თავად ღმერთი, ერთადერთი V

ღვთის სიწმინდე (II)

დღეს, ძმებო და დებო, მოდით, საგალობელი ვიმღეროთ. აირჩიეთ ისეთი, რომელიც მოგწონთ და რომელსაც რეგულარულად მღერით. (ვიმღეროთ ღვთის სიტყვების საგალობელი „უბიწო სიყვარული ნაკლის გარეშე“.)

1  როგორც უკვე ვთქვი, მიმდევარი ბევრი მყავს, მაგრამ ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ — ცოტა. შესაძლოა, ვინმემ თქვას: „განა ამდენ მსხვერპლს გავიღებდი რომ არ მიყვარდე? აქამდე გამოგყვებოდი, რომ არ მიყვარდე?“ მართალია, თქვენ მრავალი მიზეზი გაქვთ და თქვენი სიყვარული დიდია — მაგრამ სად არის თქვენი სიყვარულის არსი ჩემ მიმართ? „სიყვარული“, როგორც მას უწოდებენ, ნიშნავს სუფთა და უმანკო გრძნობას, სადაც გულით გიყვარს, გულით გრძნობ და გულით ზრუნავ. სიყვარული უპირობოა, მასში არ არსებობს გაუცხოება და არც მანძილი. სიყვარულში არ არსებობს ეჭვი, ტყუილი და არც მზაკვრობა. სიყვარულში საერთოდ არ არსებობს გარიგება და აღრევა. თუ სიყვარული გაგაჩნია, არ მოიტყუები, არ დაიწუწუნებ, არ მიღალატებ, არ მეურჩები, არაფერს მოითხოვ და არ ეძიებ არანაირი ოდენობის სარგებელს. თუ სიყვარული გაგაჩნია, სიხარულით გასწირავ თავს, სიხარულით დაითმენ ტანჯვას, იქნები ჩემი შესატყვისი, დათმობ ყველაფერს ჩემთვის — შენს ოჯახს, შენს მომავალს, შენს ახალგაზრდობას, შენს ქორწინებას. თუ არა — მაშინ თქვენი სიყვარული — სიყვარული კი არა, არამედ ტყუილი და ღალატია.

2  როგორია შენი სიყვარული? ნამდვილი სიყვარულია? თუ ცრუ? რამდენი რამ დათმე? რამდენი შემომწირე? რამდენი სიყვარული მივიღე შენგან? იცი? თქვენი გულები სავსეა ბოროტებით, ღალატითა და სიცრუით — მაშ, რამდენი უწმინდურებაა თქვენს სიყვარულში? თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე საკმარისი გაიღეთ ჩემთვის; ფიქრობთ, რომ თქვენი ჩემდამი სიყვარული საკმარისია. მაშინ რატომ არის თქვენი სიტყვები და საქმეები სავსე ურჩობითა და მზაკვრობით? მომყვებით, მაგრამ ჩემს სიტყვას არ აღიარებთ — ეს არის სიყვარული? მომყვებით, მაგრამ შემდეგ უარმყოფთ. ეს არის სიყვარული? მომყვებით, მაგრამ არ მენდობით — ეს არის სიყვარული? მომყვებით, მაგრამ ვერ იღებთ ჩემს არსებობას — ეს არის სიყვარული? მომყვებით, მაგრამ არ მექცევით ისე, როგორც შემეფერება, და ყოველ ნაბიჯზე სირთულეებს მიქმნით — ეს არის სიყვარული? მომყვებით, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ცდილობთ ჩემს მოტყუებასა და გასულელებას — ეს არის სიყვარული?

3  მემსახურებით, მაგრამ არ გეშინიათ ჩემი. ეს არის სიყვარული? ყოველმხრივ და ყველაფერში მეწინააღმდეგებით. ნუთუ ეს ყოველივე სიყვარულია? მართალია, ბევრი გაიღეთ, მაგრამ პრაქტიკაში არასოდეს გამოიყენეთ ის, რასაც თქვენგან ვითხოვდი. შეიძლება ამას სიყვარული ეწოდოს? თქვენში ჩემ მიმართ სიყვარულის მცირედი კვალიც კი არ არსებობს. ამდენი წლის საქმისა და იმ მრავალ სიტყვათა შემდეგ, რაც თქვენ გიბოძეთ, რამდენი მოიპოვეთ სინამდვილეში? განა ეს სერიოზულ გადახედვას არ იმსახურებს? მე თქვენ გაფრთხილებთ: ისინი, ვისაც მოვუხმობ, არ არიან ისინი, რომელნიც არასოდეს გახრწნილან; არამედ ვისაც ვირჩევ, არიან ადამიანები, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ. ამიტომ, ფხიზლად იყავით თქვენს სიტყვებსა და საქმეებში, გამოსცადეთ თქვენი ზრახვები და აზრები, რათა ზღვარს არ გადასცდეთ. უკანასკნელ დღეებში მთელი ძალით შემომწირეთ თქვენი სიყვარული, თორემ ჩემი რისხვა არასოდეს განგეშორებათ!

— სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მრავალნი არიან მოწოდებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულნი

ეს საგალობელი კარგი არჩევანი იყო. ყველას მოგწონთ მისი გალობა? რას გრძნობთ მისი გალობის შემდეგ? შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ღვთის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვთ? (ჯერ არა.) მისი რომელი სიტყვები აღძრავს შენში ყველაზე ღრმა გრძნობებს? (სიყვარული უპირობოა, მასში არ არსებობს გაუცხოება და არც მანძილი. სიყვარულში არ არსებობს ეჭვი, ტყუილი და არც მზაკვრობა. სიყვარულში საერთოდ არ არსებობს გარიგება და აღრევა. მაგრამ საკუთარ თავში ჯერ კიდევ ვხედავ ბევრ მინარევს და ღმერთთან გარიგებების დადების სურვილის ბევრ ელემენტს. მე ნამდვილად არ მიმიღწევია ჯერ ისეთი სიყვარულისთვის, რომელიც უბიწო და ნაკლის გარეშეა.) თუ შენ ჯერ არ მიგიღწევია ისეთი სიყვარულისთვის, რომელიც უბიწო და ნაკლის გარეშეა, მაშინ რა დონეზეა შენი სიყვარული? (მე მხოლოდ იმ ეტაპზე ვარ, როცა მზად ვარ, მისკენ ვისწრაფოდე და როცა ის მწყურია.) შენი სიმწიფიდან გამომდინარე და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა დონეს მიაღწიე? არის შენში მზაკვრობა? გაქვს პრეტენზიები? ჯერ კიდევ გაქვს მოთხოვნები შენს გულში? ჯერ კიდევ ითხოვ რამეს ღვთისგან და გწადია რაიმე? (დიახ, ჩემში არის ეს მინარევები.) რა გარემოებებში ვლინდება ისინი? (როდესაც გარემოება, რომელიც ღმერთმა ჩემთვის მოაწყო, ჩემს წარმოდგენებს არ შეესაბამება, ან როდესაც ჩემი წადილები არ სრულდება, ასეთ მომენტებში ამგვარ გახრწნილ ხასიათს ვავლენ.) თქვენ, ძმებო და დებო, რომლებიც ტაივანიდან მოხვედით, თქვენც ხშირად გალობთ ამ საგალობელს? შეგიძლიათ ცოტათი ისაუბროთ იმაზე, როგორ გესმით „უბიწო სიყვარული ნაკლის გარეშე“? რატომ განსაზღვრავს ღმერთი სიყვარულს ამგვარად? (ეს საგალობელი ძალიან მომწონს, რადგან მასში ნამდვილად ვხედავ, რომ ეს სიყვარული სრულყოფილი სიყვარულია. თუმცა, ამ სტანდარტის დაკმაყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და ჭეშმარიტი სიყვარულის მიღწევისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვარ. ზოგიერთ საკითხში შევძელი, ღვთის სიტყვებიდან მიღებული ძალისა და ლოცვის მეშვეობით, თანამშრომლობისას უფრო მეტისკენ მესწრაფა. თუმცა, როდესაც გარკვეული განსაცდელების წინაშე ვდგები ან ვმჟღავნდები, ვგრძნობ, რომ არც მომავალი მაქვს, არც ბედი და არც საბოლოო სამყოფელი. ასეთ მომენტებში თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ და ეს საკითხი ხშირად მაწუხებს.) საბოლოოდ, რას გულისხმობ, როდესაც ამბობ „მომავალი და ბედი“? რაიმე კონკრეტულს გულისხმობ? ეს რაიმე სურათია თუ რაღაც, რაც წარმოიდგინე, თუ ეს „მომავალი და ბედი“ ნამდვილად გინახავს? ეს რეალური საგანია? მინდა, თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს: კონკრეტულად რას გულისხმობს მომავალი და ბედი, რომელიც გაღელვებთ? (იმას, რომ შევძლო ცხონება, რათა გადავრჩე.) თქვენც, დანარჩენო ძმებო და დებო, ცოტათი ისაუბრეთ იმაზე, როგორ გესმით „უბიწო სიყვარული ნაკლის გარეშე“. (ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ იყოს შებღალული პირადი მინარევებით, არ იყოს შეზღუდული საკუთარი მომავლითა და ბედით და, მიუხედავად იმისა, როგორ მოექცევა მას ღმერთი, შეეძლოს მთელი გულით დაემორჩილოს ღვთის საქმეს, დაემორჩილოს მის წარმართვასა და განგებას და ბოლომდე გაჰყვეს მას. მხოლოდ ღვთის ასეთი სიყვარულია უბიწო და ნაკლის გარეშე სიყვარული. ამასთან საკუთარი თავის შედარებისას აღმოვაჩინე, რომ თუმცა ღვთის რწმენის ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გარეგნულად ვიხარჯებოდი და რაღაცებს ვთმობდი, ვერ შევძელი, გული ნამდვილად მიმეძღვნა მისთვის. როდესაც ღმერთი მამჟღავნებს ვგრძნობ, რომ ვერ ვცხონდები და შემდეგ ნეგატიურ მდგომარეობაში ვცხოვრობ. ვხედავ, რომ მოვალეობის შესრულებისას ღმერთთან გარიგებების დადებას ვცდილობ, არ შემიძლია ღმერთი მთელი გულით მიყვარდეს და მუდამ ჩემი საბოლოო სამყოფელი, მომავალი და ბედი მაღელვებს.) როგორც ჩანს, თქვენ ყველას გარკვეულწილად გესმით ეს საგალობელი და მასა და თქვენს რეალურ გამოცდილებას შორის გარკვეული პარალელებიც გაავლეთ. თუმცა, საგალობლის „უბიწო სიყვარული ნაკლის გარეშე“ თითოეული ფრაზა სხვადასხვა დონეზე გესმით. ზოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მზად იყოს, თავი მიუძღვნას და ტანჯვა აიტანოს, ზოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცდილობს, გათავისუფლდეს საკუთარ მომავალზე მიჯაჭვულობისგან, ზოგი ცდილობს, უარი თქვას საკუთარ ოჯახზე, ზოგი კი არაფრის მიღებას არ ცდილობს. სხვები საკუთარი თავისგან მოითხოვენ, რომ არ ჰქონდეთ მზაკვრობა, ჩივილები თუ ურჩობა. მაშ, რატომ წამოჭრა ღმერთმა ამგვარი სიყვარულის საკითხი და რატომ მოითხოვს ადამიანებისგან, რომ ის ამგვარად უყვარდეთ? არის ეს სიყვარული ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანებს შეუძლიათ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია ადამიანებმა ამგვარ სიყვარულს მიაღწიონ? ადამიანების თვალში ეს შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს, რადგან მათ ამ სიყვარულის უმცირესი ნაწილიც კი არ გააჩნიათ. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს ეს სიყვარული არ გააჩნიათ და უბრალოდ არ იციან, რა არის სიყვარული, ღმერთი წარმოთქვამს ამ სიტყვებს, რომლებიც ადამიანებისთვის უცხოა. ვინაიდან ადამიანები ამ სამყაროში ცხოვრობენ და გახრწნილი ხასიათების გარემოცვაში იმყოფებიან, თუ ადამიანებს ამგვარი სიყვარული ექნებოდათ ან რომელიმე ადამიანს ამგვარი სიყვარული გააჩნდა — არ ექნებოდა არანაირი მოთხოვნები, არ შეეცდებოდა რაიმეს მიღებას, მზად იქნებოდა, თავი მიეძღვნა, ტანჯვა აეტანა და უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც გააჩნდა — რას იფიქრებდნენ მასზე სხვა ადამიანები? განა ასეთი ადამიანი სრულყოფილი არ იქნებოდა? (დიახ). არსებობს ამ სამყაროში ასეთი სრულყოფილი ადამიანი? ამგვარი ადამიანი ამ სამყაროში უბრალოდ არ არსებობს. ეს უდავო ფაქტია. ამიტომ, ზოგი ადამიანი საკუთარი გამოცდილების განმავლობაში დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა საკუთარი თავი ამ სიტყვებით გაზომოს. ისინი საკუთარ თავს სხლავენ, აკავებენ და მუდმივად საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი ამბოხდებიან, აიძულებენ საკუთარ თავს, ტანჯვა აიტანონ და ცდილობენ, გათავისუფლდნენ თავიანთი წარმოდგენებისგან, ურჩობისგან, საკუთარი წადილებისა და მოთხოვნებისგან. მაგრამ საბოლოოდ, როდესაც საკუთარ თავს ამ სიტყვებით ზომავენ, აღმოჩნდება, რომ ამგვარი სიყვარულისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ. რატომ ხდება ასე? ღმერთი ამ სიტყვებს იმისთვის ამბობს, რომ ადამიანებს სტანდარტი დაუდგინოს, რათა მათ იცოდნენ, რა სტანდარტის დაკმაყოფილებას მოითხოვს ღმერთი მათგან. მაგრამ განა ღმერთს ოდესმე უთქვამს, რომ ადამიანებმა ამას დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიონ? განა ღმერთს ოდესმე უთქვამს, რომ ადამიანებმა ამას გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მიაღწიონ? (არა). მაშ, განა ღმერთს ოდესმე უთქვამს, რომ ადამიანებმა ის ამგვარი სიყვარულით უნდა შეიყვარონ? ნათქვამია ეს ტექსტის ამ მონაკვეთში? არა, არ არის ნათქვამი. ღმერთი უბრალოდ უხსნის ადამიანებს, რას გულისხმობს სიყვარული, რომელზეც ის საუბრობს. რაც შეეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს, ამგვარი სიყვარულით უყვარდეთ ღმერთი და ამგვარად მოექცნენ მას, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან? ის არ მოითხოვს, რომ ადამიანებმა ამას მყისიერად, ერთბაშად მიაღწიონ, რადგან ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება. ოდესმე დაფიქრებულხართ, რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა, რათა ამგვარ სიყვარულს მიაღწიოს? განა ადამიანები თანდათან შეიძენენ ამ სიყვარულს, თუ ამ სიტყვებს ხშირად წაიკითხავენ? (არა). მაშ, რა პირობებია საჭირო? პირველ რიგში, როგორ შეუძლია ადამიანს, გათავისუფლდეს ღვთის მიმართ უნდობლობისგან? (ამის მისაღწევად ის პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს.) რას იტყვით მზაკვრობისგან გათავისუფლებაზე? (ამისთვისაც პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს.) რას იტყვით ღმერთთან გარიგებების დადების მცდელობისგან გათავისუფლებაზე? ამისთვისაც პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს. რას იტყვით ცბიერებისგან გათავისუფლებაზე? რას ნიშნავს სიყვარულში საკუთარი გადაწყვეტილებების მიუღებლობა? განა ყოველივე ეს პატიოსან ადამიანად ყოფნას არ უკავშირდება? ამ ყველაფერში ბევრი დეტალია. რას ამტკიცებს ის, რომ ღმერთი ამგვარი სიყვარულის საკითხს წამოჭრის, ან რომ ღმერთი სიყვარულს ამგვარად განსაზღვრავს და ასე აღწერს? შეიძლება ითქვას, რომ ღმერთს ამგვარი სიყვარული აქვს? (დიახ). სად ხედავთ ამას? (ღვთის მიერ კაცობრიობისადმი გამოვლენილ სიყვარულში.) არის ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ პირობითი? ღვთის მხრიდან არსებობს რაიმე ბარიერი ან მანძილი მასა და ადამიანს შორის? აქვს ღმერთს უნდობლობა ადამიანის მიმართ? (არა). ღმერთი გულდასმით შეისწავლის ადამიანს და ესმის მისი; მას ნამდვილად ესმის ადამიანის. ატარებს ღმერთი გულში მზაკვრობას ადამიანის მიმართ? (არა). ვინაიდან ღმერთი სიყვარულზე ასე სრულყოფილად საუბრობს, განა მისი გულიცა და არსიც ასეთივე სრულყოფილი არ არის? (დიახ). რა თქმა უნდა, ასეა; როდესაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებაში გარკვეულ ეტაპს მიაღწევენ, ამის შეგრძნებას შეძლებენ. ოდესმე რომელიმე ადამიანს სიყვარული ამგვარად განუსაზღვრავს? რა გარემოებებია, რომლებშიც ადამიანები განსაზღვრავენ სიყვარულს? როგორ აღწერენ ადამიანები სიყვარულს? განა ისინი მას გაცემისა და თავდადების თვალსაზრისით არ აღწერენ? (დიახ). ეს სიყვარულის გამარტივებული აღწერაა; მასში არსი არ არის.

