როგორ შევიმეცნოთ ღვთის განწყობა და მისი საქმის შედეგები

პირველ რიგში, მოდით, ვიგალობოთ: სასუფევლის ჰიმნი — სასუფეველი დედამიწაზე გარდამოვიდა.

აკომპანემენტი: ჩემი ურიცხვი ხალხი ყიჟინით მეგებება მე, ჩემი ურიცხვი ხალხი მადიდებს მე; უთვალავი ბაგე წარმოთქვამს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სახელს. სასუფეველი ეშვება ადამიანთა სამყაროში.

1  ჩემი ურიცხვი ხალხი ყიჟინით მეგებება მე, ჩემი ურიცხვი ხალხი მადიდებს მე; უთვალავი ბაგე წარმოთქვამს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სახელს, უთვალავი ადამიანი აღაპყრობს მზერას, რათა შორიდან იხილოს ჩემი საქმენი. სასუფეველი ეშვება ადამიანთა სამყაროში, ჩემი პიროვნება მდიდარი და უხვია. ვის არ გაუხარდებოდა ეს? ვინ არ იცეკვებდა სიხარულით? ო, სიონო! აღმართე შენი ძლევამოსილი გამარჯვების დროშა ჩემს სადიდებლად! იმღერე შენი ძლევამოსილი გამარჯვების სიმღერა ჩემი წმინდა სახელის გამოსაცხადებლად!

2  ყოველო ქმნილებავ დედამიწის კიდეებამდე! იჩქარეთ, განიწმინდეთ, რათა შემომეწიროთ მე! ვარსკვლავთა სიმრავლე ზეცაში! იჩქარეთ, დაუბრუნდით თქვენს ადგილებს, რათა აჩვენოთ ჩემი ძლევამოსილება ცის კაბადონზე! მე ყურს ვუგდებ და გულისყურით ვისმენ დედამიწაზე ჩემი ხალხის ხმას, რომელიც სიმღერით გადმოღვრის ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულსა და მოწიწებას! ამ დღეს, როდესაც ყოველი ქმნილება ძალებს იბრუნებს, მე მოვევლინები ადამიანთა სამყაროს. სწორედ ამ წამს, ყველა ყვავილი იფურჩქნება, ყველა ჩიტი ერთხმად გალობს, ყოველივე სიხარულით ივსება! სასუფევლის ზარბაზნების გრიალში სატანის სამეფო ინგრევა, ნადგურდება სასუფევლის ჰიმნის ქუხილში, რათა აღარასოდეს აღდგეს!

3  დედამიწაზე ვინ ბედავს აღზევებას და წინააღმდეგობის გაწევას? დედამიწაზე დაშვებისას მომაქვს ცეცხლი, მომაქვს რისხვა, მომაქვს ყოველგვარი უბედურება. მიწიერი სამეფოები ახლა ჩემი სასუფეველია! მაღლა ცაში ღრუბლები ტრიალებს და ბორგავს; ცის ქვეშ ტბები და მდინარეები ბობოქრობს და სიხარულით უკრავს ამაღელვებელ მელოდიას. მძინარე ცხოველები თავიანთი ბუნაგებიდან გამოდიან და ჩემს ურიცხვ ხალხს მე ვაღვიძებ ძილისგან. ჩემი ურიცხვი ხალხის მიერ ნანატრი დღე საბოლოოდ დადგა! ისინი ყველაზე ლამაზ სიმღერებს მიძღვნიან მე!

— სიტყვა, ტომი 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღვთისსიტყვები მთელ სამყაროს, სამეფოს ჰიმნი

რაზე ფიქრობთ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ საგალობელს მღერით? (დიდ აღფრთოვანებასა და მღელვარებას ვგრძნობთ და ვფიქრობთ იმაზე, თუ რაოდენ საოცარია სასუფევლის ლამაზი ხედი და როგორ იქნებიან კაცობრიობა და ღმერთი მარადიულად ერთად.) უფიქრია თუ არა ვინმეს იმაზე, თუ როგორი სახე უნდა მიიღონ ადამიანებმა იმისათვის, რომ ღმერთთან ერთად იყვნენ? თქვენს წარმოდგენებში როგორები უნდა იყვნენ ადამიანები, რათა ღმერთთან ერთად იყვნენ და დატკბნენ მომავალში სასუფევლის მშვენიერი ცხოვრებით? (მათი ხასიათი უნდა შეიცვალოს.) მათი ხასიათი უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა დონემდე? როგორები იქნებიან ისინი მას შემდეგ, რაც მათი ხასიათი შეიცვლება? (ისინი განიწმინდებიან.) რა არის განწმენდის კრიტერიუმი? (ადამიანის ყველა ფიქრი და აზრი ქრისტეს შესატყვისი უნდა იყოს.) როგორ ვლინდება ასეთი შესატყვისობა? (ადამიანი აღარ უწევს წინააღმდეგობას და აღარ ღალატობს ღმერთს, შეუძლია აბსოლუტურად დაემორჩილოს მას და აქვს ღვთისმოშიში გული.) თქვენი ზოგიერთი პასუხი სწორი მიმართულებით მიდის. ყველამ გახსენით გულები და ხმამაღლა თქვით ის, რისი თქმაც გსურთ. (ადამიანებს, რომლებიც ღმერთთან ერთად ცხოვრობენ სასუფეველში, ჭეშმარიტების ძიების საფუძველზე და ყოველგვარი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნისაგან შეუბოჭავად უნდა შეეძლოთ თავიანთი მოვალეობის შესრულება — თანაც მისი ერთგულებით შესრულება — შემდეგ კი უნდა მოახერხონ ბნელეთის გავლენისგან თავის დაღწევა, გულში ღმერთთან თავსებადობა, ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება.) (საგნებსა და მოვლენებზე ჩვენი შეხედულებები შეიძლება იყოს ღვთის შესატყვისი და ძალგვიძს თავი დავაღწიოთ ბნელეთის გავლენას. მინიმუმ ჩვენ ვეღარ გვიყენებს სატანა, მოვიშორეთ ჩვენი გახრწნილი ხასიათი და შეგვიძლია დავემორჩილოთ ღმერთს. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა თავი დააღწიონ ბნელეთის გავლენას. ადამიანებს, რომლებსაც არ ძალუძთ ბნელეთის გავლენისგან თავის დაღწევა და სატანის ბორკილებისგან გათავისუფლება, ჯერ არ მოუპოვებიათ ღვთის ხსნა.) (ღვთის მიერ სრულყოფის სტანდარტი არის ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მასთან ერთი გულითა და გონებით და აღარ გაუწიონ მას წინააღმდეგობა. მათ შეუძლიათ შეიცნონ საკუთარი თავი, განახორციელონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში, შეიცნონ და უყვარდეთ ღმერთი და იყვნენ მისი შესატყვისნი. სულ ეს არის საჭირო.)

რაოდენ დიდ ადგილს იკავებს ადამიანთა გულებში მათი შედეგი

როგორც ჩანს, თქვენს გონებაში გაქვთ გარკვეული წარმოდგენა იმ გზის შესახებ, რომელსაც უნდა მიჰყვეთ და ამასთან დაკავშირებით გარკვეული გაგება ან შეფასება გამოგიმუშავდათ. თუმცა ის, რაც თქვით, თქვენთვის ცარიელი სიტყვებია თუ პრაქტიკული, დამოკიდებულია თქვენს ფოკუსზე ყოველდღიურ პრაქტიკაში. წლების განმავლობაში თქვენ ყველამ მიაღწიეთ წინსვლას ჭეშმარიტების თითოეულ ასპექტთან მიმართებაში, როგორც მოძღვრების, ისე ჭეშმარიტების შინაარსის თვალსაზრისით. ეს ამტკიცებს, რომ დღესდღეობით ადამიანები დიდ ყურადღებას უთმობენ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას და შედეგად, ჭეშმარიტების თითოეულმა ასპექტმა და პუნქტმა ნამდვილად გაიდგა ფესვები ზოგიერთი ადამიანის გულში. თუმცა, რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია? ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების ამ თემებმა და თეორიებმა ფესვები გაიდგა თქვენს გულებში, პრაქტიკულ შინაარსს მცირე წონა აქვს თქვენთვის. როდესაც რაღაც გემართებათ და განსაცდელისა და არჩევანის წინაშე დგებით, რამხელა როლის თამაში შეუძლია ამ ჭეშმარიტებათა რეალობას თქვენთვის? შეუძლია მას დაგეხმაროთ სირთულეების გადალახვაში, განსაცდელებიდან გამოსვლაში, ღვთის განზრახვების შესრულებაში და მოგცეთ ძალა, მტკიცედ იდგეთ განსაცდელებით გარშემორტყმული და მქუხარე მოწმობა გასცეთ ღვთისთვის? ოდესმე გიდარდიათ ამ საკითხებზე? მე გეკითხებით თქვენ: თქვენს გულებში, თქვენს ყოველდღიურ ფიქრებსა და აზრებში, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ოდესმე გამოგიტანიათ დასკვნა ამის შესახებ? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ზოგი ამბობს: „რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება“, მაშინ როცა სხვები ამბობენ: „რა თქმა უნდა, ყოველდღე ღვთის სიტყვების კითხვა“. ზოგი კი ამბობს: „რა თქმა უნდა, ყოველდღე ღვთის წინაშე წარდგომა და მისდამი ლოცვის აღვლენა“; არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „რა თქმა უნდა, ყოველდღე ჩემი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება“. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „მხოლოდ ის მსურს, რომ შევძლო ღვთის დაკმაყოფილება ყველაფერში, ყველაფერში დავემორჩილო მას და ვიმოქმედო მისი განზრახვების შესაბამისად“. სწორია ეს? სულ ეს არის? მაგალითად, ზოგიერთი ამბობს: „მე მხოლოდ ღვთისადმი დამორჩილება მსურს, მაგრამ როდესაც რაღაც მემართება, ამას ვერ ვახერხებ“. სხვები ამბობენ: „მე მხოლოდ ღვთის დაკმაყოფილება მსურს და კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც რომ შემძლებოდა მისი დაკმაყოფილება, ამას ვერასოდეს ვახერხებ“. ზოგი ამბობს: „მე მხოლოდ ღვთისადმი დამორჩილება მსურს. როდესაც განსაცდელი ახლოვდება, მხოლოდ ის მსურს, რომ მივენდო მის მიერ წარმართვასა და მის განგებას, დავემორჩილო მის მეუფებასა და განკარგულებებს ყოველგვარი დაჩივლებისა თუ მოთხოვნის გარეშე. მაგრამ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, უბრალოდ არ ძალმიძს დამორჩილება და თითქმის ყოველ ჯერზე ვმარცხდები“. სხვები კი ამბობენ: „როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავარ, არასოდეს შემიძლია ავირჩიო ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. მე ყოველთვის ხორცის დაკმაყოფილება მსურს და მინდა დავაკმაყოფილო ჩემი საკუთარი ეგოისტური სურვილები“. რა არის ამის მიზეზი? სანამ ღმერთი გამოცდას მოგივლენთ, ოდესმე თუ გამოგიწვევიათ საკუთარი თავი მრავალჯერ და არაერთხელ გამოგიცდიათ საკუთარი თავი იმის სანახავად, შეგიძლიათ თუ არა გულწრფელად დაემორჩილოთ ღმერთს და ჭეშმარიტად ასიამოვნოთ მას, ძალგიძთ თუ არა გარანტიის მოცემა, რომ არ უღალატებთ მას და შეგიძლიათ თუ არა თავი შეიკავოთ საკუთარი თავის ან თქვენი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებისგან და ამის ნაცვლად ასიამოვნოთ მხოლოდ ღმერთს ისე, რომ თავად არ გააკთოთ არჩევანი? აკეთებს ამას ვინმე? სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი ფაქტი, რომელიც თქვენ თვალწინაა და ეს არის ის, რაზეც თითოეული თქვენგანი ყველაზე მეტად წუხს და რისი ცოდნაც ყველაზე მეტად გსურთ — თითოეული ადამიანის შედეგისა და დანიშნულების ადგილის საკითხი. შესაძლოა ამას ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც ვერავინ უარყოფს. რაც შეეხება ჭეშმარიტებებსა და ღვთის სიტყვებს ადამიანთა შედეგების, კაცობრიობისადმი ღვთის აღთქმისა და იმის შესახებ, თუ როგორი დანიშნულების ადგილას განიზრახავს ღმერთი ადამიანთა შეყვანას, ვიცი, რომ არიან ისეთები, რომლებმაც ისინი უკვე მრავალჯერ შეისწავლეს. არიან ისეთებიც, რომლებიც გამუდმებით ეძებენ პასუხს და გონებაში აანალიზებენ მას, მაგრამ მაინც არ აქვთ პასუხი, ან შესაძლოა საბოლოოდ რაიმე ბუნდოვან დასკვნამდე მიდიან და საბოლოო ჯამში, გაურკვევლობაში რჩებიან იმის თაობაზე, თუ როგორი შედეგი ელით მათ. თავიანთი მოვალეობების შესრულების მთელი პროცესის განმავლობაში ადამიანთა უმეტესობას მუდმივად სურდა დანამდვილებით სცოდნოდა: „როგორი იქნება ჩემი შედეგი? შევძლებ თუ არა ამ გზის ბოლომდე გავლას? როგორია ღვთის დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ?“ ზოგიერთი ასეც კი წუხს: „წარსულში რაღაც გავაკეთე და ვთქვი; ავუჯანყდი ღმერთს, ჩავიდინე ქმედებები, რომლებითაც ვუღალატე მას და გარკვეულ შემთხვევებში ვერ შევძელი ღვთის დაკმაყოფილება, გული ვატკინე მას, იმედი გავუცრუე და გამოვიწვიე მისი სიძულვილი და ზიზღი ჩემ მიმართ. ამიტომ, ჩემი შედეგი შეიძლება გაურკვეველი იყოს.“ სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ადამიანთა უმეტესობა შფოთავს საკუთარი შედეგის გამო. ვერავინ ბედავს თქვას: „ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩენილი ვარ; ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ღვთის განზრახვების შესრულება, რომ ვარ ადამიანი, რომელიც ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედებს და რომ ვარ ის, რომელიც ღრმერთს მოსწონს.“ ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ღვთის გზის მიყოლა განსაკუთრებით რთულია და რომ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ყველაზე ძნელი რამ არის. შესაბამისად, ასეთი ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ არაფერი ეშველებათ და ვერ ბედავენ კარგი შედეგის იმედი ჰქონდეთ; ან სჯერათ, რომ არ შეუძლიათ ღვთის განზრახვების შესრულება და ვერ გახდებიან გადარჩენილნი; ამიტომ ამბობენ, რომ არ აქვთ შედეგი და ვერ მიაღწევენ კარგი დანიშნულების ადგილს. მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად რას ფიქრობენ ადამიანები, ზოგადად რომ ვთქვათ, ყველას მრავალჯერ გამოუთვლია საკუთარი შედეგი თავის გულში. ისინი მუდმივად ანგარიშობენ და გეგმავენ თავიანთ მომავალს და იმას, თუ რას მიიღებენ, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება. ზოგიერთი ორმაგ საფასურს იხდის; ზოგიერთი ტოვებს ოჯახსა და სამსახურს; ზოგიერთი ირჩევს, უარი თქვას ქორწინებაზე; ზოგიერთი სამსახურს ტოვებს, რათა ღვთისთვის დაიხარჯოს; ზოგიერთი სახლს ტოვებს თავისი მოვალეობების შესასრულებლად; ზოგიერთი ირჩევს გასაჭირის ატანას და ყველაზე მძიმე და დამღლელ დავალებებს იღებს საკუთარ თავზე; ზოგიერთი ირჩევს თავისი ქონების შეწირვას და ყველაფრის მიძღვნას; ზოგიერთი კი ირჩევს ჭეშმარიტების ძიებას და ღვთის შეცნობისკენ სწრაფვას. რანაირადაც არ უნდა აირჩიოთ პრაქტიკაში განხორციელება, მნიშვნელოვანია თუ არა ის გზა, რომლითაც ამას აკეთებთ? (არა, არ არის.) როგორ უნდა გავიგოთ, რომ ეს „არ არის მნიშვნელოვანი“? თუ პრაქტიკის მეთოდი არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ რა არის? (გარეგნული კარგი ქცევა არ წარმოადგენს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას.) (თითოეული ინდივიდის აზრები არ არის მნიშვნელოვანი; აქ მთავარია, განვახორციელეთ თუ არა ჭეშმარიტება პრაქტიკაში და გვაქვს თუ არა ღვთისმოყვარე გული.) (ანტიქრისტეებისა და ცრუ წინამძღოლების დაცემა გვეხმარება გავიგოთ, რომ გარეგნული ქცევა არ არის ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ. გარეგნულად ჩანს, რომ მათ ბევრი რამ დათმეს და მზად იყვნენ მსხვერპლის გასაღებად, მაგრამ გაანალიზებისას ვხედავთ, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ ღვთისმოშიში გული, რომ ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებიან მას და რომ, გადამწყვეტ მომენტებში, ყოველთვის სატანის მხარეს დგებიან და დაბრკოლებას უქმნიან ღვთის საქმეს. ამგვარად, მთავარი ის არის, თუ რომელ მხარეს ვდგავართ, როდესაც რაღაც გვემართება და როგორია ჩვენი შეხედულებები საგნებსა და მოვლენებზე.) თქვენ ყველანი კარგად საუბრობთ. როგორც ჩანს, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასთან, ღვთის განზრახვებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოითხოვს ღმერთი კაცობრიობისგან, თქვენ უკვე გაგაჩნიათ გარკვეული საბაზისო გაგება და სტანდარტები. ძალიან გულაჩუყებული ვარ, რომ შეგიძლიათ ასე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ზოგიერთი სიტყვა არ არის ძალიან ზუსტი, ის, რაც თქვით, უკვე უახლოვდება ჭეშმარიტების სათანადო ახსნას. ეს ამტკიცებს, რომ თქვენ გამოგიმუშავდათ თქვენ გარშემო არსებული ადამიანების, მოვლენებისა და საგნების, ღვთის მიერ მოწყობილი მთელი თქვენი გარემოცვისა და ყოველივეს ჭეშმარიტი გაგება, რისი დანახვაც შეგიძლიათ. ეს არის გაგება, რომელიც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის, რაც თქვით, არ არის სრულიად ამომწურავი და თქვენ მიერ წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა არ არის ძალიან მართებული, თქვენი გაგება უკვე ძალიან ახლოსაა ჭეშმარიტება-რეალობასთან. იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობთ ამგვარად, ძალიან მახარებს.

ადამიანთა რწმენა ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას

ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გასაჭირის ატანა და მსხვერპლის გაღება. მათი გარეგნული ქცევა ძალიან კარგია. ისინი საკმაოდ პატივცემულნი არიან და სხვების აღფრთოვანებას იმსახურებენ. იტყოდით თუ არა, რომ ეს გარეგნული ქცევა შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებად? შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ ასეთი ადამიანები ასრულებენ ღვთის განზრახვებს? რატომ ხდება ხშირად ისე, რომ ადამიანები ხედავენ ასეთ პიროვნებებს და ფიქრობენ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ღმერთს, მიჰყვებიან ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების გზას და მიჰყვებიან ღვთის გზას? რატომ ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ასე? ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. რა ახსნაა ეს? ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გარკვეული საკითხები — მაგალითად, რას ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, ღვთის დაკმაყოფილება და ჭეშმარიტება-რეალობის ჭეშმარიტად ფლობა — არ არის ძალიან ნათელი. ამგვარად, არიან ისეთებიც, რომლებიც ხშირად შეცდომაში შეჰყავთ ადამიანებს, რომლებიც გარეგნულად ძალიან სულიერად და კეთილშობილურად გამოიყურებიან და ამაღლებულ ადამიანებად ჩანან. როდესაც საქმე ეხება მათ, ვისაც ძალუძთ სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა და რომელთა საუბარი და ქმედებები აღფრთოვანებას იწვევს, ისინი, ვინც მათ მიერ შეცდომაში არიან შეყვანილნი, არასოდეს დაკვირვებიან მათი ქმედებების არსს, მათი საქმეების მიღმა არსებულ პრინციპებს ან მიზნებს. უფრო მეტიც, მათ არასოდეს დაუნახავთ, ჭეშმარიტად ემორჩილებიან თუ არა ეს ადამიანები ღმერთს, ან ჭეშმარიტად აქვთ თუ არა ღვთისმოშიშება და განერიდებიან თუ არა ბოროტებას. მათ არასოდეს ამოუცნიათ ამ ადამიანთა ადამიანურობა-არსება. პირიქით, ისინი უცხოობიდან მათთან დაახლოებაზე გადადიან, შემდეგ თანდათანობით იწყებენ მათით აღფრთოვანებასა და მათ პატივისცემას და, საბოლოოდ, თავიანთ კერპებად მიიჩნევენ მათ. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანის გონებაში ის კერპები, რომლებსაც ისინი ეთაყვანებიან — და რომლებსაც, მათი აზრით, შეუძლიათ მიატოვონ თავიანთი ოჯახები და სამსახურები და გარეგნულად მსხვერპლი გაიღონ — არიან ისინი, ვინც ჭეშმარიტად აკმაყოფილებენ ღმერთს და ვისაც ჭეშმარიტად შეუძლია მიაღწიოს კარგ შედეგებსა და კარგ დანიშნულების ადგილებს. მათ გონებაში ეს კერპები არიან ისინი, ვისაც ღმერთი იწონებს. რა აიძულებთ მათ ჰქონდეთ ასეთი რწმენა? რა არის ამ საკითხის არსი? რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან? მოდით, ჯერ ამ საკითხის არსი განვიხილოთ.

არსებითად ეს საკითხები, რომლებიც ეხება ადამიანთა თვალსაზრისებს, მათი პრაქტიკის მეთოდებს, პრაქტიკის პრინციპებს, რომლებსაც ისინი იღებენ და იმას, თუ რაზე არიან ისინი ფოკუსირებულნი, არანაირი კავშირში არ აქვს კაცობრიობის მიმართ ღვთის მოთხოვნებთან. მიუხედავად იმისა, ადამიანები ზედაპირულ საკითხებზე ფოკუსირდებიან, ღრმა პრობლემებზე, სიტყვებსა და მოძღვრებებზე თუ რეალობაზე, ისინი არ იცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უნდა დაიცვან და არც ის იციან, რაც ყველაზე მეტად უნდა იცოდნენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება; შესაბამისად, მათ არ სურთ ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა იპოვონ პრაქტიკის პრინციპები ღვთის სიტყვებში და განახორციელონ ისინი პრაქტიკაში. ამის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ გამოიყენონ მოკლე გზები, შეაჯამონ ის, რაც მათ მიაჩნიათ და იციან, რომ არის კარგი პრაქტიკა და კარგი ქცევა; ეს შეჯამება შემდეგ ხდება მათი საკუთარი მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვიან და ჭეშმარიტება, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორციელონ. ეს პირდაპირ უბიძგებს ადამიანებს, ჩაანაცვლონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ადამიანის კარგი ქცევით; ეს ერთდროულად აკმაყოფილებს მათ სურვილს, მოიპოვონ ღვთის კეთილგანწყობა და აძლევს მათ ბერკეტს, რათა დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტებას და ეკამათონ და შეედავონ ღმერთს. ამავდროულად, ადამიანები ასევე უსინდისოდ გვერდზე დებენ ღმერთს და თავიანთ გულებში არსებულ კერპებს ღვთის ადგილას აყენებენ. არსებობს მხოლოდ ერთი ძირეული მიზეზი იმისა, თუ რატომ გააჩნიათ ადამიანებს ასეთი სულელური პრაქტიკა და შეხედულებები ან ასეთი ცალმხრივი შეხედულებები და პრაქტიკის მეთოდები — და დღეს მე გეტყვით ამის შესახებ: მიზეზი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მიჰყვებიან ღმერთს, მისდამი ლოცვას აღავლენენ ყოველდღე და მის სიტყვებს ყოველდღე კითხულობენ, სინამდვილეში საერთოდ არ ესმით მისი განზრახვები. სწორედ აქ დევს პრობლემის ძირეული მიზეზი. ვინმე რომ წვდებოდეს ღვთის გულს და იცოდეს, რა მოსწონს მას, რა სძულს, რისი მიღწევა სურს, რას უარყოფს, როგორი ადამიანი უყვარს, როგორი ადამიანი არ მოსწონს, რა სახის სტანდარტს იყენებს ადამიანების მიმართ მოთხოვნების წაყენებისას და რა გზებს იყენებს ადამიანების სრულყოფისთვის, ექნებოდათ კი მათ კვლავ საკუთარი მოსაზრებები? შეძლებდნენ კი ისინი წასულიყვნენ და თვითნებურად თაყვანი ეცათ სხვისთვის? შეძლებდნენ კი ისინი კვლავ ექციათ ჩვეულებრივი ადამიანი თავიანთ კერპად? ადამიანებს რომ ესმოდეთ ღვთის განზრახვები, მათი თვალსაზრისები გარკვეულწილად უფრო გონივრული იქნებოდა. ისინი თვითნებურად არ გააკერპებდნენ გახრწნილ ადამიანს და არც ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების გზაზე სიარულისას მიჰყვებოდნენ თვითნებურად რამდენიმე მარტივ წესს ან პრინციპს და არ ჩათვლიდნენ ამას ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებად.

არსებობს მრავალი მოსაზრება იმ სტანდარტის შესახებ, რომლითაც ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა შედეგებს

მოდით, დავუბრუნდეთ ამ თემას და გავაგრძელოთ შედეგის საკითხის განხილვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ის, რაც თითოეულ ადამიანს აღელვებს, არის მისი შედეგი, იცით თუ არა, როგორ განსაზღვრავს ღმერთი ამ შედეგს? რა გზით განსაზღვრავს ღმერთი ვინმეს შედეგს? უფრო მეტიც, რა სახის სტანდარტს იყენებს იგი მის განსასაზღვრად? სანამ ადამიანის შედეგი განისაზღვრება, რა საქმეს ასრულებს ღმერთი მის გამოსააშკარავებლად? იცის ვინმემ? როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, არიან ისეთები, რომლებმაც უკვე ძალიან დიდი დრო დახარჯეს ღვთის სიტყვებში ამის შესწავლაზე, რადგან სურდათ დაენახათ, სინამდვილეში რა არის ადამიანთა შედეგები, რა კატეგორიებად იყოფა ეს შედეგები და რა განსხვავებული შედეგები არსებობს სხვადასხვა ადამიანისთვის. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ გაარკვევენ, თუ როგორ განისაზღვრება ადამიანთა შედეგები ღვთის სიტყვებით და რა სახის სტანდარტსა და მეთოდს იყენებს იგი ადამიანის შედეგის განსასაზღვრად. თუმცა, საბოლოოდ, მათ მაინც ვერ იპოვეს პასუხი. სინამდვილეში, ღვთის სიტყვებში ამის შესახებ ცოტა რამ არის ნათქვამი, მაგრამ არა ბევრი. რატომ ხდება ასე? სანამ ადამიანთა შედეგები გამოაშკარავდება, ღმერთს არ სურს ვინმეს უთხრას, თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი და არც ის სურს, რომ ვინმეს წინასწარ აცნობოს თავისი დანიშნულების ადგილის შესახებ — ეს კაცობრიობას არავითარ სარგებელს არ მოუტანდა. ახლა და აქ, მე მხოლოდ ის მსურს გითხრათ იმ მეთოდის შესახებ, რომლითაც ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა შედეგებს, იმ სამუშაო პრინციპების შესახებ, რომლებითაც იგი განსაზღვრავს და გამოააშკარავებს ამ შედეგებს, და იმ სტანდარტის შესახებ, რომელსაც იგი იყენებს იმის განსასაზღვრად, შეუძლია თუ არა ვინმეს გადარჩენა. განა ეს არ არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღელვებთ? მაშ, ადამიანთა წარმოდგენებში როგორ განსაზღვრავს ღმერთი ადამიანთა შედეგებს? თქვენ ახლახან ნაწილობრივ ახსენეთ ეს: ზოგიერთმა თქვენგანმა თქვა, რომ ღმერთი ადამიანთა შედეგებს იმის საფუძველზე განსაზღვრავს, თავდადებით ასრულებენ თუ არა ისინი თავიანთ მოვალეობებს და იხარჯებიან თუ არა მისთვის; ზოგიერთმა ახსენა, რომ ეს ხდება იმის საფუძველზე, ემორჩილებიან თუ არა ღმერთს და აკმაყოფილებენ თუ არა მას; ზოგიერთმა თქვა, რომ ეს იმის საფუძველზე ხდება, აძლევენ თუ არა ღმერთს მათი წარმართვისა და განგების საშუალებას; ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ ეს იმის საფუძველზე ხდება, არიან თუ არა მოკრძალებულნი... როდესაც თქვენ ამ ჭეშმარიტებებს პრაქტიკაში ახორციელებთ და როდესაც მოქმედებთ იმის შესაბამისად, რაც პრინციპებად მიგაჩნიათ, იცით თუ არა, რას ფიქრობს ღმერთი? ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ამის გაკეთება განზრახვებს? შეესაბამება თუ არა ეს მის სტანდარტს? შეესაბამება თუ არა ეს მის მოთხოვნებს? მიმაჩნია, რომ ადამიანთა უმეტესობა ამ კითხვებზე ბევრს არ ფიქრობს. ისინი უბრალოდ მექანიკურად იყენებენ ღვთის სიტყვის ნაწილს, ან ქადაგებების ნაწილს, ან იმას, რაც ითვლება იმ გარკვეული სულიერი პიროვნებების სტანდარტებად, რომლებსაც ისინი აკერპებენ, და აიძულებენ საკუთარ თავს, გააკეთონ ესა თუ ის. მათ სჯერათ, რომ ეს არის სწორი გზა, ამიტომ ისინი განაგრძობენ მის დაცვას და კეთებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი. ზოგი ფიქრობს: „მე ამდენი წელია მწამს; ყოველთვის ამგვარად ვახორციელებდი პრაქტიკაში. ვგრძნობ, რომ დიდად ვაკმაყოფილებდი ღმერთს და ასევე ვგრძნობ, რომ საკმაოდ ბევრი რამ შევიძინე. ეს იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში მრავალი ჭეშმარიტება შევიმეცნე, ასევე ბევრი ისეთი რამ, რაც ადრე არ მესმოდა. კერძოდ, ჩემი აზრები და შეხედულებები დიდად შეიცვალა, ჩემი ცხოვრებისეული ფასეულობები საკმაოდ შეიცვალა და ასევე საკმაოდ ბევრი რამ გავიგე ამ სამყაროს შესახებ.“ ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ ეს არის ნაყოფი და რომ ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევაც ღვთის საქმეს ადამიანებში განუზრახავს. მითხარით, ეს სტანდარტები და მთელი თქვენი პრაქტიკა, ერთად აღებული, ასრულებს თუ არა ღვთის განზრახვებს? ზოგიერთი დარწმუნებით ამბობს: „რა თქმა უნდა! ჩვენ პრაქტიკაში ვახორციელებთ ღვთის სიტყვის მიხედვით; ჩვენ პრაქტიკაში ვახორციელებთ ზემდგომის ქადაგებებისა და თანაზიარებების მიხედვით. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, მუდმივად მივყვებით ღმერთს და არასოდეს მიგვიტოვებია იგი. ამიტომ, სრული თავდაჯერებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებთ ღმერთს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვესმის ღვთის განზრახვები და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვესმის ღვთის სიტყვები, ზოგადად ჩვენ ყოველთვის ვიდექით იმ გზაზე, რომელიც ღმერთთან თავსებადობის ძიებას ემსახურება. თუ ის, რასაც პრაქტიკაში ვახორციელებთ და რასაც ვაკეთებთ, სწორია, მაშინ შედეგიც აუცილებლად სწორი იქნება.“ რას ფიქრობთ ამ თვალსაზრისზე? სწორია ის? შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იტყვიან: „არასოდეს მიფიქრია ამ საკითხებზე. უბრალოდ მგონია, რომ სანამ განვაგრძობ ჩემი მოვალეობის შესრულებას და ვმოქმედებ ღვთის სიტყვების მოთხოვნების შესაბამისად, შევძლებ გადარჩენას. არასოდეს მიფიქრია იმაზე, შემიძლია თუ არა ღვთის გულის დაკმაყოფილება და არც იმაზე, ვაკმაყოფილებ თუ არა ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტს, რადგან ღმერთს არასოდეს უთქვამს ან არ მოუცია რაიმე მკაფიო მითითება. ვფიქრობ, რომ სანამ ამის კეთებას შეუსვენებლად განვაგრძობ, ღმერთი კმაყოფილი იქნება და არ უნდა არსებობდეს რაიმე დამატებითი მოთხოვნა.“ სწორია ეს ფიქრები? რაც შემეხება მე, პრაქტიკის ეს გზა, აზროვნების ეს გზა და ეს შეხედულებები მოიცავს ფანტაზიებს ისევე, როგორც გარკვეულწილად ბრმად მოქმედებას. ჩემმა ამ ნათქვამმა შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს გული გაუტეხოს და იფიქროთ: „ბრმად მოქმედება? თუ ჩვენ ბრმად ვმოქმედებთ, განა ჩვენი ხსნის მიღწევისა და გადარჩენის იმედი ძალიან მცირე და მიზერული არ იქნებოდა? ამგვარი საუბრით განა ცივ წყალს არ გვასხამ?“ რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, ის ეფექტი, რისი მიღწევაც თქვენთან მიმართებაში მსურს იმით, რისი თქმაც და გაკეთებაც მინდა, არ არის ის, რომ გაგრძნობინოთ, თითქოს ცივ წყალს გასხამდნენ. პირიქით, ეს არის იმისთვის, რომ შეძლოთ ღვთის განზრახვების უფრო ნათლად გაგება და უკეთ წვდომა იმისა, თუ რას ფიქრობს იგი, რისი მიღწევა სურს, როგორი ადამიანები მოსწონს, რა ეზიზღება, რა სძულს, როგორი ადამიანების მოქცევა სურს და როგორი ტიპის ადამიანს უარყოფს ზიზღით. ეს ასევე იმისთვისაა, რომ გულის სიღრმეში ნათლად და ცხადად იცოდეთ, თუ რაოდენ შორს არის ის, რასაც თითოეული თქვენგანი აკეთებს, პრაქტიკაში ახორციელებს, ფიქრობს და განიხილავს, ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტისგან. არის თუ არა ძალიან აუცილებელი ამ თემების განხილვა? რადგან ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია გწამთ და ამდენი ქადაგება მოისმინეთ, სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გაკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩაიწერეთ თითოეული ჭეშმარიტება თქვენს რვეულებში, დაიმახსოვრეთ და გულში შეინახეთ ისეთი რამ, რაც პირადად მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, და თუმცა გეგმავთ ამ საკითხების წამოწევას მაშინ, როდესაც მათი პრაქტიკაში განხორციელების დრო დგება და მათ გამოყენებას ღვთის დასაკმაყოფილებლად, თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა თავი გაართვათ თქვენს წინაშე წარმოქმნილ თითოეულ სირთულეს ან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თან გდევდეთ ცხოვრებაში, როგორც ვხედავ, რანაირადაც არ უნდა აკეთებდეთ ამას, თუ თქვენ მხოლოდ ამ საქმეებს აკეთებთ, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშ, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? ის, რომ სანამ შენ ამ საქმეებს აკეთებ, გულის სიღრმეში ძალიან ნათლად უნდა იცოდე, არის თუ არა ის, რასაც აკეთებ და რასაც პრაქტიკაში ახორციელებ, ის, რაც ღმერთს სურს, და შეესაბამება თუ არა მის განზრახვებსა და მოთხოვნებს ის, რასაც აკეთებ, რასაც ფიქრობ და ის შედეგი და მიზანი, რომლის მიღწევაც გულის სიღრმეში გსურს ისევე, როგორც ის, აღიარებს თუ არა ღმერთი ყოველივე ამას. სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ღვთის გზის მიყოლა: ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება

არის ერთი გამონათქვამი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამონათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ყოველდღიურად უთვალავჯერ მახსენდება. რატომ? იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს ვხვდები, ყოველ ჯერზე, როდესაც ვისმენ ვინმეს ისტორიას და ყოველ ჯერზე, როდესაც ვისმენ ადამიანის გამოცდილებას ან დამოწმებას ღვთისადმი რწმენის შესახებ, ყოველთვის ვიყენებ ამ გამონათქვამს ჩემს გულში იმის შესაფასებლად, არის თუ არა ეს პიროვნება ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც ღმერთს სურს და როგორიც ღმერთს მოსწონს. მაშ, რა არის ეს გამონათქვამი? ახლა ალბათ ყველანი სულგანაბული მელოდებით. როდესაც ამ გამონათქვამს გაგიმხელთ, შესაძლოა იმდი გაგიცრუვდეთ, რადგან არიან ისეთები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მას მხოლოდ სიტყვიერად წარმოთქვამდნენ. მე კი ის არასოდეს არცერთხელ არ წარმომითქვამს მხოლოდ სიტყვიერად. ეს გამონათქვამი ჩემს გულში მკვიდრობს. მაშ, რა არის ეს გამონათქვამი? ის ასე ჟღერს: „ღვთის გზის მიყოლა: ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება.“ განა ეს უკიდურესად მარტივი ფრაზა არ არის? მიუხედავად ამისა, მისი სიმარტივის მიუხედავად ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტად გააჩნიათ ამ სიტყვების ღრმა გაგება, იგრძნობენ, რომ ამ სიტყვებს დიდი წონა აქვს, რომ ეს გამონათქვამი ნამდვილად ღირს პრაქტიკაში განსახორციელებლად, რომ ეს არის სიცოცხლის ენა, რომელიც შეიცავს ჭეშმარიტება-რეალობას, რომ ეს არის მთელი ცხოვრების მიზანი მათთვის, ვინც ღვთის დაკმაყოფილებას ესწრაფვის და რომ ეს არის მთელი ცხოვრების გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეს ყველა, ვინც ითვალისწინებს ღვთის განზრახვებს. მაშ, არის თუ არა ეს გამონათქვამი ჭეშმარიტება თქვენთვის? აქვს თუ არა მას ასეთი მნიშვნელობა? შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს და აანალიზებს ამ გამონათქვამს, მაშინ როცა სხვები ეჭვობენ: „არის კი ეს გამონათქვამი ძალიან მნიშვნელოვანი? არის ის ძალიან მნიშვნელოვანი? აუცილებელია მისი ასე ხაზგასმა?“ შესაძლოა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც დიდად არ მოსწონთ ეს გამონათქვამი, რადგან ფიქრობენ: „განა ზედმეტად მარტივი არ არის ღვთის გზის მხოლოდ ამ ერთი გამონათქვამით გამოხატვა? ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების ერთ გამონათქვამამდე დაყვანა განა მას ზედმეტად უმნიშვნელოდ არ წარმოაჩენს?“ ასეა ეს? შესაძლოა, უმეტესობა თქვენგანს ბოლომდე არ ესმის ამ გამონათქვამის ღრმა მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ჩაინიშნეთ იგი, არ აპირებთ მის გულთან ახლოს მიტანას; თქვენ უბრალოდ ჩაინიშნეთ ის თქვენს რვეულებში, რათა თავისუფალ დროს ამოიღოთ, წაიკითხოთ და იფიქროთ მასზე. არიან ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც საერთოდ არ კადრულობენ ამ გამონათქვამის დამახსოვრებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გამოყენებაზე. თუმცა, რატომ ვამბობ ამას? მიუხედავად თქვენი თვალსაზრისისა და იმისა, თუ რას ფიქრობთ, რადგან ამ გამონათქვამს დიდი კავშირი აქვს ღვთის მიერ ადამიანთა შედეგების განსაზღვრასთან, ის უნდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, თუ როგორია ამჟამად თქვენი გაგება ამ გამონათქვამის შესახებ ან როგორ ეპყრობით მას, მე მაინც გეტყვით ამას: თუ ადამიანებს შეუძლიათ ამ გამონათქვამის პრაქტიკაში განხორციელება და განცდა და ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების სტანდარტის მიღწევა, მაშინ ისინი უდავოდ გადარჩებიან და აუცილებლად ექნებათ კარგი შედეგები. თუმცა, თუ შენ არ ძალგიძს ამ გამონათქვამით დადგენილი სტანდარტის დაკმაყოფილება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ შენი შედეგი უცნობია. ამრიგად, მე ამას პირველ ყოვლისა იმიტომ გეუბნებით, რომ თავიდანმე მკაფიო წარმოდგენა შეგექმნათ გულში და იცოდეთ, თუ რა სახის სტანდარტს იყენებს ღმერთი თქვენს გასაზომად. როგორც ახლახან ვთქვი, ამ გამონათქვამს დიდი კავშირი აქვს ღვთის მიერ ადამიანთა გადარჩენასა და ადამიანთა შედეგების განსაზღვრასთან. რა კავშირშია ის? თქვენც ძალიან გსურთ ამის ცოდნა, ამიტომ მოდით, დღეს ამაზე ვისაუბროთ.

ღმერთი იყენებს სხვადასხვა განსაცდელს იმის გამოსაცდელად, აქვთ თუ არა ადამიანებს ღვთისმოშიშება და განერიდებიან თუ არა ბოროტებას

ღმერთი თავისი საქმის თითოეულ ეპოქაში გარკვეულ სიტყვებს მიჰმადლებს და გარკვეულ ჭეშმარიტებებს აუწყებს ადამიანებს. ეს ჭეშმარიტებები ემსახურება იმ გზას, რომელსაც ადამიანები უნდა მიჰყვნენ, რომელსაც უნდა უერთგულონ, რომელიც მათ ღვთისმოშიშებას უნერგავს და ბოროტებისგან განრიდების საშუალებას აძლევს; ეს არის ის, რაც ადამიანებმა პრაქტიკაში უნდა განახორციელონ და დაიცვან თავიანთ ცხოვრებაში და თავიანთი ცხოვრების გზაზე. სწორედ ეს არის ადამიანებისთვის ამ სიტყვების გამოხატვის ღვთიური მიზანი. ადამიანებმა უნდა დაიცვან ღვთისგან მომდინარე ეს სიტყვები, ხოლო მათი დაცვა სიცოცხლის მოპოვებას ნიშნავს. თუ ადამიანი არ იცავს, არ ახორციელებს მათ პრაქტიკაში და არ ავლენს ღვთის სიტყვებს თავის ცხოვრებაში, მაშინ ეს ადამიანი არ ახორციელებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში. და თუ ადამიანები არ ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, მაშინ მათ არ აქვთ ღვთისმოშიშება, არ განერიდებიან ბოროტებას და ვერც ღმერთს დააკმაყოფილებენ. თუ ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ ღმერთს, ისინი ვერ მიიღებენ მის მოწონებას და ამ შემთხვევაში მათ არ ექნებათ შედეგი. მაშ, როგორ განსაზღვრავს ღმერთი ადამიანის შედეგს თავისი საქმის მიმდინარეობისას? რა მეთოდებს იყენებს ღმერთი ადამიანის შედეგის განსასაზღვრად? თქვენ შესაძლოა ეს კარგად არ გესმოდეთ, თუ არ აგიხსნით, მაგრამ როდესაც ამ პროცესის შესახებ გიამბობთ, ყველაფერი ნათელი გახდება, რადგან ბევრმა თქვენგანმა ეს უკვე თავად გამოსცადა.

დასაბამიდან მოყოლებული თავისი საქმის მიმდინარეობისას ღმერთი მეტ-ნაკლებ განსაცდელს უვლენს თითოეულ ადამიანს — ან შეიძლება ითქვას, ყველას, ვინც მას მიჰყვება. არიან ისეთები, რომლებმაც გამოსცადეს ოჯახების მხრიდან უარყოფის განსაცდელი, არახელსაყრელი გარემოებების განსაცდელი, დაპატიმრებისა და წამების განსაცდელი, არჩევანის წინაშე დგომის განსაცდელი და რომლებიც ფულისა და სტატუსის განსაცდელების წინაშე აღმოჩნდნენ. ზოგადად რომ ვთქვათ, თითოეული თქვენგანი ყოველგვარი განსაცდელის წინაშე მდგარა. რატომ მოქმედებს ღმერთი ასე? რატომ ეპყრობა იგი ყველას ამგვარად? როგორი შედეგის დანახვა სურს მას? აი, რისი თქმა მსურს თქვენთვის: ღმერთს სურს დაინახოს, არის თუ არა ეს პიროვნება ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც მისი ეშინია და განერიდება ბოროტებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთი განსაცდელს გივლენს და ამა თუ იმ გარემოების წინაშე გაყენებს, მისი განზრახვაა გამოსცადოს, ხარ თუ არა ადამიანი, რომელსაც მისი ეშინია და განერიდება ბოროტებას. თუ ვინმე შესაწირავების დაცვის მოვალეობის წინაშე დგას და ეს მოვალეობა მას ღვთის შესაწირავთან აკავშირებს — იტყოდი თუ არა, რომ ეს ღვთის მიერ არის მოწყობილი? უდავოდ ასეა! ყველაფერი, რასაც აწყდები, ღვთის მიერ არის მოწყობილი. როდესაც ასეთი საკითხის წინაშე დგახარ, ღმერთი ფარულად დაგაკვირდება, შეხედავს, რა არჩევანს აკეთებ, როგორ ახორციელებ საქმეებს პრაქტიკაში და რა აზრები გაქვს. შედეგი არის ის, რაც ღმერთს ყველაზე მეტად აღელვებს, რადგან სწორედ ამ შედეგით გაზომავს იგი, დააკმაყოფილე თუ არა მისი სტანდარტი ამ კონკრეტულ განსაცდელში. თუმცა, როდესაც ადამიანები პრობლემას აწყდებიან, იშვიათად ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ დგანან მის წინაშე, რა არის ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტი, რისი დანახვა სურს მას მათში ან რისი მიღება სურს მათგან. ასეთი პრობლემის წინაშე დგომისას, ისინი მხოლოდ ფიქრობენ: „ეს არის ის, რის წინაშეც ვდგავარ; ფრთხილად უნდა ვიყო და არა უყურადღებოდ! რაც არ უნდა იყოს, ეს ღვთის შესაწირავია და მე მას ვერ შევეხები.“ ასეთი მარტივი ფიქრებით მათ სჯერათ, რომ შეასრულეს თავიანთი პასუხისმგებლობები. მოუტანდა თუ არა ამ განსაცდელის შედეგი ღმერთს კმაყოფილებას? მიდით, ისაუბრეთ ამის შესახებ. (თუ ვინმეს აქვს ღვთისმოშიში გული მაშინ, როდესაც დგას ისეთი მოვალეობის წინაშე, რომელიც მას ღვთის შესაწირავთან შეხების საშუალებას აძლევს, ის ჩათვლის, რომ ეს არის ისეთი რამ, რამაც შეიძლება ადვილად შეურაცხყოს ღვთის ხასიათი და ამიტომ აუცილებლად გამოიჩენს კეთილგონიერებას.) შენი პასუხი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ჯერ ბოლომდე ზუსტი არ არის. ღვთის გზის მიყოლა არ ნიშნავს წესების ზედაპირულად დაცვას; პირიქით, ეს ნიშნავს, რომ როდესაც პრობლემის წინაშე დგახარ, მას უპირველეს ყოვლისა განიხილავ, როგორც მდგომარეობას, რომელსაც ღმერთი წარმართავს და განაგებს, პასუხისმგებლობას, რომელიც მან დაგაკისრა ან დავალებას, რომელიც მან მოგანდო. ამ პრობლემის წინაშე დგომისას ის უნდა განიხილო კიდეც, როგორც განსაცდელი, რომელსაც ღმერთი გივლენს. როდესაც ამ პრობლემას აწყდები, გულის სიღრმეში უნდა გქონდეს სტანდარტი და უნდა იფიქრო, რომ ეს საკითხი ღვთისგან მოდის. უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედო, რათა შეძლო შენი პასუხისმგებლობის შესრულება და ამავდროულად დარჩე ღვთის ერთგული, ასევე იმაზე, თუ როგორ გააკეთო ეს ისე, რომ არ განარისხო ღმერთი ან არ შეურაცხყო მისი ხასიათი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისაუბრეთ შესაწირავების დაცვაზე. ეს საკითხი ეხება შესაწირავებს, ასევე შენს მოვალეობასა და პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა შენი მოვალეობაა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე დგომისას არსებობს თუ არა რაიმე ცდუნება? არსებობს. საიდან მოდის ეს ცდუნება? ეს ცდუნება მოდის სატანისგან და ის ასევე მოდის ადამიანთა უკეთური, გახრწნილი ხასიათებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ცდუნება, ეს საკითხი მოიცავს დამოწმებას, რომელშიც ადამიანები მტკიცედ უნდა იდგნენ და ამ დამოწმებაში მტკიცედ დგომა ასევე შენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ზოგიერთი ამბობს: „ეს ისეთი უმნიშვნელო საკითხია; ნამდვილად აუცილებელია ამისგან ასეთი დიდი ამბის ატეხა?“ ეს უკიდურესად აუცილებელია! ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის გზას რომ მივყვეთ, გვერდს ვერ ავუვლით ვერაფერს, რაც ჩვენ თავს ან ჩვენ გარშემო ხდება, თუნდაც წვრილმანებს; როგორც კი რაიმე საკითხი წამოიჭრება ჩვენ წინაშე, მიგვაჩნია იგი ყურადღების ღირსად თუ არა, ის კი არ უნდა უგულებელვყოთ, არამედ უნდა განვიხილოთ, როგორც ღვთის მიერ მოვლენილი გამოცდა. რას ფიქრობთ ამ დამოკიდებულებაზე? თუ შენ გაქვს ასეთი დამოკიდებულება, მაშინ ეს ადასტურებს ერთ ფაქტს: შენი გული ღვთისმოშიშია და სურს განერიდოს ბოროტებას. თუ შენ გაქვს ღვთის დაკმაყოფილების ეს სურვილი, მაშინ ის, რასაც პრაქტიკაში განახორციელებ, შორს არ იქნება ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების სტანდარტის დაკმაყოფილებისგან.

ხშირად არიან ისეთები, რომლებსაც სჯერათ, რომ საკითხები, რომლებსაც ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ჩვეულებრივ არ ახსენებენ, მხოლოდ წვრილმანებია და არანაირი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასთან. როდესაც სწორედ ასეთი საკითხის წინაშე დგებიან, ეს ადამიანები მასზე ბევრს არ ფიქრობენ და შემდეგ კი უგულებელყოფენ მას. სინამდვილეში, როდესაც ამ საკითხს აწყდები, სწორედ მაშინ უნდა ისწავლო გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ გქონდეს ღვთისმოშიშება და როგორ განერიდო ბოროტებას; კიდევ უფრო მეტად უნდა აცნობიერებდე, რას აკეთებს ღმერთი, როდესაც ამას აწყდები. ღმერთი ზუსტად შენ გვერდითაა, აკვირდება შენს თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, უყურებს ყველაფერს, რასაც აკეთებ და რა ცვლილებები ხდება შენს ფიქრებში — ეს ღვთის საქმეა. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „მაშ, რატომ ვერ ვიგრძენი ეს?“ შენ ეს ვერ იგრძენი, რადგან ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას არ განიხილავდი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან გზას, რომელიც უნდა დაიცვა. ამიტომ შენ არ ძალგიძს შეიგრძნო ის დახვეწილი საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს ადამიანებზე მათი სხვადასხვა ფიქრისა და გამოვლინების მიხედვით. გონებაგაფანტული ხარ! რა არის მნიშვნელოვანი საკითხი? რა არის უმნიშვნელო საკითხი? საკითხები, რომლებიც ღვთის გზის მიყოლას ეხება, არ იყოფა მნიშვნელოვან და უმნიშვნელო საკითხებად, ისინი ყველა დიდი მნიშვნელობისაა — შეგიძლია თუ არა ამის გაგება? (შემიძლია ამის გაგება.) ყოველდღიური საკითხების თვალსაზრისით არსებობს ისეთები, რომლებსაც ადამიანები ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ისეთები, რომლებსაც უმნიშვნელოდ თვლიან. ადამიანები ხშირად ამ მნიშვნელოვან საკითხებს ძალიან დიდ პრიორიტეტს ანიჭებენ და თვლიან, რომ ისინი ღვთისგან მომდინარეობს. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შუაგულში ადამიანები მოუმწიფებელი სულიერი ზრდისა და მათი სუსტი სულიერი მონაცემების გამო ხშირად ვერ ასრულებენ ღვთის განზრახვებს, ვერ იღებენ ვერავითარ გაცხადებას და ვერ იძენენ ვერანაირ ღირებულ რეალურ ცოდნას. რაც შეეხება უმნიშვნელო საკითხებს, მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ ადამიანები და ნელ-ნელა ხელიდან უსხლტებათ. ამგვარად, ადამიანებმა დაკარგეს მრავალი შესაძლებლობა, რომ გამოკვლეულნი და გამოცდილნი ყოფილიყვნენ ღვთის წინაშე. რას ნიშნავს, თუ შენ ყოველთვის უგულებელყოფ იმ ადამიანებს, მოვლენებს, საგნებსა და სიტუაციებს, რომლებიც ღმერთმა შენთვის წარმართა და განაგო? ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე და ყოველ წამსაც კი, შენ მუდმივად უარყოფ ღვთის მიერ შენს სრულყოფას და ასეევე მის წინამძღოლობას. ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი სიტუაციას წარმართავს და განაგებს შენთვის, იგი ფარულად გაკვირდება, გულდასმით იკვლევს შენს გულს, ფიქრებსა და აზრებს, უყურებს, როგორ ფიქრობ და როგორ იმოქმედებ. თუ შენ უყურადღებო ადამიანი ხარ — ის, ვინც არასოდეს ყოფილა სერიოზული ღვთის გზის, მისი სიტყვების ან ჭეშმარიტების მიმართ — მაშინ შენ არ იქნები ყურადღებიანი და არ მიაქცევ ყურადღებას იმას, რისი მიღწევაც ღმერთს სურს ან რას მოითხოვს იგი შენგან იმ გარემოებებში, რომლებსაც იგი შენთვის აწყობს. არც ის გეცოდინება, თუ როგორ არიან ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებსაც აწყდები, დაკავშირებულნი ჭეშმარიტებასთან ან ღვთის განზრახვებთან. მას შემდეგ, რაც შენ არაერთხელ აღმოჩნდები ასეთი გარემოებებისა და ასეთი განსაცდელების წინაშე და ღმერთი ვერ დაინახავს ვერავითარ შედეგს შენში, როგორ იმოქმედებს იგი? მას შემდეგ, რაც არაერთხელ აღმოჩნდი განსაცდელების წინაშე, შენ არ განგიდიდებია ღმერთი გულის სიღრმეში და არც ის გარემოებები მიგიღია სერიოზულად, რომლებიც ღმერთმა წარმართა და განაგო შენთვის; არ მიგიჩნევია ისინი ღვთისგან მოვლენილ განსაცდელებად ან გამოცდებად. ამის ნაცვლად ერთმანეთის მიყოლებით, ხელი ჰკარი იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ღმერთმა გიბოძა და მიეცი მათ საშუალება, რომ ხელიდან გაგსხლტომოდა ისევ და ისევ. განა ეს არ არის უკიდურესი ამბოხება, რომელსაც ადამიანები ავლენენ? (ასეა.) იგრძნობს თუ არა ღმერთი ტკივილს ამის გამო? (იგრძნობს.) არასწორია, ღმერთი არ იგრძნობს ტკივილს! ჩემმა ამ ნათქვამმა კიდევ ერთხელ გაგაოცათ. შესაძლოა ფიქრობთ: „განა ადრე არ ითქვა, რომ ღმერთი ყოველთვის გრძნობს ტკივილს? მაშ, არ იგრძნობს ღმერთი ტკივილს? მაშინ, როდის გრძნობს იგი ტკივილს?“ მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთი არ იგრძნობს ტკივილს ამ შემთხვევაში. მაშ, როგორია ღვთის დამოკიდებულება ზემოთ აღწერილი ქცევის ტიპის მიმართ? როდესაც ადამიანები ხელს ჰკრავენ იმ განსაცდელებსა და გამოცდებს, რომლებსაც ღმერთი უგზავნის მათ და როდესაც ისინი თავს არიდებენ მათ, ღმერთს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება აქვს ასეთი ადამიანების მიმართ. რა დამოკიდებულებაა ეს? ღმერთი გულის სიღრმეში ზიზღით უარყოფს ამგვარ ადამიანებს. ტერმინი „ზიზღით უარყოფას“ ორგვარი მნიშვნელობა აქვს. როგორ ავხსნა ეს ჩემი გადმოსახედიდან? ტერმინი „ზიზღით უარყოფა“ ატარებს ღრმა ზიზღისა და სიძულვილის მნიშვნელობას. რას იტყვით მისი მნიშვნელობის მეორე ასპექტზე? ეს არის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს რაღაცაზე ხელის აღებას. თქვენ ყველამ იცით, რას ნიშნავს „ხელის აღება“, არა? მოკლედ რომ ვთქვათ, „ზიზღით უარყოფა“ არის ტერმინი, რომელიც წარმოადგენს ღვთის საბოლოო რეაქციასა და დამოკიდებულებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ამგვარად იქცევიან; ეს არის უკიდურესი ზიზღი და ანტიპათია მათ მიმართ და ამგვარად, ეს იწვევს მათზე ხელის აღების გადაწყვეტილებას. ეს არის ღვთის საბოლოო გადაწყვეტილება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არასოდეს მიჰყოლია ღვთის გზას და რომელსაც არასოდეს ჰქონია ღვთისმოშიშება და არ განრიდებია ბოროტებას. შეგიძლიათ თუ არა ახლა ყველამ დაინახოთ იმ გამონათქვამის მნიშვნელობა, რომელიც ადრე ვახსენე?

ახლა გესმით თუ არა ზუსტად, რა მეთოდს იყენებს ღმერთი ადამიანთა შედეგების განსასაზღვრად? (იგი ყოველდღიურად სხვადასხვა გარემოებას აწყობს.) იგი სხვადასხვა გარემოებას აწყობს — ეს არის ის, რასაც ადამიანები გრძნობენ და რასთანაც შეხება აქვთ. მაშ, რა არის ღვთის მოტივი ამის კეთებისას? ეს მოტივი არის ის, რომ ღმერთს სურს გამოსცადოს თითოეული ადამიანი სხვადასხვა გზით, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას. რა გამოიცდება ადამიანში? ხარ თუ არა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც ეშინია ღვთის და რომელიც განერიდება ბოროტებას ყოველ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც აწყდება — იქნება ეს ის, რის შესახებაც გესმის, რასაც ხედავ, თუ რასაც პირადად განიცდი. ყველა აღმოჩნდება ამგვარი განსაცდელის წინაშე, რადგან ღმერთი სამართლიანია ყველა ადამიანის მიმართ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მეც უკვე რამდენიმე წელია მწამს ღმერთი, მაშ, რატომ არ ვმდგარვარ არავითარი განსაცდელის წინაშე?“ მიზეზი იმისა, რომ შენ გრძნობ, თითქოს არავითარი განსაცდელის წინაშე არ მდგარხარ, არის ის, რომ შენ არასოდეს მიგიღია სერიოზულად ის გარემოებები, რომლებიც ღმერთმა წარმართა და განაგო შენთვის, და არასოდეს გსურდა ღვთის გზის მიყოლა. ამგვარად, შენ უბრალოდ საერთოდ ვერ შეიგრძნობ ღვთის განსაცდელებს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე რამდენიმე განსაცდელის წინაშე ვიდექი, მაგრამ არ ვიცი პრაქტიკის სწორი გზა. მაშინაც კი, თუ პრაქტიკაში ვახორციელებ, მაინც არ ვიცი, მტკიცედ ვიდექი თუ არა განსაცდელებში.“ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უმცირესობაში არ არიან. მაშ, რა არის ის სტანდარტი, რომლითაც ღმერთი ზომავს ადამიანებს? ეს არის ის, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: გაქვს თუ არა ღვთისმოშიშება და განერიდები თუ არა ბოროტებას ყველაფერთან მიმართებაში, რასაც აკეთებ, ფიქრობ და ავლენ. ეს გამოიყენება იმის განსაზღვრის მიზნით, მართლა ხარ თუ არა ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთისმოშიშება და რომელიც განერიდება ბოროტებას. მარტივია ეს თუ არა? ამაზე საუბარი მარტივია, მაგრამ ადვილია მისი პრაქტიკაში განხორციელება? (არ არის.) რატომ არ არის მარტივი? (რადგან ადამიანები არ იცნობენ ღმერთს და არ იციან, როგორ სრულყოფს ღმერთი ადამიანებს, იმ საკითხებთან მიმართბით, რომლებსაც ისინი აწყდებიან, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად. მათ უნდა გაიარონ სხვადასხვა განსაცდელი, გამოწრთობა, გაკიცხვა და სამსჯავრო, სანამ შეძლებენ ღვთისმოშიშების რეალობის ფლობას.) მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამას ამბობთ, ახლა გრძნობთ, თითქოს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების მიღწევა ძალიან ადვილია. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ თქვენ მოისმინეთ ბევრი ქადაგება და მიიღეთ ბევრი მორწყვა ჭეშმარიტება-რეალობებით. ამან საშუალება მოგცათ, თეორიულად და ინტელექტუალურად გაგეგოთ, თუ როგორ შეიძლება ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების მიღწევა. ეს ძალიან გეხმარებათ ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების პრაქტიკაში განხორციელებაში და გაგრძნობინებთ, რომ ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების მიღწევა ძალიან ადვილია. მაგრამ სინამდვილეში, რატომ ვერავინ აღწევს ამას? ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა ბუნება-არსებას არ აქვს ღვთისმოშიშება და მას მოსწონს ბოროტება. ეს არის ნამდვილი მიზეზი.

ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების არქონა ღვთისადმი წინააღმდეგობაში დგომას ნიშნავს

მოდით, დავიწყოთ იმის განხილვით, თუ საიდან მოვიდა ეს გამონათქვამი: „ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება“. (იობის წიგნიდან.) რადგან იობი ვახსენეთ, მოდით, ვისაუბროთ მასზე. იობის დროს, აღასრულებდა თუ არა ღმერთი კაცობრიობის ხსნისა და დაპყრობის რაიმე საქმეს? არა. განა ასე არ არის? რაც შეეხება იობს, რაოდენ დიდი ცოდნა ჰქონდა მას ღვთის შესახებ იმ დროს? (არც ისე დიდი.) იობს უფრო მეტი ცოდნა ჰქონდა ღვთის შესახებ თუ ნაკლები, ვიდრე თქვენ გაქვთ ახლა? რატომ ვერ ბედავთ პასუხის გაცემას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. ნაკლები! ეს დანამდვილებით ასეა! ამ დღეებში თქვენ პირისპირ დგახართ ღმერთთან და პირისპირ დგახართ ღვთის სიტყვებთან; თქვენ გაცილებით მეტი ცოდნა გაქვთ ღვთის შესახებ, ვიდრე იობს ჰქონდა. რატომ ვახსენებ ამას? რა არის ჩემი მიზანი ამის თქმისას? მსურს აგიხსნათ ერთი ფაქტი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, მინდა დაგისვათ კითხვა: იობმა ძალიან ცოტა იცოდა ღვთის შესახებ და მაინც შეძლო ჰქონოდა მისი შიში და განრიდებოდა ბოროტებას, მაგრამ ადამიანები ამ დღეებში ვერ ახერხებენ ამას. რატომ ხდება ასე? (ისინი ღრმად არიან გახრწნილნი.) ის, რომ ისინი ღრმად არიან გახრწნილნი, პრობლემის ზედაპირული გამოვლინებაა, მაგრამ მე ამას არასოდეს შევხედავდი ასე. თქვენ ხშირად იღებთ ხშირად გამოყენებულ მოძღვრებებსა და სიტყვებს, როგორიცაა „ღრმა გახრწნილება“, „ღვთისადმი ამბოხება“, „ღვთისადმი ორგულობა“, „მორჩილების ნაკლებობა“, „ჭეშმარიტების სიძულვილი“ და ა.შ., და იყენებთ ამ ფრაზებს თითოეული საკითხის არსის ასახსნელად. ეს პრაქტიკის მცდარი გზაა. ერთი და იმავე პასუხის გამოყენება სხვადასხვა ბუნების საკითხების ასახსნელად გარდაუვალად ბადებს ეჭვებს ჭეშმარიტებისა და ღვთის გმობის შესახებ; მე არ მიყვარს ამგვარი პასუხის მოსმენა. იფიქრეთ ამაზე დიდხანს და საფუძვლიანად! არცერთ თქვენგანს არ უფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ მე ამას ყოველდღიურად ვხედავ და ყოველდღიურად ვგრძნობ. ამგვარად, სანამ თქვენ მოქმედებთ, მე გაკვირდებით. როდესაც თქვენ რაღაცას აკეთებთ, არ ძალგიძთ შეიგრძნოთ ამ საკითხის არსი, მაგრამ როდესაც მე ვუყურებ, მე შემიძლია დავინახო მისი არსი და შემიძლია შევიგრძნო მისი არსი. მაშ, რა არის ეს არსი? რატომ არიან ადამიანები დღესდღეობით უუნარონი, ჰქონდეთ ღვთისმოშიშება და განერიდონ ბოროტებას? თქვენი პასუხები შორს არის იმისგან, რომ შეძლოს ამ პრობლემის არსის ახსნა, და ვერც მის არსს გადაჭრის. ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს ამ პრობლემის წყარო, რომლის შესახებაც თქვენ არ იცით. რა არის ეს წყარო? ვიცი, რომ გსურთ ამის მოსმენა, ამიტომ მე მოგიყვებით ამ პრობლემის წყაროს შესახებ.

როდესაც ღმერთმა საქმის აღსრულება დაიწყო, როგორ უყურებდა იგი ადამიანებს? ღმერთმა იხსნა ისინი; იგი ადამიანებს უყურებდა, როგორც თავისი ოჯახის წევრებს, როგორც თავისი საქმის ობიექტებს, როგორც მათ, ვისი დაპყრობაც და გადარჩენაც სურდა და როგორც მათ, ვისი სრულყოფაც სურდა. ასეთი იყო ღვთის დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ თავისი საქმის დასაწყისში. თუმცა, როგორი იყო კაცობრიობის დამოკიდებულება ღვთის მიმართ იმ დროს? ღმერთი უცხო იყო ადამიანთათვის და ისინი ღმერთს უცხოდ მიიჩნევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ვერ ხედავდა სწორ შედეგებს, რომლებიც ღვთის მიმართ მათი დამოკიდებულებიდან მომდინარეობდა, და მათ არ ჰქონდათ ნათელი გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ღმერთს, უბრალოდ ეპყრობოდნენ მას ისე, როგორც სურდათ და აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ. ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე მოსაზრება ღვთის შესახებ? თავდაპირველად არ ჰქონდათ; მათი ეგრეთ წოდებული მოსაზრებები მოიცავდა გარკვეულ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს მის შესახებ. ისინი იღებდნენ იმას, რაც შეესაბამებოდა მათ წარმოდგენებს და როდესაც რაღაც არ შეესაბამებოდა მათ წარმოდგენებს, ისინი გარეგნულად ემორჩილებოდნენ მას, მაგრამ გულის სიღრმეში სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ და უპირისპირდებოდნენ. ასეთი იყო ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანებს შორის დასაწყისში: ღმერთი მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევდა, თუმცა ისინი მას უცხოდ ეპყრობოდნენ. თუმცა, ღვთის საქმის აღსრულების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანებმა გაიგეს, რისი მიღწევა სურდა მას და იცოდნენ, რომ იგი იყო ჭეშმარიტი ღმერთი; მათ ასევე გაიგეს, რისი მიღება შეეძლოთ ღვთისგან. როგორ უყურებდნენ ადამიანები ღმერთს ამ დროს? ისინი მას ხედავდნენ, როგორც მაშველ რგოლს და იმედოვნებდნენ, რომ მიიღებდნენ მის მადლს, კურთხევებსა და აღთქმებს. ამ დროს, როგორ უყურებდა ღმერთი ადამიანებს? იგი მათ დაპყრობის ობიექტებად ხედავდა. ღმერთს სურდა სიტყვების გამოყენება მათ განსასჯელად, მათ გამოსაცდელად და მათთვის განსაცდელების მოსავლენად. თუმცა, რაც შეეხება ადამიანებს იმ დროს, ღმერთი მხოლოდ ობიექტი იყო, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ადამიანებმა დაინახეს, რომ ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებას შეეძლო მათი დაპყრობა და გადარჩენა, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მისგან ის, რაც სურდათ, ასევე მიეღწიათ იმ დანიშნულების ადგილებისთვის, რომლებიც მათ სურდათ. ამის გამო, მათ გულებში გულწრფელობის პატარა მარცვალი გაჩნდა და მათ გაუჩნდათ სურვილი, მიჰყოლოდნენ ამ ღმერთს. მოგვიანებით მათ ღვთის შესახებ შეიძინეს გარკვეული ზედაპირული და მოძღვრებითი ცოდნა — შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები იწყებდნენ ღმერთთან და მის ნათქვამ სიტყვებთან, მის ქადაგებასთან, მის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებებთან და მის საქმესთან „დაახლოებას“ — და შედეგად, მათ გააჩნდათ მცდარი წარმოდგენა, რომ ღმერთი აღარ იყო უცხო და რომ მათ უკვე შეაბიჯეს ღვთის შესატყვისად გახდომის გზაზე. ახლა ადამიანებს უკვე მოსმენილი აქვთ ბევრი ქადაგება ჭეშმარიტების შესახებ და გამოცდილი აქვთ ღვთის საქმის დიდი ნაწილი. მიუხედავად ამისა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოების მიერ გამოწვეული ჩარევისა და დაბრკოლების გამო, ადამიანთა უმეტესობა ვერ ახერხებს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და ვერც ღვთის დაკმაყოფილებას. ადამიანები სულ უფრო და უფრო მოდუნდნენ და სულ უფრო მეტად აკლიათ თავდაჯერებულობა. მათ გააჩნიათ მზარდი განცდა, რომ მათი საკუთარი შედეგები უცნობია. ისინი ვერ ბედავენ რაიმე ამბიციური იდეების მოფიქრებას და არ ესწრაფვიან პროგრესის მიღწევას; უბრალოდ უხალისოდ მიჰყვებიან დინებას, მიიწევენ წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ. რაც შეეხება ადამიანთა ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორია ღვთის დამოკიდებულება მათ მიმართ? მას მხოლოდ ის სურს, რომ ჩაუნერგოს მათ ეს ჭეშმარიტებები და თავისი გზა, შემდეგ კი მოაწყოს სხვადასხვა გარემოება და გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი მათ გამოსაცდელად. მისი მიზანია აიღოს ეს სიტყვები, ეს ჭეშმარიტებები და თავისი საქმე და მიიღოს ისეთი შედეგი, რომლის დროსაც ადამიანები შეძლებენ ჰქონდეთ მისი შიში და განერიდონ ბოროტებას. ადამიანთა უმეტესობა, ვინც მინახავს, უბრალოდ იღებს ღვთის სიტყვებს და იცავს მათ ისე, თითქოს ისინი მოძღვრებები, უბრალო სიტყვები ან წესები იყოს. თავიანთ ქმედებებსა და საუბარში, ან განსაცდელების წინაშე დგომისას, ისინი არ განიხილავენ ღვთის გზას, როგორც იმას, რომელიც უნდა დაიცვან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები მნიშვნელოვანი განსაცდელების წინაშე დგანან, არ მინახავს არცერთი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების მიზნით. ამიტომ ღვთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არის უკიდურესი ზიზღი და ანტიპათია! მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ მოუვლინა მათ განსაცდელები, ასჯერაც კი, მათ მაინც არ გააჩნიათ რაიმე მკაფიო დამოკიდებულება, რომლითაც გამოავლენენ თავიანთ გადაწყვეტილებას: „მსურს ვიყო ღვთისმოშიში და განვერიდო ბოროტებას!“ რადგან ადამიანებს არ გააჩნიათ ეს სიმტკიცე და არ ავლენენ ამგვარ ქმედებას, ღვთის ამჟამინდელი დამოკიდებულება მათ მიმართ არ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო, როდესაც იგი მათ მიმართ იჩენდა წყალობას, შემწყნარებლობას, ლმობიერებასა და მოთმინებას. ნაცვლად ამისა იგი უკიდურესად იმედგაცრუებულია კაცობრიობით. ვინ გამოიწვია ეს იმედგაცრუება? ვისზეა დამოკიდებული ღვთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ? ეს დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, ვინც მას მიჰყვება. თავისი მრავალწლიანი საქმის განმავლობაში ღმერთმა მრავალი მოთხოვნა წაუყენა ადამიანებს და მრავალი გარემოება მოუწყო მათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი პრაქტიკაში და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ, ადამიანებმა ვერ შეძლეს აშკარა მოქმედება ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების მიზნის შესაბამისად. ამრიგად, მე შემოგთავაზებთ შემაჯამებელ წინადადებას და გამოვიყენებ ამ წინადადებას იმის ასახსნელად, რაც ახლახან ვთქვით იმის შესახებ, თუ რატომ არ ძალუძთ ადამიანებს მიჰყვნენ ღვთის გზას — ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას. რა არის ეს წინადადება? ის ასე ჟღერს: ღმერთი ადამიანებს განიხილავს, როგორც თავისი ხსნისა და საქმის ობიექტებს; ადამიანები ღმერთს განიხილავენ, როგორც თავიანთ მტერს და ანტითეზას. ახლა გაგაჩნია თუ არა ამ საკითხის მკაფიო გაგება? ძალიან ნათელია, როგორია კაცობრიობის დამოკიდებულება, როგორია ღვთის დამოკიდებულება და როგორია ურთიერთობა ადამიანებსა და ღმერთს შორის. რამდენი ქადაგებაც არ უნდა გქონდეთ მოსმენილი, ის დასკვნები, რომლებიც თქვენ გამოიტანეთ, როგორიცაა ღვთისადმი ერთგულება, დამორჩილება, მასთან თავსებადობის გზის ძიება, ღვთისთვის მთელი ცხოვრების გაღება და მისთვის ცხოვრება — ჩემთვის ეს არ არის ღვთის გზის შეგნებულად მიყოლის მაგალითები, როგორებიცაა ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება; ნაცვლად ამისა, ისინი უბრალოდ გზებია, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გარკვეულ მიზნებს. მათ მისაღწევად, თქვენ უხალისოდ იცავთ ზოგიერთ წესს და სწორედ ეს წესები კიდევ უფრო მეტად აშორებს ადამიანებს ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზისგან და კვლავ უპირისპირებს ღმერთს კაცობრიობას.

დღევანდელი თემა ცოტა მძიმეა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ვიმედოვნებ, რომ როდესაც მომავალში გამოცდილებას შეიძენთ და დრო გავა, შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც ახლახან გითხარით. ნუ განიხილავთ ღმერთს, როგორც უბრალოდ ჰაერს — თითქოს იგი არსებობს მაშინ, როდესაც თქვენთვის გამოსადეგია, მაგრამ არ არსებობს მაშინ, როდესაც არ გჭირდებათ. როგორც კი შენს ქვეცნობიერში ასეთი ფიქრი გაჩნდება, უკვე განარისხე ღმერთი. შესაძლოა არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე არ განვიხილავ ღმერთს, როგორც უბრალოდ ჰაერს. მე ყოველთვის ვლოცულობ მისდამი და ყოველთვის ვცდილობ მის დაკმაყოფილებას; ყოველივე, რასაც ვაკეთებ, ჯდება იმ ჩარჩოში და შეესაბამება იმ სტანდარტსა და პრინციპებს, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს. მე ნამდვილად არ ვმოქმედებ ჩემი იდეების მიხედვით.“ დიახ, პრაქტიკაში განხორციელების ეს გზა სწორია. მიუხედავად ამისა, რას ფიქრობ, როდესაც პრობლემას აწყდები? როგორ მოქმედებ, როდესაც საკითხის წინაშე დგახარ? ზოგიერთი ადამიანი გრძნობს, რომ ღმერთი არსებობს, როდესაც როდესაც მას ლოცვითა და ვედრებით მიმართავს, მაგრამ შემდეგ, როდესაც პრობლემას აწყდება, მისი იდეები იჩენს თავს და საკუთარი ნებისა და სურვილის მიხედვით მოქმედება უნდა, როდესაც ღმერთს მიიჩნევს, როგორც უბრალო ჰაერს. ასეთ დროს ღმერთი მათთვის არ არსებობს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ღმერთი უნდა არსებობდეს მაშინ, როდესაც მათ სჭირდებათ იგი; მაგრამ როდესაც არ სჭირდებათ, ფიქრობენ, რომ არ უნდა არსებობდეს, რომ საკუთარი ნების მიხედვით მოქმედება საკმარისია, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ, და რომ საერთოდ არ სჭირდებათ ღვთის გზის ძიება. განა ადამიანები, რომლებიც ამჟამად ასეთ მდგომარეობაში არიან და ასეთ ვითარებაში არიან ჩარჩენილნი, საფრთხის ზღვარზე არ იმყოფებიან? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „საფრთხის ზღვარზე ვარ თუ არა, ამდენი წელია მწამს და მჯერა, რომ ღმერთი არ მიმატოვებს, რადგან იგი ამას ვერ დაუშვებს.“ სხვები ამბობენ: „უფლის მწამს იმ დროიდან, როდესაც დედაჩემის მუცელში ვიყავი. ორმოცი ან ორმოცდაათი წელი გავიდა, ამიტომ დროის თვალსაზრისით მე ყველაზე მეტად მაქვს უფლება, რომ ღმერთმა გადამარჩინოს და გადავრჩე. ამ ოთხი ან ხუთი ათწლეულის განმავლობაში მე მივატოვე ჩემი ოჯახი და სამსახური და უარი ვთქვი ყველაფერზე, რაც მქონდა — ისეთ რამეებზე, როგორებიცაა ფული, სტატუსი, სიამოვნება და ოჯახური ბედნიერება. მე არ მიჭამია ბევრი გემრიელი საჭმელი, არ მიმიღია ბევრი სიამოვნება, არ ვყოფილვარ ბევრ საინტერესო ადგილას და გამოვცადე ისეთი ტანჯვაც კი, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ გაუძლებდნენ. თუ ღმერთს არ შეუძლია ჩემი გადარჩენა ამ ყველაფრის გამო, ეს უსამართლობაა ჩემ მიმართ და მე არ შემიძლია მწამდეს ასეთი ტიპის ღმერთი.“ ბევრია ასეთი თვალსაზრისის მქონე ადამიანი? (არიან.) მაშ, დღეს მე დაგეხმარებით ერთი ფაქტის გაგებაში: ყველა ადამიანი, რომლებსაც ასეთი თვალსაზრისი გააჩნია, საკუთარ თავს იზიანებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი საკუთარი ფანტაზიით იბრმავებენ თვალებს. სწორედ მათი ფანტაზიები და გადაწყვეტილებები იკავებს იმ სტანდარტის ადგილს, რომლის დაკმაყოფილებასაც ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან, რაც ხელს უშლის მათ ღვთის ჭეშმარიტი განზრახვების მიღებაში, რაც მათ უუნაროს ხდის შეიგრძნონ მისი ჭეშმარიტი არსებობა და რაც აკარგვინებს მათ შესაძლებლობას, იყვნენ ღვთის მიერ სრულყოფილნი, ჰქონდეთ წილი ან მონაწილეობა ღვთის აღთქმაში.

როგორ განსაზღვრავს ღმერთი ადამიანთა შედეგებს და რა სტანდარტებით აკეთებს ამას

სანამ რაიმე შეხედულებას ან გადაწყვეტილებას დაეყრდნობი, ჯერ უნდა გაიგო, როგორია ღვთის დამოკიდებულება შენ მიმართ და რას ფიქრობს იგი; მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გადაწყვიტო, სწორია თუ არა შენი აზროვნება. ღმერთს არასდროს გამოუყენებია დრო, როგორც საზომი ერთეული ადამიანის შედეგის განსასაზღვრად და არც არასოდეს დაუფუძნებია ასეთი გადაწყვეტილება იმაზე, თუ რამდენი იტანჯა ადამიანმა. მაშ, რას იყენებს ღმერთი სტანდარტად ადამიანის შედეგის განსასაზღვრად? დროის მიხედვით განსაზღვრა ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ადამიანთა წარმოდგენებს. უფრო მეტიც, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხშირად ხედავთ და რომლებმაც ერთ დროს დიდი ძალისხმევა გასწიეს, დიდად დაიხარჯნენ, დიდი მსხვერპლი გაიღეს და დიდი ტანჯვა განიცადეს; თქვენს წარმოდგენებში სწორედ ისინი არიან, ვისი გადარჩენაც ღმერთს შეუძლია. ის, რასაც ეს ადამიანები აჩვენებენ და ავლენენ, არის სწორედ ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანთა წარმოდგენით ღმერთი განსაზღვრავს ადამიანის შედეგს. მე არ ჩამოვთვლი იმ მაგალითებს სათითაოდ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე, რაც არ არის სტანდარტი თავად ღვთის აზროვნებაში, ადამიანის ფანტაზის ნაყოფი და ადამიანური წარმოდგენაა. თუ შენ ჯიუტად ჩაებღაუჭები საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, რა იქნება შედეგი? სრულიად აშკარაა, რომ ამის შედეგი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ღმერთი ზიზღით უარგყოფს. ეს იმიტომ ხდება, რომ შენ ყოველთვის მედიდურად აჩვენებ შენს დამსახურებას ღვთის წინაშე, ეჯიბრები, ეკამათები მას და ჭეშმარიტად არ ცდილობ ჩასწვდე მის აზროვნებას, არც მის განზრახვებს ან კაცობრიობის მიმართ მის დამოკიდებულებას. ამგვარად მოქმედებით საკუთარ თავს განადიდებ და არა ღმერთს. შენ საკუთარი თავი გწამს; შენ არ გწამს ღმერთი. ღმერთს არ სურს ასეთი ადამიანები და არც გადაარჩენს მათ. თუ შეგიძლია უარი თქვა ამგვარ თვალსაზრისზე და, უფრო მეტიც, გამოასწორო ის მცდარი შეხედულებები, რომლებიც წარსულში გქონდა, იმოქმედო ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, ამიერიდან პრაქტიკაში განახორციელო ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზა, განადიდო ღმერთი ყოველივესთან მიმართებაში და თავი შეიკავო შენი ფანტაზიების, შეხედულებებისა თუ რწმენის გამოყენებისგან საკუთარი თავისა და ღვთის განსაზღვრისთვის; და თუ ამის ნაცვლად შეძლებ ეძიო ღვთის განზრახვები ყველა საკითხთან მიმართებით, ჩასწვდე და გააცნობიერო მისი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ და დააკმაყოფილო იგი მისი სტანდარტების შესაბამისად, ეს შესანიშნავი იქნება! ეს იმას მიანიშნებს, რომ შენ მზად ხარ დაადგე ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზას.

თუ ღმერთი ადამიანთა ფიქრებსა და მოსაზრებებს არ იყენებს საზომად მათი შედეგების განსაზღვრისთვის, მაშ, რა სახის სტანდარტს იყენებს იგი ამ მიზნით? იგი იყენებს განსაცდელებს მათი შედეგების განსასაზღვრად. ღვთის მიერ ადამიანთა შედეგების განსასაზღვრად განსაცდელების გამოყენებას ორი სტანდარტი აქვს: პირველი არის იმ განსაცდელების რაოდენობა, რომლებსაც ადამიანები გადიან, ხოლო მეორე არის ადამიანთა მიერ განსაცდელების გავლის შედეგები. ადამიანის შედეგი განისაზღვრება ამ ორი მაჩვენებლის გამოყენებით. ახლა, მოდით, დაწვრილებით ვისაუბროთ ამ ორ სტანდარტზე.

დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ადამიანი დგას ღვთისგან მოვლენილი განსაცდელის წინაშე (ეს განსაცდელი შენთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს და ხსენებადაც არ ღირდეს), ღმერთი ნათლად გაგრძნობინებს, რომ ეს მისი ხელია შენზე აღმართული და რომ სწორედ მან მოაწყო ეს გარემოება შენთვის. სანამ შენი სულიერი ზრდა ჯერ კიდევ მცირეა, ღმერთი მოაწყობს განსაცდელებს შენს გამოსაცდელად, განსაცდელებს, რომლებიც შეესაბამება შენს სულიერ ზრდას, რომელთა გაგება და გაძლებაც შეგიძლია. შენი რომელი ნაწილი გამოიცდება? შენი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. არის თუ არა ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია! მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ადამიანებში ეს დამოკიდებულება არის ის შედეგი, რომელიც ღმერთს სურს, ამიტომ, რაც შეეხება მას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. სხვაგვარად ღმერთი არ დახარჯავდა თავის ძალისხმევას ადამიანებზე ასეთი საქმის აღსასრულებლად. ამ განსაცდელების მეშვეობით ღმერთს სურს, დაინახოს შენი დამოკიდებულება მის მიმართ; მას სურს, დაინახოს, დგახარ თუ არა სწორ გზაზე. მას ასევე სურს, დაინახოს, გაქვს თუ არა ღვთისმოშიშება, და განერიდები თუ არა ბოროტებას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ დროს ბევრი გესმის ჭეშმარიტების შესახებ თუ ცოტა, მაინც აღმოჩნდები ღვთის განსაცდელების წინაშე. და შენ მიერ შეცნობილი ჭეშმარიტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იგი კვლავაც მოაწყობს შენთვის შესაფერის განსაცდელებს. როდესაც კვლავ აღმოჩნდები განსაცდელის წინაშე, ღმერთი მოისურვებს, დაინახოს, განიცადა თუ არა შენმა თვალსაზრისმა, შენმა მოსაზრებებმა და შენმა დამოკიდებულებამ მის მიმართ რაიმე ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანს უკვირს: „რატომ სურს ღმერთს ყოველთვის ადამიანთა დამოკიდებულებების დანახვა? განა მან უკვე არ დაინახა, როგორ ახორციელებენ ისინი ჭეშმარიტებას პრაქტიკაში? რატომ სურს მას მაინც მათი დამოკიდებულებების დანახვა?“ ეს უგუნური სიტყვებია! იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთს შეუძლია ამგვარად მოქმედება, მისი განზრახვაც სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს. ღმერთი ყოველთვის ადამიანის გვერდით რჩება, აკვირდება მის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, მის თითოეულ მოძრაობას; იგი აკვირდება მის თითოეულ ფიქრსა და აზრსაც კი. ღმერთი ინიშნავს ყველაფერს, რაც ადამიანებს ემართებათ — მათ კეთილ საქმეებს, ნაკლოვანებებს, გადაცდომებს, ამბოხებასა და ღალატსაც კი — და ეპყრობა მათ, როგორც მტკიცებულებას, რომლითაც განსაზღვრავს მათ შედეგებს. როდესაც ღვთის საქმე თანდათან ამაღლდება, შენ სულ უფრო და უფრო მეტ ჭეშმარიტებას მოისმენ და ასევე მიიღებ სულ უფრო და უფრო მეტ დადებით რამეს, დადებით ინფორმაციასა და ჭეშმარიტების რეალობას. ღვთის მოთხოვნები შენ მიმართ ასევე შესაბამისად გაიზრდება. ამავდროულად იგი უფრო სერიოზულ განსაცდელებს მოგიწყობს. მისი მიზანია გამოიკვლიოს, განიცადა თუ არა პროგრესი შენმა დამოკიდებულებამ მის მიმართ ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოხდება, ის თვალსაზრისი, რომელსაც ღმერთი მოითხოვს შენგან, შეესაბამება იმ ჭეშმარიტება-რეალობას, რომელიც გესმის.

შენს სულიერ ზრდასთან ერთად გაიზრდება ღვთის მიერ შენთვის დაწესებული სტანდარტიც. სანამ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ხარ, იგი დაგიდგენს ძალიან დაბალ სტანდარტს, რომელიც უნდა დააკმაყოფილო; როდესაც შენი სულიერი ზრდა ოდნავ მეტი იქნება, იგი ოდნავ უფრო მაღლა ასწევს შენს სტანდარტს. მაგრამ რას გააკეთებს ღმერთი მას შემდეგ, რაც შენ მოიპოვებ მთელი ჭეშმარიტების გაგებას? იგი კიდევ უფრო დიდი განსაცდელების წინაშე დაგაყენებს. ის, რისი დანახვაც და მიღებაც სურს ღმერთს შენგან ამ განსაცდელების ქარცეცხლში, არის მისი უფრო ღრმა შემეცნება და მის მიმართ ჭეშმარიტი შიში. ამ დროს მისი მოთხოვნები შენ მიმართ იქნება უფრო მაღალი და „მკაცრი“, ვიდრე მაშინ, როდესაც შენი სულიერი ზრდა მცირე იყო. (ადამიანებმა, შეიძლება, ისინი მკაცრად მიიჩნიონ, მაგრამ ღმერთი სინამდვილეში მათ გონივრულად მიიჩნევს.) როდესაც ღმერთი ცდის ადამიანებს, რისი მიღწევა სურს მას? იგი მუდმივად ითხოვს, რომ ადამიანებმა მას თავიანთი გულები მიუძღვნან. ზოგი იტყვის: „როგორ შემიძლია მისი მიძღვნა? მე შევასრულე ჩემი მოვალეობა; მე მივატოვე ჩემი სახლი, სამსახური და დავიხარჯე. განა ეს ყოველივე არ არის იმის მაგალითები, რომ ჩემი გული ღმერთს მივუძღვენი? სხვაგვარად როგორ შემიძლია ღმერთს მივუძღვნა ჩემი გული? ნუთუ ეს სინამდვილეში მისთვის არ ნიშნავდა გულის მიძღვნას? რა არის ღვთის კონკრეტული მოთხოვნა?“ მოთხოვნა ძალიან მარტივია. სინამდვილეში არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი განსაცდელების სხვადასხვა ეტაპზე უკვე მიუძღვნეს თავიანთი გულები ღმერთს სხვადასხვა დოზით, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს მიუძღვნის გულს ღმერთს. როდესაც ღმერთი გცდის, იგი ხედავს, შენი გული მასთან არის თუ ხორციელ სხეულთან და სატანასთან. როდესაც ღმერთი გცდის, იგი ხედავს, მას უპირისპირდები თუ მასთან თავსებადობის გზაზე დგახარ; იგი ხედავს, არის თუ არა შენი გული მის მხარეს. როდესაც მოუმწიფებელი ხარ, მცირე რწმენა გაგაჩნია განსაცდელების წინაშე დგომისას და რადგან შეზღუდულად გესმის ჭეშმარიტება, ზუსტად არ იცი, რა არის ის, რაც უნდა გააკეთო ღვთის განზრახვების შესასრულებლად. თუმცა, თუ შენ მაინც შეგიძლია, ღვთისადმი ლოცვა აღავლინო ჭეშმარიტად და გულწრფელად, თუ მზად ხარ, მიუძღვნა მას შენი გული და მისცე მას შენზე ბატონობის საშუალება და შესთავაზო მას ყოველივე, რაც ყველაზე ძვირფასად მიგაჩნია, მაშინ შენ უკვე მიძღვნილი გექნება ღვთისთვის შენი გული. როდესაც უფრო მეტ ქადაგებას უსმენ და უფრო მეტ ჭეშმარიტებას იგებ, თანდათანობით სულიერად იზრდები. ამ დროს ის სტანდარტი, რომელსაც ღმერთი მოითხოვს შენგან, არ იქნება იგივე, რაც იყო მაშინ, როდესაც მოუმწიფებელი იყავი — ეს იქნება უფრო მაღალი სტანდარტი. როდესაც ადამიანები თანდათანობით უძღვნიან თავიანთ გულებს ღმერთს, მათი გულები ნელ-ნელა უახლოვდება მას; როდესაც ადამიანები ჭეშმარიტად უახლოვდებიან ღმერთს, მათ სულ უფრო მეტად აქვთ ღვთისმოშიში გულები. ის, რაც ღმერთს სურს, სწორედ ასეთი გულია.

როდესაც ღმერთს სურს ვინმეს გულის მოპოვება, იგი ამ ადამიანს მრავალ განსაცდელში გაატარებს. ამ განსაცდელების განმავლობაში თუ ღმერთი ვერ მოიპოვებს ამ ადამიანის გულს ან ვერ დაინახავს, რომ ამ ადამიანს აქვს რაიმე დამოკიდებულება — ანუ თუ ღმერთი ვერ დაინახავს, რომ ეს ადამიანი მოქმედებს ან იქცევა ისე, რომ მისადმი შიშს არ ავლენს და თუ იგი ასევე ვერ დაინახავს ამ ადამიანში ბოროტებისგან განრიდების დამოკიდებულებასა და გადაწყვეტილებას — მაშინ, მრავალი განსაცდელის შემდეგ ღვთის მოთმინება მის მიმართ ამოიწურება და იგი აღარ გამოიჩენს მის მიმართ შემწყნარებლობას. იგი აღარ გამოსცდის ამ ადამიანს და აღარ იმუშავებს მასზე. მაშ, რას ნიშნავს ეს ამ ადამიანის შედეგისთვის? ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს შედეგი. შესაძლოა, ამ ადამიანს არავითარი ბოროტება არ ჩაუდენია; შესაძლოა, მას არაფერი გაუკეთებია ხელის შესაშლელად და არ გამოუწვევია არევ-დარევა. შესაძლოა, მას ღიად არ გაუწევია წინააღმდეგობა ღვთისთვის. თუმცა, ამ ადამიანის გული ღვთისთვის დაფარული რჩება; მას არასდროს ჰქონია ღვთის მიმართ მკაფიო დამოკიდებულება და თვალსაზრისი; ღმერთი ნათლად ვერ ხედავს, რომ გული მას მიუძღვნა ან რომ იგი ესწრაფვის ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას. ღმერთი აღარ არის შემწყნარებელი ასეთი ადამიანების მიმართ და აღარ გაიღებს არავითარ მსხვერპლს მათთვის, აღარ გამოიჩენს არავითარ წყალობას მათ მიმართ და აღარ აღასრულებს საქმეს მათზე. ასეთი ადამიანის ღვთისადმი რწმენით აღსავსე ცხოვრება უკვე დასრულდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა იმ მრავალ განსაცდელში, რომლებიც ღმერთმა მათ მოუვლინა, მან ვერ მიიღო ის შედეგი, რომელიც სურს. ამგვარად, არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებზეც მე არასოდეს მინახავს სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენა და განათება. როგორ შეიძლება ამის დანახვა? ამ ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ ღმერთი და გარეგნულად საქმიანად დაფუსფუსებდნენ; მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი წიგნი წაიკითეს, ბევრი საქმე მოაგვარეს, ათეულობით რვეული შეავსეს და უამრავი სიტყვა და მოძღვრება აითვისეს, არასდროსშეინიშნება მათი სულიერი ზრდა და არავითარი შეხედულება ღმერთზე და არავითარი მკაფიო დამოკიდებულება ღვთის მიმართ არ გააჩნიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია მათი გულების დანახვა; ისინი ყოველთვის დაფარული და დახურულია — ისინი ღვთისთვის დახურულია. შედეგად, ღმერთს არ უნახავს მათი ჭეშმარიტი გულები, მას არ დაუნახავს ამ ადამიანებში მის მიმართ ჭეშმარიტი შიში და, უფრო მეტიც, მას არ უნახავს, თუ როგორ მიჰყვებიან ეს ადამიანები მის გზას. თუ ღმერთს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია ასეთი ადამიანები აქამდე, შეძლებს იგი მათ მოპოვებას მომავალში? ვერ შეძლებს! განაგრძობს იგი იმის მოთხოვნას, რისი მოპოვებაც შეუძლებელია? არ განაგრძობს! მაშ, როგორია ღვთის ამჟამინდელი დამოკიდებულება ასეთი ადამიანების მიმართ? (იგი ზიზღით უარყოფს და უგულებელყოფს მათ.) იგი უგულებელყოფს მათ! ღმერთი ყურადღებას არ აქცევს ასეთ ადამიანებს; იგი ზიზღით უარყოფს მათ. თქვენ ეს სიტყვები ძალიან სწრაფად და ძალიან ზუსტად დაიმახსოვრეთ. როგორც ჩანს, თქვენ გაიგეთ ის, რაც მოისმინეთ!

არიან ადამიანები, რომლებიც, როდესაც ღვთის რწმენას შეუდგებიან, მოუმწიფებელნი და უმეცარნი არიან; მათ არ ესმით მისი განზრახვები და არც ის იციან, რას ნიშნავს მისი რწმენა. ისინი იღებენ ღვთისადმი რწმენისა და მისი მიყოლის ადამიანის მიერ გამოგონილ და მცდარ გზას. როდესაც ასეთი ადამიანები განსაცდელების წინაშე აღმოჩნდებიან, ამას ვერ აცნობიერებენ; ისინი უგრძნობნი რჩებიან ღვთის წინამძღოლობისა და ნათლის მოფენის მიმართ. მათ არ იციან, რას ნიშნავს ღვთისთვის გულის მიძღვნა ან მტკიცედ დგომა განსაცდელის დროს. ღმერთი ასეთ ადამიანებს შეზღუდულ დროს მისცემს და ამ დროის განმავლობაში გააგებინებს, თუ რა არის მისგან მოვლენილი განსაცდელები და მისი განზრახვები, შემდგომ კი ნებას დართავს, რომ თავიანთი შეხედულებები გამოხატონ. ღმერთი ჯერ კიდევ იცდის იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან. რაც შეეხება მათ, ვისაც გარკვეული შეხედულებები გააჩნიათ, მაგრამ მაინც მერყეობენ, ვისაც სურთ ღვთისთვის გულის მიძღვნა, მაგრამ გარკვეულწილად უხალისოდ აკეთებენ ამას, და ვინც, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში განახორციელეს ზოგიერთი ძირითადი ჭეშმარიტება, ცდილობენ გაქცევასა და დანებებას მნიშვნელოვანი განსაცდელების წინაშე დგომისას — როგორია ღვთის დამოკიდებულება მათ მიმართ? იგი მაინც მოელის მათგან მცირედს და შედეგი დამოკიდებულია მათ დამოკიდებულებასა და გამოვლინებაზე. თუ ადამიანები არ არიან აქტიურნი წინსვლაში, რას აკეთებს ღმერთი? იგი ხელს იღებს მათზე. ეს იმიტომ ხდება, რომ სანამ ღმერთი ხელს აიღებს შენზე, შენ უკვე ხელი აიღე საკუთარ თავზე. ამრიგად, შენ ვერ დაადანაშაულებ ღმერთს ამაში. შენი მხრიდან არასწორია ღვთის მიმართ წყენის გულში ჩადება.

სხვადასხვა უხერხულობა, რომელსაც პრაქტიკული კითხვა იწვევს ადამიანებში

არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ტრაგიკული შედეგი აქვს; ეს არის ისეთი ტიპის ადამიანი, რომლის ხსენებაც ყველაზე ნაკლებად მიყვარს. ეს ტრაგიკული შედეგი გამოწვეულია არა იმით, რომ ეს ადამიანები დაისაჯნენ ღვთის მიერ ან იმით, რომ მისი მოთხოვნები მათ მიმართ მკაცრია და ამიტომ აქვთ ტრაგიკული შედეგი, არამედ იმით, რომ ამას თავად უკეთებენ საკუთარ თავს. როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს, ისინი თავად ითხრიან საკუთარ საფლავს. რა ტიპის ადამიანები არიან ესენი? ეს ადამიანები არ მიუყვებიან სწორ გზას; ისინი წინასწარ ავლენენ თავიანთ შედეგებს. ღვთის თვალში ასეთი ადამიანები მისი სიძულვილის ყველაზე დიდი ობიექტები არიან. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები ყველაზე საცოდავები არიან. როდესაც ასეთი ადამიანები იწყებენ ღვთის მიყოლას, ისინი ძალიან თავგამოდებულნი არიან; დიდ მსხვერპლს იღებენ, კარგი წარმოდგენა აქვთ ღვთის საქმის პერსპექტივებზე და მდიდარი ფანტაზია აქვთ, როდესაც საქმე მათ საკუთარ მომავალს ეხება. ისინი ასევე განსაკუთრებით დარწმუნებულნი არიან ღმერთში, სჯერათ, რომ მას ძალუძს ადამიანების სრულქმნა და მათი მიყვანა მშვენიერ დანიშნულების ადგილას. მიუხედავად ამისა, რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული, ეს ადამიანები შემდეგ გარბიან ღვთის საქმის მიმდინარეობისას. რას ნიშნავს აქ „გაქცევა“? ეს ნიშნავს, რომ ისინი უჩინარდებიან დამშვიდობების გარეშე, უხმაუროდაც კი; ისინი მიდიან უსიტყვოდ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები აცხადებენ, რომ სწამთ ღმერთი, ისინი არასოდეს იდგამენ ღრმად ფესვებს თავიანთი რწმენის გზაზე. ამგვარად, რამდენი ხანიც უნდა სწამდეთ ღმერთი, მათ მაინც შეუძლიათ ზურგი შეაქციონ მას. ზოგი ადამიანი ბიზნესის დასაწყებად მიდის, ზოგი იმისთვის, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს, ზოგი გასამდიდრებლად მიდის, ზოგი კი — დასაქორწინებლად და შვილების გასაჩენად... მათ შორის, ვინც მიდის, არიან ისეთებიც, რომლებსაც მოგვიანებით სინდისის ქენჯნა აწუხებთ და დაბრუნება სურთ. ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც ძალიან უჭირთ ცხოვრება და იმით ასრულებენ, რომ წლების განმავლობაში დაეხეტებიან წუთისოფელში, რომლებიც განიცდიან დიდ ტანჯვას, სჯერათ რა, რომ წუთისოფელში ყოფნა მეტისმეტად მტკივნეულია და რომ მათ არ ძალუძთ ღვთისგან განცალკევება. მათ სურთ დაბრუნდნენ ღვთის სახლში, რათა მიიღონ ნუგეში, მშვიდობა და სიხარული; სურთ განაგრძონ ღვთის რწმენა, რათა თავი დააღწიონ უბედურებას ან მიაღწიონ ხსნასა და მშვენიერ დანიშნულების ადგილს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ღვთის სიყვარული შეუზღუდავი და განუზომელია და რომ მისი მადლი ამოუწურავი და უსასრულოა. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უნდა ჩაიდინოს ვინმემ, ღმერთმა უნდა მიუტევოს და იყოს შემწყნარებელი მისი წარსულის მიმართ. ეს ადამიანები გამუდმებით ამბობენ, რომ სურთ დაბრუნება და თავიანთი მოვალეობების შესრულება. არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთი ფულის ან ქონების ნაწილს ეკლესიას აძლევენ, იმედოვნებენ რა, რომ ამით დაბრუნდებიან ღვთის სახლში. როგორია ღვთის დამოკიდებულება ასეთი ადამიანების მიმართ? როგორ უნდა განსაზღვროს მან მათი შედეგები? თავისუფლად გამოთქვით თქვენი აზრი. (ვფიქრობდი, რომ ღმერთი მიიღებდა ამ ტიპის ადამიანს, მაგრამ ახლახან ამის მოსმენის შემდეგ, ვგრძნობ, რომ შესაძლოა, არ მიიღოს.) თქვი შენი მოსაზრება. (ასეთი ადამიანები მხოლოდ იმიტომ მიდიან ღმერთთან, რომ მათი შედეგი სიკვდილი არ იყოს. ისინი არ მოდიან იმისთვის, რომ ღმერთი ირწმუნონ ჭეშმარიტი გულწრფელობით; მათ იციან, რომ ღვთის საქმე მალე დასრულდება, ამიტომ ისინი ილუზიაში იმყოფებიან, რომ შეუძლიათ დაბრუნდნენ და მიიღონ კურთხევა.) შენ ამბობ, რომ ამ ადამიანებს გულწრფელად არ სწამთ ღმერთი, ამიტომ მას არ შეუძლია მათი მიღება, ასეა? (დიახ.) (ჩემი გაგებით ასეთი ადამიანები უბრალოდ ოპორტუნისტები არიან და ჭეშმარიტად არ სწამთ ღმერთი.) ისინი არ მოსულან იმისთვის, რომ ღმერთი ირწმუნონ; ისინი ოპორტუნისტები არიან. კარგად თქვი! ოპორტუნისტები ისეთი ტიპის ადამიანები არიან, რომლებიც ყველას სძულს. ისინი იმ მიმართულებით მიცურავენ, საითაც ქარი უბერავს და არ შეიწუხებენ თავს რაიმეს კეთებით, თუკი ამისგან რაიმე სარგებელს არ მიიღებენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი საზიზღრები არიან! აქვს თუ არა რომელიმე სხვა ძმას ან დას მოსაზრება, რომლის გაზიარებაც სურს? (ღმერთი მათ აღარ მიიღებს, რადგან მისი საქმე დასრულებას უახლოვდება და ახლა არის დრო, როდესაც ადამიანთა შედეგები დგინდება. ამ დროს ამ ადამიანებს სურთ დაბრუნება — სინამდვილეში არა ჭეშმარიტების საძიებლად, არამედ იმიტომ, რომ ხედავენ კატასტროფების მოახლოებას ან იმიტომ, რომ მათზე გავლენას ახდენს გარე ფაქტორები. მათ მართლა რომ ჰქონოდათ ჭეშმარიტების ძიების განზრახვა, ისინი არასოდეს გაიქცეოდნენ ღვთის საქმის მიმდინარეობისას.) არის თუ არა რაიმე სხვა მოსაზრება? (ისინი არ იქნებიან მიღებულნი. ღმერთმა სინამდვილეში უკვე მისცა მათ შესაძლებლობები, მაგრამ ისინი დაჟინებით იჩენდნენ უყურადღებო დამოკიდებულებას მის მიმართ. როგორიც უნდა იყოს ამ ადამიანთა განზრახვები, თუნდაც მათ მართლაც მოინანიონ, ღმერთი მაინც არ მისცემს დაბრუნების უფლებას. ეს იმიტომ, რომ მან ადამიანებს ესოდენი შესაძლებლობა მისცა, თუმცა მათ უკვე გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება: მათ სურდათ ღვთის მიტოვება. სწორედ ამ მიზეზით, თუ ისინი ახლა შეეცდებიან დაბრუნებას, ღმერთი მათ არ მიიღებს.) (ვეთანხმები, რომ ღმერთი არ მიიღებს ამ ტიპის ადამიანს, რადგან თუ ადამიანმა იხილა ჭეშმარიტი გზა, გამოსცადა ღვთის საქმე ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მაინც შეუძლია დაუბრუნდეს წუთისოფელს და სატანის კლანჭებს, მაშინ ეს ღვთის უდიდესი ღალატია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის არსი არის წყალობა და სიყვარული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის ადამიანისკენ არის მიმართული ეს არსი. თუ ადამიანი ღვთის წინაშე ნუგეშის საპოვნელად ან იმედის ნაპერწკლის საპოვნელად მოდის, მაშინ ის უბრალოდ არ არის ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს ღმერთი და ღვთის წყალობას ასეთი ადამიანის მიმართ თავისი საზღვარი აქვს.) თუ ღვთის არსი წყალობაა, მაშინ რატომ არ იჩენს იგი ცოტა მეტ წყალობას ამ ტიპის ადამიანის მიმართ? ცოტა მეტი წყალობა განა არ მისცემდა შესაძლებლობას ამ ადამიანს? წარსულში ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ღმერთს სურს ყოველი ადამიანის გადარჩენა და არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს; თუ ასი ცხვრიდან ერთი დაიკარგება, ღმერთი მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს დაკარგულის საძებნელად. ახლა, როდესაც საქმე ამ ადამიანებს ეხება, უნდა მიიღოს თუ არა ღმერთმა ისინი და მისცეს თუ არა მათ მეორე შანსი გულწრფელი რწმენის გამო? სინამდვილეში ეს არ არის რთული კითხვა; ის ძალიან მარტივია! თუ თქვენ ჭეშმარიტად გესმით ღმერთის და ძალგიძთ მისი რეალური შემეცნება, მაშინ ბევრი ახსნა არ არის საჭირო — და არც ბევრი ვარაუდია საჭირო, ასე არ არის? თქვენი პასუხები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ისინი მაინც ვერ სწვდება ღვთის დამოკიდებულებას.

ახლახან ზოგიერთმა თქვენგანმა სრული დარწმუნებით თქვა, რომ ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა ამ ტიპის ადამიანს. სხვები არ იყვნენ ძალიან დარწმუნებულნი, ფიქრობდნენ რა, რომ ღმერთმა შეიძლება მიიღოს ისინი ან შეიძლება არა — ეს დამოკიდებულება უფრო ნეიტრალურია. თქვენ შორის ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისი თვალსაზრისიც იყო ის, რომ იმედოვნებთ, ღმერთი მიიღებს ამ ტიპის ადამიანს — ეს დამოკიდებულება ბუნდოვანია. თქვენ, ვინც დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც ფიქრობთ, გჯერათ, რომ ღმერთი აქამდე აღასრულებდა საქმეს და რომ მისი საქმე დასრულებულია, ამიტომ მას არ სჭირდება, იყოს შემწყნარებელი ამ ადამიანების მიმართ; ამგვარად, თქვენ ფიქრობთ, რომ იგი მათ აღარ მიიღებს. თქვენ შორის უფრო ნეიტრალური პოზიციის მქონენი თვლიან, რომ ეს უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური გარემოებების მიხედვით: თუ ამ ადამიანების გულები განუყოფელია ღვთისგან და თუ მათ გულწრფელად სწამთ ღმერთი და ეძიებენ ჭეშმარიტებას, მაშინ ღმერთმა არ უნდა გაიხსენოს მათი წინა სისუსტეები და ნაკლოვანებები — მან უნდა მიუტევოს ამ ადამიანებს, მისცეს მათ მეორე შანსი და თავიანთ სახლში დაბრუნებისა და მისგან ხსნის მიღების უფლება. თუმცა თუ ისინი კვლავ გაიქცევიან, მაშინ ღვთის მიერ მათზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს უსამართლობად. არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც იმედოვნებს, რომ ღმერთს შეუძლია ასეთი ადამიანების მიღება. ეს ჯგუფი არ არის ბოლომდე დარწმუნებული, მართლა გააკეთებს თუ არა ამას ღმერთი. თუ მათ სჯერათ, რომ მან უნდა მიიღოს ამ ტიპის ადამიანი, მაგრამ იგი ამას არ აკეთებს, მაშინ როგორც ჩანს, ეს შეხედულება ცოტათი არ შეესაბამება ღვთის პერსპექტივას. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ღმერთმა არ უნდა მიიღოს ასეთი ადამიანი, რა მოხდება, თუ ღმერთი იტყვის, რომ მის სიყვარულს ადამიანების მიმართ დროის ზღვარი არ გააჩნია და რომ იგი მზად არის მისცეს ამ ტიპის ადამიანს კიდევ ერთი შანსი — განა ეს არ გამოააშკარავებდა მათ უმეცრებას? ნებისმიერ შემთხვევაში ყველას გაქვთ თქვენი შეხედულებები, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ ცოდნას თქვენსავე გონებაში; ისინი ასევე არის თქვენს მიერ ჭეშმარიტებისა და ღვთის განზრახვების გაგების სიღრმის ანარეკლი. სწორია ამის თქმა, ასე არ არის? შესანიშნავია, რომ თქვენ გაქვთ მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც რჩება კითხვა, არის თუ არა თქვენი მოსაზრებები სწორი. თქვენ ყველანი ცოტათი ღელავთ, ასე არ არის? „მაშინ რა არის სწორი? ნათლად ვერ ვხედავ და ზუსტად არ ვიცი, რას ფიქრობს ღმერთი; მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. როგორ შემიძლია გავიგო, რას ფიქრობს იგი? ღვთის დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ არის სიყვარული. თუ ვიმსჯელებთ იმ დამოკიდებულებით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა, მან უნდა მიიღოს ასეთი ადამიანი, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული ღვთის ამჟამინდელ დამოკიდებულებაში; მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შესაძლოა, მან მიიღოს ასეთი ადამიანი და შესაძლოა, არა.“ ეს სასაცილოა, ასე არ არის? ამ კითხვამ მართლაც დაგაბნიათ. თუ თქვენ არ გაქვთ სწორი თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ რას იზამთ, როდესაც თქვენი ეკლესია რეალურად აღმოჩნდება ასეთი ადამიანის წინაშე? თუ სიტუაციას სათანადოდ არ გაუმკლავდებით, მაშინ შეიძლება ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენოთ. განა ეს სახიფათო საქმე არ არის?

რატომ მინდოდა, მეკითხა თქვენი შეხედულებების შესახებ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან წამოვჭერი? მსურდა, გამომეცადა თქვენი შეხედულებები, რაოდენ დიდი ცოდნა გაქვთ ღვთის შესახებ და რამდენად გესმით მისი განზრახვები და დამოკიდებულება. რა არის პასუხი? პასუხი თავად თქვენი თვალსაზრისებია. ზოგიერთი თქვენგანი ძალიან კონსერვატიულია, ზოგიერთი კი ვარაუდობს და წარმოიდგენს. რას ნიშნავს „ვარაუდი“? ეს ნიშნავს, რომ არ შეგიძლია გაარჩიო, როგორ ფიქრობს ღმერთი და ამგვარად მიდიხარ უსაფუძვლო ვარაუდამდე, რომ ღმერთმა რაღაცნაირად უნდა იფიქროს; შენ თავად სინამდვილეში არ იცი, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამიტომ გამოხატავ ბუნდოვან თვალსაზრისს. ამ ფაქტის წინაშე მდგარებმა, რა დაინახეთ? ღვთის მიყოლისას, ადამიანები იშვიათად აქცევენ ყურადღებას მის განზრახვებს და იშვიათად ითვალისწინებენ მის ფიქრებსა და მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ადამიანებს არ ესმით ღვთის ფიქრები, ამიტომ, როდესაც გისვამენ კითხვებს მის განზრახვებსა და ხასიათზე, თქვენ იბნევით; თქვენი გონება გაურკვევლობაში ვარდება და შემდეგ ან მარჩიელობას იწყებთ, ან ბედს მიენდობით, ან რისკავთ. რა სახის დამოკიდებულებაა ეს? ეს ამტკიცებს ერთ ფაქტს: ადამიანთა უმეტესობა, ვისაც სწამს ღმერთი, მას მიიჩნევს, როგორც უბრალოდ უხილავ ჰაერს, რომელიც ხან არსებობს და ხან — არა. რატომ ვამბობ ამას ამგვარად? იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პრობლემას აწყდებით, თქვენ არ იცით ღვთის განზრახვები. რატომ არ იცით მისი განზრახვები? არა მხოლოდ ახლა, არამედ არასდროს იცით ღვთის დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ვერ სწვდებით და არ იცით ღვთის დამოკიდებულება, მაგრამ გიცდიათ ამის გარკვევა? გიცდიათ თუ არა მისი შეცნობა? გქონიათ თუ არა თანაზიარება ამის შესახებ? არა! ეს ადასტურებს ერთ ფაქტს: ღმერთს, რომელიც გწამს, არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ღმერთთან. ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში მხოლოდ თქვენს და თქვენი თქვენი წინამძღოლების განზრახვებზე; მხოლოდ ღვთის სიტყვების ზედაპირულ და მოძღვრებით მნიშვნელობაზე ფიქრობთ ისე, რომ ჭეშმარიტად საერთოდ არ ცდილობთ ღვთის განზრახვების შეცნობას ან ძიებას. განა ასე არ არის? ამ საკითხის არსი საკმაოდ საშინელია! ამდენი წლის მანძილზე მე მინახავს მრავალი ადამიანი, ვისაც სწამს ღმერთი. რად აქციეს მათ ღმერთი თავიანთ რწმენაში? ზოგიერთ ადამიანს სწამს ღმერთი ისე, თითქოს იგი უბრალოდ უხილავი ჰაერი იყოს. ამ ადამიანებს არ აქვთ პასუხი ღვთის არსებობასთან დაკავშირებულ კითხვაზე, რადგან მათ არ ძალუძთ შეიგრძნონ ან აღიქვან, არსებობს თუ არა ღმერთი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნათლად დანახვაზე ან გაგებაზე. ეს ადამიანები ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ ღმერთი არ არსებობს. სხვებს მიაჩნიათ, რომ თითქოს ღმერთი ადამიანი იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ რისი გაკეთებაც მათ არ ძალუძთ, არც ღმერთს შეუძლია და ღმერთმაც ისე უნდა იფიქროს, როგორც ისინი ფიქრობენ. მათი განმარტება ღვთის შესახებ არის „უხილავი და ხელშეუხებელი ადამიანი“. ასევე არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სწამთ ღმერთი ისე, თითქოს იგი თოჯინა იყოს; ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ღმერთს არ აქვს ემოციები. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი თიხის ქანდაკებაა და რომ საკითხის წინაშე დგომისას მას არ აქვს დამოკიდებულება, თვალსაზრისი ან მოსაზრებები; მათ სჯერათ, რომ იგი მთლიანად კაცობრიობის კონტროლის ქვეშაა და არ გააჩნია დამოუკიდებელი ნება. ადამიანებს უბრალოდ ისე სწამთ, როგორც თავად სურთ. თუ ისინი მას განადიდებენ, მაშინ იგი დიდია; თუ ისინი მას აკნინებენ, მაშინ იგი მცირეა. როდესაც ადამიანები სცოდავენ და სჭირდებათ ღვთის წყალობა, შემწყნარებლობა და სიყვარული, ისინი ვარაუდობენ, რომ ღმერთმა უნდა გამოიჩინოს თავისი წყალობა. ეს ადამიანები იგონებენ „ღმერთს“ საკუთარ გონებაში და შემდეგ აიძულებენ ამ „ღმერთს“, უზრუნველჰყოს მათი საჭიროებები და დააკმაყოფილოს მათი ყველა სურვილი. არ აქვს მნიშვნელობა, როდის, სად ან რას აკეთებენ ასეთი ადამიანები, ისინი ყოველთვის ამგვარ წარმოდგენას მიჰყვებიან ღვთისადმი მოპყრობასა და საკუთარ რწმენაში. არიან ისეთებიც კი, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ გამოიწვიეს ღვთის რისხვა, მაინც სჯერათ, რომ მას შეუძლია მათი გადარჩენა, რადგან ისინი ვარაუდობენ, რომ ღვთის სიყვარული შეუზღუდავი და განუზომელია და მისი ხასიათი სამართლიანია. მათ სჯერათ, რომ ადამიანმა რაც უნდა შეურაცხყოს ღმერთი, იგი არაფერს გაიხსენებს ამის შესახებ, რადგან ადამიანური ნაკლოვანებები, გადაცდომები და ამბოხება ადამიანის ხასიათის წამიერი გამოვლინებებია და ღმერთი მისცემს მას შანსს, იქნება შემწყნარებელი და მომთმენი მის მიმართ და მაინც ისე ეყვარება, როგორც უწინ. ამგვარად, ისინი დიდ იმედებს ამყარებენ ხსნის მოპოვებაზე. სინამდვილეში, როგორადაც უნდა სწამდეთ ადამიანებს ღმერთი, სანამ ისინი ჭეშმარიტებას არ ეძიებენ, მას ექნება უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში შეიძლება ღვთის სიტყვების წიგნს განძივით ეპყრობოდე, ყოველდღე სწავლობდე და კითხულობდე მას, ჭეშმარიტ ღმერთს მაინც გვერდზე დებ. შენ მას მიიჩნევ უბრალოდ უხილავ ჰაერად ან უბრალო ადამიანად, ხოლო ზოგიერთი თქვენგანი მას მხოლოდ თოჯინად აღიქვამს. რატომ ვამბობ ამას ასე? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ როგორც მე ვხედავ, პრობლემის წინაშე დგახარ თუ რაიმე გარემოებას აწყდები, ის, რაც შენს ქვეცნობიერში არსებობს და რაც შინაგანად წარმოდგინდება, არასოდეს ყოფილა რაიმე კავშირში ღვთის სიტყვებთან ან ჭეშმარიტების ძიებასთან. შენ მხოლოდ ის იცი, რასაც თავად ფიქრობ, როგორია შენი თვალსაზრისი, და შემდეგ შენს მოსაზრებებსა და შეხედულებებს თავს ახვევ ღმერთს. შენ მათ ღვთის შეხედულებებად მიიჩნევ, სტანდარტებად აქცევ და ურყევად იცავ. დროთა განმავლობაში ამგვარად მოქმედება სულ უფრო და უფრო გაშორებს ღვთისგან.

გაიგეთ ღვთის დამოკიდებულება და უარი თქვით ღვთის შესახებ ყველა მცდარ წარმოდგენაზე

მაინც როგორი ღმერთია ეს ღმერთი, რომელიც ამჟამად გწამთ? ოდესმე თუ გიფიქრიათ ამაზე? როდესაც იგი ხედავს, რომ ბოროტი ადამიანი ბოროტ საქმეებს სჩადის, სძულს თუ არა მას ეს? (დიახ, სძულს.) როგორია მისი დამოკიდებულება, როდესაც ხედავს, რომ უმეცარი ადამიანები შეცდომებს უშვებენ? (მწუხარება.) როდესაც იგი ხედავს, რომ ადამიანები იპარავენ მის შესაწირავებს, როგორია მისი დამოკიდებულება? (მას სძულს ისინი.) ეს ყოველივე ძალიან ნათელია. როდესაც ღმერთი ხედავს ვინმეს, ვინც ბრმად მიჰყვება მისდამი რწმენას და არანაირად არ ეძიებს ჭეშმარიტებას, როგორია ღვთის დამოკიდებულება? თქვენ არ ხართ ბოლომდე დარწმუნებულნი, ასე არ არის? „ბრმად მიყოლის“ დამოკიდებულება არ არის ცოდვა, არც ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ადამიანები გრძნობენ, რომ ეს არ არის რაიმე დიდი შეცდომა. მაშ, მითხარით — როგორია ღვთის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში? (მას არ სურს, ყურადღება მიაქციოს ასეთ ადამიანს.) „ყურადღების მიქცევის სურვილის არქონა“ — რა სახის დამოკიდებულებაა ეს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ზემოდან უყურებს ასეთ ადამიანებს და აბუჩად იგდებს მათ! ის გზა, რომლითაც იგი ეპყრობა ასეთ ადამიანებს, არის მათი თაროზე შემოდება, რაც ნიშნავს მათ გვერდზე გადადებას — მათზე არავითარი მუშაობას, მათ შორის, არც ნათლის მოფენას, არც განათებას, არც გვემას და არც წვრთნას. ასეთი ადამიანები არ ითვლებიან ღვთის საქმეში. როგორია ღვთის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც შეურაცხყოფს მის ხასიათს და არღვევს მის ადმინისტრაციულ განკარგულებებს? უკიდურესი ზიზღი! ღმერთი საშინლად განრისხებულია იმ ადამიანებით, რომლებიც იწვევენ მისი ხასიათის რისხვას, მაგრამ არ ავლენენ მონანიებას! „რისხვა“ სხვა არაფერია, თუ არა გრძნობა, განწყობა; ის არ წარმოადგენს მკაფიო დამოკიდებულებას. თუმცა, ეს გრძნობა — ეს განწყობა — მოიტანს შედეგს ასეთი ადამიანებისთვის: ის აავსებს ღმერთს უკიდურესი ზიზღით! რა არის ამ უკიდურესი ზიზღის შედეგი? ის, რომ ღმერთი გვერდზე გადადებს ამ ადამიანებს და დროებით ყურადღებას არ მიაქცევს მათ. შემდეგ იგი დაელოდება, რათა დაახარისხოს ისინი, როდესაც დრო მოვა. რაზე მიანიშნებს ეს? ექნებათ თუ არა ამ ადამიანებს მაინც შედეგები? ღმერთს არასოდეს განუზრახავს ასეთი ადამიანებისთვის რაიმე შედეგის მიცემა! ამიტომ, განა სრულიად ნორმალური არ არის, რომ ღმერთი ახლა ყურადღებას არ აქცევს ასეთ ადამიანებს? (დიახ, ეს ნორმალურია.) რის გასაკეთებლად უნდა ემზადებოდნენ ასეთი ადამიანები? ისინი უნდა ემზადებოდნენ იმისთვის, რომ აიტანონ თავიანთი ქცევისა და მათ მიერ ჩადენილი იმ ბოროტი ქმედებების არასასურველი შედეგები. ეს არის ღვთის განაჩენი ასეთი ადამიანებისთვის. ამიტომ ახლა მე ნათლად ვეუბნები ასეთ ადამიანებს: ნუღარ კვებავთ თავს ილუზიებით და ნუღარ მიენდობით იღბალს. ღმერთი არ იქნება შემწყნარებელი ადამიანების მიმართ განუსაზღვრელი დროით; იგი სამუდამოდ ვერ აიტანს მათ გადაცდომებსა თუ ამბოხებას. ზოგი იტყვის: „მინახავს რამდენიმე ასეთი ადამიანი და როდესაც ისინი ლოცულობენ, განსაკუთრებულად გრძნობენ ღვთის შეხებას და შემდეგ მწარედ ტირიან. ჩვეულებრივ, ისინი ასევე ძალიან ბედნიერები არიან; როგორც ჩანს, ღვთის მყოფობა და ღვთის წინამძღოლობა მუდამ თან სდევს მათ. ნუ ამბობთ ამგვარ სისულელეს! მწარე ცრემლები აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს ღმერთი ეხება ან გრძნობს ღვთის მყოფობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის წინამძღოლობაზე. თუ ადამიანები განარისხებენ ღმერთს, კვლავ გაუძღვება თუ არა იგი მათ? მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ვინმეს მოკვეთა და მიტოვება, ამ ადამიანის შედეგი უკვე გამქრალია. რაც არ უნდა სასიამოვნო გრძნობები ჰქონდეს მას ლოცვისას ან ღვთის რაოდენ დიდი რწმენაც არ უნდა ჰქონდეს გულში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ღმერთს არ სჭირდება ამგვარი რწმენა; მან უკვე ზიზღით უარყო ეს ადამიანები. ასევე უმნიშვნელოა ის, თუ როგორ უნდა მოეპყროს მათ მომავალში. მთავარი ის არის, რომ ზუსტად იმ წამს, როდესაც ეს ადამიანები განარისხებენ ღმერთს, მათი შედეგები უკვე დადგენილია. თუ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ არ გადაარჩინოს ასეთი ადამიანები, მაშინ ისინი მიტოვებულნი იქნებიან დასასჯელად. ეს არის ღვთის დამოკიდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის არსი შეიცავს სიყვარულის ელემენტს და იგი მოწყალეა თითოეული ადამიანის მიმართ, ადამიანმა უგულებელყო და დაივიწყა ის ფაქტი, რომ მის არსს ღირსება გააჩნია. ის, რომ მას აქვს სიყვარული, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია მისი შეურაცხყოფა სურვილისამებრ ისე, რომ მან არაფერი იგრძნოს ან რაიმე სახით არ მოახდინოს რეაგირება; ის, რომ მას აქვს წყალობა, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს არ გააჩნია ადამიანთან მოპყრობის პრინციპები. ღმერთი ცოცხალი ღმერთია; მისი არსებობა მეტისმეტად რეალურია. იგი არც წარმოსახვითი თოჯინაა და არც რაიმე სხვა ობიექტი. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ნამდვილად არსებობს, ყოველთვის ყურადღებით უნდა ვუსმინოთ მისი გულის ხმას, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მის დამოკიდებულებას და ვეცადოთ, გავიგოთ მისი გრძნობები. ნუ გამოიყენებთ ადამიანურ წარმოდგენებს ღვთის შესაზღუდად და ნუ მოახვევთ მას თავს ადამიანური გონების ფიქრებს ან ადამიანური ნების სურვილებს, ნუ სთხოვთ ღმერთს, რომ ადამიანს მოეპყროს ადამიანური მეთოდებითა და ადამიანური წარმოსახვების საფუძველზე. თუ შენ ამას აკეთებ, ამით განარისხებ ღმერთს, ცდი მის რისხვას და გამოწვევის წინაშე აყენებ მის ღირსებას! ამრიგად, მას შემდეგ, რაც გააცნობიერეთ ამ საკითხის სერიოზულობა, მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, გამოიჩინოთ სიფრთხილე და კეთილგონიერება თქვენს ქმედებებსა და საუბარში და მაქსიმალური სიფრთხილითა და წინდახედულებით მოეკიდოთ ყოველივეს, რაც ღმერთს ეხება! როდესაც არ გესმის, როგორია ღვთის დამოკიდებულება, ნუ ისაუბრებ დაუფიქრებლად, ნუ იმოქმედებ დაუფიქრებლად და დაუფიქრებლად ნუ მიაწებებ იარლიყებს; უფრო მეტიც, თვითნებურად ნუ გამოიტან დასკვნებს. ნაცვლად ამისა, უნდა დაელოდო და ეძიო. ეს არის ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გამოვლინებები. თუ შეძლებ ამის მიღწევას და უპირველეს ყოვლისა ამ დამოკიდებულების შეინარჩუნებ, მაშინ ღმერთი არ დაგადანაშაულებს შენი უგუნურების, უმეცრებისა და გონიერების ნაკლებობის გამო; ნაცვლად ამისა, შენი დამოკიდებულების გამო — ღმერთის განრისხების შიშის, მისი განზრახვებისადმი პატივისცემისა და მისადმი მორჩილების მზაობის გამო — ღმერთი დაგიმახსოვრებს, გაგიძღვება და ნათელს მოგფენს ან შემწყნარებელი იქნება შენი სულიერი მოუმწიფებლობისა და უმეცრების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს მიერ მის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო — რაც გამოიხატება იმაში, რომ მას განიკითხავ, როგორც გსურს, ან თვითნებურად ვარაუდობ და განსაზღვრავ მის ნებას — ღმერთი დაგგმობს, დაგმოგძღვრავს და დაგსჯის კიდეც; ან მას ექნება რაღაც სათქმელი შენზე და შესაძლოა ეს შენს შედეგს ეხებოდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: თითოეულმა თქვენგანმა სიფრთხილე და კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს ყოველივეს მიმართ, რაც ღვთისგან მოდის. ნუ ისაუბრებ და ნუ იმოქმედებ დაუფიქრებლად. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე: „განარისხებს თუ არა ჩემი ეს ქმედება ღმერთს? ამის კეთებისას მაქვს თუ არა ღვთისმოშიშება?“ მარტივ საკითხებთან მიმართებაშიც კი მეტად უნდა აწონ-დაწონო და დაფიქრდე ამ კითხვებზე. თუ შენ ჭეშმარიტად ძალგიძს ყველგან და ყოველთვის იმოქმედო ამ პრინციპების მიხედვით და განსაკუთრებით მაშინ შეინარჩუნებ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც რაღაც არ გესმის, მაშინ ღმერთი ყოველთვის გაგიძღვება და მოგცემს გზას, რომელსაც უნდა მიჰყვე. როგორიც არ უნდა იყოს შენი გამოვლინება, ეს ყოველივე საკმაოდ ნათელი და ცხადია ღვთისთვის; ის ზუსტ და შესაბამის შეფასებას მისცემს შენს გამოვლინებას. მას შემდეგ, რაც შენ გაივლი საბოლოო განსაცდელს, ღმერთი აიღებს შენს მთელ ქცევას და სრულად შეაჯამებს მას და ამგვარად განსაზღვრავს შენს შედეგს. ეს შედეგი საფუძვლიანად დაარწმუნებს თითოეულ ადამიანს. აქ კი ის მინდა გითხრა, რომ შენი ყოველი საქმე, ყოველი ნაბიჯი და ყოველი აზრი წყვეტს შენს ბედს.

ვინ განსაზღვრავს ადამიანთა შედეგებს?

არსებობს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველად და ეს არის თქვენი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. ეს დამოკიდებულება უკიდურესად მნიშვნელოვანია! ის განსაზღვრავს, საბოლოოდ განადგურებისკენ წახვალთ თუ იმ მშვენიერი დანიშნულების ადგილისკენ, რომელიც ღმერთმა მოამზადა თქვენთვის. სასუფევლის ეპოქაში ღმერთი ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე აღასრულებდა საქმეს და შესაძლოა, ამ ორი ათწლეულის განმავლობაში, გულის სიღრმეში თქვენ ცოტათი დაბნეულნი იყავით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო თქვენი გამოვლინება. თუმცა თავის გულში ღმერთმა შეადგინა რეალური და ჭეშმარიტი ჩანაწერი თითოეული თქვენგანის შესახებ. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც თითოეული ადამიანი იწყებს ღვთის მიყოლას და მისი ქადაგებების მოსმენას, რის საფუძველზეც ისინი სულ უფრო მეტად იწყებენ ჭეშმარიტების შემეცნებას, იმ დრომდე, როდესაც თითოეული ადამიანი ასრულებს თავის მოვალეობას, ღმერთი ინახავს ჩანაწერს თითოეული ადამიანის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ. ღმერთი აღრიცხავს და იწერს, თუ როგორია ადამიანთა დამოკიდებულებები, მათი სხვადასხვა გამოვლინება და რას გრძნობენ ისინი ღვთის მიმართ გულის სიღრმეში, მათ შორის მაშინაც, როდესაც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ და როდესაც ყოველგვარი გარემოებებისა თუ განსაცდელის წინაშე დგებიან. შესაძლოა თქვენ დაბნეულნი ხართ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ღვთისთვის ყოველივე დღესავით ნათელია და დაუდევრობის მცირე ნიშანიც კი არ არსებობს. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება თითოეული ადამიანის შედეგს, ბედსა და მომავალ პერსპექტივებსაც კი და უფრო მეტიც, ეს არის ის, რაშიც ღმერთი დებს მთელ თავის ენერგიას. ამიტომ ღმერთი არ დაუშვებდა მცირე გულგრილობასა და დაუდევრობასაც კი. ღმერთი აწარმოებს ამგვარ ანგარიშს ადამიანებისთვის, აღნუსხავს რა ადამიანების მიერ ღვთის მიყოლის მთელ მიმდინარეობას დაწყებიდან ბოლომდე. თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ ამ პერიოდის განმავლობაში განსაზღვრავს თქვენს ბედს. განა ეს სიმართლე არ არის? ახლა გჯერათ თუ არა, რომ ღმერთი სამართლიანია? არის თუ არა მისი ქმედებები შესაბამისი? გაქვთ თუ არა კიდევ რაიმე სხვა წარმოდგენები ღვთის შესახებ? (არა.) მაშინ იტყოდით თუ არა, რომ ადამიანთა შედეგები ღმერთმა უნდა განსაზღვროს, თუ თავად ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ? (ისინი ღმერთმა უნდა განსაზღვროს.) ვინ არის ის, ვინც განსაზღვრავს მათ? (ღმერთი.) თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, ასე არ არის? ძმებო და დებო ჰონგ-კონგიდან, თქვით — ვინ განსაზღვრავს მათ? (თავად ადამიანები განსაზღვრავენ მათ.) თავად ადამიანები განსაზღვრავენ მათ? განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა შედეგებს არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან? ძმებო და დებო სამხრეთ კორეიდან, თქვით. (ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა შედეგებს მათი ყველა ქმედებისა და საქმის საფუძველზე და იმის შესაბამისად, თუ რომელ გზაზე დგანან ისინი.) ეს ძალიან ობიექტური პასუხია. აქ არის ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც უნდა გაცნობოთ ყველას: თავისი ხსნის საქმის მიმდინარეობისას ღმერთმა დაადგინა სტანდარტი ადამიანთათვის. ეს სტანდარტი არის ის, რომ მათ უნდა მოუსმინონ ღვთის სიტყვას და მიჰყვნენ მის გზას. სწორედ ეს სტანდარტი გამოიყენება ადამიანთა შედეგების ასაწონად. თუ შენ მოქმედებ ღვთის ამ სტანდარტის შესაბამისად, მაშინ შეგიძლია მიიღო კარგი შედეგი; თუ შენ ამას არ აკეთებ, მაშინ ვერ მიიღებ კარგ შედეგს. მაშ, რას იტყვი, ვინ განსაზღვრავს ამ შედეგს? ამას მხოლოდ ღმერთი არ განსაზღვრავს, არამედ ღმერთი და ადამიანი ერთად. სწორია ეს? (დიახ.) რატომ არის ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ღმერთს სურს აქტიურად აღასრულოს ადამიანის ხსნის საქმე და მოამზადოს მშვენიერი დანიშნულების ადგილი ადამიანისთვის; ადამიანი არის ღვთის საქმის ობიექტი და ეს შედეგი, ეს დანიშნულების ადგილი, არის ის, რასაც ღმერთი ამზადებს ადამიანისთვის. ღმერთს რომ არ ჰყოლოდა სამოქმედო ობიექტი, მაშინ მას არ დასჭირდებოდა ამ საქმის აღსრულება; იგი რომ არ აღასრულებდეს ამ საქმეს, მაშინ ადამიანს არ ექნებოდა ხსნის მიღწევის შესაძლებლობა. ადამიანი არის გადასარჩენი ობიექტი და მიუხედავად იმისა, რომ ის, ვინც გადარჩება, პასიურ მხარეს წარმოადგენს, სწორედ ამ მხარეს მყოფის დამოკიდებულება განსაზღვრავს, აღასრულებს თუ არა ღმერთი თავის საქმეს კაცობრიობის გადასარჩენად. ღმერთს რომ არ ეჩვენებინა შენთვის გზა, არ გეცოდინებოდა მისი სტანდარტი და არც მიზანი გექნებოდა. თუ შენ გაქვს ეს სტანდარტი, ეს მიზანი, მაგრამ არ თანამშრომლობ, არ ახორციელებ მას პრაქტიკაში ან არ იღებ მსხვერპლს, მაშინ ვერ მიიღებ ამ შედეგს. ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანის შედეგი არ შეიძლება გაიმიჯნოს ღვთისგან და ის ასევე არ უნდა გაიმიჯოს ადამიანისგან. მაშ, ახლა თქვენ იცით, ვინ განსაზღვრავს ადამიანთა შედეგებს.

ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ღვთის შეზღუდვისკენ

ღვთის შეცნობის თემაზე ამ თანაზიარების განმავლობაში შეამჩნიეთ თუ არა ერთი ფაქტი? შეამჩნიეთ თუ არა, რომ ღვთის დამოკიდებულება ამ დღეებში შეიცვალა? არის თუ არა მისი დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ უცვლელი? ყოველთვის ასე მოითმენს იგი, განუსაზღვრელი დროით გამოავლენს თავის მთელ სიყვარულსა და წყალობას ადამიანთა მიმართ? ეს საკითხი ასევე ეხება ღვთის არსს. მოდით, დავუბრუნდეთ ეგრეთ წოდებული უძღები შვილის საკითხს, რომელიც ადრე ვახსენეთ. ამ კითხვის დასმის შემდეგ თქვენი პასუხები არ იყო ძალიან ნათელი; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით ღვთის განზრახვები ძალიან კარგად. მას შემდეგ, რაც ადამიანები გაიგებენ, რომ ღმერთს უყვარს ისინი, მას მხოლოდ სიყვარულის სიმბოლოდ შემოფარგლავენ: ადამიანები ფიქრობენ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, როგორადაც არ უნდა იქცეოდნენ, როგორადაც არ უნდა ეპყრობოდნენ ღმერთს და რაოდენ ამბოხებულნიც არ უნდა იყვნენ, ამას სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ღმერთს აქვს სიყვარული და მისი სიყვარული შეუზღუდავი და განუზომელია; ღმერთს გააჩნია სიყვარული, ამიტომ მას შეუძლია იყოს შემწყნარებელი ადამიანთა მიმართ; ღმერთს გააჩნია სიყვარული, ამიტომ მას შეუძლია იყოს მოწყალე ადამიანთა, მათი სულიერი მოუმწიფებლობის, მათი უმეცრებისა და ამბოხების მიმართ. მართლა ასეა ეს? ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ერთხელ ან რამდენჯერმე გამოცდის ღვთის მოთმინებას, ამ გამოცდილებას იყენებს, როგორც საყრდენს ღვთის შესაცნობად და მიაჩნია, რომ ის მუდამ მომთმენი და მოწყალე იქნება მათ მიმართ; შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის ამ მოთმინებას იყენებს და მიიჩნევს სტანდარტად, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ეპყრობა. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც, მას შემდეგ, რაც ერთხელ გამოსცდიან ღვთის შემწყნარებლობას, სამუდამოდ შემწყნარებლობის ჩარჩოში მოაქცევენ ღმერთს— და მათ გონებაში, ეს შემწყნარებლობა განუსაზღვრელი, უპირობო და სრულიად უპრინციპოც კია. არის თუ არა ასეთი გაგება სწორი? ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის არსის ან ღვთის ხასიათის საკითხები განიხილება, თქვენ დაბნეულნი ხართ. თქვენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ძალიან მაშფოთებს. თქვენ ბევრი ჭეშმარიტება გსმენიათ ღვთის არსის შესახებ; ასევე ბევრი გსმენიათ მის ხასიათთან დაკავშირებულ თემებზეც. თუმცა, თქვენს გონებაში ეს საკითხები და ამ ასპექტების ჭეშმარიტება მხოლოდ თეორია და დაწერილ სიტყვებზე დამყარებული მოგონებებია; ყოველდღიურ ცხოვრებაში არცერთ თქვენგანს არასოდეს შეუძლია გამოსცადოს ან აღიქვას ღვთის ხასიათი ისე, როგორიც ის სინამდვილეშია. ამგვარად, თქვენ ყველანი უგუნურნი ხართ თქვენს რწმენასთან მიმართებით; თქვენ ყველას ბრმად გწამთ, ღვთის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებასაც კი იჩენთ და უგულებელყოფთ მას. რას იწვევს ღვთის მიმართ თქვენი ასეთი დამოკიდებულება? ეს იწვევს იმას, რომ თქვენ ყოველთვის ზღუდავთ ღმერთს. როგორც კი მცირეოდენ ცოდნას შეიძენთ, შემდეგ ძალიან კმაყოფილნი ხართ და გრძნობთ, რომ ღმერთი მთლიანად მოიპოვეთ. ამის შემდეგ თქვენ ზღუდავთ ღმერთს ამით და არ აძლევთ მას თავისუფლად მოქმედების საშუალებას. ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი რაღაც ახალს აკეთებს, უბრალოდ უარს ამბობთ იმის აღიარებაზე, რომ იგი ღმერთია. იმ დონეზეც კი, რომ ერთ დღეს, როდესაც ღმერთი იტყვის: „მე აღარ მიყვარს ადამიანი; აღარ გამოვიჩენ მის მიმართ წყალობას; აღარ მაქვს მის მიმართ არავითარი შემწყნარებლობა ან მოთმინება; პირთამდე სავსე ვარ უკიდურესი ზიზღითა და ანტიპათიით მის მიმართ“, ადამიანები გულის სიღრმეში წინააღმდეგობას იგრძნობენ ასეთი განცხადებების მიმართ. ზოგიერთი მათგანი იტყვის კიდეც: „შენ აღარ ხარ ჩემი ღმერთი; შენ აღარ ხარ ის ღმერთი, რომლის მიყოლაც მსურს. თუკი შენ ასე ამბობ, მაშინ აღარ ხარ ღირსი, იყო ჩემი ღმერთი და მე აღარ მჭირდება შენი მიყოლა. თუკი შენ აღარ მომაგებ წყალობას, სიყვარულსა და შემწყნარებლობას, მაშინ მე შევწყვეტ შენს მიყოლას. თუკი შენ უსასრულოდ შემწყნარებელი იქნები ჩემ მიმართ, მუდამ მომთმენი ჩემთან და დამანახებ, რომ შენ ხარ სიყვარული, შენ ხარ მოთმინება და შენ ხარ შემწყნარებლობა, მხოლოდ მაშინ შევძლებ შენს მიყოლას და მხოლოდ მაშინ მექნება რწმენა, რომ ბოლომდე გამოგყვე. ვინაიდან მე მაქვს შენი მოთმინება და წყალობა, ჩემი ურჩობა და შეცოდებები შეიძლება უსასრულოდ მომეტევოს და მეპატიოს; შემიძლია შევცოდო ნებისმიერ დროსა და ადგილას, მოვინანიო და მომეტევოს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას და განგარისხო შენ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შენ არ უნდა გქონდეს ჩემზე რაიმე მოსაზრება ან არ უნდა გამომიტანო განაჩენი.“ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არცერთი თქვენგანი არ ფიქრობდეს ამგვარ საკითხზე ასე სუბიექტურად ან შეგნებულად, ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთს მიიჩნევ ინსტრუმენტად, რომელიც ცოდვების მისატევებლად უნდა გამოიყენო, ან ობიექტად, რომელიც მშვენიერი დანიშნულების ადგილზე მისაღწევად უნდა გამოიყენო, შეუმჩნევლად განაწყობ ცოცხალ ღმერთს შენს საპირისპიროდ და მტრულად. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ. შენ შეიძლება განაგრძო ისეთი რამეების თქმა, როგორიცაა „მე მწამს ღმერთი“, „მე ვეძიებ ჭეშმარიტებას“, „მე მსურს შევცვალო ჩემი ხასიათი“, „მე მსურს თავი დავაღწიო ბნელეთის გავლენას“, „მე მსურს დავაკმაყოფილო ღმერთი“, „მე მსურს დავემორჩილო ღმერთს“, „მე მსურს ვიყო ღვთის ერთგული და კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა“ და ა.შ. თუმცა, რაც არ უნდა ტკბილად ჟღერდეს შენი სიტყვები, რამდენი თეორიაც არ უნდა იცოდე და რაც არ უნდა მაღალფარდოვანი და გრანდიოზული იყოს ეს ყოველივე, ფაქტია, რომ ბევრმა თქვენგანმა უკვე ისწავლა, როგორ გამოიყენოს ის წესები, მოძღვრებები და თეორიები, რომლებსაც დაეუფლა, ღვთის შესაზღუდად, რითაც ბუნებრივად განაწყობს მას თავის საპირისპიროდ. თუმცა შეიძლება აითვისე სიტყვები და მოძღვრებები, შენ ჭეშმარიტად არ შესულხარ ჭეშმარიტების რეალობაში, ამიტომ შენთვის ძალიან რთულია ღმერთთან დაახლოება, მისი შეცნობა და მისი გაგება. ეს მეტად სამწუხაროა!

შემდეგი სცენა ვიხილე ერთ ვიდეოში: რამდენიმე დამ მაღლა ასწია წიგნი „სიტყვის ხორცში გამოჩინება“; მათ ის ძალიან მაღლა ეჭირათ; სხვა ადამიანებს შორის მყოფები წიგნს თავს ზემოთ სწევდნენ. თუმცა ეს მხოლოდ კადრი იყო, ის, რაც მან დამანახა, არ იყო მხოლოდ გამოსახულება; პირიქით, მან მაფიქრებინა, რომ ის, რაც თითოეულ ადამიანს თავის გულში მაღლა აქვს აღმართული, არის არა ღვთის სიტყვა, არამედ ღვთის სიტყვის წიგნი. მეს უკიდურესად სამწუხარო საკითხია. ასეთი ქმედება სულაც არ არ ნიშნავს ღვთის აღზევებას. რადგან თქვენ არ გესმით ღმერთის, ძალიან აშკარა კითხვაც კი, უკიდურესად უმნიშვნელო საკითხიც კი თქვენში წარმოდგენებს ბადებს. როდესაც მე რაიმეს გთხოვთ და სერიოზულად ვარ განწყობილი, თქვენ ვარაუდებითა და საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით მპასუხობთ; ზოგიერთ თქვენგანს ეჭვიც კი ეპარება და ჩემს კითხვებს კითხვებითვე პასუხობს. ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს, რომ ღმერთი, რომელიც თქვენ გწამთ, არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. ამდენი წლის განმავლობაში ღვთის სიტყვების კითხვის შემდეგ თქვენ იყენებთ მათ, ღვთის საქმესა და მეტ მოძღვრებას, რათა კვლავ შეზღუდოთ ღმერთი, მაგრამ არასოდეს ცდილობთ შეიცნოთ ის ან ჩასწვდეთ მის განზრახვებს. არასოდეს ცდილობთ გაიგოთ, როგორია ღმერთის დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ, როგორ ფიქრობს ის, რატომ არის მოწყენილი, რატომ არის განრისხებული, რატომ უარყოფს იგი ზიზღით ადამიანებს ან სხვა მსგავსი კითხვები. უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი ყოველთვის დუმდა, რადგან იგი უბრალოდ უყურებს კაცობრიობის სხვადასხვა გამოვლინებას ისე, რომ მათ მიმართ არ გააჩნია არავითარი დამოკიდებულება ან მოსაზრება. ადამიანთა კიდევ ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ მიზეზი, რის გამოც ღმერთი ხმას არ იღებს, არის ის, რომ ის დაეთანხმა, იცდის ან რომ მას არ აქვს დამოკიდებულება, რადგან მისი დამოკიდებულება უკვე სრულად არის გადმოცემული წიგნში და მთლიანად გამოხატული კაცობრიობისთვის, და არ სჭირდება ადამიანებისთვის ამის კვლავ და კვლავ თქმა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი დუმს, მას მაინც გააჩნია დამოკიდებულება და თვალსაზრისი, ისევე როგორც სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებასაც იგი მოითხოვს ადამიანებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არ ცდილობენ მის გაგებას ან მის ძიებას, ღვთის დამოკიდებულება ძალიან ნათელია. რაც შეეხება მას, ვინც ერთ დროს მგზნებარედ მიჰყვებოდა ღმერთს, მაგრამ შემდეგ, რაღაც მომენტში, მიატოვა იგი და წავიდა და ახლა სურს დაბრუნება, საკვირველია, მაგრამ თქვენ არ იცით, როგორია ღვთის თვალსაზრისი ან როგორია მისი დამოკიდებულება. განა ეს მეტად სამწუხარო არ არის? ფაქტია, რომ ეს საკმაოდ ზედაპირული საკითხია. თქვენ ჭეშმარიტად რომ გესმოდეთ ღვთის გული, გეცოდინებოდათ მისი დამოკიდებულება ამგვარი ადამიანის მიმართ და არ გასცემდით ბუნდოვან პასუხს. რადგან თქვენ არ იცით, ნება მიბოძეთ აგიხსნათ.

ღვთის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც გარბის მისი საქმის მიმდინარეობისას

ასეთი ადამიანები ყველგან არიან: მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდებიან ღვთის გზაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩუმად, დამშვიდობების გარეშე მიდიან, რათა აკეთონ ის, რაც მათ გულს სურს. ამჯერად ჩვენ არ ჩავუღრმავდებით იმ მიზეზებს, თუ რატომ მიდიან ეს ადამიანები; პირველ რიგში, თვალი გადავავლოთ იმას, თუ როგორია ღვთის დამოკიდებულება ამგვარი ადამიანის მიმართ. სრულიად ნათელია, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ეს ადამიანები ზურგს აქცევენ ღმერთს, მისი თვალთახედვით, მათი რწმენის ცხოვრება დასრულებულია. ეს თავად ადამიანმა კი არ დაასრულა, არამედ ღმერთმა. ის, რომ ამ ადამიანმა მიატოვა ღმერთი, ნიშნავს, რომ მან უკვე უარყო ღმერთი, რომ მას იგი აღარ სურს და რომ იგი აღარ იღებს ღვთის ხსნას. რადგან ასეთ ადამიანებს არ სურთ ღმერთი, შეუძლია თუ არა მას მაინც სურდეს ისინი? უფრო მეტიც, როდესაც ასეთ ადამიანებს აქვთ ასეთი დამოკიდებულებები და მოსაზრებები, და გადაწყვეტილი აქვთ ღვთის მიტოვება, მათ უკვე გამოიწვიეს ღვთის რისხვა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ განრისხებულან და არ შეუგინებიათ ღმერთისთვის, ან არ ჩაუდენიათ რაიმე საძაგელი ან გადაჭარბებული საქციელი და ფიქრობენ: „თუ ერთ დღეს იქ გარეთ ყოფნა ყელში ამომივა, ან კვლავ დამჭირდება ღმერთი, ან ღმერთი მომიხმობს, მე დავბრუნდები“, ან ამბობენ: „როდესაც იქ გარეთ გულს მატკენენ, ან დავინახავ, რომ გარესამყარო მეტისმეტად ბნელი და ბოროტია და არ მომინდება დინებას მივყვე, მე დავბრუნდები ღმერთთან“ — ანგარიშობენ რა თავიანთ გონებაში, როდის დაბრუნდებიან და ცდილობენ კარი ღია დატოვონ დასაბრუნებლად — ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ რისიც არ უნდა სჯეროდეთ ან რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ეს ყოველივე მხოლოდ ფუჭი ოცნებაა. მათი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას გრძნობს ღმერთი, როდესაც მათ წასვლა სურთ. ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ღვთის მიტოვებას, იგი მთლიანად ტოვებს მათ; იმ დროისთვის, მას უკვე განსაზღვრული აქვს ასეთი ადამიანის შედეგი თავის გულში. რა შედეგია ეს? ის, რომ ეს ადამიანი თაგვებთან ერთად დახარისხდება და ამიტომ მათთან ერთად დაიღუპება. ამგვარად, ადამიანები ხშირად ხედავენ ამგვარ სიტუაციას: ვიღაც უარყოფს ღმერთს, მაგრამ შემდეგ არ იღებს სასჯელს. ღმერთი მოქმედებს თავისი პრინციპების მიხედვით; ზოგიერთი რამის დანახვა შესაძლებელია ზოგი კი მხოლოდ ღვთის გულში წყდება, ამიტომ ადამიანებს არ ძალუძთ შედეგების დანახვა. ის ნაწილი, რომელიც ხილულია ადამიანებისთვის, აუცილებლად არ წარმოადგენს საგნებისა და მოვლენების ჭეშმარიტ მხარეს, მაგრამ ის მეორე მხარე — ის მხარე, რომელსაც შენ ვერ ხედავ — ნამდვილად მოიცავს ღვთის ჭეშმარიტ ფიქრებსა და გადაწყვეტილებებს.

ადამიანები, რომლებიც გარბიან ღვთის საქმის მიმდინარეობისას, არიან ისინი, ვინც ტოვებენ ჭეშმარიტ გზას

რატომ სჯის ღმერთი ასე მკაცრად იმ ადამიანებს, რომლებიც გარბიან მისი საქმის მიმდინარეობისას? რატომ არის იგი ასე განრისხებული მათზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიცით, რომ ღვთის ხასიათი დიდებულება და რისხვაა; ის არ არის ცხვარი, რომელიც ნებისმიერმა შეიძლება დაკლას, მით უმეტეს, არ არის მარიონეტი, რომლითაც ადამიანი საკუთარი სურვილისამებრ მანიპულირებს. ის არც უბრალო ჰაერია, რომელსაც სურვილისამებრ მოიხმობენ და გაუშვებენ. თუ შენ ჭეშმარიტად გწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაშინ უნდა გქონდეს ღვთისმოშიში გული და უნდა იცოდე, რომ მისი არსის გამოწვევა დაუშვებელია. მისი გამოწვევა შესაძლებელია ერთი სიტყვით, ან მოსაზრებით ან რაიმე საძაგელი ქცევით ან ისეთი უწყინარი საქციელით, რომელიც ადამიანის თვალში და ეთიკაში მისაღებია, ან მოძღვრებითა თუ თეორიით. თუმცა, როგორც კი განარისხებ ღმერთს, შენი შესაძლებლობა დაკარგულია და შენი განკითხვის დღე დამდგარია. ეს საშინელებაა! თუ შენ არ გესმის, რომ ღმერთი არ იწყნარებს შეურაცხყოფას, მაშინ შესაძლოა არ გეშინია მისი და შესაძლოა ხშირად შეურაცხყოფ მას. თუ შენ არ იცი, როგორ გეშინოდეს ღვთის, მაშინ შეუძლებელია გეშინოდეს ღვთის და არ გეცოდინება, როგორ შეუდგე ღვთის მიყოლის გზას — ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განდგომის გზას. როგორც კი გააცნობიერებ და შეიგნებ, რომ ღმერთი არ იწყნარებს შეურაცხყოფას, გეცოდინება, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გქონდეს ღვთისმოშიშება და განუდგე ბოროტებას.

ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზაზე შედგომა სინამდვილეში არ მოითხოვს შენგან მრავალი ჭეშმარიტების ცოდნას, მრავალი განსაცდელის გამოცდას ან ბევრი წვრთნის გავლას. პირიქით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ღვთის მიმართ გულის სიღრმეში და რა არსს ავლენ. ადამიანთა არსი და მათი სუბიექტური დამოკიდებულებები — აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გადამწყვეტი. რაც შეეხება მათ, ვინც უარყო და მიატოვა ღმერთი, მათმა გულგრილმა და უპატივცემულო დამოკიდებულებამ მის მიმართ და მათმა გულებმა, რომლებსაც სძულთ ჭეშმარიტება, უკვე შეურაცხყო მისი ხასიათი, ამიტომ, ამისგან გულდამძიმებული ღმერთი არასოდეს მიუტევებს მათ. მათ იცოდნენ ღვთის არსებობის შესახებ, ეცნობათ ახალი ამბავი, რომ იგი უკვე მოვიდა და გამოსცადეს კიდეც ღვთის ახალი საქმე. მათი წასვლა არ ყოფილა შეცდომაში შეყვანის ან დაბნეულობის შედეგი; მით უმეტეს, ისინი არავის უიძულებია წასულიყვნენ. პირიქით, მათ გაცნობიერებულად და საღი გონებით აირჩიეს ღვთის მიტოვება. მათი წასვლა არ ყოფილა გზის აბნევა და არც ღმერთს დაუკარგავს ისინი. ამიტომ ღვთის თვალში ისინი არიან გზააბნეული ბატკნები, რომლებიც ფარას ჩამორჩნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ უძღებ შვილებზე, რომლებმაც გზა დაკარგეს. ისინი წავიდნენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე — და ასეთი მდგომარეობა, ასეთი ვითარება შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს; სწორედ ეს შეურაცხყოფა მოუტანს მათ გამოუსწორებელ შედეგებს. განა ამგვარი შედეგი საშიში არ არის? ამიტომ თუ ადამიანები არ იცნობენ ღმერთს, მათ შეუძლიათ შეურაცხყონ ის. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი! თუ ადამიანები სერიოზულად არ ეკიდებიან ღვთის დამოკიდებულებას და მაინც სჯერათ, რომ იგი მოუთმენლად ელის მათ დაბრუნებას, რადგან ისინი მისი დაკარგული ბატკნები არიან და იგი ჯერ კიდევ ელოდება, რომ ისინი გონს მოეგებიან, მაშინ ისინი შორს არ არიან თავიანთი დასჯის დღეებისგან. ღმერთი არა მხოლოდ უარს იტყვის მათ მიღებაზე, არამედ ეს არის მათი მხრიდან მისი ხასიათის მეორედ შეურაცხყოფა, რაც კიდევ უფრო საშინელი საკითხია! ამ ადამიანების უპატივცემულო დამოკიდებულებებმა უკვე დაარღვია ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები. მიიღებს თუ არა იგი მათ კვლავ? გულის სიღრმეში ღვთის პრინციპები ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ თუ ვინმემ შეიცნო ჭეშმარიტი გზა, მაგრამ მაინც შეუძლია შეგნებულად და საღი გონებით უარყოს ღმერთი და მიატოვოს ღმერთი, მაშინ ასეთ კონტექსტში იგი გადაუკეტავს ასეთ ადამიანს ხსნის გზას და ამ პიროვნებისთვის სასუფევლის კარი ამიერიდან დახურული იქნება. როდესაც ეს ადამიანი კვლავ მოვა დასაკაკუნებლად, ღმერთი არ გაუღებს კარს; ეს ადამიანი სამუდამოდ გარეთ დარჩება. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს წაკითხული აქვს მოსეს ისტორია ბიბლიაში. მას შემდეგ, რაც მოსე ღვთის მიერ იქნა მირონცხებული, 250-მა წინამძღოლმა გამოხატა თავისი ურჩობა მოსეს მიმართ მისი ქმედებებისა და სხვადასხვა სხვა მიზეზის გამო. ვის არ დაემორჩილნენ ისინი? ეს არ იყო მოსე. ისინი არ დაემორჩილნენ ღვთის განკარგულებებს; ისინი არ დაემორჩილნენ იმას, რაც ღმერთმა გააკეთა. მათ თქვეს შემდეგი: „გეკმაროთ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი!“ არის თუ არა ეს წინადადება ძალიან სერიოზული ადამიანური თვალსაზრისით? ის არ არის სერიოზული. ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობა არ არის სერიოზული. იურიდიული თვალსაზრისით, ეს არ არის დიდი ამბავი, რადგან ერთი შეხედვით, ეს არ არის წინააღმდეგობის გამომხატველი სიტყვები ან ლექსიკა, და მით უმეტეს, მას არ აქვს რაიმე მკრეხელური მნიშვნელობა. ეს მხოლოდ ჩვეულებრივი წინადადებაა, მეტი არაფერი. მაშ, რატომ არის, რომ ამ წინადადებას შეუძლია ღვთისგან ასეთი რისხვის გამოწვევა? ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ თქმულა ადამიანების მიმართ, არამედ ღვთის მიმართ. ის დამოკიდებულება და ხასიათი, რომელიც გამოხატულია მათ ნათქვამში, არის სწორედ ის, რაც შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს და ის შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს, რომელიც არ შეიწყნარებს შეურაცხყოფას. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი იყო იმ წინამძღოლების შედეგები საბოლოოდ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც მიატოვეს ღმერთი, როგორია მათი თვალსაზრისი? როგორია მათი დამოკიდებულება? და რატომ იწვევს მათი თვალსაზრისი და დამოკიდებულება იმას, რომ ღმერთი მათ ამგვარად ეპყრობა? მიზეზი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ნათლად იციან, რომ იგი ღმერთია, ისინი მაინც ირჩევენ მის ღალატს და სწორედ ამიტომ არიან ისინი მთლიანად მოკლებულნი ხსნის შესაძლებლობებს. როგორც ბიბლიაში წერია: „ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის“ (ებრ. 10:26). ახლა ნათლად გესმით თუ არა ეს საკითხი?

ადამიანთა ბედი წყდება ღვთის მიმართ მათი დამოკიდებულებებით

ღმერთი ცოცხალი ღმერთია. ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქცევიან და ღვთის დამოკიდებულება ამ ქცევების მიმართ განსხვავდება, რადგან იგი არც თოჯინაა და არც უბრალოდ უხილავი ჰაერი. ღირს, რომ ადამიანები გაეცნონ ღვთის დამოკიდებულებას. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ღვთის ხასიათის გაცნობა და ნელ-ნელა ჩასწვდნენ მის გულს მისი დამოკიდებულების შეცნობით. როდესაც თანდათანობით ჩასწვდები ღვთის გულს, არ იგრძნობ, რომ მისდამი შიში და ბოროტებისგან განრიდება ასეთი რთული მისაღწევია. უფრო მეტიც, როდესაც გაიგებ ღმერთის არსს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მას საზღვრები დაუწესო. როგორც კი ღვთის შეზღუდვას შეწყვეტ, ნაკლებად შეურაცხყოფ მას და, შენდა შეუმჩნევლად, ღმერთი მიგიყვანს მის შეცნობამდე, რის გამოც თქვენს გულში მისდამი შიში დაისადგურებს. შემდეგ შეწყვეტ ღვთის განსაზღვრას შენ მიერ ათვისებული სიტყვებითა და მოძღვრებებით ან თეორიებით; ნაცვლად ამისა, მუდმივად ეძიებ ღვთის სურვილებს ყოველივეში. ამგვარად, ისე, რომ ვერც კი შეამჩნევ, შენ გახდები ადამიანი, რომელიც ღვთის განზრახვების შესატყვისია.

ღვთის საქმე უხილავი და ხელშეუხებელია ადამიანთათვის, მაგრამ რაც შეეხება ღმერთს, თითოეული ადამიანის ქმედებები — ღვთის მიმართ დამოკიდებულებასთან ერთად — არა მხოლოდ აღქმადია მისთვის, არამედ ხილულიც. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და რაშიც ნათლად უნდა იყოს გარკვეული. შეიძლება ყოველთვის ფიქრობდე შენთვის: „იცის თუ არა ღმერთმა, რას ვაკეთებ აქ? იცის თუ არა მან, რაზე ვფიქრობ? შესაძლოა იცის, და შესაძლოა არა.“ თუკი ღვთის რწმენისა და მისი მიყოლისას ამგვარ თვალსაზრისს ინარჩუნებ და ამასთანავე ეჭვქვეშ აყენებ მის საქმესა და არსებობას, მაშინ ადრე თუ გვიან დადგება დღე, როდესაც მის რისხვას გამოიწვევ, რადგან შენ უკვე სახიფათო უფსკრულის პირას დგახარ. მინახავს ადამიანები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ ღმერთი, მაგრამ რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ ჭეშმარიტება-რეალობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის განზრახვების გაგებაზე. ეს ადამიანები ვერავითარ პროგრესს ვერ განიცდიან თავიანთ ცხოვრებასა და სულიერ ზრდაში, მისდევენ რა მხოლოდ ყველაზე ზედაპირულ მოძღვრებებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ადამიანებს არასოდეს მიუღიათ ღვთის ბაგეთაგან გამოსული სიტყვები თავიანთ ცხოვრებად, არასოდეს გაუსწორებიათ თვალი და არ უღიარებიათ მისი არსებობა. მითხარი, როდესაც ღმერთი ხედავს ასეთ ადამიანებს, ანიჭებს თუ არა ეს მას სიამოვნებას? ჰპოვებს მისი გული ნუგეშს? ამრიგად, სწორედ ის, თუ როგორ სწამთ ადამიანებს ღმერთი, წყვეტს მათ ბედს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ეძიებენ და როგორ უდგებიან ადამიანები ღმერთს, ადამიანთა დამოკიდებულებებს უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ღმერთს უკანა პლანზე ნუ გადაწევ შენს გონებაში, თითქოს ის უბრალო ჰაერი იყოს; პირიქით, ყოველთვის უნდა ფიქრობდე, რომ ღმერთი, რომელიც შენ გწამს, ცოცხალი ღმერთია, რეალური ღმერთია. ის სულაც არ ზის უქმად იქ, მაღლა, მესამე ცაში. პირიქით, იგი მუდმივად იკვლევს თითოეულის გულს, თითოეულის მოქმედებას, შენს ყოველ სიტყვასა და საქმეს, იკვლევს, როგორ იქცევი და როგორია შენი დამოკიდებულება მის მიმართ. გსურს თუ არა საკუთარი თავის ღვთისთვის მიძღვნა, შენი ყოველი ქცევა, ფიქრი და აზრი მის წინაშეა გადაშლილი და ის მათ იკვლევს. შენი ქცევის, შენი საქმეებისა და მის მიმართ შენი დამოკიდებულების გამო ღვთის აზრი შენზე და მისი დამოკიდებულება შენ მიმართ მუდმივად იცვლება. მაინც, ზოგიერთ თქვენგანს უნდა ვურჩიო: ნუ მიიჩნევ თავს ჩვილად ღვთის ხელში, თითქოს იგი ასე ძალიან განებივრებდეს, თითქოს მას არ შეეძლოს შენ გარეშე ყოფნა და თითქოს მისი დამოკიდებულება შენ მიმართ მუდმივად ასეთი იყოს და არასოდეს შეიცვალოს — შეწყვიტე ოცნება! ღმერთი სამართლიანია თითოეული ადამიანის მიმართ თავის მოპყრობაში და დიდი სერიოზულობით ასრულებს ადამიანთა დაპყრობისა და გადარჩენის საქმეს. ეს არის მისი მმართველობა. იგი თითოეულ ადამიანს სერიოზულად ეპყრობა; იგი არ ეპყრობა მათ, როგორც შინაურ ცხოველს; არ ეფერება და არ ეთამაშება მათ. ღვთის სიყვარული ადამიანების მიმართ არ გულისხმობს მათ განებივრებას ან გათამამებას, არც მისი წყალობა და შემწყნარებლობა არის ლმობიერების ან ჩაურევლობის გამოვლინება. პირიქით, ღვთის სიყვარული ადამიანთა მიმართ მოიცავს მათზე ზრუნვას, მათ შეცოდებასა და სიცოცხლის პატივისცემას; მისი წყალობა და შემწყნარებლობა მოიცავს ადამიანთა მიმართ მის მოლოდინებს და წარმოადგენს კაცობრიობის გადარჩენისთვის აუცილებელ საფუძველს. ღმერთი ცოცხალია და ღმერთი ნამდვილად არსებობს; მისი დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ პრინციპულია; ეს სულაც არ არის ერთგვარი დოგმა და ეს შეიძლება შეიცვალოს. ღვთის განზრახვები კაცობრიობის მიმართ თანდათანობით იცვლება და გარდაიქმნება დროთა განმავლობაში გარემოებების მიხედვით და თითოეული ადამიანის დამოკიდებულებასთან ერთად. ამიტომ გულის სიღრმეში სრულიად ნათლად უნდა იცოდე, რომ ღმერთის არსი უცვლელია, ხოლო მისი ხასიათი სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კონტექსტში გამოვლინდება. შეიძლება ფიქრობდე, რომ ეს არ არის სერიოზული საკითხი და შენი პირადი წარმოდგენებით ცდილობდე იმის წარმოსახვას, თუ როგორ უნდა აღასრულებდეს ღმერთი საქმეს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა და პირადი წარმოდგენებით ღვთის შეფასების მცდელობით შენ ის უკვე განარისხე. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი აბსოლუტურად არ მოქმედებს ისე, როგორც შენ გგონია, და ის არავითარ შემთხვევაში არ მიუდგება ამ საკითხს ისე, როგორც შენ ამბობ. ამრიგად, შეგახსენებ, რომ იყო ფრთხილი და კეთილგონიერი შენს მიდგომაში შენს გარშემო ყოველივეს მიმართ და ისწავლო, როგორ განახორციელო ყოველივე პრაქტიკაში „ღვთის გზის მიყოლის — ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების“ პრინციპის მიხედვით. დარწმუნებული უნდა იყო ღვთის განზრახვებსა და ღვთის დამოკიდებულებაში, უნდა იპოვო განათლებული ადამიანები, რათა გქონდეს თანაზიარება მათთან ამ საკითხების შესახებ, და უნდა ეძიო გულწრფელად. ნუ განიხილავ ღმერთს, რომელიც გწამს, როგორც თოჯინას — ნუ განსჯი მას სურვილისამებრ, ნუ გამოიტან მის შესახებ თვითნებურ დასკვნებს და ნუ მიუდგები მას უპატივცემულოდ. იმ დროს, როდესაც ღმერთს შენთვის მოაქვს ხსნა და განსაზღვრავს შენს შედეგს, მან შეიძლება შენს მიმართ გამოიჩინოს წყალობა და შემწყნარებლობა ან აღასრულოს სამსჯავრო და შენი გაკიცხვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისი დამოკიდებულება შენ მიმართ მუდმივი არ არის. ის დამოკიდებულია მის მიმართ შენს დამოკიდებულებაზე, ისევე როგორც მის შეცნობაზე. ნუ შეზღუდავ ღმერთს ერთხელ და სამუდამოდ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაქვს გარკვეული ცოდნა ან გაგება მისი ერთი ასპექტის შესახებ. ნუ გწამს მკვდარი ღმერთი; გწამდეს ცოცხალი ღმერთი. დაიმახსოვრე ეს! მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რამ, რაც ვთქვი, ფაქტობრივი საკითხებია და ასევე არის ის, რისი მოსმენაც გჭირდებათ ამჟამინდელი მდგომარეობისა და ამჟამინდელი სულიერი ზრდის გათვალისწინებით; ჯერჯერობით არ მსურს რაიმე უფრო დიდი მოთხოვნა წაგიყენოთ, რათა არ ჩავკლა თქვენი ენთუზიაზმი. ასეთმა მიდგომამ შეიძლება თქვენი გული ზედმეტი სასოწარკვეთილებით აავსოს და ღვთის მიმართ მეტისმეტი იმედგაცრუებით განგაწყოთ. ნაცვლად ამისა, ვიმედოვნებ, რომ მომავალ გზაზე სიარულისას შეძლებთ, გამოიყენოთ ღვთისმოყვარე გული და ღვთის მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება, როდესაც თქვენს წინაშე მდებარე გზას დაადგებით. ნაცვლად ამისა, ზედაპირულად ნუ მიუდგებით ამ საკითხს — თუ როგორ უნდა გწამდეთ ღმერთი; მიუდექით მას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. ჩაიბეჭდეთ ეს გულში, დაუკავშირეთ რეალობასა და რეალურ ცხოვრებას; ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ სიტყვებით — რადგან ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია, ის, რაც განსაზღვრავს თქვენს ბედს. ნუ მოეკიდებით მას, როგორც ხუმრობას ან ბავშვურ თამაშს! მას შემდეგ, რაც დღეს ეს სიტყვები გაგიზიარეთ, მაინტერესებს, გაიგეთ თუ არა რაიმე ან მიიღეთ თუ არა რაიმე მათგან. გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა იმის შესახებ, რაც დღეს აქ ვთქვი?

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები ცოტა ახალია და გარკვეულწილად დაშორებულია თქვენს შეხედულებებს, თქვენს ჩვეულ მისწრაფებებს და იმას, რასაც თქვენ ჩვეულებრივ ყურადღებას აქცევთ; ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ გექნებათ თანაზიარება მათ შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თქვენ გამოგიმუშავდებათ ზოგადი გაგება ყოველივეს შესახებ, რაც მე აქ ვთქვი. ყველა ეს თემა ძალიან ახალია, რომლებზეც თქვენ არასოდეს გიფიქრიათ ადრე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ისინი არანაირად არ დაამძიმებს თქვენს ტვირთს. მე დღეს ამ სიტყვებს თქვენს შესაშინებლად არ ვამბობ და არც თქვენს გასასხლავად ვიყენებ; პირიქით, ჩემი მიზანია დაგეხმაროთ გაიგოთ, საქმის რეალური მდგომარეობა. რადგან, ბოლოსდაბოლოს ადამიანსა და ღმერთს შორის დისტანცია არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს სწამს ღმერთი, ის ვერასოდეს სწვდებოდა ღმერთის არსს და არც მისი დამოკიდებულები შესახებ იცოდა. ადამიანებს არც არასოდეს გამოუჩენიათ დიდი გულმოდგინება ღვთის დამოკიდებულებით დაინტერესების მიმართ. ნაცვლად ამისა, მათ სწამდათ და ბრმად მოქმედებდნენ, და გონებადაბინდულნი იყვნენ ღვთის შეცნობასა და გაგებასთან მიმართებაში. ამიტომ იძულებული ვარ, გარკვეული საკითხებს ნათელი მოვფინო თქვენთვის და დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ სინამდვილეში როგორია ეს ღმერთი, რომლისაც გწამთ, ასევე რაზე ფიქრობს ის, როგორია მისი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია დისტანცია თქვენს ქმედებებსა და მის მოთხოვნებს შორის, და რამდენად დიდია შეუსაბამობა თქვენს ქმედებებსა და იმ სტანდარტს შორის, რომელსაც იგი მოითხოვს. ამ საკითხების თქვენთვის გაცნობის მიზანია მოგცეთ საზომი, რომლითაც საკუთარ თავს შეაფასებთ, რათა იცოდეთ, რა მოიპოვეთ ამ გზაზე, რა ვერ მიიღეთ ამ გზაზე და რომელ მიმართულებებში საერთოდ არ ჩართულხართ. როდესაც ერთმანეთში გაქვთ თანაზიარება, თქვენ ჩვეულებრივ საუბრობთ მხოლოდ რამდენიმე ხშირად განხილულ თემაზე, რომლებიც ვიწრო მასშტაბისა და ზედაპირული შინაარსისაა. დიდი შეუსაბამობა და აცდენაა იმას შორის, რასაც თქვენ განიხილავთ და ღვთის განზრახვებს, ისევე როგორც თქვენს განხილვებსა და ღვთის მოთხოვნების მასშტაბსა და სტანდარტს შორის. თუ ასე გაგრძელდება დროთა განმავლობაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გადაუხვევთ ღვთის გზიდან. თქვენ უბრალოდ იღებთ ღვთის ამჟამინდელ სიტყვებს, აქცევთ მათ თაყვანისცემის ობიექტებად და განიხილავთ მათ, როგორც რიტუალებსა და წესებს. სულ ეს არის, რასაც აკეთებთ! სინამდვილეში კი ღმერთს უბრალოდ არ აქვს ადგილი თქვენს გულებში და მას არასოდეს ჭეშმარიტად არ მოუპოვებია თქვენი გულები. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ღვთის შეცნობა ძალიან რთულია და ეს არის სიმართლე. ეს ცოტა რთულია. თუ ადამიანებს აიძულებენ, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ზედაპირულად გააკეთონ საქმეები, თუ მათ ბევრს ამუშავებენ, ისინი იფიქრებენ, რომ ღვთის რწმენა ძალიან ადვილია, რადგან ეს ყოველივე ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებშია. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ღვთის განზრახვებსა და კაცობრიობის მიმართ მის დამოკიდებულებას, საქმე მართლაც ცოტა რთულდება ყველასთვის. ვინაიდან ეს მოიცავს ადამიანების მიერ ჭეშმარიტების გაგებას და მათ შესვლას რეალობაში, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული სირთულე! მიუხედავად იმისა, როგორც კი გადადგამ პირველ ნაბიჯებს და დაიწყებ რეალობაში შესვლას, საქმე თანდათან მარტივდება.

ღვთისმოშიშების ამოსავალი წერტილი არის, რომ მას მოეპყრო, როგორც ღმერთს

ცოტა ხნის წინ ვიღაცამ დასვა კითხვა: როგორ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იობზე მეტი ვიცით ღვთის შესახებ, მაინც ვერ ვგრძნობთ მისდამი შიშს? ჩვენ ამ საკითხს ადრე ცოტათი შევეხეთ. ჩვენ რეალურად განხილული გვაქვს ამ კითხვის არსი, რაც მდებარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ იობი არ იცნობდა ღმერთს იმ დროს, იგი მაინც ეპყრობოდა მას, როგორც ღმერთს და განიხილავდა მას, როგორც ცისა და მიწის და ყოველივეს უზენაესს. იობი არ მიიჩნევდა ღმერთს მტრად; პირიქით, იგი თაყვანს სცემდა მას, როგორც შემოქმედს. რატომ ხდება ის, რომ დღესდღეობით ადამიანები ასე ძალიან ეწინააღმდეგებიან ღმერთს? რატომ არ არ გააჩნიათ მათ ღვთის შიში? ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი მეტად არიან გახრწნილნი სატანის მიერ; სატანური ბუნება ღრმად არის ფესვგადგმული მათში; ისინი ღვთის მტრები გახდნენ. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მათ სწამთ ღმერთი და აღიარებენ ღმერთს, მაინც ძალუძთს მისდამი წინააღმდეგობის გაწევა და მის საპირისპირო მხარეს დადგომა. ამას განსაზღვრავს ადამიანური ბუნება. მეორე მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად ღვთისადმი მათი რწმენისა, ადამიანები უბრალოდ არ ეპყრობიან მას, როგორც ღმერთს. ამის ნაცვლად, ისინი მიიჩნევენ, რომ იგი ეწინააღმდეგება კაცობრიობას, განიხილავენ რა მას თავიანთ მტრად და შეურიგებლობას იჩენენ მის მიმართ. ეს ასეთი მარტივია. განა ეს არ იყო ნახსენები ახლახან ჩვენს თანაზიარებაში? იფიქრე ამაზე: განა ეს არ არის მიზეზი? შენ შეიძლება ფლობდე მცირეოდენ ცოდნას ღვთის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს ცოდნა? განა ეს არ არის ის, რაზეც ყველა საუბრობს? განა ეს არ არის ის, რაც ღმერთმა გითხრა? შენ მხოლოდ იცნობ თეორიებსა და მოძღვრებებს ამ ასპექტთან დაკავშირებით — მაგრამ ოდესმე თუ დაგიფასებია ღვთის რეალური მხარე? გაქვს თუ არა სუბიექტური ცოდნა? გაქვს თუ არა პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება? ღმერთს რომ არ ეთქვა შენთვის, შეგეძლო თუ არა გცოდნოდა? ის, რომ შენ იცი რამდენიმე თეორია, არ ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს რეალური ცოდნა. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი იცი ან როგორ გაიგე ეს, სანამ შენ არ მიაღწევ ღვთის რეალურ გაგებას, იგი იქნება შენი მტერი და სანამ შენ რეალურად არ დაიწყებ ღვთისადმი, როგორც ღვთისადმი, ისე მოპყრობას, იგი იდგება შენს საპირისპირო მხარეს, რადგან შენ ხარ სატანის განსახიერება.

როდესაც ქრისტესთან ერთად ხარ, შესაძლოა მას დღეში სამჯერ გაუმასპინძლდე საკვებით, ან მიართვა ჩაი და მის ყოველდღიურ საჭიროებებზე იზრუნო, თითქოს ქრისტეს ისე ეპყრობოდე, როგორც ღმერთს. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ხდება, ადამიანთა შეხედულებები ყოველთვის ეწინააღმდეგება ღვთისას; ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ ღვთის თვალსაზრისის გაგებასა და მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება გარეგნულად კარგად ეწყობოდნენ ღმერთს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მისი შესატყვისნი არიან. როგორც კი რაღაც ხდება, ადამიანის ამბოხებული ნამდვილი სახე ვლინდება, რითაც დასტურდება, რომ ადამიანთა და ღმერთს შორის მტრობა არსებობს. ეს მტრობა არ გულისხმობს იმას, რომ ღმერთი ეწინააღმდეგება ადამიანებს ან სურს იყოს მტრულად განწყობილი მათ მიმართ; არც იმას, რომ ღმერთი მათ საკუთარ თავს უპირისპირებს და შემდეგ ასე ეპყრობა მათ. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა სუბიექტურ ნებასა და ქვეცნობიერში იმალება არსი, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს. რადგან ადამიანები ყოველივეს, რაც ღვთისგან მოდის, განიხილავენ, როგორც თავიანთი კვლევის ობიექტებს, მათი რეაქცია იმის მიმართ, რაც ღვთისგან მოდის და ყოველივეს მიმართ, რაც ღმერთს ეხება, უპირველეს ყოვლისა არის ვარაუდი, ეჭვი და შემდეგ კი სასწრაფოდ საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება და ღმერთთან დაპირისპირება. ისინი მალევე უარყოფითი განწყობით იწყებენ კამათს ან ბრძოლას ღმერთთან და იქამდეც კი მიდიან, რომ ეჭვობენ, ღირს თუ არა საერთოდ ასეთი ღვთის მიყოლა. მიუხედავად იმისა, რომ გონება ეუბნება მათ, რომ არ უნდა იმოქმედონ ამგვარად, მაინც არჩევენ ასე მოქცევას თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ და უყოყმანოდ ასე აგრძელებენ ბოლომდ. მაგალითად, რა არის პირველი რეაქცია, რომელიც ზოგიერთ ადამიანს აქვს, როდესაც ისინი ისმენენ საფუძველს მოკლებულ ხმებს ან ცილისმწამებლურ საუბარს ღვთის შესახებ? მათი პირველი რეაქციაა: „არ ვიცი, ეს საფუძველს მოკლებული ხმა სიმართლეა თუ არა, ან არსებობს თუ არა, უმჯობესი იქნება დაველოდო და ვნახო.“ შემდეგ ისინი იწყებენ ფიქრს: „ამის გადამოწმების გზა არ არსებობს. მართლა მოხდა ეს? ეს ხმა სიმართლეა თუ არა?“ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები ამას გარეგნულად არ აჩვენებენ, გულის სიღრმეში უკვე დაიწყეს ეჭვის შეტანა და ღვთის უარყოფა. რა არის ამგვარი დამოკიდებულებისა და ასეთი თვალსაზრისის არსი? განა ეს ღალატი არ არის? სანამ ისინი არ აღმოჩნდებიან ამ პრობლემის წინაშე, შეუძლებელია ამ ადამიანთა შეხედულებების დანახვა; როგორც ჩანს, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ღმერთს და თითქოს არ განიხილავენ მას მტრად. თუმცა, როგორც კი ისინი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, დაუყოვნებლივ დგებიან სატანის მხარეს და ღმერთს ეწინააღმდეგებიან. რაზე მიანიშნებს ეს? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები და ღმერთი ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი კაცობრიობას მტრად მიიჩნევს, არამედ იმას, რომ თავად კაცობრიობის არსი მტრულად არის განწყობილი ღვთის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც ადამიანი მიჰყვება ღმერთს ან რამდენად დაიხარჯა ის და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ადიდებს ღმერთს, როგორ იკავებს თავს მისდამი წინააღმდეგობის გაწევისგა, ან თუნდაც როგორ ითხოვს საკუთარი თავისგან, რომ უყვარდეს ღმერთი, ის ვერასდროს ახერხებს ღმერთს მოეპყროს ისე, როგორც ღმერთს. განა ეს არ განისაზღვრება ადამიანთა არსით? თუ შენ ეპყრობი მას, როგორც ღმერთს და ჭეშმარიტად გჯერა, რომ იგი ღმერთია, შეგიძლია თუ არა მაინც გქონდეს რაიმე ეჭვი მის მიმართ? შეიძლება თუ არა გულის სიღრმეში მაინც გქონდეს რაიმე კითხვის ნიშანი მის შესახებ? აღარ შეიძლება, ასე არ არის? ამ წუთისოფლის ტენდენციები ასეთი ბოროტია და ეს კაცობრიობაც ასეთია; მაშ, როგორ ხდება, რომ შენ არ გაქვს წარმოდგენები მათ შესახებ? შენ თავად ასეთი ცუდი ხარ, მაშ, როგორ ხდება, რომ შენ არ გაქვს წარმოდგენა ამის შესახებ? და მაინც, მხოლოდ რამდენიმე საფუძველს მოკლებულ ხმას და ცოტაოდენ ცილისწამებას შეუძლია წარმოშვას ასეთი დიდი წარმოდგენები და ამდენი მოსაზრება ღვთის შესახებ, რაც აჩვენებს, თუ რაოდენ მცირეა შენი სულიერი ზრდა! მხოლოდ რამდენიმე კოღოსა და რამდენიმე საზიზღარი ბუზის „ბზუილი“ — სულ ეს არის საჭირო შენს შეცდომაში შესაყვანად? რა ტიპის ადამიანია ეს? იცი თუ არა, რას ფიქრობს ღმერთი ასეთ ადამიანებზე? ღვთის დამოკიდებულება სინამდვილეში ძალიან ნათელია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა იგი მათ. უბრალოდ, ღვთის დამოკიდებულება ამ ადამიანთა მიმართ არის მათი გვერდზე გადადება — მისი დამოკიდებულებაა, რომ ყურადღება არ მიაქციოს მათ; მას არ აქვს სერიოზული დამოკიდებულება ამ უმეცარი ადამიანების მიმართ. რატომ ხდება ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთს გულის სიღრმეში არასოდეს განუზრახავს იმ ადამიანთა მოპოვება, რომლებმაც პირობა დადეს, რომ მტრულად იქნებიან განწყობილნი მის მიმართ ბოლომდე და რომლებსაც არასოდეს განუზრახავთ ეძიათ გზა, რომ ყოფილიყვნენ მისი შესატყვისნი. შესაძლოა ჩემს მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა გული ატკინოს ადამიანებს. მაშ, მიუხედავად იმისა, მზად ხართ თუ არა, ყოველთვის მომცემთ საშუალებას, რომ ასე გატკინოთ გული? მიუხედავად იმისა, მზად ხართ თუ არა, ყოველლივე, რასაც ვამბობ, სიმართლეა! მე რომ ყოველთვის ასე გტკენდეთ გულს და ვაშიშვლებდე თქვენს იარებს, იმოქმედებდა თუ არა ეს ღვთის იმ ამაღლებულ ხატზე, რომელსაც თქვენს გულებში ატარებთ? (არ იმოქმედებდა.) არც მე ვფიქრობ ასე, რადგან თქვენს გულებში უბრალოდ არ არის ღმერთი. ის ამაღლებული ღმერთი, რომელიც ბინადრობს თქვენს გულებში — ის, რომელსაც თქვენ ასე ძლიერ იცავთ და მფარველობთ — უბრალოდ არ არის ღმერთი. პირიქით, იგი ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია; იგი უბრალოდ არ არსებობს. ასე რომ, უკეთესია, რომ მე ამ გამოცანის პაუხი გავამჟღავნე; განა ამით მთელი სიმართლე არ გაშიშვლდა? ჭეშმარიტი ღმერთი არ არის ისეთი, მას როგორადაც ადამიანები წარმოიდგენენ. ვიმედოვნებ, რომ თქვენ ყველას შეგიძლიათ თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას და ეს დაგეხმარებათ ღვთის შეცნობაში.

ადამიანები, რომლებიც არ არიან აღიარებულნი ღვთის მიერ

არსებობენ ადამიანები, რომელთა რწმენაც ღვთის გულს არასდროს არ უღიარებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არ აღიარებს, რომ ისინი მისი მიმდევრები არიან, რადგან იგი არ იწონებს მათ რწმენას. ამ ადამიანთა მოსაზრებები და შეხედულებები არასოდეს შეცვლილა მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია მიჰყვებიან ღმერთს. ისინი არამორწმუნეებს ჰგვანან, იცავენ რა არამორწმუნეთა პრინციპებსა და მეთოდებს წუთისოფელთან მიმართებაში და არამორწმუნეთა გადარჩენის კანონებსა და მათ ცხოვრებისეულ ფასეულობებს. მათ არასოდეს მიუღიათ ღვთის სიტყვა თავიანთ ცხოვრებად, არასოდეს სჯეროდათ, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა, არასოდეს ჰქონიათ ღვთის ხსნის მიღების განზრახვა და არასოდეს უღიარებიათ ღმერთი თავიანთ ღმერთად. ისინი ღვთისადმი რწმენას მიიჩნევენ, როგორც უბრალოდ ერთგვარ სამოყვარულო ჰობის, ღმერთს კი — მხოლოდ სულიერ საზრდოდ; ამგვარად, ისინი არ კადრულობენ ღვთის ხასიათის ან არსის გაგებას. შეიძლება ითქვას, რომ იმ ყოველივეს, რაც ჭეშმარიტ ღმერთს ეხება, არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანებთან; ისინი არ არიან დაინტერესებულნი და არც თავს იწუხებენ და არც ყურადღების ღირსად მიიჩნევენ. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი გულის სიღრმეში ძლიერი ხმა ყოველთვის ეუბნება მათ: „ღმერთი უხილავი და ხელშეუხებელია; ის არ არსებობს.“ მათ მიაჩნიათ, რომ ღვთის გაგების ამგვარი მცდელობა ძალისხმევის ფუჭი ხარჯვა და თავის მოტყუება იქნებოდა. სჯერათ, რომ თუ ღმერთს მხოლოდ სიტყვით აღიარებენ ყოველგვარი მტკიცე პოზიციის დაკავებისა თუ რეალურ საქმეებში საკუთარი თავის გაღების გარეშე, საკმაოდ ჭკვიანურად იქცევიან. როგორ უყურებს ღმერთი ასეთ ადამიანებს? იგი მათ არამორწმუნეებად მიიჩნევს. ზოგიკითხულობს: „ძალუძთ თუ არა არამორწმუნეებს ღვთის სიტყვების წაკითხვა? ძალუძთ თუ არა მათ თავიანთი მოვალეობების შესრულება? ძალუძთ თუ არა მათ თქვან სიტყვები: „მე ღვთისთვის ვიცხოვრებ“?“ ის, რასაც ადამიანები ხშირად ხედავენ, არის ის გამოვლინებები, რომლებსაც ადამიანები ზედაპირულად აჩვენებენ; ისინი ვერ ხედავენ ადამიანთა არსს. თუმცა, ღმერთი არ უყურებს ამ ზედაპირულ გამოვლინებებს; იგი მხოლოდ მათ შინაგან არსს ხედავს. ამრიგად, ეს არის ის დამოკიდებულება და განსაზღვრება, რომელიც ღმერთს აქვს ამ ადამიანების მიმართ. ეს ადამიანები ამბობენ: „რატომ აკეთებს ღმერთი ამას? რატომ აკეთებს ღმერთი იმას? ეს არ მესმის; ის არ მესმის; ეს არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს; შენ უნდა ამიხსნა ეს...“ ამის საპასუხოდ მე ვკითხულობ: მართლა აუცილებელია ამ საკითხების შენთვის ახსნა? აქვს თუ არა ამ საკითხებს სინამდვილეში რაიმე კავშირი შენთან? ვინ გგონია შენი თავი? საიდან მოხვედი? მართლა ხარ თუ არა შესაფერისი, რომ ღმერთს მითითებები მისცე? გწამს თუ არა იგი? აღიარებს თუ არა იგი შენს რწმენას? რადგან შენს რწმენას არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან, რა შენი საქმეა მისი საქმენი? არ იცი, რა ადგილი გიკავია ღვთის გულში, მაშ, როგორ გაქვს უფლება, მასთან დიალოგში შეხვიდე?

შეგონების სიტყვები

განა არ გრძნობთ უხერხულობას ამ შენიშვნების მოსმენის შემდეგ? მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ გსურდეთ მათი მოსმენა ან მიღება, ეს ყოველივე ფაქტია. რადგან საქმის ეს ეტაპი ღმერთმა უნდა აღასრულოს, თუ შენ არ გაღელვებს მისი განზრახვები, არ ზრუნავ მის დამოკიდებულებაზე და არ გესმის მისი არსი და ხასიათი, მაშინ, საბოლოო ჯამში შენ დარჩები წაგებული. ნუ დაადანაშაულებთ ჩემს სიტყვებს იმაში, რომ მათი მოსმენა რთულია; ნუ დაადანაშაულებთ მათ თქვენი ენთუზიაზმის ჩაკვლაში. სიმართლეს ვამბობ; ჩემი მიზანი არ არის, გული გაგიტეხოთ. რასაც არ უნდა ვითხოვდე თქვენგან და როგორც არ უნდა მოგეთხოვებოდეთ ამის გაკეთება, ვიმედოვნებ, რომ თქვენ ივლით სწორ გზაზე, მიჰყვებით ღვთის გზას და რომ არასოდეს გადაუხვევთ სწორი გზიდან. თუ არ იმოქმედებთ ღვთის სიტყვის შესაბამისად ან არ მიჰყვებით მის გზას, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ღმერთს აუჯანყდი და სწორ გზას გადაუხვიე. ამრიგად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ზოგიერთი საკითხი განგიმარტოთ, რათა თქვენი რწმენა იყოს სრულიად ნათელი და აშკარა და არა ბუნდოვანი; ასევე, რათა მკაფიოდ გესმოდეთ ღვთის დამოკიდებულება, მისი განზრახვები, თუ როგორ ხდის იგი ადამიანებს სრულყოფილს და როგორ განსაზღვრავს მათ შედეგებს. თუ დადგება დღე, როდესაც ვერ შეძლებთ ამ გზაზე შედგომას, მაშინ მე არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებ, რადგან უკვე გარკვევით გითხარით ძალიან ბევრი სიტყვა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაუმკლავდები შენს საკუთარ შედეგს, ეს საკითხი მთლიანად შენზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ტიპის ადამიანეის შედეგებთან დაკავშირებით ღმერთს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, მას გააჩნია მათი აწონ-დაწონვის საკუთარი გზები და მათ მიმართ მოთხოვნის საკუთარი სტანდარტი. ადამიანთა შედეგების შეფასებისმისი სტანდარტი ყველას მიმართ სამართლიანია — ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ! ამიტომ ზოგიერთის შიში საფუძველმოკლებულია. ახლა დამშვიდდით? დღეისათვის სულ ეს არის. ნახვამდის!

17 ოქტომბერი, 2013 წ.

შემდეგი: უფლის საქმეები, უფლის ხასიათი და თავად უფალი I

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება