თავი 26

ვინ დარჩა ჩემს სახლში? ვინ აღდგა ჩემი გულისთვის? ვინ იტანჯა ჩემ გამო? ვინ დადო სიტყვა ჩემს წინაშე? ვინ გამომყვა დღემდე და მაინც არ გამხდარა გულგრილი? რატომ არის ყველა ადამიანი ცივი და უგრძნობი? რატომ მიმატოვა კაცობრიობამ? რატომ არიან ადამიანები ზიზღით განწყობილნი ჩემ მიმართ? რატომ არ არის სითბო ადამიანთა სამყაროში? სიონში ყოფნისას ვიგემე ის სითბო, რომელიც ზეცაშია, და სიონში ყოფნისას დავტკბი იმ კურთხევით, რომელიც ზეცაშია. და მაინც, ვცხოვრობდი კაცობრიობის შუაგულში, ვიგემე ადამიანთა სამყაროს სიმწარე და საკუთარი თვალით ვიხილე ყველა ის განსხვავებული მდგომარეობა, რომელიც ადამიანებს შორის არსებობს. ადამიანი შეუმჩნევლად შეიცვალა ისე, როგორც მე „შევიცვალე“, და მხოლოდ ამგვარად მოაღწია მან დღევანდლამდე. მე არ მოვითხოვ, რომ ადამიანმა რაიმე შეძლოს ჩემი გულისთვის და არც იმას მოვითხოვ, რომ მან რაიმე შემმატოს. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ადამიანმა შეძლოს მოქმედება ჩემი გეგმის შესაბამისად, არ აჯანყდეს ჩემს წინააღმდეგ და არ გახდეს ჩემთვის სირცხვილის მიზეზი, არამედ ხმამაღლა დამემოწმოს. ადამიანებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც ჩემი კარგი მოწმეები გახდნენ და ჩემი სახელი განადიდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანის საქმეებმა ან საქციელმა დააკმაყოფილოს ჩემი გული? როგორ შეიძლება ის ჩემი გულის ნებას შეესაბამებოდეს ან დააკმაყოფილოს ჩემი ზრახვები? დედამიწაზე არსებული მთები და წყლები, დედამიწაზე არსებული ყვავილები, ბალახები და ხეები — ყველაფერი ჩემმა ხელებმა შექმნა და ყველა ჩემი სახელისთვის არსებობს. მაგრამ რატომ არ შეუძლია ადამიანს ჩემი მოთხოვნების სტანდარტის მიღწევა? ნუთუ ეს მისი უკიდურესი სიმდაბლის გამოა? ნუთუ ეს იმის გამოა, რომ მე მას აღვამაღლებ? ნუთუ მე მის მიმართ მეტისმეტად სასტიკი ვარ? რატომ ეშინია ადამიანს მუდამ ჩემი მოთხოვნების? დღეს, სამეფოში მყოფ მრავალთა შორის, რატომ ხდება, რომ მხოლოდ ჩემს ხმას უსმენთ, მაგრამ არ გსურთ ჩემი სახის ხილვა? რატომ უყურებთ მხოლოდ ჩემს სიტყვებს და არ უთანხმებთ მათ ჩემს სულს? რატომ მყოფთ ასე განცალკევებულად — ზეცასა და დედამიწას შორის? ნუთუ მე, როცა მიწაზე ვარ, არ ვარ იგივე, რაც ზეცაში? ნუთუ მე, როცა ზეცაში ვარ, არ შემიძლია მიწაზე ჩამოსვლა? ნუთუ მე, როცა მიწაზე ვარ, არ ვარ ღირსი ზეცად ამაღლების? თითქოს მე, როცა მიწაზე ვარ, უმნიშვნელო ქმნილება ვიყო; თითქოს მე, როცა ზეცაში ვარ, ამაღლებული არსება ვიყო; და თითქოს ზეცასა და მიწას შორის გადაულახავი უფსკრული იყოს. თუმცა, ადამიანთა სამყაროში, მათ თითქოს არაფერი იციან ამ ყველაფრის წარმოშობის შესახებ და მუდამ ჩემ წინააღმდეგ იბრძვიან, თითქოს ჩემს სიტყვებს მხოლოდ ხმა ჰქონდეს და მნიშვნელობა არა. ყველა ადამიანი ძალისხმევას ხარჯავს ჩემს სიტყვებზე, საკუთარ კვლევებს ატარებს ჩემს გარეგნულ იერსახეზე, მაგრამ ყველა მარცხდება, მათი ძალისხმევა უნაყოფოა, და ბოლოს ისინი ჩემი სიტყვებით არიან დამხობილნი და ვეღარ ბედავენ კვლავ წამოდგომას.

როდესაც ადამიანთა რწმენას ვცდი, არცერთი არ არის ჭეშმარიტი მოწმე, არცერთს არ შეუძლია ყველაფერი სრულად შემომწიროს; პირიქით, ისინი მალავენ თავს და არ სურთ გახსნა, თითქოს მათი გულის წართმევას ვაპირებდე. იობიც კი ვერ იდგა ჭეშმარიტად მტკიცედ განსაცდელის დროს და ვერც ტანჯვის დროს აჩვენა სიტკბო. გაზაფხულის სითბოში ყველა ადამიანი მხოლოდ სუსტ მწვანე ელფერს ამჟღავნებს; ზამთრის ცივ ამინდებში ისინი ვერ ინარჩუნებენ სიმწვანეს. ადამიანს, თავისი სუსტი და გამოფიტული სულიერი სიმწიფით, არ შეუძლია ჩემი ზრახვების შესრულება. მთელ კაცობრიობაში არავინ არის ისეთი, ვინც სხვებისთვის მისაბაძად გამოდგება, რადგან ყველა ადამიანი ძირითადად ერთნაირია და არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან; მათ შორის ერთმანეთისგან განსასხვავებელი ძალიან ცოტა რამ არის. სწორედ ამ მიზეზით, ადამიანებს დღესაც არ ძალუძთ სრულად შეიცნონ ჩემი საქმეები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი გაკიცხვა მთელს კაცობრიობაზე გადმოვა, ისინი, გაუცნობიერებლად შეიტყობენ ჩემს საქმეებს; და ჩემი რაიმე ქმედების ან ვინმეს იძულების გარეშე, ადამიანი შემიცნობს და ამით ჩემი საქმეების მოწმე გახდება. ეს არის ჩემი გეგმა — ასე ვლინდება ჩემი საქმეები და ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს. სამეფოში ყოველივე იწყებს აღორძინებას და სიცოცხლის ძალის დაბრუნებას. მიწის მდგომარეობის ცვლილებების გამო, მიწებს შორის საზღვრებიც იწყებს გადაადგილებას. მე ვიწინასწარმეტყველე, რომ როცა მიწა მიწას გამოეყოფა და მიწა მიწას შეერწყმება, სწორედ მაშინ დადგება დრო, როცა თითოეულ ქვეყანას ნამსხვრევებად ვაქცევ. ამ დროს მე განვაახლებ ყოველივეს და მთელ სამყაროს ხელახლა დავყოფ, ამით წესრიგში მოვიყვან სამყაროს და ძველს ახლად გარდავქმნი — ეს არის ჩემი გეგმა და ეს არის ჩემი საქმეები. როდესაც ყოველი ქვეყანა და თითოეული ჩემი რჩეული ჩემი ტახტის წინაშე დაბრუნდება, მაშინვე ვუძღვნი ზეციურ ბარაქას მთელ კაცობრიობას, რათა ჩემი წყალობით ეს სამყარო უბადლო დოვლათით აივსოს. სანამ ძველი სამყარო კვლავ არსებობს, მე თავს დავატეხ ჩემს რისხვას ყველა ქვეყანას და საქვეყნოდ გამოვაცხადებ ჩემს უზენაეს განკარგულებებს, რათა მათ მთელი სამყარო გაეცნოს, ხოლო ვინც მათ დაარღვევს, სასტიკად დაისჯება:

როდესაც მე მთელ სამყაროს მივმართავ, ყველას ესმის ჩემი ხმა, ანუ ყველა ხედავს იმ საქმეებს, რომლებიც მთელ სამყაროში აღვასრულე. ის, ვინც ჩემს ჩანაფიქრს ეურჩება, ანუ ვინც ადამიანური ქმედებებით აღმიდგება წინ, დაისჯება. მე განვაახლებ ცაზე უთვალავ ვარსკვლავს. ჩემი წყალობით მზე და მთვარეც განახლდება და ზეცა აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. დედამიწაზეც ყოველივე განახლდება — და ეს ყველაფერი ჩემი სიტყვით აღსრულდება. სამყაროში ყველა ქვეყანა ხელახლა დაიყოფა და მათ ჩემი სასუფეველი ჩაანაცვლებს, რათა დედამიწაზე არსებული სახელმწიფოები სამუდამოდ გაქრეს და დარჩეს მხოლოდ ის სამეფო, რომელიც მე მეთაყვანება. დედამიწაზე არსებული ყველა ქვეყანა განადგურდება, არსებობას შეწყვეტს. სამყაროს მკვიდრთაგან ყველანი, ვინც ეშმაკეულია, აღიგვებიან პირისაგან მიწისა. ყველანი, ვინც სატანას ეთაყვანება, ჩემს მწველ ცეცხლში შთაინთქმებიან — რაც იმას ნიშნავს, რომ იმათ გარდა, ვინც ამჟამად ამ დინებაშია, ყველა ფერფლად იქცევა. ყოველი ერის დასჯისას რელიგიური გაერთიანებები სხვადასხვა ზომით დაუბრუნდებიან ჩემს სასუფეველს და ჩემივე საქმეებით იქნებიან დამოჩილებულნი, რამეთუ იხილავენ, რომ „თეთრ ღრუბლებს ამოფარებული წმინდანი“ უკვე მოვიდა. ყველა ადამიანი თავისი გვარისამებრ დახარისხდება და თითოეული მათგანი საკუთარი ქმედებების შესაბამისად სხვადასხვაგვარ სასჯელს მიიღებს. ყველა, ვინც მე აღმიდგა წინ, დაიღუპება, ხოლო ისინი, ვის საქმეებსაც დედამიწაზე ჩემთან კავშირი არ ჰქონია, თავიანთი ყოფაქცევის გამო კვლავ განაგრძობენ დედამიწაზე არსებობას ჩემი ძეებისა და ჩემი ხალხის მმართველობის ქვეშ. მე გამოვეცხადები უთვალავ ქვეყანასა და ხალხს, საკუთარ ხმას გავაჟღერებ დედამიწაზე და საქვეყნოდ გამოვაცხადებ ჩემი დიადი საქმის დასრულებას, რათა ყოველმა ადამიანმა საკუთარი თვალით იხილოს ეს.

ჩემი გამონათქვამების მნიშვნელობის გაღრმავებასთან ერთად, მე ვაკვირდები სამყაროს მდგომარეობას. ჩემი სიტყვების მეშვეობით ყოველივე ახლდება. ზეცა იცვლება, ისევე როგორც დედამიწა. კაცობრიობა თავის პირვანდელ სახეს იძენს და თანდათან ადამიანები თავიანთი გვარის მიხედვით ნაწილდებიან და უნებლიეთ უბრუნდებიან თავიანთ „ოჯახებს“. ეს დიდად მახარებს. მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი შფოთისგან და შეუმჩნევლად სრულდება ჩემი დიდი საქმე, და ყოველივე გარდაიქმნება. სამყაროს შექმნისას მე ყველაფერი მათი სახეობების მიხედვით დავალაგე და ფორმის მქონე ყოველი საგანი კატეგორიებად დავყავი. როცა ჩემი მართვის გეგმის დასასრული მოახლოვდება, მე აღვადგენ მათ პირვანდელ მდგომარეობას; მე ყველაფერს აღვადგენ ისე, როგორც თავდაპირველად იყო, ყველაფერს საფუძვლიანად შევცვლი და ყველაფერს ჩემი გეგმის ფარგლებში მოვაქცევ. დრო დადგა! ჩემი გეგმის ბოლო ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ო, უწმინდურო ძველო სამყაროვ! უთუოდ დაემხობი ჩემს სიტყვებში! უთუოდ იქცევი არაფრად ჩემი გეგმის ძალით! ო, ყოველივევ! თქვენ ყველანი შეიძენთ ახალ სიცოცხლეს ჩემი სიტყვების ძალით — გეყოლებათ თქვენი ხელმწიფე! ო, წმინდაო და უბიწო ახალო სამყაროვ! უთუოდ აღდგები ჩემს დიდებაში! ო, სიონის მთაო! ნუღარ დადუმდები — მე გამარჯვებით დავბრუნდი! მე ვაკვირდები მთელ დედამიწას ყოველივეს შუაგულში. დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა დაიწყეს ახალი ცხოვრება და შეიძინეს ახალი იმედები. ო, ჩემო ხალხო! როგორ არ უნდა გაცოცხლდეთ ჩემს ნათელში? როგორ არ უნდა იხაროთ ჩემი წინამძღოლობით? მიწები სიხარულით ღაღადებენ, წყლები კი მხიარული სიცილით ზეიმობენ! ო, აღდგენილო ისრაელო! როგორ არ უნდა იგრძნოთ სიამაყე ჩემი წინასწარგანსაზღვრულობის გამო? ვინ იტირა? ვინ იგლოვა? ძველი ისრაელი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი ისრაელი აღმდგარია, ამაღლებულია და დიდებულად დგას მსოფლიოში და დამკვიდრებულია მთელი კაცობრიობის გულებში. დღევანდელი ისრაელი უთუოდ მოიპოვებს არსებობის საფუძველს ჩემი ხალხის მეშვეობით! ო, საძულველო ეგვიპტევ! ნუთუ კვლავ მეწინააღმდეგები? როგორ შეგიძლია ისარგებლო ჩემი მოწყალებით და სცადო ჩემი გაკიცხვისგან თავის დაღწევა? როგორ არ უნდა იცხოვრო ჩემი გაკიცხვის ქვეშ? ყველა, ვინც მე მიყვარს, უთუოდ იარსებებს მარადიულად, ხოლო ყველა, ვინც მეწინააღმდეგება, უთუოდ გაიკიცხება ჩემ მიერ მარადიულად. რადგან მე ვარ ღმერთი, რომელსაც ბოროტება სძულს, არ შევუნდობ ადამიანებს მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს. მე გამოვიკვლევ მთელ დედამიწას და, სამყაროს აღმოსავლეთში სამართლიანობით, დიდებით, რისხვითა და გაკიცხვით, გამოვეცხადები ხალხს!

1992 წლის 29 მარტი

წინა: იხარეთ, ყოველნო ხალხნო!

შემდეგი: თავი 28

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება