თავი 27
ადამიანის საქციელს არასოდეს აუჩუყებია ჩემი გული და არც არასოდეს მომჩვენებია ძვირფასად. ადამიანის თვალში ყოველთვის მკაცრი ვარ მის მიმართ და ყოველთვის ვიყენებ ძალაუფლებას მასზე. ადამიანის ყველა ქმედებაში თითქმის არაფერია ისეთი, რაც კეთდება ჩემი გულისთვის, თითქმის არაფერია ისეთი, რაც მყარად დგას ჩემს თვალში. საბოლოოდ, ადამიანის ყოველივე უხმოდ ინგრევა ჩემ წინაშე და მხოლოდ ამის შემდგომ ვააშკარავებ ჩემს ქმედებებს, რათა ყველამ საკუთარი მარცხის ფასად შემიცნოს. ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება. ის, რაც მათ გულებშია, არ შეესაბამება ჩემს განზრახვებს — ეს არ არის ის, რაც მე მჭირდება. ყველაზე მეტად, რაც მძაგს, ადამიანის სიჯიუტე და ცოდვაში დაბრუნებაა, მაგრამ უცნობია, რა ძალა აიძულებს კაცობრიობას, კვლავინდებურად ვერ შემიცნოს, ყოველთვის დისტანცია დაიცვას ჩემთან და არასოდეს იმოქმედოს ჩემი განზრახვების შესაბამისად ჩემ წინაშე, არამედ წინააღმდეგობა გამიწიოს ზურგს უკან. ეს არის მათი ერთგულება? ეს არის მათი სიყვარული ჩემ მიმართ? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მოინანიონ და განახლდნენ? რატომ სურთ მათ სამუდამოდ ჭაობში ცხოვრება და არა მშრალ ადგილას? ნუთუ ცუდად ვეპყრობოდი მათ? ნუთუ არასწორი მიმართულება ვუჩვენე? ნუთუ ჯოჯოხეთისკენ მიმყავს? ყველა მზადაა „ჯოჯოხეთში“ ცხოვრებისთვის. როდესაც სინათლე მოდის, მათი თვალები მყისიერად ბრმავდება, რადგან ყოველივე მათში ჯოჯოხეთიდან მოდის. თუმცა ადამიანებმა არ იციან ამის შესახებ და უბრალოდ ტკბებიან ამ „ჯოჯოხეთური კურთხევებით“ და მათ გულში იკრავენ, როგორც განძს, რადგან აფორიაქებთ იმის გაფიქრება, რომ ამ განძს წავართმევ და „არსებობის საფუძვლის“ გარეშე დავტოვებ. ადამიანებს ყველას ეშინიათ ჩემი, რის გამოც, როდესაც დედამიწაზე მოვდივარ, ისინი ჩემგან შორს იჭერენ თავს და არ სურთ ჩემთან მოახლოება, რადგან არ სურთ, „უსიამოვნებები დაატყდეთ თავს“, არამედ სურთ, შეინარჩუნონ ჰარმონია ოჯახში, რათა დატკბნენ „მიწიერი ბედნიერებით“. მაგრამ მე არ შემიძლია კაცობრიობის სურვილებს აღსრულების ნება დავრთო, რადგან ადამიანის ოჯახის დანგრევა სწორედ ის არის, რისთვისაც აქ ვარ. ჩემი მოსვლის მომენტიდან მშვიდობა გაქრა მათი სახლებიდან. განზრახული მაქვს თითოეული ერი ნამსხვრევებად ვაქციო, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის ოჯახზე. ვის შეუძლია ჩემს ხელებს დაუსხლტეს? განა მათ, ვინც კურთხევას იღებს, შეუძლიათ თავი დააღწიონ ამას მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არ სურთ? ან განა შეძლებენ გაკიცხვის ქვეშ მყოფნი ჩემი თანაგრძნობის მოპოვებას საკუთარი შიშის გამო? ჩემს ყოველ სიტყვაში ადამიანებმა დაინახეს ჩემი განზრახვები და საქმეები, მაგრამ ვის შეუძლია ოდესმე თავი დააღწიოს საკუთარი აზრების ხაფანგს? ვის შეუძლია ოდესმე იპოვოს გამოსავალი ჩემი სიტყვების სიღრმეში თუ მათ მიღმა?
ადამიანმა განიცადა ჩემი სითბო, გულწრფელად მემსახურა და ჭეშმარიტად დამემორჩილა, აკეთებდა ყველაფერს ჩემთვის, ჩემსავე თანდასწრებით. თუმცა ეს მიუღწეველია დღევანდელი ადამიანებისთვის; ისინი სხვას არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ სულით ტირიან, თითქოს მშიერმა მგელმა გაიტაცაო, და შეუძლიათ მხოლოდ სევდიანი უმწეობით მიყურონ, დაუსრულებლად შემომტირონ. თუმცა ისინი ვერასოდეს ახერხებენ თავი დააღწიონ გასაჭირს. მახსენდება, თუ როგორ დებდნენ ადამიანები წარსულში აღთქმას ჩემ წინაშე და საზეიმო ფიცს მაძლევდნენ, რომ ჩემს სიკეთეს სიყვარულით უპასუხებდნენ. ისინი მწარედ ტიროდნენ ჩემ წინაშე და მათი გოდების ხმა გულს მიკლავდა, მძიმე ასატანი იყო. მათი გადაწყვეტილების გამო, ხშირად ვუწვდიდი დახმარების ხელს ადამიანებს. უამრავჯერ მოსულან ადამიანები ჩემ წინაშე დასამორჩილებლად და მათი საყვარელი გამოხედვის დავიწყება რთული იყო. უამრავჯერ შევყვარებივარ მათ ურყევი ერთგულებით, ხოლო მათი გულწრფელობა აღფრთოვანებას იწვევდა. უამრავჯერ შევყვარებივარ მათ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, ვუყვარდი საკუთარ თავზე მეტად — და ვხედავდი რა მათ გულწრფელობას, ვიღებდი მათ სიყვარულს. უთვალავჯერ მოუძღვნიათ თავი ჩემთვის, ჩემ გამო სიკვდილსაც კი უშიშრად ხვდებოდნენ, მე კი შუბლიდან ნაღველს ვუქარწყლებდი და გულდასმით ვაკვირდებოდი მათ გამომეტყველებას. უთვალავჯერ შემყვარებიან ისინი ძვირფასი განძივით და უთვალავჯერ მომძულებიან, როგორც საკუთარი მტერი. მიუხედავად ამისა, ის, რაც ჩემს გონებაშია, ადამიანისთვის მიუწვდომელი რჩება. როდესაც ადამიანები სევდიანდებიან, მათ სანუგეშებლად მივდივარ. როდესაც ისინი სუსტად არიან, მათ მხარდასაჭერად მივდივარ. როდესაც გზა ებნევათ, მივუძღვები. როდესაც მწარედ ტირიან, ცრემლებს ვწმენდ. მაგრამ როდესაც მე ვარ სევდიანი, ვის შეუძლია მანუგეშოს მთელი გულით? როდესაც სადარდებელი მკლავს, ვინ არის თანაგრძნობით განმსჭვალული ჩემი გულის მიმართ? როდესაც მწუხარება მიპყრობს, ვის შეუძლია განკურნოს იარები ჩემს გულში? როდესაც ვინმე მჭირდება, ვის შეუძლია საკუთარი ნებით აღსდგეს და ითანამშრომლოს ჩემთან? ნუთუ ადამიანების წარსული დამოკიდებულება ჩემ მიმართ ახლა დაკარგულია და აღარასოდეს დაბრუნდება? რატომ არის, რომ არაფერი რჩება მისგან მათ მეხსიერებაში? როგორ მოხდა, რომ ადამიანებმა დაივიწყეს ყოველივე ეს? განა ეს ყველაფერი კაცობრიობის მტრის მიერ მათი გახრწნის გამო არ არის?
