საქმე და შესვლა (3)

ღმერთმა ადამიანებს ბევრი რამ მიანდო და მათი შესვლის საკითხსაც უთვალავი კუთხით შეეხო. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანთა კალიბრი საკმაოდ დაბალია, ღვთის ბევრმა სიტყვამ მათში ფესვი ვერ გაიდგა. ამ დაბალ კალიბრს სხვადასხვა მიზეზი აქვს, როგორებიცაა ადამიანის აზროვნებისა და ზნეობის გახრწნა და სათანადო აღზრდის ნაკლებობა; ფეოდალური ცრურწმენები, რომლებმაც ღრმად მოიკიდა ფეხი ადამიანის გულში; გარყვნილი და ზნედაცემული ცხოვრების წესი, რომელმაც მრავალი სენი ჩააბუდა ადამიანის გულის ყველაზე ღრმა კუთხეებში; კულტურული წიგნიერების ზედაპირული დონე, მაშინ როცა ადამიანთა თითქმის ოთხმოცდათვრამეტ პროცენტს აკლია განათლება კულტურულ წიგნიერებაში და, უფრო მეტიც, ძალიან ცოტა იღებს უფრო მაღალი დონის კულტურულ განათლებას. ამიტომ ადამიანებს, ძირითადად, წარმოდგენაც არ აქვთ, რა იგულისხმება ღმერთში ან სულში, მათ მხოლოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი წარმოდგენა აქვთ ღმერთზე, რომელიც ფეოდალური ცრურწმენებიდან შეიძინეს. „ეროვნული სულის“ მეშვეობით ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის გულში ღრმად დატოვებულმა მავნე გავლენებმა და ფეოდალურმა აზროვნებამ ადამიანები შეკრეს და ბორკილებში მოაქციეს, თავისუფლების ნატამალიც კი არ დაუტოვეს, ამბიციისა და შეუპოვრობის გარეშე დატოვეს, წინსვლის სურვილიც წაართვეს, ამის ნაცვლად კი ისინი ნეგატიურ და ჩამორჩენილ მდგომარეობაში დატოვა, მონური მენტალიტეტით გამსჭვალულნი და ასე შემდეგ. ამ ობიექტურმა ფაქტორებმა კაცობრიობის იდეოლოგიურ ხედვას, მისწრაფებებს, ზნეობასა და ხასიათს წარუშლელი, ბინძური და მახინჯი იერი შესძინა. ადამიანები, როგორც ჩანს, ტერორის ბნელ სამყაროში ცხოვრობენ, და მათ შორის არავინ ფიქრობს მის გადალახვაზე ან იდეალურ სამყაროში გადასვლაზე; პირიქით, ისინი თავიანთ დღეებს საკუთარი ხვედრით კმაყოფილების განცდით ატარებენ: აჩენენ და ზრდიან შვილებს, იღწვიან, ოფლს ღვრიან, დაკავებულნი არიან შრომით და ოცნებობენ კომფორტულ და ბედნიერ ოჯახზე, ცოლ-ქმრულ სიყვარულზე, მშობლების პატივისმცემელ შვილებზე, სიბერის წლების სიხარულზე და სიცოცხლის მშვიდად დასრულებაზე.... ათეულობით, ათასობით, ათიათასობით წლის განმავლობაში ვიდრე დღემდე ადამიანები ამგვარად ფლანგავდნენ თავიანთ დროს; არავინ ქმნის ყველაზე ბრწყინვალე ადამიანურ ცხოვრებას — ისინი მხოლოდ ერთმანეთის ხოცვით, სახელისა და სარგებლისთვის რბოლით და ამ ბნელ სამყაროში ერთმანეთის წინააღმდეგ ხრიკების ხლართვით არიან გართულნი. ოდესმე ვინმეს უძებნია ღვთის განზრახვები? განა ვინმეს ოდესმე ყურად უღია ღვთის საქმე? ადამიანის ყველა ნაწილი, რომელიც სიბნელის გავლენამ დაიკავა, დიდი ხანია უკვე ადამიანურ ბუნებად იქცა, ამიტომ ღვთის საქმის შესრულება საკმაოდ რთულია, ხოლო ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლებად მიუწევთ გული იმისკენ, რომ ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ღმერთმა დღეს მათ მიანდო. ნებისმიერ შემთხვევაში, მჯერა, ადამიანები არ გამინაწყენდებიან, ამ სიტყვებს რომ ვამბობ, რადგან მე ათასწლეულების ისტორიაზე ვლაპარაკობ. ისტორიაზე ლაპარაკი ნიშნავს ფაქტებზე საუბარს და, უფრო მეტიც, ყველასთვის აშკარა სკანდალებზე ლაპარაკს; მაშ, რა აზრი აქვს ისეთი რამის თქმას, რაც ფაქტს ეწინააღმდეგება? მაგრამ ასევე მჯერა, რომ გონიერი ადამიანები, ამ სიტყვების დანახვისას, გამოიღვიძებენ და წინსვლას შეეცდებიან. ღმერთსაც იმედი აქვს, რომ ადამიანები მშვიდად და კმაყოფილებით შეძლებენ ცხოვრებასა და შრომას. თუმცა ეს ღვთის განზრახვაა, რომ ადამიანებმა შეძლონ ღვთის სიყვარული და მთელი კაცობრიობა შევიდეს სიმშვიდეში. ამაზე მეტად კი ღვთის დიდი სურვილია, რომ მთელი ქვეყანა ღვთის დიდებით აღივსოს. უბრალოდ სირცხვილია, რომ ადამიანები კვლავ დავიწყებაში ჩაძირულნი და გამოუღვიძებელნი რჩებიან, სატანის მიერ იმდენად მძიმედ გახრწნილნი, რომ დღეს მათ ადამიანებთან მსგავსებაც აღარ აქვს. ამიტომ ადამიანის აზროვნება, ზნეობა და განათლება მნიშვნელოვან ბმას ქმნის, ხოლო მეორე რგოლს კულტურული წიგნიერების ფორმირება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა კულტურული კალიბრის ამაღლებასა და მათი გონებრივი ხედვის შეცვლას.

სინამდვილეში, ღვთის მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ არც ისე მაღალია, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანთა კალიბრსა და ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტს შორის სხვაობა ძალიან დიდია, ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ თავს მაღლა სწევს და ღვთის მოთხოვნების მიმართულებით იყურება, მაგრამ მათი შესრულების უნარი არ გააჩნია. ადამიანთა თანდაყოლილი უნარები და ის, რითაც ისინი დაბადების შემდეგ აღიჭურვებიან, სრულიად არასაკმარისია ღვთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ მხოლოდ ამ საკითხის გაცნობიერება გარანტირებული გამოსავალი არ არის. შორეული წყალი ახლანდელ წყურვილს ვერ მოგიკლავს. მაშინაც კი, თუკი ადამიანებმა იციან, რომ მტვერზე დაბლა დგანან, მაგრამ არ აქვთ ღვთის გულის დაკმაყოფილების მტკიცე გადაწყვეტილება და, მით უმეტეს, არ აქვთ მოწინავე გზა ღვთის მოთხოვნების შესასრულებლად, მაშინ რა ღირებულება აქვს ამგვარ ცოდნას? განა ეს ბამბუკის კალათით წყლის ამოღებას, ანუ სრულიად ფუჭ საქმეს, არ ჰგავს? ჩემი ნათქვამის არსი შესვლას ეხება; სწორედ ეს არის მთავარი საკითხი.

ადამიანის შესვლისას ცხოვრება ყოველთვის მოსაწყენია და სულიერი ცხოვრების ერთფეროვანი ელემენტებით არის სავსე, როგორიცაა ლოცვა, ღვთის სიტყვების ჭამა და სმა ან შეკრებებზე დასწრება; ამიტომ ადამიანებს მუდამ ისეთი განცდა აქვთ, რომ ღვთისადმი რწმენას დიდი სიხარული არ მოაქვს. ასეთი სულიერი აქტივობები ყოველთვის კაცობრიობის თავდაპირველი, სატანისგან გახრწნილი ხასიათის საფუძველზე ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ზოგჯერ შეუძლიათ სულიწმიდის გაცისკროვნება მიიღონ, მათი თავდაპირველი აზროვნება, ხასიათი, ცხოვრების წესი და ჩვევები მათში კვლავაც ღრმად არის ფესვგადგმული, და ამიტომ მათი თანდაყოლილი ბუნება უცვლელი რჩება. ცრუმორწმუნეობრივი საქმიანობა, რომელსაც ადამიანები ეწევიან, ყველაზე მეტად სძულს ღმერთს, მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც ვერ ახერხებს მასზე ხელის აღებას; ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცრუმორწმუნეობრივი საქმიანობა ღვთის მიერ არის დადგენილი და დღემდე სრულად არ მოუშორებიათ იგი. ისეთი რამეები, როგორიცაა ახალგაზრდებისთვის საქორწილო ნადიმების სამზადისი და პატარძლის მზითევის ორგანიზება; ფულადი საჩუქრები, ნადიმები და მსგავსი ფორმები, რომლებითაც სასიხარულო შემთხვევებს აღნიშნავენ; უძველესი დროიდან გადმოცემული ფორმულები; ყველა უაზრო ცრუმორწმუნეობრივი საქმიანობა, რომელიც მიცვალებულთათვის წესის აგებასა და დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება — ყოველივე ეს ღმერთისთვის კიდევ უფრო საძულველია. თაყვანისცემისთვის განკუთვნილი დღეც კი (ისევე როგორც შაბათი, რომელსაც რელიგიური სამყარო იცავს) მისთვის საძულველია; ხოლო ადამიანებს შორის არსებულ სოციალურ ურთიერთობებსა და ამქვეყნიურ კავშირებს ღმერთი კიდევ უფრო მეტად ზიზღით უარყოფს. გაზაფხულის დღესასწაულიც და შობის დღეც კი, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, ღვთის მიერ არ არის დადგენილი, მით უმეტეს, ამ სადღესასწაულო დღეებისთვის განკუთვნილი სათამაშოები და მორთულობები, როგორიცაა სადღესასწაულო წარწერები, ფეიერვერკები, ფარნები, წმინდა ზიარება, საშობაო საჩუქრები და საშობაო ზეიმები — განა ეს ყველაფერი ადამიანთა გონებაში კერპები არ არის? შაბათს პურისა და ღვინის გაზიარება და ნატიფი სელის ქსოვილი კიდევ უფრო აშკარა კერპებია. ჩინეთში გავრცელებული ყველა ტრადიციული დღესასწაული, როგორიცაა დრაკონის თავის აწევის დღე, დრაკონის ნავების ფესტივალი, შუა შემოდგომის ფესტივალი, ლაბას ფესტივალი და ახალი წლის დღე, ასევე რელიგიურ სამყაროში არსებული დღესასწაულები, როგორიცაა აღდგომა, ნათლობის დღე და შობის დღე — ყველა ეს გაუმართლებელი დღესასწაული მრავალი ადამიანის მიერ არის შეთხზული და ძველი დროიდან დღემდე გადმოცემული. სწორედ კაცობრიობის მდიდარმა წარმოსახვამ და გონებამახვილურმა ჩანაფიქრმა მისცა მათ საშუალება, დღემდე მოეღწიათ. ერთი შეხედვით ისინი უნაკლოდ ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხრიკები, რომლებითაც სატანა კაცობრიობას ატყუებს. რაც უფრო მეტად არის ადგილი სატანებით მოცული და რაც უფრო მოძველებული და ჩამორჩენილია იგი, მით უფრო ღრმად არის იქ ფესვგადგმული ფეოდალური ადათები. ეს ყველაფერი ადამიანებს მჭიდროდ ბოჭავს და მოძრაობისთვის არანაირ სივრცეს არ უტოვებს. რელიგიურ სამყაროში არსებული მრავალი დღესასწაული თითქოს დიდ ორიგინალურობას ავლენს და ღვთის საქმესთან ხიდს ქმნის, მაგრამ სინამდვილეში ისინი უხილავი ბორკილებია, რომლებითაც სატანა ადამიანებს ბოჭავს, რათა ღმერთი არ შეიცნონ — ეს ყველაფერი სატანის ხრიკებია. სინამდვილეში, როდესაც ღვთის საქმის ერთი ეტაპი სრულდება, ღმერთს უკვე უკვალოდ აქვს განადგურებული იმ დროის საშუალებები და სტილი. თუმცა „ღვთისმოსავი მორწმუნეები“ კვლავაც აგრძელებენ იმ ხელშესახები მატერიალური საგნების თაყვანისცემას; ამასობაში კი იმას, რაც ღმერთს გააჩნია, ყურადღების მიღმა ტოვებენ და არ იკვლევენ, ისე გამოიყურებიან, თითქოს ღვთის სიყვარულით იყვნენ სავსენი, მაშინ როცა სინამდვილეში ღმერთი დიდი ხნის წინ გააგდეს სახლიდან, ხოლო სატანა მაგიდასთან დასვეს და თაყვანს სცემენ. იესოს ხატები, ჯვარი, მარიამი, იესოს ნათლისღება და საიდუმლო სერობა — ადამიანები მათ, როგორც „ზეცის უფალს“, ისე სცემენ თაყვანს და ამავე დროს გამუდმებით შეჰღაღადებენ: „უფალო, მამაზეციერო“. განა ყოველივე ეს ხუმრობა არ არის? დღემდე კაცობრიობაში გადმოცემული მრავალი მსგავსი გამონათქვამი და პრაქტიკა საძულველია ღმერთისთვის; ისინი სერიოზულად აბრკოლებენ ღვთის წინსვლის გზას და, კიდევ უფრო მეტად, უზარმაზარ დანაკარგებს აყენებენ კაცობრიობის შესვლას. გვერდზე რომ გადავდოთ ის, თუ რამდენად გახრწნა სატანამ კაცობრიობა, ადამიანები პირთამდე არიან სავსენი ისეთი რამეებით, როგორიცაა უიტნეს ლის რჯული, ლოურენსის გამოცდილებები, უოჩმან ნის კვლევები და პავლეს საქმე. ღმერთს უბრალოდ არანაირი საშუალება არ აქვს ადამიანებზე იმუშაოს, რადგან მათში მეტისმეტად ბევრია ინდივიდუალიზმი, კანონები, ნორმები, წესები, სისტემები და მსგავსი რამეები; ამ ყველაფერმა, ადამიანთა ფეოდალური ცრურწმენების ელფერთან ერთად, კაცობრიობა შეიპყრო და შთანთქა. თითქოს ადამიანთა აზრები საინტერესო ფილმი იყოს, რომელიც ფერად ზღაპარს მოგვითხრობს, სადაც საოცარი არსებები ღრუბლებზე ამხედრებულან; ეს იმდენად წარმოსახვითია, რომ ადამიანებს აოცებს და გაოგნებულებსა და დამუნჯებულებს ტოვებს. სიმართლე რომ ითქვას, საქმე, რომლის შესასრულებლადაც ღმერთი დღეს მოდის, ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ გაუმკლავდეს და გაფანტოს ადამიანთა ცრურწმენების კვალი და სრულიად გარდაქმნას მათი აზროვნების სახე. ღვთის საქმე დღემდე კაცობრიობის მიერ თაობიდან თაობას გადაცემული მემკვიდრეობის გამო არ გაგრძელებულა; ეს არის საქმე, რომელიც პირადად ღმერთმა წამოიწყო და პირადად მანვე დაასრულა, ისე, რომ არანაირად არ დასჭირვებია რომელიმე დიდი სულიერი ადამიანის მემკვიდრეობის მიღება ან ღვთის მიერ რომელიმე სხვა ეპოქაში შესრულებული წარმომადგენლობითი ხასიათის საქმის მემკვიდრეობით გადაბარება. ადამიანებს არ სჭირდებათ ამ საკითხებიდან რომელიმეზე ზრუნვა. დღეს ღმერთს საუბრისა და მუშაობის უნიკალური სტილი აქვს, მაშ, რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ ადამიანებმა ამ საკითხებზე იდარდონ? თუ ადამიანები დღევანდელ გზას დღევანდელ ნაკადში გაივლიან, მაგრამ ამავე დროს თავიანთი „წინაპრების“ მემკვიდრეობას გააგრძელებენ, ისინი თავიანთ საბოლოო სამყოფელს ვერ მიაღწევენ. ღმერთს ღრმად სძულს ადამიანთა ქცევის ეს კონკრეტული ფორმა, ისევე, როგორც მას სძაგს ადამიანური სამყაროს წლები, თვეები და დღეები.

ადამიანის ხასიათის შეცვლის საუკეთესო გზა არის ადამიანთა გულის სიღრმეში არსებული იმ ნაწილების გამოსწორება, რომლებიც ღრმად არის მოწამლული, რათა ადამიანებმა ცვლილება თავიანთი აზროვნებისა და ზნეობის შეცვლით დაიწყონ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანებმა ნათლად უნდა დაინახონ, რომ ეს რელიგიური რიტუალები, რელიგიური საქმიანობა, წლები, თვეები და დღესასწაულები ღმერთისთვის საძულველია. ისინი უნდა გათავისუფლდნენ ფეოდალური აზროვნების ამ ბორკილებისგან და აღმოფხვრან ცრუმორწმუნეობისკენ ღრმად ფესვგადგმული მიდრეკილების ყოველი კვალი. ეს ყველაფერი არის კაცობრიობის შესვლის ნაწილი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რატომ გამოჰყავს ღმერთს კაცობრიობა ჩვეულებებიდან და, ასევე, რატომ აშორებს იგი კაცობრიობას წესებს. ეს არის კარიბჭე, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეხვალთ, და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს თქვენს სულიერ გამოცდილებასთან არაფერი აქვს საერთო, ისინი უდიდესი დაბრკოლებებია, რომლებიც აფერხებენ თქვენს შესვლას და ღვთის შეცნობაში გიშლიან ხელს. ისინი ქმნიან ბადეს, რომელშიც ადამიანები ებმებიან. ბევრი ადამიანი მეტისმეტად ბევრს კითხულობს ბიბლიას და ბიბლიიდან მრავალი მონაკვეთის ზეპირად თქმაც კი შეუძლია. დღეს თავიანთ შესვლაში ადამიანები გაუცნობიერებლად ბიბლიით ზომავენ ღვთის საქმეს, თითქოს ღვთის საქმის ამ ეტაპის საფუძველიც ბიბლია იყოს და მისი წყაროც ბიბლია იყოს. როდესაც ღვთის საქმე ბიბლიას შეესაბამება, ადამიანები ძლიერად უჭერენ მხარს ღვთის საქმეს და ღმერთს ახლებური პატივისცემით უყურებენ; როდესაც ღვთის საქმე ბიბლიას ეწინააღმდეგება, ადამიანები იმდენად შფოთავენ, რომ ოფლი ასხამთ და მასში ღვთის საქმის საფუძველს ეძებენ; თუ ღვთის საქმე ბიბლიაში ნახსენები არ არის, ადამიანები ღმერთს უგულებელყოფენ. შეიძლება ითქვას, რომ ღვთის დღევანდელ საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა უმეტესობა მას სიფრთხილითა და გაუბედავად იღებს, შერჩევით ემორჩილება მას და მისი შეცნობის მიმართ გულგრილია; რაც შეეხება წარსულის საქმეებს, ნახევარს ეჭიდებიან, ხოლო დანარჩენს ტოვებენ. შეიძლება ამას შესვლა ეწოდოს? ისინი სხვების წიგნებს ხელში იჭერენ და მუდამ განძივით ეპყრობიან, სასუფევლის კარიბჭის ოქროს გასაღებად მიიჩნევენ და უბრალოდ არანაირ ინტერესს არ იჩენენ იმის მიმართ, რასაც ღმერთი დღეს მათგან მოითხოვს. უფრო მეტიც, ბევრი „ჭკვიანი ექსპერტი“ მარცხენა ხელში ღვთის სიტყვებს იჭერს, მარჯვენაში კი სხვების „შედევრებს“, თითქოს სურდეს, ამ შედევრებში იპოვოს ღვთის დღევანდელი სიტყვების საფუძველი, რათა სრულად დაამტკიცოს, რომ ღვთის სიტყვები სწორია; ისინი ღვთის სიტყვებს სხვებსაც კი უხსნიან მათი ამ შედევრებთან დაკავშირებით, თითქოს საქმეს ასრულებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, კაცობრიობაში მრავალი „მეცნიერ-მკვლევარია“, რომლებიც არად აგდებენ დღევანდელ უახლეს, უპრეცედენტო სამეცნიერო მიღწევებს (ანუ ღვთის საქმეს, ღვთის სიტყვებსა და სიცოცხლის შესვლის გზას); ამიტომ ყველანი „საკუთარი თავის იმედად“ არიან, თავიანთი მჭევრმეტყველების ძალით ყველგან „ქადაგებენ“ და „ღვთის კეთილი სახელით“ თავს იწონებენ. ამავდროულად, მათი საკუთარი შესვლა საფრთხეშია და, როგორც ჩანს, ისინი ღვთის მოთხოვნებისგან ისევე შორს არიან, როგორც სამყაროს დასაბამი დაშორებულია ამ მომენტისგან. ადვილია ღვთის საქმის შესრულება? როგორც ჩანს, ადამიანებს უკვე გადაუწყვეტიათ, საკუთარი თავის ნახევარი გუშინდელ დღეს დაუტოვონ და ნახევარი დღევანდელ დღეს მოიტანონ, ნახევარი სატანას გადასცენ და ნახევარი ღმერთს წარუდგინონ, თითქოს ეს იყოს გზა, რომ სინდისი დაიმშვიდონ და გარკვეული შვება იგრძნონ. ადამიანთა შინაგანი სამყარო იმდენად მუხანათურია, რომ მათ ეშინიათ არა მხოლოდ ხვალინდელი დღის დაკარგვის, არამედ გუშინდელისაც; ღრმად ეშინიათ როგორც სატანის განაწყენების, ისე დღევანდელი ღვთის — რომელიც თითქოს არის და თითქოს არც არის — წინაშე დანაშაულის ჩადენის. რადგან ადამიანები იდეოლოგიური და ზნეობრივი აღზრდის მხრივ სრულიად ჩაფლავდნენ, მათ უკიდურესად აკლიათ ამოცნობის უნარი და უბრალოდ ვერ არჩევენ, არის თუ არა დღევანდელი საქმე ღვთის საქმე. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანთა ფეოდალური ცრურწმენებით გაჟღენთილი აზროვნება მეტისმეტად ღრმაა, მათ დიდი ხანია ერთსა და იმავე კატეგორიაში მოაქციეს ცრურწმენა და ჭეშმარიტება, ღმერთი და კერპები; არ ზრუნავენ მათ ერთმანეთისგან გარჩევაზე და, როგორც ჩანს, რამდენიც უნდა იმტვრიონ თავი, მაინც ვერ ახერხებენ მათ ნათლად განსხვავებას. სწორედ ამიტომ შეჩერდნენ ადამიანები გზაზე და წინ აღარ მიიწევენ. ყველა ეს პრობლემა ადამიანებში სწორი იდეოლოგიური განათლების ნაკლებობიდან წარმოიშობა, რაც მათ შესვლას დიდ სიძნელეებს უქმნის. შედეგად, ადამიანები არასოდეს იჩენენ რაიმე ინტერესს ჭეშმარიტი ღმერთის საქმის მიმართ, არამედ ჯიუტად ებღაუჭებიან[1] ადამიანის საქმეს — მაგალითად, მათ საქმეს, ვისაც ისინი დიადებად მიიჩნევენ — თითქოს მისით იყვნენ დადაღულნი. განა ეს არ არის ის უახლესი თემები, რომლებშიც კაცობრიობა უნდა შევიდეს?

სქოლიო:

1. „ჯიუტად ებღაუჭებიან“ გამოყენებულია დამცინავ კონტექსტში. ეს ფრაზა მიუთითებს, რომ ადამიანები ჯიუტები და შეუვალები არიან, მოძველებულ რამეებს ებღაუჭებიან და მათი გაშვება არ სურთ.

წინა: საქმე და შესვლა (2)

შემდეგი: საქმე და შესვლა (4)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება