თავად ღმერთი, ერთადერთი VII
ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა (I)
ღვთის ხელმწიფების, ღვთის სამართლიანი ხასიათისა და ღვთის სიწმინდის მიმოხილვა
როდესაც ლოცვას ასრულებთ, მშვიდდება თუ არა თქვენი გულები ღვთის წინაშე? (დიახ.) თუ ადამიანის გული დამშვიდებას შეძლებს, ის შეძლებს ღვთის სიტყვის მოსმენასა და გაგებას და შეძლებს ჭეშმარიტების მოსმენასა და გაგებას. თუ შენი გული ვერ მშვიდდება, თუ შენს გულს მუდმივად ეფანტება ყურადღება ან მუდამ სხვა რამეებზე ფიქრობს, ეს შენზე გავლენას მოახდენს, როდესაც დაესწრები შეკრებებს ღვთის სიტყვის მოსასმენად. რა არის იმ საკითხების არსი, რომლებსაც ჩვენ განვიხილავდით? მოდი, ყველამ ცოტა გავიხსენოთ მთავარი პუნქტები. თავად ღმერთის, ერთადერთის, შეცნობასთან დაკავშირებით, პირველ ნაწილში განვიხილეთ ღვთის ხელმწიფება. მეორე ნაწილში განვიხილეთ ღვთის სამართლიანი ხასიათი, ხოლო მესამე ნაწილში — ღვთის სიწმინდე. დატოვა თუ არა თქვენზე შთაბეჭდილება იმ კონკრეტულმა შინაარსმა, რომელსაც ყოველ ჯერზე განვიხილავდით? პირველ ნაწილში, „ღვთის ხელმწიფება“, რამ დატოვა თქვენზე ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება? რომელმა ნაწილმა მოახდინა თქვენზე ყველაზე ძლიერი გავლენა? (ღმერთმა პირველად გაგვიზიარა ღვთის სიტყვის ხელმწიფება და ძლევამოსილება; ღმერთი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს, და რასაც გულისხმობს, ის აღსრულდება. ეს არის ღვთის თანდაყოლილი არსი.) (ღვთის ბრძანება სატანისადმი იყო ის, რომ მას შეეძლო მხოლოდ გამოეცადა იობი, მაგრამ არ შეეძლო მისი სიცოცხლის ხელყოფა. ამაში ვხედავთ ღვთის სიტყვის ხელმწიფებას.) არის კიდევ რამე დასამატებელი? (ღმერთმა სიტყვები გამოიყენა ცისა და მიწის და ყოველივეს შესაქმნელად, და მან წარმოთქვა სიტყვები ადამიანთან აღთქმის დასადებად და ადამიანზე თავისი კურთხევების მოსავლენად. ყოველივე ეს ღვთის სიტყვის ხელმწიფების მაგალითებია. ასევე, უფალმა იესომ უბრძანა ლაზარეს, გამოსულიყო თავისი სამარხიდან, რაც აჩვენებს, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის კონტროლის ქვეშაა, რომ სატანას არ აქვს ძალაუფლება გააკონტროლოს სიცოცხლე და სიკვდილი, და რომ განურჩევლად იმისა, ღვთის საქმე ხორცში სრულდება თუ სულში, მისი ხელმწიფება უნიკალურია.) ეს არის ის გაგება, რომელიც თქვენ თანაზიარების მოსმენის შემდეგ შეიძინეთ. ღვთის ხელმწიფებაზე საუბრისას, როგორ გესმით სიტყვა „ხელმწიფება“? ღვთის ხელმწიფების ფარგლებში, რას ხედავენ ადამიანები იმაში, რასაც ღმერთი აკეთებს და ავლენს? (ჩვენ ვხედავთ ღვთის ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს.) (ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთის ხელმწიფება მუდამ მყოფობს და რომ ის ჭეშმარიტად არსებობს. ჩვენ ვხედავთ ღვთის ხელმწიფებას მაკრო დონეზე, რომელიც ფლობს მეუფებას ყოველივეზე, და ვხედავთ მას მიკრო დონეზე, რომელიც აკონტროლებს თითოეული ცალკეული ადამიანის სიცოცხლეს. ღმერთი აწყობს და ფლობს მეუფებას ადამიანის სიცოცხლის ექვს ეტაპზე. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ღვთის ხელმწიფება წარმოადგენს თავად ღმერთს, ერთადერთს, და არცერთ შექმნილ თუ შეუქმნელ არსებას არ შეუძლია მისი ფლობა. ღვთის ხელმწიფება მისი ვინაობის სიმბოლოა.) „ღვთის ვინაობისა და ღვთის სტატუსის სიმბოლო“ — ეს სიტყვები ამჟამად თქვენთვის გარკვეულწილად მოძღვრებას წარმოადგენს. გაქვთ თუ არა ღვთის ხელმწიფების რაიმე არსებითი გაგება? (ღმერთი გვიყურებდა და გვიცავდა ჩვენი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, და ჩვენ ამაში ვხედავთ ღვთის ხელმწიფებას. ჩვენ არ ვიცოდით იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც გვისაფრდებოდა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის გვიცავდა ფარულად. ესეც ღვთის ხელმწიფებაა.) ძალიან კარგი. კარგად არის ნათქვამი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ღვთის ხელმწიფებაზე, რა იყო ჩვენი ფოკუსი, ჩვენი მთავარი პუნქტი? რატომ დაგვჭირდა ამის განხილვა? ამის განხილვის პირველი მიზანი იყო ადამიანთა გულებში ღვთის, როგორც შემოქმედის ვინაობისა და ყოველივეს შორის მისი სტატუსის დამკვიდრება. ეს არის ის, რისი შეცნობაც, დანახვაც და შეგრძნებაც ადამიანებს პირველ რიგში შეუძლიათ. რასაც ხედავ და რასაც გრძნობ, მოდის ღვთის ქმედებებიდან, ღვთის სიტყვებიდან და ღვთის მიერ ყოველივეს კონტროლიდან. რაც შეეხება იმას, თუ რა ჭეშმარიტ გაგებას იძენენ ადამიანები ყოველივე იმისგან, რასაც ისინი ხედავენ, აფასებენ და იციან ღვთის ხელმწიფების შესახებ, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ პირველი მიზნის განხილვისას. მეორე მიზანი იყო, ადამიანებს დაენახათ ღვთის ძალა და სიბრძნე ყოველივე იმის მეშვეობით, რაც ღმერთმა გააკეთა, თქვა და გააკონტროლა თავისი ხელმწიფებით. ეს იყო იმისთვის, რომ დაგენახა, რამდენად ძლევამოსილი და რამდენად ბრძენია ღმერთი ყველაფრის გაკონტროლებისას. განა ეს არ იყო ჩვენი წინა განხილვის ფოკუსი და მთავარი პუნქტი ღვთის უნიკალური ხელმწიფების შესახებ? ამ განხილვის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და მაინც, ზოგიერთ თქვენგანს ეს უკვე დაავიწყდა, რაც ამტკიცებს, რომ თქვენ არ მიგიღიათ ღვთის ხელმწიფების ღრმა გაგება. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ადამიანს არ უხილავს ღვთის ხელმწიფება. გაქვთ თუ არა ახლა გარკვეული გაგება? როდესაც ხედავ, რომ ღმერთი ახორციელებს თავის ხელმწიფებას, რას გრძნობ ჭეშმარიტად? ჭეშმარიტად იგრძენი თუ არა ღვთის ძალა? (დიახ.) როდესაც კითხულობ მის სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა მან ყოველივე, გრძნობ მის ძალას და გრძნობ მის ყოვლისშემძლეობას. როდესაც ხედავ ღვთის მეუფებას ადამიანის ბედისწერაზე, რას გრძნობ? გრძნობ თუ არა მის ძალასა და მის სიბრძნეს? ღმერთს რომ არ ჰქონოდა ეს ძალა, მას რომ არ ჰქონოდა ეს სიბრძნე, შესწევდა თუ არა მას უნარი, ჰქონოდა მეუფება ყოველივეზე და ადამიანის ბედისწერაზე? ღმერთი ფლობს ამ ძალასა და ამ სიბრძნეს, ამიტომ მას აქვს ეს ხელმწიფება და ის ერთადერთია. ყოველივეს შორის, გინახავს თუ არა ოდესმე ადამიანი ან საგანი ღვთის მსგავსი ძალით? ცისა და მიწის და ყოველივეს შექმნა, მათი კონტროლი და მათზე მეუფების ფლობა, მთელ კაცობრიობაზე მეუფების ფლობა და მათი წარმართვა, და ყველგან და ყოველთვის მყოფობა — არსებობს ვინმე ან რამე ასეთი ძალით? (არა, არ არსებობს.) გესმით თუ არა ახლა ღვთის უნიკალური ხელმწიფების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? გაქვთ თუ არა ახლა ამის გარკვეული გაგება? (დიახ.) ამით სრულდება ჩვენი მიმოხილვა ღვთის უნიკალური ხელმწიფების თემაზე.
მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის სამართლიან ხასიათზე. ამ თემის ფარგლებში ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ამ ეტაპზე ღვთის საქმე ძირითადად სამსჯავროსა და გაკიცხვისგან შედგება, და სასუფევლის ეპოქაში მისი სამართლიანი ხასიათი მისგან ნათლად და კონკრეტულად ვლინდება. მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც შექმნის დროიდან არასდროს უთქვამს; და მის სიტყვებში ყველა ადამიანმა, ყველამ, ვინც კითხულობს და განიცდის მის სიტყვას, იხილა მისი სამართლიანი ხასიათის გამოვლინებები. მაშ, რა იყო ჩვენი განხილვის მთავარი პუნქტი ღვთის სამართლიან ხასიათზე? გაქვთ თუ არა მისი უფრო ღრმა აღქმა და გამოცდილებითი გაგება? (ღმერთმა გადაწვა სოდომი, რადგან იმდროინდელი ხალხი ღრმად იყო გახრწნილი და ღვთის რისხვა გამოიწვია. ამაში ჩვენ ვხედავთ ღვთის სამართლიან ხასიათს.) პირველ რიგში, მოდი, დავინახოთ: ღმერთს რომ არ გაენადგურებინა სოდომი, შეძლებდი თუ არა მისი სამართლიანი ხასიათის შეცნობას? მაინც შეძლებდი. ამის ნაწილის დანახვა შეგიძლია იმ სიტყვებში, რომლებიც ღმერთმა გამოხატა სასუფევლის ეპოქაში, და იმ სამსჯავროში, გაკიცხვასა და წყევლაში, რომლებიც მან ადამიანისკენ მიმართა. შეგიძლია თუ არა დაინახო ღვთის სამართლიანი ხასიათი მის მიერ ნინევიას გადარჩენაში? (დიახ.) ამჟამინდელ ეპოქაში ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ ღვთის გულმოწყალების, კეთილმოსურნე სიყვარულისა და შემწყნარებლობის ნაწილი, და ადამიანებს ასევე შეუძლიათ ამის დანახვა ღვთის გულის შეცვლაში, რაც ადამიანის მონანიებას მოსდევს. ღვთის სამართლიან ხასიათზე ჩვენი განხილვის დასაწყებად ამ ორი მაგალითის მოყვანის შემდეგ, ღვთის სამართლიანი ხასიათის ეს გამოვლინებები საკმაოდ ნათლად ჩანს, თუმცა სინამდვილეში ღვთის სამართლიანი ხასიათი-არსის გამოვლინებები არ შემოიფარგლება იმით, რაც ბიბლიის ამ ორ ისტორიაშია ჩაწერილი. ღვთის სიტყვებიდან და მისი საქმეებიდან, რომლებიც გინახავთ და გამოგიცდიათ, რას წარმოადგენს ღვთის სამართლიანი ხასიათი, როგორადაც ამას ხედავთ? ისაუბრეთ თქვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. (იმ გარემოებებში, რომლებიც ღმერთმა ადამიანებისთვის მოაწყო, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება და ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედება, ღმერთი მიუძღვის მათ, ნათელს ჰფენს მათ და აძლევს საშუალებას, იგრძნონ სინათლე თავიანთ გულებში. როდესაც ადამიანები ამბოხდებიან ღვთის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგებიან მას და არ მოქმედებენ მისი განზრახვების შესაბამისად, მაშინ მათში დიდი სიბნელეა, თითქოს ღმერთმა მიატოვა ისინი. მაშინაც კი, როდესაც ლოცულობენ, არ იციან, რა უთხრან მას. მაგრამ როდესაც ისინი გვერდზე დებენ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და მზად არიან ითანამშრომლონ ღმერთთან და ისწრაფონ სიმაღლისკენ, მაშინ ისინი თანდათანობით ახერხებენ ღვთის მოღიმარი სახის ხილვას. ამაზე დაყრდნობით ჩვენ განვიცდით ღვთის სამართლიანი ხასიათის სიწმინდეს. ღმერთი ეცხადება წმინდა სასუფეველს, მაგრამ ემალება უწმინდურების მიწას.) (მე ვხედავ ღვთის სამართლიან ხასიათს იმაში, თუ როგორ ეპყრობა იგი ადამიანებს. ჩვენი ძმები და დები განსხვავდებიან სულიერი სიმწიფითა და სულიერი მონაცემებით, ღვთის მოთხოვნები თითოეული ჩვენგანის მიმართ ასევე განსხვავებულია, და ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ ღვთისგან ნათლის მოფენა სხვადასხვა ხარისხით. ამაში მე ვხედავ ღვთის სამართლიანობას, რადგან ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია ასე მოვეპყროთ ადამიანს, მაგრამ ღმერთს შეუძლია.) ახლა ყველას შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ გარკვეული პრაქტიკული ცოდნა.
იცით თუ არა, რა ცოდნაა ღვთის სამართლიანი ხასიათის გაგების გასაღები? ამ თემაზე გამოცდილებიდან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერ არის რამდენიმე მთავარი პუნქტი, რომლებიც უნდა გითხრათ. ღვთის სამართლიანი ხასიათის გასაგებად ადამიანმა ჯერ უნდა გაიგოს ღვთის სიხარული, წყრომა, მწუხარება და ბედნიერება: რა სძულს მას, რა ეზიზღება, რა უყვარს, ვის მიმართ არის შემწყნარებელი და მოწყალე, და როგორი ტიპის ადამიანისადმი ავლენს წყალობას. ეს არის ერთი მთავარი პუნქტი. ადამიანმა ასევე უნდა გაიგოს, რომ რაც არ უნდა უყვარდეს ღმერთს ადამიანი, რაც უნდა წყალობასა და კეთილმოსურნე სიყვარულს ავლენდეს იგი ადამიანებზე, ღვთის ვინაობა და სტატუსი –– ისევე როგორც მისი ღირსება –– არ იწყნარებს შეურაცხყოფას არცერთი ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს უყვარს ადამიანები, ის არ ანებივრებს მათ. ის აძლევს ადამიანებს თავის სიყვარულს, თავის წყალობასა და თავის შემწყნარებლობას, მაგრამ არასდროს ათამამებს მათ. ღმერთს აქვს თავისი პრინციპები და თავისი საზღვრები. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად გრძნობ, რომ ღმერთმა სიყვარული მოგცა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ღრმად გეჩვენება ეს სიყვარული, არასდროს უნდა მოეპყრო ღმერთს ისე, თითქოს ის ადამიანი იყოს. მართალია, ღმერთი ადამიანებს ეპყრობა, როგორც თავის უსაყვარლეს ადამიანებს, მაგრამ თუ ღმერთს ადამიანად მიიჩნევ, როგორც ადამიანს, რომელიც შექმნილი არსების ტოლფასია, ან როგორც მეგობარს ან კერპთაყვანისმცემლობის ობიექტს, მაშინ ღმერთი დაგიმალავს თავის სახეს და მიგატოვებს. ეს არის მისი ხასიათი, და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, უყურადღებოდ მოეკიდოს ამ საკითხს. ამიტომ, ჩვენ ხშირად ვხედავთ ღვთის მიერ თავისი ხასიათის შესახებ ნათქვამ ასეთ სიტყვებს: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გივლიათ, რამდენი საქმე გაგიკეთებიათ ან რამდენი ტანჯვა გადაგიტანიათ; თუ შეურაცხყოფთ ღვთის ხასიათს, ის თითოეულ თქვენგანს მიაგებს იმის მიხედვით, რაც გაგიკეთებიათ. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანებს ეპყრობა, როგორც თავის უსაყვარლეს ადამიანებს, მაგრამ არ უნდა მოეპყრო ღმერთს, როგორც მეგობარს ან ნათესავს. ნუ მოეპყრობი ღმერთს, როგორც შენს ძმაკაცს. რაც უნდა გრძნობდე, რომ ღმერთს უყვარხარ და შემწყნარებელია შენ მიმართ, არასდროს უნდა მოეპყრო ღმერთს, როგორც შენს მეგობარს. ეს არის ღვთის სამართლიანი ხასიათი. ხომ გესმით? განა მმართებს ამაზე მეტის თქმა? გქონდათ თუ არა ამ საკითხის რაიმე წინასწარი აღქმა? ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე მარტივი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, განურჩევლად იმისა, ესმით თუ არა ეს საკითხი მოძღვრების თვალსაზრისით, თუ არასდროს უფიქრიათ ამ საკითხზე. როდესაც ადამიანები ღვთის წინაშე უსაქციელობას სჩადიან, ეს შეიძლება არ იყოს ერთი საქმის ან მათი ნათქვამი ერთი სიტყვის საკითხი, არამედ იმ დამოკიდებულების საკითხია, რომელიც მათ აქვთ, ან იმ მდგომარეობის, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ეს ძალიან საშიში რამ არის. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ აქვს ღვთის ცოდნა, რომ აქვს მისი გარკვეული გაგება, და რომ ასევე გარკვეულწილად აკმაყოფილებს ღმერთს თავისი ქმედებებით. მათ უჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ღვთის თანასწორნი უნდა იყვნენ და რომ შეუძლიათ ღმერთთან ზედმეტად შინაურულად მოქცევა. ამგვარი გრძნობები საშინლად მცდარია. თუ არ გაქვს ამის ნათელი და ღრმა გაგება, მაშინ ძალიან ადვილად მიაყენებ შეურაცხყოფას ღმერთს და მის სამართლიან ხასიათს. ახლა გესმის ეს, არა? განა ღვთის სამართლიანი ხასიათი უნიკალური არ არის? შეიძლება თუ არა ის ოდესმე იყოს ადამიანის პიროვნების ან ზნეობის ტოლფასი? არასდროს. ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ, როგორადაცუნდა ეპყრობოდეს ღმერთი ადამიანებს ან როგორადაც უნდა უყურებდეს იგი ადამიანებს, ღვთის სტატუსი, ხელმწიფება და ვინაობა არასდროს იცვლება! კაცობრიობისთვის ღვთის ვინაობა ყოველთვის არის ის, ვინც ფლობს მეუფებას ყოველივეზე — შემოქმედი.
რა შეიმეცნეთ ღვთის სიწმინდის შესახებ? იმ ნაწილში „ღვთის სიწმინდის“ შესახებ, გარდა იმ ფაქტისა, რომ სატანის უკეთურება გამოყენებულია როგორც საპირისპირო ფონი, რა იყო ღვთის სიწმინდის შესახებ ჩვენი განხილვის მთავარი შინაარსი? განა ეს არ არის ის, რაც ღმერთს აქვს და რაც არის? არის თუ არა ის, რაც ღმერთს აქვს და რაც არის უნიკალური თავად ღმერთისთვის? (დიახ.) ეს არის ის, რაც შექმნილ არსებებს არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ ასევე, რომ ღვთის სიწმინდე უნიკალურია. ეს არის ის, რისი გაგებაც უნდა შეგეძლოთ. ჩვენ სამი შეკრება ჩავატარეთ ღვთის სიწმინდის თემაზე. შეგიძლიათ თუ არა თქვენივე სიტყვებით, თქვენივე გაგებით აღწეროთ, რას წარმოადგენს ღვთის სიწმინდე თქვენი რწმენით? (გასულ ჯერზე, როდესაც ღმერთი ჩვენთან ერთად იყო შეკრებაზე, ჩვენ მუხლი მოვიდრიკეთ მის წინაშე. ღმერთმა გაგვიზიარა ჭეშმარიტება მის წინაშე დამხობისა და მუხლმოდრეკით თაყვანისცემის შესახებ. ჩვენ დავინახეთ, რომ მის წინაშე მუხლის მოდრეკა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეესაბამებოდა მის განზრახვას, და ამაში დავინახეთ ღვთის სიწმინდე.) ნამდვილად ასეა. არის კიდევ რამე? (კაცობრიობისადმი ღვთის სიტყვებში ჩვენ ვხედავთ, რომ იგი საუბრობს მარტივად და ნათლად. იგი პირდაპირი და კონკრეტულია. სატანა ლაპარაკობს მიკიბულ-მოკიბულად და სავსეა სიცრუით. იმაში, რაც გასულ ჯერზე მოხდა, როდესაც ჩვენ დავემხეთ და მუხლი მოვიდრიკეთ ღვთის წინაშე, ჩვენ დავინახეთ, რომ მისი ყოველი სიტყვა და ქმედება პრინციპულია. იგი ყოველთვის ნათელი და არაორაზროვანია, როდესაც გვეუბნება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა დავიცვათ და როგორ უნდა განვახორციელოთ პრაქტიკაში. მაგრამ ადამიანები ასეთები არ არიან. სატანის მიერ კაცობრიობის გახრწნის შემდეგ ისინი მოქმედებენ და საუბრობენ საკუთარი პირადი მოტივებითა და მიზნებით და საკუთარი პირადი სურვილებით გონებაში. კაცობრიობაზე ღვთის ზრუნვაში, მეთვალყურეობასა და დაცვაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, პოზიტიური და ნათელია. სწორედ ამგვარად ვხედავთ ჩვენ ღვთის სიწმინდის არსის გამოვლინებებს.) კარგად არის ნათქვამი! სხვას ხომ არ აქვს რაიმე დასამატებელი? (სატანის უკეთური არსის ღვთის მიერ მხილების მეშვეობით ჩვენ ვხედავთ ღვთის სიწმინდეს, ვიძენთ მეტ ცოდნას სატანის უკეთურების შესახებ და ვხედავთ კაცობრიობის ტანჯვის წყაროს. წარსულში ჩვენ არ ვიცოდით ადამიანის ტანჯვის შესახებ სატანის ბატონობის ქვეშ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამხილა ეს, ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ტანჯვა, რომელიც დიდებისა და სარგებლის ძიებიდან მოდის, სატანის ნახელავია. მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, რომ ღვთის სიწმინდე კაცობრიობის ჭეშმარიტი ხსნაა.) არის კიდევ რამე ამაზე დასამატებელი? (კაცობრიობას, რომელიც გახრწნილია, არ გააჩნია ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა ან სიყვარული. რადგან ჩვენ არ გვესმის ღვთის სიწმინდის არსი და როდესაც ვემხობით და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე თაყვანის საცემად, ამას ვაკეთებთ უწმინდური აზრებითა და ფარული მოტივებითა და მიზნებით, ღმერთი უკმაყოფილოა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთი განსხვავდება სატანისგან; სატანას სურს, რომ ადამიანები აღმერთებდნენ და ეპირფერებოდნენ მას, დაემხონ და მუხლი მოიდრიკონ მის თაყვანსაცემად. სატანას არ აქვს პრინციპები. ამის მიხედვითაც მე ვაცნობიერებ ღვთის სიწმინდეს.) ძალიან კარგი! იმაში, რაშიც ჩვენ მოვახდინეთ თანაზიარება ღვთის სიწმინდის შესახებ, ხედავთ თუ არა ღვთის სრულყოფილებას? ხედავთ თუ არა, რამდენად არის ღმერთი ყოველივე პოზიტიურის წყარო? შეგიძლიათ თუ არა დაინახოთ, რამდენად არის ღმერთი ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის განსახიერება? ხედავთ თუ არა, რამდენად არის ღმერთი სიყვარულის წყარო? ხედავთ თუ არა, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ყველაფერი, რასაც იგი გამოხატავს, და ყველაფერი, რაც მისგან ვლინდება, უნაკლოა? (დიახ, ვხედავთ.) ეს არის იმის მთავარი პუნქტები, რაც მე ვთქვი ღვთის სიწმინდის შესახებ. დღეს ეს სიტყვები შესაძლოა მხოლოდ მოძღვრებად გეჩვენებათ, მაგრამ ერთ დღეს, შენი გამოცდილებებისდა კვალობაზე, როდესაც იხილავ თავად ჭეშმარიტ ღმერთს მის სიტყვებსა და მის საქმეებში, მთელი გულით იტყვი, რომ ღმერთი წმინდაა, რომ ღმერთი განსხვავდება კაცობრიობისგან, და რომ მისი გული, ხასიათი და არსი წმინდაა. ეს სიწმინდე აძლევს ადამიანს საშუალებას, დაინახოს ღვთის სრულყოფილება და დაინახოს, რომ ღვთის სიწმინდის არსს არ აქვს ნაკლი. მისი სიწმინდის არსი განაპირობებს იმას, რომ იგი არის თავად ღმერთი, ერთადერთი, და ეს ასევე აძლევს ადამიანს საშუალებას, დაინახოს და დაადასტუროს, რომ იგი არის თავად ერთადერთი ღმერთი. განა ეს არ არის მთავარი პუნქტი? (დიახ, ასეა.)
დღეს ჩვენ ჩავატარეთ წინა თანაზიარებებიდან რამდენიმე თემის მიმოხილვა. ამით სრულდება დღევანდელი მიმოხილვა. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენგანი გულთან ახლოს მიიტანს თითოეული საკითხისა და თემის მთავარ პუნქტებს. ნუ მიიჩნევ მათ მოძღვრებად; როდესაც თავისუფალი დრო გექნება, ხშირად წაიკითხე, გადახედე და იფიქრე მათზე. დაიმახსოვრე ისინი გულში და შეიტანე რეალობაში — მაშინ ჭეშმარიტად შეიცნობ თითოეულ ასპექტს, რომელზეც ვისაუბრე, რაც თავად ღვთისგან ვლინდება: ღვთის ხასიათის პრაქტიკულ გამოვლინებას და იმის გამოვლინებას, თუ რა აქვს მას და რა არის ის. თუმცა, თუ მათ მხოლოდ რვეულში ჩაინიშნავ და, როგორც წესი, არასოდეს წაიკითხავ, არ გადახედავ ან არ იფიქრებ მათზე, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ მათ. ახლა გესმის, არა? ამ სამ თემაზე თანაზიარების შემდეგ, როდესაც ადამიანები შეიძენენ ზოგად გაგებას — ან შეიძლება ითქვას, მცირედ კონკრეტულ გაგებას — ღვთის ვინაობის, არსისა და ხასიათის შესახებ, იქნება თუ არა მათი გაგება ღვთის შესახებ სრული? (არა.) ახლა, ღვთის შესახებ თქვენს საკუთარ გაგებაში, არის თუ არა სხვა სფეროები, სადაც გრძნობთ, რომ უფრო ღრმა გაგება გჭირდებათ? ანუ, ახლა, როდესაც შეიძინე ღვთის ხელმწიფების, მისი სამართლიანი ხასიათისა და მისი სიწმინდის გაგება, შესაძლოა მისი უნიკალური ვინაობა და სტატუსი ჩაიბეჭდა შენს გონებაში; თუმცა ჯერ კიდევ გრჩება გასაგები, შესაფასებელი და გასაღრმავებელი ცოდნა მისი საქმეების, მისი ძლევამოსილებისა და მისი არსის შესახებ საკუთარი გამოცდილების მეშვეობით. ახლა, როდესაც მოისმინეთ ეს თანაზიარებები, თქვენს გულებში მეტ-ნაკლებად შეიძლება დამკვიდრდეს ასეთი რწმენა: ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს და ფაქტია, რომ იგი მართავს ყოველივეს. მისი სამართლიანი ხასიათი არ იწყნარებს შეურაცხყოფას არავისგან; მისი სიწმინდე არის უდავო ჭეშმარიტება, რომელშიც ეჭვის შეტანა არავის შეუძლია. ეს ფაქტებია. ეს თანაზიარებები საშუალებას აძლევს ღვთის ვინაობასა და სტატუსს, ჰქონდეს საძირკველი ადამიანის გულში. მას შემდეგ, რაც ეს საძირკველი ჩაეყრება, ადამიანებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მეტის გაგება.
ისტორია 1: თესლი, მიწა, ხე, მზის სინათლე, ჩიტები და ადამიანი
დღეს მე თქვენთან ახალ თემაზე თანაზიარებას მოვახდენ. რა არის ეს თემა? მისი სათაურია: „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“. ეს თემა ზედმეტად ვრცელი ხომ არ გეჩვენებათ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ის თქვენთვის მიუწვდომელია? ეს თემა, შესაძლოა, ადამიანებს გარკვეულწილად განყენებულად მოეჩვენოთ, მაგრამ „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“ უნდა ესმოდეს ყველას, ვინც ღმერთს მიჰყვება, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის მიერ ღვთის შეცნობასთან და განუყოფელია მისგან, ისევე როგორც მისი დაკმაყოფილებისა და მისი შიშის უნარისგან. სწორედ ამიტომ წამოიჭრა ეს თემა თანაზიარებისთვის. წარსულში ადამიანებს, შესაძლოა, ჰქონდათ ამგვარი თემის გარკვეული მარტივი ცოდნა ან გარკვეულად აცნობიერებდნენ მას. ასეთი ცოდნა შედგება გარკვეული მარტივი ან ზედაპირული გაგებისგან. შესაძლოა, ზოგიერთს ჰქონდა განსაკუთრებული გამოცდილება და გულში ღრმად აქვს გაცნობიერებული ეს თემა, მაგრამ ასეთი წინასწარი ცოდნა, ღრმა თუ ზედაპირული, ცალმხრივია და არასაკმარისად კონკრეტული. ამიტომ, სწორედ ამ მიზეზით წამოვჭერი ეს თემა თანაზიარებისთვის: რათა დაგეხმაროთ უფრო კონკრეტული და ღრმა გაგების მიღწევაში. თქვენთან ამ თემაზე თანაზიარებისთვის მე გამოვიყენებ განსაკუთრებულ მეთოდს, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია, მეთოდს, რომელიც, შესაძლოა, ოდნავ უჩვეულოდ ან ოდნავ მოუხერხებლად მოგეჩვენოთ. როგორიც არ უნდა იყოს მეთოდი, თქვენ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ, როგორც კი მოისმენთ. გიყვართ თუ არა ისტორიები? (დიახ). კეთილი, როგორც ჩანს, ჩემი არჩევანი, მომეყოლა ისტორიები, კარგია, რადგან ყველას ასე ძალიან გიყვართ ისინი. ახლა მოდით, დავიწყოთ. საჭირო არ არის, რომ რვეულებში ჩანაწერები გააკეთოთ. გთხოვთ, დაიმშვიდოთ გულები და არ იფუსფუსოთ. შეგიძლია დახუჭო თვალები, თუ გრძნობ, რომ, შესაძლოა, ყურადღება გაგიფანტოს გარემოცვამ ან გარშემომყოფებმა. ერთი შესანიშნავი ისტორია უნდა გიამბოთ. ეს არის ისტორია თესლის, მიწის, ხის, მზის სინათლის, ჩიტებისა და ადამიანის შესახებ. ისტორიაში, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ვინ არიან მთავარი პერსონაჟები? (თესლი, მიწა, ხე, მზის სინათლე, ჩიტები და ადამიანი.) არის თუ არა ღმერთი ერთ-ერთი მათგანი? (არა). მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ თავს განახლებულად და დამშვიდებულად იგრძნობთ. ახლა გთხოვთ, მშვიდად მოუსმინოთ.
პატარა თესლი მიწაზე დაეცა. ძლიერი წვიმა მოვიდა და თესლმა ნაზი ყლორტი გამოიღო, ხოლო მისი ფესვები ნელ-ნელა ჩაეშვა ქვემოთ, ნიადაგში. დროთა განმავლობაში ყლორტი გაიზარდა, გაუძლო სასტიკ ქარებსა და ძლიერ წვიმებს და მოესწრო სეზონების ცვლას, როდესაც მთვარე ივსებოდა და ილეოდა. ზაფხულში მიწამ წყლით დაგვასაჩუქრა, რათა ყლორტს სეზონის მცხუნვარე სიცხისთვის გაეძლო, და მიწის წყალობით, ყლორტი არ დაჯაბნა სიცხემ, და ამგვარად, ზაფხულის ყველაზე ძლიერმა სიცხემ გადაიარა. როდესაც ზამთარი დადგა, მიწამ ყლორტი თავის თბილ მკლავებში მოიქცია, და მიწა და ყლორტი მჭიდროდ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მიწამ გაათბო ყლორტი და ამგვარად, იგი გადაურჩა სეზონის სუსხიან სიცივეს, ზამთრის ქარიშხლებისა და თოვლის ქარბუქებისგან დაუზიანებლად. მიწას შეფარებული ყლორტი გაბედულად და ბედნიერად იზრდებოდა; მიწის მიერ უანგაროდ გამოკვებილი, ჯანმრთელი და ძლიერი იზრდებოდა. იგი ბედნიერად იზრდებოდა, მღეროდა წვიმაში, ცეკვავდა და ირხეოდა ქარში. ყლორტი და მიწა ერთმანეთს ეკვროდნენ…
გავიდა წლები და ყლორტი მაღალ ხედ იქცა. იგი მტკიცედ იდგა მიწაზე, მსხვილი ტოტებით, რომლებსაც უთვალავი ფოთოლი ესხა. ხის ფესვები კვლავინდებურად მიწაში იყო ჩაფლული, როგორც ადრე, და ახლა ისინი ღრმად ჩადიოდნენ ქვემოთ, ნიადაგში. მიწა, რომელიც ოდესღაც პაწაწინა ყლორტს იცავდა, ახლა ძლევამოსილი ხის საძირკველი იყო.
მზის სხივმა ხე გაანათა. ხემ შეარხია სხეული, ფართოდ გაშალა მკლავები და ღრმად შეისუნთქა მზით განათებული ჰაერი. ქვემოთ ნიადაგი ხესთან ერთად სუნთქავდა, და მიწამ თავი განახლებულად იგრძნო. სწორედ ამ დროს ტოტებს შორის სუფთა ნიავმა დაუბერა და ხე სიამოვნებისგან აკანკალდა, ენერგიით აივსო. ხე და მზის სინათლე ერთმანეთს ეკვროდნენ...
ადამიანები ისხდნენ ხის გრილ ჩრდილში და ტკბებოდნენ სუფთა, სურნელოვანი ჰაერით. ჰაერმა განწმინდა მათი გულები და ფილტვები, და მან განწმინდა მათში არსებული სისხლი, და მათი სხეულები აღარ იყო მოდუნებული ან შებოჭილი. ადამიანები და ხე ერთმანეთს ეკვროდნენ...
პატარა, მოჭიკჭიკე ჩიტების გუნდი ხის ტოტებზე დაეშვა. შესაძლოა, ისინი იქ მტაცებლისგან თავის დასაღწევად დაეშვნენ, ან გასამრავლებლად და ბარტყების გამოსაზრდელად, ან, შესაძლოა, უბრალოდ ცოტა ხნით დასასვენებლად. ჩიტები და ხე ერთმანეთს ეკვროდნენ...
ხის ფესვები, დაგრეხილი და გადახლართული, ღრმად ჩადიოდა მიწაში. თავისი ტანით იგი იფარავდა მიწას ქარისა და წვიმისგან და შლიდა თავის ტოტებს, რათა დაეცვა მიწა თავის ფეხქვეშ. ხე ასე იქცეოდა, რადგან მიწა მისი დედა იყო. ისინი კვებავენ და აძლიერებენ ერთმანეთს და არასოდეს გაიყრებიან...
აი ასე სრულდება ეს ისტორია. ისტორია, რომელიც მე მოვყევი, იყო თესლის, მიწის, ხის, მზის სინათლის, ჩიტებისა და ადამიანის შესახებ. მასში მხოლოდ რამდენიმე სცენა იყო. რა გრძნობები დაგიტოვათ მან? როდესაც ამგვარად ვსაუბრობ, გესმით თუ არა, რასაც ვამბობ? (გვესმის). ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე. რა იგრძენით ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ? პირველ რიგში გეტყვით, რომ ისტორიაში არსებული ყველა პერსონაჟის დანახვა და შეხება შესაძლებელია; ისინი რეალური საგნებია და არა მეტაფორები. მინდა დაფიქრდეთ იმაზე, რაც ვთქვი. ჩემს ისტორიაში არაფერია ეზოთერული, და არის რამდენიმე წინადადება, რომლებიც ისტორიის მთავარ პუნქტებს შეადგენს. (ისტორია, რომელიც მოვისმინეთ, მშვენიერ სურათს ხატავს. თესლი ცოცხლდება და ზრდისას გამოცდის წლის ოთხ სეზონს: გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს. მიწა კვებავს აღმოცენებულ თესლს ისე, როგორც დედა. ის ათბობს ყლორტს ზამთარში, რათა მან სიცივეს გაუძლოს. მას შემდეგ, რაც ყლორტი ხედ გაიზრდება, მის ტოტებს მზის სხივი ეხება, რაც მას დიდ სიხარულს ანიჭებს. მე ვხედავ, რომ ღვთის მრავალრიცხოვან ქმნილებას შორის მიწაც ცოცხალია და რომ ის და ხე ერთმანეთს ეკვრიან. მე ასევე ვხედავ იმ დიდ სითბოს, რომელსაც მზის სინათლე ანიჭებს ხეს და ვხედავ ჩიტებს, თუმცა ისინი ჩვეულებრივი ქმნილებები არიან, რომლებიც ერთიანდებიან ხესა და ადამიანებთან სრულყოფილი ჰარმონიის სურათში. ეს არის ის გრძნობები, რომლებიც გულში მქონდა ამ ისტორიის მოსმენისას; მე მესმის, რომ ყოველივე ეს ნამდვილად ცოცხალია.) კარგად არის ნათქვამი! სხვას ხომ არ აქვს რაიმე დასამატებელი? (თესლის აღმოცენებისა და უზარმაზარ ხედ ქცევის ამ ისტორიაში მე ვხედავ ღვთის მიერ შექმნილი ყოველივეს საოცრებას. ვხედავ, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე ისე, რომ კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს, და რომ ყოველივე ურთიერთდაკავშირებულია და ემსახურება ერთმანეთს. მე ვხედავ ღვთის სიბრძნეს, მის საოცრებას, და ვხედავ, რომ იგი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა.)
ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრე, არის ის, რაც ადრე გინახავთ. იცით, რა არის თესლი, არა? ის იზრდება ხედ, და თუმცა, შესაძლოა, ვერ ხედავდე პროცესის თითოეულ დეტალს, იცი, რომ ეს ხდება, არა? ასევე იცი მიწისა და მზის სინათლის შესახებ. ხეზე შემომსხდარი ჩიტების სურათი არის ის, რაც ყველას უნახავს, არა? და გინახავთ თუ არა ადამიანები, რომლებიც ხის ჩრდილში გრილდებიან? (დიახ). მაშ, როდესაც ყოველივე ეს ერთ სურათშია, რა გრძნობას იწვევს ეს სურათი? (ჰარმონიის გრძნობას.) ასეთ სურათში, მასში არსებული თითოეული საგანი მოდის თუ არა ღვთისგან? (დიახ). რადგან ისინი ღვთისგან მოდის, ღმერთმა იცის ყველა ამ სხვადასხვა საგნის მიწიერი არსებობის ღირებულება და მნიშვნელობა. როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, როდესაც მან მოაწყო და შექმნა თითოეული საგანი, მან ეს განზრახ გააკეთა; და როდესაც მან შექმნა ეს საგნები, თითოეული მათგანი სიცოცხლით იყო აღსავსე. გარემო, რომელიც მან შექმნა კაცობრიობის გადარჩენისთვის, როგორც ეს ახლახან აღიწერა ჩვენს ისტორიაში, არის ისეთი, სადაც თესლი და მიწა ერთმანეთს ეკვრიან, სადაც მიწას შეუძლია გამოკვებოს თესლი და თესლი მიჯაჭვულია მიწაზე. ეს ურთიერთობა ღვთის მიერ თავიდანვე, მის მიერ შექმნის დროს დადგინდა. ხის, მზის სინათლის, ჩიტებისა და ადამიანების სცენა არის იმ საცხოვრებელი გარემოს ასახვა, რომელიც ღმერთმა შექმნა კაცობრიობისთვის. პირველ რიგში, ხეს არ შეუძლია მიწის დატოვება, არც მზის სინათლის გარეშე ყოფნა შეუძლია. მაშ, რა იყო ღვთის მიზანი ხის შექმნისას? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მხოლოდ მიწისთვის არის განკუთვნილი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მხოლოდ ჩიტებისთვის არის განკუთვნილი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მხოლოდ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი? (არა). რა ურთიერთობაა მათ შორის? მათ შორის ურთიერთობა არის ურთიერთგამოკვების, გაძლიერებისა და განუყოფლობის ურთიერთობა. ანუ, მიწას, ხეს, მზის სინათლეს, ჩიტებსა და ადამიანებს შორის არსებობს ერთმანეთზე დამოკიდებულებისა და ერთმანეთზე ზრუნვის ურთიერთობა. ხე იცავს მიწას, ხოლო მიწა კვებავს ხეს; მზის სინათლე უზრუნველყოფს ხეს, ხოლო ხე იღებს სუფთა ჰაერს მზის სინათლისგან და ამცირებს მზის მცხუნვარე სიცხეს მიწაზე. ვინ იღებს სარგებელს ამისგან საბოლოოდ? ეს კაცობრიობაა, არა? ეს არის პრინციპი და ღვთის თავდაპირველი განზრახვა იმ გარემოს შექმნისას, რომელშიც კაცობრიობა ბინადრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათი მარტივი ჩანს, მასში არის ღვთის სიბრძნე და მისი განზრახვა. კაცობრიობას არ შეუძლია ცხოვრება მიწის გარეშე, ან ხეების გარეშე, მით უმეტეს, ჩიტებისა და მზის სინათლის გარეშე. განა ასე არ არის? თუმცა ეს მხოლოდ ისტორიაა, ის გვესახება როგორც მიკროკოსმოსი იმისა, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ცა, მიწა და ყოველივე, რათა კაცობრიობისთვის მიეცა გარემო, რომელშიც მას გადარჩენა შეუძლია.
სწორედ კაცობრიობისთვის შექმნა ღმერთმა ცა, მიწა და ყოველივე, ისევე როგორც საცხოვრებელი გარემო. პირველ რიგში, მთავარი პუნქტი, რომელსაც ჩვენი ისტორია შეეხო, არის ყოველივეს ურთიერთზრუნვა და გაძლიერება; ყოველივეს ურთიერთდამოკიდებულება გადარჩენისთვის. ამ პრინციპის საფუძველზე, კაცობრიობის საცხოვრებელი გარემო შეიძლება იყოს დაცული, და კაცობრიობას ამგვარად კვლავაც შეუძლია გადარჩენა. ამ საცხოვრებელი გარემოს წყალობით კაცობრიობას შეუძლია აყვავდეს და გამრავლდეს. სურათი, რომელიც ვნახეთ, იყო ხის, მიწის, მზის სინათლის, ჩიტებისა და ადამიანების ერთობლიობა. იყო თუ არა ღმერთი ამ სურათში? ამ სურათში ღმერთი არ ჩანდა. მაგრამ ჩანდა ყოველივეს შორის ურთიერთზრუნვისა და გაძლიერების კანონზომიერება; ამ კანონზომიერებაში შეიძლება დავინახოთ ღვთის არსებობა და მეუფება. ღმერთი იყენებს ასეთ პრინციპს და ასეთ კანონზომიერებას ყოველივეს გადარჩენისა და არსებობის გასაძლიერებლად. ამგვარად იგი უზრუნველყოფს ყოველივეს და კაცობრიობას. უკავშირდება თუ არა ეს ისტორია ჩვენს მთავარ თემას? ზედაპირულად, როგორც ჩანს, მას არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სინამდვილეში, კანონზომიერებები, რომლებიც ღმერთმა შექმნა ყოველივესთვის, და ყოველივეზე მისი მეუფებაც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განუყოფელია იმ ფაქტისგან, რომ ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა. ახლა თქვენ აფასებთ ამის ნაწილს, არა?!
ღმერთი განაგებს იმ კანონზომიერებებს, რომლებითაც ყოველივე ფუნქციონირებს; იგი განაგებს იმ კანონზომიერებებს, რომლებითაც ყოველივე ცოცხლობს; იგი განაგებს ყოველივეს და აძლევს მას საშუალებას, იზრუნოს და გააძლიეროს ერთიმეორე, რათა ვინმე ან რაიმე არ დაიღუპოს ან არ გაქრეს. მხოლოდ ამგვარად შეუძლია კაცობრიობას განაგრძოს ცხოვრება; მხოლოდ ამგვარად შეუძლია მას იცხოვროს ღვთის წინამძღოლობით ასეთ გარემოში. ფუნქციონირების ეს კანონზომიერებები ღვთის მეუფების ქვეშაა და არავის შეუძლია მათში ჩარევა ან მათი შეცვლა. მხოლოდ თავად ღმერთმა იცის ეს კანონზომიერებები და მხოლოდ თავად ღმერთი მართავს მათ. როდის აღმოცენდება ხეები; როდის იწვიმებს; რამდენ წყალსა და რამდენ საკვებ ნივთიერებას მისცემს მიწა მცენარეებს; რომელ სეზონზე ჩამოცვივა ფოთლები; რომელ სეზონზე გამოიღებს ხეები ნაყოფს; რამდენ საკვებ ნივთიერებას მისცემს მზის სინათლე ხეებს; რას გამოყოფენ ხეები მზის სინათლით გამოკვების შემდეგ — ყოველივე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული ღვთის მიერ, როდესაც მან შექმნა ყოველივე. არავის შეუძლია ამ კანონზომიერებების დარღვევა. საგნები, რომლებიც ღმერთმა შექმნა, ცოცხალი თუ ადამიანის თვალში არაცოცხალი, მის ხელთაა, და იგი აკონტროლებს მათ და ფლობს მეუფებას მათზე. არავის შეუძლია ამ კანონზომიერებების შეცვლა ან დარღვევა, ანუ, როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, მან წინასწარ განსაზღვრა ყოველივე ეს: მიწის გარეშე ხეები ვერ გაიდგამდნენ ფესვებს, ვერ აღმოცენდებოდნენ და ვერ გაიზრდებოდნენ; ხეების გარეშე მიწა გამოშრებოდა; ხეები გახდებოდა ჩიტების სახლი და ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ ქარისგან თავის შეფარება. შეუძლიათ თუ არა ხეებს მიწის გარეშე ცხოვრება? რა თქმა უნდა, არა. შეუძლიათ თუ არა მათ მზის ან წვიმის გარეშე ცხოვრება? არც ეს შეუძლიათ. ყოველივე ეს კაცობრიობისთვისაა, კაცობრიობის გადარჩენისთვის. ხეებისგან კაცობრიობა იღებს სუფთა ჰაერს, და კაცობრიობა ცხოვრობს დედამიწაზე, რომელიც დაცულია ხეების მიერ. ამავდროულად, კაცობრიობას არ შეუძლია ცხოვრება მზის სინათლის ან სხვადასხვა ცოცხალი არსების გარეშე. ეს ურთიერთობები რთულია, მაგრამ უბრალოდ დაიმახსოვრეთ: ეს კანონზომიერება, რომელიც ღმერთმა შექმნა ყოველივესთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი კვებავენ და აძლიერებენ ერთმანეთს და დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე არსებობისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თითოეულ საგანს, რომელიც მან შექმნა, თავისი არსებობით აქვს ღირებულება და მნიშვნელობა. ღმერთს რომ შეექმნა რაიმე მნიშვნელობის გარეშე, ღმერთი მას გააქრობდა. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ღმერთი იყენებს ყოველივეს უზრუნველსაყოფად. რას გულისხმობს სიტყვები „უზრუნველყოფა“ ამ ისტორიაში? რწყავს თუ არა ღმერთი ხეებს ყოველდღე? სჭირდებათ თუ არა ხეებს ღვთის დახმარება სუნთქვისთვის? (არა). „უზრუნველყოფა“ აქ გულისხმობს ღვთის მიერ ყოველივეს მართვას მათი შექმნის შემდეგ; ღვთისთვის საკმარისია მათი მართვა კანონზომიერებების დადგენის შემდეგ. როგორც კი თესლი დაირგვება მიწაში, ხე თავისით იზრდება. მისი ზრდის პირობები მთლიანად ღმერთმა შექმნა: მზის სინათლე, წყალი, ნიადაგი, ჰაერი და მიმდებარე გარემო, ქარი, ყინვა, თოვლი, წვიმა და ოთხი სეზონი; ეს არის ის პირობები, რომლებიც ხეს სჭირდება სიცოცხლისთვის, და ყველა მათგანი ღვთის მიერ არის მომზადებული. მაშ, არის თუ არა ღმერთი ამ საცხოვრებელი გარემოს წყარო? (დიახ). უწევს თუ არა ღმერთს ხეზე თითოეული ფოთლის დათვლა ყოველდღე? არა! არც ის სჭირდება ღმერთს, რომ დაეხმაროს ხეს სუნთქვაში ან გააღვიძოს მზის სინათლე ყოველდღე და უთხრას: „გამოდი და გაანათე ხე!“ მას არ უწევს ამის გაკეთება. ამ კანონზომიერების შესაბამისად, მზის სინათლე გამოდის, როდესაც დრო დგება, და როგორც კი გამოდის, ის ანათებს ხეს. როდესაც ხეს სჭირდება მზის სინათლე, ის შთანთქავს მას; როდესაც არ სჭირდება, ის მაინც ცხოვრობს კანონზომიერებების ფარგლებში. შესაძლოა, თქვენ არ შეგიძლიათ ნათლად ახსნათ ეს მოვლენა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას შეუძლია მისი დანახვა და აღიარება. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ აღიარო— კანონზომიერებები, რომლებიც განაგებს ყოველივეს გადარჩენას, ღვთისგან მოდის, და იცოდე, რომ ყოველივეს ზრდა და არსებობა ღვთის მეუფების ქვეშაა.
მაშ, შეიცავს თუ არა ეს ისტორია იმას, რასაც ადამიანები „მეტაფორას“ უწოდებენ? არის თუ არა ეს პერსონიფიცირება? (არა). რაც ვთქვი, ფაქტია. ყოველი სახის ცოცხალი არსება, ყველაფერი, რაც ცოცხალია, ღვთის მეუფების ქვეშაა; თითოეული ცოცხალი არსება სიცოცხლით იყო აღსავსე, როდესაც შეიქმნა; ეს სიცოცხლე ღვთისგან მოდის და თითოეული ცოცხალი არსება მიჰყვება თავის საკუთარ სასიცოცხლო გზას და თავის საკუთარ წესებს. ეს არ საჭიროებს ადამიანის მიერ მის შეცვლას და არც ადამიანის დახმარებას; ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს. გესმით, არა? ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია ადამიანებს ჰქონდეთ ამის ცოდნა? (დიახ). მაშ, აქვს თუ არა ამ ისტორიას რაიმე კავშირი ბიოლოგიასთან? რაიმე ფორმით უკავშირდება თუ არა ის ცოდნის სფეროს ან სწავლების დარგს? ჩვენ არ განვიხილავთ ბიოლოგიას და ნამდვილად არ ვატარებთ ბიოლოგიურ კვლევას. რა არის ჩვენი საუბრის მთავარი იდეა? (ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა.) რა გინახავთ ქმნილებაში? გინახავთ ხეები? გინახავთ მიწა? (დიახ). გინახავთ მზის სინათლე, არა? გინახავთ ხეებზე შემომსხდარი ჩიტები? (გვინახავს). ბედნიერია თუ არა კაცობრიობა ასეთ გარემოში ცხოვრებით? (დიახ). ანუ, ღმერთი იყენებს ყოველივეს — საგნებს, რომლებიც მან შექმნა — რათა შეინარჩუნოს და დაიცვას სახლი, რომელშიც კაცობრიობა ბინადრობს და ამით უზრუნველყოს კაცობრიობა და ყოველივე.
როგორ მოგწონთ ამ საუბრის სტილი, ის ფორმა, რომლითაც თანაზიარებას ვატარებ? (ადვილი გასაგებია და ბევრი რეალური მაგალითია.) ამგვარად საუბარი უზრუნველყოფს იმას, რომ ეს სიტყვები არ ჟღერდეს ფუჭად, არა? მაშ, აუცილებელია თუ არა ეს ისტორია ადამიანებისთვის, რათა გაიგონ, რომ ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა? (დიახ). რაკი ასეა, მოდით, გადავიდეთ ჩვენს შემდეგ ისტორიაზე. შემდეგი ისტორია ოდნავ განსხვავდება შინაარსით და ფოკუსიც ოდნავ განსხვავებულია. ყველაფერი, რაც ამ ისტორიაში ჩნდება, არის ის, რისი დანახვაც ღვთის ქმნილებაში ადამიანებს საკუთარი თვალით შეუძლიათ. მე კვლავ მოგიყვებით მას ისტორიის სახით. მშვიდად მოუსმინეთ და იფიქრეთ იმაზე, რაზეც ვსაუბრობ. ისტორიის შემდეგ დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, რათა ვნახო, რამდენად გაიგეთ. ამ ამბის პერსონაჟები არიან დიდი მთა, პატარა ნაკადული, მძვინვარე ქარი და გიგანტური ტალღა.
ამბავი 2: დიდი მთა, პატარა ნაკადული, მძვინვარე ქარი და გიგანტური ტალღა
იყო ერთი პატარა ნაკადული, რომელიც აქეთ-იქით მიიკლაკნებოდა და ბოლოს დიდი მთის ძირს მიადგა. მთამ პატარა ნაკადულს გზა გადაუღობა, ამიტომ ნაკადულმა თავისი სუსტი, წვრილი ხმით მთას უთხრა: „გთხოვ, გამატარე. შენ წინ მეღობები და წინსვლის საშუალებას არ მაძლევ“. „სად მიდიხარ?“ — ჰკითხა მთამ. „ჩემს სახლს ვეძებ“, — უპასუხა ნაკადულმა. „კარგი, მიდი და ზედ გადამიარე!“ მაგრამ პატარა ნაკადული მეტისმეტად სუსტი და ნორჩი იყო, ამიტომ არაფრით შეეძლო ასეთ დიდ მთაზე გადავლა. მას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ მთის ძირის გასწვრივ გაეგრძელებინა დინება...
მძვინვარე ქარმა დაუბერა და ქვიშა და ნამსხვრევები იქით წაიღო, სადაც მთა იდგა. ქარმა მთას დაუღრიალა: „გზიდან ჩამომეცალე!“ „სად მიდიხარ?“ — ჰკითხა მთამ. „მთის მეორე მხარეს მინდა გადასვლა“, — უპასუხა ქარმა ღმუილით. „კარგი, თუ შეძლებ ჩემი წელის გარღვევას, მაშინ შეგიძლია წახვიდე!“ მძვინვარე ქარი კვლავ და კვლავ ღმუოდა, მაგრამ რაც არ უნდა ეღრიალა და ებრძოლა, მთის წელის გარღვევა მაინც არ შეეძლო. ქარი დაიღალა, თავის გზაზე შეჩერდა და დასასვენებლად მიყუჩდა. ამასობაში, მთის მეორე მხარეს, ნაზი ნიავი უბერავდა კვლავ და კვლავ, რაც იქაურ ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა. ეს იყო მთის სალამი ხალხისადმი...
ზღვის სანაპიროზე, ოკეანის შხეფები წყნარად ეხეთქებოდა კლდოვან ნაპირს. უეცრად, გიგანტური ტალღა აღიმართა და ღრიალით გაემართა მთისკენ. „გაიწიე!“ — დაიყვირა გიგანტურმა ტალღამ. „სად მიდიხარ?“ — ჰკითხა მთამ. ტალღამ, რომელმაც წინსვლა ვერ შეაჩერა, დაიღრიალა: „ჩემს ტერიტორიას ვაფართოებ! მკლავების გაშლა მსურს!“ „კარგი, თუ შეძლებ ჩემს მწვერვალზე გადავლას, გაგატარებ“. დიდმა ტალღამ გარკვეული მანძილით უკან დაიხია, შემდეგ კი კვლავ მთისკენ გაექანა. მაგრამ რაც არ უნდა ეცადა, მთის მწვერვალზე გადავლა არ შეეძლო. ტალღას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ნელა დაბრუნებულიყო ზღვაში...
ათასობით წლის განმავლობაში, პატარა ნაკადული წყნარად მოედინებოდა მთის ძირის გარშემო. მთის მითითებების მიყოლებით, პატარა ნაკადულმა შინისაკენ მიმავალი გზა იპოვა და შეუერთდა მდინარეს, რომელიც, თავის მხრივ, ზღვას შეუერთდა. მთის მზრუნველობის ქვეშ, პატარა ნაკადულს გზა არასოდეს აბნევია. ნაკადული და მთა ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ, ერთმანეთს აკონტროლებდნენ და გადარჩენისთვის ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობაში არსებობდნენ.
ათასობით წლის განმავლობაში, მძვინვარე ქარი თავისი ჩვევისამებრ ღმუოდა. იგი კვლავ ხშირად მოდიოდა მთის „მოსანახულებლად“, თავის ქარბუქებში დატრიალებული ქვიშის უზარმაზარი მორევებით. იგი ემუქრებოდა მთას, მაგრამ მისი წელი არასოდეს გაურღვევია. ქარი და მთა ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ, ერთმანეთს აკონტროლებდნენ და გადარჩენისთვის ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობაში არსებობდნენ.
ათასობით წლის განმავლობაში, გიგანტური ტალღა არასოდეს შეჩერებულა დასასვენებლად, შეუპოვრად მიიწევდა წინ და განუწყვეტლივ აფართოებდა თავის ტერიტორიას. იგი ღრიალებდა და კვლავ და კვლავ მიექანებოდა მთისკენ, თუმცა მთა ერთი სანტიმეტრითაც არ დაძრულა. მთა დარაჯობდა ზღვას და ამგვარად ზღვაში არსებულ ქმნილებებს გამრავლება და აყვავება შეეძლოთ. ტალღა და მთა ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ, ერთმანეთს აკონტროლებდნენ და გადარჩენისთვის ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობაში არსებობდნენ.
ასე სრულდება ჩვენი ამბავი. პირველ რიგში, მითხარით, რის შესახებ იყო ეს ამბავი? დასაწყისში იყო დიდი მთა, პატარა ნაკადული, მძვინვარე ქარი და გიგანტური ტალღა. რა გადახდა თავს პირველ ნაწილში პატარა ნაკადულსა და დიდ მთას? რატომ ავირჩიე ნაკადულსა და მთაზე საუბარი? (მთის მზრუნველობის ქვეშ ნაკადულს გზა არასოდეს აბნევია. ისინი გადასარჩენად ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი.) რას იტყოდით, მთამ დაიცვა თუ ხელი შეუშალა პატარა ნაკადულს? (დაიცვა.) მაგრამ განა ხელი არ შეუშალა? ის და ნაკადული ერთმანეთზე ზრუნავდნენ; მთამ დაიცვა ნაკადული და ხელიც შეუშალა მას. მთამ დაიცვა ნაკადული, როდესაც ის მდინარეს შეუერთდა, მაგრამ ასევე ხელი შეუშალა მას, რათა არ ედინა იქით, საითაც მოესურვებოდა და ირგვლივ წყალდიდობები არ გამოეწვია, რათა ამ პატარა წყალსატევს ხალხისთვის უბედურება არ მოეტანა. განა ამის შესახებ არ იყო ეს ნაწილი? მთის მფარველობისა და ნაკადულისთვის ბარიერად ყოფნის წყალობით, ხალხის სახლები დაცული იყო. შემდეგ პატარა ნაკადული მთის ძირში მდინარეს შეუერთდა და ზღვაში ჩაედინა. განა ეს არ არის ის კანონზომიერება, რომელიც ნაკადულის გადარჩენას განაპირობებს? რამ მისცა ნაკადულს მდინარესა და ზღვასთან შეერთების საშუალება? განა ეს მთა არ იყო? ნაკადული მთის მფარველობასა და მის დაბრკოლებას ეყრდნობოდა. მაშ, განა ეს არ არის მთავარი აზრი? ხედავ თუ არა ამაში მთების მნიშვნელობას წყლისთვის? ამ დიდი და პატარა მთების შექმნისას, ჰქონდა თუ არა ღმერთს თავისი განზრახვა? (დიახ.) ეს მოკლე ნაწილი, სადაც მხოლოდ პატარა ნაკადული და დიდი მთაა, გვიჩვენებს ღვთის მიერ შექმნილი ამ ორი საგნის არსებობის ღირებულებასა და მნიშვნელობას; ის ასევე გვიჩვენებს მის სიბრძნესა და მათზე მისი მეუფების განზრახვას. განა ასე არ არის?
რის შესახებ იყო ამბის მეორე ნაწილი? (მძვინვარე ქარისა და დიდი მთის შესახებ.) არის თუ არა ქარი კარგი მოვლენა? (დიახ.) აუცილებელი არ არის ასე იყოს — ზოგჯერ ქარი მეტისმეტად ძლიერია და უბედურებას იწვევს. რას იგრძნობდი, მძვინვარე ქარში დგომა რომ მოგიწევდა? ეს მის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მესამე ან მეოთხე დონის ქარი რომ ყოფილიყო, მისი ატანა შესაძლებელი იქნებოდა. მაქსიმუმ, ადამიანს თვალების გახელა გასჭირვებოდა. მაგრამ ქარი რომ უფრო გამძვინვარებულიყო და ტორნადოდ ქცეულიყო, შეძლებდი კი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ვერ შეძლებდი. ამიტომ, მცდარია იმის თქმა, რომ ქარი ყოველთვის კარგია ადამიანებისთვის, ან რომ ის ყოველთვის ცუდია მათთვის, რადგან ეს მის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მაშ, რა არის აქ მთის ფუნქცია? განა მისი ფუნქცია ქარის გაფილტვრა არ არის? რად აქცევს მთა მძვინვარე ქარს? (ნიავად.) ახლა, იმ გარემოში, სადაც ადამიანები სახლობენ, ადამიანთა უმეტესობა გრიგალს განიცდის თუ ნიავს? (ნიავს.) განა ეს არ იყო ღვთის ერთ-ერთი მიზანი, მისი ერთ-ერთი განზრახვა მთების შექმნისას? მძვინვარე ქარები, რომლებიც ქვიშასა და ქვებს მიერეკებიან, ყოველთვის დაუბრკოლებლად და გაუფილტრავად რომ ატყდებოდნენ თავს ადამიანებს, როგორი იქნებოდა ადამიანის საცხოვრებელი გარემო? განა ქვიშა და ქვები ყველგან არ მიმოიფანტებოდა, რაც ადამიანებისთვის მიწაზე დგომას შეუძლებელს გახდიდა? მათ შეიძლება ქვები მოხვედროდათ ან თვალებში ქვიშა ჩასცვენოდათ ისე, რომ ვეღარ დაენახათ; შეიძლება ქარს ისინი წაექცია ან ჰაერში აეტაცა, ან სახლები დანგრეულიყო; შეიძლებოდა ყოველგვარი უბედურება მომხდარიყო. თუმცა, აქვს თუ არა ღირებულება მძვინვარე ქარის არსებობას? მე ვთქვი, რომ ის ცუდია, ამიტომ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ განა ასეა? განა მას არ უჩნდება ღირებულება მას შემდეგ, რაც ნიავად იქცევა? რა სჭირდებათ ადამიანებს ყველაზე მეტად, როდესაც გრძნობენ, რომ ამინდი ნესტიანია ან ჰაერი — ჩახუთული? მათ სჭირდებათ მსუბუქი ნიავი, რომელიც წყნარად და ნელა დაუბერავს, გამოაცოცხლებს მათ და გონებას დაუწმენდს, აზროვნებას გაუმახვილებს, მშვენივრად აღუდგენს და გაუუმჯობესებს სულიერ მდგომარეობას. აი, მაგალითად, თქვენ ყველანი სხედხართ ოთახში, სადაც ბევრი ხალხია და ჩახუთული ჰაერია — რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? (მსუბუქი ნიავი.) როდესაც ადამიანები მიდიან ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი განსაკუთრებით მღვრიეა, იქაურ ჰაერში რაღაც ჭუჭყიანი ნაწილაკებია. ეს იწვევს აზროვნების შენელებას, სისხლის მიმოქცევის დაქვეითებასა და გონების დაბინდებას. თუმცა, მცირედი მოძრაობა და ცირკულაცია აახლებს ჰაერს და სუფთა ჰაერზე ადამიანები თავს სხვანაირად გრძნობენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნაკადულს შეეძლო უბედურების გამოწვევა და მძვინვარე ქარსაც შეეძლო უბედურების გამოწვევა, მთის არსებობა ამ საფრთხეებს ადამიანებისთვის სასარგებლო მოვლენებად აქცევს. განა ასე არ არის?
რის შესახებ იყო ამბის მესამე ნაწილი? (დიდი მთისა და გიგანტური ტალღის შესახებ.) დიდი მთა და გიგანტური ტალღა. ეს ნაწილი ვითარდება ზღვის სანაპიროზე, მთის ძირში. ჩვენ ვხედავთ მთას, ოკეანის შხეფებსა და გიგანტურ ტალღას. რა არის მთა ტალღისთვის ამ შემთხვევაში? (დამცველი და ბარიერი.) მას ორმაგი ბუნება აქვს, როგორც დამცველისა და ბარიერის. როგორც დამცველის, მისი მიზანია, არ მისცეს ამ ზღვას გაქრობის საშუალება, რათა მასში მცხოვრებმა ქმნილებებმა გამრავლება და აყვავება შეძლონ. როგორც ბარიერის, მისი მიზანია, არ მისცეს ამ ზღვის წყლებს — ამ წყალსატევს — გადმოღვრისა და ყველფრის დატბორვის საშუალება, რათა ხალხის სახლებს ზიანი და ზარალი არ მიადგეს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი მთა გიგანტური ტალღისთვის დამცველიც არის და ბარიერიც.
სწორედ ეს არის იმ ურთიერთკვებისა და ურთიერთგაძლიერების, ერთმანეთის გაკონტროლებისა და გადარჩენისთვის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა, რომელიც არსებობს დიდ მთასა და პატარა ნაკადულს, დიდ მთასა და მძვინვარე ქარს და დიდ მთასა და გიგანტურ ტალღას შორის. ამ საგნებს, რომლებიც ღმერთმა შექმნა, ყველას თავისი წესი და გადარჩენის კანონზომიერება აქვს. მაშ, ღვთის რა საქმენი დაინახეთ ამ ამბავში? შეწყვიტა თუ არა ღმერთმა ყოველივეს მართვა მას შემდეგ, რაც ისინი შექმნა? დაადგინა თუ არა მან კანონზომიერებანი და განსაზღვრა თუ არა ყოველივეს ფუნქციონირების გზები მხოლოდ იმისთვის, რომ ამის შემდეგ ისინი თავიანთ ბედის ანაბარა დაეტოვებინა? ეს მოხდა? (არა.) მაშინ რა მოხდა? ღმერთი კვლავაც მართავს მათ. იგი მართავს წყალს, ქარსა და ტალღებს, არ აძლევს მათ მძვინვარების საშუალებას, არ რთავს ნებას, ზიანი ან ზარალი მიაყენონ იმ სახლებს, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. ამის გამო, ხმელეთზე მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ განაგრძონ გამრავლება და აყვავება. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მან ყოველივე შექმნა, ღმერთმა განსაზღვრა მათი გადარჩენის კანონზომიერებანი. როდესაც ღმერთმა თითოეული საგანი შექმნა, გარდა იმისა, რომ უზრუნველყო მათი სარგებლიანობა კაცობრიობისთვის, მას ასევე უნდა ემართა ისინი, რათა მათ კაცობრიობისთვის პრობლემები არ შეექმნათ ან უბედურება არ გამოეწვიათ. ღვთის მართვა რომ არა, განა წყლები დაუბრკოლებლად არ იდინებდა? განა ქარი დაუბრკოლებლად არ დაუბერავდა? დაექვემდებარებოდნენ კი ისინი კანონზომიერებებს? ღმერთს რომ არ ემართა ისინი, არავითარი კანონზომიერება არ იარსებებდა მათთვის, ქარი ველურად დაუბერავდა, წყლები დაუბრკოლებელი იქნებოდა და წყალდიდობებს გამოიწვევდა. გიგანტური ტალღა მთაზე მაღალი რომ ყოფილიყო, შეძლებდა კი ზღვა არსებობას? ვერ შეძლებდა. მთა ტალღაზე მაღალი რომ არ ყოფილიყო, ზღვა არ იარსებებდა და მთა დაკარგავდა თავისი არსებობის ღირებულებასა და მნიშვნელობას.
ხედავთ თუ არა ღვთის სიბრძნეს ამ ორ ამბავში? ღმერთმა შექმნა ყოველივე, იგი მეუფებს ყოველივეზე, მართავს ყოველივეს და უზრუნველყოფს ყოველივეს. ყოველივე არსებულს შორის, იგი გულდასმით იკვლევს ყოველივეს თითოეულ მოძრაობას, სიტყვასა და ქმედებას. ამგვარად, ღმერთი ასევე გულდასმით იკვლევს ყოველ კუთხეს, სადაც კაცობრიობა სახლობს. ამიტომ, ღმერთმა აბსოლუტური სიცხადითა და ძირფესვიანად იცის მის მიერ შექმნილი ყოველივეს ფუნქცია, ბუნება, გადარჩენის კანონზომიერებანი, მისი გადარჩენის მნიშვნელობა და მისი არსებობის ღირებულება. ღვთის მიერ შექმნილი ყოველივე — როგორ ფიქრობთ, სჭირდება მას იმ კანონზომიერებების გამოკვლევა, რომლებიც ყოველივე ამას განაგებს? სჭირდება თუ არა ღმერთს ადამიანური ცოდნის ან მეცნიერების შესწავლა მათ გამოსაკვლევად და გასაგებად? (არა.) მოიძებნება კი კაცობრიობაში ვინმე ისეთი ცოდნითა და ერუდიციით, რომ ყოველივე ისე გაიგოს, როგორც ღმერთს ესმის? არ მოიძებნება, არა? არსებობენ კი ასტრონომები ან ბიოლოგები, რომლებსაც ჭეშმარიტად ესმით ის კანონზომიერებანი, რომლებითაც ყოველივე ცოცხლობს და იზრდება? შეუძლიათ კი მათ ჭეშმარიტად გაიგონ თითოეული საგნის არსებობის ღირებულება? (არა, არ შეუძლიათ.) ეს იმიტომ, რომ ყოველივე ღმერთმა შექმნა და, რაც არ უნდა ბევრი, ღრმად ან დიდხანს შეისწავლოს კაცობრიობამ ეს ცოდნა, იგი ვერასოდეს შეძლებს ჩასწვდეს ღვთის მიერ ყოველივეს შექმნის საიდუმლოსა თუ მიზანს. განა ასე არ არის? ახლა, ჩვენი აქამდე გამართული მსჯელობიდან გამომდინარე, გრძნობთ თუ არა, რომ ნაწილობრივ გაიგეთ ჭეშმარიტი მნიშვნელობა ფრაზისა: „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“? (დიახ.) ვიცოდი, რომ როდესაც ამ თემას — „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“ — ვახსენებდი, ბევრი მაშინვე იფიქრებდა: „ღმერთი ჭეშმარიტებაა და ღმერთი თავის სიტყვას იყენებს ჩვენს უზრუნველსაყოფად“, და თემის მნიშვნელობის ამ დონეს არ გასცდებოდა. ზოგიერთმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ ღვთის მიერ ადამიანის სიცოცხლის, ყოველდღიური საჭმელ-სასმლისა და ყველა ყოველდღიური საჭიროების უზრუნველყოფა არ ითვლება მის მიერ ადამიანის უზრუნველყოფად. განა არ არიან ისეთები, ვინც ასე ფიქრობს? იმისათვის, რომ კაცობრიობას გადარჩენისა და ნორმალურად ცხოვრების საშუალება მისცეს, ღმერთმა შექმნა ყოველივე ეს; განა მისი განზრახვა აშკარა არ არის? ღმერთი ინარჩუნებს იმ გარემოს, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, და უზრუნველყოფს ყოველივეს, რაც კაცობრიობას გადასარჩენად სჭირდება. უფრო მეტიც, იგი მართავს და მეუფებს ყოველივეზე. ყოველივე ეს კაცობრიობას ნორმალურად ცხოვრების, აყვავებისა და გამრავლების საშუალებას აძლევს; სწორედ ამგვარად უზრუნველყოფს ღმერთი ყოველივესა და კაცობრიობას. სჭირდებათ თუ არა ადამიანებს ამ ყოველივეს აღიარება და გაგება? შესაძლოა ზოგიერთმა თქვას: „ეს თემა მეტისმეტად შორს არის თავად ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ჩვენი ცოდნისგან და ჩვენ არ გვსურს ამის ცოდნა, რადგან მხოლოდ პურით კი არ ვცოცხლობთ, არამედ ღვთის სიტყვით ვცოცხლობთ“. სწორია თუ არა ეს სიტყვები? (არა.) რატომ არ არის სწორი? მითხარით, განა შეგიძლიათ გქონდეთ ღვთის სრული გაგება, თუ მხოლოდ იმის ცოდნა გაქვთ, რაც ღმერთმა თქვა? თუ მხოლოდ ღვთის საქმეს იღებთ და ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას იღებთ, განა შეგიძლიათ გქონდეთ ღვთის სრული გაგება? ღვთის გასაგებად მხოლოდ ღვთის ხასიათის ნაწილისა და ღვთის ხელმწიფების ნაწილის ცოდნა გჭირდებათ, და ამით ღვთის გაგებას მიაღწევთ — სწორია თუ არა ეს განცხადება? (არა.) ღვთის საქმენი ყოველივეს შექმნით დაიწყო და ისინი დღესაც გრძელდება — ღვთის საქმენი ყოველთვის, ყოველ წამს ვლინდება. თუ ვინმეს სჯერა, რომ ღმერთი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მან აირჩია ადამიანთა ჯგუფი, რათა მათზე თავისი საქმე შეესრულებინა და გადაერჩინა ისინი, და რომ სხვა არაფერს აქვს კავშირი ღმერთთან, არც მის ხელმწიფებას, არც მის ვინაობას და არც მის საქმეებს, მაშინ განა შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა აქვს? როდესაც ის, ვისაც ვითომცდა ღვთის ცოდნა აქვს, ცალმხრივად ზღუდავს მის საქმეებს ადამიანთა ერთი ჯგუფით, არის კი ეს ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა? განა ასეთი ცოდნა არ უარყოფს ღვთის მიერ ყოველივეს შექმნასა და მათზე მის მეუფებას? ზოგიერთს არ სურს ამ საკითხში ჩაღრმავება და გულში ფიქრობს: „ყოველივეზე ღვთის მეუფება მე არ მინახავს. ეს ჩემგან ძალიან შორს არის და არ მაინტერესებს ამის გაგება. ღმერთი აკეთებს იმას, რაც სურს, და ამას ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე მხოლოდ ღვთის წინამძღოლობასა და მის სიტყვას ვიღებ, რათა გადავრჩე და ღმერთმა სრულმყოს. სხვა არაფერი მადარდებს. ის კანონზომიერებანი, რომლებიც ღმერთმა ყოველივესთვის შექმნა და რასაც იგი აკეთებს ყოველივესა და კაცობრიობის უზრუნველსაყოფად, ჩემთან არავითარ კავშირში არ არის“. ეს რანაირი საუბარია? განა ეს სრული ურჩობა არ არის? არის თუ არა თქვენ შორის ვინმე ასეთი გაგებით? მე ვიცი, თქვენი თქმის გარეშეც, რომ აქ მყოფთაგან ძალიან ბევრს აქვს ასეთი ფიქრები. წესების მიმდევარი ასეთი ადამიანები ყველაფერს საკუთარი „სულიერი“ გადმოსახედიდან უყურებენ. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ ღმერთი ბიბლიით შეზღუდონ, შეზღუდონ ღმერთი მის მიერ წარმოთქმული სიტყვებით, პირდაპირ გაგებული დაწერილი სიტყვიდან მიღებული მოძღვრებებით. მათ არ სურთ ღვთის უკეთ შეცნობა და არ უნდათ, რომ ღმერთმა ყურადღება სხვა საქმეების კეთებაზე გაანაწილოს. ამგვარი აზროვნება ბავშვურია და ასევე მეტისმეტად რელიგიური. შეუძლიათ კი ასეთი შეხედულებების მქონე ადამიანებს ღვთის შეცნობა? მათთვის ღვთის შეცნობა ძალიან რთული იქნება. როდესაც პირველად მოისმინეთ და შეეხეთ იმ ორი ამბის ამ ორ ასპექტს, რომლებიც დღეს მოვყევი, შესაძლოა გეგრძნოთ, რომ ისინი რამდენადმე ღრმააზროვანი ან რამდენადმე აბსტრაქტული იყო, რთულად აღსაქმელი და გასაგები. შესაძლოა რთული ყოფილიყო მათი დაკავშირება ღვთის საქმეებთან და თავად ღმერთთან. თუმცა, ღვთის ყველა საქმე და ყოველივე, რაც მან ყოველივეს შორის და კაცობრიობას შორის აღასრულა, ნათლად და ზუსტად უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, ყველამ, ვინც ღვთის შეცნობას ეძიებს. ეს ცოდნა მოგცემს სიმტკიცესა და ღვთის ჭეშმარიტი არსებობის რწმენას. ის ასევე მოგცემს ზუსტ ცოდნას ღვთის სიბრძნის, მისი ძალისა და იმ გზის შესახებ, რომლითაც იგი უზრუნველყოფს ყოველივეს. ის საშუალებას მოგცემს ნათლად გააცნობიერო, რომ ღვთის არსებობა ჭეშმარიტია, და არა გამოგონილი, არა მითი, არა ბუნდოვანი, არა თეორია და, რა თქმა უნდა, არა ერთგვარი სულიერი ღუზა, არამედ რეალური არსებობაა. უფრო მეტიც, ის საშუალებას მისცემს ადამიანებს იცოდნენ, რომ ღმერთი ყოველთვის უზრუნველყოფდა ყოველივესა და კაცობრიობას; ღმერთი ამას თავისებურად და თავისივე რიტმის შესაბამისად აკეთებს. ამრიგად, სწორედ იმიტომ, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე და მისცა მათ კანონზომიერებანი, თითოეულ მათგანს შეუძლია, მისი წინასწარგანსაზღვრით, შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები, აღასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეასრულოს თავისი საკუთარი როლი; მისი წინასწარგანსაზღვრით, თითოეულ საგანს თავისი დანიშნულება აქვს კაცობრიობისა და იმ სივრცისა თუ გარემოს სამსახურში, რომელშიც კაცობრიობა სახლობს. ღმერთს რომ ასე არ ემოქმედა და კაცობრიობას საცხოვრებლად ასეთი გარემო არ ჰქონოდა, მაშინ ღვთის რწმენა ან მისი მიყოლა კაცობრიობისთვის შეუძლებელი იქნებოდა; ეს ყოველივე მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნებოდა. განა ასე არ არის?
მოდით, კვლავ შევხედოთ დიდი მთისა და პატარა ნაკადულის ამბავს. რა არის მთის ფუნქცია? მთა ასაზრდოებს მასზე არსებულ ყოველივეს, ამიტომ მის არსებობას თანდაყოლილი ღირებულება აქვს; იგი ასევე აბრკოლებს პატარა ნაკადულს, არ აძლევს მას ნებაზე დინების საშუალებას, რათა მან ხალხს უბედურება არ მოუტანოს. განა ასე არ არის? მთა არსებობს თავისი საკუთარი ყოფით, რაც მასზე არსებულ ყოველივეს — ხეებსა და ბალახებს, და მთაზე არსებულ ყველა სხვა მცენარესა თუ ცხოველს — საზრდოობის საშუალებას აძლევს. იგი ასევე წარმართავს პატარა ნაკადულის დინების მიმართულებას — მთა აგროვებს ნაკადულის წყლებს და ისინი ბუნებრივად მიედინება მისი ძირის გარშემო, რათა მდინარეში და საბოლოოდ ზღვაში ჩაედინოს. ეს კანონზომიერებანი ბუნებრივად არ წარმოშობილა, არამედ საგანგებოდ დადგინდა ღვთის მიერ შექმნის ჟამს. რაც შეეხება დიდ მთასა და მძვინვარე ქარს, მთასაც სჭირდება ქარი. მთას სჭირდება ქარი, რათა მან მიუალერსოს მასზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს, თავად კი ამავდროულად ზღუდავს მძვინვარე ქარის ძალას, რათა მან ამაოდ არ დაუბეროს. ეს კანონზომიერება, გარკვეული თვალსაზრისით, დიდი მთის მოვალეობას განასახიერებს; მაშ, ჩამოყალიბდა თუ არა მთის მოვალეობის შესახებ ეს კანონზომიერება თავისთავად? (არა.) იგი ღმერთმა შექმნა. დიდ მთას თავისი მოვალეობა აქვს და მძვინვარე ქარსაც თავისი მოვალეობა აქვს. ახლა, მოდით, დიდ მთასა და გიგანტურ ტალღას დავუბრუნდეთ. მთის არსებობის გარეშე, იპოვიდა თუ არა წყალი დინების მიმართულებას თავისთავად? (არა.) წყალი ყველაფერს დატბორავდა. მთას, როგორც მთას, თავისი არსებობის ღირებულება აქვს, ზღვას კი, როგორც ზღვას, თავისი არსებობის ღირებულება აქვს; თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მათ შეუძლიათ ნორმალურად იარსებონ ერთად და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, ისინი ასევე ზღუდავენ ერთმანეთს — დიდი მთა ზღუდავს ზღვას, რათა იგი ნაპირებიდან არ გადმოვიდეს, რითაც იცავს ხალხის სახლებს, ამასთანავე, ზღვის შეზღუდვა ასევე აძლევს მას საშუალებას, ასაზრდოოს მასში მობინადრე ყოველივე. ჩამოყალიბდა თუ არა ეს პეიზაჟი თავისთავად? (არა.) ისიც ღმერთმა შექმნა. ამ სურათიდან ვხედავთ, რომ როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან განაწესა, სად იდგებოდა მთა, საიდან იდინებდა ნაკადული, სად ამოვარდებოდა მძვინვარე ქარი, საიდან დაიწყებდა ქროლას და საით დაუბერავდა, და რა სიმაღლის უნდა ყოფილიყო გიგანტური ტალღები. ყოველივე ეს შეიცავს ღვთის განზრახვებსა და მიზანს — ეს ღვთის საქმენია. ახლა, ხედავთ თუ არა, რომ ღვთის საქმენი ყოველივეში ვლინდება? (დიახ.)
რა არის ჩვენი მიზანი ამ საკითხების განხილვისას? ის, რომ ვუბიძგოთ ადამიანებს, გამოიკვლიონ ის კანონზომიერებანი, რომლებიც ღმერთმა ყოველივესთვის შექმნა? ის ხომ არა, რომ წავახალისოთ ინტერესი ასტრონომიისა და გეოგრაფიის მიმართ? (არა.) მაშინ რა არის? ის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ ღვთის საქმენი. ღვთის საქმეებში ადამიანებს შეუძლიათ დაადასტურონ და გადაამოწმონ, რომ ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა. თუ ამის გაგებას შეძლებ, მაშინ ჭეშმარიტად შეძლებ შენს გულში ღვთის ადგილის დადასტურებას და შეძლებ დაადასტურო, რომ ღმერთი არის თავად ღმერთი, ერთადერთი, რომელმაც შექმნა ცა, მიწა და ყოველივე. მაშ, სასარგებლოა თუ არა ღვთის შენეული გაგებისთვის ყოველივეს კანონზომიერებებისა და ღვთის საქმეების ცოდნა? (დიახ.) რამდენად სასარგებლოა? პირველ რიგში, როდესაც ღვთის საქმენი გაიგე, შეიძლება თუ არა კვლავ გაინტერესებდეს ასტრონომია და გეოგრაფია? შეიძლება თუ არა კვლავ გქონდეს სკეპტიკოსის გული და ეჭვი გეპარებოდეს იმაში, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე? შეიძლება თუ არა კვლავ გქონდეს მკვლევრის გული და ეჭვი გეპარებოდეს იმაში, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე? (არა.) როდესაც დაადასტურებ, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე და გაიგებ ზოგიერთ იმ კანონზომიერებას, რომელიც ღმერთმა ყოველივესთვის შექმნა, ჭეშმარიტად ირწმუნებ თუ არა შენს გულში, რომ ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს? (დიახ.) აქვს თუ არა აქ „უზრუნველყოფას“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუ მისი გამოყენება კონკრეტულ გარემოებას ეხება? „ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს“ არის ფრაზა, რომელსაც ძალიან ფართო მნიშვნელობა და მასშტაბი აქვს. ღმერთი ადამიანებს მხოლოდ ყოველდღიური საჭმელ-სასმლით როდი უზრუნველყოფს; იგი კაცობრიობას უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება, მათ შორის ყველაფრით, რისი დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ ასევე იმ საგნებითაც, რომელთა დანახვაც შეუძლებელია. ღმერთი მხარს უჭერს, მართავს და ფლობს მეუფებას ამ საცხოვრებელ გარემოზე, რომელიც კაცობრიობას სჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორი გარემოც არ უნდა სჭირდებოდეს კაცობრიობას თითოეული სეზონისთვის, ღმერთმა ის მოამზადა; როგორი ტიპის ჰაერი და ტემპერატურაც არ უნდა იყოს შესაფერისი ადამიანის გადარჩენისთვის, იგი ამასაც მართავს. კანონზომიერებანი, რომლებიც ამ საგნებს განაგებს, თავისთავად ან შემთხვევით არ წარმოიშობა; ისინი ღვთის მეუფებისა და მისი საქმეების შედეგია. ანუ, ყველა ამ კანონზომიერებისა და ყოველივეს გადარჩენის წყარო თავად ღმერთია. განურჩევლად იმისა, გჯერა თუ არა ამის, შეგიძლია თუ არა ამის დანახვა, ან შეგიძლია თუ არა ამის გაგება, ეს მაინც დადგენილ და უდავო ფაქტად რჩება.
ვიცი, რომ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ ღვთის იმ სიტყვებისა და საქმის სწამს, რომლებიც ბიბლიაშია შესული. უმნიშვნელო უმცირესობაში ღმერთმა გააცხადა თავისი საქმენი, რითაც ადამიანებს მისი არსებობის ღირებულების დანახვის საშუალება მისცა. მან ასევე მისცა ადამიანებს მისი ვინაობის გარკვეული გაგების ქონისა და მისი არსებობის ფაქტის დადასტურების საშუალება. თუმცა, გაცილებით მეტი ადამიანისთვის ბუნდოვანი და დაუზუსტებელია ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე და რომ იგი მართავს და უზრუნველყოფს ყოველივეს, და ისინი ეჭვის დამოკიდებულებასაც კი ინარჩუნებენ. ეს დამოკიდებულება აიძულებს მათ, მუდმივად სჯეროდეთ, რომ ბუნებრივი სამყაროს კანონზომიერებანი სპონტანურად ჩამოყალიბდა, რომ ბუნებრივი სამყაროს ცვლილებები და გარდაქმნები, მისი ზოგიერთი მოვლენა და ყველა ის კანონზომიერება, რომელიც მას განაგებს, თავად ბუნებიდან წარმოიშვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთ გულებში წარმოიდგინონ, როგორ შექმნა ღმერთმა ყოველივე და როგორ ფლობს მეუფებას მათზე; მათ არ შეუძლიათ გაიგონ, როგორ მართავს და უზრუნველყოფს ღმერთი ყოველივეს. ამ წინაპირობის ფარგლებში, ადამიანებს არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ სწორედ ღმერთმა შექმნა ყოველივე და მეუფებს მასზე, რომ სწორედ ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივეს. მორწმუნეებიც კი თავიანთ რწმენაში შეზღუდულნი არიან რჯულის ეპოქით, მადლის ეპოქითა და სასუფევლის ეპოქით: ისინი ღვთის საქმეებსა და კაცობრიობისადმი მის უზრუნველყოფას მხოლოდ მისი რჩეული ხალხით ზღუდავენ. ეს არის ის, რისი დანახვაც ყველაზე მეტად მძულს და რაც ასეთ დიდ ტკივილს იწვევს, რადგან მაშინაც კი, როდესაც კაცობრიობა ტკბება ყოველივე იმით, რაც ღმერთს მოაქვს, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს და რასაც იგი აძლევს მას. ადამიანებს მხოლოდ ის სჯერათ, რომ ცა, მიწა და ყოველივე იმართება მათივე ბუნებრივი კანონზომიერებებითა და ცხოვრების ბუნებრივი წესებით, და რომ მათ არ ჰყავთ არავითარი უზენაესი, რომელიც მართავს მათ, ან არავითარი უზენაესი, რომელიც უზრუნველყოფს მათ და იცავს მათ. ღმერთი რომც გწამდეს, ვერ დაიჯერებ, რომ ყოველივე ეს მისი საქმენია. ამიტომ, ეს არის ღვთის თითოეული მორწმუნის, ყველას, ვინც იღებს ღვთის სიტყვას და ყველას, ვინც მიჰყვება ღმერთს, ყველაზე დიდი შეცდომა. ამრიგად, როგორც კი ვიწყებ საუბარს იმაზე, რაც არ უკავშირდება ბიბლიას ან ეგრეთ წოდებულ სულიერ ტერმინოლოგიას, ზოგიერთი ადამიანი იწყენს, იღლება ან თავს უხერხულადაც კი გრძნობს. ისინი გრძნობენ, რომ ჩემი სიტყვები თითქოს მოწყვეტილია სულიერ ადამიანებსა და სულიერ საგნებს. ეს საშინელებაა. როდესაც საქმე ღვთის საქმეების შეცნობას ეხება, თუმცა ჩვენ არ ვახსენებთ ასტრონომიას და არც გეოგრაფიასა თუ ბიოლოგიას ვიკვლევთ, მაინც უნდა გვესმოდეს ღვთის მეუფება ყოველივეზე, უნდა ვიცოდეთ მის მიერ ყოველივეს უზრუნველყოფის შესახებ და ის, რომ იგი ყოველივეს წყაროა. ეს აუცილებელი გაკვეთილია და ის, რაც უნდა შეისწავლოთ. მჯერა, რომ გაიგეთ ჩემი სიტყვები, ასე არ არის?
მიუხედავად იმისა, რომ იმ ორი ამბის შინაარსი, რომლებიც ახლახან მოვყევი, ოდნავ უჩვეულო იყო, და მათი მოყოლისა და გადმოცემის გზაც ოდნავ უჩვეულო იყო, მე უბრალოდ მსურდა გამომეყენებინა ხელმისაწვდომი ენა და მარტივი მიდგომა, რათა დაგხმარებოდით უფრო ღრმა რამის მიღებასა და გაგებაში. ეს იყო ჩემი ერთადერთი მიზანი: დაგხმარებოდით დაგენახათ, ან გერწმუნათ კიდეც, ამ პატარა ამბებისა და მათში დახატული სურათების მეშვეობით, რომ ღმერთი მეუფებს ყოველივეზე. ამ ამბების მოყოლის მიზანია, მოგცეთ საშუალება, დაინახოთ და შეიცნოთ ღვთის უსასრულო საქმენი ამბის შეზღუდულ ფარგლებში. რაც შეეხება იმას, თუ როდის იქნება ეს მიზანი სრულად რეალიზებული და მიღწეული თქვენში — ეს თქვენს საკუთარ გამოცდილებასა და თქვენსავე მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა გაქვს და ღვთის შეცნობას ეძიებ, მაშინ ეს ყოველივე კიდევ უფრო ძლიერი შეხსენების სამსახურს გაგიწევს; ის მოგცემს ღრმა შეგნებას, სიცხადეს შენს გაგებაში, რაც თანდათანობით დაგაახლოებს ღვთის რეალურ საქმეებთან, ისეთი სიახლოვით, რომელიც იქნება დისტანციისა და შეცდომის გარეშე. თუმცა, თუ არ ხარ ის, ვინც ღვთის შეცნობას ეძიებს, მაშინ ეს ამბები ვერანაირ ზიანს ვერ მოგაყენებს. უბრალოდ, ჩვეულებრივ ამბებად მიიჩნიე ისინი.
მიიღეთ თუ არა რაიმე გაგება ამ ორი ამბიდან? პირველ რიგში, არის თუ არა ეს ორი ამბავი განცალკევებული კაცობრიობაზე ღვთის მზრუნველობის შესახებ ჩვენი წინა მსჯელობისგან? არის თუ არა მათ შორის შინაგანი კავშირი? შეგიძლიათ თუ არა ამ ორ ამბავში დაინახოთ ღვთის საქმენი და ის ყოვლისმომცველი ზომები, რომლებსაც იგი კაცობრიობისთვის ატარებს? მართალია თუ არა, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, და ყოველი ფიქრი, რაც მას აქვს, კაცობრიობის გადარჩენისთვისაა? (დიახ.) განა კაცობრიობისადმი ღვთის გულმოდგინე განზრახვები ძალიან აშკარა არ არის? კაცობრიობას არაფრის კეთება არ უწევს. ღმერთმა მოუმზადა ადამიანებს ჰაერი — ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, მისი სუნთქვაა. ბოსტნეული და ხილი, რომელსაც ისინი ჭამენ, ადვილად ხელმისაწვდომია. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თითოეულ რეგიონს თავისი ადგილობრივი პროდუქტი აქვს. სხვადასხვა რეგიონული კულტურა, ხილი და ბოსტნეული — ყოველივე ღმერთმა მოამზადა. უფრო დიდ გარემოში, ღმერთმა ყოველივე ისე შექმნა, რომ ერთმანეთს კვებავდეს და აძლიერებდეს, ერთმანეთს ზღუდავდეს და გადასარჩენად ურთიერთდამოკიდებულად არსებობდეს. ეს არის მისი მეთოდი და მისი კანონზომიერება ყოველივეს გადარჩენისა და არსებობის შესანარჩუნებლად; ამგვარად, კაცობრიობამ შეძლო უსაფრთხოდ და მშვიდად გაზრდა ამ საცხოვრებელ გარემოში, თაობიდან თაობამდე გამრავლება, დღევანდელ დღემდეც კი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთს ბალანსი შემოაქვს ბუნებრივ გარემოში. ღმერთი რომ არ მეუფებდეს და არ აკონტროლებდეს ყოველივეს, მაშინ გარემოს შენარჩუნება და ბალანსში ყოფნა, თუნდაც იგი კვლავ ღვთის მიერ ყოფილიყო შექმნილი, ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ზოგიერთ ადგილას საერთოდ არ არის ჰაერი, ამიტომ კაცობრიობას არ შეუძლია ასეთ ადგილებში გადარჩენა; ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არ გრთავს ნებას, იქ წახვიდე. ამიტომ, ნუ გასცდები სათანადო საზღვრებს. ეს კაცობრიობის დასაცავადაა — ამაში საიდუმლოებებია. გარემოს თითოეული ასპექტი, დედამიწის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და სიღრმე, დედამიწაზე არსებული ყოველი ქმნილება — ცოცხალიც და მკვდარიც — დიდი ხნის წინ მომზადებული და ჩაფიქრებული იქნა ღვთის მიერ. რატომ არის ეს საგანი საჭირო, რატომ არ არის ის საგანი საჭირო, რა მიზანი აქვს ამ საგნის აქ ყოფნას და იმ საგნის იქ ყოფნას: ღმერთმა ყოველივე ეს კაცობრიობისთვის დიდი ხნის წინ გაითვალისწინა, ამიტომ ადამიანებს ამაზე ფიქრი არ სჭირდებათ. არიან სულელი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მთების გადაადგილებაზე ფიქრობენ, მაგრამ ამის კეთების ნაცვლად, რატომ არ გადადიან ვაკეზე? თუ არ მოგწონს მთები, რატომ ცხოვრობ მათ მახლობლად? განა ეს სისულელე არ არის? რა მოხდებოდა, ის მთა რომ გადაგეადგილებინა? ქარიშხლები და უზარმაზარი ტალღები მოვიდოდა და ხალხის სახლები დაინგრეოდა. განა ეს მათი მხრიდან სისულელე არ იქნებოდა? ადამიანებს მხოლოდ განადგურება შეუძლიათ. მათ იმ ერთადერთი გარემოს შენარჩუნებაც კი არ შეუძლიათ, რომელშიც ცხოვრობენ, და მაინც სურთ, რომ ყოველივე უზრუნველყონ. ეს შეუძლებელია.
ღმერთმა კაცობრიობას დაავალა ყოველივეს მართვა და მათზე ბატონობა, მაგრამ ასრულებს თუ არა ადამიანი ამ საქმეს კარგად? ადამიანი ყოველთვის ანადგურებს საგნებს. მას უბრალოდ არ შეუძლია შეინარჩუნოს ყველაფერი, რაც ღმერთმა მისთვის შექმნა, თავის პირვანდელ მდგომარეობაში — ნაცვლად ამისა, მან გაანადგურა ღვთის ქმნილება. კაცობრიობამ გადააადგილა მთები, წაართვა მიწა ზღვებს, გადააქცია დაბლობები უდაბნოებად, სადაც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, შექმნა მრეწველობა უდაბნოში და ააშენა იქ ბირთვული ბაზები. მან ყველგან განადგურება დათესა. ახლა მდინარეები აღარ არის მდინარეები, ზღვა აღარ არის ზღვა... როგორც კი კაცობრიობა დაარღვევს ამ ბალანსს და ამ კანონზომიერებებს, მისი უბედურებისა და დაღუპვის დღე შორს აღარ იქნება; ეს გარდაუვალია. როდესაც უბედურება მოვა, კაცობრიობა შეიცნობს ყველაფრის დიდ ფასს, რაც ღმერთმა მისთვის შექმნა, და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის კაცობრიობისთვის. ადამიანისთვის ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ქარი და წვიმა თავის დროზე მოდის, სამოთხეში ცხოვრებას ჰგავს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს კურთხევაა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ისინი ყველაფერს დაკარგავენ, დაინახავენ, თუ რა იშვიათი და ძვირფასია ეს. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს ყოველივე ამის გადასარჩენად? რისი გაკეთება შეეძლოთ ადამიანებს, თუ ღმერთი არ ისურვებდა მის ხელახლა შექმნას? გაქვთ თუ არა გამოსავალი? სინამდვილეში, არსებობს გამოსავალი, ის ძალიან მარტივია — როდესაც გეტყვით, რა არის ეს, მაშინვე მიხვდებით, რომ ის განხორციელებადია. როგორ აღმოჩნდა ადამიანი არსებობის ამჟამინდელ მდგომარეობაში? განა ეს მისი სიხარბისა და განადგურების გამო არ არის? თუ ადამიანი დაასრულებს ამ განადგურებას, განა მისი საცხოვრებელი გარემო თანდათანობით არ გამოსწორდება? თუ ღმერთი არაფერს გააკეთებს, თუ ღმერთს აღარ სურს კაცობრიობისთვის რაიმეს გაკეთება — ანუ, თუ ის არ ჩაერევა ამ საქმეში — მაშინ კაცობრიობის საუკეთესო გამოსავალი იქნება შეაჩეროს ყოველგვარი განადგურება და მისცეს თავის საცხოვრებელ გარემოს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალება. ყოველივე ამ განადგურების დასრულება ნიშნავს იმ საგნების ძარცვისა და გაცამტვერების დასრულებას, რომლებიც ღმერთმა შექმნა. ამის გაკეთება საშუალებას მისცემს გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, თანდათანობით აღდგეს, ხოლო ამის შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიცოცხლო გარემოს მუდმივ გაუარესებას, რომლის განადგურებაც დროთა განმავლობაში გაძლიერდება. მარტივია თუ არა ჩემი გამოსავალი? ის მარტივი და შესაძლებელია, არა? ნამდვილად მარტივია და შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანისთვის — მაგრამ არის თუ არა ის შესაძლებელია დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობისთვის? (არა.) თქვენთვის, სულ მცირე, არის თუ არა ის შესაძლებელი? (დიახ.) რას ეფუძნება თქვენი პასუხი? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის ეფუძნება ღვთის საქმეების გაგების საძირკველს? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის ეფუძნება ღვთის მეუფებისა და განგებულებისადმი მორჩილებას? (დიახ.) არსებობს საგნების შეცვლის გზა, მაგრამ ეს არ არის ის თემა, რომელსაც ახლა განვიხილავთ. ღმერთი პასუხისმგებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და იგი ბოლომდე პასუხისმგებელია. ღმერთი გარჩენს, და თუნდაც სატანის მიერ განადგურებულ ამ გარემოში დაავადდე, შეიბილწო ან ძალადობის მსხვერპლი გახდე, ამას მნიშვნელობა არ აქვს — ღმერთი მაინც გარჩენს და სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მოგცემს. თქვენ უნდა გქონდეთ ამის რწმენა. ღმერთი ასე მარტივად არ დაუშვებს ადამიანის სიკვდილს.
გრძნობთ თუ არა ახლა გარკვეულწილად იმის გაგების მნიშვნელობას, რომ „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“? (დიახ, ვგრძნობთ.) რა გრძნობები გაქვთ? მითხარით. (წარსულში არასოდეს გვიფიქრია მთების, ზღვებისა და ტბების დაკავშირება ღვთის საქმეებთან. მხოლოდ დღეს, ღვთის თანაზიარების მოსმენის შემდეგ გავიგეთ, რომ ამ საგნებში არის ღვთის საქმეები და სიბრძნე; ჩვენ ვხედავთ, რომ დასაბამისას, როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, ყველაფერს ჰქონდა მისი წინასწარგანსაზღვრა და მისი კეთილი განზრახვები. ყოველივე კვებავს და აძლიერებს ერთმანეთს, და კაცობრიობა არის საბოლოო ბენეფიციარი. ის, რაც დღეს მოვისმინეთ, ძალიან ახალი და უჩვეულოა — ჩვენ ვიგრძენით, თუ რამდენად პრაქტიკულია ღვთის საქმეები. რეალურ სამყაროში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველივესთან ჩვენს შეხებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეა.) თქვენ ნამდვილად დაინახეთ, არა? ღმერთი არსაიდან როდი უზრუნველყოფს კაცობრიობას; მისი უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ რამდენიმე მოკლე სიტყვა. ღმერთმა უამრავი რეალური რამ გააკეთა, და ის საგნებიც კი, რომლებსაც ვერ ხედავ, ყველა შენ სასიკეთოდაა. ადამიანი ცხოვრობს ამ გარემოში, ყოველივეს შორის, რაც ღმერთმა მისთვის შექმნა, და არსებობისთვის ურთიერთდამოკიდებულია ყოველივესთან. მაგალითად, მცენარეები გამოყოფენ აირებს, რომლებიც ასუფთავებს ჰაერს, და ადამიანები სუნთქავენ გაწმენდილ ჰაერს და სარგებელს იღებენ მისგან; თუმცა ზოგიერთი მცენარე შხამიანია ადამიანებისთვის, ხოლო სხვა მცენარეები ანეიტრალებენ შხამიან მცენარეებს. ეს არის ღვთის ქმნილების საოცრება! მაგრამ მოდით, ახლა მივატოვოთ ეს თემა; დღეს ჩვენი განხილვა ძირითადად ეხებოდა ადამიანისა და ყოველივეს ურთიერთდამოკიდებულებას არსებობისთვის, და იმას, თუ როგორ არ შეუძლია ადამიანს ყოველივესგან განცალკევება. რა მნიშვნელობა აქვს ღვთის მიერ ყოველივეს შექმნას? ადამიანს არ შეუძლია ცხოვრება ყოველივეს გარეშე. ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი: ადამიანს არ შეუძლია ჰაერის გარეშე — ვაკუუმში რომ მოგათავსონ, მალევე მოკვდები. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანს არ შეუძლია იარსებოს ყოველივესგან განცალკევებით. მაშ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ყოველივეს მიმართ? ისეთი, რომელიც აფასებს მათ, იცავს მათ, ეფექტურად იყენებს მათ, არ ანადგურებს მათ, არ ფლანგავს მათ და არ ცვლის მათ საკუთარი ნებისამებრ, რადგან ყოველივე ღვთისგანაა, ყოველივე არის მისი უზრუნველყოფა კაცობრიობისთვის, და კაცობრიობა უდიდესი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს მათ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ეს ორი თემა. დაბრუნდით და გულდასმით იფიქრეთ მათზე და კარგად გაიაზრეთ ისინი. შემდეგ ჯერზე ზოგიერთ საკითხს დეტალურად განვიხილავთ. ამით სრულდება დღევანდელი შეკრება. ნახვამდის!
2014 წლის 18 იანვარი