როდესაც ანგელოზები მუსიკას უკრავენ ჩემს სადიდებლად, ეს უცილობლად აღძრავს ჩემს თანაგრძნობას ადამიანის მიმართ. ჩემი გული მყისიერად ივსება მწუხარებით და შეუძლებელია ამ მტკივნეული ემოციისგან თავის დაღწევა. მე განვიცდი მწუხარებას, სიხარულს, განშორებასა და შეხვედრებს ადამიანთან და ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის გრძნობების გაზიარება. ზეცაში და დედამიწაზე დაშორებულებს, მე და ადამიანს იშვიათად გვეძლევა შეხვედრის შესაძლებლობა. ვის შეუძლია თავი დააღწიოს წარსული გრძნობების ნოსტალგიას? ვის შეუძლია შეწყვიტოს წარსულის გახსენება? ვის არ ექნებოდა წარსულის გრძნობების გაგრძელების იმედი? ვინ არ ინატრებდა ჩემს დაბრუნებას? ვის არ სწყურია ჩემი კვლავ შეხვედრა ადამიანთან? ჩემი გული უაღრესად დამწუხრებულია, ადამიანის სული კი — ძლიერ შეშფოთებული. თუმცა სულით მსგავსნი ვართ, ხშირად ერთად ყოფნას ვერ ვახერხებთ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ამიტომ მთელი კაცობრიობის სიცოცხლე სავსეა მწუხარებით და მოკლებულია სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ადამიანი ყოველთვის ემოციურად იყო ჩემზე მოჯაჭვული. თითქოს ადამიანები ზეციური არსებები იყვნენ, მოკვდავთა სამყაროში ჩამოგდებულნი; ისინი გაჰყვირიან ჩემს სახელს დედამიწაზე, მიწიდან ჩემკენ აპყრობენ მზერას — მაგრამ როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ მტაცებელი მგლის ხახას? როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ მის მუქარებსა და ცდუნებებს? როგორ შეიძლება ადამიანებმა არ გაწირონ თავი ჩემი გეგმის განაწესისადმი მორჩილების გამო? როდესაც ისინი ხმამაღლა მევედრებიან, თვალს ვარიდებ, რადგან აღარ ძალმიძს ყურება; მაგრამ როგორ შეიძლება არ მესმოდეს მათი მწუხარებით სავსე ცრემლიანი გოდება? მე გამოვასწორებ უსამართლობას ადამიანთა სამყაროში. ჩემივე ხელით შევასრულებ ჩემს საქმეს მთელ დედამიწაზე, ავუკრძალავ სატანას ჩემი ხალხის კვლავ სასტიკად დაზიანებას, ავუკრძალავ მტრებს კვლავ თვითნებურად და დაუდევრად მოქმედებას. მე გავხდები მეფე დედამიწაზე და იქ გადავიტან ჩემს ტახტს, ვაიძულებ ყველა ჩემს მტერს, ჩემ წინაშე დაემხოს და აღიაროს ცოდვები. ჩემს მწუხარებაში რისხვაა შერეული. მთელ სამყაროს მიწასთან გავასწორებ, არავის დავინდობ, ყველა ჩემს მტერს კი განვაცვიფრებ და თავზარს დავცემ. მე ნანგრევებად ვაქცევ მთელ დედამიწას და ჩემს მტრებს ამ ნანგრევებში ჩავყრი, რათა ამიერიდან აღარასოდეს გახრწნან კაცობრიობა. ჩემი გეგმა უკვე განსაზღვრულია და არავინ უნდა შეცვალოს იგი. როდესაც დიდებულებითა და საზეიმო სვლით შემოვუვლი სამყაროს, მთელი კაცობრიობა განახლდება და ყოველივე გაცოცხლდება. ადამიანი აღარ იტირებს, აღარ შემომღაღადებს დახმარებისთვის. მაშინ ჩემი გული გაიხარებს და ხალხი ზეიმით დაბრუნდება ჩემთან. მთელი სამყარო, კიდით კიდემდე, აღტაცებით აზვირთდება …
დღეს, მსოფლიოს ხალხებს შორის, მე ვასრულებ იმ საქმეს, რომლის განხორციელებაც განვიზრახე. მე ადამიანთა შორის დავდივარ, ვასრულებ ჩემი გეგმით გათვალისწინებულ მთელ საქმეს და მთელი კაცობრიობა ჩემი განზრახვების შესაბამისად ანაწილებს სხვადასხვა ერს. დედამიწაზე ადამიანებს მზერა საკუთარი ხვედრისკენ აქვთ მიპყრობილი, რადგან დღე მართლაც ახლოვდება და ანგელოზები საყვირებს აჟღერებენ. აღარ იქნება დაყოვნება და ამის შემდეგ ყოველივე სიხარულით დაიწყებს ფერხულს. ვის შეუძლია საკუთარი ნებით გადაავადოს ჩემი დღე? დედამიწის მკვიდრ ადამიანს? თუ ცაში ვარსკვლავებს? თუ ანგელოზებს? როდესაც წარმოვთქვამ გამონათქვამებს ისრაელის ხალხის ხსნის დასაწყებად, ჩემი დღე მთელ კაცობრიობას დააწვება. ყველა ადამიანს აშინებს ისრაელის აღდგენა. როდესაც ისრაელი აღდგება, ეს იქნება დღე, როდესაც მე მოვიპოვებ დიდებას და ასევე, ეს იქნება დღე, როდესაც ყოველივე შეიცვლება და განახლდება. რადგან მართალი სამსჯავრო გარდაუვლად უახლოვდება მთელ სამყაროს, ყველა ადამიანი ხდება მფრთხალი და მოშიში, ვინაიდან ადამიანთა სამყაროში სამართლიანობის შესახებ არ სმენიათ. როდესაც სამართლიანობის მზე გამოჩნდება, აღმოსავლეთი განათდება, შემდეგ კი, თავის მხრივ, გაანათებს მთელ სამყაროს და ყველას მისწვდება. თუ ადამიანს მართლაც შეუძლია აღასრულოს ჩემი სამართლიანობა, მაშ, რაღა იქნება საშიში? ჩემი ხალხი სულმოუთქმელად ელის ჩემი დღის დადგომას, ყველას სწყურია ჩემი დღის მოსვლა. ისინი ელიან, რომ მოვალ როგორც სამართლიანობის მზე, რათა მივაგო ყველა ადამიანს თავისი საზღაური და განვსაზღვრო კაცობრიობის საბოლოო სამყოფელი. ჩემი სამეფო ყალიბდება მთელ სამყაროში და ჩემი ტახტი იკავებს ასობით მილიონი ჩემი რჩეული ხალხის გულს. ანგელოზების თანადგომით, ჩემი დიდი საქმე მალე მიაღწევს დასასრულს. ყველა ჩემი ძე და ჩემი ხალხი მოუთმენლად ელის ჩემს დაბრუნებას, სწყურიათ კვლავ ჩემთან შეხვედრა, რათა აღარასოდეს განვშორდეთ ერთმანეთს. როგორ შეიძლება ჩემს სამეფოში მყოფმა ურიცხვმა ადამიანმა არ ისწრაფოს ერთმანეთისკენ და არ გაიხაროს მათთან ჩემი ყოფნის გამო? განა შეიძლება ეს იყოს შეხვედრა, რომლისთვისაც ფასის გადახდა საჭირო არ არის? მე საპატიო ვარ ყველას თვალში, ჩემი სახელი ყველას სიტყვებშია გაცხადებული. როდესაც დავბრუნდები, მით უფრო მეტად დავამარცხებ ყველა მოწინააღმდეგის ძალას. დადგა დრო! მოძრაობაში მოვიყვან ჩემს საქმეს, ვიმეფებ ადამიანთა შორის! დაბრუნების პირას ვარ! და წასვლის პირასაც ვარ! ეს არის ის, რისი იმედიც ყველას აქვს, რასაც ისინი ისურვებდნენ. მე მივცემ საშუალებას მთელ კაცობრიობას, იხილოს ჩემი დღის დადგომა და ყველა სიხარულით მიესალმება ჩემი დღის მოსვლას!
2 აპრილი, 1992 წ.