თავი 42
დიადია ყოვლისშემძლე ღვთის საქმენი! რაოდენ საოცარია! რაოდენ საკვირველია! შვიდი საყვირი უკრავს, შვიდი ქუხილი გაისმის და შვიდი თასი იღვრება — ყოველივე ეს დაუყოვნებლივ ღიად გაცხადდება და ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ღვთის სიყვარული ყოველდღიურად გადმოდის ჩვენზე. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ძალუძს ჩვენი ხსნა; უბედურება შეგვემთხვევა თუ კურთხევას მივიღებთ, მთლიანად მასზეა დამოკიდებული და ჩვენ, ადამიანებს, ამის გადაწყვეტა არ ძალგვიძს. ისინი, ვინც მთელი გულით უძღვნიან თავს ღმერთს, უდავოდ მიიღებენ დიდ კურთხევას, ხოლო ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ, მხოლოდ დაკარგავენ მას; ყოველი საგანი და ყოველი მოვლენა ყოვლისშემძლე ღვთის ხელთაა. ნუღარ შეაჩერებ შენს ნაბიჯებს. ცასა და მიწაზე უდიდესი ცვლილება მოდის, რომელსაც ადამიანი ვერსად დაემალება. მას სხვა არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ მწარე ტკივილით მოჰყვეს გოდებას. მიჰყევი იმ საქმეს, რომელსაც სულიწმიდა დღეს აღასრულებს. თავად უნდა გქონდეს ნათლად გაცნობიერებული, თუ რა ეტაპს მიაღწია მისმა საქმემ ისე, რომ სხვების შეხსენება არ გჭირდებოდეს. ახლავე ხშირად დაუბრუნდი ყოვლისშემძლე ღმერთს. სთხოვე მას ყველაფერი. იგი უდავოდ მოგმადლებს გაცხადებებს და გადამწყვეტ მომენტებში დაგიცავს. ნუ გეშინია! იგი უკვე ფლობს მთელ შენს არსებას. მისი მფარველობისა და ზრუნვის ქვეშ რისი უნდა გეშინოდეს? დღეს ღვთის ნების აღსრულება მოახლოებულია და ვისაც ეშინია, მხოლოდ დაკარგავს მას. რასაც გეუბნები ჭეშმარიტებაა. გაახილე სულიერი თვალები. ცა შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს. რისი უნდა გეშინოდეს? ღვთის ერთი ხელის მოძრაობითაც კი მყისიერად ნადგურდება ცა და მიწა. მაშ, რას მოიგებს ადამიანი წუხილით? განა ყოველივე ღვთის ხელში არ არის? თუ იგი უბრძანებს ცასა და მიწას შეიცვალონ, ისინი შეიცვლებიან. თუ იგი იტყვის, რომ სრულქმნილნი უნდა გავხდეთ, მაშინ ჩვენ სრულქმნილნი გავხდებით. ადამიანი არ უნდა შფოთავდეს, არამედ მშვიდად უნდა განაგრძოს სვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტი ყურადღება უნდა დაუთმო სიფხიზლეს. ცა შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს! რაც არ უნდა ფართოდ გაახილოს ადამიანმა თავისი ხორციელი თვალები, იგი ბევრს ვერაფერს დაინახავს. იფხიზლე ახლა. ღვთის ნება აღსრულდა, მისი პროექტი დასრულდა, მისმა გეგმამ წარმატებას მიაღწია და მისი ძენი ყველანი მის ტახტს მიეახლნენ. ისინი ერთად მოდიან, რათა ყოვლისშემძლე ღმერთთან ერთად განსაჯონ მრავალი ერი და ხალხი. ისინი, ვინც დევნიდნენ ეკლესიას და ზიანს აყენებდნენ ღვთის ძეებს, მკაცრ სასჯელს მიიღებენ: ეს უდავოა! ისინი, ვინც გულწრფელად უძღვნიან თავს ღმერთს, ვინც ყველაფერს მტკიცედ იცავს, ღმერთს უდავოდ ეყვარება მთელი მარადისობის განმავლობაში უცვლელად!