ღვთის მიერ სიყვარულის განსაზღვრება და ღვთის მიერ სიყვარულის აღწერა ღვთის არსის ერთ-ერთ ასპექტს უკავშირდება. რომელ ასპექტს? ბოლოს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვქონდა თანაზიარება, თემაზე, რომელზეც ადამიანები ადრეც ხშირად მსჯელობდნენ. ეს თემა მოიცავს სიტყვას, რომელზეც ღვთისადმი რწმენის პროცესში ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს არის სიტყვა, რომელიც ყველას ერთდროულად ნაცნობადაც და უცხოდაც ეჩვენება. რატომ ვამბობ ამას? ეს სიტყვა ადამიანთა ენებიდან მომდინარეობს, თუმცა ადამიანებს შორის მისი განმარტება ერთდროულად მკაფიოცაა და ბუნდოვანიც. რა სიტყვაა ეს? (სიწმინდე). სიწმინდე — სწორედ ეს იყო ჩვენი თემა ბოლო თანაზიარების დროს. ჩვენ ამ თემის ერთ ნაწილზე გვქონდა თანაზიარება. ჩვენი ბოლო თანაზიარებისას ყველამ შეიძინეთ სრულიად ახალი გაგება ღვთის სიწმინდის არსის შესახებ? ამ გაგების რომელი ასპექტები მიგაჩნიათ ახლად? ანუ, რა იყო ამ გაგებაში ან იმ სიტყვებში ისეთი, რამაც გაგრძნობინათ, რომ ღვთის სიწმინდის შესახებ თქვენი გაგება განსხვავდებოდა ღვთის სიწმინდისგან, როგორც მე მასზე თანაზიარების დროს ვსაუბრობდი? დაგრჩათ ამის შესახებ რაიმე შთაბეჭდილება? (ღმერთი ამბობს იმას, რასაც გულში გრძნობს; მისი სიტყვები შეურყვნელია. ეს სიწმინდის ერთ-ერთი გამოვლინებაა.) (როდესაც ღმერთი ადამიანზე განრისხებულია, მისი რისხვაც წმინდა და უნაკლოა.) (რაც შეეხება ღვთის სიწმინდეს, მე მესმის, რომ ღვთის სამართლიან ხასიათში არის როგორც მისი რისხვა, ისე მისი წყალობა. ამან ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე ითქვა, რომ ღვთის სამართლიანი ხასიათი უნიკალურია — ადრე ეს არ მესმოდა. მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ღმერთის თანაზიარება მოვისმინე, რომ ღვთის რისხვა განსხვავდება ადამიანის წყრომისგან. ღვთის რისხვა დადებითი რამაა და მას პრინციპები უდევს საფუძვლად; ის ღვთის თანდაყოლილი არსიდან გამომდინარეობს. ღმერთი ხედავს რაიმე უარყოფითს და ამიტომ თავის რისხვას ავლენს. ეს არის ის, რაც არცერთ ქმნილებას არ გააჩნია.) ჩვენი დღევანდელი თემაა ღვთის სიწმინდე. ადამიანებს ყველას მოუსმენიათ და რაღაც გაუგიათ ღვთის სამართლიანი ხასიათის შესახებ. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი ხშირად ღვთის სიწმინდესა და ღვთის სამართლიან ხასიათზე ერთ კონტექსტში საუბრობს; ისინი ამბობენ, რომ ღვთის სამართლიანი ხასიათი წმინდაა. სიტყვა „წმინდა“ არავისთვისაა უცხო — ის ხშირად გამოყენებული სიტყვაა. მაგრამ რაც შეეხება ამ სიტყვის მნიშვნელობებს, ღვთის სიწმინდის რა გამოვლინებების დანახვა შეუძლიათ ადამიანებს თავად ღმერთში? რა გამოაშკარავდა ღვთისგან ისეთი, რისი შეცნობაც ადამიანებს შეუძლიათ? ვშიშობ, ეს არის რაღაცა, რაც არავინ იცის. ღვთის ხასიათი სამართლიანია, მაგრამ თუ შენ ღვთის სამართლიან ხასიათს აიღებ და იტყვი, რომ ის წმინდაა, ეს ცოტა ბუნდოვანი, ცოტა არეული ჩანს; რატომ არის ასე? შენ ამბობ, რომ ღვთის ხასიათი სამართლიანია, ან ამბობ, რომ მისი სამართლიანი ხასიათი წმინდაა, მაშ, როგორ ახასიათებთ თქვენს გულებში ღვთის სიწმინდეს, როგორ გესმით ის? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისგან გამჟღავნებულის ან იმის მიხედვით, რაც მას აქვს და რაც იგი არის, რას მიიჩნევდნენ ადამიანები წმინდად? ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ადამიანები ხშირად წარმოთქვამენ ფართოდ გამოყენებულ სიტყვებს ან ხშირად ნათქვამ ფრაზებს და არც კი იციან, რას ამბობენ. უბრალოდ, ყველა ასე ამბობს და ისინიც ჩვეულებისამებრ იმეორებენ, ამიტომ ეს მათთვის დამკვიდრებულ გამოთქმად იქცევა. თუმცა, თუ ადამიანები გულდასმით გამოიკვლევდნენ და შეისწავლიდნენ დეტალებს, არავის ეცოდინებოდა, რა არის ამის ნამდვილი მნიშვნელობა ან რას გულისხმობს ის. ისევე, როგორც სიტყვა „წმინდა“ — არავინ იცის ზუსტად, ღვთის არსის რომელ ასპექტს გულისხმობენ, როდესაც მის სიწმინდეზე საუბრობენ, და არავინ იცის, როგორ ვლინდება სიტყვა „წმინდა“ ღმერთში. ადამიანები გულში დაბნეულები არიან და უბრალოდ ბუნდოვნად სწამთ, რომ ღმერთი წმინდაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ არის ღმერთი წმინდა, ეს არავისთვისაა ბოლომდე ნათელი. დღეს ამ თემაზე გვექნება თანაზიარება, რათა დავინახოთ, როგორ ვლინდება სიტყვა „წმინდა“ ღმერთში, რომ ადამიანებმა შეძლონ ღვთის სიწმინდის არსის რეალური შინაარსის დანახვა. ეს ხელს შეუშლის ზოგიერთს, რომ ხშირად დაუდევრად არ გამოიყენოს ეს სიტყვა და ხშირად რაღაცები განურჩევლად არ ილაპარაკოს ისე, რომ არც კი იცოდეს, რას ნიშნავს ეს ან არის თუ არა სწორი და ზუსტი. ადამიანები ყოველთვის ასე საუბრობდნენ; შენც ასე საუბრობდი, ისიც ასე საუბრობდა და ამგვარად ეს მეტყველების ჩვევად იქცა. ეს უნებლიეთ ბღალავს ამგვარ ტერმინს.

ერთი შეხედვით, სიტყვა „წმინდა“ ძალიან ადვილად გასაგები ჩანს, ასე არ არის? სულ მცირე, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა „წმინდა“ ნიშნავს სუფთას, შეუბილწავს, საკრალურსა და უბიწოს. ან, როგორც საგალობელში, რომელიც ცოტა ხნის წინ იგალობეთ, „უბიწო სიყვარული ნაკლის გარეშე“, არიან ისეთებიც, რომლებიც „სიწმინდეს“ „სიყვარულთან“ აკავშირებენ. ამაში პრობლემა არ არის. ღვთის სიყვარული მისი არსის ნაწილია, მაგრამ ის მისი მთელი არსი არ არის. თუმცა, როდესაც ადამიანები უშუალოდ სიტყვა „წმინდას“ ხედავენ, თავიანთ წარმოდგენებში მას ხშირად უკავშირებენ იმას, რაც თავად მიაჩნიათ უბიწოდ და სუფთად, ან იმას, რასაც პირადად წარმოიდგენენ ეგრეთ წოდებულ „შეურყვნელ რამეებად“ ან „შეუბილწავ რამეებად“. მაგალითად, ზოგი ადამიანი ამბობდა, რომ ლოტოსის ყვავილი სუფთაა და ჭუჭყიანი ტალახიდან უნაკლოდ ყვავილობს. ამიტომ ადამიანებმა სიტყვა „წმინდას“ გამოყენება ლოტოსის ყვავილის მიმართ დაიწყეს. ზოგი ადამიანი გამოგონილ სასიყვარულო ისტორიებს წმინდად მიიჩნევს ან შეიძლება ზოგიერთი გამოგონილი დიდებული პერსონაჟი წმინდად მიაჩნდეს. ზოგი წმინდად მიიჩნევს გარკვეული პირების სულიერ გამოცდილებასაც კი, რომელიც ბიბლიაში ან სასულიერო წიგნებშია აღწერილი — მაგალითად, წმინდანების, მოციქულების ან სხვების გამოცდილებას, რომლებიც ოდესღაც ღმერთს მიჰყვებოდნენ, როდესაც ღმერთი თავის საქმეს ასრულებდა. ეს ყველაფერი ადამიანური წარმოსახვები და წარმოდგენებია. რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი წარმოდგენები? მიზეზი ძალიან მარტივია: ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები გახრწნილი ხასიათით ცხოვრობენ და ბოროტებითა და სიბინძურით სავსე სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ ყველაფერი, რასაც ხედავენ, ყველაფერი, რასაც ეხებიან და ყველაფერი, რასაც განიცდიან, სატანის უკეთურება და გახრწნილებაა, აგრეთვე მზაკვრობა, შიდა დაპირისპირება და ომები, რომლებიც სატანის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს შორის ხდება. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ღმერთი ადამიანებზე თავის საქმეს ასრულებს და მაშინაც კი, როდესაც მათ ესაუბრება და თავის ხასიათსა და არსს ამჟღავნებს, მათ არ შეუძლიათ ღვთის სიწმინდისა და არსის დანახვა თუ შეცნობა. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი წმინდაა, მაგრამ ამის ჭეშმარიტი გაგება არ აქვთ; ისინი უბრალოდ ცარიელ სიტყვებს ამბობენ. ადამიანები სიბინძურესა და გახრწნილებაში, სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ, ვერ ხედავენ სინათლეს და არ იციან, რა არის დადებითი რამეები და დადებითი საკითხები, მით უმეტეს, რა არის ჭეშმარიტება, ამიტომ არავინ იცის სინამდვილეში, რას ნიშნავს „წმინდა“. მაშ, არსებობს ამ გახრწნილ კაცობრიობაში რაიმე წმინდა საგნები ან წმინდა ადამიანები? შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: არა, არ არსებობს, რადგან მხოლოდ ღვთის არსია წმინდა.

ბოლოს ჩვენ თანაზიარება გვქონდა იმ შინაარსის ნაწილზე, რომელიც ღვთის არსის სიწმინდეს ეხება. ამან ადამიანებს გარკვეული შთაგონება მისცა ღვთის სიწმინდის შესაცნობად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს ვერ მისცემს ადამიანებს საკმარის შესაძლებლობას, სრულად შეიცნონ ღვთის სიწმინდე ან გაიგონ, რომ ღვთის სიწმინდე ერთადერთია, მით უმეტეს, გაიგონ სიწმინდის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ის ასპექტი, რომელიც სრულად არის განსახიერებული ღმერთში. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ თემაზე თანაზიარება გავაგრძელოთ. ბოლოს ჩვენი თანაზიარება სამ თემას შეეხო, ამიტომ ახლა მეოთხე თემაზე უნდა გვქონდეს თანაზიარება. ჩვენ დავიწყებთ წმინდა წერილიდან კითხვით.

სატანის ცდუნება

მათ. 4:1–4 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, რომ «არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით»“.

ეს ის სიტყვებია, რომლებითაც ეშმაკმა პირველად სცადა უფალი იესოს ცდუნება. რა შინაარსის იყო ის, რაც ეშმაკმა თქვა? („თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“) ეს სიტყვები, რომლებიც ეშმაკმა წარმოთქვა, საკმაოდ მარტივია, მაგრამ არის თუ არა პრობლემა მათ არსში? ეშმაკმა თქვა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ“, მაგრამ გულში იცოდა თუ არა მან, რომ იესო ღვთის ძე იყო? იცოდა თუ არა მან, რომ იგი ქრისტე იყო? (იცოდა). მაშინ რატომ თქვა მან „თუ შენ ხარ“? (ის ღვთის ცდუნებას ცდილობდა). რა მიზანს ემსახურებოდა, ამას რომ აკეთებდა? მან თქვა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ“ გულში მან იცოდა, რომ იესო ქრისტე ღვთის ძე იყო; ეს მისთვის გულში სრულიად ნათელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ნათლად იცოდა ეს, ემორჩილებოდა მას და თაყვანს სცემდა მას? (არა). რისი გაკეთება სურდა მას? მას სურდა, ამ მეთოდისა და ამ სიტყვების გამოყენებით უფალი იესო გაებრაზებინა, შემდეგ კი თავის მახეში გაება და უფალი იესო იძულებული გაეხადა, ემოქმედა ისე, როგორც ეშმაკს ჰქონდა განზრახული. განა ეს არ იყო ეშმაკის სიტყვების მიღმა არსებული აზრი? სატანამ გულში კარგად იცოდა, რომ ეს უფალი იესო ქრისტე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც წარმოთქვა ეს სიტყვები. განა ეს სატანის ბუნება არ არის? რა არის სატანის ბუნება? (ცბიერება, უკეთურება და ღვთისმოშიშების უქონლობა). რა შედეგები მოჰყვებოდა ღვთისმოშიშების უქონლობას? განა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას ღმერთზე თავდასხმა სურდა? მას სურდა, ამ მეთოდით ღმერთს დასხმოდა თავს და შემდეგ თქვა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“; განა ეს სატანის ბოროტი განზრახვა არ არის? სინამდვილეში რის გაკეთებას ცდილობდა იგი? მისი მიზანი სრულიად აშკარაა: ის ცდილობდა, ამ მეთოდით უარეყო უფალი იესო ქრისტეს სტატუსი და ვინაობა. ის, რასაც სატანა ამ სიტყვებით გულისხმობდა, იყო შემდეგი: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, ეს ქვები პურად აქციე. თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შენ ღვთის ძე არ ხარ, ამიტომ აღარ უნდა გააგრძელო შენი საქმე“. განა ასე არ არის? მას სურდა, ამ მეთოდით ღმერთს დასხმოდა თავს, მას სურდა, დაეშალა და გაენადგურებინა ღვთის საქმე; სწორედ ეს არის სატანის ბოროტგანზრახულობა. მისი ბოროტგანზრახულობა მისი ბუნების ბუნებრივი გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, უფალი იესო ქრისტე ღვთის ძე, თავად ხორცშესხმული ღმერთი იყო, თავს ვერ იკავებდა ამგვარი საქციელისგან, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ღმერთს, განუწყვეტლივ ესხმოდა თავს მას და დაუღალავად უქმნიდა დაბრკოლებებს და საბოტაჟს უწევდა ღვთის საქმეს.

ახლა, მოდით, განვიხილოთ სატანის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა: „თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ქვების პურად ქცევა — აქვს ამას რაიმე აზრი? თუ საჭმელი არის, რატომ არ უნდა შეჭამო? რა აუცილებლობაა იმაში, რომ ქვები საჭმელად იქცეს? განა ეს უაზრობა არ არის? მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესო იმ დროს მარხულობდა, მას ხომ აუცილებლად ექნებოდა საჭმელი? (ჰქონდა). ამრიგად, აქ შეგვიძლია დავინახოთ სატანის სიტყვების აბსურდულობა. მიუხედავად სატანის მთელი ცბიერებისა და ზიანის მიყენების წადილისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია დავინახოთ მისი უაზრობა და აბსურდულობა. როდესაც სატანა გარკვეულ რამეებს აკეთებს, შენ შეგიძლია დაინახო მისი ბოროტგანზრახული ბუნება, ხედავ, როგორ აკეთებს ისეთ რამეებს, რომლებიც ღვთის საქმეს საბოტაჟს უწევს, და გრძნობ, რომ ის საძულველი და აღმაშფოთებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, განა მის სიტყვებსა და ქმედებებს მიღმა ბავშვურ, სასაცილო ბუნებას ვერ ხედავ? ეს სატანის ბუნების გამოვლინებაა; ვინაიდან მას ამგვარი ბუნება აქვს, ის ასეთ რამეებს გააკეთებს. დღევანდელი ადამიანებისთვის სატანის ეს სიტყვები აბსურდული და სასაცილოა. მაგრამ სატანას ნამდვილად შეუძლია ასეთი სიტყვების წარმოთქმა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უმეცარი და აბსურდულია? სატანის უკეთურება ყველგან არის და მუდმივად მჟღავნდება. და როგორ უპასუხა მას უფალმა იესომ? („არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“) აქვს ამ სიტყვებს რაიმე ძალა? (აქვს). რატომ ვამბობთ, რომ მათ ძალა აქვთ? იმიტომ, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტებაა. მაშ, მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი? უფალი იესო ორმოცი დღე და ღამე მარხულობდა. მოკვდა იგი შიმშილით? ის შიმშილით არ მომკვდარა, ამიტომ სატანა მიუახლოვდა მას და უბიძგა, ქვები საჭმელად ექცია ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „თუ ქვებს საჭმელად აქცევ, განა მაშინ საჭმელი არ გექნება? განა მაშინ აღარ მოგიწევს მარხვის დაცვა და შიმშილი?“ მაგრამ უფალმა იესომ თქვა: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი,“ რაც იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ფიზიკურ სხეულში ცხოვრობს, მის ფიზიკურ სხეულს სიცოცხლისა და სუნთქვის საშუალებას საჭმელი კი არ აძლევს, არამედ ღვთის პირიდან წარმოთქმული თითოეული სიტყვა. თუ საკითხს ერთი კუთხით შევხედავთ, ეს სიტყვები ჭეშმარიტებაა; ისინი ადამიანებს რწმენას აძლევს და აგრძნობინებს, რომ შეუძლიათ ღმერთს დაეყრდნონ და რომ ის ჭეშმარიტებაა. თუ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, აქვს ამ სიტყვებს პრაქტიკული ასპექტი? განა უფალი იესო ორმოცდღიანი და ორმოცღამიანი მარხვის შემდეგ კვლავ ფეხზე არ იდგა და ცოცხალი არ იყო? განა ეს რეალური მაგალითი არ არის? მას ორმოცი დღე და ღამე არაფერი უჭამია, მაგრამ მაინც ცოცხალი იყო. ეს ძლიერი მტკიცებულებაა, რომელიც მისი სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. ეს სიტყვები მარტივია, მაგრამ რაც შეეხება უფალ იესოს, მან ისინი მხოლოდ მაშინ წარმოთქვა, როდესაც სატანამ მისი ცდუნება სცადა, თუ ისინი მანამდეც ბუნებრივად იყვნენ მისი ნაწილი? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი ჭეშმარიტებაა და ღმერთი სიცოცხლეა. ღვთის ჭეშმარიტება და სიცოცხლე შემდგომი დამატება იყო? ისინი შემდგომი გამოცდილების შედეგად იშვნენ? არა — ისინი ღმერთისთვის თანდაყოლილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის არსი ჭეშმარიტება და სიცოცხლეა. რაც არ უნდა შეემთხვეს მას, ყველაფერი, რასაც იგი ამჟღავნებს, ჭეშმარიტებაა. ამ ჭეშმარიტებას, ამ სიტყვებს — იმის მიუხედავად, მისი ნათქვამის შინაარსი გრძელია თუ მოკლე — შეუძლია ადამიანს სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მისცეს და სიცოცხლე მიანიჭოს; მათ შეუძლია ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვებისა და ადამიანური ცხოვრების გზის ნათლად გაგების საშუალება მისცეს და ღმერთის რწმენა შესძინოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყარო, საიდანაც ღმერთი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, დადებითია. მაშ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დადებითი რამ წმინდაა? (დიახ). სატანის ეს სიტყვები სატანის ბუნებიდან მომდინარეობს. სატანა ყველგან და მუდმივად ამჟღავნებს თავის უკეთურ და ბოროტგანზრახულ ბუნებას. ბუნებრივად ამჟღავნებს სატანა ყოველივე ამას? ვინმეს მითითებით იქცევა ის ასე? ვინმე ეხმარება მას? ვინმე აიძულებს მას? არა. ყოველივე ამას ის საკუთარი ნებით ამჟღავნებს. ეს სატანის უკეთური ბუნებაა. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი და როგორც არ უნდა აკეთებდეს ამას, სატანა ფეხდაფეხ მიჰყვება მას. იმის არსი და ჭეშმარიტი ბუნება, რასაც სატანა ამბობს და აკეთებს, სატანის არსია — არსი, რომელიც უკეთური და ბოროტგანზრახულია. ახლა, როდესაც კითხვას გავაგრძელებთ, კიდევ რა თქვა სატანამ? მოდით, წავიკითხოთ.

მათ. 4:5–7 „მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა მას: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: «თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.»“ უთხრა მას: „ასევე დაწერილია: «არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი»“.

ჯერ ვნახოთ, რა სიტყვები წარმოთქვა აქ სატანამ. სატანამ თქვა: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს,“ შემდეგ კი წმინდა წერილიდან მოიყვანა ციტატა: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.“ რას გრძნობ, როდესაც სატანის სიტყვებს ისმენ? განა ისინი ძალიან ბავშვური არ არის? ისინი ბავშვური, აბსურდული და ამაზრზენია. რატომ ვამბობ ამას? სატანა ხშირად აკეთებს სისულელეებს და თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონია. ის ხშირად ციტირებს წმინდა წერილს — თვით ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებსაც კი — და ცდილობს, ეს სიტყვები ღვთის წინააღმდეგ გამოიყენოს, რათა თავს დაესხას მას და მის ცდუნებას შეეცადოს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს — საბოტაჟი მოუწყოს ღვთის სამოქმედო გეგმას. შეგიძლია რაიმე დაინახო სატანის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებში? (სატანას გულში უკეთური განზრახვები აქვს). ყველაფერში, რასაც სატანა აკეთებს ყოველთვის ადამიანის ცდუნებას ცდილობს. სატანა პირდაპირ არ ლაპარაკობს, არამედ იყენებს შემოვლით გზას, ცდუნებას, შეცდენასა და შეტყუებას. სატანა ღმერთის ცდუნებას ისე ცდილობს, თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს. მას სჯერა, რომ ღმერთიც, ადამიანის მსგავსად, უმეცარი და სულელია, არ შეუძლია საგნების ნამდვილი სახის მკაფიოდ გარჩევა, მათი არსის დანახვა და სატანის მზაკვრობისა და ბოროტი განზრახვის ამოცნობა. განა სწორედ ეს არ არის სატანის სიბრიყვე? გარდა ამისა, სატანა ღიად ციტირებს წმინდა წერილს, რადგან მიაჩნია, რომ მისი განცხადებები კარგად დასაბუთებულია და რომ შენ ვერ შეძლებ მის სიტყვებში რაიმე ნაკლის აღმოჩენას ან ვერ აიცილებ მისგან მოტყუებას. განა ეს სატანის აბსურდულობა და ბავშვურობა არ არის? ეს ჰგავს იმას, როდესაც ადამიანები სახარებას ქადაგებენ და ღმერთის შესახებ მოწმობას გასცემენ: განა არამორწმუნეებიც არ ამბობენ იმის მსგავს რამეებს, რაც სატანამ თქვა? მოგისმენიათ, როგორ ამბობენ ადამიანები მსგავს რამეებს? რას გრძნობ, როდესაც ასეთ რამეებს ისმენ? გეუფლება ზიზღის გრძნობა? (დიახ). როდესაც რაღაც გეზიზღება, ასევე გიჩნდება თუ არა ძლიერი ზიზღისა და სიძულვილის გრძნობა? როდესაც ასეთი გრძნობები გიჩნდება, შეგიძლია გააცნობიერო, რომ სატანა და გახრწნილი ხასიათები, რომლებსაც სატანა ადამიანში ნერგავს, უკეთურია? როდესაც ასეთი გრძნობები გიჩნდება, ოდესმე გულში გაგიცნობიერებია შემდეგი რამ: „როდესაც სატანა ლაპარაკობს, მის სიტყვებში თავდასხმა და შეცდენის მცდელობაა; სატანის სიტყვები აბსურდული, სასაცილო, ბავშვური და ამაზრზენია. მაგრამ იმაში, რაც ღმერთმა თქვა და რაც ღმერთმა გააკეთა, მას არასოდეს გამოუყენებია ამგვარი მეთოდი საუბრისა თუ მოქმედებისთვის და მის სიტყვებსა და ქმედებებში ამგვარი მეთოდი არასოდეს ყოფილა“? რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ადამიანებს ამის მხოლოდ სუსტად შეგრძნება შეუძლიათ და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ღვთის სიწმინდეს. თქვენი ამჟამინდელი სიმწიფიდან გამომდინარე, თქვენ მხოლოდ იმას გრძნობთ, რომ „ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს, ჭეშმარიტებაა, ჩვენთვის სასიკეთოა და უნდა მივიღოთ იგი“. იმის მიუხედავად, შეგიძლიათ თუ არა იმის მიღება, რაც ღმერთმა თქვა, გამონაკლისის გარეშე ამბობთ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და ღმერთი ჭეშმარიტებაა, მაგრამ არ იცით, რომ თავად ჭეშმარიტება წმინდაა და რომ ღმერთი წმინდაა.

მაშ, როგორ უპასუხა იესომ სატანის ამ სიტყვებს? იესომ მას უთხრა: „ასევე დაწერილია: «არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი»“. არის ჭეშმარიტება იესოს მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებში? რა თქმა უნდა, არის. ერთი შეხედვით, ეს სიტყვები ადამიანებისთვის შესასრულებელი მითითებაა, მარტივი ფრაზაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანებიც და სატანაც ხშირად არღვევდნენ ამ სიტყვებს. ამიტომ უფალმა იესომ სატანას უთხრა: „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“, რადგან ეს არის ის, რასაც სატანა ხშირად აკეთებდა, დაუღალავად ცდილობდა ღვთის გამოცდას და შეიძლება ითქვას, რომ სატანა ამას თავხედურად და უსირცხვილოდ აკეთებდა. სატანის ბუნება-არსება ისაა, რომ მას ღმერთის არ ეშინია და ღვთისმოშიში გული არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც სატანა ღმერთის გვერდით იდგა და მისი დანახვა შეეძლო, თავს ვერ იკავებდა ღვთის გამოცდისგან. ამიტომ უფალმა იესომ სატანას უთხრა: „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“. ეს ის სიტყვებია, რომლებიც ღმერთს სატანისთვის ხშირად უთქვამს. მაშ, მიზანშეწონილია თუ არა ამ ფრაზის გამოყენება დღევანდელ დღეს? (დიახ, რადგან ჩვენც ხშირად ვცდით ღმერთს). რატომ ცდიან ადამიანები ღმერთს ხშირად? განა იმიტომ არ ხდება ეს, რომ ადამიანები სატანის გახრწნილი ხასიათებით არიან სავსენი? (დიახ). მაშ, განა სატანის ზემოთ მოყვანილი სიტყვები არ არის ის, რასაც ადამიანებიც ხშირად ამბობენ? და რა ვითარებაში ამბობენ ადამიანები ამ სიტყვებს? შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები მსგავს რამეებს ამბობდნენ დროისა და ადგილის მიუხედავად. ეს ადასტურებს, რომ ადამიანების ხასიათი არაფრით განსხვავდება სატანის გახრწნილი ხასიათისგან. უფალმა იესომ რამდენიმე მარტივი სიტყვა წარმოთქვა — სიტყვები, რომლებიც ჭეშმარიტებას წარმოადგენს და სიტყვები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ. თუმცა, საერთოდ ეკამათებოდა კი უფალი იესო სატანას? იყო რაიმე დაპირისპირების გამომხატველი იმაში, რაც მან სატანას უთხრა? (არა). რას გრძნობდა უფალი იესო გულში სატანის ცდუნების მიმართ? გრძნობდა ზიზღსა და სიძულვილს? უფალი იესო ზიზღსა და სიძულვილს გრძნობდა, მაგრამ სატანას არ ეკამათებოდა და მით უმეტეს, არ საუბრობდა რაიმე დიდ პრინციპებზე. რატომ? (იმიტომ, რომ სატანა ყოველთვის ასეთია; ის ვერასოდეს შეიცვლება). შეიძლება ითქვას, რომ სატანაზე გონივრული მსჯელობა არ მოქმედებს? (დიახ). შეუძლია სატანას აღიაროს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა? სატანა ვერასოდეს შეიცნობს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ვერასოდეს აღიარებს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა; ასეთია მისი ბუნება. სატანის ბუნებას აქვს კიდევ ერთი მხარე, რომელიც ამაზრზენია. რა არის ეს? უფალი იესოს ცდუნების მცდელობისას სატანა ფიქრობდა, რომ მაშინაც კი, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაინც შეეცდებოდა მის ცდუნებას. მაშინაც კი, თუ ამისთვის დაისჯებოდა, მაინც შეეცდებოდა. მაშინაც კი, თუ ამით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა, მაინც შეეცდებოდა, დაჟინებით გააგრძელებდა თავის მცდელობებს და ღმერთს ბოლომდე დაუპირისპირდებოდა. როგორია ასეთი ბუნება? განა ეს უკეთურება არ არის? დავუშვათ, ვინმე ღმერთის ხსენებაზე რისხვისგან ფეთქდება ან ბრაზდება: უნახავს მას ღმერთი? იცის მან, ვინ არის ღმერთი? მან არ იცის, ვინ არის ღმერთი, არ სწამს მისი, ღმერთი მას არ დალაპარაკებია და არასოდეს გაუღიზიანებია იგი — მაშ, რატომ უნდა ბრაზდებოდეს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი უკეთურია? ამქვეყნიური ტენდენციები, ჭამა-სმა და სიამოვნების ძიება, ცნობილი ადამიანების თაყვანისცემა — არცერთი ეს რაღაცა არ გააბრაზებდა ასეთ ადამიანს. თუმცა, როგორც კი სიტყვა „ღმერთს“ ან ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებას ახსენებენ, ის ბრაზდება. განა ეს უკეთური ბუნების ქონას არ ნიშნავს? ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მისი უკეთური ბუნებაა. დაფიქრდით, ოდესმე თუ ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში: როდესაც ჭეშმარიტებას ახსენებენ, ან როდესაც საუბარია ღვთის მიერ ადამიანების გამოცდაზე ან ღვთის სიტყვებზე, რომლებითაც ის ადამიანებს განიკითხავს, თქვენ ზიზღს ან ერთგვარ სიძულვილს გრძნობთ, არ გსურთ ასეთი რამეების მოსმენა და ფიქრობთ: „განა ყველა არ ამბობს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა? მისი ზოგიერთი სიტყვა ჭეშმარიტება არ არის! ისინი აშკარად ღვთის სიტყვებია, რომლებიც ადამიანს საყვედურობს!“ ზოგიერთ თქვენგანს გულშიც კი უჩნდება ზიზღი და ფიქრობს: „ამაზე ყოველდღე ლაპარაკობენ — მისი განსაცდელები, მისი განკითხვა, როდის დასრულდება ეს? როდის მივიღებთ კარგ საბოლოო სამყოფელს?“ ეს აუხსნელი ბრაზი არსაიდან ჩნდება. როგორი ტიპის ბუნებაა ეს? (უკეთური ბუნება). მას სატანის უკეთური ბუნება განაპირობებს. ღვთის თვალთახედვით, როდესაც საქმე ეხება სატანის უკეთურ ბუნებასა და ადამიანის გახრწნილ ხასიათებს, ღმერთი არასოდეს კამათობს და არასოდეს ითვლის, ვინ რა ჩაიდინა, და არასოდეს ტეხს აყალმაყალს, როდესაც ადამიანები სისულელეებს აკეთებენ. ვერასოდეს ნახავთ, რომ ღმერთს რაღაცებზე ადამიანების მსგავსი შეხედულებები ჰქონდეს და მით უმეტეს, ვერ ნახავთ, რომ ის საკითხების მოსაგვარებლად კაცობრიობის შეხედულებებს, ცოდნას, მეცნიერებას, ფილოსოფიას ან წარმოსახვას იყენებდეს. პირიქით, ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს და ყველაფერი, რასაც ის ამჟღავნებს, ჭეშმარიტებას უკავშირდება. ანუ მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა და მის მიერ შესრულებული ყოველი ქმედება ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული. ეს ჭეშმარიტება რაღაც უსაფუძვლო ფანტაზიის ნაყოფი არ არის; ეს ჭეშმარიტება და ეს სიტყვები ღვთის არსისა და ღვთის სიცოცხლის გამოვლინებაა. რადგან ეს სიტყვები და ყველაფრის არსი, რაც ღმერთმა გააკეთა, ჭეშმარიტებაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის არსი წმინდაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს და აკეთებს, ადამიანებს სასიცოცხლო ენერგიასა და სინათლეს ანიჭებს, საშუალებას აძლევს, დაინახონ დადებითი რამეები და ამ დადებითი რამეების რეალობა, და კაცობრიობას გზას უჩვენებს, რათა ადამიანებმა სწორ გზაზე იარონ. ყოველივე ამას ღვთის არსი და მისი სიწმინდის არსი განსაზღვრავს. ახლა ამას ხედავთ, ხომ ასეა? ახლა წმინდა წერილიდან კიდევ ერთ მონაკვეთს წავიკითხავთ.

მათ. 4:8–11 ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“ მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: «უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.»“ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.

ეშმაკმა სატანამ, რომელსაც წინა ორი ხრიკი არ გაუვიდა, კიდევ ერთი ხრიკი სცადა: მან უფალ იესოს აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება და სთხოვა, რომ მისთვის თაყვანი ეცა. რის დანახვა შეგიძლიათ ამ ვითარებიდან ეშმაკის ნამდვილი სახის შესახებ? განა ეშმაკი სატანა სრულიად უსირცხვილო არ არის? (დიახ). რაში ვლინდება მისი უსირცხვილობა? ყველაფერი ღმერთმა შექმნა, სატანა კი შემობრუნდა, ღმერთს ყველაფერი აჩვენა და უთხრა: „შეხედე ყველა ამ სამეფოს სიმდიდრესა და დიდებას. თუ თაყვანს მცემ, ამ ყველაფერს შენ მოგცემ“. განა ეს როლების სრული გაცვლა არ არის? განა სატანა უსირცხვილო არ არის? ღმერთმა ყველაფერი შექმნა, მაგრამ სარგებლობს კი ის ამ ყველაფრით? ღმერთმა ყველაფერი კაცობრიობას უბოძა, მაგრამ სატანას სურდა, ეს ყველაფერი მიეთვისებინა და, როცა მიითვისა, ღმერთს უთხრა: „თაყვანი მეცი! თაყვანი მეცი და ამ ყველაფერს შენ მოგცემ“. ეს არის სატანის მახინჯი სახე; ის სრულიად უსირცხვილოა! სატანამ სიტყვა „სირცხვილის“ მნიშვნელობაც კი არ იცის. ეს მისი უკეთურების კიდევ ერთი მაგალითია. მან ისიც კი არ იცის, რა არის სირცხვილი. სატანამ კარგად იცის, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი და რომ ის ყველაფერს მართავს და ყველაფერზე ხელმწიფებს. მან იცის, რომ ყველაფერი ადამიანს არ ეკუთვნის და მით უმეტეს, სატანას, არამედ ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ეშმაკმა სატანამ თავხედურად განაცხადა, რომ ღმერთს ყველაფერს მისცემდა. განა ეს სატანის აბსურდული და უსირცხვილო ქცევის კიდევ ერთი მაგალითი არ არის? ამის გამო ღმერთს სატანა კიდევ უფრო მეტად შესძულდა, ხომ ასეა? თუმცა, რაც არ უნდა ეცადა სატანას, მოახერხა მან უფალი იესოს მოტყუება? რა თქვა უფალმა იესომ? „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.“ აქვს ამ სიტყვებს პრაქტიკული მნიშვნელობა? (დიახ). რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მათ? სატანის უკეთურებასა და უსირცხვილობას მის სიტყვებში ვხედავთ. მაშ, კაცობრიობას სატანისთვის რომ ეცა თაყვანი, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას? მოიპოვებდა ადამიანი ყველა სამეფოს სიმდიდრესა და დიდებას? (არა). რას მოიპოვებდა ის? გახდებოდა ის სატანასავით უსირცხვილო და სასაცილო? (დიახ). მაშინ ის არაფრით იქნებოდა განსხვავებული სატანისგან. ამიტომ უფალი იესოს ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.“ ეს ნიშნავს, რომ თუ უფლის, თავად ღმერთის გარდა, სხვას ემსახურები, თუ ეშმაკ სატანას სცემ თაყვანს, მაშინ სატანასთან ერთად იმავე სიბინძურეში ჩაიძირები. მაშინ სატანის უსირცხვილობასა და უკეთურებას გაიზიარებ და სატანის მსგავსად ღმერთს გამოსცდი და თავს დაესხმები. მაშინ რა შედეგი გეწევა? ღვთის მიერ შეძულებული იქნები, ღვთის მიერ განგმირული იქნები და ღვთის მიერ განადგურებული იქნები. მას შემდეგ, რაც სატანამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა უფალი იესოს ცდუნება, კიდევ სცადა? სატანას მეტი აღარ უცდია და წავიდა. რას ამტკიცებს ეს? ეს ამტკიცებს, რომ სატანის უკეთური ბუნება, მისი ბოროტგანზრახულობა, მისი აბსურდულობა და უაზრობა ღვთის წინაშე ხსენებადაც კი არ ღირს. უფალმა იესომ სატანა მხოლოდ სამი წინადადებით დაამარცხა, რის შემდეგაც ის კუდამოძუებული გაიქცა, იმდენად შერცხვენილი, რომ სახის გამოჩენისაც კი რცხვენოდა, და უფალი იესოს ცდუნება აღარ უცდია. რადგან უფალმა იესომ სატანის ეს ცდუნება დაამარცხა, მას უკვე შეეძლო დაუბრკოლებლად გაეგრძელებინა საქმე, რომელიც უნდა შეესრულებინა, საქმე, რომელიც უნდა ეტვირთა. აქვს თუ არა ყველაფერს, რაც უფალმა იესომ ამ ვითარებაში გააკეთა და თქვა, პრაქტიკული მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის დღევანდელ დღეს? (დიახ). რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამას? სატანის დამარცხება ადვილი საქმეა? აუცილებელია, რომ ადამიანებს სატანის უკეთური ბუნება ნათლად ესმოდეთ? აუცილებელია, რომ ადამიანებს სატანის ცდუნებების ზუსტი გაგება ჰქონდეთ? (დიახ). როდესაც სატანის ცდუნებებს განიცდი, თუ შეძლებ მისი უკეთური ბუნების განჭვრეტას, განა ვერ შეძლებ მის დამარცხებას? თუ იცი სატანის აბსურდულობისა და უაზრობის შესახებ, კვლავ მის გვერდით დადგები და სატანასთან ერთად ღმერთს თავს დაესხმები? თუ გესმის, რომ სატანის ბოროტგანზრახულობა და უსირცხვილობა შენში ვლინდება — თუ ნათლად აღიარებ და გაიგებ ამ ფაქტს — კვლავ ამგვარად დაესხმები თავს ღმერთს და გამოსცდი მას? (არა, ასე არ მოვიქცევით). რას გააკეთებთ? (სატანას ავუჯანყდებით და მოვიშორებთ მას). ადვილია ამის გაკეთება? ეს ადვილი არ არის. ამისათვის ადამიანები ხშირად უნდა ლოცულობდნენ; ხშირად უნდა წარდგნენ ღვთის წინაშე და საკუთარი თავი გამოიკვლიონ. და მათ უნდა დაუშვან, რომ ღვთის წვრთნა, მისი განკითხვა და გაკიცხვა მათზე მოვიდეს. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ადამიანები თანდათან თავი დააღწიონ სატანის მიერ შეცდომაში შეყვანასა და კონტროლს.

ახლა, სატანის მიერ ნათქვამი ყველა ამ სიტყვის განხილვის საფუძველზე, შევაჯამებთ იმას, რაც სატანის არსს შეადგენს. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას, რომ სატანის არსი, ზოგადად, უკეთურია, ღვთის სიწმინდის საპირისპიროდ. რატომ ვამბობ, რომ სატანის არსი უკეთურია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმის შედეგების გამოკვლევა, რასაც სატანა ადამიანებს უკეთებს. სატანა ხრწნის და აკონტროლებს ადამიანს, ადამიანი კი სატანური გახრწნილი ხასიათების გავლენით მოქმედებს და სატანის მიერ გახრწნილი ადამიანების სამყაროში ცხოვრობს. კაცობრიობა გაუცნობიერებლად ექცევა სატანის გავლენის ქვეშ და ემსგავსება მას; ამიტომ ადამიანს აქვს სატანის გახრწნილი ხასიათები, რომლებიც თავად სატანის ბუნებას წარმოადგენს. ყველაფრიდან, რაც სატანამ თქვა და გააკეთა, დაინახეთ მისი ამპარტავნება? დაინახეთ მისი მზაკვრობა და ბოროტგანზრახულობა? ძირითადად რაში ვლინდება სატანის ამპარტავნება? განა სატანას ყოველთვის ღვთის სტატუსის დაუფლება არ სურს? სატანას ყოველთვის სურს ღვთის საქმისა და ღვთის სტატუსის აღმოფხვრა და მისი სტატუსის მითვისება, რათა ადამიანები მას გაჰყვნენ, მხარი დაუჭირონ და ეთაყვანონ; ასეთია სატანის ამპარტავნული ბუნება. როდესაც სატანა ადამიანებს ხრწნის, პირდაპირ ეუბნება მათ, რა უნდა გააკეთონ? როდესაც სატანა ღმერთს გამოცდის, გამოდის და ამბობს: „შენს გამოცდას ვაპირებ, შენზე თავდასხმას ვაპირებ“? სრულებითაც არა. მაშ, რა მეთოდს იყენებს სატანა? ის აცდუნებს, ცდის, თავს ესხმის, მახეებს აგებს და წმინდა წერილიდანაც კი ციტირებს. სატანა სხვადასხვაგვარად ლაპარაკობს და მოქმედებს თავისი ბოროტი განზრახვებისა და მიზნების მისაღწევად. მას შემდეგ, რაც სატანა ამას გააკეთებს, რისი დანახვა შეიძლება ადამიანში გამოვლენილი თვისებებიდან? განა ადამიანებიც ამპარტავნები არ არიან? ადამიანი ათასობით წლის განმავლობაში განიცდიდა სატანის გამხრწნელ ზემოქმედებას და ამიტომ გახდა ამპარტავანი, მზაკვარი, ბოროტგანზრახული და უგუნურების ზღვარს გადასული. ყოველივე ეს სატანის ბუნებით არის გამოწვეული. რადგან სატანის ბუნება უკეთურია, მან ადამიანს ეს უკეთური ბუნება გადასცა და მასში ეს უკეთური, გახრწნილი ხასიათები წარმოშვა. ამიტომ, ადამიანი სატანური გახრწნილი ხასიათების გავლენით ცხოვრობს და სატანის მსგავსად ეწინააღმდეგება ღმერთს, თავს ესხმის მას და ცდის მას, ისე, რომ ადამიანს არ შეუძლია ღვთისთვის თაყვანისცემა და არ აქვს ღვთისმოშიში გული.

ხუთი საშუალება, რომლითაც სატანა ადამიანს ხრწნის

რაც შეეხება ღვთის სიწმინდეს, თუმცა ეს შესაძლოა ნაცნობი თემა იყოს, მასზე საუბრისას იგი ზოგისთვის გარკვეულწილად აბსტრაქტული ხდება, მეტისმეტად ღრმა და მიუწვდომელი. მაგრამ შეშფოთება საჭირო არ არის. მე დაგეხმარებით იმის გაგებაში, თუ რა არის ღვთის სიწმინდე. იმის გასაგებად, თუ როგორი ადამიანია ვიღაც, შეხედეთ, რას აკეთებს ის და რა შედეგები მოაქვს მის ქმედებებს, და მაშინ შეძლებთ ამ ადამიანის არსის დანახვას. შეიძლება ამის ასე ფორმულირება? (დიახ). მაშინ, მოდით, თავდაპირველად ამ თვალთახედვით გვქონდეს თანაზიარება ღვთის სიწმინდის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ სატანის არსი უკეთურია და ამიტომ მისი ქმედებები კაცობრიობის მიმართ მის განუწყვეტელ გახრწნას ემსახურებოდა. სატანა უკეთურია, ამიტომ მის მიერ გახრწნილი ადამიანებიც, რა თქმა უნდა, უკეთურები არიან. განა ვინმე იტყოდა: „სატანა უკეთურია, მაგრამ შესაძლოა, მის მიერ გახრწნილი რომელიმე ადამიანი წმინდა იყოს“? ეს ხუმრობა იქნებოდა, ასე არ არის? შესაძლებელია ასეთი რამ? (არა). სატანა უკეთურია და მისი უკეთურება მოიცავს როგორც არსობრივ, ისე პრაქტიკულ მხარეს. ეს ფუჭი საუბარი არ არის. ჩვენ არ ვცდილობთ სატანის სახელის შელახვას; ჩვენ მხოლოდ ფაქტებისა და რეალობის შესახებ გვაქვს თანაზიარება. რეალობის ამ ასპექტზე თანაზიარებამ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ან ადამიანთა გარკვეულ წრეს ტკივილი მიაყენოს, მაგრამ ამაში ბოროტი განზრახვა არ არის; შესაძლოა, დღეს ეს მოისმინოთ და ცოტა უხერხულად იგრძნოთ თავი, მაგრამ ერთ დღეს, ახლო მომავალში, როდესაც ამის აღიარებას შეძლებთ, საკუთარი თავი შეგძულდებათ და იგრძნობთ, რომ ის, რაზეც დღეს ვსაუბრობ, თქვენთვის ძალიან სასარგებლო და მეტად ღირებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან სატანის არსი უკეთურია, მისი ქმედებების შედეგებიც გარდაუვლად უკეთურია ან, სულ მცირე, მის უკეთურებასთან არის დაკავშირებული? (დიახ). მაშ, როგორ ხრწნის სატანა ადამიანს? სატანის უკეთურების რომელი კონკრეტული ასპექტების დანახვა და აღქმა შეუძლიათ ადამიანებს ამ სამყაროში და ადამიანთა შორის? ოდესმე გიფიქრიათ ამაზე? შესაძლოა, ამაზე ბევრი არ გიფიქრიათ, ამიტომ ნება მომეცით, რამდენიმე ძირითადი საკითხი წამოვჭრა. ყველამ იცის ევოლუციის თეორიის შესახებ, რომელსაც სატანა გვთავაზობს, ხომ ასეა? ეს არის ცოდნის სფერო, რომელსაც ადამიანი სწავლობს, ასე არ არის? (დიახ). ამრიგად, სატანა თავდაპირველად ცოდნას იყენებს ადამიანის გასახრწნელად და თავისი სატანური მეთოდებით გადასცემს მას ცოდნას. შემდეგ ის მეცნიერებას იყენებს ადამიანის გასახრწნელად და აღვიძებს მის ინტერესს ცოდნის, მეცნიერების, შეუცნობელის ან იმ საკითხების მიმართ, რომელთა გამოკვლევაც ადამიანებს სურთ. შემდეგი რაღაცები, რომლებსაც სატანა ადამიანის გასახრწნელად იყენებს, ტრადიციული კულტურა და ცრურწმენებია, მათ შემდეგ კი — საზოგადოებრივი ტენდენციები. ეს ყველაფერი ისაა, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, და ეს ყველაფერი მათ უშუალო სიახლოვეს არსებობს; ყოველივე ეს დაკავშირებულია იმასთან, რასაც ისინი ხედავენ, რასაც ისინი ისმენენ, რასაც ისინი ეხებიან და რასაც ისინი განიცდიან. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ადამიანი ამ ყველაფრით გარშემორტყმული ცხოვრობს და, სურვილის შემთხვევაშიც კი, არ შეუძლია მათგან თავის დაღწევა ან გათავისუფლება. კაცობრიობას სხვა არჩევანი არ რჩება, გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ მოექცეს, ამ ყველაფრით დაინფიცირდეს, გაკონტროლდეს და შეიბოჭოს, და ის უძლურია, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლდეს.

ა. როგორ იყენებს სატანა ცოდნას ადამიანის გასახრწნელად

პირველ რიგში, ცოდნის შესახებ ვისაუბრებთ. არის თუ არა ცოდნა ის, რასაც ყველა დადებით რამედ მიიჩნევს? სულ მცირე, ადამიანები ფიქრობენ, რომ სიტყვა „ცოდნას“ დადებითი და არა უარყოფითი კონოტაცია აქვს. მაშ, რატომ აღვნიშნავთ აქ, რომ სატანა ცოდნას ადამიანის გასახრწნელად იყენებს? განა ევოლუციის თეორია ცოდნის ასპექტი არ არის? განა ნიუტონის კანონები ცოდნის ნაწილი არ არის? დედამიწის მიზიდულობის ძალაც ცოდნის ნაწილია, ასე არ არის? (დიახ). მაშ, რატომ არის ცოდნა შეტანილი იმ რაღაცების სიაში, რომლებსაც სატანა ადამიანის გასახრწნელად იყენებს? რა შეხედულება გაქვთ ამაზე? არის ცოდნაში ჭეშმარიტების თუნდაც ნატამალი? (არა). მაშ, რა არის ცოდნის არსი? რას ეფუძნება მთელი ის ცოდნა, რომელსაც ადამიანები იძენენ? განა ის ევოლუციის თეორიას არ ეფუძნება? განა ცოდნა, რომელიც ადამიანმა კვლევისა და განზოგადების გზით შეიძინა, ათეიზმს არ ეფუძნება? აქვს ამ ცოდნიდან რომელიმეს ღმერთთან კავშირი? არის ის დაკავშირებული ღვთის თაყვანისცემასთან? არის ის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან? (არა). მაშ, როგორ იყენებს სატანა ცოდნას ადამიანის გასახრწნელად? ახლახან ვთქვი, რომ მთელი ეს ცოდნა არც ღვთის თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული და არც ჭეშმარიტებასთან. ზოგი ადამიანი ამაზე ასე ფიქრობს: „შესაძლოა, ცოდნას ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ ის მაინც არ ხრწნის ადამიანებს“. რა შეხედულება გაქვთ ამაზე? ცოდნამ ხომ არ გასწავლა, რომ ადამიანი ბედნიერებას საკუთარი ხელებით ქმნის? ცოდნამ ხომ არ გასწავლა, რომ ადამიანის ბედი მის ხელთაა? (დიახ). რა სახის საუბარია ეს? (ეს ეშმას საუბარია). სრულიად სწორია! ეს ეშმას საუბარია! სინამდვილეში ცოდნა საკმაოდ რთული რამ არის. მარტივად რომ ვთქვათ, რომელ სფეროსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ცოდნა, ადამიანები მას რაღაც კარგ რამედ მიიჩნევენ. როგორ წარმოიშობა ცოდნა? მთელი ცოდნა იმ არამორწმუნე ადამიანებისგან მომდინარეობს, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ და მას არ ეთაყვანებიან. როდესაც ადამიანები ცოდნის ამ სფეროს სწავლობენ, ისინი ვერ ხედავენ, რომ ღმერთი ყველაფერზე ხელმწიფებს; ვერ ხედავენ, რომ ღმერთი ყველაფერს განაგებს და მართავს. ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ცოდნის სფეროში დაუსრულებლად იკვლევენ და იძიებენ და ცოდნაზე დაფუძნებულ პასუხებს ეძებენ. თუმცა, განა ჭეშმარიტება არ არის, რომ თუ ადამიანებს ღვთის რწმენა არ აქვთ და ამის ნაცვლად მხოლოდ კვლევებისკენ ისწრაფვიან, ისინი ვერასოდეს იპოვიან ჭეშმარიტ პასუხებს? ყველაფერი, რისი მოცემაც ცოდნას შეუძლია შენთვის, არის საარსებო საშუალება, სამსახური და შემოსავალი, რათა მშიერი არ იყო; მაგრამ ის ვერასოდეს გაიძულებს, ღმერთს თაყვანი სცე და ვერასოდეს გაიძულებს, ბოროტებას განერიდო. რაც უფრო მეტ ცოდნას იძენენ ადამიანები, მით უფრო მეტად უჩნდებათ წადილი, აუჯანყდნენ ღმერთს, გულდასმით შეისწავლონ ღმერთი, გამოცადონ ღმერთი და დაუპირისპირდნენ ღმერთს. მაშ, ახლა რას ვხედავთ — რას ასწავლის ცოდნა ადამიანებს? ეს ყველაფერი სატანის ფილოსოფიაა. აქვს თუ არა რაიმე კავშირი ჭეშმარიტებასთან იმ ფილოსოფიებსა და გადარჩენის კანონებს, რომლებსაც სატანა გახრწნილ კაცობრიობაში ავრცელებს? მათ ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და, სინამდვილეში, ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან. ადამიანები ხშირად ამბობენ: „ცხოვრება მოძრაობაა“ და „ადამიანი რკინაა, ბრინჯი კი ფოლადი; ადამიანი შიმშილს გრძნობს, თუ კვებას გამოტოვებს“; რა არის ეს გამონათქვამები? ეს მცდარი შეხედულებებია და მათი მოსმენა ზიზღის გრძნობას იწვევს. ადამიანის ეგრეთ წოდებული ცოდნა სატანამ საკმაოდ დიდი დოზით გაჟღინთა თავისი ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიითა და აზროვნებით. და როდესაც სატანა ამას აკეთებს, ის ადამიანს საშუალებას აძლევს, მისი აზროვნების, ფილოსოფიისა და თვალსაზრისების მეშვეობით უარყოს ღვთის არსებობა და უარყოს ღვთის ხელმწიფება ყოველივეზე და ადამიანის ბედზე. ამიტომ, როდესაც ადამიანი მეტს სწავლობს და მეტ ცოდნას იძენს, მას ღვთის არსებობა სულ უფრო ბუნდოვნად ეჩვენება და შესაძლოა, საერთოდაც ვეღარ გრძნობდეს, რომ ღმერთი არსებობს. რადგან სატანამ ადამიანს გარკვეული აზრები, შეხედულებები და წარმოდგენები ჩაუნერგა, განა მას შემდეგ, რაც სატანამ ეს შხამები ადამიანის ცნობიერებაში ჩააწვეთა, ადამიანი სატანის მიერ შეცდომაში შეყვანილი და გახრწნილი არ ხდება? მაშ, თქვენი აზრით, რით ცხოვრობენ დღევანდელი ადამიანები? განა ისინი სატანის მიერ ჩანერგილი ცოდნითა და აზრებით არ ცხოვრობენ? და ის, რაც ამ ცოდნისა და აზრების შიგნით იმალება — განა სატანის ფილოსოფიები და შხამები არ არის? ადამიანი სატანის ფილოსოფიებითა და შხამებით ცხოვრობს. და რა დევს სატანის მიერ ადამიანის გახრწნის საფუძველში? სატანას სურს, აიძულოს ადამიანი, მის მსგავსად უარყოს ღმერთი, წინააღმდეგობა გაუწიოს ღმერთს და დაუპირისპირდეს მას; ეს არის სატანის მიზანი ადამიანის გახრწნაში და ასევე სატანის მიერ ადამიანის გახრწნის შედეგი.

დავიწყებთ ცოდნის ყველაზე ზედაპირული ასპექტის განხილვით. შეუძლია თუ არა ენების გრამატიკას ან დამწერლობის ნიშნებს ადამიანების გახრწნა? შეუძლია სიტყვებს ადამიანების გახრწნა? სიტყვებს არ შეუძლია ადამიანების გახრწნა; სიტყვები საშუალებაა, რომელსაც ადამიანები საუბრისთვის იყენებენ, და ასევე ინსტრუმენტია, რომლითაც ადამიანები ღმერთთან ურთიერთობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამჟამად ღმერთი ადამიანებთან ენისა და სიტყვების მეშვეობით ურთიერთობს. ისინი ინსტრუმენტებია და აუცილებლობას წარმოადგენს. ერთს პლუს ერთი უდრის ორს, ხოლო ორი გამრავლებული ორზე უდრის ოთხს; განა ეს ცოდნა არ არის? მაგრამ შეუძლია ამას შენი გახრწნა? ეს საყოველთაო ცოდნაა — ეს უცვლელი კანონზომიერებაა — და მას არ შეუძლია ადამიანების გახრწნა. მაშ, რა ტიპის ცოდნა ხრწნის ადამიანებს? ეს არის შეხედულებები და აზრები, რომლებსაც სატანა ცოდნაში ურევს. ის ცდილობს, ცოდნის შუამავლობით კაცობრიობას ეს შეხედულებები და აზრები ჩაუნერგოს. მაგალითად, სტატიაში გამოყენებულ სიტყვებში თავისთავად არაფერია ცუდი. პრობლემა მდგომარეობს ავტორის შეხედულებებსა და განზრახვაში, რომლებიც მას სტატიის წერისას ჰქონდა, აგრეთვე, მისი აზრების შინაარსში. ეს ყველაფერი ნაწარმოების სულია და მას შეუძლია ადამიანების გახრწნა. მაგალითად, თუ სატელევიზიო შოუს უყურებდი, მასში რა სახის რაღაცებს შეეძლო ადამიანების შეხედულებების შეცვლა? შეეძლო თუ არა მონაწილეების მიერ ნათქვამს, თავად სიტყვებს, ადამიანების გახრწნა? (არა). რა სახის რაღაცები გახრწნიდა ადამიანებს? ეს იქნებოდა შოუს ძირითადი აზრები და შინაარსი, რომლებშიც რეჟისორის შეხედულებები აისახებოდა. ამ შეხედულებებში მოცემულ ინფორმაციას შეეძლო ადამიანების გულებსა და გონებაზე ზემოქმედება. ასე არ არის? ახლა თქვენ უკვე იცით, რას ვგულისხმობ, როდესაც განვიხილავ, როგორ იყენებს სატანა ცოდნას ადამიანების გასახრწნელად. ამას არასწორად არ გაიგებთ, ხომ ასეა? მაშ, როდესაც შემდეგ ჯერზე რომანს ან სტატიას წაიკითხავ, შეძლებ შეაფასო, დაწერილ სიტყვებში გამოხატული აზრები ადამიანებს ხრწნის თუ აკეთილშობილებს? (დიახ, მცირედით). ეს არის რაღაც, რაც ნელ-ნელა უნდა შეისწავლო და განიცადო, და არა ის, რისი განჭვრეტაც მაშინვე შესაძლებელია. მაგალითად, როდესაც ცოდნის რომელიმე სფეროს იკვლევ ან სწავლობ, ამ ცოდნის ზოგიერთი დადებითი ასპექტი შეიძლება დაგეხმაროს ამ სფეროს შესახებ გარკვეული ზოგადი ცოდნის მიღებაში და, ამავე დროს, საშუალებას მოგცემს, გაიგო, რას უნდა მოერიდონ ადამიანები. მაგალითად, ავიღოთ „ელექტროენერგია“ — ეს ცოდნის სფეროა, ასე არ არის? განა უმეცარი არ იქნებოდი, თუ არ გეცოდინებოდა, რომ ელექტროენერგიას შეუძლია ადამიანს დენი დაარტყას და ზიანი მიაყენოს? მაგრამ როგორც კი ცოდნის ამ სფეროში გაერკვევი, დაუდევრად აღარ შეეხები იმ საგნებს, რომლებშიც ელექტრული დენი გადის, და გეცოდინება, როგორ გამოიყენო ელექტროენერგია. ორივე ეს დადებითი რამ არის. ახლა თქვენთვის ნათელია, რა იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, რომ ცოდნა ადამიანებს ხრწნის? მსოფლიოში ცოდნის მრავალ ტიპს სწავლობენ და თქვენ დრო უნდა დაუთმოთ იმას, რომ თავად გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან.

ბ. როგორ იყენებს სატანა მეცნიერებას ადამიანის გასახრწნელად

რა არის მეცნიერება? განა მეცნიერება თითოეული ადამიანის თვალში მეტად პრესტიჟული არ არის და ღრმა ცოდნად არ მიიჩნევა? როდესაც მეცნიერებას ახსენებენ, განა ადამიანებს არ უჩნდებათ განცდა: „ეს ისეთი რამ არის, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია; ეს ისეთი თემაა, რომელსაც მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით დაკავებული პერსონალი ან კვლევის სპეციალისტები შეიძლება შეეხონ; ჩვენ, ჩვეულებრივ ხალხს, ამასთან არაფერი გვესაქმება“? აქვს მას რაიმე კავშირი ჩვეულებრივ ადამიანებთან? (დიახ). როგორ იყენებს სატანა მეცნიერებას ადამიანების გასახრწნელად? მოდით, სხვა საკითხებს ნუ შევეხებით და მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რასაც ადამიანები ხშირად აწყდებიან. გსმენია სიტყვა „გენები“? თქვენ ყველამ იცით ეს. განა გენები მეცნიერებამ არ აღმოაჩინა? რას აკეთებენ ეს „გენები“ ადამიანებისთვის? განა ისინი ადამიანებს არ უჩენენ განცდას, რომ სხეული რაღაც იდუმალია? როდესაც ადამიანებს ამ თემას აცნობენ, განა ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით ცნობისმოყვარეებს, არ გაუჩნდება სურვილი, მეტი გაიგოს და უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოს? ეს ცნობისმოყვარე ადამიანები თავიანთ ენერგიას ამ საკითხს დაუთმობენ და, როდესაც სხვა საქმე არ ექნებათ, სხვადასხვა ლიტერატურასა და ინტერნეტში ინფორმაციას მოძებნიან, რადგან სურთ, ამ საკითხთან დაკავშირებული უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იცოდნენ. რა არის მეცნიერება? მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერება არის ერთგვარი წარმოდგენები და თეორიები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ადამიანს აინტერესებს, რომლებიც მისთვის უცნობია, რომელთა შესახებაც ღმერთს მისთვის არაფერი უთქვამს, და იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებსაც ადამიანი იკვლევს. რა არის მეცნიერების არეალი? შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ ფართოა; ადამიანი იკვლევს ყველაფერს, რაც აინტერესებს, შეისწავლის მის დეტალებსა და კანონზომიერებებს, შემდეგ კი წამოაყენებს ერთი შეხედვით დამაჯერებელ, მაგრამ მცდარ დასკვნებს, რომლებიც ყველას აფიქრებინებს: „ეს მეცნიერები მართლაც შესანიშნავები არიან! რამდენი რამ იციან! რამხელა ცოდნა უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ყველაფერი ესმოდეთ!“ ადამიანები მეცნიერებით ძალიან აღფრთოვანებულნი არიან, ასე არ არის? რა სახის შეხედულებები აქვთ ადამიანებს, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ატარებენ? განა მათ არ სურთ ყველაფრის გამოკვლევა, თავიანთი ინტერესის სფეროში არსებული საიდუმლოებების შესწავლა? რა არის ამის საბოლოო შედეგი? მათი ნაწილი ვარაუდებს ეფუძნება, ხოლო სხვები ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღება. სხვა დასკვნები კი ისტორიულ და ფონურ გარემოებებზე დაკვირვების საფუძველზე მიიღება. ასე არ არის? მაშ, რას აკეთებს მეცნიერება ადამიანებისთვის? მეცნიერება ადამიანებს მხოლოდ მატერიალური სამყაროს საგნების დანახვის საშუალებას აძლევს და მხოლოდ ადამიანის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, მაგრამ ვერ აძლევს მას იმ კანონზომიერებების დანახვის საშუალებას, რომელთა მიხედვითაც ღმერთი ყველაფერზე ხელმწიფებს. ადამიანს ეჩვენება, რომ მეცნიერებაში პასუხები იპოვა, მაგრამ ამ პასუხებს შეცდომაში შეჰყავს და დროებით კმაყოფილებას ანიჭებს მას — კმაყოფილებას, რომელიც ადამიანის გულს მატერიალური სამყაროს ფარგლებში აქცევს. ადამიანს ჰგონია, რომ მეცნიერებისგან პასუხები მიიღო, ამიტომ, რა საკითხიც არ უნდა წარმოიშვას, მის შესამოწმებლად და მისაღებად საფუძვლად მეცნიერულ შეხედულებებს იყენებს. ადამიანის გული მეცნიერებით ცდუნდება და მის ტყვეობაში ექცევა, რის შედეგადაც ადამიანს აღარ აქვს სურვილი, შეიცნოს ღმერთი, თაყვანი სცეს მას და ირწმუნოს, რომ ყველაფერი ღვთისგან მოდის და ადამიანმა ყველა პასუხი ღმერთისგან უნდა მიიღოს. ასე არ არის? რაც უფრო მეტად სწამს ადამიანს მეცნიერების, მით უფრო აბსურდული ხდება მისი შეხედულებები: მას სჯერა, რომ ყველაფერს მეცნიერული გადაწყვეტა აქვს და კვლევით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ისინი ღმერთს არ ეძიებენ და არ სწამთ მისი არსებობის. ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც დიდი ხანია ღვთისადმი რწმენა გააჩნიათ, მაგრამ, როდესაც რაიმე პრობლემას აწყდებიან, კომპიუტერს იყენებენ ინფორმაციის მოსაძიებლად და პასუხების საპოვნელად; მათ მხოლოდ მეცნიერული ცოდნის სწამთ. მათ არ სწამთ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, არ სწამთ, რომ ღვთის სიტყვებს კაცობრიობის ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია, და კაცობრიობის თითოეულ პრობლემას ჭეშმარიტების თვალთახედვით არ განიხილავენ. რა პრობლემასაც არ უნდა წააწყდნენ, ისინი არასოდეს ლოცულობენ ღვთის მიმართ და არც ღვთის სიტყვებში ჭეშმარიტების ძიებით ცდილობენ მის გადაჭრას. ბევრ საკითხში მათ კვლავ სჯერათ, რომ პრობლემის გადაჭრა ცოდნას შეუძლია და რომ მეცნიერება საბოლოო პასუხია. ასეთი ადამიანების გულებში ღმერთს საერთოდ არ აქვს ადგილი. ისინი ურწმუნოები არიან და ღვთისადმი რწმენის შესახებ მათი შეხედულებები არაფრით განსხვავდება მრავალი მაღალი დონის ინტელექტუალისა და მეცნიერის შეხედულებებისგან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, ღმერთი მეცნიერული მეთოდებით შეისწავლონ. მაგალითად, ბევრი რელიგიური ექსპერტი ავიდა მთაზე, სადაც კიდობანი დაეშვა, და ის გამოიკვლია, რითაც კიდობნის არსებობა დაამტკიცა. მაგრამ კიდობნის გარეგნულ იერსახეში ისინი ღვთის არსებობას ვერ ხედავენ. მათ მხოლოდ ისტორიებისა და ისტორიული ცნობების სჯერათ; ეს მატერიალური სამყაროს მათი მეცნიერული კვლევისა და შესწავლის შედეგია. თუ მატერიალურ საგნებს იკვლევ, იქნება ეს მიკრობიოლოგია, ასტრონომია თუ გეოგრაფია, ვერასოდეს მიიღებ შედეგს, რომელიც დაადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს ან რომ ის ყველაფერზე ხელმწიფებს. მაშ, რას აკეთებს მეცნიერება ადამიანისთვის? განა ის ადამიანს ღმერთს არ აშორებს? განა ის ადამიანებს არ უბიძგებს, ღმერთი კვლევის საგნად აქციონ? განა ის ადამიანებს უფრო მეტად არ აეჭვებს ღვთის არსებობასა და ხელმწიფებაში და ამით არ უბიძგებს მათ, უარყონ და უღალატონ ღმერთს? ეს არის შედეგი. მაშ, როდესაც სატანა ადამიანის გასახრწნელად მეცნიერებას იყენებს, რა მიზნის მიღწევას ცდილობს სატანა? მას სურს, მეცნიერული დასკვნებით ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და უგრძნობელნი გახადოს, ხოლო ორაზროვანი პასუხებით მათი გულები დაიკავოს, რათა მათ ღმერთი არ ეძიონ და მისი არსებობა არ ირწმუნონ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მეცნიერებაც ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სატანა ადამიანებს ხრწნის.

გ. როგორ იყენებს სატანა ტრადიციულ კულტურას ადამიანის გასახრწნელად

განა ბევრი რამ არ არსებობს, რაც ტრადიციული კულტურის ნაწილად მიიჩნევა? (არსებობს). რას ნიშნავს ეს „ტრადიციული კულტურა“? ზოგი ამბობს, რომ ეს არის ის, რაც წინაპრებისგან გადმოგვეცა — ეს ერთი ასპექტია. თავიდანვე ოჯახებში, ეთნიკურ ჯგუფებსა და მთელ კაცობრიობაშიც კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცხოვრების წესი, ადათები, გამონათქვამები და წესები, რომლებიც ადამიანების აზროვნებაში ღრმად იდგამდა ფესვებს. ადამიანები მათ თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ და წესებად აღიქვამენ, რომლებსაც ისე იცავენ, თითქოს თავად სიცოცხლე იყოს; უფრო მეტიც, მათ არასოდეს სურთ ამ ყველაფრის შეცვლა ან მიტოვება, რადგან ეს წინაპრებისგან გადმოეცათ. არსებობს ტრადიციული კულტურის სხვა ასპექტებიც, რომლებიც ადამიანებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი, მაგალითად, ის, რაც კონფუცისა და მენციუსისგან გადმოეცათ, და ის, რასაც ადამიანებს ჩინური დაოსიზმი და კონფუციანელობა ასწავლის. ასე არ არის? რა შედის ტრადიციულ კულტურაში? შედის მასში დღესასწაულები, რომლებსაც ადამიანები აღნიშნავენ? მაგალითად, არსებობს გაზაფხულის დღესასწაული, ფარნების დღესასწაული, საფლავების დასუფთავების დღე, დრაკონის ნავების დღესასწაული, სულების დღესასწაული, შუა შემოდგომის დღესასწაული და ზოგიერთ ოჯახში ხანდაზმულთა მნიშვნელოვანი დაბადების დღეებიც კი, აგრეთვე ბავშვის დაბადებიდან ერთი თვისა თუ ასი დღის აღნიშვნა და ასე შემდეგ; ეს ყველაფერი ტრადიციული დღესასწაულებია. განა ამ დღესასწაულებს საფუძვლად ტრადიციული კულტურა არ უდევს? რა არის ტრადიციული კულტურის არსი? აქვს მას რაიმე კავშირი ღვთის თაყვანისცემასთან? აქვს მას რაიმე კავშირი იმასთან, რომ ადამიანებს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას ასწავლიდეს? არსებობს ისეთი დღესასწაულები, როდესაც ადამიანები ღმერთს მსხვერპლს სწირავენ, ღვთის სამსხვერპლოსთან მიდიან და მის სწავლებებს იღებენ? არსებობს ასეთი დღესასწაულები? (არა). რა სარგებლობა მოაქვს ყველა ამ დღესასწაულს? თანამედროვე ეპოქაში ისინი ჭამის, სმისა და გართობის შესაძლებლობებად მიიჩნევა. რა არის ტრადიციული კულტურის საფუძველი? ვისგან მოდის ტრადიციული კულტურა? ის სატანისგან მოდის. ამ ტრადიციული დღესასწაულების კულისებში სატანა ადამიანებს გარკვეულ რაღაცებს უნერგავს. რა არის ეს რაღაცები? მაგალითად, იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებს თავიანთი წინაპრები ახსოვდეთ — განა ეს ერთ-ერთი მაგალითი არ არის? მაგალითად, საფლავების დასუფთავების დღეს ადამიანები საფლავებს ასუფთავებენ და თავიანთ წინაპრებს შესაწირავებს სწირავენ; ამგვარად სატანა აიძულებს ადამიანებს, არ დაივიწყონ თავიანთი წინაპრები. ან ავიღოთ დრაკონის ნავების დღესასწაული, რომლის დროსაც სატანა ზრუნავს, რომ ადამიანებს პატრიოტიზმი ახსოვდეთ. რა შეიძლება ითქვას შუა შემოდგომის დღესასწაულზე? (ოჯახის წევრების თავმოყრა). რა უდევს საფუძვლად ოჯახის წევრების თავმოყრას? რა არის ამის მიზეზი? ეს არის ემოციური ურთიერთობა და კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, იქნება ეს მთვარის კალენდრით ახალი წლის წინა ღამის თუ ფარნების დღესასწაულის აღნიშვნა, ამ დღესასწაულებთან საკმაოდ ბევრი გამონათქვამია დაკავშირებული. ყველა ეს გამონათქვამი სატანის ფილოსოფიისა და სატანის აზროვნების ერთგვარი გამოვლინებაა, რომლებსაც სატანა ადამიანებს უნერგავს. ის ადამიანებს ამ ყველაფერს უნერგავს, რათა ისინი ღმერთს დაშორდნენ — სასურველია, ღვთის არსებობაც კი არ იცოდნენ — და მსხვერპლი ან თავიანთ წინაპრებს, ან სატანას შესწირონ, ან უბრალოდ საკუთარი ხორცის სიამოვნებისთვის ჭამონ, სვან და გაერთონ. თითოეული ამ დღესასწაულის ზეიმისას სატანის აზრები და შეხედულებები ადამიანების გონებაში ღრმად იბეჭდება ისე, რომ ისინი ამას ვერც კი აცნობიერებენ. როდესაც ადამიანები ორმოციან, ორმოცდაათიან ან კიდევ უფრო ხანდაზმულ ასაკში შედიან, სატანის ეს აზრები და შეხედულებები მათ გულებში უკვე ჩათესილია და ღრმა ფესვები აქვთ გადგმული. უფრო მეტიც, ადამიანები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ეს შეხედულებები, სწორი იქნება ისინი თუ მცდარი, განურჩევლად და უპირობოდ გადასცენ მომავალ თაობას. ასე არ არის? (დიახ). როგორ ხრწნის ადამიანებს ტრადიციული კულტურა და ეს დღესასწაულები? იცით? (ადამიანები ამ წესებით იზღუდებიან და იბოჭებიან, რის გამოც მათ აღარ რჩებათ დრო და ენერგია ღმერთის საძიებლად). ეს ერთ-ერთი ასპექტია. მაგალითად, მთვარის ახალ წელს ყველა ზეიმობს — შენ რომ არ აღგენიშნა, განა არ დასევდიანდებოდი? გულში რაიმე ეჭვი ხომ არ გაქვს? შეიძლება იფიქრო: „ახალი წელი არ აღვნიშნე და, რადგან მთვარის კალენდრით ახალი წლის დღე ცუდი გამოდგა, განა მთელი დარჩენილი წელიც ცუდი არ იქნება?“ განა მოუსვენრობასა და მცირე შიშს არ იგრძნობდი? არიან ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც წლების განმავლობაში წინაპრებისთვის მსხვერპლი არ შეუწირავთ და მოულოდნელად ესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც მათ ფულს სთხოვს. რას იგრძნობენ ისინი? „რა სამწუხაროა, რომ ამ გარდაცვლილ ადამიანს ფული სჭირდება დასახარჯად! მისთვის ქაღალდის ფულს დავწვავ. ეს რომ არ გავაკეთო, მართლაც არასწორი იქნება. ამან შეიძლება ჩვენ, ცოცხალ ადამიანებს, უსიამოვნებები შეგვიქმნას — ვინ იცის, როდის დაგვატყდება თავს უბედურება?“ მათ გულებში მუდამ იარსებებს შიშისა და ნერვიულობის ეს პატარა ღრუბელი. ვინ იწვევს მათში ამ ნერვიულობას? ამ ნერვიულობის წყარო სატანაა. განა ეს არ არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც სატანა ადამიანს ხრწნის? ის სხვადასხვა საშუალებასა და საბაბს იყენებს, რათა გაგაკონტროლოს, დაგემუქროს და შეგბოჭოს, რომ გონებადაბინდულ მდგომარეობაში აღმოჩნდე, მას დაჰყვე და დანებდე; სწორედ ასე ხრწნის სატანა ადამიანს. ხშირად, როდესაც ადამიანები სუსტები არიან ან ვითარებას ვერ აცნობიერებენ, შეიძლება უნებლიედ, გონებაარეულებმა, უგუნური რაღაცები ჩაიდინონ. ანუ ისინი გაუცნობიერებლად და უნებლიედ ექცევიან სატანის ტყვეობაში და, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებენ, უნებურად სჩადიან გარკვეულ ქმედებებს. სწორედ ასე ხრწნის სატანა ადამიანს. დღესაც საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ არ სურს ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციულ კულტურასთან განშორება და უბრალოდ ვერ ახერხებს მასზე უარის თქმას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუსტები არიან და ნეგატიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ ასეთი დღესასწაულების აღნიშვნა სურთ, უნდათ კვლავ შეხვდნენ სატანას და დააკმაყოფილონ სატანა, რათა თავიანთ გულებს შვება მოჰგვარონ. რა იმალება ამ ტრადიციული კულტურის უკან? განა კულისებიდან სატანის შავი ხელი არ ექაჩება ძაფებს? განა სატანის უკეთური ბუნება არ მანიპულირებს და აკონტროლებს? განა სატანას არ აქვს გაბატონებული გავლენა ყოველივე ამაზე? (დიახ). როდესაც ადამიანები ტრადიციული კულტურის გარემოში ცხოვრობენ და ასეთ ტრადიციულ დღესასწაულებს აღნიშნავენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გარემოში სატანა მათ ატყუებს და ხრწნის, ხოლო ისინი სიხარულით მონაწილეობენ ამ ყველაფერში? (დიახ). ეს არის ის, რაც თქვენ ყველამ იცით, რაც თქვენთვის ცნობილია.

