თავად ღმერთი, ერთადერთი VIII

ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა (II)

ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას ჩვენს წინა თემაზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა იყო ჩვენი თანაზიარების თემა წინა ჯერზე? (ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა.) ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა — ძალიან შორეულად ხომ არ გეჩვენებათ ეს თემა? თუ თქვენს გულებში უკვე გაქვთ მისი გარკვეული საწყისი გაგება? შეუძლია ვინმეს მოკლედ ისაუბროს იმაზე, თუ რა იყო ამ თემაზე ჩვენი წინა თანაზიარების მთავარი საკითხი? (ღვთის მიერ შექმნილი ყოველივეს მეშვეობით ვხედავ, რომ იგი ასაზრდოებს ყოველივეს და ასაზრდოებს კაცობრიობას. წარსულში მუდამ ვფიქრობდი, რომ ღმერთი ადამიანს მხოლოდ იმით უზრუნველყოფდა, რომ თავის რჩეულ ხალხს საკუთარი სიტყვებით უზრუნველყოფდა; იმ კანონებში, რომლებიც ყოველივეს მართავს, არასოდეს დამინახავს, რომ ღმერთი კაცობრიობას ასაზრდოებს. მხოლოდ ჭეშმარიტების ამ ასპექტზე ღვთის თანაზიარების მეშვეობით გავაცნობიერე, რომ იგია ყოველივეს წყარო, რომ ყოველივეს სიცოცხლე მის მიერ არის უზრუნველყოფილი, რომ ღმერთი აწესრიგებს ამ კანონებს და ასაზრდოებს ყოველივეს. ღვთის მიერ ყოველივეს შექმნაში მე ვხედავ მის სიყვარულს.) წინა ჯერზე ჩვენი თანაზიარება ძირითადად იმას ეხებოდა, თუ როგორ დაუდგინა ღმერთმა ყოველივეს კანონები და წესები მისი შექმნისას. ამგვარი წესებისა და კანონების შესაბამისად, ყოველივე ცოცხლობს, კვდება და თანაარსებობს ადამიანთან ღვთის ხელმწიფების ქვეშ და ღვთის თვალწინ. თავდაპირველად ვისაუბრეთ ღვთის მიერ ყოველივეს შექმნაზე და მისივე მეთოდების გამოყენებაზე იმ კანონების, ტრაექტორიებისა და კანონზომიერებების განსასაზღვრად, რომლებიც ყოველივეს სიცოცხლესა და ზრდას მართავს. მან ასევე განსაზღვრა ამ მიწაზე ყოველივეს გადარჩენის გზები, რათა ყოველივე კვლავაც იზრდებოდეს, მრავლდებოდეს და გადარჩენისთვის ერთმანეთზე იყოს დამოკიდებული. ამგვარი მეთოდებითა და კანონებით ყოველივეს შეუძლია შეუფერხებლად და უსაფრთხოდ იცოცხლოს და გაიზარდოს ამ მიწაზე. მხოლოდ ასეთი გარემოს პირობებში შეუძლია კაცობრიობას, ჰქონდეს სტაბილური სახლი და სტაბილური საცხოვრებელი გარემო, მუდამ წინ მიიწევდეს ღვთის გაძღოლით — მუდამ წინ.

წინა ჯერზე ჩვენ განვიხილეთ ღვთის მიერ ყოველივეს უზრუნველყოფის ძირითადი ცნება: ღმერთი ამგვარად უზრუნველყოფს ყოველივეს, რათა ყოველივემ იარსებოს და იცოცხლოს კაცობრიობის საკეთილდღეოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი გარემო ღვთის მიერ დადგენილი კანონების წყალობით არსებობს. კაცობრიობას თავისი ახლანდელი საცხოვრებელი გარემო მხოლოდ ღვთის მიერ ამგვარი კანონების შენარჩუნებისა და კონტროლის წყალობით გააჩნია. წინა ჯერზე განხილულ საკითხსა და ღვთის იმ შემეცნებას შორის, რომელზეც წარსულში ვსაუბრობდით, დიდი სხვაობაა, რომელზეც წარსულში ვსაუბრობდით. რა არის ამ ნახტომის არსებობის მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ როდესაც წარსულში ღვთის შემეცნებაზე ვსაუბრობდით, ჩვენ ვსაუბრობდით ღვთის მიერ კაცობრიობის ხსნისა და მართვის ფარგლებში — ანუ ღვთის რჩეული ხალხის ხსნისა და მართვის ფარგლებში — და სწორედ ამ ფარგლებში ვსაუბრობდით ღვთის შემეცნებაზე, ღვთის საქმეებზე, მის ხასიათზე, იმაზე, რაც მას გააჩნია, და მის არსებაზე, მის განზრახვებზე და იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს იგი ადამიანს ჭეშმარიტებითა და სიცოცხლით. თუმცა თემა, რომელიც წინა ჯერზე განვიხილეთ, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიბლიის შინაარსითა და ღვთის მიერ თავისი რჩეული ხალხის ხსნის ფარგლებით. პირიქით, ეს თემა სცდება ამ ფარგლებს, გამოდის ბიბლიისა და საქმის იმ სამი ეტაპის საზღვრებიდან, რომელსაც ღმერთი თავის რჩეულ ხალხზე ასრულებს, და ნაცვლად ამისა, თავად ღმერთს განიხილავს, და თავად ღმერთს ეხება. ამრიგად, როდესაც ისმენ ჩემი თანაზიარების ამ ნაწილს, ღვთის შემეცნება არ უნდა შეზღუდო ბიბლიითა და ღვთის საქმის სამი ეტაპით. ამის ნაცვლად, ფართო თვალთახედვა უნდა შეინარჩუნო; უნდა დაინახო ღვთის საქმეები, ის, რაც მას გააჩნია, და მისი არსება ყოველივეში, აგრეთვე ის, თუ როგორ ხელმწიფებს იგი ყოველივეზე და როგორ მართავს ყოველივეს. ამ მეთოდითა და ამ საფუძველზე შეგიძლია დაინახო, თუ როგორ უზრუნველყოფს ღმერთი ყოველივეს, რაც საშუალებას გაძლევს გაიგო, რომ ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის ჭეშმარიტი წყაროა და რომ ეს, ფაქტობრივად, თავად ღვთის ჭეშმარიტი ვინაობაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის ვინაობა, სტატუსი და ხელმწიფება, ყველაფერი, რაც მას გააჩნია, განკუთვნილია არა მხოლოდ მათთვის, ვინც ახლა მიჰყვება მას — განკუთვნილია არა მხოლოდ თქვენთვის, ადამიანთა ამ ჯგუფისთვის — არამედ განკუთვნილია ყოველივესთვის. ამრიგად, ცნება „ყოველივე“ მეტად ბევრ რამეს მოიცავს. მე ვიყენებ ტერმინს „ყოველივე“, რათა აღვწერო ყველაფერზე ღვთის ხელმწიფების ფარგლები, რადგან მინდა გითხრათ, რომ ის, რაზეც ღმერთი ხელმწიფებს, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რისი დანახვაც საკუთარი თვალებით შეგიძლიათ. იგი მოიცავს არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, რომლის დანახვაც ყველას შეუძლია, არამედ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულ სხვა სამყაროსაც, რომლის დანახვაც ადამიანის თვალს არ ძალუძს, და, უფრო მეტიც, იმ სივრცესა და პლანეტებსაც, რომლებიც კაცობრიობის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიღმაა. სწორედ ეს არის ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების ფარგლები. ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების ფარგლები მეტად ფართოა. რაც შეეხება იმას, რაც უნდა გესმოდეთ, რაც უნდა დაინახოთ და რაც უნდა იცოდეთ, აუცილებელი და სავალდებულოა, რომ თითოეულ თქვენგანს ესმოდეს ეს ყოველივე, ხედავდეს მას და ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ყოველივე“ მართლაც მეტად ბევრ რამეს მოიცავს, მე არ გესაუბრებით ამ ცნებაში შემავალ იმ საგნებზე, რომელთა დანახვის საშუალებაც არ გაქვთ ან რომლებთანაც შეხება არ შეგიძლიათ. მე მხოლოდ ამ ცნებაში შემავალ იმ საგნებზე გესაუბრებით, რომლებთან შეხებაც ადამიანებს შეუძლიათ, რომელთა გაგება და წვდომაც ძალუძთ, რათა ყველამ შეძლოს ფრაზის „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“ ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაცნობიერება. ამგვარად, თქვენთან ჩემი თანაზიარების არც ერთი სიტყვა არ იქნება ფუჭი.

ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა. წინა ჯერზე ჩვენ გამოვიყენეთ ამბების თხრობის ხერხი, რათა ეს თემა მარტივად მიმოგვეხილა. შედეგად, ადამიანებს გულში ძირითადი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს ღმერთი ყოველივეს. რა არის თქვენთვის ამ ძირითადი ცნების გადმოცემის მიზანი? მიზანი ისაა, რომ ადამიანებმა გაიგონ: ბიბლიაში ჩაწერილი საქმისა და მისი საქმის სამი ეტაპის გარდა, ღმერთი ასევე ასრულებს გაცილებით მეტ საქმეს, რომლის დანახვა ან რომელთან შეხებაც ადამიანებს არ შეუძლიათ — საქმეს, რომელსაც თავად ღმერთი პირადად აღასრულებს. ღმერთი მხოლოდ თავის რჩეულ ხალხს რომ გასძღოლოდა წინ და ამ საქმეთაგან არცერთი რომ არ არსებულიყო მისი მართვის საქმის მიღმა, მაშინ ამ კაცობრიობისთვის, ყველა თქვენგანის ჩათვლით, ძალიან რთული იქნებოდა წინსვლის გაგრძელება. ეს კაცობრიობა და ეს სამყარო ასევე ვეღარ განაგრძობდა განვითარებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს თქვენთან თანაზიარება მქონდეს სიტყვებზე: „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“.

ძირითადი საცხოვრებელი გარემო, რომელსაც ღმერთი კაცობრიობისთვის ქმნის

ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა და ვრცელი მასალა, რომლებიც უკავშირდება სიტყვებს „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“, მაგრამ იცით თუ არა თქვენს გულებში, რას უბოძებს ღმერთი კაცობრიობას, გარდა იმისა, რომ უზრუნველგყოფთ თავისი სიტყვით და თქვენზე აღასრულებს გაკიცხვისა და განკითხვის საქმეს? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ღმერთი მიბოძებს მადლსა და კურთხევებს; იგი მწრთვნის და მანუგეშებს და ყოველმხრივ ზრუნავს ჩემზე და მფარველობს“. სხვები იტყვიან: „ღმერთი მიბოძებს ყოველდღიურ საჭმელსა და სასმელს“, ზოგიერთი კი იმასაც იტყვის: „ღმერთმა ყველაფერი მიბოძა“. რაც შეეხება იმას, რასაც ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან, შესაძლოა ყველას გქონდეთ პასუხები, რომლებიც ხორციელი ცხოვრების თქვენეულ გამოცდილებას უკავშირდება. ღმერთი მართლაც მრავალ რამეს უბოძებს თითოეულ ადამიანს, მაგრამ ის, რასაც აქ განვიხილავთ, არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანთა ყოველდღიური საჭიროებებით. მისი მიზანი კი ისაა, თითოეულმა თქვენგანმა უფრო შორს გაიხედოს და ყოველივეს ფართო ჭრილში შეხედოს. რადგან ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა, როგორ უნარჩუნებს იგი სიცოცხლეს ყოველივეს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რას აძლევს ღმერთი მის მიერ შექმნილ ყოველივეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მისი არსებობის განმსაზღვრელი კანონზომიერებების დასაცავად, რათა ყოველივემ სიცოცხლე განაგრძოს? სწორედ ეს არის დღეს ჩვენი განხილვის მთავარი საკითხი. გესმით თუ არა ის, რაც ვთქვი? ეს თემა შესაძლოა თქვენთვის მეტად უცხო იყოს, მაგრამ მე არ ვისაუბრებ რაიმე მეტისმეტად ღრმა მოძღვრებაზე. ვეცდები, ისე ვისაუბრო, რომ თითოეულმა თქვენგანმა ნათქვამი გაიგოს. არავითარი ტვირთი არ უნდა იგრძნოთ — ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ყურადღებით მოსმენაა. თუმცა, ახლა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: რა არის ის თემა, რომელზეც ვსაუბრობ? მითხარით. (ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა.) მაშ, როგორ უზრუნველყოფს ღმერთი ყოველივეს? რას აწვდის იგი ყოველივეს ისეთს, რომ შეიძლება ითქვას: „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“? გაქვთ თუ არა რაიმე წარმოდგენა ან მოსაზრება ამის შესახებ? როგორც ჩანს, მე განვიხილავ თემას, რომელიც თქვენი გულებისა და გონებისთვის თითქმის სრულიად უცნობია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შეძლებთ იმ თემის, რომლის განხილვასაც ვაპირებ, და იმ სიტყვების, რომელთა თქმასაც ვაპირებ, ღვთის საქმეებთან დაკავშირებას; ნუ დაუკავშირებთ მათ რაიმე ცოდნას და ნურანაირად ნუ დააკავშირებთ მათ ადამიანურ კულტურასთან ან ადამიანურ კვლევებთან. მე ვსაუბრობ მხოლოდ ღმერთზე, თავად ღმერთზე. სწორედ ამას შეგახსენებთ. დარწმუნებული ვარ, გესმით, არა?

ღმერთმა მრავალი რამ უბოძა კაცობრიობას. მე დავიწყებ საუბარს იმაზე, რისი დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ, ანუ იმაზე, რისი შეგრძნებაც ძალუძთ. ეს ისაა, რისი გაგება და წვდომაც ადამიანებს თავიანთ გულებში შეუძლიათ. ამრიგად, მოდით, ჯერ მატერიალური სამყაროს განხილვით დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რით უზრუნველყო ღმერთმა კაცობრიობა.

ა. ჰაერი

პირველ რიგში, ღმერთმა შექმნა ჰაერი, რათა ადამიანმა სუნთქვა შეძლოს. ჰაერი არის ის, რასთანაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ შეხება და ის, რის გარეშეც არც ერთი წამით არ შეუძლიათ ყოფნა, მაშინაც კი, როცა სძინავთ. ღმერთმა შექმნა ჰაერი. ამ ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის: ეს არის ის, რაც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სუნთქვისთვის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად — ის, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, მაგრამ რისი შეგრძნებაც შესაძლებელია. ეს იყო ის, რაც ღმერთმა პირველად უბოძა ყოველივეს. ნუთუ ღმერთი ჰაერის უბრალოდ შექმნით შემოიფარგლა? როდესაც ღმერთმა ჰაერი შექმნა, იფიქრა თუ არა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სიმკვრივე? იფიქრა თუ არა იმაზე, რას უნდა შეიცავდეს ჰაერი? რას ფიქრობდა ღმერთი, როდესაც ჰაერს ქმნიდა? რატომ შექმნა ღმერთმა ჰაერი? რა იყო ამის მიზეზი? ადამიანებს სჭირდებათ ჰაერი — მათ უნდა ისუნთქონ. პირველ რიგში, ჰაერის სიმკვრივე ადამიანის ფილტვებისთვის შესაფერისი უნდა იყოს. იცის ვინმემ ჰაერის სიმკვრივე? ამის ცოდნა ადამიანებისთვის აუცილებელი არ არის; ამის ცოდნა საჭირო არ არის. ჩვენ არ ვიყენებთ მონაცემებს ჰაერის სიმკვრივეზე სასაუბროდ; საკმარისია ამ ცნების გაგება. ღმერთმა შექმნა ჰაერი ისეთი სიმკვრივით, რომელიც სუნთქვისას ადამიანის ფილტვებისთვის ყველაზე შესაფერისი იქნებოდა. ანუ, როდესაც ადამიანები მას შეისუნთქავენ, ის მათთვის შესაფერისია და მათ სხეულს ზიანს არ მიაყენებს. ეს არის ახსნა სიმკვრივესთან დაკავშირებით. შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას შეიცავს ჰაერი. პირველ რიგში, მისი შემადგენელი ნივთიერებები ადამიანებისთვის ტოქსიკური არ არის და არ აზიანებს მათ ფილტვებსა თუ მათ სხეულს. ღმერთს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მისი შეუფერხებლად შესუნთქვა, ხოლო მისმა კომპონენტებმა და შემადგენლობამ ხელი უნდა შეუწყოს ჰაერის შესუნთქვის შემდეგ მათ სისხლში ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას და ხელი შეუწყოს მათ სხეულსა და ფილტვებში არსებული გამოყენებული ჰაერის ნორმალურ ცვლას; გარდა ამისა, ჰაერი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ტოქსიკურ კომპონენტს. ღმერთს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა. ჰაერის ამ ორი თვისების შესახებ საუბრისას ამით რაიმე ცოდნის გადმოცემა არ მსურს; მე უბრალოდ მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ მის მიერ თითოეული რამის შექმნის მიღმა ღვთის საკუთარი ფიქრები დგას და რომ ყველაფერი, რაც მან შექმნა, საუკეთესოა. გარდა ამისა, რაც შეეხება ჰაერში მტვრის რაოდენობას, დედამიწაზე მტვრის, ქვიშისა და ნიადაგის რაოდენობას და ციდან დაშვებული სხვადასხვა სახის მტვრის რაოდენობას, ღმერთს ასევე აქვს გზები ამ ყველაფრის მოსაგვარებლად — მათ მოსაშორებლად ან გასაფანტად. მცირეოდენი მტვერიც რომ იყოს, ის ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ადამიანების სუნთქვას ან მათ სხეულს და ვერც მტვრის ნაწილაკების ზომა მიაყენებს რაიმე ზიანს ადამიანების სხეულს; ღმერთმა ყოველივე ეს მოაგვარა. ღმერთმა შექმნა ჰაერი. არის თუ არა რაიმე საიდუმლო ჰაერის შექმნაში? განა ჰაერის შესაქმნელად მხოლოდ ერთი შებერვა იყო საჭირო? (არა.) ღვთის მიერ ყველაზე მარტივი საგნის შექმნაშიც კი არის საიდუმლოებები, ღვთის ფიქრები და იდეები და ღვთის სიბრძნე. განა ღმერთი პრაქტიკული არ არის? (დიახ, არის.) ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ღმერთი მარტივ საგანს ქმნის, იგი ამ დროს კაცობრიობას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ჰაერი, რომელსაც ადამიანები სუნთქავენ, სუფთაა; ჰაერის შემადგენელი ნივთიერებები შესაფერისია ადამიანის სუნთქვისთვის, არატოქსიკურია და არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანებს; ჰაერის გაიშვიათების ხარისხიც შესაფერისია ადამიანის სუნთქვისთვის. ეს ჰაერი, რომელსაც ადამიანები შეისუნთქავენ და შემდეგ ამოისუნთქავენ, აუცილებელია ადამიანის სხეულისთვის — ადამიანის ხორცისთვის. სწორედ ამიტომ შეუძლიათ ადამიანებს ჰაერის თავისუფლად სუნთქვა, ყოველგვარი დაბრკოლებისა თუ შეშფოთების გარეშე. ამგვარად, მათ შეუძლიათ ნორმალურად სუნთქვა. ეს არის ის, რაც ღმერთმა შექმნა თავდაპირველად და რაც ადამიანებს სუნთქვისთვის სჭირდებათ — ჰაერი.

ბ. ტემპერატურა

მეორე, რასაც განვიხილავთ, არის ტემპერატურა. ყველამ იცის, რა არის ტემპერატურა. ტემპერატურა ადამიანის არსებობისთვის შესაფერისი გარემოს აუცილებელი პირობაა. ტემპერატურა მეტისმეტად მაღალი რომ იყოს — მაგალითად, დავუშვათ, ტემპერატურა ცელსიუსით ორმოც გრადუსზე მაღალი იყოს — განა ეს ადამიანებს ძალზე არ გამოფიტავდა? განა არ იქნებოდა ადამიანებისთვის დამღლელი ასეთ პირობებში ცხოვრება? და რა მოხდებოდა, ტემპერატურა მეტისმეტად დაბალი რომ ყოფილიყო — ცელსიუსით მინუს ორმოც გრადუსამდე რომ დაცემულიყო? ადამიანები ვერც ამას გაუძლებდნენ. ამიტომ ღმერთმა განსაკუთრებული სიზუსტე გამოიჩინა ტემპერატურის დიაპაზონის დადგენისას, ანუ იმ ტემპერატურული დიაპაზონისა, რომელსაც ადამიანის სხეულს შეუძლია შეეგუოს და რომელიც, მეტ-ნაკლებად, ცელსიუსით მინუს ოცდაათ და ორმოც გრადუსს შორისაა. ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე გადაჭიმულ ტერიტორიებზე ძირითადად ამ დიაპაზონში ექცევა. ცივ რეგიონებში ტემპერატურა შესაძლოა ცელსიუსით მინუს ორმოცდაათ ან მინუს სამოც გრადუსამდე დაეცეს. ასეთი რეგიონები არ არის ის ადგილები, სადაც ღმერთმა ადამიანთა ცხოვრება განიზრახა. მაშ, რატომ არსებობს ეს ყინულოვანი რეგიონები? ღმერთს თავისი სიბრძნე აქვს და ამასთან დაკავშირებით თავისი განზრახვები გააჩნია. იგი არ დაუშვებდა, რომ შენ ამ ადგილებს მიახლოებოდი. მეტისმეტად ცხელი და მეტისმეტად ცივი ადგილები ღვთის მიერ არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ დაუგეგმავს იქ ადამიანების ცხოვრება და რომ ეს ადგილები ადამიანებისთვის არ მომზადებულა. მაგრამ რატომ დაუშვებდა ღმერთი ასეთი ადგილების არსებობას დედამიწაზე? თუ ეს ის ადგილებია, სადაც ღმერთი არ დაუშვებდა ადამიანის დამკვიდრებას ან თუნდაც არსებობას, მაშინ რატომ შექმნიდა ღმერთი მათ? სწორედ ამაში მდგომარეობს ღვთის სიბრძნე. ანუ, ღმერთმა გონივრულად განსაზღვრა იმ გარემოს ტემპერატურული დიაპაზონი, რომელშიც ადამიანები არსებობენ. აქ ასევე მოქმედებს კანონზომიერება. ღმერთმა შექმნა გარკვეული საგნები ტემპერატურის შესანარჩუნებლად და გასაკონტროლებლად. რა არის ეს საგნები? პირველ რიგში, მზეს შეუძლია ადამიანებს სითბო მოუტანოს, მაგრამ შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ამ სითბოს გაძლება, როდესაც ის მეტისმეტად ძლიერია? არის ვინმე, ვინც ბედავს მზესთან მიახლოებას? არსებობს დედამიწაზე რაიმე სამეცნიერო ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია მზესთან მიახლოება? (არა.) რატომ არა? მზე მეტისმეტად ცხელია. ნებისმიერი რამ, რაც მეტისმეტად მიუახლოვდება, დადნება. ამიტომ ღმერთმა ასევე გარკვეული გამოთვლები ჩაატარა კაცობრიობის ზემოთ მზის სიმაღლესთან დაკავშირებით და შეასრულა გარკვეული საქმე ამ მხრივ. ღმერთს აქვს სტანდარტი ამ მანძილისთვის. გარდა ამისა, არსებობს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები, რომლებიც მყინვარებითაა დაფარული. შეუძლია კაცობრიობას მყინვარულ რეგიონებში ცხოვრება? არის თუ არა ასეთი ადგილები შესაფერისი ადამიანის არსებობისთვის? არა, ამიტომ ადამიანები არ მიდიან ამ ადგილებში. რადგან ადამიანები არ მიდიან სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე, მათი მყინვარები შენარჩუნებულია და საკუთარი დანიშნულების შესრულებასაც ახერხებს, რაც ტემპერატურის კონტროლია. გესმით, არა? რომ არ არსებობდეს სამხრეთ პოლუსი და ჩრდილოეთ პოლუსი, იმ პირობებში, როდესაც მზე მუდმივად ანათებს დედამიწას, დედამიწაზე ყველა სიცხისგან დაიღუპებოდა. მაგრამ ინარჩუნებს თუ არა ღმერთი ტემპერატურას ადამიანის არსებობისთვის შესაფერის დიაპაზონში მხოლოდ ამ ორი რამის მეშვეობით? არა. ასევე არსებობს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი, როგორიცაა ბალახი მდელოებზე და სხვადასხვა სახის ხე და მცენარე ტყეებში. ეს მცენარეულობა შთანთქავს მზის სითბოს და ამით ანეიტრალებს მზის თერმულ ენერგიას, რითაც არეგულირებს იმ გარემოს ტემპერატურას, რომელშიც კაცობრიობა ცხოვრობს. ასევე არსებობს ბუნებრივი წყლის სისტემები, როგორიცაა მდინარეები და ტბები. არავის შეუძლია განსაზღვროს იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც მდინარეები და ტბები ფარავს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი წყალია დედამიწაზე, სად მიედინება იგი, რა მიმართულებით მიედინება, როგორია მისი მოცულობა და რა სიჩქარით მიედინება, არავის შეუძლია რომელიმე მათგანის კონტროლი; მხოლოდ ღმერთმა იცის ეს ყოველივე. ამ სხვადასხვა ბუნებრივ წყლის სისტემას, მიწისქვეშა წყლებიდან დაწყებული მიწის ზედაპირზე ხილული მდინარეებითა და ტბებით დამთავრებული, ასევე შეუძლია დაარეგულიროს იმ გარემოს ტემპერატურა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, ასევე არსებობს ყოველგვარი გეოგრაფიული წარმონაქმნი, როგორიცაა მთები, ვაკეები, კანიონები და ჭარბტენიანი ტერიტორიები. ტემპერატურის რეგულირებაში როლის შესრულება შეუძლია როგორც ამ სხვადასხვა გეოგრაფიულ წარმონაქმნს, ისე იმ ტერიტორიის ზომასა და მასშტაბს, რომელსაც ის მოიცავს. მაგალითად, თუ ეს მთიანი ტერიტორია ასი კილომეტრის რადიუსში ვრცელდება, მას შეუძლია თავისი როლი შეასრულოს მთელ ამ რადიუსში. რაც შეეხება იმას, თუ ზუსტად რამდენი ასეთი ქედი და კანიონი შექმნა ღმერთმა დედამიწაზე, ღმერთმა ეს ყოველივე გაითვალისწინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის მიერ შექმნილი თითოეული საგნის გაჩენის მიღმა დგას ისტორია, აგრეთვე ღვთის სიბრძნე და გეგმები. განვიხილოთ, მაგალითად, ტყეები და ყველა სახის მცენარეულობა — იმ ტერიტორიის საზღვრები და ფართობი, სადაც ისინი არსებობს და იზრდება, ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება და ამ საკითხებს ვერავინ წყვეტს. მსგავსადვე, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია გააკონტროლოს, თუ რამდენ წყალს შთანთქავს ეს მცენარეულობა ან რამდენ თერმულ ენერგიას შთანთქავს მზისგან. ყოველივე ეს ექცევა იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ღმერთმა შეადგინა, როდესაც ყოველივე შექმნა.

მხოლოდ ღვთის გულდასმით დაგეგმვის, ყველაფრის გათვალისწინებისა და ყოველმხრივ ზედმიწევნითი მოწყობის წყალობით შეუძლია ადამიანს იცხოვროს ასეთი შესაფერისი ტემპერატურის მქონე გარემოში. ამიტომ, თითოეული საგანი, რომელსაც ადამიანი საკუთარი თვალით ხედავს, როგორიცაა მზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსები, რომელთა შესახებაც ადამიანებს ასე ხშირად ესმით, ისევე როგორც სხვადასხვა ცოცხალი არსება მიწაზე, მიწის ქვეშ და წყალში, ტყეებითა და სხვა სახის მცენარეულობით დაფარული სივრცის ფართობი, ბუნებრივი წყლის სისტემები, მათ შორის სხვადასხვა წყალსატევი და ზღვისა თუ მტკნარი წყლის რაოდენობა, ასევე სხვადასხვა გეოგრაფიული გარემო — ყოველივე ეს არის ის, რასაც ღმერთი იყენებს ადამიანის არსებობისთვის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ამ ყოველივეში უმცირესი შეცდომაც კი არ არის. მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთმა ეს ყოველივე გაითვალისწინა, შეუძლია ადამიანს იცხოვროს ასეთი შესაფერისი ტემპერატურის მქონე გარემოში. ტემპერატურა არც მეტისმეტად დაბალი უნდა იყოს და არც მეტისმეტად მაღალი: მეტისმეტად ცხელი ადგილები, სადაც ტემპერატურა აღემატება იმ ტემპერატურას, რომელთან შეგუებაც ადამიანის სხეულს შეუძლია, ნამდვილად არ არის ღვთის მიერ შენთვის მონიჭებული. მეტისმეტად ცივი ადგილები, სადაც ტემპერატურა მეტისმეტად დაბალია, სადაც ჩასვლის შემდეგ ადამიანები სულ რამდენიმე წუთში მთლიანად გაიყინებოდნენ, ისე, რომ საუბარს ვერ შეძლებდნენ, ტვინი გაეყინებოდათ, აზროვნების უნარს დაკარგავდნენ და მალევე სუნთქვაც შეეკვრებოდათ — ასეთი ადგილებიც არ არის ღვთის მიერ კაცობრიობისთვის განკუთვნილი. რა სახის კვლევის ჩატარებაც არ უნდა სურდეთ ადამიანებს, სიახლეების დანერგვას მოისურვებენ თუ ასეთი შეზღუდვების გადალახვას — რა ფიქრებიც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, ისინი ვერასოდეს შეძლებენ გასცდნენ ადამიანის სხეულის შეგუების უნარის საზღვრებს. ისინი ვერასოდეს შეძლებენ მოიშორონ ეს შეზღუდვები, რომლებიც ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა. რადგან ღმერთმა შექმნა ადამიანები, მან ყველაზე უკეთ იცის, რა ტემპერატურასთან შეგუება შეუძლია ადამიანის სხეულს, მაშინ როცა თავად ადამიანებმა ეს არ იციან. რატომ ვამბობ, რომ ადამიანებმა არ იციან? რა სისულელეები ჩაიდინეს ადამიანებმა? განა ბევრი ადამიანი არ ცდილობდა მუდმივად ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების დაძლევას? ასეთ ადამიანებს ყოველთვის სურდათ ამ ადგილებში წასვლა მიწის დასაკავებლად, რათა ამის გაკეთების შემდეგ, რაც შეიძლება მალე იქ ფესვები გაედგათ და აყვავებულიყვნენ. ეს აბსურდული ქმედება იქნებოდა. საფუძვლიანად რომც გამოიკვლიო პოლუსები, მერე რა? რომც შეძლო ასეთ ტემპერატურასთან შეგუება, იქ გადარჩენა და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ახლანდელი საცხოვრებელი გარემოს „გაუმჯობესება“, რა სარგებელს მოუტანს ეს კაცობრიობას? კაცობრიობას აქვს გარემო, რომელშიც მას შეუძლია არსებობა, თუმცა ადამიანები არ რჩებიან იქ მშვიდად და მორჩილად, არამედ დაჟინებით ცდილობენ წასვლას ისეთ ადგილებში, სადაც არსებობა არ შეუძლიათ. რას ნიშნავს ეს ქცევა? მათ მოჰბეზრდათ ასეთი შესაფერისი ტემპერატურის პირობებში ცხოვრება, მოუთმენლობა დაეუფლათ და მეტისმეტად ბევრი კურთხევით დატკბნენ. გარდა ამისა, კაცობრიობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ეს ნორმალური საცხოვრებელი გარემო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ სურთ წავიდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე და ისინიც დააზიანონ, განახორციელონ იქ რაიმე „დიადი წამოწყება“ და შექმნან რაიმე სახის „ნოვატორული მიღწევა“. განა ეს სისულელე არ არის? ანუ, თავისი წინაპრის, სატანის წინამძღოლობით, ეს კაცობრიობა კვლავაც ერთმანეთის მიყოლებით სჩადის აბსურდულ ქმედებებს, დაუფიქრებლად და აღვირახსნილად ანადგურებს იმ მშვენიერ სახლს, რომელიც ღმერთმა მისთვის შექმნა. ეს სატანის ნახელავია. უფრო მეტიც, ხედავს რა, რომ დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენა გარკვეულწილად საფრთხეშია, ბევრი ადამიანი ეძებს გზებს მთვარეზე წასასვლელად და იქ გადარჩენის საშუალების გამოსანახად, რათა ნახოს, შეძლებს თუ არა იქ ცხოვრებას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთვარეზე ჟანგბადი არ არის. შეუძლიათ ადამიანებს ჟანგბადის გარეშე არსებობა? რადგან მთვარეზე ჟანგბადი არ არის, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია დარჩენა, თუმცა ადამიანი მაინც ჯიუტად მიისწრაფვის იქ წასვლისკენ. რა უნდა ეწოდოს ამ ქცევას? ესეც თვითგანადგურებისკენ მიმართული ქცევაა. მთვარე უჰაერო ადგილია და მისი ტემპერატურა არ არის შესაფერისი ადამიანის არსებობისთვის — შესაბამისად, ეს არ არის ღვთის მიერ ადამიანისთვის განკუთვნილი ადგილი.

ტემპერატურა, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ, არის ის, რასაც ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან. ტემპერატურა არის ის, რისი შეგრძნებაც ყველა ადამიანის სხეულს შეუძლია, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ასეთი ტემპერატურა ან ვინ განაგებს ადამიანის არსებობისთვის შესაფერის ტემპერატურას და ვინ ხელმწიფებს მასზე. სწორედ ეს არის ის, რაც ახლა უნდა გავიგოთ. ვლინდება თუ არა ამაში ღვთის სიბრძნე? ჩანს თუ არა ამაში ღვთის საქმეები? (დიახ.) რაკი ღმერთმა კაცობრიობისთვის შექმნა გარემო ადამიანის არსებობისთვის შესაფერისი ტემპერატურული დიაპაზონით, არის თუ არა ეს ერთ-ერთი გზა, რომლითაც ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს? დიახ, არის.

გ. ხმა

რა არის მესამე საკითხი? ის ასევე კაცობრიობის ნორმალური საცხოვრებელი გარემოს არსებითი ნაწილია. ესეც ის საკითხი იყო, რომელიც ღმერთს უნდა მოეგვარებინა, როდესაც მან ყოველივე შექმნა. იგი მეტად მნიშვნელოვანია ღვთისთვის და თითოეული ადამიანისთვის. ღმერთს რომ არ ეზრუნა ამაზე, ეს დიდად შეუშლიდა ხელს კაცობრიობის გადარჩენას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას დიდი გავლენა ექნებოდა ადამიანის სხეულსა და ადამიანის სიცოცხლეზე და შესაძლოა შეუძლებელიც კი გაეხადა კაცობრიობის გადარჩენა ასეთ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი ცოცხალი ქმნილება ვერ შეძლებდა ასეთ გარემოში გადარჩენას, რომ ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ შეძლებდა ასეთ გარემოში არსებობას. მაშ, რა არის ეს, რაზეც ვსაუბრობ? მე ვსაუბრობ ხმაზე. ღმერთმა შექმნა ყველაფერი და ყველაფერი ღვთის ხელში ცოცხლობს. მის თვალწინ ღვთის ყველა ქმნილება მოძრაობს და ცოცხლობს. ამით იმას ვგულისხმობ, რომ ღვთის მიერ შექმნილი თითოეული რამის გადარჩენას თავისი ღირებულება აქვს, მის არსებობას კი — აზრი; ანუ, თითოეული მათგანის არსებობა აუცილებელია. ღვთის თვალში თითოეული მათგანი ცოცხალია და რადგან ყოველივე ცოცხალია, თითოეული მათგანი გამოსცემს ხმას. მაგალითად, დედამიწა მუდმივად ბრუნავს, მზე მუდმივად ბრუნავს და მთვარეც მუდმივად ბრუნავს. როდესაც ყოველივე ჩნდება, ვითარდება და მოძრაობს, ის მუდმივად გამოსცემს ხმას. ღვთის მიერ შექმნილი ყოველივე, რაც დედამიწაზე არსებობს, მუდმივად ჩნდება, ვითარდება და მოძრაობს. მაგალითად, მთების ძირები მოძრაობს და ინაცვლებს და ზღვების სიღრმეში არსებული ყველა ცოცხალი არსება დაცურავს და მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ეს ცოცხალი ქმნილებები — ყოველივე ღვთის თვალწინ — მუდმივ, რეგულარულ მოძრაობაშია დადგენილი კანონზომიერებების შესაბამისად. მაშ, რა არის ის, რაც წარმოიქმნება ყოველივე ამის შედეგად, რაც საიდუმლოდ ჩნდება და ვითარდება და ფარულად მოძრაობს? მძლავრი ხმა. პლანეტა დედამიწის მიღმა სხვადასხვა პლანეტა ასევე მუდმივ მოძრაობაშია და ამ პლანეტებზე არსებული ცოცხალი არსებები და ორგანიზმებიც მუდმივად ჩნდება, ვითარდება და მოძრაობს. ანუ, ყოველივე ცოცხალი და არაცოცხალი მუდმივად წინ მიიწევს ღვთის თვალწინ და ამ პროცესში თითოეული მათგანი ასევე გამოსცემს ხმას. ღმერთმა ასევე მოაწყო ყველაფერი ამ ხმებთან დაკავშირებით და მჯერა, უკვე იცით, რატომ გააკეთა მან ეს, არა? როდესაც თვითმფრინავს უახლოვდები, რა გავლენას ახდენს შენზე მისი ძრავის გრგვინვა? თუ მის მახლობლად მეტისმეტად დიდხანს დარჩები, ყურები დაგიყრუვდება. რას იტყვი შენს გულზე — შეძლებს იგი ასეთი მძიმე გამოცდის გაძლებას? სუსტი გულის მქონე ზოგიერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. რა თქმა უნდა, ისინიც კი, ვისაც ძლიერი გული აქვთ, ვერ შეძლებენ მის გაძლებას მეტისმეტად დიდხანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხმის გავლენა ადამიანის სხეულზე, იქნება ეს ყურები თუ გული, ძალზე დიდია თითოეული ადამიანისთვის და მეტისმეტად ძლიერი ხმები ზიანს აყენებს ადამიანებს. ამიტომ როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა და მას შემდეგ, რაც ყოველივემ ნორმალურად ფუნქციონირება დაიწყო, ღმერთმა სათანადოდ მოაწესრიგა ეს ხმები, მოძრაობაში მყოფი ყოველივეს ხმები. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ღმერთს უნდა გაეთვალისწინებინა კაცობრიობისთვის გარემოს შექმნისას.

პირველ რიგში, დედამიწის ზედაპირის ზემოთ ატმოსფეროს სიმაღლე გავლენას ახდენს ხმაზე. გარდა ამისა, ნიადაგში არსებული ღრმულების ზომაც გავლენას ახდენს ხმის გავრცელებაზე. ასევე არსებობს სხვადასხვა გეოგრაფიული გარემო, რომელთა შერწყმაც ასევე ახდენს გავლენას ხმაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი იყენებს გარკვეულ მეთოდებს ზოგიერთი ხმის მოსაშორებლად, რათა ადამიანებმა შეძლონ გადარჩენა ისეთ გარემოში, რომელსაც მათი ყურები და გულები გაუძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხმები დიდად შეუშლიდა ხელს კაცობრიობის გადარჩენას და ადამიანთა ცხოვრებას უკიდურესად გაართულებდა. ეს დიდი პრობლემა იქნებოდა კაცობრიობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინა ხმელეთის, ატმოსფეროსა და სხვადასხვა სახის გეოგრაფიული გარემოს შექმნისას და თითოეულ მათგანში ღვთის სიბრძნეა ჩადებული. საჭირო არ არის, ადამიანებს ეს ყველაფერი დაწვრილებით ესმოდეთ — საკმარისია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერში ღვთის საქმეებია. ახლა თქვენ მითხარით, ეს საქმე, რომელიც ღმერთმა შეასრულა — ხმის სათანადოდ რეგულირება კაცობრიობის საცხოვრებელი გარემოსა და მისი ნორმალური ცხოვრების შესანარჩუნებლად — იყო თუ არა აუცილებელი? (დიახ.) რადგან ეს საქმე აუცილებელი იყო, მაშინ ამ გადმოსახედიდან, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ღმერთმა ეს საქმე ყოველივეს უზრუნველყოფის გზად გამოიყენა? ღმერთმა ასეთი მშვიდი გარემო შექმნა და კაცობრიობა ამ გარემოთი უზრუნველყო, რათა ადამიანის სხეულს შეძლებოდა მასში სრულიად ნორმალურად ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და რათა კაცობრიობას შეძლებოდა არსებობა და ნორმალურად ცხოვრება. მაშ, განა ეს არ არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ღმერთი უზრუნველყოფს კაცობრიობას? განა ეს არ იყო მეტად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ღმერთმა შეასრულა? (დიახ.) ეს ძალზე საჭირო იყო. მაშ, როგორ გესმით ეს? მიუხედავად იმისა, რომ არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ, რომ ეს ღვთის საქმე იყო, და არც ის იცით, თუ როგორ გააკეთა ეს ღმერთმა იმ დროს, მაინც ხომ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ღვთის მიერ ამ საქმის შესრულების აუცილებლობა? შეგიძლიათ იგრძნოთ ღვთის სიბრძნე და მისი საგულდაგულო ძალისხმევა? (დიახ, შეგვიძლია.) თუ ამდენის გრძნობა შეგიძლიათ, ეს კარგია; ეს საკმარისია. არსებობს მრავალი საქმე, რომელიც ღმერთმა თავის ქმნილებებში შეასრულა და რომელთა ვერც გრძნობა და ვერც დანახვა ადამიანებს არ შეუძლიათ. მე ამას მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია ღვთის საქმეების შესახებ, რათა შეძლოთ ღვთის შემეცნება. ეს მინიშნებები შეიძლება დაგეხმაროთ, უკეთ შეიცნოთ და გაიგოთ ღმერთი.

დ. სინათლე

როდესაც ხედავ კაშკაშა სინათლეს და მისი სიკაშკაშე გარკვეულ სიმძლავრეს აღწევს, მას შეუძლია ადამიანის თვალები დააბრმავოს. ადამიანის თვალები ხომ ხორციელი თვალებია. თვალები ასეთ გაღიზიანებას ვერ უძლებს. ბედავს ვინმე მზისთვის პირდაპირ და შეუჩერებლად ყურებას? ზოგიერთ ადამიანს ეს უცდია და, თუ მზის სათვალე უკეთია, ეს სავსებით გამოსდის — მაგრამ ამას დამხმარე საშუალების გამოყენება სჭირდება. დამხმარე საშუალებების გარეშე ადამიანის შეუიარაღებელ თვალებს უნარი არ შესწევს, მზეს მზერა გაუსწოროს და პირდაპირ უყუროს მას. თუმცა, ღმერთმა შექმნა მზე, რათა კაცობრიობისთვის სინათლე მოეტანა, და ეს სინათლეც არის ის, რაზეც მან იზრუნა. ღმერთს უბრალოდ კი არ დაუსრულებია მზის შექმნა, სადმე დაუდია იგი და შემდეგ უყურადღებოდ მიუტოვებია; ღმერთი ასე არ მოქმედებს. იგი ყველაფერს დიდი გულმოდგინებით აკეთებს და თავის ქმედებებს საფუძვლიანად იაზრებს. ღმერთმა შეუქმნა თვალები კაცობრიობას, რათა მან დანახვა შეძლოს, და მან ასევე წინასწარ დაადგინა იმ სინათლის პარამეტრები, რომლითაც ადამიანი საგნებს ხედავს. არ იქნებოდა კარგი, სინათლე მეტისმეტად მკრთალი რომ ყოფილიყო. როდესაც ისე ბნელა, რომ ადამიანებს საკუთარ თვალწინ თავიანთი თითების დანახვაც კი არ შეუძლიათ, მაშინ მათი თვალები ფუნქციას კარგავს და გამოუსადეგარი ხდება. მაგრამ იმ ადგილებში, სადაც სინათლე მეტისმეტად კაშკაშაა, ადამიანის თვალები მას ვერ უძლებს და, შესაბამისად, ვერაფერს ხედავს. ამიტომ, ღმერთმა ის გარემო, რომელშიც კაცობრიობა ცხოვრობს, უზრუნველყო ადამიანის თვალებისთვის შესაფერისი რაოდენობის სინათლით — ისეთი რაოდენობით, რომელიც ადამიანებს თვალებს არ ატკენს და არ დაუზიანებს, მით უმეტეს, არ დააკარგვინებს მათ ფუნქციას. სწორედ ამიტომ დაამატა ღმერთმა ღრუბლების ფენები დედამიწის გარშემო და ჰაერის სიმკვრივეც სინათლის იმ სახეობების სათანადოდ გაფილტვრის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც ადამიანების თვალების ან კანის დაზიანება შეუძლია — ეს ყოველივე ერთმანეთს შეესაბამება. გარდა ამისა, დედამიწის ფერები, რომლებიც ღმერთმა შექმნა, ირეკლავს მზის სინათლესა და ყოველგვარ სხვა სახის სინათლეს და შეუძლია მოაშოროს სინათლის ის სახეობები, რომლებიც მეტისმეტად კაშკაშაა იმისთვის, რომ ადამიანის თვალები შეეგუოს. ამგვარად, ადამიანებს შეუძლიათ გარეთ სიარული და ცხოვრება ისე, რომ არ სჭირდებოდეთ მუდმივად მეტად მუქი მზის სათვალის ტარება. ნორმალურ პირობებში, ადამიანის თვალებს თავისი მხედველობის არეალში საგნების დანახვა შეუძლია ისე, რომ სინათლემ არ შეაწუხოს ისინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ იქნებოდა კარგი, სინათლე მეტისმეტად თვალისმომჭრელი ყოფილიყო ან მეტისმეტად მკრთალი. მეტისმეტად მკრთალი რომ ყოფილიყო, ადამიანების თვალები დაზიანდებოდა და თვალები მალევე დაკარგავდა ფუნქციას; მეტისმეტად კაშკაშა რომ ყოფილიყო, ადამიანების თვალები მის გაძლებას ვერ შეძლებდა. ანუ, ეს სინათლე ადამიანის თვალით ხედვისთვის შესაფერისი უნდა იყოს და ღმერთმა, სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით, მინიმუმამდე დაიყვანა სინათლის მიერ ადამიანის თვალებისთვის მიყენებული ზიანი. განურჩევლად იმისა, ამ სინათლეს ადამიანის თვალებისთვის სარგებელი მოაქვს თუ უარყოფითი შედეგები, იგი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნონ მხედველობა. განა ღმერთმა ეს ყოველივე საფუძვლიანად არ გაითვალისწინა? თუმცა ეშმაკი სატანა ისე მოქმედებს, რომ ასეთი მოსაზრებები აზრადაც არასოდეს მოსდის. სატანასთან სინათლე ყოველთვის ან მეტისმეტად კაშკაშაა, ან მეტისმეტად მკრთალი. სწორედ ასე მოქმედებს სატანა.

ღმერთმა ეს ყველაფერი ადამიანის სხეულის ყველა მხარისთვის გააკეთა — მისი მხედველობისთვის, სმენისთვის, გემოს შეგრძნებისთვის, სუნთქვისთვის, გრძნობებისთვის და ა. შ. — რის შედეგადაც ყველა ეს მხარე მაქსიმალურად მიესადაგა ადამიანის გადარჩენას, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ და კვლავაც ასე განაგრძონ ცხოვრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის მიერ შექმნილი ახლანდელი საცხოვრებელი გარემო არის ყველაზე შესაფერისი და სასარგებლო გარემო კაცობრიობის გადარჩენისთვის. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა იფიქროს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს ყოველივე მეტად ჩვეულებრივი რამ არის. ხმა, სინათლე და ჰაერი არის ის, რასაც ადამიანები თავიანთ დაბადებით მინიჭებულ უფლებად მიიჩნევენ და რითაც ისინი დაბადების მომენტიდან ტკბებიან. მაგრამ ის, რაც ღმერთმა გააკეთა იმისთვის, რომ ამ ყველაფრით დატკბე, არის ის, რაც ადამიანებს უნდა ესმოდეთ, ის, რაც მათ უნდა იცოდნენ. იმისგან დამოუკიდებლად, გრძნობ თუ არა ამ ყველაფრის გაგების ან მასში ნათლად გარკვევის აუცილებლობას, მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთმა ისინი შექმნა, მან მათ ბევრი ფიქრი დაუთმო, მას ჰქონდა გეგმა, მას ჰქონდა გარკვეული იდეები. მას კაცობრიობა ასეთ საცხოვრებელ გარემოში ზერელედ ან უბრალოდ, ამაზე წინასწარ დაფიქრების გარეშე არ მოუთავსებია. თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ ვაზვიადებ თითოეულ იმ საკითხს, რომელზეც ვისაუბრე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, თითოეული რამ, რითაც ღმერთმა უზრუნველყო კაცობრიობა, აუცილებელია კაცობრიობის გადარჩენისთვის. ამაში ღვთის საქმეებია.

ე. ჰაერის ნაკადი

რა არის მეხუთე საკითხი? ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ამ კავშირს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის, რის გარეშეც ადამიანის სხეულს არ შეუძლია ამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება. ეს არის ჰაერის ნაკადი. შესაძლოა, ტერმინი „ჰაერის ნაკადი“ ნებისმიერმა გაიგოს, როგორც კი მას მოისმენს. მაშ, რა არის ჰაერის ნაკადი? შეიძლება ითქვას, რომ „ჰაერის ნაკადი“ უბრალოდ ჰაერის მოძრაობაა. ჰაერის ნაკადი არის ქარი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალს არ შეუძლია. ეს ასევე არის აირების მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა. თუმცა, ამ საუბარში, ძირითადად რა იგულისხმება „ჰაერის ნაკადში“? როგორც კი ამას ვიტყვი, თქვენ გაიგებთ. დედამიწა ბრუნვისას თან ატარებს მთებსა და მდინარეებს, ზღვებსა და შექმნილ ყოველივეს და როდესაც იგი ბრუნავს, იგი სწრაფად ბრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ შენ სულაც ვერ გრძნობ ამ ბრუნვას, დედამიწა მაინც ბრუნავს. რას წარმოშობს მისი ბრუნვა? როდესაც შენ დარბიხარ, განა არ ჩნდება ქარი და არ გიქრის ყურებთან? თუ ქარი შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც შენ დარბიხარ, როგორ შეიძლება არ იყოს ქარი, როდესაც დედამიწა ბრუნავს? როდესაც დედამიწა ბრუნავს, ყოველივე მოძრაობაშია. თავად დედამიწა მოძრაობს და გარკვეული სიჩქარით ბრუნავს, ხოლო მასზე არსებული ყოველივე მუდმივად ჩნდება და ვითარდება. ამიტომ, გარკვეული სიჩქარით მოძრაობა ბუნებრივად წარმოშობს ჰაერის ნაკადს. სწორედ ამას ვგულისხმობ „ჰაერის ნაკადში“. განა ეს ჰაერის ნაკადი გარკვეულწილად არ მოქმედებს ადამიანის სხეულზე? განვიხილოთ ტაიფუნები: ჩვეულებრივი ტაიფუნები არ არის განსაკუთრებით ძლიერი, მაგრამ როდესაც ტაიფუნი თავს ატყდებათ, ადამიანებს მყარად დგომაც კი არ შეუძლიათ და უჭირთ ქარში სიარული. ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი რთულია და ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა ქარმა რაიმეს მიაკრას ისე, რომ განძრევა ვერ შეძლოს. ასეთი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს კაცობრიობაზე ჰაერის ნაკადის ერთ-ერთ სახეობას. მთელი დედამიწა ვაკეებით რომ ყოფილიყო დაფარული, დედამიწისა და ყოველივეს გარკვეული სიჩქარით ბრუნვისას ადამიანის სხეული ამგვარად წარმოქმნილ ჰაერის ნაკადს სრულიად ვერ გაუძლებდა. უკიდურესად რთული იქნებოდა ასეთ ვითარებასთან გამკლავება. ეს მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ასეთი ჰაერის ნაკადი კაცობრიობას არა მხოლოდ ზიანს მოუტანდა, არამედ განადგურებასაც. ადამიანები ვერ შეძლებდნენ ასეთ გარემოში გადარჩენას. სწორედ ამიტომ იყენებს ღმერთი სხვადასხვა გეოგრაფიულ წარმონაქმნს ასეთი ჰაერის ნაკადის შესასუსტებლად — სხვადასხვა გარემოში ჰაერის ნაკადები სუსტდება, იცვლის მიმართულებას, იცვლის სიჩქარეს და იცვლის ძალას. სწორედ ამიტომ შეუძლიათ ადამიანებს დაინახონ სხვადასხვა გეოგრაფიული წარმონაქმნი, როგორიცაა მთები, ქედები, ვაკეები, ბორცვები, ქვაბულები, ხეობები, პლატოები და მდინარეები. ამ სხვადასხვა გეოგრაფიული წარმონაქმნით ღმერთი ცვლის ჰაერის ნაკადის სიჩქარეს, მიმართულებასა და ძალას. ეს არის ის მეთოდი, რომელსაც იგი იყენებს ჰაერის ნაკადის შესასუსტებლად ან დასარეგულირებლად, რათა ის იქცეს ქარად, რომლის სიჩქარე, მიმართულება და ძალა შესაფერისია, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური გარემო, რომელშიც იცხოვრებენ. არის თუ არა ამის საჭიროება? (დიახ.) მსგავსი რამის გაკეთება ადამიანის გადმოსახედიდან საკმაოდ რთული ჩანს, მაგრამ ღვთისთვის ეს მეტად ადვილია, რადგან ღვთის თვალები გულდასმით იკვლევს ყოველივეს. მისთვის უკიდურესად მარტივი და უკიდურესად ადვილია კაცობრიობისთვის შესაფერისი ჰაერის ნაკადის მქონე გარემოს შექმნა. ამიტომ, ღვთის მიერ შექმნილ ასეთ გარემოში, მის მიერ შექმნილი თითოეული რამ შეუცვლელია. თითოეული მათგანის არსებობა ღირებულია და აუცილებელი. თუმცა, არც სატანას და არც გახრწნილ კაცობრიობას არ ესმის ეს პრინციპი. ისინი განაგრძობენ განადგურებასა და გარემოს გადაჭარბებულ ათვისებას და ამაოდ ოცნებობენ იმაზე, რომ მთები და მდინარეები ბრტყელ მიწად აქციონ, ამოავსონ კანიონები და დაფარონ ვაკეები დიდი შენობებით, რათა შექმნან ბეტონის ჯუნგლები. ღმერთს იმედი აქვს, რომ კაცობრიობა შეძლებს ბედნიერად ცხოვრებას, ბედნიერად ზრდას და თითოეული დღის ბედნიერად გატარებას ამ ყველაზე შესაფერის გარემოში, რომელიც მან მისთვის მოამზადა. სწორედ ამიტომ ღმერთი არასოდეს ყოფილა უყურადღებო იმის მიმართ, თუ როგორ ეპყრობა იმ გარემოს, რომელშიც კაცობრიობა ცხოვრობს. ტემპერატურიდან ჰაერამდე, ხმიდან სინათლემდე, ღმერთმა ყველაფერი საგულდაგულოდ დაგეგმა და მოაწესრიგა, რათა ადამიანების სხეულსა და მათ საცხოვრებელ გარემოზე ბუნებრივ პირობებს უარყოფითი ზემოქმედება არ მოეხდინა და ამის ნაცვლად, კაცობრიობას შეძლებოდა ნორმალურად ცხოვრება, გამრავლება და ყოველივესთან ჰარმონიული, მშვიდობიანი თანაარსებობა. ამ ყველაფრით ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივესა და კაცობრიობას.

იმაში, თუ როგორ უზრუნველყო ღმერთმა ადამიანის არსებობისთვის ეს ხუთი ძირითადი პირობა, შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ უზრუნველყოფს იგი კაცობრიობას? (დიახ.) სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის არსებობისთვის ყველა უმთავრესი პირობა ღვთის მიერ შეიქმნა და ღმერთი ასევე მართავს და აკონტროლებს ამ ყოველივეს; ახლაც კი, კაცობრიობის არსებობის ათასობით წლის შემდეგ, ღმერთი კვლავ მუდმივად ცვლის კაცობრიობის საცხოვრებელ გარემოს, უზრუნველყოფს მას საუკეთესო და ყველაზე შესაფერისი გარემოთი, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. როდემდე შენარჩუნდება ასეთი სიტუაცია? სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდემდე გააგრძელებს ღმერთი კაცობრიობის ასეთი გარემოთი უზრუნველყოფას? ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ღმერთი სრულად არ დაასრულებს თავის მართვის საქმეს. შემდეგ, ღმერთი შეცვლის კაცობრიობის საცხოვრებელ გარემოს. შესაძლოა, მან ეს ცვლილებები იმავე მეთოდებით მოახდინოს, ან შესაძლოა სხვა მეთოდებით. მაგრამ ის, რაც ადამიანებმა ახლა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ ღმერთი მუდმივად უზრუნველყოფს კაცობრიობის საჭიროებებს; მართავს იმ გარემოს, რომელშიც კაცობრიობა ცხოვრობს; და უფრთხილდება, იცავს და ინარჩუნებს ამ გარემოს. ასეთი გარემოს პირობებში ღვთის რჩეულ ხალხს შეუძლია ნორმალურად ცხოვრება და ღვთის ხსნის, გაკიცხვისა და განკითხვის მიღება. ყოველივე განაგრძობს არსებობას ღვთის ხელმწიფების გამო და მთელი კაცობრიობა განაგრძობს წინსვლას ღვთის მიერ ამგვარი უზრუნველყოფის წყალობით.

გაგიჩინათ თუ არა ჩვენი თანაზიარების ამ ნაწილმა რაიმე ახალი აზრი? ახლა უკვე გააცნობიერეთ თუ არა უდიდესი განსხვავება ღმერთსა და კაცობრიობას შორის? საბოლოო ჯამში, ვინ არის ყოველივეს მბრძანებელი? ადამიანი? (არა.) მაშინ რა განსხვავებაა იმას შორის, თუ როგორ ეპყრობიან ღმერთი და ადამიანები ყოველივეს? (ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და განაგებს მას, ხოლო ადამიანი ტკბება ყოველივეთი.) ეთანხმებით ამას? უდიდესი განსხვავება ღმერთსა და კაცობრიობას შორის ისაა, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და უზრუნველყოფს მას, რომ იგია ყოველივეს წყარო, და რომ მაშინ, როდესაც ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს, ადამიანი ტკბება ყოველივეთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი ტკბება ყოველივეთი, როდესაც იღებს იმ სიცოცხლეს, რომელსაც ღმერთი უბოძებს ყოველივეს. ადამიანი ტკბება ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის ნაყოფით, ღმერთი კი ხელმწიფეა. მაშ, ყოველივეს გადმოსახედიდან, რა განსხვავებაა ღმერთსა და კაცობრიობას შორის? ღმერთს შეუძლია ნათლად დაინახოს ყოველივეს ზრდის კანონზომიერებები და იგი აკონტროლებს ამ კანონზომიერებებს და მათზე ხელმწიფებს. ანუ, ყოველივე ღვთის თვალწინ და მისი გულდასმით დაკვირვების არეშია. შეუძლია ადამიანს ყოველივეს დანახვა? ის, რისი დანახვაც ადამიანს შეუძლია, შეზღუდულია — მას მხოლოდ იმის დანახვა ძალუძს, რაც მის თვალწინაა. თუ მთაზე ახვალ, რასაც დაინახავ, მხოლოდ ის მთა იქნება — მის მიღმა დანახვას ვერ შეძლებ. თუ ნაპირზე გახვალ, რასაც დაინახავ, ოკეანის მხოლოდ ერთი მხარე იქნება, და ვერ გეცოდინება, როგორია ოკეანის მეორე მხარე. თუ ტყეში შეხვალ, შეძლებ დაინახო მცენარეულობა შენ წინ და შენ გარშემო, მაგრამ ვერ დაინახავ იმას, თუ რა არის უფრო შორს. ადამიანებს არ შეუძლიათ დაინახონ ადგილები, რომლებიც უფრო მაღლა, უფრო შორს ან უფრო ღრმადაა. მათ მხოლოდ იმის დანახვა შეუძლიათ, რაც მათ წინაა, მათი მხედველობის არეალში. ადამიანებმა რომც იცოდნენ ის კანონი, რომელიც წელიწადის ოთხ სეზონს განაპირობებს, ან ყოველივეს ზრდის კანონზომიერებები, მათ არ შეუძლიათ ყოველივეს მართვა ან მასზე ხელმწიფება. თუმცა ღმერთი ყოველივეს ისევე ხედავს, როგორც იმ მანქანას, რომელიც თავად ააგო. მან სრულყოფილად იცის ყოველივეს თითოეული ნაწილი და ისიც, რა პრინციპები მოქმედებს ყოველივეში, რა კანონზომიერებებს ემორჩილება იგი და რა დანიშნულება აქვს — ღმერთს გულში ეს ყოველივე სრულიად ნათლად აქვს წარმოდგენილი და სრულყოფილად ესმის. ამიტომ ღმერთი ღმერთია, ადამიანი კი — ადამიანი! როგორც არ უნდა შეისწავლიდეს ადამიანი მეცნიერებასა და ყოველივეს კანონზომიერებებს, ამ კვლევის არეალი შეზღუდულია, მაშინ როცა ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს, რაც ადამიანისთვის უსასრულოა. ღმერთმა მეტად მცირე საქმეც რომ შეასრულოს, ადამიანებმა მისი გამოკვლევა რომ სცადონ, შესაძლოა მთელი ცხოვრება კვლევას დაუთმონ ისე, რომ ვერავითარ ჭეშმარიტ შედეგს ვერ მიაღწიონ. სწორედ ამიტომ, თუ ღვთის შესასწავლად ცოდნასა და იმას გამოიყენებ, რაც ისწავლე, ვერასოდეს შეძლებ ღვთის შემეცნებას და ვერასოდეს შეძლებ მის გაგებას. მაგრამ თუ აირჩევ ჭეშმარიტების ძიებისა და ღვთის ძიების გზას და ღმერთს მისი შემეცნების თვალსაზრისით შეხედავ, მაშინ, ერთ დღესაც, აღიარებ, რომ ღვთის საქმეები ყველგანაა და რომ ღვთის სიბრძნე ყველგანაა, და გაიგებ, რატომ არის ნათქვამი, რომ ღმერთი ყოველივეს ხელმწიფე და ყოველივეს სიცოცხლის წყაროა. რაც უფრო ღრმად გაიგებ ამას, მით უფრო კარგად გეცოდინება, რატომ ეწოდება ღმერთს ყოველივეს ხელმწიფე, და ისიც, რომ ყოველივე, შენი ჩათვლით, მუდმივად იღებს ღვთის უზრუნველყოფის დაუშრეტელ ნაკადს. შენ ასევე შეძლებ ნათლად გააცნობიერო, რომ ამ სამყაროში და ამ კაცობრიობაში, ღვთის გარდა არავინაა ისეთი, ვისაც ექნებოდა უნარი და არსი, რათა ყოველივეზე ხელმწიფებდეს, მართავდეს ყოველივეს და მის არსებობას ინარჩუნებდეს. როდესაც ამ გაგებამდე მიხვალ, ჭეშმარიტად აღიარებ, რომ ღმერთი შენი ღმერთია. როდესაც ამ ეტაპს მიაღწევ, ჭეშმარიტად გექნება მიღებული ღმერთი და ნებას დართავ მას, იყოს შენი ღმერთი და შენი ხელმწიფე. როდესაც მოიპოვებ ასეთ გაგებას და შენი სიცოცხლე ასეთ ეტაპს მიაღწევს, ღმერთი აღარ გამოგცდის და აღარ განგსჯის შენ და აღარც რაიმე მოთხოვნებს წაგიყენებს, რადგან შენ უკვე გაგებული გექნება ღმერთის, შეცნობილი გექნება მისი გული და ჭეშმარიტად გექნება მიღებული ღმერთი შენს გულში. ეს არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს თანაზიარება ამ თემებზე — ყოველივეზე ღვთის ხელმწიფებასა და მის მართვაზე. ამის მიზანია, ადამიანებს მეტი ცოდნა და გაგება მისცეს — არა მხოლოდ იმისთვის, რომ შენ აღიარო ეს, არამედ იმისთვის, რომ გაიგო და შეიცნო ღვთის საქმეები უფრო პრაქტიკული სახით.

ყოველდღიური საკვები და სასმელი, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას უმზადებს

ახლახან ჩვენ ვისაუბრეთ მთლიანი საარსებო გარემოს ერთ ნაწილზე, კერძოდ, ადამიანის არსებობისთვის აუცილებელ პირობებზე, რომლებიც ღმერთმა სამყაროს შექმნისას მოამზადა. ჩვენ ვისაუბრეთ სულ ხუთ რამეზე, მთლიანი საარსებო გარემოს ხუთ ელემენტზე. ჩვენი შემდეგი თემა უშუალოდ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის ფიზიკურ ცხოვრებასთან და ის არის აუცილებელი პირობა, რომელიც წინა ხუთზე უფრო მჭიდროდ უკავშირდება და უკეთ შეესაბამება ადამიანების ფიზიკურ ცხოვრებას. კერძოდ, ეს არის საკვები, რომელსაც ადამიანები ჭამენ. ღმერთმა შექმნა ადამიანი და მოათავსა იგი სიცოცხლისთვის შესაფერის გარემოში; ამის შემდეგ ადამიანს დასჭირდა საკვები და წყალი. ადამიანს გააჩნდა ეს საჭიროება, ამიტომ ღმერთმა მისთვის შესაბამისი რამ მოამზადა. შესაბამისად, ღვთის საქმის ყოველი ნაბიჯი და ყოველივე, რასაც იგი აკეთებს, არის არა წარმოთქმული ფუჭი სიტყვები, არამედ გადადგმული რეალური, პრაქტიკული ქმედება. განა საკვები შეუცვლელი არ არის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში? არის თუ არა საკვები ჰაერზე უფრო მნიშვნელოვანი? ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია. ორივე წარმოადგენს აუცილებელ პირობასა და ნივთიერებას კაცობრიობის გადარჩენისა და ადამიანის სიცოცხლის გაგრძელების დასაცავად. რომელი უფრო მნიშვნელოვანია — ჰაერი თუ წყალი? ტემპერატურა თუ საკვები? ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. ადამიანებს არ შეუძლიათ მათ შორის არჩევანის გაკეთება და, სინამდვილეში, მათ არც ერთის გარეშე არ შეუძლიათ არსებობა. ეს ფაქტია და შენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული. შენ არ იცი, მაგრამ ღმერთმა იცის. როდესაც საკვებს ხედავ, ფიქრობ: „საკვების გარეშე ვერ გავძლებ!“ მაგრამ შექმნისთანავე იცოდი კი, რომ საკვები გჭირდებოდა? შენ არ იცოდი, მაგრამ ღმერთმა იცოდა. მხოლოდ მაშინ, როცა მოგშივდა და საჭმელად ხეებზე ხილი და მიწაზე მარცვლეული დაინახე, მიხვდი, რომ საკვები გჭირდებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგწყურდა და თვალი მოჰკარი წყაროს წყალს — მხოლოდ მაშინ, როდესაც დალიე, მიხვდი, რომ წყალი გჭირდებოდა. წყალი ღმერთმა წინასწარ მოამზადა კაცობრიობისთვის. საკვები, იმის მიუხედავად, დღეში სამჯერ იკვებება ადამიანი, ორჯერ თუ კიდევ უფრო მეტჯერ, მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანებისთვის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელი რამ არის. ეს არის ერთ-ერთი იმათგანი, რაც საჭიროა ადამიანის სხეულის ნორმალური, უწყვეტი გადარჩენის შესანარჩუნებლად. მაშ, საიდან მიიღება საკვების უმეტესობა? უპირველესად, ნიადაგიდან. ნიადაგი ღმერთმა წინასწარ მოამზადა კაცობრიობისთვის და იგი ხელსაყრელია მრავალი სახეობის მცენარის არსებობისთვის და არა მხოლოდ ხეებისა თუ ბალახისთვის. ღმერთმა კაცობრიობისთვის მოამზადა ყოველგვარი ძირითადი საკვები კულტურის თესლი და სხვადასხვა სხვა საკვების თესლი, და მან კაცობრიობას დასამუშავებლად შესაფერისი ნიადაგი და მიწა მოუმზადა, და ამ ყველაფრის მეშვეობით კაცობრიობა საკვებს მოიპოვებს. რა არის ეს სხვადასხვა სახის საკვები? თქვენ ალბათ უკვე იცით. პირველ რიგში, ეს სხვადასხვა მარცვლეულია. რა სხვადასხვა სახის მარცვლეული არსებობს? ხორბალი, ღომი, წებოვანი ფეტვი, ჩვეულებრივი ფეტვი და სხვა სახის გარსიანი მარცვლეული. მარცვლეულიც ყოველგვარი სახეობისაა, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე სხვადასხვა ჯიში გვხვდება: ქერი, ხორბალი, შვრია, წიწიბურა და ასე შემდეგ. სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა რეგიონში მოსაყვანადაა შესაფერისი. ასევე არსებობს სხვადასხვა სახეობის ბრინჯი. სამხრეთს თავისი ჯიშები აქვს, რომლებიც შედარებით გრძელმარცვლოვანია და სამხრეთელებისთვისაა შესაფერისი. ეს ბრინჯი არ არის ძალიან წებოვანი. სამხრეთში ცხელი ამინდია, ამიტომ ადგილობრივ ხალხს სჭირდება ისეთი ჯიშების ჭამა, როგორიცაა ბრინჯი ინდიკა, რომლებიც არ არის მეტისმეტად წებოვანი; თუ ბრინჯი მეტისმეტად წებოვანია, ის ყელში არ გადასდით და მისი ჭამის მადა არ აქვთ. ბრინჯი, რომელსაც ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხი მიირთმევს, გარკვეულწილად უფრო წებოვანია, რადგან ჩრდილოეთში ყოველთვის ცივა და იქაურ ხალხს უფრო წებოვანი ბრინჯის ჭამა სჭირდება. შემდეგ, ასევე არსებობს ლობიოს მრავალი ჯიში. ზემოთ ნახსენები ყველა კულტურა მიწის ზემოთ იზრდება. ასევე არსებობს კულტურები, რომლებიც მიწის ქვეშ იზრდება, როგორიცაა კარტოფილი, ბატატი, ტარო და მრავალი სხვა. კარტოფილი იზრდება ჩრდილოეთში, სადაც მისი ხარისხი ძალიან მაღალია. როდესაც ხალხს მარცვლეული არ აქვს საჭმელად, კარტოფილი შეიძლება დღეში სამივე კვებისას ძირითად საკვებად გამოიყენონ და მარცვლეულიც მისით ჩაანაცვლონ. ბატატის ხარისხი გარკვეულწილად უარესია კარტოფილის ხარისხზე, მაგრამ მისი გამოყენებაც შეიძლება ძირითად საკვებად დღეში სამჯერადი კვების უზრუნველსაყოფად. როდესაც მარცვლეული ძნელად იშოვება, ადამიანებს შეუძლიათ შიმშილი ბატატით მოიკლან. ტარო, რომელსაც ხშირად ჭამს სამხრეთში მცხოვრები ხალხი, შეიძლება იმავენაირად იქნას გამოყენებული და მასაც შეუძლია ძირითადი საკვების მაგივრობა გასწიოს. ეს არის მრავალფეროვანი ძირითადი საკვები კულტურები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიური საკვებისა და სასმელის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. ადამიანები სხვადასხვა ძირითად საკვებ კულტურას იყენებენ ბრტყელი პურის, ორთქლზე მომზადებული ფუნთუშების, ატრიის, ბრინჯის, ბრინჯის ატრიისა და სხვა კერძების მოსამზადებლად. ღმერთმა ეს სხვადასხვა ძირითადი საკვები კულტურა უხვად უბოძა კაცობრიობას. ის, თუ რატომ არსებობს ამდენი სახეობა, ღვთის განზრახვის საკითხია: ერთი მხრივ, ისინი შესაფერისია ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სხვადასხვა ნიადაგსა და კლიმატში გასაზრდელად. მეორე მხრივ, ამ ძირითად კულტურებში არსებული სხვადასხვა კომპონენტი და მათი შემადგენლობა შეესაბამება ადამიანის სხეულში არსებულ სხვადასხვა კომპონენტსა და მათ შემადგენლობას, და მხოლოდ ამ ძირითადი საკვები კულტურების ჭამით შეუძლიათ ადამიანებს, მიიღონ ის სხვადასხვა საკვები ნივთიერება და კომპონენტი, რომელიც მათ სხეულს სჭირდება, და შეინარჩუნონ სხეულის ნორმალური ფუნქციონირება. ჩრდილოური და სამხრეთული საკვები განსხვავებულია, მაგრამ მათ ბევრად მეტი მსგავსება აქვთ, ვიდრე განსხვავება. ორივე მათგანს შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანის სხეულის რეგულარული საჭიროებები და ხელი შეუწყოს მის ნორმალურ გადარჩენას. ამრიგად, თითოეულ რეგიონში უხვად მოდის სახეობები, რადგან ადამიანების ფიზიკურ სხეულს სჭირდება ის, რითაც ეს სხვადასხვა საკვები ამარაგებს — მას სჭირდება ნიადაგში მოყვანილი ამ სხვადასხვა საკვებით მომარაგება სხეულის ნორმალური გადარჩენის შესანარჩუნებლად, რათა ადამიანებმა შეძლონ ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ცხოვრება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთმა კაცობრიობისთვის ყველაფერი დიდი მზრუნველობით გათვალა. სხვადასხვა საკვები, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანებს, არ არის ერთფეროვანი; პირიქით, ისინი ძალზე სრულყოფილ მრავალფეროვნებას ქმნის. თუ ადამიანებს სურთ ფქვილისგან მომზადებული საკვების ჭამა, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ზოგიერთ ადამიანს ფქვილისგან მომზადებული საკვები არ მოსწონს და მის ნაცვლად ბრინჯის ჭამა სურს, ამიტომ შეუძლია, ბრინჯი მიირთვას. არსებობს ყოველგვარი სახეობის ბრინჯი — გრძელმარცვლოვანი, მოკლემარცვლოვანი — და თითოეულს შეუძლია ადამიანების მადის დაკმაყოფილება. შესაბამისად, თუ ადამიანები მიირთმევენ ამ ძირითად კულტურებს, თუკი საკვებს არ წუნობენ, მათ საკვები ნივთიერებები არ მოაკლდებათ და დარჩენილ დღეებს გარანტირებულად ჯანმრთელად გაატარებენ. ეს იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა, როდესაც მან კაცობრიობას საკვები უბოძა. ადამიანის სხეული ამ ყველაფრის გარეშე ვერ იარსებებს — განა ეს არ არის რეალობა? ეს არის პრაქტიკული პრობლემები, რომელთა დამოუკიდებლად გადაჭრაც ადამიანს არ შეეძლო, მაგრამ ღმერთს მათი გადაჭრა უკვე გათვალისწინებული ჰქონდა: მან მათზე წინასწარ იფიქრა და კაცობრიობისთვის ყველაფერი მოამზადა.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რაც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა — მან კაცობრიობას ბოსტნეულიც მისცა! თუ მხოლოდ ბრინჯს შეჭამ და სხვა არაფერს, შესაძლოა, საკმარისი საკვები ნივთიერებები ვერ მიიღო. მეორე მხრივ, თუ ცოტაოდენ ბოსტნეულს მოშუშავ ან სალათს მოამზადებ და ძირითად კერძებთან ერთად მიირთმევ, მაშინ ბოსტნეულში არსებული ვიტამინები, სხვადასხვა მიკროელემენტი და სხვა საკვები ნივთიერებები ბუნებრივად დააკმაყოფილებს შენი სხეულის მოთხოვნილებებს. ადამიანებს ასევე შეუძლიათ კვებებს შორის ცოტაოდენი ხილის მირთმევა. ზოგჯერ ადამიანებს მეტი სითხე, სხვა საკვები ნივთიერებები ან განსხვავებული გემო სჭირდებათ და ხილი და ბოსტნეული სწორედ ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არსებობს. რადგან ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში ნიადაგი და კლიმატი განსხვავდება, იქ სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეული და ხილი მოდის. რადგან სამხრეთში კლიმატი მეტისმეტად ცხელია, იქაური ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა გამაგრილებელი სახეობისაა, რომლებსაც, შეჭმის შემდეგ, შეუძლია დააბალანსოს სიცივე და სიცხე ადამიანის სხეულში. ამის საპირისპიროდ, ჩრდილოეთში ბოსტნეულისა და ხილის ნაკლები სახეობაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივმა ხალხმა ისიამოვნოს. თუმცა ბოლო წლებში საზოგადოების განვითარებისა და ეგრეთ წოდებული სოციალური პროგრესის შედეგად, მოსახერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლისა და განვითარებული კომუნიკაციების წყალობით, რამაც ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს დაუკავშირა, ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანებსაც შეუძლიათ მიირთვან სამხრეთული ხილი და ბოსტნეული, ან სამხრეთის რეგიონული პროდუქტები, თანაც წელიწადის ოთხივე დროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების მადა და მატერიალური სურვილები დაკმაყოფილდა, მათმა სხეულმა, ისე, რომ თავადაც ვერ გააცნობიერეს ეს, სხვადასხვა ხარისხის ზიანი მიიღო. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ საკვებს შორის, რომელიც ღმერთმა კაცობრიობისთვის მოამზადა, არის სამხრეთში მცხოვრები ხალხისთვის განკუთვნილი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ისევე როგორც ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხისთვის განკუთვნილი საკვები, ხილი და ბოსტნეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სამხრეთში ცხოვრობ, შენთვის შესაფერისია სამხრეთული პროდუქტების ჭამა. ღმერთმა საგანგებოდ მოამზადა ეს საკვები, ხილი და ბოსტნეული, რადგან სამხრეთში თავისებური კლიმატია. ჩრდილოეთს აქვს ის საკვები, რომელიც ჩრდილოეთში მცხოვრებთა სხეულს სჭირდება. თუმცა, რადგან ადამიანები გაუმაძღრები არიან, მათ სოციალური განვითარების დინება ისე ითრევს, რომ ამას ვერც აცნობიერებენ, და გაუცნობიერებლად არღვევენ ამ კანონებს. თუმცა ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე წარსულში, ამგვარი სოციალური პროგრესი სულ უფრო მეტი ადამიანის სხეულს შეუმჩნევლად აზიანებს. ეს არ არის ის, რისი ხილვაც ღმერთს სურს და არც ის არის, რაც მას განზრახული ჰქონდა, როდესაც კაცობრიობა ამ საკვებით, ხილითა და ბოსტნეულით მოამარაგა. დღევანდელი მდგომარეობა ადამიანებმა თავად შექმნეს ღვთის კანონების დარღვევით.

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა უხვად უბოძა კაცობრიობას და თითოეულ მხარეს მისთვის დამახასიათებელი პროდუქტი აქვს. მაგალითად, ზოგიერთ ადგილას უხვად მოდის წითელი ფინიკი (რომელსაც უნაბსაც უწოდებენ), სხვაგან უხვად მოდის ნიგოზი, ზოგან კი — არაქისი ან სხვა სახის თხილეული. ყოველი ასეთი მატერიალური რამ ადამიანის სხეულს საჭირო საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მაგრამ ღმერთი კაცობრიობას ყველაფერს სათანადო რაოდენობითა და შესაფერის დროს აწვდის. რამდენსაც არ უნდა აძლევდეს ღმერთი ადამიანებს, ეს ყველაფერი მის მიერ არის მოწყობილი. კაცობრიობა ხარბად ესწრაფვის ფიზიკურ სიამოვნებას და გაუმაძღარია, რაც არღვევს ზრდის იმ ნორმალურ კანონებს, რომლებიც მან კაცობრიობის შექმნისას დაადგინა. მაგალითად ავიღოთ ბალი. ის დაახლოებით ივნისში მწიფდება. ნორმალურ პირობებში, აგვისტოსთვის ბალი აღარ რჩება. ბლის სიქორფის შენარჩუნება მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ მეცნიერული მეთოდების გამოყენებით, ადამიანებს ახლა შეუძლიათ, ეს პერიოდი თორმეტ თვემდე, მომდევნო წლის ბლის სეზონამდეც კი, გაახანგრძლივონ. ეს ნიშნავს, რომ ბალი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია. არის თუ არა ეს მოვლენა ნორმალური? (არა). მაშინ როდის არის ბლის საჭმელად საუკეთესო სეზონი? ეს არის პერიოდი ივნისიდან აგვისტომდე. ამ დროის გასვლის შემდეგ, რაც უნდა ქორფად შეინახო ბალი, მას იგივე გემო აღარ აქვს და აღარც იმას იძლევა, რაც ადამიანის სხეულს სჭირდება. ბლის ბუნებრივი სიქორფის პერიოდის გასვლის შემდეგ, რა ქიმიკატებიც არ უნდა გამოიყენო, მას ისეთივე თვისებებს ვერ შესძენ, როგორიც ბუნებრივად მოყვანილს აქვს. გარდა ამისა, ზიანი, რომელსაც ქიმიკატები ადამიანებს აყენებს, არის ის, რასაც ვერავინ მოაგვარებს ან შეცვლის, რაც არ უნდა სცადოს. მაშ, რა მოაქვს ამჟამინდელ საბაზრო ეკონომიკას ადამიანებისთვის? ადამიანების ცხოვრება თითქოს უკეთესია, რეგიონებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა მეტად მოსახერხებელი გახდა და ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი ხილის ჭამა წელიწადის ოთხივე სეზონზე. ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ რეგულარულად მიირთვან ბანანი, ისევე როგორც ნებისმიერი სახის სამხრეთული საკვები, მათ შორის ნებისმიერი იქაური განსაკუთრებული პროდუქტი თუ ხილი. მაგრამ ეს არ არის ის ცხოვრება, რომელიც ღმერთს კაცობრიობისთვის სურს. ამგვარმა საბაზრო ეკონომიკამ შესაძლოა, ადამიანების ცხოვრება გარკვეულწილად გააუმჯობესოს, მაგრამ მას ზიანის მოტანაც შეუძლია. ბაზარზე არსებული სიუხვის გამო, მრავალი ადამიანი ბუნების კანონებს არღვევს, განურჩევლად და თავშეუკავებლად იკვებება და შედეგად საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს. ამრიგად, საბაზრო ეკონომიკას არ შეუძლია ადამიანებისთვის ჭეშმარიტი ბედნიერების მოტანა. თავადვე შეხედეთ. განა ყურძენი წელიწადის ოთხივე სეზონზე არ იყიდება ბაზარზე? სინამდვილეში, მოკრეფის შემდეგ ყურძენი სიქორფეს მხოლოდ ძალიან ცოტა ხანს ინარჩუნებს. თუ მას მომდევნო წლის ივნისამდე შეინახავ, კვლავ შეიძლება ყურძენი ეწოდოს? თუ უფრო მართებული იქნებოდა, „ნაგავი“ გვეწოდებინა? ის თავის თავდაპირველ კომპონენტებს აღარ შეიცავს; ნაცვლად ამისა, ზედ მეტი ქიმიკატია. ერთი წლის შემდეგ ყურძენი ქორფა აღარ არის და ის საკვები ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავდა, დიდი ხანია, გაქრა. როდესაც ადამიანები ყურძენს მიირთმევენ, მათ ასეთი განცდა აქვთ: „რა ბედნიერები ვართ! შევძლებდით კი ამ სეზონზე ყურძნის ჭამას ოცდაათი წლის წინ? ვერ შეძლებდი, რომც გნდომოდა! ახლა ცხოვრება ისეთი კარგია!“ არის კი ეს ნამდვილი ბედნიერება? თუ დაინტერესებული ხარ, შეგიძლია თავად გამოიკვლიო ქიმიური საშუალებებით შენახული ყურძენი და ნახო, თუ რისგან შედგება იგი და ადამიანებისთვის რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია თუ არა ამ კომპონენტებს. რჯულის ეპოქაში, როდესაც ეგვიპტიდან გამოსული ისრაელიანები გზაში იყვნენ, ღმერთმა მათ მწყერი და მანანა უბოძა. მაგრამ დართო კი ღმერთმა ადამიანებს ამ საკვების შენახვის ნება? ზოგიერთ მათგანს საკუთარი წვრილმანი მზაკვრული გეგმები ჰქონდა და, იმის შიშით, რომ მეორე დღეს აღარაფერი ექნებოდათ, საკვების ნაწილი მოგვიანებით საჭმელად გადაინახა. მერე რა მოხდა? მეორე დღეს ის უკვე დამპალი იყო. ღმერთი არ გაძლევს საკვების გადანახვის ნებას. მას ყველაფერი ისე აქვს მომზადებული, რომ შიმშილი არ გემუქრება. მაგრამ კაცობრიობას არ გააჩნია ასეთი რწმენა და არც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი. კაცობრიობას ყოველთვის სათადარიგო გეგმის ქონა სურს და ვერასოდეს ხედავს ღვთის გულმოდგინე ზრუნვას კაცობრიობისთვის ყველაფრის მომზადებისას. ამას ვერასოდეს გრძნობს, ღმერთს არასოდეს ენდობა და მუდამ ფიქრობს: „ღვთის ქმედებები არასანდოა! ვინ იცის, მოგვცემს თუ არა ღმერთი იმას, რაც გვჭირდება, ან როდის მოგვცემს! თუ შიმშილით დავუძლურდები და ღმერთი საკვებს არ მომაწვდის, განა არ ვიშიმშილებ? განა საკვები ნივთიერებები არ მომაკლდება?“ შეხედეთ, რა სუსტია ადამიანის რწმენა!

ძირითადი საკვები კულტურები, ხილი და ბოსტნეული და ყოველგვარი სახის თხილეული — ეს ყველაფერი მცენარეული საკვებია. ეს საკვები ადამიანის სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარის საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული საკვებია. თუმცა ღმერთს არ უთქვამს: „მე მხოლოდ ამ საკვებს მივცემ კაცობრიობას. დაე, მხოლოდ ეს მიირთვან!“ ღმერთი ამაზე არ შეჩერებულა, არამედ კაცობრიობისთვის კიდევ ბევრი, უფრო გემრიელი საკვებიც მოამზადა. რა არის ეს საკვები? ეს არის სხვადასხვა სახის ხორცი და თევზი, რომლის დანახვა და ჭამაც თქვენგან უმეტესობას შეუძლია. მან ადამიანისთვის ხორცისაც და თევზისაც უამრავი სახეობა მოამზადა. თევზი წყალში ბინადრობს და წყლის თევზის ხორცი თავისი სუბსტანციით განსხვავდება ხმელეთზე მცხოვრები ცხოველების ხორცისგან და ადამიანს განსხვავებული საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. თევზს ასევე გააჩნია თვისებები, რომელთა წყალობითაც ადამიანის სხეულში სიცივე და სიცხე რეგულირდება, რაც ადამიანისთვის დიდი სარგებლის მომტანია. მაგრამ გემრიელი საკვების ჭარბად ჭამა არ შეიძლება. როგორც უკვე ვთქვი, ღმერთი კაცობრიობას სათანადო რაოდენობას სათანადო დროს უბოძებს, რათა ადამიანებმა მართებულად, ნორმალური სახით და სეზონისა და დროის შესაბამისად ისიამოვნონ მისი ნაბოძებით. ახლა კი, რა სახის საკვები შედის შინაური ფრინველის კატეგორიაში? ქათამი, იხვი, ბატი, მწყერი, მტრედი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მთელი ეს მრავალფეროვანი ხორცი მოამზადა, მას მაინც აქვს მოთხოვნები თავისი რჩეული ხალხის მიმართ. რჯულის ეპოქაში ღმერთმა გარკვეულწილად შეზღუდა, ამ ხორცეულიდან რომელი შეეძლოთ ეჭამათ; ახლა კი ხორცის ის სახეობები, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ინდივიდუალური გემოვნებისა და პირადი გაგების მიხედვით შეირჩევა. ეს სხვადასხვა სახის ხორცი ადამიანის სხეულს მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს: ზოგი ცილით ამარაგებს, ზოგი კი — რკინით, ამდიდრებს სისხლს, ამაგრებს კუნთებსა და ძვლებს და ადამიანებს ძალას მატებს. როგორც არ უნდა ამზადებდნენ და მიირთმევდნენ ამ ხორცეულს ადამიანები, ამ ხორცეულს შეუძლია, საკვები უფრო გემრიელი გახადოს და ადამიანებს მადა გაუძლიეროს, და ამავე დროს დაანაყროს ისინი. რაც ყველაზე მთავარია, ამ საკვებს შეუძლია ადამიანის სხეულის ყოველდღიური კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სწორედ ეს გაითვალისწინა ღმერთმა, როდესაც კაცობრიობისთვის საკვები მოამზადა. არსებობს მცენარეული საკვები და არსებობს ხორცი — განა ეს სიუხვე არ არის? მაგრამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, თუ რა იყო ღვთის განზრახვა, როდესაც მან კაცობრიობისთვის ყოველგვარი საკვები მოამზადა. განა მისი მიზანი ის იყო, რომ კაცობრიობა ამ საკვებს ხარბად დასწაფებოდა? რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამ მატერიალური სურვილების დაკმაყოფილების მცდელობას თავს ვეღარ აღწევს? განა ჭარბად არ იკვებება? განა ჭარბი კვების გამო სხეულს სხვადასხვა დაავადება არ ემართება? (დიახ). ამიტომ ღმერთი აძლევს ადამიანებს საშუალებას, დატკბნენ სხვადასხვა საკვებით სხვადასხვა სეზონზე, წელიწადის დროის შესაბამისად. მაგალითად, ძალიან ცხელი ზაფხულის შემდეგ ადამიანების სხეულში დიდი რაოდენობით სითბო გროვდება, ასევე პათოგენური სიმშრალე და სინესტე. როდესაც შემოდგომა დგება, მრავალი სახეობის ხილი მწიფდება და, როდესაც ადამიანები ამ ხილს მიირთმევენ, მათ სხეულში არსებული სინესტე გამოიდევნება. ამ დროს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ცხვარიც მოძლიერებულია, ამიტომ ადამიანებმა ცოტაოდენი ხორცი უნდა მიირთვან, რათა სხეული გამოკვებონ და გაიძლიერონ. სხვადასხვა სახის ხორცის ჭამით ადამიანები სხეულს ენერგიასა და სითბოს მატებენ, რაც მათ სუსხიანი ზამთრის გაძლებასა და მის უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადატანაში ეხმარება. რასაც ღმერთი კაცობრიობას ამა თუ იმ დროს უმზადებს და რის ზრდას, ნაყოფის გამოღებასა და მომწიფებასაც იგი განაპირობებს ამა თუ იმ დროს — ყოველივე ეს ღვთის კონტროლქვეშაა; მას ეს მტკიცედ უპყრია ხელთ და ყველაფერში სათანადო ზომას იცავს. ეს უკავშირდება თემას „როგორ ამზადებს ღმერთი იმ საკვებს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება“. მრავალი სახის საკვების გარდა, ღმერთი კაცობრიობას წყლის წყაროებითაც უზრუნველყოფს. ჭამის შემდეგ ადამიანებს წყლის დალევაც სჭირდებათ. მხოლოდ ხილის ჭამა საკმარისი იქნებოდა? ადამიანები ამას ვერ გაუძლებდნენ და გარდა ამისა, ზოგიერთ სეზონზე ხილი არ არის. მაშ, როგორ შეიძლება კაცობრიობის წყლით მომარაგების პრობლემის გადაჭრა? ღმერთმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ მოამზადა წყლის მრავალი მიწისზედა და მიწისქვეშა წყარო, მათ შორის ტბები, მდინარეები და წყაროები. წყლის ეს წყაროები სასმელად ვარგისია მანამ, სანამ დაბინძურება არ არის და სანამ ადამიანებს მათით მანიპულირება არ მოუხდენიათ ან ისინი არ დაუზიანებიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც კაცობრიობის ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად საჭირო საკვების წყაროებს ეხება, ღმერთმა ყველაფერი ძალზე ზუსტად, ძალზე სწორად და ძალზე სათანადოდ მოამზადა, რათა ადამიანებს მდიდარი და ბარაქიანი ცხოვრება ჰქონდეთ და არაფერი აკლდეთ. ადამიანებს ამის შეგრძნება და დანახვა შეუძლიათ.

გარდა ამისა, ღმერთმა ყოველივეს შორის შექმნა ზოგიერთი მცენარე, ცხოველი და სხვადასხვა ბალახი, რომლებიც საგანგებოდ არის განკუთვნილი ადამიანის სხეულში ტრავმების მოსაშუშებლად ან დაავადებების სამკურნალოდ. მაგალითად, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ დაიწვება ან შემთხვევით ცხელი წყლით დაითუთქება? შეიძლება დამწვარი ადგილი უბრალოდ წყლით ჩამოიბანო? შეგიძლია უბრალოდ ნებისმიერი ძველი ნაჭრით შეიხვიო? თუ ასე მოიქცევი, ჭრილობა შეიძლება დაჩირქდეს ან დაინფიცირდეს. მაგალითად, თუ ადამიანს სიცხე მისცემს ან გაციება დაემართება; მუშაობისას ტრავმას მიიღებს; შეუფერებელი საკვების ჭამის გამო კუჭის დაავადება განუვითარდება; ან ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორებით თუ ემოციური პრობლემებით გამოწვეული გარკვეული დაავადებები გაუჩნდება, მათ შორის სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქოლოგიური მდგომარეობები ან შინაგანი ორგანოების დაავადებები, მაშინ არსებობს შესაბამისი მცენარეები, რომლებიც მათ მდგომარეობას კურნავს. არსებობს მცენარეები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის შეგუბებას, აყუჩებს ტკივილს, აჩერებს სისხლდენას, იწვევს ანესთეზიას, ხელს უწყობს კანის შეხორცებასა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას, შლის შეგუბებულ სისხლს და გამოდევნის ვირუსებს სხეულიდან — მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ამ მცენარეს აქვს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, არის ის, რისი გამოყენებაც ადამიანებს შეუძლიათ, და ისინი ღვთის მიერ არის მომზადებული ადამიანის სხეულისთვის საჭიროების შემთხვევისთვის. ღმერთმა ადამიანს საშუალება მისცა, ზოგი მათგანი შემთხვევით აღმოეჩინა, სხვებისთვის კი ღმერთმა მოამზადა განსაკუთრებული მოვლენები, რომელთა მეშვეობითაც ისინი აღმოჩენილი იქნებოდა, ან მოამზადა გარკვეული ადამიანები მათ აღმოსაჩენად. ამ მცენარეების აღმოჩენის შემდეგ კაცობრიობა მათ თაობიდან თაობას გადასცემდა და მრავალი ადამიანი შეიტყობდა მათ შესახებ. ამრიგად, ღვთის მიერ ამ მცენარეების შექმნას აქვს ღირებულება და მნიშვნელობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ღვთისგანაა — მის მიერ მომზადებული და დარგული მაშინ, როდესაც მან კაცობრიობის საცხოვრებელი გარემო შექმნა. ყველა მათგანი აუცილებელია. არის თუ არა ღვთის აზროვნების პროცესი კაცობრიობისაზე უფრო საფუძვლიანი? როდესაც ხედავ ყველაფერს, რაც ღმერთმა გააკეთა, შეიგრძნობ თუ არა ღვთის პრაქტიკულ მხარეს? ღმერთი ფარულად მოქმედებს. ღმერთმა შექმნა მთელი ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო მოსული ამ სამყაროში, როდესაც მას კაცობრიობასთან ჯერ არავითარი შეხება არ ჰქონოდა. ყველაფერი კაცობრიობის გათვალისწინებით გაკეთდა, კაცობრიობის გადარჩენისთვის და კაცობრიობის გადარჩენაზე ფიქრით, რათა კაცობრიობამ ბედნიერად იცხოვროს ამ მდიდარ და უხვ მატერიალურ სამყაროში, რომელიც ღმერთმა მისთვის მოამზადა, საკვებსა თუ ტანსაცმელზე წუხილის გარეშე, ისე, რომ არაფერი აკლდეს. ასეთ გარემოში კაცობრიობას შეუძლია კვლავაც გამრავლდეს და გადარჩეს.

ღვთის ყველა საქმეს შორის, დიდი იქნება თუ მცირე, არის კი რომელიმე ისეთი, რომელსაც ღირებულება ან მნიშვნელობა არ აქვს? ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს, აქვს ღირებულება და მნიშვნელობა. მოდით, ჩვენი მსჯელობა ყველასთვის ნაცნობი თემით დავიწყოთ. ადამიანები ხშირად კითხულობენ: რომელი გაჩნდა პირველად, ქათამი თუ კვერცხი? (ქათამი). ქათამი გაჩნდა პირველად, ამაში ეჭვი არ არის! რატომ გაჩნდა ქათამი პირველად? რატომ არ შეიძლებოდა კვერცხი გაჩენილიყო პირველად? განა ქათამი კვერცხიდან არ იჩეკება? ოცდაერთი დღის შემდეგ ქათამი იჩეკება, შემდეგ ის ქათამი მეტ კვერცხს დებს და იმ კვერცხებიდან კიდევ მეტი ქათამი იჩეკება. მაშ, ქათამი გაჩნდა პირველად თუ კვერცხი? თქვენ სრული დარწმუნებით პასუხობთ: „ქათამი“. მაგრამ რატომ არის ეს თქვენი პასუხი? (ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ფრინველები და მხეცები). ამრიგად, თქვენი პასუხი ბიბლიას ეფუძნება. მაგრამ მინდა, ისაუბროთ თქვენს საკუთარ გაგებაზე, რათა დავინახო, გაქვთ თუ არა რაიმე პრაქტიკული ცოდნა ღვთის საქმეების შესახებ. ახლა თქვენს პასუხში დარწმუნებულნი ხართ თუ არა? (ღმერთმა შექმნა ქათამი, შემდეგ მისცა მას გამრავლების უნარი, რაც კვერცხების გამოჩეკვის უნარს ნიშნავს). ეს განმარტება მეტ-ნაკლებად სწორია. პირველად ქათამი გაჩნდა, შემდეგ კი — კვერცხი. ეს უდავოა. ეს არ არის საიდუმლო, მაგრამ ამ სამყაროს ადამიანები ამას მაინც მეტად ღრმა საკითხად მიიჩნევენ და ამის გამოსათვლელად ფილოსოფიურ თეორიებს იყენებენ, ისე, რომ დასკვნამდე ვერასოდეს მიდიან. ასევეა მაშინაც, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთმა შექმნა ისინი. მათ არ იციან ეს ფუნდამენტური პრინციპი და არც ის ესმით ნათლად, ჯერ კვერცხი უნდა გაჩენილიყო თუ ქათამი. მათ არ იციან, რომელი უნდა გაჩენილიყო პირველად, ამიტომ ვერასოდეს პოულობენ პასუხს. სრულიად ბუნებრივია, რომ ქათამი გაჩნდა პირველად. ქათამზე ადრე კვერცხი რომ ყოფილიყო, ეს არანორმალური იქნებოდა! ქათამი ნამდვილად პირველად გაჩნდა. ეს ასეთი მარტივი რამ არის და არ არის საკითხი, რომლის გასაგებადაც მაღალი დონის ცოდნაა საჭირო. ღმერთმა შექმნა ყველაფერი იმ განზრახვით, რომ ადამიანი მისით დამტკბარიყო. ქათამი რომ არსებობს, კვერცხიც თავისთავად ჩნდება. განა ამით ყველაფერი უკვე მზად არ არის? კვერცხი რომ პირველად შექმნილიყო, განა მას მაინც არ დასჭირდებოდა ქათამი გამოსაჩეკად? პირდაპირ ქათმის შექმნა გაცილებით უფრო მარტივი და მზა გამოსავალია; ამგვარად, ქათამს შეეძლო კვერცხების დადება და წიწილების გამოჩეკა, ადამიანებს კი ქათამი ექნებოდათ საჭმელად. რა მოსახერხებელია! ღმერთი საქმეს სადად და გამართულად აკეთებს, ყოველგვარი ჩახლართულობის გარეშე. საიდან ჩნდება კვერცხი? ის ქათმისგან ჩნდება. არ არსებობს კვერცხი ქათმის გარეშე. ის, რაც ღმერთმა შექმნა, ცოცხალი არსება იყო! კაცობრიობა აბსურდული და სასაცილოა, მუდამ იხლართება ასეთ მარტივ რამეებში და ბოლოს აბსურდული ცდომილებების მთელი გროვა რჩება ხელთ. რა ბავშვურია ადამიანი! კვერცხსა და ქათამს შორის კავშირი ნათელია: ქათამი გაჩნდა პირველად. ეს არის ყველაზე ზუსტი ახსნა, ამ საკითხის ყველაზე ზუსტი გაგება და ყველაზე ზუსტი პასუხი. ეს სწორია.

რა თემები განვიხილეთ ახლახან? ჩვენ დავიწყეთ საუბარი კაცობრიობის საცხოვრებელ გარემოზე — რა გააკეთა ღმერთმა ამ გარემოსთვის, რა მოამზადა და რა მოაწესრიგა. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთკავშირები ყოველივე იმას შორის, რაც ღმერთმა კაცობრიობისთვის მოამზადა; თუ როგორ დაარეგულირა ღმერთმა ეს ურთიერთკავშირები, რათა ყოველივეს კაცობრიობისთვის ზიანი არ მიეყენებინა, და როგორ აღმოფხვრა კაცობრიობის გარემოზე ის უარყოფითი ზემოქმედება, რომელსაც ყოველივესგან მომდინარე სხვადასხვა ფაქტორი იწვევდა. ამ ყველაფრის კეთებისას ღმერთმა ყოველივეს საშუალება მისცა, თავისი უმაღლესი დანიშნულება შეესრულებინა და კაცობრიობისთვის სასარგებლო გარემო შეექმნა სასარგებლო ელემენტებით, რითაც კაცობრიობას საშუალება მისცა, ასეთ გარემოს შეგუებოდა და სიცოცხლისა და გამრავლების ციკლი ნორმალურად გაეგრძელებინა. შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკვებზე, რომელიც ადამიანის სხეულს სჭირდება — კაცობრიობის ყოველდღიურ საკვებსა და სასმელზე. ეს ასევე აუცილებელი პირობაა კაცობრიობის არსებობისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის სხეული მხოლოდ სუნთქვით ვერ იცოცხლებს; მხოლოდ მზის შუქი არ არის საკმარისი, არც მხოლოდ ქარი და არც მხოლოდ შესაფერისი ტემპერატურა. ადამიანებს კუჭის ამოვსებაც სჭირდებათ. რაც შეეხება იმ ყველაფრის წყაროებს, რითაც ადამიანები კუჭს ივსებენ, ღმერთმა ასევე მოამზადა თითოეული მათგანი კაცობრიობისთვის, ისე, რომ არც ერთი არ გამოუტოვებია. ეს არის კაცობრიობის საკვების წყაროები. როდესაც უკვე დაინახე ასეთი მდიდარი და უხვი პროდუქტები — კაცობრიობის საკვებისა და სასმელის წყაროები — შეგიძლია თქვა, რომ ღმერთია კაცობრიობისა და თავისი ყველა ქმნილების მომარაგების წყარო? სამყაროს შექმნისას, ღმერთს რომ მხოლოდ ხეები და ბალახი ან ყოველგვარი სხვა ცოცხალი არსება შეექმნა, და ეს სხვადასხვა ცოცხალი არსება თუ მცენარე მხოლოდ ძროხებისა და ცხვრებისთვის ყოფილიყო საკვებად განკუთვნილი, ან ზებრებისთვის, ირმებისა და სხვა სხვადასხვა სახეობის ცხოველისთვის, მაგალითად, ლომებს რომ ეჭამათ ზებრები და ირმები, ხოლო ვეფხვებს — ცხვრები და ღორები — მაგრამ არაფერი ყოფილიყო ადამიანისთვის საკვებად გამოსადეგი, გაამართლებდა ეს? არ გაამართლებდა. ადამიანის სხეული ვერ შეძლებდა არსებობას. რა მოხდებოდა, ადამიანებს მხოლოდ ფოთლები რომ ეჭამათ? გაამართლებდა ეს? შეეძლოთ ადამიანებს ცხვრებისთვის განკუთვნილი ბალახის ჭამა? ცოტა რომ გაესინჯათ, შესაძლოა, არ ევნო, მაგრამ ასეთი რამ დიდი ხნის განმავლობაში რომ ეჭამათ, მათი კუჭი ამას ვერ აიტანდა და ადამიანები დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. არის ისეთი რამეც კი, რასაც ცხოველები ჭამენ, ადამიანისთვის კი შხამიანია, და ზოგიერთი შხამიანი რამის ჭამა ცხოველებს ზიანის გარეშე შეუძლიათ, ადამიანებს კი — არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანები, ამიტომ ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის ადამიანის სხეულის პრინციპები და აგებულება და ის, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს. რა კომპონენტებისგან შედგება სხეული და როგორია მათი შემადგენლობა, რა სჭირდება მას, როგორ ფუნქციონირებს მისი შინაგანი ორგანოები და როგორ შეიწოვს, გამოყოფს და გარდაქმნის ისინი სხვადასხვა ნივთიერებას — ყოველივე ეს სრულიად ნათელია ღვთისთვის. თავად ადამიანებს არ ესმით ეს; ზოგჯერ ისინი უთავბოლოდ იკვებებიან, სხეულის დაუფიქრებელ მოძლიერებას მიმართავენ და ამგვარი გადამეტებული მოძლიერება წონასწორობის დარღვევას იწვევს. თუ ნორმალური სახით შეჭამ იმას და დატკბები იმით, რაც ღმერთმა შენთვის მოამზადა, მაშინ ჯანმრთელობის პრობლემები არ გექნება. ზოგჯერ ცუდ ხასიათზეც რომ იყო და სისხლის შეგუბებაც გქონდეს, ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ გარკვეული სახის მცენარის ჭამა გჭირდება და შეგუბება გაქრება. ღმერთმა ყოველივე ამისთვის ყველაფერი მოამზადა. ამრიგად, ღვთის თვალში, კაცობრიობა ბევრად მაღლა დგას ნებისმიერ სხვა ცოცხალ არსებაზე. ღმერთმა თითოეული სახეობის მცენარისთვის გარემო მოამზადა და თითოეული სახეობის ცხოველისთვისაც მოამზადა საკვები და გარემო, მაგრამ მხოლოდ კაცობრიობას აქვს ყველაზე მკაცრი მოთხოვნები ამ საცხოვრებელი გარემოს მიმართ და ამ მოთხოვნების ოდნავადაც კი უგულებელყოფა არ შეიძლება; ასე რომ მომხდარიყო, კაცობრიობა ვერ შეძლებდა ნორმალურად განვითარების, ცხოვრებისა და გამრავლების გაგრძელებას. ღმერთმა ეს გულში ყველაზე უკეთ იცის. როდესაც ღმერთმა ეს გააკეთა, თავის გულში მან ეს ყველაფერ სხვაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია. რაც შეეხება ნებისმიერ არაფრით გამორჩეულ რამეს, რასაც ხედავ ან რითაც ტკბები, ან ნებისმიერ რამეს, რაც გრძნობ, რომ დაბადებიდანვე გერგო და რითაც ტკბობა შეგიძლია, მაშინ როცა არ შეგიძლია მისი მნიშვნელობის შეგრძნება, ღმერთს ის უკვე დიდი ხანია ფარულად აქვს მომზადებული შენთვის. მომზადებული. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ღმერთმა მოაშორა ყველა ის უარყოფითი ელემენტი, რომელიც კაცობრიობისთვის საზიანოა და შესაძლოა ადამიანის სხეულს ავნოს, და გაუმკლავდა მათ. რას აჩვენებს ეს? აჩვენებს თუ არა ეს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ღმერთს ჰქონდა კაცობრიობის მიმართ, როდესაც ამჯერად კაცობრიობა შექმნა? როგორი იყო ეს დამოკიდებულება? ღვთის დამოკიდებულება იყო მკაცრი და სერიოზული და თუნდაც უმცირესი ჩარევის ადგილს არ უტოვებდა არაფერს ღვთის გარდა — არც რომელიმე მოწინააღმდეგის ძალას, არც რომელიმე ფაქტორსა თუ პირობას. ამაში ჩანს ღვთის დამოკიდებულება კაცობრიობის ამჯერად შექმნისა და მართვისას. და როგორია ღვთის დამოკიდებულება? იმ საარსებო და საცხოვრებელი გარემოს მეშვეობით, რომლითაც კაცობრიობა ტკბება, ასევე მისი ყოველდღიური საკვებისა და სასმელისა და ყოველდღიური საჭიროებების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ღმერთის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება კაცობრიობისადმი, რომელიც მას ადამიანის შექმნიდან მოყოლებული გააჩნია, ისევე როგორც მისი მტკიცე გადაწყვეტილება, იხსნას კაცობრიობა ამჟამად. შეგიძლიათ დაინახოთ ღვთის რეალურობა ამ რამეებში? შეგიძლიათ დაინახოთ მისი საოცრება? შეგიძლიათ დაინახოთ მისი შეუცნობლობა? შეგიძლიათ დაინახოთ მისი ყოვლისშემძლეობა? ღმერთი იყენებს თავის ბრძნულ და ყოვლისშემძლე გზებს, რათა უზრუნველყოს მთელი კაცობრიობა და უზრუნველყოს თავისი ყველა ქმნილებაც კი. ახლა, როდესაც ამდენი რამ გითხარით, შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთი არის სიცოცხლის წყარო ყოველივესთვის? (დიახ). ეს ნამდვილად ასეა. გაქვთ რაიმე ეჭვი? (არა). ღვთის მიერ ყოველივეს უზრუნველყოფა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ იგი არის ყოველივეს სიცოცხლის წყარო, რადგან იგი არის წყარო იმ უზრუნველყოფისა, რომელმაც ყოველივეს გადარჩენის, სიცოცხლის, გამრავლებისა და გაგრძელების საშუალება მისცა, და არ არსებობს სხვა წყარო, გარდა თავად ღვთისა. ღმერთი უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც ყოველივეს სჭირდება, და ყველაფერს, რაც კაცობრიობას სჭირდება, იქნება ეს კაცობრიობისთვის ყველაზე აუცილებელი საარსებო გარემო, ის, რაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ, თუ ადამიანთა სულებისთვის ჭეშმარიტების მიწოდებაც კი. ყოველი თვალსაზრისით, ღვთის ვინაობა და მისი სტატუსი უდიდესი მნიშვნელობისაა კაცობრიობისთვის; მხოლოდ თავად ღმერთია სიცოცხლის წყარო ყოველივესთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი ამ სამყაროს მმართველი, ხელმწიფე და მომმარაგებელია — იმ სამყაროსი, რომლის დანახვა და შეგრძნებაც ადამიანებს შეუძლიათ. განა კაცობრიობისთვის ღვთის ვინაობა სწორედ ეს არ არის? ამაში არაფერია ყალბი. ამიტომ, როდესაც ცაში მფრინავ ჩიტებს ხედავ, უნდა იცოდე, რომ ყველაფერი, რასაც ფრენა შეუძლია, ღვთის მიერ არის შექმნილი. არსებობენ წყალში მცურავი ცოცხალი არსებები და ისინიც სხვაგვარად არსებობენ. ნიადაგში მზარდი ხეები და მცენარეები გაზაფხულზე კვირტებს იკეთებს და ყლორტებს ივითარებს, შემოდგომაზე ნაყოფს ისხამს და ფოთლებს ყრის, ზამთრისთვის კი ყველა ფოთოლი ჩამოცვენილია, რადგან ეს მცენარეები ზამთრის გადასატანად ემზადება. ეს არის მათი არსებობის გზა. ღმერთმა შექმნა ყოველივე, და თითოეული სხვადასხვა ფორმითა და გზით არსებობს და იყენებს სხვადასხვა მეთოდს თავისი სასიცოცხლო ძალისა და თავისი არსებობის ფორმის გამოსავლენად. ყოველივე რა გზითაც არ უნდა არსებობდეს, ყველა მათგანი ღვთის მეუფების ქვეშაა. რა მიზანი აქვს ღმერთს, როცა სიცოცხლის ყველა განსხვავებულ ფორმასა და ცოცხალ არსებაზე ხელმწიფებს? განა ეს კაცობრიობის არსებობას არ ემსახურება? იგი სიცოცხლის ყველა კანონს აკონტროლებს და ამ ყველაფერს კაცობრიობის არსებობისთვის აკეთებს. ეს აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კაცობრიობის არსებობა ღვთისთვის.

კაცობრიობის უნარი, ნორმალურად იარსებოს და გამრავლდეს, უდიდესი მნიშვნელობისაა ღვთისთვის. ამიტომ ღმერთი გამუდმებით ამარაგებს კაცობრიობასა და თავის ყოველ ქმნილებას. იგი ყოველივეს სხვადასხვა გზით ამარაგებს, ყოველივეს არსებობის შენარჩუნებით კი კაცობრიობას კვლავ წინსვლის საშუალებას აძლევს და მის ნორმალურ არსებობას უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი დღევანდელი თანაზიარების ორი ასპექტი. რა არის ეს ორი ასპექტი? (ფართო თვალსაზრისით, ღმერთმა შექმნა გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ეს არის პირველი ასპექტი. ღმერთმა ასევე მოამზადა ის მატერიალური საგნები, რომლებიც კაცობრიობას სჭირდება, რომელთა დანახვაც და რომლებთან შეხებაც შეუძლია). ჩვენს მთავარ თემაზე ამ ორ ასპექტთან დაკავშირებით გვქონდა თანაზიარება. რა არის ჩვენი მთავარი თემა? (ღმერთი არის სიცოცხლის წყარო ყოველივესთვის). ახლა უკვე უნდა გქონდეთ გარკვეული გაგება იმისა, თუ რატომ მოიცავდა ჩემი თანაზიარება ამ თემაზე სწორედ ამ საკითხებს. იყო კი რაიმე მსჯელობა, რომელიც არ უკავშირდებოდა მთავარ თემას? სულაც არა! შესაძლოა, ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ, ზოგიერთმა თქვენგანმა რაღაც გაიგო და ახლა გრძნობს, რომ ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სხვებს შესაძლოა მხოლოდ სიტყვასიტყვითი გაგება ჰქონდეთ და გრძნობდნენ, რომ ეს სიტყვები თავისთავად უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გესმით ეს ამჟამად, დადგება დღე, როდესაც საკმარის გამოცდილებას შეიძენთ და გაგების გარკვეულ დონეს მიაღწევთ — ანუ, როდესაც თქვენი ცოდნა ღვთის საქმეებისა და თავად ღვთის შესახებ გარკვეულ დონეს მიაღწევს — მაშინ თქვენ საკუთარ პრაქტიკულ სიტყვებს გამოიყენებთ, რათა ღვთის საქმეებზე ღრმა და გულწრფელი მოწმობა გასცეთ.

ვფიქრობ, თქვენი გაგება ჯერჯერობით საკმაოდ ზედაპირულია და სიტყვასიტყვით მნიშვნელობას ემყარება, მაგრამ ახლა, როცა ამ ორ ასპექტზე ჩემი თანაზიარება მოისმინეთ, შეგიძლიათ მაინც გააცნობიეროთ, რა მეთოდებს იყენებს ღმერთი კაცობრიობის უზრუნველსაყოფად ან რით ამარაგებს ღმერთი კაცობრიობას? გაქვთ თუ არა საბაზისო წარმოდგენა, საბაზისო გაგება? (დიახ). მაგრამ უკავშირდება თუ არა ბიბლიას ეს ორი ასპექტი, რომელთა შესახებაც თანაზიარება მქონდა? უკავშირდება თუ არა ისინი სასუფევლის ეპოქაში ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას? (არა). მაშინ რატომ მქონდა მათ შესახებ თანაზიარება? იმიტომ ხომ არა, რომ ღვთის შესაცნობად ადამიანებს ეს საკითხები უნდა ესმოდეთ? (დიახ). ამ საკითხების ცოდნა მეტად აუცილებელია და მათი გაგებაც მეტად აუცილებელია. როდესაც ცდილობთ, ღმერთი სრულად შეიცნოთ, ნუ შემოიფარგლებით ბიბლიით და ნუ შემოიფარგლებით ადამიანზე ღვთის სამსჯავროთი და გაკიცხვით. რა არის ჩემი მიზანი ამის თქმისას? ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ღმერთი არ არის მხოლოდ თავისი რჩეული ხალხის ღმერთი. ამჟამად მიჰყვები ღმერთს და იგი შენი ღმერთია. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებიან ღმერთს, არის თუ არა ღმერთი მათი ღმერთი? არის თუ არა ღმერთი ყველა იმ ადამიანის ღმერთი, ვინც არ მიჰყვება ღმერთს? არის თუ არა ღმერთი ყოველივეს ღმერთი? (დიახ). მაშინ შემოიფარგლება თუ არა ღვთის საქმე და ქმედებები თავისი მასშტაბით მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც მას მიჰყვება? (არა). რა არის მათი მასშტაბი? უფრო მცირე მასშტაბით ისინი მოიცავს მთელ კაცობრიობასა და ყველა ქმნილებას. უფრო დიდი მასშტაბით კი მოიცავს მთელ სამყაროს, რომლის დანახვაც ადამიანებს არ შეუძლიათ. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი მთელ კაცობრიობაში მოქმედებს და თავის საქმეებს აღასრულებს, ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა თავად ღმერთი სრულად შეიცნონ. თუ გსურს ღვთის შეცნობა, მისი ჭეშმარიტად შეცნობა, მისი ჭეშმარიტად გაგება, მაშინ ნუ შემოიფარგლები მხოლოდ ღვთის საქმის სამი ეტაპით ან მონათხრობით იმ საქმეებზე, რომლებიც მან წარსულში აღასრულა. თუ მის შეცნობას მხოლოდ ამ გზით ეცდები, მაშინ ღმერთს შეზღუდვებს დაუწესებ და ჩარჩოებში მოაქცევ მას. ღმერთს რაღაც ძალზე მცირე რამედ აღიქვამ. როგორ იმოქმედებდა ეს ადამიანებზე? ვერასოდეს შეიცნობდი ღვთის საოცრებასა და უზენაესობას, ვერც მის ძალასა და ყოვლისშემძლეობას და ვერც მისი ხელმწიფების მასშტაბს. ღვთის ამგვარად შეცნობა გავლენას მოახდენდა იმაზე, შეძლებდი თუ არა იმ ფაქტის მიღებას, რომ ღმერთი არის ყოველივეს ხელმწიფე, და იმაზეც, შეძლებდი თუ არა ღვთის ჭეშმარიტი ვინაობისა და სტატუსის შეცნობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ღმერთს მხოლოდ შეზღუდულ ფარგლებში შეიცნობ, მაშინ ისიც შეზღუდული იქნება, რასაც მიიღებ. სწორედ ამიტომ უნდა გააფართოვო შეცნობის არეალი და თვალსაწიერი. ყველა ის სფერო, რომელშიც ღმერთი მოქმედებს, მართავს და ხელმწიფებს, და ყოველივე, რაზეც ღმერთი ხელმწიფებს და რასაც მართავს — ეს ყველაფერი უნდა შეიცნო და მათი მეშვეობით შეიცნო ღვთის საქმეები. როდესაც ამ რამეებს ამგვარად შეიცნობ, შენდაუნებურად იგრძნობ, რომ ღმერთი ყოველივეს შორის ხელმწიფებს, ყოველივეს მართავს და ამარაგებს და ასევე ჭეშმარიტად იგრძნობ, რომ ყოველივეს ნაწილი და მისი წევრი ხარ, და რადგან ღმერთი ყოველივეს ამარაგებს, შენც ღვთის მეუფების ქვეშ ხარ და მისგან საზრდოს იღებ. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ღვთის მეუფების ქვეშ ყოველივე საკუთარ კანონებს ექვემდებარება, და ღვთის მეუფების ქვეშ ყოველივეს არსებობის თავისი წესები აქვს. კაცობრიობის ბედი და საჭიროებები ასევე ღვთის მეუფებასა და მომარაგებასთან არის გადაჯაჭვული. ამრიგად, ღვთის ხელმწიფებისა და მეუფების ქვეშ კაცობრიობა და ყოველივე ერთმანეთს ასაზრდოებს და არსებობას უნარჩუნებს, არსებობისთვის ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ეს არის ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის მიზანი და ღირებულება.

2014 წლის 2 თებერვალი

წინა: თავად ღმერთი, ერთადერთი VII

შემდეგი: თავად ღმერთი, ერთადერთი IX

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება