წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (26)
პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დროული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მეხუთე)
დამოკიდებულება, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ეკლესიის გაწმენდის საქმის მიმართ
წელს ჩვენ განუწყვეტლივ გვქონდა თანაზიარება წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობებზე, ისევე, როგორც მათთან დაკავშირებული ყველა ტიპის ადამიანის გამოვლინებებზე. თანაზიარების თემები სულ უფრო დეტალური და კონკრეტული გახდა, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის ადამიანის მრავალგვარ პრობლემას, ხოლო ამ ადამიანების კონკრეტულ გამოვლინებებზე და იმ კატეგორიებზე თანაზიარება, რომლებადაც ისინი უნდა დაიყონ, ასევე, ძალიან კონკრეტული და ნათელი იყო. რაც უფრო კონკრეტულად და ნათლად ხდება ამ დეტალურ პრობლემებზე თანაზიარება, მით უფრო მეტ პოზიტიურ დახმარებას უნდა უწევდეს და უძღვებოდეს ეს ღვთის რჩეულ ხალხს სიცოცხლეში შესასვლელად და მით უფრო მეტ გზამკვლევობასა და შეწევნას უნდა სთავაზობდეს წინამძღოლებსა და მუშაკებს საქმიანობისა და საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ტარდება თანაზიარება ან რამდენად კონკრეტულია იგი, ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მაინც ვერ ერკვევა, თუ როგორ მართოს და განკარგოს ეკლესიაში არსებული სხვადასხვა პრობლემა და ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია. სხვადასხვა სახის ადამიანის პრობლემებზე თანაზიარება ასე ნათლად ხდება, თუმცა ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მაინც ვერ ხვდება, როგორ ამოიცნოს და მოეპყროს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანს. ისინი მაინც ვერ მოქმედებენ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად და ვერც ჭეშმარიტებას იყენებენ ეკლესიაში არსებული სხვადასხვა სახის თუ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რა არის აღნიშნულის მიზეზი? ასეთ ადამიანებს აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა. სხვადასხვა ტიპის ადამიანის გამოვლინებებზე თანაზიარების წყალობით, ადამიანს უნდა გააჩნდეს იმის უნარი, რომ გაარჩიოს და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს ეკლესიაში მათ მიმართ, ვინც ასრულებს თავის მოვალეობებს და ვინც არა, ვინც მიისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და ვინც არა, ვინც მორჩილი და დამყოლია და ვინც ჩაშლასა და არეულობას იწვევს. თუმცა, ეკლესიაში არსებულ სხვადასხვა ტიპის ადამიანის მდგომარეობას თუ შევხედავთ, მხოლოდ აშკარად ბოროტი ადამიანები იქნენ მოცილებულნი, ბევრი ურწმუნო კი ბოლომდე არ მოუცილებიათ. ეკლესიის გაწმენდის საქმეში წინამძღოლები და მუშაკები უნდა თანამშრომლობდნენ ღვთის საქმესთან, რათა რაც შეიძლება მალე გაწმინდონ ეკლესია ბოროტი ადამიანებისა და ურწმუნოებისგან, ნაცვლად იმისა, რომ ამას პასიურად მიუდგნენ, აამონ მათ ან იფიქრონ, რომ მხოლოდ აშკარად ბოროტი ადამიანებისგან გაწმენდა ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა და კარგადაა. წინამძღოლები და მუშაკები აქტიურად უნდა ამოწმებდნენ თითოეული გუნდის მუშაობას, ამოწმებდნენ თითოეული გუნდის წევრების მდგომარეობას, არის თუ არა იქ ვინმე ურწმუნო უბრალოდ რაოდენობის შესავსებად, ან ურწმუნოები, რომლებიც ნეგატივსა და მცდარ შეხედულებებს ავრცელებენ ეკლესიის მუშაობის შესაფერხებლად. ასეთი ადამიანების აღმოჩენისთანავე, ისინი ბოლომდე უნდა იქნან მხილებულნი და მოცილებულნი. ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. ისინი არ უნდა იყვნენ პასიურები, არ უნდა ელოდონ ბრძანებებსა და მითითებებს ზემდგომთაგან სამოქმედოდ და არც მხოლოდ მაშინ უნდა აკეთებდნენ მცირედს, როდესაც ყველა ძმა და და ამას მოითხოვს. საქმის შესრულებისას წინამძღოლები და მუშაკები უნდა ითვალისწინებდნენ ღვთის განზრახვებს და მისი ერთგულნი იყვნენ. მათთვის საუკეთესო მიდგომა იქნება, თავადვე, წინასწარ დაინახონ და მოაგვარონ წამოჭრილი სირთულეები. მათ აღარ მართებთ უმოქმედობა, მით უმეტეს ახლა, როცა საყრდენად ეს უახლესი სიტყვები და თანაზიარება მოეპოვებათ. ამის ნაცვლად, თავად უნდა გამოიჩინონ ინიციატივა რეალური პრობლემებისა და სირთულეების ბოლომდე გადასაჭრელად ჭეშმარიტებაზე თანაზიარების გზით და აკეთონ საქმე ზუსტად ისე, როგორც მართებთ. მათ დროულად და პროაქტიურად უნდა ადევნონ თვალი სამუშაოს მიმდინარეობას; მუდმივად ზემდგომთაგან ბრძანებებსა და მითითებებს არ უნდა ელოდონ, სანამ უხალისოდ დაიწყებენ მოქმედებას. თუ წინამძღოლები და მუშაკები გამუდმებით პასიურობასა და უარყოფით განწყობას გამოავლენენ და რეალურ საქმეს არ გააკეთებენ, ისინი არ იქნებიან წინამძღოლობისა და მუშაკობის ღირსნი, რის გამოც უნდა გადადგნენ და სხვა საქმეზე გადანაწილდნენ. დღეს ბევრი წინამძღოლი და მუშაკია, რომლებიც ძალზედ პასიურად ეკიდებიან საქმეს. ისინი მხოლოდ მას შემდეგ აკეთებენ მცირედს, რაც ზემდგომებისგან ბრძანებებსა და ბიძგს მიიღებენ, სხვა შემთხვევაში კი დროს ფლანგავენ და საქმეს აჭიანურებენ. ზოგიერთ ეკლესიაში მუშაობა საკმაოდ ქაოტურია, ზოგიერთი იქაური მუშაკი წარმოუდგენლად ზერელედ და დაუდევრად ეკიდება მოვალეობას და არანაირი რეალური შედეგი არ აქვს. ეს პრობლემები უკვე ძალიან მწვავე და თავისი ბუნებით საშინელია, თუმცა ამ ეკლესიების წინამძღოლები და მუშაკები მაინც მოხელეებივით და მბრძანებლებივით იქცევიან. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ რაიმე რეალური საქმე, არამედ პრობლემების ამოცნობისა და გადაჭრის უნარიც არ შესწევთ. ეს სრულიად აფერხებს ეკლესიის საქმეს და უძრაობისკენ მიაქანებს მას. ყველგან, სადაც ეკლესიის საქმე საშინლად არეულია და წესრიგის ნიშანწყალიც კი არ ჩანს, ძალაუფლებას უთუოდ ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე ფლობს. ყველა ეკლესიაში, სადაც ძალაუფლებას ცრუ წინამძღოლი ფლობს, ეკლესიის მუშაობა სრულიად განადგურებული და აბსოლუტურად არეულია — ეს ეჭვგარეშეა. მაგალითად, ამერიკის ეკლესიებში არსებული მრავალი პრობლემა საკუთარი ყურით თუ თვალით აღმოვაჩინე. აღნიშნული პრობლემების უმეტესობა იქვე, ადგილზევე მოგვარდა. ზოგიერთი სხვა საკითხის გადასაჭრელად კი ამერიკის ეკლესიების წინამძღოლებს მივმართე. თუმცა, წინამძღოლებისა და მუშაკების საქმის უდიდესი ნაწილი ძალზედ პასიურად სრულდება. რეაგირება ზედმეტად ნელია, ხოლო ეფექტიანობა — დაბალი, რის გამოც მათი ყოველდღიური დავალებების უმეტესობა მხოლოდ ზემდგომთაგან ბრძანებებისა და მითითებების მიღების შემდეგ სრულდება. მას შემდეგ, რაც ზემდგომები სამუშაოს გადაანაწილებენ, ისინი გარკვეული დროით დაკავებულნი იქნებიან, მაგრამ როგორც კი ამ მცირე საქმეს მორჩებიან, აღარ იციან, რა გააკეთონ შემდეგ, რადგან არ ესმით, რა მოვალეობები უნდა შეასრულონ. ისინი არასოდეს არიან გარკვეულნი იმ საქმეში, რომელიც მათი, როგორც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის და რომელიც უნდა შეასრულონ. მათ თვალში არ არსებობს საქმე, რომლის გაკეთებაც საჭიროა. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ გასაკეთებელი არაფერია? (ისინი პასუხისმგებლობას არ ტვირთულობენ.) უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი პასუხისმგებლობას არ ტვირთულობენ; ისინი, ასევე, ძალიან ზარმაცები არიან, კომფორტს ესწრაფვიან, ყოველთვის, როცა კი შეუძლიათ, მაქსიმალურად ბევრს ისვენებენ და ცდილობენ, თავი აარიდონ ნებისმიერ დამატებით დავალებას. ეს ზარმაცი ადამიანები ხშირად ფიქრობენ: „რატომ უნდა ვინერვიულო ასე ძალიან? ზედმეტი ნერვიულობა ნაადრევად დამაბერებს. რა სარგებელს მივიღებ ასე მოქცევით, ამდენი სირბილითა და საკუთარი თავის გამოფიტვით? რა მოხდება, თუკი ძალები გამომელევა და ავად გავხდები? მკურნალობის ფული მე არ მაქვს. და ვინ მომხედავს, როდესაც დავბერდები?“ ეს ზარმაცი ადამიანები სწორედ ასეთი პასიურები და ჩამორჩენილები არიან. მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება და თვალს ვერაფერს უსწორებენ. ისინი აშკარად გაუგებარი ხალხია, ხომ ასეა? ყველანი გონებაარეულნი არიან; მათთვის უცხოა ჭეშმარიტება და არც აინტერესებთ ის, ამიტომ როგორ იხსნიან თავს? რატომ არის ხალხი მუდამ უდისციპლინო და ზარმაცი, თითქოს ცოცხალი მკვდრები იყვნენ? ეს მათი ბუნების საკითხს ეხება. ადამიანის ბუნებაში არის გარკვეული სიზარმაცე. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ, ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ ზედამხედველობას გაუწევს და შეაგულიანებს. ხანდახან ადამიანები ანგარიშს უწევენ ხორცს, ეტრფიან ფიზიკურ კომფორტს და ყოველთვის იტოვებენ რაღაცას თავისთვის; ეს ადამიანები სავსენი არიან ეშმაკური განზრახვებითა და მზაკვრული გეგმებით. მათგან მართლაც არაფერი გამოვა. ისინი ყოველთვის იმაზე ნაკლებს აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ, რა მნიშვნელოვან მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ. ისინი უპასუხისმგებლოები არიან და არ გააჩნიათ ერთგულება. ეს იმიტომ აღვნიშნე დღეს, რომ გაგაფრთხილოთ, საქმეს გულგრილად არ მიუდგეთ. თქვენ უნდა შეგეძლოთ იმ ყველაფრის შესრულება, რასაც გეტყვით. თუ სხვადასხვა ეკლესიაში მივალ და აღმოვაჩენ ან დავინახავ, რომ ბევრი სამუშაო შეასრულეთ, ძალიან ეფექტიანად იმუშავეთ, საქმე ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, დამაკმაყოფილებელ დონეს მიაღწია და ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, ძალიან კმაყოფილი დავრჩები. თუ სხვადასხვა ეკლესიაში მივალ და დავინახავ, რომ ყველა ასპექტში საქმის წინსვლა შენელებულია, რაც დაამტკიცებს, რომ თქვენი მოვალეობები კარგად არ შეგისრულებიათ და სახარების გავრცელების ნორმალურ ტემპს ჩამორჩით, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მაშინ ჩემი განწყობა? კვლავ გამიხარდება თქვენი ნახვა? (არა.) ნამდვილად არ გამიხარდება. ეს საქმე თქვენ მოგებარათ და მე ყველაფერი გითხარით, რაც სათქმელი იყო; პრაქტიკული მოქმედების კონკრეტული პრინციპები და გზაც უკვე გაგიზიარეთ. თქვენ კი მაინც არ მოქმედებთ, არ აკეთებთ საქმეს და მხოლოდ იმას ელოდებით, რომ მე პირადად გაგიწიოთ ზედამხედველობა, შეგაგულიანოთ, გაგსხლათ ან მოქმედება გიბრძანოთ. რაშია აქ პრობლემა? განა ეს არ უნდა გაანალიზდეს? როდესაც არ აკეთებთ იმ საქმეს, რომელიც აშკარად უნდა გაკეთდეს და მისი ტვირთვა არ შეგიძლიათ, განა შეიძლება, კარგი დამოკიდებულება მქონდეს თქვენ მიმართ? (არა.) რატომ ვერ მექნება კარგი დამოკიდებულება თქვენ მიმართ? (ჩვენ ზედმეტად უპასუხისმგებლოები ვართ მოვალეობების შესრულებისას.) იმიტომ, რომ თქვენს მოვალეობებს მთელი გულითა და ძალისხმევით კი არა, მხოლოდ ზერელედ აკეთებთ. საკუთარი საქმის ერთგულება, მინიმუმ, მთელი ძალისხმევის გაღებას გულისხმობს, თუმცა თქვენ ამ მინიმუმის გაკეთებაც კი არ შეგიძლიათ; ძალიან შორს ხართ ამ ნიშნულისგან! საქმე ის კი არ არის, რომ თქვენი შესაძლებლობებია არასაკმარისი, არამედ ის, რომ არასწორი მენტალიტეტი გაქვთ და უპასუხისმგებლონი ხართ. თქვენს გულებში დაბუდებული მცდარი შეხედულებებია სწორედ ის, რაც საქმის კეთებისას გაბრკოლებთ. გარდა ამისა, სხვების მაამებლად ყოფნის მენტალიტეტი ხელს გიშლით ეკლესიის გაწმენდის სამუშაოს განხორციელებაში. იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის გაწმენდას? რატომ სურს ღმერთს ეკლესიის გაწმენდა? რა შედეგები მოჰყვება იმას, თუ ეკლესია არ გაიწმინდება? თქვენ ყველანი გაურკვეველნი ხართ ამ საკითხებში და არ ეძებთ ჭეშმარიტებას, რაც ამტკიცებს, რომ არ ითვალისწინებთ ღვთის განზრახვებს. მხოლოდ თქვენი თანამდებობისთვის განკუთვნილ უბრალო, რუტინულ საქმეს სჯერდებით და თავს არიდებთ განსაკუთრებულ დავალებებს, უპირატესად კი ისეთებს, რომელთა გამოც შესაძლოა სხვებს აწყენინოთ. ყველას გირჩევნიათ, ეს დავალებები სხვას გადააბაროთ. განა ასე არ ფიქრობთ? განა ეს ის საკითხი არ არის, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს? თქვენ ყოველთვის ამბობთ: „ჩემი სულიერი მონაცემები მცირეა, ჭეშმარიტების ჩემეული გაგება შეზღუდულია და საკმარისი სამუშაო გამოცდილება არ მაქვს. მე არასოდეს ვყოფილვარ ეკლესიის წინამძღოლი და არც ეკლესიის გაწმენდის სამუშაო ჩამიტარებია“. განა ეს მიზეზების ძებნა არ არის? ეკლესიის გაწმენდის საქმე ხომ ასე ნათლად იქნა თანაზიარებული. ეკლესიის გაწმენდა ანტიქრისტეების, ბოროტი ადამიანებისა და ურწმუნოებისგან ხომ ასეთი მარტივი საქმეა. ნუთუ ეს რამდენიმე პრინციპი მართლაც ასე რთული გასაგებია? თუკი ასეთი მარტივი საკითხები ასე ნათლად არის ახსნილი და ადამიანებს მაინც არ ესმით, რაზე მიანიშნებს ეს? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ან მათი სულიერი მონაცემებია ზედმეტად მცირე ადამიანური ენის გასაგებად, ან ისინი უბრალოდ თაღლითები არიან, რომლებიც სათანადო საქმეებზე არ ფოკუსირდებიან. წინამძღოლებსა და მუშაკებს შორის ნამდვილად არიან მცირე სულიერი მონაცემების მქონე პირები და ნამდვილად არიან სხვების მაამებლად ყოფნის მოყვარულნი, რომლებიც რეალურ საქმეს არ აკეთებენ; უდავოდ არიან თაღლითებიც, რომლებიც უგულებელყოფენ სათანადო დავალებებს და დაუფიქრებლად სჩადიან ბოროტმოქმედებებს — ყველა ეს სიტუაცია რეალურია. პირველ რიგში, ეკლესია უნდა გაიწმინდოს იმ თაღლითებისგან, რომლებიც უგულებელყოფენ სათანადო დავალებებს. ვინც რეალური საქმის კეთებას შეძლებს, ის უნდა იქნას გამოყენებული, სხვების მაამებელი პირები, რომლებიც წინამძღოლები არიან, ნამდვილად უნდა გადაყენდნენ, ხოლო მცირე სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები, რომლებსაც ესმით ადამიანური ენა და შეუძლიათ გარკვეული რეალური სამუშაოს შესრულება, უნდა შენარჩუნდნენ. ეს საკითხები სწორედ ამგვარად უნდა გადაიჭრას. თუ ღვთის მიერ გაზიარებული სიტყვის შემდეგ ნათლად ხედავ პრობლემებს ეკლესიის საქმეში, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გადაჭრან, მაშინ მათ დაუყოვნებლივ უნდა მიხედო და დრო აღარ დაკარგო. უნდა შეგეძლოს ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და მოქმედება, ისე რომ არ დაელოდო ზემდგომისგან დავალებების პირადად მიცემას თუ ბრძანებების გაცემას. რა პრობლემაც არ უნდა წარმოიშვას, ის მანამ უნდა გადაიჭრას, სანამ საქმეს რაიმე ზიანი მიადგება. სანამ ზემდგომი საერთოდ დაიწყებდეს საკითხების გამოძიებას, შენ უკვე მოხსენებული უნდა გქონდეს ამ პრობლემების შენეული გაგება და მათი გადაჭრის გზები, მათი მოგვარების პრინციპები და ამ მოგვარების შედეგები. ეს ხომ შესანიშნავი იქნებოდა! განა ამის მერეც დარჩებოდა ზემდგომი შენით უკმაყოფილო? როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა, თუ შენი პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებულ სამუშაოს ვერასდროს ვერ ამჩნევ, ან თუნდაც გაქვს გარკვეული ხედვა ან იდეები, მაგრამ მუდამ აყოვნებ და არ მოქმედებ, ყოველთვის ელოდები, რომ ზემდგომმა დაგიგეგმოს დავალებები, განა ეს არ არის პასუხისმგებლობების უგულებელყოფა? (დიახ.) ეს არის პასუხისმგებლობების სერიოზული უგულებელყოფა! შენ დაკარგე წინამძღოლისა თუ მუშაკისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, როდესაც საქმე მოვალეობისადმი ერთგულებას ეხება. საქმის შესრულებისას წინამძღოლები და მუშაკები მჭიდროდ უნდა მიჰყვნენ ზემდგომის მოთხოვნებს; რაც კი ზემდგომის მიერ იქნა თანაზიარებული, სწორედ ის უნდა განახორციელო, ხოლო გაგებისთანავე სწრაფად უნდა იმოქმედო და შეასრულო. პრობლემების გადაჭრა ჭეშმარიტებით არის წინამძღოლებისა და მუშაკების ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და შენ არ უნდა ელოდო პასიურად ზემდგომის მიერ სამუშაოს დაგეგმვას რაიმეს გასაკეთებლად. თუ ყოველთვის პასიურად იცდი, მაშინ არ ხარ გამოსადეგი წინამძღოლად ან მუშაკად, არ შეგიძლია ამ საქმეს თავი გაართვა და პასუხისმგებლობის აღიარება და გადადგომა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნებოდა.
ღვთის მიმართ რწმენის მქონე სამი სახის ადამიანის გამოვლინებები და შედეგები
I. მუშაკები
წინამძღოლთა და მუშაკთა სულ თხუთმეტი პასუხისმგებლობა არსებობს და ჩვენ უკვე მეთოთხმეტე პასუხისმგებლობამდე გვქონდა თანაზიარება. ეკლესიაში არსებული პრობლემები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გადაჭრან, ისევე, როგორც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ პრობლემებს ეხება, უკვე დაახლოებით ოთხმოციდან ოთხმოცდაათ პროცენტამდეა თანაზიარებული. ეს ყველაფერი არის დავალებები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იკისრონ და პრობლემები, რომლებიც მათ უნდა გადაჭრან. ეს ბევრ საკითხს მოიცავს. ერთი მხრივ, ეს ეხება იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ; მეორე მხრივ, ეს, ასევე, მოიცავს ეკლესიაში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენი თანაზიარების თემა წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები და ცრუ წინამძღოლთა მხილებაა, ასევე, უამრავი თანაზიარება ჩავატარეთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე — და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების მდგომარეობებსა და არსზე — რომლებსაც ეს თემა ეხება. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შინაარსს განსხვავებული გავლენა აქვს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიაში ღმერთს მიჰყვებიან. მათ შორის არის ისეთი კატეგორიის ადამიანი, რომელიც მთელი ამ თანაზიარების მოსმენის შემდეგაც კი ინარჩუნებს მსგავს დამოკიდებულებას: „მე მაქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად მწამს ღმერთის, მზად ვარ უარი ვთქვა ბევრ რამეზე ღვთისადმი რწმენის გამო და მზად ვარ გადავიხადო საფასური და ავიტანო გაჭირვება ჩემი მოვალეობის აღსასრულებლად.“ მათ არ აინტერესებთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების მრავალგვარი მდგომარეობა, ამ მდგომარეობებთან დაკავშირებული ჭეშმარიტება ან ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ და რომლებიც ამ პერიოდში იყო თანაზიარებული. განა ეს არ არის გარკვეული კატეგორიის ადამიანი? განა ამგვარი ადამიანი ძალზედ ტიპური სახე არ არის? (დიახ.) ეს კატეგორია ყოველთვის გარკვეულ თვალსაზრისს ემხრობა. უმთავრესად რისგან შედგება ეს თვალსაზრისი? სამი პუნქტი, რომლებიც ახლახან ვახსენე: პირველი, მათ სჯერათ, რომ მათი ადამიანობა არ არის ცუდი, და ფიქრობენ კიდეც, რომ ის კარგია. მეორე, ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გულწრფელად სჯერათ ღვთის არსებობისა და ღვთის ხელმწიფებისა ყველაფერზე და სწამთ, რომ ადამიანის ბედი ღვთის მიერ კონტროლდება და მისი უზენაესობის ქვეშაა, რაც არის „ღვთის ჭეშმარიტად რწმენის“ ფართო გაგება. მესამე, მათ სწამთ, რომ შეუძლიათ ბევრი რამ დათმონ ღვთის რწმენისთვის, გაუძლონ სირთულეებს და გადაიხადონ საფასური საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი პუნქტი არის ყველაზე ძირითადი, პირველადი და ცენტრალური ელემენტები, რომლებსაც ეს ადამიანები ღვთისადმი რწმენისას ჩაჰბღაუჭებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მათ მთავარ საყრდენად ღვთის რწმენაში, ისევე, როგორც მიზნებად, რომლებისკენაც მიისწრაფვიან, და მათ მამოძრავებელ ძალად თუ გეზად მოქმედებისას. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სამი თვისების წყალობით ისინი აკმაყოფილებენ გადარჩენის სამ ძირითად პირობას და ხდებიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს უყვარს და იღებს. ეს სერიოზული შეცდომაა; ამ სამი პუნქტის ქონა მხოლოდ მცირედ ადამიანობაზე მიუთითებს. განა შეიძლება მხოლოდ მცირედი ადამიანობით ღვთის მოწონების დამსახურება? რა თქმა უნდა, არა. ღმერთი შეიწყნარებს მათ, ვისაც მისი ეშინია და ბოროტებას განერიდება. ეს სამი პუნქტი არ აკმაყოფილებს ჭეშმარიტება-რეალობის სტანდარტს; ისინი მხოლოდ მუშაკობის სამი სტანდარტია. შემდეგში დეტალურად განვმარტავ ამ სამ პუნქტს, რათა ნათლად გაიგოთ. პირველი პუნქტია კარგი ადამიანობის ქონა. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ბოროტებას არ სჩადიან, ჩაშლასა და არევ-დარევას არ იწვევენ და ღვთის სახლის ინტერესებს არ აზარალებენ, ეს უკვე საკმარისია; და ეს ნიშნავს, რომ შეუძლიათ ღვთის ნება დააკმაყოფილონ და პრინციპების შესაბამისად იმოქმედონ. მეორე პუნქტია „ღვთის ჭეშმარიტი რწმენა“. მათთვის „ღვთის ჭეშმარიტი რწმენა“ ნიშნავს, რომ არასოდეს შეაქვთ ეჭვი ღვთის არსებობაში ან მის ხელმწიფებაში ყველაფერზე, და სწამთ, რომ ადამიანის ბედი ღვთის ხელთაა, რაც, მათი აზრით, საშუალებას მისცემს მათ, ბოლომდე მიჰყვნენ ღმერთს. სჯერათ, რომ სანამ ღმერთის ჭეშმარიტად სწამთ, მის მოწონებას დაიმსახურებენ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარმართავს ღმერთი ყველაფერს ან როგორ მოქმედებს იგი, ან რა პრობლემებსაც არ უნდა წააწყდნენ, ამბობენ: „უბრალოდ გვიყვარდეს ღმერთი, მივყვეთ მას და დავემორჩილოთ“. მათი მეთოდი პრობლემების გადასაჭრელად ზედმეტად გამარტივებულია; განა შეუძლია ასეთ ზოგად სიტყვებს რაიმე პრობლემის გადაჭრა? მესამე პუნქტია ის, რომ შეუძლიათ ბევრი რამ დათმონ ღვთის რწმენისთვის, გაუძლონ სირთულეებს და გადაიხადონ საფასური მოვალეობების შესასრულებლად. როგორ ახორციელებენ ამას პრაქტიკაში? რადგან მათ ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის, როდესაც ეკლესიის საქმეში ამის საჭიროება ჩნდება ან როცა ღვთის გადაუდებელ განზრახვას გრძნობენ, შეუძლიათ დაუფიქრებლად დათმონ ოჯახი, ქორწინება, კარიერა, გვერდზე გადადონ ამქვეყნიური პერსპექტივები და ურყევი გადაწყვეტილებით მიჰყვნენ ღმერთს და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ისე, რომ არასოდეს არაფერი ინანონ. ისინი მზად არიან, გაუძლონ სირთულეებს და გადაიხადონ საფასური ნებისმიერი მოვალეობისთვის, რომელსაც ღვთის სახლი დააკისრებს, მაშინაც კი, თუ ეს ნაკლებ ჭამასა და ნაკლებ ძილს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმეა საცხოვრებელი პირობები ან თუნდაც ზოგიერთ არახელსაყრელ გარემოში, მათ მაინც შეუძლიათ მტკიცედ გააგრძელონ მოვალეობების შესრულება. ამ სამი პუნქტის გარდა, ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენება მათთვის თითქოს უცხოა. ისინი აკეთებენ იმას, რაც მათთვის კარგი ან სწორი ჩანს. რაც შეეხება მოქმედების სხვადასხვა პრინციპს, რომლებიც ღმერთმა ადამიანს განუცხადა, ისევე, როგორც ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილი ხასიათის მდგომარეობას, გამოვლინებებსა და არსს, რასაც ღმერთი ამხელს, მათ მიაჩნიათ, რომ სრულიად საკმარისია ამაზე ცოტა რამ იცოდნენ ან საერთოდ არაფერი იცოდნენ. ისინი ვერ ხედავენ იმის საჭიროებას, რომ საგანგებოდ და გულმოდგინედ ეძიონ სხვადასხვა პრინციპი საკუთარი გახრწნილების შესამოწმებლად და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ასევე, არ თვლიან საჭიროდ, ხშირად დაესწრონ შეკრებებს სხვათა გამოცდილებითი დამოწმებების მოსასმენად, რათა შემდეგ საკუთარი თავის გარდაქმნას მიაღწიონ და ასე შემდეგ. მათი აზრით, ღვთის ასეთი რწმენა ზედმეტად დამქანცველი და სრულიად არასაჭიროა. ისინი მიჰყვებიან ღმერთს და ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ღვთის რწმენისა და ხასიათის შეცვლის შესახებ ზედაპირული წარმოდგენით, რასაც თან ერთვის სხვადასხვა მცდარი შეხედულება და წარმოსახვა ღვთის საქმეზე. განა არ არის ამ ტიპის ადამიანი საკმაოდ ტიპური? (დიახ.) ისინი ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნას უყენებენ საკუთარ თავს და ყველაზე ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ ღვთის რწმენისადმი. ამის მიღმა, ისინი უგულებელყოფენ ჭეშმარიტებას, ღვთის განკითხვასა და მხილებას, გასხვლას, ისევე, როგორც ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს, სხვადასხვა მდგომარეობას, გამოვლინებებსა და ასე შემდეგ. ისინი არასოდეს ფიქრობენ და არ უღრმავდებიან ამ საკითხებს. ესე იგი, ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ აქვთ კარგი ადამიანობა, არიან კარგი ადამიანები და ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის; და, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებენ ადამიანებში გახრწნილი ხასიათის არსებობას, ისინი უგულებელყოფენ ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილი ხასიათის იმ კონკრეტულ მდგომარეობებსა და გამოვლინებებს, რომლებსაც ღმერთი ამხელს, და არანაირ ძალისხმევას არ ახმარენ ამ საკითხების გამოკვლევას. განა ეს არ არის ადამიანთა გარკვეული ტიპი? განა ღვთის რწმენასთან მიმართებაში ამ ტიპის ადამიანის შეხედულებები და კონკრეტული გამოვლინებები საკმაოდ ტიპური არ არის? (დიახ.) თუ გავითვალისწინებთ ამ ადამიანების შეხედულებებს ღვთის რწმენაზე, მათ გაგებას გადარჩენის შესახებ და მათ დამოკიდებულებას ღვთის სიტყვებისადმი, რომლებიც ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს ამხელს, რომელ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ისინი? (მათ, ვისაც ბუნდოვანი რწმენა აქვთ და ჭეშმარიტებას არ ეძიებენ.) ეს მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა; სინამდვილეში როგორ უნდა დახასიათდნენ ეს ადამიანები? ბევრია ასეთი ადამიანი ეკლესიაში? (დიახ.) როდესაც კონკრეტული საკითხები განიხილება და შესაბამის ჭეშმარიტებაზე მიმდინარეობს თანაზიარება, მათ ძილი ერევათ, თვლემენ ან იბნევიან და არანაირ ინტერესს არ იჩენენ. თუ მათ რაიმე სამუშაოს ან დავალებას აძლევენ, სახელოებს დაიკაპიწებენ და საქმეს შეუდგებიან, არც სირთულეებს უშინდებიან და არც დაღლილობას. ფიქრობენ, შესანიშნავი იქნებოდა, ღვთის რწმენაც ამგვარი საქმის კეთებასავით რომ იყოს — მაშინ მოტივაციაც მეტი ექნებოდათ. როდესაც სირთულეების ატანის, საფასურის გადახდისა და საქმეში ძალისხმევის ჩადების დრო დგება, ისინი ნამდვილ მონდომებას იჩენენ. მაგრამ არის კი ეს ნამდვილი მონდომება და ენთუზიაზმი ერთგულების ტოლფასი? განა ეს არის ის გამოვლინება, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტება-პრინციპების გაგების შემდეგ უნდა ჰქონდეს? (არა.) ჩემი საუბრის შემდეგ, შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რომელ კატეგორიას უნდა მიეკუთვნონ ეს ადამიანები? (მუშაკებს.) სწორია. ეს ადამიანები მუშაკები არიან და აი, ასე სწამთ მუშაკებს ღმერთის.
ჩვენ დავიწყეთ თანაზიარება ანტიქრისტეთა ბუნება-არსებისა და სხვადასხვა გამოვლინების შესახებ, ასევე, იმ ადამიანების მრავალგვარი გამოვლინების თაობაზე, რომელთაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვთ, თუმცა თავად ანტიქრისტენი არ არიან. ამჟამად ჩვენი თანაზიარება ეხება იმ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გამოვლინებებს, რომლებსაც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თანაზიარების თემები ანტიქრისტეებსა და ცრუ წინამძღოლებს ეხებოდა, თითოეულ პუნქტში განხილული კონკრეტული საკითხები და გამოვლინებები უკავშირდება გახრწნილი კაცობრიობის გახრწნილ ხასიათს, ისევე, როგორც სხვადასხვა მდგომარეობასა და გამოვლინებას, რომლებიც ამ გახრწნილი ხასიათით წარმოიშობა. მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტენი მხოლოდ უმცირესობას შეადგენენ, ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ხასიათი, ისევე, როგორც მათი სხვადასხვა მდგომარეობა და გამოვლინება, სხვადასხვა ხარისხით ყოველ ადამიანში არსებობს. ახლა, როდესაც ეს საკითხები ასე დეტალურად იქნა თანაზიარებული, მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, ექნებათ უფრო ნათელი გზა და მიმართულება, ასევე, უფრო მკაფიო მიზნები ჭეშმარიტების ძიებაში, მის პრაქტიკაში გატარებაში, ჭეშმარიტება-პრინციპების გაგებასა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაში. ეს კარგია მათთვის და სიხარულის საფუძველს იძლევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ღვთის რწმენის ახალ ეტაპზე გადადიან. ისინი აღარ ცხოვრობენ წესების, რელიგიური რიტუალების, სიტყვებისა და მოძღვრებების თუ ლოზუნგების ტყვეობაში. ამის ნაცვლად, მათ აქვთ უფრო კონკრეტული მიმართულებები და მიზნები პრაქტიკაში გამოსაყენებლად და, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტული პრინციპები სახელმძღვანელოდ. როგორ იმოქმედონ გარკვეულ პირობებში და რა არის ამასთან დაკავშირებული ჭეშმარიტება-პრინციპები, ან რა მდგომარეობა და გახრწნილება აქვთ ადამიანებს, როგორ უნდა მოექცნენ მათ და როგორ ეძიონ ჭეშმარიტება ამ ყველაფრის გადასაჭრელად — ანტიქრისტეებისა და ცრუ წინამძღოლების შესახებ თანაზიარების ორი ძირითადი თემა უმეტესად სწორედ ამ საკითხებს ეხება. მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, რაც უფრო კონკრეტულად იქნება თანაზიარებული ჭეშმარიტება, მით უფრო ნათელი ხდება მათი გზა პრაქტიკაში გამოსაყენებლად. რაც უფრო კონკრეტულად არის ჭეშმარიტება თანაზიარებული, მით უფრო ნათელი და მკაფიო ხდება ადამიანების გული, მით უფრო მეტად შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა და გაგება, და მით უფრო კარგად აცნობიერებენ, თუ რაში უნდა შევიდნენ შემდეგ და რა პრობლემები უნდა გადაჭრან მომავალში. რაც შეეხება იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ახლახან მუშაკებად მოვიხსენიეთ, მას შემდეგაც კი, რაც დეტალურად თანავეზიარეთ კაცობრიობის გახრწნილი ხასიათით გამოწვეულ სხვადასხვა მდგომარეობას და გახრწნილების იმ მრავალგვარ პრობლემას, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, ისინი მაინც სრულიად გულგრილნი რჩებიან. რას ნიშნავს სრულიად გულგრილად დარჩენა? ეს ნიშნავს, რომ მათთვის კვლავინდებურად გაურკვეველი და მიუწვდომელია ჭეშმარიტების ძიება და ხსნის ის გზა, რომელზეც ღმერთი საუბრობს. უფრო სერიოზული კი ის არის, რომ ამდენი არსებითი გამოვლინებისა და პრობლემის თანაზიარების შემდეგ, ისინი კვლავ ფიქრობენ: „მე კარგი ადამიანობა მაქვს, ჭეშმარიტად მწამს ღმერთის, მზად ვარ უარი ვთქვა ბევრ რამეზე ღვთის რწმენის გამო და მზად ვარ გავიღო საფასური და ავიტანო გაჭირვება ჩემი მოვალეობის შესასრულებლად; ეს სრულიად საკმარისია.“ როდესაც სხვადასხვა ვითარების წინაშე დგებიან, ისინი არც საკუთარ თავს იკვლევენ და არც ღვთის სიტყვებს ადარებენ თავიანთ ქცევას, არამედ პრობლემების გადაჭრას მხოლოდ საკუთარ ადამიანურ სიკეთეზე ან იმ მცირე სინდისსა და გონიერებაზე დაყრდნობით ცდილობენ, რაც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი თავშეკავებასა და მოთმინებას ეყრდნობა და კვლავ და კვლავ ითმენს, ხოლო სხვები ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიას იყენებენ, რათა დიდი პრობლემები მცირედ წარმოაჩინონ, მცირე პრობლემები კი — უმნიშვნელოდ. მიზანი, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, არის შემდეგი: „იმ დღისთვის, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება, თუ კვლავ ეკლესიაში ვიქნები, ჩემს მოვალეობას შევასრულებ და არ ვიქნები მოცილებული, ეს საკმარისია. მაქვს თუ არა საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობა, მოგვარებულია თუ არა ჩემი გახრწნილი ხასიათი, მაქვს თუ არა ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილება და ვარ თუ არა ადამიანი, რომელსაც ეშინია ღვთის და გაურბის ბოროტებას — ეს მეორეხარისხოვანი საკითხებია და ხსენებადაც არ ღირს. შენ ყველაფერზე დიდ ამბავს ტეხ, ასე დაწვრილებით ატარებ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, სულ უმცირეს საკითხებსაც კი უსასრულოდ წამოწევ ხოლმე და ყოველთვის ჩვენგან გარჩევას ითხოვ; მე უბრალოდ არ მსურს ჭეშმარიტებაზე ამ თანაზიარებების მოსმენა, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. როდესაც ღვთის დღე დადგება, რა მშვენიერი იქნებოდა, პირდაპირ სამეფოში რომ შეგვეძლოს შესვლა!“ მართალია, ყველას მოთმინებას აქვს საზღვარი, მაგრამ ამგვარი ადამიანების მოთმინება უსაზღვროა. რატომ? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სჯერათ, რომ კარგი ადამიანობა აქვთ, ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის, აქვთ უნარი, უარი თქვან ბევრ რამეზე, როგორც ღვთის მორწმუნეებმა, და მზად არიან, გაიღონ საფასური და აიტანონ გაჭირვება თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად; ნებისმიერი სირთულის წინაშე აღმოჩენისას მათ საკუთარი გამოსავალი აქვთ და საბოლოოდ მაინც ახერხებენ, მტკიცედ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ურყევად იდგნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას ან რა გზებით უძლებენ ყველაფერს ბოლომდე, მიუხედავად მათი მოტივაციისა, ერთი რამ ცხადია: მათ არ გააჩნიათ ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილება და არასოდეს ესმით საკუთარი გახრწნილი ხასიათი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები არ აღიარებენ საკუთარ გახრწნილებას და არც იმ სხვადასხვა მდგომარეობასა და პრობლემას ცნობენ, რომლებიც ღვთის მიერ მხილებული ადამიანების გახრწნილი ხასიათიდან გამომდინარეობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დროდადრო აიგივებენ საკუთარ თავს ამ მდგომარეობებსა და პრობლემებთან, ამას ცივი მიდგომით ეპყრობიან და ამბობენ: „ყველა თანაბრად გახრწნილია. ყველას ბუნება-არსება ეშმაკისა და სატანისეულია; ჩვენ ყველანი ღვთის მტრები ვართ. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეცვლის. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი ჯიუტად აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას, ღმერთი მას აუცილებლად მოიწონებს, და ისინი, ვინც ბოლომდე გაძლებენ, გამარჯვებულები იქნებიან.“ თუ მათი შეხედულებებით ვიმსჯელებთ, ღვთისადმი რწმენაში დიდი შემართება აქვთ, მაგრამ როცა საქმე გამოცდილებითი დამოწმებების გაზიარებაზე მიდგება, ენა უვარდებათ და კრინტსაც ვერ ძრავენ. როდესაც შეკრებებზე ჭეშმარიტების თანაზიარების დრო დგება, მათ ძილი ერევათ და ვერაფერს ითვისებენ. თუ ჰკითხავ: „როგორ განიცდი ღვთის სიტყვებს ყოველდღიურად შენი მოვალეობის შესრულებისას?“ ის გიპასუხებს: „რასაც ეკლესია დამავალებს, იმას ვაკეთებ. განა ამას გამოცდილება სჭირდება?“ როგორც ჩანს, მათ ეს საერთოდ არ ესმით. თუ შემდეგ ჰკითხავ: „გამოვლინდა შენში რაიმე გახრწნილება? როგორ შეიცნობ საკუთარ თავს?“ ისინი გიპასუხებენ: „მე უბრალოდ ღვთის მორჩილი ვარ და მიყვარს ღმერთი; რა პრობლემები უნდა იყოს?“ მათი აზროვნება ასეთი მარტივია. ეს არის მათი თვალსაზრისი: „ღვთის რწმენა სწორედ ასეთი უნდა იყოს. რატომ უნდა ვიწვალოთ ამდენ წვრილმან საკითხზე? თქვენ ყველაფერს ზედმეტად ართულებთ!“ ამიტომ, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და დავალებებს ისე ახორციელებენ, რომ არასოდეს ეძებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, არამედ კეთილი განზრახვებითა და ენთუზიაზმით მოქმედებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი სინდისისა და გონიერების გავლენით მოქმედებენ და ფიქრობენ: „მე უკვე საკმაოდ ბევრი ვიტანჯე და დიდი საფასური გავიღე; უკვე დიდწილად აღვასრულე ჭეშმარიტება და დავაკმაყოფილე ღმერთი; მეტს ნუღარაფერს მთხოვთ. ისედაც კარგად ვარ, კარგი ადამიანი ვარ და ჭეშმარიტად მწამს ღმერთის“. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც ეს ადამიანები თავს ვერ იკავებენ, ემოციებს გადმოაფრქვევენ და მაშინ ვლინდება მათი ნამდვილი სახე. მათ შეუძლიათ მრავალი სიტყვისა და მოძღვრების ფრქვევა, მაგრამ აკლიათ ყოველგვარი რეალური სულიერი სიმწიფე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათში არ არის სიცოცხლე. რას გულისხმობს კონკრეტულად სიცოცხლის არქონა? (მათ არ აქვთ ჭეშმარიტება.) როგორ ხდება ჭეშმარიტების უქონლობა? (მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და არც ესწრაფვიან მას.) საქმე იმაშიც კი არ არის, უყვართ თუ არა მათ ჭეშმარიტება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „როგორ ამბობ, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას? იმდენ გაჭირვებას უძლებენ და ისეთ დიდ საფასურს იხდიან მოვალეობის შესასრულებლად, ყოველდღე დაუღალავად შრომობენ დილიდან საღამომდე; როგორ ამბობ, რომ მათ არ აქვთ ჭეშმარიტება?“ განა ამის თქმა მათი უსამართლოდ დადანაშაულებაა? მაგრამ თუ დააკვირდები ამ ადამიანებს, მათი ტანჯვისა და საფასურის გაღების მიღმა, განა ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ჭეშმარიტება-პრინციპების ფარგლებშია? ეძებენ ისინი პრინციპებს ყველაფერში, რასაც აკეთებენ? მიდიან ისინი ღვთის წინაშე ღვთისმოშიში გულით და აკეთებენ ყველაფერს ღვთის სიტყვებისა და ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად? არა; ეს ყველაფერი ადამიანური ქმედებები და ადამიანური თავშეკავებაა. რა არის მათი მთავარი გამოვლინება იმისა, რომ არ იღებენ ჭეშმარიტებას? ეს არის ის, რომ რაიმეს გაკეთებამდე ისინი არასოდეს ეძებენ აქტიურად ჭეშმარიტებას და არც იმას უფიქრდებიან სერიოზულად, თუ რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები, რათა შემდეგ მკაცრად იმოქმედონ ღვთის სიტყვების შესაბამისად. აქვთ თუ არა მათ ასეთი ფიქრები და განწყობები? როგორია მათი დამოკიდებულება კაცობრიობის გახრწნილი ხასიათის იმ სხვადასხვა გამოვლინების მიმართ, რომლებსაც ღმერთი ამხელს? იღებენ ისინი ამ სიტყვებს? აღიარებენ ისინი, რომ ეს სიტყვები ფაქტობრივია? აღიარებენ, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები გახრწნილების გამოაშკარავებაა? შეიძლება თანხმობის ნიშნად თავი დაუკრან ან გარეგნულად აღიარონ, მაგრამ გულში არ იღებენ ამას; უბრალოდ უგულებელყოფენ. რას ნიშნავს უგულებელყოფა? კერძოდ, ეს ნიშნავს მიუღებლობას, მკაფიო დამოკიდებულების უქონლობას, აშკარა წინააღმდეგობისა თუ პროტესტის გარეშე, მაგრამ ღვთის მიერ ნათქვამი ამ სიტყვებისადმი ცივი მიდგომის ჩვენებას. ფრაზა „ცივი მიდგომა“ ცოტა აბსტრაქტულია; უფრო კონკრეტულად კი, ისინი ასე ფიქრობენ: „შენ ამბობ, რომ ადამიანები ამპარტავნები და მზაკვრები არიან, მაგრამ ვინ არ არის მზაკვარი? ვის არ აქვს ცოტაოდენი ეშმაკობა? ვის არ ახასიათებს ამპარტავნება თუ ქედმაღლობა? რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული? მთავარია, ადამიანს შეეძლოს გაჭირვების ატანა და საფასურის გაღება, ეს სრულიად საკმარისია“. ნუთუ ეს არ ნიშნავს უარყოფას და ამის მკაფიო გამოხატულებას? (დიახ.) ეს არის ჭეშმარიტების მიუღებლობა. მათში ღვთის განკითხვისა და მხილების სიტყვებისადმი უგულებელყოფისა და მიუღებლობის განწყობაა. ამგვარად, როდესაც საქმე ეხება შეფასებებსა და შეხსენებებს, რომლებსაც დები და ძმები აძლევენ მათ, და იმ მითითებებსა თუ დახმარებასაც კი, რომლებსაც დები და ძმები მათი გახრწნილი ხასიათის გამოსასწორებლად გასცემენ, შეუძლიათ მათ ამ ყველაფრის მიღება? (არა.) მითხარით მაშინ, რა არის მათი კონკრეტული გამოვლინებები? რატომ ვერ იღებენ ისინი ამ ყველაფერს? რით დაამტკიცებ ამ ნათქვამს? მაგალითად, როდესაც ეუბნები მათ: „შენს მოვალეობას ასე დაუდევრად არ უნდა ასრულებდე, ეს ზედაპირულია“, მათი რომელი გამოვლინებები ამტკიცებს, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას? (ისინი იტყოდნენ: „ამაში უკვე მთელი ჩემი გული ჩავაქსოვე. მე უკვე ვიტანჯე და გავიღე საფასური. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ზედაპირული ვარ?“) ეს მათი მხრიდან თავის მართლებაა. განა ისინი ხანდახან მიზეზების ძებნას არ იწყებდნენ? გულის სიღრმეში რომც აღიარონ, მაინც ფიქრობენ: „ზედაპირული ვიყავი და მერე რა? ვის არ აქვს ცუდი დღეები? ვინ არ განიცდის ჩვეულებრივ ემოციებს? მაგრამ ვერ ვაღიარებ, რომ საქმე ზერელედ გავაკეთე; რაიმე მიზეზი უნდა მოვძებნო ამის დასამალად. სახელს ვერ გავიფუჭებ“. ამგვარად, ისინი უამრავ საბუთსა და თავის გასამართლებელ მიზეზს იშველიებენ ფუჭი კამათისთვის, რათა არ აღიარონ საკუთარი გულგრილობა, არ დაინახონ ამ მხრივ არსებული პირადი ნაკლოვანებები და არც სხვების შენიშვნები გაითვალისწინონ. ეს კი ზუსტად იმის ნიშანია, რომ ისინი ჭეშმარიტებას არ იღებენ. როდესაც ნამდვილი სიტუაციების წინაშე არ დგანან, ისინი თავს მიიჩნევენ „კარგ ადამიანად, რომელსაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთის“. როდესაც სიტუაციების წინაშე დგებიან, თუმცა ამას ფარად ვეღარ იყენებენ, მაინც პოულობენ საკმარის მიზეზებს საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად, პრობლემის შესალამაზებლად, მის დასასრულებლად და შემდეგ კვლავ აგრძელებენ საკუთარი თავის აღქმას „კარგ ადამიანად, რომელსაც აქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად სწამს ღმერთის და აქვს უნარი უარყოს, გაუძლოს გაჭირვებას და გაიღოს საფასური მოვალეობის შესასრულებლად“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანების გამოვლინებები და არსი მუშაკების გამოვლინებები და არსია. ეს ჯგუფი ეკლესიაში მნიშვნელოვან წილს იკავებს. მიუხედავად ამ წილისა, საბოლოო ჯამში, თუ ამ ადამიანებს მართლაც შეუძლიათ ტანჯვის ატანა და საფასურის გაღება, ბოლომდე გაძლება და სიმტკიცის შენარჩუნება ისე, რომ არ ჩაიდინონ რაიმე სერიოზული დანაშაული, არ დაარღვიონ ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები და არ შეურაცხყონ მისი ხასიათი, მაშინ ისინი ერთგული მუშაკები არიან, მუშაკები, რომლებსაც შეუძლიათ დარჩენა. ეს უდიდესი კურთხევა! ისინი არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, არც ღვთის ნების შესრულება შეუძლიათ, არც ღმერთზე დამოწმება და არც მისი სიტყვებისა და საქმის მოწმედ ყოფნა — ამ კურთხევის მიღებაც კი უკვე საკმაოდ კარგია. რას უნდა მოელოდეს ადამიანი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გარეშე? ერთგულ მუშაკად ყოფნაც უკვე არ არის ცუდი. ზოგიერთი კითხულობს: „შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები ღვთის ხალხი გახდნენ?“ შესაძლებელია. ერთადერთი შესაძლებლობა ის არის, თუ ეს ადამიანები, უარყოფისა და ტანჯვის ატანის უნარის საფუძველზე, შეძლებენ ჭეშმარიტების მიღებას, საკუთარი გახრწნილების აღიარებასა და მასთან სწორად პირისპირ დადგომას, შემდეგ კი ჭეშმარიტების ძიებას მის გადასაჭრელად, არა ადამიანურ სიკეთეზე ან ადამიანურ თავშეკავებაზე, მოთმინებასა და შეუპოვრობაზე დაყრდნობით მოქმედებით, არამედ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით პრაქტიკით, რათა საბოლოოდ მათმა ხასიათმა გარკვეული ცვლილებები განიცადოს; მაშინ მათ ექნებათ შანსი, გახდნენ ღვთის ხალხი. თუმცა, თუ მათი მოქმედებები და ქცევა არ უკავშირდება ხასიათის ცვლილებას, არ უკავშირდება ჭეშმარიტების მიღებასა და გადარჩენას, მაშინ მათი შანსი, გახდნენ ღვთის ხალხი, ნულის ტოლია; ეს ფაქტია. რა არის ერთგული მუშაკებისადმი მოპყრობის პრინციპი? ეს არის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, რათა დაეხმარო ამ ადამიანებს გონს მოსვლაში. რა არის მათი გონს მოყვანის მიზანი? რათა მათ ფუჭი ოცნებებით არ გაირთონ თავი. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რას გულისხმობს «ფუჭი ოცნებებით თავის გართობა»?“ ეს არის, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს მიიჩნევენ ისეთად, „ვისაც აქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, აქვს უარყოფის უნარი და მზად არის საფასურის გასაღებად, და შემდეგ მოელიან ღვთისგან გადარჩენას, რაც შეუძლებელია. მათთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ მცდარი და უგუნურია შემდეგი მოსაზრება: „კარგი ადამიანობა, ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, უარყოფის უნარი და საფასურის გაღებისთვის მზაობა საკმარისია ღვთის გადარჩენის მისაღებად“. მათთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ამ თვისებების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა განიშორა თავისი გახრწნილი ხასიათი, არც ცოტაოდენი კარგი საქციელი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება გადარჩეს, მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ მან მოიპოვა ჭეშმარიტება, და რომ მათი მოსაზრებები აბსურდული, სასაცილო, არათანმიმდევრული და სრულიად შეუთავსებელია ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებასთან. ამ ადამიანებს, რომლებიც ჯიუტად ებღაუჭებიან რელიგიურ წარმოდგენებს, უნდა დაეხმაროთ. წაუკითხეთ ღვთის სიტყვები და გაუზიარეთ მათ ჭეშმარიტება. თუ ისინი მაინც ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების მიღებას და, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაუზიარებ ჭეშმარიტებას, მაინც გაუნათლებელნი დარჩებიან და არ გამოავლენენ ძიების სურვილს, მაშინ მათი იძულება არ არის საჭირო. მათ მხოლოდ მუშაკებად შეუძლიათ მსახურება ბოლომდე.
II. ღვთის ხალხი
მას შემდეგ, რაც თანაზიარება გვქონდა ერთგული მუშაკების გამოვლინებებზე, მოდით, ვისაუბროთ სხვა ტიპის ადამიანების გამოვლინებებზე. როდესაც ეს ადამიანები ისმენენ ღვთის სხვადასხვაგვარ მხილებასა და სამსჯავროს ყოველგვარი ხალხის გახრწნილი ხასიათის შესახებ, სხვებთან შედარებით, ისინი უფრო მეტს ფიქრობენ საკუთარი გახრწნილი ხასიათის წარსულ გამოვლინებებზე და ღვთისა თუ ჭეშმარიტებისადმი იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც მათში სწორედ ამ გახრწნილი ხასიათის გავლენით ჩნდება. ისინი იწყებენ საკუთარ სხვადასხვაგვარ გამოხატულებაზე დაფიქრებასა და მათ შეცნობას, ადარებენ საკუთარ თავს ღვთის სიტყვებს, ამოწმებენ საკუთარ დამოკიდებულებას მოვალეობისადმი და აკვირდებიან ყოველგვარ გახრწნილებას, რომელსაც ავლენენ მოვალეობის შესრულებისას, ისევე, როგორც ღვთის მიერ მოვლენილ სხვადასხვა ადამიანებში, მოვლენებსა და გარემოებებში. ისინი თითოეულ დეტალში ამოწმებენ და შეიცნობენ საკუთარ თავს, როდესაც ცდილობენ მიიღონ ღვთის სამსჯავრო, მხილება და წვრთნა. რით არიან ეს ადამიანები მუშაკებზე უკეთესები? მათ შეუძლიათ პროაქტიურად და პოზიტიურად მიიღონ ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვები და ღვთის მიერ მხილებული ყოველი გახრწნილი ხასიათი. თუმცა ხანდახან შეიძლება ნეგატიურები, უკონტაქტოები იყვნენ ან დანებებაზეც კი ფიქრობდნენ, მიუხედავად ყველაფრისა, მათ მაინც აქვთ სწრაფვა, აიძულონ საკუთარი თავი, მიიღონ ჭეშმარიტება. რა არის ეს სწრაფვა? ეს არის შემდეგი: „ღვთის სიტყვებს შეუძლია ადამიანების შეცვლა. თუკი ადამიანი მიიღებს ჭეშმარიტებას, ყველა ეს პრობლემა და გახრწნილი ხასიათი შეიძლება მოგვარდეს და მაშინ ადამიანი გადარჩება. თუკი მინდა გადავრჩე, უნდა ვითანამშრომლო ღვთის საქმესთან და მივიღო ჭეშმარიტება“. მაგალითად, როდესაც ესმით ჭეშმარიტება პატიოსან ადამიანად ყოფნის შესახებ, ზოგიერთები საკუთარ თავს აკვირდებიან და უფრო ნათლად ხედავენ იმ სიცრუესა და ეშმაკობას, რომლებსაც მიმართავენ, ისევე, როგორც საკუთარ ვერაგულ და ბოროტ მხარეებს. მათ ახსენდებათ წარსულში ნათქვამი ტყუილები და თაღლითური გზები, რომლებიც გულებში ან მეხსიერებაში რჩებათ და გონებაში ფილმის კადრებივით უტრიალებთ, რაც სულ უფრო მეტად აგრძნობინებს მათ სირცხვილს, ტკივილსა და მწუხარებას. უწყვეტი თვითგამოკვლევისა და თვითგაანალიზების შემდეგ, ისინი თავს დამნაშავეებად გრძნობენ, მაშინვე სრულიად უძლურდებიან და ფეხზე დგომა აღარ შეუძლიათ. ისინი ხვდებიან, რომ კეთილი ადამიანები კი არა, ბოროტები არიან და ფიქრობენ, რომ დიდი გამართლებაა, პირდაპირ რომ არ შეეწინააღმდეგნენ ღმერთს, რაც ნამდვილად სასწაულებრივი გადარჩენაა. მაშინ, ისინი იწყებენ გამოფხიზლებას, რადგან არ სურთ, რომ, როგორც ადამიანებმა, ასეთი მარცხი განიცადონ, და იღებენ გადაწყვეტილებას: „თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი და პატიოსანი ადამიანი გავხდე, სხვაგვარად ღმერთი ვერ გადამარჩენს. გადასარჩენად აუცილებლად პატიოსანი უნდა ვიყო. ახლა ხელის ჩაქნევა არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია!“ იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღებენ ეს ადამიანები ჭეშმარიტებას, ადრე თუ გვიან და, მიუხედავად იმისა, ღრმაა მათი მხრიდან ღვთის სიტყვების გაგება თუ ზედაპირული, მათი დამოკიდებულება ღვთის სიტყვებისადმი არ არის ზიზღის მომგვრელი, მით უმეტეს, არ არის სიძულვილი თუ წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ისინი აქტიურად აღიარებენ და იღებენ ღვთის სიტყვებს, შემდეგ კი ყოველთვის მზად არიან მათ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. როდესაც ისინი მოქმედებენ ან თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ღვთის სიტყვებში იპოვონ პრინციპები, შემდეგ კი შეგნებულად მოქმედებენ ამ პრინციპების მიხედვით. თუნდაც ხანდახან ვერ იპოვონ კონკრეტული პრინციპები ან ვერ ჩასწვდნენ მიმართულებას, მათ მაინც აქვთ განზრახვა, კარგად შეასრულონ მოვალეობა, შეასრულონ იგი ღვთის განზრახვების შესაბამისად და ჭეშმარიტება-პრინციპებთან თანხვედრაში. ამ ხალხის ადამიანობა და მუშაკების ადამიანობა ძირითადად ერთნაირია. აქ არ არსებობს დაყოფა მაღალ და დაბალ ან წარჩინებულ და მდაბალ ფენებად. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ადამიანებიდან ბევრი საკუთარ თავს ასე ახასიათებს: „მაქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად მწამს ღმერთის, მაქვს უნარი, ყველაფერი უარვყო, როგორც ღვთის მორწმუნემ, და მაქვს სურვილი, გავიღო საფასური და ავიტანო გაჭირვება ჩემი მოვალეობის შესასრულებლად“. მაგრამ რა არის განსხვავება ამ ადამიანებსა და მუშაკებს შორის? მას შემდეგ, რაც ისინი მოისმენენ ღვთის განკითხვისა და ადამიანთა მხილების სიტყვებს, მათი დამოკიდებულება არის არა იგნორირება ან განრიდება, არამედ აქტიური და გულმოდგინე მიღება. თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თავს დამწუხრებულად და გულგატეხილად გრძნობდნენ, ან თუნდაც ბრაზს გამოხატავდნენ საკუთარი მხილებული გახრწნილების მიმართ, საბოლოო ჯამში, მათ მაინც შეუძლიათ, სწორად შეხვდნენ ამ ყველაფერს, აქტიურად მიიღონ და პროაქტიურად განახორციელონ პრაქტიკაში და შევიდნენ მასში. განა ესეც არ არის ადამიანის ერთ-ერთი ტიპი? (დიახ.) განა ეს ადამიანები გარკვეულწილად წარმომადგენლობითნი არ არიან? (დიახ.) ბევრია ასეთი ადამიანი? (არც ისე ბევრი.) თუმცა ახლა ბევრი არ არის, არსებობს იმედი, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. მაშ, რომელ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ეს ადამიანები? შეუძლია თუ არა ამ კონკრეტულ გამოვლინებებს იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს უყვართ ჭეშმარიტება და შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება? (დიახ.) შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი აღქმის უნარის მქონე ზოგიერთი ადამიანი ჭეშმარიტებას უფრო ნელა იღებს, გულის სიღრმეში ისინი მაინც იწყნარებენ ჭეშმარიტებას და აქვთ განწყობა, რომ აქტიურად შევიდნენ მასში. როდესაც ვინმე ახალ სინათლეს ან პრაქტიკის გზებს თანაზიარებს, რომლებიც ჭეშმარიტება-პრინციპებთანაა თანხვედრაში, მათ თვალები უნათდებათ, გული უნათლდებათ და სიხარულს გრძნობენ, ფიქრობენ: „როგორც იქნა, ვიღაცამ გააზიარა ეს სინათლე. ზუსტად ეს მაკლია“. ისინი ყოველთვის ახერხებენ ჩაწვდნენ იმას, რაც აკლიათ, მიიღონ სინათლე და ნათლის მოფენა, რაც მათ ასე სასწრაფოდ სჭირდებათ და აკლიათ, და იპოვონ მათთვის საჭირო ჭეშმარიტება-პრინციპები იმ ჭეშმარიტი გამოცდილებითი გაგებიდან, რომელზეც მათი დები და ძმები თანაზიარებენ. ამ კონკრეტული გამოვლინებების საფუძველზე, განა მათ გულებს არ სწყურიათ ჭეშმარიტება? (დიახ.) თუ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებს უყვართ ჭეშმარიტება, ეს განცხადება არ იქნება ძალიან ობიექტური ან ზუსტი. თუმცა, მათი კონკრეტული გამოვლინებების საფუძველზე, ამ ადამიანებს ნამდვილად სწყურიათ ჭეშმარიტება. საიდან მოდის ეს წყურვილი? ეს მოდის იქიდან, რომ მათ აქვთ იმედი, აღმოფხვრან საკუთარი გახრწნილი ხასიათი, იმედი, გადაჭრან სხვადასხვა პრობლემა და სირთულე, რომლებსაც აწყდებიან სიცოცხლეში შესვლისას, და იმედი, მიაღწიონ პროგრესს ჭეშმარიტებაში, უფრო ღრმად ჩასწვდნენ მას. მათ, ასევე, სურთ, რომ შეძლონ პრინციპებზე დაყრდნობით ჭეშმარიტად მოქმედება, განახორციელონ პრაქტიკა გარკვეული გზით, უფრო ზუსტად დაინახონ საკუთარი გახრწნილი ხასიათის გამოვლინებებიდან, თუ რაში მდგომარეობს მათი გახრწნილი ხასიათის არსი, როგორ აღმოფხვრან და საბოლოოდ ჩამოიცილონ ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ხშირად ცხოვრობენ გახრწნილი ხასიათის ტყვეობაში, როგორიცაა სტატუსისთვის ბრძოლა, ჯიუტად საკუთარი აზრის გატანა, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა, ქედმაღლობა, მზაკვრობა ან თუნდაც შეუვალობა, ღვთის სიტყვების მუდმივი ჭამისა და სმისა და ღვთის საქმის გამოცდის წყალობით, ეს აშკარა პრობლემები თანდათანობით შემოწმდება და გამოვლინდება. შემდეგ მათ შეუძლიათ აღიარონ ეს პრობლემებად, გახრწნილი ხასიათის გამოვლინებებად, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და სძულს ღმერთს. მას შემდეგ, რაც გააცნობიერებენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, მათ კიდევ უფრო მეტად სწყურიათ, რომ გადაჭრან და განიშორონ ის. ეს არის ერთ-ერთი წყარო იმისა, რომ მათ სწყურიათ ჭეშმარიტება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ აქვთ მოთხოვნილება, აღმოფხვრან თავიანთი გახრწნილი ხასიათი, და გულმოდგინედ ესწრაფვიან, განიშორონ ეს გახრწნილი ხასიათი. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გახრწნილი ხასიათის გამოვლინებას აღმოაჩენენ საკუთარ თავში, ან რა პრობლემებსა და სირთულეებს წააწყდებიან, ისინი უფრო მეტად ესწრაფვიან, იპოვონ ზუსტი პასუხები ღვთის სიტყვებში და გაიგონ, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანისგან და რომელი ჭეშმარიტებები და ღვთის სიტყვები უნდა იქნეს გამოყენებული მათ გადასაჭრელად. მათი ჭეშმარიტებისადმი ლტოლვის კონკრეტული გამოვლინებები და წყაროები სწორედ ეს არის. არის ეს ობიექტური განცხადება? (დიახ.) ამ ადამიანებზე ვერ ვიტყვით, რომ მათ უყვართ ჭეშმარიტება. მათ ჭეშმარიტება რომ უყვარდეთ, ძალიან პროაქტიურები იქნებოდნენ და მათი სხვადასხვა გამოვლინება უფრო პოზიტიური იქნებოდა. თუმცა, ამ ადამიანების სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი რეალური სულიერი სიმწიფის საფუძველზე, მათ ჯერ არ მიუღწევიათ ჭეშმარიტების სიყვარულის დონისთვის, არამედ უბრალოდ სწყურიათ იგი. ეს განცხადება უკვე საკმაოდ ობიექტურია. ასე რომ, თუ გადავხედავთ ამ ადამიანების სხვადასხვა გამოვლინებას, რომელ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ისინი? ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები ღვთის ხალხის კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამ მტკიცებულებას აქვს საფუძველი. რა საფუძველი? ამ ადამიანების გახრწნილი ხასიათი ისეთივეა, როგორიც სხვებისა. ადამიანობის თვალსაზრისით, ვერ ვიტყვით, რომ მათი ადამიანობა კარგია, და ვერც იმას ვიტყვით, რომ ისინი სრულყოფილნი არიან ღვთის თვალში. მათ უმრავლესობას საშუალო ადამიანობა აქვს. რას ნიშნავს აქ „საშუალო“? ეს ნიშნავს გარკვეული დონის სინდისისა და გონიერების ქონას. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღვთის სიტყვებისა და ღვთის მოთხოვნების მოსმენის შემდეგ, ღვთის სიტყვებით მხილებული ყოველგვარი ადამიანის გახრწნილი ხასიათის შესახებ მოსმენის შემდეგ, ისინი გულგრილნი კი არ რჩებიან, არამედ გული უტოკდებათ და მოქმედებას იწყებენ. რას ნიშნავს მოქმედების დაწყება? ეს ნიშნავს, რომ ღვთის ამ სიტყვებისა და ამ ჭეშმარიტებების მოსმენის შემდეგ, მათ აღარ სურთ გახრწნილი ხასიათის ტყვეობაში ცხოვრება და თავიანთი ძველი ცხოვრების წესის გაგრძელება. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ შეცვალონ სხვადასხვა ფიქრი, თვალსაზრისი, არსებობის გზა და ცხოვრების წესი, რომლებსაც ადრე ეყრდნობოდნენ. ამავდროულად, მოვალეობის შესრულებისას, აქტიურად ეძებენ ჭეშმარიტებას და ღვთის მიერ შექმნილ სხვადასხვა გარემოებაში, იყენებენ ღვთის სიტყვებს პრაქტიკის საფუძვლად და პრინციპებად, ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ დაუდევარნი და თვითნებურნი. მათი ადამიანობიდან, სულიერი მონაცემებიდან, ღვთის სიტყვების, ღვთის საქმისა და ღვთის მოთხოვნებისადმი მათი დამოკიდებულებებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, და ასე შემდეგ, ეს ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვისი გადარჩენაც ღმერთს აქვს განზრახული. მათ გაცილებით დიდი იმედი აქვთ გახრწნილი ხასიათის მოშორებისა და გადარჩენისა, ვიდრე მუშაკებს. ღვთის ხალხად ითვლებიან მხოლოდ ისინი, ვინც იღებენ ჭეშმარიტებას და შეუძლიათ განიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი, რათა გადარჩნენ. არ არის ეს განმარტება საკმაოდ შესაფერისი? (არის.) ეს ყველაზე მეტად შესაფერისია. გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ მცირე ძალისხმევის გაღებასა და გარკვეული საფასურის გადახდას იმისთვის, რომ დარჩენა შეძლო, და ამით ყველაფერი მოგვარდეს. როგორია იმათი სტატუსი, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია? ეს არის სტატუსი, როდესაც ღვთის სიტყვებისა და საქმის მიღებისა და გამოცდის გზით, მათი გახრწნილი ხასიათი დაიძლევა. ამ პროცესში ისინი შეიცნობენ ღმერთს, გააცნობიერებენ საკუთარ გახრწნილ ხასიათს და შეიძენენ რეალურსა და კონკრეტულ გამოცდილებას ღვთის სიტყვებისა, რითაც შეძლებენ ღვთისთვის მოწმობის გაღებას — მათ ძალუძთ ღვთის დამოწმება. ღვთის რომელ ასპექტებზე გასცემენ ისინი მოწმობას? ისინი მოწმობენ ღვთის განზრახვებს, ღვთის ხასიათს, იმას, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის, ღვთის იდენტობას და იმას, რომ ღმერთი არის შემოქმედი. ეს არის ის, რაც შეიძლება გამოვლინდეს ადამიანში ხსნის მიღწევის შემდეგ. რატომ შეუძლიათ ადამიანებს ამ შედეგების მიღწევა გადარჩენის შემდეგ? ეს არ ხდება იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ ისეთებად, ვისაც „აქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, აქვს უნარი, უარყოს ყველაფერი, როგორც ღვთის მორწმუნემ და აქვს მზაობა, გაიღოს საფასური საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად“. ერთადერთი მიზეზი — და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი — არის ის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ღვთის სიტყვები თავიანთ სიცოცხლედ, შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გატარება გახრწნილი ხასიათის მოსაშორებლად, გვერდზე გადადონ თავდაპირველი, ძველი ცხოვრების წესი და შეხედულებები ცხოვრებაზე, და მიიღონ ღვთის სიტყვები ახალ სიცოცხლედ. ისინი იყენებენ ღვთის სიტყვებს საკუთარი ქცევის საფუძვლად, საქმეების კეთებისთვის, ღვთის მიყოლისთვის, ღვთისადმი დამორჩილებისა და ღვთის დაკმაყოფილებისთვის. ეს არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ასეთ ადამიანებში. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ხსნის მისაღწევად? (ჭეშმარიტების მიღების უნარი.) სწორია. ჭეშმარიტების მიღების უნარი არის გადამწყვეტი ფაქტორი.
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, „თუ ბოლომდე გავიღებ თავს ღვთისთვის, განა ღმერთი დიდად არ მაკურთხებს?“ თუ ჭეშმარიტებას არ მიიღებ, თუმცა მაინც ბოლომდე შეძლებ ღვთის ერთგულად მიყოლას და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მსახურებას ისე, რომ ამ გზაზე დიდ შეცდომებს არ დაუშვებ და ღვთის ხასიათს არ შეურაცხყოფ, მაშინ, ასეთ გარემოებებში, ღმერთი მიგიჩნევს ერთგულ მუშაკად, რომელიც დარჩება. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „დარჩენის კურთხევა რა სახისაა?“ ეს არ არის მცირე კურთხევა! თუ იქნება შანსი და შესაძლებლობა, შენ შეიძლება იხილო ღვთის ჭეშმარიტი სახე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ღმერთი მომავალ ეპოქაში. თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ დარჩე და კიდევ რამდენიმე ათწლეული იცოცხლო, ეს კურთხევა საკმაოდ დიდია. როგორ ვლინდება ეს კურთხევა? ის მიიღწევა ერთგული შრომით, იმ თვალსაზრისის შენარჩუნებით, რომ „მე მაქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად მწამს ღმერთის, მაქვს უნარი, ყველაფერი უარვყო, როგორც ღვთის მორწმუნემ და მაქვს სურვილი, გავიღო საფასური და ავიტანო გაჭირვება ჩემი მოვალეობის შესასრულებლად“. არ უნდა იცოდნენ მუშაკებმა კმაყოფილება? (დიახ.) ისინი კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რათა ეს კურთხევა მიიღონ. შენ არც კი იღებ ღვთის სიტყვებს, თუმცა რადგან ღმერთი ხედავს შენს ერთგულებასა და უნარს, იშრომო ბოლომდე ამ პერიოდში მიტოვების გარეშე, ღვთის ხასიათის შებღალვისა თუ მისი ადმინისტრაციული დადგენილებების დარღვევის გარეშე, დიდი გადაცდომების ჩადენის გარეშე, ის განიჭებს შენ ამ კურთხევასა და მადლს — კაცობრიობის შექმნის დღიდან, ეს არის უდიდესი საჩუქარი, რომელსაც ღმერთი აძლევს გახრწნილ ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ერთგულად იშრომეს, მაგრამ ვერ მიაღწიეს ხსნას. შენ მხოლოდ მცირე ძალისხმევა გაიღე და ღვთის სიტყვებსაც კი არ იღებ — ასეთი დიდი კურთხევის მიღება უკვე საკმაოდ კარგია. ეს ღვთის უზარმაზარი მადლია. კიდევ ერთი კატეგორიაა ღვთის ხალხი, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ. ღვთის ხალხის მიერ მიღებული კურთხევები ნამდვილად აღემატება მუშაკთა მიერ მიღებულ კურთხევებს. მაშ, რაში მდგომარეობს ღვთის ხალხის კურთხევა? რა თქმა უნდა, ეს არ არის ისე მარტივი, როგორც მხოლოდ დარჩენის შეძლება ან ღვთის ჭეშმარიტი ფორმის ხილვის შესაძლებლობა. კიდევ უამრავი კურთხევაა, მაგრამ მათ აქ არ განვიხილავთ. ამაზე საუბარი არარეალისტურია და, გარდა ამისა, რომც გითხრათ, ახლა მაინც ვერ გაიგებთ და ვერ მიაღწევთ მათ. ღვთის ხალხი სწორედ ისინი არიან, ვისი გადარჩენაც ღმერთს აქვს განზრახული, და მთელ კაცობრიობაში ისინი იღებენ უდიდეს კურთხევებს; ეს არანაირად არ არის გადაჭარბებული. რატომაა ასე? რადგან ღვთის საქმეში, კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის ექვსი ათასწლიანი მართვის გეგმის ფარგლებში, ღვთის ხალხმა, ღვთის სიტყვების მიღების უნარით, ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებად და საკუთარი არსებობის პრინციპებად მიჩნევის უნარით და ღვთის სიტყვების საკუთარ ცხოვრებად ქცევით, განიშორა სატანის გახრწნილი ხასიათი და განასახიერა ღვთის სიტყვები, რითაც ძლიერი და მტკიცე მოწმობა გასცა ღვთის წინაშე. მათ შესწევთ ძალა, საკუთარი ყოფიერებითა და ცხოვრებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ და შეარცხვინონ სატანა, შეძლონ ღვთის დამოწმება ადამიანთა შორის და ამგვარად განადიდონ ღმერთი. ამიტომ, ღვთის ხალხი სწორედ ისინი არიან, ვისი გადარჩენაც ღმერთს აქვს განზრახული, და ვინც იღებს ხსნას. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რადგან ამ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის სიტყვები საკუთარ ცხოვრებად აქციონ, განასახიერონ ღვთის სიტყვები და იყვნენ ღვთის დამმოწმებელნი, განა ეს მათ ღვთის საყვარელ შვილებად არ აქცევს, ვისითაც ღმერთი ხარობს?“ შენ ზედმეტად ბევრს ფიქრობ; ღვთის ხალხის რიგებში ყოფნა სრულიად საკმარისია. თუ ღმერთი გიწოდებს თავის ძეს, თავის შვილს ან თავის საყვარელ ძეს, ეს ღვთის საქმეა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არასოდეს უნდა უწოდო შენს თავს ღვთის საყვარელი ძე, ღვთის ძე ან ღვთის რჩეული. ნუ განაცხადებ ასეთ რამეს საკუთარ თავზე და ნუ მიიჩნევ თავს ასეთად; შენ ხარ შექმნილი არსება — ეს არის სწორი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ დღეს ღვთის ხალხს შორის აღმოჩნდები ან უკვე დაადგები გადარჩენის გზას, შენ მაინც უბრალოდ შექმნილი არსება ხარ. თუ შენ ასე ფიქრობ, ეს ამტკიცებს, რომ სწორ გზას ადგახარ. თუ შენ ყოველთვის ესწრაფვი, იყო ღვთის საყვარელი ძე, უყვარდე ღმერთს და ახარებდე მას, მაშინ გზა, რომელსაც ადგახარ, არასწორია. ეს გზა არსაით მიდის და არ უნდა მიეცე ასეთ ფუჭ ოცნებებს. იმის მიუხედავად, უთქვამს თუ არა ოდესმე ღმერთს ასეთი სიტყვები ან მიუცია თუ არა ასეთი აღთქმა ადამიანებისთვის, შენ არ უნდა შეხედო საკუთარ თავს ამგვარად; ეს არ არის ის, რის მიღწევასაც უნდა ესწრაფვოდე. ღვთის ხალხის რიგებში ყოფნა უკვე სრულიად საკმარისია. ღვთის ხალხი უკვე აკმაყოფილებს შექმნილი არსების სტანდარტს — უბრალოდ დასანანია, რომ შენ ჯერ კიდევ არ ხარ მათ შორის. ამიტომ, ნუ ესწრაფვი იმ ბუნდოვან, ილუზორულ, ცარიელ რაღაცებს. გადარჩენისკენ სწრაფვის უნარის ქონა გარკვეულწილად, უკვე არის გადარჩენის გზაზე დადგომა. ღვთის ხალხის უმთავრესი მახასიათებელი ის არის, რომ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და ისინი ავლენენ ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს. ღვთის საქმის გამოცდისა და გადარჩენისკენ სწრაფვის პროცესში, მათი გახრწნილი ხასიათი, ძველი აზრები და სხვადასხვა ნეგატიური მდგომარეობა თუ გამოვლინება, რომლებიც მათ გახრწნილ ხასიათთან არის დაკავშირებული, შეიძლება სხვადასხვა ხარისხით გადაიჭრას, განიშოროს და შეიცვალოს. შემდეგ კი მათ შეუძლიათ განახორციელონ ღვთის მოთხოვნები — იყვნენ პატიოსანი ადამიანები; ადამიანები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთგულება და მორჩილება, და ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის შიში და ბოროტებისგან განდგომა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი ღვთის ხალხიდან ერთ-ერთი, ვინც აკმაყოფილებს სტანდარტს და შეესაბამება კრიტერიუმებს, ამაზე აქ დაწვრილებით არ ვისაუბრებთ; ეს არ არის ჩვენი დღევანდელი თანაზიარების თემა.
III. დაქირავებული მუშაკები
გარდა მუშაკებისა და ღვთის ხალხისა, არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი კატეგორია, რომლებიც ყველაზე საცოდავნი არიან ღვთის რჩეულთა შორის. ღვთის მიერ გამოთქმული სხვადასხვა ჭეშმარიტებისა და კაცობრიობის მამხილებელი სხვადასხვა სიტყვის მოსმენის შემდეგ, მათ ქცევაში, ცხოვრების წესსა და სწრაფვებში არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ესაუბრები მათ ჭეშმარიტებაზე, ისინი გულგრილნი რჩებიან: „არ მინდა შეცვლა. როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ და ვერავინ გამაკონტროლებს. თქვენ რაც გინდათ, ის აკეთეთ, არ მაინტერესებს! ახლა კარგ გუნებაზე არ ვარ, ასე რომ, არავინ გამომიწვიოს. თუ გამომიწვევთ, თავაზიანობას არ მოელოდეთ!“ ისინი არ უყურებენ საკუთარ თავს იმ მტკიცე დამოკიდებულებით ან თვალსაზრისით, რომ „მე მაქვს კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად მწამს ღმერთის, მაქვს უნარი, ყველაფერი უარვყო, როგორც ღვთის მორწმუნემ და მაქვს სურვილი, გავიღო საფასური და ავიტანო გაჭირვება ჩემი მოვალეობის შესასრულებლად“, თუმცა დებსა და ძმებს შორის ბევრად უფრო მკაფიო დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. რა არის ეს დამოკიდებულება? ეს არის: „როგორც მინდა, ისე მოვიქცევი, რაც მომესურვება, იმას გავაკეთებ. ნურავინ დამაძალებს ჭეშმარიტების მიღებას, ნურავინ შეეცდება ჩემს შეცვლას. ვინც ჭეშმარიტების მიღებას მაძალებს, უბრალოდ შარს ეძებს, ხოლო თუ ვინმე ჩემს გასხვლას შეეცდება, სიცოცხლის ფასად სამაგიეროს გადავუხდი!“ მათ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ ღვთის მიერ წარმოთქმული არცერთი წინადადების, ისევე, როგორც ღვთის მიერ შესრულებული საქმის მიმართ. რა თქმა უნდა, ადამიანების გახრწნილ ხასიათთან და საქმის კეთების პრინციპებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც იმ დამოკიდებულების მიმართ, რომელიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღვთისადმი, და იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც უნდა დაიცვან პიროვნებათშორის ურთიერთობებში — რასაც დები და ძმები ახსენებენ შეკრებების დროს ან თავიანთი მოვალეობის შესრულებისას — ისინი სიძულვილითა და ზიზღით ეპყრობიან. ზოგიერთი ადამიანი ასრულებს მოვალეობას, მაგრამ ისინი სრულიად უგულებელყოფენ ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილ პრინციპებს და ყველაფერს აკეთებენ ისე, როგორც თავად აქვთ დაგეგმილი. იმის მერე, რაც შენ მათ პრინციპებს განუმარტავ, ისინი თავს დაგიკრავენ, მაგრამ შემობრუნდებიან თუ არა, მაშინვე იწყებენ თავაშვებულად და უგუნურად მოქმედებას და ავლენენ თავიანთ დემონურ ბუნებას. არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც გარედან წესიერად გამოიყურებიან, მაგრამ როდესაც საუბრობ ან მათ ელაპარაკები, მათი შეხედულებები არასწორია, მათი ტონი არასწორია და რაც ყველაზე სავალალოა, მათი ხასიათია არასწორი, რის გამოც მათთან საუბარი შეუძლებელია. როდესაც მათ ეკითხები: „არსებობს ღმერთი ამ სამყაროში?“ ისინი გპასუხობენ: „არ ვიცი“. შენ ეუბნები: „ეს ასე უნდა გაკეთდეს, ეს ღვთის განზრახვაა“. ისინი კი გპასუხობენ: „ჩემში რამე არ მოგწონს? გინდა, რომ პრობლემები შემიქმნა? ჩემი გარიცხვა გინდა?“ შენ ეუბნები: „ასე მოქცევა არის მცდარი შეხედულებების გავრცელება და ნეგატივის გადმოფრქვევა, რამაც შეიძლება ზოგიერთი ახალი მორწმუნე დააბრკოლოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ღვთის სახლის წესები და ნათლად უნდა გვესმოდეს ის პრინციპები, რომლებსაც უნდა მივყვეთ ადამიანებს შორის ურთიერთობისა და კავშირებისას. თუ ის, რაც ითქვა და გაკეთდა, ვერ ასწავლის და ვერ ეხმარება სხვებს, მინიმუმ, ნეგატიური გავლენა მაინც არ უნდა მოახდინოს მათზე. ეს არის ის გონიერება, რომელიც ნორმალური ადამიანობის მქონე პირს უნდა გააჩნდეს. ისინი ამბობენ: „ნორმალურ ადამიანობაზე მელაპარაკები და წესებს მიკითხავ? შენი თავი ვინ გგონია? რა არის იმაში ცუდი, თუ ნეგატივს გადმოვაფრქვევ? ყოველი ახალი მორწმუნე, ვინც დაბრკოლდება, ერთი ახალი მორწმუნით ნაკლებია — მათი ყურებით გამოწვეულ თავის ტკივილს მაინც ავირიდებ! მათთან წესებზე ლაპარაკი ამაოა და ადამიანობაზე მსჯელობაც უსარგებლოა. ჭეშმარიტების თანაზიარება, ღვთის სიტყვის თანაზიარება? ღვთის სიტყვის თანაზიარებასაც კი არ უსმენენ. მათ გაკრიტიკებას ვერავინ ბედავს, ვერავინ ბედავს მათ შეწუხებას ან გამოწვევას. არიან ასეთი ადამიანები ეკლესიაში? (დიახ.) მათ შორის, ვინც მოცილდა, ნამდვილად არიან მსგავსი პირები. ეს ადამიანები მუშაკები არიან, ღვთის ხალხი თუ ვინ არიან? (ისინი არიან ადამიანები, რომლებიც განიდევნენ.) რატომ განიდევნენ? (ჭეშმარიტების მიუღებლობის გამო; ჭეშმარიტებისადმი სიძულვილის გამო.) ეს არის პრობლემის არსი. მაშინ რატომ არ იღებენ ისინი ჭეშმარიტებას? რატომ სძულთ მათ ჭეშმარიტება? რა არის ამის ძირეული მიზეზი? (ამ ადამიანების არსი ურწმუნოების არსია.) სწორია, მათი არსი ურწმუნოების არსია. ეკლესიაში საკმაოდ ბევრი ურწმუნოა, მაგრამ განა ყველა ურწმუნო ასეთია? (არა.) ეს პირები, რომელთაც ელემენტარული ადამიანური მორალი და აღზრდა აკლიათ — განა მხოლოდ იმიტომ განიდევნენ, რომ ურწმუნოები არიან? რატომ განიდევნენ? საფუძველშივე, ეს არის ადამიანობის პრობლემა; ამ ადამიანებს ცუდი, ბოროტი ადამიანობა აქვთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ ადამიანობა აკლიათ. რადგან მათ ადამიანობა აკლიათ, ვინ არიან ისინი? ისინი დემონური ბუნების მქონე ადამიანები არიან. როგორ შეედრებიან დემონური ბუნების მქონე ადამიანები მხეცებს? ვფიქრობ, ისინი მხეცებზე უარესებიც კი არიან; ზოგიერთი მხეცი შეიძლება მორჩილი იყოს და თავი აარიდოს დანაშაულებებს. მაგალითად, ძაღლები შეიძლება საკმაოდ კარგი იყვნენ; ზოგიერთი ძაღლი მართლაც შესანიშნავი შინაური ცხოველია და განსაკუთრებულად კარგად ეწყობა ადამიანებს! ისინი განსაკუთრებით მორჩილნი და გონიერნი არიან, ყველაფერი ესმით, რასაც ადამიანები ეუბნებიან, და გამოსადეგნი არიან სახლში ყოლისთვის. ასეთი ძაღლები ბევრად სჯობიან ურჩ ადამიანებს. ბევრი ადამიანი კარგ ძაღლზე უარესიც კია. მაშინ, განა ისინი მაინც არიან ადამიანები? არა, არ არიან ადამიანები; ისინი არაადამიანები არიან. ბევრ ადამიანს არ ესმის ადამიანური ენა; მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია. ჭეშმარიტებას არ იღებენ, როგორც არ უნდა ჩატარდეს თანაზიარება, გასხვლისას უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ხოლო განდევნისას ლანძღვა-გინებით ივსებიან და საერთოდ არანაირ ცვლილებას არ ავლენენ, რამდენ წელსაც არ უნდა ითვლიდეს მათი რწმენა. შეიძლება ასეთ ადამიანებს ღვთის სახლში დარჩენის უფლება მიეცეთ? (არა.) მათი დარჩენა დაუშვებელია. რომელ კატეგორიას უნდა განეკუთვნონ მსგავსი პირები? პირველ ყოვლისა, უნდა მიეკუთვნონ ეს პირები ღვთის რჩეულ ხალხს? (არა.) თუ ისინი არ არიან ღვთის რჩეულთა შორის, რომელ კატეგორიას უნდა განეკუთვნონ? ღვთის რჩეულთა შორის არყოფნა — როგორ უნდა განიმარტოს ეს? ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანობის თვალსაზრისით, რომელსაც ისინი ავლენენ და რომლითაც ცხოვრობენ, ეს არ არის უბრალოდ ურწმუნოების საკითხი; მათი არსი არ არის ადამიანური. მრავლად არიან ურწმუნოები — განა ყველა ისეთივე ცუდი და ბოროტია, როგორც ეს პირები? არა. არამორწმუნეთა შორისაც კი არ არის ყველა ასეთი ცუდი; ზოგიერთი ადამიანი ფლობს ყველაზე ელემენტარულ მორალურ სტანდარტებს. მაშინ რაღა ვთქვათ ამ პირებზე? მათ აკლიათ ყველაზე ელემენტარული მორალი და აღზრდაც კი, რაც არამორწმუნეებს გააჩნიათ; მათი გამოვლინებები და ცხოვრების წესი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვერ აკმაყოფილებს ადამიანური მორალის სტანდარტებს. ამ ადამიანების არსი დემონურობაა. მაშინ, მათი არსის თვალსაზრისით, გადაარჩენს მათ ღმერთი? (არა.) ღმერთი არ გადაარჩენს მათ. რატომ? იმიტომ, რომ მათი ადამიანობა ცუდი და ბოროტია, დემონური ბუნებისაა, და ამიტომ ისინი ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და მტრობენ მას. სინამდვილეში, ასე თქმა მათ განდიდებას ნიშნავს; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პირები მტრობენ და სძულთ პოზიტიური რაღაცები, და ვერც კი აღწევენ იმ დონეს, რომ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდნენ და არ იღებდნენ მას. ისინი მტრობენ, სძულთ და ეწინააღმდეგებიან ყველაზე ელემენტარულ პოზიტიურ რამესაც კი. წესები, რომლებსაც ნორმალური ადამიანობის მქონე პირი უნდა იცავდეს, და აღზრდა, რომელიც მას უნდა გააჩნდეს, არის ყოველივე ის, რაც მათში ზიზღს იწვევს. შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების მიღება? (ამ დონემდე ვერც კი მიდიან.) სწორია, ამ დონემდე ვერც კი მიდიან. ისინი მუშაკებიც კი არ არიან. ზოგიერთი ამბობს: „რადგან ისინი მუშაკებიც კი არ არიან, ვინღა არიან ღვთის სახლში? როგორ მოხვდნენ ღვთის სახლში?“ მათი ახსნა და კატეგორიაში მოთავსება რომ დაგვჭირდეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პირები ჰგვანან დაქირავებულ ან დროებით მუშებს, რომლებიც არამორწმუნეთაგან არიან მოყვანილნი. გასაგებია ამის მნიშვნელობა? ეს არის მათი კატეგორია, ისევე როგორც როლი, რომელსაც ისინი ღვთის სახლში ასრულებენ. ისინი მუშაკებიც კი არ არიან; მე მათ არ მივიჩნევ მუშაკებად, ისინი ამის ღირსნი არ არიან! მუშაკებს ახასიათებთ ისეთი თვისებები, როგორიცაა კარგი ადამიანობა, ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, საფასურის გადახდის მზაობა და გასაჭირის გაძლების უნარი და ისინი ამ ყველაფრით ცხოვრობენ. ამ პირებს ეს თვისებებიც კი აკლიათ, ასე რომ, მათი დაქირავებულ მუშებად კლასიფიკაცია უკვე უდიდესი სიკეთე და ძალიან თავაზიანი ჟესტია. რას ნიშნავს იყო დაქირავებული ან დროებითი მუშაკი? ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდებში არსებული განსაკუთრებული საჭიროებების გამო, ღვთის სახლი ქირაობს ზოგიერთ ისეთ პირს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ გადარჩენასთან, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეასრულონ. ამ დავალებების შესრულების შემდეგ კი, ამ პირების ნამდვილი სახე ვლინდება. ღვთის რჩეულმა ხალხმა საკმარისად იწვნია მათთან ურთიერთობის სიმწარე, ყოვლად აუტანელი გახდა მათი ყურება და მათ შესახებ სათანადო წარმოდგენაც შეექმნათ. ამგვარ გარემოებებში ეს პირები უნდა მოცილდნენ; ეს ყველაზე შესაფერისი დროა ასეთი მოქმედებებისთვის. გასაგებად აიხსნა ახლა, თუ საიდან ჩნდებიან ეს ადამიანები? (დიახ.) ისინი არიან გადარჩენასთან კავშირის არმქონე დაქირავებული მუშები, რომლებიც საეკლესიო საქმის დროს განსაკუთრებულ პერიოდებში არიან მოყვანილნი. ამ პირებმა, გარკვეული დროით სხვადასხვა საქმის შესრულებისა და სამსახურის გაწევის შემდეგ, დაიწყეს თავნებობა და ბოროტმოქმედება ღვთის სახლში, რამაც უამრავი შეფერხება და არეულობა გამოიწვია. როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ, ნეგატიური პერსონაჟების როლია. ისინი სრულად ირეკლავენ სატანისა და დემონების ნამდვილ სახეს, აფერხებენ ეკლესიის მუშაობას და არღვევენ საეკლესიო ცხოვრების წესრიგს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პირები მნიშვნელოვნად აზიანებენ ღვთის სახლის ინტერესებს, მაგალითად, აფუჭებენ ღვთის სახლის აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარებისა და ძვირფასი ნივთების დიდ ნაწილს და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ამ პირების მოქმედებებმა და ქცევამ საყოველთაო რისხვა გამოიწვია. რა თქმა უნდა, მათ, ასევე, მისცეს საშუალება უფრო მეტ ადამიანს, ესწავლა და შეეძინა გარჩევის უნარი, გაეგო, თუ რა არის ეშმაკი და რას ნიშნავს ადამიანობის არქონა, და ნათლად დაენახა ურწმუნოთა ნამდვილი სახე. მათ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, უფრო გარკვევით და კონკრეტულად დაენახათ, თუ როგორია ურწმუნოთა ფიქრები და შეხედულებები, რისკენ მიისწრაფვიან ისინი, რაზე ოცნებობენ გულის სიღრმეში, რა დამოკიდებულება აქვთ ღმერთისა და ჭეშმარიტების მიმართ, რა დამოკიდებულება აქვთ საკუთარი მოვალეობებისა და პოზიტიური რაღაცების მიმართ, და როგორია ამ პირთა დამოკიდებულება ღვთის სახლის მიერ დადგენილი გარკვეული წესების მიმართ და ასე შემდეგ. როდესაც ყოველივე ამგვარ სიზუსტეს იძენს, სრულიად აშკარავდება, თუ როგორ ავლენენ ეს პირები თავიანთ ადამიანობას, როგორია მათი ადამიანურობა-არსება და რისკენ მიისწრაფვიან ისინი. ამ პირთა ეკლესიაში დატოვება ამგვარად ზედმეტი ჩანს; ეს დიდ ზიანს მიაყენებს ღვთის რჩეულ ხალხს და მათ საერთოდ არაფერში არ წაადგება. ეს არის მათი წასვლის დრო. მაშინ, თუ ვიტყვით, რომ ღვთის სახლმა მათ საკმარისი დრო და შესაძლებლობები მისცა ჭეშმარიტების მისაღებად და ღვთის თაყვანისსაცემად, არის ეს განცხადება სწორი? (არა.) როგორ უნდა ითქვას მაშინ? ღვთის სახლმა მათ მისცა უამრავი შესაძლებლობა და საკმარისი დრო გამოსასწორებლად, მაგრამ საბოლოო შედეგი ავლენს ფაქტს: ეშმაკი ყოველთვის ეშმაკია ნებისმიერ დროს და ის არასოდეს შეიცვლება. ეს არის ფაქტი. შესაძლებელია დიდ წითელ დრაკონს ღვთის სტატუსი და იდენტობა ვაღიარებინოთ? ამ ეშმაკეული ბუნების მქონე ადამიანების შეცვლა და გარკვეული წესების მორჩილება — შეიძლება ამის მიღწევა? (არა.) მათ არ შეუძლიათ ამის მიღწევა. მათთვის შესაძლებლობების მიცემა იმას არ ემსახურება, რომ ჭეშმარიტება მიიღონ, ღვთის მიერ შესრულებული საქმე აღიარონ ან ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით იმოქმედონ, არამედ იმას, რომ გამოსასწორებლად მიეცეთ შანსი. ოდნავი ნიშანიც კი რომ ყოფილიყო იმისა, რომ ისინი გამოსწორდნენ, მათი საბოლოო შედეგი შეიძლება შეცვლილიყო. თუმცა ამ პირებმა არ იციან, რა არის მათთვის კარგი; მათი ეშმაკეული ბუნება ყოველთვის ასეთი დარჩება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო ან რამდენი შესაძლებლობა მიეცემათ, მათი ყოველდღიური ყოფა და არსი არ შეიცვლება; ეს ფაქტია. ამიტომ, ამ პირებთან დაკავშირებით მოქმედების საბოლოო გზა არის მათი მოვალეობებისგან გათავისუფლება, მათი ეკლესიიდან წასვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ მათ აღარ ჰქონდეთ არანაირი კავშირი და ურთიერთობა ღვთის სახლთან. აღმოჩნდებიან პირები, რომლებიც უხალისოდ შეხედავენ მათ წასვლას, შეიცოდებენ მათ და იტყვიან: „ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდები არიან; დრო რომ მისცემოდათ, შესანიშნავები გახდებოდნენ. მათ ისეთი კარგი სულიერი მონაცემები აქვთ, ისეთი ნიჭიერები და დაჯილდოებულები არიან — რა კარგი იქნებოდა, ჭეშმარიტება რომ მიეღოთ! თუ ღვთის სახლი უფრო მოსიყვარულე და მომთმენი იქნება და მათ სინანულისთვის მეტ შანსს მისცემს, როცა წამოიზრდებიან, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდეს? როგორი ადამიანები ფიქრობენ ასე? (გონებადაბინდული, დაბნეული ადამიანები.) სწორია. ისინი ყველანი გონებადაბინდული, დაბნეული ადამიანები და უბრალოდ ნაძირლები არიან! ღმერთი არ გადაარჩენს ასეთ პირებს და ღვთის სახლი მათ დარჩენის ნებას არ დართავს — რა არის მათში შესაცოდი? ღმერთი ამბობს, რომ არ გადაარჩენს ასეთ პირებს, შენ კი გვთავაზობ, მიეცეთ მათ სინანულის შანსი. შეგიძლია ხალხის გადარჩენა? განა ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლა არ არის? ცდილობ სხვებს აფიქრებინო, რომ ღმერთზე მეტად მოსიყვარულე ხარ? გაქვს ჭეშმარიტება-რეალობა? შეგიძლია პიროვნების არსის დანახვა? ვინ არის ის, ვისაც შეუძლია ხალხის გადარჩენა, ღმერთი თუ შენ? გაბედო და წახვიდე ღვთის წინააღმდეგ — ეს მეტისმეტად ამპარტავნული, თვითმართალი და გონიერებას მოკლებული საქციელია, ასე არ არის? განა ეს არ არის დიდი ამბოხი? განა ეს არ არის სატანისა და ბოროტი სულების რეინკარნაცია, რომელთაც ყოველთვის ჰგვრით სიამოვნებას ღვთის წინააღმდეგ წასვლა? ახლახან ხსენებული ურწმუნონი მხეცებზე უარესნი არიან. ჭეშმარიტებაზე თანაზიარება როგორც არ უნდა გქონდეს მათთან, აზრი არ აქვს; მათი გასხვლაც კი უშედეგოა. შეიძლება ითქვას, რომ მათ სატანის ბუნება აქვთ და არასოდეს შეიცვლებიან. თუ ვინმეს სურს სატანის ამ მოდგმას მონანიების შანსი მისცეს, თავად იზრუნონ ასეთ პიროვნებებზე; ვნახავთ, მართლაც აქვთ თუ არა სიყვარული. ის ურწმუნონი, რომლებიც ჭეშმარიტებას საერთოდ არ იღებენ, ყველაზე უარესნი არიან ეკლესიაში; ისინი მხეცთა მსგავსნი არიან, გონიერებას მოკლებულნი და მათი გადარჩენა შეუძლებელია. წარსულში თუ აწმყოში, ეკლესიის მხრიდან მათდამი მოპყრობა ყველაზე მართებული იყო; ეკლესიამ მათ მიმართ უდიდესი მოთმინება და შემწყნარებლობა გამოიჩინა და საკმარისი შესაძლებლობები მისცა. მაგრამ აქამდე საერთოდ არ შეცვლილან, პირიქით, უარესობისკენ წავიდნენ და თავისი გაიტანეს. თავიდან, როდესაც ეს ადამიანები თავიანთი წარმოდგენებით, ფანტაზიებითა და კურთხევის მიღების სურვილით იწყებენ ღვთის რწმენას, კიდევ ახერხებენ როგორღაც თავის შეკავებას და მოვალეობებს გარკვეული ენთუზიაზმითა და შემართებით ასრულებენ. თუმცა, საბოლოოდ, როდესაც ხედავენ, რომ ღვთის რწმენა მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებას, ღვთის საქმის შეცნობასა და ღვთის მორჩილებას ნიშნავს და მეტი არაფერია, მათი დამოკიდებულება ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ, ისევე, როგორც მათი ნამდვილი სახე, მთლიანად აშკარავდება. და რა აშკარავდება ამ დროს? არა მხოლოდ ის, რომ ადამიანობა, სინდისი და გონიერება არ გააჩნიათ, არამედ ისიც, რომ უკიდურესად ბოროტნი, საზარელნი და მხეცებივით დაუნდობელნი არიან. ისინი არად აგდებენ ღმერთს და ჭეშმარიტებას, ღვთის სახლის მოთხოვნებს, წესებსა და ადმინისტრაციულ განკარგულებებს კი მტრობითა და დაუმორჩილებლობით ხვდებიან. მათმა ამგვარმა გამოვლინებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ის სიძულვილი და ზიზღი, რასაც ღვთის რჩეული ხალხი მათ მიმართ გრძნობს, და დააჩქარა კიდეც ღვთის სახლის მიერ მათი მოშორების პროცესი, რამაც საბოლოოდ სწრაფად გადაწყვიტა მათი დარჩენა-წასვლის საკითხი და მათი შედეგი და ხვედრი განსაზღვრა. ეს შედეგი და ხვედრი თავადვე დაიმსახურეს; ეს არ მომხდარა ვინმეს წაქეზებით, შეგულიანების ან იძულების გამო, არც ცდუნების შედეგად და მით უმეტეს, არც ობიექტური გარემოებების გამო. ეს შედეგი და ხვედრი თავად დაატეხეს საკუთარ თავს, ეს მათივე არჩევანის ბრალია, რაც მათმა ბუნება-არსებამ და იმ გზამ განსაზღვრა, რომელსაც დაადგნენ. ამ ადამიანების შედეგი და ხვედრი უკვე განსაზღვრულია; როგორც კი მოვალეობის შემსრულებელთა რიგებიდან მოცილდებიან, ისინი მუშაკებადაც კი აღარ ჩაითვლებიან. კარგად წარმოგიდგენიათ, რა ბედი ელით მათ — ეს აქ ხსენებადაც არ ღირს, რადგან ამას არც იმსახურებენ.
როდესაც საქმე ეხება მათ, ვინც გამოაშკარავდა და განიდევნა, მათი სხვადასხვა ბოროტი საქმის გამოვლინებები, ისევე, როგორც ბოროტი სიტყვები და გამონათქვამები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ, სრულიად თვალსაჩინოა. და მაინც, ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს არ ძალუძს ამ ბოროტი ადამიანების ამოცნობა და მათი ნამდვილი სახის დანახვა, ან მათი ბუნება-არსების ბოლომდე გაგება. როგორც ჩანს, ამ წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ იციან, რომ ეს ადამიანები ბოროტები და ურწმუნოები არიან, ამიტომ არ აქვთ გეგმაში, გაწმინდონ ეკლესია მათგან და მოეპყრან მათ სათანადოდ. ეს არის პასუხისმგებლობის სერიოზული უგულებელყოფა მათი, როგორც წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ეს დემონური ბუნების მქონე პირები ეკლესიის არცერთ კანონს არ ემორჩილებიან, თავნებობენ, აფერხებენ და მიზანმიმართულად აზიანებენ წინამძღოლთა საქმიანობასა თუ საეკლესიო ცხოვრების წესრიგს; მეტიც, ხელს აფარებენ მათ, როდესაც ისინი უგუნურად და თავგასულად მოქმედებენ, უკანონობას სჩადიან და მოვალეობის შესრულების საბაბით ღვთის სახლის ინტერესებს აზარალებენ. ღვთის სახლის ინტერესების დაზიანება ბევრ რამეს მოიცავს: ღვთის სახლის მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის გაფუჭებას, საოფისე ტექნიკისა და მარაგების დაზიანებას, აგრეთვე ღვთის შესაწირავის საკუთარი ნებისამებრ ფლანგვას და სხვა. უფრო სერიოზული კი ის არის, რომ ისინი უგუნურად ავრცელებენ სხვადასხვა მწვალებლობასა და მცდარ შეხედულებას, რაც ისეთ არეულობას იწვევს, რომ ღვთის რჩეული ხალხი ვერ ახერხებს მოვალეობის მშვიდად შესრულებას, და ისეთ შფოთს ბადებს, რომ სუსტი და ნეგატიურად განწყობილი ადამიანები ტოვებენ მოვალეობებს და ღვთის მიყოლის რწმენა ეკარგებათ. ეს ბოროტი ადამიანები აკეთებენ ყოველივე ამ ცუდს, სჩადიან ყველა ამ ბოროტ საქმეს, რაც არღვევს და აფერხებს ეკლესიის საქმეს და ზიანს აყენებს დებსა და ძმებს, თუმცა წინამძღოლები და მუშაკები ამაზე თვალს ხუჭავენ და ყურს იყრუებენ; ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ამბობს: „საქმის კურსში არ ვიყავი, ჩემთვის ეს არავის უთქვამს“. ამ მხეცებისა და დემონების ხროვამ ნამდვილი უბედურება დაატრიალა, ეკლესიაში ქაოსი დათესა, თუმცა წინამძღოლები და მუშაკები ამის შესახებ სრულიად არაინფორმირებულები არიან და აზრზეც არ არიან. ნუთუ ისინი ნაძირლები არ არიან? სად აქვთ გული? რას აკეთებენ? ნუთუ უბრალოდ უსაქმური ლაპარაკით არ არიან დაკავებულები? განა საკუთარ პირდაპირ მოვალეობებს არ უგულებელყოფენ? ყოველი დღე, როდესაც ასეთი ცრუ წინამძღოლები თავიანთ პოსტზე რჩებიან, კიდევ ერთი დღეა იმისთვის, რომ ყველანაირმა ბოროტმა ადამიანმა თავნებურად დაარღვიოს ეკლესიის წესრიგი და ზიანი მიაყენოს ღვთის რჩეულ ხალხს. სწორედ იმიტომ, რომ ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ პასუხისმგებლობებს, მხეცების ეს ხროვა მთელი დღე უსაქმოდ დაეხეტება, არანაირ მოვალეობას არ ასრულებს, არცერთ წესს არ იცავს, ღვთის სახლის ხარჯზე ცხოვრობს და მუქთად სარგებლობს ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური სიკეთითა და კეთილდღეობით — ისინი განზრახ არღვევენ კიდეც ეკლესიის საქმეს და აფუჭებენ ღვთის სახლის მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას. ისინი ასე იქცევიან და მაინც ელიან, რომ მშვიდად იცხოვრებენ და რასაც მოესურვებათ, იმას გააკეთებენ ღვთის სახლში, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს მათი შეწუხების ან გაბრაზების უფლება. ეს იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ წინამძღოლები და მუშაკები მას გვერდზე სწევენ და არ აგვარებენ მაშინაც კი, როცა სხვები ატყობინებენ ამის შესახებ — განა უსარგებლო ხალხი არ არის, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს? განა ეს არ არის პასუხისმგებლობის სერიოზული უგულებელყოფა? (არის.) ზოგი ამბობს: „ეს პრობლემა იმიტომ არ გადავჭერი, რომ სხვა საქმით ვიყავი დაკავებული, უბრალოდ დრო არ დამრჩა“. აქვს ამ სიტყვებს წონა? მაინც რით ხარ ასე დაკავებული, ასეთ სერიოზულ პრობლემას რომ არ აგვარებ? აქვს კი ფასი იმ საქმეებს, რომლებითაც დაკავებული ხარ? შეგიძლია შენი სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფა? რაც არ უნდა დაკავებული იყო საქმით, განა პრობლემების მოგვარება არ უნდა იყოს უპირატესი? ეკლესიის საქმის დამრღვევი და ხელისშემშლელი სხვადასხვა ტიპის ადამიანების სწრაფად ამოცნობა და მათთან გამკლავება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. თუ გვერდზე დებ რეალურ პრობლემებს და სხვა საქმეებით კავდები, განა რეალურ საქმეს აკეთებ? თუ აღმოაჩენ პრობლემას ან ვინმე შეგატყობინებს პრობლემის შესახებ, უნდა გადადო მიმდინარე საქმე და დაუყოვნებლივ მიხვიდე ადგილზე, რათა ნახო, რა არის პრობლემის წყარო. თუ ეს არის ვინმე ბოროტი ადამიანი, რომელიც არღვევს და აფერხებს ეკლესიის საქმეს, ჯერ ამ ბოროტი ადამიანისგან უნდა გაწმინდო ეკლესია. ამის შემდეგ სხვა პრობლემების მოგვარება ადვილი იქნება. თუ აღმოაჩენ პრობლემას და არ აგვარებ მას იმ მიზეზით, თითქოს ძალიან დაკავებული ხარ, განა სინამდვილეში უბრალოდ ზაზუნასავით არ ტრიალებ ბორბალში? მაინც რით ხარ ასე დაკავებული? არის ეს რეალური საქმე? შეგიძლია ეს ნათლად ახსნა? აქვს კი წონა შენს მიზეზებსა და გამართლებებს? რატომ მიიჩნევ პრობლემების მოგვარებას უმნიშვნელოდ? რატომ არ აგვარებ პრობლემებს დროულად? რატომ ეძებ მიზეზებს, გაურბიხარ სიტუაციას და ამბობ, რომ იმდენად დაკავებული ხარ, მათთვის ვერ იცლი? განა ეს უპასუხისმგებლობა არ არის? როდესაც ეკლესიის წინამძღოლი პრობლემების გადაჭრას პირველხარისხოვან მნიშვნელობას არ ანიჭებს, სხვადასხვა წვრილმანით იქცევს თავს, ვერ ხედავს მწვავე ხარვეზების არსებობას, არ შეუძლია საქმეების პრიორიტეტულობისა თუ გადაუდებლობის მიხედვით დაყოფა და მთავარ საკითხებზე კონცენტრირება — ეს ყველაფერი უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემების გამოვლინებაა და ასეთი ადამიანი უბრალოდ უნიათოა. რამდენი წელიც არ უნდა იყო წინამძღოლად, შენ არ შეგიძლია ეკლესიის საქმის კარგად შესრულება. უნდა აღიარო პასუხისმგებლობა და გადადგე. თუ წინამძღოლს უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემები აქვს, ნებისმიერი წვრთნა უსარგებლოა; ის ნამდვილად ვერ შეძლებს ვერანაირი საქმის შესრულებას — ის ცრუ წინამძღოლია, რომელიც უნდა გათავისუფლდეს და მისი სამუშაო დავალება შეიცვალოს. როდესაც ცრუ წინამძღოლები აკეთებენ საქმეს, რა შედეგები მოჰყვება ამას? ობიექტურად რომ ვთქვათ, ყველაფერს, რასაც ცრუ წინამძღოლები აკეთებენ, მრავალმხრივი ზარალი მოაქვს ეკლესიისთვის. ჯერ ერთი, ეკლესიის ძირითადი საქმე არ სრულდება კარგად, რაც პირდაპირ აფერხებს ეკლესიის საქმის სხვადასხვა მიმართულების ეფექტურობას. ამავდროულად, ეს ასევე აზიანებს და გავლენას ახდენს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ხელს უშლის ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებას. ეს შედეგები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ცრუ წინამძღოლები რეალურ საქმეს არ აკეთებენ. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ ცრუ წინამძღოლები არ არიან დაკავებულები რეალური საქმით. თუ სხვა წინამძღოლები და მუშაკები შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ რეალურ საქმეში, ააჩქარონ ტემპი და შეამცირონ პრობლემების მოგვარების დრო, განა გარკვეულწილად არ შემცირდებოდა ის მრავალმხრივი ზარალი, რომელიც ცრუ წინამძღოლებმა მიაყენეს ღვთის სახლს? შემცირება მაინც იქნებოდა შესაძლებელი. მაშინაც კი, თუ ღვთის სახლი არ მოგთხოვს პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას მათი გაჩენისთანავე, მინიმუმ, როგორც კი პრობლემების შესახებ შეტყობინებას მიიღებ, მაშინვე უნდა დაიწყო მათზე რეაგირება: გამოჰკითხო სიტუაცია დებსა და ძმებს, ასევე, განიხილო და გაუზიარო აზრები სხვა წინამძღოლებსა და მუშაკებს პრობლემების გადაჭრის გზებზე. თუ პრობლემა სერიოზულია და არ იცი, როგორ მოაგვარო ის, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინო ზემდგომებს და ეძებო გადაჭრის გზები. ეს არის ის, რასაც ყველა წინამძღოლმა და მუშაკმა უნდა მიაღწიოს. მაგრამ ამჟამინდელი პრობლემა ის არის, რომ ეს წინამძღოლები და მუშაკები, მაშინაც კი, თუ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ზემდგომებს არაფერს ატყობინებენ. მათ ძალიან ეშინიათ ზემდგომებისთვის შეტყობინების, რადგან უფრთხიან საკუთარი უუნარობის, უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემებისა და რეალური საქმის კეთების შეუძლებლობის გამოაშკარავებას. ისინი ნერვიულობენ, რომ გაათავისუფლებენ. ამასთან, ისინი თავად არ იჩენენ ინიციატივას მუშაობისას; არიან გონებაჩლუნგები, გაუცხოებულები და ნელები მოქმედებაში. პრობლემების მოგვარების გზის გარეშე, ისინი უბრალოდ უაზროდ მიჰყვებიან დინებას, რაც იწვევს ძალიან ბევრი გადაუჭრელი საკითხის დაგროვებას და ამით ბოროტ ადამიანებს შესაძლებლობებს უგდებს ხელში. ამ დროს, როდესაც ხედავენ, რომ ცრუ წინამძღოლები უსარგებლოები არიან, ეს ბოროტი და ამბიციური ადამიანები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, რათა თავნებურად ჩაიდინონ ბოროტი საქმეები, რაც ეკლესიას ქაოსსა და უწესრიგობაში ძირავს და საქმის ყველა ასპექტის პარალიზებას ახდენს. თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა ცრუ წინამძღოლებს ეკისრებათ, სხვა წინამძღოლებსა და მუშაკებსაც არ შეუსრულებიათ თავიანთი მოვალეობები. განა ეს არ არის წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან პასუხისმგებლობის სერიოზული უგულებელყოფა? ფაქტობრივად, ეკლესიაში წამოჭრილი პრობლემების უმეტესობა პირდაპირ კავშირშია ბოროტი ადამიანებისა და ურწმუნოების მიერ გამოწვეულ არეულობასთან. თუ წინამძღოლები და მუშაკები ვერ შეძლებენ პრობლემების ძირეული მიზეზის დროულად დადგენას, ვერ იპოვიან მთავარ დამნაშავეებს, რომლებიც იწვევენ ამ პრობლემებს, და ყოველთვის სხვაგან დაუწყებენ ძებნას მიზეზებს, მაშინ ისინი ვერ შეძლებენ პრობლემების არსობრივად მოგვარებას და პრობლემები მომავალშიც აღმოცენდება. თუ არეულობის გამომწვევებს ან მათ, ვინც კულისებს მიღმა ქმნის პრობლემებს, დაიჭერენ და პირდაპირ პასუხისმგებლობას დააკისრებენ, პრობლემების მოგვარების ეს გზა ყველაზე ეფექტური იქნება. ეს უზრუნველყოფს, მინიმუმ, იმას, რომ ეს ურწმუნოები და ბოროტი ადამიანები ვეღარ გაბედავენ თავნებობის გაგრძელებას, ასევე, არეულობისა და შფოთის შემოტანას. განა ეს არ არის ის, რასაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა მიაღწიონ? (დიახ.) დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ეკლესიის პრობლემების რაოდენობა იზრდება და ისინი დროულად არ გვარდება, არის წინამძღოლებისა და მუშაკების უპასუხისმგებლობა, ან იმიტომ, რომ ცრუ წინამძღოლებს აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება. თუ წინამძღოლები და მუშაკები ვერ შეძლებენ ეკლესიაში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ თავიანთი თანამდებობისთვის დამახასიათებელი საქმის შესრულებას. აქ არის რამდენიმე სიტუაცია და მიზეზი, რომელიც ნათლად უნდა იქნეს გაგებული: თუ წინამძღოლები და მუშაკები გამოუცდელი ახალბედები არიან, მათ მოთმინებით უნდა დაეხმარონ, უხელმძღვანელონ პრობლემების მოგვარებისას და პრობლემების მოგვარების პროცესში ისწავლონ გარკვეული რაღაცები და ჩასწვდნენ ჭეშმარიტება-პრინციპებს. ამგვარად, ისინი თანდათან ისწავლიან პრობლემების მოგვარებას. თუ წინამძღოლები და მუშაკები არ არიან მართალი ადამიანები, სრულიად უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე და ამის ნაცვლად პრობლემების მოსაგვარებლად ურწმუნოების შეხედულებებსა და მეთოდებს იყენებენ, ეს არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი წინამძღოლობისა და მუშაკობისთვის და ისინი დროულად უნდა გათავისუფლდნენ და განიდევნონ. შემდეგ კი ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს შესაფერისი წინამძღოლებისა და მუშაკების ასარჩევად. მხოლოდ ამ მიდგომას შეუძლია პრობლემის საფუძვლიანად მოგვარება. ეკლესიის წინამძღოლობა არ არის ადვილი საქმე და გარდაუვალია, რომ ზოგიერთი პრობლემა ვერ მოგვარდეს. თუმცა, თუ ადამიანი გონიერებას ფლობს, როდესაც ისეთი პრობლემების წინაშე დგება, რომელთა მოგვარებაც არ შეუძლია, არ უნდა დამალოს და ჩაახშოს ეს პრობლემები და არ უნდა უგულებელყოს ის. ამის ნაცვლად, ადამიანმა რჩევა უნდა ჰკითხოს რამდენიმე პირს, რომელთაც ესმით ჭეშმარიტება, რათა ერთობლივად იპოვონ გამოსავალი, რაც შეიძლება პრობლემების სამოცდაათი ან ოთხმოცი პროცენტის მოგვარებაში დაეხმაროს, მინიმუმ, დროებით მაინც აიცილოს თავიდან სერიოზული საკითხების წამოჭრა. ეს ეფექტიანი გზაა. თუ პრობლემების მოგვარება მართლაც შეუძლებელია, მაშინ ადამიანმა გამოსავალი ზემდგომებთან უნდა ეძებოს, რაც გონივრული არჩევანია. თუ იმის გამო, რომ გეშინია ავტორიტეტის დაკარგვის ან გეშინია, რომ ზემდგომები გაგსხლავენ შენი უუნარობის გამო, მალავ და არ ატყობინებ პრობლემების შესახებ, ეს სრულიად პასიური პოზიციაა. თუ მოიქცევი როგორც გაუცხოებული, გონებაჩლუნგი სულელი და არ გეცოდინება, რა გააკეთო, ეს შეაფერხებს საქმეს. ასეთი სიტუაციები იოლად უხსნის შესაძლებლობებს ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ქაოსით და იმოქმედონ. რატომ ვამბობთ, რომ ისინი სარგებლობენ ქაოსით, რათა იმოქმედონ? იმიტომ, რომ ისინი ზუსტად ამ შესაძლებლობას ელოდებიან. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ვერ ახერხებენ ვერანაირი პრობლემის მოგვარებას, ხოლო ღვთის რჩეული ხალხი შფოთავს, თავს უსუსურად გრძნობს და უკვე დაკარგა მათი ნდობა, ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები სწორედ ამ ნაპრალის გამოყენებას ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეკლესია წინამძღოლობისა და მართვის გარეშეა დარჩენილი. მათ სურთ, გამოიყენონ ეს შანსი თავიანთი შესაძლებლობების გამოსაჩენად, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა პატივი სცეს მათ, მხარი დაუჭიროს და ირწმუნოს, რომ წინამძღოლებთან და მუშაკებთან შედარებით, ისინი უკეთესი სულიერი მონაცემების მქონენი არიან, უფრო მეტად შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, გამოსავლის ჩვენება და ქაოსში სიტუაციის უკეთ შემობრუნება. განა ეს არ არის ის, რაც ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად სურთ? ამ დროს, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები უსუსურები არიან, ხოლო ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები წამოდგებიან, აგვარებენ პრობლემებს და გამოსავალსაც კი აჩვენებენ, ვის დაუჯერებს ღვთის რჩეული ხალხი? ბუნებრივია, ისინი ირწმუნებენ ბოროტი ადამიანებისა და ანტიქრისტეების ძალებს. რას აჩვენებს ეს? ეს აჩვენებს, რომ წინამძღოლები და მუშაკები უსარგებლოები არიან და ვერაფერს აღწევენ, გადამწყვეტ მომენტებში კი მარცხდებიან. არიან ასეთი ადამიანები კვლავ ღირსნი იმისა, რომ იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები? მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეებს აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება, ისინი, ყველანი ფლობენ გარკვეულ ნიჭს სხვადასხვა ხარისხით და შედარებით უფრო საზრიანები არიან გარეგნულ საკითხებში, რაც სწორედ მათ უპირატესობას წარმოადგენს და რითაც შეუძლიათ ადამიანების შეცდომაში შეყვანა. მაგრამ ისინი რომ გახდნენ წინამძღოლები და მუშაკები, ნამდვილად შეძლებდნენ ჭეშმარიტების გამოყენებას ღვთის რჩეული ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად? ნამდვილად შეძლებდნენ ღვთის რჩეული ხალხის წარმართვას ღვთის სიტყვების შესამეცნებლად, ჭეშმარიტების გასაგებად და ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად? რა თქმა უნდა, ვერა. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარკვეული ნიჭი და მჭევრმეტყველნი არიან, მათ საერთოდ აკლიათ ყოველგვარი ჭეშმარიტება-რეალობა. არიან ისინი გამოსადეგი ეკლესიის წინამძღოლებად და მუშაკებად? სრულიადაც არა! ეს არის ის, რაც ღვთის რჩეულმა ხალხმა ნათლად უნდა დაინახოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ შეცდომაში და არ უნდა მოტყუვდნენ ბოროტი ადამიანებისა და ანტიქრისტეების მიერ. ურწმუნოები, ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები საერთოდ არ მიისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და მათ ჭეშმარიტება-რეალობის ნატამალიც კი არ გააჩნიათ. ასე რომ მითხარი, შეუძლიათ მათ, თქვან რაიმე სინდისითა და გონიერებით? მაგალითად: „თუმცა ეკლესიას ახლა არავინ ჰყავს პასუხისმგებელი, ჩვენ საკუთარი ინიციატივით უნდა ვიმოქმედოთ. ღვთის სახლის წესები არ შეიძლება დაირღვეს, ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპები არ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვევალება. ყველამ უნდა შეასრულოს მოვალეობა, იტვირთოს პასუხისმგებლობა და არ დაარღვიოს წესრიგი“. შეუძლიათ მათ რაიმე მსგავსის თქმა? (არა.) რა თქმა უნდა, არა! რა მოქმედებებს მიმართავენ ეს ურწმუნოები და ბოროტი ადამიანები? მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის გარეშე ისინი მოვალეობებსაც კი არ ასრულებენ, ეძლევიან ჭამას, სმას, თამაშსა და გართობას, ერთობიან ფუჭი საუბრებით, ხუმრობითა და ფლირტითაც კი. ზოგი მთელ ღამეს არამორწმუნე სამყაროს ვიდეოების ყურებაში ატარებს, შემდეგ კი მოვალეობების შესასრულებლად გვიანობამდე სიფხიზლეს იმიზეზებს, რათა თავი აარიდოს საქმეს და ზედმეტად ბევრი იძინოს. ეს არის ბოროტი ადამიანების, ეშმაკისეულთა მოქმედებები. როდესაც ისინი ამ ბოროტ საქმეებს სჩადიან, დანაშაულის შეგრძნება ეუფლებათ? გაიღვიძებს მათში მოულოდნელად სინდისი და გამოიჩენენ ინიციატივას ადამიანური მოვალეობების შესასრულებლად და გააკეთებენ რაიმე სასარგებლოს ღვთის სახლისთვის, ეკლესიისთვის და ძმებისა და დებისთვის? რა თქმა უნდა, არა. როდესაც ვინმე უყურებს, ისინი უხალისოდ აკეთებენ გარკვეულ სამუშაოს, რაც მათ კარგად წარმოაჩენს, უბრალოდ ლუკმაპურის მოსაპოვებლად. ეს არის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ; გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არცერთი დადებითი თვისება. ასე რომ, აქვს რაიმე აზრი ამ ადამიანების ღვთის სახლში დარჩენას? ამას საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. ასეთი ადამიანები ზედმეტნი არიან და ეკლესია მათგან უნდა გაიწმინდოს.
როგორ უნდა განსაზღვრო, უყვარს თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება? აღნიშნულის გასაგებად, ნება მომეცით, მოგიყვანოთ მაგალითი. ზოგი საკუთარ პროფესიას ისე უძღვნის თავს, რომ რაც მეტს სწავლობს, რაც უფრო მეტად იღრმავებს ცოდნას და მეტს იგებს, მით უფრო უჩნდება ამ საქმის კეთების სურვილი და მით უფრო უჭირს ამ სფეროდან წასვლა. რა სახის გამოვლინებაა ეს? ნიშნავს ეს იმას, რომ მათ მართლაც უყვართ ეს პროფესია? (დიახ.) რაც არ უნდა ბევრი სირთულე გადაიტანონ, რა საფასურიც არ უნდა გადაიხადონ და რამდენი ძალისხმევაც არ უნდა ჩადონ, ისინი სინანულის გარეშე, დაუბრკოლებლად აგრძელებენ ამ პროფესიაში ყოფნას. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, ღრმა, გულწრფელი მოწონება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უყვარს გარკვეული საქმე, მაგრამ არ სურს სირთულეების ატანა ან საფასურის გადახდა პროფესიული უნარების შესწავლის პროცესში, ხოლო როდესაც სამუშაოზე ბევრი პრობლემა იჩენს თავს, არ ეძებს გადაჭრის გზებს, რადგან გაურბის საზრუნავს და ხშირად იმასაც კი ფიქრობს, რომ ამ პროფესიით დაკავება ზედმეტი საწუხარი ან ტვირთია. თუმცა პროფესიის შეცვლა იოლი არ არის და იმ მატერიალური სარგებლის გამო, რაც ამ საქმეს მოაქვს, ეს ადამიანი უხალისოდ აგრძელებს მუშაობას, მაგრამ თავის სფეროში გამორჩეული ვერასოდეს გახდება. ასე რომ, მართლა უყვართ მათ ეს პროფესია? (არა.) აშკარად არ უყვართ. არსებობს სხვა ტიპის ადამიანიც, რომელიც სიტყვით გამოხატავს გარკვეული პროფესიისადმი სიყვარულს და დაკავებულია კიდეც ამით, მაგრამ არასოდეს დაითმენს სირთულეებს და არ გაიღებს ძალისხმევას პროფესიული უნარების კარგად შესასწავლად. სწავლის პროცესში მათ შეიძლება განუვითარდეთ კიდეც ამ პროფესიისადმი სიძულვილი ან ზიზღი და სულ უფრო მეტად დაეკარგოთ სწავლის სურვილი. როდესაც მათი სიძულვილი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ისინი იცვლიან პროფესიას და ამის შემდეგ აღარც კი სურთ იმ პროცესის, ისტორიების ან სხვა რაიმეს გახსენება, რაც იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ხსენებულ პროფესიაში იყვნენ. მართლა უყვართ ასეთ ადამიანებს ეს პროფესია? (არა.) მათ ის არ უყვართ. მათ შეუძლიათ ადვილად დაანებონ თავი ამ პროფესიას, შეუძლიათ შეიძულონ იგი და შეიცვალონ კიდეც საქმიანობის სფერო, რაც ამტკიცებს, რომ მათ მართლაც არ უყვართ ეს პროფესია. მიზეზი, რის გამოც მათ შეუძლიათ მიატოვონ ეს პროფესია, არის ის, რომ დიდი დროის, ენერგიისა და სახსრების ჩადების შემდეგ, ამ პროფესიამ არ მისცათ საშუალება ეცხოვრათ ისეთი მდიდარი ცხოვრებით, როგორზეც ოცნებობდნენ, ან მიეღოთ კარგი მატერიალური პირობები. ისინი გულში იძულებენ და წყევლიან ამ პროფესიას, სხვებსაც კი უკრძალავენ მის ხსენებას, თავადაც აღარასოდეს ახსენებენ და სირცხვილის გრძნობაც კი ეუფლებათ იმის გამო, რომ ადრე ამ სფეროში იყვნენ და მას საკუთარ მისწრაფებად და ცხოვრების უმაღლეს მიზნად მიიჩნევდნენ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეუძლიათ ამ პროფესიის შეძულება, იყო მათი თავდაპირველი სიყვარული ამ საქმისადმი გულწრფელი? (არა.) არსებობს მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანი, ვისაც მართლა უყვარს თავისი პროფესია — მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფს თუ არა ეს პროფესია მათთვის კარგ მატერიალურ ცხოვრებას ან დიდ სარგებელს, და რაც არ უნდა ბევრ სირთულეს წააწყდნენ და რამდენი ტანჯვაც არ უნდა გადაიტანონ ამ პროფესიაში, მათ შეუძლიათ შეუდრეკლად, ბოლომდე ერთგულად დარჩნენ ამ სფეროში. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. იგივე ვრცელდება იმაზეც, უყვარს თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება. თუ შენ ჭეშმარიტად გიყვარს პოზიტიური რაღაცები, და პოზიტიური რამის სიყვარულიდან ჭეშმარიტების სიყვარულამდე მიდიხარ, მაშინ, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდე, შენ შეუდრეკლად გააგრძელებ ჭეშმარიტების ძიებასა და მისკენ სწრაფვას და არ შეცვლი შენი ცხოვრების მიზანს. თუ შენ შეგიძლია ასე მარტივად დაანებო თავი ღვთის რწმენას და მიატოვო ხსნის გზა, ეს არ არის ჭეშმარიტების ნამდვილი სიყვარული. რაც შეეხება მათ, ვინც არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ არც თავს ანებებს მას, მათი შეუპოვრობის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს: ისინი ფიქრობენ, რომ სანამ არსებობს კარგი შედეგისა და დანიშნულების ადგილის, კარგი მომავლის იმედის ნაპერწკალი, ღირს რისკზე წასვლა და მათ ბოლომდე უნდა გაძლონ. ისინი თვლიან, რომ ეს გაძლება აუცილებელია; უბრალოდ ისე ხდება, რომ კატასტროფები სულ უფრო იზრდება და წასასვლელიც არსად არის, ამიტომ ურჩევნიათ აქ გაუძლონ ყველაფერს და ბედი სცადონ. აქვთ ასეთ ადამიანებს გულში ჭეშმარიტების თუნდაც მცირედი სიყვარული? (არა.) მათ ეს არ გააჩნიათ. როდესაც თავდაპირველად იწყებენ ღვთის რწმენას, ეს ადამიანებიც საუბრობენ სამყაროს სიძულვილზე, სატანის სიძულვილზე, ნეგატიური რაღაცების სიძულვილზე, პოზიტიური რაღაცების სიყვარულსა და სინათლისკენ სწრაფვაზე. მაგრამ როგორია მათი ქცევა, როდესაც ისინი ღვთის სახლში, ეკლესიაში ფეხს შედგამენ? როგორია მათი დამოკიდებულება, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მუშაკები არიან ან როცა აცნობიერებენ, რომ მათი საქციელი, ქცევა და ბუნება ღმერთს არ სიამოვნებს? რა სახის ქცევას ავლენენ? შეიძლება ითქვას, რომ როგორც კი შეიგრძნობენ, იგრძნობენ ან გაიფიქრებენ, რომ ღვთის სახლში მათ აღარავინ წყალობს და უნდა მოიკვეთონ, ზოგიერთი წასვლას ამჯობინებს. სხვები, თუმცა უხალისოდ რჩებიან ეკლესიაში, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და საბოლოოდ იძულებულნი ხდებიან, წავიდნენ. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება; როდესაც კურთხევების მიღების იმედი გადაეწურებათ, მათ შეუძლიათ უღალატონ ღმერთს და ზურგი აქციონ მას. ეს სხვადასხვა გამოვლინება აჩვენებს სხვადასხვა ადამიანის დამოკიდებულებას ჭეშმარიტებისადმი.
IV. ამ სამი სახის ადამიანების განსხვავებული შედეგები
ახლახან ჩვენ გვქონდა თანაზიარება სამი ტიპის ადამიანის — მუშაკების, დაქირავებული მუშებისა და ღვთის ხალხის — მახასიათებლებზე. მათი მახასიათებლებიდან ნათლად ჩანს, რომ მათი საბოლოო ხვედრი განპირობებულია არა ობიექტური გარემოთი ან პირობებით, არამედ საკუთარი მისწრაფებებითა და შინაგანი ბუნებით. რა თქმა უნდა, ობიექტურად რომ ვთქვათ, ადამიანების ბედს ღმერთი განსაზღვრავს, მაგრამ ღმერთი ამ გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, უყვართ თუ არა ადამიანებს ჭეშმარიტება და შეუძლიათ თუ არა მათ ჭეშმარიტების მიღება. მუშაკებიც აცხადებენ, რომ უყვართ ჭეშმარიტება და პოზიტიური რაღაცები, მაგრამ ბოლოს, როდესაც ღვთის საქმე სრულდება, მათი წარმოდგენები და ფანტაზიები ღმერთზე, მათი გადაჭარბებული მოთხოვნები ღვთისადმი და მათი ღალატი ღვთის მიმართ უცვლელი რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის საქმის პერიოდში, ღვთის მიყოლისა და მოვალეობების შესრულების პროცესში, მათ არასოდეს გადაუჭრიათ საკუთარი გახრწნილი ხასიათი. იმის ძირითადი მიზეზი, რომ მათ არ მიხედეს გახრწნილ ხასიათს, არის ის, რომ ისინი არსობრივად არ იღებენ ჭეშმარიტებას. თუმცა მათ აქვთ ღვთისადმი მორჩილების სურვილი, ის, რაც რეალურად ვლინდება მათში, არის მხოლოდ უარყოფის უნარი და საფასურის გადახდის მზაობა, ისე, რომ არასოდეს ეძებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს ან ღვთისადმი მორჩილების გზას. საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ღმერთზე მცირედი შემეცნებაც კი არ გააჩნიათ. მათ კვლავინდებურად შეუძლიათ უღალატონ ღმერთს და სხვებისა თუ სატანის წინაშე ხმამაღლა გამოთქვან წარმოდგენები და ფანტაზიები მასზე და უგუნური მოთხოვნები მის მიმართ. როდესაც ღვთის საქმე სრულდება, ისინი კვლავ თვლიან საკუთარ თავს ისეთებად, ვისაც „გააჩნია კარგი ადამიანობა, ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, აქვს უნარი ყველაფერი უარყოს და გაჭირვება აიტანოს და ვინც უეჭველად გადარჩება“, და ამის გამო თავს მშვიდად გრძნობენ. სინამდვილეში, ისინი ყოველთვის მუშაკის გზით დადიოდნენ, ისე რომ საერთოდ არ ისწრაფვოდნენ ჭეშმარიტებისკენ; ამიტომ, ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ მუშაკის ვინაობას. რაც შეეხება ადამიანთა სხვა კატეგორიას, დაქირავებულ მუშებს, მათზე არ ვისაუბრებთ. კიდევ ერთი კატეგორია კი ღვთის ხალხია, რომელიც ახლახან ვახსენეთ. ღვთის მიყოლის განმავლობაში, ისინი, მუშაკების მსგავსად, იხარჯებიან მისთვის, უძღვნიან მას დროსა და ენერგიას, საკუთარ ახალგაზრდობასაც კი, ბევრს იტანჯებიან და დიდ საფასურს იხდიან. ეს იგივეა, რაც მუშაკების შემთხვევაში. მაშინ რა არის განსხვავებული? საქმე ისაა, რომ როდესაც ღვთის საქმე სრულდება, მათი მრავალრიცხოვანი წარმოდგენები, ფანტაზიები და გადაჭარბებული მოთხოვნები ღვთისადმი უკვე მოგვარებული იქნება. გახრწნილი ხასიათის ის გამოვლინებები, მდგომარეობები და გახრწნილების გამოაშკარავებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ღმერთს, უკვე ჩამოშორებული იქნება. ის, რაც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, გაქრება, როდესაც ისინი გამოცდილების გზით თანდათან შეიმეცნებენ ჭეშმარიტებას. თუმცა მათი გახრწნილი ხასიათი ბოლომდე არ იქნება ჩამოშორებული, მათი სიცოცხლე-განწყობა გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. დროის უმეტეს ნაწილში ისინი შეძლებენ იმოქმედონ იმ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით, რომლებიც ესმით, და მათი გახრწნილი ხასიათის გამოვლინებები საგრძნობლად შემცირდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მათ არანაირ გარემოში არ გამოავლენენ, ეს ადამიანები ერთ ფუნდამენტურ მოთხოვნას მაინც დააკმაყოფილებენ: ისინი შეასრულებენ ღვთის მოთხოვნას, რომ იყვნენ გულწრფელნი; ისინი, ძირითადად, გულწრფელი ადამიანები იქნებიან. უფრო მეტიც, როდესაც ეს ადამიანები ავლენენ გახრწნილ ხასიათს, სჩადიან დანაშაულს ან გულში იდებენ წარმოდგენებსა და ამბოხს ღვთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმ გარემოსი, რომელშიც ეს ხდება, მათ ექნებათ მომნანიებელი დამოკიდებულება. და კიდევ ერთი პუნქტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: რა კონკრეტულ ქმედებებსაც არ უნდა მიმართავდეს ღმერთი და როგორც არ უნდა მოქმედებდეს უკანასკნელი დღეების განკითხვის საქმეში, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეს მომავალში, როგორც არ უნდა განაგებდეს კაცობრიობის ბედს და როგორც არ უნდა ცხოვრობდნენ თავად იმ გარემოში, რომელსაც ის განაწესებს, ყველას ექნება მორჩილი გული და მორჩილების დამოკიდებულება, პირადი არჩევანისა და პირადი გეგმებისა თუ ჩანაფიქრების გარეშე. ამ სხვადასხვა პოზიტიური გამოვლინების წყალობით, ისინი უკვე გახდებიან ისეთი ადამიანები, როგორსაც ღმერთი მოითხოვს — ისინი, ვინც მიჰყვება ღვთის გზას, რაც მისი შიშისა და ბოროტებისგან განრიდებისგან შედგება. თუმცა ისინი ჯერ კიდევ შორს იქნებიან ჭეშმარიტი სტანდარტისგან — „გეშინოდეს ღვთისა, განერიდე ბოროტებას და იყავი სრულყოფილი ადამიანი“ — როგორც ამას ღმერთი აცხადებს, როდესაც ღვთის განსაცდელები მოევლინებათ, ისინი შეძლებენ ძიებასა და მორჩილებას, რაც სრულიად საკმარისია. ისინი არ დაიჩივლებენ, მხოლოდ დაელოდებიან და დაემორჩილებიან. თუმცა თქვენი ახლანდელი მდგომარეობა ჯერ კიდევ შორს შეიძლება იყოს ასეთი შედეგისგან და ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ძალიან შორეული და მიუღწეველი ჩანდეს, თუ შეძლებთ ჭეშმარიტების მიღებას და ღვთის სიტყვებს თქვენი არსებობის პრინციპად და საფუძვლად აქცევთ, მაშინ გჯეროდეთ, რომ ერთ დღეს შენ, ან ყველა თქვენგანი, აღარ იქნებით შორს იმისგან, რომ გახდეთ ღვთის ჭეშმარიტი ხალხი, რომელიც მას უყვარს — გჯეროდეთ, რომ ეს დღე უკვე ახლოსაა. იქნება ეს ამჟამად ნაწინასწარმეტყველები თუ უკვე ახლოს, საბოლოო შედეგი არცერთ შემთხვევაში არ არის ფანტაზია, არამედ ფაქტი, რომელიც მალე რეალობად იქცევა და შესრულდება. თუ ვისში აღსრულდება კონკრეტულად ეს ფაქტი, რომელ ხალხში შესრულდება იგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ისწრაფვით რეალურად ჭეშმარიტებისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიყვარს თუ არა გულწრფელად ჭეშმარიტება იმდენად, რომ შეძლო მისი სწრაფვა და პრაქტიკაში გამოყენება, თუ მხოლოდ მცირე სიყვარული გაგაჩნია ჭეშმარიტების მიმართ, მაგრამ ბოლომდე ვერ იღებ და ვერ ახორციელებ პრაქტიკაში მას, საბოლოო შედეგი გაგცემს პასუხს. ამ თემაზე ჩვენს თანაზიარებას აქ დავასრულებთ.
სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები
II. პიროვნების ადამიანურობაზე დაფუძნებული
შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაზე: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა“. ყველანაირი ბოროტი ადამიანის ამოცნობის სტანდარტები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. ჩვენ მანამდე გვქონდა თანაზიარება ადამიანის მიერ ღვთის რწმენის მიზანზე, შემდეგ კი მის ადამიანობაზე გადავედით. ადამიანობის თვალსაზრისით, ჩვენ, ასევე, დავაჯგუფეთ ბევრი სხვადასხვა გამოვლინება. რა არის ის რამდენიმე გამოვლინება, რომლებზეც უკვე გვქონდა თანაზიარება? წაიკითხეთ ისინი. (ბოროტი ადამიანების ამოცნობის მეორე პუნქტი ადამიანობას ეხება. პირველი, ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარული; მეორე, უპირატესობის გამოყენების სიყვარული; მესამე, გარყვნილება და თავშეუკავებლობა; მეოთხე, შურისძიებისკენ მიდრეკილება; მეხუთე, ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა.) ჩვენ გვქონდა თანაზიარება მეხუთე პუნქტამდე, ენაზე კბილის დაჭერის უუნარობაზე. მიუხედავად იმისა, გვაქვს თანაზიარება ადამიანობის კონკრეტულ გამოვლინებებზე თუ სხვა საკითხებზე, როგორც ვთქვი, ამას განსხვავებული ეფექტი ექნება სხვადასხვა ტიპის ადამიანზე. ისინი, ვინც მიჰყვებიან ჭეშმარიტებას, მოსმენის შემდეგ ყურადღებას გაამახვილებენ საკუთარი თავის გამოკვლევაზე. ისინი შეაფასებენ საკუთარ თავს ჩემი თანაზიარების მიხედვით და ექნებათ პროაქტიური და პოზიტიური შესვლა. თუმცა ისინი, ვინც არ მიჰყვებიან ჭეშმარიტებას, მაგალითად, მუშაკები, უბრალოდ მოისმენენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ისინი გულთან ახლოს არ მიიტანენ და არც გულით მოუსმენენ. ზოგჯერ მათ ქადაგებების მოსმენისას ჩაძინებაც კი შეუძლიათ. ისინი ვერ ითვისებენ ამას და ფიქრობენ კიდეც: „რა აზრი აქვს ამ ტრივიალური საკითხების მოსმენას? ეს დროის კარგვაა — მე ხომ საქმეები მაქვს დასასრულებელი!“ ისინი ყოველთვის წუხან იმ საქმეებზე, რომლებიც მძიმე შრომას მოითხოვს. განსაკუთრებით ენთუზიაზმითა და თავდადებით ეკიდებიან ამგვარ შრომას და ერთგულებას იჩენენ, მაგრამ უბრალოდ არ ჰყოფნით ენერგია იმ საკითხებისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებას ეხება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ასეთ ადამიანებს არ აინტერესებთ ჭეშმარიტება; ისინი კმაყოფილდებიან მხოლოდ მძიმე შრომით. არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ინარჩუნებს იგივე დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აქვს ღვთის სახლს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე: „უბრალოდ წინააღმდეგი და მტრულად განწყობილი ვარ. შენ რომც მიმითითო ჩემს პრობლემებზე და ამოიცნო ჩემი გამოვლინებები, გამოაშკარავებები და ხასიათი, მე მაინც არ მივაქცევ ყურადღებას და სერიოზულად არ მივიღებ. მერე რა, თუ სხვებმა იციან, რომ მხილებული ვარ?“ ისინი უბრალოდ უსირცხვილოდ აგრძელებენ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას, რაც გამოსწორებას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტიპის ადამიანების გამოვლინებები ერთმანეთისგან გასარჩევია. ჭეშმარიტება — იმათთვის, ვინც მიჰყვება მას, იმათთვის, ვისაც სურს მძიმე შრომა, მაგრამ არ უყვარს იგი, თუ იმათთვის, ვინც განიცდის სიძულვილს და ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ — მოქმედებს როგორც ორლესული მახვილი, როგორც ლაკმუსის ქაღალდი. მას შეუძლია განსაზღვროს ადამიანების დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ და ასევე ის გზა, რომელზეც ისინი დგანან.
ვ. უგუნურება და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონე პირები, რომელთა პროვოცირებასაც ვერავინ ბედავს
აქამდე ჩვენ გვქონდა თანაზიარება სხვადასხვა ბოროტი ადამიანის ხუთი გამოვლინების ამოცნობაზე. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ თანაზიარებას მეექვსეზე. მეექვსე, ასევე, არის გარკვეული ტიპის ბოროტი ადამიანის გამოვლინება, ან, უფრო სწორად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები ამ ტიპს ბოროტად არ თვლიან, ყველას მაინც სძულს ისინი. რატომაა ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს აკლიათ სინდისი და გონიერება, აკლიათ ნორმალური ადამიანობა, ხოლო მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით პრობლემური და რთულია, რაც სიძულვილს იწვევს. რა არის ამ ადამიანების კონკრეტული გამოვლინებები? ეს არის უგუნურება და განზრახ პრობლემური ხასიათი. ამ ადამიანების პროვოცირებას ვერავინ ბედავს. არის ასეთი ხალხი ეკლესიაში? ბევრი არა, თუმცა, ნამდვილად არიან; და რა არის მათი კონკრეტული გამოვლინებები? ჩვეულებრივ გარემოებებში, ამ ადამიანებს შეუძლიათ მოვალეობები ნორმალურად შეასრულონ და სხვებთანაც საკმაოდ ნორმალურად იურთიერთონ; მათში ბოროტ ხასიათს ვერ დაინახავ. თუმცა, როდესაც მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტება-პრინციპებს და მათ გასხლავენ, ისინი ბრაზით ფეთქდებიან, მთლიანად უარყოფენ ჭეშმარიტებას და, ამავდროულად, სოფისტურ გამართლებებს მოუძებნიან საკუთარ თავს. უცებ ხვდები, რომ ისინი გვანან ეკლებით დაფარულ ზღარბს, ვეფხვს, რომელსაც ვერ შეეხები. ფიქრობ: „ამ ადამიანთან ასე დიდხანს მქონდა ურთიერთობა, მეგონა, რომ კარგი ადამიანობა ჰქონდა, გაგებით ეკიდებოდა საკითხებს, მასთან საუბარი ადვილი იყო და მჯეროდა, რომ შეეძლო ჭეშმარიტების მიღება. არ ველოდი, თუ ისეთი ვინმე აღმოჩნდებოდა, ვინც უგუნური და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონეა, რომლის პროვოცირებასაც ვერავინ ბედავს. მომავალში უფრო ფრთხილად უნდა ვიყო მასთან ურთიერთობისას, მინიმუმამდე დავიყვანო კონტაქტი, თუ ეს აუცილებელი არ არის, და დისტანცია შევინარჩუნო, რომ მისი პროვოცირება თავიდან ავიცილო“. გინახავთ ასეთი ადამიანები, რომლებიც არიან უგუნურები და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონენი? ზოგადად, მათ, ვისაც ესმით მათი ბუნება, იციან, რამდენად საშიშნი არიან ისინი და მათ განსაკუთრებული თავაზიანობითა და სიფრთხილით ელაპარაკებიან. კერძოდ, როდესაც ელაპარაკებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აწყენინოთ, თორემ ეს მათთან დაუსრულებელ პრობლემებს გამოიწვევს. ზოგიერთი ამბობს: „ზუსტად ვინ არიან ეს უხეში ადამიანები? ჩვენ ისინი ჯერ არ შეგვხვედრია“. ასეთ შემთხვევაში, ამაზე ნამდვილად გვჭირდება საუბარი. მაგალითად, როდესაც დები და ძმები თავიანთ გამოცდილებაზე თანაზიარებენ, ზოგიერთი მათგანის მიერ საკუთარი გახრწნილი მდგომარეობის ან პირადი სირთულეების ხსენებას აუცილებლად მოჰყვება სხვების თანაგრძნობა, რადგან მათაც მსგავსი გამოცდილება ან გრძნობები ჰქონიათ. ეს სრულიად ნორმალურია. მოსმენის შემდეგ შეიძლება ვინმემ იფიქროს: „მეც მქონია ასეთი გამოცდილება, ამიტომ, მოდი, ერთად გვქონდეს თანაზიარება ამ თემაზე. მინდა მოვისმინო, როგორ გაიარე ეს. თუ შენს თანაზიარებაში არის სინათლე და ის ეხება პრობლემას, რომელიც მე მაწუხებს, მაშინ მას მივიღებ და ვიმოქმედებ შენი გამოცდილებისა და გზის შესაბამისად, რათა ვნახო, რა შედეგი მოჰყვება ამას“. არსებობს მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც, როდესაც სხვების თანაზიარებას ისმენს საკუთარი თავის შეცნობასა და საკუთარი გახრწნილებისა თუ სიმახინჯის გაშიშვლებაზე, თვლის, რომ ეს ირიბად მას ამხელს და სჯის, და არ შეუძლია არ დაარტყას მაგიდას ხელი და ბრაზით არ აფეთქდეს: „ვინ არ არის გახრწნილი? ვინ ცხოვრობს ვაკუუმში? როგორც ვხედავ, თქვენი გახრწნილება ჩემსაზე უარესია! რა უფლება გაქვთ ამომიღოთ მიზანში და გამაშიშვლოთ? როგორც ვხედავ, უბრალოდ გინდათ პრობლემები შემიქმნათ, გამრიყოთ! განა ეს უბრალოდ იმიტომ არაა, რომ სოფლიდან ვარ და არ შემიძლია ტკბილი სიტყვებით გეპირფეროთ? განა იმიტომ არაა, რომ თქვენსავით უმაღლესი განათლება არ მაქვს? ღმერთიც კი არ მიყურებს ზემოდან, და თქვენ რა გაძლევთ უფლებას, რომ ზემოდან დამიწყოთ ყურება?!“ სხვები ეუბნებიან: „ეს ჩვეულებრივი თანაზიარებაა და შენ წინააღმდეგ არაა მიმართული. განა ყველას გახრწნილი ხასიათი ერთნაირი არაა? როდესაც ვინმეს რომელიმე თემაზე აქვს თანაზიარება და თავის გახრწნილ მდგომარეობას ახსენებს, ბუნებრივია, რომ სხვებიც აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ თავს მსგავს მდგომარეობაში. თუ გრძნობ, რომ შენც იგივე მდგომარეობა გაქვს, შეგიძლია გქონდეს თანაზიარება შენს გამოცდილებაზე“. რის პასუხადაც ის ამბობს: „ასეა? ასეთი თანაზიარების ატანა შემიძლია ერთი ადამიანისგან, მაგრამ რატომ გაერთიანდით თქვენ ორნი თუ სამნი ჩემს დასაცინად და დასაჩაგრად? ფიქრობთ, რომ ჩემი დაჩაგვრა ადვილია?“ განა მისი სიტყვები უფრო და უფრო აღმაშფოთებელი არ ხდება, რაც მეტს ლაპარაკობს? (დიახ.) აქვთ თუ არა ამ ადამიანებს გონიერება, როდესაც ამ სიტყვებს ამბობენ? (არა.) თუ შენ მართლა ფიქრობ, რომ სხვების თანაზიარების თემა შენს წინააღმდეგაა მიმართული, შეგიძლია იმსჯელო ან გქონდეს თანაზიარება ამ თემაზე; პირდაპირ ჰკითხე, არის თუ არა შენს წინააღმდეგ მიმართული, ნაცვლად იმისა, რომ წინ წამოსწიო შენი გლეხური წარმომავლობა, შენი დაბალი განათლების დონე ან ის, რომ ადამიანები ზემოდან გიყურებენ. რა აზრი აქვს ამ რაღაცების თქმას? განა ეს არ არის უაზრო ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? განა ეს არ არის უგუნურება და განზრახ პრობლემური ქცევა? (დიახ.) განა არ ფიქრობთ, რომ ასეთი ადამიანები საშინელნი არიან? (დიახ.) მას შემდეგ, რაც ის ასეთ სცენას მოაწყობს, ყველამ იცის, როგორი ადამიანია იგი და მომავალ შეხვედრებზე თანაზიარებისას ყოველთვის ფრთხილად უნდა ილაპარაკონ და მის სახის გამომეტყველებას დააკვირდნენ. თუ სახე მოექუფრა, სხვები ლაპარაკისგან თავს იკავებენ და შეხვედრებზე თანაზიარებისას ყველა დათრგუნულია. განა ეს არ არის შეზღუდვა და ხელის შეშლა, რაც გამოწვეულია მისი უგუნურებითა და განზრახ პრობლემური ხასიათით? (დიახ.) ისინი, ვინც არიან უგუნურები და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონენი, გონიერებას მოკლებულნი არიან; ასეთი ადამიანები არ მიიღებენ ჭეშმარიტებას და შეუძლებელია მათი გადარჩენა.
ამ ტიპის ადამიანს, რომელიც არის უგუნური და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონე, კიდევ ერთი გამოვლინება აქვს. ზოგიერთი ადამიანი შეხვედრებზე ყოველთვის ამბობს: „აღარ შემიძლია საქმის ზედაპირულად კეთება. უნდა ვკონცენტრირდე ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე; სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფვოდე. ბუნებრივად მივესწრაფი სრულყოფილებას. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ის კარგად უნდა გაკეთდეს“. ისინი ლაპარაკით კი ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში, მაინც ზედაპირულად მოქმედებენ მოვალეობის შესრულებისას, ხოლო მათ მიერ შესრულებულ მოვალეობაში უამრავი ნაკლოვანებაა, რაც შორს არის ღმერთის დამოწმების ეფექტის მიღწევისგან. როდესაც წინამძღოლები მიუთითებენ მათ მოვალეობის შესრულებაში არსებულ პრობლემებზე და სხლავენ მათ, ისინი მაშინვე ბრაზდებიან და ამბობენ: „ვიცოდი. თქვენ ყველანი ზურგსუკან განმსჯით და ამბობთ, რომ ჩემი პროფესიული უნარები სუსტია. განა ეს უბრალოდ იმიტომ არაა, რომ ზემოდან მიყურებთ? ეს ხომ მხოლოდ მცირე შეცდომა იყო და მეტი არაფერი. საჭიროა ჩემი ასე გასხვლა? თანაც, შეცდომას ვინ არ უშვებს? იმის თქმა, რომ ზედაპირულად ვმოქმედებ — განა ადრე შენც ზედაპირულად არ აკეთებდი საქმეს? გაქვს საერთოდ უფლება, რომ გამაკრიტიკო? ჩემი თანამშრომლობის გარეშე, თქვენ შორის ვის შეეძლო ეს საქმე ეტვირთა?“ რას ფიქრობთ ასეთ ადამიანებზე? რასაც არ უნდა აკეთებდნენ, სხვებს არ აძლევენ უფლებას მიუთითონ მათ ნაკლოვანებებზე ან რჩევები მისცენ; ისინი სამართლიან გასხვლასაც კი არ იღებენ. ვინც არ უნდა ამოიღოს ხმა, უპირისპირდებიან და ეწინააღმდეგებიან მას, ამბობენ უგუნურ სიტყვებს და იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მათ ზემოდან უყურებენ, ან ჩაგრავენ იმის გამო, რომ მარტო და უმწეონი არიან, ან სხვა მსგავს რამეებს იმიზეზებენ. განა ეს არ არის ურჩობა, უგუნურება და განზრახ პრობლემური ქცევა? ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი აკეთებს, რომ გასხვლის შემდეგ მიატოვებს თავის მოვალეობას: „აღარ გავაკეთებ ამ საქმეს. თუ თქვენ შეგიძლიათ გაკეთება, მიდით და გააკეთეთ. აბა, ვნახავ, თუ შეძლებთ საქმის გაგრძელებას ჩემ გარეშე!“ დები და ძმები ცდილობენ მათ დარწმუნებას, მაგრამ ისინი არ უსმენენ. მაშინაც კი, როდესაც წინამძღოლებსა და მუშაკებს მათთან თანაზიარება აქვთ ჭეშმარიტებაზე, ისინი უარს ამბობენ მიღებაზე; იწყებენ დიდგულობას და ტოვებენ მოვალეობას. შეკრებების დროს ბუზღუნებენ, არც ღმერთის სიტყვებს კითხულობენ და არც თანაზიარება აქვთ, ყოველთვის ბოლო მოდიან და პირველი მიდიან. როდესაც მიდიან, ფეხებს აბაკუნებენ და კარს აჯახუნებენ, ხოლო ადამიანების უმეტესობა დაბნეულია, არ იციან როგორ მოექცნენ მათ. როდესაც ასეთ ადამიანებს რამე ემართებათ, ისინი აბსურდულ არგუმენტებსა და სისულელეებს როშავენ; ურჩები ხდებიან და ნივთებსაც კი ისვრიან, საერთოდ დაკარგული აქვთ გონიერება. ზოგს კიდევ უფრო მძიმე გამოვლინებები აქვს — თუ დები და ძმები მათ არ მიესალმებიან, ისინი უკმაყოფილონი ხდებიან და შეკრებების დროს ხელსაყრელ მომენტს იყენებენ მოთქმისთვის: „ვიცი, რომ ყველანი ზემოდან მიყურებთ. შეკრებების დროს თქვენ ყველანი მხოლოდ ღმერთის სიტყვებზე თანაზიარებასა და თქვენი საკუთარი გამოცდილებითი გაგების განხილვაზე ხართ ფოკუსირებულნი. ჩემზე არავინ ზრუნავს, არავინ მიღიმის და წასვლისას არავინ მაცილებს. როგორი მორწმუნეები ხართ? ადამიანობა მართლაც გაკლიათ!“ ასეთ ისტერიკებს აწყობენ ეკლესიაში. ისინი უმნიშვნელო საკითხებზეც კი მრისხანებით ივსებიან და მთელ დაგროვილ უკმაყოფილებას ანთხევენ. აშკარაა, რომ გახრწნილ ხასიათს ავლენენ, თუმცა არც საკუთარ თავში იხედებიან, არც საკუთარ თავს იცნობენ და არც ცვლილების ან ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი აქვთ. ამის ნაცვლად, ისინი სხვებში ეძებენ პრობლემებს, პოულობენ სხვადასხვა მიზეზს საკუთარი ფსიქიკის დასაბალანსებლად და, სანამ ამას აკეთებენ, ეძებენ შესაძლებლობებს უკმაყოფილების გამოსახატავად. უფრო მეტიც, მათ სურთ, რომ მეტმა ადამიანმა მიაქციოს ყურადღება და მოერიდოს მათ, რათა ხალხში გარკვეული ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვონ. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრ საზრუნავს აჩენენ! რასაც არ უნდა ამბობდნენ, ვერავინ ბედავს „არას“ თქმას; ვერავინ ბედავს მათ ზერელედ შეფასებას და ვერავინ ბედავს გულის გადაშლასა და მათთან თანაზიარებას. მაშინაც კი, თუ მათში გარკვეული ნაკლოვანებები და გახრწნილი ხასიათი შეინიშნება, ვერავინ ბედავს მათზე მითითებას. შეკრებების დროს, როდესაც ყველას აქვს თანაზიარება თავის პირად გამოცდილებასა და ღმერთის სიტყვების გაგებაზე, ისინი გულმოდგინედ არიდებენ თავს ამ ადამიანის სახით არსებულ „კრაზანების ბუდეს“, რადგან ეშინიათ გაღიზიანების და პრობლემების შექმნის. ზოგიერთი შეკრებებზე მაშინ იცლება ბრაზისგან, როცა სახლში ან სამსახურში რამე ეწყინება ან გული დასწყდება. აშკარაა, რომ დებსა და ძმებს საკუთარი ემოციების გადმოსანთხევად და საცემ ტომრად იყენებენ. გულმოსულები ათასგვარ აბსურდს როშავენ, ტირიან და სცენებს მართავენ. ასეთ დროს ვინ გაუბედავს ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას? თუ ვინმე მაინც დაუწყებს თანაზიარებას და რომელიმე სიტყვა შემთხვევით მტკივნეულად მოხვდებათ, ისინი თვითმკვლელობით იმუქრებიან. ეს კი ყველაფერს კიდევ უფრო გაართულებს. ასეთ ადამიანებთან ჩვეულებრივი თანაზიარებით ვერაფერს გახდებით, ვერც ნორმალური ლაპარაკი უშველის საქმეს; ზედმეტი სითბოს ჩვენებაც არ ივარგებს და არც გულგრილობა გამოდგება; ვერც გვერდის ავლით მოგვარდება რამე და ვერც ზედმეტად დაახლოებით. თუ დები და ძმები მათ სიხარულს არ გაიზიარებენ, ესეც არ ივარგებს; და როდესაც ეს ადამიანები რაიმე სირთულეს წააწყდებიან, თუ დები და ძმები მათ დარდს არ გაიზიარებენ, არც ეს გამოვა. მათთან არაფერი ჭრის. რასაც არ უნდა აკეთებდე, ყველაფერმა შეიძლება გააღიზიანოს და განარისხოს ისინი. როგორც არ უნდა მოექცე, არასოდეს არიან კმაყოფილნი. ჩემმა ქადაგებებმა და თანაზიარებამაც კი ადამიანების გარკვეული მდგომარეობის შესახებ, შეიძლება, მათი გაღიზიანება გამოიწვიოს. როგორ იწვევს ეს მათ გაღიზიანებას? ისინი ფიქრობენ: „განა ეს ჩემი მხილება არ არის? შენ ხომ ჩემთან ურთიერთობაც კი არ გქონია და არაფერი მითქვამს იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდი განმარტოებით. საიდან იცოდი? ნამდვილად ვიღაცამ დამასმინა. უნდა გავარკვიო, ვის ჰქონდა შენთან კავშირი, ვინ დამასმინა, ვინ შეატყობინა ჩემზე; ამას ასე არ დავტოვებ!“ ამ ტიპის ადამიანი, რომელიც უგუნური და განზრახ პრობლემურია, შეიძლება ყოველგვარ საკითხზე დამახინჯებული აზრებით იყოს აღსავსე და არაფრის სწორად მიღება არ შეეძლოს. ისინი ყოველგვარ საღ აზრს არიან მოკლებულნი! რაციონალურობა მათთვის სრულიად უცხოა და მით უმეტეს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება. მათ ეკლესიაში დარჩენას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მხოლოდ ზიანს აყენებენ. უბრალოდ ტვირთია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიშოროთ; მათგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს ეკლესია!
ჩინეთში ღვთის რწმენას დიდი წითელი დრაკონის მხრიდან ჩაგვრა და დევნა მოჰყვება, და ბევრია ისეთი, ვისაც დევნიან და სახლში ვერ ბრუნდება. თუმცა ზოგიერთი, როდესაც იდევნება და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, თვლის, რომ ამით მოიპოვა დამსახურება ან კვალიფიკაცია. ისინი მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და არა მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ხალხი მათ ემსახუროს — თუ რაიმე ოდნავ მაინც ეწინააღმდეგება მათ სურვილებს ან სახლი მოენატრებათ, მაშინვე სცენების მოწყობას იწყებენ, სხვებს კი მათი დაშოშმინება და ატანა უწევთ. განა ასეთი ადამიანები უგუნურები და განზრახ პრობლემურები არ არიან? ძალიან ბევრი ადამიანი იდევნება, მასპინძელი ოჯახი კი ბევრი არ არის. დები და ძმები სიყვარულის გამო მასპინძლობენ მათ, ვინც სახლში ვერ ბრუნდება. ისინი მათ ქუჩაში დარჩენისგან იცავენ და თავიანთ სახლებში ცხოვრების უფლებას აძლევენ. განა ეს ღვთის მადლი არ არის? მიუხედავად ამისა, ზოგიერთი არა მხოლოდ ვერ აფასებს ღვთის მადლს, არამედ დებისა და ძმების სიყვარულსაც ვერ ხედავს. ამის მაგივრად, ისინი თავს დაჩაგრულად თვლიან, წუწუნს იწყებენ და ურჩობას ავლენენ. რეალურად, დებისა და ძმების ოჯახებში საცხოვრებელი პირობები, გარკვეულწილად, იმაზე უკეთესიც კია, რაც მათ საკუთარ სახლში ჰქონდათ. განსაკუთრებით ღვთის რწმენისა და მოვალეობის შესრულების თვალსაზრისით, დებისა და ძმების სახლებში დარჩენა იმაზე უკეთესიც კია, ვიდრე საკუთარ სახლში ყოფნა, ხოლო დებისა და ძმების ყოლა, რომლებთანაც ჰარმონიულად ითანამშრომლებ, ყოველთვის ბევრად სჯობს სრულიად მარტო ყოფნას. თუნდაც ზოგიერთ რეგიონში საცხოვრებელი პირობები ცოტათი არასაკმარისი იყოს, ისინი მაინც ცხოვრების საშუალო სტანდარტს უტოლდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ დებსა და ძმებთან ერთად, ხშირად შეიკრიბონ, მიიღონ ღვთის სიტყვები, ჩასწვდნენ მეტ ჭეშმარიტებას და იცოდნენ, რა არის მათი სწრაფვის მიზნები. ამიტომ, ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას ლამობენ, მზად არიან გადაიხადონ ეს საფასური და გაუძლონ ამ ტანჯვას. ადამიანების უმეტესობას ამ საკითხის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს; მათ შეუძლიათ მიიღონ ეს ღმერთისგან, იმის ცოდნით, რომ ეს ტანჯვა ამად ღირს და რომ ეს მათი გადასატანია. მათ შეუძლიათ ამას სწორად მიუდგნენ. მაგრამ ზოგიერთი უგუნური, განზრახ პრობლემური ადამიანი, რომელიც ურჩობას ავლენს, უბრალოდ ვერ აღიქვამს საკითხებს ამგვარად. ერთი კვირა სახლიდან მოშორებით ყოფნას კიდევ როგორღაც აიტანენ, მაგრამ ორი კვირის თავზე უკვე პრეტენზიებს გამოთქვამენ, ერთ-ორ თვეში კი სრულიად აგრესიულები ხდებიან და აცხადებენ: „ეგ როგორ? თქვენი ოჯახი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობს ერთად, მე კი ჩემებთან დაბრუნების უფლება არ მაქვს? რატომ არის, რომ მე არანაირი თავისუფლება არ მაქვს, მაშინ როდესაც თქვენ ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ და წახვიდეთ, როცა მოგესურვებათ?“ სხვები პასუხობენ: „განა ეს დიდი წითელი დრაკონის მხრიდან დევნით არ არის გამოწვეული? განა ასეთი ტანჯვის დათმენა არ არის სწორი, როგორც ღმერთის მიმდევრებისთვის? რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ მცირე ტანჯვაში? ამ სიტუაციაში კიდევ პრეტენზიების გამოთქმა როგორ შეიძლება? თუ სხვებს შეუძლიათ ამ ტანჯვის ატანა, შენ რატომ არ შეგიძლია?“ ისინი, ვინც უგუნურები და განზრახ პრობლემურები არიან, საერთოდ არ აპირებენ ტანჯვას. რომ დაიჭირონ და ციხეში ჩასვან, ისინი უეჭველად იუდად იქცევიან. აბა, რა არის ასეთი სატანჯველი მასპინძელ ოჯახთან ცხოვრებაში? ჯერ ერთი, საჭმელი ჩვეულებრივი, ადამიანურია; მეორე, არავინ გიქმნის პრობლემებს; და მესამე, არავინ გჩაგრავს. უბრალოდ სახლში წასვლა და ოჯახთან ყოფნა არ შეგიძლია — და ეს მცირე ტანჯვა სრულიად მიუღებელია უგუნური, განზრახ პრობლემური ადამიანებისთვის. როდესაც სხვები ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ მათთან, ისინი ამის გაგონებაზეც კი უარს ამბობენ და ასეთ რაღაცას იტყვიან: „ნუ მიკითხავთ მორალს ამ დიდებულ მოძღვრებებზე. მე შენზე ნაკლებად როდი მესმის; ეს ყველაფერი ვიცი! უბრალოდ მითხარი, როდის შევძლებ სახლში წასვლას? როდის შეწყვეტს დიდი წითელი დრაკონი ჩემი სახლის თვალთვალს? როდის შევძლებ სახლში დაბრუნებას ისე, რომ დიდმა წითელმა დრაკონმა არ დამაპატიმროს? თუ არ მეცოდინება, როდის შევძლებ სახლში წასვლას, მაშინ სიცოცხლესაც აღარ აქვს აზრი!“ ისინი კვლავ სცენას აწყობენ, არ ჩუმდებიან, იატაკზე სხდებიან, ფეხებს აბაკუნებენ — და რაც უფრო მეტად აბაკუნებენ ფეხებს, მით უფრო მეტად ბრაზდებიან, რასაც მოჰყვება მძაფრი ურჩობის გამოვლენა, ტირილითა და გოდებით. სხვები ეუბნებიან: „ხმას დაუწიე. ასე თუ გააგრძელებ და მეზობლები გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ აქ უცხო ხალხი ცხოვრობს, და ეს ყველას გაგვამჟღავნებს, განა ასე არ არის?“ ისინი პასუხობენ: „არ მაინტერესებს, უბრალოდ სცენის მოწყობა მინდა! თქვენ ყველას შეგიძლიათ სახლში წასვლა, მე კი არა. რა უსამართლობაა! ისეთ სცენას მოვაწყობ, რომ ვერც თქვენ შეძლებთ სახლში წასვლას!“ ამგვარი მძაფრი ურჩობა არ უნელდებათ და გულში ნაგროვებ ღვარძლს ანთხევენ. საღი აზრი მათთან არ ჭრის და აზრს ვერავინ აცვლევინებს. როგორც კი გუნება ოდნავ გამოუკეთდებათ, მაშინვე მშვიდდებიან და ხმაურს წყვეტენ. მაგრამ ვინ იცის — ნებისმიერ დღეს შეიძლება კვლავ ურჩობა გამოიჩინონ და სცენა მოაწყონ: მათ უბრალოდ გარეთ გასეირნება და თავისუფლება დასჭირდებათ, ასევე, სახლში ხმამაღლა ლაპარაკი; ისინი მუდმივად გეგმავენ სახლში წასვლას. დები და ძმები აფრთხილებენ: „სახლში წასვლა ძალიან სარისკოა; იქ პოლიციაა ჩასაფრებული და ყველაფერს აკონტროლებს“. ისინი პასუხობენ: „არ მაინტერესებს, დაბრუნება მინდა! თუ დამიჭერენ, დამიჭირონ! რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული? უკიდურეს შემთხვევაში, უბრალოდ იუდა ვიქნები!“ განა ეს სიგიჟე არ არის? (დიახ.) ისინი ღიად ამბობენ, რომ მზად არიან იუდად იქცნენ. ვის ექნება იმის გამბედაობა, რომ მათ უმასპინძლოს? განა ვინმეს უნდა იუდას მასპინძლობა? (არა.) სწამს კი ასეთ ადამიანს ღმერთის? დები და ძმები მასპინძლობენ მათ, როგორც ღვთის მორწმუნეს. მათი ადამიანობა გარკვეულწილად რომ მოიკოჭლებდეს, ამის ატანა კიდევ შესაძლებელი იქნებოდა; ჭეშმარიტებისკენ რომ არ ისწრაფვოდნენ, ამის ატანაც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ მათ შესწევთ ძალა, ზიანი მიაყენონ დებსა და ძმებს ეკლესიის გაცემითა და იუდად ქცევით, და, ამგვარად, უამრავ ადამიანს წაართვან სახლში დაბრუნებისა თუ მოვალეობის ნორმალურად შესრულების შესაძლებლობა — ვის შეუძლია ამ შედეგების გამო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება? გაბედავდი ასეთი მტრის მასპინძლობას? განა მათი შეფარება საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა არ არის?
უგუნური და განზრახ პრობლემური ადამიანები მოქმედებისას მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ და აკეთებენ იმას, რაც მათ სიამოვნებთ. მათი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა აბსურდული არგუმენტები და მწვალებლობა, ხოლო მათთან გონივრული ლაპარაკი შეუძლებელია. მათი ბოროტი ხასიათი ზღვარს სცილდება. ვერავინ ბედავს მათთან ურთიერთობას და არავის სურს მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, იმის შიშით, რომ თავს უბედურება არ დაატეხონ. სხვები ყოველთვის უკიდურესად ფრთხილობენ, როდესაც მათთან აზრს გამოთქვამენ, რადგან ეშინიათ, რომ თუ მათთვის მიუღებელ ან მათი სურვილების საწინააღმდეგო თუნდაც ერთ სიტყვას იტყვიან, ისინი ამ სიტყვას ჩაეჭიდებიან და აღმაშფოთებელ ბრალდებებს წაუყენებენ. განა ასეთი ადამიანები ბოროტები არ არიან? განა ისინი ცოცხალი დემონები არ არიან? ყველა, ვისაც ბოროტი ხასიათი და გაუკუღმართებული გონება აქვს, ცოცხალი დემონია. როდესაც ვინმე ცოცხალ დემონთან ურთიერთობს, მან შეიძლება ერთი წუთის უყურადღებობითაც კი დაატეხოს თავს უბედურება. განა დიდი პრობლემა არ იქნება, თუ ასეთი ცოცხალი დემონები იქნებიან ეკლესიაში? (იქნება.) მას შემდეგ, რაც ეს ცოცხალი დემონები ისტერიკებს მოაწყობენ და ბრაზს გადმოანთხევენ, მათ შეიძლება გარკვეული დროით ადამიანურად ილაპარაკონ და ბოდიშიც მოიხადონ, მაგრამ ამის შემდეგ მაინც არ შეიცვლებიან. ვინ იცის, როდის გაუფუჭდებათ ხასიათი და როდის მოაწყობენ მორიგ ისტერიკას, საკუთარი აბსურდული არგუმენტების ფრქვევით. მათი ისტერიკისა და ბრაზის გადმონთხევის სამიზნე ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, ისევე, როგორც ამ ბრაზის წყარო და საფუძველი. ესე იგი, ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიზიანება, ნებისმიერმა რამემ შეიძლება გაუჩინოთ უკმაყოფილების განცდა და ნებისმიერმა რამემ შეიძლება აიძულოთ, რომ ისტერიკითა და მძაფრი ურჩობით უპასუხონ. რა საშინელებაა! როგორი პრობლემურები არიან! ეს ჭკუიდან შეშლილი ბოროტი ადამიანები შეიძლება ნებისმიერ დროს გადაირიონ; არავინ იცის, რისი გაკეთება შეუძლიათ. უდიდესი სიძულვილი მაქვს ასეთი ადამიანების მიმართ. ეკლესია თითოეული მათგანისგან უნდა გაიწმინდოს — ყველა მათგანი უნდა მოცილდეს. მათთან ურთიერთობა არ მსურს. ისინი აზროვნებით არეულები და ხასიათით სასტიკნი არიან, სავსენი არიან აბსურდული არგუმენტებითა და ეშმაკეული სიტყვებით, ხოლო როდესაც რაიმე ემართებათ, ამას იმპულსურად გადმოანთხევენ ხოლმე. ზოგიერთი მათგანი ტირის, როდესაც ბრაზს ანთხევს, სხვები ყვირიან, ფეხებს აბაკუნებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც თავს აქნევენ და ხელ-ფეხს იქნევენ. ისინი ადამიანები კი არა, უბრალოდ მხეცები არიან. ზოგიერთი მზარეული ქვაბებსა და ჭურჭელს ისვრის, როგორც კი მოთმინებას დაკარგავს; სხვები, რომლებიც ღორებს ან ძაღლებს ზრდიან, წიხლებს ურტყამენ და სცემენ ამ ცხოველებს, როგორც კი განრისხდებიან, და მთელ ბრაზს მათზე ანთხევენ. ეს პიროვნებები, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის რისხვით რეაგირებენ; არც მშვიდდებიან დასაფიქრებლად და არც ღმერთისგან იღებენ ამას. ისინი არ ლოცულობენ, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არც სხვებთან ეძებენ თანაზიარებას. როდესაც სხვა გზა არ აქვთ, ითმენენ; როდესაც არ სურთ მოთმენა, გიჟდებიან, აბსურდულ არგუმენტებს აფრქვევენ, სხვებს აბრალებენ და სჯიან. ისინი ხშირად ამბობენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა: „ვიცი, რომ თქვენ ყველანი განათლებულები ხართ და ზემოდან მიყურებთ“; „ვიცი, რომ მდიდარი ოჯახებიდან ხართ და გეზიზღებით იმის გამო, რომ ღარიბი ვარ“; ან „ვიცი, რომ გეზიზღებით, რადგან რწმენაში საფუძველი მაკლია, და გეზიზღებით, რადგან ჭეშმარიტებას არ ვეძიებ“. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად აცნობიერებენ, უამრავი პრობლემა აქვთ, არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტებას მათ მოსაგვარებლად და არც სხვებთან ურთიერთობისას საუბრობენ საკუთარი თავის შეცნობაზე. როდესაც მათივე პრობლემებს ახსენებენ, ისინი თემას ცვლიან და ცრუ ბრალდებებს აყენებენ, მთელ პრობლემებსა და პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებენ და იმაზეც კი ჩივიან, რომ მათი ასეთი ქცევის მიზეზი სხვების მხრიდან მათ მიმართ ცუდი მოპყრობაა. თითქოს მათი ისტერიკები და უაზრო პრობლემების შექმნა სხვების მიერ იყოს გამოწვეული, თითქოს ყველას ბრალი იყოს, მათ კი უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდეთ, გარდა ამგვარად მოქმედებისა, და თითქოს სამართლიანად იცავდნენ თავს. როდესაც უკმაყოფილონი არიან, წყენის გადმონთხევას და სისულელეების როშვას იწყებენ, ჯიუტად იმეორებენ აბსურდულ არგუმენტებს, თითქოს ყველა სხვა მტყუანი იყოს, თითქოს მხოლოდ თავად იყვნენ კარგი ადამიანები, ხოლო ყველა დანარჩენი — დამნაშავე. რაც არ უნდა ისტერიკა მოაწყონ ან აბსურდული არგუმენტები აფრქვიონ, მაინც მოითხოვენ, რომ მათზე კარგი თქვან. მაშინაც კი, როდესაც არასწორად იქცევიან, სხვებს უკრძალავენ მათ მხილებასა თუ გაკრიტიკებას. ოდნავ ნაკლზეც რომ მიუთითო, უსასრულო დავაში ჩაგითრევენ და მას შემდეგ მშვიდობიან ცხოვრებას სამუდამოდ დაივიწყებ. როგორი ადამიანია ეს? ეს არის უგუნური და განზრახ პრობლემური ადამიანი, ისინი კი, ვინც ასე იქცევიან, ბოროტი ადამიანები არიან.
უგუნური და განზრახ პრობლემური ადამიანები, როგორც წესი, შეიძლება არ სჩადიოდნენ რაიმე მნიშვნელოვან მუხანათურ ან ბოროტ საქმეს, მაგრამ როგორც კი საქმე მათ ინტერესებს, რეპუტაციას ან ღირსებას ეხება, მაშინვე რისხვით ფეთქდებიან, ისტერიკას აწყობენ, თავნებობენ და თვითმკვლელობითაც კი იმუქრებიან. მითხარი, ასეთი აბსურდული და უგონოდ უხეში ადამიანი ოჯახში რომ გამოჩნდეს, განა მთელი ოჯახი არ დაიტანჯებოდა? მაშინ სახლი ქაოსში ჩაიძირებოდა, ყვირილითა და გოდებით აივსებოდა, რაც ცხოვრებას აუტანელს გახდიდა. ზოგიერთ ეკლესიაში არის ასეთი ხალხი; მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ეს შეიძლება არ ჩანდეს, არასოდეს იცი, როდის აფეთქდებიან და გამოავლენენ საკუთარ თავს. ასეთი ადამიანების ძირითადი გამოვლინებებია ისტერიკების მოწყობა, აბსურდული არგუმენტების ფრქვევა, საჯაროდ გინება და სხვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქცევები თვეში მხოლოდ ერთხელ ან ნახევარ წელიწადში ერთხელ ვლინდება, ისინი დიდ ტკივილსა და სირთულეებს იწვევს, რაც მეტ-ნაკლებად არღვევს ადამიანების უმრავლესობის საეკლესიო ცხოვრებას. თუ მართლაც დადასტურდება, რომ ვინმე ამ კატეგორიას მიეკუთვნება, ზომები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული და იგი ეკლესიიდან უნდა მოცილდეს. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ეს ადამიანები არანაირ ბოროტებას არ სჩადიან. ისინი არ შეიძლება მივიჩნიოთ ბოროტ ადამიანებად; ჩვენ მათ მიმართ შემწყნარებლები და მომთმენები უნდა ვიყოთ“. მითხარი, განა შეიძლება ასეთი ადამიანების ასე დატოვება? (არა, არ შეიძლება.) რატომ? (რადგან მათი ქმედებები დიდ პრობლემებსა და გაღიზიანებას იწვევს ადამიანების უმრავლესობაში, ასევე, არღვევს საეკლესიო ცხოვრებას.) ამ შედეგიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ისინი, ვინც საეკლესიო ცხოვრებას არღვევენ, მაშინაც კი, თუ ბოროტი ადამიანები ან ანტიქრისტეები არ არიან, არ უნდა დარჩნენ ეკლესიაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ადამიანებს არ უყვართ ჭეშმარიტება, არამედ ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ, და რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთის ან რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, ჭეშმარიტებას მაინც არ მიიღებენ. როგორც კი რაიმე ცუდს ჩაიდენენ და მათ ამხელენ, ისტერიკების მოწყობას და სისულელეების როშვას იწყებენ. მაშინაც კი, როდესაც მათთან ვინმე ჭეშმარიტებაზე თანაზიარებს, ისინი არ იღებენ ამას. მათთან გონივრული საუბარი არავის შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც მე მაქვს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, ისინი შეიძლება გარეგნულად დუმდნენ, მაგრამ შინაგანად არ იღებენ ამას. რეალური სიტუაციების წინაშე დადგომისას, კვლავ ისე იქცევიან, როგორც ყოველთვის. ისინი არ უსმენენ ჩემს სიტყვებს, ამიტომ თქვენს რჩევას მით უმეტეს არ მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შეიძლება არ სჩადიოდნენ დიდ ბოროტებას, ისინი ჭეშმარიტებას მცირედითაც არ იღებენ. თუ შევხედავთ მათ ბუნება-არსებას, მათ არა მხოლოდ სინდისი და გონიერება აკლიათ, არამედ არიან უგუნურნი, განზრახ პრობლემურნი, რომლებსაც ვერაფერს შეაგნებინებ. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ღვთის ხსნის მიღწევა? რა თქმა უნდა, არა! ისინი, ვინც საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას, ურწმუნოები არიან, ისინი სატანის მსახურები არიან. როდესაც საქმეები მათ სასარგებლოდ არ მიდის, ისტერიკებს აწყობენ, ჯიუტად აფრქვევენ აბსურდულ არგუმენტებს და არ უსმენენ ჭეშმარიტებას, როგორც არ უნდა იყოს ის თანაზიარებული. ასეთი ადამიანები უგუნურები და განზრახ პრობლემურები არიან, წმინდა წყლის ეშმაკები და ბოროტი სულები; მხეცებზე უარესები არიან! ისინი არიან არასაღი გონების მქონე ფსიქიკურად დაავადებულები და არასოდეს ძალუძთ ჭეშმარიტი სინანული. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი ეკლესიაში, მით მეტი წარმოდგენა უჩნდებათ ღმერთზე, მით მეტ უგუნურ მოთხოვნას უყენებენ ღვთის სახლს და მით უფრო დიდ დაბრკოლებას უქმნიან ეკლესიას და ზიანს აყენებენ საეკლესიო ცხოვრებას. ეს გავლენას ახდენს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასა და საეკლესიო საქმის ნორმალურ მსვლელობაზე. საეკლესიო საქმისთვის მათი ზიანი არანაკლებია, ვიდრე ბოროტი ადამიანებისა; ისინი ადრეულ ეტაპზევე უნდა მოცილდნენ ეკლესიიდან. ზოგიერთი ამბობს: „განა ისინი უბრალოდ ცოტათი ურჩები არ არიან? ბოროტები არ გამხდარან, ამიტომ, განა უკეთესი არ იქნებოდა, სიყვარულით რომ მოვპყრობოდით? თუ დავიტოვებთ, იქნებ შეიცვალონ და გადარჩნენ“. გეუბნები, ეს შეუძლებელია! აქ არანაირი „იქნებ“ არ არსებობს — ეს ადამიანები აბსოლუტურად ვერ გადარჩებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, მით უმეტეს, მისი მიღება; აკლიათ სინდისი და გონიერება, მათი აზროვნების პროცესი არანორმალურია და ელემენტარული საღი აზრიც კი არ გააჩნიათ, რაც ადამიანური ყოფისთვისაა საჭირო. ისინი არასაღი გონების მქონე ადამიანები არიან. ღმერთი, რა თქმა უნდა, არ იხსნის ასეთ ადამიანებს. ისინიც კი, ვისაც ოდნავ უფრო ნორმალური აზროვნება და უკეთესი თვისებები აქვთ, თუ საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას, ვერ გადარჩებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ არასაღი გონების მქონე ადამიანებზე. ამის მერე კიდევ სიყვარულით მიდგომა და მათი გამოსწორების იმედი, განა უკიდურესი სიბრიყვე და უგუნურება არ არის? ახლა გეუბნებით ამას: აბსოლუტურად სწორია იმათი განდევნა ეკლესიიდან, ვინც უგუნური, განზრახ პრობლემური და შეუგნებელია. ეს ფუნდამენტურად აღკვეთს მათი მხრიდან ეკლესიისა და ღვთის რჩეული ხალხის შევიწროებას. ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. თუ რომელიმე ეკლესიაში არიან ასეთი უგუნური ადამიანები, ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა შეატყობინოს მათ შესახებ, ხოლო წინამძღოლებმა და მუშაკებმა, როგორც კი მიიღებენ ასეთ შეტყობინებებს, ზომები დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ. ეს არის მეექვსე ტიპის ადამიანების — უგუნურთა და განზრახ პრობლემურთა — მოპყრობის პრინციპი.
ზ. გარყვნილ საქმიანობაში მუდმივად ჩართვა
მეშვიდე ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც გარყვნილ საქმიანობაში მუდმივად არიან ჩართულნი; ეს საყოველთაოდ ცნობილი ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ადამიანობის გამოვლინებები არ არის ისეთი ბოროტი — სულაც არ ჰგავს განხეთქილების ჩამოგდებას ან ბოროტი საქმეების ჩადენასა და არეულობის გამოწვევას — მათ აქვთ საერთო თვისება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ყოველთვის წარმოიქმნება პრობლემები და ინციდენტები. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელსაყრელი გარემოებები, მათთან მსგავსი სირთულეები ყოველთვის იჩენს თავს, ხოლო თუ პირობები არ არსებობს, თავადვე ქმნიან, რათა ასეთი შემთხვევები მაინც მოხდეს. იმის მიუხედავად, თუ რა გარემოებაა, ვინ არის მეორე პირი ან რამდენად შორს შეიძლება იყოს ის მათგან, ასეთი ინციდენტები დროდადრო მაინც ხდება მათ თავს. როგორი ინციდენტები? ისინი ვინმეს ხვდებიან, ან ყოველთვის სურთ ვინმესთან დაახლოება, ან ვინმეს მიმართ უჩნდებათ გრძნობები, ან ვინმეს თვალს დაადგამენ ხოლმე, სხვა მსგავს მოვლენებთან ერთად. ნორმალურად ცხოვრებასა და მოვალეობების ნორმალურად შესრულებას ვერასდროს ახერხებენ, რადგან მათზე მუდმივად ახდენს გავლენას ავხორცული სურვილები. ანუ, ყოველდღიურ სიტუაციებში, ხშირად ერთვებიან ისეთ საქმეებში, რომელშიც ნორმალური ადამიანები არ ჩაერთვებოდნენ. მათ არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული გარემოებები ან ვინმეს მიერ შესაძლებლობების შექმნა; ეს ინციდენტები უბრალოდ ბუნებრივად ხდება. ასეთი შემთხვევების შემდეგ, შედეგების მიუხედავად, ადამიანთა ჯგუფს ან კონკრეტულ პირს ყოველთვის უწევს ამისთვის საფასურის გადახდა. რა საფასურს იხდიან ისინი? ეს ყველაფერი მათ მიერ მოვალეობის შესრულებაზე ცუდად აისახება; ეკლესიის მუშაობა ფერხდება და ბრკოლდება; ზოგიერთი ახალგაზრდა შფოთავს, განსაცდელში ვარდება, კარგავს ინტერესს ღვთის რწმენისა და მოვალეობის შესრულების მიმართ; ზოგი კი საერთოდ კარგავს მოვალეობებს ან უარს ამბობს მათზე. ის ადამიანები, ვინც გარყვნილ საქმიანობაში მუდმივად არიან ჩართულნი, მეტისმეტად პრობლემურები არიან. ყოველ ნაბიჯზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები იკრიბებიან მათ ირგვლივ, უახლოვდებიან, ეარშიყებიან და ეთამაშებიან კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ არსებითი ბუნების სერიოზული პრობლემები შეიძლება არ წარმოიშვას, ისინი უხეშად არღვევენ ღვთის რჩეული ხალხის ნორმალურ მდგომარეობას მოვალეობების შესრულებისას. სადაც კი მიდიან, სხვებისთვის პრობლემები და არეულობა მოაქვთ, საქმისთვის და ეკლესიისთვის, თანაც ყოველი ხელსაყრელი შესაძლებლობისას აცდუნებენ საპირისპირო სქესის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც მიმზიდველად მიიჩნევენ და მათთან ურთიერთობას ამყარებენ. ეს მეტისმეტად დიდი თავსატეხია. როგორც კი ვინმე შეუყვარდებათ, ის ადამიანი უბედურებისთვის არის განწირული, ვეღარ ახერხებს ნორმალურად იწამოს ღმერთი ან შეასრულოს მოვალეობები. შედეგები წარმოუდგენელია. ის ადამიანი ვეღარ ძლებს მაცდუნებელთან კონტაქტის ან მისი ნახვის გარეშე, ხოლო სანამ მოვალეობების შესრულებით არის დაკავებული, ვერ ახერხებს დაქორწინებას ან ოჯახის შექმნას და ეს ურთიერთობა ურღვევი რჩება. რა ხდება ბოლოს? საშინლად იტანჯებიან, მწარე ტკივილით! თუ ისინი გაძლებენ მანამ, სანამ კატასტროფებით არ დაისჯებიან, მათთვის ყველაფერი დასრულდება და გადარჩენის იმედიც გადაეწურებათ. ზოგი ერთხელ სცოდავს და გასხვლის შემდეგ, მონანიების ნაცვლად, მეორედ და მესამედაც კი სცოდავს, ორი-სამი წლის განმავლობაში სამ ან ოთხ ურთიერთობაში ერთვება, რაც ხელს უშლის ღვთის რჩეულ ხალხსა და ეკლესიის ცხოვრებას, და ღვთის რჩეულ ხალხს მათ მიმართ სიძულვილს უჩენს. ეს მათზე ტოვებს დაღს, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ნანობენ.
ზოგიერთ ადამიანს, რადგან კარგი შესახედაობით გამოირჩევა, ფლობს გარკვეულ მომხიბვლელობასა და ნიჭსა თუ ტალანტს, ან რაიმე მნიშვნელოვანი საქმე აბარია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მუდმივად ბუზებივით ეხვევიან და თავს არ ანებებენ. ზოგი სადილს უმზადებს, ზოგი ლოგინს უსწორებს, ზოგი სარეცხს ურეცხავს, ზოგი კი საკვებ დანამატებსა და კოსმეტიკას ყიდულობს მათთვის და პატარა საჩუქრებს ჩუქნის. ისინი ყველას გულთბილად იღებენ, თუმცა გულში იციან, რომ სხვების მხრიდან ასეთი საქციელი შეუფერებელია, მაგრამ არასდროს უარყოფენ ამას და ერთდროულად საპირისპირო სქესის რამდენიმე წარმომადგენელს აცდუნებენ. ეს ადამიანები ერთმანეთს ეცილებიან მათთვის სამსახურის გასაწევად, პაექრობენ და ეჭვიანობენ კიდეც, ამ დროს კი ეს გარყვნილი ადამიანი ამ განცდით ტკბება და მიიჩნევს, რომ უზომოდ მომხიბვლელია. სინამდვილეში, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საკითხები ზრდასრულებს კარგად ესმით; ზოგიერთ არასრულწლოვანსაც კი ესმის; მხოლოდ სულელებს, გონებრივად ჩამორჩენილებს ან ფსიქიკურად დაავადებულებს არ ესმით ეს საკითხები. რატომ ეჯიბრებიან ეს ადამიანები ასე გააფთრებით ერთმანეთს, რომ ემსახურონ და ასიამოვნონ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს? ეს ყველაფერი ხომ შეცდენის სურვილს უკავშირდება? ამის ხმამაღლა თქმა არც არის საჭირო; ყველამ იცის, რაც ხდება. ეს არის ის, რაც ხალხმა კარგად უწყის, რაც აშკარად შეუფერებელია, თუმცა ის ადამიანი უარს არ ამბობს და ჩუმად თანხმდება — რა ეწოდება ამას? ამას ფლირტი ჰქვია. მათ იციან, რომ ეს ქალისა და მამაკაცის ცდუნებას ეხება, მაგრამ იმ მღელვარების გამო, რაც ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებას მოაქვს, უარის თქმა არ სურთ. ისინი გრძნობენ, რომ ეს განცდა ერთგვარი სიამოვნებაა, რაც იმაზე უკეთესიც კია, ვიდრე ნებისმიერი გემრიელი საჭმელი ამ ქვეყანაზე, ამიტომ არ ამბობენ უარს. როდესაც აღნიშნული პირი უარს არ ამბობს, მისი მაცდუნებლები კიდევ უფრო ხარობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ ისინი მოსწონს მას და შინაგანად ტკბებიან ამ ვითარებით. ხოლო ის ადამიანი ფიქრობს, რომ სანამ რაიმე მნიშვნელოვანი არ მომხდარა ურთიერთობაში, ეს სერიოზულად არ ითვლება, რომ არამორწმუნეებს შორის გარყვნილება ბევრად უარესია და რომ ეს მაქსიმუმ შეცდენად შეიძლება ჩაითვალოს, რაც ჩვეულებრივ პაემნებს ჰგავს. მაგრამ განა პაემნები ასეთი უნდა იყოს? დღეს ერთთან, ხვალ მეორესთან, დაუფიქრებლად და მუდმივად ჩაბმულნი არიან ყველასთან პაემნებსა და შეცდენაში. სადაც კი მიდიან, ასეთი გარყვნილი ადამიანები პრიორიტეტს ანიჭებენ ავხორცული სურვილების დაკმაყოფილებას, თავის გამოჩენასა და შეცდენას. რაც უფრო მეტ ადამიანს აცდუნებენ, მით უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. რა ხდება საბოლოოდ? ასეთი არაერთგზისი თავის გამოჩენის შემდეგ, ზოგიერთი ძმა და და ამჩნევს მათ საქციელს და ერთობლივად წერს წერილს ზემდგომ წინამძღოლებს. გამოძიება ადასტურებს მათ პრეტენზიებს და ამ გარყვნილ ადამიანს მოიცილებენ ეკლესიიდან. ხედავთ, რა ხდება? განა მათი ღვთის რწმენის გზა იქ არ მთავრდება? მათი შედეგი გამოაშკარავებულია. მათი ქმედებები და საქციელი, რაც ხალხისთვის აუტანელია, ღვთისთვის კიდევ უფრო საძულველია. ამ ადამიანების მიერ გამოვლენილი საქციელი არ წარმოადგენს სათანადო ურთიერთობებს ადამიანებს შორის და არც ნორმალური ადამიანის საჭიროებებს ასახავს. მათი ქმედებები შეიძლება აღიწეროს მხოლოდ ერთი სიტყვით: გარყვნილება. რას გულისხმობს გარყვნილება? ეს ნიშნავს დაუფიქრებლად ჩაბმას საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში, სხვების უპასუხისმგებლოდ შეცდენას საკუთარი ნებისამებრ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიზიდვასა და შევიწროებას. ეს არის ვნებებით თამაში, რაც კეთდება საფასურისა თუ შედეგების გაუთვალისწინებლად. თუ საბოლოოდ ვინმე წამოეგება ანკესს და ჩაებმება მათთან რომანტიკულ ფლირტში, ისინი შემდეგ უარს ამბობენ ამის აღიარებაზე და ამბობენ: „უბრალოდ ვხუმრობდი. სერიოზულად მიიღე? მართლა კი არ ვგულისხმობდი; ზედმეტს ფიქრობ ამაზე“. განა ეს არ არის ეშმაკი, რომელიც ადამიანებს აცდუნებს? ერთი ადამიანის შეცდენის შემდეგ მომდევნო სამიზნეს ეძებენ და სხვებს აცდუნებენ. რა საშინელნი და ბოროტნი არიან! ვინმეს შეცდენის შემდეგ კი უარს ამბობენ ამის აღიარებაზე. თუ ვინმე შეცდომაში შეჰყავს ასეთ ადამიანს და ამ ქსელში ებმება, განა ეს ამაზრზენი არ არის? (დიახ.) არიან თუ არა საძულველნი ადამიანები, რომლებიც სხვებს დაუფიქრებლად აცდუნებენ? (დიახ.) ღვთის სახლმა თავიდანვე განაცხადა, რომ თუ ადამიანი ქორწინების ასაკს მიაღწევს და ზრდასრულია, ღვთის სახლი არ ეწინააღმდეგება მათ ნორმალურ პაემნებს ან მათ დაქორწინებას და დღეების ერთად ნორმალურად გატარებას, და რომ ის ნებას რთავს მათ და აძლევს თავისუფლებას, ჩაებან აღნიშნულში. თუმცა, არსებობს რამდენიმე პირობა: გარყვნილ საქმიანობაში ჩაბმა დაშვებული არ არის; დაუფიქრებლად შეცდენა და ფლირტი, და საპირისპირო სქესის შევიწროება, ნებადართული არ არის. ღვთის სახლი არ ზღუდავს პაემნებს, მაგრამ არ უშვებს დაუფიქრებელ შეცდენას. რას ნიშნავს დაუფიქრებელი შეცდენა? ეს ნიშნავს საპირისპირო სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის შევიწროებას და, ამის გაკეთების შემდეგ, იმის უღიარებლობას, რაც ჩაიდინეს. ის ადამიანები, რომლებსაც ისინი ავიწროებენ, მათი ნამდვილი სიყვარული არ არის; მათ არ აქვთ განზრახული გრძელვადიანი ურთიერთობების გაბმა ან დაქორწინება, არამედ მხოლოდ შეცდენა, სხვა ადამიანთან თამაში, მისგან სიამოვნების მიღება, მღელვარების ძიება, რამდენიმე პარტნიორთან კავშირი და გარყვნილად მოქცევა სურთ — ამას გარყვნილება ეწოდება. ეკლესიაში გარყვნილება დაშვებული არ არის და თუ ეს მოხდება, აღნიშნულში გარეულ პირებს უნდა მოეპყრონ ხალხის გაწმენდის პრინციპების შესაბამისად. რა თქმა უნდა, სახარების ჯგუფებში ასეთი გარემოებების დაშვება ნებადართული არ არის მათთვის, ვინც სახარებას ქადაგებს, იქნებიან ისინი სრულ განაკვეთზე მომუშავე ეკლესიებიდან თუ ჩვეულებრივი ეკლესიებიდან. თუ ვინმე სახარების ქადაგების საბაბს იყენებს სხვების დაუფიქრებლად შესაცდენად, თანამშრომლობისთვის მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ირჩევს, ან სახარებას მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს უქადაგებს, რითაც ამ შესაძლებლობას შეუფერებელ ურთიერთობებში ჩასაბმელად იყენებს, ეს არღვევს და ხელს უშლის ღვთის სახარებისეულ საქმეს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდონ ეკლესია ასეთი ადამიანებისგან.
საპირისპირო სქესის წარმომადგენლების პოვნისა და გარყვნილ საქმიანობაში ჩაბმის მიზნით, ზოგიერთი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს ასაკს და არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. ისინი უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცდუნონ, ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე. ზოგიერთი არა მხოლოდ ხორციელი ვნებებით იკმაყოფილებს თავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლების შეცდენით, არამედ მეორე მხარისგან საცხოვრებელი ხარჯების გადახდას, ნივთების ყიდვას და სხვა მსგავს რამეებსაც კი მოითხოვს. თუ აღმოაჩენთ ასეთ ადამიანებს ან ვინმე შეგატყობინებთ ასეთი შემთხვევების შესახებ, მათ მიმართ ზომები დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს. ერთადერთი გამოსავალი ამ ადამიანების მოცილებაა, მათი სამუდამოდ მოცილება. ეს იმიტომ, რომ მათთვის, ვისაც ასეთი პრობლემები აქვს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის დროებითი პრობლემა. განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც დაქორწინებულია — მიუხედავად იმისა, რომ სახლში მეუღლე ჰყავთ, ისინი მაინც მიზანმიმართულად იღებენ მიზანში საპირისპირო სქესს სახარების ქადაგების საბაბით. ისინი ეძებენ ნებისმიერ ადამიანს, მდიდარს თუ ღარიბს, და თუ იპოვიან ვინმეს, ვინც მოსწონთ, შეიძლება მასთან ერთად გაიქცნენ კიდეც, სახარებას აღარც კი ქადაგებენ — უბრალოდ აღარ სწამთ ღმერთის. თუ ასეთი ადამიანების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მოხერხდება, ისინი სწრაფად და სამუდამოდ უნდა მოცილდნენ სახარების მქადაგებელთა რიგებიდან, ყოველგვარი კიდევ ერთი შანსის მიცემისა და შემდგომი დაკვირვების საჭიროების გარეშე. გესმით? ზოგიერთი ამბობს: ზოგისთვის ცხოვრება რთულია. თუ ისინი აცდუნებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ოჯახის შესაქმნელად და მეორე ადამიანს შეუძლია იწამოს ღმერთის და მხარი დაუჭიროს მათ, განა ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია არ იქნება?“ გეუბნებით, ასეთი ადამიანები რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა მოცილდნენ; ისინი ამას საერთოდ არ აკეთებენ ოჯახური ცხოვრებისთვის, არამედ გარყვნილ საქმიანობაში ჩასაბმელად. რატომ ვარ ასე დარწმუნებული? ისინი რომ არ ყოფილიყვნენ გარყვნილ საქმიანობაში ჩაბმის მოყვარულნი, მაშინ ღვთის რწმენაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ გააგრძელებდნენ ასეთ საქციელს და ეს მათთვის საზიზღარი იქნებოდა, განსაკუთრებით თუ დაქორწინებულნი არიან. ახლანდელი ტენდენციები მთელ მსოფლიოში გარყვნილი და ბოროტია; ადამიანები ეძლევიან ვნებებს და ეჯიბრებიან ერთმანეთს იმაში, თუ ვინ უფრო მეტ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს აცდუნებს ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, რადგან ეს საზოგადოება და ეს კაცობრიობა არ გმობს და არ დასცინის ამგვარ ქმედებებს. ასე რომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ მათ შეუძლიათ ფულის შოვნა გარყვნილ საქმიანობაში ჩაბმითა და საკუთარი სხეულის გაყიდვით, ეს ნიჭის ან უნარის ნიშანია. ისინი ამას საამაყოდ მიიჩნევენ. თუმცა, ღვთის რწმენაში მოსვლის შემდეგ, ადამიანების შეხედულებები ამ საკითხებზე სრულიად იცვლება. ისინი პოულობენ ხორციელი ვნებების მოთოკვის სწორ გზას, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავშეკავებას გულისხმობს. როგორ შეუძლია ადამიანს თავშეკავების გამოვლენა? ადამიანები უნდა იცნობდნენ სირცხვილს და ჰქონდეთ სირცხვილის გრძნობა. აი, ამას ეწოდება ნორმალური ადამიანობა. ყველას აქვს ხორციელი ვნებები, მაგრამ ადამიანებს თავშეკავება მართებთ, უნდა ჰქონდეთ სირცხვილის გრძნობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქვთ რაიმე მსგავსი ფიქრები, თავი უნდა შეიკავონ, რადგან სწამთ ღმერთის და აქვთ სინდისი და გონიერება. ისინი, რა თქმა უნდა, არ უნდა აჰყვნენ გონებაში გაჩენილ შეუფერებელ აზრებს, მით უმეტეს, არ უნდა მისცენ მათ გასაქანი. ამ პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტება უნდა ეძიონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ახალი მორწმუნეები არიან, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება, მაინც უნდა შეაფასონ საკუთარი თავი ადამიანური მორალის ყველაზე ელემენტარული სტანდარტების შესაბამისად. თუ ამ დონის თავშეკავებაც კი გაკლია, მაშინ გაკლია ნორმალური ადამიანობა და ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი სინდისი და გონიერება. ყველანაირი ცხოველი ემორჩილება გარკვეულ წესრიგს და მიჰყვება წესებს ამ მხრივ, არ იქცევა უგუნურად; ხოლო ადამიანები კიდევ უფრო ნაკლებად უნდა იქცეოდნენ უგუნურად და კიდევ უფრო დიდი თავშეკავება უნდა ჰქონდეთ. თუ ამ დონის თავშეკავება და თვითკონტროლიც კი გაკლია, როგორ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტების ძიებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების იმედი? თუ საკუთარი ბოროტი ვნების დაძლევაც კი არ შეგიძლია, როგორ შეძლებ შენი გახრწნილი ხასიათის შეცვლას? შენი ღვთის შემწინააღმდეგებელი და მოღალატე ბუნების გამოსწორება კიდევ უფრო შეუძლებელი იქნებოდა, ასე არ არის? (დიახ.) თუ ხორციელი ვნებების დაძლევაც კი არ შეგიძლია, მაშინ როგორ შეიძლება გახრწნილი ხასიათის შეცვლის იმედი გქონდეს? ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამას ვერ მიაღწევ.
ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ეძებს პაემნებზე სიარულის შესაძლებლობებს სახარების ქადაგებისას და ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. ვინც თავის მოვალეობას ივიწყებს და სასიყვარულო საქმეებს ჩვეულებად აქცევს, უკვე მოცილებული და დასჯილია, ხოლო მათ, ვისაც შეცდომა იშვიათად მოსდით, გაფრთხილება ეძლევათ. როგორც კი ეს უკეთური ხასიათის მქონე ადამიანები შესაფერის პირობებში აღმოჩნდებიან და შეხვდებიან მას, ვისაც საყვარლად მიიჩნევენ, მაშინვე ცდუნებაში ვარდებიან. მათი განზრახვა, რომ ღვთის რწმენით კურთხევა მიიღონ, ამგვარად ქრება მათ უკეთურ ვნებაში. როგორც კი რომანტიკულ ურთიერთობას იწყებენ, ყველაფერს ივიწყებენ, კურთხევის მიღების განზრახვაზეც კი უარს ამბობენ და მხოლოდ ხორციელ ბედნიერებას ესწრაფვიან. ერთი ან ორი შეცდომის შემდეგ მათ შეიძლება ცოტათი დაეუფლოთ თვითგვემისა და სასოწარკვეთილების გრძნობა, მაგრამ სამი ან ოთხი შემთხვევის შემდეგ ეს უკვე გარყვნილებად იქცევა. როგორც კი გარყვნილება დამკვიდრდება, ისინი აღარ გრძნობენ თვითგვემას ან სასოწარკვეთილებას, რადგან სირცხვილის ის ზღვარი, რაც ადამიანობის ძირითადი საფუძველია, უკვე დარღვეულია. ისინი გარყვნილებას სირცხვილად აღარ მიიჩნევენ და ამიტომ აღარ ჩერდებიან. ისინი, ვისაც შეუძლიათ განაგრძონ გარყვნილ საქმიანობაში მონაწილეობა, განსაკუთრებით ეძლევიან ხორციელ ვნებებს და არანაირ თავშეკავებას არ ავლენენ. ასეთი პირები არ დაიშვებიან ეკლესიაში და მათგან უნდა გაიწმინდოს ეკლესია; ნუ მისცემთ გასაქანს და ნუ მოიფიქრებთ მიზეზებს მათ დასატოვებლად. ღვთის სახლს არ აკლია ადამიანები სახარების საქადაგებლად; მას ადგილების შესავსებად ასეთი მრუშები არ სჭირდება, რადგან ეს სასტიკად შეურაცხყოფს ღვთის სახელს. ამიტომ, თუ ვინმე შეატყობინებს ან თუ თავად აღმოაჩენ ასეთ პირებს სახარების მქადაგებელ გუნდში, უნდა იცოდე, როგორ მოიქცე. თუ ზოგიერთ ახალ მორწმუნეს აქვს ეს პრობლემა, მაშინ, პირველ რიგში, თანაზიარება უნდა გქონდეთ ჭეშმარიტებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ყველამ იცოდეს, როგორია ეკლესიის პრინციპები და დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც გარყვნილ ქმედებებს სჩადის. მინიმუმ, მათ უნდა მიეცეთ პირველადი გაფრთხილება, რათა თავიდან აიცილონ ამგვარ ქმედებაში ჩაფლობა და სახარების ქადაგების გამოყენება ასეთ ქმედებებში ჩაბმის შესაძლებლობად, და, საბოლოოდ, პასუხისმგებელ პირებს ან წინამძღოლებსა და მუშაკებს არ დააბრალონ, რომ წინასწარ არ ჰქონდათ თანაზიარება შესაბამის ჭეშმარიტება-პრინციპებზე. ამიტომ, სანამ ასეთი შემთხვევები მოხდება, სანამ ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, როგორია ღვთის სახლის დამოკიდებულება ასეთი პირებისა და საკითხების მიმართ, როდესაც ადამიანებისთვის გაურკვეველია ეს თემები, წინამძღოლებსა და მუშაკებს მკაფიოდ და ნათლად უნდა ჰქონდეთ თანაზიარება ამ პრინციპებზე მათთან, რათა იცოდნენ, თუ რა სახის ქცევასა და ბუნებას მიეკუთვნება ეს საკითხები და როგორია ღვთის სახლის დამოკიდებულება ასეთი საკითხებისა და პირების მიმართ. მას შემდეგ, რაც ეს პრინციპები საფუძვლიანად იქნება თანაზიარებული, თუ ისინი კვლავ თავის გზას მიჰყვებიან და აგრძელებენ მოქმედებას ამ პრინციპების ცოდნის მიუხედავად, მაშინ მათ მიმართ ზომები უნდა იქნას მიღებული და ისინი უნდა მოიშორონ, უნდა მოცილდნენ. თუ ასეთი პირები გამოჩნდებიან ეკლესიაში, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს სხვების შეცდენით ან ხშირად აწუხებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მათ ნამდვილად აქვთ პრობლემები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე სერიოზული შემთხვევა არ მომხდარა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააფრთხილონ ეს პირები და მიიღონ ზომები მათ მიმართ, ან მოაშორონ ისინი იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანები მოვალეობებს ასრულებენ; მძიმე შემთხვევებში კი, ისინი პირდაპირ უნდა მოცილდნენ. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება ადამიანობის გამოვლინების მეშვიდე ასპექტთან დაკავშირებით.
18 დეკემბერი, 2021 წ.