საქმე და შესვლა (2)
თქვენი საქმე და შესვლა საკმაოდ მწირია; ადამიანი არ ანიჭებს მნიშვნელობას იმას, როგორ აკეთოს საქმე და კიდევ უფრო ზერელედ ეკიდება სიცოცხლეში შესვლას. ადამიანი არ მიიჩნევს მათ იმ გაკვეთილებად, რომლებშიც უნდა შევიდეს; შესაბამისად, თქვენს გამოცდილებაში თითქმის ყველაფერი, რასაც ხედავთ, ფუჭი მირაჟებია. რაც შეეხება საქმეს, თქვენგან ბევრი არ მოითხოვება, მაგრამ, როგორც მათ, ვინც ღვთის მიერ უნდა იქნან სრულქმნილნი, თქვენ უნდა ისწავლოთ გაკვეთილები ღვთისთვის საქმიანობის შესახებ, რათა მალე აღმოჩნდეთ ღვთის განზრახვების შესაბამისი. საუკუნეების განმავლობაში ისინი, ვინც საქმეს ასრულებდნენ, იწოდებოდნენ მუშაკებად ან მოციქულებად, ეს სიტყვები მიემართება იმ მცირერიცხოვან ადამიანებს, რომლებიც ღვთის მიერ არიან გამოყენებულნი. თუმცა, საქმე, რომელზეც დღეს ვსაუბრობ, არ ეხება მხოლოდ მუშაკებს ან მოციქულებს, არამედ მიმართულია ყველასკენ, ვინც ღვთის მიერ უნდა იქნას სრულქმნილი. შესაძლოა, ბევრია ისეთი, ვისაც ეს ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ, შესვლის გამო, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებაზე.
რაც შეეხება საქმეს, ადამიანს სჯერა, რომ საქმე არის ღვთისთვის დაუღალავად სირბილი, ყველგან ქადაგება და მისთვის თავის გაღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხედულება სწორია, ის მეტისმეტად ცალმხრივია; რასაც ღმერთი ადამიანისგან მოითხოვს, არ არის მხოლოდ მისთვის დაუღალავი სირბილი, არამედ, ეს უფრო მეტად სულისმიერი მსახურება და უზრუნველყოფაა. ბევრ ძმასა და დას, ამდენი წლის გამოცდილების შემდეგაც კი, არასდროს უფიქრია ღვთისთვის საქმიანობაზე, რადგან ადამიანის მიერ აღქმული საქმე შეუსაბამოა იმასთან, რასაც ღმერთი მოითხოვს. ამიტომ, ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს საქმის საკითხი და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანის შესვლაც საკმაოდ ცალმხრივია. თქვენ ყველამ უნდა დაიწყოთ თქვენი შესვლა ღვთისთვის საქმიანობით, რათა უკეთ შეძლოთ გამოცდილების თითოეული ასპექტის გავლა. ეს არის ის, რაშიც უნდა შეხვიდეთ. საქმე ნიშნავს არა ღვთისთვის დაუღალავ სირბილს, არამედ იმას, შეუძლია თუ არა ადამიანის სიცოცხლეს და იმას, რასაც ადამიანი ცხოვრებაში ავლენს, მიანიჭოს ღმერთს სიამოვნება. საქმე გულისხმობს ადამიანების მიერ ღვთისადმი თავიანთი ერთგულებისა და ღვთის შესახებ თავიანთი ცოდნის გამოყენებას ღვთის დასამოწმებლად და ადამიანთა მოსამსახურებლად. ეს არის ადამიანის პასუხისმგებლობა, და ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შესვლა არის თქვენი საქმე და რომ თქვენ შესვლას ეძიებთ ღვთისთვის შრომის პროცესში. ღვთის საქმის განცდა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ იცით მისი სიტყვის ჭამა და სმა; რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეთ ღვთის დამოწმება, უნდა შეგეძლოთ ღვთის მსახურება და ადამიანთა მსახურება და უზრუნველყოფა. ეს არის საქმე და ეს ასევე არის თქვენი შესვლა; ეს არის ის, რაც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეასრულოს. ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ იმაზეა ფოკუსირებული, რომ დაუღალავად ირბინოს ღვთისთვის და ყველგან იქადაგოს, თუმცა უგულებელყოფს საკუთარ ინდივიდუალურ გამოცდილებას და უყურადღებოდ ტოვებს სულიერ ცხოვრებაში შესვლას. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან, იქცნენ ღვთის მოწინააღმდეგეებად. ეს ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ღმერთს და ადამიანებს, უბრალოდ შესვლად მიუჩნევიათ შრომა და ქადაგება, და არცერთ მათგანს არ მიუჩნევია საკუთარი ინდივიდუალური სულიერი გამოცდილება მნიშვნელოვან შესვლად. ნაცვლად ამისა, მათ სულიწმიდის საქმისგან გარდამომავალი გაბრწყინება აქციეს კაპიტალად სხვების სასწავლებლად. ქადაგებისას ისინი დიდ ტვირთს ატარებენ და იღებენ სულიწმიდის საქმეს, რის საშუალებითაც აჟღერებენ სულიწმიდის ხმას. ამ დროს ისინი, ვინც შრომობენ, ივსებიან თვითკმაყოფილებით, თითქოს სულიწმიდის საქმე მათი ინდივიდუალური სულიერი გამოცდილება გახდა; ისინი გრძნობენ, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამენ, მათი საკუთარი არსებაა, თუმცა, მეორე მხრივ, თითქოს მათი საკუთარი გამოცდილება არ არის ისეთი ნათელი, როგორც მათ აღწერეს. უფრო მეტიც, საუბრის დაწყებამდე მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რას იტყვიან, მაგრამ როდესაც სულიწმიდა მოქმედებს მათში, მათი სიტყვები დაუსრულებელ ნაკადად მოედინება. მას შემდეგ, რაც ერთხელ ასე იქადაგე, გრძნობ, რომ შენი რეალური სულიერიზრდა არ არის ისეთი მცირე, როგორიც გეგონა, და როდესაც შენზე სულიწმიდის მუშაობის რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა, შემდეგ ასკვნი, რომ უკვე გაქვს სულიერი ზრდა და შეცდომით გჯერა, რომ სულიწმიდის საქმე შენი საკუთარი შესვლა და შენი საკუთარი არსებაა. როდესაც მუდმივად ასე განიცდი, შენ მოადუნებ ყურადღებას საკუთარი შესვლის მიმართ, შეუმჩნევლად მიეცემი სიზარმაცეს და შეწყვეტ შენი ინდივიდუალური შესვლისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებას. ამიტომ, როდესაც სხვებს ემსახურები, ნათლად უნდა განასხვაო შენი სულიერი ზრდა სულიწმიდის საქმისგან. ამან შეიძლება უკეთ შეუწყოს ხელი შენს შესვლას და მეტი სარგებელი მოუტანოს შენს გამოცდილებას. როდესაც ადამიანი სულიწმიდის საქმეს თავის ინდივიდუალურ გამოცდილებად მიიჩნევს, ეს ხდება გახრწნილების წყარო. სწორედ ამიტომ ვამბობ: რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეთ, თქვენი შესვლა სასიცოცხლო მნიშვნელობის გაკვეთილად უნდა მიიჩნიოთ.
ადამიანი შრომობს იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს ღვთის განზრახვები, რათა ყველა, ვინც ღვთის განზრახვების თანხვედრია, მის წინაშე წარადგინოს, ადამიანი ღმერთთან მიიყვანოს და ადამიანს სულიწმიდის საქმე და ღვთის წინამძღოლობა გააცნოს, რითაც ღვთის საქმის ნაყოფს სრულყოფს. ამიტომ აუცილებელია, რომ სრულად გესმოდეთ საქმის არსი. ყოველი ადამიანი, ვინც ღვთის მიერ გამოიყენება, ღირსია ღვთისთვის შრომისა, ანუ ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას სულიწმიდის მიერ. თუმცა, არის ერთი რამ, რაც უნდა გააცნობიეროთ: როდესაც ადამიანი ასრულებს ღვთის მიერ დავალებულ საქმეს, ადამიანს ებოძა შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას ღვთის მიერ, მაგრამ ის, რასაც ადამიანი ამბობს და იცის, სრულად არ წარმოადგენს ადამიანის სულიერ ზრდას. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ის, რომ საქმის შესრულების პროცესში უკეთ შეიცნოთ საკუთარი ნაკლოვანებები და მიიღოთ მეტი გაბრწყინება სულიწმიდისგან. ამგვარად, საქმის შესრულების პროცესში უკეთეს შესვლას შეძლებთ. თუ ადამიანი ღვთისგან მომდინარე წინამძღოლობას საკუთარ შესვლად და თავის თანდაყოლილ ნაწილად მიიჩნევს, მაშინ ადამიანის სულიერი ზრდის პოტენციალი აღარ იარსებებს. სულიწმიდის მიერ ადამიანებისთვის ნათლის მოფენა ხდება მაშინ, როდესაც ისინი ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან; ასეთ დროს, ადამიანებს ხშირად შეცდომით მიაჩნიათ მიღებული გაბრწყინება თავიანთ რეალურ სულიერ ზრდად, რადგან სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენის გზა განსაკუთრებულად ნორმალურია და იგი იყენებს იმას, რაც ადამიანშია თანდაყოლილი. როდესაც ადამიანები შრომობენ და საუბრობენ, ან როდესაც ლოცულობენ და სულიერ მსახურებას ეწევიან, მათთვის ჭეშმარიტება მოულოდნელად ხდება ნათელი. თუმცა, სინამდვილეში, რასაც ადამიანი ხედავს, მხოლოდ სულიწმიდის მიერ გაბრწყინებაა (ბუნებრივია, ეს გაბრწყინება დაკავშირებულია ადამიანის თანამშრომლობასთან) და ადამიანის ჭეშმარიტ სულიერ ზრდას არ წარმოადგენს. გამოცდილების გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც ადამიანი სირთულეებსა და განსაცდელებს აწყდება, ასეთ ვითარებაში ვლინდება ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი მდგომარეობა. მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ადამიანი, რომ მისი სულიერი ზრდა არც ისე დიდია და თავს იჩენს მისი ეგოისტური სურვილები, პირადი მოსაზრებები, სიხარბე და სხვა მსგავსი რამეები. მხოლოდ ასეთი გამოცდილების რამდენიმე ციკლის შემდეგ მიხვდება მრავალი ადამიანი, ვინც სულიერად ფხიზლობს, რომ ის, რაც მათ წარსულში განიცადეს, არ იყო მათი ინდივიდუალური რეალობა, არამედ სულიწმიდის წამიერი განათება, და რომ ადამიანმა ეს ნათელი მხოლოდ მიიღო. როდესაც სულიწმიდა ნათელს ჰფენს ადამიანს ჭეშმარიტების გასაგებად, ეს ხშირად ხდება ნათლად და მკაფიოდ, იმის აუხსნელად, თუ როგორ მოხდა ეს, ან საით მიდის. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სირთულეები ამ გაცხადებაში ჩართოს, იგი პირდაპირ აცხადებს ჭეშმარიტებას. როდესაც ადამიანი შესვლის პროცესში სირთულეებს აწყდება და შემდეგ მათ სულიწმიდის გაბრწყინებას უერთებს, ეს ხდება ადამიანის პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითად, ერთმა გაუთხოვარმა დამ თანაზიარებისას ასე თქვა: „ჩვენ არ ვეძიებთ დიდებასა და სიმდიდრეს, არც ცოლ-ქმრულ ბედნიერებას ვესწრაფვით ხარბად; ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ სუფთა და მთლიანად მიძღვნილი გული შევწიროთ ღმერთს.“ მან განაგრძო: „როგორც კი ადამიანები ქორწინდებიან, მათ ბევრი რამ აწუხებთ და მათი ღვთისმოყვარე გული აღარ არის ნამდვილი. მათი გულები მუდამ დაკავებულია ოჯახითა და მეუღლით, ამიტომ მათი შინაგანი სამყარო ბევრად უფრო რთულდება...“როდესაც ის საუბრობდა, თითქოს მისი პირიდან ის გადმოდიოდა, რასაც გულში ფიქრობდა; მისი სიტყვები იყო ღრმა და ძლიერი, თითქოს ყველაფერი, რასაც ამბობდა, მისი გულის სიღრმიდან მოდიოდა და თითქოს მისი მხურვალე სურვილი იყო, მთლიანად მიეძღვნა თავი ღვთისთვის და იმედოვნებდა, რომ მისნაირი ძმები და დებიც გაიზიარებდნენ ამავე გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ შენი გადაწყვეტილება და ამ მომენტში შენი სულიერი განცდა მთლიანად სულიწმიდის საქმისგან მომდინარეობს. როდესაც ღვთის საქმის მეთოდი იცვლება, შენც რამდენიმე წელი მოგემატება; შენ ხედავ, რომ შენი ყველა კლასელი და მეგობარი, რომლებიც შენი ტოლები არიან, გათხოვდნენ, ან იგებ, რომ მას შემდეგ, რაც ვიღაც გათხოვდა, მისმა მეუღლემ ის ქალაქში წაიყვანა საცხოვრებლად და მან იქ სამსახური იშოვა. როდესაც შენ მას დაინახავ, შურის გრძნობა შეგიპყრობს, რადგან დაინახავ, რომ ის თავიდან ფეხებამდე მომხიბვლელობითა და თავდაჯერებულობითაა სავსე და როდესაც ის შენ გესაუბრება, მას აქვს კოსმოპოლიტური ელფერი და აღარაფერი ეტყობა სოფლელობისა. ამის დანახვა შენში გრძნობებს აღძრავს. შენ, ვინც მუდამ ღვთისათვის იხარჯებოდი, არ გაქვს არც ოჯახი და არც კარიერა და უამრავ გასხვლას ითმენდი; შენ უკვე კარგა ხანია შუახნის ასაკში შეხვედი და შენი ახალგაზრდობა დიდი ხნის წინ, ჩუმად გაქრა, თითქოს სიზმარში იყავი. ახლა, მთელი ამ გზის გავლის შემდეგ არ იცი, სად ჰპოვო სავანე. ამ წამს შენ ფიქრთა მორევში ხარ მოქცეული, თითქოს გონება დაკარგე. სრულიად მარტოსულს ძილი არ გეკარება, მთელი გრძელი ღამე ფხიზლად წევხარ და შეუმჩნევლად იწყებ ფიქრს შენს გადაწყვეტილებასა და ღვთისადმი მიცემულ საზეიმო აღთქმაზე და მოთქვამ: „რატომ ჩავვარდი მაინც ასეთ სავალალო მდგომარეობაში?“ გაუცნობიერებლად, უხმო ცრემლებს ღვრი და გულის განმგმირავ ტკივილს გრძნობ. ღვთის წინაშე ლოცვად წარმდგარს, გახსენდება ის დღეები, როდესაც ღმერთთან ერთად იყავი, თუ რაოდენ ახლო და განუყოფელი იყო თქვენი ურთიერთობა. ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდება შენს თვალწინ სცენები და იმ დღეს დადებული ფიცი კვლავ ჩაგესმის ყურებში: „განა ღმერთი არ არის ჩემი ერთადერთი ახლობელი?“ ამ დროს შენ უკვე ქვითინებ: „ღმერთო! საყვარელო ღმერთო! უკვე მთლიანად მოგიძღვენი ჩემი გული. მსურს, სამუდამოდ შენ გეკუთვნოდე და მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში შეურყევლად მეყვარები...“ მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ამ ძლიერ ტანჯვაში იბრძვი, ჭეშმარიტად შეიგრძნობ, თუ რაოდენ მშვენიერია ღმერთი და მხოლოდ მაშინ აცნობიერებ ნათლად: მე დიდი ხნის წინ მივუძღვენი ჩემი ყველაფერი ღმერთს. ასეთი დარტყმის მიღების შემდეგ, შენ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრად უფრო მოწიფული ხდები და ხედავ, რომ სულიწმიდის იმდროინდელი საქმე არ იყო ის, რასაც შენ ფლობდი. ამის შემდგომ გამოცდილებებში, შენ აღარ იქნები შებოჭილი შესვლის ამ ასპექტში; თითქოს შენი ძველი ჭრილობების იარებმა შენს შესვლას დიდი სარგებელი მოუტანა. როდესაც კი შენ მსგავს სიტუაციას წააწყდები, მაშინვე გაგახსენდება იმ დღეს დაღვრილი ცრემლები, თითქოს განშორების შემდეგ კვლავ შეუერთდი ღმერთს და მუდმივ შიშში იქნები, რომ ღმერთთან შენი ურთიერთობა, შესაძლოა, კვლავ გაწყდეს და შენსა და ღმერთს შორის არსებული ემოციური მიჯაჭვულობა (ნორმალური ურთიერთობა) შესაძლოა დაზიანდეს. ეს არის შენი საქმე და შენი შესვლა. ამიტომ, სულიწმიდის საქმის მიღებასთან ერთად, თქვენ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ თქვენს შესვლას, ზუსტად დაინახოთ, რა არის სულიწმიდის საქმე და რა არის თქვენი შესვლა, და ასევე სულიწმიდის საქმე თქვენს შესვლას შეუერთოთ, რათა მეტად სრულიქმნათ სულიწმიდის მიერ და რათა თქვენში სულიწმიდის საქმის არსი აღესრულოს. სულიწმიდის საქმის განცდისას, თქვენ შეიცნობთ სულიწმიდას, ისევე როგორც საკუთარ თავს და უფრო მეტიც, ვინ იცის, რამდენი ძლიერი ტანჯვის შუაგულში, თქვენ ჩამოგიყალიბდებათ ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან და თქვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობა დღითიდღე უფრო მჭიდრო გახდება. უთვალავი გასხვლისა და გამოწრთობის შემდეგ, თქვენ ჩამოგიყალიბდებათ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ტანჯვა, დარტყმა და გასაჭირი საშიში არ არის; საშიში ის არის, რომ გქონდეთ მხოლოდ სულიწმიდის საქმე, მაგრამ არა თქვენი შესვლა. როდესაც დადგება დღე, როცა ღვთის საქმე დასრულდება, თქვენი შრომა ფუჭი აღმოჩნდება; მიუხედავად იმისა, რომ განცდილი გექნებათ ღვთის საქმე, თქვენ ვერ შეიცნობთ სულიწმიდას და არ გექნებათ თქვენი საკუთარი შესვლა. გაბრწყინება რომელსაც სულიწმიდა ადამიანში აღასრულებს, არ ემსახურება ადამიანის მხურვალების შენარჩუნებას, არამედ იმას, რომ გზა გაუხსნას ადამიანის შესვლას და ასევე საშუალება მისცეს ადამიანს, შეიცნოს სულიწმიდა და აქედან გამომდინარე, ღვთისმოშიში და თაყვანისცემით სავსე გული ჩამოუყალიბდეს.