რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო
ყველა ადამიანში არსებული საერთო პრობლემა ის არის, რომ მათ ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ ვერ ახერხებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ეს იმიტომ ხდება, რომ, ერთი მხრივ, არ სურთ საფასურის გადახდა, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გარჩევის უნარი მეტისმეტად სუსტია. მათ არ შეუძლიათ ყოველდღიური ცხოვრების მრავალი სირთულის რეალური არსის დანახვა და არ იციან, როგორ იმოქმედონ სწორად. რადგან ადამიანთა გამოცდილება მეტისმეტად ზედაპირულია, მათი სულიერი მონაცემები — მეტისმეტად მწირი, ხოლო ჭეშმარიტების გაგების ხარისხი — შეზღუდული, მათ არანაირად არ შეუძლიათ იმ სირთულეების გადაჭრა, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მათ ღმერთი მხოლოდ სიტყვით სწამთ და არ შესწევთ უნარი, შემოიყვანონ ღმერთი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ, ღმერთი ღმერთია, ცხოვრება კი — ცხოვრება, და თითქოს ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაში ღმერთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. ასე ფიქრობს ყველა. ღვთისადმი ამგვარი რწმენით, ადამიანები რეალურად ვერ იქნებიან მის მიერ მოპოვებულნი და სრულქმნილნი. სინამდვილეში, საქმე ის კი არ არის, რომ ღვთის სიტყვა სრულყოფილად არ გაცხადებულა, არამედ ის, რომ ადამიანთა აღქმის უნარია მეტისმეტად სუსტი. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არავინ მოქმედებს ღვთის თავდაპირველი სურვილების შესაბამისად, პირიქით, მათი ღვთისადმი რწმენა ეფუძნება მათსავე სურვილებს, წარსულში არსებულ რელიგიურ წარმოდგენებსა და მოქმედების საკუთარ მეთოდებს. ცოტანი თუ განიცდიან ტრანსფორმაციას ღვთის სიტყვის მიღების შემდეგ და იწყებენ მისი განზრახვების შესაბამისად მოქმედებას. ნაცვლად ამისა, ისინი ჯიუტად რჩებიან თავიანთ მცდარ რწმენაში. როდესაც ადამიანები იწყებენ ღვთისადმი რწმენას, ისინი ამას რელიგიის ტრადიციულ წესებზე დაყრდნობით აკეთებენ, ცხოვრობენ, იქცევიან და სამყაროსთან ურთიერთობენ მთლიანად თავიანთი ამქვეყნიური ფილოსოფიის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ ათიდან ცხრა ადამიანის შემთხვევაში ასეა. ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ღვთისადმი რწმენის დაწყების შემდეგ ახალ გეგმას შეიმუშავებს და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს. კაცობრიობამ ვერ შეძლო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებად მიღება და მისი პრაქტიკაში შესაბამისად გამოყენება.
ავიღოთ, მაგალითად, იესოს რწმენა. განურჩევლად იმისა, ახლად იყო რწმენაში შესული თუ დიდი ხნის განმავლობაში სწამდა, ყველა უბრალოდ იყენებდა იმ ნიჭს, რაც გააჩნდა, და ავლენდა იმ უნარებს, რასაც ფლობდა. ადამიანებმა თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრალოდ დაამატეს ეს ორი სიტყვა: „ღვთისადმი რწმენა“, თუმცა არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ თავიანთ ხასიათში და მათი რწმენა ღვთისადმი ოდნავადაც არ გაზრდილა. მათი სწრაფვა არც გულმოდგინე იყო და არც გულგრილი. ისინი არ ამბობდნენ, რომ უარს იტყოდნენ თავიანთ რწმენაზე, მაგრამ ყველაფერსაც არ უძღვნიდნენ ღმერთს. მათ ჭეშმარიტად არასოდეს ჰყვარებიათ ღმერთი და არც არასოდეს მორჩილებდნენ მას. მათი რწმენა ღვთისადმი ნამდვილისა და ყალბის ნაზავი იყო, ისინი ამას ერთი გახელილი და ერთი დახუჭული თვალით უდგებოდნენ და არ იყვნენ გულწრფელნი თავიანთი რწმენის პრაქტიკაში გამოყენებისას. ისინი აგრძელებდნენ ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში ყოფნას და, საბოლოოდ, დაბნეულობაშივე კვდებოდნენ. რა აზრი აქვს ყოველივე ამას? დღეს, როგორც პრაქტიკული ღმერთის მორწმუნე, სწორ გზას უნდა დაადგე. ღვთისადმი შენს რწმენაში მხოლოდ კურთხევებს არ უნდა ეძებდე, პირიქით, უნდა მიისწრაფოდე ღვთის სიყვარულისა და ღვთის შეცნობისკენ. მისი ნათლის მონიჭებითა და შენი პირადი ძალისხმევით, უნდა შეგეძლოს მისი სიტყვის ჭამა და სმა, ღვთის რეალური გაგების ჩამოყალიბება და ღვთისადმი ნამდვილი სიყვარულის ქონა, რომელიც გულის სიღრმიდან მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც შენი სიყვარული ღვთისადმი ყველაზე გულწრფელია და არავის შეუძლია გაანადგუროს ან წინ აღუდგეს შენს სიყვარულს მის მიმართ, სწორედ მაშინ ხარ სწორ გზაზე ღვთისადმი რწმენაში. ეს ამტკიცებს, რომ შენ ეკუთვნი ღმერთს, რადგან შენი გული უკვე ღვთის მფლობელობაშია და სხვა ვეღარაფერი დაგეუფლება. შენი გამოცდილებით, შენ მიერ გადახდილი საფასურითა და ღვთის საქმით, შეგიძლია გაგიჩნდეს თავისთავადი სიყვარული ღვთისადმი — და როდესაც ამას იზამ, გათავისუფლდები სატანის გავლენისგან და იცხოვრებ ღვთის სიტყვის ნათელში. მხოლოდ მაშინ, როცა სიბნელის გავლენისგან გათავისუფლდები, შეიძლება ითქვას, რომ მოიპოვე ღმერთი. ღვთისადმი შენს რწმენაში უნდა ეცადო, რომ ამ მიზანს მისდიო. ეს თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობაა. არცერთი თქვენგანი არ უნდა დაკმაყოფილდეს საქმეთა ამჟამინდელი ვითარებით. არ შეიძლება ორჭოფობდეთ ღვთის საქმის მიმართ და უგულისყუროდ ეკიდებოდეთ მას. უნდა იფიქროთ ღმერთზე ყოველმხრივ და ყოველთვის, და ყველაფერი აკეთოთ მისთვის. თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში ღვთის სახლის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, იყოთ ღვთის განზრახვებთან თანხვედრაში.
ღვთისადმი თავიანთ რწმენაში ადამიანთა უდიდესი ნაკლი ის არის, რომ მათ ღმერთი მხოლოდ სიტყვით სწამთ და იგი სრულიად არ არის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ყველა ადამიანს სწამს ღვთის არსებობა, თუმცა ღმერთი არ არის მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ადამიანთა ბაგეები მრავალ ლოცვას წარმოთქვამს ღვთის მიმართ, მაგრამ მათ გულებში ღვთისთვის მცირე ადგილია, ამიტომ ღმერთი მათ კვლავ და კვლავ გამოცდას უწყობს. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები უწმინდურნი არიან, ღმერთს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ გამოსცადოს ისინი, რათა ამ გამოცდების დროს შერცხვეთ და საკუთარი თავი შეიცნონ. ასე რომ არ იყოს, კაცობრიობა მთავარანგელოზის შთამომავლებად გადაიქცეოდა და სულ უფრო მეტად გაიხრწნებოდა. ღვთის რწმენის პროცესში თითოეული ადამიანი იშორებს მრავალ პირად ზრახვასა და მიზანს ღვთის განუწყვეტელი გაწმენდის ქვეშ. ასე რომ არ იყოს, ღმერთს არანაირი გზა არ ექნებოდა ვინმეს გამოსაყენებლად და არანაირი გზა, რათა ადამიანებში ის საქმე აღესრულებინა, რაც უნდა აღასრულოს. ღმერთი ჯერ გაწმენდს ადამიანებს და ამ პროცესის მეშვეობით მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა, ღმერთს კი — მათი შეცვლა. მხოლოდ ამის შემდეგ ნერგავს ღმერთი თავის სიცოცხლეს მათში და მხოლოდ ასე შეიძლება მათი გულები სრულად მიუბრუნდეს ღმერთს. ამიტომ ვამბობ, ღვთის რწმენა არ არის ისეთი მარტივი, როგორც ადამიანები ამბობენ. ღვთის თვალით, თუ შენ მხოლოდ ცოდნა გაქვს, მაგრამ არ გაქვს მისი სიტყვა, როგორც სიცოცხლე, და თუ მხოლოდ საკუთარი ცოდნით შემოიფარგლები, მაგრამ არ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გატარება ან ღვთის სიტყვით ცხოვრება, მაშინ ეს კვლავაც იმის მტკიცებულებაა, რომ შენ არ გაქვს ღვთისმოყვარე გული და ეს აჩვენებს, რომ შენი გული არ ეკუთვნის ღმერთს. ადამიანს შეუძლია შეიცნოს ღმერთი მისდამი რწმენით: ეს არის საბოლოო მიზანი და ადამიანის სწრაფვის მიზანი. შენ ძალისხმევა უნდა ჩადო ღვთის სიტყვებით ცხოვრებაში, რათა მათ ნაყოფი გამოიღონ შენს პრაქტიკაში. თუ შენ მხოლოდ მოძღვრებების ცოდნა გაქვს, მაშინ შენი რწმენა ღვთისადმი ფუჭი აღმოჩნდება. მხოლოდ მაშინ, თუ შენ ასევე პრაქტიკაში გამოიყენებ და იცხოვრებ მისი სიტყვით, შეიძლება ჩაითვალოს შენი რწმენა სრულყოფილად და ღვთის განზრახვებთან თანხვედრაში მყოფად. ამ გზაზე ბევრ ადამიანს შეუძლია ისაუბროს დიდ ცოდნაზე, მაგრამ სიკვდილის ჟამს მათი თვალები ცრემლებით ივსება და სძულთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ ცხოვრება ტყუილად გაფლანგეს და ღრმა სიბერემდე ფუჭად იცხოვრეს. მათ მხოლოდ მოძღვრებები ესმით, მაგრამ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება ან ღვთის დამოწმება; ისინი უბრალოდ აქეთ-იქით დარბიან, ყურებამდე არიან საქმეში ჩაფლულნი და მხოლოდ სიკვდილის პირას ხედავენ საბოლოოდ, რომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი მოწმობა, რომ საერთოდ არ იცნობენ ღმერთს. და განა ეს მეტისმეტად გვიანი არ არის? რატომ არ იყენებ დღევანდელ დღეს და არ მიისწრაფვი იმ ჭეშმარიტებისკენ, რომელიც გიყვარს? რატომ ელოდები ხვალინდელ დღეს? თუ სიცოცხლეში ჭეშმარიტებისთვის არ იტანჯები ან მის მოპოვებას არ ცდილობ, ნუთუ ის გსურს, რომ შენს სასიკვდილო სარეცელზე სინანული იგრძნო? თუ ასეა, მაშინ რაღატომ გწამს ღმერთის? სინამდვილეში, არსებობს მრავალი საკითხი, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და ღვთის დაკმაყოფილება, თუ ისინი სულ მცირეოდენ ძალისხმევას მაინც გამოიჩენენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა გონება მუდამ დაბინდულია, მათ არ შეუძლიათ ღვთის გულისთვის მოქმედება და გამუდმებით საკუთარი ხორცის კეთილდღეობისთვის ფუსფუსებენ ისე, რომ საბოლოოდ ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ. სწორედ ამიტომ, ადამიანები მუდმივად იტანჯებიან პრობლემებითა და სირთულეებით. განა ეს სატანის სატანჯველი არ არის? განა ეს ხორცის გახრწნილება არ არის? შენ არ უნდა ეცადო ღვთის მოტყუებას ფუჭი სიტყვებით — შენ რეალურად უნდა განახორციელო პრაქტიკაში. ნუ მოიტყუებ თავს — რა აზრი ექნებოდა ამას? რის მოპოვებას შეძლებ საკუთარი ხორცის გულისთვის ცხოვრებითა და დიდებისა და გამორჩენისთვის ბრძოლით?