სულიერი მონაცემების ამაღლება ღვთის ხსნის მისაღებადაა საჭირო
ადამიანთა სულიერი მონაცემების ამაღლება ნიშნავს, რომ თქვენ აღქმის უნარის გაუმჯობესება მოგეთხოვებათ, რათა შეძლოთ ღვთის სიტყვების გაგება და იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ მათ შესაბამისად. ეს ყველაზე მთავარი მოთხოვნაა. თუ შენ მომყვები ისე, რომ არ გესმის, რას ვამბობ, განა შენი რწმენა არეული არ არის? რაც უნდა ბევრი სიტყვა წარმოვთქვა, თუ ისინი თქვენს აღქმას აღემატება, თუ ვერაფრით იგებთ იმას, რასაც უნდა ვამბობდე, ეს ნიშნავს, თქვენი სულიერი მონაცემები დაბალია. აღქმის უნარის გარეშე თქვენ არაფერი გესმით ჩემი ნათქვამიდან, რაც ძალიან ართულებს სასურველი შედეგის მიღწევას; ბევრი რამაა, რასაც პირდაპირ ვერ გეუბნებით და განზრახული შედეგი ვერ მიიღწევა, რის გამოც დამატებითი მუშაობაა საჭირო. ვინაიდან თქვენი აღქმის უნარი, საგნების დანახვის უნარი და ცხოვრებისეული სტანდარტები მეტისმეტად მწირია, თქვენ მიმართ უნდა შესრულდეს „სულიერი მონაცემების ამაღლების“ საქმე. ეს გარდაუვალია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მხოლოდ ამგვარად შეიძლება გარკვეული შედეგის მიღწევა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა ამაო იქნებოდა. და განა მაშინ ყველას ცოდვილად არ დაამახსოვრდებით? განა დედამიწის ყველაზე საძაგელ ადამიანებად არ იქცევით? განა არ იცით, რა საქმე სრულდება თქვენზე და რა მოგეთხოვებათ? უნდა გააცნობიეროთ თქვენი სულიერი მონაცემები: ისინი საერთოდ არ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. და განა ეს არ აფერხებს ჩემს საქმეს? თქვენი ამჟამინდელი სულიერი მონაცემებისა და ზნეობის გათვალისწინებით, თქვენ შორის არცერთი არ არის ჩემთვის მოწმობის ღირსი და არცერთ თქვენგანს არ შესწევს ძალა, მხრებით ატაროს ჩემი მომავალი საქმის მძიმე პასუხისმგებლობა. ნუთუ ღრმა სირცხვილს არ გრძნობთ? თუ ასე გააგრძელებთ, როგორ შეძლებთ ჩემი განზრახვების დაკმაყოფილებას? შენ უნდა გაამდიდრო შენი სიცოცხლე. დროს ფუჭად ნუ დახარჯავ — ამის გაკეთებას არანაირი ღირებულება არ აქვს. უნდა იცოდე, რითი უნდა იყო აღჭურვილი. ნუ გგონია, რომ ყოვლრისმცოდნე ხარ — ჯერ კიდევ გრძელი გზა გაქვს გასავლელი! კიდევ რა არის სათქმელი, თუ ელემენტარული ადამიანური საღი აზრიც კი არ გაგაჩნია? განა ეს ყველაფერი ამაო არ არის? რაც შეეხება იმ ადამიანობასა და სულიერ მონაცემებს, რომელთაც მე ვითხოვ, თქვენ შორის არცერთი არ აკმაყოფილებს სტანდარტს სრულად. უკიდურესად რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გამოსაყენებლად ვარგისია. თქვენ გგონიათ, რომ ძალგიძთ ჩემთვის უფრო დიდი საქმის გაკეთება და ჩემგან უფრო დიდი რამეებისთვის ნდობის მოპოვება; სინამდვილეში კი ისიც კი არ იცით, როგორ შეხვიდეთ ბევრ იმ გაკვეთილში, რომლებიც თქვენ თვალწინ არის — მაშ, როგორ შეძლებთ უფრო ღრმა ჭეშმარიტებებში შესვლას? თქვენი შესვლა ფენებად და ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს. ის ქაოსური არ უნდა იყოს — ეს კარგი არ არის. დაიწყეთ ყველაზე ზედაპირული შესვლით: ეს სიტყვები სტრიქონ-სტრიქონ წაიკითხეთ, სანამ არ მიაღწევთ გაგებასა და სიცხადეს. როდესაც ღვთის სიტყვებს კითხულობთ, უბრალოდ თვალს ნუ გადაავლებთ, თითქოს ცხენით ჯირითისას ყვავილებით ტკბებოდეთ, და ნურც მხოლოდ თავის მოსაჩვენებლად გააკეთებთ ამას. ასევე შეგიძლია წაიკითხო ზოგიერთი საცნობარო წიგნი (მაგალითად, წიგნები გრამატიკაზე ან რიტორიკაზე) შენი ცოდნის გასაუმჯობესებლად. ნუ წაიკითხავ ისეთ წიგნებს, როგორებიცაა სასიყვარულო რომანები, გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები ან წიგნები სოციალურ მეცნიერებებზე; მათგან სარგებელი არ არის და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. შენ უნდა დაეუფლო ყოველივე იმას, რაშიც უნდა შეხვიდე და რაც უნდა გაიგო. ადამიანთა სულიერი მონაცემების ამაღლების მიზანია, საკუთარი არსის, ვინაობის, სტატუსისა და ღირებულების გაცნობიერება. უნდა გესმოდეთ, ღვთის რწმენისას რატომ უნდა ისწრაფოდნენ ადამიანები ჭეშმარიტებისკენ და დასაშვებია თუ არა, რომ ადამიანებმა არ აიმაღლონ თავიანთი სულიერი მონაცემები. აუცილებელია, განაგრძოთ საკუთარი თავის განათლება; ეს არ უნდა გადააგდოთ! უნდა გესმოდეთ, რატომ უნდა ამაღლდეს ადამიანთა სულიერი მონაცემები, როგორ უნდა ამაღლდეს და რომელ ასპექტებში უნდა მოხდეს შესვლა. უნდა გესმოდეთ ნორმალური ადამიანობით ცხოვრების მნიშვნელობა, რატომ უნდა შესრულდეს ეს საქმე და რა როლი უნდა შეასრულოს ადამიანმა. მაგალითად, განათლების მიღებისას, უნდა გესმოდეთ, რომელი ასპექტები უნდა შეისწავლოთ და როგორ უნდა მოხდეს ადამიანის შესვლა მათში. ყველამ უნდა იცოდეთ, რა არის განათლების მიღების მიზანი. განა ეს ღვთის სიტყვების გაგება და ჭეშმარიტებაში შესვლა არ არის? რა ჭარბობს დღეს ეკლესიებში? როდესაც ადამიანებს განათლების მიღებას ავალენებ, ისინი ღვთის სიტყვებით ტკბობას ივიწყებენ და მთელი დღე განათლების მიღების გარდა არაფერს აკეთებენ. თუ მათგან ნორმალური ადამიანობით ცხოვრებას მოითხოვთ, ისინი მხოლოდ სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე ან სამზარეულოს ნივთების ყიდვაზე იზრუნებენ. მხოლოდ ამ რაღაცებზე იქნებიან კონცენტრირებულნი; იმასაც კი ვერ გააცნობიერებენ, როგორ იცხოვრონ ჩვეულებრივი საეკლესიო ცხოვრებით. თუ ამგვარ გარემოებებში ხართ, ესე იგი გადაუხვიეთ თქვენს პრაქტიკას. მაშინ, რატომ გთხოვენ სულიერ ცხოვრებაში შესვლას? მხოლოდ ამ საგნების სწავლით არ გექნება უნარი იმის მისაღწევად, რაც მოგეთხოვება. სიცოცხლეში შესვლა კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის; ამავდროულად, ამ საქმის კეთების მიზეზი არის იმ სირთულეების დაძლევა, რომლებსაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებაში აწყდებიან. შენი სულიერი მონაცემების ამაღლება გაძლევს ადამიანის ბუნებისა და ადამიანის არსის ცოდნას, რომლის მთავარი მიზანია, გაიზარდოს ადამიანთა სულიერი ცხოვრება და შეიცვალოს მათი ხასიათი. უნდა იცოდე, როგორ გამოეწყო და თავი ლამაზად წარმოაჩინო, შეიძლება გამჭრიახი და ბრძენი იყო, და მაინც, საბოლოოდ, როდესაც სამუშაოდ წასვლის დღე დადგება, ამას ვერ შეძლებ. ამრიგად, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, თუ კიდევ რა უნდა გაკეთდეს შენი სულიერი მონაცემების ამაღლებისას. მიზანი შენი შეცვლაა; შენი სულიერი მონაცემების ამაღლება კი დამატებითია. არ ივარგებს, თუ შენი სულიერი მონაცემები არ გაუმჯობესდება და კიდევ უარესი იქნება, თუ შენი ხასიათი არ შეიცვლება. არცერთის გამოტოვება არ შეიძლება. ნორმალური ადამიანობის ქონა არ ნიშნავს ხმამაღალ მოწმობას — შენგან რაც მოითხოვება, მარტივი არ არის.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანთა სულიერი მონაცემები ამაღლდება, ისინი მიაღწევენ ნორმალური ადამიანობის მქონე ხალხის გონიერებასა და ცხოვრების წესს და ექნებათ სიცოცხლეში შესვლა — მხოლოდ მაშინ ექნებათ მათ ცვლილებები და დამოწმებები, რომლებზე საუბარსაც შეძლებენ. როდესაც მოწმობის დღე დადგება, შენ ასევე უნდა ისაუბრო შენს ადამიანურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე და ღვთის შესახებ შენში არსებულ ცოდნაზე. მხოლოდ ამ ორი ასპექტის ერთობლიობაა შენი ჭეშმარიტი მოწმობა და შენი მოსავალი. არაა საკმარისი, რომ შენი ადამიანობა გარეგნულად შეიცვალოს, მაგრამ შინაგანად გაგება არ გქონდეს; არც ის გამოდგება, თუკი შინაგანად გაგება და ჭეშმარიტება გაქვს, მაგრამ საბოლოოდ უგულებელყოფ ცხოვრებაში შენი ნორმალური ადამიანობის გამოვლენას. ის საქმე, რომელიც დღეს შენზე სრულდება, საჩვენებლად კი არ არის, არამედ შენ შესაცვლელადაა. რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ მხოლოდ შენი თავის შეცვლაზე კონცენტრირდე. არ ივარგებს ყოველდღე წერა და მოსმენა, მაშინ როდესაც სხვა არაფერია შენს ცხოვრებაში; ყველა ასპექტში უნდა გქონდეს შესვლა. უნდა გქონდეს წმინდანის ნორმალური ცხოვრება. ბევრი და ისე იცვამს, როგორც ახალგაზრდა ქალბატონები, ხოლო ძმები — როგორც დიდებულები ან დიდკაცები, სრულიად მოკლებულნი წმინდანთა წესიერებას. ერთი საქმეა ადამიანის სულიერი მონაცემების ამაღლება — ეს თავისთავად მიიღწევა, მეორე საქმეა ღვთის სიტყვების ჭამა და სმა — ეს არის მთავარი. შენი სულიერი მონაცემები რომ ამაღლებულიყო, მაგრამ საბოლოოდ არ გამოგეყენებინა იმის გამო, რომ არ ჭამე და არ სვი ღვთის სიტყვები, განა ფუჭი არ იქნებოდა სწავლაში დახარჯული ძალისხმევა? ორივე ასპექტი უნდა გაერთიანდეს. რატომ ხდება ღვთის შესახებ ცოდნის ხსენება, როდესაც განიხილება ის, რაც შენგან მოითხოვება? განა ეს მომავალი საქმის შედეგების გულისთვის არ არის? მას შემდეგ, რაც დაგიპყრობენ, უნდა შეძლო გამოცდილებითი დამოწმება. არ ივარგებს, თუ გარეგნულად ნორმალური ადამიანობის იერი გაქვს, მაგრამ საბოლოოდ, არ შეგიძლია შენი გამოცდილების სიტყვებით გადმოცემა. ნორმალური სულიერი ცხოვრების ქონისას, ასევე უნდა მიაღწიო ნორმალურ ადამიანობას, რომლის მრავალი ასპექტიც თავისთავად ისწავლება. გგონია, რომ იატაკის დაგვას რაიმე განსაკუთრებული პრაქტიკა სჭირდება? კიდევ უფრო უარესია, როდესაც მთელ საათს ატარებ იმის ვარჯიშში, თუ როგორ გეჭიროს ჩხირები ჭამის დროს! რა ასპექტებს მოიცავს ნორმალური ადამიანობა? გამჭრიახობას, გონიერებას, სინდისსა და პატიოსნებას. თუ შეძლებ ნორმალურობის მიღწევას თითოეულ ამ ასპექტში, შენი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისი იქნება. უნდა გქონდეს ნორმალური ადამიანის მსგავსება, უნდა ჰგავდე ღვთის მორწმუნეს. არ მოგეთხოვება ძალიან ბევრის მიღწევა ან დიპლომატიაში ჩაბმა; უბრალოდ ნორმალური ადამიანი უნდა იყო ნორმალური ადამიანის გონიერებით, შეგეძლოს საგნების არსის წვდომა და, სულ მცირე, ნორმალურ ადამიანს ჰგავდე. ეს საკმარისი იქნება. ყოველივე, რაც დღეს მოგეთხოვება, შენი შესაძლებლობების ფარგლებშია; ეს არ არის თევზისთვის ხმელეთზე ცხოვრების იძულების შემთხვევა. არავითარი უსარგებლო სიტყვა ან უსარგებლო საქმე არ შესრულდება შენზე. მთელი ის სიმახინჯე, რომელიც შენს ცხოვრებაში გამოიხატება ან აშკარავდება, მოშორებული უნდა იქნეს. თქვენ გახრწნილნი ხართ სატანის მიერ და სავსე ხართ სატანის შხამებით. შენგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ ეს სატანური, გახრწნილი ხასიათი მოიშორო. არ მოგეთხოვება, რომ გახდე მაღალი თანამდებობის პირი, ან ცნობილი, ან გამოჩენილი ადამიანი. ამას არავითარი აზრი არ აქვს. საქმე, რომელიც თქვენზე ხორციელდება, სრულდება იმის შესაბამისად, რაც თქვენში ბუნებრივად არის. რასაც მე ადამიანებისგან ვითხოვ, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული. ინტელექტუალებისთვის დამახასიათებელი მეტყველების სტილსა და ტონში ვარჯიშს რომ მისდევდეთ, ეს არ ივარგებდა; ამის გაკეთებას ვერ შეძლებდით. თქვენი სულიერი მონაცემების გათვალისწინებით, სულ მცირე, უნდა შეგეძლოთ სიბრძნითა და ტაქტით საუბარი და საგნების ნათლად და გასაგებად ახსნა. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ესაა საჭირო. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გამჭრიახობასა და გონიერებას შეიძენ, ეს საკმარისი იქნება. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი შენი სატანური, გახრწნილი ხასიათის მოშორებაა. შენ უნდა მოიშორო ის სიმახინჯე, რომელიც შენში ვლინდება. როგორ შეგიძლია ისაუბრო უზენაეს გონიერებასა და უზენაეს გამჭრიახობაზე, თუ მათ არ მოიშორებ? ბევრი ადამიანი, რომელიც ეპოქის ცვლილებას ხედავს, მოკლებულია ყოველგვარ თავმდაბლობასა თუ მოთმინებას და შეიძლება მათ არც სიყვარული ან წმინდანთა წესიერება ჰქონდეთ. რა აბსურდულები არიან ასეთი ადამიანები! აქვთ კი ნორმალური ადამიანობის თუნდაც ნატამალი? აქვთ კი რაიმე მოწმობა, რომელზე საუბარსაც შეძლებდნენ? ისინი სრულიად მოკლებულნი არიან გამჭრიახობასა თუ გონიერებას. რა თქმა უნდა, ადამიანთა პრაქტიკის ზოგიერთი ასპექტი, რომელიც დამახინჯებულია, გამოსწორებას საჭიროებს; მაგალითად, მათი ძველი, ხისტი სულიერი ცხოვრება და მათი გაყინული და უაზრო იერი — ყოველივე ეს უნდა შეიცვალოს. ცვლილება არ ნიშნავს იმის დაშვებას, რომ უწესო გახდე ან ხორცი გაანებივრო და ილაპარაკო ყველაფერი, რაც მოგესურვება. ენა არ უნდა აიშვა. ნორმალური ადამიანის მეტყველება და ქცევა ნიშნავს თანმიმდევრულად საუბარს, თქმას „დიახ“, როდესაც გულისხმობ „დიახ“-ს, და „არა“-ს, როდესაც გულისხმობ „არა“-ს, ფაქტებზე დამყარებას, შესაფერისად საუბარს, ტყუილისა და სიცრუის ართქმას. უნდა გესმოდეთ ის საზღვრები, რომლებსაც ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ხასიათის შეცვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალობაში შესვლას ვერ შეძლებ.