დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

როგორც კაცობრიობის წევრები და ღვთისმოსავი ქრისტიანები, ყველანი პასუხისმგებელნი და ვალდებულნი ვართ მივუძღვნათ ჩვენი გონება და სხეული ღვთის დავალების აღსრულებას, რადგან მთელი ჩვენი სიცოცხლე ღვთისგანაა ბოძებული და ღვთის მეუფების წყალობით არსებობს. თუ ჩვენს გონებასა და სხეულს არ ვუძღვნით ღვთის დავალების აღსრულებასა და კაცთა მოდგმის საქმეს, მაშინ ჩვენი სულები შერცხვენილი იქნება იმათ წინაშე, ვინც ღვთის დავალებისათვის მოწამებრივად აღესრულა, და გაცილებით მეტად შერცხვენილი იქნება ღვთის წინაშე, რომელმაც ყველაფერი მოგვმადლა.

ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, მან შექმნა კაცთა მოდგმა და ის ასევე იყო ძველი ბერძნული კულტურისა და ადამიანთა ცივილიზაციის შემოქმედი. მხოლოდ ღმერთია ადამიანის ნუგეშისმცემელი და მხოლოდ ღმერთი ზრუნავს კაცთა მოდგმაზე დღისით და ღამით. ადამიანის განვითარება და წინსვლა განუყოფელია ღვთის მეუფებისგან, ხოლო კაცობრიობის ისტორია და მომავალი ვერას გახდება ღვთის ხელით შექმნილი განკარგულებების გარეშე. თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, მაშინ შენ ეჭვი არ შეგეპარება იმაში, რომ ყოველი ქვეყნისა თუ ერის აღზევება და დაცემა ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ღმერთმა უწყის ყოველი ქვეყნისა თუ ერის ბედი და მხოლოდ ღმერთი განაგებს კაცობრიობის სვლა-განვითარებას. თუ კაცობრიობას კეთილი ხვედრი სურს, თუ ქვეყანას კეთილი ხვედრი სურს, მაშინ ყველამ უნდა თაყვანი სცეს ღმერთს და ქედი მოიდრიკოს მის წინაშე, წარდგეს ღვთის წინაშე მონანიებისა და აღსარების სათქმელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ხვედრი და დანიშნულება გარდაუვალი გარდაუვალი კატასტროფა იქნება.

გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ნოემ კიდობანი ააგო: კაცთა მოდგმა ღრმა გახრწნილებაში ცხოვრობდა, ადამიანები განუდგნენ ღვთის კურთხევას, დაკარგეს ღმერთის მფარველობა და ღვთის აღთქმები. ისინი სიბნელეში, ღვთიური ნათლის გარეშე ცხოვრობდნენ. შემდეგ ბუნებით გაიხრწნენ და უკიდურესი წაწყმედის დონემდე დაეცნენ. ასეთ ადამიანებს აღარ შეეძლოთ ღვთის აღთქმის მიღება; ისინი აღარ იყვნენ ღირსნი ღვთის სახის ხილვისა და ღვთის ხმის გაგონებისა, რადგან მიატოვეს ღმერთი, უარყვეს ყველაფერი, რაც მან უბოძა, და დაივიწყეს ღვთის სწავლებანი. მათი გულები უფრო და უფრო შორდებოდა ღმერთს, და საბოლოოდ იმდენად გაიხრწნენ, რომ დაკარგეს ყოველგვარი გონიერება და ადამიანობა და სულ უფრო ბოროტები ხდებოდნენ. შემდეგ ისინი დაადგნენ სიკვდილისკენ მიმავალ გზას და ღვთის რისხვისა და სასჯელის ქვეშ მოექცნენ. მხოლოდ ნოე სცემდა თაყვანს ღმერთს და გაურბოდა ბოროტს, ამიტომაც შეეძლო ღვთის ხმისა და მისი მითითებების მოსმენა. მან ღვთის სიტყვის მითითებების შესაბამისად კიდობანი ააგო და მასში ყველა ცოცხალი არსება მოათავსა. ამგვარად, როგორც კი ყველაფერი მზად იყო, ღმერთი შეუდგა თავის საქმეს - სამყაროს განადგურებას. მხოლოდ ნოე და მისი ოჯახის შვიდი წევრი გადაურჩნენ დაღუპვას, რადგან ნოე თაყვანს სცემდა იეჰოვას და გაურბოდა ბოროტს.

ახლა კი შეხედეთ დღევანდელ ეპოქას: ნოეს მსგავსი მართალი ადამიანები, რომელთაც ძალუძდათ თაყვანი ეცათ ღვთისთვის და განრიდებოდნენ ბოროტებას, აღარ არსებობენ. მიუხედავად ამისა, ღმერთი კვლავ მოწყალეა კაცობრიობის მიმართ და კვლავინდებურად ავლენს დიდსულოვნებას ამ ბოლო ჟამს. ღმერთი ეძებს მათ, ვინც ელიან მის გამოცხადებას, ეძებს მათ, ვინც ყურად იღებენ მის სიტყვებს; ეძებს მათ, რომლებიც არ ივიწყებენ მის დავალებებს და თავის გულსა და სხეულს უძღვნიან მას და ეძებს მათ, ვინც მის წინაშე ჩვილებივით მორჩილები არიან და წინააღმდეგობას არ უწევენ. თუ შენს თავს ღმერთს მიუძღვნი და ვერავითარი ძალა ვერ შეგარყევს, მაშინ ღმერთი მოწყალე თვალით გადმოგხედავს და კურთხევას არ მოგაკლებს. თუ გაქვს მაღალი სტატუსი, კარგი რეპუტაცია, მრავალმხრივი ცოდნა, დიდძალი სიმდიდრე და მრავალი ადამიანის მხარდაჭერა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც წარდგები ღვთის წინაშე, რათა მიიღო მისი მოწოდება და მისი დავალებები და აღასრულო ის, რასაც ღმერთი შენგან მოითხოვს, მაშინ ყოველი შენი ნამოქმედარი დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ და კაცობრიობის ყველაზე სამართლიან წამოწყებად იქცევა. თუ უარყოფ ღვთის ხმას საკუთარი მდგომარეობის თუ მიზნების გამო, მაშინ ყოველი შენი ნამოქმედარი შერისხული და, უფრო მეტიც, დაწყევლილი იქნება ღვთისაგან. მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი ხარ, მეცნიერი, პასტორი თუ უხუცესი; რაოდენ მაღალი თანამდებობაც უნდა გეკავოს, თუ საკუთარ უნარებსა და ცოდნას მხოლოდ პირადი ჩანაფიქრებისა და მიზნების განსახორციელებლად იყენებ, ყოველთვის წარუმატებელი და ღვთის კურთხევას მოკლებული იქნები, რამეთუ ღმერთი არ მიიღებს არაფერს, რასაც აკეთებ და არც იმას აღიარებს, რომ შენი საქმე სამართლიანია ან კაცობრიობის საკეთილდღეოდ ირჯები. ის იტყვის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ემსახურება მხოლოდ ადამიანის ცოდნისა და ძალის იმისთვის გამოყენებას, რომ უკუაგდოს ღვთის მფარველობა, და რომ ეს ღვთის კურთხევის უარყოფაა. ის იტყვის, რომ თქვენ მიგყავთ კაცობრიობა სიბნელის, სიკვდილისა და უსასრულო არსებობის დასაწყისისკენ, სადაც ადამიანი რჩება ღვთის გარეშე და დაკარგული აქვს მისი კურთხევა.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა სოციალური მეცნიერებანი გამოიგონა, მისი გონება მეცნიერებამ და ცოდნამ დაიპყრო. ამგვარად, მეცნიერება და ცოდნა კაცობრიობის მართვის იარაღად იქცა და ადამიანს აღარ დაუტოვა ადგილი ღვთის თაყვანისცემისთვის და აღარც სათანადო პირობები არსებობს ღვთის მსახურებისთვის. ღვთის ადგილი ადამიანის გულში სულ უფრო მცირდება. ღვთისთვის გულში განკუთვნილი ადგილის გარეშე ადამიანის შინაგანი სამყარო ბნელი, უიმედო და ცარიელია. ამას მოჰყვა ის, რომ მრავალმა სოციალურმა მეცნიერმა, ისტორიკოსმა და პოლიტიკოსმა წინა პლანზე წამოსწია სოციალურ მეცნიერებათა თეორიები, ადამიანის ევოლუციის თეორია და სხვა თეორიები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რათა ამით ამოევსო ადამიანთა გულები და გონება. და ამ გზაზე სულ უფრო შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სწამთ, რომ ყოველივე ღვთის მიერ შეიქმნა, და მომრავლდნენ ისინი, რომლებსაც ევოლუციის თეორიის სწამთ. სულ უფრო მეტი ადამიანი მითებად და ლეგენდებად აღიქვამს ძველი აღთქმის ჟამს აღსრულებული ღვთის საქმეების ჩანაწერებს და მის სიტყვებს. თავიანთ გულებში ადამიანები გულგრილები ხდებიან ღვთის ღირსებისა და სიდიადის, მისი არსებობისა და ღვთის უზენასობის იმ პრინციპის მიმართ, რომ ყველაფერს ღმერთი განაგებს. კაცობრიობის გადარჩენა და ქვეყნებისა და ერების ბედი მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის; ადამიანი ცხოვრობს ცარიელ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ჭამა-სმასა და სიამოვნების ძიებას მოუცავს... ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ სად აღასრულებს ღმერთი თავის საქმეს დღეს ან როგორ აღასრულებს თავის მეუფებას ადამიანზე და როგორ განსაზღვრავს ადამიანის საბოლოო დანიშნულებას. ამგვარად, ადამიანისთვის გაუცნობიერებლად კაცობრიობის ცივილიზაცია სულ უფრო ნაკლებად პასუხობს ადამიანის ნებასა და მისწრაფებებს, და ბევრი ისეთი ადამიანიც კი არსებობს, რომელიც გრძნობს, რომ ასეთ სამყაროში ცხოვრებით ისინი ნაკლებად ბედნიერები არიან, ვიდრე გარდაცვლილები. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ოდესღაც მაღალცივილიზებულად ითვლებოდა, ხალხი მსგავს პრეტენზიებს გამოთქვამს, რამეთუ ღვთის წინამძღოლობის გარეშე, მმართველებმა და სოციოლოგებმა რამდენიც არ უნდა იმტვრიონ თავი საკაცობრიო ცივილიზაციის შენარჩუნებაზე, ეს ამაოა. ვერავინ ვერ ამოავსებს სიცარიელეს კაცის გულში, რამეთუ ვერავინ იქნება ადამიანის სიცოცხლე და ვერც ერთი სოციალური თეორია ვერ იხსნის ადამიანს სიცარიელის პრობლემებისგან. მეცნიერება, ცოდნა, თავისუფლება, დემოკრატია, სიამოვნება და კომფორტი ადამიანს მხოლოდ დროებით ნუგეშს ანიჭებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანი მაინც გარდაუვალად სცოდავს და საზოგადოების უსამართლობაზეც ჩივის. ყველა ამ რაღაცის ქონა წინ ვერ აღუდგება ადამიანის სწრაფვასა და სურვილს შემეცნებისა. რამეთუ ადამიანი ღვთის მიერაა შექმნილი და მის ამაო მსხვერპლებსა და კვლევებს მხოლოდ უფრო და უფრო მეტი ტანჯვის მოტანა შეუძლია მისთვის და მუდმივ შფოთვაში ამყოფებს, არ იცის რა, როგორ შეეგებოს კაცობრიობის მომავალს ან როგორ გაუსწოროს თვალი მის წინ მდებარე გზას. ადამიანი იქამდეც კი მიდის, რომ შიშს ჰგვრის მეცნიერება და ცოდნა და კიდევ უფრო მეტად - სულიერი სიცარიელის განცდა. ამ სამყაროში, მიუხედავად იმისა, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობ თუ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ, ვერაფრით დააღწევ თავს კაცობრიობის ბედისწერას. მიუხედავად იმისა, მმართველი ხარ თუ ქვეშევრდომი, ვერაფრით გაექცევი კაცობრიობის ბედისწერის, საიდუმლოებებისა და საბოლოო სამყოფელის შემეცნების სურვილს, მითუმეტეს ვერ დააღწევ თავს სიცარიელის აუხსნელ გრძნობას. ასეთ მოვლენებს, რომლებიც მთელი კაცობრიობისთვისაა დამახასიათებელი, სოციოლოგები სოციალურ მოვლენებს უწოდებენ, თუმცა ვერც ერთი გამოჩენილი ადამიანი ვერ გადაჭრის მსგავს პრობლემებს. ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, ადამიანია და ღმერთის სტატუსსა და სიცოცხლეს ვერცერთი ადამიანი ვერ ჩაანაცვლებს. კაცობრიობას სჭირდება არა მხოლოდ სამართლიანი საზოგადოება, სადაც ყველა კარგად გამოკვებილი, თანასწორი და თავისუფალია, კაცობრიობისთვის აუცილებელია ღვთის ხსნა და ადამიანისთვის სიცოცხლის უზრუნველყოფა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ღვთის მიერ ბოძებულ სიცოცხლესა და მის ხსნას მიიღებს, შესაძლებელი გახდება მისი საჭიროებების, შემეცნების სურვილის დაკმაყოფილება და მისი გულის სიცარიელის დაძლევა. თუ ქვეყნის ხალხს ან ერს არ ძალუძს მიიღოს ღვთის ხსნა ან მზრუნველობა, მაშინ ასეთი ქვეყანა თუ ერი დაადგება დაცემისა და წყვდიადის გზას და შედეგად ღმერთი მას გაანადგურებს.

შესაძლოა, თქვენი ქვეყანა აყვავებულია, მაგრამ თუ თქვენი ხალხის ღმერთთან დაშორებას დაუშვებთ, თქვენს ქვეყანას სულ უფრო მეტად მოაკლდება ღვთის კურთხევა, მისი ცივილიზაცია სულ უფრო მეტად გაითელება ადამიანების ფეხქვეშ და ცოტა ხანში მისი ხალხი ღმერთს აუჯანყდება და ზეცას დაწყევლის. ამ შემთხვევაში, ქვეყანას უნებლიეთ, ნგრევის ხვედრი არ ასცდება. ღმერთი ძლევამოსილ ქვეყნებს აღაზევებს, რათა დაუპირისპიროს ღვთის მიერ დაწყევლილ ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება კიდეც აღგავოს პირისაგან მიწისა. ქვეყნისა თუ ერის კეთილდღეობის, ან დაქცევის გასაღები ის არის, თაყვანს სცემენ თუ არა მისი მმართველები ღმერთს და მიუძღვებიან თუ არა თავიანთ ხალხს ღმერთთან დაახლოებისა და მისი თაყვანისცემის გზით. მაგრამ ამ უკანასკნელ ეპოქაში, რადგან ისინი, ვინც გულწრფელად ეძებენ და თაყვანს სცემენ ღმერთს, სულ უფრო მცირდებიან, ღმერთი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იჩენს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებშიც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიაა. ღმერთი თავს უყრის ამ ქვეყნებს, რათა შექმნას შედარებით სამართლიანი მსოფლიო ბანაკი, ხოლო ათეისტური და ის ქვეყნები, რომლებიც არ სცემენ თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს, სამართლიანი ბანაკის მოწინააღმდეგეები ხდებიან. ამგვარად, ღმერთს ხელთ აქვს არა მარტო ის ადგილი კაცობრიობაში, სადაც მას შეუძლია აღასრულოს თავისი საქმე, არამედ ის ასევე მოიპოვებს ქვეყნებს, რომლებიც სამართლიან ხელმწიფებას ახორციელებენ, ეს კი აძლევს შესაძლებლობას, სანქციები და შეზღუდვები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მას ეურჩებიან. მიუხედავად ამისა, ღმერთს კვლავაც არ ძალუძს, მის თაყვანსაცემად მეტი ხალხი მიიმხროს, რადგან ადამიანი მეტისმეტად დაშორდა მას და ძალზე დიდი ხნით დაივიწყა ღმერთი და დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ისეთი ქვეყნები, რომლებიც იცავენ სამართლიანობას და ეწინააღმდეგებიან უსამართლობას. არადა, ეს ძალიან შორსაა ღვთის სურვილებისგან, რადგან არცერთი ქვეყნის მმართველი არ დათანხმდება მის ხალხზე ღმერთის მეუფებას და არცერთი ქვეყნის პოლიტიკური პარტია არ შეკრებს მის ხალხს ღვთისთვის პატივის მისაგებად; ღმერთმა დაკარგა მისი კუთვნილი ადგილი ყოველი ქვეყნის, ერის, მმართველი პარტიისა და თვით ყოველი ადამიანის გულში. მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნად არსებობენ გარკვეული სამართლიანი ძალები, ნებისმიერი მმართველობა, რომელიც ღმერთს ადგილს არ უტოვებს ადამიანის გულში, ძალიან მყიფეა, და ღვთის კურთხევას მოკლებული პოლიტიკური ასპარეზი მოუწესრიგებელია, მას ერთი დარტყმის გაძლებაც არ ძალუძს. ღვთის კურთხევის გარეშე დარჩენა კაცთა მოდგმისთვის მზის გარეშე დარჩენის ტოლფასია. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად გულმოდგინედ ზრუნავენ მმართველები თავიანთი ხალხისთვის, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ სამართლიან შეკრებას ატარებს კაცობრიობა ერთად, ვერაფერი შეცვლის მოვლენათა დინებასა თუ კაცობრიობის ბედს. ადამიანს სჯერა, რომ ქვეყანა, რომელშიც ხალხი დაპურებული და შემოსილია, ადამიანები ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ, კარგი ქვეყანაა და რიგიანი ხელმძღვანელობა ჰყავს. მაგრამ ღმერთი ასე არ ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ ქვეყანა, რომელშიც მას არავინ ეთაყვანება, უნდა გაანადგუროს. ადამიანის ფიქრები მუდამ დიდადაა დაშორებული ღმერთის ფიქრებს. ამგვარად, თუკი ქვეყნის თავკაცი არ ეთაყვანება ღმერთს, მაშინ ამ ქვეყანას ძალზე ტრაგიკული ბედი ელის და ეს ქვეყანა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწევს.

ღმერთი არ ერევა ადამიანის პოლიტიკაში, მაგრამ ის აკონტროლებს ყველა ქვეყნისა და ყველა ერის ბედს, ის აკონტროლებს ამ სამყაროს და მთელ ქვეყნიერებას. კაცობრიობის ბედი და ღვთის გეგმა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ვერც ერთი ადამიანი, ქვეყანა თუ ერი ვერ გაექცევა ღვთის უზენაეს ძალას. თუ ადამიანს სურს იცოდეს თავისი ხვედრი, ის ღმერთის წინაშე უნდა წარდგეს. ღმერთი კეთილდღეობას მოუტანს მათ, ვინც მისდევს მას და თაყვანს სცემს, და დაქცევასა და გადაშენებას მოუტანს მათ, ვინც მას ეურჩება და უარყოფს.

გაიხსენეთ ბიბლიაში გადმოცემული სცენა, როდესაც ღმერთმა სოდომი გაანადგურა და ასევე იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იქცა ლოტის ცოლი მარილის სვეტად. გაიხსენეთ, როგორ მოინანიეს ნინევიელებმა და როგორ აღიარეს ცოდვები ჯვალოთი შემოსილებმა და თავზე ნაცარწაყრილებმა. გაიხსენეთ რა ბედი ეწიათ ებრაელებს 2000 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ჯვარს აცვეს იესო - ისინი განიდევნენ ისრაელიდან და მიმოიფანტნენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი დაიხოცა, ხოლო ებრაელმა ერმა თავისი ქვეყნის განადგურებით მოგვრილი უპრეცედენტო ტკივილი განიცადა. მათ ჯვარზე გააკრეს ღმერთი - საზარელი ცოდვა ჩაიდინეს - და ამით ღვთის ხასიათის გაღიზიანება გამოიწვიეს. მათ ჩადენილისთვის უნდა ეზღოთ და იძულებული გახდნენ, საკუთარი ქმედების ყველა შედეგი ეტვირთათ. მათ დაგმეს ღმერთი, უარყვეს ღმერთი და ამიტომ მხოლოდ ერთი ბედი ელოდათ: ღვთის სასჯელი. ეს იყო მწარე შედეგი და კატასტროფა, რომელიც საკუთარმა მმართველებმა მათ ქვეყანასა და ერს დამართეს.

დღეს ღმერთი დაუბრუნდა ხალხს, რათა შეასრულოს თავისი საქმე, და პირველი ადგილი, რომელიც ამ საქმეს აფერხებს, დიქტატურის განსახიერებაა: ჩინეთი - ათეიზმის ურყევი ბასტიონი. თავისი სიბრძნისა და ძალმოსილების მეოხებით ღმერთმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მოიპოვა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინეთის მმართველი პარტიისგან ყოველგვარი საშუალებით დევნილი და ყოველგვარი ტანჯვის ობიექტად ქცეული, ის მოკლებული იყო დასვენების ადგილსა თუ თავშესაფარს. მიუხედავად ამისა, ღმერთი მაინც აგრძელებს საქმეს, რომელიც დაუსახავს: ის ლაპარაკობს და გადმოსცემს თავის სიტყვას და ავრცელებს სახარებას. ვერა კაცი ვერ შეძლებს ღვთის ყოვლისშემძლეობის შეცნობას. ჩინეთში, ქვეყანაში, რომელიც ღმერთს მტრად მიიჩნევს, ღმერთს თავისი საქმე არასდროს შეუწყვეტია. პირიქით, სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო ღმერთის საქმე და სიტყვა, რადგან ღმერთი იხსნის კაცთა მოდგმის თითოეულ და ყველა წევრს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ვერცერთი ქვეყანა ან ძალა ვერ შეაფერხებს ღვთის სურვილების აღსრულებას, და რომ ისინი, ვინც ცდილობენ ღვთის საქმისთვის ხელის შეშლას, ვინც ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას, ეღობებიან ღვთის გეგმას და ცდილობენ მის ჩაშლას, საბოლოოდ, ღვთის მიერ დაისჯებიან. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ღმერთის საქმეს ეწინააღმდეგება, ღმერთი ჯოჯოხეთში განდევნის; ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ღმერთის საქმეს ეწინააღმდეგება, მისი ხელით განადგურდება; ნებისმიერი ერი, რომელიც ღმერთის საქმის საწინააღმდეგოდ აჯანყდება, ღმერთის ხელით აღიგვება პირისაგან მიწისა და არსებობას შეწყვეტს. მე მოვუწოდებ ყველა ერისა და ყველა ქვეყნის ხალხებს, და ასევე, ყველა ინდუსტრიის ხალხსაც კი, შეისმინონ ღმერთის ხმა, დაინახონ ღმერთის საქმე და დააკვირდნენ კაცთა მოდგმის ბედისწერას იმისათვის, რათა ღმერთი ყველაზე წმინდა, ყველაზე პატივცემულ, უმაღლეს და ერთადერთ თაყვანისცემის ობიექტად იქცეს კაცობრიობაში და მთელ კაცობრიობას საშუალება მიეცეს იცხოვროს ღვთის კურთხევით, ისევე, როგორც აბრაამის შთამომავლები იეჰოვას აღთქმის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ და როგორც ადამი და ევა, რომლებიც ღმერთმა დასაბამისას შექმნა, ედემის ბაღში ცხოვრობდნენ.

ღვთის საქმე ძლევამოსილ ტალღასავით წინ მიიწევს. არავის ძალუძს მისი შეკავება და არავის ძალუძს მისი სვლის შეჩერება. მხოლოდ მათ, ვინც ყურადღებით უსმენენ მის სიტყვებს, ეძებენ მას და სწყურიათ იგი, შეუძლიათ მიჰყვნენ მის ნაბიჯებს და მიიღონ მისი აღთქმა. ვინც ამას არ გააკეთებს, გამანადგურებელი კატასტროფისა და დამსახურებული სასჯელის ობიექტად იქცევა.

წინა: ყოვლისშემძლეს ოხვრა

შემდეგი: დანართი 3: ადამიანის ხსნა მხოლოდ ღმერთის განგებითაა შესაძლებელი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება