თავი 115

შენ გამო ჩემი გული დიდად გაიხარებს. შენ გამო ჩემი ხელი სიხარულით იზეიმებს და უსასრულო კურთხევებს მოგმადლის. რადგან სამყაროს შექმნამდე ჩემგან წარმოიშვი, დღეს ჩემ გვერდით უნდა დაბრუნდე, რამეთუ შენ არ ხარ ამ წუთისოფლისა თუ დედამიწისა, არამედ ჩემი ხარ. სამუდამოდ მეყვარები, სამუდამოდ გაკურთხებ და სამუდამოდ დაგიცავ. მხოლოდ მათ, ვინც ჩემგან წარმოიშვნენ, იციან ჩემი განზრახვები; მხოლოდ ისინი გაითვალისწინებენ ჩემს ტვირთს და მხოლოდ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მსურს. დღეს ყოველივე დიდი ხანია აღსრულებულია. ჩემი გული ცეცხლის ალს ჰგავს, რომელიც მთელი არსებით ესწრაფვის, რომ ჩემი საყვარელი ძენი მალე შეიკრიბონ ჩემთან ერთად და ჩემი პიროვნება მალე სრულად დაბრუნდეს სიონში. შენ გაქვს გარკვეული ცოდნა ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სულში ერთმანეთს ვერ მივყვებით, ჩვენ შეგვიძლია ხშირად ვახლდეთ ერთმანეთს სულში და ხშირად შევხვდეთ ხორცში. მამა და ძენი სამუდამოდ განუყოფელნი არიან; ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი. ვერავინ წაგიყვანს ჩემი გვერდიდან, ვიდრე სიონის მთაზე დაბრუნების დღე არ დადგება. მიყვარს ჩემგან გამოსული ყველა პირმშო ძე და მძულს ყველა მტერი, რომელიც მეწინააღმდეგება. სიონში დავაბრუნებ მათ, ვინც მიყვარს, ხოლო მათ, ვინც მძულს, ჰადესში, ჯოჯოხეთში ჩავყრი. ეს არის ჩემი ყველა ადმინისტრაციული განკარგულების მთავარი პრინციპი. ყველაფერი, რასაც ჩემი პირმშო ძენი ამბობენ ან აკეთებენ, ჩემი სულის გამოხატულებაა. სწორედ ამის ნათელი გაცნობიერებით ყველამ უნდა დაამოწმოს ჩემი პირმშო ძეების შესახებ. ეს არის ჩემი საქმის შემდეგი ეტაპი და თუ ვინმე წინააღმდეგობას გასწევს, მასთან გამკლავებას ჩემს საყვარელ ძეებს მივანდობ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე უწინ. თუ ისინი, ვინც მიყვარს, განკითხვის სიტყვას წარმოთქვამენ, სატანა მყისიერად მოკვდება ჰადესში, რადგან მე უკვე მივანიჭე ჩემს პირმშო ძეებს ხელმწიფება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან დადგა დრო, როდესაც მე და ჩემი პირმშო ძენი ერთად უნდა ვფლობდეთ სამეფო ძალაუფლებას. (ეს ხდება ხორცის ეტაპზე, რომელიც ოდნავ განსხვავდება სხეულში სამეფო ძალაუფლების ერთად ფლობისგან.) ნებისმიერი, ვინც ფიქრებში ურჩობას გამოავლენს, იმავე ბედს გაიზიარებს, რასაც ისინი, ვინც ჩემს პიროვნებას ეწინააღმდეგებიან. ჩემს პირმშო ძეებს ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც მე მეპყრობიან, რადგან ჩვენ ერთი სხეულისანი ვართ და არასოდეს განვცალკევდებით. როგორც წარსულში მოწმობდნენ ჩემზე, დღესაც ასევე უნდა დაამოწმონ ჩემი პირმშო ძეების შესახებ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ადმინისტრაციული განკარგულება: ყველა უნდა დადგეს და ყველამ უნდა დაამოწმოს.

ჩემი სასუფეველი დედამიწის კიდეებამდე ვრცელდება და ჩემი პირმშო ძენი ჩემთან ერთად მოგზაურობენ დედამიწის კიდეებამდე. თქვენი ხორცისგან გამოწვეული დაბრკოლებების გამო ბევრი სიტყვაა, რომელიც არ გესმით, მიუხედავად იმისა, რომ მე ისინი წარმოვთქვი. ამიტომ საქმის უდიდესი ნაწილი სიონში დაბრუნების შემდეგ უნდა დასრულდეს. ჩემი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს დაბრუნება არც ისე შორსაა — სინამდვილეში, ეს ჟამი თითქმის დამდგარია. სწორედ ამიტომ კვლავ და კვლავ ვსაუბრობ სიონსა და სიონში არსებულ საკითხებზე. იცით თუ არა, რა არის ჩემი სიტყვების მიზანი? იცით, რა მიდევს გულში? ჩემს გულს სურს, მალე დავბრუნდე სიონში, მთლიანად დავასრულო ძველი ეპოქა, დავასრულო ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე (რადგან მძულს ამქვეყნიური ადამიანები, მოვლენები და საგნები, ხოლო ხორცში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად მძულს; ხორცისგან გამოწვეული დაბრკოლებები დიდია და მხოლოდ სიონში დაბრუნების შემდეგ აყვავდება ყოველივე) და აღვადგინო ჩვენი ცხოვრება სასუფეველში. ჩემი პირველი განკაცების მიზანი იყო, საფუძველი ჩამეყარა ჩემი მეორე განკაცებისთვის. ეს იყო ერთადერთი გზა. მხოლოდ სატანისთვის საკუთარი თავის სრულად გადაცემით შევძლებდი თქვენს გამოსყიდვას, რათა დასკვნით ეტაპზე ჩემს სხეულში დაბრუნებულიყავით. (რომ არა ჩემი პირველი განკაცება, ვერც დიდებას მოვიპოვებდი და ვერც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს დავიბრუნებდი. შედეგად, თქვენ ცოდვილებად მოხვიდოდით წუთისოფელში.) რადგან უსაზღვრო სიბრძნე მაქვს და, რაკი სიონიდან გამოგიყვანეთ, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია კვლავ დაგაბრუნოთ სიონში. როგორც არ უნდა ეცადოს სატანა გზის გადაღობვას, ეს უშედეგო იქნება, რადგან ჩემი დიადი საქმე დიდი ხნის წინ აღსრულდა. ჩემი პირმშო ძენი ჩემნაირები არიან — წმინდა და უბიწონი. ამიტომ მე მაინც დავბრუნდები სიონში ჩემს პირმშო ძეებთან ერთად და ჩვენ არასოდეს განვცალკევდებით.

ჩემი მართვის მთელი გეგმა თანდათანობით გეცხადებათ. დავიწყე ჩემი საქმის აღსრულება ურიცხვ ერში და ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს შორის. ეს კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ ჩემი სიონში დაბრუნება არც ისე შორს არის, რადგან ურიცხვ ერში და ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს შორის ჩემი საქმის აღსრულება სწორედ ის არის, რაც სიონში დაბრუნების შემდეგ უნდა გაკეთდეს. ჩემი ნაბიჯები სულ უფრო ჩქარდება. (რადგან სიონში ჩემი დაბრუნების დღე ახლოვდება, მსურს, სანამ დავბრუნდები, დავასრულო ჩემი საქმე დედამიწაზე.) ჩემი საქმე სულ უფრო დატვირთული ხდება, თუმცა დედამიწაზე ჩემთვის გასაკეთებელი საქმე სულ უფრო მცირდება — თითქმის აღარაფერია. (ეს დატვირთულობა გულისხმობს სულიერ საქმეს, რომლის დანახვაც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით არ შეუძლია და რომლის ამოკითხვაც მხოლოდ ჩემი სიტყვებიდან არის შესაძლებელი. ეს დატვირთულობა არ გულისხმობს ხორცში დატვირთულობას, არამედ ჩემ მიერ მრავალი საქმის წარმართვასა და განკარგვას.) ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ვთქვი, ჩემი საქმე დედამიწაზე უკვე ზედმიწევნით აღსრულდა, ხოლო ჩემი საქმის დანარჩენმა ნაწილმა უნდა მოიცადოს, სანამ სიონში დავბრუნდები. (მიზეზი, რის გამოც სიონში უნდა დავბრუნდე საქმის შესასრულებლად, არის ის, რომ მომავალი საქმე აბსოლუტურად ვერ აღსრულდება ხორცში; და ეს საქმე ხორცში რომ შესრულებულიყო, ის ჩემს სახელს შეარცხვენდა.) როდესაც ჩემს მტრებს დავამარცხებ და სიონში დავბრუნდები, ცხოვრება იმაზე უფრო მშვენიერი და მშვიდობიანი იქნება, ვიდრე საუკუნეთა უწინარეს არსებული ცხოვრება. (ეს იმიტომ, რომ მე სრულად დავამარცხე წუთისოფელი და ჩემი პირველი და მეორე განკაცების მეშვეობით სრული დიდება მოვიპოვე. ჩემი პირველი განკაცებისას ჩემი დიდების მხოლოდ ნაწილი მოვიპოვე, მაგრამ ჩემს მეორე განკაცებაში ჩემმა პიროვნებამ სრულად მოიპოვა დიდება, ამიტომ სატანას აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ ამით ბოროტად ისარგებლოს. შესაბამისად, მომავალი ცხოვრება სიონში კიდევ უფრო მშვენიერი და მშვიდობიანი იქნება.) ჩემი პიროვნება კიდევ უფრო დიდებულად წარსდგება წუთისოფლისა და სატანის წინაშე, რათა დაამციროს დიდი წითელი დრაკონი; ეს არის ჩემი მთელი სიბრძნის მთავარი არსი. რაც უფრო მეტს ვსაუბრობ გარეგნულ რაღაცებზე, მით უფრო მეტად შეგიძლიათ მათი გაგება; რაც უფრო მეტს ვსაუბრობ სიონის იმ საკითხებზე, რომელთა დანახვაც ადამიანებს არ შეუძლიათ, მით უფრო ფუჭი მოგეჩვენებათ ეს რაღაცები და მით უფრო გაგიჭირდებათ მათი წარმოდგენა –– ჩათვლით, რომ ზღაპრებს გიყვებით. თუმცა, ფხიზლად უნდა იყოთ. ჩემს ბაგეთაგან ცარიელი სიტყვები არ გამოდის. სიტყვები, რომლებიც ჩემი ბაგეებიდან გამოდის, სანდოა. ყოველივე ეს აბსოლუტური სიმართლეა, თუმცა თქვენი აზროვნებით ამის გაგება რთულია. (ხორცის შეზღუდვების გამო ადამიანებს არ შეუძლიათ სრულად და საფუძვლიანად გაიგონ ის, რასაც ვამბობ, ხოლო ბევრი რამ, რაც უკვე ვთქვი, სრულად არ გამიმჟღავნებია. თუმცა, როდესაც სიონში დავბრუნდებით, ყველაფერს ბუნებრივად მიხვდებით, ჩემი ახსნის გარეშე.) ამას ზერელედ არ უნდა მოეკიდოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურ ხორცსა და წარმოდგენებს შეზღუდვები აქვს, მე მაინც გავაუმჯობესებ თქვენს ხორციელ აზროვნებას, ხოლო თქვენს წარმოდგენებს გაცხადებული საიდუმლოებების მეშვეობით დავუპირისპირდები, რადგან, როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს ჩემი საქმის ერთ-ერთი ეტაპია. (ეს საქმე არ შეწყდება, ვიდრე სიონში შესვლამდე.) თითოეული ადამიანის გონებაში არსებობს „სიონის მთა“ და ის ყველასთვის განსხვავებულია. რაკი გამუდმებით ვახსენებ სიონის მთას, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას მის შესახებ, რათა მცირედი წარმოდგენა მაინც გქონდეთ მასზე. სიონის მთაზე ყოფნა ნიშნავს სულიერ სამყაროში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ის სულიერ სამყაროს უკავშირდება, ეს არ არის ისეთი ადგილი, რომლის დანახვა ან შეხება ადამიანებს არ შეუძლიათ; ეს სხეულს ეხება. როდესაც სხეული ჩნდება, მას აქვს ფორმა და ხატი, ხოლო როდესაც არ ჩნდება, მას არც ფორმა აქვს და არც ხატი, ამიტომ ის არ არის აბსოლუტურად უხილავი ან ხელშეუხებელი. სიონის მთაზე არ იქნება საზრუნავი საკვებზე, ტანსაცმელზე, ყოველდღიურ საჭიროებებსა თუ თავშესაფარზე; არც ქორწინება იარსებებს, არც ოჯახი და არც სქესთა დაყოფა (ყველა, ვინც სიონის მთაზე იმყოფება, ჩემი პიროვნებაა ერთ სხეულში; ამიტომ იქ არც ქორწინება არსებობს, არც ოჯახი ან სქესთა დაყოფა) და ყველაფერი, რაზეც ჩემი პიროვნება საუბრობს, აღსრულდება. როდესაც ადამიანები სიფხიზლეს მოადუნებენ, ჩემი პიროვნება მათ შორის გამოჩინდება, ხოლო როდესაც ადამიანები ყურადღებას არ მიაქცევენ, ჩემი პიროვნება გაქრება. (ეს არის ის, რისი მიღწევაც ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ და ამიტომ ახლა ამის წარმოდგენა გიჭირთ.) მომავალში კვლავ იარსებებს მზე, მთვარე და ფიზიკური ცა და მიწა, მაგრამ, რადგან ჩემი პიროვნება სიონში იქნება, არ იქნება მზის მცხუნვარება, არ იქნება დღე და სტიქიური უბედურებებისგან გამოწვეული ტანჯვა. როდესაც ვთქვი, რომ არ იქნება სანთლის ან მზის სინათლის საჭიროება, რადგან ღმერთი უზრუნველყოფს სინათლეს, სიონის საკითხებს ვგულისხმობდი. ადამიანური წარმოდგენების თანახმად, სამყაროში ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ყველა ადამიანმა ჩემს ნათელში უნდა იცხოვროს. მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა სიტყვებისა „ჩვენ არ დაგვჭირდება სანთელი ან მზის სინათლე, რადგან ღმერთი მოგვცემს ნათელს“, მაგრამ სინამდვილეში, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. როდესაც ვთქვი „ყოველ თვეს ხე თორმეტგვარ ნაყოფს გამოისხამს“, სიონის საკითხებს ვგულისხმობდი. ეს წინადადება სრულად გამოხატავს სიონში ცხოვრების პირობებს. სიონში დრო შეზღუდული არ იქნება, არც გეოგრაფიული და სივრცითი შეზღუდვები იარსებებს. სწორედ ამიტომ ვთქვი „ყოველ თვეს“. „თორმეტგვარი ნაყოფი“ არ წარმოადგენს იმ ქცევას, რომელსაც დღეს ცხოვრებაში ავლენთ, არამედ სიონში თავისუფალ ცხოვრებას გულისხმობს. ეს ტერმინი სიონში ცხოვრების შეჯამებაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავინახოთ, რომ ცხოვრება სიონში მდიდარი და მრავალფეროვანი იქნება (რადგან აქ „თორმეტი“ სისავსეს აღნიშნავს). ეს იქნება ცხოვრება მწუხარებისა და ცრემლების გარეშე; არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს შთანთქავენ ან დაჩაგრავენ, ამიტომ ყველა დახსნილი და თავისუფალი იქნება. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი ჩემს პიროვნებაში არსებობს, რომლის განცალკევებაც არცერთ ადამიანს არ შეუძლია და ყველაფერი მუდმივად განახლებადი სილამაზის ხილული სურათი იქნება. ეს იქნება დრო, როდესაც ყველაფერი მზად იქნება და დაიწყება ჩვენი ცხოვრება სიონში დაბრუნების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე დედამიწაზე საფუძვლიანად დასრულდა, მე მაინც მჭირდება, რომ ჩემმა პირმშო ძეებმა დედამიწაზე იმუშაონ. ამიტომ ჯერ არ შემიძლია სიონში დაბრუნება. მარტო ვერ დავბრუნდები სიონში. სიონში დავბრუნდები ჩემს პირმშო ძეებთან ერთად მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ საქმეს დედამიწაზე დაასრულებენ. მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს დიდების ერთად მოპოვება და მხოლოდ ეს არის ჩემი პიროვნების სრული გამოვლენა. (მე ვამბობ, რომ ჩემი პირმშო ძეების საქმე დედამიწაზე ჯერ არ დასრულებულა, რადგან ჩემი პირმშო ძენი ჯერ არ გამოვლენილან. ეს საქმე კვლავაც ერთგულმა და პატიოსანმა მსახურების შემსრულებლებმა უნდა შეასრულონ.)

წინა: თავი 114

შემდეგი: თავი 116

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება