თავი 19
რადგან სულიწმიდის საქმე წინ მიიწევს, ღმერთმა კიდევ ერთხელ შეგვიყვანა სულიწმიდის მოქმედების ახალ გზაზე. შედეგად, გარდაუვალია, რომ ზოგიერთი ადამიანი არასწორად გამიგებს და ჩემ წინააღმდეგ პრეტენზიებს გამოთქვამს, ზოგიერთი კი დამიპირისპირდება, წინააღმდეგობას გამიწევს და გულდასმით შემისწავლის. მიუხედავად ამისა, მე მაინც მოწყალე გული მაქვს და ველოდები, რომ მოინანიებთ და გამოასწორებთ საკუთარ თავებს. სულიწმიდის საქმის მეთოდის ცვლილება თავად ღვთის ღია გამოცხადებაა. ჩემი სიტყვა უცვლელი დარჩება! რადგან გადაგარჩენ, სულაც არ მინდა შუა გზაზე მიგატოვო. საქმე ისაა, რომ ეჭვებს გამოთქვამთ და ცარიელი ხელებით გსურთ უკან დაბრუნება. ზოგიერთი თქვენგანი წინ სვლას შეეშვა, ზოგი კი ელოდება და აკვირდება. სხვები პასიურად უმკლავდებიან სიტუაციას, ზოგიერთები სხვებს ბაძავენ. თქვენი გულები მართლაც შეუვალია! შენ აიღე ჩემგან მოცემული სიტყვები და ისეთ რამედ აქციე, რითიც ამაყობ ან თავს იწონებ. კარგად დაფიქრდით კიდევ ერთხელ. ეს სხვა არაფერია, თუ არა წყალობისა და სამსჯავროს სიტყვები, რომლებიც თქვენკენ მოემართება. ვინაიდან სულიწმიდა ხედავს, რომ მართლაც ურჩები ხართ, პირდაპირ საუბარსა და გარჩევას იწყებს. უნდა გეშინოდეთ. ნუ იქნებით გამბედავები, დაუფიქრებლები ან წინდაუხედავები და ნურც ამაოები, თავხედები ან მეტისმეტად თავდაჯერებულნი იქნებით! თქვენ უფრო მეტად უნდა ფოკუსირდეთ ჩემი სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებაზე, იცხოვროთ მათით ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, რათა ამან ჭეშმარიტად გარდაგქმნას შიგნიდან და გქონდეს ჩემი ხასიათი. მხოლოდ ასეთი შედეგებია ნამდვილი.
იმისათვის, რომ ეკლესია აშენდეს, გარკვეული სულიერი სიმწიფის უნდა იყოთ და მთელი ძალისხმევით უნდა ისწრაფოდეთ, და აღარ უნდა დარჩეთ იქ, სადაც ხართ. გარდა ამისა, თქვენ უნდა მიიღოთ სულიწმიდის მიერ დაწვა და გაწმენდა, რათა შეცვლილ ადამიანად იქცეთ. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება ეკლესიის შენება. სულიწმიდის მოქმედებამ ახლა ეკლესიის შენებაში შემოგიყვანათ. თუ კვლავ არეულ-დარეულად და ზანტად გააგრძელებთ მოქცევას, როგორც წარსულში, მაშინ თქვენთვის იმედი აღარ არსებობს. თქვენ უნდა შეიარაღდეთ მთელი ჭეშმარიტებით, უნდა გქონდეთ სულიერი გამჭრიახობა და ჩემს სიბრძნეზე დაყრდნობით სრულყოფილ გზაზე იაროთ. ეკლესიის ასაშენებლად საჭიროა მისი სულითა და სიცოცხლით შენება და არა მხოლოდ გარეგნული მიბაძვით. თქვენი ცხოვრების ზრდის პროცესი იგივე პროცესია, რომელშიც თავად შენდებით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ისინი, რომლებიც ნიჭებს ეყრდნობიან, ვერ აშენდებიან; რომელთაც სულიერი გაგება და რეალობა არ გააჩნიათ, ვერც ისინი აშენდებიან; რომლებიც ვერ ახერხებენ, რომ მუდამ მომიახლოვდნენ და ჩემთან თანაზიარება ჰქონდეთ, ვერ აშენდებიან; რომელნიც საკუთარ ფიქრებსა და წარმოდგენებში ცხოვრობენ და წესებს ეყრდნობიან, ვერ აშენდებიან; რომელნიც საკუთარი გრძნობებით იმართებიან, ვერ აშენდებიან; არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოგექცევა ღმერთი, მას აბსოლუტურად უნდა დაემორჩილო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აშენდები; რომლებიც მედიდურნი, თვითმართალნი, ამპარტავნები და თვითკმაყოფილნი არიან, ვისაც სხვებზე მაღალი პოზიციის დაკავება და თავმომწონეობა უყვართ, ვერ აშენდებიან; რომელნიც სხვებთან ერთად მსახურებაში ვერ თანამშრომლობენ, ვერ აშენდებიან; რომელთაც სულიერი გამჭრიახობა არ აქვთ და ბრმად მიჰყვებიან ყველას, ვინც წინამძღოლობს, ვერ აშენდებიან; რომლებიც ვერ აღიქვამენ ჩემს განზრახვებს და ძველ მდგომარეობაში ცხოვრობენ, ვერ აშენდებიან. რომელნიც ფეხს ვერ უწყობენ ახალ ნათელს და რომელთაც საფუძვლად რაიმე ხედვა არ გააჩნიათ, ვერ აშენდებიან.
ეკლესია დაუყოვნებლივ უნდა აშენდეს; ეს ამჟამად ჩემი გადაუდებელი განზრახვაც არის. თქვენ უნდა დაიწყოთ დადებითი მხრიდან, არანაირი ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროთ, უნდა შესწიროთ საკუთარი თავი და შეუერთდეთ შენების ნაკადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტოვებულნი იქნებით. სრულიად უნდა უარყოთ ის, რაზეც უარი ითქმის, და ჯეროვნად უნდა ჭამოთ და სვათ ის, რისი ჭამაც და სმაც აუცილებელია. თქვენ უნდა იცხოვროთ ჩემი სიტყვის რეალობით და არ უნდა ფოკუსირდეთ გარეგნულ და უმნიშვნელო რამეებზე. საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამჟამად რამდენად არის ჩემი სიტყვა შენში? რამდენად ცხოვრობ მისით? ფხიზელად უნდა იყო და თავი შეიკავო რაიმე დაუფიქრებელი ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ქცევა ცხოვრებაში ზრდის მისაღწევად კი არ დაგეხმარება, არამედ, რეალურად ავნებს შენს ზრდას. შენ უნდა გქონდეს ჭეშმარიტებისა და პრაქტიკის გზის მკაფიო გაგება და მისცე ჩემს სიტყვას საშუალება, რომ ჭეშმარიტად შენს სიცოცხლედ იქცეს. ეს არის საქმის არსი!
რადგან ეკლესიის შენებამ ახლა კრიტიკულ მომენტს მიაღწია, სატანაც ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკლესია დაანგრიოს. თქვენ არ უნდა იყოთ დაუდევარნი, არამედ სიფრთხილით უნდა იმოქმედოთ და სულიერი გამჭრიახობა გქონდეთ. ასეთი გამჭრიახობის გარეშე დიდ ზარალს განიცდით. ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის; ეს დიდი მნიშვნელობის საკითხად უნდა მიიჩნიოთ. სატანა ასევე ქმნის ცრუ გამოჩინებებს და ასაღებს ყალბ ნივთებს, მაგრამ ამ ყველაფრის შინაგანი თვისება განსხვავებულია. ადამიანები ისეთი სულელები და დაუდევრები არიან, რომ ვერ ხედავენ განსხვავებას. ეს ნიშნავს, რომ მათ ყოველთვის ვერ ექნებათ სუფთა და მშვიდი, მტკიცე გული. თქვენი გულები არსად ჩანს. მსახურება, ერთის მხრივ, დიდების საქმეა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმე, რომელშიც შეიძლება ზიანი იგემო. მან შეიძლება კურთხევამდეც მიგიყვანოს და კატასტროფამდეც. იყავით მდუმარედ ჩემი თანდასწრებით და იცხოვრეთ ჩემი სიტყვისამებრ, და ბუნებრივად შეინარჩუნებთ სიფხიზლესა და გამოიჩენთ სულიერ გამჭრიახობას. როდესაც სატანა მოვა, მაშინვე შეძლებთ მისგან თავის დაცვას და წინასწარ იგრძნობთ მას; სულში ჭეშმარიტ შფოთვას იგრძნობთ. სატანის ამჟამინდელი საქმეც ტენდენციებს მიჰყვება. როდესაც ადამიანები დაბნეულად მოქმედებენ და სიფხიზლე აკლიათ, ისინი ტყვედ ჩაცვივდებიან. მუდამ უნდა იფხიზლო და თვალები ახელილი გქონდეს. ნუ იდავებთ თქვენს პირად მოგებასა და წაგებაზე და ნუ იანგარიშებთ სარგებელს; ნაცვლად ამისა, ეძიეთ ჩემი ნების აღსრულება.
რაღაცები, შესაძლოა, იდენტური ჩანდეს, თუმცა ხარისხით განსხვავდებოდეს. სწორედ ამ მიზეზით, უნდა ამოიცნოთ როგორც ადამიანები, ისე სულები. უნდა გამოიჩინოთ გამჭრიახობა და შეინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე. როდესაც სატანის შხამი გამოჩნდება, თქვენ უნდა შეძლოთ მისი მყისიერი ამოცნობა; ის ვერ გაექცევა ღვთის სამსჯავროს ნათელს. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს სულში სულიწმიდის ხმის გულმოდგინედ მოსმენას; ნუ მიჰყვებით სხვებს ბრმად. თუკი ყალბს ჭეშმარიტებაში აურევ და დაუფიქრებლად მიჰყვები ყველას, ვინც წინამძღოლობს, მაშინ დიდ ზარალს იგემებ. როგორი გემო აქვს ამას? ყველამ იგემეთ? არ უნდა ჩაერიო შემთხვევით მსახურებაში და არ შეიტანო მასში საკუთარი აზრები, თორემ განგგმირავ. უარესიც — თუკი სათანადოდ არ დაემორჩილები და დაუფიქრებლად ილაპარაკებ და იმოქმედებ, მაშინ მოგკვეთ! ეკლესია არ არის იმისთვის, რომ მეტი ხალხით გაივსოს; მას მხოლოდ ისეთები სურს, ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი და რეალურად ცხოვრობს ჩემი სიტყვის შესაბამისად. თქვენ უნდა აცნობიერებდეთ საკუთარ რეალურ მდგომარეობას. განა საკუთარი თავის მოტყუება არ არის, როდესაც ღარიბი ხარ, მაგრამ ფიქრობ, რომ მდიდარი ხარ? იმისთვის, რომ ეკლესია აშენდეს, უნდა მიჰყვეთ სულს; ნუ იმოქმედებთ ბრმად. ამის ნაცვლად, დარჩით თქვენს ადგილებზე და შეასრულეთ თქვენივე ფუნქციები. არ უნდა გასცდეთ სათანადო საზღვრებს. რა ფუნქციაც არ უნდა გქონდეთ, მთელი ძალ-ღონე უნდა დახარჯოთ მის შესასრულებლად. ამგვარად, ჩემი გული დაკმაყოფილდება. საქმე ის როდია, რომ ყველამ ერთი და იგივე ფუნქცია შეასრულოთ. პირიქით, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი როლი უნდა ითამაშოს და ეკლესიაში მსახურებისას სხვებთან ითანამშრომლოს. თქვენი მსახურება არცერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს.