უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი I
დღეს ჩვენ თანაზიარება გვაქვს მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის თემა, რომელიც განიხილება ღვთის საქმის დაწყებიდან მოყოლებული და რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის საკითხი, რომელსაც ყველა წააწყდება ღვთისადმი რწმენის პროცესში; ეს არის საკითხი, რომელთან შეჯახებაც გარდაუვალია. ეს არის გადამწყვეტი, გარდაუვალი საკითხი, რომელიც განუყოფელია ადამიანებისგან. თუ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის თითოეული მორწმუნისთვის? ზოგი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის განზრახვების გაგებაა; ზოგს სჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვების მეტად ჭამა და სმაა; ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობაა; სხვები კი იმ აზრის არიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მიაღწიონ ღვთის ხსნას, როგორ გაჰყვნენ ღმერთს და როგორ შეასრულონ ღვთის განზრახვები. დღეს ამ თემებს გვერდზე გადავდებთ. მაშ, რას განვიხილავთ? თემას, რომელიც ღმერთს უკავშირდება. არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა თითოეული ადამიანისთვის? რას მოიცავს თემა, რომელიც ღმერთს უკავშირდება? რა თქმა უნდა, ის ნამდვილად განუყოფელია ღვთის ხასიათისგან, ღვთის არსისა და ღვთის საქმისგან. ამიტომ დღეს, მოდით, განვიხილოთ „უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი“.
იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანებმა ღვთის ირწმუნეს, ისინი აწყდებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი. როდესაც საქმე ეხება უფლის საქმეებს, ზოგიერთი იტყვის: „უფლის საქმეები ჩვენზე აღსრულდება; ჩვენ მას ყოველდღიურად გამოვცდით, ამიტომ ის ჩვენთვის უცხო არ არის.“ როდესაც საუბარია უფლის ხასიათზე, ზოგი იტყვის: „უფლის ხასიათი არის თემა, რომელსაც ჩვენ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ, ვიკვლევთ და რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ამიტომ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ.“ რაც შეეხება თავად უფალს, ზოგი იტყვის: „თავად უფალი არის ის, ვისაც ჩვენ მივყვებით, ვისი რწმენაც გვაქვს და ვისკენაც ვისწრაფვით; არც მისი შეცნობა გვაკლია.“ სამყაროს შექმნის დღიდან ღმერთს არასოდეს შეუწყვეტია თავისი საქმე; თავისი საქმის განმავლობაში ის განუწყვეტლივ გამოხატავდა თავის ხასიათს და იყენებდა სხვადასხვა საშუალებას თავისი სიტყვის გამოსახატავად. ამავდროულად, მას არასოდეს შეუწყვეტავს კაცობრიობისთვის საკუთარი თავისა და თავისი არსის გამოხატვა, კაცობრიობის მიმართ თავისი განზრახვებისა და იმის გამოხატვა, თუ რას მოითხოვს იგი ადამიანებისგან. აქედან გამომდინარე, პირდაპირი გაგებით, არავისთვისაა უცხო ეს თემები. თუმცა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ღმერთს მიჰყვებიან, უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი სინამდვილეში სრულიად უცხოა. რატომ ვამბობ ამას? როდესაც ადამიანები გამოცდიან ღვთის საქმეს, ისინი ასევე ეხებიან ღმერთს, რაც უქმნით განცდას, თითქოს ისინი ჩაწვდნენ ღვთის ხასიათს და ნაწილობრივ შეიცნეს იგი. შესაბამისად, ადამიანს არ ჰგონია, რომ მისთვის უცხოა ღვთის საქმე ან ღვთის ხასიათი. პირიქით, ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან კარგად იცნობს ღმერთს და ბევრი რამ ესმის მის შესახებ. მაგრამ, როგორც ახლა ვხედავთ, ღვთის ეს გაგება — მრავალი ადამიანისთვის — შემოიფარგლება წიგნებში წაკითხულით, პირადი გამოცდილებით, მათი წარმოდგენითა და მით უმეტეს, იმ ფაქტებით, რომელთა დანახვაც საკუთარი თვალით ძალუძთ; ეს ყოველივე ძალიან შორს არის თავად ჭეშმარიტი ღმერთისგან. და მაინც, რამდენად შორს არის ეს „შორს“? შესაძლოა, თავად ადამიანიც არ არის დარწმუნებული ან შესაძლოა, ადამიანს აქვს მცირედი შეგრძნება, წარმოდგენა — მაგრამ როდესაც საქმე თავად ღმერთს ეხება, ადამიანისეული გაგება მის შესახებ მეტისმეტად შორს არის თავად ჭეშმარიტი ღვთის არსისგან. სწორედ ამიტომ, თემაზე — „უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი“ — ჩვენთვის აუცილებელია სისტემური და კონკრეტული თანაზიარების ჩატარება.
სინამდვილეში ღვთის ხასიათი ყველას წინაშე გადაშლილია და არ არის დაფარული. ეს იმიტომ, რომ ღმერთს განზრახ არასოდეს აურიდებია თავი არცერთი ადამიანისთვის და არც განზრახ დაუმალავს საკუთარი თავი, რათა ხელი შეეშალა ადამიანთათვის მის შეცნობასა თუ გაგებაში; პირიქით, ღვთის ხასიათი ყოველთვის დაუფარავი იყო და თითოეულ ადამიანს გულწრფელად ეცხადებოდა. ღვთის მმართველობისას ღმერთი თავის საქმეს ყველას წინაშე აღასრულებს და მისი საქმე თითოეულ ადამიანზე აღსრულდება. ამ საქმის აღსრულებისას იგი მუდმივად ავლენს თავის ხასიათს და მუდმივად იყენებს თავის არსს, იმას, რაც გააჩნია და რაც არის, რათა წარმართოს და უზრუნველყოს თითოეული ადამიანი. ყოველ ეპოქასა და ყოველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, ვითარება კარგია თუ ცუდი, ღვთის ხასიათი ყოველთვის დაუფარავია თითოეული ადამიანისთვის; ყოველივე, რაც მას გააჩნია და მისი არსება ყოველთვის დაუფარავია თითოეული ადამიანისთვის, ისევე როგორც მისი მარადიული სიცოცხლე მუდმივად ასაზრდოებს და მფარველობს ადამიანს. ყოველივე ამის მიუხედავად, ღვთის ხასიათი ზოგიერთისთვის მაინც დაფარული რჩება. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ღვთის საქმეში ცხოვრობენ და ღმერთს მიჰყვებიან, მათ არასოდეს უცდიათ ღვთის გაგება და არც ღვთის შეცნობა სურდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ღმერთთან დაახლოებაზე. ამ ადამიანთათვის ღვთის ხასიათის გაგება მათი შედეგების დადგომას ნიშნავს; ეს ნიშნავს ღვთის ხასიათის მიერ მათ განკითხვასა და მსჯავრდებას. ამიტომ არასოდეს ჰქონიათ ღვთის ან მისი ხასიათის გაგების სურვილი; მათ არც ღვთის განზრახვების უფრო ღრმად გაგება ან შეცნობა სურდათ ოდესმე. მათ არ სურთ ღვთის განზრახვების წვდომა შეგნებული თანამშრომლობის გზით — ისინი უბრალოდ მუდამ ტკბებიან და არასოდეს იღლებიან იმის კეთებით, რაც თავად სურთ; სწამთ ისეთი ღმერთის, რომლის რწმენაც თავად სურთ; სწამთ ისეთი ღმერთის, რომელიც მხოლოდ მათ წარმოსახვებში არსებობს, ღმერთის, რომელიც მხოლოდ მათ წარმოდგენებში არსებობს; და სწამთ ისეთი ღმერთის, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათგან „განუყოფელია“. როდესაც საქმე თავად ჭეშმარიტ ღმერთს ეხება, ისინი სრულიად უგულებელყოფენ მას და არ აქვთ მისი გაგების ან მისთვის ყურადღებით მოსმენის სურვილი და მით უმეტეს, არ სურთ მასთან დაახლოება. პირიქით, ისინი ღვთის მიერ გამოხატულ სიტყვებს მხოლოდ საკუთარი თავის შესამკობად და შესაფუთად იყენებენ. მათი აზრით, ეს უკვე აქცევს მათ წარმატებულ მორწმუნეებად და ადამიანებად, რომლებსაც ღმერთი გულით სწამთ. გულის სიღრმეში ისინი საკუთარი წარმოსახვებით, წარმოდგენებითა და ღვთისადმი დაწესებული შეზღუდვებითაც კი ხელმძღვანელობენ. მეორე მხრივ კი, თავად ჭეშმარიტ ღმერთს მათთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ჩაწვდებიან თავად ჭეშმარიტ ღმერთს, გაიგებენ ღვთის ჭეშმარიტ ხასიათს და იმას, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის; ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ქმედებები, მათი რწმენა და მათი მისწრაფებები დაგმობილი იქნება. სწორედ ამიტომ მათ სრულიად არ სურთ ღვთის არსის გაგება და ძალიან უხალისოდ და უარყოფითად არიან განწყობილნი იმის მიმართ, რომ აქტიურად ეძიონ ან ილოცონ ღვთის უკეთ გასაგებად, ღვთის განზრახვების უკეთ შესაცნობად და ღვთის ხასიათის უკეთ გასააზრებლად. მათ ურჩევნიათ, რომ ღმერთი იყოს რაღაც გამოგონილი, რაღაც ცარიელი და წარმოსახვითი. მათ ურჩევნიათ, რომ ღმერთი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც წარმოუდგენიათ, მუდამ მათ განკარგულებაში იყოს, ამოუწურავი და დაუსრულებელი მარაგით. როდესაც ღვთის მადლით ტკბობა სურთ, ისინი სთხოვენ ღმერთს, რომ იყოს ეს მადლი. როდესაც მათ ღვთის კურთხევა სჭირდებათ, ისინი სთხოვენ ღმერთს, რომ იყოს ეს კურთხევა. გასაჭირის წინაშე მყოფნი სთხოვენ ღმერთს, რომ გაამხნევოს ისინი და იყოს მათი საყრდენი. ამ ადამიანთა ცოდნა ღვთის შესახებ მხოლოდ მადლითა და კურთხევით შემოიფარგლება. მათ მიერ ღვთის საქმის, ღვთის ხასიათისა და ღვთის გაგება ასევე მხოლოდ მათი წარმოსახვებით, სიტყვებითა და მოძღვრებებით შემოიფარგლება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწყურიათ ღვთის ხასიათის გაგება, სურთ ჭეშმარიტად იხილონ თავად ღმერთი და ნამდვილად გაიგონ ღვთის ხასიათი და ის, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ეს ადამიანები მიისწრაფვიან ჭეშმარიტება-რეალობისა და ღვთის მიერ ხსნისკენ; ესწრაფვიან იმას, რომ ღმერთმა დაიპყროს, იხსნას და სრულყოს ისინი. ისინი გულით კითხულობენ ღვთის სიტყვას, გულით აფასებენ ყოველ ვითარებას, რომელსაც ღმერთი ქმნის და ყოველ ადამიანს, მოვლენასა და საგანს, რომელსაც ის მათ მოუვლენს; გულწრფელად ლოცულობენ და ეძიებენ. ყველაზე მეტად მათ ღვთის განზრახვების შეცნობა სურთ და ყველაზე მეტად ღვთის ჭეშმარიტი ხასიათისა და არსის გაგება უნდათ, რათა აღარ შეურაცხყონ ღმერთი და საკუთარი გამოცდილებით მეტად დაინახონ ღვთის მშვენიერება და მისი რეალური სახე. ეს იმისთვისაცაა საჭირო, რომ მათ გულებში ჭეშმარიტად რეალური ღმერთი დამკვიდრდეს, ღმერთმა დაიკავოს ადგილი მათ გულებში და ისინი აღარ ცხოვრობდნენ წარმოსახვებში, წარმოდგენებსა თუ ბუნდოვანებაში. ამ ადამიანთა დაუოკებელი სურვილი, ჩაწვდნენ ღვთის ხასიათსა და მის არსებას, იქიდან გამომდინარეობს, რომ ღვთის ხასიათი და არსი ადამიანებს ყოველ წამს სჭირდებათ თავიანთი გამოცდილების გზაზე, რაც მათ მაცოცხლებელ საზრდოს წარმოადგენს მთელი ცხოვრების მანძილზე. როგორც კი ეს ადამიანები ჩასწვდებიან ღვთის ხასიათს, ისინი შეძლებენ მეტად ჰქონდეთ ღვთის შიში, უკეთ ითანამშრომლონ ღვთის საქმესთან, მეტად გაითვალისწინონ ღვთის განზრახვები და ჯეროვნად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. ასეთია ორი ტიპის ადამიანის დამოკიდებულება ღვთის ხასიათის მიმართ. პირველ ტიპს არ სურს ღვთის ხასიათის გაგება. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს სურთ ღვთის ხასიათის გაგება, თავად ღვთის შეცნობა, იმის დანახვა, თუ რა გააჩნია ღმერთს და რა არის იგი, და ღვთის განზრახვების ჭეშმარიტად დაფასება, გულის სიღრმეში მათ ურჩევნიათ, რომ ღმერთი არ არსებობდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მუდმივად უჯანყდებიან და ეწინააღმდეგებიან ღმერთს და გულის სიღრმეში ცდილობენ ღმერთს სტატუსში შეეცილონ; ხშირად ეჭვობენ და უარყოფენ კიდეც ღვთის არსებობას, არ სურთ, რომ ღვთის ხასიათმა ან თავად რეალურმა ღმერთმა დაიკავოს მათი გულები და მხოლოდ საკუთარი სურვილების, წარმოსახვებისა და ამბიციების დაკმაყოფილება სურთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს სწამთ ღმერთი, მიჰყვებიან ღმერთს და შეუძლიათ უარი თქვან ოჯახსა და სამსახურზე, ისინი არ წყვეტენ ბოროტი საქმეების ჩადენას. ზოგიერთი იპარავს ან ფლანგავს შესაწირავს, ან ფარულად წყევლის ღმერთს. სხვები იყენებენ თავიანთ მდგომარეობას, რათა მუდმივად დაამოწმონ საკუთარი თავი, აიმაღლონ თავი და ღმერთს ადამიანთა გულებისა და ძალაუფლებისთვის შეეცილონ — ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდსა და ზომას, რათა ადამიანებმა თაყვანი სცენ მათ, მუდმივად ცდილობენ ხალხის მიმხრობასა და მათ გაკონტროლებას. ზოგიერთს განზრახ შეჰყავს ხალხი შეცდომაში; ისინი თავს ღმერთად ასაღებენ, რათა ისე მოეპყრონ, როგორც ღმერთს. ისინი არასოდეს გაუმხელენ ვინმეს, რომ გახრწნილნი არიან — რომ ისინიც გახრწნილები და ამპარტავნები არიან, და რომ არ უნდა სცენ მათ თაყვანი; და რომ რაც არ უნდა კარგად აკეთებდნენ საქმეს, ეს ყოველივე ღვთის მიერ მათი ამაღლების შედეგია და მაინც იმას აკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. რატომ არ ამბობენ ისინი ამას? იმიტომ, რომ მათ ძალიან ეშინიათ ადამიანთა გულებში თავიანთი ადგილის დაკარგვის. შესაბამისად, ასეთი ადამიანები არასოდეს განადიდებენ ღმერთს და არასოდეს მოწმობენ ღვთის შესახებ. მიზეზი, რის გამოც ისინი არ განადიდებენ ან არ მოწმობენ ღვთის შესახებ, არის ის, რომ მათ არასოდეს უცდიათ ღვთის გაგება. შეუძლიათ კი მათ ღვთის შეცნობა მისი გაგების გარეშე? შეუძლებელია! ამგვარად, თუმცა თემის „უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი“ სიტყვები შეიძლება მარტივი ჩანდეს, თითოეული ადამიანისთვის მათ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მათთვის, ვინც ხშირად უჯანყდება ღმერთს, ეწინააღმდეგება მას და მტრულად არის განწყობილი მის მიმართ, ეს სიტყვები მსჯავრდებას მოასწავებს; რაც შეეხება მათ, ვინც ჭეშმარიტება-რეალობისკენ ისწრაფვიან და ხშირად წარდგებიან ღვთის წინაშე ღვთის განზრახვების საძიებლად, ეჭვგარეშეა ეს სიტყვები სულსა და გულს მოეფინება. ამიტომ ზოგიერთ თქვენგანს, თავზარი ეცემა, გული წინააღმდეგობით ევსება და უკიდურეს უხერხულობას გრძნობს, როგორც კი ღვთის ხასიათსა და მის საქმეზე ჩამოვარდება საუბარი. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გრძნობენ, რომ ეს თემა ზუსტად ის არის, რაც მათ სჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ ის ძალიან სასარგებლოა თქვენთვის, ეს არის ის, რაც არ უნდა აკლდეს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ეს არის მთავარზე უმთავრესი, ღვთისადმი რწმენის საფუძველი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერაფერს გახდება. თითოეული ადამიანისთვის ეს თემა შეიძლება ეს თემა შეიძლება ერთდროულად შორეულიც ჩანდეს და ახლობელიც, უცნობიც და ნაცნობიც. თუმცა, ჩანდეს როგორც ახლო, ისე შორეული, უცნობი, მაგრამ მაინც ნაცნობი. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის თემა, რომელსაც ყველამ უნდა მოუსმინოს, უნდა იცოდეს და უნდა ესმოდეს. როგორც არ უნდა უდგებოდე მას, როგორც არ უნდა უყურებდე ან გესმოდეს იგი, ამ თემის მნიშვნელობის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ღმერთი თავის საქმეს კაცობრიობის შექმნის დღიდან აღასრულებს. დასაწყისში ეს ძალიან მარტივი საქმე იყო, მაგრამ მიუხედავად მისი სიმარტივისა, იგი მოიცავდა ღვთის არსისა და ხასიათის გამოხატულებებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმე ამაღლდა და ღმერთმა უზარმაზარი კონკრეტული საქმე აღასრულა თითოეულ მის მიდევარზე და უამრავი სიტყვა გამოხატა ადამიანისთვის, ღვთის პიროვნება თავიდან ბოლომდე დაფარული იყო ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ განკაცდა, ბიბლიური ამბების დროიდან მოყოლებული დღემდე ვის უნახავს ოდესმე ღვთის ჭეშმარიტი სახე? თქვენი გაგებით, უნახავს ოდესმე ვინმეს ღვთის ჭეშმარიტი სახე? (არა.) არავის უნახავს ღვთის ჭეშმარიტი სახე, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის უნახავს თავად ჭეშმარიტი ღმერთი. ეს არის ის, რაზეც ყველა თანხმდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის ჭეშმარიტი სახე ანუ ღვთის სული, დაფარულია ყველა ადამიანისგან, მათ შორის, მის მიერ შექმნილი ადამისა და ევასგან, მართალი იობისგანაც კი, რომელიც მან შეიყნარა. არცერთ მათგანს არ უხილავს ღვთის ჭეშმარიტი სახე. მაგრამ რატომ მალავს ღმერთი შეგნებულად თავის ჭეშმარიტ სახეს? ზოგიერთი ამბობს: „ღმერთს ეშინია, რომ ადამიანებს შეაშინებს“. სხვები ამბობენ: „ღმერთი მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს, რადგან ადამიანი მეტისმეტად პატარაა, ღმერთი კი — მეტისმეტად დიადი; ადამიანები ვერ გაუძლებენ მის ხილვას; წინააღმდეგ შემთხვევაში დაიხოცებიან“. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „ღმერთი ყოველდღიურად თავისი საქმის მართვით არის დაკავებული და შესაძლოა არ ჰქონდეს დრო გამოსაჩენად, რათა ადამიანებმა მისი დანახვა შეძლონ“. რისიც არ უნდა გჯეროდეთ, მე აქ ერთი დასკვნა მაქვს. რა არის ეს დასკვნა? ის, რომ ღმერთს უბრალოდ არ სურს, კაცობრიობამ მისი ჭეშმარიტი სახე იხილოს. ადამიანისგან დაფარულად ყოფნა ღვთის მიზანმიმართული ნაბიჯია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის განზრახვაა, რომ ადამიანმა არ იხილოს მისი ჭეშმარიტი სახე. ეს ახლა ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთს არასოდეს გაუმჟღავნებია თავისი პიროვნება ვინმესთვის, როგორ ფიქრობთ, არსებობს ღვთის პიროვნება? (არსებობს.) რა თქმა უნდა, არსებობს. ღვთის პიროვნების არსებობა ყოველგვარ ეჭვს გარეშეა. რაც შეეხება იმას, თუ რამხელაა ღვთის პიროვნება ან როგორ გამოიყურება იგი, არის კი ეს ის კითხვები, რომლებიც კაცობრიობამ უნდა გამოიკვლიოს? არა. პასუხი უარყოფითია. თუ ღვთის პიროვნება არ არის ის თემა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, მაშინ რა არის? (ღვთის ხასიათი.) (ღვთის საქმე.) სანამ მთავარ თემაზე თანაზიარებას დავიწყებდეთ, მოდით, დავუბრუნდეთ იმას, რასაც ცოტა ხნის წინ განვიხილავდით: რატომ არასოდეს გაუმჟღავნებია ღმერთს თავისი პიროვნება კაცობრიობისთვის? რატომ მალავს ღმერთი განზრახ თავის პიროვნებას კაცობრიობისგან? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს და ეს არის: მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მიერ შექმნილმა კაცობრიობამ მისი საქმე ათასობით წლის მანძილზე გამოსცადა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იცნობს ღვთის საქმეს, ხასიათსა და არსს. ღვთის თვალში ასეთი კაცობრიობა მის მიმართ მტრულად არის განწყობილი; ღმერთი არ დაენახება იმ კაცობრიობას, რომელიც მის მიმართ მტრულადაა განწყობილი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთს არასოდეს გაუმჟღავნებია თავისი პიროვნება კაცობრიობისთვის და რის გამოც იგი განზრახ მალავს თავის პიროვნებას მათგან. ახლა ნათელია თქვენთვის ღვთის ხასიათის შეცნობის მნიშვნელობა?
თავისი მმართველობის დასაბამიდანვე ღმერთი ყოველთვის მთლიანად უძღვნიდა თავს თავისი საქმის აღსრულებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი მალავს თავის პიროვნებას კაცობრიობისგან, ყოველთვის კაცობრიობის გვერდით იყო, აღასრულებდა საქმეს კაცობრიობაზე, გამოხატავდა თავის ხასიათს, წინამძღოლობდა მთელ კაცობრიობას თავისი არსით და აღასრულებდა თავის საქმეს თითოეულ ადამიანზე დიდი ძალმოსილებით, სიბრძნითა და ხელმწიფებით; სწორედ ამან დაუდო დასაბამი რჯულის ეპოქას, მადლის ეპოქასა და დღევანდელი სასუფევლის ეპოქას. თუმცა ღმერთი მალავს თავის პიროვნებას ადამიანისგან, მისი ხასიათი, ყოველივე, რაც მას გააჩნია და მისი არსება და მისი განზრახვები კაცობრიობის მიმართ დაუფარავად არის გაცხადებული ადამიანისთვის, რათა ამ უკანასკნელმა იხილოს და გამოსცადოს ისინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუმცა ადამიანებს არ ძალუძთ ღვთის დანახვა ან მასთან შეხება, ღვთის ხასიათი და არსი, რომელსაც ისინი აწყდებიან, აბსოლუტურად თავად ღვთის გამოხატულებაა. განა ეს ფაქტი არ არის? მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოქმედებს ღმერთი ან რა კუთხით აკეთებს ამას, იგი ყოველთვის თავისი ჭეშმარიტი არსით ეპყრობა ადამიანებს, აღასრულებს მის მიერ შესასრულებელ საქმეს და ამბობს იმ სიტყვებს, რომლებიც უნდა თქვას. მნიშვნელობა არ აქვს, რა სიმაღლიდან საუბრობს ღმერთი — იქნება ეს მესამე ციდან, ხორციელად მოვლენილი თუ უბრალო ადამიანის სახით — იგი კაცობრიობას ყოველთვის მთელი გულითა და სულით მიმართავს ყოველგვარი სიყალბისა და დაფარვის გარეშე. თავისი საქმის აღსრულებისას ღმერთი ყოველგვარი დათქმის გარეშე გამოხატავს თავის სიტყვასა და ხასიათს, და ააშკარავებს ყოველივეს, რაც მას გააჩნია და რაც არის. ის გზას უკვალავს კაცობრიობას თავისი სიცოცხლით, ყოველივე იმით, რაც გააჩნია, და თავისი არსებით. სწორედ ასე განვლო კაცობრიობამ რჯულის ეპოქა — კაცობრიობის აკვნის ეპოქა — „უხილავი და ხელშეუხებელი“ ღვთის წინამძღოლობის ქვეშ.
რჯულის ეპოქის შემდეგ ღმერთი პირველად განკაცდა — ეს განკაცება ოცდაცამეტნახევარი წელი გაგრძელდა. ადამიანისთვის ოცდაცამეტნახევარი წელი დიდი დროა? (არ არის დიდი დრო.) რადგან ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, ოცდაათ წელზე მეტია, ადამიანის თვალში ეს არც ისე დიდი დროა. მაგრამ განკაცებული ღვთისთვის ეს ოცდაცამეტნახევარი წელი ნამდვილად ხანგრძლივი დრო იყო. იგი გახდა ადამიანი — ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იტვირთა ღვთის საქმე და ღვთიური მისია. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა ეტვირთა ისეთი საქმე, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეძლებდა, და ამავდროულად აეტანა ისეთი ტანჯვა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ აიტანდნენ. ის ტანჯვა, რომელიც უფალმა იესომ მადლის ეპოქაში გადაიტანა თავისი საქმის დაწყებიდან ჯვარცმამდე შესაძლოა შესაძლოა დღევანდელი ადამიანებისთვის პირადად უხილავი იყოს, მაგრამ განა არ შეგიძლიათ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ ამაზე ბიბლიური ამბებიდან? მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დეტალია აღბეჭდილი ამ ჩაწერილ ფაქტებში, მთლიანობაში ღვთის საქმე ამ პერიოდში სავსე იყო სირთულეებით, საფრთხეებითა და ტანჯვით. გახრწნილ ადამიანთათვის ოცდაცამეტნახევარი წელი არ არის დიდი დრო; მცირედი ტანჯვა უმნიშვნელო რამ არის. მაგრამ წმინდა, უბიწო ღვთისთვის, რომელსაც უნდა აეტანა ყველა ადამიანის ცოდვა და ეჭამა, ეცხოვრა და ყოფილიყო ცოდვილებთან ერთად, ეს ტკივილი მეტისმეტად დიდი იყო. იგი შემოქმედია, მას აქვს ხელმწიფება ყოველივეზე, ყველაფერზე, თუმცა, როდესაც იგი ადამიანთა სამყაროში მოვიდა, მას უნდა აეტანა გახრწნილი კაცობრიობის ჩაგვრა და სისასტიკე. რათა დაესრულებინა თავისი საქმე და ეხსნა კაცობრიობა ტანჯვის მორევიდან, იგი უნდა განკითხულიყო ადამიანთა მიერ და ეტვირთა ყველა ადამიანის ცოდვა. მთელი ის ტანჯვა, რომელიც მან გადაიტანა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის წარმოუდგენელი და შეუცნობელია. რას წარმოადგენს ეს ტანჯვა? იგი წარმოადგენს ღვთის თავდადებას კაცობრიობისადმი. იგი განასახიერებს იმ დამცირებას, რომელიც მან განიცადა და იმ საფასურს, რომელიც მან გადაიხადა კაცობრიობის ხსნისთვის, ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად და თავისი საქმის ამ ეტაპის დასასრულებლად. ეს ასევე ნიშნავს, რომ კაცობრიობა გამოისყიდებოდა ჯვრიდან ღვთის მიერ. ეს არის სისხლითა და სიცოცხლით გადახდილი საფასური, რომლის გადახდაც არცერთ ქმნილებას არ შეეძლო. სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს ღვთის არსი და ფლობს იმას, რაც ღმერთს გააჩნია და არის, მან შეძლო ამგვარი ტანჯვის ატანა და ამ ტიპის საქმის საკუთარ თავზე აღება. ეს არის ის, რასაც ვერცერთი ქმნილება ვერ გააკეთებდა მის ნაცვლად. ეს არის ის საქმე, რომელიც ღმერთმა აღასრულა და ის ხასიათი, რომელიც მან გამოავლინა მადლის ეპოქაში. ავლენს თუ არა ეს რაიმეს იმის შესახებ, თუ რა გააჩნია ღმერთს და რა არის ის? ღირს თუ არა, რომ კაცობრიობამ ეს შეიცნოს? იმ ეპოქაში, თუმცა ადამიანებმა ვერ იხილეს ღვთის პიროვნება, მათ მიიღეს ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი ღვთისგან და გამოსყიდულ იქნენ ჯვრიდან ღვთის მიერ. ადამიანისთვის შესაძლოა არ იყოს უცხო ის საქმე, რომელიც ღმერთმა მადლის ეპოქაში აღასრულა, მაგრამ იცნობს კი ვინმე იმ ხასიათსა და განზრახვებს, რომლებიც ღმერთმა იმ პერიოდში გამოხატა? ადამიანმა მხოლოდ სხვადასხვა წყაროდან იცის სხვადასხვა დროის პერიოდში აღსრულებული ღვთის საქმის დეტალების შესახებ ან იცის ღმერთთან დაკავშირებული ისტორიები, რომლებიც მოხდა იმავე დროს, როდესაც ღმერთი თავის საქმეს აღასრულებდა. ეს დეტალები და ისტორიები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია ან ლეგენდებია ღვთის შესახებ და არავითარი კავშირი არა აქვს ღვთის ხასიათსა და არსთან. ამიტომ, რამდენი ისტორიაც არ უნდა იცოდნენ ადამიანებმა ღვთის შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ ღვთის ხასიათის ან მისი არსის ღრმა გაგება და ცოდნა. ისევე, როგორც რჯულის ეპოქაში, მადლის ეპოქაშიც — თუმცა ადამიანებმა გამოსცადეს უშუალო და ახლო შეხება ხორციელ ღმერთთან — მათი ცოდნა ღვთის ხასიათისა და ღვთის არსის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობდა.
სასუფევლის ეპოქაში ღმერთი კვლავ განკაცდა ზუსტად ისევე, როგორც პირველად. საქმის ამ პერიოდში ღმერთი კვლავ დაუფარავად გამოხატავს თავის სიტყვას, აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს და გამოხატავს იმას, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. ამავდროულად იგი განაგრძობს მოთმინებისა და შემწყნარებლობის გამოვლენას ადამიანის ამბოხებისა და უმეცრების მიმართ. განა ღმერთი განუწყვეტლივ არ ავლენს თავის ხასიათს და არ გამოხატავს თავის განზრახვებს საქმის ამ პერიოდშიც? ამიტომ კაცობრიობის შექმნიდან დღემდე ღვთის ხასიათი, ყოველივე, რაც მას გააჩნია, მისი არსება და მისი განზრახვები ყოველთვის დაუფარავი იყო თითოეული ადამიანისთვის. ღმერთს არასოდეს დაუმალავს შეგნებულად თავისი არსი, თავისი ხასიათი ან თავისი განზრახვები. უბრალოდ, ადამიანს არ ადარდებს, რას აკეთებს ღმერთი, რა არის მისი განზრახვები — სწორედ ამიტომ აქვს ადამიანს ღვთის ასეთი საცოდავად მწირი გაგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუმცა ღმერთი მალავს თავის პიროვნებას, იგი ასევე ყოველ წამს ადამიანის გვერდით დგას და ყოველთვის აშკარად გამოხატავს თავის განზრახვებს, ხასიათსა და არსს. გარკვეული გაგებით ღვთის პიროვნება ასევე დაუფარავია ადამიანთათვის, მაგრამ ადამიანის სიბრმავისა და ამბოხების გამო, მათ არასოდეს შეუძლიათ ღვთის გამოჩინების ხილვა. მაშ, ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაყრდნობით ყველასთვის მარტივი უნდა იყოს თუ არა ღვთის ხასიათისა და თავად ღვთის გაგება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, არა? შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს მარტივია, მაგრამ თუმცა ზოგიერთი ადამიანი ეძიებს ღვთის შეცნობას, მათ არ ძალუძთ ნამდვილად გაიცნონ იგი ან მიიღონ მისი მკაფიო გაგება — ეს ყოველთვის ბუნდოვანი და გაურკვეველია. მაგრამ თუ იტყვით, რომ ეს არ არის მარტივი, არც ეს იქნება სწორი. ამდენი ხნის განმავლობაში ღვთის საქმის გამოცდის შემდეგ თითოეულ მათგანს საკუთარ გამოცდილებაში ჰქონია ჭეშმარიტი შეხება ღმერთთან. სულ მცირე, მათ გულის სიღრმეში გარკვეულწილად იგრძნეს ღმერთი და მასთან სულიერი შეხება ჰქონდათ; ამდენად, ისინი, სავარაუდოდ, ფლობენ გარკვეულ აღქმით ცოდნას ღვთის ხასიათის შესახებ და გარკვეულწილად ჩასწვდნენ მას. იმ დროიდან მოყოლებული, როცა ადამიანმა ღმერთის მიყოლა დაიწყო დღემდე მან იმდენი რამ მიიღო; უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო — ადამიანის მწირი სულიერი მონაცემების, უგუნურების, ამბოხებისა და სხვადასხვა განზრახვის გამო — მან მეტისმეტად ბევრი დაკარგა. განა ღმერთს სინამდვილეში საკმარისი არ მიუცია ადამიანისთვის? თუმცა ღმერთი მალავს თავის პიროვნებას ადამიანისგან, იგი აძლევს ადამიანს იმით, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის და თავისი სიცოცხლით; ადამიანის ცოდნა ღვთის შესახებ უბრალოდ არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ახლაა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია თქვენთან შემდგომი თანაზიარება თემაზე: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი. ამის მიზანია, რომ იმ ათასწლოვანმა გულმოდგინე განზრახვებმა, რომლებიც ღმერთს ადამიანის მიმართ ჰქონდა, ფუჭად არ ჩაიაროს და ადამიანმა შეძლოს კაცობრიობის მიმართ ღვთის განზრახვების ჭეშმარიტად გაგება და დაფასება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ახალ ეტაპზე გადასვლა ღვთის შეცნობაში. ეს ასევე დაუბრუნებს ღმერთს მის ჭეშმარიტ ადგილს ადამიანთა გულებში; ანუ მიაგებს მას საკადრის პატივს.
ღვთის ხასიათისა და თავად ღვთის გასაგებად დეტალებიდან უნდა დაიწყოთ. მაგრამ რომელი დეტალებიდან? დასაწყისისთვის მე შევარჩიე რამდენიმე მონაკვეთი ბიბლიიდან. ქვემოთ მოყვანილი მასალა ბიბლიიდან აღებული მუხლებია, რომლებიც დაკავშირებულია თემასთან: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი. მე სპეციალურად მოვიძიე ეს ამონარიდები, როგორც საცნობარო მასალა, რათა დაგეხმაროთ უფლის საქმეების, უფლის ხასიათისა და თავად უფლის შეცნობაში. მოდით, აქ გავაზიაროთ ისინი და ვნახოთ, თუ როგორი ხასიათი და ღვთის არსის რომელი მხარეები, გამოვლენილი ღვთის მიერ მის წარსულ საქმეში, არის უცნობი ადამიანისთვის. ეს მონაკვეთები შეიძლება ძველი იყოს, მაგრამ თემა, რომელზეც ჩვენ თანაზიარება გვაქვს, არის რაღაც ახალი, რაც ადამიანებს არ გააჩნიათ და არასოდეს სმენიათ. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ეს წარმოუდგენლად მოეჩვენოს — განა ადამისა და ევას ხსენება და ნოესთან დაბრუნება იმავე ნაბიჯების ხელახლა გავლა არ არის? რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, წმინდა წერილის ეს მონაკვეთები ძალიან სასარგებლოა ამ თემაზე თანაზიარებისთვის და შეუძლია შეასრულოს სასწავლო ტექსტების ან პირველწყაროს როლი დღევანდელი თანაზიარებისთვის. როდესაც ამ თანაზიარებას დავასრულებ, თქვენ მიხვდებით ჩემს მიზანს, რის გამოც ეს მონაკვეთები შევარჩიე. მათ, ვისაც ადრე წაუკითხავს ბიბლია, შესაძლოა წაკითხული ჰქონდეთ ეს რამდენიმე მუხლი, მაგრამ შესაძლოა ჭეშმარიტად არ ესმოდეთ ისინი. უპირველეს ყოვლისა, მოდით, მოკლედ გადავავლოთ მათ თვალი, შემდეგ კი დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი ჩვენს თანაზიარებაში.
ადამი და ევა კაცობრიობის წინაპრები არიან. თუ ბიბლიიდან პერსონაჟები უნდა ვახსენოთ, მაშინ ამ ორით უნდა დავიწყოთ. შემდეგია ნოე, კაცობრიობის მეორე წინაპარი. ვინ არის მესამე პერსონაჟი? (აბრაამი.) ყველამ იცით აბრაამის ისტორია? ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა იცოდეს, მაგრამ სხვათათვის ის შესაძლოა არც ისე ნათელი იყოს. ვინ არის მეოთხე პერსონაჟი? ვინ არის ნახსენები სოდომის განადგურების ისტორიაში? (ლოტი.) მაგრამ ლოტი აქ არ არის მოხსენიებული. ვინ არის ნახსენები? (აბრაამი.) მთავარი, რაც აბრაამის ისტორიაშია ნახსენები, არის ის, რაც იეჰოვა ღმერთმა თქვა. ხედავთ ამას? ვინ არის მეხუთე პერსონაჟი? (იობი.) განა ღმერთი ბევრს არ საუბრობს იობის ისტორიაზე თავისი საქმის ამჟამინდელ ეტაპზე? მაშინ, ძალიან გაინტერესებთ ეს ისტორია? რადგან ძალიან გაინტერესებთ, ყურადღებით წაგიკითხავთ იობის ისტორია ბიბლიაში? იცით, რა თქვა იობმა და რა გააკეთა მან? მათ, ვისაც ყველაზე მეტჯერ წაგიკითხავთ ის, რამდენჯერ გაქვთ წაკითხული? ხშირად კითხულობთ მას? დებო ჰონგ-კონგიდან, გთხოვთ, გვითხარით. (ადრე რამდენჯერმე წავიკითხე, როდესაც მადლის ეპოქაში ვიყავით.) მას შემდეგ აღარ წაგიკითხავთ? ეს ძალიან სამწუხაროა. ნება მიბოძეთ გითხრათ: ღვთის საქმის ამ ეტაპზე მან მრავალჯერ ახსენა იობი და ამაში მისი განზრახვები დევს. და მაინც, ამ მრავალგზის ხსენებამ არ მიიპყრო თქვენი ყურადღება — ეს ერთი ფაქტის დასტურია: თქვენ არ გაინტერესებთ, იყოთ კეთილი ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ კმაყოფილდებით მხოლოდ ზოგადი წარმოდგენით იობის ისტორიაზე, რომელსაც ღმერთი მოიხსენიებს. თქვენ კმაყოფილდებით მხოლოდ თავად ისტორიის გაგებით, მაგრამ სრულიად არ განაღვლებთ და არ ცდილობთ გაიგოთ დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ არის იობი და რა მიზანი დგას იმის უკან, თუ რატომ მოიხსენიებს ღმერთი იობს ამდენჯერ. თუ ასეთი ადამიანი, რომელსაც ღმერთი იწონებს, არ გაინტერესებთ, მაშინ კონკრეტულად რას აქცევთ ყურადღებას? თუ არ განაღვლებთ ან არ ცდილობთ გაიგოთ ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის შესახებ, რომელიც ღმერთმა ახსენა, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს თქვენი დამოკიდებულების შესახებ ღვთის სიტყვის მიმართ? განა ეს ტრაგიკული არ იქნებოდა? განა ეს არ დაამტკიცებდა, რომ უმეტესობა თქვენგანი არ არის პრაქტიკული და არ ხართ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ? თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს, სათანადო ყურადღებას მიაქცევ იმ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს და იმ პერსონაჟების ისტორიებს, რომლებზეც ღმერთმა ისაუბრა. მიუხედავად იმისა, შეგიძლია თუ არა მათ დონეზე ცხოვრება ან მიგაჩნია თუ არა მათი ისტორიები ხელშესახებად, სწრაფად წახვალ და წაიკითხავ მათ შესახებ, შეეცდები მათ გაგებას, იპოვი გზებს, რომ მიჰბაძო მათ მაგალითს და გააკეთებ იმას, რაც შეგიძლია, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტება სწყურია. მაგრამ ფაქტია, რომ უმეტესობას, ვინც აქ ზიხართ, არასოდეს წაგიკითხავთ იობის ისტორია — და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
მოდით, დავუბრუნდეთ თემას, რომელსაც ახლახან განვიხილავდით. წმინდა წერილის ამ ნაწილში, რომელიც ძველი აღთქმის რჯულის ეპოქას ეხება, მე ძირითადად ამონარიდებად ავიღე ისტორიები გარკვეული პერსონაჟების შესახებ, ისტორიები, რომლებიც ნაცნობია ბიბლიის მკითხველთა უმეტესობისთვის. ეს პერსონაჟები უაღრესად წარმომადგენლობითნი არიან და ნებისმიერი, ვინც მათ ისტორიებს წაიკითხავს, შეძლებს შეიგრძნოს, რომ ის საქმე, რომელიც ღმერთმა მათზე აღაასრულა და ის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა მათ უთხრა, ხელშესახები და გასაგებია დღევანდელი ადამიანებისთვის. როდესაც წაიკითხავ ამ ისტორიებს, ბიბლიურ ჩანაწერებს, უკეთ შეძლებ იმის გაგებას, თუ როგორ ასრულებდა ღმერთი თავის საქმეს და როგორ ეპყრობოდა ადამიანებს ისტორიის იმ პერიოდში. მაგრამ დღეს ამ მონაკვეთების შერჩევისას ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ თავად ეს ისტორიები ან მათში არსებული პერსონაჟები გაიგო, არამედ ის, რომ ამ პერსონაჟების ისტორიების მეშვეობით დაინახო ღვთის საქმენი და მისი ხასიათი, რათა შეძლო ღვთის შეცნობა და გაგება, დაინახო მისი რეალური მხარე და ბოლო მოუღო შენს წარმოსახვებს, შენს წარმოდგენებს მის შესახებ და შენს ბუნდოვან რწმენას მის მიმართ. თუ გთხოვდნენ ღვთის ხასიათის გაგებას, თავად ღვთის გაგებასა და შეცნობას ისე, რომ არაფერზე დაყრდნობა არ შეგეძლო, ხშირად თავს უმწეოდ, უძლურად იგრძნობდი და არც კი გეცოდინებოდა, საიდან დაგეწყო. ამიტომ, მე მოვძებნე ეს გამოსავალი; განზრახული მაქვს გამოვიყენო ეს მეთოდი და მიდგომა, რათა დაგეხმარო ღვთის უკეთ გაგებაში, დაგეხმარო ღვთის განზრახვების დაფასებასა და ღვთის ხასიათისა და თავად ღვთის უფრო ჭეშმარიტად შეცნობაში და მოგცეთ საშუალება ჭეშმარიტად შეიგრძნოთ ღვთის არსებობა და ნამდვილად დააფასოთ მისი განზრახვები კაცობრიობის მიმართ. განა ეს ყველასთვის სასარგებლო არ იქნება? ახლა, როდესაც თქვენ უბრუნდებით ამ ისტორიებსა და წმინდა წერილის მონაკვეთებს, რას გრძნობთ გულში? ფიქრობთ, რომ წმინდა წერილის ის ნაწილები, რომლებიც მე ამოვარჩიე, ზედმეტია? კვლავ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის, რაც ახლახან გითხარით: ამ პერსონაჟების ისტორიების თქვენთვის წაკითხვის მიზანია, დაგეხმაროთ იმის დანახვაში, თუ როგორ ასრულებს ღმერთი თავის საქმეს ადამიანებზე და გაიგოთ მისი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ. რა საშუალებით მიიღწევა ეს გაგება? თქვენ შეგიძლიათ ღვთის შესახებ ყოველივე ამას ჩასწვდეთ იმ საქმის მეშვეობით, რომელიც ღმერთმა წარსულში აღასრულა და მისი იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა აღასრულებს. ეს ყოველივე რეალურია და უნდა იცოდეს და ესმოდეს ყველას, ვისაც ღვთის შეცნობა სურს.
მოდით, დავიწყოთ ადამისა და ევას ამბით და მოვიყვანოთ ციტატა წმინდა წერილიდან.
ა. ადამი და ევა
1. ღვთის შეგონება ადამს
დაბ. 2:15–17 და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი. და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.“
ისწავლეთ თუ არა რაიმე მუხლებიდან — „ღვთის შეგონება ადამს“? რას გაგრძნობინებთ წმინდა წერილის ეს ნაწილი? რატომ მოვიყვანე წმინდა წერილის ეს მონაკვეთი, „ღვთის შეგონება ადამს“, ამონარიდად? წარმოგიდგებათ თუ არა ახლა თითოეულ თქვენგანს გონებაში ღმერთისა და ადამის სურათი? შეგიძლიათ სცადოთ წარმოიდგინოთ: თქვენ რომ იმ სცენაში ყოფილიყავით, გულის სიღრმეში, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა ღმერთი? რას გაგრძნობინებთ ეს სურათი? ეს არის ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ღმერთი და ადამიანია, მათ შორის არსებული სიახლოვე ადამიანებს ძლიერ წადილს აღუძრავს: ღვთის უშრეტი სიყვარული უხვად ენიჭება ადამიანს და მთლიანად მოიცავს მას; ადამიანი არის უმანკო და სუფთა, ტვირთისგან თავისუფალი და უდარდელი, რომელიც ნეტარებით ცხოვრობს ღვთის თვალწინ; ღმერთი ზრუნავს ადამიანზე, ხოლო ადამიანი ღვთის მფარველობის ქვეშ ცხოვრობს; ყოველივე, რასაც ადამიანი აკეთებს და მისი ყოველი სიტყვა თუ ქმედება, მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმერთთან და მისგან განუყოფელია.
ამას შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის შექმნის შემდეგ ღვთის მიერ ადამიანისთვის მიცემული პირველი შეგონება. რას გადმოსცემს ეს შეგონება? იგი გადმოსცემს ღვთის განზრახვას და ასევე მის წუხილს კაცობრიობის გამო. ეს არის ღვთის პირველი შეგონება და ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთი გამოხატავს წუხილს კაცობრიობის მიმართ. ანუ ღმერთი გრძნობდა პასუხისმგებლობას კაცობრიობის მიმართ მათი შექმნის წამიდან. რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა? მან უნდა დაიცვას ადამიანი, თვალყური ადევნოს მას. იგი იმედოვნებს, რომ ადამიანი ენდობა და დაემორჩილება მის სიტყვებს. ეს ასევე არის ღვთის პირველი მოლოდინი კაცობრიობის მიმართ. სწორედ ამ მოლოდინით ამბობს ღმერთი შემდეგს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.“ ეს მარტივი სიტყვები წარმოადგენს ღვთის განზრახვას. ისინი ასევე ცხადყოფს, რომ თავის გულში ღმერთმა დაიწყო ადამიანზე ზრუნვა. ყოველივეს შორის მხოლოდ ადამი შეიქმნა ღვთის ხატად; ადამი იყო ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც ღმერთმა თავისი სუნთქვა შთაბერა; მას შეეძლო ღმერთთან ერთად სიარული, ღმერთთან საუბარი. სწორედ ამიტომ მისცა ღმერთმა მას ეს შეგონება. ამ შეგონებაში ღმერთმა განაცხადა, რისი გაკეთება შეეძლო ადამიანს და რისი არა; მან ეს ძალიან ნათლად გამოხატა.
ამ რამდენიმე მარტივ სიტყვაში ჩვენ ვხედავთ ღვთის გულს. მაგრამ როგორი გული ვლინდება აქ? არის თუ არა სიყვარული ღვთის გულში? არის თუ არა ზრუნვა? ამ მუხლებში ღვთის სიყვარული და ზრუნვა არა მხოლოდ ფასდება, არამედ კიდევ უფრო მეტად ჭეშმარიტად და ხელშესახებად აღიქმება. განა არ მეთანხმები? ჩემი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, კვლავ ფიქრობ რომ ეს მხოლოდ რამდენიმე მარტივი სიტყვაა? ისინი სულაც არ არის ასე მარტივი, არა? იცოდი თუ არა ყოველივე ამის შესახებ მანამდე? ღმერთს პირადად შენთვის რომ ეთქვა რამდენიმე მსგავსი სიტყვა, რას იგრძნობდი შინაგანად? თუ ადამიანობა არ გაგაჩნია და ყინულივით ცივი გული გაქვს, მაშინ ვერაფერს იგრძნობ, ვერ შეიგრძნობ ღვთის სიყვარულს და არც ეცდები ღვთის გულში ჩაწვდომას. მაგრამ თუ სინდისი და ადამიანობა გაგაჩნია, სხვაგვარი განცდები გექნება. იგრძნობ სითბოს, შენდამი ზრუნვასა და სიყვარულს, ბედნიერებას იგრძნობ. განა ასე არ არის? ეს ყოველივე რომ გეგრძნო, როგორ მოიქცეოდი ღმერთთან მიმართებაში? იგრძნობდი თუ არა მიჯაჭვულობას ღვთისადმი? გეყვარებოდა თუ არა ის და გექნებოდა თუ არა ღვთისმოშიში გული? დაუახლოვდებოდა თუ არა შენი გული ღმერთს? აქედან გამომდინარე შეგიძლია დაინახო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის სიყვარული ადამიანისთვის. და რაც კიდევ უფრო გადამწყვეტია, ეს არის ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულის შეგრძნება და წვდომა. სინამდვილეში განა ღმერთი არ ამბობს ბევრ მსგავს რამეს თავისი საქმის აღსრულების ამ ეტაპზე? არიან თუ არა დღეს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის გულში ჩაწვდომა? შეგიძლია თუ არა ჩასწვდე ღვთის იმ განზრახვას, რომელზეც ახლახან ვისაუბრე? შენ ვერც კი ჩასწვდები ღვთის განზრახვას მაშინაც კი, როდესაც ის ასეთი კონკრეტული, რეალური და პრაქტიკულია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შენ არ ძალგიძს ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება და გაგება. განა ეს სიმართლე არ არის? მაგრამ მოდი, ჯერჯერობით ამაზე შევჩერდეთ.
2. ღმერთი ქმნის ევას
დაბ. 2:18–20 და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.“ და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ეხილა, რას უწოდებდა მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე.
დაბ. 2:21–24 და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან. და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.“
მონაკვეთში „ღმერთი ქმნის ევას“, არის ერთი საკვანძო ფრაზა: „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი.“ მაშ, ვინ უწოდა სახელები ყველა ცოცხალ არსებას? ეს იყო ადამი და არა ღმერთი. ეს ფრაზა ადამიანს ერთ ფაქტს ეუბნება: ღმერთმა ადამიანს შექმნისას სიბრძნე უბოძა. ანუ ადამიანის სიბრძნე ღვთისგან მომდინარეობდა. ეს უდავოა. მაგრამ რატომ? მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი შექმნა, იარა ადამმა სკოლაში? იცოდა მან კითხვა? მას შემდეგ, რაც ღმერთმა სხვადასხვა ცოცხალი არსება შექმნა, იცნობდა ადამი ყველა ამ არსებას? უთხრა მას ღმერთმა, რა ერქვათ მათ? რა თქმა უნდა, ღმერთს არც ის უსწავლებია მისთვის, თუ როგორ მოეფიქრებინა ამ არსებებისთვის სახელები. ეს ფაქტია! მაშ, საიდან იცოდა ადამმა, როგორ ეწოდებინა ამ ცოცხალი არსებებისთვის სახელები და როგორი სახელები დაერქმია მათთვის? ეს უკავშირდება იმ საკითხს, თუ რა შესძინა ღმერთმა ადამს მისი შექმნისას. ფაქტები ამტკიცებს, რომ როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, მან მას თავისი სიბრძნე უბოძა. ეს საკვანძო მომენტია, ამიტომ ყურადღებით მოისმინეთ. არის კიდევ ერთი საკვანძო მომენტი, რომელიც თქვენ უნდა გესმოდეთ: მას შემდეგ, რაც ადამმა ამ ცოცხალ არსებებს სახელები უწოდა, ეს სახელები ღვთის მიერ იყო დადგენილი. რატომ ვამბობ ამას? რადგან ეს ასევე ეხება ღვთის ხასიათს და ეს ის საკითხია, რომელიც უფრო ვრცლად უნდა განვმარტო.
ღმერთმა შექმნა ადამიანი, შთაბერა მას სიცოცხლის სუნთქვა და ასევე უბოძა მას თავისი სიბრძნის, თავისი უნარებისა და იმის ნაწილი, რაც მას გააჩნია და მისი არსებაა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანს ყოველივე ეს უბოძა, ადამიანმა შეძლო ზოგიერთი რამის დამოუკიდებლად კეთება და დამოუკიდებლად აზროვნება. თუ ის, რასაც ადამიანი მოიფიქრებს და აკეთებს, კარგია ღვთის თვალში, მაშინ ღმერთი იღებს მას და არ ერევა. თუ ადამიანის ქმედება სწორია, ღმერთი ძალაში ტოვებს მას. მაშ, რაზე მიუთითებს ფრაზა: „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი“? იგი მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთს არ შეუცვლია სხვადასხვა ცოცხალი არსებისთვის დარქმეული არცერთი სახელი. რა სახელიც არ უნდა ეწოდებინა ადამს რომელიმე არსებისთვის, ღმერთი იტყოდა: „დაე, იყოს ასე“, და ამტკიცებდა ამ არსების სახელს. გამოთქვა თუ არა ღმერთმა რაიმე წინააღმდეგობა? არა, ნამდვილად არა. მაშ, რას ასკვნით თქვენ აქედან? ღმერთმა ადამიანს სიბრძნე უბოძა და ადამიანმა ღვთივბოძებული სიბრძნე საქმეების საკეთებლად გამოიყენა. თუ იმას, რასაც ადამიანი აკეთებს, დადებითად თვლის ღმერთი, მაშინ იგი ამტკიცებს, აღიარებს და იღებს მას; ღმერთი მას საერთოდ არ განიკითხავს ან აკრიტიკებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც არცერთ ადამიანს, ბოროტ სულს ან სატანას არ ძალუძს. ხედავ თუ არა აქ ღვთის ხასიათის გამოვლენას? დაუშვებდა თუ არა ადამიანი, გახრწნილი ადამიანი ან სატანა, რომ სხვას გაეკეთებინა რაიმე მისი სახელით პირდაპირ მის ცხვირწინ? რა თქმა უნდა, არა! შეებრძოლებოდნენ თუ არა ისინი ამ მდგომარეობისთვის სხვა ადამიანს ან ძალას, რომელიც მათგან განსხვავდება? რა თქმა უნდა შეებრძოლებოდნენ! იმ დროს ადამთან გახრწნილი ადამიანი ან სატანა რომ ყოფილიყო, ისინი აუცილებლად უარყოფდნენ იმას, რასაც ადამი აკეთებდა. იმის დასამტკიცებლად, რომ მათ აქვთ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი და საკუთარი უნიკალური ხედვა, ისინი უარყოფდნენ ყველაფერს, რაც ადამმა გააკეთა: „შენ გინდა, რომ ამას ასე უწოდო? მე არ ვაპირებ ასე ვუწოდო, მე მას სხვანაირად ვუწოდებ; შენ მას ტომი დაარქვი, მაგრამ მე მას ჰარის დავარქმევ. მე უნდა ვაჩვენო, რაოდენ ჭკვიანი ვარ.“ როგორი ბუნებაა ეს? განა ეს ამპარტავნება არ არის? და რას ვიტყვით ღმერთზე? აქვს თუ არა მას ასეთი ხასიათი? გადადგა თუ არა ღმერთმა რაიმე უჩვეულო ნაბიჯი იმის წინააღმდეგ, რასაც ადამი აკეთებდა? პასუხი ცალსახად არის — არა! ღვთის მიერ გამოვლენილ ხასიათში არ არის კამათის, ამპარტავნების ან თვითმართლობის უმცირესი ნიშანიც კი. ეს აქედან ნათლად ჩანს. ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ შენ ვერ შეიცნობ ღვთის არსს, თუ გულში არ დაფიქრდები იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი და როგორია ღვთის დამოკიდებულება, მაშინ შენ ვერ შეიცნობ ღვთის ხასიათს და ვერ დაინახავ ღვთის ხასიათის გამოხატულებასა და გაცხადებას. განა ასე არ არის? ეთანხმები თუ არა იმას, რაც ახლახან აგიხსენი? ადამის ქმედებების საპასუხოდ ღმერთს დიდი ზარ-ზეიმით არ განუცხადებია: „კარგად მოიქეცი, სწორად მოიქეცი და მე გეთანხმები!“ თუმცა, თავის გულში ღმერთმა აღიარა, დააფასა და მოიწონა ის, რაც ადამმა გააკეთა. ეს იყო პირველი რამ შექმნის დღიდან, რაც კაცობრიობამ ღვთისთვის გააკეთა მისი მითითებით. ეს იყო ის, რაც ადამიანმა ღვთის ნაცვლად და ღვთის სახელით გააკეთა. ღვთის თვალშ, ეს იმ სიბრძნიდან მომდინარეობდა, რომელიც მან ადამიანს უბოძა. ღმერთმა ეს კარგ, დადებით მოვლენად მიიჩნია. ის, რაც ადამმა იმ დროს გააკეთა, იყო ღვთის სიბრძნის პირველი გამოვლინება კაცობრიობაში. ღვთის გადმოსახედიდან ეს მშვენიერი გამოვლინება იყო. რისი თქმაც აქ შენთვის მსურს, არის ის, რომ ღვთის მიზანი, როდესაც მან ადამიანს უბოძა თავისი სიბრძნისა და იმის ნაწილი, რაც მას გააჩნია და მისი არსებაა, იყო ის, რომ ადამიანი ყოფილიყო ცოცხალი არსება, რომელიც მას გამოავლენდა. მისი სახელით სწორედ ასეთი ცოცხალი არსების მოქმედება იყო ის, რისი ხილვაც ღმერთს ასე ძალიან სურდა.
3. ღმერთი ადამისა და ევასთვის ტყავის სამოსელს ამზადებს
დაბ. 3:20–21 და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა. და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.
მოდი, განვიხილოთ ეს მესამე მონაკვეთი, რომელიც მიუთითებს, რომ იმ სახელის მიღმა, რომელიც ადამმა ევას უწოდა, გარკვეული აზრი დევს. ეს აჩვენებს, რომ შექმნის შემდეგ ადამს საკუთარი ფიქრები გააჩნდა და ბევრი რამ ესმოდა. მაგრამ ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ შევისწავლოთ ან გამოვიკვლიოთ, თუ რა ესმოდა მას ან რამდენად ესმოდა, რადგან ეს არ არის იმ მესამე მონაკვეთის მთავარი აზრი, რომლის განხილვაც მსურს. მაშ, რა არის მესამე მონაკვეთის მთავარი აზრი? მოდი, შევხედოთ ფრაზას: „და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.“ დღეს რომ არ გვქონდეს თანაზიარება წმინდა წერილის ამ ფრაზაზე, თქვენ შესაძლოა ვერასოდეს ჩასწვდომოდით ამ სიტყვების უფრო ღრმა მნიშვნელობას. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, მოგცეთ რამდენიმე მინიშნება. წარმოიდგინეთ ედემის ბაღი, სადაც ადამი და ევა ცხოვრობენ. ღმერთი მათ მოსანახულებლად მიდის, მაგრამ ისინი იმალებიან, რადგან შიშვლები არიან. ღმერთი ვერ ხედავს მათ და მათი მოხმობის შემდეგ ისინი პასუხობენ: „ვერ ვბედავთ შენს დანახვას, რადგან ჩვენი სხეულები შიშველია.“ ისინი ვერ ბედავენ ღვთის დანახვას, რადგან შიშვლები არიან. მაშ, რას აკეთებს იეჰოვა ღმერთი მათთვის? დედანში ნათქვამია: „და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.“ აქედან გამომდინარე, გესმით თუ არა, რა გამოიყენა ღმერთმა მათი სამოსის დასამზადებლად? ღმერთმა ცხოველთა ტყავი გამოიყენა მათი სამოსის დასამზადებლად. ანუ სამოსი, რომელიც ღმერთმა ადამიანისთვის დაამზადა, ბეწვის იყო. ეს იყო პირველი სამოსი, რომელიც ღმერთმა ადამიანისთვის დაამზადა. დღევანდელი სტანდარტებით ბეწვის სამოსი ფუფუნების საგანია და ყველას არ აქვს მისი ტარების საშუალება. ვინმემ რომ გკითხოს: „რა იყო პირველი სამოსი, რომელსაც ჩვენი წინაპრები ატარებდნენ?“ შეგიძლია უპასუხო: „ეს იყო ბეწვის სამოსი.“ „ვინ დაამზადა ეს ბეწვის სამოსი?“ მაშინ შეგიძლია მიუგო: „ღმერთმა დაამზადა იგი!“ სწორედ ეს არის აქ მთავარი აზრი: ეს სამოსი ღვთის მიერ იყო დამზადებული. განა ეს არ არის განხილვის ღირსი? ჩემი აღწერის მოსმენის შემდეგ, წარმოგიდგათ თუ არა გონებაში სურათი? უხეში მონახაზი მაინც უნდა გქონდეთ. დღეს ამის თქმის მიზანი ის არ არის, რომ იცოდეთ, რა იყო კაცობრიობის პირველი სამოსი. მაშ, რა არის მიზანი? მთავარი აზრი ბეწვის სამოსი კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ უნდა შეიცნონ ადამიანებმა — როგორც ეს ღმერთმა თავისი აქაური ქმედებით გააცხადა — მისი ხასიათი, ის, რაც მას გააჩნია და მისი არსება.
„და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.“ ამ სცენაში, რა როლს ირგებს ღმერთი, როდესაც ის ადამსა და ევასთან ერთად არის? რა როლს ირგებს ღმერთი, როდესაც ის ევლინება ამ სამყაროს, რომელშიც მხოლოდ ორი ადამიანია? ევლინება თუ არა იგი ღვთის როლში? ძმებო და დებო ჰონგ-კონგიდან, გთხოვთ, მიპასუხოთ. (მშობლის როლში.) ძმებო და დებო სამხრეთ კორეიდან, როგორ ფიქრობთ, რა როლში გვევლინება ღმერთი? (ოჯახის უფროსის როლში.) ძმებო და დებო ტაივანიდან, თქვენ რას ფიქრობთ? (ადამისა და ევას ოჯახის წევრის როლში, ოჯახის წევრის როლში.) ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ ღმერთი ადამისა და ევას ოჯახის წევრად გვევლინება, ზოგი ამბობს, რომ ღმერთი ოჯახის უფროსად გვევლინება, სხვები კი ამბობენ, რომ — მშობლის როლში. ყველა ეს პასუხი ძალიან მართებულია. მაგრამ რისი თქმა მსურს აქ? ღმერთმა შექმნა ეს ორი ადამიანი და მათ თავის თანამგზავრებად მიიჩნევდა. როგორც მათი ერთადერთი ოჯახი, ღმერთი ზრუნავდა მათ ცხოვრებაზე და უზრუნველყოფდა მათ საკვებით, სამოსითა და თავშესაფრით. აქ ღმერთი ადამისა და ევას მშობლად გვევლინება. ღვთის ამ ქმედებაში ადამიანი ვერ ხედავს, რაოდენ ამაღლებულია ღმერთი; იგი ვერ ხედავს ღვთის უზენაესობას, მის მიუწვდომლობას და მით უმეტეს, მის რისხვასა თუ დიდებულებას. ერთადერთი, რასაც იგი ხედავს, არის ღვთის თავმდაბლობა, მისი კეთილმოსურნე სიყვარული, მისი ზრუნვა ადამიანზე და მისი პასუხისმგებლობა და მზრუნველობა მის მიმართ. ის დამოკიდებულება და გზა, რომლითაც ღმერთი ადამსა და ევას ეპყრობოდა, ჰგავს იმას, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანური მშობლები თავიანთ შვილებზე და როგორ უყვართ, პატრონობენ და ზრუნავენ ადამიანური მშობლები საკუთარ ვაჟებსა და ქალიშვილებზე — რეალურად, ხილულად და ხელშესახებად. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ძლევამოსილი სტატუსიდან გამომდინარე ემოქმედა, ღმერთმა პირადად გამოიყენა ტყავი კაცობრიობისთვის სამოსის დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, ბეწვის სამოსი ადამიანის სირცხვილის დასაფარად იყო გამოყენებული თუ სიცივისგან დასაცავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთმა ეს საქმე პირადად საკუთარი ხელით აღასრულა და არა გონების ან რაიმე სასწაულებრივი საშუალების გამოყენებით, რათა შეექმნა ეს სამოსი ადამიანის სხეულის დასაფარად, როგორც ეს ადამიანებს შეიძლება წარმოედგინათ. ღმერთმა ნამდვილად გააკეთა ისეთი რამ, რაზეც კაცობრიობა იფიქრებდა, რომ ღმერთი ამას არ გააკეთებდა და არც უნდა გაეკეთებინა. ეს შეიძლება მარტივი რამ იყოს — ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ეს აღნიშვნის ღირსიც არ არის — მაგრამ ეს საშუალებას აძლევს ღვთის ნებისმიერ მიმდევარს, რომელიც მის შესახებ ფანტაზიებით იყო აღსავსე, ჩასწვდეს მის ნამდვილობასა და საყვარელ ბუნებას და დაინახოს მისი ერთგულება და თავმდაბლობა. ეს აიძულებს ამპარტავან ადამიანებს, რომლებსაც თავი მაღლამდგომი და ძლევამოსილი ჰგონიათ, სირცხვილით დახარონ ქედმაღალი თავები ღვთის ნამდვილობისა და თავმდაბლობის წინაშე. აქ, ღვთის ნამდვილობა და თავმდაბლობა კიდევ უფრო მეტად აძლევს ადამიანებს იმის დანახვის საშუალებას, თუ რაოდენ საყვარელია იგი. ამის საპირისპიროდ, ის „ამაღლებული“ ღმერთი, „საყვარელი“ ღმერთი და „ყოვლისშემძლე“ ღმერთი, რომელიც ადამიანებს გულში ჰყავთ, იმდენად უმნიშვნელო და მახინჯი ხდება, რომ ოდნავი შეხებისთანავე იმსხვრევა. როდესაც ხედავ ამ მუხლს და ისმენ ამ ამბავს, ზემოდან ხომ არ უყურებ ღმერთს იმის გამო, რომ მან ასეთი რამ გააკეთა? ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ასეც მოიქცეს, მაგრამ სხვებს საპირისპირო რეაქცია ექნებათ. ისინი იფიქრებენ, რომ ღმერთი ნამდვილი და საყვარელია; სწორედ ღვთის ნამდვილობა და საყვარელი ბუნებაა ის, რაც მათ გულს უჩუყებს. რაც უფრო მეტად ხედავენ ისინი ღვთის რეალურ მხარეს, მით უფრო მეტად შეუძლიათ შეიგრძნონ ღვთის სიყვარულის ჭეშმარიტი არსებობა, ღვთის მნიშვნელობა მათ გულებში და ის, თუ როგორ დგას იგი მათ გვერდით ყოველ წამს.
ახლა, მოდი, ჩვენი განხილვა აწმყოს დავუკავშიროთ. თუ ღმერთს შეეძლო ამ სხვადასხვა მცირე საქმის აღსრულება იმ ადამიანთათვის, რომლებიც მან დასაბამში შექმნა, ისეთი რამისაც კი, რაზე ფიქრს ან რის მოლოდინსაც ადამიანები ვერასოდეს გაბედავდნენ, მაშინ შეუძლია თუ არა ღმერთს ადამიანთათვის მსგავსი რამის გაკეთება დღეს? ზოგიერთი ამბობს: „დიახ!“ რატომ ხდება ასე? რადგან ღვთის არსი არ არის ყალბი, არც მისი საყვარელი ბუნებაა ასეთი; ღვთის არსი ჭეშმარიტად არსებობს და არ არა სხვების მიერ დამატებული; მით უმეტეს, ის არ არის ისეთი რამ, რაც იცვლება სხვადასხვა დროის, ადგილისა და ეპოქის მიხედვით. სწორედ ის საქმეები, რომლებსაც ღმერთი აღასრულებს და რომლებსაც ადამიანები შეუმჩნევლად ან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ — ან თუნდაც რაღაც ძალიან წვრილმანად, რასაც მათი აზრით ღმერთი არ გააკეთებდა — სწორედ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტად გამოავლინონ ღვთის ნამდვილობა და საყვარელი ბუნება. ღმერთი არ არის არაგულწრფელი. მის ხასიათსა და არსში არ იგრძნობა მაღალფარდოვნება, თვალთმაქცობა, ქედმაღლობა ან ამპარტავნება. ის არასოდეს ტრაბახობს, არამედ ერთგული და ნამდვილი დამოკიდებულებით უყვარს და იცავს, ზრუნავს, პატრონობს და წინამძღოლობს იმ ადამიანებს, რომლებიც მან შექმნა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს ამის გამოცდა, შეგრძნება ან დანახვა, იგი ნამდვილად აღასრულებს ამ საქმეებს. იმოქმედებდა თუ არა ღვთის მიმართ ადამიანთა სიყვარულზე იმის ცოდნა, რომ ღმერთს ასეთი არსი გააჩნია? მოახდენდა თუ არა ეს გავლენას მათ ღვთისმოშიშებაზე? ვიმედოვნებ, როდესაც შეიცნობ ღვთის რეალურ მხარეს, კიდევ უფრო დაუახლოვდები მას და შეძლებ უფრო ჭეშმარიტად შეიგრძნო მისი სიყვარული და ზრუნვა ადამიანის მიმართ, ასევე შეძლებ გული მიუძღვნა ღმერთს და აღარ გქონდეს რაიმე ეჭვი ან უნდობლობა მის მიმართ. ღმერთი უხმაუროდ აღასრულებს ყოველივეს კაცობრიობისთვის; ის ამ ყოველივეს აღასრულებს ჩუმად, თავისი გულწრფელობით, ერთგულებითა და სიყვარულით. მაგრამ მას არასოდეს აქვს რაიმე შიში ან სინანული იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს; მას არასოდეს სჭირდება ვინმესგან რაიმე ფორმით სამაგიეროს გადახდა და არასოდეს იმედოვნებს, რომ ადამიანისგან რამეს გამორჩება. ერთადერთი მიზანი ყოველივესი, რაც კი ოდესმე აღუსრულებია, არის ის, რომ მიიღოს ადამიანის ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული. ამით, მე აქ დავასრულებ პირველ თემას.
დაგეხმარათ თუ არა ეს განხილვები? რამდენად სასარგებლო იყო ისინი? (ჩვენ მეტი გაგება და ცოდნა გვაქვს ღვთის სიყვარულის შესახებ.) (თანაზიარების ეს მეთოდი დაგვეხმარება მომავალში, რათა უკეთ ჩავწვდეთ ღვთის სიტყვას, ჩავწვდეთ იმას, თუ რას გრძნობდა და გულისხმობდა იგი, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, და ჩავწვდეთ მის იმდროინდელ გონებრივ მდგომარეობას.) გრძნობს თუ არა რომელიმე თქვენგანი ღვთის რეალურ არსებობას უფრო მეტად ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ? გრძნობთ თუ არა, რომ ღვთის არსებობა აღარ არის ცარიელი ან ბუნდოვანი? როგორც კი ეს გრძნობა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თუ არა შეიგრძნოთ, რომ ღმერთი ზუსტად თქვენ გვერდითაა? შესაძლოა, ეს შეგრძნება ახლა არ არის აშკარა ან ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ მას. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც თქვენს გულებში ჭეშმარიტად გექნებათ ღვთის ხასიათისა და არსის ღრმა წვდომა და რეალური ცოდნა, შეიგრძნობთ, რომ ღმერთი ზუსტად თქვენ გვერდითაა — უბრალოდ, თქვენ არასოდეს მიგიღიათ ღმერთი გულწრფელად თქვენს გულებში. ეს სიმართლეა!
რას ფიქრობთ თანაზიარების ამ მიდგომაზე? შეგიძლიათ თუ არა ფეხი აუწყოთ მას? ფიქრობთ თუ არა, რომ ამგვარი თანაზიარება ღვთის საქმისა და ღვთის ხასიათის თემაზე ძალიან მძიმეა? რას გრძნობთ? (ძალიან კარგად, აღფრთოვანებულები ვართ.) რამ გაგრძნობინათ თავი კარგად? რატომ იყავით აღფრთოვანებულნი? (ეს ჰგავდა ედემის ბაღში დაბრუნებას, კვლავ ღვთის გვერდით ყოფნას.) თითოეული ადამიანისთვის „ღვთის ხასიათი“ სინამდვილეში საკმაოდ უცხო თემაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ის, რასაც თქვენ ჩვეულებრივ წარმოიდგენთ, და რასაც წიგნებში კითხულობთ ან თანაზიარებებში ისმენთ, ხშირად გაგრძნობინებთ, თითქოს ბრმა იყოთ, რომელიც სპილოს ეხება — უბრალოდ ხელებს აფათურებთ, მაგრამ სინამდვილეში თვალებით ვერაფერს ხედავთ. მხოლოდ ხელის ცეცებით ღმერთზე ზოგად წარმოდგენასაც ვერ შეიქმნით, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მკაფიო გაგებაზე; ეს მხოლოდ კიდევ უფრო აღვივებს თქვენს ფანტაზიას. ეს ხელს გიშლით, ზუსტად განსაზღვროთ ღვთის ხასიათი და არსი; ნაცვლად ამისა თქვენი ფანტაზიიდან მომდინარე გაურკვევლობები მუდმივად ავსებს თქვენს გულებს ეჭვებით. როდესაც არ შეგიძლიათ იყო დარწმუნებული რაიმეში, მაგრამ მაინც ცდილობთ მის გაგებას, თქვენს გულებში ყოველთვის იქნება წინააღმდეგობები და კონფლიქტი; ზოგჯერ შფოთვის შეგრძნებაც კი, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ. განა მტანჯველი არ არის, გსურდეს ღვთის ძიება, ღვთის შეცნობა და მისი ნათლად დანახვა, მაგრამ თითქოს ვერასოდეს პოულობდე პასუხებს? რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მიმართულია მხოლოდ მათკენ, ვისაც სურს ეძიოს ღვთისმოშიშება და ასიამოვნოს მას. იმ ადამიანთათვის, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ მსგავს რამეებს, ამას სინამდვილეში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ სურთ, რომ ღვთის ნამდვილობა და არსებობა მხოლოდ ლეგენდა ან ფანტაზია იყოს, რათა შეძლონ აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, რათა იყვნენ ყველაზე დიადნი და ყველაზე მნიშვნელოვანნი, რათა შეეძლოთ ბოროტი საქმეების ჩადენა ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე ისე, რომ არ მოუწიოთ სასჯელის წინაშე დგომა ან რაიმე პასუხისმგებლობის ტარება, და რათა ისიც კი, რასაც ღმერთი ბოროტი ადამიანების შესახებ ამბობს, არ აღსრულდეს მათზე. ამ ადამიანებს არ სურთ ღვთის ხასიათის გაგება. მათ ეზიზღებათ ღვთისა და მის შესახებ ყოველივეს გაგების ცდა. მათ ურჩევნიათ, რომ ღმერთი არ არსებობდეს. ეს ადამიანები მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ; ისინი მათ შორის არიან, ვინც მოიკვეთება.
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ თემას ნოეს ამბიდან, რომელიც ეხება ღვთის საქმეს, ღვთის ხასიათსა და თავად ღმერთს.
რას ხედავთ, რას აკეთებს ღმერთი ნოეს მიმართ წმინდა წერილის ამ ნაწილში? შესაძლოა, აქ მსხდომთაგან ყველამ იცის რაღაც ამის შესახებ წმინდა წერილიდან: ღმერთმა ნოეს კიდობანი ააშენებინა, შემდეგ კი წარღვნით გაანადგურა სამყარო. ღმერთმა ნოეს კიდობანი მისი რვაკაციანი ოჯახის გადასარჩენად, რათა ისინი გადარჩენილიყვნენ და მომდევნო ეპოქაში კაცობრიობის წინაპრები გამხდარიყვნენ. ახლა კი მივუბრუნდეთ წმინდა წერილს.
ბ. ნოე
1. ღმერთი განიზრახავს წარღვნით გაანადგუროს სამყარო და ნოეს კიდობნის აშენებას ავალებს
დაბ. 6:9–14 ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში, და ღმერთის გზით დადიოდა იგი. და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით. და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან. გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან“.
დაბ. 6:18–22 „და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძეები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები შენთან ერთად. და ყოველთაგან, რაც ცოცხალია, ყოველ ხორციელთაგან, ორ-ორი უნდა შეიყვანო კიდობანში, რომ შენთან ერთად გადარჩნენ ცოცხალი; და ერთი მამალი უნდა იყოს და ერთი დედალი. ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ ორ-ორნი მოვლენ შენთან ყოველი გვარისაგან, რათა ცოცხალი გადარჩნენ. და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმევა, და მოაგროვე შენთან და იყოს შენთვის და მათთვის საზრდოდ.“ და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან.
ამ ორი ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ ახლა უკვე გაქვთ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ნოე? როგორი ადამიანი იყო ნოე? დედანში ვკითხულობთ: „ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში“. თანამედროვე ადამიანების გაგებით როგორი ადამიანი იყო „მართალი კაცი“ იმ დროში? მართალი კაცი უბიწო ადამიანი უნდა ყოფილიყო. როგორ გგონიათ, ეს უბიწო კაცი ადამიანთა თვალში იყო უბიწო, თუ ღვთის თვალში? ეჭვგარეშეა, რომ ეს უბიწო კაცი ღვთის თვალში იყო უბიწო და არა ადამიანთა თვალში. ეს დანამდვილებით ასეა! ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბრმაა და არ ძალუძს დანახვა; მხოლოდ ღმერთი იკვლევს მთელ დედამიწასა და თითოეულ ადამიანს; მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რომ ნოე უბიწო კაცი იყო. შესაბამისად, ღვთის გეგმა, წარღვნით გაენადგურებინა სამყარო, დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც მან ნოეს მოუხმო.
იმ ეპოქაში ღმერთმა განიზრახა, მოეხმო ნოესთვის, რათა მას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაეკეთებინა. რატომ უნდა შესრულებულიყო ეს დავალება? იმიტომ, რომ იმ მომენტში ღმერთს გულში ჰქონდა გეგმა. მისი გეგმა წარღვნით სამყაროს განადგურება იყო. რატომ გაანადგურებდა იგი სამყაროს? როგორც აქ წერია: „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით“. რას გაჩვენებთ ფრაზა „აღივსო იგი ძალადობით“? ის გაჩვენებთ, რომ როდესაც სამყარო და კაცობრიობა უკიდურესად გაიხრწნა, დედამიწაზე თავი იჩინა მოვლენამ, კერძოდ იმან, რომ „აღივსო იგი ძალადობით“. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, „ძალადობით აღვსება“ ნიშნავს, რომ ყველაფერი მწყობრიდან არის გამოსული. ადამიანის თვალში ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა ასპექტში წესრიგი აირია და ყველაფერი ქაოსური და ძნელად სამართავი გახდა. ღვთის თვალში კი ეს იმას ნიშნავდა, რომ სამყაროში მცხოვრები ადამიანები მეტისმეტად გაიხრწნენ. მაგრამ რა დონემდე გაიხრწნენ? იმ დონემდე, რომ ღმერთს აღარ შეეძლო მათი ყურება ან მათ მიმართ მოთმინების გამოჩენა. იმ დონემდე, რომ ღმერთმა მათი განადგურება გადაწყვიტა. როდესაც ღმერთმა სამყაროს განადგურება გადაწყვიტა, მან განიზრახა ეპოვა ვინმე, ვინც კიდობანს ააშენებდა. ღმერთმა ამ დავალების შესასრულებლად ნოე აირჩია; ანუ მან ნოეს კიდობანი ააშენებინა. რატომ აირჩია მან ნოე? ღვთის თვალში ნოე მართალი კაცი იყო; რასაც არ ავალებდა ღმერთი, ნოე შესაბამისად ასრულებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნოე აკეთებდა ყველაფერს, რასაც ღმერთი ეტყოდა. ღმერთს სურდა, ეპოვა სწორედ ასეთი ადამიანი, რომელიც ითანამშრომლებდა მის საქმესთან, რათა შეესრულებინა მისი ღვთიური მისია — დაესრულებინა მისი საქმე დედამიწაზე. იმ დროს ნოეს გარდა არსებობდა კი სხვა ვინმე, ვინც ასეთი დავალების შესრულებას შეძლებდა? რა თქმა უნდა, არა! ნოე იყო ერთადერთი კანდიდატი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ღვთიური მისიის შესრულება და ამიტომაც აირჩია იგი ღმერთმა. მაგრამ იყო თუ არა მაშინ ღვთის მიერ დაწესებული ადამიანთა გადარჩენის საზღვრები და სტანდარტები ისეთივე, როგორიც ახლაა? პასუხია: ნამდვილად არის განსხვავება! და რატომ ვსვამ ამ კითხვას? იმ დროს ღვთის თვალში ნოე ერთადერთი მართალი კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მისი ცოლი და არც რომელიმე მისი ვაჟი თუ რძალი არ ყოფილან მართალი ადამიანები, მაგრამ ღმერთმა ნოეს გამო მათ მაინც მისცა გადარჩენის საშუალება. ღმერთს მათთვის ისეთი მოთხოვნები არ წაუყენებია, როგორსაც ახლა აყენებს; ამის ნაცვლად მან ნოეს ოჯახის რვაკაციანი შემადგენლობა ცოცხალი დატოვა. მათ ღვთის კურთხევა იმის გამო მიიღეს, რომ ნოე მართალი ადამიანი იყო. ნოეს გარეშე ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა იმის შესრულებას, რაც ღმერთმა მიანდო. შესაბამისად, ნოე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სამყაროს ამ განადგურებისას უნდა გადარჩენილიყო, სხვები კი უბრალოდ მისი წყალობით გადარჩენილნი. ეს აჩვენებს, რომ იმ ეპოქაში, სანამ ღმერთი ოფიციალურად დაიწყებდა თავისი მართვის საქმის აღსრულებას, ის პრინციპები და სტანდარტები, რომლებითაც იგი ეპყრობოდა ადამიანებს და მოთხოვნებს უყენებდა მათ, შედარებით შემსუბუქებული იყო. დღევანდელი ადამიანებისთვის ის, თუ როგორ მოექცა ღმერთი ნოეს რვაკაციან ოჯახს, თითქოს მოკლებულია „სამართლიანობას“. მაგრამ უზარმაზარ საქმესთან შედარებით, რომელსაც ის ახლა აღასრულებს ადამიანებზე და სიტყვების იმ დიდ რაოდენობასთან შედარებით, რომლებსაც ის ახლა წარმოთქვამს, ღვთის მიერ ნოეს რვაკაციანი ოჯახისადმი გამოვლენილი დამოკიდებულება უბრალოდ სამუშაო პრინციპი იყო იმდროინდელი საქმის ფონზე. შედარებისთვის, ნოეს რვაკაციანმა ოჯახმა მეტი მიიღო ღვთისგან, თუ დღევანდელმა ადამიანებმა?
ის, რომ ნოე იქნა მოხმობილი, მარტივი ფაქტია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ის, რომ ამ ჩანაწერში ღვთის ხასიათი, მისი განზრახვები და მისი არსი არც ისე მარტივია. ღვთის ამ რამდენიმე ასპექტის გასაგებად ჯერ უნდა გავიგოთ, თუ როგორი ადამიანის მოხმობა სურს ღმერთს და ამის მეშვეობით გავიგოთ მისი ხასიათი, განზრახვები და არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშ, ღვთის თვალში, ზუსტად როგორი ადამიანია ის, ვისაც იგი უხმობს? ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოუსმინოს მის სიტყვებს და მიჰყვეს მის მითითებებს. ამავდროულად, ეს ასევე უნდა იყოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი, რომელიც შეასრულებს ღვთის სიტყვას და მოეკიდება მას, როგორც მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. მაშ, უნდა იყოს თუ არა ეს ადამიანი ისეთი ვინმე, ვინც ღმერთს იცნობს? არა. იმ დროს ნოეს ბევრი არაფერი გაეგებოდა ღვთის სწავლებების შესახებ და არც ღვთის საქმე ჰქონდა გამოცდილი. შესაბამისად, ნოეს ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდა ღვთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აქ წერია, რომ ნოე ღვთის გზას მიჰყვებოდა, უნახავს კი მას ოდესმე ღვთის პიროვნება? პასუხი ცალსახად არის — არა! ეს იმიტომ, რომ იმ დღეებში ადამიანებთან მხოლოდ ღვთის მაცნეები მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ღმერთი სიტყვითა და საქმით, ისინი მხოლოდ ღვთის ნებასა და მის სურვილებს გადასცემდნენ. ღვთის პიროვნება პირადად არ გამოცხადებია ადამიანს. წმინდა წერილის ამ ნაწილში ჩვენ ძირითადად მხოლოდ იმას ვხედავთ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ნოეს და როგორი იყო ღვთის მითითებები მის მიმართ. მაშ, როგორი იყო არსი, რომელიც ღმერთმა აქ გამოხატა? ყოველივე, რასაც ღმერთი აღასრულებს, ზუსტად არის დაგეგმილი. როდესაც იგი ხედავს რაიმე საგანს ან მოვლენას, მას გააჩნია სტანდარტი მის შესაფასებლად; ეს სტანდარტი განსაზღვრავს, დაიწყებს თუ არა იგი გეგმის განხორციელებას მის მოსაგვარებლად, ან რა მიდგომას გამოიყენებს ამ საგანთან თუ მოვლენასთან მიმართებაში. იგი არ არის გულგრილი ან აპათიური ყოველივეს მიმართ. სინამდვილეში, ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. აქ არის მუხლი, რომელიც გადმოგვცემს, თუ რა უთხრა ღმერთმა ნოეს: „ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან.“ როდესაც ღმერთმა ეს თქვა, გულისხმობდა თუ არა იგი იმას, რომ მხოლოდ ადამიანებს ანადგურებდა? არა! ღმერთმა თქვა, რომ იგი გაანადგურებდა ყოველ ხორციელ ცოცხალ არსებას. რატომ სურდა ღმერთს განადგურება? აქ ხდება ღვთის ხასიათის კიდევ ერთი ასპექტის გაცხადება; ღვთის თვალში მის მოთმინებას აქვს საზღვარიკაცობრიობის გახრწნილების, ყოველი ხორციელი სიბინძურის, ძალადობისა და ურჩობის მიმართ. რა არის მისი ზღვარი? ეს არის ის, რაც ღმერთმა თქვა: „და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე.“ რას ნიშნავს ფრაზა „რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე“? ეს ნიშნავს, რომ ღმერთს მოუწევდა ყველა ცოცხალი არსების განადგურება — მათ შორის მათი, ვინც მიჰყვებოდნენ ღმერთს, ვინც უხმობდნენ ღვთის სახელს, ვინც ოდესღაც სრულად დასაწველ მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს, ვინც სიტყვიერად აღიარებდნენ და ადიდებდნენ კიდეც ღმერთს — როგორც კი მათი ქცევა სრულიად გაიხრწნებოდა და ღვთის თვალთახედვაში მოხვდებოდა. ეს იყო ღვთის მიერ დაწესებული ზღვარი. მაშ, რა დონემდე ინარჩუნებდა ღმერთი მოთმინებას კაცობრიობისა და ყოველი ხორციელის გახრწნილების მიმართ? იმ დონემდე, რომ ყველა ადამიანი, ღვთის მიმდევარი იქნებოდა ის თუ არამორწმუნე, აღარ მიჰყვებოდა სწორ გზას. იმ დონემდე, რომ კაცობრიობა არა მხოლოდ ზნეობრივად იყო გახრწნილი და ბოროტებით აღვსილი, არამედ აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ღვთის არსებობის სწამდა; მით უმეტეს, აღარავის სჯეროდა, რომ სამყარო ღვთის ხელმწიფების ქვეშაა და რომ ღმერთს ძალუძს ადამიანთათვის სინათლისა და სწორი გზის მოტანა. იმ დონემდე, რომ კაცობრიობას სძულდა ღვთის არსებობა და მას არსებობის უფლებას არ აძლევდა. როგორც კი კაცობრიობის გახრწნილებამ ამ წერტილს მიაღწია, ღმერთმა ვეღარ შეძლო მოთმინების შენარჩუნება. რა ჩაანაცვლებდა მას? ღვთის რისხვისა და სასჯელის მოვლენა. განა ეს ღვთის ხასიათის ნაწილობრივი გაცხადება არ იყო? ამჟამინდელ ეპოქაში დარჩა კი ღვთის თვალში თუნდაც ერთი მართალი ადამიანი? დარჩა კი ღვთის თვალში თუნდაც ერთი უბიწო ადამიანი? განა ეს ის ეპოქა არ არის, როდესაც დედამიწაზე ყოველი ხორციელის ქცევა გახრწნილია ღვთის თვალში? დღევანდელ დღესა და ეპოქაში განა ყველა ხორციელი ადამიანი — გარდა იმათი, ვისი სრულქმნაც ღმერთს სურს და ვისაც შეუძლია მიჰყვეს ღმერთს და მიიღოს მისი ხსნა — არ ცდის ღვთის მოთმინების ზღვარს? განა ყოველივე, რაც თქვენ ირგვლივ ხდება — რასაც თქვენი თვალით ხედავთ და ყურით გესმით და რასაც პირადად განიცდით ყოველდღე ამ სამყაროში — ძალადობით არ არის აღვსილი? ღვთის შეხედულებით, განა ასეთი სამყარო, ასეთი ეპოქა არ უნდა დასრულდეს? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ეპოქის ფონი სრულიად განსხვავდება ნოეს დროინდელი ფონისგან, ღვთის განწყობა და ბრაზი კაცობრიობის გახრწნილებასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე რჩება. მიზეზი, რის გამოც ღმერთს შეუძლია მოთმინების გამოჩენა, მისი საქმეა, მაგრამ გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით, ღვთის აზრით ეს სამყარო დიდი ხნის წინ უნდა განადგურებულიყო. დღევანდელი გარემოებები ბევრად აღემატება იმას, რაც მაშინ იყო, როდესაც სამყარო წარღვნით განადგურდა. მაგრამ რა არის განსხვავება? ეს არის ასევე ის, რაც ყველაზე მეტად ამწუხრებს ღვთის გულს და შესაძლოა ისიც, რისი გააზრებაც არცერთ თქვენგანს არ ძალუძს.
როდესაც ღმერთმა სამყარო წარღვნით გაანადგურა, ღმერთმა შეძლო მოეხმო ნოესთვის, რათა მას კიდობანი აეშენებინა და გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები შეესრულებინა. ღმერთს შეეძლო მოეხმო ერთი ადამიანისთვის — ნოესთვის — რათა მისთვის შეესრულებინა მთელი რიგი საქმეებისა. თუმცა ამჟამინდელ ეპოქაში ღმერთს არავინ ჰყავს, ვისაც მოუხმობს. რატომ ხდება ასე? აქ მსხდომთაგან თითოეულმა ალბათ იცის ამის მიზეზი და ნათლად ესმის იგი. პირდაპირ გითხრათ? ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, შეიძლება შეგრცხვეთ და ყველა აღელდეს. ზოგმა შეიძლება თქვას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მართალი ადამიანები და არ ვართ უბიწო ადამიანები ღვთის თვალში, ღმერთს რომ ჩვენთვის რამის გაკეთება დაევალებინა, მაინც შევძლებდით მის შესრულებას. ადრე, როდესაც მან თქვა, რომ დიდი კატასტროფები ახლოვდებოდა, ჩვენ დავიწყეთ საკვებისა და იმ ნივთების მომზადება, რომლებიც კატასტროფების დროს იქნებოდა საჭირო. განა ეს ყოველივე ღვთის მოთხოვნების შესაბამისად არ გაკეთდა? განა ჩვენ მართლა არ ვთანამშრომლობდით ღვთის საქმესთან? განა არ შეიძლება ჩვენ მიერ გაკეთებული ეს საქმეები შევადაროთ იმას, რაც ნოემ გააკეთა? განა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ჭეშმარიტი მორჩილება არ არის? განა ჩვენ არ მივყვებოდით ღვთის მითითებებს? განა ჩვენც არ გავაკეთეთ ის, რაც ღმერთმა თქვა, რადგან გვწამს ღვთის სიტყვების?“ მაშინ რატომ არის ღმერთი მაინც დამწუხრებული? რატომ ამბობს ღმერთი, რომ არავინ ჰყავს, ვისაც მოუხმობს? არის თუ არა რაიმე განსხვავება მათ ქმედებებსა და ნოეს ქმედებებს შორის? რა არის ეს განსხვავება? (დღეს კატასტროფებისთვის საკვების მომზადება ჩვენი განზრახვა იყო.) (ჩვენი ქმედებები ვერ ჩაითვლება „მართებულად“, მაშინ როცა ნოე ღვთის თვალში მართალი კაცი იყო.) ის, რაც თქვენ თქვით, არც ისე შორს არის სიმართლისგან. ის, რაც ნოემ გააკეთა, არსებითად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ხალხი ახლა აკეთებს. როდესაც ნოე ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა დაავალა, მან არ იცოდა, რა იყო ღვთის განზრახვები. მან არ იცოდა, რისი მიღწევა სურდა ღმერთს. ღმერთმა მას მხოლოდ ბრძანება მისცა და დაავალა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე; ნოე წავიდა და ეს შეასრულა. მას არ უცდია ფარულად ევარაუდა, თუ რა იყო ღვთის სურვილები, იგი არ შეწინააღმდეგებია ღმერთს და სრულიად მთელი გულით ავლენდა თავდადებას. მან უბრალოდ შეასრულა ეს უბიწო და წრფელი გულით. რასაც ღმერთი ავალებდა, ის აკეთებდა და ღვთის სიტყვისადმი მორჩილება და მისი მოსმენა იყო ის რწმენა, რომელიც საფუძვლად ედო მის ქმედებებს. აი, ასე პირდაპირ და უბრალოდ ეკიდებოდა იგი ღვთის დავალებას. მისი არსი — მისი ქმედებების არსი — იყო მორჩილება ყოველგვარი ეჭვისა და წინააღმდეგობის გარეშე და მით უმეტეს, საკუთარ ინტერესებზე ან პირად მოგებასა თუ წაგებაზე ფიქრის გარეშე. უფრო მეტიც, როდესაც ღმერთმა თქვა, რომ წარღვნით გაანადგურებდა სამყაროს, ნოეს არ უკითხავს, როდის მოხდებოდა ეს, არც მეტის გაგება უცდია და მით უმეტეს, არ უკითხავს ღმერთისთვის, ზუსტად როგორ აპირებდა იგი სამყაროს განადგურებას. უბრალოდ ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა დაავალა. როგორც ღმერთმა დაავალა კიდობნის აშენება — და რა მასალებითაც — მან ზუსტად ისე გააკეთა ეს და იმოქმედა მაშინვე, როგორც კი ღმერთმა ბრძანება გასცა. იგი მოქმედებდა ღვთის მითითებების შესაბამისად, იმ განწყობით, რომ სურდა ღვთის განზრახვათა შესრულება. აკეთებდა კი იგი ამას იმისთვის, რომ საკუთარ თავს დახმარებოდა კატასტროფის თავიდან აცილებაში? არა. ჰკითხა კი მან ღმერთს, კიდევ რამდენი დრო რჩებოდა სამყაროს განადგურებამდე? არ უკითხავს. ჰკითხა კი მან ღმერთს ან იცოდა თუ არა, რამდენი დრო დასჭირდებოდა კიდობნის აშენებას? არც ეს იცოდა მან. მან უბრალოდ მორჩილება გამოიჩინა, მოუსმინა და შესაბამისად იმოქმედა. დღევანდელი ადამიანები ასეთები არ არიან: როგორც კი ღვთის სიტყვიდან მცირეოდენი ინფორმაცია გაჟონავს, როგორც კი ადამიანები ქარში ფოთლების შრიალსაც კი იგრძნობენ, დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადადიან ნებისმიერ ფასად და მიუხედავად ყველაფრისა, რათა მოამზადონ ის, რასაც შეჭამენ, დალევენ და გამოიყენებენ შემდგომ პერიოდში; მათ გაქცევის გზაც კი წინასწარ აქვთ დაგეგმილი იმ შემთხვევისთვის, როდესაც კატასტროფა დაატყდებათ თავს. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ადამიანის ტვინი ძალიან კარგად ახერხებს „საქმის ბოლომდე მისაყვანად“ მუშაობას. იმ გარემოებებში, როდესაც ღმერთს არავითარი მითითება არ გაუცია, ადამიანს შეუძლია ძალიან საფუძვლიანად დაგეგმოს თავისი მომავალი საქმეები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვა „სრულყოფილი“ ასეთი გეგმების აღსაწერად. რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს ღმერთი, რა არის ღვთის განზრახვები ან რა სურს ღმერთს, ეს არავის ადარდებს და არავინ ცდილობს ამის გააზრებას. განა ეს არ არის ყველაზე დიდი განსხვავება დღევანდელ ადამიანებსა და ნოეს შორის?
ნოეს ამბის ამ ჩანაწერში ხედავთ თუ არა ასევე ღვთის ხასიათის ნაწილს? ღვთის მოთმინებას აქვს საზღვარი კაცობრიობის გახრწნილების, სიბინძურისა და ძალადობის მიმართ. როდესაც ამ ზღვარს მიაღწევს, იგი აღარ გამოიჩენს მოთმინებას და ამის ნაცვლად დაიწყებს ახალ მართვასა და ახალ გეგმას, იმის კეთებას, რაც განიზრახა და გამოავლენს თავის საქმეებსა და თავისი ხასიათის მეორე მხარეს. ღვთის ეს ქმედება არ ემსახურება იმის დემონსტრირებას, რომ არ იწყნარებს ადამიანისგან შეურაცხყოფას ან რომ სავსეა ძალაუფლებითა და რისხვით და არც იმას, რომ მას შეუძლია კაცობრიობის განადგურება. საქმე ისაა, რომ მისი ხასიათი და წმინდა არსი აღარ დაუშვებს ან მოითმენს იმას, რომ ამგვარმა კაცობრიობამ იცხოვროს მის წინაშე და მისი ხელმწიფების ქვეშ. ამგვარად, როდესაც მთელი კაცობრიობა მის მიმართ მტრულად არის განწყობილი, როდესაც მთელ დედამიწაზე აღარავინაა ისეთი, ვისი გადარჩენაც მას შეუძლია, იგი აღარ გამოიჩენს მოთმინებას ასეთი კაცობრიობის მიმართ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განახორციელებს თავის გეგმას — გაანადგუროს ამგვარი კაცობრიობა. ღვთის ასეთ ქმედებას მისი ხასიათი განაპირობებს. ეს არის აუცილებელი შედეგი — შედეგი, რომელიც ღვთის ხელმწიფების ქვეშ მყოფმა თითოეულმა ქმნილებამ უნდა იტვირთოს. განა ეს არ აჩვენებს, რომ ამჟამინდელ ეპოქაში ღმერთი მოუთმენლად ელის თავისი გეგმის დასრულებას და იმ ადამიანთა გადარჩენას, რომელთა გადარჩენაც მას სურს? ამ გარემოებებში რა ადარდებს ღმერთს ყველაზე მეტად? არა ის, თუ როგორ ეპყრობიან ან ეწინააღმდეგებიან მას ისინი, ვინც საერთოდ არ მიჰყვება მას ან ვინც ბუნებრივად მტრულად არის განწყობილი მის მიმართ და არც ის, თუ როგორ სწამებს მას ცილს კაცობრიობა. მას მხოლოდ ის ადარდებს, არიან თუ არა მის მიერ სრულქმნილნი ისინი, ვინც მას მიჰყვება — მისი ხსნის ობიექტები მის მართვის გეგმაში — და შეძლეს თუ არა მათ მისი განზრახვების შესრულება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებიან მას, იგი მხოლოდ დროდადრო ავლენს მცირე „გამაფრთხილებელ სასჯელებს“ თავისი რისხვის გამოსახატავად, მაგალითად: ცუნამებს, მიწისძვრებსა და ვულკანურ ამოფრქვევებს. ამავდროულად იგი ასევე ძლიერად იცავს და ზრუნავს მათზე, ვინც მას მიჰყვება და ვისი გადარჩენაც აქვს განზრახული. ღვთის ხასიათი ასეთია: ერთი მხრივ, მას შეუძლია გამოიჩინოს უკიდურესი მოთმინება და შემწყნარებლობა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა სრულქმნაც განიზრახა, და მას შეუძლია დაელოდოს მათ იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელია; მეორე მხრივ, ღმერთს ძლიერ სძულს და ეზიზღება სატანის მოდგმისანი, რომლებიც არ მიჰყვებიან მას და მტრულად არიან განწყობილნი მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ადარდებს, მიჰყვებიან თუ არა სატანის მოდგმისანი მას ან სცემენ თუ არა თაყვანს, მას მაინც სძულს ისინი, თუმცა გულში მოთმინებას იჩენს მათ მიმართ, და როდესაც იგი განსაზღვრავს მათ შედეგს, იგი ასევე ელოდება თავისი მართვის გეგმის ნაბიჯების დადგომას.
მოდით, განვიხილოთ შემდეგი ნაწყვეტი.
2. ღვთის მიერ ნოეს კურთხევა წარღვნის შემდეგ
დაბ. 9:1–6 და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა. და ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს, და ყოველივეს, რაც იძვრის მიწაზე, ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული. ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ. და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.“
რას ხედავთ თქვენ ამ ნაწყვეტიდან? რატომ ავირჩიე ეს მუხლები? რატომ არ შევარჩიე ნაწყვეტი ნოესა და მისი ოჯახის კიდობანში ცხოვრების შესახებ? იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას დიდი კავშირი არ აქვს იმ თემასთან, რომელზეც დღეს თანაზიარება გვაქვს. ჩვენი ყურადღების ცენტრში ღვთის ხასიათია. თუ თქვენ გსურთ იცოდეთ ამ დეტალების შესახებ, მაშინ შეგიძლიათ თავად აიღოთ ბიბლია და წაიკითხოთ. ჩვენ აქ ამაზე არ ვისაუბრებთ. მთავარი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, თუ როგორ შევიცნოთ ღვთის საქმეები.
მას შემდეგ, რაც ნოემ მიიღო ღვთის მითითებები, ააშენა კიდობანი და გადაიტანა ის დღეები, როდესაც ღმერთმა წარღვნა გამოიყენა სამყაროს გასანადგურებლად, მისი რვაკაციანი ოჯახი გადარჩა. ნოეს რვაკაციანი ოჯახის გარდა, მთელი კაცობრიობა განადგურდა და დედამიწაზე ყოველი ცოცხალი არსება მოისპო. ნოეს ღმერთმა კურთხევა მისცა და რამდენიმე სიტყვა უთხრა მას და მის ვაჟებს. ეს იყო ის, რასაც ღმერთი ანიჭებდა მას და ასევე ღვთის კურთხევა მის მიმართ. ეს არის ის კურთხევა და დაპირება, რომელსაც ღმერთი აძლევს მას, ვისაც შეუძლია მოუსმინოს მას და მიიღოს მისი მითითებები და ეს ასევე არის ის გზა, რომლითაც ღმერთი აჯილდოებს ადამიანებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ნოე უბიწო ან მართალი კაცი ღვთის თვალში და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი იცოდა მან ღვთის შესახებ, მოკლედ რომ ვთქვათ, ნოემ და მისმა სამმა ვაჟმა მოუსმინეს ღვთის სიტყვებს, ითანამშრომლეს ღვთის საქმესთან და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ღვთის მითითებების შესაბამისად. შედეგად, მათ შეუნარჩუნეს ღმერთს ადამიანები და სხვადასხვა სახის ცოცხალი არსებები სამყაროს წარღვნით განადგურების შემდეგ, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ღვთის მართვის გეგმის მომდევნო ეტაპის განხორციელებაში. ყოველივეს გამო, რაც მან გააკეთა, ღმერთმა აკურთხა იგი. შესაძლოა, დღევანდელი ადამიანებისთვის ის, რაც ნოემ გააკეთა, ხსენებადაც არ ღირდეს. ზოგმა შეიძლება იფიქროს კიდეც: „ნოეს არაფერი გაუკეთებია; ღმერთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დანდობა, ამიტომ ის აუცილებლად გადარჩებოდა. მისი გადარჩენა მისი მიღწევების დამსახურება არ ყოფილა. ეს იყო ის, რისი განხორციელებაც ღმერთს სურდა, რადგან ადამიანი პასიურია.“ მაგრამ ღმერთი ასე არ ფიქრობდა. ღვთისთვის, სულერთია, ადამიანი დიადია თუ უმნიშვნელო, ვიდრე მას შეუძლია მოუსმინოს მას, დაემორჩილოს მის მითითებებსა და ღვთიურ მისიას და შეუძლია ითანამშრომლოს მის საქმესთან, მის ნებასა და მის გეგმასთან, რათა მისი ნება და მისი გეგმა შეუფერხებლად განხორციელდეს და აღსრულდეს, მაშინ ასეთი ქცევა ღირსია იმისა, რომ ღმერთმა მოიხსენიოს და მისი კურთხევა მიიღოს. ღმერთი აფასებს ასეთ ადამიანებს და იგი უფრთხილდება ასეთ ქცევას; იგი უფრთხილდება ამ სიყვარულს, რომელიც ადამიანებს აქვთ მის მიმართ და ამ გულს, რომელსაც ისინი ავლენენ მის მიმართ. ეს არის ღვთის დამოკიდებულება. მაშ, რატომ აკურთხა ღმერთმა ნოე? იმიტომ, რომ სწორედ ასე უყურებს ღმერთი ადამიანის ამგვარ ქმედებასა და მორჩილებას.
რაც შეეხება ღვთის მიერ ნოეს კურთხევას, ზოგი ადამიანი იტყვის: „თუ ადამიანი უსმენს ღმერთს და აკმაყოფილებს ღმერთს, მაშინ ღმერთმა უნდა აკურთხოს ადამიანი. განა ზუსტად ასე არ უნდა იყოს?“ შეგვიძლია თუ არა ამის თქმა? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „არა.“ რატომ არ შეგვიძლია ამის თქმა? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ადამიანი არ არის ღირსი, დატკბეს ღვთის კურთხევით.“ ეს მთლად სწორი არ არის. ეს იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი იღებს ღვთიურ მისიას, ღმერთს აქვს სტანდარტი იმის განსასჯელად, კარგია თუ ცუდი მისი ქმედებები, აქვს თუ არა ადამიანს მორჩილება, შეასრულა თუ არა ადამიანმა ღვთის განზრახვები და შეესაბამება თუ არა მისი საქმეები და ქცევა სტანდარტს. რასაც ღმერთი მნიშვნელობას ანიჭებს, არის ადამიანის გული და არა მისი გარეგნული ქმედებები. საქმე ისე არ არის, რომ ღმერთმა უნდა აკურთხოს ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაცას აკეთებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აკეთებს ამას. ეს არის გაუგებრობა, რომელიც ადამიანებს აქვთ ღვთის მიმართ. ღმერთი მხოლოდ საბოლოო შედეგს არ უყურებს; პირიქით, იგი მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორია ადამიანის გული და როგორია მისი დამოკიდებულება მოვლენების განვითარების პროცესში, არის თუ არა მის გულში მორჩილება, გულისხმისყოფა და ღვთისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი. რამდენი იცოდა ნოემ ღვთის შესახებ იმ დროს? იმდენივე, რამდენი მოძღვრებაც თქვენ იცით ახლა? ჭეშმარიტების ისეთი ასპექტების თვალსაზრისით, როგორიცაა ღვთის შესახებ წარმოდგენები და ცოდნა, მიიღო თუ არა მან იმდენივე მორწყვა და მწყემსვა, რამდენიც თქვენ? არა, არ მიუღია! მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც უდავოა: დღევანდელი ადამიანის ცნობიერებაში, გონებასა და გულის სიღრმეშიც კი, ღვთის შესახებ წარმოდგენები და მის მიმართ დამოკიდებულებები ბუნდოვანი და გაურკვეველია. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ადამიანთა ნაწილი უარყოფს ღვთის არსებობას. მაგრამ ნოეს გულსა და ცნობიერებაში ღვთის არსებობა ურყევი იყო და უმცირეს ეჭვსაც კი არ იწვევდა; შესაბამისად, მისი მორჩილება ღვთის მიმართ იყო წმინდა და ყოველგვარ გამოცდას უძლებდა. მისი გული სუფთა და ღია იყო ღვთის მიმართ. მას არ სჭირდებოდა მოძღვრებების ზედმეტი ცოდნა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა საკუთარი თავი, მიჰყოლოდა ღვთის თითოეულ სიტყვას; არც ბევრი ფაქტი სჭირდებოდა ღვთის არსებობის დასამტკიცებლად იმისათვის, რომ ღვთიური მისია მიეღო და ის გაეკეთებინა, რასაც ღმერთი დაავალებდა. ეს არის არსებითი განსხვავება ნოესა და დღევანდელ ადამიანებს შორის. ეს ასევე არის ზუსტად იმის ჭეშმარიტი ახსნა, თუ რას წარმოადგენს უბიწო ადამიანი ღვთის თვალში. ის, რაც ღმერთს სურს, ნოესნაირი ადამიანებია. ღმერთი იწონებს ასეთ ადამიანს; ზუსტად ასეთ ადამიანს აკურთხებს ღმერთი. მიიღეთ თუ არა ნათლის მოფენა აქედან? ადამიანები ერთმანეთს გარეგნულად აფასებენ, მაშინ როცა, ღმერთი ადამიანების გულსა და არსს უყურებს. ღმერთი არავის აძლევს უფლებას, მის მიმართ რაიმე დაუდევრობა ან ეჭვი გამოავლინოს, და არც იმას უშვებს, რომ ადამიანებმა მას ეჭვის თვალით უყურონ ან რაიმე ფორმით გამოცადონ იგი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ადამიანები ღვთის სიტყვის პირისპირ დგანან — შეიძლება ითქვას, ღვთის პირისპირ დგანან — მათი გულის სიღრმეში არსებული რაღაცის, მათი გახრწნილი არსებობისა და ღვთის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო ადამიანებს ხელი შეეშალათ ღვთისადმი ჭეშმარიტ რწმენაში და ისინი დაბრკოლდნენ მისდამი მორჩილებაში. ამის გამო მათთვის ძალიან რთულია მიიღონ იგივე კურთხევა, რომელიც ღმერთმა ნოეს მისცა.
შემდეგ, მოდით, წმინდა წერილის ეს ნაწილი განვიხილოთ: ღმერთი იყენებს ცისარტყელას ადამიანთან თავისი აღთქმის ნიშნად
3. ღმერთი იყენებს ცისარტყელას ადამიანთან თავისი აღთქმის ნიშნად
დაბ. 9:11–13 „და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ და თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ. ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.“
ადამიანთა უმეტესობამ იცის, რა არის ცისარტყელა, და მათ სმენიათ ცისარტყელასთან დაკავშირებული ამბები. რაც შეეხება ბიბლიაში აღწერილ ამბავს ცისარტყელას შესახებ, ზოგს სჯერა მისი, ზოგიერთი მას ლეგენდად მიიჩნევს, სხვებს კი საერთოდ არ სწამთ მისი. როგორც არ უნდა იყოს, ცისარტყელასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა ღვთის განგებით მოხდა და ღვთის მიერ კაცობრიობის მართვის პროცესში მიმდინარეობდა. ეს მოვლენები ზუსტად არის აღწერილი ბიბლიაში. ამ ჩანაწერებში არაფერია აღნიშნული იმის შესაბ, თუ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა ღმერთი იმ დროს ან რა განზრახვა იდგა ღვთის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვების მიღმა; მით უმეტეს, შეუძლებელია იმის სრულად შეგრძნება, რას განიცდიდა ღმერთი მათი წარმოთქმისას. თუმცა, ღვთის ფიქრები ამ ქმედებამდე და მის შემდეგ ტექსტის სტრიქონებს შორის იკითხება. თითქოს მისი იმდროინდელი ფიქრები ფურცლებიდან ცოცხლდება ღვთის ყოველი სიტყვისა და ფრაზის მეშვეობით.
ღვთის ფიქრები არის ის, რაც კაცობრიობას ყველაზე მეტად უნდა ადარდებდეს და რისი შეცნობაც ყველაზე მეტად უნდა სურდეს. ეს იმიტომ, რომ ღვთის ფიქრები განუყოფლად არის დაკავშირებული ადამიანის მიერ ღვთის შეცნობასთან, ხოლო ადამიანის მიერ ღვთის შეცნობა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში შესვლის შემადგენელი რგოლია. მაშ, რაზე ფიქრობდა ღმერთი იმ დროს, როდესაც ეს მოვლენები ხდებოდა?
კაცობრიობა, რომელიც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა და რომელიც მის თვალში ძალიან კარგი იყო და მასთან ახლოს იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ ამბოხების შემდეგ წარღვნამ გაანადგურა. დასწყვიტა თუ არა ღმერთს გული იმან, რომ ასეთი კაცობრიობა ასე მყისიერად გაქრა? რა თქმა უნდა! მაშ, როგორ გამოხატა მან ეს ტკივილი? ეს როგორ აისახა ბიბლიაში? ბიბლიაში ეს შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული: „და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ ეს მარტივი წინადადება ღვთის ფიქრებს ამჟღავნებს. სამყაროს ამგვარმა განადგურებამ მას დიდი ტკივილი მიაყენა. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, იგი ძალიან დამწუხრებული იყო. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: როგორი იყო დედამიწა, რომელიც ოდესღაც სიცოცხლით იყო სავსე, წარღვნის მიერ განადგურების შემდეგ? როგორ გამოიყურებოდა იმ დროს დედამიწა, რომელიც ოდესღაც ადამიანებით იყო სავსე? არავითარი ადამიანთა სამკვიდრებელი, არავითარი ცოცხალი არსება, ყველგან წყალი და ქაოსური არეულობა წყლის ზედაპირზე. იყო თუ არა ასეთი სურათი ღვთის თავდაპირველი განზრახვა, როდესაც მან სამყარო შექმნა? რა თქმა უნდა, არა! ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო, მთელ დედამიწაზე მჩქეფარე სიცოცხლე ეხილა, ეხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს მის მიერ შექმნილი ადამიანები და სულ მცირე, ნოე არ ყოფილიყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მას თაყვანს სცემდა ან ვისაც შეეძლო მისი დავალების შესრულება. როდესაც კაცობრიობა გაქრა, ღმერთმა იხილა არა ის, რაც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული, არამედ სრულიად საპირისპირო რამ. როგორ არ ეტკინებოდა მას გული? ამიტომ, როდესაც იგი თავის ხასიათს ამჟღავნებდა და თავის სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა, ღმერთმა გადაწყვეტილება მიიღო. როგორი გადაწყვეტილება მიიღო მან? ჩაედო ცისარტყელა ღრუბელში (ანუ ის ცისარტყელები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ), როგორც ადამიანთან დადებული აღთქმა, დაპირება იმისა, რომ ღმერთი აღარასოდეს გაანადგურებდა კაცობრიობას წარღვნით. ამავდროულად ეს იმასაც ემსახურებოდა, ადამიანებისთვის ეთქვა, რომ ღმერთმა წარღვნით გაანადგურა სამყარო, რათა მათ სამუდამოდ ხსომებოდათ, თუ რატომ მოიმოქმედა ღმერთმა მსგავსი რამ.
იყო თუ არა სამყაროს იმდროინდელი განადგურება ის, რაც ღმერთს სურდა? ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც ღმერთს სურდა. ჩვენ შეიძლება ნაწილობრივ წარმოვიდგინოთ სამყაროს განადგურების შემდგომი დედამიწის სავალალო სურათი, მაგრამ მიახლოებითაც კი ვერ წარმოვიდგენთ იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს სცენა იმ დროს ღვთის თვალში. შეიძლება ითქვას, რომ იქნება ეს დღევანდელი თუ იმდროინდელი ხალხი, არავის ძალუძს წარმოიდგინოს ან ჩასწვდეს იმ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც ღმერთი იმყოფებოდა, როდესაც იხილა ეს სცენა, წარღვნით განადგურებული სამყაროს ეს სურათი. ღმერთი იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა კაცობრიობის ამბოხების გამო, მაგრამ წარღვნით სამყაროს ამგვარმა განადგურებამ მას გული ატკინა. ეს არის ფაქტი, რომლის გაგებაც არავის ძალუძს და რომელსაც ვერავინ შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ დადო ღმერთმა აღთქმა ადამიანთან — ანუ დადო ფიცი და ადამიანებს მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ ღმერთმა ოდესღაც მოიმოქმედა მსგავსი რამ და აღუთქვა, რომ აღარასოდეს გაანადგურებდა სამყაროს ამგვარად. ამ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ ღვთის გულს —ვხედავთ, რომ ღმერთი გულისტკივილს განიცდიდა, როდესაც მან ეს კაცობრიობა გაანადგურა. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთმა კაცობრიობა გაანადგურა და იხილა მისი გაქრობა, მისი გული ტიროდა და სისხლისგან იცლებოდა. განა ეს სიტყვები ზუსტად არ ასახავს რეალობას? ამ სიტყვებს ადამიანები იყენებენ ადამიანური ემოციების აღსაწერად, მაგრამ რადგან ადამიანის ენა მეტისმეტად მწირია, მათი გამოყენება ღვთის სულიერი მდგომარეობისა და განცდების აღსაწერად, ვფიქრობ, არც მცდარია და არც გადაჭარბებული. სულ მცირე, ეს გაძლევთ ძალიან ნათელ და ზუსტ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ღვთის სულიერი მდგომარეობა იმ დროს. რაზე იფიქრებთ ახლა, როდესაც კვლავ იხილავთ ცისარტყელას? სულ მცირე, გაგახსენდებათ, თუ როგორ განიცდიდა ღმერთი ოდესღაც მწუხარებას წარღვნით სამყაროს განადგურების გამო. გაგახსენდებათ, თუ როგორ სტკიოდა გული, უჭირდა დათმობა, გრძნობდა, რომ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა და უჭირდა ამის ატანა, როდესაც ანადგურებდა საკუთარი ხელით შექმნილ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სძულდა ეს სამყარო და ეს კაცობრიობა. მისი ერთადერთი ნუგეში ნოეს რვაკაციანი ოჯახი იყო. სწორედ ნოეს თანამშრომლობამ განაპირობა ის, რომ ყოველივეს შექმნაში ჩადებული ენერგია ამაო არ აღმოჩნდა. იმ დროს, როდესაც ღმერთი გულისტკივილს განიცდიდა, ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც შეეძლო მისი ჭრილობების მოშუშება. იმ მომენტიდან მოყოლებული ღმერთმა კაცობრიობის მიმართ თავისი ყველა მოლოდინი ნოეს ოჯახზე დაამყარა; იმედოვნებდა, რომ ისინი იცხოვრებდნენ მისი კურთხევით და არა მისი წყევლით, რომ ისინი აღარასოდეს იხილავდნენ, თუ როგორ გაანადგურებდა ღმერთი სამყაროს წარღვნით და ასევე იმედოვნებდა, რომ ისინი არ განადგურდებოდნენ.
ღვთის ხასიათის რომელი ნაწილი უნდა შევიცნოთ აქედან? ღმერთს სძულს კაცობრიობა, რადგან კაცობრიობა მტრულად არის განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მის გულში კაცობრიობის მიმართ მზრუნველობა, წუხილი და გულმოწყალება არასოდეს იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ანადგურებს კაცობრიობას, მისი გული უცვლელი რჩება. როდესაც კაცობრიობა სავსეა გახრწნილებით და გარკვეულწილად ამბოხებულია ღვთის მიმართ, ღმერთი იძულებულია გაანადგუროს ის თავისი ხასიათისა და არსის გამო და თავისი პრინციპების შესაბამისად. მაგრამ საკუთარი არსიდან გამომდინარე ღმერთს ეცოდება კაცობრიობა და სურს კიდეც გამოიყენოს სხვადასხვა გზა კაცობრიობის მოსაბრუნებლად, რათა ადამიანებმა შეძლონ სიცოცხლის გაგრძელება. ადამიანი კი, პირიქით, უპირისპირდება ღმერთს, განაგრძობს ღვთის წინააღმდეგ ამბოხებას და უარს ამბობს ღვთის ხსნის მიღებაზე; ანუ ადამიანი უარს ამბობს მისი კეთილი განზრახვების მიღებაზე — როგორც არ უნდა მოუხმოს ღმერთმა მას, შეახსენოს, უზრუნველყოს, დაეხმაროს ან გამოავლინოს მის მიმართ შემწყნარებლობა, ადამიანს არ ესმის, არ აფასებს და არც ყურადღებას აქცევს ამას. თავისი ტკივილის მიუხედავად ღმერთს მაინც არ ავიწყდება, გამოავლინოს ადამიანის მიმართ უდიდესი შემწყნარებლობა და ელოდება ადამიანის შემობრუნებას. მას შემდეგ, რაც მისი მოთმინების ფიალა აივსება, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ მომენტიდან, როდესაც ღმერთი კაცობრიობის განადგურებას გეგმავს, მის ოფიციალურ დაწყებამდე, გარკვეული დროის მონაკვეთი და პროცესია საჭირო. ეს პროცესი იმისთვის არსებობს, რომ კაცობრიობა შემოტრიალდეს და ეს არის უკანასკნელი შანსი, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს. მაშ, რას აკეთებს ღმერთი ამ პერიოდში კაცობრიობის განადგურებამდე? ღმერთი ასრულებს შეხსენებისა და შეგონების უზარმაზარ საქმეს. რამდენ ტკივილსა და მწუხარებასაც არ უნდა განიცდიდეს ღვთის გული, ყველაფერი, რასაც იგი კაცობრიობისთვის აკეთებს, არის ის, რომ განუწყვეტლივ ავლენს მათ მიმართ თავის მზრუნველობას, წუხილსა და უხვ გულმოწყალებას. რას ვხედავთ აქედან? ჩვენ უდავოდ იმას ვხედავთ, რომ ღვთის სიყვარული კაცობრიობის მიმართ რეალურია და არა ისეთი, რასაც იგი მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს. იგი არის ნამდვილი, ხელშესახები და საგრძნობი; და არა ყალბი, შერყვნილი, მზაკვრული ან თვალთმაქცური. ღმერთი ასევე არასოდეს მიმართავს რაიმე სახის სიცრუეს და არ ქმნის ცრუ ილუზიებს, რათა კაცობრიობას დაანახოს, რომ იგი უნდა უყვარდეს. ის არასოდეს იყენებს ცრუ მოწმობას, რათა ადამიანებს დაანახოს თავისი მშვენიერება ან დაიკვეხნოს თავისი მშვენიერებითა და სიწმინდით. განა ღვთის ხასიათის ეს ასპექტები არ არის ადამიანის სიყვარულის ღირსი? განა ისინი არ არიან თაყვანისცემის ღირსნი? განა ისინი არ არიან დაფასების ღირსნი? ამ ეტაპზე მინდა გკითხოთ: ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ფიქრობთ თუ არა, რომ ღვთის სიდიადე მხოლოდ ცარიელი სიტყვებია ფურცელზე? არის თუ არა ღვთის მშვენიერება მხოლოდ ცარიელი სიტყვები? არა! ნამდვილად არა! ღვთის უზენაესობა, ღვთის სიდიადე, ღვთის სიწმინდე, ღვთის შემწყნარებლობა, ღვთის სიყვარული და ა.შ. — ღვთის ხასიათისა და არსის ყველა ეს დეტალი პრაქტიკულ გამოხატულებას პოვებს ყოველ ჯერზე, როდესაც იგი თავის საქმეს ასრულებს; ისინი განსახიერებულია კაცობრიობის მიმართ მის განზრახვებში, ასევე სრულდება და აისახება თითოეულ ადამიანში. მიუხედავად იმისა, გიგრძნია თუ არა ეს წარსულში, ღმერთი გულდასმით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, იყენებს თავის გულწრფელ გულს, თავის სიბრძნესა და სხვადასხვა მეთოდს, რათა გაათბოს თითოეული ადამიანის გული და გამოაღვიძოს თითოეული ადამიანის სული. ეს უდავო ფაქტია. რამდენი ადამიანიც არ უნდა იჯდეს აქ, თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული გამოცდილება და გრძნობები ღვთის შემწყნარებლობის, მოთმინებისა და მშვენიერების მიმართ. ღმერთთან დაკავშირებული ეს გამოცდილება და მისი აღქმა თუ ეს გრძნობები — ყოველივე დადებითი ღვთისგანაა. ასე რომ, ყველას მიერ ღვთის შეცნობისა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაერთიანების და ამასთან ერთად ბიბლიური მონაკვეთების ჩვენეული განმარტებების შედეგად ახლა გაქვთ თუ არა ღმერთზე უფრო რეალური და სწორი წარმოდგენა?
ამ ისტორიის წაკითხვისა და ამ მოვლენის მეშვეობით ღვთის ხასიათის გამოვლინების ნაწილობრივ გაგების შემდეგ, რა ახალი ცოდნა შეიძინეთ ღვთის შესახებ? ამის მეშვეობით უფრო ღრმად ჩაწვდით ღმერთსა და მის გულს? გეუფლებათ თუ არა განსხვავებული გრძნობა, როდესაც ნოეს ისტორიას ხელახლა უბრუნდებით? თქვენი აზრით, არ იყო საჭირო ბიბლიის ამ მუხლებზე თანაზიარება? ახლა, როდესაც მათზე თანაზიარება გვქონდა, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს აუცილებელი იყო? ეს ნამდვილად აუცილებელი იყო! მიუხედავად იმისა, რომ ის, რაც წავიკითხეთ, ისტორიაა, ეს არის ღვთის მიერ აღსრულებული საქმის ჭეშმარიტი ჩანაწერი. ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ თქვენთვის ამ ისტორიების ან ამ პერსონაჟის დეტალები ამეხსნა, არც ის, რომ ეს პერსონაჟი შეგეწავლათ; მით უმეტეს არც ის, რომ ბიბლიას მიბრუნებოდით და ხელახლა შეგესწავლათ. გესმით? მაშ, დაგეხმარათ თუ არა ეს ისტორიები ღვთის შემეცნებაში? რა შეგმატათ ამ ისტორიამ ღვთის შემეცნებასთან მიმართებაში? გვითხარით, ძმებო და დებო ჰონგ-კონგიდან. (ჩვენ დავინახეთ, რომ ღვთის სიყვარული არის ის, რაც არცერთ ჩვენგანს, გახრწნილ ადამიანს არ გააჩნია.) გვითხარით, ძმებო და დებო სამხრეთ კორეიდან. (ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ რეალურია. ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ ატარებს მის ხასიათს და ატარებს მის სიდიადეს, სიწმინდეს, უზენაესობასა და მის შემწყნარებლობას. ნამდვილად ღირს, ვეცადოთ, რომ მას უფრო ღრმად ჩავწვდეთ.) (ახლახან გამართული თანაზიარების მეშვეობით, ერთი მხრივ, შემიძლია დავინახო ღვთის სამართლიანი და წმინდა ხასიათი, ის წუხილი, რომელიც ღმერთს აქვს კაცობრიობის მიმართ, ღვთის გულმოწყალება ადამიანის მიმართ, და ის, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს და ყოველი ფიქრი თუ აზრი, რაც მას აქვს, ავლენს მის სიყვარულსა და წუხილს ადამიანის მიმართ.) (წარსულში ჩემი გაგება ასეთი იყო, რომ ღმერთმა წარღვნა გამოიყენა სამყაროს გასანადგურებლად, რადგან კაცობრიობა გარკვეულწილად ბოროტი გახდა და თითქოს ღმერთმა გაანადგურა ეს კაცობრიობა იმიტომ, რომ სძულდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთმა დღეს ნოეს ისტორიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ღვთის გული სისხლისგან იცლებოდა, გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში ღმერთს უჭირდა ამ კაცობრიობის დათმობა. მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობა მეტისმეტად ამბოხებული იყო, ღმერთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა მათი განადგურებისა. სინამდვილეში ღვთის გული ამ დროს ძალიან დამწუხრებული იყო. აქედან შემიძლია დავინახო ღვთის ხასიათში მისი მზრუნველობა და წუხილი კაცობრიობის მიმართ. ეს არის ის, რაც აქამდე არ ვიცოდი.) ძალიან კარგი! ახლა თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. (მოსმენის შემდეგ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. წარსულშიც წამიკითხავს ბიბლია, მაგრამ არასოდეს მიმიღია ისეთი შედეგი, როგორიც დღეს, როდესაც ღმერთი უშუალოდ აანალიზებს ამ ყველაფერს, რათა შევძლოთ მისი შეცნობა. იმან, რომ ღმერთმა ამგვარად გაგვიკვალა გზა, რომ ბიბლიას ჩავწვდომოდით, საშუალება მომცა გამეგო, რომ ადამიანის გახრწნამდე ღვთის არსი იყო სიყვარული და მზრუნველობა კაცობრიობის მიმართ, და რომ იმ დროიდან მოყოლებული, რაც კაცობრიობა გაიხრწნა, დღევანდელ უკანასკნელ დღეებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს აქვს მართალი ხასიათი, მისი სიყვარული და მზრუნველობა უცვლელი რჩება. ეს აჩვენებს, რომ ღვთის სიყვარული გრძელდება სამყაროს შექმნიდან დღემდე და მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი გახრწნილი, ეს არსი არასოდეს იცვლება.) (დღეს დავინახე, რომ ღვთის არსი არ შეიცვლება დროის ან მისი საქმის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო. ასევე დავინახე, რომ, სულ ერთია, ღმერთი ქმნის სამყაროს თუ ანადგურებს მას კაცობრიობის გახრწნის შემდეგ, ყოველივეს, რასაც იგი აკეთებს, აქვს მნიშვნელობა და შეიცავს მის ხასიათს. ამიტომ დავინახე, რომ ღვთის სიყვარული უსასრულო და განუსაზღვრელია; სხვა ძმებისა და დების მსგავსად მეც დავინახე ღვთის მზრუნველობა და გულმოწყალება კაცობრიობის მიმართ, როდესაც მან გაანადგურა სამყარო.) (ეს იყო ის, რაც ნამდვილად არ ვიცოდი აქამდე. დღევანდელი მოსმენის შემდეგ ვგრძნობ, რომ ღმერთი ჭეშმარიტად სარწმუნოა, ჭეშმარიტად სანდოა, ღირსია მასზე მინდობის და რომ იგი ნამდვილად არსებობს. შემიძლია გულწრფელად შევიგრძნო გულში, რომ ღვთის ხასიათი და სიყვარული მართლაც ასეთი ხელშესახებია. ეს არის ის გრძნობა, რომელიც დღევანდელი მოსმენის შემდეგ გამიჩნდა.) შესანიშნავია! როგორც ჩანს, ყველამ გულთან ახლოს მიიტანეთ ის, რაც მოისმინეთ.
შეგინიშნავთ თუ არა გარკვეული ფაქტი ბიბლიის ყველა მუხლიდან, მათ შორის ბიბლიის ყველა იმ ისტორიიდან, რომელზეც დღეს გვქონდა თანაზიარება? კერძოდ, გამოუყენებია თუ არა ოდესმე ღმერთს თავისი ენა საკუთარი ფიქრების გამოსახატავად ან კაცობრიობის მიმართ თავისი სიყვარულისა და მზრუნველობის ასახსნელად? არსებობს თუ არა ჩანაწერი, სადაც ის უბრალო ენით აცხადებს, თუ რამდენად ზრუნავს კაცობრიობაზე ან როგორ უყვარს იგი? არა. განა ასე არ არის? თქვენ შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც წაუკითხავს ბიბლია ან ბიბლიის გარდა სხვა წიგნები. გინახავთ რომელიმე თქვენგანს ასეთი სიტყვები? პასუხი ცალსახად არის არა! ანუ ბიბლიურ ჩანაწერებში, მათ შორის, ღვთის სიტყვებში თუ მისი საქმის აღნუსხვისას ღმერთს არასოდეს, არცერთ ეპოქაში და არცერთ პერიოდში არ გამოუყენებია საკუთარი მეთოდები თავისი სულიერი მდგომარეობის აღსაწერად ან კაცობრიობის მიმართ თავისი სიყვარულისა და მზრუნველობის გამოსახატავად; არც არასოდეს გამოუყენებია სიტყვა ან რაიმე ქმედება თავისი სულიერი მდგომარეობისა და გრძნობების გადმოსაცემად — განა ეს ფაქტი არ არის? რატომ ვამბობ ამას? რატომ უნდა აღვნიშნო ეს? იმიტომ, რომ მასშიც ვლინდება ღვთის მშვენიერება და მისი ხასიათი.
ღმერთმა შექმნა კაცობრიობა; მიუხედავად იმისა, გახრწნილნი არიან ადამიანები თუ მას მიჰყვებიან, ღმერთი მათ ისე ეპყრობა, როგორც თავის ყველაზე ძვირფას საყვარელ არსებებს — ან როგორც ადამიანები იტყოდნენ, უახლოეს ნათესავებს — და არა როგორც თავის სათამაშოებს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ამბობს, რომ იგი შემოქმედია, ხოლო კაცობრიობა — მისი ქმნილება, რაც შესაძლოა ისე ჟღერდეს, თითქოს მცირე განსხვავებაა, მათ შორის მდგომარეობის მხრივ, სინამდვილეში ყოველივე, რაც ღმერთმა კაცობრიობისთვის გააკეთა, ბევრად აღემატება ამ ტიპის ურთიერთობას. ღმერთს უყვარს კაცობრიობა, ზრუნავს კაცობრიობაზე და გული შესტკივა მასზე, ასევე, მუდმივად და განუწყვეტლივ უზრუნველყოფს კაცობრიობას. თავის გულში ის არასოდეს მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი საქმეა; არასოდეს ფიქრობს, რომ ეს დიდი დამსახურებაა; არც ოდესმე მიაჩნია, რომ კაცობრიობის ხსნა, მათი უზრუნველყოფა და მათთვის ყოველივეს ბოძება კაცობრიობის წინაშე უზარმაზარი წვლილის გაღებაა. ის უბრალოდ, ჩუმად და უხმოდ უზრუნველყოფს კაცობრიობას თავისივე გზით, საკუთარი არსითა და იმით, რაც მას გააჩნია და რაც იგი არის. რაოდენ დიდი უზრუნველყოფაც და დახმარებაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა მისგან, ღმერთი არასოდეს ფიქრობს, მიიწეროს დამსახურება და არც ცდილობს ამის გაკეთებას. ეს განისაზღვრება ღვთის არსით და ასევე წარმოადგენს ღვთის ხასიათის ზუსტ და ჭეშმარიტ გამოხატულებას. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, ბიბლიაში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა წიგნში, ჩვენ ვერსად ვნახავთ, რომ ღმერთი გამოხატავდეს თავის ფიქრებს, აღწერდეს ან ადამიანს უცხადებდეს, თუ რატომ აკეთებს ამ ყოველივეს ან რატომ ზრუნავს ასე ძალიან კაცობრიობაზე, რათა ადამიანმა მადლიერება იგრძნოს მის მიმართ ან განადიდოს იგი. მაშინაც კი, როდესაც იგი გულნატკენია, როდესაც მისი გული უკიდურეს ტკივილს განიცდის, მას არასოდეს ავიწყდება თავისი პასუხისმგებლობა კაცობრიობის მიმართ ან თავისი წუხილი კაცობრიობაზე, და ამავდროულად იგი მარტო, მდუმარედ ატარებს ამ წყენასა და ტკივილს. პირიქით, ღმერთი განაგრძობს კაცობრიობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ხშირად განადიდებს ღმერთს ან მოწმობს მის შესახებ, ეს არ არის ის, რასაც ღმერთი ითხოვს ადამიანისგან. ეს იმიტომ, რომ არასოდეს განიზრახავს, რომ ადამიანთათვის გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ მიაგონ ან მადლიერება გამოხატონ მის მიმართ. მეორე მხრივ, ისინი, ვისაც ძალუძთ ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება და ვისაც ძალუძთ ჭეშმარიტად მიჰყვნენ ღმერთს, მოუსმინონ, უერთგულონ და დაემორჩილონ მას, ხშირად იღებენ ღვთის კურთხევას; ღმერთი ამ კურთხევას უშურველად ანიჭებს მათ. უფრო მეტიც, კურთხევა, რომლებსაც ადამიანები ღვთისგან იღებენ, ხშირად აღემატება მათ წარმოსახვას და ყოველივეს, რაც შეიძლება მათ მიიღონ გაღებული მსხვერპლის ან იმის სანაცვლოდ, რაც გააკეთეს. როდესაც ადამიანი ღვთის კურთხევით ტკბება, ადარდებს კი ვინმეს, რას აკეთებს ღმერთი? ვინმეს ადარდებს ღვთის სულიერი მდგომარეობა? ცდილობს კი ვინმე, შეიგრძნოს ღვთის ტკივილი? ზუსტი იქნება თუ ვიტყვით: არა! შეუძლია კი რომელიმე ადამიანს, ნოეს ჩათვლით, შეიგრძნოს ის ტკივილი, რომელსაც ღმერთი იმ მომენტში განიცდიდა? ძალუძს კი ვინმეს გაიგოს, თუ რატომ დადო ღმერთმა ასეთი აღთქმა? არ ძალუძს! ადამიანი ვერ შეიგრძნობს ღვთის ტკივილს არა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია მისი გაგება და არა ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული უფსკრულის ან მათი სტატუსის სხვაობის გამო; არამედ იმიტომ, რომ ადამიანს საერთოდ არ ადარდებს ღვთის არცერთი გრძნობა. ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი დამოუკიდებელია — რომ ღმერთს არ სჭირდება, ადამიანმა იზრუნოს მასზე, გაუგოს მას, ან გაითვალისწინოს იგი. ღმერთი ღმერთია, ამიტომ მას არ აქვს ტკივილის განცდა, ემოციები; იგი არ მოიწყენს, არ განიცდის მწუხარებას, იგი არც კი ტირის. ღმერთი ღმერთია, ამიტომ მას არ სჭირდება არავითარი ემოციური გამოხატულება და ემოციური ნუგეში. თუ გარკვეულ ვითარებაში მას მართლაც სჭირდება ეს ყოველივე, მაშინ მას მარტოსაც შეუძლია გამკლავება და არ დასჭირდება არავითარი დახმარება ადამიანისგან. პირიქით, სწორედ სუსტ, უმწიფარ ადამიანს სჭირდება ღვთის ნუგეში, უზრუნველყოფა, წახალისება და ისიც კი, რომ მან დაამშვიდოს მისი ემოციები ყოველთვის და ყველგან. ასეთი ფიქრები ღრმად იმალება ადამიანის გულში: ადამიანი სუსტია; მას სჭირდება, რომ ღმერთი ყოველმხრივ ზრუნავდეს მასზე, იგი იმსახურებს მთელ იმ მზრუნველობას, რასაც ღვთისგან იღებს; მან უნდა მოითხოვოს ღვთისგან ყველაფერი, რაც მიაჩნია, რომ მას უნდა ეკუთვნოდეს. ღმერთი ძლიერია; მას ყველაფერი აქვს; იგი უნდა იყოს ადამიანის მფარველი და კურთხევის მიმცემი. იგი უკვე ღმერთია; იგი ყოვლისშემძლეა, ამიტომ მას არასოდეს არაფერი სჭირდება ადამიანისგან.
რადგან ადამიანი გულგრილია ყოველივეს მიმართ, რაც ღვთისგან მჟღავნდება, მას არასოდეს უგრძვნია ღვთის მწუხარება, ტკივილი ან სიხარული. მაგრამ პირიქით, ღმერთმა ადამიანის ყველა გამოხატულება ხუთი თითივით იცის. ღმერთი უზრუნველყოფს ყველას საჭიროებებს ყველგან და ყოველთვის, აკვირდება თითოეული ადამიანის ცვალებად ფიქრებს და ამგვარად ანუგეშებს და შეაგონებს მათ, მიუძღვის და ანათებს მათ. რაც შეეხება ყველა იმ საქმეს, რაც ღმერთმა ადამიანზე აღასრულა და ყველა იმ მსხვერპლს, რაც მან ადამიანის გამო გაიღო, შეუძლიათ კი ადამიანებს იპოვონ მონაკვეთი ბიბლიაში ან ღვთის ყველა დღევანდელ სიტყვაში, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ ღმერთი რამეს მოითხოვს ადამიანისგან? არა! პირიქით, როგორც არ უნდა უგულებელყოფდეს ადამიანი ღვთის ფიქრებს, ღმერთი მაინც გამუდმებით წინამძღოლობს, განუწყვეტლივ ასაზრდოებს და ეხმარება მას, რათა ადამიანმა შეძლოს ღვთის გზით სიარული და მიაღწიოს იმ მშვენიერ დანიშნულების ადგილს, რომელიც ღმერთმა მისთვის მოამზადა. რაც შეეხება ღმერთს, ის, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის, მისი მადლი, მისი გულმოწყალება და ყველა მისი ჯილდო, უშურველად მიენიჭებათ მათ, ვისაც უყვარს იგი და მიჰყვება მას. მაგრამ იგი არასოდეს უმჟღავნებს ადამიანს იმ ტკივილს, რომელიც მან განიცადა ან იმას, თუ რა აქვს გონებაში; იგი არასოდეს წუწუნებს იმაზე, რომ ვინმე არ ითვალისწინებს მას ან არ ცდილობს მისი განზრახვების გაგებას. იგი უბრალოდ მდუმარედ ატარებს ამ ყველაფერს და ელოდება იმ დღეს, როდესაც ადამიანი შეძლებს გაგებას.
რატომ ვამბობ ყოველივე ამას აქ? რას ხედავთ ჩემი ნათქვამიდან? ღვთის არსსა და ხასიათში არის რაღაც, რასაც ადამიანები ყველაზე ხშირად უგულებელყოფენ, რაღაც, რაც არცერთ ადამიანს არ გააჩნია, მათ შორის, არც მათ, ვისაც სხვები დიად ადამიანებად, კეთილ ადამიანებად ან თავიანთი წარმოსახვის „ღმერთად“ მიიჩნევენ — რაღაც, რაც მხოლოდ ღმერთს გააჩნია. რა არის ეს? ეს არის ღვთის უანგარობა. როდესაც უანგარობაზე ვსაუბრობთ, შესაძლოა ფიქრობ, რომ თავადაც ძალიან უანგარო ხარ, რადგან, როდესაც საქმე შვილებს ეხება, არასოდეს ევაჭრები ან ედავები მათ; ან შესაძლოა ფიქრობ, რომ ძალიან უანგარო ხარ, როდესაც საქმე მშობლებს ეხება. რაც არ უნდა იფიქრო, სულ მცირე, გაქვს წარმოდგენა სიტყვაზე „უანგარო“ და მას დადებით სიტყვად მიიჩნევ. ფიქრობ, რომ უანგარო ადამიანად ყოფნა ძალიან კეთილშობილურია და საკუთარ თავს ძალიან დიად ადამიანად მიიჩნევ, თუკი ამ თვისების მიღწევას შეძლებ. მაგრამ არავინაა ისეთი, ვისაც ძალუძს დაინახოს ღვთის უანგარობა ყოველივეში — ადამიანებში, მოვლენებსა და საგნებში და ღვთის საქმეში. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ადამიანი მეტისმეტად ეგოისტია! რატომ ვამბობ ამას? ადამიანი მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მიჰყვები ღმერთს, ვერასოდეს ხედავ ან აფასებ იმას, თუ როგორ გასაზრდოებს ღმერთი, როგორ უყვარხარ და ზრუნავს შენზე. მაშ, რას ხედავ? ხედავ სისხლით ნათესავებს, რომლებსაც უყვარხარ ან მათ, ვინც დიდად ზრუნავს შენზე, ხედავ იმ ყოველივეს, რაც სასარგებლოა შენი ხორციელი სხეულისთვის და ზრუნავ იმ ადამიანებსა და საგნებზე, რომლებიც გიყვარს. ეს არის ადამიანის ეგრეთ წოდებული უანგარობა. თუმცა, ასეთი „უანგარო“ ადამიანები არასოდეს ზრუნავენ ღმერთზე, რომელიც მათ სიცოცხლეს ანიჭებს. ღვთის უანგარობისგან განსხვავებით, ადამიანის „უანგარობა“ ეგოისტური და მდაბალი აღმოჩნდება ხოლმე. „უანგარობა“, რომლისაც ადამიანს სწამს, ცარიელი და არარეალურია, შერყვნილია, შეუსაბამოა ღმერთთან და მასთან კავშირი არა აქვს. ადამიანის „უანგარობა“ საკუთარი თავისთვისაა, მაშინ როცა ღვთის უანგარობა მისი არსის ჭეშმარიტი გამოვლენაა. სწორედ ღვთის უანგარობის წყალობითაა, რომ ადამიანი მისგან გამუდმებით იღებს ყველაფერს. შეიძლება დიდად არ შეგეხო ის თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობ და მხოლოდ თანხმობის ნიშნად მიქნევ თავს, მაგრამ როდესაც შეეცდები გულით შეიგრძნო ღვთის გული, უნებლიეთ აღმოაჩენ ამას: ყველა იმ ადამიანს, მოვლენასა და საგანს შორის, რომელთა აღქმაც შეგიძლია ამ სამყაროში, მხოლოდ ღვთის უანგარობაა ნამდვილი და ხელშესახები, რადგან მხოლოდ ღვთის სიყვარულია შენ მიმართ უპირობო და შეუბილწავი. ღვთის გარდა ნებისმიერი სხვისი ეგრეთ წოდებული უანგარობა არის ყალბი, ზედაპირული და არაგულწრფელი; მას აქვს გარკვეული მიზნები, გარკვეული განზრახვები, თან ახლავს ანგარება და ვერ უძლებს გამოცდას. შეიძლება ითქვას ისიც, რომ იგი ბინძური და საძაგელია. ეთანხმები თუ არა ამ სიტყვებს?
ვიცი, რომ თქვენთვის ძალიან უცხოა ეს თემები და გარკვეული დრო გჭირდებათ მათ გასააზრებლად, სანამ ჭეშმარიტად გაგებას შეძლებთ. რაც უფრო უცხოა თქვენთვის ეს საკითხები და თემები, მით უფრო მეტად ამტკიცებს იმას, რომ ამ საკითხების გულით შეგრძნება გაკლიათ. მე რომ არასოდეს მეხსენებინა ეს თემები, ეცოდინებოდა თუ არა რომელიმე თქვენგანს რაიმე მათ შესახებ? ვფიქრობ, რომ თქვენ ვერასოდეს გაიგებდით მათ. ეს დანამდვილებით ასეა. რამდენის წვდომაც ან გაგებაც არ უნდა შეგეძლოთ, ეს თემები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, მოკლედ რომ ვთქვათ, არის ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ და რის შესახებაც ყველაზე მეტად უნდა იცოდნენ. ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის — ისინი უზენაესი საუნჯეა; ისინი სიცოცხლეა; ისინი ისაა, რაც აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ წინამდებარე გზისთვის. ამ სიტყვების, როგორც გზამკვლევის გარეშე, ღვთის ხასიათისა და არსის გაგების გარეშე, ყოველთვის ატარებ კითხვის ნიშანს, როდესაც საქმე ღმერთს ეხება. თუ საერთოდ არ გესმის ღმერთის, როგორ შეძლებ ოდესმე წარმატების მიღწევას მისდამი რწმენაში? არაფერი იცი ღვთის ემოციების, მისი განზრახვების, მისი ფიქრების შესახებ, იმაზე, თუ რას ფიქრობს იგი, რა ამწუხრებს მას და რა ანიჭებს მას სიხარულს; მაშ, როგორ შეგიძლია თანაუგრძო ღვთის გულს?
ყოველთვის, როდესაც ღმერთი დამწუხრებულია, ის კაცობრიობის წინაშე დგას, რომელიც საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას, კაცობრიობა, რომელიც მიჰყვება მას და აცხადებს, რომ უყვარს იგი, მაგრამ სრულიად უგულებელყოფს მის გრძნობებს. როგორ არ ეტკინება მას გული? საქმის აღსრულებისას და მართვის განხორციელებისას ღმერთი გულწრფელად მუშაობს და ურთიერთობს თითოეულ ადამიანთან; იგი უდგება მას უშურველად ან ოდნავი დაფარვის გარეშე; თუმცა ამის საპირისპიროდ, თითოეული ადამიანი, ვინც მას მიჰყვება, ჩაკეტილია მის მიმართ; არავის სურს აქტიურად დაუახლოვდეს მას, გაუგოს მის გულს, ან ყურადღება მიაქციოს მის გრძნობებს. მათაც კი, ვისაც სურთ გახდნენ „ღვთის მესაიდუმლე“, არ უნდათ მასთან დაახლოება, მისი გულის თანაგრძნობა ან მისი გაგება. როდესაც ღმერთი მხიარული და ბედნიერია, არავინ არის, ვინც მის ბედნიერებას გაიზიარებს. როდესაც ადამიანებს ღვთის არასწორად ესმით, არავინაა ისეთი, ვინც მის ნატკენ გულს ანუგეშებს. როდესაც მისი გული ტკივილს განიცდის, არ მოძებნება ადამიანი, რომელიც მოუსმენს მის გულახდილ საუბარს. ღვთის საქმისა და მართვის ათასწლეულების განმავლობაში არავინ ყოფილა ისეთი, ვინც გაიგებდა ღვთის ემოციებს, ვინც ჩასწვდებოდა ან დააფასებდა მათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ვინც შეძლებდა ღმერთთან ყოფნას მისი ემოციების გასაზიარებლად. ღმერთი მარტოსულია. იგი მარტოსულია! ღმერთი მარტოსულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გახრწნილი კაცობრიობა უპირისპირდება მას, არამედ უფრო იმიტომ, რომ ისინი, ვინც სულიერებისკენ, ღვთის შეცნობისა და მისი გაგებისკენ ისწრაფვიან, და ისინიც კი, ვინც მზად არიან მთელი თავიანთი სიცოცხლე გაიღონ მისთვის, ასევე არ იცნობენ მის ფიქრებს ან არ ესმით მისი ხასიათი და მისი ემოციები.
ნოეს ისტორიის ბოლოს ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთმა გამოიყენა უჩვეულო მეთოდი თავისი იმდროინდელი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად. ეს იყო ძალიან განსაკუთრებული მეთოდი: ადამიანთან აღთქმის დადება. მან ეს მეთოდი გამოიყენა, რათა გამოეცხადებინა ღვთის მიერ წარღვნით სამყაროს განადგურების დასასრული. ერთი შეხედვით, აღთქმის დადება ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სიტყვების გამოყენება ორი მხარის დასავალდებულებლად და მათი შეთანხმების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რათა დაცული იყოს ორივეს ინტერესები. ფორმით ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ იმ მოტივებისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით, რაც ღვთის მიერ ამ საქმის აღსრულების უკან დგას, ეს არის ღვთის ხასიათისა და ფიქრების ჭეშმარიტი გამოვლენა. თუ უბრალოდ გვერდზე გადადებ ამ სიტყვებს და უგულებელყოფ მათ, თუ არასოდეს გეტყვი სიმართლეს, მაშინ კაცობრიობა მართლაც ვერასოდეს ჩასწვდება ღვთის ფიქრებს. შესაძლოა, შენს წარმოსახვაში ღმერთი იღიმოდა, როდესაც ამ აღთქმას დებდა ან შესაძლოა მისი გამომეტყველება სერიოზული იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ჩვეულებრივი გამომეტყველება არ უნდა წარმოიდგინონ ადამიანებმა ღვთის სახეზე, ვერავინ შეძლებს ღვთის გულის ან მისი ტკივილის დანახვას, მით უმეტეს, ვერავინ დაინახავს მის მარტოსულობას. არავის ძალუძს დაიმსახუროს ღვთის ნდობა ან იყოს ღვთის ნდობის ღირსი; არავინაა ისეთი, ვისაც ღმერთი საკუთარ ფიქრებს გაუზიარებს ან თავის ტკივილს გაანდობს. სწორედ ამიტომ ღმერთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ასე მოქცეულიყო. ერთი შეხედვით, ღმერთმა მარტივი რამ გააკეთა ძველ კაცობრიობასთან დასამშვიდობებლად, წარსულის საკითხის მოსაგვარებლად და წარღვნით სამყაროს განადგურების სრულყოფილად დასასრულებლად. თუმცა ღმერთმა ის ტკივილი, რომელსაც იმ მომენტში განიცდიდა, ღრმად დამარხა თავის გულში. იმ დროს, როდესაც ღმერთს არავინ ჰყავდა, ვისაც გულს გადაუშლიდა, მან აღთქმა დადო ადამიანთან და უთხრა მას, რომ აღარასოდეს გაანადგურებდა სამყაროს წარღვნით. როდესაც ცისარტყელა გამოჩნდა, ეს იმისთვის იყო, რომ შეეხსენებინა ადამიანისთვის, რომ მსგავსი რამ მოხდა და გაეფრთხილებინა იგი, რათა განრიდებოდა ბოროტებას. ასეთ მტკივნეულ მდგომარეობაშიც კი, ღმერთს არ დაავიწყდა ადამიანი და მაინც ამხელა მზრუნველობა გამოავლინა მის მიმართ. განა ეს არ არის ღვთის სიყვარული და უანგარობა? მაგრამ რაზე ფიქრობს ადამიანი, როდესაც იტანჯება? განა ეს არ არის ის დრო, როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ღმერთი? ასეთ დროს ადამიანი ყოველთვის თავისკენ ექაჩება ღმერთს, რათა მან ანუგეშოს იგი. რა დროც არ უნდა იყოს, ღმერთი არასოდეს გაუცრუებს იმედს ადამიანს; ღმერთი ყოველთვის მისცემს ადამიანს იმის საშუალებას, რომ თავი დააღწიოს გასაჭირს და იცხოვროს ნათელში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ასე უზრუნველყოფს ადამიანს, ადამიანის გულში ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა დამამშვიდებელი აბი, მანუგეშებელი წამალი. როდესაც ღმერთი იტანჯება, როდესაც მისი გული ნატკენია, იმის მოლოდინი, რომ ქმნილება ან ნებისმიერი ადამიანი გვერდში დაუდგება ან ანუგეშებს მას, უდავოდ მხოლოდ აუსრულებელი სურვილი იქნებოდა ღვთისთვის. ადამიანი არასოდეს აქცევს ყურადღებას ღვთის გრძნობებს, ამიტომ ღმერთი არასოდეს ითხოვს და არც მოელის, რომ იარსებებს ვინმე, ვინც მის ნუგეშისცემას შეძლებს. იგი უბრალოდ საკუთარ მეთოდებს იყენებს თავისი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად. ადამიანის თვალში ღვთის მცირედი ტანჯვა არაფერ დიდ საქმედ არ ჩანს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად ცდილობ ღვთის გაგებას, როდესაც გულწრფელად შეგიძლია დააფასო ღვთის გულმოდგინე ძალისხმევა ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია შეიგრძნო ღვთის სიდიადე და მისი უანგარობა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ცისარტყელას მეშვეობით დადო აღთქმა ადამიანთან, მას არავისთვის უთქვამს, თუ რატომ გააკეთა ეს — რატომ დადო ეს აღთქმა — რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავისთვის გაუმჟღავნებია თავისი ნამდვილი ფიქრები. ეს იმიტომ, რომ არავინაა ისეთი, ვისაც ძალუძს ჩაწვდეს, თუ რაოდენ ღრმად უყვარს ღმერთს საკუთარი ხელით შექმნილი კაცობრიობა, ვისაც შეუძლია შეიგრძნოს, თუ რამხელა ტკივილი განიცადა ღვთის გულმა, როდესაც მან გაანადგურა კაცობრიობა. შესაბამისად, ღმერთს ადამიანისთვის თავისი განცდებიც რომ გაენდო, იგი ვერ შეძლებდა ამ ნდობის ტვირთის ზიდვას. ტკივილის მიუხედავად მან მაინც განაგრძო თავისი საქმის შემდეგი ეტაპი. ღმერთი ყოველთვის თავის საუკეთესო მხარეს აჩვენებს და საუკეთესო რამეებს აძლევს ადამიანს, მაშინ როცა თავად ჩუმად ითმენს მთელ ტანჯვას. ღმერთი არასოდეს აცხადებს ღიად ამ ტანჯვის შესახებ. ნაცვლად ამისა, იგი ითმენს მათ და მდუმარედ ელოდება. ღვთის მოთმინება არ არის სიცივე, არც უგრძნობლობა, არც უმწეობა და არც სიმხდალის გამოვლინებაა. პირიქით, ღვთის სიყვარული და არსი თავისთავად უანგაროა. ეს არის მისი არსისა და ხასიათის ბუნებრივი გამოვლენა და ჭეშმარიტი შემოქმედის რანგში ღვთის ვინაობის ნამდვილი განსახიერება.
ყოველივე ამის თქმის შემდეგ ზოგიერთმა შესაძლოა არასწორად განმარტოს ჩემი ნათქვამი და იფიქროს: „ნუთუ ღვთის სულიერი მდგომარეობის ასეთი დეტალური და ასეთი მძაფრი ემოციებით აღწერა იმისთვის იყო გამიზნული, რომ ადამიანებს ღმერთი შეცოდებოდათ?“ ნუთუ ეს არის აქ განზრახული? (არა.) ჩემ მიერ ამ ყოველივეს თქმის ერთადერთი მიზანია, უკეთ შეიმეცნოთ ღმერთი, ჩასწვდეთ მის შესახებ სხვადასხვა დეტალს, გაიგოთ მისი ემოციები და გააცნობიეროთ, რომ ღვთის არსი და ხასიათი კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვლინდება მის საქმეში და არ გამოიხატება ადამიანის ცარიელი სიტყვებით, მისი სიტყვებითა და მოძღვრებებით, ან მისი წარმოსახვებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი და ღვთის არსი ნამდვილად არსებობს — ისინი არ წარმოადგენს ნახატებს, წარმოსახვებს, არ არის ადამიანის მიერ შექმნილი და მით უმეტეს, არ არის ადამიანის მიერ გამოგონილი. აცნობიერებთ თუ არა ამას ახლა? თუ აცნობიერებთ, მაშინ ჩემმა დღევანდელმა სიტყვებმა თავისი შედეგი გამოიღო.
დღეს ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. მჯერა, რომ ყველამ ბევრი რამ გაიგო ამ ორ თემაზე ჩვენი თანაზიარებიდან. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ აღწერილმა ღვთის ფიქრებმა ან ამ ორი თემის ფარგლებში ნახსენებმა ღვთის ხასიათმა და არსმა თავდაყირა დააყენა ადამიანთა წარმოსახვები და ღვთის გაგება, ყველას ღვთისადმი რწმენაც კი შეურყია და, უფრო მეტიც, თავდაყირა დააყენა ყველას გულში თაყვანისცემული ღვთის ხატი. როგორც არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ ის, რაც ბიბლიის ამ ორ მონაკვეთში ღვთის ხასიათის შესახებ ისწავლეთ, სასარგებლო იქნება თქვენთვის; ვიმედოვნებ, რომ დაბრუნდებით, შეეცდებით, მეტი იფიქროთ ამაზე. დღევანდელი შეკრება აქ სრულდება. ნახვამდის!
4 ნოემბერი, 2013 წ.