დანართი 3: ადამიანის ხსნა მხოლოდ ღმერთის განგებითაა შესაძლებელი

ყველა ადამიანის თვალში ღვთის მმართველობა მეტად უცხო რამ არის, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ მისი მმართველობა მათთან საერთოდ არაა კავშირში. ისინი ფიქრობენ, რომ ღვთის მმართველობა მხოლოდ მისი საქმეა და მხოლოდ მას ეხება — ამიტომაც კაცობრიობა მისი მმართველობის მიმართ გულგრილია. ამგვარად, კაცობრიობის ხსნა ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდა და ახლა მხოლოდ ცარიელ სიტყვებადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღმერთს მიჰყვება იმისთვის, რომ ხსნა მიიღოს და მშვენიერ დანიშნულების ადგილას შევიდეს, ის საერთოდ არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ წარმართავს ღმერთი თავის საქმეს. ადამიანს არ ადარდებს, რა აქვს ღმერთს განზრახული და არც ის, რა როლი უნდა შეასრულოს თავად იმისთვის, რომ გადარჩეს. ეს მართლაც ტრაგიკულია. ადამიანის ხსნა ვერ იქნება განცალკევებული ღვთის მმართველობისგან და ვერ იქნება მოწყვეტილი მის გეგმას. და მაინც, ადამიანი ღვთის მმართველობას არაფრად აგდებს და ამგვარად სულ უფრო მეტად შორდება მას. ამის გამო, მისი მიმდევრების რიგებს უერთდება უფრო და უფრო მეტი ისეთი ადამიანი, ვინც საერთოდ არაფერი იცის ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ხსნის თემას, როგორიცაა: რა არის ქმნილება, რა არის ღმერთის რწმენა, როგორ უნდა ვეთაყვანოთ ღმერთს და სხვა. ამიტომ ახლა აუცილებელია, ვისაუბროთ ღვთის მმართველობაზე, რათა მისი ყოველი მიმდევარი ნათლად მიხვდეს, რას ნიშნავს მისდევდე და გწამდეს მისი. ეს დაეხმარება თითოეულ ადამიანს, სწორად აირჩიოს ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს, და არ გაჰყვეს ღმერთს მხოლოდ კურთხევის მისაღებად, უბედურების თავიდან ასაცილებლად ან იმ მიზნით, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მმართველობა სიღრმისეულია, ადამიანისთვის მისი შემეცნება შეუძლებელი არაა. ეს იმიტომ, რომ ღვთის მთელი სამუშაო უკავშირდება მის მმართველობასა და საქმიანობას, გადაარჩინოს კაცობრიობა და შეეხება კაცობრიობის სიცოცხლეს, ცხოვრებასა და დანიშნულებას. საქმე, რომელსაც ღმერთი ახორციელებს ადამიანებს შორის და ადამიანებზე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პრაქტიკული და შინაარსიანია. ადამიანს შეუძლია, დაინახოს ის და თავად გამოცადოს; ის შორსაა რაიმე აბსტრაქტულისგან. თუ ადამიანს არ ძალუძს მიიღოს მთელი ის საქმე, რასაც ღმერთი აკეთებს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მის საქმეს? და როგორ შეიძლება ასეთმა მმართველობამ ადამიანის ხსნამდე მიიყვანოს? ბევრი, ვინც ღმერთს მიჰყვება, მხოლოდ იმაზე ზრუნავს, როგორ მოიპოვოს კურთხევა ან თავიდან აიცილოს უბედურება. როგორც კი ხდება ღვთის საქმისა და მმართველობის ხსენება, ისინი ჩუმდებიან და ყოველგვარ ინტერესს კარგავენ. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი მოსაწყენი საკითხების შემეცნება არ დაეხმარებათ ცხოვრებას გაუმჯობესებაში და არც რამე სარგებელს მოუტანთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ინფორმაცია ღვთის მმართველობის შესახებ, ისინი მას არასერიოზულად ეკიდებიან. ისინი ამას არ აღიქვამენ, როგორც რაღაც ძვირფასს, რაც უნდა მიიღონ; და, მით უმეტეს, ვერ აცნობიერებენ, რომ ის მათი ცხოვრების ნაწილად აქციონ. ღმერთის მიყოლისას ამ ადამიანების ზრახვა ძალიან მარტივია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - კურთხევის მიღებას. ეს ადამიანები თავს არ იწუხებენ იმით, რომ ყურადღება მიაქციონ სხვა რამეს, რაც ამ მიზანთან არაა კავშირში. მათთვის არ არსებობს უფრო ლეგიტიმური მიზანი, ვიდრე ღმერთის რწმენა კურთხევის მისაღებად - ეს არის მათი რწმენის ნამდვილი ღირებულება. ისინი სრულიად გულგრილნი არიან ნებისმიერი რამის მიმართ, რაც ამ მიზნის მიღწევას არ უწყობს ხელს. ეს ასეა დღეს ღმერთის მორწმუნე ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში. მათი მიზანი და განზრახვა ლეგიტიმურად გამოიყურება, რადგან სწამთ რა ღმერთის, ისინი იხარჯებიან ღმერთისთვის, უძღვნიან საკუთარ თავს ღმერთს და ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ისინი თმობენ თავიანთ ახალგაზრდობას, ელევიან ოჯახსა და კარიერას და ზოგჯერ წლებს ატარებენ შინიდან შორს, მუდამ საქმით დაკავებულნი. თავიანთი საბოლოო მიზნის გამო ისინი ცვლიან საკუთარ ინტერესებს, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და იმ მიმართულებასაც კი, რომელსაც მისდევენ; თუმცა ვერ ცვლიან ღმერთის რწმენის მიზანს. ისინი თავიანთი მისწრაფებების სამართავად დარბიან; არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორი გზაა და რამდენი სირთულე და დაბრკოლება შეხვდებათ, ისინი მაინც ურყევები არიან და სიკვდილისაც არ ეშინიათ. რა ძალა აიძულებს მათ, ასე განაგრძონ საკუთარი თავის მიძღვნა? ნუთუ ეს მათი სინდისია? ნუთუ ეს მათი დიადი და კეთილშობილი პატიოსნებაა? ნუთუ ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომ ბოროტების ძალებს ბოლომდე ებრძოლონ? ნუთუ მათი რწმენაა ღმერთის მოწმობა ჯილდოს ძიების გარეშე? ნუთუ მათი ერთგულება ისაა, რომ ყველაფერი დათმონ, რათა ღმერთის ნება აღასრულონ? თუ ეს არის მათი თავდადებული სული, რომელიც ყოველთვის უარს ამბობს პირად ექსტრავაგანტულ მოთხოვნებზე? ადამიანი, რომელსაც არასოდეს ესმოდა ღვთის მმართველობა და მაინც ამდენ „გულის სისხლს“ ხარჯავს, ეს, უბრალოდ, სასწაულია! ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენი რამ აქვთ ამ ადამიანებს გაღებული. თუმცა მათი ქცევა ნამდვილად იმსახურებს სიღრმისეულ განხილვას. მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სარგებლის გარდა, ნუთუ არსებობს სხვა მიზეზები, რის გამოც ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ესმით ღმერთის, მისთვის ამდენს დათმობენ? აქ ჩვენ აღმოვაჩენთ ადრე ამოუცნობ პრობლემას: ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან მხოლოდ შიშველი პირადი ინტერესითაა განპირობებული. ეს არის ურთიერთობა კურთხევების მიმღებსა და გამცემს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჰგავს ურთიერთობას თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის. თანამშრომელი ბევრს შრომობს მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს დამსაქმებლის ჯილდო. ასეთ ინტერესზე დაფუძნებულ ურთიერთობაში არ არსებობს თბილი გრძნობა, მხოლოდ გარიგება. აქ არ არის არც სიყვარული და არც სიყვარულის მიღება, მხოლოდ ქველმოქმედება და წყალობა. აქ არ არის გაგება, მხოლოდ დათრგუნვილი აღშფოთება და ტყუილი. აქ არ არის სიახლოვე, მხოლოდ გადაულახავი უფსკრული. ახლა, როცა ყველაფერი აქამდე მივიდა, ვის შეუძლია ამ მიმართულების შეცვლა? და რამდენ ადამიანს შეუძლია, ნამდვილად გაიაზროს, რამდენად საგანგაშო გახდა ეს ურთიერთობა? მე მჯერა, რომ როცა ადამიანები კურთხევის მიღების სიხარულში იძირებიან, ვერავინ წარმოიდგენს, რამდენად უხერხული და არასახარბიელოა ღმერთთან ასეთი ურთიერთობა.

კაცობრიობის მიერ ღმერთის რწმენაში ყველაზე სევდიანი ის არის, რომ ღვთის საქმის ფონზე ადამიანი თავის საქმეს ეწევა და მაინც არ აქცევს ყურადღებას ღვთის მმართველობას. ადამიანის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ ესწრაფვის რა ღვთის მორჩილებასა და ღმერთის თაყვანისცემას, ამავდროულად ქმნის სასურველი დანიშნულების საკუთარ ოცნებას და გეგმავს, როგორ მიიღოს ყველაზე დიდი კურთხევა და საუკეთესო საბოლოო დანიშნულება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს ესმით, რამდენად საცოდავნი, საძულველნი და საბრალონი არიან, რამდენს შეუძლია ადვილად მიატოვოს საკუთარი მისწრაფებები და იმედები? და ვის შეუძლია, შეაჩეროს საკუთარი ნაბიჯები და შეწყვიტოს საკუთარი თავისთვის გეგმების შედგენა? ღმერთს სჭირდება ისინი, ვინც მასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს მისი მმართველობის განსახორციელებლად. მას სჭირდება ისინი, ვინც მთელი გონებითა და სხეულით თავს მიუძღვნის მისი მმართველობის საქმეს, რათა მას დაემორჩილოს. მას არ სჭირდება ადამიანები, რომლებიც მისგან ყოველდღე ხელგაწვდილნი ითხოვენ, და, მით უმეტეს, ისინი, ვინც ცოტას ხარჯავენ მისთვის და შემდეგ იცდიან, რომ მისგან სანაცვლო მოითხოვონ. ღმერთს სძულს ისინი, ვინც უმნიშვნელო წვლილს შეიტანს და მერე მიღწეულით თავს იწონებს. მას სძულს ის გულქვა ადამიანები, რომლებიც მის მმართველობის საქმეს ანტიპათიურად ეკიდებიან და მხოლოდ სამოთხეში მოხვედრასა და კურთხევის მიღებაზე საუბარი სურთ. მას კიდევ უფრო მეტად სძულს ისინი, ვინც საკუთარი სარგებლისთვის იყენებს მისი ხსნის საქმით შექმნილ შესაძლებლობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს არასოდეს აინტერესებდათ, რისი მიღწევა და მოპოვება უნდა ღმერთს თავისი მმართველობის საქმით. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ ღვთის საქმით შექმნილი შესაძლებლობა კურთხევების მისაღებად. ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ ღმერთის გულს, რადგან მთლიანად საკუთარი მომავლითა და ბედით არიან მოცული. ისინი, ვინც ანტიპათიურად არიან განწყობილნი ღვთის მმართველობის საქმის მიმართ და ვისაც მცირედითაც კი არ აინტერესებს, როგორ იხსნის ღმერთი კაცობრიობას და რა არის მისი განზრახვები, აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც თავად მოსწონთ ღვთის მმართველობის საქმის ფარგლებს გარეთ. მათი მოქმედებები ღმერთს არ ახსოვს და არც იწონებს, და, მით უმეტეს, ღმერთი მათ კეთილგანწყობით არ უყურებს.

კოსმოსისა და ცის თაღის უკიდეგანო სივრცეში უთვალავი ქმნილება ცხოვრობს და მრავლდება, სიცოცხლის კანონის უსასრულო წრეს მიჰყვება და ერთ უცვლელ წესს ემორჩილება. ვინც კვდება, თან მიაქვს ცოცხალთა ამბები, ხოლო ვინც ცოცხალია, იმეორებს გარდაცვლილთა ტრაგიკულ ისტორიას. ამიტომ კაცობრიობა იძულებულია, ჰკითხოს საკუთარ თავს: რატომ ვცხოვრობთ? და რატომ გვიწევს სიკვდილი? ვინ მართავს ამ სამყაროს? და ვინ შექმნა ეს კაცობრიობა? ნუთუ კაცობრიობა მართლაც ბუნებამ შექმნა? ნუთუ ადამიანი მართლაც თავად აკონტროლებს საკუთარ ბედს? … ეს კითხვებია, რომლებსაც კაცობრიობა განუწყვეტლივ სვამდა ათასობით წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რაც უფრო შეპყრობილი ხდებოდა ადამიანი ამ კითხვებით, მით უფრო უძლიერდებოდა წყურვილი მეცნიერების მიმართ. მეცნიერება ადამიანს ხანმოკლე კმაყოფილებასა და დროებით ხორციელ სიამოვნებას აძლევს, მაგრამ სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ გაათავისუფლოს იგი მარტოობის, განმარტოების და სულის სიღრმეში ძლივს დაფარული შიშისა და უმწეობისგან. კაცობრიობა იყენებს მხოლოდ იმ სამეცნიერო ცოდნას, რომელსაც ხედავს შეუიარაღებელი თვალით და იაზრებს გონებით, რათა გული გაიყუჩოს. თუმცა ასეთი სამეცნიერო ცოდნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კაცობრიობამ შეწყვიტოს საიდუმლოებათა ძიება. კაცობრიობამ უბრალოდ არ იცის, ვინ არის სამყაროსა და ყოველივეს მბრძანებელი, და, მით უმეტეს, არ იცის კაცობრიობის დასაწყისი და მომავალი. ადამიანი უბრალოდ ცხოვრობს იძულებით ამ კანონის ფარგლებში. ვერავინ გაექცევა მას და ვერავინ შეცვლის მას, რადგან ყოველივეში და ზეცაშიც არსებობს მხოლოდ ერთი მარადისობიდან მარადისობამდე, ვისაც აქვს უზენაესი ძალაუფლება ყველაფერზე. ის არის, ვინც ადამიანს არასოდეს უხილავს, ის, ვისაც კაცობრიობა არასოდეს იცნობდა, და ვისი არსებობაც კაცობრიობას არასოდეს სწამდა — და მაინც, სწორედ მან შთაბერა სუნთქვა კაცობრიობის წინაპრებს და სიცოცხლე მისცა კაცობრიობას. ის არის, ვინც უზრუნველყოფს და კვებავს კაცობრიობას, რათა არსებობა შეძლოს; და ის არის, ვინც კაცობრიობას დღემდე უძღვება. გარდა ამისა, ის და მხოლოდ ის არის, ვისზეც კაცობრიობა დამოკიდებულია არსებობისთვის. მას აქვს უზენაესი ძალაუფლება ყოველივეზე და სამყაროში არსებულ ყველა ცოცხალ არსებაზე. ის განაგებს ოთხივე სეზონს და სწორედ ის აწესრიგებს ქარის, ყინვის, თოვლისა და წვიმის მონაცვლეობას. ის აძლევს კაცობრიობას მზის სინათლეს და მოაქვს ღამე. სწორედ მან შექმნა ცა და მიწა, ადამიანს მისცა მთები, ტბები და მდინარეები და მათში არსებული ყველა ცოცხალი არსება. მისი საქმეები ყველგან ვრცელდება, მისი ძალა ყველგან ვრცელდება, მისი სიბრძნე ყველგან ვრცელდება და მისი ძალაუფლება ყველგან ვრცელდება. თითოეული ეს კანონი და წესი მისი საქმეების განსახიერებაა, მისი სიბრძნისა და ძალაუფლების გამოვლინებაა. ვის შეუძლია, თავი აარიდოს მის უზენაეს ძალაუფლებას? და ვის შეუძლია, განთავისუფლდეს მისი ჩანაფიქრებისგან? ყოველივე მისი მზერის ქვეშ არსებობს და მეტიც, ყოველივე ცხოვრობს მისი უზენაესი ძალაუფლების ქვეშ. მისი საქმეები და მისი ძალა კაცობრიობას არჩევანს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ აღიაროს ფაქტი - ის ნამდვილად არსებობს და ყოველივეზე აქვს უზენაესი ძალაუფლება. მის გარდა ვერავინ შეძლებს სამყაროს მართვას და, მით უმეტეს, ამ კაცობრიობის განუწყვეტლივ უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა ღვთის საქმეების ამოცნობას და, მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა ღმერთის არსებობის, ეჭვგარეშეა, რომ შენი ბედი ღმერთის მიერ არის განსაზღვრული და ეჭვგარეშეა ისიც, რომ ღმერთს ყოველთვის ექნება უზენაესი ძალაუფლება ყოველივეზე. მისი არსებობა და ხელისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, აღიარებს და შეიცნობს თუ არა ამას ადამიანი. მხოლოდ მან იცის ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი, და მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს კაცობრიობის ბედი. მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა ამ ფაქტის მიღებას, დიდი დრო არ გავა და კაცობრიობა ყველაფერს ამას საკუთარი თვალით იხილავს; ეს არის ფაქტი, რომელსაც ღმერთი მალე რეალობად აქცევს. კაცობრიობა ღმერთის თვალწინ ცხოვრობს და კვდება. ადამიანი ღვთის მმართველობისთვის ცხოვრობს და როდესაც მისი თვალები საბოლოოდ იხუჭება, ისიც ამ მმართველობისთვის იხუჭება. ადამიანი მუდმივად მოდის და მიდის, წინ და უკან. გამონაკლისის გარეშე, ეს ყველაფერი ღვთის უზენაესი ძალაუფლებისა და მისი განგების ნაწილია. ღვთის მმართველობა განუწყვეტლივ წინ მიიწევს; ის არასოდეს შეჩერებულა. ის აიძულებს კაცობრიობას, შეიცნოს მისი არსებობა, დაიჯეროს მისი უზენაესი ძალაუფლება, დაანახოს თავისი საქმეები და დააბრუნოს თავის სამეფოში. ეს არის მისი გეგმა და საქმე, რომელსაც ის ათასობით წლის განმავლობაში წარმართავს.

ღვთის მმართველობის საქმე სამყაროს შექმნისთანავე დაიწყო და ამ საქმის ცენტრში ადამიანი დგას. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა თითოეული არსება. ვინაიდან მისი მმართველობის საქმე ათასობით წელს მოიცავს და არ დასრულებულა რამდენიმე წუთში ან წამში, არც თვალის დახამხამებაში და არც ერთ–ორ წელიწადში, მას უწევდა, შეექმნა ადამიანების არსებობისთვის აუცილებელი მრავალი რამ, როგორიცაა, მზე, მთვარე, სხვადასხვა ცოცხალი არსება, საკვები და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო. ეს იყო ღვთის მმართველობის დასაწყისი.

ამის შემდეგ, ღმერთმა კაცობრიობა სატანას გადასცა და ადამიანი სატანის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობდა, რამაც თანდათანობით მიიყვანა ღვთის საქმის პირველ ეპოქამდე — კანონის ეპოქის ისტორიამდე… კანონის ეპოქის განმავლობაში, რამდენიმე ათასი წლის მანძილზე, კაცობრიობა შეეჩვია კანონის ეპოქის ხელმძღვანელობას და ეს ბუნებრივად მიაჩნდა. თანდათანობით ადამიანმა დატოვა ღვთის მზრუნველობაზე ფიქრი. ამგვარად, კანონის დაცვასთან ერთად ისინი ასევე თაყვანს სცემდნენ კერპებს და ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ. ისინი იეჰოვას დაცვის გარეშე იყვნენ და უბრალოდ საკურთხეველთან ცხოვრობდნენ ტაძარში. სინამდვილეში, ღვთის საქმემ ისინი დიდი ხნის წინ დატოვა; და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიანები კვლავაც ეჭიდებოდნენ კანონს, ახსენებდნენ იეჰოვას სახელს და ამაყად სჯეროდათ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ იეჰოვას ხალხი და იეჰოვას რჩეულნი, ღვთის დიდებამ ჩუმად მიატოვა ისინი…

როდესაც ღმერთი თავის საქმეს ახორციელებს, ის ყოველთვის ჩუმად ტოვებს ერთ ადგილს და წყნარად აღასრულებს ახალ საქმეს, რომელსაც სხვა ადგილას იწყებს. ეს წარმოუდგენლად ეჩვენებათ ადამიანებს, რომლებიც გაყინულები არიან. ადამიანები ყოველთვის აფასებდნენ ძველს და ახალ, უცნობ საკითხებს მტრულად უყურებდნენ ან გამაღიზიანებლად მიიჩნევდნენ. ამგვარად, რა ახალ საქმესაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, დასაწყისიდან ბოლომდე, ადამიანი არის უკანასკნელი, ყოველივეს შორის, ვინც ამის შესახებ იგებს.

როგორც ყოველთვის ხდებოდა, კანონის ეპოქაში იეჰოვას საქმის დასრულების შემდეგ, ღმერთმა დაიწყო თავისი ახალი საქმე — მეორე ეტაპი: შეისხა რა ხორცი, ათი, ოცი წლის განმავლობაში რჩებოდა ადამიანად, საუბრობდა და თავის საქმეს ეწეოდა მორწმუნეებს შორის. თუმცა გამონაკლისის გარეშე, ამის შესახებ არავინ იცოდა; და მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანმა აღიარა, რომ ის იყო ღმერთი, რომელმაც ხორცი შეისხა მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს და აღდგა. პრობლემა ისიც იყო, რომ გამოჩნდა ერთი ვინმე, სახელად პავლე, რომელმაც თავი ღმერთის მოსისხლე მტრად განსაზღვრა. მას შემდეგაც კი, რაც დაეცა და მოციქული გახდა, პავლემ არ შეიცვალა თავისი ძველი ბუნება და კვლავაც აგრძელებდა ღვთის საწინააღმდეგო გზაზე სვლას. თავისი მუშაობის პერიოდში, პავლემ მრავალი ეპისტოლე დაწერა; სამწუხაროდ, მომდევნო თაობებმა მისი ეპისტოლეები ღვთის სიტყვებად შეინახეს, ისინი ახალ აღთქმაშიც კი შეიტანეს და ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში აურიეს. წმინდა წერილის გაჩენის შემდეგ ეს არის უდიდესი სირცხვილი! განა ეს შეცდომა ადამიანის უკიდურესი სიბრიყვის გამო არ იქნა დაშვებული? მათ არ იცოდნენ, რომ მადლის ეპოქაში ღვთის მოღვაწეობის შესახებ ჩანაწერებში არ უნდა ყოფილიყო ადამიანის ეპისტოლეები ან სულიერი ნაწერები როგორც ღვთის საქმისა და სიტყვების განსახიერება. მაგრამ ეს სხვა საკითხია, ამიტომ დავუბრუნდეთ ჩვენს საწყის თემას. როგორც კი დასრულდა ღვთის მოღვაწეობის მეორე ეტაპი — ჯვარცმის შემდეგ — აღსრულდა ღვთის საქმე, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის ცოდვისგან გამოხსნას (რაც ნიშნავს ადამიანის გამოხსნას სატანის ხელთაგან). ამგვარად, ამ მომენტიდან მოყოლებული, კაცობრიობას უბრალოდ მართებდა, რომ უფალი იესო მხსნელად ეღიარებინა და მიეტევებოდა ცოდვები. ნომინალურად რომ ვთქვათ, ადამიანის ცოდვები აღარ იყო ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა, მიეღწია ხსნისთვის და წარმდგარიყო ღვთის წინაშე, და აღარ იყო ის ბერკეტი, რომლითაც სატანა ადამიანს ადანაშაულებდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ თავად ღმერთმა შეასრულა პრაქტიკული სამუშაო, გახდა ცოდვილი ხორცის მსგავსება და წინასახე, და თავად ღმერთი იყო ცოდვის მსხვერპლი. ამგვარად, ადამიანი ჩამოვიდა ჯვრიდან და გამოსყიდული და გადარჩენილი იქნა ღვთის ხორცით — ამ ცოდვილი ხორცის მსგავსებით. ასე რომ, სატანის მიერ ტყვედ აყვანის შემდეგ, ადამიანი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა იმას, რომ მიეღო ხსნა ღვთის წინაშე. რა თქმა უნდა, სამუშაოს ეს ეტაპი უფრო ღრმა და განვითარებული იყო, ვიდრე ღვთის მმართველობა კანონის ეპოქაში.

ასეთია ღვთის მმართველობა: გადასცეს კაცობრიობა სატანას — კაცობრიობა, რომელმაც არ იცის, რა არის ღმერთი, ვინ არის შემოქმედი, როგორ სცეს თაყვანი ღმერთს ან რატომ არის საჭირო მისი მორჩილება — და ნება მისცეს სატანას, გახრწნას ის. ღმერთი ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოიხსნის ადამიანს სატანის ხელთაგან, სანამ ადამიანი სრულად არ დაიწყებს ღმერთის თაყვანისცემას და არ უარყოფს სატანას. ეს არის ღვთის მმართველობა. ეს შეიძლება მითიურ ამბავს ჰგავდეს და დამაბნეველიც იყოს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს მითიური ისტორიაა, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რამდენი რამ გადახდა თავს ადამიანს ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, მით უმეტეს, არ იციან, რამდენი ისტორია მომხდარა კოსმოსსა და ცის თაღზე. უფრო მეტიც, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ შეუძლიათ, დააფასონ ის უფრო გასაოცარი და შიშის მომგვრელი სამყარო, რომელიც მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს, მაგრამ რომლის დანახვასაც მათი მოკვდავი თვალებით ვერ ახერხებენ. ეს ადამიანისთვის გაუგებარია, რადგან მას არ ესმის კაცობრიობის ღვთისმიერი ხსნის მნიშვნელობა ან მისი მმართველობის საქმის მნიშვნელობა; მას არ ესმის, საბოლოოდ როგორი სურს ღმერთს, რომ იყოს კაცობრიობა. სატანისგან სრულიად გაურყვნელი, როგორებიც ადამი და ევა იყვნენ? არა! ღვთის მმართველობის მიზანია, შეკრიბოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თაყვანს სცემს ღმერთს და მისი მორჩილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი სატანამ გარყვნა, ისინი სატანას საკუთარ მამად აღარ მიიჩნევენ; ისინი ცნობენ სატანის ამაზრზენ სახეს და უარყოფენ მას; მოდიან ღვთის წინაშე, რათა მიიღონ მისი განსჯა და სასჯელი. ისინი აცნობიერებენ კონტრასტს მახინჯსა და წმინდას შორის და აღიარებენ ღვთის სიდიადესა და სატანის ბოროტებას. ასეთი კაცობრიობა აღარ ემსახურება სატანას, აღარ ეთაყვანება სატანას და აღარ განადიდებს სატანას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არიან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღმერთმა ნამდვილად მოიპოვა. ეს არის ღმერთის მიერ კაცობრიობის მმართველობის საქმის მნიშვნელობა. ღვთის მმართველობის ამჟამინდელ პერიოდში, კაცობრიობა არის სატანის მიერ გახრწნის, ასევე, ღვთის ხსნის ობიექტი; ადამიანი არის ის „პროდუქტი“, რომლისთვისაც ღმერთი და სატანა იბრძვიან. თავისი საქმის შესრულებისას, ღმერთი თანდათანობით იხსნის ადამიანს სატანის ხელთაგან და ამგვარად, ადამიანი უფრო და უფრო უახლოვდება ღმერთს...

შემდეგ დადგა სამეფოს ეპოქა, რომელიც მოღვაწეობის უფრო პრაქტიკული ეტაპია, თუმცა, ამავდროულად, ადამიანისთვის ყველაზე რთულად მისაღები. ეს იმიტომ ხდება, რომ რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო უახლოვდება მას ღვთის კვერთხი და მით უფრო ნათლად ეცხადება ადამიანს ღვთის სახე. კაცობრიობის გამოხსნის შემდეგ, ადამიანი ოფიციალურად უბრუნდება ღვთის ოჯახს. ადამიანი ფიქრობდა, რომ ახლა ტკბობის დრო იყო, თუმცა ის ღვთის მხრიდან ისეთი პირდაპირი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა, როგორსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა: როგორც აღმოჩნდა, ეს არის ნათლობა, რომლითაც ღვთის ხალხი უნდა „დატკბეს“. ასეთი მოპყრობისას, ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეჩერდნენ და დაფიქრდნენ: „მე ვარ მრავალი წლის წინ დაკარგული კრავი, რომლის გამოსასყიდადაც ღმერთმა ამდენი გაიღო, მაშინ რატომ მეპყრობა ღმერთი ასე? ეს ჩემი მასხრად აგდების და ჩემი მხილების გზაა?...“ მრავალწლიანი გამოცდილების, განსაცდელისა და სასჯელის სიმძიმის გავლის შემდეგ, ადამიანი ცხოვრებისეულ ქარტეხილებს ეზიარა. მიუხედავად იმისა, რომ წარსული დროის „დიდება“ და „რომანტიკა“ ადამიანისთვის დაიკარგა, მან, თავადაც გაუცნობიერებლად, დაიწყო საკუთარი ქცევის პრინციპების და იმ მრავალწლიანი გულმოდგინე ზრახვების გააზრება, რაც ღმერთს კაცობრიობის გადასარჩენად აქვს. ნელ-ნელა ადამიანი იწყებს საკუთარი ბარბაროსობის, მისი მოთვინიერების სირთულის, ღმერთის შესახებ ყველა არასწორი წარმოდგენისა და მის მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნების სიძულვილს. დრო უკან ვერ დაბრუნდება. წარსული მოვლენები ხდება მოგონებები, რომლებსაც ადამიანი ნანობს, ხოლო ღვთის სიტყვები და სათუთი სიყვარული ადამიანის ახალი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა ხდება. ადამიანის ჭრილობები დღითი დღე შუშდება, მისი სხეული ძლიერდება და ის ფეხზე დგება და ყოვლისშემძლის სახეს ხედავს... აღმოჩნდა, რომ ის მუდამ ჩემ გვერდით იყო, მმფარველობდა. მისი ღიმილი და მშვენიერი სახე კვლავინდებურად აღელვებს, მისი გული კვლავინდებურად ზრუნავს მის მიერ შექმნილ კაცობრიობაზე, მისი ხელები ისეთივე თბილი და ძლიერია, როგორიც დასაბამიდან იყო. თითქოს ადამიანი ედემის ბაღის დროში დაბრუნდა, თუმცა ახლა ის აღარ უსმენს გველის ცდუნებებს და აღარ ემალება იეჰოვას. ადამიანი მუხლს იდრეკს, რათა თაყვანი სცეს ღმერთს, მის მოღიმარ სახეს შესცქერის და სწირავს თავის უძვირფასეს შესაწირს — ოჰ! ჩემო უფალო, ჩემო ღმერთო!

ღვთის სიყვარული და წყალობა აღწევს მისი მმართველობის საქმის თითოეულ დეტალში და, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს, გაიგონ ღვთის გულმოდგინე ზრახვები, ის დაუცხრომელი შეუპოვრობით ასრულებს იმ საქმეს, რომლის განხორციელებასაც აპირებს. იმის მიუხედავად, თუ რამდენად ესმით ადამიანებს ღვთის მმართველობა, ღვთის საქმის სარგებლისა და სიკეთის გამოცდა ყველას შეუძლია. შესაძლოა, დღეს თქვენ ვერ გრძნობთ ღვთის სიყვარულსა და მის სასიცოცხლო ძალას, მაგრამ თუ არ მიატოვებთ ღმერთს და არ იტყვით უარს თქვენს გადაწყვეტილებაზე, ეძიოთ ჭეშმარიტება, დადგება დღე, როდესაც ღვთის მოღიმარი სახე თქვენ წინ გამოჩნდება. ვინაიდან ღვთის მმართველობის საქმის მიზანი სატანის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ადამიანების დაბრუნებაა და არა იმ ადამიანების მიტოვება, რომლებიც სატანამ გახრწნა და ღმერთს დაუპირისპირა.

23 სექტემბერი, 2005 წ.

წინა: დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

შემდეგი: ბოლოთქმა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება