შეამზადეთ საკმარისი კეთილი საქმენი თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის

მე მრავალი საქმე აღვასრულე თქვენს შორის და, რა თქმა უნდა, მრავალი სიტყვაც წარმოვთქვი. თუმცა, ვერ განვდევნე განცდა, რომ სიტყვამან ჩემმან და საქმემან ჩემმან უკანასკნელ დღეებში სრულად ვერ აღასრულა ჩემი საქმის მიზანი. რამეთუ ამ უკანასკნელ დღეებში ჩემი საქმე მიმართულია არა ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისკენ, არამედ ჩემი თანდაყოლილი ხასიათის გამოვლინებისკენ, თუმცა, უამრავი მიზეზის გამო — შესაძლოა დროის სიმცირისა თუ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო — ადამიანებს ჩემი ხასიათიდან ჩემი არავითარი შემეცნება არ მიუღიათ. ამიტომ ვიწყებ ჩემი ახალი გეგმის განხორციელებას, ჩემს საბოლოო საქმეს და ახალ ფურცელს ვშლი ჩემს საქმეში, რათა ყოველი, ვინც მიხილავს, მკერდში იცემდეს ხელს, ქვითინებდეს და განუწყვეტლივ მოთქვამდეს ჩემი არსებობის გამო, რადგან მე მომაქვს კაცობრიობის დასასრული ქვეყანასა ზედა და ამიერიდან სრულად განვაშიშვლებ ჩემს ხასიათს კაცთა წინაშე, რათა ყველამ - ვინც მიცნობს და ვინც არ მიცნობს, იხილოს და გულისხმაჰყოს, რომ მე ჭეშმარიტად მოველ კაცთა სამყაროში, მოველ მიწაზე, სადაც ყოველივე მრავლდება. ეს არის ჩემი გეგმა და ჩემი ერთადერთი „აღსარება“ კაცობრიობის შექმნიდან დღემდე. დაე, სრულად მოაპყარით თვალი და გული ჩემს ყოველ ნაბიჯს, რამეთუ ჩემი კვერთხი კვლავ უახლოვდება კაცობრიობას, ყველას, ვინც მე მეწინააღმდეგება.

ზეცასთან ერთად ვიწყებ იმ საქმეს, რომელიც უნდა აღვასრულო. ასე მივიკვლევ გზას ხალხთა ნაკადში, ავდივარ ზეცაში და ჩამოვდივარ მიწაზე ისე, რომ ვერავინ ამჩნევს ჩემს ნაბიჯებს და არავის ესმის ჩემი სიტყვა. ამიტომაც ჩემი გეგმა მშვიდად და შეუფერხებლად ხორციელდება. უბრალოდ, თქვენი გრძნობები და აღქმის უნარი იმდენად დაჩლუნგებულია, რომ ვერ ამჩნევთ ჩემს ნაბიჯებს. თუმცა უეჭველად დადგება დღე, როცა თქვენ შეიცნობთ ჩემს განზრახვას. დღეს მე თქვენთან ერთად ვცხოვრობ და თქვენთან ერთად განვიცდი ტანჯვას და დიდი ხანია ვიცი კაცობრიობის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. არ მსურს ამაზე მეტის თქმა და მით უფრო, თქვენი შერცხვენა ამ მტკივნეული თემის კვლავ გახსენებით. მხოლოდ ის მსურს, რომ თქვენს გულებში ჩაიხედოთ და გაიხსენოთ ყოველივე, რაც ჩაგიდენიათ, რათა ჩვენი შემდეგი შეხვედრის დღეს ანგარიში გავასწოროთ. არ მსურს რომელიმე თქვენგანს ცრუ ბრალდება წავუყენო, რადგან ყოველთვის სამართლიანად, პატიოსნად და ღირსეულად ვიქცეოდი. ამასთანავე, ვიმედოვნებ, რომ იქნებით ღირსეულნი და არ ჩაიდენთ არაფერს, რაც ეწინააღმდეგება ზეცას, მიწასა და თქვენსავე სინდისს. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც თქვენგან ვითხოვ. კაცთაგან ბევრი მოუსვენრობასა და შინაგან შფოთვას განიცდის, რადგან სასტიკი ბოროტება აქვს ჩადენილი; ბევრი კი სირცხვილით იწვის, რადგან არც ერთი კეთილი საქმე არ გაუკეთებია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ცოდვების გამო სცხვენოდეთ, უარესობისკენ მიდიან, მთლიანად იხსნიან ნიღაბს, რომელიც მათ მახინჯ მხარეებს ფარავდა, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოვლენილი და ამით ჩემს ხასიათს სცდიან. მე არ ვაქცევ ყურადღებას არცერთი ადამიანის ცალკეულ ქმედებებს. მე ვასრულებ საქმეს, რაც უნდა შევასრულო — იქნება ეს ცნობების შეგროვება, ქვეყნის მოვლა თუ მოქმედება ჩემი ინტერესების ფარგლებში. მნიშვნელოვან მომენტებში ვაგრძელებ ჩემი საქმის განხორციელებას კაცთა შორის ისე, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, არც გვიან და არც ადრე, მშვიდად და შეუფერხებლად. თუმცა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ზოგი განზე რჩება, რადგან მძულს მათი მლიქვნელობა და მათი ყალბი მორჩილება. მათ, ვინც ზიზღს მგვრიან, აუცილებლად მივატოვებ ნებსით თუ უნებლიედ. მოკლედ რომ ვთქვა, მსურს ყველამ, ვინც მძულს, ჩემგან შორს დაიჭიროს თავი და რა თქმა უნდა, არ დავინდობ ბოროტებს, რომლებიც ჩემს სახლში დარჩებიან, რადგან კაცთა სასჯელის დღე ახლოსაა და არ ვჩქარობ ჩემი სახლიდან იმ საძაგელი სულების განდევნას, რადგან მე ჩემი გეგმა მაქვს.

ახლა დროა, როდესაც მე განვსაზღვრავ თითოეული ადამიანის შედეგს და არა ის ეტაპი, როდესაც ადამიანზე მუშაობა დავიწყე. ჩემს ჩანაწერთა წიგნში ერთმანეთის მიყოლებით აღვრიცხავ თითოეული კაცის სიტყვებსა და ქმედებებს, მის ჩემსკენ სწრაფვას, მის თანდაყოლილ თვისებებსა და საბოლოო გამოვლინებას. ამგვარად, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, ვერავინ დააღწევს თავს ჩემს ხელს. ყველა მათგანი თავისი გვარობისდა მიხედვით დახარისხდება ჩემი განაწილების თანახმად. მე ვწყვეტ ყოველი კაცის საბოლოო სამყოფელს არა ასაკის, სტაჟისა თუ განცდილი ტანჯვის ოდენობის და მითუმეტეს იმის მიხედვით, რამდენად საცოდავია იგი, არამედ იმის მიხედვით, ფლობს თუ არა ის ჭეშმარიტებას. სხვა გზა არ არსებობს. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ განურჩევლად დაისჯება ყველა, ვინც არ ემორჩილება ღვთის ნებას და ვერავინ შეცვლის ამას. მაშასადამე, ყველა, ვინც დაისჯება, დაისჯება ღვთის სამართლის აღსასრულებლად და მათ მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეებისთვის მიეზღვებათ. არცერთი ცვლილება არ შემიტანია ჩემს გეგმაში. უბრალოდ, იმ კაცთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, ვისკენაც ჩემს სიტყვებს მივმართავ ისევე, როგორც იმათი რიცხვი, ვისაც ჭეშმარიტად ვიწონებ. მიუხედავად ამისა, ვამტკიცებ, რომ ჩემი გეგმა არასოდეს შეცვლილა. ცვალებადია მხოლოდ კაცთა რწმენა და სიყვარული, რომელიც იმდენად იცვლება და სუსტდება, რომ შესაძლებლია ჩემი მაამებლობიდან გულგრილობამდე მივიდნენ და უარმყონ კიდეც. ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ არც თბილი იქნება და არც ცივი, სანამ არ ვიგრძნობ ზიზღსა და სიძულვილს და საბოლოოდ სასჯელს არ დაგადებთ. თუმცა, სასჯელის დღეს მე თქვენ კვლავ დაგინახავთ, მაგრამ თქვენ ვეღარ შეძლებთ ჩემს ხილვას. რადგან თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა ჩემთვის, ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ მე ავირჩიე სხვა გარემო საცხოვრებლად, რათა თავი ავარიდო თქვენი ბოროტი სიტყვებით გამოწვეულ ტკივილს და განვრიდო თქვენს აუტანლად ბინძურ ქცევას, რათა ვეღარ შეძლოთ ჩემი მოტყუება ან ჩემდამი ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენა. სანამ მიგატოვებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ იმისგან, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. პირიქით, აკეთეთ ის, რაც ყველასთვის სასიამოვნოა, რაც სიკეთეს და სარგებელს მოუტანს ყველას და წაადგება თქვენს საბოლოო სამყოფელს; წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურების ჟამს მხოლოდ თქვენ დაზარალდებით.

ჩემი წყალობა მათზე ვრცელდება, ვისაც ვუყვარვარ და ვინც საკუთარ თავზე უარს ამბობს. ბოროტთათვის მიზღული სასჯელი კი ჩემი მართალი ხასიათისა და უფრო მეტიც, ჩემი რისხვის დასტურია. როდესაც უბედურება დატრიალდება, ყველა ატირდება, ვინც მე მეწინააღმდეგება, რადგან ისინი შიმშილობისა და ჟამიანობის მსხვერპლნი გახდებიან. ისინიც კი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მომყვებოდნენ, თუმცა ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვერ გაექცვიან საკუთარ ცოდვებზე პასუხისმგებლობას; ისინიც ჩაეფლობიან ისეთ უბედურებაში, რომლის მსგავსი მილიონობით წლის მანძილზე იშვიათად თუ მომხდარა და მუდმივ პანიკასა და შიშში იცხოვრებენ. ხოლო ჩემი მიმდევრები, რომლებმაც ჩემს მიმართ აბსოლუტური ერთგულება გამოიჩინეს, იხარებენ და განადიდებენ ჩემს ძლევამოსილებას. ისინი განიცდიან ენით აღუწერელ კმაყოფილებას და ისეთ სიხარულში იცხოვრებენ, როგორიც მანამდე კაცთათვის არასდროს მიბოძებია. რამეთუ ვაფასებ კაცთა კეთილ საქმეებს და მძულს მათი ბოროტი ნამოქმედარი. მას შემდეგ, რაც კაცობრიობის წინამღძოლი გავხდი, მოუთმენლად ველი იმ კაცთა ჯგუფის მოპოვებას, რომლებიც ჩემი თანამოაზრენი იქნებიან. ხოლო მათ, რომლებიც ჩემი თანამოაზრენი არ არიან, არასოდეს ვივიწყებ; მუდამ მძულან ისინი და ველოდები ხელსაყრელ მომენტს, რათა პასუხი ვაგებინო ჩადენილი ბოროტებისთვის, რისი ხილვაც დიდ სიამოვნებას მომანიჭებს. აჰა, დადგა ჩემი დღე და მეტს აღარ დავიცდი!

ჩემი საბოლოო საქმის მიზანი არა მხოლოდ ადამიანის დასჯაა, არამედ მისი მომავალი დანიშნულების განსაზღვრაც. უფრო მეტიც, ეს ემსახურება იმას, რომ ყოველმა კაცმა სცნოს და აღიაროს ჩემი საქმენი და მოქმედებანი. მე დავანახებ ყოველსა კაცსა, რომ ყოველი, რაც მიქმნია, სამართლიანია და ხასიათის გამოხატულებაა. ეს არ არის კაცის ნამოქმედარი და მით უმეტეს, არც ბუნების ნაყოფი, რომელმაც კაცობრიობა შვა, არამედ მე ვარ იგი, რომელიც ასაზრდოებს ყოველსა ცოცხალსა არსებას ყოველივე არსებულში. ჩემი არსებობის გარეშე კაცობრიობა მხოლოდ დაიღუპება და გაუბედურდება. ვერცერთი ადამიანი ვეღარ იხილავს მშვენიერ მზესა და მთვარეს ან მწვანე სამყაროს. კაცობრიობას მხოლოდ ბნელი და ცივი ღამე და სიკვდილის ჩრდილის ულმობელი ხეობა ელის. მე ვარ კაცობრიობის ერთადერთი გამომსყიდველი და ერთადერთი იმედი, უფრო მეტიც, მე ვარ იგი, ვისზეც მთელი კაცობრობის არსებობაა დამოკიდებული. ჩემს გარეშე კაცობრიობა მყისვე გაჩერდება და გამანადგურებელ კატასტროფას განიცდის. მას ფეხქვეშ გათელავენ ყოვლგვარი ბოროტი სულები, თუმცა ჩემს არსებობას ყურად არავინ აგდებს. მე ვქმენი საქმე, რომლის ქმნაც სხვას არ ძალუძს და მხოლოდ იმას მოველი კაცისგან, რომ სიკეთით გადამიხადოს იგი. თუმცა მხოლოდ ცოტამ შეძლო ეს, მე მაინც დავასრულებ ჩემს გზას კაცთა შორის და დავიწყებ ჩემი საქმის შემდეგ ეტაპს, რომელიც განწესებულია აღსასრულებლად, ვინაიდან ამ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი მიმოსვლა კაცთა შორის ნაყოფიერი იყო და მე კმაყოფილი ვარ. მადარდებს არა კაცთა სიმრავლე, არამედ მათი კეთილი საქმენი და ნებისმიერ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ თქვენ შეამზადებთ საკმარის კეთილ საქმეებს თქვენივე საბოლოო სამყოფელისთვის. მაშინ მე კმაყოფილი ვიქნები, ხოლო თუ არა, ვერც ერთი თქვენგანი ვერ განერიდება უბედურებას. ეს უბედურება მომდინარეობს ჩემგან და ჩემივე ნებით იმართება. თუ თქვენ ვერ გამოჩნდებით კეთილნი ჩემს თვალში, უბედურებას ვერ გაექცევით. გასაჭირის ჟამს თქვენი ქმედებები და საქმენი არასაკმარისი აღმოჩნდა, რამეთუ თქვენი რწმენა და სიყვარული ცარიელი იყო და თქვენ მხოლოდ სულმოკლეობა ან სიმტკიცე გამოავლინეთ. ამიტომ, მე მხოლოდ ავკარგიანობის მიხედვით განვსჯი. ჩემი საზრუნავი კვლავაც არის თითოეული თქვენგანის ქმედებები და საქმეები, რომელთა მიხედვით განისაზღვრება თქვენი შედეგი. ხოლო ეს ნათლად იცოდეთ: მათ მიმართ, ვინც განსაცდელის დროს ჩემდამი ოდნავი ერთგულებაც არ გამოიჩინა, მე არ ვიქნები მოწყალე, რადგან ჩემს მოწყალებასაც აქვს ზღვარი. უფრო მეტიც, არავითარი სიმპათია არ გამაჩნია მის მიმართ, ვინც ერთხელ მაინც მიღალატა; მით უმეტეს, არ მსურს ურთიერთობა მასთან, ვინც მეგობრების ინტერესებს ღალატობს. ასეთია ჩემი ხასიათი მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი. მე გეუბნებით თქვენ: ვინც გულს მატკენს, ჩემს ლმობიერებას მეორედ ვეღარ ეღირსება, ხოლო ვინც ჩემი ერთგული დარჩა, ის სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ჩემს გულში.

წინა: მხოლოდ ბოლო ჟამის ქრისტემ შეიძლება დააყენოს ადამიანი მარადიული სიცოცხლის გზაზე

შემდეგი: ვის მიმართ ხარ ჭეშმარიტად ერთგული?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება