პრაქტიკა (1)
წარსულში ადამიანები ცხოვრებისეულ გზებზე ბევრ გადახრასა და აბსურდულ მდგომარეობას განიცდიდნენ. მათ უბრალოდ არ ესმოდათ ღვთის მიერ დაწესებული სტანდარტები, ამიტომ ბევრი მიმართულებით ადამიანთა გამოცდილება მცდარი გზით წავიდა. ის, რასაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს არის ის, რომ მათ შეძლონ ნორმალური ადამიანობის ცხოვრებაში გამოვლენა. მაგალითად, სრულიად მისაღებია, რომ ადამიანებმა დაიცვან თანამედროვე წეს-ჩვეულებები კვებასა და ჩაცმულობასთან მიმართებაში, ატარონ კოსტიუმი და ჰალსტუხი, ისწავლონ ცოტა რამ თანამედროვე ხელოვნების შესახებ, თავისუფალ დროს დატკბნენ ხელოვნებითა და კულტურით და გაერთონ. მათ შეუძლიათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, იკითხონ და მიიღონ სასარგებლო ცოდნა და ჰქონდეთ შედარებით კარგი საცხოვრებელი გარემო. ყოველივე ეს შეეფერება ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, თუმცა ადამიანები მათ ღვთისთვის საძულველად მიიჩნევენ და თავს იკავებენ მათი კეთებისგან. მათი პრაქტიკა მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვას მოიცავს, რის შედეგადაც ცხოვრება ხდება უკიდურესად მოსაწყენი და სრულიად აზრს მოკლებული. სინამდვილეში, ღმერთს არასოდეს მოუთხოვია ადამიანებისგან, რომ ასე მოქცეულიყვნენ. ადამიანებს თავად სურთ საკუთარი ხასიათის შეკავება, თავიანთ სულებში ჩაღრმავებულები განუწყვეტლივ ლოცულობენ, რათა ღმერთს დაუახლოვდნენ; მათი გონება მუდმივად იმაზე ფიქრითაა დაკავებული, თუ რა არის ღვთის განზრახვა, მათი თვალები მუდმივად აკვირდება სხვადასხვა მოვლენებსა და საგნებს, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ ღმერთთან მათი კავშირი გაწყდება. ეს ყოველივე წარმოადგენს დასკვნებს, რომლებამდეც ადამიანები თავად მივიდნენ; ეს არის წესები, რომლებიც ადამიანებმა თავად დაიდგინეს. თუ არ იცი საკუთარი ბუნება-არსება და არ გესმის, რა დონეს შეიძლება მიაღწიოს შენმა პრაქტიკამ, მაშინ არანაირად არ გექნება იმის ზუსტად განსაზღვრის საშუალება, თუ რა სტანდარტებს მოითხოვს ღმერთი ადამიანისგან და არც პრაქტიკის ზუსტი გზა გექნება. ვინაიდან არ შეგიძლია ჩაწვდე ადამიანის მიმართ ღვთის ზუსტ მოთხოვნებს, შენი გონება მუდმივად ფიქრებშია, თავს იტეხ ღვთის განზრახვების გაანალიზებით და ხელის ცეცებით ეძებ გზას, რათა სულიწმიდა შეგეხოს და ნათელი მოგფინოს. შედეგად, აყალიბებ გარკვეულ პრაქტიკას, რომელიც შესაფერისად მიგაჩნია. საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა ადამიანის მიმართ ღვთის ზუსტ მოთხოვნებზე; უბრალოდ, უდარდელად ახორციელებ საკუთარ პრაქტიკას, ნაკლებად ზრუნავ შედეგზე და მით უმეტეს იმაზე, ხდება თუ არა დამახინჯებები ამ პრაქტიკაში. ამგვარად, შენს პრაქტიკას, ბუნებრივია, აკლია სიზუსტე და ის უპრინციპოა. ის, რაც მას განსაკუთრებით აკლია, არის ნორმალური ადამიანური გონიერება და სინდისი, ასევე ღვთის მოწონება და სულიწმიდის დადასტურება. საკუთარი გზის მიყოლით გზიდან აცდენა სრულიად მარტივად ხდება. ამგვარი პრაქტიკა მხოლოდ წესების დაცვაა ან განზრახ მეტი ტვირთის აღებაა საკუთარი თავის კონტროლისა და თავშეკავების მიზნით. მიუხედავად ამისა, გგონია, რომ შენი პრაქტიკა სრულყოფილი და ზუსტია, და არ იცი, რომ შენი პრაქტიკის უდიდესი ნაწილი არასაჭირო პროცესების ან რიტუალებისგან შედგება. ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ასე ახორციელებს პრაქტიკას, თუმცა მათი ხასიათი ძირითადად არ იცვლება, არ უყალიბდებათ ახალი გაგება და არც ახალი შესვლა. ისინი გაუცნობიერებლად იმეორებენ ძველ შეცდომებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ თავიანთ ცხოველურ ბუნებას იქამდეც კი, რომ ხშირად სჩადიან ისეთ რამეებს, რაც მოკლებულია გონიერებასა და ადამიანობას და იქცევიან ისე, რომ ხალხს საგონებელში აგდებენ და სრულიად აბნევენ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთმა ადამიანებმა ხასიათის ცვლილება განიცადეს?
ახლა ღვთისადმი რწმენა ღვთის სიტყვის ეპოქაში შევიდა. რომ შევადაროთ, ადამიანები იმდენს აღარ ლოცულობენ, რამდენსაც ადრე. ღვთის სიტყვებს ნათლად ჰქონდა თანაზიარება ჭეშმარიტების ყველა ასპექტსა და პრაქტიკის გზებზე, ამიტომ ადამიანებს აღარ სჭირდებათ ძიება და ხელის ცეცებით სიარული. სასუფევლის ეპოქაში ღვთის სიტყვები წინ მიუძღვის ადამიანებს და ეს არის ცხოვრება, რომელშიც ყველაფერი ნათელია მათთვის — რადგან ღმერთმა ყველაფერი მკაფიოდ განმარტა და ადამიანი აღარ არის მიტოვებული, რომ ცხოვრების გზა ხელის ცეცებით გაიკვლიოს. რაც შეეხება ქორწინებას, ამქვეყნიურ საქმეებს, ცხოვრებას, კვებას, ჩაცმულობასა და თავშესაფარს, პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, იმას, თუ როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი ისე, რომ შეასრულოს ღვთის განზრახვები, როგორ უნდა ამბოხდეს ხორციელი სხეულის წინააღმდეგ და ასე შემდეგ; ამათგან რომელი არ აგიხსნათ ღმერთმა? კვლავ გჭირდებათ ლოცვა და ძიება? ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს! თუ კვლავ აკეთებ ამას, უბრალოდ ზედმეტად ირჯები. ეს უგუნურება და სისულელეა და სრულიად ზედმეტია! მხოლოდ ისინი, ვისაც მეტისმეტად აკლია სულიერი მონაცემები და არ ძალუძს ღვთის სიტყვების გაგება, ილოცებენ ბრმად და დაუსრულებლად. ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გასაღები ისაა, გაქვს თუ არა სიმტკიცე. ზოგიერთი ადამიანი ჯიუტად მიჰყვება საკუთარ ხორციელ სურვილებს თავის ქმედებებში მაშინაც კი, როცა იცის, რომ ეს არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და ამით აფერხებს საკუთარ წინსვლას სიცოცხლეში. ლოცვისა და ძიების შემდეგაც კი ასეთ ადამიანებს კვლავ ხორცის მორჩილებით სურთ მოქმედება. ამგვარი ქმედებით განა ისინი შეგნებულად არ სჩადიან არასწორს? იმათ მსგავსად, ვინც ხარბად ესწრაფვის ხორციელ სიამოვნებას და ფულს, შემდეგ კი ლოცულობს ღვთის მიმართ და ამბობს: „ღმერთო! ნებას მრთავ, ხარბად ვისწრაფვოდე ხორციელი სიამოვნებისა და სიმდიდრისკენ? შენი განზრახვაა, რომ ფული ვიშოვო?“ განა ეს ლოცვის მართებული ფორმაა? ადამიანებმა, რომლებიც ამას აკეთებენ, მშვენივრად იციან, რომ ღმერთს არ ახარებს ეს ყოველივე და ამიტომ უნდა უარყონ ისინი, მაგრამ ის, რაც მათ გულში უდევთ, უკვე გადაწყვეტილია და როდესაც ლოცულობენ და ეძიებენ, ცდილობენ აიძულონ ღმერთი, ნება დართოს მათ, ასე მოიქცნენ. გულში შესაძლოა, იმასაც კი მოითხოვდნენ, რომ ღმერთმა რამე თქვას ამის დასადასტურებლად — სწორედ ამას ჰქვია ურჩობა. არიან ისეთებიც, რომლებიც ეკლესიის ძმებსა და დებს თავის მხარეზე იბირებენ და საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოებს აარსებენ. ძალიან კარგად იცი, რომ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ღმერთს, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტ მსგავსი რამის გაკეთებას, მაინც მიდიხარ ღმერთთან საძიებლად და სალოცავად მშვიდად და შეუდრეკლად. რა უსირცხვილო და თავხედი ხარ! რაც შეეხება ყოველივე ამქვეყნიურის უარყოფას, ამაზე დიდი ხნის წინ ითქვა. არიან ისეთებიც, რომლებმაც ნათლად იციან, რომ ღმერთს სძულს ყოველივე ამქვეყნიური, მაგრამ მაინც ლოცულობენ და ამბობენ: „ღმერთო! მესმის, რომ არ გსურს ყოველივე ამქვეყნიურს მივყვე, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენი სახელი არ შევარცხვინო, რომ წუთისოფელში ხალხმა შენი დიდება დაინახოს ჩემში.“ რა სახის ლოცვაა ეს? შეგიძლიათ გაარჩიოთ? ეს არის ლოცვა, რომელიც მიზნად ისახავს ღვთის იძულებას და მასზე ზეწოლას. არ გრცხვენია ასე რომ ლოცულობ? ადამიანები, რომლებიც ამგვარად ლოცულობენ, განზრახ ეწინააღმდეგებიან ღმერთს და ამგვარი ლოცვა მთლიანად საეჭვო მოტივებითაა განპირობებული; ეს ნამდვილად სატანური ხასიათის გამოვლენაა. ღვთის სიტყვები კრისტალურად ნათელია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც წარმოთქმულია მისი განზრახვების, მისი ხასიათისა და იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობა იგი სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. თუ არ გესმის ჭეშმარიტება, მაშინ მეტი უნდა იკითხო ღვთის სიტყვები — ამის შედეგები ბევრად უკეთესია, ვიდრე ბრმად ლოცვა და ძიება. მრავალი შემთხვევაა, როდესაც ძიება და ლოცვა უნდა ჩანაცვლდეს ღვთის სიტყვების მეტი კითხვითა და ჭეშმარიტების თანაზიარებით. ჩვეულებრივი ლოცვისას უნდა დაფიქრდე და ეცადო, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი ღვთის სიტყვებიდან. ეს უფრო სასარგებლოა სიცოცხლეში შენი წინსვლისთვის. თუ ახლა კვლავ ზეცისკენ თვალების აპყრობით ეძიებ, განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ კვლავ ბუნდოვანი ღმერთის გწამს? ადრე ხედავდი შენი ძიებისა და ლოცვის შედეგებს და სულიწმიდა გარკვეულწილად ეხებოდა შენს სულს, რადგან ეს მადლის ეპოქის დრო იყო. არ შეგეძლო ღვთის დანახვა, ამიტომსხვა გზა არ გქონდა, გარდა იმისა, რომ გზა ხელის ცეცებით გაგეკვლია და ამგვარად გეძია. ახლა ღმერთი მოვიდა ადამიანთა შორის, სიტყვა ხორციელად გამოჩინდა და იხილე ღმერთი; შესაბამისად, სულიწმიდა აღარ მოქმედებს ისე, როგორც ადრე. ეპოქა შეიცვალა და ასევე შეიცვალა სულიწმიდის მოქმედების გზა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შესაძლოაიმდენს აღარ ლოცულობენ, რამდენსაც ადრე, რადგან ღმერთი დედამიწაზეა, ადამიანს ახლა აქვს შესაძლებლობა, უყვარდეს ღმერთი. კაცობრიობა შევიდა ღვთის სიყვარულის დროში და შეუძლია, დაუახლოვდეს ღმერთს თავის გულში: „ღმერთო! ნამდვილად ასეთი კეთილი ხარ და მსურს მიყვარდე!“ მხოლოდ რამდენიმე ნათელი და მარტივი სიტყვა გამოხატავს ღვთისადმი სიყვარულს ადამიანთა გულებში; ეს ლოცვა წარმოითქმის მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს შორის სიყვარულის გაღრმავების მიზნით. ზოგჯერ შესაძლოა დაინახო, რომ გარკვეულ ურჩობას ავლენ და თქვა: „ღმერთო! რატომ ვარ ასეთი გახრწნილი?“ გიჩნდება ძლიერი სურვილი, რამდენჯერმე დაირტყა ხელი და თვალები ცრემლებით გევსება. ასეთ დროს გულში სინანულსა და ტკივილს გრძნობ, მაგრამ არ გაქვს ამ გრძნობების გამოხატვის საშუალება. ეს არის სულიწმიდის ამჟამინდელი საქმე, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც სიცოცხლეს ეძიებენ, შეძლებენ მის მიღწევას. გრძნობ, რომ ღმერთს დიდი სიყვარული აქვს შენდამი და განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს სიტყვები ნათლად სალოცავად, ყოველთვის გრძნობ, რომ ღვთის სიყვარული ოკეანესავით ღრმაა. არ არსებობს შესაფერისი სიტყვები ამ მდგომარეობის გამოსახატავად და ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხშირად წარმოიშობა სულში. გულში ღმერთთან დაახლოების ამგვარი ლოცვა და თანაზიარება ნორმალურია.
მიუხედავად იმისა, რომ დრო, როდესაც ადამიანებს ხელის ცეცებით სიარული და ძიება უწევდათ, უკვე წარსულს ჩაბარდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აღარ სჭირდებათ ლოცვა და ძიება; არც ისეა საქმე, თითქოს ადამიანებს არ სჭირდებოდეთ ღვთის განზრახვების გაცხადება საქმის დაწყებამდე; ეს მხოლოდ ადამიანთა მცდარი წარმოდგენებია. ღმერთი მოვიდა კაცთა შორის, რათა იცხოვროს ადამიანთან, იყოს მისი ნათელი, მისი სიცოცხლე და მისი გზა: ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, დედამიწაზე მოსვლით ღმერთს კაცობრიობისთვის ნამდვილად მოაქვს პრაქტიკული გზა და ცხოვრება, რომელიც შეესაბამება მათ სულიერ ზრდას, რათა დატკბნენ ამით — ის არ მოსულა იმისთვის, რომ დაარღვიოს ადამიანის ყველა პრაქტიკა. ადამიანი აღარ ცხოვრობს ხელის ცეცებითა და ძიებით, რადგან ეს შეიცვალა დედამიწაზე ღვთის მოსვლით, რათა იმოქმედოს და წარმოთქვას თავისი სიტყვა. ის მოვიდა, რათა გაათავისუფლოს ადამიანი იმ ბუნდოვანი, ბნელი ცხოვრებისგან, რომლითაც ცხოვრობდა და მისცეს მას ნათლით აღსავსე ცხოვრება. ამჟამინდელი საქმეა ყველაფრის ნათლად მითითება, მკაფიოდ საუბარი, პირდაპირ ინფორმირება და საგნების აშკარად დადგენა, რათა ადამიანებმა შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება ზუსტად ისე, როგორც იეჰოვა ღმერთი მიუძღოდა ისრაელის ხალხს და ეუბნებოდა მათ, თუ როგორ შეეწირათ მსხვერპლი და როგორ აეშენებინათ ტაძარი. შესაბამისად, აღარ გჭირდებათ, იცხოვროთ ხელის ცეცებითა და ძიებით, როგორც ამას აკეთებდით მას შემდეგ, რაც უფალმა იესომ დაგტოვათ. მომავალშიც ხელის ცეცებით უნდა გაიკვლიოთ გზა სახარების ქადაგების საქმეში? ხელის ცეცებით უნდა იაროთ, რათა იპოვოთ ცხოვრების შესაფერისი გზა? ხელის ცეცებით უნდა იაროთ იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეასრულოთ საკუთარი მოვალეობები? აუცილებელია დაემხოთ მიწაზე და ეძიოთ, რათა იცოდეთ, როგორ უნდა გასცეთ მოწმობა? აუცილებელია იმარხულოთ და ილოცოთ, რათა იცოდეთ, როგორ უნდა ჩაიცვათ ან იცხოვროთ? აუცილებელია გულმოდგინედ და განუწყვეტლივ ილოცოთ ზეციერი ღვთის მიმართ, რათა იცოდეთ, როგორ უნდა მიიღოთ ღვთის მიერ დაპყრობა? აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოთ დღე და ღამე, რათა იცოდეთ, როგორ უნდა დაემორჩილოთ ღმერთს? თქვენ შორის ბევრია, ვინც ამბობს, რომ არ შეუძლია პრაქტიკაში გამოყენება, რადგან არ ესმის. ადამიანები უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ ღვთის საქმეს დღევანდელ დღეს! ბევრი სიტყვა დიდი ხნის წინ ვთქვი, მაგრამ არასოდეს მიგიქცევიათ ოდნავი ყურადღებაც კი, რომ წაგეკითხათ, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არ იცით, როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, დღევანდელ ეპოქაში სულიწმიდა კვლავ ეხება ადამიანებს, რათა მათ სიამოვნება იგრძნონ; ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ეს არის იმ[ა] განსაკუთრებული, სასიამოვნო გრძნობების წყარო, რომლებიც ხშირად ჩნდება შენს ცხოვრებაში. დროდადრო დგება დღე, როდესაც გრძნობ, რომ ღმერთი ასეთი მშვენიერია და არ შეგიძლია არ ილოცო მის მიმართ: „ღმერთო! შენი სიყვარული ასეთი ლამაზია და შენი ხატი ასეთი დიადია. მსურს უფრო ძლიერად მიყვარდე. მსურს მთლიანად მივუძღვნა საკუთარი თავი და გავიღო მთელი ჩემი სიცოცხლე. ყველაფერს შენ მოგიძღვნი, სანამ ეს შენთვისაა, სანამ ამით შემეძლება შენი სიყვარული…“ ეს არის სულიწმიდის მიერ მონიჭებული სიამოვნების გრძნობა. ეს არ არის ნათელის მოფენა, არც განათებაა; ეს არის შეხების განცდა. მსგავსი განცდები დროდადრო გაჩნდება: ზოგჯერ, როდესაც სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ხარ, ილოცებ და დაუახლოვდები ღმერთს და ისე აგიჩუყდება გული, რომ ცრემლები დაგისველებს სახეს, დაკარგავ ყოველგვარ თვითკონტროლს და მოუთმენლად დაუწყებ ძებნას შესაფერის ადგილს, სადაც შეძლებ გულში არსებული მთელი ვნების გამოხატვას… იქნება მომენტები, როდესაც საზოგადოებრივ ადგილას მოხვდები და იგრძნობ, რომ იმდენად ტკბები ღვთის სიყვარულით, რომ შენი ხვედრი სულაც არ არის ჩვეულებრივი და უფრო მეტიც, შენი ცხოვრება ბევრად უფრო აზრიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვისა. სიღრმისეულად შეიცნობ, რომ ღმერთმა აგამაღლა და რომ ეს არის ღვთის უდიდესი სიყვარული შენდამი. გულის სიღრმეში იგრძნობ, რომ ღმერთში არის ერთგვარი სიყვარული, რომელიც გამოუთქმელი და შეუცნობელია ადამიანისთვის, თითქოს ნაცნობია ეს გრძნობა, მაგრამ არ ძალგიძს მისი აღწერა. ის მუდამ ფიქრებს აღძრავს შენში, თუმცა არ შეგიძლია მისი სრულად გამოხატვა. ასეთ დროს, იმასაც კი დაივიწყებ, სად ხარ და შესძახებ: „ღმერთო! ასეთი შეუცნობელი და საყვარელი ხარ!“ ეს ხალხს საგონებელში ჩააგდებს, მაგრამ მსგავსი რამეები საკმაოდ ხშირად ხდება. ამგვარი რამ ბევრჯერ განგიცდიათ. ეს არის ცხოვრება, რომელიც სულიწმიდამ დღეს მოგცა და ის ცხოვრებაა, რომლითაც ახლა უნდა ცხოვრობდე. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ხელი შეგიშალოს ცხოვრებაში, არამედ იმისთვის, რომ შეცვალოს შენი ცხოვრების წესი. ეს არის გრძნობა, რომლის აღწერა ან გამოხატვა შეუძლებელია. ეს, ასევე, არის ადამიანის ჭეშმარიტი გრძნობა და უფრო მეტიც, ეს არის სულიწმიდის საქმე. შესაძლოა გულის სიღრმეში გესმოდეს იგი, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებ გამოხატო ის ვინმესთან. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ენაბლუ ან ენაბორძიკი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია. დღეს ნება გეძლევა, დატკბე ამით; ეს არის ცხოვრება, რომლითაც უნდა ცხოვრობდე. რა თქმა უნდა, შენი ცხოვრების სხვა ასპექტები ცარიელი არ არის; უბრალოდ, შეხების ეს განცდა ერთგვარ სიხარულად იქცევა შენს ცხოვრებაში, რაც ყოველთვის გიჩენს სურვილს, დატკბე სულიწმიდისგან მომდინარე ამგვარი განცდებით. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ამგვარი შეხება იმისთვის არ ხდება, რომ ხორციელ სხეულზე ამაღლდე და მესამე ცაში ახვიდე, ან მთელ მსოფლიოში იმოგზაურო. პირიქით ეს იმისთვისაა, რომ შეიგრძნო და იგემო ღვთის სიყვარული, რომლითაც დღეს ტკბები, გამოსცადო ღვთის დღევანდელი საქმის მნიშვნელობა და კვლავ შეიგრძნო ღვთის მზრუნველობა და მფარველობა. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ მეტი ცოდნა შეიძინო იმ საქმის შესახებ, რომელსაც ღმერთი დღეს ასრულებს — ეს არის ღვთის მიზანი ამ საქმის შესრულებისას.
ძიება და ხელის ცეცებით სიარული იყო ცხოვრების წესი ღვთის განკაცებამდე. მაშინ ადამიანები ვერ ხედავდნენ ღმერთს, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეძიათ და ხელის ცეცებით ევლოთ. დღეს იხილე ღმერთი და ის პირდაპირ გეუბნება, თუ როგორ უნდა იმოქმედო; სწორედ ამიტომ აღარ გჭირდება ხელის ცეცებით სიარული ან ძიება. გზა, რომელზეც ის მიუძღვის ადამიანს, ჭეშმარიტების გზაა, ხოლო ის, რასაც იგი ეუბნება ადამიანს და რასაც ადამიანი იღებს, არის სიცოცხლე და ჭეშმარიტება. გაქვს გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება, მაშ, რა საჭიროა ყველგან ძიება? სულიწმიდა ერთდროულად არ შეასრულებს საქმის ორ ეტაპს. თუ მას შემდეგ, რაც დავასრულებ ჩემი სიტყვის წარმოთქმას, ადამიანები გულდასმით არ შეჭამენ და შესვამენ ღვთის სიტყვებს და ჯეროვნად არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, არამედ კვლავ განუწყვეტლივ ილოცებენ და იძიებენ, როგორც ამას მადლის ეპოქაში აკეთებდნენ ბრმასავით, რომელიც ხელის ცეცებით მიიკვლევს გზას, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი საქმის ეს ეტაპი — სიტყვების საქმე — ამაოდ სრულდება? მიუხედავად იმისა, რომ დავასრულე ჩემი სიტყვის წარმოთქმა, ადამიანებს მაინც არ ესმით სრულად იმიტომ, რომ მათი სულიერი მონაცემები მწირია. ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ეკლესიური ცხოვრებითა და ერთმანეთთან თანაზიარებით. ადრე, მადლის ეპოქაში, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი განკაცდა, მას არ შეუსრულებია სიტყვების საქმე, სწორედ ამიტომ სულიწმიდა იმ დროს ამგვარად მოქმედებდა, რათა შეენარჩუნებინა საქმე. იმ დროს საქმეს ძირითადად სულიწმიდა ასრულებდა, მაგრამ ახლა ამას თავად განკაცებული ღმერთი აკეთებს, რომელმაც ჩაანაცვლა სულიწმიდის საქმე. ადრე, თუკი ადამიანები ხშირად ლოცულობდნენ, ისინი განიცდიდნენ მშვიდობასა და სიხარულს; იყო საყვედური და ასევე წვრთნა. ეს ყველაფერი სულიწმიდის საქმე იყო. ახლა ეს იშვიათია. სულიწმიდას ნებისმიერ ერთ ეპოქაში მხოლოდ ერთი სახის საქმის შესრულება შეუძლია. ღმერთი რომ ერთდროულად ორ საქმეს ასრულებდეს, როცა ხორციელი სხეული ერთს აკეთებს, ხოლო სულიწმიდა ადამიანებში — მეორეს, და თუ ხორციელი სხეულის ნათქვამს ფასი არ ექნებოდა და მხოლოდ იმას ექნებოდა მნიშვნელობა, რასაც სული აკეთებდა, მაშინ ქრისტეს არ ექნებოდა არავითარი ჭეშმარიტება, გზა ან სიცოცხლე. ეს იქნებოდა თვითწინააღმდეგობა. განა შეეძლო სულიწმიდას ასე ემოქმედა? ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია, წმინდა და სამართლიანია და ის არავითარ შეცდომას არ უშვებს შეცდომებს.
ადამიანების წარსულ ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი დამახინჯება იყო. არსებობდა გარკვეული რამეები, რაც ნორმალური ადამიანობის მქონე ხალხს უნდა ჰქონოდა ან გაეკეთებინა ან იყო შეცდომები, რომელთა თავიდან აცილებაც ადამიანურ ცხოვრებაში რთული იყო; როდესაც ამ ყველაფერს ცუდად უმკლავდებოდნენ, ადამიანები პასუხისმგებლობას ღმერთს აკისრებდნენ. იყო ერთი და, რომელსაც სახლში სტუმრები ეწვივნენ. მისი ორთქლზე მომზადებული ფუნთუშები კარგად არ გამოცხვა, ამიტომ იფიქრა: „ეს ალბათ ღვთის მიერ მოვლენილი წვრთნაა. ღმერთი კვლავ სხლავს ჩემს პატივმოყვარე გულს; ჩემი პატივმოყვარეობა მართლაც მეტისმეტად ძლიერია.“ რეალურად, ადამიანის ნორმალური აზროვნებიდან გამომდინარე, როდესაც სტუმრები მოდიან, ღელავ და ფაციფუცობ, ყველაფერს არეულად აკეთებ, ან ბრინჯი გეწვება ან კერძებს ზედმეტ მარილს აყრი. ეს მეტისმეტი ნერვიულობის გამო ხდება, მაგრამ ადამიანები საბოლოოდ ამას „ღვთის წვრთნას“ მიაწერენ. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანურ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებია. განა ხშირად არ წააწყდებოდი ამგვარ რამეს, ღმერთი რომ არ გწამდეს? წარმოქმნილი პრობლემები ხშირად ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია — გამორიცხულია, რომ ასეთი შეცდომები სულიწმიდის ნამოქმედარი იყოს. ასეთ შეცდომებს ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაგალითად, როდესაც ჭამის დროს ენაზე იკბენ — შეიძლება ეს ღვთის წვრთნა იყოს? ღვთის წვრთნას თავისი პრინციპები აქვს: ზოგადად, ის გწვრთნის მაშინ, როდესაც შეგნებულად სჩადიხარ არასწორს და როდესაც ის, რასაც აკეთებ, ეხება ღვთის სახელს, ღვთის მოწმობას ან ღვთის საქმეს. ადამიანებს ახლა საკმარისად ესმით ჭეშმარიტება იმისთვის, რომ შინაგანი შეგნება ჰქონდეთ იმის მიმართ, რასაც აკეთებენ. მაგალითად: შესაძლებელია, რომ საერთოდ ვერაფერი იგრძნო, ეკლესიის ფული რომ მიითვისო ან დაუფიქრებლად დახარჯო? ამის კეთებისას აუცილებლად იგრძნობდი რაღაცას. შეუძლებელია რაღაც მხოლოდ მას შემდეგ იგრძნო, რაც უკვე გააკეთე. გულში კარგად იცი ის, რასაც აკეთებ და რაც სინდისს ეწინააღმდეგება. რადგან ადამიანებს საკუთარი გემოვნება და პრეფრენციები აქვთ; ისინი უბრალოდ ამის ნებას რთავენ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად იციან, როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც რამეს აკეთებენ, ისინი ვერ გრძნობენ აშკარა სინდისის ქენჯნას და არც აშკარა წვრთნას არ გადიან. მათ შეგნებულად ჩაიდინეს არასწორი საქციელი, ამიტომ ღმერთი არ წვრთნის მათ; როგორც კი სამართლიანი განკითხვის დრო დადგება, ღვთის საზღაური თითოეულს თავისი ქმედებების მიხედვით მიეზღვება. ამჟამად ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც ითვისებენ ფულს, რომლებიც არ იცავენ მამაკაცებსა და ქალებს შორის დადგენილ მკაფიო საზღვრებს და რომლებიც ფარულად განიკითხავენ, ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ ჩამოშალონ ღვთის საქმე. რატომ აქვთ მათ ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად? ასეთი რამის კეთებისას ისინი ადანაშაულებენ საკუთარ თავს და აქვთ შეგნება; ამის გამო ზოგჯერ განიცდიან გაკიცხვასა და განწმენდას, მაგრამ ისინი უბრალოდ მეტისმეტად უსირცხვილოები არიან! ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანები მრუშობენ — იმ მომენტში ისინი აცნობიერებენ, რასაც აკეთებენ, მაგრამ მათი ვნება მეტისმეტად დიდია და არ ძალუძთ საკუთარი თავის გაკონტროლება. სულიწმიდამ რომც გაწვრთნას ისინი, უშედეგო იქნება, ამიტომ სულიწმიდა არ მიმართავს ამას. თუ სულიწმიდა არ წვრთნის მათ, თუ ისინი ვერ გრძნობენ საყვედურს და მათ ხორციელ სხეულს არაფერი ემართება, რა დაგმობა შეიძლება მოჰყვეს ამას? საქმე გაკეთებულია — რა სახის წვრთნა შეიძლება განხორციელდეს? ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ისინი მეტისმეტად უსირცხვილოები არიან, აკლიათ ადამიანობა და იმსახურებენ წყევლასა და სასჯელს! სულიწმიდა ტყუილუბრალოდ არ მოქმედებს. თუ კარგად იცი ჭეშმარიტება, მაგრამ არ იყენებ მას პრაქტიკაში, თუ ნებისმიერი რამის ჩადენა შეგიძლია, მაშინ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო არის, დაელოდო იმ დღეს, როდესაც ბოროტთან ერთად დაისჯები. ეს საუკეთესო გამოსავალია შენთვის! არაერთხელ მიქადაგია სინდისის შესახებ, რაც მინიმალური კრიტერიუმია. თუ ადამიანებს სინდისი აკლიათ, მაშინ წყალში ჩაუყრიათ სულიწმიდის წვრთნა; მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ და ღმერთი მათ ყურადღებას არ აქცევს. ისინი, ვისაც ჭეშმარიტად აქვთ სინდისი და გონიერება, გააცნობიერებენ ამას, როდესაც რაღაც არასწორს გააკეთებენ. ისინი განიცდიან შფოთვას, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობენ სინდისის ქენჯნას; ისინი გაივლიან შინაგან ბრძოლას და საბოლოოდ ამბოხდებიან ხორციელი სხეულის წინააღმდეგ. ისინი არ მივლენ იმ წერტილამდე, რომ გააკეთონ რაღაც ისეთი, რაც მეტისმეტად ეწინააღმდეგება ღმერთს. მიუხედავად იმისა, წვრთნის და კიცხავს თუ არა მათ სულიწმიდა, ყველა ადამიანი განიცდის, როდესაც რაღაც არასწორს აკეთებს. შესაბამისად მათ ახლა ესმით ყოველგვარი ჭეშმარიტება და თუ არ იყენებენ ამ ჭეშმარიტებებ პრაქტიკაში, მაშინ ეს ადამიანური პრობლემაა. მე საერთოდ არ ვრეაგირებ ასეთ ადამიანებზე და არც რაიმე იმედს ვამყარებ მათზე. შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გსურს!
როდესაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ისინი გვერდზე დებენ ღვთის სიტყვას და მუდმივად იმაზე საუბრობენ, თუ როგორია ესა თუ ის ადამიანი. რა თქმა უნდა, კარგია, გქონდეს გამჭრიახობა, რათა სადაც არ უნდა წახვიდე, ადვილად არ შეგიყვანონ შეცდომაში, არ გაგაბრიყვონ ან არ მოგატყუონ — ეს ასევე ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. მაგრამ ყურადღება მხოლოდ ამ თვისებაზე არ უნდა გაამახვილო. ეს საკითხის უარყოფით მხარეს ეხება და არ შეიძლება მუდმივად სხვა ადამიანებზე გეჭიროს თვალი. ახლა მეტისმეტად მწირი ცოდნა გაქვს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა, ღვთისადმი შენი რწმენა მეტისმეტად ზედაპირულია და მეტისმეტად ცოტა დადებითი თვისება რამ გაგაჩნია. ის, ვისიც გწამს, არის ღმერთი და ის, ვინც უდნა შეიცნო არის ღმერთი და არა სატანა. თუ მხოლოდ იმას ამჩნევ, როგორ მოქმედებს სატანა და რა გზებით მოქმედებენ ბოროტი სულები, მაგრამ ღვთის შესახებ არავითარი ცოდნა არ გაგაჩნია, რა აზრი ექნება ამას? განა ღმერთი არ არის ის, ვისიც დღეს გწამს? რატომ არ მოიცავს შენი ცოდნა ამ დადებით საკითხებს? უბრალოდ ყურადღებას არ აქცევ შესვლის დადებით ასპექტს და არც გესმის იგი, მაშ, რისი მიღება გსურს შენი რწმენით? არ იცი, როგორ უნდა ისწრაფვოდე? ბევრი რამ იცი უარყოფითი მაგალითების შესახებ, მაგრამ ვერ ერკვევი შესვლის დადებით ასპექტებში. მაშ, როგორ შეიძლება ოდესმე სულიერად მომწიფდე? განვითარების რა სამომავლო პერსპექტივები ექნება შენნაირ ადამიანს, რომელიც სატანასთან ომის გარდა არაფერზე საუბრობს? განა შენი შესვლა მეტისმეტად მოძველებული არ იქნება? რა შეიძლება მიიღო ამჟამინდელი საქმისგან ამის კეთებით? ახლა მთავარია გაიგო, რისი გაკეთება სურს ღმერთს ახლა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ადამიანმა, როგორ უნდა უყვარდეს ღმერთი, როგორ უნდა გაიგოს სულიწმიდის საქმე, როგორ უნდა შევიდეს ყველა იმ სიტყვაში, რომელსაც ღმერთი დღეს ამბობს, როგორ უნდა შეჭამოს და შესვას, გამოსცადოს და გაიგოს ისინი, როგორ უნდა შეასრულოს ღვთის განზრახვები, იყოს სრულად დაპყრობილი ღვთის მიერ და დაემორჩილოს ღმერთს… ეს არის ის, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილო და რაშიც ახლა უნდა შეხვიდე. გესმის? რა აზრი აქვს ყურადღების გამახვილებას მხოლოდ სხვა ადამიანების გარჩევაზე? შეგიძლია ამოიცნო სატანა აქ, ამოიცნო ბოროტი სულები იქ — შეიძლება გქონდეს სრული წარმოდგენა ბოროტი სულების შესახებ, მაგრამ თუ არ შეგიძლია რაიმეს თქმა ღვთის საქმის შესახებ, შეუძლია კი ასეთ გამჭრიახობას ჩაანაცვლოს ღვთის შემეცნება? ადრე მქონდა თანაზიარება ბოროტი სულების მოქმედების გამოვლინებების შესახებ, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი ნაწილი. რა თქმა უნდა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული გამჭრიახობა და ეს არის თვისება, რომელიც ღვთის მსახურებს უნდა გააჩნდეთ, რათა თავიდან აიცილონ სისულელეების კეთება და ღვთის საქმის ჩაშლა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ღვთის საქმის ცოდნა და ღვთის განზრახვების გაგებაა. ღვთის საქმის ამ ეტაპის რა ცოდნა გაგაჩნია? შეგიძლია ისაუბრო იმაზე, თუ რას აკეთებს ღმერთი, რა არის ღვთის განზრახვები, რა არის შენი საკუთარი ნაკლოვანებები და რით უნდა აღიჭურვო? შეგიძლია თქვა, რა არის შენი უახლესი სულიერი მიღწევა? უნდა შეგეძლოს ნაყოფის მიღება და ახალი შესვლის გაგება. ნუ მოაჩვენებ თავს დაბნეულად; მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინო ახალ შესვლასთან მიმართებაში, რათა გააღრმაო საკუთარი გამოცდილება და ცოდნა; მით უმეტეს, უნდა ჩაწვდე ამჟამინდელ უახლეს შესვლასა და გამოცდილების ყველაზე სწორ გზას. უფრო მეტიც, ახალი საქმისა და ახალი შესვლის მეშვეობით, უნდა შეგეძლოს შენი წინა მოძველებული და დამახინჯებული პრაქტიკის გარჩევა და უნდა ეცადო მათი მოშორება ახალი გამოცდილების მისაღებად. ეს არის ის, რისი გაგებაც და რომელში შესვლაც ახლა სასწრაფოდ გჭირდება. უნდა გესმოდეს განსხვავებები და კავშირი ძველ და ახალ შესვლებს შორის. თუ არ გესმის ეს, მაშინ ვერანაირად ვერ წახვალ წინ და ფეხს ვერ აუწყობ სულიწმიდის საქმეს. უნდა შეგეძლოს ღვთის სიტყვის ნორმალური ჭამა-სმისა და ნორმალური თანაზიარების გამოყენება შენი წინა მოძველებული პრაქტიკისა და ძველი ტრადიციული წარმოდგენების შესაცვლელად, რათა შეხვიდე ახალ პრაქტიკაში და ღვთის ახალ საქმეში. ამას უნდა მიაღწიო. ახლა მხოლოდ იმას კი არ გთხოვ, რომ ზუსტად გაარკვიო, რამდენად აკმაყოფილებ მოთხოვნებს; ეს არ არის მიზანი. პირიქით, გთხოვ, რომ სერიოზულად მოეკიდო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და სიცოცხლეში შესვლის გაგებას. საკუთარი თავის შეცნობის უნარი არ წარმოადგენს შენს ჭეშმარიტ სულიერ ზრდას. თუ შეგიძლია გამოსცადო ღვთის საქმე, გაქვს ღვთის სიტყვებში არსებული ჭეშმარიტებების ემპირიული გაგება და შეგიძლია ამოიცნო შენი წინა წარმოდგენები და შეცდომები, მაშინ ეს არის შენი ჭეშმარიტი სულიერი ზრდა და ეს არის ის, რასაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიაღწიოს.
ხშირად შეიძლება უბრალოდ არ იცოდე, როგორ იმოქმედო და კიდევ უფრო ნაკლები იცით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა. ზოგჯერ აკეთებ რაღაცას, რაც აშკარად არ სულიწმიდისგან შორსაა. ღვთის სიტყვის ჭამა-სმით უკვე ჩაწვდი ამ საკითხის პრინციპს, ამიტომ გრძნობ სინდისის ქენჯნას და შინაგანად მშვიდად ვერ ხარ; რა თქმა უნდა, ეს არის გრძნობა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ გარკვეული ჭეშმარიტების ცოდნის წინაპირობით იგრძნობს. თუ ადამიანები არ თანამშრომლობენ ან არ მოქმედებენ დღევანდელი ღვთის სიტყვის შესაბამისად, მაშინ ისინი აფერხებენ სულიწმიდის საქმეს და შინაგანად ნამდვილად ვერ იგრძნობენ სიმშვიდეს. ვთქვათ, გესმის გარკვეული ასპექტის პრინციპი, მაგრამ შესაბამისად არ იყენებ პრაქტიკაში, ამის გამო თავს ადანაშაულებ. თუ არ გესმის პრინციპი და საერთოდ არ იცი ჭეშმარიტების ეს ასპექტი, მაშინ აუცილებელი არ არის, რომ ამ თავი დაიდანაშაულო. სულიწმიდის საყვედურს ყოველთვის თავისი კონტექსტი აქვს. გგონია, რომ რადგან არ ილოცე და არ ითანამშრომლე სულიწმიდის საქმესთან, ამით საქმე შეაფერხე. სინამდვილეში მისი შეფერხება შეუძლებელია. სულიწმიდა სხვას შეეხება; სულიწმიდის საქმეს ვერავინ შეზღუდავს. გრძნობ, რომ ღმერთს იმედი გაუცრუე და სინდისის ქენჯნას განიცდი. შეძლებ თუ არა ჭეშმარიტების მოპოვებას, შენი საქმეა და ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ზოგჯერ სინდისი გაწუხებს, მაგრამ ეს არ არის სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენა ან გაცისკროვნება და არც სულიწმიდის საყვედურია. ნაცვლად ამისა, ეს არის ადამიანის სინდისის ქენჯნა. თუ დაუფიქრებლად სჩადიხარ ბოროტმოქმედებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება ღვთის სახელს, ღვთის მოწმობას ან ღვთის საქმეს, მაშინ ღმერთი არ გაპატიებს. მაგრამ არსებობს ზღვარი — ღმერთი არ შეგაწუხებს ჩვეულებრივი, მცირე საკითხების გამო. ის უგულებელგყოფს. თუ არღვევ პრინციპებს და ჩაშლასა და არევ-დარევას შეიტან ღვთის საქმეში, ის რისხვას დაგატეხს თავს და არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებს. ზოგიერთი შეცდომა, რომელსაც უშვებ, გარდაუვალია ადამიანური ცხოვრებაში. მაგალითად, ფუნთუშებს ორთქლზე სწორად არ ამზადებ და ამბობ, რომ ღმერთი გწვრთნის — ამის თქმა სრულიად უგუნურებაა. სანამ ღმერთს იწამებდი, განა ამგვარი რამ ხშირად არ ხდებოდა? გრძნობ, რომ ეს თითქოს სულიწმიდის წვრთნაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის (ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა), რადგან ეს საქმე მთლიანად სულიწმიდისგან კი არ მოდის, არამედ ადამიანური გრძნობებიდან. თუმცა, მორწმუნე ადამიანებისთვის ნორმალურია ამგვარად ფიქრი. ასე ვერ იფიქრებდი, როცა ღმერთი არ გწამდა. როგორც კი ღმერთი ირწმუნე, დაიწყე შენი ფიქრების ამ საკითხებისკენ მიმართვა და ამიტომ ბუნებრივად გაგიჩნდა ამგვარი აზრები. ეს მომდინარეობს ნორმალური ადამიანების აზროვნებიდან და ადამიანის გონების ნაყოფია. თუმცა გეტყვი, რომ სულიწმიდის საქმე არ მოიცავს ამგვარ აზროვნებას. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ ანიჭებს სულიწმიდა ადამიანებს ნორმალურ რეაქციას მათი აზრების მეშვეობით; უნდა გესმოდეს, რომ ეს რეაქცია არ არის სულიწმიდის საქმე. ამგვარი „ცოდნის“ ქონა არ ამტკიცებს, რომ შენზე სულიწმიდა მოქმედებს. შენი ცოდნა არ მომდინარეობს სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენისგან და მით უმეტეს, არ წარმოადგენს სულიწმიდის საქმეს. ეს მხოლოდ ნორმალური ადამიანური აზროვნების ნაყოფია და აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენასთან ან გაცისკროვნებასთან — ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ამგვარი ნორმალური ადამიანური აზროვნება მთლიანად სულიწმიდის საქმის ნაყოფი არაა. როდესაც სულიწმიდა მოქმედებს, რათა ადამიანებს ნათელი მოჰფინოს, ის ზოგადად აძლევს მათ ღვთის საქმის და მათი ჭეშმარიტი შესვლისა და ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ ცოდნას. ის ასევე აძლევს მათ საშუალებას, გაიგონ ღვთის სასწრაფო განზრახვები და მისი მოთხოვნები ადამიანის მიმართ დღეს, რათა ჰქონდეთ სიმტკიცე, გაიღონ ყველაფერი ღვთის საამებლად, უყვარდეთ ღმერთი მაშინაც კი, თუ დევნასა და გასაჭირს შეხვდებიან და მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში ღვთისთვის მაშინაც კი, თუ ეს მათი სისხლის ღვრასან სიცოცხლის გაღებას ნიშნავს და გააკეთონ ეს სინანულის გარეშე. თუ გაქვს ამგვარი სიმტკიცე, ეს ნიშნავს, რომ სულიწმიდა გეხება და გრძნობ მის მოქმედებას — მაგრამ იცოდე, რომ ყოველ წამს არ ფლობ ასეთ შეხებას. ზოგჯერ შეკრებებზე, როდესაც ლოცულობ და ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, შეიძლება სულიწმიდის შეხება და შთაგონება იგრძნო. ისეთი ახალი და ცოცხალი შეგრძნებაა, როდესაც სხვები თანაზიარებენ თავიანთ ემპირიულ გაგებას ღვთის სიტყვების შესახებ და შენი გული სრულიად ნათელი და გაცისკროვნებულია. ეს ყოველივე სულიწმიდის საქმეა. თუ წინამძღოლი ხარ და იღებ სულიწმიდის ნათელსა და გაცისკროვნებას, როდესაც ეკლესიაში მიდიხარ საქმის შესასრულებლად, გაძლევს ეკლესიაში არსებული პრობლემების გაგების უნარს და ცოდნას, როგორ გქონდეს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე მათ გადასაჭრელად, გხდის წარმოუდგენლად გულმოდგინეს, პასუხისმგებლიანსა და სერიოზულს შენს საქმესთან მიმართებში, ეს ყველაფერი სულიწმიდის საქმეა.
სქოლიო:
ა. დედანშია: „ზოგიერთი“.