ღვთის ხასიათის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია
ბევრი რამ არის, რის მიღწევასაც თქვენგან ველი, თუმცა ყველა თქვენი ქმედება და თქვენი ცხოვრების ყველა მხარე ვერ აკმაყოფილებს იმას, რასაც თქვენგან ვითხოვ; ამიტომ სხვა გზა არ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ პირდაპირ გითხრათ და აგიხსნათ ჩემი განზრახვები. ვინაიდან თქვენი გარჩევის უნარი და თქვენი შეფასებაც სუსტია, თქვენ თითქმის სრულიად არ იცნობთ ჩემს ხასიათსა და არსს, ამიტომ აუცილებელია, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ გითხრათ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გესმოდა ადრე ეს საკითხები ან გსურს თუ არა მათი გაგება, მე ეს საკითხები მაინც დაწვრილებით უნდა აგიხსნათ. ეს საკითხები თქვენთვის სრულიად უცხო არ არის, თუმცა თქვენ არ გაქვთ მათი შინაარსის ღრმა გაგება და მათ შესახებ საკმარისი ცოდნა. და ბევრ თქვენგანს მხოლოდ ბუნდოვანი, ნაწილობრივი და არასრული წარმოდგენა აქვს მათზე. იმისთვის, რათა დაგეხმაროთ უკეთ შეძლოთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება — ჩემი სიტყვების აღსრულება — ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია, რომ სწორედ ამ საკითხებს იცნობდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რწმენა დარჩება ბუნდოვანი, თვალთმაქცური და სავსე რელიგიური ნიშნებით. თუ ღვთის ხასიათი არ გესმის, შენთვის შეუძლებელი იქნება შეასრულო ის საქმე, რომელიც მისთვის უნდა გააკეთო. თუ ღვთის არსს ვერ შეიცნობ, ვერ გექნება მის მიმართ შიში და მოწიწება; ამის ნაცვლად იქნება მხოლოდ დაუდევარი ზედაპირული დამოკიდებულება და თავის არიდება და უფრო მეტიც — გამოუსწორებელი გმობა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხასიათის გაგება მართლაც მნიშვნელოვანია და მისი არსის შეცნობა არ შეიძლება უგულებელვყოთ, ეს საკითხები არავის არასოდეს დაწვრილებით არ გამოუკვლევია ან მათ არ ჩაღრმავებია. ნათლად ჩანს, რომ თქვენ ყველამ უგულებელყავით ის ადმინისტრაციული განკარგულებები, რომლებიც მე გავეცი. თუ თქვენ არ გესმით ღვთის ხასიათი, დიდი ალბათობით შეურაცხყოფთ ღვთის ხასიათს. მისი ხასიათის შეურაცხყოფა კი იგივეა, რაც თავად ღვთის რისხვის გამოწვევა, ამ შემთხვევაში შენი ქმედებების საბოლოო ნაყოფი ადმინისტრაციული განკარგულებების დარღვევა იქნება. ახლა უნდა გააცნობიერო, რომ როდესაც იცნობ ღვთის არსს, შეგიძლია გაიგო მისი ხასიათიც. და როდესაც მის ხასიათს გაიგებ, გაიგებ ადმინისტრაციულ განკარგულებებსაც. ზედმეტია იმის თქმა, რომ ადმინისტრაციულ განკარგულებებში ბევრი რამ ეხება ღვთის ხასიათს, თუმცა მისი ხასიათი სრულად არ არის მათში გამოხატული; ამიტომ თქვენ უნდა გადადგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ღვთის ხასიათის უფრო ღრმად შესაცნობად.
დღეს მე თქვენთან ჩვეულებრივი საუბარი არ მაქვს, ამიტომ გმართებთ, რომ ჩემს სიტყვებს სიფრთხილით მოეკიდოთ და მეტიც, ღრმად ჩაუფიქრდეთ მათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ ძალიან მცირე ძალისხმევა გაქვთ დახარჯული ჩემს ნათქვამ სიტყვებზე. კიდევ უფრო ნაკლებად ხართ მზად, დაფიქრდეთ ღვთის ხასიათზე; იშვიათად თუ დებს ვინმე ამაში ძალისხმევას. ამიტომაც ვამბობ, რომ თქვენი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკი. ახლაც კი არცერთ თქვენგანს არ დაუთმია სერიოზული ძალისხმევა თქვენი სასიცოცხლო სისუსტისათვის. თქვენ გამაწბილეთ მიუხედავად ყველა იმ საგულდაგულო ძალისხმევისა, რაც თქვენთვის გავიღე. გასაკვირი აღარ არის, რომ თქვენ ღმერთს პატივს არ სცემთ და თქვენი ცხოვრება ჭეშმარიტებისგან დაცლილია. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები წმინდანებად ჩაითვალონ? ზეციური კანონი ამას არ მოითმენს! რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ასე ცოტა რამ გესმით, სხვა გზა არ დამრჩენია გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ვილაპარაკო ამის შესახებ.
ღვთის ხასიათი არის საკითხი, რომელიც ყველასთვის საკმაოდ აბსტრაქტულად ჩანს და მეტიც, რომლის მიღებაც ადვილი არ არის, რადგან ის განსხვავდება ადამიანის პიროვნებისგან. ღმერთსაც აქვს თავისი გრძნობები, როგორებიცაა ხალისი, რისხვა, მწუხარება და სიხარული, თუმცა ეს გრძნობები განსხვავდება ადამიანის გრძნობებისგან. თავად ღმერთს აქვს თავისი კუთვნილება და არსება. ყველაფერი, რასაც ის გამოხატავს და ამჟღავნებს, წარმოადგენს მისივე არსსა და ვინაობას. ეს კუთვნილება და ეს არსება, ისევე როგორც მისი არსი და ვინაობა, არის ის, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაანაცვლებს. მისი ხასიათი მოიცავს მის სიყვარულს კაცობრიობის მიმართ, მის ნუგეშს კაცობრიობისადმი, მის სიძულვილს კაცობრიობისადმი და კიდევ უფრო მეტიც — კაცობრიობის სრულყოფილ შეცნობას. ხოლო ადამიანის პიროვნება კი შეიძლება მოიცავდეს ხალისს, სიცოცხლით ტკბობას ან უგრძნობლობას. ღვთის ხასიათი არის ის, რაც გააჩნია ყველაფრისა და ყველა ცოცხალი არსების ხელმწიფეს; ეს არის ის, რაც გააჩნია შემოქმედს. მისი ხასიათი წარმოადგენს ღირსებას, ძალაუფლებას, დიდებულებას, სიდიადეს და, უპირველეს ყოვლისა, უზენაესობას. მისი ხასიათი არის ხელმწიფების სიმბოლო, ყოველივე სამართლიანის სიმბოლო, ყოველივე მშვენიერისა და კეთილის სიმბოლო. უფრო მეტიც, მისი ხასიათი არის სიმბოლო იმისა, რომ მას ვერ დაამარცხებს და მასში ვერ შეიჭრება სიბნელე ან მტრის ძალა, ასევე, იგი არის სიმბოლო იმისა, რომ ვერანაირი ქმნილება ვერ შეურაცხყოფს მას (და რომ ის ვერ იტანს შეურაცხყოფას). მისი ხასიათი არის უმაღლესი ძალაუფლების სიმბოლო. არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეუძლია და არც ნებადართულია, ხელი შეუშალოს მის საქმეს ან ხასიათს. ხოლო ადამიანის პიროვნება არაფერია, თუ არა მხოლოდ სიმბოლო იმისა, რომ ადამიანი მცირედით აღემატება პირუტყვს. თავად ადამიანს არ გააჩნია არც ხელმწიფება, არც ავტონომია და არც საკუთარი თავის გადალახვის უნარი. თავისი არსით იგი არის ის, ვინც თრთის ყოველგვარი ადამიანის, მოვლენებისა და საგნების წინაშე. ღვთის სიხარული განპირობებულია სამართლიანობისა და სინათლის არსებობითა და აღმოცენებით, სიბნელისა და ბოროტების განადგურებით. მისი სიხარული გამოწვეულია იმით, რომ იგი კაცობრიობას სინათლესა და კარგ ცხოვრებას ანიჭებს; მისი სიხარული არის სამართლიანი სიხარული, ყოველივე დადებითის არსებობის სიმბოლო და, უფრო მეტიც, კეთილსაიმედოობის სიმბოლო. ღვთის რისხვა გამომდინარეობს უსამართლო მოვლენების არსებობისა და მათ მიერ შექმნილი დაბრკოლებებისაგან, რაც ზიანს აყენებს მის კაცობრიობას, ბოროტებისა და სიბნელის არსებობისაგან, იმ მოვლენების არსებობისაგან, რომლებიც ჭეშმარიტებას განდევნიან და, მით უმეტეს, იმ მოვლენების არსებობისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კეთილსა და მშვენიერს. მისი რისხვა არის სიმბოლო იმისა, რომ ყოველივე უარყოფითი აღარ არსებობს და, უფრო მეტიც, ეს არის მისი თანდაყოლილი სიწმინდის სიმბოლო. ღვთის მწუხარება გამოწვეულია კაცობრიობით, რომლის იმედიც მას აქვს, მაგრამ რომელიც სიბნელეში შთაინთქა და იმით, რომ საქმე, რომელსაც ის ადამიანზე აღასრულებს, ვერ შეესაბამება მის განზრახვებს, რადგან მისი საყვარელი კაცობრიობიდან ყველა ვერ ცხოვრობს სინათლეში. იგი მწუხარებას განიცდის უმანკო კაცობრიობის გამო, პატიოსანი, მაგრამ უმეცარი და კეთილი, მაგრამ საკუთარი შეხედულებების არმქონე ადამიანის გამო. მისი მწუხარება არის მისი სიკეთისა და მისი წყალობის სიმბოლო, მშვენიერებისა და კეთილმოწყალების სიმბოლო. მისი ბედნიერება, რა თქმა უნდა, მტრებზე გამარჯვებიდან და ადამიანის გულწრფელი რწმენის მოპოვებიდან მომდინარეობს. უფრო მეტიც, იგი აღმოცენდება ყველა მტრული ძალის განდევნისა და განადგურებისაგან და იმისაგან, რომ კაცობრიობა იღებს კეთილ და მშვიდ ცხოვრებას. ღვთის ბედნიერება არ ჰგავს ადამიანის სიხარულს; უფრო სწორად, ეს არის კეთილი ნაყოფის მიღების გრძნობა — განცდა, რომელიც სიხარულზე აღმატებულია. მისი ბედნიერება არის სიმბოლო იმისა, რომ ამიერიდან კაცობრიობა გათავისუფლდება ტანჯვისგან და შევა სინათლის სამყაროში. მეორეს მხრივ, ადამიანური გრძნობები მთლიანად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ წარმოიქმნება სამართლიანობის, სინათლის ან სილამაზის გამო და მით უმეტეს არც ზეცის მიერ ბოძებული მადლისგან. ადამიანური გრძნობები ეგოისტურია, ისინი სიბნელის სამყაროში არსებობს და არ აღმოცენდება ღვთის ნების და, მით უმეტეს, ღვთის გეგმის გამო. ამიტომ ადამიანი და ღმერთი ვერასდროს გათანაბრდებიან. ღმერთი მარადიულად უზენაესი და ღირსეულია, ხოლო ადამიანი მარადიულად მდაბალი და უსარგებლოა. ეს იმიტომ, რომ ღმერთი მარადიულად თავს უძღვნის კაცობრიობას და იხარჯება მისთვის, ხოლო ადამიანი მუდმივად მხოლოდ სათავისოდ ითხოვს და იბრძვის. ღმერთი მუდამ იღწვის კაცობრიობის გადასარჩენად, ხოლო ადამიანი არასოდეს არაფერს სწირავს სამართლიანობასა და სინათლეს. და მაშინაც კი, თუ ადამიანი დროებით იჩენს ძალისხმევას, ის ვერ უძლებს ვერცერთ დარტყმას, რადგან ადამიანის ძალისხმევა ყოველთვის საკუთარი თავისკენაა მიმართული და არა სხვისკენ. ადამიანი მუდამ ეგოისტია, ხოლო ღმერთი მუდამ უანგაროა. ღმერთი არის ყოველივე სამართლიანის, კეთილისა და მშვენიერის წყარო, ხოლო ადამიანი არის ის, ვინც აგრძელებს და გამოხატავს ყოველგვარ სიმახინჯესა და ბოროტებას. ღმერთი არასოდეს შეცვლის თავის სამართლიანობისა და მშვენიერების არსს, თუმცა ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას უღალატოს სამართლიანობას და განუდგეს ღმერთს.
ყოველი წინადადება, რომელიც მე მითქვამს, თავის თავში ღვთის ხასიათს მოიცავს. კარგი იქნება, თუ ჩემს სიტყვებს გულდასმით ჩაუფიქრდებით და მათგან აუცილებლად დიდ სარგებელს მიიღებთ. ღვთის არსი ძალზე ძნელად ჩასაწვდომია, თუმცა მჯერა, რომ ყველას გაქვთ გარკვეული წარმოდგენა ღვთის ხასიათის შესახებ. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მეტი გექნებათ საჩვენებელი ისეთი საქმეებიდან, რომლებიც არ შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს. მაშინ მე ვიქნები დამშვიდებული. მაგალითად, მუდამ გულში გყავდეს ღმერთი. როცა მოქმედებ, იმოქმედე მისი სიტყვების თანახმად. ყოველივეში ეძიე მისი განზრახვა და თავი შეიკავე იმის კეთებისგან, რაც ღმერთს შეურაცხყოფს და მის ღირსებას შელახავს. მით უმეტეს, ნუ გადასწევ ღმერთს უკანა პლანზე მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალში გულის სიცარიელე შეავსო. თუ ასე მოიქცევი, შეურაცხყოფას მიაყენებ ღვთის ხასიათს. და კიდევ, თუ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს წარმოთქვამ ღვთისმგმობ სიტყვებს ან საყვედურს ღვთის მიმართ, თუ შეძლებ სათანადოდ აღასრულო ყოველივე ის, რაც მან დაგაკისრა და მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში დაემორჩილო მის ყოველ სიტყვას, მაშინ თავიდან აიცილებ ადმინისტრაციული განკარგულებების დარღვევას. მაგალითად, თუ ოდესმე გითქვამს: „რატომ არ მგონია, რომ ის ღმერთია?“ „ვფიქრობ, ეს სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენა,“ „ჩემი აზრით, ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, აუცილებელი არაა სწორი იყოს,“ „ღვთის ადამიანურობა ჩემსაზე აღმატებული არ არის,“ „ღვთის სიტყვები უბრალოდ სარწმუნო არ არის,“ ან სხვა მსგავსი განმკითხველი სიტყვები, მაშინ მოგიწოდებ, უფრო ხშირად აღიარო შენი ცოდვები და მოინანიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასოდეს გექნება მიტევების შანსი, რადგან შენ შეურაცხყოფ არა ადამიანს, არამედ თავად ღმერთს. შეიძლება გგონია, რომ ადამიანს განიკითხავ, მაგრამ ღვთის სული ამას ასე არ მიიჩნევს. მისი ხორცისადმი შენი უპატივცემულობა მისდამი უპატივცემულობის ტოლფასია. ამგვარად, განა შენი ქმედებებით ღვთის ხასიათი არ შეურაცხყავი? უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც ღვთის სული აკეთებს, კეთდება იმისათვის, რომ დაიცვას თავისი საქმე ხორცში და ეს საქმე სათანადოდ აღსრულდეს. თუ ამას უგულებელყოფ, მაშინ გეტყვი, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას ღვთის რწმენაში. რადგან შენ გამოიწვიე ღვთის რისხვა, ის შესაბამის სასჯელს გამოიყენებს შენი ჭკუის სასწავლებლად.
ღვთის არსის შეცნობა სულაც არ არის უმნიშვნელო საქმე. შენ უნდა ჩაწვდე მის ხასიათს. ამ გზით ნელ-ნელა და შეუმჩნევლად შეიცნობ ღვთის არსს. როცა ამ ცოდნას დაეუფლები, აღმოაჩენ, რომ უფრო მაღალ და მშვენიერ მდგომარეობაში გადადიხარ. საბოლოოდ შეგრცხვება შენი მახინჯი სულის გამო და მეტიც, იგრძნობ, რომ სირცხვილისგან ვერსად დაიმალები. იმ დროს შენს ქმედებებში სულ უფრო ნაკლები იქნება ისეთი რამ, რაც ღვთის ხასიათს შეურაცხყოფს, შენი გული სულ უფრო მეტად მიუახლოვდება ღვთის გულს და მისდამი სიყვარული თანდათან გაიზრდება შენს გულში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ კაცობრიობა მშვენიერ მდგომარეობაში შედის. მაგრამ ჯერჯერობით თქვენ ამისთვის არ მიგიღწევიათ. რადგან ყველანი თქვენი ხვედრისთვის იღწვით, ვის აქვს სურვილი ეცადოს ღვთის არსის შეცნობას? თუ ასე გაგრძელდება, თქვენ შეუმჩნევლად დაარღვევთ ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რადგან ძალიან ცოტა რამ გესმით ღვთის ხასიათის შესახებ. მაშ, განა ის, რასაც ახლა აკეთებთ, არ არის საფუძველი ღვთის ხასიათის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი შეცოდებებისა? ის, რომ მე თქვენგან ღვთის ხასიათის გაგებას ვითხოვ, ჩემი საქმისგან განუყოფელია. რადგან თუ ხშირად დაარღვევთ ადმინისტრაციულ განკარგულებებს, მაშინ რომელი თქვენგანი გაექცევა სასჯელს? განა ჩემი საქმე სრულიად ამაო არ იქნებოდა? ამიტომ კვლავ მოგიწოდებთ, საკუთარი ქცევის გულდასმით განხილვასთან ერთად, სიფრთხილე გამოიჩინოთ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. ეს არის უფრო მაღალი მოთხოვნა, რომელსაც თქვენ გიყენებთ და იმედი მაქვს, რომ ყველანი გულდასმით გაითვალისწინებთ ამას და სერიოზულად მოეკიდებით. თუ დადგება დღე, როცა თქვენი ქმედებები ჩემს ძლიერ რისხვას გამოიწვევს, მაშინ შედეგებზე ფიქრი მხოლოდ თქვენ მოგიწევთ და არავინ იქნება სხვა, ვინც თქვენ ნაცვლად სასჯელს იტვირთავს.