დ. როგორ იყენებს სატანა ცრურწმენებს ადამიანის გასახრწნელად

თქვენთვის ნაცნობია ტერმინი „ცრურწმენა“, ხომ ასეა? ცრურწმენასა და ტრადიციულ კულტურას შორის გარკვეული საერთო არსებობს, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ. ამის ნაცვლად განვიხილავ ცრურწმენის იმ ფორმებს, რომლებსაც ადამიანები ხშირად აწყდებიან: მკითხაობას, ბედის წინასწარმეტყველებას, საკმევლის დაწვასა და ბუდას თაყვანისცემას. ზოგი ადამიანი მკითხაობას მიმართავს, ზოგი ბუდას სცემს თაყვანს და საკმეველს წვავს, სხვები კი მკითხავებს თავიანთ ბედს აწინასწარმეტყველებინებენ ან სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობას მიმართავენ და ამ გზით თავიანთ ბედს იგებენ. რამდენ თქვენგანს უწინასწარმეტყველეს ბედი ან უმკითხავეს სახის ნაკვთების მიხედვით? ეს არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას აინტერესებს, ასე არ არის? (დიახ). რატომ? რა სახის სარგებელს იღებენ ადამიანები ბედის წინასწარმეტყველებისა და მკითხაობისგან? რა სახის კმაყოფილებას იღებენ ისინი ამისგან? (ცნობისმოყვარეობა). განა ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობაა? ჩემი აზრით, ეს მაინცდამაინც ასე არ არის. რა არის მკითხაობისა და ბედის წინასწარმეტყველების მიზანი? რატომ აკეთებენ ამას? განა ეს მომავლის გასაგებად არ კეთდება? ზოგი ადამიანი სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობას მიმართავს მომავლის წინასწარმეტყველებისთვის, ზოგი კი ამას აკეთებს იმის გასაგებად, რა ბედი და უბედურება ელის. ზოგი ამას აკეთებს იმის გასაგებად, როგორი იქნება მისი ქორწინება, სხვებს კი სურთ გაიგონ, რა ბედს მოუტანს მომავალი წელი. ზოგი ადამიანი სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობას მიმართავს იმის გასაგებად, როგორი პერსპექტივები ექნება მას და მის ვაჟებსა თუ ქალიშვილებს, ზოგი ბიზნესმენი კი ამას აკეთებს იმის გასაგებად, რამდენ ფულს გამოიმუშავებს, და სახის ნაკვთების მიხედვით მკითხავისგან რჩევას ითხოვს, როგორ უნდა მოიქცეს. მაშ, განა ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კეთდება? როდესაც ადამიანები სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობას მიმართავენ ან მსგავს რამეებს აკეთებენ, ამას საკუთარი მომავალი პირადი სარგებლის მისაღებად აკეთებენ; მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ ბედთან. არის ამ ყველაფერში რაიმე სარგებლობა? (არა). რატომ არ არის ეს სასარგებლო? განა კარგი არ არის, ამ ყველაფრის მეშვეობით გარკვეული ცოდნა მიიღო? ამგვარად, უბედურება მოულოდნელად არ დაგატყდება თავს; თუ წინასწარ გეცოდინება, განა ვერ შეძლებ მის თავიდან აცილებას? თუ ბედს გიწინასწარმეტყველებენ, შესაძლოა, ამან გაჩვენოს, როგორ იპოვო ლაბირინთიდან გამოსასვლელი სწორი გზა, რათა მომავალ წელს იღბალი გქონდეს და შენი ბიზნესით დიდი სიმდიდრე მოიპოვო. მაშ, გამოსადეგია ეს თუ არა? გამოსადეგია თუ არა, ამას ჩვენთან არავითარი კავშირი არ აქვს და ჩვენი დღევანდელი თანაზიარების თემას არ შეეხება. როგორ იყენებს სატანა ცრურწმენას ადამიანის გასახრწნელად? ყველა ადამიანს სურს თავისი ბედის ცოდნა, ამიტომ სატანა მათ ცნობისმოყვარეობას იყენებს მათ საცდუნებლად. ადამიანები მკითხაობას, ბედის წინასწარმეტყველებასა და სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობას მიმართავენ იმის გასაგებად, რა ბედი ელით მომავალში და როგორი გზა აქვთ წინ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვის ხელშია ადამიანების ბედი და პერსპექტივები, რომლებიც მათ ასე ძალიან აინტერესებთ? (ღვთის ხელში). ეს ყველაფერი ღვთის ხელშია. ამ მეთოდების გამოყენებით რისი შეტყობინება სურს სატანას ადამიანებისთვის? სატანას სურს, სახის ნაკვთების მიხედვით მკითხაობისა და ბედის წინასწარმეტყველების მეშვეობით ადამიანებს უთხრას, რომ მან იცის, რა ბედი ელით მათ მომავალში, და რომ მან არა მხოლოდ იცის ეს ყველაფერი, არამედ აკონტროლებს კიდეც მათ ბედს. სატანას სურს, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და ეს მეთოდები ადამიანების გასაკონტროლებლად გამოიყენოს, რათა მათ ბრმად ირწმუნონ მისი და მის ყოველ სიტყვას დაემორჩილონ. მაგალითად, თუ შენს სახის ნაკვთებს წაიკითხავენ, თუკი მკითხავი თვალებს დახუჭავს და სრული სიცხადით მოგიყვება ყველაფერს, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გადაგხდა თავს, რას იგრძნობ შინაგანად? მაშინვე იფიქრებ: „რა ზუსტია! ჩემი წარსული აქამდე არავისთვის მომიყოლია; საიდან იცის ამის შესახებ? ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ამ სახის ნაკვთების მიხედვით მკითხავით!“ განა სატანისთვის მეტისმეტად ადვილი არ არის შენი წარსულის ცოდნა? ღმერთმა დღევანდელ დღემდე მოგიყვანა, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი სატანა ადამიანებს ხრწნიდა და შენც დაგყვებოდა. შენი ცხოვრების რამდენიმე ათწლეულის გასვლა სატანისთვის არაფერია და ამ ყველაფრის ცოდნა მისთვის დიდი საქმე არ არის. როდესაც იგებ, რომ ყველაფერი, რასაც სატანა ამბობს, ზუსტია, განა მას არ აბარებ შენს გულს? განა მასზე არ ამყარებ იმედს, რომ შენი მომავალი და ბედი აკონტროლოს? ერთ წამში შენს გულში მის მიმართ გარკვეული პატივისცემა ან მოწიწება გაჩნდება, ზოგ ადამიანს კი ამ დროს შესაძლოა სატანამ სამშვინველი უკვე მოსტაცა. და ისინი მაშინვე ჰკითხავენ სახის ნაკვთების მიხედვით მკითხავს: „შემდეგ რა უნდა გავაკეთო? რას უნდა მოვერიდო მომავალ წელს? რა არ უნდა გავაკეთო?“ მაშინ ის ეტყვის: „იქ არ უნდა წახვიდე, ეს არ უნდა გააკეთო, გარკვეული ფერის ტანსაცმელი არ ჩაიცვა, ზოგიერთ ადგილას უფრო იშვიათად უნდა იარო, ზოგი რამ კი უფრო ხშირად უნდა აკეთო...“ განა მაშინვე გულთან ახლოს არ მიიტან ყველაფერს, რასაც ის გეტყვის? მის სიტყვებს ღვთის სიტყვებზე უფრო სწრაფად დაიმახსოვრებ. რატომ დაიმახსოვრებ მათ ასე სწრაფად? იმიტომ, რომ იღბლის მოსაპოვებლად სატანაზე დაყრდნობა გსურს. განა სწორედ ამ დროს არ იგდებს ის ხელში შენს გულს? როდესაც მისი წინასწარმეტყველებები ერთმანეთის მიყოლებით ახდება, განა არ მოგინდება მაშინვე მასთან დაბრუნება იმის გასაგებად, რა ბედს მოგიტანს მომავალი წელი? (დიახ). შენ ყველაფერს გააკეთებ, რასაც სატანა გეტყვის, და მოერიდები იმას, რისგანაც თავის შეკავებას გიბრძანებს. განა ამგვარად მის ყოველ სიტყვას არ ემორჩილები? ძალიან მალე შეცდომაში შეყვანილი მის მკლავებში და მის კონტროლქვეშ აღმოჩნდები. ეს იმიტომ ხდება, რომ გჯერა, რომ ის, რაც მან თქვა, რეალურია და გჯერა, რომ მან იცის შენი წინა ცხოვრებების, ამ ცხოვრების და იმის შესახებ, თუ რას მოგიტანს მომავალი. სწორედ ამ მეთოდს იყენებს სატანა ადამიანების გასაკონტროლებლად. მაგრამ სინამდვილეში ვინ აკონტროლებს ყველაფერს? ყველაფერს თავად ღმერთი აკონტროლებს და არა სატანა. ამ შემთხვევაში სატანა უბრალოდ თავის მზაკვრულ ხრიკებს იყენებს, რათა უმეცარი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მატერიალურ სამყაროს ხედავენ, მოატყუოს და აიძულოს, ირწმუნონ მისი და მას დაეყრდნონ. შემდეგ ისინი სატანის ტყვეობაში ექცევიან და მის ყოველ სიტყვას ემორჩილებიან. მაგრამ განა სატანა ოდესმე ასუსტებს თავის მარწუხებს, როდესაც ადამიანებს ღვთისადმი რწმენა და მისი მიყოლა სურთ? სატანა ამას არ აკეთებს. ამ ვითარებაში ადამიანები მართლაც სატანის ტყვეობაში არიან მოქცეულნი, ხომ ასეა? (დიახ). შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატანის ამგვარი საქციელი უსირცხვილოა? (დიახ). რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ეს თაღლითური და მატყუარა ხერხებია. სატანა უსირცხვილოა და ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, აფიქრებინებს, რომ მათთან დაკავშირებულ ყველაფერს მართავს და მათი ბედითაც კი მანიპულირებს. ამის გამო უმეცარი ადამიანები მას სრულად ემორჩილებიან. ის მხოლოდ ორ-სამ რამეს ამბობს და ადამიანებს ისე ატყუებს, რომ გონებას უბინდავს; როგორც კი ადამიანები ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მის წინაშე ქედს იხრიან. მაშ, რა მეთოდებს იყენებს სატანა და რას ამბობს ის, რომ შენ მას დაუჯერო? მაგალითად, შესაძლოა, სატანისთვის არ გითქვამს, რამდენი წევრია შენს ოჯახში, მაგრამ მან მაინც შეძლოს გითხრას, რამდენი წევრია შენს ოჯახში და რამდენი წლის არიან შენი მშობლები და შვილები. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სატანის მიმართ ეჭვები და უნდობლობა გქონდა, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ განა არ იფიქრებ, რომ მისი ნათქვამი ცოტა უფრო დამაჯერებელია? შემდეგ სატანამ შეიძლება გითხრას, რამდენად რთული იყო შენთვის ბოლო დროს მუშაობა, რომ შენი უფროსები არ აღიარებენ შენს დამსახურებას და მუდამ შენ წინააღმდეგ მოქმედებენ და ასე შემდეგ. ამის მოსმენის შემდეგ იფიქრებ: „ზუსტად ასეა! სამსახურში საქმეები კარგად არ მიდის“. განა ამის გამო უფრო მეტად არ ირწმუნებ მას? შემდეგ ის კიდევ რაღაცას გეტყვის შენს შეცდომაში შესაყვანად და ამით კიდევ უფრო მეტად დაგაჯერებს თავის ნათქვამს. ნელ-ნელა, შენდაუნებურად, უძლური გახდებოდი, წინ აღდგომოდი მას ან კვლავ ეჭვი შეგპარვოდა მასში. სატანა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ხრიკს, სრულიად წვრილმან ხრიკებსაც კი იყენებს და ამგვარად შეცდომაში შეჰყავხარ. როგორც კი შეცდომაში შეხვალ, ვეღარ შეძლებ სწორი მიმართულების განსაზღვრას, აღარ გეცოდინება, როგორ მოიქცე, და სატანის ყოველ სიტყვას ყურს დაუგდებ. ასე იყენებს სატანა ადამიანების გასახრწნელად „ბრწყინვალე“ მეთოდს, რათა შენ გაუცნობიერებლად წამოეგო მის ანკესზე და მის ცდუნებას აჰყვე. სატანა რამდენიმე რაღაცას გეუბნება, რომლებსაც ადამიანები კარგად მიიჩნევენ, შემდეგ კი გეუბნება, რა უნდა გააკეთო და რას უნდა მოერიდო. სწორედ ასე გატყუებს ის ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებ. როგორც კი მის ხრიკს წამოეგები, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები; მუდმივად იფიქრებ იმაზე, რაც სატანამ გითხრა და რისი გაკეთებაც დაგავალა, და ისე, რომ თავადაც ვერ გააცნობიერებ, მის მფლობელობაში აღმოჩნდები. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ კაცობრიობა არ ფლობს ჭეშმარიტებას და ამიტომ უძლურია, წინააღმდეგობა გაუწიოს სატანის შეცდენასა და ცდუნებას. სატანის უკეთურების, მისი მზაკვრობის, ცბიერებისა და სისასტიკის წინაშე ადამიანები იმდენად უმეცრები, უმწიფრები და სუსტები არიან, ასე არ არის? განა ეს არ არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც სატანა ადამიანს ხრწნის? (დიახ). ადამიანი გაუცნობიერებლად, ნელ-ნელა ექცევა სატანის სხვადასხვა მეთოდის გავლენით ცდუნებისა და მოტყუების ქვეშ, რადგან მას არ შეუძლია დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევა; მას არც ასეთი სიმწიფე აქვს და არც სატანის დამარცხების უნარი.

ე. როგორ იყენებს სატანა საზოგადოებრივ ტენდენციებს ადამიანის გასახრწნელად

როდის გაჩნდა საზოგადოებრივი ტენდენციები? განა ისინი მხოლოდ დღევანდელ დღეს წარმოიშვა? შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტენდენციები მაშინ გაჩნდა, როდესაც სატანამ ადამიანების გახრწნა დაიწყო. რას მოიცავს საზოგადოებრივი ტენდენციები? (ჩაცმულობასა და გარეგნობის მოვლას). ეს ის საგნებია, რომლებთანაც ადამიანებს ხშირად აქვთ შეხება. ჩაცმულობა და გარეგნობის მოვლა, მოდა და ტანსაცმლის ტენდენციები — ყოველივე ეს მხოლოდ ერთ მცირე ასპექტს წარმოადგენს. კიდევ არის რამე? ითვლება თუ არა საზოგადოებრივ ტენდენციებად ასევე პოპულარული გამოთქმები, რომლებსაც ადამიანები ხშირად იყენებენ? ითვლება თუ არა ასეთ ტენდენციებად ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანებს სწადიათ? ითვლებიან თუ არა ასეთ ტენდენციებად მუსიკის ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები, ჟურნალები და რომანები, რომლებიც ადამიანებს მოსწონთ? (დიახ). თქვენი აზრით, საზოგადოებრივი ტენდენციების რომელ ასპექტს შეუძლია ადამიანის გახრწნა? ამ ტენდენციებიდან რომელი გიზიდავთ ყველაზე მეტად? ზოგი ადამიანი ამბობს: „ჩვენ ყველამ უკვე გარკვეულ ასაკს მივაღწიეთ, ზოგი ჩვენგანი ორმოცდაათი ან სამოცი წლისაა, ზოგი კი — სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის, ამ ტენდენციებს არ მივყვებით და ისინი ჩვენთვის ცდუნებას არ წარმოადგენს“. სწორია ეს? სხვები ამბობენ: „ჩვენ ცნობილ ადამიანებს არ მივყვებით, ამას ოციოდე წლის ახალგაზრდები აკეთებენ; არც მოდურ ტანსაცმელს ვიცვამთ, ამას ისინი აკეთებენ, ვისთვისაც საკუთარი გარეგნობა მნიშვნელოვანია“. მაშ, რას შეუძლია თქვენი გახრწნა? (პოპულარულ გამონათქვამებს). შეუძლიათ ამ გამონათქვამებს ადამიანების გახრწნა? ერთ მაგალითს მოგიყვანთ, თქვენ კი შეგიძლიათ განსაზღვროთ, ხრწნის თუ არა ის ადამიანებს: „ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს“. არის ეს ტენდენცია? იმ მოდისა და გურმანული ტენდენციებისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენ ახსენეთ, განა ეს უფრო ძლიერი არ არის? „ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს“ — ეს სატანის ფილოსოფიაა. ის ფართოდ არის გავრცელებული კაცობრიობაში, ყველა საზოგადოებაში; შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენციაა. ეს იმიტომ, რომ იგი ჩაინერგა თითოეული ადამიანის გულში, ვინც თავდაპირველად არ იღებდა ამ ნათქვამს, მაგრამ რეალურ ცხოვრებასთან შეხებისას მდუმარედ დაეთანხმა მას და იგრძნო, რომ ეს სიტყვები სინამდვილეში ჭეშმარიტი იყო. განა ეს არ არის სატანის მიერ ადამიანის გახრწნის პროცესი? შესაძლოა, ადამიანებს ამ გამონათქვამის შესახებ პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნა ერთნაირი ხარისხით არ ჰქონდეთ, მაგრამ თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად განმარტავს და სხვადასხვა ხარისხით აღიარებს მას იმის საფუძველზე, რაც მის გარშემო მოხდა და რაც თავად განიცადა. ასე არ არის? იმის მიუხედავად, რამდენად დიდი გამოცდილება აქვს ადამიანს ამ გამონათქვამთან დაკავშირებით, რა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა მან მის გულზე? საქმე ის არის, რომ ამქვეყნიერებაში ადამიანების ხასიათში რაღაც მჟღავნდება — და შეიძლება ითქვას, რომ ეს თითოეულ თქვენგანს ეხება. რა არის ეს? ეს ფულის თაყვანისცემაა. ადვილია ამის ადამიანის გულიდან მოშორება? არა, ადვილი არ არის! ეს გვიჩვენებს, რომ სატანამ ადამიანები მართლაც ღრმად გახრწნა! სატანა ფულს იყენებს ადამიანების საცდუნებლად და ყველა მათგანს ფულისა და მატერიალური წადილების თაყვანისმცემლად აქცევს. და როგორ ვლინდება ადამიანებში ეს ფულის თაყვანისცემა? განა არ ფიქრობთ, რომ ამქვეყნიერებაში ფულის გარეშე ვერ გადარჩებით და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებთ? ადამიანების ფულის რაოდენობა განსაზღვრავს, რამდენად მაღალია მათი სტატუსი; ადამიანების ფულის რაოდენობა განსაზღვრავს, რამდენად გამორჩეულნი არიან ისინი. ღარიბებს არ შეუძლიათ ამაყად და თავაწეულად დგომა, მდიდრებს კი მაღალი სტატუსი აქვთ, ამაყად და თავაწეულად დგანან, შეუძლიათ ხმამაღლა ლაპარაკი და ქედმაღლურად და თავშეუკავებლად ცხოვრება. რა მოაქვს ადამიანისთვის ამ გამონათქვამსა და ტენდენციას? განა სიმართლე არ არის, რომ ბევრი ადამიანი მზად არის, ფულის საშოვნელად ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს? განა ბევრი ადამიანი არ კარგავს ღირსებასა და ზნეობრივ მთლიანობას მეტი ფულისკენ სწრაფვისას? განა ბევრი ადამიანი ფულის გამო არ კარგავს თავისი მოვალეობის შესრულებისა და ღვთის მიყოლის შესაძლებლობას? განა ჭეშმარიტების მოპოვებისა და ცხონების შესაძლებლობის დაკარგვა ადამიანებისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი არ არის? მხოლოდ ამ მეთოდისა და ამ გამონათქვამის გამოყენებით სატანა ადამიანს ასეთ დონემდე ხრწნის. განა სატანის განზრახვა ბოროტი არ არის? განა ეს ბოროტგანზრახული ხრიკი არ არის? ეს მხოლოდ პოპულარული გამონათქვამია, მაგრამ შენ თავდაპირველად არ ეთანხმები მას, ბოლოს კი იჯერებ, რომ ის ჭეშმარიტებაა, და ამ დროისთვის შენი გული უკვე მთლიანად სატანის ტყვეობაშია მოქცეული, ამიტომ საკუთარი ნების წინააღმდეგ იწყებ ამ გამონათქვამის მიხედვით ცხოვრებას. რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ გამონათქვამმა შენზე? შესაძლოა, იცოდე ჭეშმარიტი გზა და იცოდე ჭეშმარიტება, მაგრამ უძლური იყო, მისკენ ისწრაფო. შესაძლოა, ნათლად იცოდე, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, მაგრამ არ გსურდეს საფასურის გადახდა ან ტანჯვის ატანა ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. ამის ნაცვლად, გირჩევნია, საკუთარი მომავალი და ბედი შესწირო იმას, რომ ღმერთს ბოლომდე დაუპირისპირდე. რაც არ უნდა თქვას ღმერთმა, რაც არ უნდა მოიმოქმედოს მან და რაც არ უნდა ღრმა და დიდი იყოს მისი სიყვარული შენდამი — რამდენადაც ძალგიძს ჩასწვდე მას — შენ მაინც ჯიუტად დაიჟინებდი თავგამოდებას ამ ნათქვამის გამო. ანუ, ამ გამონათქვამმა უკვე შეცდომაში შეგიყვანა და გააკონტროლა შენი აზრები, უკვე მართავს შენს ქცევას და უმალ დაუშვებ, რომ ამ გამონათქვამმა შენი ბედი მართოს, ვიდრე სიმდიდრისკენ სწრაფვაზე უარი თქვა. განა ის, რომ შეგიძლია ასე მოიქცე, რომ სატანის სიტყვებმა გაგაკონტროლოს და შენით მანიპულირება შეძლოს, არ ნიშნავს, რომ სატანამ შეცდომაში შეგიყვანა და გაგხრწნა? განა ეს არ ნიშნავს, რომ სატანის ფილოსოფიამ და აზრებმა, აგრეთვე სატანის ხასიათმა, შენს გულში ფესვები გაიდგა? როდესაც მიზანსწრაფულად სიმდიდრისკენ ისწრაფვი და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას თავს ანებებ, განა სატანამ ვერ მიაღწია თავის მიზანს — შენს შეცდომაში შეყვანას? სწორედ ასეა. მაშ, შეგიძლია იგრძნო, როდესაც სატანას შეცდომაში შეჰყავხარ და გხრწნის? არ შეგიძლია. თუ ვერ ხედავ სატანას, რომელიც უშუალოდ შენ წინ დგას ან ვერ გრძნობ, რომ სატანა მალულად მოქმედებს, შეძლებ მისი უკეთურების დანახვას? შეძლებ იმის გაგებას, როგორ ხრწნის სატანა კაცობრიობას? სატანა ადამიანს ყოველთვის და ყველგან ხრწნის. სატანა ისე მოქმედებს, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ამ გახრწნისგან თავის დაცვა და მის წინაშე უმწეო აღმოჩნდეს. სატანა ადამიანს აიძულებს, მიიღოს მისი აზრები, მისი შეხედულებები და მისგან მომდინარე უკეთური რაღაცები ისეთ ვითარებაში, როდესაც ადამიანმა არაფერი იცის და ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, და ამ ყველაფრის მიღების შემდეგ ადამიანი მათ არ ეწინააღმდეგება. ის ამ ყველაფერს განძივით უფრთხილდება და მტკიცედ ეჭიდება, საშუალებას აძლევს ამ რაღაცებს, მასზე მანიპულირება მოახდინონ და მისით ითამაშონ; სწორედ ასე ცხოვრობს ადამიანი სატანის ბატონობის ქვეშ და გაუცნობიერებლად ემორჩილება სატანას, ხოლო სატანის მიერ ადამიანის გახრწნა სულ უფრო ღრმავდება.

სატანა ამ რამდენიმე მეთოდს იყენებს ადამიანის გასახრწნელად. ადამიანს აქვს ცოდნა და ესმის ზოგიერთი მეცნიერული პრინციპი; ადამიანი ტრადიციული კულტურის გავლენის ქვეშ ცხოვრობს. ყოველი ადამიანი ტრადიციული კულტურის მემკვიდრეა და თავის სავალდებულო მოვალეობას ასრულებს — აგრძელებს ტრადიციულ კულტურას, რომელიც სატანამ ადამიანს მისცა. ადამიანი ასევე თანამშრომლობს საზოგადოებრივ ტენდენციებთან, რომლებიც სატანას კაცობრიობაში შემოაქვს. ყველა ადამიანი სატანას მიჰყვება და მასთან განუყოფლად არის დაკავშირებული, ადამიანები მუდმივად თანამშრომლობენ სატანასთან ყველაფერში, რასაც ის აკეთებს და იღებენ სხვადასხვა უკეთურ აზრს, შეხედულებასა და სხვადასხვა შხამს, რომლებიც სატანას მათთან მოაქვს, და ყველა მათგანი უარყოფს ღმერთს და ეწინააღმდეგება მას. ადამიანებისთვის სატანის ბატონობის ქვეშ ამგვარად ცხოვრება ბედნიერებაა თუ ტრაგედია? (ტრაგედია). რატომ ამბობთ ამას? (იმიტომ, რომ ადამიანი ამ გახრწნილი რამეებით არის შებოჭილი და კონტროლდება, ცოდვაში ცხოვრობს და მძიმე ბრძოლაშია ჩაფლული). ზოგი ადამიანი სათვალეს ატარებს და ძალიან განათლებულის შთაბეჭდილებას ტოვებს; შესაძლოა, ის მეტად ღირსეულად, მჭევრმეტყველურად და გონივრულად საუბრობდეს. რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გამოვლილი, შესაძლოა, გამოცდილება ჰქონდეთ და ცხოვრებაში ბევრი რამ ჰქონდეთ ნანახი; შესაძლოა, შეეძლოთ დიდი თუ მცირე საკითხების ყველა დეტალის ახსნა; შესაძლოა, ასევე შეეძლოთ საგნების ნამდვილობისა და გონივრულობის შეფასება. ზოგიერთმა შეიძლება შეხედოს ამ ადამიანების ქცევასა და გარეგნობას, აგრეთვე მათ ზნეობრივ მთლიანობას, ადამიანობას, საკუთარი თავის წარმართვას და ა.შ. და ვერანაირი ნაკლი ვერ აღმოაჩინოს მათში. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ თანამედროვე საზოგადოებრივ ტენდენციებთან ადაპტირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შეიძლება ასაკოვანები იყვნენ, ისინი არასოდეს ჩამორჩებიან დროის ტენდენციებს და არასოდეს არიან იმდენად მოხუცები, რომ რაიმე ახალი ვერ ისწავლონ. გარეგნულად ასეთ ადამიანს ვერავინ უპოვის ნაკლს, მაგრამ თავისი შინაგანი არსით ის ადამიანია, რომელიც სატანამ მთლიანად და სრულად გახრწნა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანს გარეგნულად ვერანაირ ნაკლს ვერ უპოვი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იგი მშვიდი და დახვეწილია, აქვს ცოდნა და გარკვეული მორალი, გააჩნია ზნეობრივი მთლიანობა და ცოდნის მხრივ არაფრით ჩამოუვარდება ახალგაზრდებს, თავისი ბუნება-არსებით ასეთი ადამიანი მთლიანად და ყოველმხრივ სატანის ცოცხალი განსახიერებაა და ოდნავადაც არ განსხვავდება სატანისგან. ეს არის სატანის მიერ ადამიანის გახრწნის „ნაყოფი“. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი მტკივნეული იყოს თქვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა. ცოდნა, რომელსაც ადამიანი სწავლობს, მეცნიერება, რომელშიც ის ერკვევა, და საშუალებები, რომლებსაც ის საზოგადოებრივ ტენდენციებთან მოსარგებად ირჩევს, გამონაკლისის გარეშე სატანის მიერ ადამიანის გახრწნის იარაღებია. ეს სრული სიმართლეა. ამრიგად, ადამიანი ცხოვრობს ასეთი ყოვლისმომცველი სატანური გახრწნილი ხასიათით და მას არანაირი საშუალება არ აქვს, გაიგოს, რა არის ღვთის სიწმინდე ან რა არის ღვთის არსი. ეს იმიტომ, რომ გახრწნილი კაცობრიობის თვალში ვერანაირ ნაკლს ვერ უპოვი ამ რაღაცებს, რომლებსაც სატანა ადამიანის გასახრწნელად იყენებს, ხოლო ადამიანების ქცევაში გარეგნულად არაფერია უჩვეულო. ყველა ჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვეულებრივად კითხულობს წიგნებსა და გაზეთებს, ჩვეულებრივად სწავლობს და საუბრობს და ზოგიერთმა გარკვეული ზნეობრივი ნორმები შეითვისა და კარგად შეუძლია საუბარი, გაგებითა და მეგობრულად ეკიდება სხვებს, ეხმარება ადამიანებს და ქველმოქმედებას ეწევა, ან წვრილმანებზე არ ეკიდება ადამიანებს და მათ ხარჯზე სარგებლის მიღებას არ ცდილობს. თუმცა, სატანის მიერ გახრწნილი ადამიანების ხასიათი მათში ღრმად არის ფესვგადგმული და ამ არსის შეცვლა გარე ძალისხმევაზე დაყრდნობით შეუძლებელია. ამ არსის გამო ადამიანს არ შეუძლია ღვთის სიწმინდის შეცნობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიწმინდის არსი ადამიანისთვის ღიაა, ის ამას სერიოზულად არ ეკიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ სატანამ სხვადასხვა საშუალებით უკვე მთლიანად დაიპყრო ადამიანის აზრები და იდეები, შეხედულებები და აზროვნების ფორმები. ეს დაპყრობა და გახრწნა დროებითი ან შემთხვევითი არ არის, არამედ ყველგან და ყოველთვის არსებობს. ამრიგად, უამრავი ადამიანი, რომელსაც ღმერთი სამი ან ოთხი, ან თუნდაც ხუთი ან ექვსი წელია სწამს, კვლავ განძად მიიჩნევს იმ უკეთურ აზრებს, შეხედულებებს, ლოგიკასა და ფილოსოფიებს, რომლებიც სატანამ მათ ჩაუნერგა, და მათზე უარის თქმა არ შეუძლია. ზუსტად იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ადამიანმა მიიღო, სატანის ბუნებიდან მომდინარე უკეთური, ამპარტავანი და ბოროტგანზრახული რამეებისგან შედგება, ადამიანებს შორის ურთიერთობებში გარდაუვლია ხშირი კონფლიქტები, ხშირი დავა წვრილმანებზე და ერთმანეთთან შეუთავსებლობა — ყოველივე ეს სატანის ამპარტავანი ბუნების შედეგია. სატანას რომ კაცობრიობისთვის დადებითი რამეები მიეცა — მაგალითად, ადამიანების მიერ მიღებული კონფუციანელობისა და დაოსიზმის ტრადიციული კულტურა კარგი რომ ყოფილიყო, მაშინ მსგავსი ტიპის ადამიანებს, ამ რამეების მიღების შემდეგ, ერთად ყოფნისას ერთმანეთთან შეთავსება უნდა შესძლებოდათ. მაშ, რატომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებმაც ერთი და იგივე რამეები მიიღეს, ერთად ყოფნისას კიდევ უფრო მეტად იყოფიან? რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ეს რამეები სატანისგან მოდის, ხოლო სატანა ადამიანებს შორის განხეთქილებას აგდებს. რაც არ უნდა ღირსეულად თუ დიდებულად გამოიყურებოდეს გარეგნულად სატანისგან მომდინარე რამეები, მათ ადამიანისთვის მხოლოდ ამპარტავნება მოაქვთ და ადამიანებს მხოლოდ მზაკვრულ და უკეთურ ბუნებას ავლენინებენ. ასე არ არის? რაც არ უნდა ოსტატურად მალავდეს ადამიანი თავის ნამდვილ სახეს, რამდენი ცოდნაც არ უნდა ჰქონდეს და როგორი კარგად აღზრდილიც არ უნდა იყოს, მას მაინც გაუჭირდება თავისი სატანური გახრწნილი ხასიათის დამალვა. ანუ რაც არ უნდა ოსტატურად ირგებდეს ადამიანი გარეგნულად სხვა სახეს, წმინდანად მიგაჩნდეს ის, სრულყოფილად მიიჩნევდე თუ ანგელოზად თვლიდე, რამდენად უბიწოდაც არ უნდა მიგაჩნდეს, როდესაც მის ცხოვრებას კულისებს მიღმა შეხედავ და დაინახავ არსს, რომელიც მის ხასიათში ვლინდება, რა არის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე, მთლიანად სატანის უკეთური ბუნებაა. დასაშვებია ასე ითქვას? (დიახ). მაგალითად, აიღე შენს გარშემო მყოფი ვინმე, რომელსაც ოდესღაც კარგ ადამიანად მიიჩნევდი, კერპი, რომელსაც ოდესღაც ეთაყვანებოდი. შენი ამჟამინდელი სიმწიფის გათვალისწინებით, როგორ უყურებ ახლა ასეთ ადამიანს? უპირველეს ყოვლისა, აკვირდები, აქვს თუ არა ამ ტიპის ადამიანს ადამიანობა, არის თუ არა პატიოსანი, აქვს თუ არა ადამიანების მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული და აკეთილშობილებს ან ეხმარება თუ არა მისი სიტყვები და ქმედებები სხვებს. (არა). რა არის ეგრეთ წოდებული სიკეთე, სიყვარული ან სათნოება, რომელსაც ისინი ავლენენ? ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა, ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული საფარველია. ამ საფარველის მიღმა ფარული უკეთური მიზანი იმალება: აიძულონ ადამიანები, თაყვანი სცენ მათ და კერპებად მიიჩნიონ. ნათლად ხედავთ ამას? (დიახ).

რა მოაქვს კაცობრიობისთვის იმ მეთოდებს, რომლებსაც სატანა ადამიანების გასახრწნელად იყენებს? მოაქვს მას რაიმე დადებითი? უპირველეს ყოვლისა, შეუძლია ადამიანს სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა? შეხედე ამქვეყნიერებას: იქნება ეს რომელიმე ცნობილი ადამიანი თუ გამოჩენილი პიროვნება, ან რომელიმე ჟურნალი თუ გამოცემა, ზუსტია თუ არა მათი კრიტერიუმები სიკეთისა და ბოროტების, სიმართლისა და სიცრუის განსასჯელად? სამართლიანია მათი შეფასებები მოვლენებისა და ადამიანების შესახებ? შეიცავს ისინი ჭეშმარიტებას? აფასებს ეს სამყარო, ეს კაცობრიობა, დადებით და უარყოფით რამეებს ჭეშმარიტების სტანდარტის საფუძველზე? (არა). რატომ არ აქვთ ადამიანებს ამის უნარი? ადამიანებმა ამდენი ცოდნა შეიძინეს და ამდენი რამ იციან მეცნიერების შესახებ, ამიტომ მათ დიდი უნარები აქვთ, ასე არ არის? მაშ, რატომ არ შეუძლიათ მათ დადებითი და უარყოფითი რამეების ერთმანეთისგან გარჩევა? რატომ ხდება ასე? (იმიტომ, რომ ადამიანებს არ აქვთ ჭეშმარიტება; მეცნიერება და ცოდნა ჭეშმარიტება არ არის). ყველაფერი, რაც სატანას კაცობრიობისთვის მოაქვს, უკეთურება და გახრწნაა; მასში არ არის არც ჭეშმარიტება, არც სიცოცხლე და არც გზა. იმ უკეთურებისა და გახრწნის გათვალისწინებით, რომლებიც სატანას ადამიანისთვის მოაქვს, შეგიძლია თქვა, რომ სატანას სიყვარული აქვს? შეგიძლია თქვა, რომ ამ კაცობრიობას სიყვარული აქვს? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ცდები, მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანია, რომელიც ღარიბებს თუ უსახლკაროებს ეხმარება. განა ისინი კარგი ადამიანები არ არიან? არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაციებიც, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ; განა ეს კეთილი საქმე არ არის?“ რას იტყოდი ამაზე? სატანა ადამიანის გასახრწნელად მრავალ სხვადასხვა მეთოდსა და თეორიას იყენებს; არის თუ არა ადამიანის ეს გახრწნა ბუნდოვანი ცნება? არა, ეს ბუნდოვანი არ არის. სატანა გარკვეულ პრაქტიკულ საქმეებსაც აკეთებს და ამქვეყნიერებასა და საზოგადოებაში გარკვეულ შეხედულებას ან თეორიასაც ავრცელებს. ყოველ დინასტიასა და ყოველ ეპოქაში ის ავრცელებს გარკვეულ თეორიას და ადამიანების გონებაში აზრებს ნერგავს. ეს აზრები და თეორიები თანდათან ფესვებს იდგამს ადამიანების გულებში და შემდეგ ადამიანები მათ მიხედვით იწყებენ ცხოვრებას. როდესაც ისინი ამ რაღაცების მიხედვით იწყებენ ცხოვრებას, განა გაუცნობიერებლად სატანებად არ იქცევიან? განა მაშინ ადამიანები სატანას არ ერწყმიან? როდესაც ადამიანები სატანას შეერწყმებიან, როგორია საბოლოოდ მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ? განა ეს იგივე დამოკიდებულება არ არის, რაც სატანას აქვს ღვთის მიმართ? ამის აღიარებას ვერავინ ბედავს, ხომ ასეა? რა შემზარავია! რატომ ვამბობ, რომ სატანის ბუნება უკეთურია? ეს არის სატანის დახასიათება და გაანალიზება იმის საფუძველზე, რაც მან გააკეთა და რაც გაამჟღავნა; ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. უბრალოდ რომ მეთქვა, სატანა უკეთურია-მეთქი, რას იფიქრებდით? იფიქრებდით: „ცხადია, სატანა უკეთურია“. ამიტომ გეკითხები: „სატანის რომელი ასპექტებია უკეთური?“ იტყოდი: „სატანის მიერ ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა უკეთურია“. მაგრამ ამის ნათლად ახსნას მაინც ვერ შეძლებდი. ახლა, როდესაც ამგვარად ვისაუბრე კონკრეტულ საკითხებზე, გესმით სატანის უკეთური არსის კონკრეტული შინაარსი? (დიახ). თუ შეძლებ სატანის უკეთური ბუნების ნათლად დანახვას, მაშინ საკუთარ მდგომარეობებსაც დაინახავ. არის რაიმე კავშირი ამ ორ რამეს შორის? სასარგებლოა ეს თქვენთვის თუ არა? (სასარგებლოა). როდესაც ღვთის სიწმინდის არსის შესახებ ვსაუბრობ და თანაზიარება მაქვს, აუცილებელია, რომ სატანის უკეთური არსის შესახებაც ვისაუბრო და თანაზიარება ვიქონიო? რა აზრის ხართ ამის შესახებ? (დიახ, აუცილებელია). რატომ? (სატანის უკეთურება ღვთის სიწმინდეს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს). ეს მართლაც ასეა? ეს ნაწილობრივ სწორია, იმ გაგებით, რომ სატანის უკეთურების გარეშე ადამიანებს არ ეცოდინებოდათ, რომ ღმერთი წმინდაა; ამის თქმა სწორია. თუმცა, თუ იტყვი, რომ ღვთის სიწმინდე მხოლოდ სატანის უკეთურებასთან შეპირისპირების გამო არსებობს, სწორია ეს? თუკი ამგვარ დიალექტიკურ ჭრილში ლაპარაკობ, მაშინ ეს მცდარია. ღვთის სიწმინდე ღვთის თანდაყოლილი არსია; მაშინაც კი, როდესაც ღმერთი მას თავისი საქმეებით ამჟღავნებს, ეს მაინც ღვთის არსის ბუნებრივი გაცხადებაა და კვლავაც ღვთის თანდაყოლილი არსია; ის ყოველთვის არსებობდა და თვით ღმერთისთვის შინაგანი და თანდაყოლილია. უბრალოდ, ადამიანს მისი დანახვა არ შეუძლია, რადგან ის სატანური გახრწნილი ხასიათების გარემოცვაში და სატანის გავლენის ქვეშ ცხოვრობს და არ იცის, რა არის სიწმინდე, მით უმეტეს, რა არის ღვთის სიწმინდის კონკრეტული შინაარსი. მაშ, აუცილებელია, რომ თავდაპირველად სატანის უკეთური არსის შესახებ ვიქონიოთ თანაზიარება? (დიახ, აუცილებელია). ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გარკვეული ეჭვი გამოთქვას: „შენ თავად ღვთის შესახებ გაქვს თანაზიარება, მაშ, რატომ საუბრობ ყოველთვის იმაზე, თუ როგორ ხრწნის სატანა ადამიანებს და რატომ საუბრობ ყოველთვის სატანის უკეთურ ბუნებაზე?“ ახლა ხომ უკვე გაიფანტა თქვენი ეს ეჭვი, ასე ხომ არის? როდესაც ადამიანები სატანის უკეთურებას გაარჩევენ და როდესაც მას ზუსტ განსაზღვრებას მისცემენ, როდესაც ადამიანები შეძლებენ უკეთურების კონკრეტული შინაარსისა და გამოვლინების ნათლად დანახვას, უკეთურების წყაროსა და არსის ნათლად დანახვას, მხოლოდ მაშინ შეძლებენ, ღვთის სიწმინდის შესახებ თანაზიარების მეშვეობით ნათლად გააცნობიერონ ან შეიცნონ, რა არის ღვთის სიწმინდე, რა არის სიწმინდე. თუ სატანის უკეთურების შესახებ არ ვისაუბრებ, ზოგიერთი ადამიანი შეცდომით დაიჯერებს, რომ გარკვეული რაღაცები, რომლებსაც ადამიანები საზოგადოებაში და კაცობრიობის წიაღში აკეთებენ, ან გარკვეული რაღაცები, რომლებიც ამქვეყნიერებაში არსებობს, შესაძლოა, რაღაც კავშირში იყოს სიწმინდესთან. განა ეს არასწორი შეხედულება არ არის? (დიახ, არის).

ახლა, როდესაც სატანის არსის შესახებ ამგვარად მქონდა თანაზიარება, ღვთის სიწმინდის შესახებ როგორი გაგება შეიძინეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით, ღვთის სიტყვების კითხვითა და მისი საქმის პირადად განცდით? აბა, ისაუბრეთ ამის შესახებ. არ არის აუცილებელი, ყურისთვის საამო სიტყვებით ისაუბრო, უბრალოდ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრე. ღვთის სიწმინდე მხოლოდ მის სიყვარულში მდგომარეობს? შეიძლება, რომ მხოლოდ ღვთის სიყვარულზე ითქვას, რომ ის სიწმინდეა? ეს მეტისმეტად ცალმხრივი იქნებოდა, ასე არ არის? ღვთის სიყვარულის გარდა, არსებობს მისი არსის სხვა ასპექტებიც? გინახავთ ისინი? (დიახ. ღმერთს სძულს ფესტივალები და დღესასწაულები, ადათ-წესები და ცრურწმენები; ესეც ღვთის სიწმინდეა). ღმერთი წმინდაა, ამიტომ მას ეს ყველაფერი სძულს; ამას გულისხმობ? საბოლოო ჯამში, რა არის ღვთის სიწმინდე? ნუთუ ღვთის სიწმინდეს არავითარი რეალური შინაარსი არ აქვს, გარდა სიძულვილისა? გონებაში ასე ფიქრობთ: „რადგან ღმერთს სძულს ეს უკეთური რამეები, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი წმინდაა“? განა ეს ერთგვარი მსჯელობა არ არის? განა ეს ექსტრაპოლირებისა და განკითხვის ერთ-ერთი ფორმა არ არის? რა არის ყველაზე დიდი ტაბუ, როდესაც საქმე ღვთის არსის გაგებას ეხება? (ეს არის ის, როდესაც რეალობას ვწყდებით და ამის ნაცვლად მოძღვრებებზე ვსაუბრობთ). ეს ყველაზე დიდი ტაბუა. კიდევ არის რამე? (მსჯელობა და წარმოსახვა). ესენიც სერიოზული ტაბუებია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მსჯელობა და წარმოსახვა? ის, რასაც მსჯელობით ასკვნი და წარმოიდგენ, ნამდვილად ისაა, რისი დანახვაც შეგიძლია? არის ეს ღვთის ჭეშმარიტი არსი? (არა). კიდევ რას უნდა ავარიდოთ თავი? ტაბუდადებულია თუ არა ღვთის არსის ჩამოსათვლელად და აღსაწერად ყურისთვის საამო სიტყვების გამოყენება? (დიახ). განა ეს პომპეზური არ არის? განა ეს უაზრო ლაპარაკი არ არის? განკითხვასა და მსჯელობაზე დაფუძნებული საუბარი უაზრობაა, ხოლო მხოლოდ ყურისთვის საამო სიტყვების შერჩევაც უაზრო ლაპარაკია. ფუჭი ქებაც უაზრო ლაპარაკია, ასე არ არის? სიამოვნებს ღმერთს ადამიანებისგან ამგვარი უაზრო ლაპარაკის მოსმენა? (არა, არ სიამოვნებს). ამის მოსმენა მას დისკომფორტს უქმნის! ღმერთი ადამიანთა ერთ ჯგუფს წინამძღოლობს და იხსნის. მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის ადამიანები მის სიტყვებს მოისმენენ, ისინი ვერასოდეს იგებენ, რას გულისხმობს იგი. ვინმემ შეიძლება იკითხოს: „ღმერთი კეთილია?“ ისინი კი უპასუხებენ: „დიახ!“ „რამდენად კეთილია?“ „ძალიან კეთილია!“ „უყვარს ღმერთს ადამიანი?“ „დიახ!“ „რამდენად? შეგიძლია ეს აღწერო?“ „ძალიან ძლიერ! ღვთის სიყვარული ზღვაზე ღრმაა და ცაზე მაღალი!“ განა ეს სიტყვები უაზრო ლაპარაკი არ არის? და განა ეს უაზრო ლაპარაკი არ ჰგავს იმას, რაც ახლახან თქვით: „ღმერთს სძულს სატანის გახრწნილი ხასიათები და ამიტომ ღმერთი წმინდაა“? (დიახ). განა ის, რაც ახლახან თქვით, უაზრო ლაპარაკი არ არის? და საიდან მოდის ნათქვამი უაზრობების უმრავლესობა? ნათქვამი უაზრობები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უპასუხისმგებლობიდან და ღვთისმოშიშების უქონლობიდან მომდინარეობს. შეიძლება ასე ვთქვათ? შენ არავითარი გაგება არ გქონდა, მაგრამ მაინც უაზრობას ლაპარაკობდი. განა ეს უპასუხისმგებლობა არ არის? განა ეს ღვთისადმი უპატივცემულობა არ არის? შენ გარკვეული ცოდნა შეიძინე, გარკვეული მსჯელობა და ლოგიკა გაიგე, შემდეგ კი ეს ყველაფერი გამოიყენე და, უფრო მეტიც, ღვთის შესაცნობ საშუალებად აქციე. როგორ ფიქრობ, ღმერთს სწყინს, როდესაც შენი ასეთი საუბარი ესმის? როგორ შეგიძლიათ ამ მეთოდების გამოყენებით ღვთის შეცნობა სცადოთ? როდესაც ასე საუბრობ, განა ეს უხერხულად არ ჟღერს? ამიტომ, როდესაც საქმე ღვთის შესახებ ცოდნას ეხება, ადამიანი ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოს. ღვთის შესახებ მხოლოდ იმდენი ისაუბრე, რამდენიც იცი; ისაუბრე გულწრფელად და პრაქტიკულად. ნუ მიმართავ ფუჭ თავაზიან ფრაზებს და ნუ გამოიყენებ პირფერობას; ღმერთს ეს არ სჭირდება; ასეთი რამ სატანისგან მოდის. სატანის ხასიათი ამპარტავანია; სატანას უყვარს, როდესაც ეპირფერებიან და სასიამოვნო სიტყვებს ეუბნებიან. სატანა კმაყოფილი და ბედნიერი იქნება, თუ ადამიანები ყველა იმ სასიამოვნო სიტყვას ჩამოთვლიან, რომელიც ისწავლეს და მათ სატანის მიმართ გამოიყენებენ. მაგრამ ღმერთს ეს არ სჭირდება; ღმერთს არ სჭირდება ხოტბის შესხმა ან პირფერობა და არც ის სჭირდება, რომ ადამიანებმა თვალები დახუჭონ, უაზროდ ილაპარაკონ და ბრმად აქონ იგი. ღმერთს სძულს რეალობასთან შეუსაბამო ქება და პირფერობა და მათ არც კი მოუსმენს. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი ადამიანი არაგულწრფელად და ბრმად ადიდებს ღმერთს, აღთქმებს დებს და მისდამი ლოცულობს, ღმერთი საერთოდ არ უსმენს. პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმაზე, რასაც ამბობ. თუ რამე არ იცი, უბრალოდ თქვი, რომ არ იცი; თუ რამე იცი, პრაქტიკულად გამოხატე. მაშ, გაქვთ ჭეშმარიტი გაგება იმისა, თუ რა კონკრეტულ და რეალურ შინაარსს შეიცავს ღვთის სიწმინდე? (როდესაც ურჩობა გამოვამჟღავნე, როდესაც გადაცდომები ჩავიდინე, ღვთის განკითხვა და გაკიცხვა დამატყდა თავს და ამაში ღვთის სიწმინდე დავინახე. ხოლო როდესაც ისეთ გარემოებებში აღმოვჩნდი, რომლებიც ჩემს ნებას არ შეესაბამებოდა, ამ რაღაცებზე ვლოცულობდი და ღვთის განზრახვებს ვეძიებდი, და როდესაც ღმერთი თავისი სიტყვებით ნათელს მფენდა და მწინამძღოლობდა, მის სიწმინდეს ვხედავდი). ეს ის არის, რაც გამოცდილებით გააცნობიერე. (ღვთის ნათქვამიდან დავინახე, რად იქცა ადამიანი მას შემდეგ, რაც სატანამ გახრწნა და ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ღმერთი ჩვენ გადასარჩენად უყოყმანოდ გადაიხდის ნებისმიერ ფასს და ამაში მის სიწმინდეს ვხედავ). ამგვარი საუბარი საკმაოდ პრაქტიკულია; ეს ჭეშმარიტი ცოდნაა. არსებობს ამის გაგების სხვა გზებიც? (სატანის უკეთურებას ვხედავ იმ სიტყვებიდან, რომლებიც მან ევას ცოდვისკენ საცდუნებლად წარმოთქვა, და უფალი იესოს ცდუნებიდან. იმ სიტყვებიდან, რომლებითაც ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა, რისი ჭამა შეეძლოთ და რისი — არა, ვხედავ, რომ ღმერთი პირდაპირ, ნათლად და სანდოდ საუბრობს; ამაში ღვთის სიწმინდეს ვხედავ). ზემოთ მოყვანილი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, ვისი სიტყვები აღგძრავთ ყველაზე მეტად, რომ თქვათ „ამინ“? ვისი თანაზიარება იყო დღევანდელი თანაზიარების თემასთან უფრო ახლოს და უფრო პრაქტიკული? როგორი იყო ბოლო დის თანაზიარება? (კარგი). თქვენ ამბობთ „ამინ“ მის ნათქვამზე. რა თქვა მან ისეთი, რაც პირდაპირ მიზანში მოხვდა? (იმ სიტყვებიდან, რომლებიც დამ ახლახან წარმოთქვა, გავიგე, რომ ღმერთი ძალიან პირდაპირ და გასაგებად საუბრობს და ეს სულაც არ ჰგავს სატანის მიკიბვ-მოკიბვას. ამაში ღვთის სიწმინდე დავინახე). ეს ამის ნაწილია. სწორი იყო ეს? (დიახ). ძალიან კარგი. ვხედავ, რომ ბოლო ორი თანაზიარების განმავლობაში რაღაც შეიძინეთ, მაგრამ გულმოდგინე შრომა უნდა გააგრძელოთ, რადგან ღვთის არსის შეცნობა მეტად სიღრმისეული გაკვეთილია; ეს არ არის ისეთი რამ, რისი ნათლად ახსნაც ერთ-ორ დღეში ან ერთი-ორი წინადადებით შეიძლება.

ადამიანების სატანური გახრწნილი ხასიათების ყოველი ასპექტი, ცოდნა, ფილოსოფია, ადამიანების აზრები და შეხედულებები, აგრეთვე ცალკეული ადამიანების გარკვეული პიროვნული ასპექტები მათ მეტად უშლის ხელს ღვთის არსის შეცნობაში; ამიტომ, როდესაც ამ თემებს ისმენთ, ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენი გაგების ფარგლებს სცდებოდეს; ზოგიერთი შეიძლება ვერ გაიგოთ, ხოლო ზოგიერთის რეალობასთან დაკავშირება შეიძლება პრინციპულად ვერ შეძლოთ. მიუხედავად ამისა, მოვისმინე, როგორ გესმით ღვთის სიწმინდე და ვიცი, რომ თქვენს გულებში იწყებთ იმის აღიარებას, რაც ღვთის სიწმინდის შესახებ ვთქვი და რაზეც თანაზიარება მქონდა. ვიცი, რომ თქვენს გულებში ღვთის სიწმინდის არსის შეცნობის წადილი აღმოცენებას იწყებს. კიდევ უფრო მეტად მახარებს ის, რომ ზოგიერთ თქვენგანს უკვე შეუძლია, უმარტივესი სიტყვებით აღწეროს თავისი ცოდნა ღვთის სიწმინდის შესახებ. მართალია, ამის თქმა ადვილია და ადრეც მითქვამს, მაგრამ თქვენს უმეტესობას გულში ჯერაც არ უღიარებია ეს სიტყვები და ისინი თქვენს გონებაში არ აღბეჭდილა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა თქვენგანმა ეს სიტყვები დაიმახსოვრა. ეს ძალიან კარგია და მეტად იმედისმომცემი დასაწყისია. ვიმედოვნებ, კვლავაც სულ უფრო მეტად ჩაუღრმავდებით იმ საკითხებს და გექნებათ თანაზიარება, რომლებსაც სიღრმისეულად მიიჩნევთ, ან იმ საკითხებს, რომლებსაც ჯერ ვერ სწვდებით. იმ სფეროებში, რომლებსაც ვერ სწვდებით, გამოჩნდება ვინმე, ვინც მეტ წინამძღოლობას გაგიწევთ. უბრალოდ მეტი თანაზიარება იქონიეთ იმ საკითხებზე, რომელთა გაგებაც ახლა შეგიძლიათ; როდესაც თანაზიარება გექნებათ, სულიწმიდა იმოქმედებს და საშუალებას მოგცემთ, მეტი გაიგოთ. ღვთის არსის გაგებასა და ღვთის არსის შეცნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველი ადამიანის სიცოცხლეში შესვლისთვის. იმედი მაქვს, რომ ამას უყურადღებოდ არ მოეკიდებით და თამაშად არ მიიჩნევთ, რადგან ღვთის შეცნობა ადამიანის რწმენის საფუძველია და გასაღებია იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას ესწრაფოდეს და ცხონებას მიაღწიოს. თუ ადამიანებს ღვთის რწმენა აქვთ, მაგრამ არ იცნობენ მას, თუ ისინი მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით ცხოვრობენ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ცხონების მიღწევას, მაშინაც კი, თუ ჭეშმარიტების ზედაპირული მნიშვნელობის შესაბამისად მოქმედებენ და ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გწამს ღმერთი, მაგრამ არ იცნობ მას, მაშინ შენი რწმენა სრულიად ამაოა და მასში არანაირი რეალობა არ არის. გესმით, ხომ ასეა? (დიახ, გვესმის). ამით დასრულდება ჩვენი დღევანდელი თანაზიარება.

2014 წლის 4 იანვარი

წინა: თავად ღმერთი, ერთადერთი IV

შემდეგი: თავად ღმერთი, ერთადერთი VII

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება