თავი 114

მე შევქმენი სამყარო; შევქმენი მთები, მდინარეები და ყოველივე; შევქმენი სამყარო და კიდენი დედამიწისა; მე წინ ვუძღოდი ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს; მე განვაგებდი ყველა საგანსა და მოვლენას. ახლა მე დავაბრუნებ ჩემს პირმშო ძეებს ჩემს სიონის მთაზე, რათა დაუბრუნდნენ ჩემს სავანეს; ეს იქნება ჩემი საქმის საბოლოო ეტაპი. ყოველივე, რაც მე აღვასრულე (ყველაფერი, რაც გაკეთდა სამყაროს შექმნიდან დღემდე), იყო ჩემი საქმის დღევანდელი ეტაპისთვის და, უფრო მეტიც, ეს არის ხვალინდელი მეუფებისთვის, ხვალინდელი სასუფევლისთვის და იმისთვის, რომ მე და ჩემი პირმშო ძეები მარადიულად დავტკბეთ. ეს არის ჩემი მიზანი ყოველივეს შექმნისას და სწორედ ამას მივაღწევ საბოლოოდ ჩემი ქმნილების მეშვეობით. ჩემს სიტყვებსა და საქმეებს აქვს მიზანი და გეგმა; არაფერი კეთდება შემთხვევით. თუმცა ვამბობ, რომ ჩემთან ყოველივე თავისუფლება და გათავისუფლებაა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მაინც პრინციპულია, ყოველივე ჩემი საქმე ეფუძნება ჩემს სიბრძნესა და ხასიათს. აცნობიერებთ ამას? სამყაროს შექმნიდან დღემდე ჩემი პირმშო ძეების გარდა არავის შევუცნივარ და არავის უხილავს ჩემი ჭეშმარიტი სახე. ეს გამონაკლისი, რომელიც ჩემი პირმშო ძეებისთვის დავუშვი, განპირობებულია იმით, რომ ისინი არსებითად ჩემი პიროვნების ნაწილს წარმოადგენენ.

როდესაც სამყარო შევქმენი, მე დავყავი ადამიანი ოთხ იერარქიულ კატეგორიად ჩემი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც არის: ჩემი ძენი, ჩემი ხალხი, ისინი, ვინც მსახურებას ასრულებენ, და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ. რატომ არ არიან ჩემი პირმშო ძეები ამ სიაში შეყვანილნი? იმიტომ, რომ ჩემი პირმშო ძეები არ არიან ქმნილებები; ისინი ჩემგან არიან და არა კაცობრიობისგან. მე წინასწარ მოვაწყვე ყოველივე ჩემი პირმშო ძეებისთვის, ვიდრე ხორცს შევისხამდი; თუ რომელ ოჯახში დაიბადებოდნენ ისინი და ვინ იქნებოდა იქ მათთვის მსახურების შესასრულებლად — ყოველივე ეს ჩემ მიერ იყო დაგეგმილი. მე ასევე დავგეგმე, თუ რომელი მათგანი და როდის იქნებოდა ჩემ მიერ უკან წაყვანილი. საბოლოოდ, ჩვენ ერთად დავბრუნდებით სიონში. ეს ყველაფერი სამყაროს შექმნამდე იყო დაგეგმილი, ამიტომ არცერთმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ და ეს არ არის ჩაწერილი არცერთ წიგნში, რადგან ეს სიონის საქმეებია. გარდა ამისა, როდესაც ხორცი შევისხი, მე არ მივეცი ადამიანს ეს მოცემულობა და შესაბამისად, არავინ იცოდა ამის შესახებ. როდესაც სიონში დაბრუნდებით, გეცოდინებათ, როგორები იყავით წარსულში, როგორები ხართ ახლა და რა გააკეთეთ ამ ცხოვრებაში. ამჟამად მე უბრალოდ გიხსნით ამ ყველაფერს ნათლად და ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვაგვარად ვერ გაიგებდით, რაოდენ დიდი ძალისხმევაც არ უნდა გაგეღოთ, და ჩემს მართვას ჩაშლიდით. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად განცალკევებული ვარ ჩემი პირმშო ძეების უმეტესობისგან, ჩვენ ერთი სულისანი ვართ; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფიზიკური იერსახე შესაძლოა განსხვავებული იყოს, ჩვენ დასაბამიდან დასასრულამდე ერთი სული ვართ. თუმცა სატანის შთამომავლებმა ეს სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ. როგორც არ უნდა შენიღბო თავი, ეს მაინც გარეგნული იქნება და მე ამას არ მოვიწონებ. შესაბამისად, აქედან ჩანს, რომ ისინი, ვინც ყურადღებას ზედაპირულობაზე ამახვილებენ და გარეგნულად მბაძავენ მე, ასი პროცენტით სატანები არიან. რადგან მათი სული განსხვავებულია და ისინი არ არიან ჩემი საყვარელი ადამიანები, როგორც არ უნდა მომბაძონ, სრულიად არ მგვანან მე. გარდა ამისა, რადგან მე და ჩემი პირმშო ძეები არსებითად ერთსულ ვართ, რომც არ მბაძავდნენ, მაინც ჩემსავით მეტყველებენ და მოქმედებენ და ყველანი მართალნი, უბიწონი და გულახდილნი არიან. (ისინი, ვისაც სიბრძნე აკლიათ, იმიტომ არიან ასე, რომ წუთისოფელში მცირე გამოცდილება აქვთ, ამიტომ სიბრძნის ნაკლებობა არ არის ჩემი პირმშო ძეთა ნაკლი; როდესაც ისინი სხეულს დაუბრუნდებიან, ყველაფერი გამოსწორდება.) სწორედ ზემოთ აღწერილი მიზეზის გამოა, რომ ადამიანთა უმეტესობა მაინც არ იცვლის თავის ძველ ბუნებას, როგორც არ უნდა გავსხლა ისინი. თუმცა ჩემი პირმშო ძეები ჩემი განზრახვების შესაბამისნი არიან ისე, რომ მათი გასხვლა არ მჭირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ერთი სულისანი ვართ. ისინი თავიანთ სულში გრძნობენ მზაობას, რომ მთლიანად გაიღონ თავი ჩემთვის. ამიტომ, ჩემი პირმშო ძეების გარდა არავინ არის ისეთი, ვინც გულწრფელად და ჭეშმარიტად ითვალისწინებს ჩემს განზრახვებს; სხვები მხოლოდ მას შემდეგ იქნებიან მზად, მემსახურონ, რაც მე სატანას დავიპყრობ.

ჩემი სიბრძნე და ჩემი პირმშო ძეები ყოველივეზე მაღლა დგანან და ყოველივეს აღემატებიან; ვერცერთი საგანი, ადამიანი თუ მოვლენა ვერ ბედავს, წინ გადაეღობოს მათ. გარდა ამისა, არ არსებობს ადამიანი, მოვლენა ან საგანი, რომელსაც შეუძლია მათზე გამარჯვება, ნაცვლად ამისა, ყოველივე მორჩილად ქედს იხრის ჩემი პიროვნების წინაშე. ეს არის ფაქტი, რომელიც თვალწინ ხდება და ფაქტი, რომელსაც მივაღწიე. ნებისმიერს, ვინც ურჩობას განაგრძობს (ისინი, ვინც ურჩნი არიან, კვლავ სატანებს გულისხმობს, ხოლო სატანით შეპყრობილნი უდავოდ, სატანები არიან), ძირფესვიანად გავანადგურებ, რათა მომავალში აღარავითარი პრობლემა არ შეიქმნას; ისინი მყისვე დაიხოცებიან ჩემი გაკიცხვისგან. ამგვარი სატანები არიან ისინი, ვისაც არ სურს ჩემი მსახურება. ესენი სამყაროს შექმნიდან მოყოლებული მუდამ ჯიუტად მეწინააღმდეგებოდნენ და დღესაც განაგრძობენ ჩემდამი ურჩობას. (ადამიანებს არ ძალუძთ ამის დანახვა, რადგან ეს უბრალოდ სულს ეხება. ამ ტიპის ადამიანი ამ ტიპის სატანას წარმოადგენს.) მათ პირველებს გავანადგურებ, ვიდრე ყველაფერი მზად იქნება და სამუდამოდ მიეცემიან სასტიკი სასჯელით წვრთნას. (აქ „განადგურება“ არ ნიშნავს „მათი არსებობის შეწყვეტას“, არამედ მიუთითებს იმ დაუნდობლობის ხარისხზე, რომელსაც ისინი დაექვემდებარებიან. სიტყვა „განადგურება“ აქ განსხვავდება იმ ტერმინისგან „განადგურება“, რომელიც გამოიყენება მათთვის, ვინც უნდა განადგურდეს.) ისინი იტირებენ და კბილებს დააღრჭენენ უკუნითი უკუნისამდე, დაუსრულებლად. ადამიანის წარმოსახვას სრულიად არ ძალუძს ამ სურათის წარმოდგენა. კაცობრიობის მოკვდავი აზროვნებით შეუძლებელია სულიერი საგნების აღქმა, და ამიტომ არსებობს კიდევ მრავალი რამ, რასაც მხოლოდ სიონში დაბრუნების შემდეგ გაიგებთ.

ჩემს მომავალ სავანეში არავინ იქნება ჩემი პირმშო ძეებისა და ჩემ გარდა; მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული ჩემი მიზანი და ჩემი გეგმა სრულად განხორციელებული, რადგან ყოველივე დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას და ყოველივე კვლავ დახარისხდება თავისი გვარისამებრ. ჩემი პირმშო ძეები მე მეკუთვნიან, ჩემი ძენი და ხალხი ქმნილებებს მიეკუთვნებიან, ხოლო მსახურების შემსრულებელნი და განადგურებულნი — სატანას. წუთისოფლის განსჯის შემდეგ მე და ჩემი პირმშო ძეები კვლავ დავიწყებთ ღვთაებრივ ცხოვრებას და ისინი არასოდეს დამტოვებენ და მუდამ ჩემთან ერთად იქნებიან. ყველა საიდუმლო, რომლის გაგებაც ადამიანის გონებას შეუძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგეცხადებათ. ისტორიის მანძილზე უთვალავი ადამიანი ეწამა ჩემ გამო და მთლიანად მომიძღვნა თავი, მაგრამ ადამიანები საბოლოო ჯამში ქმნილებები არიან და რაოდენ კარგებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ვერ მიეკუთვნებიან ღმერთის კატეგორიას; ეს მოვლენათა გარდაუვალი მსვლელობაა და მისი შეცვლა არავის შეუძლია. საბოლოო ჯამში, ღმერთი არის ის, ვინც ქმნის ყოველივეს, ხოლო ადამიანები ქმნილებები არიან, სატანა კი საბოლოო ჯამში ჩემი განადგურების სამიზნე და ჩემი მტერია — ეს არის სიტყვების „მთები და მდინარეები შესაძლოა შეიცვალოს და გარდაიქმნას, ადამიანის ბუნება არ შეიცვლება“ ყველაზე ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ამჟამად ამ მდგომარეობასა და ამ ეტაპზე ყოფნა იმის მანიშნებელია, რომ მე და ჩემი პირმშო ძეები განსასვენებელში შევალთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი საქმე წუთისოფელში სრულად არის აღსრულებული და ჩემი საქმის შემდეგი ეტაპი მოითხოვს, რომ დავბრუნდე სხეულში მის დასასრულებლად. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები, რომლებიც დიდი ხნის წინ დავგეგმე. ეს საკითხი ნათლად უნდა დაინახონ ადამიანებმა, სხვაგვარად მათი უმეტესობა დაარღვევს ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს.

წინა: თავი 113

შემდეგი: თავი 115

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება