თავი 14
ამჟამად, დრო მართლაც ცოტაა. სულიწმიდა ბევრ სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რომლებიც უკლებლივ, ღვთის სიტყვებისაკენ ჩვენს გაძღოლას ისახავს მიზნად. ყველა ჭეშმარიტებით უნდა აღიჭურვო, „წმინდად გამოყოფილი“ იყო, ჭეშმარიტად დამიახლოვდე და გქონდეს ჩემთან ურთიერთობა, და არ მოგეცემა არანაირი სივრცე ასარჩევად და გადასაწყვეტად. სულიწმიდის საქმეს გრძნობები არ სდევს და არც იმას ითვალისწინებს, როგორი ადამიანი ხარ. თუ მზად ხარ ეძიო და მიჰყვე, თავი არ იმართლო, საკუთარ მოგება-ზარალზე არ იდავო და ეძიო ხარბად მოწყურებულმა სამართლიანობა, მაშინ მე ნათელს მოგფენ. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უგუნური და უმეცარი ხარ, ამას არად დაგიდევ. მე ვაკვირდები იმას, თუ რამდენად ბევრს შრომობ დადებით ასპექტში. თუ კვლავაც ჯიუტად ებღაუჭები საკუთარი თავის წარმოჩენას და შენსავე პატარა სამყაროში ტრიალებ, მაშინ ვფიქრობ, საფრთხეში ხარ.... რა არის ჩაბღაუჭება? რას ნიშნავს მიტოვება? როგორ უნდა იცხოვრო ღვთის წინაშე დღეს? როგორ უნდა ითანამშრომლო ჩემთან აქტიურად? უარყავი შენი წარმოდგენები, გააანალიზე საკუთარი თავი, მოიხსენი ნიღაბი, ნათლად დაინახე შენი ნამდვილი სახე, შეიძულე საკუთარი თავი, იქონიე შიმშილითა და წყურვილით სამართლიანობის მაძიებელი გული, ირწმუნე, რომ თავად ჭეშმარიტად არაფერს წარმოადგენ, მზად იყავი საკუთარი თავის დასათმობად, შეძელი ყველა შენი მოქმედების გზის შეჩერება, დაშოშმინდი ჩემ წინაშე, აღავლინე მეტი ლოცვა, გულმოდგინედ დამეყრდენი, შემომხედე და არასდროს შეწყვიტო ჩემთან დაახლოება და ჩემთან თანაზიარება — სწორედ ამაშია გასაღები. ადამიანები ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილნი ცხოვრობენ და ამის გამო, ღვთის წინაშე არ იმყოფებიან.
სულიწმიდის ახლანდელი საქმე ადამიანებისთვის მართლაც ძნელი წამოსადგენია და ყველაფერი რეალობაში შედის; აღნიშნულისადმი ზედაპირული და უდარდელი დამოკიდებულება ნამდვილად არ ივარგებს. თუ შენი აზრები და შეხედულებები მცდარია, მაშინ წინსვლის გზა აღარ გექნება. დასაწყისიდან ბოლომდე ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და ეცადე, არასდროს გამოიჩინო დაუდევრობა. ნეტარ არიან ისინი, ვინც მუდმივად ფხიზლობენ, ელოდებიან და ჩემ წინაშე მშვიდად არიან! ნეტარ არიან ისინი, ვინც გულით ყოველთვის ჩემკენ იყურებიან, ვინც ყურადღებით უსმენენ ჩემს ხმას, ყურადღებას აქცევენ ჩემს მოქმედებებს და პრაქტიკაში ახორციელებენ ჩემს სიტყვებს! დრო მართლაც აღარ იცდის; ყოველგვარი უბედურება ფართოდ გავრცელდება და მძვინვარე, სისხლიანი ხახით წყალდიდობასავით გშთანთქავს თქვენ ყველას. ჩემო შვილებო! დადგა ჟამი! დაფიქრების დრო აღარ არის. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩემი მფარველობის ქვეშ მოგიყვანთ, ჩემ წინაშე დაბრუნებაა. ვაჟიშვილის სიმტკიცე უნდა გქონდეთ; არ დასუსტდეთ და გული არ გაიტეხოთ. ფეხი უნდა აუწყოთ ჩემს ნაბიჯებს, არ უარყოთ ახალი სინათლე და, როდესაც გეუბნებით, როგორ ჭამოთ და სვათ ჩემი სიტყვები, უნდა დამორჩილდეთ და ჯეროვნად ჭამოთ და სვათ ის. განა კიდევ არის იმის დრო, რომ თვითნებურად იბრძოლოთ ან იდავოთ ერთმანეთში? შეძლებთ კი ბრძოლას, თუ არ დანაყრდებით და სრულად არ აღიჭურვებით ჭეშმარიტებით? რელიგიის დასაძლევად სრულად უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით. მეტი ჭამეთ და სვით ჩემი სიტყვები და მეტი იფიქრეთ მათზე. ჩემი სიტყვების ჭამა და სმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოთ და ღმერთთან დაახლოებით დაიწყოთ. გაფრთხილებ! ყურადღებით იყავი! ვინც ჭკვიანია, სწრაფად უნდა გამოფხიზლდეს! გაუშვი ყველაფერი, რისი დათმობაც არ გინდა. კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ეს რაღაცები მართლაც საზიანოა შენი სიცოცხლისთვის და არანაირი სარგებელი არ მოაქვს! იმედი მაქვს, მოქმედებებში შეგიძლია დამეყრდნო; წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ერთადერთი გზა სიკვდილის გზაა — საიდანღა მოძებნი მაშინ სიცოცხლის გზას? უკან გაიხმე შენი გული, რომელიც გარეგნული საქმეების კეთებისკენ მიისწრაფვის! უკან გაიხმე შენი გული, რომელიც სხვებს არ ემორჩილება! თუ შენი სიცოცხლე ვერ მომწიფდება და მიტოვებული დარჩები, განა საკუთარ თავს თავადვე არ დააზარალებ? სულიწმიდის ახლანდელი საქმე ისეთი არ არის, როგორიც წარმოგიდგენია. თუ ვერ შეძლებ შენი წარმოდგენების დათმობას, მაშინ დიდ ზარალს განიცდი. საქმე ადამიანის წარმოდგენების შესაბამისი რომ იყოს, განა გამოვლინდებოდა შენი ძველი ბუნება და წარმოდგენები? განა შეძლებდი საკუთარი თავის შეცნობას? ეგებ კვლავ ფიქრობ, რომ წარმოდგენებისგან თავისუფალი ხარ, მაგრამ ამჯერად შენი ყველა სხვადასხვა უშნო მხარე ნათლად გამოვლინდა. გულდასმით ჰკითხე საკუთარ თავს:
ხარ თუ არა ის, ვინც მე მემორჩილება?
მზად ხარ და გინდა თუ არა, უარყო საკუთარი თავი და მე გამომყვე?
ხარ თუ არა ის, ვინც უბიწო გულით ეძებს ჩემს სახეს?
იცი თუ არა, როგორ დამიახლოვდე და გქონდეს თანაზიარება ჩემთან?
შეგიძლია თუ არა დაწყნარდე ჩემ წინაშე და ეძიო ჩემი განზრახვები?
ახორციელებ თუ არა პრაქტიკაში იმ სიტყვებს, რომლებსაც შენთვის აშკარას ვხდი?
შეგიძლია თუ არა შეინარჩუნო ნორმალური მდგომარეობა ჩემ წინაშე?
შეგიძლია თუ არა გაშიფრო სატანის სქემები? ბედავ თუ არა მათ მხილებას?
როგორ ითვალისწინებ ღვთის ტვირთს?
ხარ თუ არა ის, ვინც ითვალისწინებს ღვთის ტვირთს?
როგორ აღიქვამ სულიწმიდის საქმეს?
როგორ თანამშრომლობ სხვებთან ღვთის სახლში მსახურებისას?
როგორ ატარებ ჩემთვის მტკიცე მოწმობას?
როგორ იბრძვი ჭეშმარიტებისთვის კეთილ ბრძოლაში?
ეს ჭეშმარიტებები გულდასმით უნდა გაიაზრო. ფაქტები საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს დღე ძალიან ახლოსაა. კატასტროფების დადგომამდე უნდა სრულიქმნეთ — ეს უმთავრესი საკითხია, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს გადაჭრას! მზად ვარ სრულგქმნათ, მაგრამ ვხედავ, რომ მართლაც, როგორღაც, აშვებულნი ხართ. უნარი გაქვთ, თუმცა იქ არ იყენებთ, სადაც საჭიროა, და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვერ გაგიგიათ; ნაცვლად ამისა, მხოლოდ წვრილმანებს ებღაუჭებით. რა სარგებელი მოაქვს ასეთ რამეებზე ჩაციკვლას? განა ეს დროის კარგვა არ არის? ამგვარად გიცხადებთ მადლს, მაგრამ თქვენ ვერაფერს აფასებთ; უგუნურად იბრძვით და შფოთავთ — განა ჩემი გულის სისხლი უქმად არ დაიკარგა? თუ ასე გააგრძელებთ, დროს არ დავხარჯავ თქვენს დასაყოლიებლად! მოისმინეთ! თუ არ გამოფხიზლდებით, სულიწმიდის საქმე ჩამოგერთმევათ! აღარაფერი მოგეცემათ საზრდოდ და დაე, ისე ირწმუნოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ჩემი სიტყვები ამომწურავად გამოვთქვი; თქვენზეა დამოკიდებული, მოისმენთ თუ არა. როდესაც დადგება დრო, რომ დაიბნევით, წინსვლის გზა აღარ გექნებათ და ჭეშმარიტ სინათლეს ვერ დაინახავთ, მე დამაბრალებთ? რა უმეცრებაა! რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ასე ჩაებღაუჭებით საკუთარ თავს და უარს იტყვით მის დათმობაზე? განა თქვენი შრომა ამაო არ აღმოჩნდება? რა საცოდაობა იქნება მიტოვებულად დარჩენა, როდესაც უბედურებები დაგვატყდება თავს!
ახლა ეკლესიის მშენებლობის გადამწყვეტი ეტაპია. თუ ვერ შეძლებთ ჩემთან აქტიურად თანამშრომლობას, მთელი გულით ჩემთვის თავის გაღებასა და ყველაფრის დათმობას, ზარალს განიცდით. კიდევ შეგიძლიათ კი სხვა განზრახვები გქონდეთ? ასეთი სულგრძელობა გამოვიჩინე თქვენ მიმართ, ველოდებოდი, როდის მოინანიებდით და ახლიდან დაიწყებდით. თუმცა დრო მართლაც აღარ ითმენს და საერთო სურათი უნდა გავითვალისწინო. ღვთის მართვის გეგმის მიზნისთვის ყველაფერი წინ მიიწევს და ჩემი ნაბიჯები წინ მიდის დღითიდღე, საათობრივად და ყოველ წამს — ვინც ვერ აუწყობს ფეხს, მიტოვებული დარჩება. ყოველდღე ჩნდება ახალი სინათლე, ყოველდღე კეთდება ახალი საქმეები და ყოველდღე იბადება სიახლეები. ვინც სინათლეს ვერ ხედავს, ბრმაა! ვინც არ მიჰყვება, განდევნილი იქნება…