რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო

ყველა ადამიანში არსებული საერთო პრობლემა ის არის, რომ მათ ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ ვერ ახერხებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ეს იმიტომ ხდება, რომ, ერთი მხრივ, არ სურთ საფასურის გადახდა, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გარჩევის უნარი მეტისმეტად სუსტია. მათ არ შეუძლიათ ყოველდღიური ცხოვრების მრავალი სირთულის რეალური არსის დანახვა და არ იციან, სწორად როგორ განახორციელონ პრაქტიკაში. რადგან ადამიანთა გამოცდილება მეტისმეტად ზედაპირულია, მათი სულიერი მონაცემები — მეტისმეტად მწირი, ხოლო ჭეშმარიტების გაგების ხარისხი — შეზღუდული, მათ არანაირად არ შეუძლიათ იმ სირთულეების გადაჭრა, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მათ ღმერთი მხოლოდ სიტყვით სწამთ და არ შესწევთ უნარი, შემოიყვანონ ღმერთი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ, ღმერთი ღმერთია, ცხოვრება კი — ცხოვრება, და თითქოს ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაში ღმერთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. ასე ფიქრობს ყველა. ღვთის ამგვარი რწმენით, ადამიანები პრაქტიკაში ვერ იქნებიან ღვთის მიერ მოპოვებულნი და სრულყოფილნი. სინამდვილეში ის კი არ არის, რომ ღვთის სიტყვა არ გამოითქვა ნათლად, არამედ უბრალოდ ადამიანის აღქმის უნარია მეტისმეტად სუსტი. შეიძლება ითქვას, თითქმის არავინ მოქმედებს ღვთის თავდაპირველი წადილისამებრ, არამედ თითოეული საკუთარი ნებით მოქმედებს. ყველას ისე სწამს ღმერთი, როგორც წარსულში ჩამოყალიბებული რელიგიური წარმოდგენები და საკუთარი მიდგომები უკარნახებს. ცოტანი თუ განიცდიან ტრანსფორმაციას ღვთის სიტყვის მიღების შემდეგ და იწყებენ მისი განზრახვების შესაბამისად მოქმედებას. ნაცვლად ამისა, გონს მოსვლაზე უარს ამბობენ. როდესაც ადამიანები იწყებენ ღვთისადმი რწმენას, ისინი ამას რელიგიის ტრადიციულ წესებზე დაყრდნობით აკეთებენ, ცხოვრობენ, იქცევიან და სამყაროსთან ურთიერთობენ მთლიანად თავიანთი ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ ათიდან ცხრა ადამიანის შემთხვევაში ასეა. ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ღვთისადმი რწმენის დაწყების შემდეგ ახალ გეგმას შეიმუშავებს და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს. კაცობრიობამ ვერც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებად აღქმა შეძლო და ვერც მისი ჭეშმარიტებისამებრ პრაქტიკაში გამოყენება.

ავიღოთ, მაგალითად, იესოს რწმენა. განურჩევლად იმისა, ახლად იყო რწმენაში შესული თუ დიდი ხნის განმავლობაში სწამდა, ყველა უბრალოდ იყენებდა იმ ნიჭს, რაც გააჩნდა, და ავლენდა იმ უნარებს, რასაც ფლობდა. ადამიანებმა თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრალოდ დაამატეს ეს ორი სიტყვა: „ღვთისადმი რწმენა“, თუმცა არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ თავიანთ ხასიათში და მათი რწმენა ღვთისადმი ოდნავადაც არ გაზრდილა. მათი სწრაფვა არც ცხელი იყო და არც ცივი. ისინი არ ამბობდნენ, რომ უარს იტყოდნენ თავიანთ რწმენაზე, მაგრამ ყველაფერსაც არ უძღვნიდნენ ღმერთს. მათ ჭეშმარიტად არასოდეს ჰყვარებიათ ღმერთი და არც არასოდეს დამორჩილებიან მას. მათი რწმენა ღვთისადმი ნამდვილისა და ყალბის ნაზავი იყო, ისინი ამას ერთი გახელილი და ერთი დახუჭული თვალით უდგებოდნენ და არ იღებდნენ ამას სერიოზულად. ისინი აგრძელებდნენ ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში ყოფნას და, საბოლოოდ, დაბნეულობაშივე კვდებოდნენ. რა აზრი აქვს ყოველივე ამას? დღეს, როგორც პრაქტიკული ღმერთის მორწმუნე, სწორ გზას უნდა დაადგე. ღვთისადმი შენს რწმენაში მხოლოდ კურთხევებს არ უნდა ეძებდე, პირიქით, უნდა მიისწრაფოდე ღვთის სიყვარულისა და ღვთის შეცნობისკენ. მის მიერ ნათლის მოფენითა და შენი პირადი სწრაფვით, უნდა შეგეძლოს მისი სიტყვის ჭამა და სმა, ღვთის რეალური გაგების ჩამოყალიბება და ღვთისადმი ნამდვილი სიყვარულის ქონა, რომელიც გულის სიღრმიდან მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც შენი სიყვარული ღვთისადმი ყველაზე გულწრფელია და არავის შეუძლია გაანადგუროს ან წინ აღუდგეს შენს სიყვარულს მის მიმართ, სწორედ მაშინ ხარ სწორ გზაზე ღვთისადმი რწმენაში. ეს ამტკიცებს, რომ შენ ეკუთვნი ღმერთს, რადგან შენი გული უკვე ღვთის მფლობელობაშია და სხვა ვეღარაფერი დაგეუფლება. შენი გამოცდილებით, შენ მიერ გადახდილი საფასურითა და ღვთის საქმით, შეგიძლია გაგიჩნდეს თავისთავადი სიყვარული ღვთისადმი — და როდესაც ამას იზამ, გათავისუფლდები სატანის გავლენისგან და იცხოვრებ ღვთის სიტყვის ნათელში. მხოლოდ მაშინ, როცა სიბნელის გავლენისგან გათავისუფლდები, შეიძლება ითქვას, რომ მოიპოვე ღმერთი. ღვთისადმი შენს რწმენაში უნდა ეცადო ამ მიზნისკენ სწრაფვას. ეს თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობაა. არცერთი თქვენგანი არ უნდა დაკმაყოფილდეს საქმეთა ამჟამინდელი ვითარებით. არ შეიძლება ორჭოფობდეთ ღვთის საქმის მიმართ და უგულისყუროდ ეკიდებოდეთ მას. უნდა იფიქროთ ღმერთზე ყოველმხრივ და ყოველთვის, და ყველაფერი აკეთოთ მისთვის. თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში ღვთის სახლის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, იყოთ ღვთის განზრახვებთან თანხვედრაში.

ღვთისადმი თავიანთ რწმენაში ადამიანთა უდიდესი ნაკლი ის არის, რომ მათ ღმერთი მხოლოდ სიტყვით სწამთ და იგი სრულიად არ არის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ყველა ადამიანს სწამს ღვთის არსებობა, თუმცა ღმერთი არ არის მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ადამიანთა ბაგეები მრავალ ლოცვას წარმოთქვამს ღვთის მიმართ, მაგრამ მათ გულებში ღვთისთვის მცირე ადგილია, ამიტომ ღმერთი მათ კვლავ და კვლავ გამოსცდის. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები უწმინდურნი არიან, ღმერთს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ გამოსცადოს ისინი, რათა ამ განსაცდელების დროს შერცხვეთ და საკუთარი თავი შეიცნონ. ასე რომ არ იყოს, კაცობრიობა მთავარანგელოზის შთამომავლებად გადაიქცეოდა და სულ უფრო მეტად გაიხრწნებოდა. ღვთის რწმენის პროცესში თითოეული ადამიანი იშორებს მრავალ პირად განზრახვასა და მიზანს ღვთის განუწყვეტელი განწმენდის ქვეშ. ასე რომ არ იყოს, ღმერთს არანაირი გზა არ ექნებოდა ვინმეს გამოსაყენებლად და არანაირი გზა, რათა ადამიანებში ის საქმე აღესრულებინა, რაც უნდა აღასრულოს. ღმერთი ჯერ განწმენდს ადამიანებს და ამ პროცესის მეშვეობით მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა, ღმერთს კი — მათი შეცვლა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ღმერთს, დანერგოს თავისი სიცოცხლე მათში და მხოლოდ ასე შეიძლება მათი გულები სრულად მიუბრუნდეს ღმერთს. ამიტომ, ღვთის რწმენა არ არის ისეთი მარტივი, როგორც ადამიანები ამბობენ. ღვთის თვალით, თუ შენ მხოლოდ ცოდნა გაქვს, მაგრამ არ გაქვს მისი სიტყვა, როგორც სიცოცხლე, და თუ მხოლოდ საკუთარი ცოდნით შემოიფარგლები, მაგრამ არ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ან ღვთის სიტყვის ცხოვრებაში გამოვლენა, მაშინ ეს კვლავაც იმის მტკიცებულებაა, რომ შენ არ გაქვს ღვთისმოყვარე გული და ეს აჩვენებს, რომ შენი გული არ ეკუთვნის ღმერთს. ადამიანს შეუძლია შეიცნოს ღმერთი მისდამი რწმენით: ეს არის საბოლოო მიზანი და ეს არის ადამიანის სწრაფვის მიზანი. შენ ძალისხმევა უნდა მიმართო ღვთის სიტყვათა ცხოვრებაში გამოვლენისაკენ, რათა ის შენს პრაქტიკაში განხორციელდეს. თუ შენ მხოლოდ მოძღვრებების ცოდნა გაქვს, მაშინ შენი რწმენა ღვთისადმი ფუჭი აღმოჩნდება. მხოლოდ მაშინ, თუ შენ ასევე პრაქტიკაში გამოიყენებ და ცხოვრებაში გამოავლენ მის სიტყვას, ჩაითვლება შენი რწმენა სრულყოფილად და ღვთის განზრახვათა შესაბამისად. ამ გზაზე ბევრ ადამიანს შეუძლია ისაუბროს დიდ ცოდნაზე, მაგრამ სიკვდილის ჟამს მათი თვალები ცრემლებით ივსება და სძულთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ ცხოვრება ტყუილად გაფლანგეს და ღრმა სიბერემდე ფუჭად იცხოვრეს. მათ მხოლოდ მოძღვრებები ესმით, მაგრამ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება ან ღვთის დამოწმება; ისინი უბრალოდ აქეთ-იქით დარბიან, ყურებამდე არიან საქმეში ჩაფლულნი და მხოლოდ სიკვდილის პირას ხედავენ საბოლოოდ, რომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი მოწმობა, რომ საერთოდ არ იცნობენ ღმერთს. და განა ეს მეტისმეტად გვიანი არ არის? რატომ არ იყენებ დღევანდელ დღეს და არ მიისწრაფვი იმ ჭეშმარიტებისკენ, რომელიც გიყვარს? რატომ ელოდები ხვალინდელ დღეს? თუ სიცოცხლეში ჭეშმარიტებისთვის არ იტანჯები ან მის მოპოვებას არ ცდილობ, ნუთუ ის გსურს, რომ შენს სასიკვდილო სარეცელზე სინანული იგრძნო? თუ ასეა, მაშინ რაღატომ გწამს ღმერთის? სინამდვილეში, არსებობს მრავალი საკითხი, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და ღვთის დაკმაყოფილება, თუ ისინი სულ მცირეოდენ ძალისხმევას მაინც გამოიჩენენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა გონება მუდამ დაბინდულია, რომ მათ არ ძალუძთ ღვთისათვის იმოქმედონ და გამუდმებით ირჯებიან საკუთარი ხორცისათვის ისე, რომ საბოლოოდ ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ. სწორედ ამიტომ, ადამიანებს მუდმივად თან სდევთ საწუხარი და სიძნელეები. განა ეს სატანის სატანჯველი არ არის? განა ეს ხორცის გახრწნა არ არის? შენ არ უნდა ეცადო ღვთის მოტყუებას ფუჭი სიტყვებით — შენ რეალურად უნდა განახორციელო პრაქტიკაში. ნუ მოიტყუებ თავს — რა აზრი ექნებოდა ამას? რის მოპოვებას შეძლებ საკუთარი ხორცის გულისთვის ცხოვრებითა და დიდებისა და სარგებლისთვის ბრძოლით?

წინა: არის კი ღვთის საქმე ისეთი მარტივი, როგორც კაცს ჰგონია?

შემდეგი: ქუხილის შვიდი გრგვინვა - წინასწარმეტყველება იმისა, რომ სასუფევლის სახარება მთელ სამყაროში გავრცელდება

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება