ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი — თავი 5
ჩემი სულის გამონათქვამი მთელი ჩემი ხასიათის გამოხატულებაა. გასაგებია ეს თქვენთვის? ამ საკითხში გაურკვევლობა პირდაპირ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევის ტოლფასი იქნებოდა. ჭეშმარიტად ჩასწვდით ამის მნიშვნელობას? მართლაც იცით, რამდენი ძალისხმევა და ენერგია დამიხარჯავს თქვენზე? ნუთუ მართლაც ბედავთ, რომ ჩემ წინაშე გამოააშკარაოთ ის, რაც ჩაიდინეთ და როგორც იქცეოდით? თქვენ კი ჩემი ხალხი უნდა ყოფილიყავით ჩემ წინაშე — სირცხვილი არ გაქვთ, მით უმეტეს, რაიმე საღი აზრი! ადრე თუ გვიან, თქვენნაირი ადამიანები განიდევნებიან ჩემი სახლიდან! ნუ ცდილობ უპირატესობის ჩვენებას იმ იმედით, რომ ჩემდამი დამოწმებაში მტკიცედ იდექი! არის ეს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია? შენი განზრახვებიდან და მიზნებიდან რამე რომ არ შემორჩენილიყო, დიდი ხნის წინ სხვა გზას დაადგებოდი. ფიქრობ, რომ არ ვიცი, რამდენს იტევს ადამიანის გული? ამიერიდან ყველაფერში საქმით უნდა ჩაერთო; ცარიელი ლაპარაკი, როგორც ამას წარსულში აკეთებდი, აღარ გაგივა. წარსულში ადამიანთა უმრავლესობა ჩემ ჭერქვეშ ჩემ ხარჯზე ცხოვრობდა; ფაქტი, რომ ისინი დღეს მტკიცედ დგომას ახერხებენ, მთლიანად ჩემი სიტყვების სიმკაცრითაა გამოწვეული. ფიქრობ, რომ შემთხვევითი და უმიზნოა ჩემი საუბარი? გამორიცხულია! მე ყოველივეს ზემოდან გადმოვყურებ და ზემოდან მაქვს მეუფება ყოველივეზე. ზუსტად ასევე განვახორციელე დედამიწაზე ჩემი ხსნა. არ არსებობს წუთი, როდესაც ჩემი სამალავიდან არ ვადევნებ თვალს ადამიანების ყოველ ნაბიჯს და ყველაფერს, რასაც ამბობენ და აკეთებენ. ადამიანები ჩემთვის გადაშლილი წიგნები არიან: ვხედავ და ვიცნობ თითოეულ მათგანს. საიდუმლო ალაგი ჩემი სამკვიდრებელია, ხოლო მთელი ცის კამარა — ჩემი სარეცელი. სატანის ძალები ვერ მომწვდებიან, რადგან სავსე ვარ დიდებულებით, სამართლიანობითა და სამსჯავროთი. ჩემს სიტყვებში გამოუთქმელი საიდუმლო იმალება. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, თქვენ იმ ფრინველებს ემსგავსებით, ახლახან წყალში რომ ჩაყარეს და დაბნეულები არიან, ან ბავშვებს, რომლებიც შეშინდნენ და თითქოს არაფერი იციან, რადგან თქვენი სული დაჩლუნგებულია. რატომ ვამბობ, რომ საიდუმლო ალაგი ჩემი სამკვიდრებელია? იცით ჩემი სიტყვების უფრო ღრმა მნიშვნელობა? ადამიანთაგან ვინ შეძლებს ჩემს შეცნობას? ვის შეუძლია ისე შემიმეცნოს, როგორც საკუთარი მამა და დედა? ჩემს სავანეში განსვენებული, ყურადღებით ვაკვირდები: დედამიწაზე ყველა ფუსფუსებს, „მთელ მსოფლიოს მოივლის“ და აქეთ-იქით დაეხეტება — და ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი ბედისა და მომავლისთვის. თუმცა, არცერთი მათგანი არ იმეტებს თუნდაც მცირე თავისუფალ ენერგიას ჩემი სამეფოს ასაშენებლად, იმდენსაც კი არა, ამოსუნთქვას რომ სჭირდება. მე შევქმენი ადამიანები და მრავალჯერ გადავარჩინე გასაჭირს; თუმცა, ეს ადამიანები ყველანი უმადურნი არიან: მათ შორის არცერთს არ შეუძლია ჩემი მაცხოვნებელი მადლის ბოლომდე გადმოცემა. რამდენი წელი — რამდენი საუკუნე გავიდა — სამყაროს შექმნიდან დღემდე; რამდენი სასწაული მოვახდინე და ნიშანი და სიბრძნე გამოვავლინე. მიუხედავად ამისა, ადამიანები გონებადახშულები და დაჩლუნგებულნი არიან, სულიერად ავადმყოფებივით, ზოგჯერ კი ტყეში უაზროდ მოხეტიალე ველურმხეცებს ჰგვანან, რომლებსაც არანაირი განზრახვა არ აქვთ, ყურადღება მიაქციონ ჩემს საქმეებს. მრავალჯერ გამოვუტანე ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი და სიკვდილი მივუსაჯე, მაგრამ ჩემი მართვის გეგმას ვერავინ შეცვლის. და ამიტომ ჩემს ხელში ადამიანები კვლავაც ავლენენ ძველ რაღაცებს, რომლებსაც ეჭიდებიან. ჩემი საქმის ეტაპების გამო კიდევ ერთხელ გადაგარჩინეთ თქვენ — ქმნილებები, რომლებიც დაიბადეთ დიდ ოჯახში, რომელიც გადაგვარებული, გახრწნილი, შებილწული და მდაბიოა.
ჩემი გეგმა და საქმე წამითაც არ ჩერდება და წინ მიიწევს. მას შემდეგ, რაც სასუფევლის ეპოქაში გადავედით და ჩემი ხალხის სახით ჩემს სამეფოში შემოგიყვანეთ, თქვენ მიმართ სხვა მოთხოვნები მექნება; ანუ, მე ამ დროისთვის თქვენთვის ჩემი კონსტიტუციის გამოცხადებას დავიწყებ:
რადგან ჩემი ხალხი გქვიათ, უნდა შეგეძლოთ ჩემი სახელის განდიდება; ანუ, განსაცდელების ჟამს მტკიცედ უნდა იდგეთ თქვენს მოწმობაში. თუკი ვინმე შეეცდება ჩემს მოტყუებას და ჩემგან რამის დამალვას ან ზურგს უკან სასირცხვილო საქმეებში ჩაბმას, ასეთი ადამიანები გამონაკლისის გარეშე განიდევნებიან და მოშორდებიან ჩემი სახლიდან, რომ ელოდონ, კვლავ როდის მივხედავ. ხოლო ისინი, ვინც წარსულში ჩემ მიმართ არასაიმედონი და ურჩები იყვნენ და ახლა ღიად დგანან ჩემს განსასჯელად — ასეთებიც განიდევნებიან ჩემი სახლიდან. ვინც ჩემი ხალხია, მუდმივად უნდა ითვალისწინებდნენ ჩემს ტვირთს და, ასევე, ცდილობდნენ ჩემი სიტყვების შეცნობას. მხოლოდ ასეთ ხალხს მოვფენ ნათელს და ისინი აუცილებლად იცხოვრებენ ჩემი გაძღოლითა და გაბრწყინებით, და არასდროს მიიღებენ გაკიცხვას. ისინი, ვინც არ ითვალისწინებენ ჩემს ტვირთს და, ამის ნაცვლად, საკუთარი მომავლის დაგეგმვაზე კონცენტრირდებიან — ანუ ისინი, ვინც თავიანთი ქმედებებით მიზნად არ ისახავენ ჩემი გულის დაკმაყოფილებას, არამედ ქველმოქმედებას ეძიებენ — აბსოლუტურად უარს ვიტყვი ამ მათხოვრების მსგავსი არსებების გამოყენებაზე, რადგან მათი დაბადების დღიდან, არაფერი იციან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ჩემი ტვირთის გათვალისწინება, და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც განიცდიან ნორმალური გონიერების ნაკლებობას. ასეთი ადამიანები იტანჯებიან ტვინის „არასაკმარისი კვებით“ და სახლში უნდა წავიდნენ ცოტა „საკვების“ მისაღებად. მე ასეთი ადამიანები არ მჭირდება. ჩემს ხალხში ყველას მოეთხოვება, რომ ჩემი შეცნობა მიიჩნიოს სავალდებულო მოვალეობად, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჭამის, ჩაცმისა და ძილის მსგავსად უნდა შეხედოს, როგორც ისეთ რამეს, რაც წამითაც არ ავიწყდება, რათა ბოლოს ჩემი შეცნობა ისეთივე ჩვეული გახდეს, როგორც ჭამა — რასაც ძალისხმევის გარეშე, გაწაფული აკეთებ. რაც შეეხება ჩემს ნათქვამ სიტყვებს, თითოეულ მათგანს მტკიცედ უნდა უჯერებდნენ და ბოლომდე ითვისებდნენ; აქ არ შეიძლება ზედაპირული და არასრული ზომების მიღება. ვინც ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს, ჩაითვლება, რომ პირდაპირ მეწინააღმდეგება; ვინც ჩემს სიტყვებს არ ჭამს ან არ ცდილობს მათ შეცნობას, ჩემთვის უყურადღებოდ მიიჩნევა და დაუყოვნებლივ მოცილდება ჩემი სახლიდან. ეს იმიტომ, რომ, როგორც ადრე ვთქვი, მე არ მჭირდება დიდი რაოდენობით ხალხი, არამედ მჭირდება სრულყოფილება. ასი ადამიანიდან მხოლოდ ერთი თუ შეძლებს ჩემი სიტყვების მეშვეობით ჩემს შეცნობას, მაშინ მირჩევნია, ყველა დანარჩენი მოვკვეთო, რომ ყურადღება ამ ერთადერთის გაბრწყინებასა და განათებაზე გადავიტანო. აქედან ხედავთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, მხოლოდ დიდი რაოდენობით ხალხმა წარმომაჩინოს და ცხოვრებაში გამომავლინოს. მე ხორბალი მინდა (თუნდაც მარცვლები სავსე არ იყოს) და არა სარეველა (მაშინაც კი, როცა მარცვლები საკმაოდ სავსეა იმისთვის, რომ აღფრთოვანება გამოიწვიოს). რაც შეეხება მათ, ვინც ყურადღებას არ აქცევს საკუთარ სწრაფვას, არამედ ზარმაცდება, ისინი საკუთარი ნებით უნდა წავიდნენ; აღარ მსურს მათი ხილვა, რათა კვლავ არ შელახონ ჩემი სახელი. ხოლო, რასაც ჩემი ხალხისგან მოვითხოვ, ამჯერად ამ მცნებებზე შევჩერდები და დაველოდები, რათა შემდგომი სანქციები გავატარო იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება ვითარება.
წარსულში ადამიანთა უმრავლესობამ იფიქრა, რომ მე თავად სიბრძნის ღმერთი ვიყავი, რომ ვიყავი ზუსტად ის ღმერთი, რომელიც აკვირდებოდა ადამიანთა გულის სიღრმეებს; თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო. თუკი ადამიანები ჭეშმარიტად შემიცნობდნენ, არ გაბედავდნენ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას, არამედ განაგრძობდნენ ჩემს შეცნობას ჩემი სიტყვების მეშვეობით. მხოლოდ მაშინ, როდესაც მიაღწევდნენ იმ ეტაპს, როდესაც რეალურად დაინახავდნენ ჩემს საქმეებს, დაიმსახურებდნენ, რომ ჩემთვის ბრძენი ან საკვირველი ეწოდებინათ. თქვენი ცოდნა ჩემ შესახებ ზედმეტად ზედაპირულია. საუკუნეების განმავლობაში, მრავალი წელიწადი ბევრი ადამიანი მემსახურებოდა და ხედავდა ჩემს საქმეებს, და ისინი გულწრფელად იძენდნენ საკმაოდ დიდ ცოდნას ჩემ შესახებ. სწორედ ამიტომ ჰქონდათ მათ მუდამ მორჩილი გული ჩემ მიმართ და ჩემთვის მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი ვერ ბედავდნენ, რადგან ჩემი ნაბიჯების მიგნება ასე ძნელია. ჩემი გაძღოლა რომ არ ჰქონოდათ ამ ადამიანებს, ასე დაუფიქრებლად მოქმედებას ვერ გაბედავდნენ. ამიტომ მრავალწლიანი გამოცდილების გავლის შემდეგ მათ საბოლოოდ განაზოგადეს ჩემ შესახებ ცოდნის გარკვეული ნაწილი და ამბობდნენ, რომ მე ვარ ბრძენი, საოცარი და მრჩეველი, რომ ჩემი სიტყვები ორპირი მახვილივითაა, რომ ჩემი საქმეები დიდია, გამაოგნებელი და საკვირველი, რომ დიდებით ვარ შემოსილი და რომ ჩემი სიბრძნე ცის კამარაზე მაღლა წვდება — სხვა ამგვარ დასკვნებთან ერთად. თუმცა დღეს ჩემ შესახებ თქვენი ცოდნა მხოლოდ იმ საფუძველს ეყრდნობა, რომელიც მათ ჩაყარეს, ამიტომ თქვენი დიდი უმრავლესობა უბრალოდ თუთიყუშივით იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც მათ თქვეს. მხოლოდ იმიტომ, რომ გავითვალისწინე, რამდენად ზედაპირულია ის გზა, რომლითაც მიცნობთ, და რამდენად უვარგისია თქვენი „განათლება“, პატივი გეცით და აგაცილეთ ამდენი გაკიცხვა. მიუხედავად ამისა, თქვენი დიდი უმრავლესობა მაინც ვერ იცნობს საკუთარ თავს; ან გგონიათ, რომ საკუთარ საქმეებში უკვე შეასრულეთ ჩემი განზრახვები და ამის გამო თავიდან აირიდეთ გაკიცხვა; ან გგონიათ, რომ ხორცშესხმის შემდეგ სრულიად დავკარგე კაცობრიობის საქმეების თვალყურის დევნების უნარი და ამის გამოც გადაურჩით გაკიცხვას; ან გგონიათ, რომ „ღმერთი“, რომელიც გწამთ, არ არსებობს ვრცლად სამყაროში და ამგვარად, ღვთის შეცნობა თავისუფალ დროს შესასრულებელ უმნიშვნელო საქმედ აქციეთ და არა გულში ჩასაწერ სავალდებულო მოვალეობად, ხოლო რწმენას იმ დროის მოსაკლავად იყენებთ, რომელიც სხვაგვარად უსაქმურობაში გაიფლანგებოდა. თუ არ გავითვალისწინებდი თქვენი კვალიფიკაციის, გონიერებისა და გამჭრიახობის ნაკლებობას, მაშინ ყველა თქვენგანი ჩემი გაკიცხვის დროს წარიწყმიდებოდა და აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. მიუხედავად ამისა, სანამ დედამიწაზე ჩემი საქმე არ დასრულდება, კაცობრიობის მიმართ შემწყნარებელი ვიქნები. ეს ყველამ უნდა იცოდეთ — ნუ განაგრძობთ თქვენთვის ნაჩვენები სიკეთის დაუფასებლობას.
1992 წლის 25 თებერვალი