ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი — თავი 6
იყავით გამჭრიახნი სულიერი საკითხების მიმართ, ყურადღებით მოეკიდეთ ჩემს სიტყვას და ჭეშმარიტად აღიქვით ჩემი სული და ჩემი ხორციელი არსება, ჩემი სიტყვა და ჩემი ხორციელი არსება ერთ განუყოფელ მთლიანობად, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს ჩემი სიამოვნება ჩემი თანამყოფობისას. ფეხი დავადგი ყოველივეს, გადავხედე სამყაროს უკიდეგანო სივრცეს, ვიარე ყველა ადამიანს შორის და განვიცადე ადამიანთა შორის სიტკბო და სიმწარე — თუმცა ადამიანს არასოდეს შევუცნივარ ჭეშმარიტად, არასოდეს მოუქცევია ჩემთვის ყურადღება, როდესაც აქეთ-იქით დავდიოდი. რადგან ვდუმდი და არასოდეს ჩამიდენია ზებუნებრივი სასწაულები, არავის არასოდეს ვუნახივარ ჭეშმარიტად. დღევანდელი დღე არ ჰგავს წარსულს: მე მოვიმოქმედებ იმას, რაც დასაბამიდან არავის უხილავს, ვიტყვი სიტყვებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში არავის სმენია, რადგან ვითხოვ, რომ ყველა ადამიანმა შემიცნოს განკაცებული. ეს არის ჩემი მართვის ეტაპები, მაგრამ ადამიანს ამის შესახებ ოდნავი წარმოდგენაც კი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვისაუბრე, ადამიანები კვლავ დაბნეულნი რჩებიან; რთულია მათთვის რამის გაგებინება. განა ეს არ არის ადამიანის უბადრუკობა? განა ეს არ არის ზუსტად ის, რისი გამოსწორებაც მსურს? წლების განმავლობაში მე არაფერი მომიმოქმედია ადამიანთან მიმართებით; წლების განმავლობაში, მიუხედავად ჩემს განკაცებულ ხორციელ სხეულთან უშუალოდ შეხებისა, არავის არასოდეს სმენია ჩემი ღვთაებრიობივი ბუნებიდან მომდინარე გამონათქვამები. ამრიგად, ადამიანებს უცილობლად არ ძალუძთ ჩემი შეცნობა, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია მათ ჩემ მიმართ სიყვარულზე საუკუნეთა განმავლობაში. თუმცა დღეს მე აღვასრულე უთვალავი საქმე თქვენზე, საქმე, რომელიც მიუწვდომელი და საკვირველია, და წარმოვთქვი მრავალი სიტყვა. და მაინც, ასეთ ვითარებაში კვლავ მრავლად არიან ისინი, ვინც უშუალოდ მე მიწევენ წინააღმდეგობას. ახლა ნება მიბოძე, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანო.
ყოველდღიურად ლოცვას აღავლენ ბუნდოვანი ღმერთის წინაშე და ცდილობ, ჩასწვდე ჩემს განზრახვებს და შეიგრძნო სიცოცხლე. თუმცა, როდესაც ჩემი სიტყვების წინაშე აღმოჩნდები, მათ სხვაგვარად უყურებ; ჩემს სიტყვებსა და სულს ერთ მთლიანობად მიიჩნევ, მაგრამ უარყოფ ჩემს ხორციელ სახეს, რადგან გჯერა, რომ ჩემს პიროვნებას არ ძალუძს ასეთი სიტყვების წარმოთქმა და რომ ისინი ჩემი სულის მიერ არის მართული. როგორია შენი ცოდნა ასეთი ვითარების შესახებ? გარკვეულწილად გწამს ჩემი სიტყვების, თუმცა სხვადასხვა სიმწვავის წარმოდგენები გაგაჩნია იმ ხორციელი სხულის მიმართ, რომლითაც მე შევიმოსე. ყოველდღე მის შესწავლას უთმობ დროს და ამბობ: „რატომ აკეთებს ის ამას ასე? ნუთუ ეს მართლაც ღვთისგან მოდის? შეუძლებელია! ის დიდად არ განსხვავდება ჩემგან — ისიც ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანია.“ როგორ შეიძლება აიხსნას ასეთი ვითარება?
თქვენ შორის ვის არ ახასიათებს ზემოთქმული? ვის არ გააჩნია ეს ყოველივე? როგორც ჩანს, სწორედ ამას ებღაუჭები პირად საკუთრებასავით და არასოდეს გსურს მათი დათმობა. მით უმეტეს, არ ცდილობ საკუთარი ინიციატივით იშრომო; ამის ნაცვლად, ელოდები, რომ მე თავად გავაკეთებ ამას. სიმართლე რომ ვთქვათ, არცერთი ადამიანი, რომელიც არ ეძიებს, ადვილად ვერ შემიცნობს. ეს არ არის ფუჭი სიტყვები, რომლებსაც მე თქვენ გასწავლით. რადგან შემიძლია სხვა კუთხით კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო შენს საყურადღებოდ.
როდესაც პეტრეს ახსენებენ, ადამიანებს მასზე უამრავი კარგი რამ აქვთ სათქმელი. მათ მაშინვე ახსენდებათ ის სამი შემთხვევა, როდესაც მან უარყო ღმერთი, როგორ გამოსცადა ღმერთი სატანისთვის მსახურების გაწევით, როგორ აცვეს საბოლოოდ ჯვარს თავდაყირა ღვთის გულისთვის და ა.შ. ახლა ყურადღებას გავამახვილებ იმის აღწერაზე, თუ როგორ შემიცნო პეტრემ და როგორი იყო მისი საბოლოო შედეგი. პეტრეს კარგი სულიერი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ მისი ვითარება პავლესას არ ჰგავდა: მისი მშობლები მდევნიდნენ მე, ისინი იყვნენ ბოროტი დემონები, რომლებიც სატანამ შეიპყრო და, შედეგად, მათ პეტრეს ღვთის შესახებ არაფერი ასწავლეს. პეტრე იყო ჭკვიანი, ნიჭიერი და ბავშვობიდანვე მშობლებისგან განებივრებული. თუმცა, ზრდასრულ ასაკში ის მათი მტერი გახდა, რადგან არასოდეს შეუწყვეტავს ჩემი შეცნობის ძიება და შემდგომში ზურგი აქცია მათ. ეს იმიტომ მოხდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, მას სწამდა, რომ ცა, მიწა და ყოველივე ყოვლისშემძლის ხელთაა და რომ ყოველივე დადებითი ღვთისგან მოდის და უშუალოდ მისგან მომდინარეობს სატანის ჩარევის გარეშე. პეტრეს მშობლების ურთიერთსაპირისპირო ბუნებამ განაპირობა ის, რომ მან ჩემი კეთილმოსურნე სიყვარულისა და წყალობის უფრო ღრმა შემეცნება შესძლო, რითაც კიდევ უფრო გაუღვივა ჩემი ძიების სურვილი. ის ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ჩემი სიტყვების ჭამა-სმაზე, არამედ კიდევ უფრო მეტად ჩემი განზრახვების წვდომაზე და მუდმივად ფხიზელ გულს ინარჩუნებდა. შედეგად, ის ყოველთვის ძალიან მგრძნობიარე იყო თავისი სულის მიმართ და, შესაბამისად, ყოველივეს, რასაც აკეთებდა, ჩემს განზრახვებს შეესაბამებოდა. ის, როგორც წესი, ყურადღებას აქცევდა წარსულში დამარცხებული ადამიანებისგან გაკვეთილების გამოტანას, რათა საკუთარი თავი წაეხალისებინა, რადგან ძალიან ეშინოდა, თავადაც არ გაბმულიყო მარცხის მახეში. ასევე ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ რწმენისა და სიყვარულის გათავისებას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ღვთის მოყვარული ადამიანები ავლენდნენ. ამგვარად — არა მხოლოდ უარყოფით ასპექტებში, არამედ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, დადებით ასპექტებში — ის უფრო სწრაფად იზრდებოდა, ისე, რომ ჩემი თანამყოფობისას ყველაზე დიდი ცოდნის მქონე ადამიანი გახდა. ამიტომ რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ მიანდო მან ყოველივე, რაც გააჩნდა, ჩემს ხელებს, როგორ თქვა უარი გადაწყვეტილებების მიღებაზე საკვების, ტანსაცმელის, ძილისა და საცხოვრებელი ადგილის შსახებ და ამის ნაცვლად, ტკბებოდა ჩემი სიმდიდრით, რისი საფუძველიც ყოველგვარ საქმეში ჩემი გულის მოგება იყო. მე მას უამრავი განსაცდელი დავატეხე თავს — და, რა თქმა უნდა, ის სიკვდილის პირას იყო მისული ტანჯვით — მაგრამ ამ ასობით განსაცდელის დროს მას არასოდეს დაუკარგავს ჩემდამი რწმენა და არც იმედი გაცრუებია ჩემთვის. მაშინაც კი, როდესაც ვუთხარი, რომ მივატოვე, ის მაინც არ დანებებულა და არც იმედი გაცრუებია, და განაგრძობდა ჩემს სიყვარულს საქმით წარსული პრაქტიკის პრინციპების შესაბამისად. მე ვუთხარი მას, რომ არ მოვიწონებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარდი, და რომ საბოლოოდ სატანის ხელში ჩავაგდებდი. მაგრამ ასეთი განსაცდელების დროს, რომლებიც მის ხორცს კი არ ეხებოდა, არამედ სიტყვებით იყო გამოხატული, ის მაინც ლოცულობდა ჩემდამი და ამბობდა: „ღმერთო! ცასა და მიწას და ყოველივეს შორის, არის კი ვინმე, რაიმე საგანი ან მოვლენა, რომელიც შენს, ყოვლისშემძლის ხელში არ არის? როდესაც შენ მოწყალე ხარ ჩემ მიმართ, ჩემი გული დიდად ხარობს შენი წყალობით. როდესაც შენ განმსჯი, თუმცა შეიძლება უღირსი ვიყო, უფრო მეტად ვგრძნობ შენი საქმეების სიღრმეს, რადგან შენ სავსე ხარ ხელმწიფებითა და სიბრძნით. თუმცა ჩემი ხორცი გასაჭირს იტანს, ჩემი სული ნუგეშცემულია. როგორ შემიძლია არ განვადიდო შენი სიბრძნე და საქმეები? შენი შეცნობის შემდეგ რომც მოვკვდე, როგორ შემიძლია ეს სიხარულითა და ბედნიერებით არ გავაკეთო? ყოვლისშემძლეო! ნუთუ მართლა არ გსურს, რომ გიხილო? ნუთუ მართლა არ ვარ ღირსი, მივიღო შენი სამსჯავრო? შესაძლოა, ჩემში არის რაღაც, რისი დანახვაც არ გსურს?“ ასეთი განსაცდელების დროს, მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ვერ ახერხებდა ჩემი განზრახვების ზუსტად წვდომას, აშკარა იყო, რომ ის ამაყობდა და პატივად მიიჩნევდა ჩემ მიერ მის გამოყენებას (თუნდაც ეს ჩემი სამსჯავროს მიღებას ნიშნავდა, რათა ადამიანებს ჩემი დიდებულება და რისხვა ეხილათ) და რომ ის არ წუხდა ამ განსაცდელების გამო. ჩემ წინაშე მისი ერთგულებისა და ჩემ მიერ მისი კურთხევის გამო, ის ათასობით წლის განმავლობაში ადამიანისთვის მაგალითი და ეტალონი იყო. განა ეს არ არის ზუსტად ის, რასაც თქვენ უნდა მიბაძოთ? დიდხანს იფიქრეთ და ჩაუღრმავდით იმას, თუ რატომ აღვწერე პეტრე ასე ვრცლად; ეს უნდა იყოს ის პრინციპები, რომლებითაც იმოქმედებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ადამიანი მიცნობს, მე არ ვანთხევ ჩემს რისხვას ადამიანზე, რადგან ადამიანებს მეტისმეტად ბევრი რამ აკლიათ და მათთვის რთულია იმ დონის მიღწევა, რასაც მათგან ვითხოვ. ამრიგად, მე ათასობით წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ლმობიერებას ვიჩენდი ადამიანის მიმართ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩემი ლმობიერების გამო საკუთარ თავს არ დაინდობთ —უნდა შემიცნოთ და მეძიოთ პეტრეს მეშვეობით; პეტრეს ყველა საგმირო საქმიდან თქვენ უნდა მიიღოთ გაცხადებანი, რომლებიც აღემატება ნებისმიერ წინამორბედს და ამგვარად მიაღწიოთ იმ სფეროებს, რომლებსაც ადამიანს აქამდე არასოდეს მიუღწევია. მთელ კოსმოსსა და ციქვეშეთში, ცასა და მიწას და ყოველივეს შორის, დედამიწასა და ზეცაში არსებული ყოველივე მთელ ძალისხმევას იჩენს ჩემი საქმის დასკვნითი ეტაპისთვის. ნუთუ მართლა გსურთ იყოთ მაყურებლები, რომლებსაც სატანის ძალები განაგებენ? სატანა მუდამ აქ არის და შთანთქავს ჩემს შეცნობას ადამიანთა გულებში, აღრჭიალებს კბილებს და კლანჭებს აჩენს თავის უკანასკნელ სასიკვდილო აგონიაში. გსურთ, რომ ამ დროს მისი მზაკვრობის მსხვერპლნი გახდეთ? გსურთ, დაღუპოთ თქვენი ცხოვრება მაშინ, როდესაც ჩემი საქმე საბოლოოდ აღსრულდება? ელოდებით, რომ კიდევ ერთხელ გამოვიჩენ ლმობიერებას? ჩემი შეცნობის ძიება გადამწყვეტია, მაგრამ პრაქტიკაზე ხაზგასმა — აუცილებელი. ჩემი სიტყვები უშუალოდ თქვენ გეცხადებათ და ვიმედოვნებ, რომ შეძლებთ ჩემს მითითებებს მიჰყვეთ და აღარაფერი დაგეგმოთ ან ისურვოთ საკუთარი თავისთვის.