქვთ სამართლიანობის გრძნობა და არიან გონივრულნი; მათ ძალუძთ ღვთის განზრახვის გათვალისწინება და აფასებენ ყოველივეს, რაც ღვთისგანაა. ასეთი ადამიანები არ არიან შებოჭილნი სატანის მიერ, მისი თვალთვალის, ბრალდებებისა თუ ძალადობის მსხვერპლნი; ისინი სრულიად თავისუფალნი არიან; ისინი არიან სრულად გათავისუფლებულნი და დახსნილნი. იობი სწორედ ასეთი თავისუფალი ადამიანი იყო და სწორედ ეს არის ღვთის მიერ მისი სატანისთვის გადაცემის მნიშვნელობა.

იობი შეურაცხყოფილი იყო სატანის მიერ, მაგრამ მან ასევე მოიპოვა მარადიული თავისუფლება და ხსნა, და მან მოიპოვა უფლება, აღარასოდეს დაქვემდებარებოდა სატანის გახრწნას, შეურაცხყოფასა და ბრალდებებს, არამედ ეცხოვრა, ყოველგვარი საზრუნავის, შფოთვისა და წუხილის გარეშე ღვთის მზერის ნათელში მისი კურთხევით გარემოცულს. არავის შეეძლო ამ უფლების წართმევა, განადგურება თუ მიტაცება. ეს იობს მიეცა მისი რწმენის, გამძლეობის, ღვთისადმი მორჩილებისა და ღვთისმოშიშების სანაცვლოდ; იობმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა სიხარულით სავსე და ბედნიერი ცხოვრება დედამიწაზე და ასევე როგორც ჭეშმარიტმა ქმნილებამ მიიღო უფლება, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, სრულიად ბუნებრივად და სამართლიანად ეცა თაყვანი შემოქმედისთვის დედამიწაზე. ასეთი იყო ასევე იობის მიერ გადატანილი ცდუნებების უდიდესი შედეგი.

სანამ ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან გადარჩენილნი, მათ ცხოვრებაში სატანას ხშირად არეულობა შეაქვს და ის აკონტროლებს კიდეც მას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც არ არიან გადარჩენილნი, სატანის ტყვეები არიან; მათ არ გააჩნიათ თავისუფლება, სატანას ისინი არ გაუთავისუფლებია, მათ არ აქვთ ღვთის თაყვანისცემის კვალიფიკაცია ან უფლება, სატანა მათ გამუდმებით სდევნის და სასტიკად ესხმის თავს. ასეთი ადამიანების შემთხვევაში ბედნიერებაზე საუბარიც ზედმეტია, მათ არ გააჩნიათ ნორმალური არსებობის უფლება და მით უმეტეს, ზედმეტია საუბარი რაიმე ღირსებაზე. თუ წინ აღუდგები და შეებრძოლები სატანას და გამოიყენებ ღვთისადმი შენს რწმენას, ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებას, როგორც იარაღს, რომლითაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებრძოლები სატანას, ისე, რომ სრულად დაამარცხებ მას და აიძულებ, შენი დანახვისას კუდამოძუებული გაიქცეს და დაფრთხეს, მხოლოდ მაშინ იტყვის იგი სრულად უარს შენზე თავდასხმებსა და ბრალდებებზე; და სწორედ ამ მომენტში იქნები გადარჩენილი და მოიპოვებ თავისუფლებას. თუ უბრალოდ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი სატანასთან კავშირის სრულად გაწყვეტა, მაგრამ არ ხარ აღჭურვილი მისი დასამარცხებელი ქმედითი იარაღით, მაშინ კვლავ დიდ საფრთხეში იმყოფები. დროთა განმავლობაში, როდესაც სატანა ისე გაგტანჯავს, რომ ძალის ნატამალიც აღარ შეგრჩება და მაინც ვერ შეძლებ მოწმობის გაცემას და ჯერ კიდევ მთლიანად ვერ გაგითავისუფლებია შენი თავი შენკენ მიმართული სატანის ბრალდებებისა და თავდასხმებისგან, მაშინ ხსნის ძალიან მცირე იმედიღა გექნება. საბოლოოდ, ანუ როდესაც ღვთის საქმის დასრულება გამოცხადდება, თუ კვლავ სატანის მარწუხებში იქნები და ვერ შეძლებ თავის დაღწევას, მაშინ აღარასოდეს გექნება შანსი ან იმედი. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სრულად სატანის ტყვეობაში იქნებიან.

მიიღე ღვთის გამოცდები, დაძლიე სატანის ცდუნებები და მიეცი ღმერთს შენი მთელი არსების მოპოვების საშუალება

იმ პერიოდში, როდესაც ღმერთი ავლენს მუდმივ მზრუნველობასა და მხარდაჭერას ადამიანის მიმართ, იგი სრულად უმჟღავნებს მას თავის განზრახვებსა და მოთხოვნებს, უჩვენებს მას თავის საქმეებს, ხასიათს და იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ამის მიზანია, მისცეს ადამიანს სულიერი სიმწიფე და საშუალება, ღვთის მიყოლისას მოიპოვოს მისგან სხვადასხვა ჭეშმარიტება — ჭეშმარიტებები, რომლებიც ღვთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული ძლიერი იარაღია სატანასთან საბრძოლველად. ამგვარად აღჭურვილი ადამიანი ღვთის გამოცდების წინაშე უნდა დადგეს. ღმერთს ადამიანის გამოსაცდელად მრავალი საშუალება და გზა გააჩნია, მაგრამ თითოეული მათგანი მოითხოვს ღვთის მტრის: სატანის „თანამშრომლობას“. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანს სატანასთან საბრძოლველად ძლიერი იარაღი მისცა, იგი გადასცემს ადამიანს სატანას და აძლევს სატანას ადამიანის სულიერი ზრდის „გამოცდის“ საშუალებას. თუ ადამიანი შეძლებს სატანის მიერ დაგებული მახედან თავის დაღწევას, თუ იგი შეძლებს სატანის ალყიდან თავის დაღწევას და ცოცხლად გადარჩენას, მაშინ ის ჩააბარებს გამოცდას. მაგრამ თუ ადამიანი ვერ შეძლებს სატანის მახედან თავის დაღწევას და სატანის მიერ იქნება დამორჩილებული, მაშინ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას. ადამიანის რომელ ასპექტსაც არ უნდა ცდიდეს ღმერთი, მისი გამოცდების კრიტერიუმებია ის, დგას თუ არა ადამიანი მტკიცედ თავის მოწმობაში სატანის თავდასხმისას და უარყოფს თუ არა იგი ღმერთს და ნებდება თუ არა სატანას, როდესაც სატანის მახეშია გაბმული. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა იგი სატანის დაძლევასა და დამარცხებას, ხოლო მისი გათავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა იგი დამოუკიდებლად გამოიყენოს ღვთის მიერ ბოძებული იარაღი სატანის ბორკილებიდან გასათავისუფლებლად, რითაც აიძულებს სატანას, სრულად გადაეწუროს იმედი და ხელი აიღოს მასზე. თუ სატანას იმედი გადაეწურება და ხელს აიღებს ვინმეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სატანა აღარასოდეს შეეცდება ამ ადამიანის ღვთისგან წართმევას, აღარასოდეს დაადანაშაულებს და შეაწუხებს ამ ადამიანს, აღარასოდეს დაესხმება თავს და შეურაცხყოფს მას; მხოლოდ ასეთი ადამიანი იქნება ჭეშმარიტად ღვთის მიერ მოპოვებული. ეს არის ის სრული პროცესი, რომლითაც ღმერთი მოიპოვებს ადამიანს.

გაფრთხილება და ნათლის მოფენა, რომელიც იობის მოწმობამ მომავალ თაობებს მისცა

იმავდროულად, როდესაც ადამიანები სრულიად გაიაზრებენ ღვთის მიერ ადამიანის მოპოვების მთელ პროცესს, ასევე ჩაწვდებიან იმ მიზნებსა და მნიშვნელობას, რის გამოც ღმერთმა იობი სატანას გადასცა. ადამიანები აღარ ამახვილებენ ყურადღებას იობის ტანჯვაზე და ახლებურად აფასებენ მის მნიშვნელობას. ისინი აღარ წუხან იმაზე, თავადაც დაატყდებათ თუ არა თავს იგივე ცდუნება, როგორც იობს, და აღარ ეწინააღმდეგებიან და არ უარყოფენ ღვთის განსაცდელების მოახლოებას. იობის რწმენა, მორჩილება და მისი მოწმობა სატანის დაძლევის შესახებ ადამიანებისთვის უდიდესი დახმარებისა და წახალისების წყარო გახდა. იობში ისინი ხედავენ საკუთარი გადარჩენის იმედს და იმას, რომ რწმენით და ღვთისადმი მორჩილებითა და ღვთისმოშიშებით სრულიად შესაძლებელია სატანის დამარცხება და სატანაზე გამარჯვება. ისინი ხედავენ, რომ სანამ ღვთის მეუფებასა და განგებულებას ემორჩილებიან, სანამ გააჩნიათ სიმტკიცე და რწმენა, რომ არ უარყონ ღმერთი მაშინაც კი, თუ ყველაფერს დაკარგავენ; მათ ძალუძთ შეარცხვინონ და დაამარცხონ სატანა და ისინი ხედავენ, რომ მათ მხოლოდ სიმტკიცე და გამძლეობა უნდა გააჩნდეთ, რათა მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში — თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ — რათა სატანა შეშინდეს და სწრაფად დაიხიოს უკან. იობის მოწმობა არის გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის და ეს გაფრთხილება ეუბნება მათ, რომ თუ ისინი არ დაამარცხებენ სატანას, მაშინ ვერასოდეს შეძლებენ სატანის ბრალდებებისა და არევ-დარევისგან გათავისუფლებას და ვერც სატანის თავდასხმებსა და შეურაცხყოფას დააღწევენ თავს. იობის მოწმობამ ასევე ნათელი მოჰფინა მომავალ თაობებს. ეს ნათელის მოფენა ასწავლის ადამიანებს, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებენ ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას, თუ ისინი გახდებიან სრულყოფილნი და მართალნი, იგი ასწავლის მათ, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებენ ღვთისთვის მედგარი დამოწმების გაცემას, თუ მათ ექნებათ ღვთისმოშიშება და განუდგებიან ბოროტებს; მხოლოდ მაშინ ვეღარ გააკონტროლებს მათ სატანა და იცხოვრებენ ღვთის წინამძღოლობისა და მფარველობის ქვეშ, თუ ისინი ღვთისთვის მედგარ დამოწმებას გასცემენ — მხოლოდ მაშინ გადარჩებიან ჭეშმარიტად. იობის ხასიათი და მისი ცხოვრებისეული მისწრაფება მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც გადარჩენისკენ ისწრაფვის. ის, რაც მან ცხოვრებაში გამოავლინა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და მისი გამოვლინებები განსაცდელების დროს, ძვირფასი საუნჯეა ყველასთვის, ვინც მიჰყვება ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას.

იობის მოწმობას ნუგეში მოაქვს ღვთისთვის

თუ ახლა გეტყვით თქვენ, რომ იობი საყვარელი ადამიანია, შესაძლოა ვერ შეძლოთ ამ სიტყვების მნიშვნელობის სათანადოდ აღქმა და ვერ ჩასწვდეთ იმ განწყობას, რომლითაც ეს სიტყვები ითქვა; მაგრამ დაელოდეთ იმ დღეს, როდესაც გამოცდით თქვენ ისეთივე ან მსგავს განსაცდელებს, როგორიც იობმა, როდესაც გაივლით თქვენ გასაჭირს, როდესაც გამოცდით ღვთის მიერ პირადად თქვენთვის წარმართულ და განგებულ განსაცდელებს, როდესაც შენ გაიღებ ყველაფერს და აიტან დამცირებასა და ტანჯვას, რათა გაიმარჯვო სატანაზე და გასცე მოწმობა ღვთისთვის ცდუნებების წინაშე მდგომმა — მაშინ შენ შეძლებ ჩემ მიერ ნათქვამი ამ სიტყვების მნიშვნელობის სათანადოდ აღქმას. იმ დროს იგრძნობ, რომ ბევრად ჩამოუვარდები იობს; იგრძნობ, რა საყვარელი და მისაბაძია იობი. როდესაც ეს დრო დადგება, მიხვდები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იობის მიერ წარმოთქმული ეს არსებითი სიტყვები მისთვის, ვინც გახრწნილია და ამ დროში ცხოვრობს; მიხვდები, რაოდენ რთულია დღევანდელი ადამიანებისთვის იმის მიღწევა, რასაც იობმა მიაღწია. როდესაც იგრძნობ, რომ ეს რთულია, სათანადოდ აღიქვამ იმას, რაოდენ შეშფოთებული და მწუხარეა ღვთის გული, რაოდენ მაღალია ღვთის მიერ გაღებული მსხვერპლი ასეთი ადამიანების მოსაპოვებლად და რაოდენ ძვირფასია ის, რასაც ღმერთი აღასრულებს და გასცემს კაცობრიობისთვის. ახლა, როდესაც ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება ამ სიტყვებზე, ძალგიძთ თუ არა თქვენ იობის ზუსტი გაგება და სწორი შეფასება? თქვენს თვალში იყო თუ არა იობი ჭეშმარიტად ალალი და წრფელი, ღვთისმოშიში კაცი, ბოროტებას განრიდებული? ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმეტესობა უდავოდ იტყვის „კი“-ს. რადგან იობის ქმედებებისა და გამოვლინებების ფაქტებს ვერ უარყოფს ვერცერთი ადამიანი და ვერც სატანა. ისინი წარმოადგენს სატანაზე იობის გამარჯვების ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას. ეს მტკიცებულება იობში გამოჩნდა და იყო პირველი მოწმობა, რომელიც ღმერთმა მიიღო. ამგვარად, როდესაც იობმა გაიმარჯვა, სატანის ცდუნება დაძლია და მოწმობა გასცა ღვთისთვის, ღმერთმა იობში იმედი დაინახა და მისმა გულმა იობისგან ნუგეში ჰპოვა. სამყაროს შექმნის დროიდან იობის დრომდე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა ჭეშმარიტად გამოსცადა, თუ რა იყო ნუგეში და რას ნიშნავდა ადამიანისგან ნუგეშის მიღება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან იხილა და მოიპოვა ჭეშმარიტი მოწმობა, რომელიც მისთვის გაიცა.

ვფიქრობ, რომ იობის მოწმობისა და მისი ცხოვრების სხვადასხვა მხარის შესახებ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, ადამიანთა უმეტესობას ექნება დასახული გეგმები, როგორ გაიარონ მათ წინაშე არსებული გზა. ასევე მგონია, რომ ადამიანთა უმეტესობა, ვინც შფოთვითა და შიშითაა შეპყრობილი, ნელ-ნელა დაიწყებს მოდუნებას სხეულითა და გონებით და ნელ-ნელა შეიგრძნობს შვებას…

ქვემოთ მოყვანილი მონაკვეთები ასევე წარმოადგენს იობის შესახებ ჩანაწერებს. მოდით, განვაგრძოთ კითხვა.

4. იობს ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი ღვთის შესახებ

იობ. 9:11 აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ ვამჩნევ მას.

იობ. 23:8–9 აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ. ჩრდილოეთით საქმიანობს და ვერ ვამჩნევ, სამხრეთით განზე გადგება და ვერ ვხედავ.

იობ. 42:2–6 ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და ვერას გულისხმაჰყოფს? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ გამოცხადებია იობს, იობს სწამს ღვთის ხელმწიფების

თქვენი აზრით, რა არის ამ სიტყვების ძირითადი შინაარსი? გააცნობიერა რომელიმე თქვენგანმა, რომ აქ რეალური ფაქტი იმალება? პირველ რიგში, მოდით, განვიხილოთ: საიდან იცოდა იობმა, რომ არსებობს ღმერთი? საიდან იცოდა მან, რომ ცა, მიწა და ყოველივე ღვთის ხელმწიფების ქვეშაა? არსებობს მონაკვეთი, რომელიც ამ ორ კითხვას პასუხობს: „ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“ ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი საკუთარი თვალით ეხილა, იობმა ღვთის შესახებ გადმოცემით შეიტყო. სწორედ ამ ვითარებაში შეუდგა ის ღვთის მიყოლის გზას, რის შემდეგაც დაადასტურა ღვთის არსებობა თავის ცხოვრებაში და ყოველივეში. აქ არის უდავო ფაქტი — რა არის ეს ფაქტი? მიუხედავად იმისა, რომ იობს შეეძლო ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით სვლა, მას არასოდეს ეხილა ღმერთი. განა ამაში იგი არ ჰგავდა დღევანდელ ადამიანებს? იობს არასოდეს ეხილა ღმერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას გაგონილი ჰქონდა ღვთის შესახებ, მან არ იცოდა, სად იყო ღმერთი, როგორი იყო ღმერთი ან რას აკეთებდა ღმერთი. ეს ყოველივე სუბიექტური ფაქტორებია; ობიექტურად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიჰყვებოდა ღმერთს, ღმერთი არასოდეს გამოცხადებია და დალაპარაკებია მას. განა ეს ფაქტი არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ დალაპარაკებია იობს და არ მიუცია მისთვის რაიმე ბრძანება, იობმა დაინახა ღვთის არსებობა და იხილა მისი ხელმწიფება ყოველივეში და იმ გადმოცემებში, რომელთა მეშვეობითაც იობს ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი ღვთის შესახებ, რის შემდეგაც მან დაიწყო ცხოვრება ღვთისმოშიშებითა და ბოროტებისგან განრიდებით. ასეთი იყო იობის მიერ ღვთის მიყოლის საწყისები და პროცესი. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეშინოდა ღვთის და ერიდებოდა ბოროტებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მტკიცედ ინარჩუნებდა ზნეობას, ღმერთი მაინც არასოდეს გამოცხადებია მას. მოდით, წავიკითხოთ ეს მონაკვეთი. მან თქვა: „აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ ვამჩნევ მას“ (იობ. 9:11). ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ იობი შესაძლოა გრძნობდა მის გვერდით ღვთის არსებობას ან შესაძლოა ვერა — მაგრამ მას არასოდეს შეეძლო ღვთის ხილვა. იყო მომენტები, როდესაც წარმოიდგენდა, როგორ ჩაუვლიდა ღმერთი, როგორ მოქმედებდა ან ადამიანს წინ მიუძღოდა, მაგრამ მან ეს არასოდეს იცოდა დანამდვილებით. ღმერთი ადამიანთან მაშინ მოდის, როდესაც იგი ამას არ ელის; ადამიანმა არ იცის, როდის ან სად მოევლინება მას ღმერთი, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღვთის ხილვა, და ამგვარად, ადამიანისთვის ღმერთი დაფარულია.

იობის რწმენას ღვთის მიმართ ვერ არყევს ის ფაქტი, რომ ღმერთი მისგან დაფარულია

წმინდა წერილის შემდეგ მონაკვეთში იობი ამბობს: „აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ. ჩრდილოეთით საქმიანობს და ვერ ვამჩნევ, სამხრეთით განზე გადგება და ვერ ვხედავ“ (იობ. 23:8–9). ამ ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ იობის გამოცდილებით ღმერთი მისგან თავიდან ბოლომდე დაფარული იყო; ღმერთი ღიად არ გამოცხადებია მას და არც ღიად უთქვამს მისთვის რაიმე სიტყვა, თუმცა გულის სიღრმეში იობი დარწმუნებული იყო ღვთის არსებობაში. მას ყოველთვის სწამდა, რომ ღმერთი შესაძლოა მის წინ დადიოდა ან მის გვერდით მოქმედებდა და მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეეძლო ღვთის ხილვა, ღმერთი მის გვერდით იყო და ხელმწიფებდა ყოველივეზე, რაც მას ეხებოდა. იობს არასოდეს ეხილა ღმერთი, მაგრამ მან შეძლო თავისი რწმენის ერთგული დარჩენილიყო, რისი გაკეთებაც ადამიანისთვის ძალიან რთულია. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ღმერთი არ დალაპარაკებია იობს და არ გამოცხადებია მას და ამ ვითარებაში, იობს რომ ჭეშმარიტი რწმენა არ ჰქონოდა, იგი ვერ შეძლებდა წინსვლას და ვერც ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზის მტკიცედ დაცვას. განა ეს სიმართლე არ არის? რას გრძნობ, როდესაც კითხულობ იობის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს? გრძნობ თუ არა იმას, რომ იობის სიალალე და სიწრფელე და მისი სამართლიანობა ღვთის წინაშე ჭეშმარიტია და ღმერთი არ აზვიადებს ამას? მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იობს ისევე ეპყრობოდა, როგორც სხვა ადამიანებს, არ გამოცხადებია ან დალაპარაკებია მას, იობი მაინც მტკიცედ ინარჩუნებდა ზნეობას, მაინც სწამდა ღვთის ხელმწიფების და უფრო მეტიც, იგი ხშირად სწირავდა სრულადდასაწველს და ლოცულობდა ღვთის წინაშე, რადგან ეშინოდა ღვთის შეურაცხყოფის. იობის უნარში, ჰქონოდა ღვთის შიში ღვთის ხილვის გარეშე, ჩანს, თუ როგორ უყვარდა მას დადებითი საგნები და მოვლენები და როგორი მტკიცე და რეალური იყო მისი რწმენა. მას არ უარუყვია ღვთის არსებობა იმის გამო, რომ ღმერთი მისგან დაფარული იყო, არც რწმენა დაუკარგავს და უარუყვია ღმერთი იმის გამო, რომ იგი არასოდეს ეხილა. ნაცვლად ამისა, ყოველივეზე ხელმწიფების ღვთის ფარული საქმის შუაგულში მან შეძლო ღვთის არსებობის სათანადოდ აღქმა და შეიგრძნო ღვთის ხელმწიფება და ძალა. მას არ უთქვამს უარი სიმართლეზე იმის გამო, რომ ღმერთი დაფარული იყო; არც ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით სვლაზე უთქვამს უარი იმის გამო, რომ ღმერთი არასოდეს გამოცხადებია მას. იობს არასოდეს უთხოვია, რომ ღმერთი ღიად გამოცხადებოდა მას თავისი არსებობის დასამტკიცებლად, რადგან მას უკვე ეხილა ღვთის ხელმწიფება ყოველივეზე და სწამდა, რომ მიღებული ჰქონდა ის კურთხევა და მადლი, რომლებიც სხვებს არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მისგან დაფარული რჩებოდა, იობის რწმენა ღვთის მიმართ არასოდეს შერყეულა. ამგვარად, მან მოიმკა ის, რაც არავის სხვას არ ჰქონდა: ღვთის მოწონება და ღვთის კურთხევა.

იობი განადიდებს ღვთის სახელს და არ ფიქრობს კურთხევასა თუ გასაჭირზე

არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც არასოდეს არის ნახსენები წმინდა წერილებში — იობის ისტორიებში, და სწორედ ეს ფაქტი იქნება დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ იობს არასოდეს ენახა ღმერთი და საკუთარი ყურით არ მოესმინა ღვთის სიტყვები, ღმერთს მაინც ეკავა ადგილი მის გულში. როგორი იყო იობის დამოკიდებულება ღვთის მიმართ? ეს იყო, როგორც უკვე აღინიშნა: „კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი.“ მის მიერ ღვთის სახელის კურთხევა იყო უპირობო, ვითარებისგან დამოუკიდებელი და არანაირ მიზეზთან არ იყო დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, რომ იობმა თავისი გული ღმერთს მიუძღვნა და ღმერთს მისცა უფლება, ემართა იგი; ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, რასაც წყვეტდა და რასაც თავის გულში გეგმავდა, ღვთის წინაშე გახსნილი იყო და არ იყო დაფარული ღვთისგან. მისი გული არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთს და მას არასოდეს უთხოვია ღვთისთვის, რომ რაიმე გაეკეთებინა მისთვის ან რაიმე ებოძებინა მისთვის, და არც გადაჭარბებული სურვილები ჰქონია, რომ ღვთის თაყვანისცემით რაიმეს მიიღებდა. იობი არ ცდილობდა ღმერთთან გარიგებას, არავითარ მოთხოვნებს არ უყენებდა ღმერთს და არაფერს ითხოვდა მისგან. მის მიერ ღვთის სახელის განდიდება განპირობებული იყო ღვთის დიდი ძალმოსილებითა და ხელმწიფებით, რომლითაც იგი მეუფებდა ყოველივეზე, და ეს არ იყო დამოკიდებული იმაზე, მიიღებდა იგი კურთხევას თუ გასაჭირს. მას სწამდა, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი ღვთისგან კურთხევას მიიღებს თუ გასაჭირს, ღვთის დიდი ძალმოსილება და ხელმწიფება არ შეიცვლება, და ამიტომ, ადამიანის გარემოებების მიუხედავად, ღვთის სახელი უნდა განდიდდეს. ის, რომ ადამიანი ღვთის კურთხევას მოიპოვებს, ღვთის მეუფების გამოა, და როდესაც ადამიანს გასაჭირი ატყდება თავს, ესეც ღვთის მეუფების გამოა. ღვთის დიდი ძალმოსილება და ხელმწიფება მეუფებს და განაგებს ადამიანის ირგვლივ ყველაფერს; ადამიანის ბედის ცვალებადობა ღვთის დიდი ძალმოსილებისა და ხელმწიფების გამოვლინებაა, და რა კუთხითაც არ უნდა შეხედო ამას, ღვთის სახელი უნდა განდიდდეს. სწორედ ეს გამოსცადა და შეიცნო იობმა თავისი სიცოცხლის წლების განმავლობაში. იობის ყველა ფიქრი და ქმედება მისწვდა ღვთის ყურს, წარდგა ღვთის წინაშე და დაფასდა ღვთის მიერ. ღმერთი აფასებდა იობის ამ ცოდნას და ძვირფას განძად მიაჩნდა იობის გული. ეს გული ყოველთვის და ყველგან ელოდა ღვთის ბრძანებას, და დროისა თუ ადგილის მიუხედავად, იგი იღებდა ყველაფერს, რაც მას თავს გადახდებოდა. იობი არავითარ მოთხოვნებს არ უყენებდა ღმერთს. რასაც იგი საკუთარი თავისგან მოითხოვდა, იყო ის, რომ დალოდებოდა, მიეღო, თვალი გაესწორებინა და დამორჩილებოდა ყველა იმ განგებულებას, რომელიც ღვთისგან მოდიოდა; იობს სწამდა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა იყო, და სწორედ ეს სურდა ღმერთს. იობს არასოდეს ენახა ღმერთი, არც მის მიერ წარმოთქმული რაიმე სიტყვა მოესმინა, არც რაიმე ბრძანება, სწავლება ან მითითება მიეღო მისგან. დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რომ მას შეეძლო, ჰქონოდა ასეთი ცოდნა და დამოკიდებულება ღვთის მიმართ მაშინ, როდესაც ღმერთს მისთვის არ მიუცია არავითარი ნათლის მოფენა, წინამძღოლობა ან უზრუნველყოფა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით — ეს იშვიათი და ძვირფასი იყო, და მის მიერ ასეთი რაღაცების გამოვლენა საკმარისი იყო ღვთისთვის, და მისი დამოწმება მოიწონა და დააფასა ღმერთმა. იობს არასოდეს ეხილა ღმერთი და არც პირადად მოესმინა მისგან რაიმე სწავლება, მაგრამ ღვთისთვის მისი გული და თავად იგი გაცილებით უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ღვთის წინაშე მხოლოდ ღრმა მოძღვრებებზე საუბარი, ტრაბახი და მსხვერპლის შეწირვაზე ლაპარაკი შეეძლოთ, მაგრამ რომელთაც არასოდეს ჰქონიათ ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა და ღვთისმოშიშება. იმიტომ, რომ იობის გული უბიწო იყო და არ იყო დაფარული ღვთისგან, მისი ადამიანობა კი — პატიოსანი და კეთილშობილი და მას უყვარდა სამართლიანობა და ყოველივე დადებითი. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი გული და ადამიანობა გააჩნია, ძალუძს ღვთის გზის მიყოლა და შესწევს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების უნარი. ასეთ ადამიანს შეუძლია იხილოს ღვთის მეუფება, იხილოს მისი ხელმწიფება და დიდი ძალმოსილება და მიაღწიოს მისი მეუფებისა და განგებულების მორჩილებას. მხოლოდ ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, ჭეშმარიტად განადიდოს ღვთის სახელი. ეს იმიტომ, რომ ის არ უყურებს იმას, აკურთხებს თუ გასაჭირს მოუვლენს მას ღმერთი, რადგან იცის, რომ ყოველივე ღვთის ხელით იმართება და რომ ადამიანის წუხილი უგუნურების, უმეცრებისა და გონიერების ნაკლებობის ნიშანია ისევე, როგორც ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ქონისა და ღვთის შიშის არქონის ნიშანი. ეს ცოდნა, რომელიც იობს ჰქონდა, ზუსტად ის იყო, რაც ღმერთს სურდა. მაშ, ჰქონდა თუ არა იობს ღვთის შესახებ თქვენზე დიდი თეორიული ცოდნა? ვინაიდან იმ დროს ღვთის საქმე და გამონათქვამები მცირე იყო, ღვთის შეცნობის მიღწევა ადვილი საქმე არ ყოფილა. იობის მხრიდან ასეთი მიღწევა იოლი საქმე არ ყოფილა. მას არ გამოეცადა ღვთის საქმე, არც არასოდეს მოესმინა ღვთის საუბარი და არც ღვთის სახე ეხილა. ის, რომ მას შეეძლო ჰქონოდა ასეთი დამოკიდებულება ღვთის მიმართ, მთლიანად მისი ადამიანობისა და პირადი სწრაფვის შედეგი იყო, ისეთი ადამიანობისა და სწრაფვისა, რომელიც დღევანდელ ადამიანებს არ გააჩნიათ. ამგვარად, იმ ეპოქაში ღმერთმა თქვა: „არავინ არის მისი მსგავსი დედამიწაზე, ალალი და წრფელი.“ იმ ეპოქაში ღმერთს უკვე გაკეთებული ჰქონდა მისი ასეთი შეფასება და მისული იყო ასეთ დასკვნამდე. რამდენად უფრო ჭეშმარიტი იქნებოდა ეს დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი დაფარულია ადამიანისგან, ყოველივეში გამოვლენილი მისი საქმეები საკმარისია ადამიანისთვის მის შესაცნობად

იობს არ ეხილა ღვთის სახე და არც ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები მოესმინა; მით უმეტეს, პირადად არ გამოეცადა ღვთის საქმე, თუმცა მისი ღვთისმოშიშება და მისი მოწმობა განსაცდელების დროს ყველასთვის თვალსაჩინოა და ისინი დაფასებული, სასურველი და მოწონებულია ღვთის მიერ, ადამიანებს კი შურთ მათი, აღფრთოვანებულნი არიან მათით და უფრო მეტიც, ხოტბას ასხამენ მათ. მის ცხოვრებაში არაფერი იყო დიადი ან არაჩვეულებრივი: ნებისმიერი რიგითი ადამიანის მსგავსად იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა; მზის ამოსვლისას სამუშაოდ გადიოდა და მზის ჩასვლისას დასასვენებლად ბრუნდებოდა სახლში. განსხვავება ისაა, რომ თავისი ცხოვრების რამდენიმე ჩვეულებრივი ათწლეულის განმავლობაში მან შეიძინა ღვთის გზის ისეთი წვდომა, რომელსაც რიგითი ადამიანები ვერასოდეს აღწევენ და პირადად გამოსცადა და სათანადოდ აღიქვა ღვთის დიდი ძალმოსილება და ხელმწიფება ისე, როგორც რიგით ადამიანებს არასოდეს განუცდიათ. იგი არ ყოფილა ნებისმიერ რიგით ადამიანზე უფრო ჭკვიანი და მისი სიცოცხლე არ ყოფილა განსაკუთრებულად მტკიცე; მით უმეტეს, მას არ გააჩნდა უხილავი განსაკუთრებული უნარები. თუმცა, ის, რაც მას ნამდვილად გააჩნდა იყო პატიოსანი, კეთილშობილი და მართალი ზნეობა, სამართლიანობის, სიმართლისა და ყოველივე დადებითის მოყვარული ზნეობა, რომელიც რიგითი ადამიანების უმეტესობას არ გააჩნია. იგი ერთმანთისგან განასხვავებდა სიყვარულსა და სიძულვილს, ჰქონდა სამართლიანობის გრძნობა, იყო შეუდრეკელი და დაჟინებული, მგრძნობიარე და ყურადღებიანი. ამგვარად, თავისი ჩვეულებრივი ცხოვრების დღეებში მან იხილა ყოველივე ის არაჩვეულებრივი, რაც ღმერთმა აღასრულა და იხილა ღვთის სიდიადე, სიწმინდე და სამართლიანობა; მან იხილა ღვთის მზრუნველობა, გულმოწყალება და მფარველობა ადამიანის მიმართ; იხილა უზენაესი ღვთის ღირსება და ხელმწიფება. პირველი მიზეზი, რის გამოც იობმა შეძლო მოეპოვებინა ეს ყოველივე, რაც ნებისმიერ რიგით ადამიანს აღემატებოდა, იყო ის, რომ მას ჰქონდა უბიწო გული, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა და შემოქმედის მიერ იმართებოდა. მეორე მიზეზი იყო მისი სწრაფვა: მისი სწრაფვა, ყოფილიყო უმწიკვლო დასრულყოფილი ადამიანი, ის, ვინც ემორჩილებოდა ზეცის ნებას, ვინც უყვარდა ღმერთს და ვინც ბოროტებას განერიდებოდა. იობი ფლობდა და მიისწრაფოდა ამ ყოვლივესკენ ისე, რომ არ ეხილა ღმერთი ან არ მოესმინა ღვთის საუბარი; მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ეხილა ღმერთი, მან შეიცნო ის გზები, რომლებითაც ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და სათანადოდ აღიქვა ის სიბრძნე, რომლითაც ღმერთი ამას აღასრულბს. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს მოესმინა ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები, იობმა იცოდა, რომ ადამიანის დაჯილდოება და მისი განძარცვა მთლიანად ღვთისგან მომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების წლები არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერი რიგითი ადამიანის წლებისგან, მან არ დაუშვა, რომ მის არაფრით გამორჩეულ ცხოვრებას გავლენა მოეხდინა მის მიერ იმის შემეცნებაზე, როგორ ხელმწიფებს ღმერთი ყოველივეზე ან ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით სვლაზე. მის თვალში, კანონები, რომლებიც ყოველივეს მოქმედებას განსაზღვრავდა, სავსე იყო ღვთის საქმეებით და ღვთის უზენაესობა ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში ჩანდა. მას არ ეხილა ღმერთი, მაგრამ შეეძლო გამოეცადა ღვთის საქმეთა ყველგანმყოფობა და თავისი ჩვეულებრივი ცხოვრების განმავლობაში ყოველ ნაბიჯზე შეეძლო ეხილა და სათანადოდ აღექვა ღვთის არაჩვეულებრივი და საოცარი საქმეები და ღვთის საოცარი განგებულება. ღვთის დაფარულობასა და დუმილს არ შეუფერხებია იობის მიერ ღვთის საქმეების სათანადოდ აღქმა და არც მის მიერ ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების შემეცნებაზე მოუხდენია გავლენა. მისი ცხოვრება იყო ყოველივეში დაფარული ღვთის ხელმწიფებისა და განგებულების პირადი გამოცდილება მისი ჩვეულებრივი ცხოვრების განმავლობაში. უფრო მეტიც, თავისი ჩვეულებრივი ცხოვრების მსვლელობისას, იგი ყურადღებით უსმენდა და იგებდა ღვთის გულისხმასა და ღვთის სიტყვებს — რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოველივესთნ მიმართებით დუმდა, გამოიხატებოდა მისი ხელმწიფებით იმ კანონებზე, რომლებიც ყოველივეს მოქმედებას განსაზღვრავენ. ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ თუ ადამიანებს აქვთ იგივე ადამიანობა და სწრაფვა, რაც იობს, მაშინ მათ ძალუძთ მოიპოვონ იგივე აღქმა და ცოდნა, რაც იობს გააჩნდა და შეიძინონ ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების იგივე გაგება და ცოდნა, რაც იობს ჰქონდა. იობს არ გამოცხადებია და არ დალაპარაკებია ღმერთი, თუმცა მან შეძლო ყოფილიყო ალალი და წრფელი და ჰქონოდა ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის გამოცხადებისა და მასთან საუბრის გარეშეც ყოველივეში გამოვლენილი ღვთის საქმეები და მისი მეუფება ყოველივეზე საკმარისია ადამიანისთვის, რათა გამოსცადოს ღვთის არსებობა, დიდი ძალმოსილება და ხელმწიფება და ღვთის დიდი ძალმოსილება და ხელმწიფება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა იაროს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით. რაკი იობის მსგავსმა რიგითმა ადამიანმა შეძლო მიეღწია ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდებისთვის, მაშინ ღვთის მიმდევარმა ყოველმა რიგითმა ადამიანმაც უნდა შეძლოს ეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები შესაძლოა ლოგიკურ დასკვნად ჟღერდეს, ეს არ ეწინააღმდეგება საგანთა და მოვლენათა კანონზომიერებებს. თუმცა ფაქტები არ დაემთხვა მოლოდინებს: როგორც ჩანს, ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება მხოლოდ და მხოლოდ იობის პრეროგატივაა. „ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების“ ხსენებაზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ იობმა უნდა გააკეთოს, თითქოს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას იობის სახელი ეწოდა და სხვა ადამიანებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის მიზეზი ნათელია: რადგან მხოლოდ იობი ფლობდა პატიოსან, კეთილშობილ და მართალ ზნეობას, სამართლიანობის, სიმართლისა და ყოველივე დადებითის მოყვარულ ზნეობას, ამიტომ მხოლოდ იობს შეეძლო შესდგომოდა ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას. თქვენ ყველას აუცილებლად გაგებული გექნებათ აქ ნაგულისხმევი აზრი — რადგან არავინ ფლობს ისეთ ადამიანობას, რომელიც არის პატიოსანი, კეთილშობილი და მართალი და რომელსაც უყვარს სამართლიანობა, სიმართლე და ყოველივე დადებითი, არავის გააჩნია ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება და ამგვარად, ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ ღვთის სიხარულს და ვერ დადგებიან მტკიცედ განსაცდელების შუაგულში. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ იობის გამოკლებით, ყველა ადამიანი კვლავ სატანის მიერ არის შებოჭილი და მახეში გაბმული; ყველა მათგანი მის მიერ არის დადანაშაულებული, თავდასხმული და შეურაცხყოფილი. ისინი არიან ისინი, ვის შთანთქმასაც სატანა ცდილობს; ყველა მათგანს შეზღუდული აქვს თავისუფლება; ისინი არიან პატიმრები, რომლებიც სატანამ ტყვედ ჩაიგდო.

თუ ადამიანის გული ღვთისადმი მტრულადაა განწყობილი, როგორ შეუძლია ადამიანს ჰქონდეს ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება?

რაკი დღევანდელი ადამიანები არ ფლობენ ისეთივე ადამიანობას, როგორსაც იობი, როგორია მათი ბუნება-არსება და მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ? არიან ისინი ადამიანები, რომელთაც აქვთ ღვთისმოშიშება? არიან ისინი ადამიანები, რომლებიც განერიდებიან ბოროტებას? ისინი, ვისაც არ აქვთ ღვთისმოშიშება და არ განერიდებიან ბოროტებას, შეიძლება მხოლოდ ორი სიტყვით შევაფასოთ: „ღვთის მტრები“. თქვენ ხშირად ამბობთ ამ ორ სიტყვას, მაგრამ არასოდეს გცოდნიათ მათი რეალური მნიშვნელობა. სიტყვებს „ღვთის მტრები“ აქვთ არსებითი მხარე: ისინი ამბობენ არა იმას, რომ ღმერთი მიიჩნევს ადამიანს მტრად, არამედ იმას, რომ ადამიანი მიიჩნევს ღმერთს მტრად. პირველ რიგში, როდესაც ადამიანები ღვთის რწმენას შეუდგებიან, რომელ მათგანს არ აქვს საკუთარი მიზნები, მოტივაციები და ამბიციები? მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ ნაწილს სწამს ღვთის არსებობა და უხილავს კიდეც იგი, ღვთის მიმართ მათ რწმენასთან მიმართებაში მაინც არსებობს ეს მოტივაციები, რომლის საბოლოო მიზანია, მიიღონ კურთხევა და ის ყოველივე, რომლებიც მისგან სურთ. ადამიანები თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებისას ხშირად ფიქრობენ გულის სიღრმეში: „მე მივატოვე ჩემი ოჯახი და კარიერა ღვთისთვის, და რა მომცა მან? უნდა დავთვალო და დავადასტურო — მივიღე თუ არა რაიმე კურთხევა ბოლო დროს? ამ ხნის განმავლობაში ბევრი გავიღე, აქეთ-იქით ვირბინე და ბევრი ვიტანჯე — მომცა თუ არა ღმერთმა რაიმე დაპირება ამ დროის განმავლობაში ჩემი შრომის სანაცვლოდ? დაიმახსოვრა თუ არა მან ჩემი კეთილი საქმეები? როგორი იქნება ჩემი შედეგი? შევძლებ თუ არა კურთხევის მიღებას?...“ გულის სიღრმეში თითოეული ადამიანი ხშირად და განუწყვეტლივ აკეთებს ასეთ გამოთვლებს, გულში მალავს მოტივაციებს, ამბიციებსა და ვაჭრულ მენტალიტეტს, როდესაც ღვთისგან რაღაცებს ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის გულში ადამიანი მუდმივად ცდის ღმერთს, მუდმივად აწყობს გეგმებს ღვთის შესახებ, მუდმივად „ედავება“ ღმერთს საკუთარი შედეგის გამო და ცდილობს გამოსძალოს ღმერთს პასუხი და ნახოს, მისცემს თუ არა ღმერთი მას იმას, რაც სურს. ღვთის ძიებისას ადამიანი ღმერთს არ ეპყრობა ისე, როგორც ღმერთს. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა ღმერთთან გარიგებას, განუწყვეტლივ ითხოვდა მისგან რაღაცებს და ყოველ ნაბიჯზე აიძულებდა კიდეც მას, ცდილობდა რა მიეღო გაცილებით მეტი, ვიდრე ებოძა. ღმერთთან გარიგების მცდელობის იმავდროულად, ადამიანი ასევე ეკამათება მას; არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც, როდესაც განსაცდელები ატყდებათ თავს ან გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, ხშირად ხდებიან სუსტნი, ნეგატიურნი და ზარმაცნი თავიანთ საქმეში და ღვთის მიმართ საყვედურებით ივსებიან. იმ დროიდან მოყოლებული, რაც ადამიანი ღვთის რწმენას შეუდგა, იგი ღმერთს მიიჩნევდა სიუხვის რქად, უნივერსალურ იარაღად და საკუთარ თავს ღვთის უდიდეს მოვალედ თვლიდა, თითქოს ღვთისგან კურთხევისა და დაპირებების მოთხოვნა მისი თანდაყოლილი უფლება და ვალდებულება იყო, ხოლო ადამიანის მფარველობა, მასზე ზრუნვა და მისი უზრუნველყოფა — ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ღმერთს უნდა შეესრულებინა. ძირითადად ასე აღიქვამს სიტყვებს — „ღვთის რწმენა“ ყველა ის ადამიანი, ვისაც სწამს ღმერთი; ასეთია მათ მიერ ღვთის რწმენის კონცეფციის ყველაზე ღრმა გაგება. ადამიანის ბუნება-არსებიდან დაწყებული მისი სუბიექტური სწრაფვით დამთავრებული, არაფერია ისეთი, რაც ღვთისმოშიშებას უკავშირდება. ღვთისადმი ადამიანის რწმენის მიზანს არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ღვთის თაყვანისცემასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არასოდეს ჰქონია განზრახული ღვთისმოშიშება და ღვთის თაყვანისცემა რწმენასთან მიმართებაში და არასოდეს ესმოდა, რომ ასეთი რამ მოითხოვება ღვთის რწმენისას. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანის არსი ნათელია. რა არის ეს არსი? ის, რომ ადამიანის გული არის ბოროტგანზრახული, ვერაგი და მზაკვარი, არ უყვარს სამართლიანობა, სიმართლე და ყოველივე დადებითი და არის საზიზღარი და ხარბი. ადამიანის გული ვერ იქნება უფრო მეტად დახურული ღვთისთვის, ვიდრე არის; იგი მას საერთოდ არ უძრვნის ღმერთს. ღმერთს არასოდეს უხილავს ადამიანის ჭეშმარიტი გული და არც არასოდეს მიუღია თაყვანისცემა ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა მსხვერპლს იღებს ღმერთი ან რამდენ საქმეს აღასრულებს, ან რამდენად უზრუნველყოფს ადამიანს, ადამიანი ბრმა და გულგრილი რჩება ამ ყველაფრის მიმართ. ადამიანს არასოდეს მიუძღვნია თავისი გული ღვთისთვის, მას მხოლოდ საკუთარ გულზე ზრუნვა, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება სურს — რისი ქვეტექსტიც ისაა, რომ ადამიანს არ სურს იაროს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით ან დაემორჩილოს ღვთის მეუფებასა და განგებულებას და არც ღვთის თაყვანისცემა სურს ისე, როგორც ღვთისა. ასეთია ადამიანის მდგომარეობა დღეს. ახლა მოდით, კვლავ შევხედოთ იობს. პირველ რიგში, დადო თუ არა მან გარიგება ღმერთთან? ჰქონდა თუ არა მას რაიმე ფარული მოტივი ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზის მტკიცედ დაცვისას? იმ დროს ესაუბრა თუ არა ღმერთი ვინმეს შედეგების საკითხზე? იმ დროს ღმერთს არავისთვის მიუცია დაპირებები მისი შედეგის შესახებ და სწორედ ამ ფონზე შეძლო იობმა ჰქონოდა ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება. უძლებენ თუ არა დღევანდელი ადამიანები იობთან შედარებას? აქ მეტისმეტად დიდი სხვაობაა; ისინი სრულიად სხვადასხვა დონეზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ იობს არ ჰქონდა ღვთის დიდი ცოდნა, მან თავისი გული ღმერთს მიუძღვნა და იგი ღმერთს ეკუთვნოდა. მას არასოდეს უცდია ღმერთთან გარიგების დადება და არც რაიმე განსაკუთრებული სურდა ღვთისგან ან ითხოვდა რაიმეს მისგან; ნაცვლად ამისა, მას სწამდა, რომ „იეჰოვამ მისცა და იეჰოვამ წაიღო“. ეს იყო ის ნაყოფი, რომელიც მან იხილა და მოიპოვა თავისი ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზის მტკიცედ დაცვით. მან ასევე მოიპოვა ეს ნაყოფიც: „ნუთუ მხოლოდ სიკეთე უნდა მივიღოთ ღვთის ხელიდან და გასაჭირი არ უნდა მივიღოთ?“ ეს ორი წინადადება იყო ის, რაც მან იხილა და შეიცნო თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებისას ღვთისადმი მორჩილების დამოკიდებულების შედეგად; ისინი ასევე იყო მისი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც მან გაიმარჯვა სატანის ცდუნებების დროს და ისინი იყო ღვთისთვის მოწმობაში მისი მტკიცედ დგომის საფუძველი. ამ ეტაპზე, წარმოგიდგენიათ თუ არა იობი, როგორც საყვარელი ადამიანი? გსურთ თუ არა, იყოთ ასეთი ადამიანი? გეშინიათ თუ არა სატანის ცდუნებების გამოცდის? გყოფნით კი სიმტკიცე, რათა ილოცოთ და სთხოვოთ ღმერთს, რომ იობის მსგავსი განსაცდელების წინაშე დაგაყენოთ? ეჭვგარეშეა, ადამიანთა უმეტესობა ვერ გაბედავდა ასეთ რამეებზე ლოცვას. ნათელია, რომ თქვენი რწმენა შესაბრალისად მცირეა; იობთან შედარებით თქვენი რწმენა უბრალოდ ხსენებადაც არ ღირს. თქვენ ხართ ღვთის მტრები, თქვენ არ გაქვთ ღვთის შიში, თქვენ არ ძალგიძთ მტკიცედ იდგეთ ღვთისთვის თქვენს მოწმობაში და არ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ სატანის თავდასხმებზე, ბრალდებებსა და ცდუნებებზე. რა გაქცევთ ღვთის დაპირებების მიღების ღირსად? მას შემდეგ, რაც მოისმინეთ იობის ისტორია და გაიგეთ ღვთის განზრახვა ადამიანის გადარჩენის შესახებ და ადამიანის ხსნის მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა ახლა ისეთი რწმენა, რომ გაიაროთ იგივე განსაცდელები, რაც იობმა? განა არ უნდა გქონდეთ მცირედი სიმტკიცე მაინც, რათა საკუთარ თავს მისცეთ ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზით სვლის უფლება?

ნუ გექნებათ ეჭვები ღვთის განსაცდელების შესახებ

მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაასრულა იობის გამოცდა და მიიღო მისგან მოწმობა, მან გადაწყვიტა, რომ მოიპოვებდა იობის მსგავს ადამიანთა ჯგუფს — ან ერთ ჯგუფზე მეტს, თუმცა მან ასევე გადაწყვიტა, აღარასოდეს მიეცა სატანისთვის უფლება, თავს დასხმოდა ან მძიმე ზიანი მიეყენებინა ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის ისე, როგორც ეს იობს გაუკეთა — ანუ ღმერთთან სანაძლეოს დადებით, და შემდეგ იობის ცდუნებით, მასზე თავდასხმითა და მისთვის მძიმე ზიანის მიყენებით; ღმერთმა აღარ დართო ნება სატანას, ოდესმე კვლავ გაეკეთებინა მსგავსი რამ ადამიანისთვის, რომელიც სუსტი, უგუნური და უმეცარია — საკმარისი იყო, რომ სატანამ ერთხელ აცდუნა იობი! ღმერთი არ რთავს ნებას სატანას, საკუთარი ნება-სურვილით მიაყენოს მძიმე ზიანი ადამიანს და ეს ღვთის წყალობაა. ღვთისთვის საკმარისი იყო, რომ იობმა გაუძლო სატანის ცდუნებას და გადაიტანა მძიმე ზიანი. ღმერთმა აღარ დართო ნება სატანას, ოდესმე კვლავ გაეკეთებინა მსგავსი რამ, რადგან ღმერთი ხელმწიფებს, წარმართავს და განაგებს ღვთის მიმდევარი ადამიანების ცხოვრებასა და ყოველივეს; სატანას კი არ აქვს უფლება, საკუთარი ნება-სურვილით მოახდინოს მანიპულირება ღვთის რჩეულ ხალხზე — თქვენთვის ნათელი უნდა იყოს ეს საკითხი! ღმერთი ზრუნავს ადამიანის სისუსტეზე და ესმის მისი სისულელე და უმეცრება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სრულად გადასარჩენად ღმერთმა ის უნდა გადასცეს სატანას, მას არ სურს იხილოს, თუ როგორ იგდებს სატანა ადამიანს მასხარად და აყენებს მძიმე ზიანს; მას არ სურს იხილოს ადამიანი მუდმივ ტანჯვაში. ადამიანი ღვთის მიერ შეიქმნა, და ის, რომ ღმერთი ხელმწიფებს და განაგებს ადამიანთან დაკავშირებულ ყოველივეს, სრულიად ბუნებრივი და გამართლებულია; ეს ღვთის პასუხისმგებლობაა; ეს არის ის ხელმწიფება, რომლითაც ღმერთი მეუფებს ყოველივეზე! ღმერთი არ რთავს ნებას სატანას, საკუთარი ნება-სურვილით მიაყენოს მძიმე ზიანი და სასტიკად მოეპყროს ადამიანს, გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება ადამიანის საცდუნებლად და მით უმეტეს, არ რთავს ნებას სატანას, ჩაერიოს ადამიანზე ღვთის მეუფებაში ან დაუშვას, რომ სატანამ გათელოს და გაანადგუროს ის კანონზომიერებანი, რომლებითაც ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცობრიობის მართვისა და ხსნის ღვთის დიად საქმეზე! ისინი, ვისი გადარჩენაც ღმერთს სურს და ვისაც ძალუძს ღვთისთვის მოწმობის გაცემა, წარმოადგენენ ღვთის ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის საქმის ბირთვსა და ნაყოფს ისევე, როგორც უდიდესი ძალისხმევის ნაყოფს[ა], რომელიც ღმერთმა გაიღო თავისი ექვსიათასწლოვამ საქმეში. როგორ შეეძლო ღმერთს, ასე დაუფიქრებლად გადაეცა ეს ადამიანები სატანისთვის?

ადამიანი ხშირად წუხს და ეშინია ღვთის განსაცდელების, თუმცა იგი მუდმივად სატანის მახეში სახიფათო გარემოში ცხოვრობს, სადაც სატანა თავს ესხმის და მძიმე ზიანს აყენებს მას — მაგრამ მან არ იცის შიში და არ შფოთავს. რა ხდება? ადამიანის რწმენა ღვთის მიმართ მხოლოდ იმ საგნებით შემოიფარგლება, რომელთა დანახვაც მას ძალუძს. ის საერთოდ ვერ აღიქვამს ღვთის სიყვარულსა და მზრუნველობას კაცობრიობის მიმართ ან მისი სინაზესა და ყურადღებას კაცობრიობისადმი. გარდა მცირედი შიშისა და ძრწოლისა ღვთის განსაცდელების, სამსჯავროს, გაკიცხვის, დიდებულებისა და რისხვის მიმართ, ადამიანს უმცირესი წარმოდგენაც კი არ აქვს ღვთის გულმოდგინე ზრახვებზე. განსაცდელების ხსენებაზე ადამიანები გრძნობენ, თითქოს ღმერთს ფარული მოტივები აქვს, და ზოგიერთს ისიც კი სწამს, რომ ღმერთს ბოროტი ზრახვები ამოძრავებს და არ იციან, სინამდვილეში რას მოიმოქმედებს ღმერთი მათ მიმართ; ამგვარად, ღვთის მეუფებისა და განგებულებისადმი მორჩილების ღაღადისას ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ და დაუპირისპირდნენ ადამიანზე ღვთის მეუფებასა და ადამიანისთვის მის განგებულებას, რადგან სწამთ, რომ თუ ფრთხილად არ იქნებიან, ღმერთი მათ შეცდომაში შეიყვანს, რომ თუ საკუთარ ბედს თავად არ გააკონტროლებენ, მაშინ ღმერთმა შეიძლება წაართვას მათ ყოველივე, რაც გააჩნიათ, და მათ სიცოცხლესაც კი შეიძლება გარდაუვალი საფრთხე დაემუქროს. ადამიანი სატანის ბანაკშია, მაგრამ არასდროს წუხს იმაზე, რომ სატანა მძიმე ზიანს მიაყენებს; სატანა მძიმე ზიანს აყენებს მას, მაგრამ მას არასოდეს ეშინია სატანის მიერ ტყვედ ჩაგდების. იგი განუწყვეტლივ ამბობს, რომ იღებს ღვთის ხსნას, თუმცა არასოდეს მინდობია ღმერთს და არასოდეს სწამდა, რომ ღმერთს აქვს ჭეშმარიტი გული და ნამდვილი განზრახვა, იხსნას ადამიანი სატანის კლანჭებისგან. თუკი, იობის მსგავსად, ადამიანს შეუძლია დაემორჩილოს ღვთის წარმართვასა და განგებულებას, და შეუძლია თავისი მთელი არსება ღვთის ხელთ გადასცეს, მაშინ განა ადამიანის შედეგი არ იქნება იგივე, რაც იობისა — ღვთის კურთხევების მიღება? თუ ადამიანს შეუძლია მიიღოს ღვთის მეუფება და დაემორჩილოს მას, რას დაკარგავს იგი? ამგვარად, გირჩევთ, რომ ფრთხილად იყოთ თქვენს ქმედებებში და სიფრთხილით მოეკიდოთ ყველაფერს, რაც თავს გადაგხდებათ. ნუ აჩქარდები ან იმპულსური ნუ იქნები, ნუ მოეპყრობი ღმერთსა და იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც მან შენთვის განაგო იმპულსურობასა თუ ბუნებრიობაზე დაყრდნობით ან შენი ფანტაზიებისა და წარმოდგენების შესაბამისად; ფრთხილად იყავი შენს ქმედებებთან მიმართებაში; მეტი ილოცე და ეძიე, რათა თავიდან აიცილო ღვთის განრისხება და მისი ბრაზის გამოწვევა. დაიმახსოვრე ეს!

შემდეგ ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორი იყო იობი ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელების შემდეგ.

5. იობი ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელების შემდეგ

იობ. 42:7–9 და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფაზ თემანელს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე. ახლა კი წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ჭედილა, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ, რომ ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ და წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალმა უბრძანა მათ. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა.

იობ. 42:10 და აღუდგინა უფალმა იობს უწინდელი წარმატება, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრისათვის. ორმაგად მიუმატა უფალმა ყოველივე, რაც ებადა იობს.

იობ. 42:12 და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

იობ. 42:17 და მოკვდა იობი დღეებით სავსე.

ისინი, ვისაც ეშინიათ ღვთისა და განერიდებიან ბოროტებას, ღვთის თვალში ძვირფასნი არიან, ხოლო უგუნურნი და ამპარტავანნი ღვთის მიერ მდაბლად მიიჩნევიან

იობის წიგნში 42:7-9-ში ღმერთი ამბობს, რომ იობი მისი მსახურია. იობის მიმართ სიტყვა „მსახურის“ გამოყენება აჩვენებს იობის მნიშვნელობას მის გულში; მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს იობისთვის უფრო საპატიო სახელი არ უწოდებია, ამ წოდებას არავითარი გავლენა არ მოუხდენია იობის მნიშვნელობაზე ღვთის გულში. აქ „მსახური“ ღვთის მიერ იობისთვის შერქმეული სახელია. ღვთის მიერ ფრაზის „ჩემი მსახური იობი“ მრავალგზის ხსენება აჩვენებს, თუ რამდენად კმაყოფილი იყო იგი იობით. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს არ უსაუბრია სიტყვა „მსახურის“ მიღმა არსებულ მნიშვნელობაზე, ღვთის მიერ სიტყვა „მსახურის“ განმარტება ნათლად ჩანს წმინდა წერილის ამ მონაკვეთში არსებული მისი სიტყვებიდან. ღმერთმა ჯერ ელიფაზ თემანელს უთხრა: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ ეს სიტყვები არის პირველი შემთხვევა ღვთის მიერ იობის განსაცდელების შემდეგ, როდესაც ღმერთმა ღიად განუცხადა ადამიანებს, რომ მიიღო ყველაფერი, რაც იობმა თქვა და გააკეთა; ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან ღიად დაადასტურა იობის ყოველი ქმედებისა და სიტყვის სისწორე და მართებულობა. ღმერთი განრისხდა ელიფაზსა და სხვებზე მათი არასწორი, აბსურდული საუბრის გამო, რადგან იობის მსგავსად მათაც არ შეეძლოთ სიცოცხლეში ღვთის გამოჩინების ხილვა ან მის მიერ წარმოთქმული სიტყვების მოსმენა, თუმცა იობს ღვთის ასეთი ზუსტი ცოდნა ჰქონდა მაშინ, როცა ისინი ბრმად გამოთქვამდნენ ვარაუდებს ღმერთზე და ყველაფერთან მიმართებაში, რასაც აკეთებდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის განზრახვებს, რამაც ღმერთი მათ მიმართ ზიზღით განაწყო. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ღმერთმა მოიწონა ყველაფერი, რაც იობმა თქვა და გააკეთა, ის სხვებზე განრისხდა, რადგან მათში არა მხოლოდ ღვთისმოშიშების რეალური გამოვლინება ვერ დაინახა, არამედ მათ ნათქვამშიც ვერ მოისმინა ვერაფერი ღვთისმოშიშების შესახებ. ამიტომ შემდეგ ღმერთმა მათ ასეთი მოთხოვნები წაუყენა: „ახლა კი წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ჭედილა, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ“. ამ მონაკვეთში ღმერთი ელიფაზსა და სხვებს მოუწოდებს, გააკეთონ ისეთი რამ, რაც გამოისყიდის მათ ცოდვებს, რადგან მათმა უგუნურებამ და ამპარტავნებამ შეურაცხყო იეჰოვა ღმერთი და შესაბამისად, მათ სრულადდასაწველი უნდა შეეწირათ თავიანთი შეცდომების გამოსასწორებლად. სრულადდასაწველს ხშირად სწირავენ ღმერთს, მაგრამ ეს სრულადდასაწველი იობისთვის უნდა შეეწირათ, რაც უჩვეულო იყო. იობი ღვთის მიერ მიღებულ იქნა, რადგან მან თავისი განსაცდელების დროს მოწმობა გასცა ღვთისთვის. ამასობაში იობის ეს მეგობრები მისი განსაცდელების დროს გამოაშკარავდნენ; თავიანთი უგუნურებისა და ამპარტავნების გამო ისინი დაგმობილ იქნენ ღვთის მიერ, მათ გამოიწვიეს ღვთის რისხვა და ღვთის მიერ უნდა დასჯილიყვნენ — დასჯილიყვნენ იობის წინაშე სრულადდასაწველის შეწირვით — რის შემდეგაც იობმა ილოცა მათთვის, რათა მათთვის აერიდებინა ღვთის სასჯელი და რისხვა. ღვთის განზრახვა მათი შერცხვენა იყო, რადგან ისინი არ იყვნენ ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განმდგარი ადამიანები და მათ დაგმეს იობის ზნეობა. ერთი მხრივ, ღმერთი მათ ეუბნებოდა, რომ არ იწყნარებდა მათ ქმედებებს, მაგრამ იობს დიდწილად იწონებდა და მისით ხარობდა; მეორე მხრივ, ღმერთი მათ ეუბნებოდა, რომ ღვთისგან შეწყნარება ადამიანს ღვთის წინაშე ამაღლებს, რომ ადამიანი ღვთისთვის საძულველია თავისი უგუნურებისა და ამპარტავნების გამო და რომ ამის გამო იგი შეურაცხყოფს ღმერთს და მდაბალია ღვთის თვალში. ეს არის ღვთის მიერ მოცემული ორი ტიპის ადამიანის განმარტება, ეს არის ღვთის დამოკიდებულება ამ ორი ტიპის ადამიანის მიმართ და ეს არის ღვთის მიერ ამ ორი ტიპის ადამიანის ღირებულებისა და მდგომარეობის გამოხატულება. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა იობს თავისი მსახური უწოდა, ღვთის თვალში ეს მსახური საყვარელი იყო და მინიჭებული ჰქონდა სხვებისთვის ლოცვისა და მათი შეცდომების მიტევების ხელმწიფება. ამ მსახურს შეეძლო უშუალოდ ღმერთთან საუბარი და უშუალოდ ღვთის წინაშე წარდგომა და მისი სტატუსი სხვებზე მაღალი და საპატიო იყო. ეს არის ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვა „მსახურის“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იობს ეს განსაკუთრებული პატივი მიენიჭა მისი ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გამო, ხოლო მიზეზი, რის გამოც სხვებს ღმერთმა მსახურები არ უწოდა, ის არის, რომ ისინი არ იყვნენ ღვთისმოშიშნი და ბოროტებისგან განმდგარნი. ღვთის ეს ორი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება არის მისი დამოკიდებულება ორი ტიპის ადამიანის მიმართ: ისინი, ვინც ღვთისმოშიშნი არიან და განერიდებიან ბოროტებას, შეწყნარებულნი არიან ღვთის მიერ და ძვირფასნი არიან მის თვალში; ხოლო უგუნურნი და ამპარტავანნი არ არიან ღვთის მოშიშნი, არ ძალუძთ ბოროტებისგან განრიდება და ვერ პოვებენ ღვთის სიხარულს; ისინი ხშირად საძულველნი და დაგმობილნი არიან ღვთის მიერ და მდაბალნი არიან ღვთის თვალში.

ღმერთი იობს ხელმწიფებას ანიჭებს

იობმა ილოცა თავისი მეგობრებისთვის და ამის შემდეგ იობის ლოცვის წყალობით ღმერთი არ მოექცა მათ მათი უგუნურებისა და ამპარტავნების შესაბამისად — მან არ დასაჯა ისინი და შური არ იძია მათზე. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ღვთის მსახურის, იობის მიერ მათთვის აღვლენილმა ლოცვამ მის ყურამდე მიაღწია; ღმერთმა აპატია მათ, რადგან მან მიიღო იობის ლოცვები. მაშ, რას ვხედავთ ამაში? როდესაც ღმერთი აკურთხებს ვინმეს, იგი მას მრავალ ჯილდოს აძლევს და არა მხოლოდ მატერიალურს: ღმერთი ასევე ანიჭებს მას ხელმწიფებას, აძლევს უფლებას, ილოცოს სხვებისთვის; ღმერთი არ იხსენებს, არამედ უგულებელყოფს ამ ადამიანთა გადაცდომებს, რადგან ისმენს ამ ლოცვებს. სწორედ ეს არის ის ხელმწიფება, რომელიც ღმერთმა იობს მიანიჭა. იმით, რომ იობის ლოცვის წყალობით შეჩერდა მათი დაგმობა, იეჰოვა ღმერთმა შეარცხვინა ეს უგუნური და ამპარტავანი ადამიანები, რაც, რა თქმა უნდა, მისი განსაკუთრებული სასჯელი იყო ელიფაზისა და სხვებისათვის.

ღმერთი კვლავ აკურთხებს იობს და სატანა აღარასოდეს სდებს მას ბრალს

იეჰოვა ღვთის გამონათქვამებს შორისაა სიტყვები: „ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ რა იყო ის, რაც იობმა თქვა? ეს იყო ის, რაზეც ადრე ვისაუბრეთ და ასევეიობის წიგნის მრავალი გვერდი, რომლებიც იობის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ეთმობა. მთელ ამ მრავალგვერდიან სიტყვებში იობს არცერთხელ არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ან ეჭვი ღვთის მიმართ. ის უბრალოდ შედეგს ელოდება. სწორედ ეს მოლოდინია მისი მორჩილების გამოხატულება და მისი ამ დამოკიდებულებისა და ღვთისადმი ნათქვამი სიტყვების წყალობით იობი შეწყნარებულ იქნა ღმერთის მიერ. როდესაც იგი განსაცდელებს ითმენდა და ტკივილს განიცდიდა, ღმერთი მის გვერდით იყო და თუმცა ღვთის თანაყოფნას მისი ტკივილი ოდნავადაც არ შეუმსუბუქებია, ღმერთმა დაინახა ის, რისი ხილვაც სურდა და მოისმინა ის, რისი მოსმენაც სურდა. იობის თითოეულმა ქმედებამ და სიტყვამ ღვთის თვალამდე და ყურამდე მიაღწია; ღმერთმა მოისმინა და მან დაინახა — ეს ფაქტია. იმ დროს, იმ ეპოქაში, იობის მიერ ღვთის შემეცნება და ფიქრები ღმერთზე მის გულში არ ყოფილა ისეთი კონკრეტული, როგორიც დღევანდელ ადამიანებს აქვთ, მაგრამ იმდროინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ღმერთმა მაინც მოიწონა ყოველივე, რაც მან თქვა, რადგან მისი ქცევა, გულის ზრახვები ისევე, როგორც ყოველივე, რაც მან გამოავლინა და აჩვენა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ღვთის მოთხოვნებისთვის. იმ დროს, როდესაც იობი განსაცდელებს გადიოდა, იმან, რასაც იგი გულში ფიქრობდა და რისი გაკეთებაც გადაწყვიტა, ღმერთს აჩვენა შედეგი, რომელიც დამაკმაყოფილებელი იყო ღვთისთვის; ამის შემდეგ ღმერთმა ჩამოაშორა იობს განსაცდელები; იობმა თავი დააღწია გასაჭირს, მისი განსაცდელები დასრულდა და აღარასოდეს დასტეხია თავს. რადგან იობს უკვე გავლილი ჰქონდა განსაცდელები, მტკიცედ იდგა ამ განსაცდელების დროს და სრულად დაამარცხა სატანა ღმერთმა სამართლიანად მისცა მას კურთხევა. როგორც იობის წიგნშია (42:10, 12) აღნიშნული, იობი კიდევ ერთხელ იკურთხა და იმაზე მეტი კურთხევა მიიღო, ვიდრე თავდაპირველად. ამ დროს სატანამ უკან დაიხია და აღარაფერი უთქვამს ან გაუკეთებია; მას შემდეგ სატანას აღარც შეუწუხებია და აღარც თავს დასხმია იობს სატანას აღარც იობისთვის მიცემული ღვთის კურთხევების მიმართ წაუყენებია ბრალდებები.

იობი თავისი ცხოვრების მეორე ნახევარს ღვთის კურთხევაში ატარებს

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ღვთის იკურთხევები მხოლოდ ცხვრებით, პირუტყვით, აქლემებით, ქონებითა და მსგავსი რამეებით შემოიფარგლებოდა, ის კურთხევა, რომლის მიცემაც ღმერთს იობისთვის გულის სიღრმეში სურდა, ამაზე გაცილებით მეტი იყო. იყო თუ არა იმ დროს ჩაწერილი, თუ როგორი მარადიული დაპირებების მიცემა სურდა ღმერთს იობისთვის? იობის კურთხევისას ღმერთს არ უხსენებია და არ შეხებია მის შედეგს და მიუხედავად იმისა, თუ რა მნიშვნელობა ან ადგილი ეკავა იობს ღვთის გულში, საბოლოო ჯამში, ღმერთი ძალიან ზომიერი იყო კურთხევასთან მიმართებაში. ღმერთს არ გამოუცხადებია იობის შედეგი. რას ნიშნავს ეს? იმ დროს, როდესაც ღვთის გეგმას ჯერ კიდევ არ მიეღწია ადამიანის შედეგის გამოცხადების ეტაპისთვის და გეგმა ჯერ კიდევ არ იყო შესული მისი საქმის დასკვნით ეტაპზე, ღმერთს არ უხსენებია შედეგი; მან მხოლოდ მატერიალური კურთხევა მიანიჭა ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ იობის ცხოვრების მეორე ნახევარმა ღვთის კურთხევით ჩაიარა, რაც მას სხვა ადამიანებისგან განასხვავებდა — მაგრამ მათ მსგავსად ისიც დაბერდა და როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის შემთხვევაში დადგა დღე, როდესაც იგი დაემშვიდობა წუთისოფელს. ამიტომ არის ჩანაწერი წმინდა წერილში: „და მოკვდა იობი დღეებით სავსე“ (იობ. 42:17). რას ნიშნავს აქ „მოკვდა დღეებით სავსე“? იმ ეპოქაში სანამ ღმერთი ადამიანთა შედეგებს გამოაცხადებდა, ღმერთმა იობს სიცოცხლის ხანგრძლივობა დაუდგინა და როდესაც ამ ასაკს მიაღწია, მან იობს ამ წუთისოფლიდან ბუნებრივად წასვლის საშუალება მისცა. იობის მეორე კურთხევიდან მის სიკვდილამდე ღმერთს მისთვის მეტი ტანჯვა აღარ დაუმატებია. ღვთისთვის იობის სიკვდილი ბუნებრივი და ასევე აუცილებელი იყო; ეს იყო რაღაც ძალიან ნორმალური და არა სასჯელი ან დაგმობა. სიცოცხლეში იობი თაყვანს სცემდა ღმერთს და ეშინოდა ღვთისა; რაც შეეხება იმას, თუ როგორი შედეგი ექნებოდა მას სიკვდილის შემდეგ, ღმერთს არაფერი უთქვამს და არც არავითარი კომენტარი გაუკეთებია ამის შესახებ. ღმერთს აქვს ზომიერების ძლიერი გრძნობა იმასთან მიართებაში, რასაც ამბობს და აკეთებს, ხოლო მისი სიტყვებისა და მისი სიტყვებისა და ქმედებების შინაარსი და პრინციპები შეესაბამება მისი საქმის ეტაპს და იმ პერიოდს, რომელშიც იგი მოქმედებს. როგორი შედეგი ჰქონდა იობს ღვთის გულში? ჰქონდა თუ არა ღმერთს მიღებული რაიმე სახის გადაწყვეტილება თავის გულში? რა თქმა უნდა, ჰქონდა! უბრალოდ, ეს ადამიანისთვის უცნობი იყო; ღმერთს არ სურდა ადამიანისთვის ამის თქმა და არც აპირებდა. ამგვარად, ზედაპირულად რომ ვთქვათ, იობი მოკვდა დღეებით სავსე და ასეთი იყო იობის ცხოვრება.

ის ღირებულება, რომელიც იობმა ცხოვრებაში გამოავლინა

იცხოვრა თუ არა იობმა ღირებული ცხოვრებით? რაში მდგომარეობდა ეს ღირებულება? რატომ არის ნათქვამი, რომ მან ღირებული ცხოვრებით იცხოვრა? ადამიანისთვის, რა იყო მისი ღირებულება? ადამიანის გადმოსახედიდან იგი წარმოადგენდა იმ კაცობრიობას, რომლის გადარჩენაც ღმერთს სურს და მან მედგარი დამოწმება გასცა ღვთისთვის სატანისა და წუთისოფლის ხალხის წინაშე. მან შეასრულა ის მოვალეობა, რომელიც ქმნილებამ უნდა შეასრულოს და იქცა მაგალითად და ეტალონად ყველასთვის, ვისი გადარჩენაც ღმერთს სურს, რითაც კაცობრიობას დაანახა, რომ ღმერთზე მინდობით სატანის დამარცხება სრულიად შესაძლებელია. რა იყო მისი ღირებულება ღვთისთვის? ღვთისთვის იობის ცხოვრების ღირებულება მდგომარეობდა მის უნარში, რომ ეშინოდა ღვთისა, თაყვანს სცემდა ღმერთს, მოწმობას გასცემდა ღვთის საქმეებისთვის და განადიდებდა მათ, რითაც ღმერთს ნუგეში და სიხარული მოუტანა; ღვთისთვის იობის ცხოვრების ღირებულება ასევე იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ გაიარა იობმა განსაცდელები თავის სიცოცხლეში, დაამარცხა სატანა და მედგარი დამოწმება გასცა ღვთისთვის სატანისა და წუთისოფლის ხალხის წინაშე, რითაც ღმერთს კაცობრიობაში დიდების მოპოვების საშუალება მისცა, ანუგეშა მისი გული და მის მწყურვალე გულს შედეგისა და იმედის ხილვის საშუალება მისცა. მისმა დამოწმებამ პრეცედენტი შექმნა კაცობრიობის მიმართ ღვთის მართვის საქმეში იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია მტკიცედ დგომა ღვთისთვის მოწმობის გაცემაში და ღვთის გულისთვის სატანის შერცხვენა. განა ეს არ არის იობის ცხოვრების ღირებულება? იობმა ნუგეში მოუტანა ღვთის გულს, მან ღმერთს დიდების მოპოვების სიხარული განაცდევინა და მშვენიერი დასაწყისი შეუქმნა ღვთის მართვის გეგმას. ამ მომენტიდან მოყოლებული, იობის სახელი ღვთის მიერ დიდების მოპოვების სიმბოლოდ და კაცობრიობის მიერ სატანაზე გამარჯვების ნიშნად იქცა. ის, რაც იობმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრებაში გამოავლინაისევე, როგორც მისი საოცარი საქმე სატანის დამარცხებისა, სამუდამოდ საუნჯედ იქნება მიჩნეული ღვთის მიერ, ხოლო მისი სიალალე, სიწრფელე და ღვთისმოშიშება პატივდებული და მისაბაძი იქნება მომავალი თაობებისთვის. იგი სამუდამოდ დაფასებული იქნება ღვთის მიერ, როგორც უნაკლო, მანათობელი მარგალიტი; ის ასევე ღირსია, რომ ადამიანიც გაუფრთხილდეს მას!

შემდეგ, მოდით, განვიხილოთ ღვთის საქმე რჯულის ეპოქაში.

დ. რჯულის ეპოქის დადგენილებები

ათი მცნება

სამსხვერპლოების აგების პრინციპები

დადგენილებები მსახურთა მიმართ მოპყრობის შესახებ

დადგენილებები ქურდობისა და ანაზღაურების შესახებ

შაბათის წლისა და სამი დღესასწაულის დაცვა

დადგენილებები შაბათის დღის შესახებ

დადგენილებები შესაწირავების შესახებ

სრულადდასაწველი

პურეული შესაწირავი

სამშვიდობო მსხვერპლი

ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი

დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი

დადგენილებები მღვდელთა მიერ შესაწირავების მიტანის შესახებ (აარონსა და მის ძეებს ევალებათ მათი დაცვა)

მღვდელთა სრულადდასაწველი

მღვდელთა პურეული შესაწირავი

მღვდელთა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი

მღვდელთა დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი

მღვდელთა სამშვიდობო მსხვერპლი

მღვდელთა მიერ შესაწირავების ჭამის დადგენილებები

სუფთა და უწმინდური ცხოველები (რომელთა ჭამაც შეიძლება და არ შეიძლება)

მშობიარობის შემდეგ ქალთა განწმენდის დადგენილებები

კეთრის შემოწმების სტანდარტები

დადგენილებები კეთრისგან განკურნებულთა შესახებ

დადგენილებები ინფიცირებული სახლების განწმენდის შესახებ

დადგენილებები პათოლოგიური გამონადენით დაავადებულთა შესახებ

გამოსყიდვის დღე წელიწადში ერთხელ უნდა აღინიშნოს

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის დაკვლის წესები

წარმართთა საძაგელი წეს-ჩვეულებების მიდევნების აკრძალვა (ინცესტის ჩადენის აკრძალვა და ა.შ.)

დადგენილებები, რომლებიც ხალხმა უნდა დაიცვას („წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი“ (ლევ. 19:2))

მათი სიკვდილით დასჯა, ვინც თავის შვილებს მოლოქს სწირავს

დადგენილებები მრუშთა დასჯის შესახებ

წესები, რომლებიც მღვდლებმა უნდა დაიცვან (მათი ყოველდღიური ქცევისა და მოქმედების წესები, წმინდა საგნების მოხმარების წესები, სამსხვერპლო ცხოველების შეწირვის წესები და ა.შ.)

დღესასწაულები, რომლებიც უნდა აღინიშნოს (შაბათის დღე, პასექი, სულთმოფენობა, გამოსყიდვის დღე და ა.შ.)

სხვა დადგენილებები (ანთებული ლამპრების შენარჩუნება, საიუბილეო წელი, მიწის გამოსყიდვა, აღთქმების დადება, მეათედის შეწირვა და ა.შ.)

რჯულის ეპოქის დადგენილებები მთელი კაცობრიობის მიმართ ღვთის წინამძღოლობის რეალური მტკიცებულებაა

მაშასადამე, თქვენ გაეცანით რჯულის ეპოქის ამ დადგენილებებსა და პრინციპებს, არა? მოიცავს თუ არა ეს დადგენილებები ფართო სპექტრს? პირველ რიგში, ისინი მოიცავს ათ მცნებას, რის შემდეგაც მოდის დადგენილებები სამსხვერპლოების აგების შესახებ და ა.შ. მათ მოსდევს მითითებები შაბათისა და სამი დღესასწაულის დაცვის შესახებ, რის შემდეგაც მოდის დადგენილებები შესაწირავების შესახებ. დაინახეთ, რამდენი სახის შესაწირავი არსებობს? არსებობს სრულადდასაწველი, პურეული შესაწირავი, სამშვიდობო მსხვერპლი, ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და ა.შ. მათ მოსდევს დადგენილებები მღვდელთა მიერ შესაწირავების, მათ შორის, მღვდელთა სრულადდასაწველი და პურეული შესაწირავისა და სხვა სახის შესაწირავების მიტანის შესახებ. მერვე რიგის დადგენილებები ეხება მღვდელთა მიერ შესაწირავის მირთმევას. შემდეგ მოდის დადგენილებები იმის შესახებ, თუ რა უნდა იქნეს დაცული ადამიანის ცხოვრებაში. არსებობს მითითებები ადამიანის ცხოვრების მრავალ ასპექტთან მიმართებაში, როგორებიცაა დადგენილებები იმის შესახებ, თუ რისი მირთმევა შეიძლება და არ შეიძლება, მშობიარობის შემდეგ ქალთა განწმენდის შესახებ და კეთრისგან განკურნებულთა შესახებ. ამ დადგენილებებში ღმერთი დაავადებებზეც კი საუბრობს და არსებობს ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის წესებიც კი და ა.შ. ცხვარი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ღვთის მიერ არის შექმნილი და შენ ისე უნდა დაკლა ისინი, როგორც ღმერთი გეუბნება; უდავოა, რომ ღვთის სიტყვებს საფუძველი აქვს; უდავოდ სწორია ღვთის მითითებების მიხედვით მოქმედება და ეს ნამდვილად სასარგებლოა ადამიანისთვის! ასევე არსებობს დღესასწაულები და წესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, როგორებიცაა შაბათის დღე, პასექი და სხვა — ღმერთმა ამ ყველაფერზე ისაუბრა. მოდით, განვიხილოთ ბოლო მათგანი: სხვა დადგენილებები — ანთებული ლამპრების შენარჩუნება, საიუბილეო წელი, მიწის გამოსყიდვა, აღთქმების დადება, მეათედის შეწირვა და ა.შ. მოიცავს თუ არა ამ დადგენილებების სხვადასხვა ასპექტი ფართო სპექტრს? პირველი არის ადამიანის შესაწირავებთან დაკავშირებული საკითხი. შემდეგ დადგენილებები ქურდობისა და კომპენსაციის შესახებ და შაბათის დღის დაცვა...; ცხოვრების თითოეული დეტალია მოცული. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთმა დაიწყო თავისი მართვის გეგმა და ოფიციალურად შეასრულა თავისი საქმე, მან დაადგინა მრავალი დადგენილება, რომლებსაც ადამიანი უნდა მიჰყოლოდა. ეს დადგენილებები ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანს დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა, ნორმალური ადამიანური ცხოვრებით, რომელიც განუყოფელია ღვთისა და მისი წინამძღოლობისგან. ღმერთმა ჯერ უთხრა ადამიანს, თუ როგორ აეგო სამსხვერპლოები, როგორ მოეწყო სამსხვერპლოები. ამის შემდეგ მან უთხრა ადამიანს, თუ როგორ მიეტანა შესაწირავები და განუსაზღვრა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს — რისთვის უნდა მიექცია ყურადღება ცხოვრებაში, რა უნდა დაეცვა და რა უნდა გაეკეთებინა ან არ გაეკეთებინა. ის, რაც ღმერთმა ადამიანს განუსაზღვრა, ყოვლისმომცველი იყო და ამ წესებით, დადგენილებებითა და პრინციპებით მან ჩარჩოებში მოაქცია ადამიანის ქცევა, წარმართა მისი ცხოვრება, წარმართა მისი ზიარება ღვთის კანონებთან, წარმართა იგი, რათა წარმდგარიყო ღვთის სამსხვერპლოს წინაშე, წარმართა იგი, რათა ჰქონოდა წესრიგით, კანონზომიერებითა და ზომიერებით აღსავსე ცხოვრება ყოველივე იმას შორის, რაც ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა. ღმერთმა ჯერ ეს მარტივი დადგენილებები და პრინციპები გამოიყენა ადამიანისთვის საზღვრების დასადგენად, რათა დედამიწაზე ადამიანს ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება, რათა თაყვანი ეცა ღვთისთვის და ჰქონოდა ნორმალური ადამიანური ცხოვრება; ასეთია მისი ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის დასაწყისის კონკრეტული შინაარსი. დადგენილებები და მითითებები ძალიან ფართო შინაარსს მოიცავს, ისინი წარმოადგენს რჯულის ეპოქაში კაცობრიობის მიმართ ღვთის წინამძღოლობის კონკრეტულ დეტალებს, ისინი უნდა მიეღოთ და დაეცვათ იმ ადამიანებს, რომლებიც რჯულის ეპოქაში მოვიდნენ, ისინი წარმოადგენს რჯულის ეპოქაში ღვთის მიერ შესრულებული საქმის ჩანაწერს და ისინი მთელი კაცობრიობის მიმართ ღვთის ხელმძღვანელობისა და წინამძღოლობის რეალური მტკიცებულებაა.

კაცობრიობა სამუდამოდ განუყოფელია ღვთის სწავლებებისა და წყალობისაგან

ამ დადგენილებებში ვხედავთ, რომ ღვთის დამოკიდებულება თავისი საქმის, მართვისა და კაცობრიობის მიმართ არის სერიოზული, კეთილსინდისიერი, მკაცრი და პასუხისმგებლობით აღსავსე. იგი კაცობრიობაში წინასწარ განსაზღვრული ეტაპების მიხედვით, უმცირესი გადახვევის გარეშე აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს და ეუბნება ადამიანს იმ სიტყვებს, რომლებიც უნდა უთხრას ისე, რომ არაფერს ტოვებს და არაფერი გამოეპარება; ამით ის ადამიანს აძლევს საშუალებას, დაინახოს, რომ იგი განუყოფელია ღვთის წინამძღოლობისგან და უჩვენებს მას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს და ამბობს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ადამიანი მომდევნო ეპოქაში, სულ თავდაპირველად — რჯულის ეპოქაში — ღმერთმა ეს მარტივი რამ გააკეთა. ღვთისთვის იმ ეპოქაში ადამიანის წარმოდგენები ღმერთზე, წუთისოფელსა და კაცობრიობაზე ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო; და მიუხედავად იმისა, რომ მის ცნობიერებაში არსებობდა გარკვეული იდეები და გეგმები, ყველა მათგანი გაურკვეველი და არასწორი იყო და ამიტომ კაცობრიობა განუყოფელი იყო ღვთის სწავლებებისა და წყალობისაგან. დასაბამში კაცობრიობამ არაფერი იცოდა, ამიტომ ღმერთს ადამიანის სწავლება გადარჩენის ყველაზე ზედაპირული და საბაზისო პრინციპებიდან და ცხოვრებისთვის აუცილებელი დადგენილებებიდან უნდა დაეწყო და ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩაენერგა ადამიანის გულში. ამ მითითებების მეშვეობით, რომლებიც სიტყვებს მოიცავდა, და ამ დადგენილებების მეშვეობით მან ადამიანს თანდათანობით განუვითარა საკუთარი თავის შემეცნება, მისი, მისი წინამძღოლობის ეტაპობრივი აღქმა და წვდომა და საბაზისო წარმოდგენა მასსა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. მხოლოდ ამ შედეგის მიღწევის შემდეგ შეძლო ღმერთმა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეესრულებინა ის საქმე, რომელსაც მოგვიანებით აღასრულებდა. ამგვარად, ეს დადგენილებები და რჯულის ეპოქაში ღვთის მიერ აღსრულებული საქმე არის მის მიერ განსახორციელებელი კაცობრიობის გადარჩენის საქმის საფუძველი და მართვის გეგმის აღსრულების პირველი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ რჯულის ეპოქის საქმემდე ღმერთი ესაუბრა ადამს, ევას და მათ შთამომავლებს, ეს ბრძანებები და სწავლებები ადამიანს სათითაოდ ასე სისტემატურად და კონკრეტულად არ მისცემია; ისინი არ ჩაუწერიათ და არც დადგენილებებად ქცეულა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს ღვთის გეგმა ჯერ კიდევ არ იყო ასე შორს წასული; მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთმა ადამიანი ამ ეტაპამდე მიიყვანა, მან შეძლო რჯულის ეპოქის ამ დადგენილებების გამოცხადება და და ადამიანისთვის მათი შესრულების დავალება. ეს იყო აუცილებელი პროცესი და შედეგიც გარდაუვალი იყო. ეს მარტივი წესები და დადგენილებები უჩვენებს ადამიანს ღვთის მიერ აღსასრულებელი მართვის საქმის ეტაპებს და ღვთის სიბრძნეს, რომელიც ამ მართვის გეგმაში ვლინდება. ღმერთმა იცის, რა შინაარსი და საშუალებები გამოიყენოს დასაწყებად, რა საშუალებები გამოიყენოს გასაგრძელებლად და რა საშუალებები გამოიყენოს დასასრულებლად, რათა მოიპოვოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოწმობას გასცემს მისთვის დარომელიც მასთან ერთსულოვანი იქნება. მან იცის, რა დევს ადამიანში და რა აკლია ადამიანს. მან იცის, რა უნდა უზრუნველყოს და როგორ უნდა წარმართოს ადამიანი; ასევე იცის, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. ადამიანი თოჯინასავითაა: მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმოდა ღვთის განზრახვები, იგი უნებლიეთ მიჰყვებოდა ღვთის მართვის საქმის ნაბიჯებს ეტაპობრივად, დღევანდელ დღემდე. რაც არ უნდა გაეკეთებინა ღმერთს, მის გულში ამის შესახებ არანაირი ბუნდოვანება არ ყოფილა; გულის სიღრმეში ჰქონდა სრულიად ნათელი და სრულყოფილად მკაფიო გეგმა და იგი ასრულებდა იმ საქმეს, რომლის შესრულებაც თავად სურდა თავისი ნაბიჯებისა და გეგმის მიხედვით და მიიწევდა ზედაპირულიდან სიღრმისეულისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს არ მიუთითებია იმ საქმეზე, რომელსაც მოგვიანებით აღასრულებდა, მისი შემდგომი საქმე მაინც განაგრძობდა აღსრულებასა და წინსვლას მისი გეგმის მკაცრი დაცვით, რაც არის იმის გამოვლინება, რაც ღმერთს გააჩნია და რაც იგი არის და ასევე არის ღვთის ხელმწიფება. მიუხედავად იმისა, მართვის გეგმის მიხედვით საქმის რომელ ეტაპს ასრულებს ღმერთი, მისი ხასიათი და მისი არსი წარმოადგენს თავად მას. ეს აბსოლუტური სიმართლეა. მიუხედავად ეპოქისა თუ საქმის ეტაპისა, არსებობს რაღაც, რაც არასოდეს შეიცვლება: ის, თუ როგორი ადამიანები უყვარს ღმერთს, როგორი ადამიანები სძულს მას, მისი ხასიათი და ყოველივე ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დადგენილებები და პრინციპები, რომლებიც ღმერთმა რჯულის ეპოქის საქმის დროს განუსაზღვრა ადამიანებს, დღეს მათთვის ძალიან მარტივი და ზედაპირული ჩანს, და მიუხედავად იმისა, რომ მათი გაგება და მიღწევა ადვილია, მათში მაინც არის ღვთიური სიბრძნე, ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. რადგან ამ ერთი შეხედვით მარტივ დადგენილებებში გამოხატულია ღვთის პასუხისმგებლობა და მზრუნველობა კაცობრიობის მიმართ ისევე, როგორც მისი უკიდურესად გულმოდგინე ფიქრის არსი, რითაც ადამიანს ეძლევა საშუალება, ჭეშმარიტად გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს და ყოველივე მისი ხელით იმართება. რამდენი ცოდნაც არ უნდა აითვისოს კაცობრიობამ, ან რამდენი პრინციპი თუ საიდუმლოც არ უნდა გაიგოს, ღვთისთვის ვერცერთი მათგანი ვერ ჩაანაცვლებს კაცობრიობის მიმართ მის მზრუნველობასა და წინამძღოლობას; კაცობრიობა სამუდამოდ განუყოფელი იქნება ღვთის წინამძღოლობისა და ღვთის პირადი საქმისგან. ასეთია ადამიანსა და ღმერთს შორის განუყოფელი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, ღმერთი მცნებას გაძლევს შენ, თუ დადგენილებას თუ ჭეშმარიტებას, რათა ჩაწვდე მის განზრახვებს, რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ღვთის მიზანია, უწინამძღოლოს ადამიანს მშვენიერი ხვალინდელი დღისკენ. ღვთის მიერ გამოხატული ყველა სიტყვა და მის მიერ აღსრულებული საქმე წარმოადგენს როგორც მისი არსის, ასევე მისი ხასიათისა და მისი სიბრძნის გაცხადებას; ისინი მისი მართვის გეგმის აუცილებელი ნაბიჯია. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება! ღვთის განზრახვები არის ყოველივეში, რასაც იგი აღასრულებს. ღმერთს არ ეშინია უადგილო შენიშვნების და არც მის შესახებ ადამიანის წარმოდგენების ან ფიქრების ეშინია. იგი უბრალოდ აღასრულებს თავის საქმეს და განაგრძობს მართვას თავისი მართვის გეგმის შესაბამისად რომელიმე ადამიანის, მოვლენის ან საგნის შეზღუდვის გარეშე.

კარგი. დღეისთვის სულ ეს არის. მომავალ შეხვედრამდე!

9 ნოემბერი, 2013 წ.

სქოლიო:

ა. ორიგინალი ტექსტი არ მოიცავს სიტყვას „პროდუქტი“.

წინა: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი I

შემდეგი: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი III

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება