ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი — თავი 8
როდესაც ჩემი გაცხადება მწვერვალს მიაღწევს და როდესაც ჩემი სამსჯავრო დასასრულს მიუახლოვდება, დადგება დრო, როდესაც ჩემი მთელი ხალხი გამოაშკარავდება და სრულქმნილი გახდება. მე დავდივარ სამყაროს ყოველ კუთხეში და მუდმივად ვეძებ მათ, ვინც ჩემი განზრახვების შესაბამისად მოქმედებს და ჩემთვის გამოსადეგია. ვის შეუძლია აღდგეს და ითანამშრომლოს ჩემთან? ადამიანთა სიყვარული ჩემ მიმართ უმნიშვნელოა და მათი რწმენაც საცოდავად მცირეა. ჩემი სიტყვების სიმძიმე ადამიანთა სისუსტეებისკენ რომ არ მიმემართა, ისინი დაიკვეხნიდნენ და გააზვიადებდნენ, მაღალფარდოვნად ისაუბრებდნენ და მჭევრმეტყველურ თეორიებს შეთხზავდნენ, თითქოს ყოვლისმცოდნენი ყოფილიყვნენ და მიწიერ საქმეთა შესახებ ყველაფერი უწყოდნენ. მათგან, ვინც წარსულში ჩემდამი „თავდადებული“ იყო, და მათგან, ვინც დღეს ჩემ წინაშე „მტკიცედ დგას“, ვინ ბედავს კვლავაც ტრაბახით საუბარს? ვინ არ ხარობს ფარულად საკუთარი პერსპექტივებით? როდესაც ადამიანებს უშუალოდ არ ვამხელდი, მათ უკვე აღარ ჰქონდათ დასამალი ადგილი და სირცხვილისგან იტანჯებოდნენ. რამდენად უფრო მეტად მოხდებოდა ეს, სხვაგვარად რომ მესაუბრა? ადამიანებს ვალში ყოფნის კიდევ უფრო დიდი გრძნობა გაუჩნდებოდათ, იფიქრებდნენ, რომ მათი განკურნება შეუძლებელია და ყველა მათგანი მჭიდროდ შეიბოჭებოდა საკუთარი ნეგატიურობით. როდესაც ადამიანები იმედს კარგავენ, ოფიციალურად გაისმის სასუფევლის სალუტი, რაც, როგორც ადამიანები ამბობენ, არის „დრო, როდესაც შვიდგზის გაძლიერებული სული იწყებს მოღვაწეობას“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის დრო, როდესაც დედამიწაზე ოფიციალურად იწყება სასუფევლის ცხოვრება; ეს არის დრო, როდესაც ჩემი ღვთაებრიობა უშუალოდ იწყებს მოქმედებას (ყოველგვარი გონებრივი „გადამუშავების“ გარეშე). ყველა ადამიანი საქმიანად დარბის, თითქოს გაცოცხლდა ან სიზმრიდან გამოფხიზლდა და გაღვიძებისას მოულოდნელად აღმოაჩენს საკუთარ თავს ასეთ ვითარებაში — რაც მას ნამდვილად აოცებს. წარსულში ბევრი ვისაუბრე ეკლესიის შენებაზე; მრავალი საიდუმლო გავაცხადე, მაგრამ როდესაც ამ საქმემ მწვერვალს მიაღწია, იგი მოულოდნელად დასრულდა. თუმცა, სასუფევლის შენება განსხვავებულია. მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიერ სამყაროში ომი დასკვნით ეტაპს აღწევს, ვიწყებ მე ჩემს საქმეს თავიდან დედამიწაზე. ანუ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი უკან დახევის პირასაა, ვიწყებ ოფიციალურად და აღვადგენ ჩემს ახალ საქმეს. განსხვავება სასუფევლის შენებასა და ეკლესიის შენებას შორის ისაა, რომ ეკლესიის შენებისას მე ვმოღვაწეობდი ადამიანობის მეშვეობით, რომელსაც ღვთაებრიობა მართავდა; მე პირდაპირ ვსხლავდი ადამიანთა ძველ ბუნებას, უშუალოდ ვაშიშვლებდი მათ მახინჯ მეს და ვამხელდი მათ სუბსტანციას, რათა ამის საფუძველზე შეეცნოთ საკუთარი თავი და ამგვარად დარწმუნებულიყვნენ თავიანთ გულებსა და სიტყვებში. სასუფევლის შენებისას მე უშუალოდ ჩემი ღვთაებრიობის მეშვეობით ვმოქმედებ და ნებას ვრთავ ყველა ადამიანს, ჩემი სიტყვების ცოდნის საფუძველზე შეიცნოს ის, რაც მე მაქვს და რაც მე ვარ, რაც საბოლოოდ საშუალებას აძლევს მათ, მიაღწიონ ჩემს შემეცნებას ხორცში. ამგვარად სრულდება მთელი კაცობრიობის სწრაფვა ბუნდოვანი ღმერთისკენ და ამგვარად წყვეტენ ისინი თავიანთ გულებში ადგილის დათმობას „ზეციერი ღმერთისთვის“; ანუ, მე ისე მოვაწყობ, რომ კაცობრიობამ შეიცნოს ის საქმენი, რომლებსაც განკაცებული აღვასრულებ და ამგვარად, დავასრულებ იმ ეპოქას, რომელშიც დედამიწაზე ვიმყოფები.
სასუფევლის შენება უშუალოდ სულიერი სამყაროსკენაა მიმართული. ანუ, სულიერი სამყაროს საბრძოლო მდგომარეობა უშუალოდ მჟღავნდება ჩემს მთელ ხალხს შორის და ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ კიდევ უფრო მეტად სასუფევლის ეპოქაში, ყოველი ადამიანი მუდმივ ომშია. მართალია, ისინი ფიზიკურ სხეულებში არსებობენ, სულიერი სამყარო პირდაპირ ვლინდება და ისინი შეხებაში მოდიან სულიერი სამყაროს ცხოვრებასთან. ამგვარად, როდესაც იწყებთ ჩემდამი თავდადებას, სათანადოდ უნდა მოემზადოთ ჩემი საქმის შემდეგი ნაწილისთვის. თქვენ მთელი გული უნდა გადმომცეთ; მხოლოდ მაშინ შეძლებთ ჩემი გულის დაკმაყოფილებას. მე სულაც არ მადარდებს, რა ხდებოდა მანამდე ეკლესიაში; დღეს ეს სასუფეველში ხდება. ჩემს გეგმაში სატანა ყოველთვის უთვალთვალებდა თითოეულ ნაბიჯს და, როგორც ჩემი სიბრძნის საპირისპირო ფონი, მუდამ ცდილობდა გზებისა და საშუალებების პოვნას ჩემი თავდაპირველი გეგმის ჩასაშლელად. მაგრამ განა შემეძლო დავნებებოდი მის მაქინაციებს? არის კი ზეცაში ან დედამიწაზე რაიმე, რაც არ მოქმედებს, როგორც ჩემი მსახურების ობიექტი? განა სატანის მაქინაციები შეიძლება გამონაკლისი იყოს? სწორედ აქ იკვეთება ჩემი სიბრძნე; სწორედ ეს არის საოცარი ჩემს საქმეებში და ეს არის ჩემი მართვის მთელი გეგმის მოქმედების პრინციპი. სასუფევლის შენების ეპოქაში მე კვლავაც არ გავურბივარ სატანის მაქინაციებს, არამედ ვაგრძელებ იმ საქმის კეთებას, რაც უნდა შევასრულო. სამყაროსა და ყოველივეს შორის მე ავირჩიე სატანის საქმენი ჩემს საპირისპირო ფონად. განა ეს ჩემი სიბრძნის გამოვლინება არ არის? განა სწორედ ეს არ არის საოცარი ჩემს საქმეში? სასუფევლის ეპოქაში შესვლის ჟამს ყოველივე ზეცაში და ცისქვეშეთში სრულიად გარდაიქმნება და ისინი ხარობენ და ზეიმობენ. განა თქვენ განსხვავებულნი ხართ? ვის გულში არ არის თაფლის სიტკბოება? ვისი გული არ ფეთქავს სიხარულით? ვისი ხელები და ფეხები არ ცეკვავს აღტაცებით? ვისი ბაგე არ წარმოთქვამს ქების სიტყვებს?
გესმით თუ არა იმ ყველაფრის მიზნები და წარმოშობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ვიმსჯელე? ეს რომ არ მეკითხა, ადამიანთა უმეტესობა იფიქრებდა, რომ მე უბრალოდ ყველაფერზე ვსაუბრობ მზის ქვეშ და ვერ შეძლებდა ჩემი სიტყვების წყაროს ამოცნობას. თუ მათ გულდასმით აწონ-დაწონით, თქვენ მიხვდებით მათ მნიშვნელობას. ურიგო არ იქნებოდა, ყურადღებით წაგეკითხა ისინი: ჩემი რომელი სიტყვა არ არის შენთვის სასარგებლო? რომელი არ არის გამიზნული შენი სიცოცხლის გასაზრდელად? რომელი არ საუბრობს სულიერი სამყაროს რეალობაზე? ადამიანთა უმეტესობას სჯერა, რომ ჩემს სიტყვებს არც აზრი აქვს და არც ლოგიკა, რომ მათ აკლია განმარტება და ინტერპრეტაცია. ნუთუ ჩემი სიტყვები მართლაც ასეთი აბსტრაქტული და შეუცნობელია? გულწრფელად ემორჩილებით თუ არა ჩემს სიტყვებს? გულწრფელად იღებთ თუ არა ჩემს სიტყვებს? ნუთუ სათამაშოებივით არ ეპყრობით მათ? ნუთუ არ იყენებ მათ, როგორც სამოსს, შენი მახინჯი იერსახის დასაფარად? ამ ვრცელ სამყაროში, ვინ მიიღო პირადად ჩემი შემოწმება? ვინ მოისმინა პირადად ჩემი სულის სიტყვები? ამდენი ადამიანი ხელებს აფათურებს და ეძიებს სიბნელეში; ამდენი ლოცულობს გასაჭირში; ამდენი, მშიერი და მცივანი, ეძიებს საყრდენს; და ამდენია შებოჭილი სატანის მიერ; თუმცა ამდენმა არ იცის, საით გაეშუროს, ამდენი მღალატობს თავისი ბედნიერების ჟამს, ამდენია უმადური, და ამდენია თავდადებული სატანის მზაკვრობებისადმი. თქვენ შორის ვინ არის იობი? ვინ არის პეტრე? რატომ ვახსენე მრავალგზის იობი? რატომ მოვიხსენიე პეტრე ამდენჯერ? ოდესმე ჩასწვდომიხართ, რა იმედები მაქვს თქვენ მიმართ? მეტი დრო უნდა დაუთმოთ ასეთ რამეებზე ფიქრს.
პეტრე მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემდამი თავდადებული, თუმცა არასოდეს დაუწუწუნია და არც საყვედური ჰქონია გულში; იობიც კი არ იყო მისი ბადალი და საუკუნეების განმავლობაში წმინდანები ყოველთვის ბევრად ჩამოუვარდებოდნენ პეტრეს. იგი არა მხოლოდ ეძიებდა ჩემს შეცნობას, არამედ შემიცნო კიდეც მაშინ, როდესაც სატანა თავის მაქინაციებს ახორციელებდა. და ამგვარად, პეტრეს მრავალწლიანი მსახურება ჩემდამი ჩემი განზრახვების შესაბამისი იყო და ამ მიზეზით, იგი არასოდეს გამოუყენებია სატანას. პეტრემ ისწავლა იობის რწმენისგან, თუმცა ასევე ნათლად დაინახა იობის ნაკლოვანებები. მიუხედავად იმისა, რომ იობი დიდი რწმენის მქონე იყო, მას აკლდა ცოდნა სულიერი სამყაროს საკითხების შესახებ, ამიტომ მან მრავალი ისეთი სიტყვა თქვა, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას; ეს აჩვენებს, რომ იობის ცოდნა ზედაპირული დარჩა და სრულყოფილებას მოკლებული იყო. ამიტომ, პეტრე ყოველთვის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ჩასწვდომოდა გრძნობებს თავის სულში და ყოველთვის ყურადღებას აქცევდა სულიერი სამყაროს დინამიკაზე „დაკვირვებას“. შედეგად, მან არა მხოლოდ შეძლო ჩემი განზრახვების მცირედი შეცნობა, არამედ სატანის მაქინაციების შესახებაც ჰქონდა გარკვეული ცოდნა. ამის გამო მას ყველაზე დიდი ცოდნა ჰქონდა ჩემ შესახებ საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებთა შორის.
პეტრეს გამოცდილებიდან რთული არ არის იმის დანახვა, რომ თუ ადამიანებს სურთ ჩემი შეცნობა, მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ყურადღებით შეეცადონ სულში არსებულის აღქმას, ვიდრე გარეგნულად რაიმეს ჩემთვის „მიძღვნას“; ეს მეორეხარისხოვანია. თუ შენ არ მიცნობ მე, მაშინ მთელი რწმენა, სიყვარული და ერთგულება, რაზეც საუბრობ, მხოლოდ ილუზია და ქაფია, და შენ აუცილებლად გახდები ის, ვინც ჩემ წინაშე ტრაბახობს, მაგრამ არ იცნობს საკუთარ თავს. ამგვარად, შენ კვლავ გაებმები სატანის მახეში და ვეღარ შეძლებ თავის დაღწევას; შენ გახდები წარწყმედის ძე და განადგურების ობიექტი. თუმცა, თუ ჩემს სიტყვებს გულგრილად ეპყრობი, მაშინ შენ უდავოდ მეწინააღმდეგები. ეს ფაქტია. ურიგო არ იქნებოდა, სულიერი სამყაროს კარიბჭიდან შეგეხედა იმ მრავალი და სხვადასხვაგვარი სულისთვის, რომლებიც ჩემ მიერ იქნენ გაკიცხულნი — რომელ მათგანს არ დაემართა ეს იმის გამო, რომ ჩემს სიტყვებს ნეგატიურობითა და გულგრილობით ეპყრობოდნენ და არ იღებდნენ მათ? რომელი მათგანი არ იყო ცინიკურად განწყობილი ჩემი სიტყვების მიმართ? რომელმა მათგანმა არ გამოიყენა ჩემი სიტყვები როგორც „თავდაცვითი იარაღი“, რომლითაც საკუთარ თავს „იცავდნენ“? ისინი არ ესწრაფვოდნენ ჩემს შეცნობას ჩემი სიტყვების მეშვეობით, არამედ მხოლოდ იყენებდნენ მათ და ეთამაშებოდნენ, თითქოს სათამაშო ყოფილიყო. ამით, განა ისინი უშუალოდ არ მეწინააღმდეგებოდნენ? ვინ არის ჩემი სიტყვები? ვინ არის ჩემი სული? მე მრავალგზის დაგისვით ასეთი კითხვები, თუმცა ოდესმე თუ მიგიღიათ მათ შესახებ უფრო მაღალი და ნათელი ხედვა? ოდესმე ჭეშმარიტად გამოგიცდიათ ისინი? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თუ არ იცნობთ ჩემს სიტყვებს, არ იღებთ მათ და არ ახორციელებთ მათ პრაქტიკაში, მაშინ თქვენ აუცილებლად გახდებით ჩემი გაკიცხვის ობიექტები! თქვენ აუცილებლად გახდებით სატანის მსხვერპლნი!
1992 წლის 29 თებერვალი